ბერნიერსი ლუის დე 

ეტიკეტები  

 

მთარგმნელი პირველი ნანა

 

 

  იმ პერიოდში ვიზრდებოდი, როცა ელექტროენერგია უკვე არსებობდა, მაგრამ ტელევიზია ჯერ არა. ხალხს ნელ-ნელა თავის შექცევა უნდა ესწავლა, ამიტომ ჰობის ტენდენცია მომძლავრდა. ადამიანებმა ასანთის კოლოფებისგან ნამდვილი სოფლები გააშენეს, თავად ასანთის ღერებისგან კი საომარი გემების კეთებას მიჰყვეს ხელი. ამზადებდნენ თვითმფრინავის მაკეტებს, ქარგავდნენ პალტოს სახელოებიან ანაფორებს წმინდანთა მოწამეობრივი სცენებით, აგროვებდნენ დაპრესილ ყვავილებს. მაგალითად, ბაბუაჩემი წინდებს საკუთარი ხელით იქსოვდა, ხის სათამაშოებს თლიდა, ბაღში მდებარე ფარდულის ობობებსაც კი უმეგობრდებოდა, კროკეტის თამაშისას ოსტატურად იტყუებოდა და ბოლოს თოფის ვაზნების დატენასაც შეუდგა.

ბებიაჩემის ჰობი ყვავილების მოვლა იყო. საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კი მაღალი წრის ხალხს უახლოვდებოდა. დედა ხან სასულიერო ჰანგებს აჟღერებდა ფორტეპიანოზე, ხან ავეჯის გადასაკვრელ ახალ შალითებს კერავდა ან გაჭირვებულთათვის შალის ქუდებს ქსოვდა. ბიძაჩემი თავისივე მოყვანილი და მოვლილი თამბაქოს ფოთლისგან სიგარებს ახვევდა. მეორე ბებია კი თავის ბედნიერ წუთებს ბოსტანში ატარებდა, იმ ხუთცენტიან ჟეტონებს აგროვებდა, ალბათ სამზარეულოს გისოსებიდან რომ უვარდებოდა და რომლებსაც იქვე, დამჭკნარ ფოთლებში ჩაბუდებული, მოზრდილი გომბეშოები ყლაპავდნენ ხოლმე.

ჩემი დების ჰობი პრანჭიაობა  გახლდათ. ორივენი სხვენზე ძვრებოდნენ, ძველ სკივრებში იქექებოდნენ და წინაპრების დანატოვარი, უცნაური ტანსაცმლით ირთვებოდნენ.

შემდეგ ქუჩაში გამოდიოდნენ, გაჭირვებული, მოხუცი ქალების იერს იღებდნენ და გამვლელებს ემათხოვრებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, აღარ მახსოვს რომელმა, დედაჩემსაც კი გამოსტყუა ფლორინი. რა თქმა უნდა, დედამ საკუთარი შვილი ვერ იცნო. იმ ფულით გამოსასვლელი ჩანთები, შარბათები და რამდენიმე ჯამპინგ ჯექსი  ვიყიდეთ. ეს საშიში შუშხუნები იყო, რომლებიც ხელად ძროხების ბაგასა და ჭიშკარზე დავაყენეთ. თან პანიკის მოლოდინში მხიარულად თვალყურს ვადევნებდით. ამ ოინბაზობის გამო მხოლოდ მე გამტყიპეს, რადგან გოგონები ასეთ აშკარად ბიჭურ საქციელში ვერ დაადანაშაულეს.

 

რაც შეეხება ჩემს ჰობის, ჯერ კიდევ ციცქნა ვიყავი, გასართობთა მთელი წყება რომ მქონდა მოგონილი. პირველად დილა მშვიდობისა  ავიკვიატე. ერთი მოჩვარული, თეთრი ქუდი მეხურა ხოლმე, რომელსაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ყველა ნაცნობის დანახვაზე კულტურულად ვიძრობდი და სადღესასწაულო ტონით

დილა მშვიდობისა-ს ვამბობდი. ამით მამასაც ვბაძავდი და ქორეპისკოპოსსაც, რომლის სევდიანმა ხმამაც ეტყობა ძალიან მომხიბლა. შემდეგ ინტერესი მილსადენებმა აღმიძრა. ჩავუჯდებოდი და ჯოხით ვუჩხიკინებდი: ხან ვაშლის ნაფრცქვენებს გამოვჩიჩქნიდი, ხანაც კომბოსტოს ნარჩენებს, რომლებიც ჩანს, სამზარეულოს გისოსებიდან ვერ ეტეოდა. მერე ფოთლებზე დაკვირვება დავიწყე: მივხვდი, შემოდგომით ნაცრისფერდებოდნენ.

