ბერნიერსი ლუის დე 

დასვენების ერთი დღე მეჰმედ ერბილისათვის 

 

მთარგმნელი პირველი ნანა

 

 

  მეჰმედ ერბილმა თავისი თეთრი ცელოფნის ტომარა, რომელიც დახეული იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ერთგულად ემსახურებოდა, მხარზე გადაიკიდა და ბორნით კილიტბაჰირისკენ გაემართა. ჩანაკალედან ეს ყველაზე მოკლე და იოლი გადასასვლელი იყო. ბორნით მგზავრობა ყოველთვის ეხალისებოდა: მჩქეფარე ტალღებს გაჰყურებდა, ლამაზ გოგონებს უმზერდა და სულთან მეჰმედ II-ის სასახლის ცქერითაც ტკბებოდა.

რაც უფრო უახლოვდებოდა ამ სასახლეს, მით უფრო მკაფიოდ ეშლებოდა თვალწინ. ის წარსულს ახსენებდა ხოლმე, საუკუნეების წინანდელ მძიმე და სასტიკ დროს, როცა სულთნებს ისეთი წოდებები ენიჭებოდათ, როგორიცაა სისხლისმღვრელი, პირქუში, ან შეუწყალებელი. თავხედი რუსების, პირატებისა და დამპყრობლების მოსაგერიებლად კი დარდანელების გადაღმა ვეებერთელა ქვემეხი გრიალებდა. მეჰმედს მხოლოდ ერთადერთი რამ უფუჭებდა ხასიათს: ეს მგზავრობა ფულს მოითხოვდა, მის მცირე შემოსავალს მუსრს ავლებდა და სასოწარკვეთილ, უიმედო მდგომარეობაში აგდებდა. ის დღეც დადგება, როცა ფული მექნება. ძაღლივით ცხოვრება და ამ ბინძური საქმის კეთება აღარ მომიწევს. თუმცა შესაძლოა კვლავ ასე გაგრძელდეს, სიკვდილის ბოლომდე გაჭირვებით და სამარცხვინოდ ვიცხოვრო  _ ფიქრობდა თავისთვის.

მეჰმედს სურდა, რომ იმაზე ცოტა მეტი ფული ეშოვა, ვიდრე ყოველდღიური ხარჯი მოითხოვდა. ეს არა მხოლოდ თვითგადარჩენის საკითხი იყო, არამედ პირადი ღირსებისაც.

 საკუთარ ღირსებას კი მეჰმედი თავის მოვლაში ავლენდა. მას გულმოდგინედ გაუთოებული, თხელი, ცისფერი შარვალი ეცვა. ქუსლთან გახეხილი და მთლად გაცვეთილი ფეხსაცმელი საგულდაგულოდ გაეპრიალებინა. პერანგიც სუფთა ეცვა, თუმცა ეტყობოდა, რომ საყელო მეორე პირზე გადმოეტრიალებინათ და ხელმეორედ შეეკერათ, რათა გაცვეთილი მხარე დაეფარათ. შალის ჟილეტი კი თითქმის იმავე ფერის შალის ძაფითვე ფაქიზად დაეკემსათ. ქამარზე დამაგრებულ თითბრის ბალთასაც სულ ლაპლაპი გაჰქონდა.

მას მხრები გაემართა და გაჭიმული მიდიოდა, როგორც ეროვნულ არმიაში რამდენიმე წელი მსახურობის დროს. შავი, ახალი დაბანილი თმაც კოხტად შეეკრიჭა და დასაყენებლად ოდნავ გაეპოხა. ვერავინ იტყოდა, რომ მეჰმედ ერბილი გაჭირვებული იყო, თუ ტკივილით სავსე, მუქ ყავისფერ თვალებში არ ჩახედავდა, რომლებიც უცხო ადამიანის მზერას გაურბოდნენ, თუკი ვერ შეამჩნევდა, რომ სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა იმ ადამიანის მსგავსად, რომელიც გაჭირვებისას ძალაუნებურად ისეთ საშუალებებს მიმართავს, დრომ და გამოცდილებამ უვარგისად რომ ცნო. მეჰმედს ცოტა ლუდის სუნიც ასდიოდა. მოწყენილობის დროს ეს ერთადერთი წამალი იყო, რომლის ყიდვის უფლებასაც საკუთარ თავს აძლევდა. ის ორმოცდაერთი წლის, გამხდარი მამკაცი გახლდათ და საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. ამდენი ხეტიალისგან სახის კანი გამუქებოდა და მის თეთრ ტომარასთან შედარებით კიდევ უფრო მუქი ჩანდა.

ამ საქმიანობამ იაფფასიან, თუმცა კარგად მომუშავე თავის შავ პლასტმასის საათზე ხშირად დახედვას დააჩვია.

 19 მაისი იყო _ ახალგაზრდობისა და სპორტის ეროვნული დღესასწაული. მეჰმედი მშვენიერ სარგებელს ელოდა. მოვალეობის მოხდის მიზნით ადგილობრივ სკოლაში წავიდა, სადაც მზეზე დგომა მოუხდა. ქალებმა მამაკაცებზე მეტი მოხერხება გამოიჩინეს და ჩრდილს მათზე ადრე შეაფარეს თავი. ყველა იდგა და ყმაწვილებს შესცქეროდა, რომლებიც ერთმანეთს სირბილში ეპაექრებოდნენ. ახალგაზრდობაში მეჰმედიც კარგი მორბენალი იყო და ახლა სარბენ ბილიკზე ბიჭების მზერისას, რომლებიც ხელების ქნევით მიჰქროდნენ, ცოტათი დანაღვლიანდა. გოგონების შეჯიბრი კი უფრო სახალისო აღმოჩნდა, ვინაიდან მათი შემხედვარე მაშინვე მიხვდებოდით, რომ ამ საქმეში გამოწრთობა აკლდათ.

სხვების მსგავსად მასაც დამცინავი შეძახილი არმოხდა, როცა ორმა გოგონამ ხუთასმეტრიანი მანძილიც ვერ დასძლია, ასი მეტრის გარბენის შემდეგ დაიღალა, შეშინებულმა უკან დაიხია და ხალხში გაუჩინარდა.

 მეჰმედი წინასწარ მომზადებული მანევრების გარემოცვაში იდგა და სიტყვით გამომსვლელებს უსმენდა, რომლებიც ყოველ წინადადებაში მუსტაფა კემალის მოხსენიებას ცდილობდნენ. თეთრ მაისურებსა და შავ შარვლებში გამოწყობილი ასამდე ბიჭი ერთ ხაზზე ჩამწკრივებულიყო და მხატვრული ტანვარჯიშის ილეთებს გუნდურად ასრულებდა. მეჰმედი ბიჭების ყოჩაღობით იმდენად არ მოხიბლულა, რამდენადაც მოძრაობების დამახსოვრების უნარით. შემდეგ გოგონები გამოვიდნენ. ისინიც ერთ ხაზზე ჩამწკრივდნენ და მაყურებელს რთული ილეთები აჩვენეს. თითოეული გოგონა უზარმაზარ, წითელ მარაოს ჩასჭიდებოდა, რომელზეც ნამგალა თეთრი მთვარე და ვარსკვლავი მკაფიოდ გამოესახათ. ხოლო ჯერჯერობით საუკეთესო სანახაობა ალისფერ მანტიებში გამოწყობილი გოგონების მცირე ჯგუფმა წარმოადგინა.

