ბლუმი ემი 

სიყვარული ღვეზელი არ არის

 

 

თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა

 

 

 

სპეციალობით ემი ბლუმი ფსიქოლოგია. ფაქიზი, დაფიქრებული, ტაქტიანი... ვისაც შეუძლია მოგის-მინოს, მაგრამ არ განგსაჯოს. ეს არა მხოლოდ ახალისახელია, ეს არის სრულიად ახალი ინტონაცია.

ემი ბლუმის პროზა მრავალი ლიტერატურულიპრემიით არის დაჯილდოებული. აქ წარმოდგენილი ორივე მოთხრობა შეტანილია მრავალ სხვადასხვა ანთოლოგიასა და კრებულში – «წლის საუკეთესო მოთხრობა» (1991–1992)

ემი ბლუმისადმი ინტერესი მხოლოდ მისი ნაწარმოებების თემატიკით არ არის განპირობებული – წერს საოცრად მსუბუქად, მისი სიტყვა არის არაჩვეულებრივად ტევადი, მსუბუქი ირონიით დაღდასმული.

დედის დაკრძალვის დღეებში პანაშვიდზე პირველად გავიფიქრე, ქორწილი ხომ არ ჩავშალო: არც ჯონ უესკოტია ქმრობისთვის დიდი ბედენა და ვერც ჩემი თავი წარმომიდგენია მის უესკოტის შემოთავაზებულ გრძელ საქორწილო კაბაში-მეთქი... მე და ჯონი ამ წლის შობა დღეს დავინიშნეთ. დედას უკვე მაშინაც აღარ ჰქონდა საამქვეყნო პირი, თუმცა მოსალოდნელზე ადრე, მაისში გარდაიცვალა. «დაგვტოვა უმშვენიერესმა სულმა, ადამიანმა, ვისაც დიდი სიხარული და ნუგეში მოჰქონდა მახლობლებისთვისო». – მღვდლის ამ სიტყვებზე ეკლესიის ცისფერ თაღს ავხედე და გავიფიქრე: დედა ალბათ არ მოისურვებდა, ცხოვრება ასეთი ადამიანის გვერდით გამეტარებინა-მეთქი. ჯონმა, რა თქმა უნდა, მკითხა, ჩამოსულიყო თუ არა ბოსტონიდან დაკრძალვაზე, რაზედაც უარი ვუთხარი და, ცხადია, არც ჩამოსულა –ჩემს დამოუკიდებლობას სცა პატივი, იმას კი ვერ მიხვდა, რომ ჩემი მწუხარებით, უბრალოდ, მის შეწუხებას მოვერიდე.

დაკრძალვის ცერემონიალის შემდეგ დედის ნეშტის პატარა ურნა შინ მივიტანეთ. სამძიმარზე საკმაოდ ბევრი ხალხი მოვიდა – მამის კოლეგები იურიდიული სკოლიდან, რამდენიმე მისი ყოფილი სტუდენტი, ბიძია სტივა თავის ახალ ცოლთან ერთად, ჩემი ბიძაშვილები, რომლებსაც მე და ლიზი ყოველთვის «ვინმე ნომერ პირველად» და «ვინმე ნომერ მეორედ» მოვიხსენიებდით. ჩვენი იმ დროის მეზობლები, რომლებიც ჩვენს ოჯახს უკვე მაშინ მეგობრობდნენ, როცა დედაჩემის ნაძერწ ქანდაკებას, ჯერ კიდევ გასავალი არ ჰქონდა. დედას ნავნობ-მეგობრები ხელოვანთა წრიდან, დედას დები, ჩემი სკოლის ამხანაგები, ჩემი საუკეთესო მეგობარი კოლეჯიდან, ლიზის მეგობრები და უამრავი ვიღაც, ვინც მე საერთოდ ვერ ვიცანი, ვინაიდან დიდი ხანია უკვე სახლში არ ვცხოვრობდი – ჯერ კიდევ კოლეჯში ვიყავი, მერე იურიდიულ სკოლაში.