ადამიანის თმამაც დამაინტერესა: ტალახში ამოსვრილი ბღუჯები ერთმანეთს თურმე ადვილად ეწებებოდნენ. ამის შემდეგ ძაღლის განავლითაც დავინტერესდი - სხვათა შორის, დღემდე ვერ გამიგია, რატომ იყო ის ზოგჯერ თეთრი ფერის. დღესდღეობით ასეთ ფეკალურ ალბინიზმს ვეღარ შეხვდებით. ჩემი მეუღლე იხსენებს, რომ ბავშვობაში ეგონა - ასეთი რამ მხოლოდ თეთრ პუდელებს ემართებოდათ.

ასაკთან ერთად ინტერესთა რაოდენობაც მემატებოდა: ვაკეთებდი შურდულებს, ვაწვალებდი კატას, ვიქცეოდი კოვბოურად, ვამზადებდი ყუთებს, რომლებსაც ნახვრეტს ვუტოვებდი, რათა შემძლებოდა შიგ ჩაჭყეტვა და მუხლუხოების ჭუპრებად გადაქცევისთვის ცქერა. მქონდა ბიპლანების მოდელებისა და მინიატურული მანქანების დიდი კოლექცია, ასევე ვაგროვებდი ნიჟარებს, მარმარილოს ქვებს, თოლიის ბუმბულებსა და გოლფის ბურთების რბილ ჩასადებებსაც კი. ერთხანს ლოცვამაც გამიტაცა და სახლის ყველა გარდაცვლილი ცხოველის საფლავთან დაჩოქილი ხშირად ვლოცულობდი.

 

გარდატეხის ავადმყოფურმა ასაკმა ახალი გასართობი საშუალებები მომცა. ერთ-ერთი მათგანი მკვდარი ცხოველებისგან ფიტულების გაკეთება გახლდათ. ამასთანავე, საათობით ვიტანჯებოდი ერთდროულად რამდენიმე უკარება გოგონას ალმოდებული და დაუცხრომელი სიყვარულის გამო. ვკითხულობდი ბიგელსის ყველა წიგნს, რომელსაც ხელში ჩავიგდებდი. ასევე ვალტერ სკოტის რომანებს. თუმცა მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს კლასიკა იყო. ვიზეპირებდი უამრავ ბინძურ შარადასა და მორაგბეთა სიმღერას, რომელთა გახსენება დღესაც უშეცდომოდ შემიძლია.

ეროტიკულ სიზმრებს კი დღისითაც ვხედავდი.

ბევრ ჩემს მეგობარს ე.წ საიდუმლო ჰობი ჰქონდა, ისეთი, როგორიცაა სიგარეტის კოლოფებისა და ყველის შესაფუთების შეგროვება, ჭრაჭუნა პაკეტების ღუმელში დამალვა, მატარებლისა და ავტობუსის გამოცნობანას თამაში, კვერცხების გატეხვა, ორიგამი, ბამბუკის უკან ერთმანეთის ავლადიდების თვალიერება, აფრიკული მარკების კოლექციონერობა, ბაღის ლოკოკინების ვივარიუმში მოშენება. ერთი ჩემი ძმაკაცი თხუნელებითაც კი დაინტერესდა და სკალპელის დახმარებით, რბილი ხიდან შესანიშნავად თლიდა მათ გამოსახულებებს. მეორემ პატარა ჩიტების ფრთების შენახვა დაიწყო. როცა თავისივე შაშხანით მოკლული ფრინველების ას ორმოცდაათი წყვილი ფრთა მოაგროვა, სინდისმა ისე შეაწუხა, რომ ბოლოს ჩიტების დაცვის სამეფო საზოგადოებაში გაწევრიანდა. სხვათა შორის, ის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი გახლდათ, ვინც ციმბირის მგალობელი ჩიტი თავისი თვალით იხილა. საუბედუროდ, ეს ფრინველი მიმინოს გაუგლეჯია, რასაც სამალავში ჩასაფრებული ცამეტი მოთვალთვალე მეტად შეუძრწუნებია.

 

ტელევიზიის გამოჩენამ, სხვა ბევრის მსგავსად, მეც უსაზღვრო აპათიასა და უმოქმედობაში ჩამაგდო. მალე საშინლად გავღიზიანდი და დეპრესია დამემართა. რამდენიმე წლის შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ცხოვრებაში ინტერესის არქონის გამო იმედგაცრუებული ვიყავი და ამიტომ აქეთ-იქით რაღაცეების ძებნა დავიწყე.

ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენთან კუთხეში მდებარე მაღაზიაში ყოფნისას, კატის საოცრად მომხიბლავ თვალებს წავაწყდი, რომელიც კონსერვის ქილაზე იყო გამოხატული. უცებ თავში აზრი მომივიდა


 ასეთი ეტიკეტების კოლექცია შემეგროვებინა. დრო დადგებოდა, როცა მრეწველობის ისტორიკოსები ჩემს მიმართ გულისხმიერ ინტერესს გამოიჩენდნენ, რადგან კატის კონსერვის ეტიკეტმცოდნეობა საკმაოდ იშვიათ მოვლენად იქცეოდა. ეს კი თავისთავად პოპულარულსაც გამხდიდა, მაგრამ ამ იდიოტური ფიქრისაგან სასწრაფოდ გავთავისუფლდი და შინისაკენ გავწიე.

 

 

ერთი საათის შემდეგ კი სიცილისგან თავს ძლივს ვიკავებდი, რადგან ცდუნებას ავყევი და ის მომაჯადოებელი კატის სურათიანი კონსერვი შევიძინე. ქილა ჯიბეში ჩავიდე, კვლავ სახლში დავბრუნდი და ცხელი წყლით სავსე ქვაბში მოვათავსე, რათა ეტიკეტი ადვილად ამეძრო. წებოს გალღობა არ ვაცადე, ქაღალდი დროზე ადრე ავახიე და მთლიანად გავაფუჭე. მეორე ქილის საყიდლად წავედი. ამჯერად უფრო მეტი სიფრთხილე და მოთმინება გამოვიჩინე. ეტიკეტი თავისუფლად მოვაცილე და გასაშრობად თოკზე ჩამოვკიდე, რომელიც სამზარეულოში ცხელი წყლის მილიდან ფანჯრის ჩარჩომდე გადავჭიმე. შემდეგ საკანცელარიო მაღაზიისკენ გავემართე, რამდენიმე პატარა ე.წ წებოვანი ჯიბე და ფოტოების ალბომიც ვიყიდე.

მთელი საღამო სახლში შეუსვენებლივ დავბორიალობდი, ეტიკეტის გაშრობას სულმოუთქმელად ველოდი. მთელი ღამე რული არ მომკარებია, ყოველ ათ წუთში ვდგებოდი და ქაღალდს ვამოწმებდი. დილით უძილობისგან თვალების სრესით წამოვდექი და მზა ეტიკეტი ალბომში ჩავაკარი, ქვეშ თეთრი მელნით თარიღიც მივაწერე. ამის შემდეგ კვლავ საყიდლებისთვის გავემართე: გამყიდველს თმის საშრობი ფენი და კატის საკვების ორი ქილა გამოვართვი.

როგორც ჩანდა, ყველა მწარმოებელს ეტიკეტის მიწებების თავისებური ხერხი ჰქონდა გამოყენებული. ზოგი ცოტა წებოს ხმარობდა, ხოგი კი საშინლად ბევრს. შესაბამისად, მეც ხან ადვილად ვაძრობდი ქაღალდს, ხან კი წყალში დალბობაც არ შველოდა და თეთრ სპირტში ვაჩერებდი ხოლმე.

სათანადო გეგმაც კი შევიმუშავე, რათა ერთი შეხედვით განმესაზღვრა ეტიკეტის მოცილების საუკეთესო მეთოდი.

მალე ეტიკეტმომძვრალი იმდენი თუნუქის ქილა მომიგროვდა, რომ თავგზა ამებნა. ჩემთვის გავიფიქრე, იქნებ ვინმეს მოუნდეს მათი ერთიანად შესყიდვა-მეთქი, თუმცა შესაძლებელი იყო ცალობითაც მიმეცა, როგორც ჩვეულებრივ სუპერმარკეტში ყიდულობდნენ ხოლმე. მაგრამ ეს აზრი თავიდან ამოვიგდე და გადავწყვიტე, ქილები კატის მფლობელი მეგობრებისთვის დამერიგებინა. თავდაპირველად ყველამ ეჭვის თვალით შემომხედა, უარი განაცხადეს თავიანთი საყვარელი ცხოველებისთვის ისეთი საკვები მიეცათ, რომელიც შესაძლოა ფალსიფიცირებული ან სულაც გადახარშული პუდინგი ყოფილიყო. მხოლოდ მაშინ დაწყნარდნენ, როცა კატებმა საჭმელი სიამოვნებით მიირთვეს. მსგავსი რეაქცია ჰქონდათ კატის სახლების მეპატრონეებსაც, რომლებსაც უფრო მოზრდილი ქილები შევთავაზე.