შუბლზე ოქროსფერი მონეტები მიემაგრებინათ, ხელში კი ვერცხლისფერი ლანგრები დაეჭირათ და მოხდენილად ცეკვავდენენ. კლარნეტით, ვიოლინოთი და დოლით შესრულებული გრძელი, სევდიანი მელოდიის ფონზე ლამაზად დანარნარებდნენ. როდესაც სკოლაში ჩატარებულ ახალგაზრდობისა და სპორტის ნაციონალური დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე თავისი მოვალეობა მოიხადა, მეჰმედი მაშინვე გაიპარა და ბორნით კილიტბაჰირისკენ გაემართა.

 მეჰმედმა იცოდა, რომ გალიპოლის ნახევარკუნძულის ღირსშესანიშნაობებისა და მონუმენტების დასათვალიერებლად პატრიოტული სულისკვეთების მქონე მოსწავლეების ჯგუფები მოიყრიდნენ თავს. ფიქრებში გართულმა მეჰმედმა სიამოვნებით წარმოიდგინა თინეიჯერები, რომლებიც უძველეს ქვემეხებზე აცოცდებოდნენ, ფეხით ველურ კუებს გაეთამაშებოდნენ, სასახლის ქონგურებთან ფოტოებს გადაიღებდნენ და წყურვილის დაკმაყოფილების შემდეგ კოკა-კოლას ქილებს აქეთ-იქით მოისროდნენ. ჯერ მხოლოდ 19 მაისი იყო, ზაფხულის ულმობელი სიცხეები რამდენიმე დღეში დაიწყებოდა, მაგრამ უკვე ისე ცხელოდა, რომ მოსწავლეები უამრავ გამაგრილებელ სასმელს ყიდულობდნენ. მეჰმედიც სამუშაოს შეუდგა.

 დაახლოებით შუადღისას კაცი მიხვდა, რომ ბევრი სამუშაო ჯერ არ ექნებოდა და გადაწყვიტა ჰისარლიკის მთაზე მდებარე მონუმენტამდე რამეს გაჰყოლოდა. სანაპიროს დაკლაკნილ გზას იმ რწმენით გაუყვა, რომ ამხელა გზაზე ვინმე წამოეწეოდა და მანქანას გაუჩერებდა.

მის ქვეყანაში ადამიანების უმრავლესობას ავტომობილი არ ჰყავდა და როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ხალხს თავისუფლად, უნდობლობის გარეშე შეეძლო გზად მიმავალ ნებისმიერ მანქანას გაჰყოლოდა. დიდი გზა არ ჰქონდა გავლილი, რომ უცებ თეთრი ფერის ავტომობილმა ჩაუარა გვერდით.

მეჰმედმაც ხელი სწრაფად დაუქნია და გააჩერა. მერე თავის თეთრ ტომარას სწვდა და მისკენ გაიქცა. მანქანის უკანა კარს მიუახლოვდა, მეჰმედი დაიხარა, რათა მძღოლისთვის შეეხედა და მაშინვე მიხვდა, რომ უცხოელი იყო. კაცს შორტები და თეთრი წინდები ეცვა, თავზე კი ჩალის ქუდი ეხურა. სახე, მკლავები და ფეხები მზისგან დასწვოდა და აგურისფრად უვარვარებდა. ისეთი ძლიერი და ღონიერი ჩანდა, ბარაქიან მიწაზე გაფურჩქნილ ხეს მოგაგონებდათ.

ყველა უცხოელის მსგავსად, ისიც ცოტათი სასაცილოდ გამოიყურებოდა. ამან მეჰმედი დააფიქრა, მასთან მგზავრობა სახიფათო ხომ არ იქნებოდა. უცხოელები, როგორც წესი, საკმაოდ შეძლებულები იყვნენ და მათთან ურთიერთობას თან არასასიამოვნო, შეურაცხმყოფელი შეგრძნება ახლდა.

– Gunaydin  – თქვა უცხოელმა.

 არა უშავს, თურქული მაინც სცოდნია-ო, გაიფიქრა მეჰმედმაც.

 სინამდვილეში კი ამ უცხოელ მძღოლს განგებ მხოლოდ ის გამოთქმები დაეზუთხა, რომლებსაც ხალხთან ურთიერთობისას გამოიყენებდა და იმის ახსნას მოახერხებდა, რომ თურქული ენა არ იცოდა და მათი საუბარიც არ ესმოდა. სწამდა, ასე უხერხული სიტუაციიდან გამოძვრებოდა. მხოლოდ ერთი რამ ევალებოდა – თურქებისთვის ჭკვიანური გამომეტყველებით ესმინა და შესაფერის მომენტში თავი დაეკრა. ისინი ინგლისელებს ჰგავდნენ, თუკი ხმამაღლა ისაუბრებდნენ და საკუთარ ნათქვამს ხშირად გაიმეორებდნენ, ეგონათ უცხოელს ყველაფერს გააგებინებდნენ. მძღოლი ფრაზეოლოგიური ლექსიკონისთვის ჩვეულ სირთულეს წააწყდა.

თურქულად კითხვების დასმა ადვილი იყო, თანამოსაუბრის ნათქვამის გაგება კი რთული. მაგალითად, როცა მეჰმედს ჰკითხა Nerede? იცოდა, მის პასუხს ვერ გაიგებდა.

– იცი, უბრალოდ დავყიალობ, აქეთ-იქით სკოლის მოსწავლეებს დავყვები, მაგრამ უქნარა არ გეგონო. მონუმენტების დასათვალიერებლად თუ მიდიხარ, შეგიძლია იქვე ჩამომსვა  – უთხრა მეჰმედმა.

 უცხოელმა გულგრილად შეხედა და აუხსნა: Anlamam. Turkce bilmiyorum.

 მეჰმედმა წარბი შეიკრა და მძღოლს ფანჯრიდან გახედა. ძალიან უცნაურია, თურქულად მეუბნები, თურქული არ ვიცი და არ ვლაპარაკობო. ალბათ თვითონვე ხვდები, რომ უცნაურია.

 უცხოელმა მხრები აიჩეჩა და ხელები უსასოდ აღაპყრო. Anlamam  - გაიმეორე და კვლავ ჰკითხა - Nerede?