სტუმრებს მე, მამა და ჩემი და ვიღებდით. მამა განურჩევლად ყველას გულში იხუტებდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, მხრებზე ხელს ურტყამდნენ თუ ხელს ართმევდნენ, ყველას თავის დათვურ ტორებში იმწყვდევდა. ვხედავდი, როგორ მოსწყდებოდა ხოლმე იატაკს იმ ადამიანის ფეხები, ვისაც იგი გულში იკრავდა. მე და ლიზის კი შეეძლოთ ისე მოგვქცეოდნენ, როგორც მოეპრიანებოდათ – ვინ მხრებზე გვიტყაპუნებდა, ვინ თავზე ხელს გვისვამდა, გუმში გვიკრავდა ან თვალებში მწუხარედ შემოგვცქეროდა.

მამას სწორედ ჩვენი დამლაგებელი, ქალბატონი ელისი ჰყავდა ლამის დახრჩობამდე ჩაბღუჯული, ხელში პატარა ჩემოდნით ბატონი დეკუევრო რომ შემოვიდა. მამამ ქალბატონი ელისი ლამის გააგდო ხელიდან, ბატონი დეკუევროსაკენ მტკიცე ნაბიჯით გასწია, ამოიიღლიავა და ორივენი კვნესა-ოხვრით ვალსის მოცეკვავეებივით აქანავდნენ. მე და ჩემი და დივანზე ჩამოვსხედით და თავითავსმიდებული ვუყურებდით, მამა თავისი მეგობრისა და ჩვენი დედის საყვარლის კეფას ცრემლით როგორ რწყავდა.

მე თერთმეტის ვიყავი, ლიზი – რვის. ეს ის ზაფხული იყო, ბატონი დეკუევრო და მისი რვა წლის გიზელა მენის შტატში, ჩვენს აგარაკზე რომ ჩამოვიდნენ. ლიზი მაშინ ჯერ ისევ ტიტლიკანა, საბანაო კოსტიუმის გარეშე დატანტალებდა. ეს პატარა აგარაკი მამასა და ბიძია სტივს თავისი მშობლების – სპენსერებისაგან ერგოთ. ივლისს ჩვენ ვატარებდით ამ სახლში, სექტემბერში კი ჩვენს ადგილას ბიძია სტივი იკავებდა მთელი თავისი ჯალაბობით. მამა ძმას ისევე ექცეოდა, როგორც ჩვენ ვექცეოდით ჩვენს ბიძაშვილებს, ამიტომაც ოჯახები მათი ჩამოსვლის მხოლოდ პირველ დღეს ხვდებოდა ერთმანეთს.

იმ წელიწადს ბატონი დეკუევრო ცოლის გარეშე თავის გოგონასთან ერთად სტუმრობდა – როგორც აგვიხსნეს, მის ცოლს თურმე სამშობლოში, არგენტინაში მოუწია გამგზავრება ავადმყოფი ნათესავის სანახავად, თუმცა ჩვენ ამას სულაც არ დავუმწუხრებივართ. ქალბატონი დეკუევრო ნამდვილი პროფესიონალი დედა გახლდათ, ამიტომაც როცა ის ჩვენთან იყო, მე და ჩემი და გუნებაზე ვერ ვიყავით. გინდა თუ არა ხილი უნდა გაგვერეცხა ჭამის წინ, სადილის შემდეგ დავწოლილიყავით და დაგვესვენა, გასაშავებლად ლოსიონი წაგვესვა და დილდილობით ჩვენი ლოგინები დაგველაგებინა. ცუდი ქალიაო – ვერ იტყოდი, ეგ არის, თავს გვაბეზრებდა, მაშინ როცა დედაჩვენის მიერ დადგენილი საზაფხულო წესები ძალზე მარტივი და იოლი გახლდათ – დამპალი და ჭიანი არაფერი გვეჭამა, მარტოს არ გვებანავა, რაც მთავარია, არ გაგვებედა და დედა რვა საათზე ადრე არ გაგვეღვიძებინა, თუ, რა თქმა უნდა, სისხლისაგან არ დავიცლებოდით ანდა სულაც სული არ გვძვრებოდა. ეს იყო და ეს. თუმცა ქალბატონი დეკუევრო სულ იმის ცდაში იყო, რაღაც დაემატებინა მისი ამ სიისათვის. დედა კი მუდამ მშვიდად და აუღელვებლად ექცეოდა – არც ეკამათებოდა, არც ცხოვრების ნირს იცვლიდა. აშკარად გვაგრძნობინებდა, რომ ისეთი პიროვნებისაგან, როგორიც ქალბატონი დეკუევრო ბრძანდებოდა, თავი თვითონ დაგვეცვა... გიზელა არქიტექტორის ინსტიტუტის მეორე კურსზე იყო, როცა ცოლ-ქმარი დეკუევროები გაიყარნენ.