გარდა ამისა, ყველამ ალმაცერად ყურება დამიწყო, თითქოს დალაგებული ტვინის პატრონი არ ვყოფილიყავი. სიმართლე რომ გითხრათ, მოსაწვევ ბარათებსაც აღარ ვღებულობდი, რადგან სადილებზე ჩემი საუბარი თურმე მანიაკურად ჟღერდა. ყველაზე დიდი საშინელება კი ის იყო, რომ ცოლმა მიმატოვა, თან მითხრა:

- სანამ ტუმბოდან ალბომებს არ მოაშორებ, მანამ არ დავბრუნდები -ო. ცოტა ხანში სახლი ნაგვის ბუნკერს დაემსგავსა, რადგან დალაგების არაფერი გამეგებოდა. ბოლოს იქამდეც მივედი, რომ საკუთარ ცოლს კვირაში ერთხელ ფულს ვუხდიდი, რათა მოსულიყო და აქაურობა დაესუფთავებინა.

უცებ თავში ახალი აზრი მომივიდა: ეტიკეტების ხელში ჩაგდება გაცილებით გამიადვილდებოდა თუ ამ საჭმლის მწარმოებელ კომპანიებს დავუკავშირდებოდი და ვთხოვდი, ნიმუშები გამოეგზავნათ. ყველა მათგანი მაინტერესებდა


 როგორც ძველი, ისე ახალი.

 

მაგრამ ურთიერთთანამშრომლობაზე დადებითი პასუხი არ მიმიღია. საპასუხო წერილები თითქმის ერთმანეთს გავდა:

ძვირფასო სერ,

ჩვენი მენეჯერის სახელით დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და გარწმუნებთ, რომ თქვენმა წერილმა ძლიერ დაგვაინტერესა. თქვენ და თქვენს კატას კი გისურვებთ ყოველივე კარგს.

 გულწრფელად თქვენი...AN.

 

ამის შემდეგ მათგან არაფერი მსმენია.

ბევრს გააკვირვებს ის ფაქტი, რომ კატის საჭმლის ეტიკეტთა მრვალფეროვნება მართლაც უსაზღვროა. დავიწყოთ იქიდან, რომ ყველა მწარმოებელი მათ საკმაოდ ხშირად ცვლის და ერთი და იმავე პროდუქტს სხვადასხვა ეტიკეტით ამკობს. ამით მომხმარებლის ყურადღებასაც იპყრობს და სხვა ფირმებსაც უწევს მეტოქეობას.

ასე რომ, როცა შავტუხა კატას ქერა ენაცვლება


 საჭმელი მიმზიდველი ხდება. სპარსული ჯიშისას ციმბირული ცვლის და მაღალი ხარისხის შთაბეჭდილებაც გარანტირებულია. გარკვეული დროის შემდეგ ეტიკეტებს ისევ ცვლიან


 ძუ კატის მსგავსად ახლა აზიურ ხვადს აკრავენ, რათა მოწონება ჰპოვოს იმიგრანტთა წარმატებულ ბაზარზე. ამას ჭრელი კატა მოჰყვება, რომ დასაფასებელი მუშათა კლასიც მოითაფლოს. ეტიკეტებს ხშირად ასეთ განცხადებებს უმატებენ:

 

-  გთავაზობთ განსაკუთრებულ საკვებს თქვენი ფისოსთვის  ანდა მონაწილეობა მიიღეთ თავისუფალ შეჯიბრში.  ამ შემთხვევაში კატის სურათი ეტიკეტის ორივე მხარესაა გამოხატული. მე კი ორი ქილის შეძენა მიხდება, რათა ალბომში ორივე ფოტო მქონდეს.

ამასთან ერთად, ყველა სუპერმარკეტს თავისი საკუთარი ნიშანი აქვს.