 ხომ გითხარი, სადაც მივდივარ  – აუხსნა მეჰმედმა, თან ერთმა აზრმა გაუელვა – ეს უცხოელი ცოტათი ხომ არ აფრენს, უკეთესი ხომ არ არის სხვა მანქანას მოვუცადოო. შეხედე. ამ მიმართულებით მხოლოდ ეს გზა მიდის  და ხელი სედიულბაჰირისკენ გაიშვირა.

 – Anlamam. Turkce bilmiyorum – კვლავ ცივი გამომეტყველებით გაიმეორა უცხოელმა. მეჰმედმა ამოიოხრა – მიხვდა, რა რთული მგზავრობაც ელოდა მასთან. თუმცა კარი მაინც გამოაღო, ცელოფნის ტომარა იქვე დააგდო და მანქანაშიც ჩახტა. ეტყობოდა, იმ აზრს შეეგუა, რომ თუკი უცხოელი რაიმეს ახსნას მოისურვებდა, მასაც ერთი და იგივე უამრავჯერ უნდა გაემეორებინა.

– No Problem  – საერთაშორისო ენაზე წარმოთქვა უცხოელმა.

– No Problem  – თვალებგაბრწყინებულმა მეჰმედმაც თავის ქნევით გაიმეორა და მანქანაც დაიძრა.

 მათგან მხარმარცხნივ მარმარილოს ზღვა გადაშლილიყო – პაწაწინა პლაჟებით გარშემორტყმული მზის სხივებისგან სულ მთლად ბრწყინავდა. მარჯვნივ კი ხმელთაშუა ზღვის ხშირი ბუჩქნარით დაფარული მაღლობი ამართულიყო. მეჰმედი თავისუფლად იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლი უცნაური ტიპი იყო, მანქანას ფრთხილად მართავდა. თურქმა პერანგის ჯიბეში ხელი ჩაიყო და სიგარეტის დაჭმუჭნილი შეკვრა დააძრო. ერთ ღერს რომ მოუკიდა, მაშინ გაახსენდა, რომ უცნაური უცხოელების უმრავლესობა სიგარეტის სუნს ვერ იტანდა. აღელვებულმა მეჰმედმა წარბები აქაჩა, სიგარეტზე მიუთითა და მძღოლს ჰკითხა – OK?

– No Problem  –  იყო პასუხი.

ეს ფრაზა მეჰმედმაც სიხარულით გაიმეორა და მძღოლს სიგარეტის კოლოფი გაუწოდა. მან კი ხელის მოძრაობით აჩვენა – არ ვეწევი-ო. თურქმა გულისხმიერება გამოიჩინა და სიგარეტი ფანჯრიდან გადაჰყო, რათა ბოლს უცხოელი არ შეეწუხებინა. როცა მძღოლმა ეს შენიშნა, შეწუხდა, რადგან ყოფილი მწეველი გახლდათ და იცოდა სწრაფად მიმავალი მანქანის გამონაბოლქვი სიგარეტს მალე ჩაწვავდა. ხელსაწყოთა ყუთიდან საფერფლე ამოიღო და მეჰმედს გაუწოდა. OK.

– No Problem  – ბოლოს დააყოლა.

 მეჰმედს გაეღიმა.

სიგარეტი -  მალე ჩაწვა – მასაც ადარდებდა. როგორც ვხვდები, ტურისტი უნდა იყოთ  – შენიშნა მეჰმედმა. ალბათ ყველგან ფოტოების გადაღებას აპირებთ. აქ ბევრი ტურისტი მოდის: ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, გერმანიიდან. თქვენ საიდან ხართ?

– Evet  – უპასუხა უცხოელმა, რომელიც იმის თქმით უკვე დაიღალა, რომ არაფერი ესმოდა და თურქულად არ ლაპარაკობდა. ამიტომ ერთი სიტყვით შემოიფარგლა, რაც ნიშნავდა დიახ  და გაიფიქრა – ამით თავს დავიძვრენო. მეჰმედმა ალმაცერად გადახედა.

მისი აზრით, ეს უცხოელი მთლად დალაგებული ტვინის პატრონი არ უნდა ყოფილიყო. უცებ გვერდით ერთ გლეხის ქალს ჩაუარეს, რომელსაც შეშამოკიდებული ვირი მიჰყავდა.

– Fotograf? უცხოელს შესთავაზა მეჰმედმა – ეგონა ნახევარკუნძულის კოლორიტული სურათების გადაღება ენდომებოდა. მაგრამ როდესაც უცხოელმა უარის ნიშნად თავი გაიქნია, ცოტათი შეურაცხყოფილი დარჩა. თქვენ ალბათ მონუმენტების სურათები უფრო გაინტერესებთ. ერთ-ერთ საფლავში კი შესაძლოა ბაბუათქვენიც განისვენებდეს – ბოლოს დასძინა.

 უცხოელმა გადაწყვიტა ყველაფერზე თანხმობით ეპასუხა, იმის მიუხედავად, ესმოდა თუ არა შეკითხვის არსი.

– Evet – თქვა და დაუფიქრებლად იმ აზრს დაეთანხმა, რომ რომელიღაცა გმირის საფლავში ბაბუამისი განისვენებდა.

 – ჰო  – უთხრა მეჰმედმა. – ბაბუაჩემიც იმ ლაშქარში იბრძოდა. რა თქმა უნდა, თურქების მხარეს. ბაბუა ალბათ გიამბობდა თავის ისტორიებს. მართლაც გასაოცარია. ბაბუაჩემი თურმე ერთ დღეში სამჯერ დაიჭირა, მერე გველმა უკბინა, მაგრამ მაინც არ დაცხრა, ბერძნების წინააღმდეგ გამართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მიიღო მონწილეობა. ოთხმოცდაჩვიდმეტ წლამდე იცოცხლა. უცებ მეჰმედმა სერიოზული სახე მიიღო. იცი, მართალია, რაც ათათურქმა ბრძანა – ომში ბრძოლამ ერთმანეთის პატივისცემა გვასწავლაო. ამ სისხლისღვრამ მეგობრებად გვაქცია. ინგლისელი, ავსტრიელი, ახალზელანდიელი, ამერიკელი, ფრანგი, თურქი – ყველა მეგობრები ვართ . მერე უცხოელს შეხედა და ჰკითხა

– არ მეთანხმებით? 

უცხოელმა კი ისევ იგივე გაიმეორა

– Anlamam. Turkce bilmiyorum. მეჰმედმა თავი გაიქნია.

ეს უცხოელი ნამდვილად სულელია, ხან მეთანხმება, ხან კი მეუბნება, არაფერი მესმისო. ალბათ ეს რაღაც საინტერესო ფსიქოლოგიური ან ინტელექტუალური მდგომარეობის ბრალია, როცა უცხო ენა მომენტალურად გავიწყდება, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კვლავ გახსენდება.