მომხივბლელი, სანდო და თვინიერი გიზელა მე და ლიზის ძალიან გვიყვარდა, ზოგჯერ დავცინოდით კიდევაც, რის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გვიყვარდება, ვინაიდან თვით ჩემზედაც კი არასოდეს დაუჩივლია, ოჯახის მამაც ძალიან მოგვწონდა. ერთმანეთს დღესასწაულებსა და პიკნიკებზე ვხვდებოდით. არ მახსოვს, ბატონ დეკუევროს ჩვენზე უკბილოდ ეხუმროს როდისმე. პირიქით, სულ გვაქეზებდა, ქათინაურებით გვავსებდა და საუცხოო სუვენირებით გვანებივრებდა. როცა ჩემი კუდა ვარცხნილობა მომბეზრდა და თმის გაზრდა გადავწყვიტე, ბტონმა დეკუევრომ ვერცხლის სამაგრები მაჩუქა, ხოლო ლიზის, რომელიც სამი წლიდან სულმოუთქმელად კითხულობდა, ნამდვილი ტყავის ჩასანიშნი მოუტანა. მე და ლიზი საჩუქრებს რომ ვათვალიერებდით, დედა იქვე იდგა და ბატონი დეკუევროს ამ ხელგაშლილობაზე ეცინებოდა.

მახსოვს, გიზელა და მამამისი რომ ჩამოვიდნენ, ყველანი ვერანდაზე ვისხედით. მანქანიდან პიველი ბატონი დეკუევრო გადმოხტა. მოწაბლისფრო-მოოქროსფრო გრუზა თმა აყვავებულ ბაბუაწვერას მიუგავდა. ტანზე ყვითელი მაისური და ყავისფერი ჯინსის შარვალი ეცვა. გიზელა მამას გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა, ოღონდ თმა უკან ბუჩქად ჰქონდა შეკრული. მზისგან გარუჯულ სახეზე რამდენიმე ფუმფულა კულული ჩამოშლოდა. ის ორიოდე ნაბიჯი, რომელიც მათ ვერანდისაგან აშორებდა სწრაფად რომ გამოევლო, გიზელამ მამას ხელში ხელი ჩასჭიდა და მეც მაშინვე მისადმი გული სინაზით ამევსო – ჯერ ერთი, არ მალავდა, რომ მამა ძალიან უყვარდა, ისევე როგორც მე – მამაჩემი. მეორეც, არც იმას მალავდა, რომ ჩვენი, ცოტა არ იყოს, ეშინოდა, ანდა იქნებ სულაც მხოლოდ ჩემი? ლიზისი აბა ვის უნდა შეშინებოდა, როცა თავი სულ წიგნში ჰქონდა წარგული და არავის დასაშინებლად არ ეცალა.

დედა და მამა მათ შესახვედრად პარმაღიდან ჩამოვიდნენ. ვეება, წელზემოთ შიშველ მამას გვარიანად წამოზრდილ ღიპზე რეზინმოფამფალებული ლურჯი, გახუნებული შარვალი ჩასჩაჩოდა. დაჭორფლილი, ოფლით დაცვარული ზურგი ჩვეულებისამებრ ვარდისფრად  ულაპლაპებდა. საკმარიზია მზეზე გასულიყო, რომ მწითური თმა თავსა, მხრებსა და მკერდზე კიდევ უფრო ცეცხლისფრად აპრიალდებოდა. მამა ამაყობდა საკუთარი გვარის გენეალოგიით – სპენსერები ხომ ნახევრად ვიკინგები იყვნენ! დედას თავისი ჩვეული საზაფხულო სამოსი – შავი ზედა-ქვედა საბანაო კოსტიუმი ტანზე სულ შემოტმასნილი ჰქონდა და მის ბრტყელ მუცელსა და თანაბარ ნამზეურს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდიდა. შემდგომ და შემდგომ წლებში კანი თითქოს დამწვარი და დანაოჭებული უჩანდა, ხოლო საბანაო კოსტიუმი ზოგან მოსუსხული, ზოგან კი ტანზე მოშილიფებული ადგა. მაშინ იგი საოცრად ბევრს ეწეოდა, მერე გავიდოდა პარმაღზე და ახველებდა. მახსოვს იმ ზაფხულს საბანაო კოსტიუმი განსაკუთრებულად უხდებოდა. დედას ზოგჯერ ვერანდიდან გადმოხტომა უყვარდა. მამას მკლავებში რომ ჩაუვარდებოდა, მისი გრძელი, მშვენიერი თმა მამას მარაოსავით გადაეშლებოდა სახეზე, მერე დაატრიალებდა ხელში ატატებულს და იღიმებოდა და იღიმებოდა...