თითოეული მწარმოებელიც გამუდმებით ზრდის თავის დიაპაზონს: ადრე თუ მხოლოდ ფელიქსს,  ვისკასს, ტოპქეთსა  და სხვა დასახელების პროდუქტს უშვებდა, ახლა მათ კურდღლის, თინუსის, მწყერის, ორაგულის, მტრედის, ტრიუფელისა და ხბოს ღვიძლის არომატებიც დაუმატა. თითოეულ მათგანს კი შესაბამისად ეტიკეტებიც შეუცვლია. ყველამ იცის, რომ საჭმელი, უმეტესწილად, იაპონელი მეცნიერ-მკვლევარების მიერ ამოხოცილი ვეშაპებისგან მზადდება. ასევე იყენებენ ბურღულს, ფრანგული ჯიშის ცხენებს, ღონემიხდილ ვირებსა და სხვა ცხოველების პიკანტურ ნაწილებსაც კი, რომელთაც ხალხის უმეტესობა არ ეტანება. კატის მფლობელები ისეთი საკვების ყიდვისკენ ისწრაფიან, მათ მშვენიერ არსებებს რომ მოსწონთ, ამიტომ მწარმოებლები პროდუქტში, თანდათანობით საუკეთესო ხორცის სულ უფრო და უფრო დიდ რაოდენობას უმატებენ. ასე რომ, ქილებში შესაძლოა, ღვიძლისა და კურდღლის ნამდვილი ნაჭრებიც აღმოაჩინოთ.

ზუსტად მაშინ, როცა ჩემმა კოლექციამ საერთაშორისო სტანდარტების დონეს მიაღწია, ფინანსურ გასაჭირში ჩავვარდი.

რამდენიმე წლის განმავლობაში სასამართლო ბოქაულად ვმუშაობდი. ზორბა ტანი და დამთრგუნველი იერი მაქვს, რაც საქმეში ძალიან მეხმარებოდა. ხარჯების შეზღუდვით როგორღაც თავის გატანას ვახერხებდი. სახლი ნაწილებად მეშლებოდა, ბაღი გამივერანდა, მანქანაც დამიძველდა. ხუთი წლის მანძილზე ახალი ტანსაცმელი არ შემიძენია, თმას კი სამზარეულოს მაკრატლით ვიჭრიდი. ერთხელაც დავჯექი, ალბომები გადავშალე და გამოვიანგარიშე: კატის საჭმელზე თურმე ორი წლის ხელფასი დამიხარჯავს, გაკოტრებით კი არ გავკოტრებულვარ.

 

მაგრამ საფრანგეთში გამგზავრებამ ყველაფერს ბოლო მოუღო.

ესეც სამსახურთან იყო დაკავშირებული - ვალის გადაუხდელობის გამო ერთ პიროვნებას დავეძებდი. ერთხელაც სუპერმარკეტ ჩემპიონ-ში შევედი - ჩემთვის ხორცის კონსერვი მინდოდა, მაგრამ თავი გადამავიწყდა, როცა ულამაზეს სურათებიან კატის საჭმელების რიგს წავაწყდი. მათ უმრავლესობას გამორჩეული, ორნამენტული წარწერა ამშვენებდა. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავდა. თითო-თითო ყველანაირი ქილა შევიძინე. ამითაც არ დავკმაყოფილდი და სხვა მაღაზიებსაც ჩამოვუარე. შინისკენ მომავალ გზაზე კი ჩემს მანქანას უკანა ბუქსირი გაუფუჭდა და თუნუქის ქილების ეს ხროვა საბოლოოდ ავტომობილების ასოციაციის თავაზიანი მომსახურების წყალობით ჩამოვიტანე.

 

ეს საშინელება, რა თქმა უნდა, თვეობით გაგრძელდა. ყოველ უიკენდზე საფრანგეთს ვსტუმრობდი და უკან ლუქსოჩეტის,  პუპოჩესა  და მინიტკონტენტის  ქილებით დახუნძლული ვბრუნდებოდი. ამის შემდეგ ავადმყოფობის მომიზეზებით, უფროსობას რამდენიმე ხნით დავეთხოვე და ესპანეთში ნამდვილი საგანძური აღმოვაჩინე: სენიორიტო გატიტო,  მინინო, მიჩო მიაუ  და რონრორეო.

შინ ბედნიერებითა და სიხარულით აღსავსე ჩამოვედი, თან გერმანიაში გამგზავრებაც დავგეგმე. მაგრამ ჩემი ილუზიები მალევე გაიფანტა. თურმე ყველაფერი გამოაშკარავებულა და სამსახურიდან გამოვუგდივარ. ზუსტად მაშინ მომივიდა ელექტროენერგიის, გაზისა და ტელეფონის გადასახადები. ახლადშეძენილი ტელევიზორის ფულიც უნდა გამესტუმრებინა.