 მეჰმედმა უცხოელი უზარმაზარი მონუმენტისკენ წაიყვანა, სადაც აგრეთვე მეომართა ჰისარლიკის სასაფლაოც მდებარეობდა. მონუმენტის სიმაღლე ორმოცდაორ მეტრს უდრიდა და რამდენიმე მილის სიშორიდანაც ჩანდა. მეჰმედს ეგონა, რომ უცხოელს, როგორც წესი, მისთვის ფოტოს გადაღება მოუნდებოდა, აგრეთვე იმ გმირების ქანდაკებებითაც დაინტერესდებოდა, მის გარშემო რომ იყო აღმართული. გადაწყვიტა, გიდის ფუნქცია ეკისრა. იღბალს უნდა უმადლოდეს, რომ აქ ტურისტს გამოჰყვა, რადგან იმ ადგილებში მისვლის საშუალება ეძლეოდა, სადაც სკოლის მოსწავლეები შეჯგუფებულიყვნენ.

 თავისი თეთრი ტომარა მეჰმედმა მანქანაში დატოვა. მონუმენტს, სასაფლაოს და თურქ მასპინძელს, რომელიც ქანდაკებების წინ მეომრის იერით დადგა, უცხოელმა გულგრილად გადაუღო სურათები. თურქეთში ერთი ფირის მეტი არ ჰქონდა წამოღებული.

მეჰმედისთვის კი ვერაფრად აეხსნა, რომ პროფესიით ბოტანიკოსი იყო და ნახევარკუნძულზე ველური ყვავილების შესასწავლად ჩამოვიდა, რომელნიც მინდვრებსა და ბალახოვან სანაპიროებზე წლის ამ დროს უხვად ყვაოდნენ. თურქი ფერმერები მცენარეების შესაწამლავ ნივთიერებას არ იყენებდნენ და ამოტომაც ხორბლის ყანები ალისფერი ყაყაჩოებით მოპენტილიყო. ბოტანიკოსზე დამთრგუნველად მოქმედებდა ის ფაქტი, რომ მისი ქვეყანა უწინდებურად ლამაზი აღარ იყო. მეჰმედს ვერ აგებინებდა, რომ თურქეთის მძვინვარე წარსული კი არ აინტერესებდა, არამედ მისი ყვავილები. თუმცა, ძლიერ აღელდა, როცა სასაფლაოს ქვებზე ჯარისკაცების სახელების კითხვისას მეჰმედს თვალის უპეებთან ცრემლი შენიშნა. ხოლო როცა ორი ახალგაზრდა, ლამაზი გოგონა დაინახა, რომლებიც ხელკავით დასეირნობდნენ და სასაფლაოზე ზიზილების თაიგულებს მოკრძალებით აწყობდნენ, სურვილი აღეძრა თურქების მსგავსად, მასაც ძლიერ შეყვარებოდა თავისი სამშობლო.

 მეჰმედმა გადაგდებულ კოკა-კოლას ქილას დაავლო ხელი. ბოტანიკოსმა გაიფიქრა – რა კარგი კაცია, გარემოზე ზრუნავს და სხვის მიერ დაგდებულ ნაგავს იღებს-ო.

მტკიცედ სწამდა, რომ ყოველი ადამიანი ვალდებული იყო გარემოს დაცვაზე ეზრუნა. თავის ქვეყანაში ხშირად მოსვლია ახალგაზრდებთან უსიამოვნება, შეჰკამათებია კიდეც მათ და ძირს დაგდებული კამფეტის ქაღალდებისა თუ სიგარეტის კოლოფების აღება დაუძალებია. მეჰმედს კი თუნუქის ქილისთვის ხელი მაგრად მოეჭირა და ნაგვის ყუთებთან ჩავლისას მისი გადაგდება არც უცდია. ამან ბოტანიკოსი გააოცა. ხოლო როცა თურქმა ანიშნა, გზა განაგრძეო, თვითონ კი ნაგავში ქექვას შეუდგა, მთლად გაოგნდა.

 მეჰმედს ამ დონემდე დაშვების რცხვენოდა და არ სურდა უცხოელს დაენახა, რასაც აკეთებდა. ბოტანიკოსი დაიბნა და თავისთვის გაიფიქრა: ახირებული კაცი ჩანს, ალბათ ერთ-ერთი იმათგანია, ნაგვის მანიით რომ არიან შეპყრობილნი-ო. შემდეგ კი შენიშნა, სამ თუ ოთხ ქილას მეჰმედი ზურგს უკან მალავდა და სირცხვილით იწვოდა.

უცხოელმა არ შეიმჩნია, კაცს მანქანის უკანა სავარძელზე დაჯდომა შესთავაზა და როცა მეჰმედმა თავის თეთრ ტომარაში ქილების ჩატენვა დაიწყო, სხვა მხარეს გაიხედა.

 მანქანაში ჩაჯდომისას ერთი ქილა მძღოლის მხარეს გადავარდა. უცხოელმა აიღო და მგზავრს გაუწოდა. მეჰმედმა მადლიერებით სავსე თვალებით შეხედა, ქილა გამოართვა და იგრძნო, რომ სახესა და ყურებზე ალმური მოეკიდა. გასაცოდავებული ჩანდა, რადგან ასეთი დამამცირებელი სამუშაოს შესრულებისას წაასწრეს. ახსნა-განმარტება სცადა.

 ამას ფულის გამო ვაკეთებ  – თქვა – კარგი სამსახური კი მაქვს, მაგრამ ყველაფერი ინფლაციის ბრალია. ამბობენ, ოთხმოცდაათ პროცენტს შეადგენსო, მე კი სამასი პროცენტი მგონია. ყველაფერი ძვირდება და ცხოვრებაც რთულდება.

ვეღარაფერს ვყიდულობ. ფასები იზრდება და იზრდება, ხელფასი კი არ მემატება. უკანა ჯიბეში ხელი ჩაიყო და საფულე ამოიღო. უცხოელს თავისი ლირების პატარა დასტა აჩვენა. თურქული ლირა – ზიზღით წარმოთქვა. არაფრად ვარგა. ვისი ბრალია ვერ გეტყვი, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, სიკვდილის ღირსია.

თავი როგორ გავიტანო?სხვების მსგავსად ისეთი ნათესავი არ მყავს, რომ დოიჩემარკები გამომიგზავნოს. რა საზიზღარი ცხოვრებაა!

 უცხოელმა თავი დაუქნია. თურქულის ცოდნა საჭირო არ იყო, რომ ამ ჟესტებისა და საჩივრების არსი გაეგო. თურქულ ბანკნოტზე იმდენი ნული ეწერა, ძაღლიც კი მულტიმილიონერი გეგონებოდათ.