დედამ და მამამ ჯერ გადაჯოცნეს დეკუევრო და გიზელა, მერე დედამ ტილოს პატარა ჭრელ ჩანთას ხელი დაავლო, მამამ ჩემოდანი აიღი და სტუმრებს ორივენი სახლისკენ წამოუძღვნენ.

მე და ლიზის ჩვენი აგარაკი სასახლედ მიგვაჩნდა. ხშირად ამხანაგებს სიამაყით ვეპატიჟებოდით – არდადეგებს ქალაქგარეთ, ჩვენ სახლში ვატარებთ, ჩვენი მშობლები წინააღმდეგი თუ არ იქნებიან, გვესტუმრეთთქო. მოგვწონდა, სტუმრებს რომ ვეპატიჟებპდით, ვითომ ისე, სასხვათაშორისოდ რომ მოვიხსენებდით ჩვენს აგარაკს, თუმცა ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ იგი ნამდვილი ზღაპრული სასახლე იყო. ნაძვები და არყის ხეები ჩვენი სახლიდან წყლისპირამდე ჩადიოდა. გადაადგამდი რამდენიმე ნაბიჯს ხავსმოდებულ კენჭებზე და შეერეოდი წყლის სყნარად მოლივლივე ზედაპირს. ფიცრის პატარ-პატარა ხიდების ხიმინჯებს შორის ნაცრისფერი თევზები დასრიალებდნენ, ფეხებზე გველამუნებოდნენ. საკმარისი იყო ჩვენს ძველ, ცისფერ ნავში ჩავმსხდარიყავით, რომ ნიჩბის ყოველ მოსმაზე აქეთ-იქით გაშლიგინებულიყვნენ.

სახლი სამი საძინებლის, პატარა სამზარეულოსა და უზარმაზარი სასტუმო ოთახისაგან შედგემოდა, რომელსაც თითქმის სახლის ნახევარი ეკავა. უფროსების ორი საძინებელი მეტისმეტად პატარა იყო, თითო მოზრდილი ტახტის მეტი არაფერი ეტეოდა. მშობლების საძინებელში ტახტს ვარდებიანი ყვითელი გადასაფარებელი ეფარა, მეორე ოთახში – თეთრი, ცისფერზოლებიანი. ბავშვების საძინებელი გაცილებით ფართო იყო. სამივე ტახტს ფერად-ფერადი ბალიშებს ფიჭვისა და მარილის სუნი უდიოდა. თუმცა ჩემს ბალიშის ქვეშ ამას გარდა «მა გრიფის» სურნელიც სდიოდა, ვინაიდან ბალიშის ქვეშ დედას ზოგჯერ თავისი შარფის ამოდება სჩვეოდა. შხაპი ეზოში, მწვანე პოლიეთილენის ფარდის იქით იყო მოწყობილი, ჩვეულებრივი სააბაზანო ოთახი კი – მშობლების საძინებლის გვერდით.