როცა ალბომებსა და ესპანური ქილების მთას გადავხედე, მივხვდი, რა უბედურებაშიც ჩავვარდი. ჯერ ხელები წავიშინე თავში, მერე დაგრეხილი გაზეთი ვირტყი, სასოწარკვეთილი თვალები ზეცას მივაპყარი, ამოვიოხრე, ფეხები ავაბაკუნე და სადილის თეფში სამზარეულოს იატაკზე დავანარცხე. გონს მოსულმა მთელი კოლექციის განადგურების საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე.

ნაგვისა და ძველი შეზლონგებისაგან ბაღში მოზრდილი კოცონი გავაჩაღე. მერე სახლში ალბომების გამოსატანად შევვარდი. დიდხანს ვიქექებოდი სურათებში, თან ვარჩევდი - მოდი ამას შევინახავ, ეს ქილა ერთადერთი მაქვს ჩინური ეტიკეტით. ანდა ამას - ცისფერი ვისკასია  - ათი წლის წინათ ნაყიდი, სანამ ცოლი მიმატოვებდა.

სანტიმენტალურ გრძნობებს აღმიძრავს.  ალბათ საჭირო აღარაა იმის თქმა, რომ დასაწვავად ვერცერთი მათგანი ვერ გავიმეტე. უბრალოდ ავდექი და ესპანური ქილებიდან ეტიკეტების აძრობა დავიწყე.

უმუშევრობის დახმარება ვერც პირად ხარჯებს მიფარავდა და ვერც ახალი ქილების შეძენის საშუალებას მაძლევდა. ბოლოს იქამდე დავეცი, რომ საფუნთუშეში გამხმარ პურებს ვყიდულობდი და ხორცის მაღაზიიდან წამოღებული ძვლებისგან წვნიანს საკუთარი ხელით ვამზადებდი. პურს ხერხით თხელ ნაჭრებად ვჭრიდი და ძვლიდან ტვინის გამოფხეკას ვიქტორიანების დროინდელი კორპსაძრობით ამაოდ ვცდილობდი. მალე შიმშილისგან დავუძლურდი, წონაში დავიკელი და უზომო ნერვიულობისგან თმაც დამცვივდა. ერთხელ უბედურმა, ქილა გავხსენი, ხორცი დავყნოსე და ჩემთვის გავიფიქრე - ეს ხომ სტერილიზირებულია.

ვეტერინარმა კი მითხრა, რომ ადამიანის საკვებზე უფრო მაღალ სტანდარტებს შეესაბამებაო. მასში არეულია ცხოველების გატარებული ყვერები, ტუჩები, ჯიქნები, ნაწლავები და სასქესო ორგანოები, მაგრამ ძეხვშიც მსგავსი ინგრედიენტებია და ყველა სიამოვნებით მიირთმევს. ღორის ხორცის ღვეზელზე რაღას იტყვით, შიგ თეთრი რაღაცეები რომ აქვს და თოფისწამლის გემო დაჰყვება? ხორცს სულაც არა ჰგავს. ამასთანავე კატები ცნობილები არიან, როგორც აზიზი და ფაქიზი მჭამელები, თუმცა ჩიტების ბუმბულებსაც მიირთმევენ, მაგრამ ისე გემრიელად, რომ ადამიანებსაც მოანდომებენ.

ჩაის კოვზი მოვძებნე და ხორცში ღრმად ჩავასე. მერე ცხვირთან ახლოს მივიტანე და ვუყნოსე - მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა. თავს ძალა დავატანე და კოვზი პირში ჩავიდე.

კინაღამ ვარწყიე, მაგრამ მოვითმინე. პატარა ნაჭერი სასასთან გავიჩერე და ნელ-ნელა ღეჭვას შევუდექი. ვერ გავუძელი, გავიქეცი და ზიზღისგან დაღმეჭილმა ნიჟარაში გადმოვაფურთხე. იქვე ჩამოვჯექი - ერთბაშად სინანულითა და სიძულვილით აღვივსე. მერე რომანტიკული სიკვდილი მომინდა, ზუსტად ისეთი თინეიჯერობის ასაკის შემდეგ რომ აღარ მინატრია. თვალწინ მთელი ჩემი ცხოვრება წარმომიდგა. სიცოცხლესა და არსებობაზე ზუსტად ისეთივე მელანქოლია დამეუფლა, როგორც მაშინ, სიუზან ბოროუდეილმა კინოში წამოსვლაზე უარი რომ მტკიცა.

მის მაგივრად კი ჩემი დაიკო გამომყვა, რადგანაც ძალიან შევეცოდე.