 მეჰმედმა ტომარაში ხელი ჩაყო და უცხოელს თუნუქის ქილის ძირი დაანახა. სერიულ ნომრებს ვამოწმებ და ამის მიხედვით ვარჩევ, თუ რომელი ვარგა. ზოგი კარგი მეტალისგანაა დამზადებული, გადასამუშავებლად ვარგისია, ზოგი კი არა. მე მხოლოდ საუკეთესოებს ვაგროვებ  – აუხსნა.

 უცხოელი ერთხანს დაფიქრდა.

მხოლოდ ორი დღე ჰქონდა დარჩენილი, რაც საველე სამუშაოებისთვის ალბათ საკმარისი იყო. როგორც ჩანს, ბოლო დღეს პლაჟზე გატარების ჩანაფიქრს ვეღარ განახორციელებდა. ერთი მხრივ, საწყენი იყო, რომ მეჰმედმა მთელი დღე წაართვა, მაგრამ მეორე მხრივ სიამოვნებდა, რომ ეხმარებოდა – მანქანაც ჰყავდა და დროც საკმარისი ჰქონდა. საკუთარ თავს კიცხავდა, მეჰმედის ცდუნებას რომ აჰყვა და მანქანით სადღაც წაიყვანა, მაგრამ განა ხშირად ეძლევა ადამიანს შესაძლებლობა, სხვას ცოტა ფულის შოვნაში დაეხმაროს? თითქოს იგრძნო, რომ კეთილმოწყობილი ცხოვრება და სოლიდური შემოსავალი განსაკუთრებულ მოვალეობას აკისრებდა. თან გაზაფხულის ასეთ მშვენიერ დღეს ქილების შესაგროვებლად რამდენიმე საათი ხეტიალი, რა თქმა უნდა, თავისებურად სასიამოვნოც იყო. – შედდულბაჰირ?  შესთავაზა მეჰმედს და ისიც დაეთანხმა. პირველ წამებულთა და სერჟანტ აიას მემორიალთან მართლაც ბევრი მოსწავლე შეიკრიბებოდა. გამაგრილებელ სასმელს კი ალბათ ყველა წრუპავდა და ქილებს აქეთ-იქით ისროდა.

 როცა სანაპიროსკენ მიმავალ გზას გაუყვნენ, უცხოელი კვლავ დაფიქრდა – ნუთუ ასეთ იდილიურ მხარეში ამდენი სისხლიმღვრელი ბრძოლა იმართებოდაო. მეჰმედმა ყვავილებით მოფენილი მინდვრებისკენ გაიშვირა ხელი. მიყვარს ეს მხარე  – თქვა და განაგრძო – აქაურობას ახლოს ვიცნობ. როცა სტამბულის უნივერსიტეტში აგრონომიის განხრით დისერტაცია დავიცავი, აქ საველე სამუშაოსთვის ჩამოვედი. ყველა ყვავილის სახელი და მათთვის დამახასიათებელი თვისება შევისწავლე, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა ეს აღარ აინტერესებთ, არ აფასებენ და ფულსაც არავინ იხდის.

ბევრი ჩემი მეგობრის მსგავსად, მეც კვალიფიციური სპეციალისტი ვარ, მაგრამ ვერაფერში ვიყენებ და ცხოვრებას ქუჩის მაწანწალა ძაღლივით ჩავჭიდებივარ. დრო თუ გაქვთ, ცოტა ფეხით გავისეირნოთ და ძველი დროის გასახსენებლად ყვავილები დავათვალიეროთ.

ზოგი მათგანი ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ერთ დროს სელექციური საწამლავების გამოყენებაზე ვმუშაობდი, რათა მთლიანად გამენადგურებინა ისინი, მაგრამ გლეხებს საწამლავების საყიდლად ფულს ვერ დაახარჯინებთ. ახლა კი კმაყოფილი ვარ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. მერე უცხოელს მოუბრუნდა და თქვა – მიუხედავად იმისა, რომ უწინ ყვავილები ჩემი მტრები იყვნენ, ახლა მიყვარს ისინი.

 Anlamam – უმწეოდ წარმოთქვა უცხოელმა ბოტანიკოსმა, თან განაწყენებული და გაბრაზებული ჩანდა, რადგან მეჰმედი საუბარს განაგრძობდა, იმაზე კი არ დაფიქრებულა, რომ მათ შორის დიალოგის გამართვა შეუძლებელი იყო.

 თავისებურად მეჰმედიც განიცდიდა, რომ საუბარი არ გამოსდიოდათ. ბოლოს უთხრა კარგი, წავიდეთ. სჯობს მონუმენტები დავათვალიეროთ. მე დიდად არ მაინტერესებს, მაგრამ თქვენ ნახეთ. იმედია, ბავშვებიც იქნებიან და ქილებს გადაყრიან-ო.

 კეიპ ჰელეს მონუმენტთან მეჰმედმა გაიფიქრა, ამ უცხოელის გარდაცვლილი ბაბუის სახელი აქვე კედელზე ან ობელისკზე ხომ არ არის წარწერილიო. უცხოელს კი ეტყობოდა, იქ არც ახლოს მისვლა და არც ნახვა სურდა. მეჰმედს, ფაქტობრივად, ქილების შეგროვება უკვე დაეწყო. გამაგრილებელი სასმელებით მოვაჭრეს მიუახლოვდა, დახლთან დადგა, თავი რაც შეეძლო ღირსეულად დაიჭირა და უთხრა: ძირითადი სამუშაოს პარალელურად ქილების გადამუშავებით ვარ დაკავებული. შიძლება თქვენს ნაგვის ყუთში მოვძებნო? გპირდებით, არაფერს გადმოვყრი .

 დახლიდარმა მისი თხოვნა შეისმინა და თავი მორჩილად დაუკრა. ასეთ დროში ერთი საქმიანობით თავის რჩენა ძნელი იყო. ეს უცხოელი ვინ არის?  – ჰკითხა ბოლოს.

– წარმოდგენა არ მაქვს – დასძინა მეჰმედმა – საიდუმლოებით მოცულია.

როცა ხელი დავუქნიე, მანქანა გამიჩერა, წამომიყვანა და ახლა ქილების შესაგროვებლად აქეთ-იქით დამყვება. არც კი ვიცი, აქ რას აკეთებს ან სად მიდის.

– ყველა უცხოელი ერთნაირად უვარგისი კი არ არის – შენიშნა შუახნის, კოხტაღიპიანმა დახლიდარმა – შესაძლოა ხელი იღბალსაც გამოჰკრა.

– მაინც ცოტა უცნაურად მეჩვენება, აქეთ-იქით მანქანით რომ დამატარებს და ქილების შეგროვებაში მეხმარება. სულაც არ არის ვალდებული, ასე მომექცეს – თქვა მეჰმედმა.

– ღმერთის ჩანაფიქრს რას მიხვდები – ბრძნულად უპასუხა საკუთარი ღვთისმოშიშობის უეცარი გამოვლინებით კმაყოფილმა დახლიდარმა – შესაძლოა ეს კაცი დღეს მფარველ ანგელოზად მოგევლინა.

– კარგი აზრია, – თქვა მეჰმედმა. დახლიდარმა კი საქმის მცოდნე კაცივით თავი დაუკრა და დაამატა – ღმერთი ჩვენი მბრძანებელია.

– ცელოფნის პარკს ხომ ვერ მათხოვებდი? ჩემი ტომარა ნელ-ნელა მძიმდება – სთხოვა ბოლოს.

და ნაგვის ყუთებში ქექვას შეუდგა. შემდეგ კი უცხოელთან ერთად სკოლის მოსწავლეებს გაჰყვა უკან, რომლებიც ქვემეხების პლატფორმებთან და სერჟანტ აიას მემორიალთან ფოტოებს იღებდნენ. როცა უცხოელმა შენიშნა, რომ გადასამუშავებლად უვარგის ქილებს მეჰმედი გულგრილად აგდებდა, ცოტა იმედგაცრუებული დარჩა. მაგრამ თავის პირველ აზრს იმის თაობაზე, რომ მეჰმედი გარემოს დამცველი იყო, ჯერ მთლად ვერ უარყოფდა.

მაინც არ არის ცუდი კაცი. რაც არ უნდა იყოს, ქილების ნახევარი ხომ აკრიფა  – თავისთვის გაიფიქრა.

დილის საუზმის შემდეგ მეჰმედს არაფერი ეჭამა. საერთოდ, ეს რამდენიმე დღე ძალიან ცუდად იკვებებოდა. ახლა კი მუცელი უბუყბუყებდა, თავს ოდნავ სუსტად გრძნობდა და თავბრუ ესხმოდა. შუადღეს გადაცილებული იყო, გვიანი გაზაფხულის სიცხეც თავში აუვარდა და ერთი ტოლჩა ლუდის დალევა მოუნდა. ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად კი ერთი გარემოება უშლიდა ხელს - უცხოელს პასტაჰანე-ში თუ დაპატიჟებდა, სასმელებისა და საჭმლის საფასური თავად უნდა გადაეხადა. ამ აზრმა ცოტა შეაშინა.

ხელგაშლილი და ღირსეული მამაკაცი გახლდათ, მაგრამ ამ თვისებების გამოსამჟღავნებლად უფულობა აფერხებდა.

– ხომ არ მოგშივდათ? – მაინც სცადა და ცალყბად ჰკითხა უცხოელს.

ფრაზეოლოგიური ლექსიკონიდან უცხოელმა მხოლოდ ერთადერთი სიტყვა იცოდა – აციკმაკ – და ამიტომ უარის ნიშნად თავი გააქნია. სამხარზე განზრახ ამბობდა უარს, რადგან წონის დაკლებას ცდილობდა. უღრან ადგილებში ყვავილების საძებრად ხეტიალისას, ამას, ჩვეულებრივ, ადვილად ახერხებდა ხოლმე. თანაც ზომიერი ჰავის წყალობით უფრო იშვიათად შივდებოდა, ვიდრე საერთოდ და შუადღისას მხოლოდ ერთი ლიტრი წყლის დალევით კმაყოფილდებოდა. იმან, რომ მეჰმედი მის შიმშილზე წუხდა, უცხოელი საგონებელში ჩააგდო. მისი ყურადღებით რატომღაც ნასიამოვნებიც იყო და იმედგაცრუებულიც.

იფიქრა, თურქი უფასოდ ჭამას ხომ არ გეგმავსო. ამ აზრმა ჯერ გაანაწყენა, ხოლო შემდეგ სიბრალულით აავსო.

მეჰმედმა საათზე დაიხედა და გაახსენდა, რომ ნავმისადგომთან მალე უნდა დაბრუნებულიყო, რათა ბორანზე ასვლა მოესწრო. ის ფაქტი აღარ ადარდებდა, რომ ნახევარკუნზულზე უამრავ შესაგროვებელ ქილას ტოვებდა. უცხოელს მიუბრუნდა და ჰკითხა

– კილიტბაჰირ?

– OK – მხიარულად უპასუხა კაცმა, თან ცოტა განაწყენებული ჩანდა, რადგან ვიღაცასთან უაზრო წანწალში ამდენი დრო დაკარგა.

უკანა გზაზე კი უღრანი ფიჭვნარი გაიარეს, სადაც ერთ დროს კრეტას მეორე ბრძოლა გაიმართა. მეჰმედმა და უცხოელმა ერთდროულად შენიშნეს გზისპირას აღმართული ნაგვის გროვა. ერთმანეთს გადახედეს. უცხოელმა მანქანა უკან დააბრუნა.

ახლა უკვე ცოტათი გვესმის ერთმანეთის – გაიფიქრა ორივემ. შვიდი ქილა იპოვეს. შვიდი  – კმაყოფილებით წარმოთქვა მეჰმედმა.

Yedi  – კმაყოფილებით გაიმეორა უცხოელმაც.

ჰავუს-ლარის სასაფლაოსთან, გზის პირას მდებარე ღია კაფესთან ბოტანიკოსმა მანქანა შეაჩერა. მეჰმედისთვის საჭმლისა და სასმელის ყიდვა დააპირა, მაგრამ თურქმა დაასწრო – თავისთვის ლუდი, ხოლო მძღოლისთვის ფორთოხლის წვენი შეუკვეთა: შეიძლება თქვენი კაფედან გადაყრილი თუნუქის ქილები წავიღო?  – კაფეს მეპატრონეს ჰკითხა მეჰმედმა.

– იცით, გადასამუშავებლად ვაბარებ და ოჯახისთვის დამატებით ფულს ვშოულობ. გპირდებით, არაფერს გადმოვყრი.

ამ თხოვნამ კაფეს მეპატრონე დააფიქრა, მაგრამ შემდეგ მხრები აიჩეჩა და ნება დართო. ახლა ისეთი დროა, რომ ყველა რაღაცას ცდილობს, წვალობს.

მთავრობა იცვლება, პრობლემები კი იგივე რჩება.

– ეს უცხოელი ვინ არის?  – ცოტა გაოცებით იკითხა, რადგან ქილების შემგროვებელი ლამაზი, ახალი მანქანით მძღოლს აქეთ-იქით დაჰყავდა.

– არ ვიცი, ვინ არის. მთელი დღე ასე დამატარებს, ქილების შეგროვებაში მეხმარება. წეღან ვიღაცამ მითხრა, რომ ჩემი მფარველი ანგელოზია – თქვა მეჰმედმა და ჩუმად ჩაიხითხითა.

– მის შესახებ არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ თურქულად ლაპარაკობს. ჩემს ლაპარაკს კი ვერ იგებს. უცნაურია, არა?

– შეიძლება ყრუ არის – დაასკვნა კაფეს მეპატრონემ.

– არა, დარწმუნებული ვარ, რომ ყრუ არ არის – უპასუხა.