ეს ფიქრები პირში დარჩენილმა სასიამოვნო გემომ გამიფანტა. ნერწყვიც კი მომივიდა. ფეხით თუნუქის ქილა გამოვწიე და ისევ დავყნოსე.

- ამას ცოტა ნიორი და მწვანილი აკლია, თორემ ხორცის შესანიშნავი პასტილაა,  - გავიფიქრე.

საჭმელი სამზარეულოში გავიტანე და თეფშზე გადმოვიღე. სამი კბილი ნიორი გავარჩიე, დავჭყლიტე.

შავი პილპილი რამდენიმე სახის მწვანილთან ერთად დავნაყე და ყველაფერი ხორცს შევურიე. შემდეგ მთლიანად მათლაფაზე გადმოვიტანე, ჩანგლით გავალამაზე, გავასწორე, სამი ცალი დაფნის ფოთლით გავაფორმე და ზემოდან გამდნარი კარაქიც მოვასხი, რათა მაცივრიდან გამოღებისას ნამდვილ სეფე-კერძს  დამსგავსებოდა.

თხლად დაჭრილ, გაფიცხულ პურზე წასმული ეს ნაზავი რაღაც საოცრება იყო - სულიერი განცდის მსგავსი. ზუსტად ისეთი, მაშინ ერთი ნახვით შეყვარება რომ ვუწოდე - დიდი ხნის ძებნის შემდეგ სასურველს რომ პოულობ და მეცხრე ცაზე ხარ.

ჩემი ფირმიდან ვექილები კვლავ მაკითხავდნენ. თავს დამცირებულად ვგრძნობდი და ამის გამო საშინლად ვიტანჯებოდი, თუმცა ძველი მეგობრები კეთილსინდისიერად მომექცნენ, მხოლოდ ის ნივთები წაიღეს, რომლებიც დიდად არ მჭირდებოდა: უზარმაზარი, დასადგმელი საათი და ექსმეუღლის კუთვნილი თურქული ხალიჩა. ხელი არ ახლეს მაცივარს, გაზქურას, ხორცისგან მოსამზადებელი კერძების სარეცეპტო წიგნებს, ნივრის საჭყლეტებს, პილპილის საფქვავებს, ბალახ-ბულახსა და ფრანგული თუჯის ჭურჭელს.

საქმის ნახევრად კეთება ჩვევად არა მაქვს, ყოველთვის სრული კოლექციები მიზიდავდა.

ჩემს ახალ გატაცებას საოცრად გულმოდგინედ მოვეკიდე. რაც უფრო ძვირი იყო კატის საჭმელი, მით უკეთესი სადილი და ხორცის ღვეზელი გამომდიოდა (მართლა შესანიშნავად ვამზადებ, ცომის ფენებში დიდ დაშორებებს არასოდეს ვტოვებ, სხვები ხშირად ჟელატინით რომ ავსებენ ხოლმე). შედარებით იაფფასიანი კონსერვები, რომლებიც ძირითადად ბურღულზეა დამზადებული, ისეთი გემრიელი არ არის.

ხოლო თუ კვადრატებად დაჭრილ სოკოს ან ზეითუნის ზეთში მოხრაკულ ქათმის ღვიძლს ჩავუმატებთ, მაშინ ძალიან კარგი გამოდის. ინდაურის ღვიძლს საერთოდ არ ვიყენებ, რადგან ცოტათი მაგარია და უსიამოვნო გემოსაც ტოვებს. ის საჭმელები, რომლებიც თევზისგანაა დამზადებული, თითქმის არცერთი არ ვარგა - თინუსისა და ორაგულის გარდა.

მათ ყოველთვის თან ახლავს კატის საჭმლის თავისებური სუნი, რაც ჩემი აზრით, გამოწვეულია კონსერვანტების და არომატიზატორების ჭარბი გამოყენებით. კატის ნებისმიერი პატრონი დამეთანხმა, რომ ისინი ცხოველებისთვისაც შემაწუხებელია და უკურნებელ გალიტოზს იწვევენ.

აი, ასე ჩამაგდო კატის საკვებმა გაჭირვებაში და მანვე გამომიყვანა იქიდან. დავიწყე ადგილობრივი გასტრონომების მომარაგებით და როცა ასპროცენტიანი მოგება ვნახე, თვითონვე გაკვირვებული დავრჩი. ნელ-ნელა შესაძლებლობები გავაორმაგე


 კონსერვების ოხრახუშითა და ფორთოხლის თხელი ნაჭრებით გაფორმება შევისწავლე. ასევე დავხელოვნდი წიწაკისა და ასაფეტიდას გამოყენებაში. ამ სანელებელს კატის განავლის სუნი აქვს, მაგრამ ზოგ რეცეპტში ნივრის ფუნქციას ასრულებს, გემოთი კი პარმეზულ ყველს უახლოვდება, რომელიც, როგორც ყველამ იცის, ნარწყევის სუნით გამოირჩევა.