მეჰმედმა, – მაგრამ ასეა თუ ისე, დღეს ასობით ქილა მოვაგროვეთ.

 – აი, რას გეტყვი, – უპასუხა კაფეს მეპატრონემ, – რადგანაც თურქს ასე კარგად ექცევა, მისი სასმელის ფულს აღარ გადაგახდევინებ. რას იტყვი? მის ფულს უკან დაგიბრუნებ.

 – ნამდვილად წმინდანი ხარ, – წამოიყვირა მეჰმედმა, – ღმერთმა დაგლოცოს.

 – არაფერია, – მხრები აიჩეჩა მეპატრონემ, – თუკი უცხოელი ასე კარგად გექცევა, არც მე ჩამოვრჩები პატივისცემაში.

  მოგვიანებით კილიტბაჰირში ჩასვლისას მეჰმედმა აღმოაჩინა, რომ ბორნის წასვლამდე ოცი წუთი დრო ჰქონდა. პატრიოტული სულისკვეთების მქონე ბავშვები კი უძველესი სასახლის მიდამოებში შეიკრიბებოდნენ და ირგვლივ გამაგრილებელი სასმელების ქილებს მიმოაბნევდნენ. ამის გაფიქრებისას მხნეობა მოემატა და ხელგაშლილობის ინსტიქტმა სძლია. უცხოელისთვის კაფეში ყველიანი, დაბრაწული პური შეუკვეთა, სხვისთვის საჭმლის შეთავაზებით თითქოს საკუთარ შიმშილს დაიკმაყოფილებდა. ეს შეკვეთა ოფიციანტს მაინცდამაინც არ ეამა, რადგან სამზარეულო ჯერ დაკეტილი იყო. მეჰმედმა საჭიროდ ჩათვალა, მისთვის აეხსნა, რომ უცხოელს ჯეროვნად უნდა გამასპინძლებოდნენ, მითუმეტეს, როცა ძალიან მშიერი იყო.

ოფიციანტმა ჩასუქებული უცხოელი სკეპტიკურად შეათვალიერა, მაგრამ მის საპატივცემულოდ ნათქვამი ეს მოწონება მთლიანად ვერ უგულებელყო და ყველიანი, დაბრაწული პურის მოსატანად წავიდა.

 მეჰმედმა უცხოელს ანიშნა, რომ სანამ საჭმელს მოიტანდნენ, ისევ ქილების შესაგროვებლად გავიდოდა. თვითონ ისეთი მშიერი იყო, რომ სხვისი ჭამის ცქერა გაუძნელდებოდა, ამოტომ ჯობდა გასულიყო და თავი შორს დაეჭირა, რაც შეიძლებოდა რესტორანს მოშორებოდა.

 უცხოელს ნერვიულობა დაეტყო, მეჰმედის წასვლის გამო ეჭვმა შეიპყრო. მანქანასთან რომ მივიდეს? პასპორტიც იქ ჰქონდა. სად ჯანდაბაში წავიდა? ყველიანი პურის ნაჭერი შუაზე გაყო და უფრო ზრდილობის გამო, ვიდრე შიმშილის, ნახევარი უგემურად შეჭამა. მეჰმედს შეატყო, რომ ძალიან შიოდა, ამოტომ ნახევარი მას დაუტოვა. ახლა ეს ულუფა მაგიდაზე იდო და პატრონის მოლოდინში ცივდებოდა. უცხოელი წუხდა, რომ მეჰმედი გემრიელად ვეღარ შეჭამდა.

 როცა მისი ნახვის იმედი საბოლოოდ გადაეწურა და ანგარიში გაასწორა, უცებ მეჰმედი გამოეცხადა – ოცდათორმეტი ქილა  – გამარჯვებულის ღიმილით წამოიძახა.

–  Otuziki   – აღფრთოვანებით გაიმეორა უცხოელმაც.

როცა დაჯდომა დააპირა, მეჰმედმა ხელებზე დაიხედა და შენიშნა, რომ ძალიან ჭუჭყიანი ჰქონდა. მერე ზიზღნარევი სახით უცხოელს დაანახა, უკმაყოფილოდ ჩაიწუწუნა და მამაკცების საპირფარეშოსკენ გასწია. ჯერ ხელები დაიბანა, მერე სახე თმაზეც შეისხა წყალი და სარკის წინ კოხტად გადაივარცხნა, ლამაზად დაიყენა. უკან სუფთა და მოწესრიგებული, მხრებში გამართული დაბრუნდა.

 როცა მაგიდასთან დაჯდა, უცხოელმა ყველიან პურზე ანიშნა და შესთავაზა.

– Yemek – არ მშია  – უთხრა მეჰმედმა. შენ ჭამე, შენთვის ვიყიდე.

 მაგრამ ჭამის სურვილი უცხოელმა მას თვალებში შეატყო. მეტად დელიკატური სიტუაცია შეიქნა. მან თითები ერთად შეატყუპა და ხელი მუცელზე გადაისვა, მეჰმედს აჩვენა სრულიად მაძღარი ვარო.

მერე ყველიანი პური ქაღალდის ხელსახოცში გაახვია და გაუწოდა. საათზე დაიხედა – ანიშნა, უკვე გვიანიაო. თავიდან მეჰმედი დაიბნა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, შემდეგ კი მიხვდა, რომ უცხოელი მის მოგვიანებით შეჭმას სთავაზობდა. მშვენიერი კომპრომისი იყო. ყველიანი პური მეჰმედმა უდარდელი და გულგრილი გამომეტყველებით აიღო, პერანგის ჯიბეში ფრთხილად ჩაიდო და ლუდი მხიარულად დალია. როცა წასასვლელად გაემზადნენ, ქილა მაგიდაზე განზრახ დატოვა.

 მეჰმედს თავზარი დაეცა და გაბრაზდა, როდესაც მიხვდა, რომ უცხოელს ანგარიში უკვე გაესწორებინა. ხოლო იმან უფრო გააბრაზა, რომ ეს რატომღაც შვებას ჰგვრიდა. უცხოელს საყვედურის სათქმელად მოუბრუნდა, მაგრამ მის ფართო ღიმილს რომ წააწყდა, მაშინვე დაცხრა. ხელი ჩაიქნია და სიცილით უთხრა: ძალიან ცუდი კაცი ხარ, ასე რომ გამაცურე .

 მეჰმედმა ოფიციანტს ჰკითხა, თანამშრომლებიდან რომელიმეს თუ შეეძლო მისთვის უცხოელთან თარჯიმნობა გაეწია და როცა ასეთი პირი აღმოაჩინეს, კმაყოფილი დარჩა. ოფიციანტს ცოტა ხნით დაელაპარაკა, რომელიც შემდეგ უცხოელს მიუახლოვდა და უთხრა:

– ბატონი მეჰმედი ამბობს, რომ მთელი დღე ერთად გაატარეთ, ძალიან მოსწონხართ და სურს გაიგოს თქვენც თუ მოგწონთ.