 

მიუხედავად ამისა, ხორცის ფარშს ძალიან უხდება.

 ასევე აღმოვაჩინე, რომ შვიდვარსკვლავიანი, ბერძნული ბრენდის დამატებით ნამდვილი შედევრი მიიღება. ამან კი ექსპერიმენტების ჩატარებისკენ მიბიძგა: ვაშლის ნორმანდიულ-ფრანგული ბრენდი, ირლანდიური ვისკი, ალუბლის უფერო ლიქიორი, გასკონური მუქი ბრენდი და აღმოსავლეთ ევროპისა თუ სკანდინავიის ყველა სახეობის უცნაური ლიქიორი ვცადე.

მაგრამ ის, რამაც ჩემს პროდუქტებს განსაკუთრებულობა შესძინა, ეტიკეტების ფრანგულ ენაზე დაბეჭდვა გახლდათ. ამან შანსი მომცა, ლონდონის მართლაც ძვირადღირებული დაწესებულებანი მომემარაგებინა. ბოლოს და ბოლოს,  Terrine de Lapin Wl Ail  უფრო დახვეწილად ჟღერდა, ვიდრე კურდღელი ნივრით.  შავი, ორნამენტული შრიფტით მშვენიერი ეტიკეტები დავაბეჭდინე.

მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოში მარტო ვმუშაობ, საკმაოდ მოვიკეთე და ბედსაც არ ვუჩივი.

ჩემს პროდუქტს მთელი ბრიტანეთის გასტრონომებსა და რესტორნებს ვაბარებ. რაც შეეხება საფრანგეთს, იქ მხოლოდ ერთ რესტორანს ვამარაგებ. ნაწარმმა, ხარისხის შესამოწმებლად, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ ჩატარებული ტესტიც გაიარა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემი ერთადერთი ჩავარდნა, იხვის ხორცისგან მომზადებული პასტილა გახლდათ, რომელშიც კატის საჭმელი არც კი გამომიყენებია.

ამჟამად ევროპის გარშემო ხშირად მიწევს მოგზაურობა. თან კატის საუკეთესო კონსერვებს დავეძებ ლამაზი ეტიკეტებით. ყოფილი ცოლიც ხშირად თან მახლავს, რომელიც წარმატების მიღწევის შემდეგ მაშინვე დამიბრუნდა.

ეტიკეტების მოძრობაში ისიც გავწვრთენი და ჩემს მარჯვენა ხელად ვაქციე. ღვიძლის მომზადების მეთოდი, მაგალითად, მთლიანად მას ეკუთვნის. მწვანილების მოშენებაც თავად იკისრა.

ახლახან ორი წერილი მივიღე, რომელთაც ძალზე გამამხიარულეს. ერთი მათგანი ქ. ბათიდან იყო - ქალი იწერებოდა, რომ ხორცისგან მომზადებული ჩემი კერძი მართლაც ღვთაებრივია  და თურმე მისი სპარსული ჯიშის ფისუნაც შესანიშნავად მიირთმევს. მეორე წერილს კაცი მწერდა, რომელიც ჩემი კონსერვების ეტიკეტებს აგროვებდა და მთხოვდა, მისთვის ადრინდელი თუ ახლანდელი ეტიკეტების ასლები გამეგზავნა.

მე კი შემდეგი მივწერე:

ძვირფასო სერ,

ჩვენი მენეჯერის სახელით დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და გარწმუნებთ, რომ თქვენმა წერილმა ძლიერ დაგვაინტერესა.

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მისთვის აღარც მიმიწერია და არც ეტიკეტები გამიგზავნია. სინდისი სულ არ მაწუხებს. კატის საკვებისაგან რაღაც უკეთესის დამზადება საკმაოდ ადვილია, მაგრამ ჩემი საჭმლის ასობით დაგროვილი ქილისგან ნეტავ რისი გაკეთება შეიძლება? ამ ამბავმა მთელი წყება ახალი დიზაინის ეტიკეტები დამაბეჭდინა მეორე მხარეს შეჯიბრების დეტალების აღწერით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ბერნიერსი ლუის დე / ეტიკეტები