 უცხოელმა ცოტათი უხერხულად იგრძნო თავი.

– უთხარი, რომ ძალიან კარგი კაცია და ძალიან მომწონს. მეგობარს მხარზე ხელი დაადო და ძმურად მოესიყვარულა.

 როცა მეჰმედმა თარგმანი მოისმინა, ემოციები ვერ დამალა, უცხოელს ჩაეხუტა და საოცრად ძლიერი ხელები მხრებზე მოუჭირა. სენტიმენტალობის გამო თვალზე მომდგარი ცრემლის დასაფარავად კი სხვა მხარეს გაიხედა. საერთოდ მას ორი რამ სურდა: პატიოსანი ცხოვრება და ცოტაოდენი პატივისცემა. ამ უკანასკნელს კი არც ისე ხშირად იღებდა.

 უცხოელმა თავისი სავიზიტო ბარათი გაუწოდა, რომელზეც ქვეყნის კოდიც იყო მითითებული. ეს უბრალოდ ლამაზი ჟესტი იყო, თორემ იცოდა, მეჰმედს რომ დაერეკა, ერთმანეთის საუბარს მაინც ვერ გაიგებდნენ. თურქმა ჯიბეები მოისინჯა, ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო და ტელეფონის ნომერთან ერთად მისამართიც მიაწერა. ბოლოს კი თავისი პროფესია მიუთითა:

– Ogretmen.

მანქანით მიმავალ უცხოელს მეჰმედი უკან დაედევნა. უცხოელი დაფიქრდა, თურქს მასთან ერთად ეჩაბატში ხომ არ სურდა წამოსვლა, მაგრამ მეჰმედს მხოლოდ მისი გაცილება უნდოდა. განუწყვეტლივ ხელს უქნევდა და კბილებდაკრეჭილი ეუბნებოდა:

–კარგი იქნებოდა მანქანით ჩანაკალეში თუ ჩამოხვიდოდი. ჩემი მისამართი ხომ გაქვს. შენი ნახვა ძალიან გამეხარდებოდა. ჯერ არ დაბნელებულა, თან უამრავი ქილაა შესაგროვებელი, მაგრამ ხვალ ოთხი გაკვეთილი უნდა ჩავატარო და ბავშვებისთვის ასახსნელი მასალა მოვამზადო, ხომ იცი, როგორც ხდება. რვეულების მთელი გროვაც გასასწორებელი მაქვს. ეს რა სამსახურია, რა ცხოვრებაა.

 მეჰმედის საუბარმა, ისევე როგორც მისმა წინანდელმა შენიშვნებმა, უცხოელი დააბნია. აღარ იძახდა

– Anlamam, Turkce bilmiyorum  და აღარც Evet, რომელსაც წამდაუწუმ იმეორებდა ხოლმე. მეჰმედი კი თავისას განაგრძობდა. უცხოელს დაბნეულობა რომ შეამჩნია, უთხრა: ალბათ გიკვირთ, ქილების შესაგროვებლად ბორნით აქ რომ ჩამოვედი, როცა შემეძლო შინ – ჩანაკალეში შემეგროვებინა  – კეფა მოიფხანა, შემდეგ ნიკაპზე მოისვა ხელი და განაგრძო – არ მინდოდა ჩემი რომელიმე მოსწავლე ამის კეთებისას წამასწრებოდა.

გაბერილი თეთრი ტომარა ასწია და თქვა:

– თავმოყვარეობის გამო კი არა, უბრალოდ მსურს, რომ ცოდნა დააფასონ. იმ სულისკვეთებით გაიზარდონ, რომ სწამდეთ და პატივი სცენ მასწავლებლის პროფესიას. რა საჭიროა მათ იცოდნენ, რომ გადაყრილ ქილებს ვაგროვებთ .

 უცხოელმა ვერაფერი გაიგო, მაგრამ გრძნობდა - მეჰმედი მძიმე საკითხზე საუბრობდა და თავი დაუკრა. თურქმაც კმაყოფილებით დაუქნია თავი - უხაროდა, რაღაცა გავაგებინეო.

 შემდეგ ერთმანეთი გადაკოცნეს. მის ქვეყანაში მამაკაცები ერთმანეთს არასდროს კოცნიდნენ. აქ თურქეთში კი სავსებით ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავი იყო, თუმცა სხვა კაცის გაუპარსავ ლოყაზე შეხება მისთვის აშკარად სიახლეს წარმოადგენდა და ცოტა დაიბნა.

 თავისი თეთრი ტომარა მეჰმედმა რახა-რუხით ასწია, მხარზე გადაიკიდა, უცხოელს გასძახა

– კარგად იყავი-ო და გზას გაუყვა.

– Gule, gule – ლექსიკონიდან შესაფერისი ფორმულით დაემშვიდობა უვხოელიც. მანქანაში ჩაჯდა და უკან მოუხედავად წავიდა. იცოდა, სანამ თვალს არ მიეფარებოდა, მეჰმედი ყველიანი პურის მჭამელი არ იყო, ამიტომ სურდა, რაც შეიძლებოდა მალე მიეცა მისთვის ამის საშუალება.

 ოტელში დაბრუნებისას უცხოელმა მეჰმედის კოორდინატები ბლოკნოტში გადაიტანა. ხოლო თურქული ენის ლექსიკონში სიტყვა Ogretmen  მოძებნა და მის გასწვრივ წაიკითხა – სკოლის მასწავლებელი. მთელი არსებით შეძრწუნდა. ნელ-ნელა იმასაც მიხვდა, რომ მიუხედავად წესიერი სამსახურისა, მეჰმედი სასოწარკვეთილი იყო და ამიტომაც აგროვებდა ქილებს. ზოგჯერ, სხვა ადამიანების დუხჭირი ცხოვრება, დამთრგუნველად მოქმედებს შენზე. უცხოელმა თავი გაიქნია. საღამოს კი მეუღლეს დაურეკა და უთხრა:

– უჩვეულო დღე მქონდა. ერთდროულად უცნაურიც და მტკივნეულიც.

– მართლა? მომიყევი  – სთხოვა ცოლმა.

 როცა მეჰმედი ჩანაკალეში ჩავიდა, სახლის კარებთან ქილების გროვა დაყარა და სამზარეულოში მეუღლესთან მისასალმებლად გავიდა.

– უჩვეულო დღე მქონდა – უთხრა მას. უცნაური, მაგრამ საკმაოდ მტკივნეული. ცოლი ხის კოვზით ქვაბში რაღაცას ურევდა. ხელები ტილოზე შეიწმინდა, ქმარს მიუბრუნდა და სთხოვა:

 – მიდი, მომიყევი.                                                              

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ბერნიერსი ლუის დე / დასვენების ერთი დღე მეჰმედ ერბილისათვის