ბატონი დეკუევრო და გიზელა ისე ბუნებრივად ჩაეწერნენ ჩვენს საზაფხულო ყოფაში, თითქოს მხოლოდ გასული ზაფხული კი არა, ყოველი წლის ყოველი ეს დრო ჩვენ გვერდით გაეტარებინათ. ზაფხულის ეს თვე ჩვენს მეხსიერებაში სიმშვიდისა და მადლით სავსე კეთილდღეობას განსახიერებად დარჩა. დილით ჩიტების სტვენა და ჭიკჭიკი გვაღვიძებდა. ავდგებოდით თუ არა, საუზმის თადარიგს ვიჭერდით. თუ ამ დროს მშობლები ფეხზე იყვნენ, მაშასადამე, ფაფა უკვე იხარშებოდა, თუ არადა, ან თითო ნაჭერ ღვეზელს მოვიჭრიდით, ან მუცელს ცივი სპაგეტით გამოვიტენიდით, ანდა სულაც ზეფირით ვკმაყოფილდებოდით. უფროსთაგან, როგორც წესი, პირველი დედა დგებოდა. დალევდა ერთ ჭიქა ყავას, თმას დაგვარცხნიდა, დაგვიწნავდა და თავისუფლები ვიყავით, რაც გვინდოდა იმას ვაკეთებდით და საითაც მოგვეპრიანებოდა, იქით გავრბოდით. «ექსპედიციაში» თუ წავიდოდით, დედა ზურგჩანთაში ჩაკეცილი სალდათური საბნის ზემოდან რაიმე ხილსა და უშველებელ ბუტერბროდებს დაგვიწყობდა, ხოლო როცა თავპირისმტვრევით საბანაოდ ტბისაკენ მივქროდით, იდგა ვერანდაზე და ხელს გვიქნევდა.

შინ მხოლოდ სადილობისას მოვდიოდით, რაც ხელთ მოგვხვდებოდა, ყველაფერს უსიტყვოდ ვნთქავდით და ისევ ტბაზე ან ტყეში გავრბოდით, ანდა სულაც მახლობელ ქალაქში მივდიოდით – იქნებ ქალაქელ გოგო-ბიჭებს ჩვენთან თამაში მოესურვებინათ. რას აკეთებდენნ მთელ დღეს უფროსები, წარმოდგენა არა მაქვს. ზოგჯერ ისინიც ტბაზე მიდიოდნენ საბანაოდ, ზოგჯერ დედას იმ ფარდულში ვხედავდი, სტუდიის მაგივრობას რომ უწევდა. მაგრამ ხუთი-ექვსი საათისათვის, როცა ჩვენი შინ მობრუნების დრო დგებოდა, უფროსები უკვე ვერანდაზე ისხდნენ და მშვიდი, ბედნიერი სახით ჯინს წრუპავდნენ.

ვახშმის შემდეგ მამები ჭურჭლის რეცხვას იწყებდნენ, დედა ვერანდაზე სიგარეტის მოსაწევად გადიოდა, მერე ჩააქრობდა სიგარეტს და ცეკვის დროც დგებოდა. მე, ლიზი და გიზელა წელში ვიგრიხებოდით, ვტოკავდით, ფეხებს ვაბაკუნებდით და დედას მთელი თავგამოდებით ვბაძავდით. მალე სასტუმრო ოთახის კარებში ლუდის ტოლჩებით მხრებზე ჭურჭლის ტილოგადაკიდებული მამები გამოჩნდნენ. როგორც წესი, დედა პირველად მამას მიუბრუნდებოდა:

– დენი, ვიცეკვოთ?

ამ სიტყვებით მხარზე ხელს დაადებდა, სახეგაბრწყინებული მამა ტილოს ბატონ დეკუევროს მიაჩეჩებდა, ლუდით სავსე ტოლჩას იატაკზე დადგამდა და ფეხების ფლატუნითა და მოუქნელი გრაციით ცეკვას იწყებდა. ზოგჯერ ხელებს ისე ააფართხუნებდა, უზარმაზარი თევსი ან დათვი გეგონებოდა. დედა კი – ოცნებაში წასული, თავით ფეხამდე მუსიკას მინდობილი ნაზად, მსუბუქად დასრიალებდა. მელოდიას მელოდია ცვლიდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, მამას საყვარელი ფეტს დომინოც უნდა ყოფილიყო. ცეკვავდნენ და ცეკვავდნენ ქანცის გაწყვეტამდე. ბოლოს მამაჩემი აქოშინებული ჩაეშვებოდა სავარძელში.

შუა ოთახში მარტო დარჩენილი, მუსიკის ტაქტს აყოლილი დედა კი იდგა ერთ ადგილას და ნელა ირწეოდა.

– გაუჩო, მეგობარო, ეცეკვე თორემ საცაა სისხლი ჩამექცევა, – მიუბრუნდა მამა ბატონ დეკუევროს.

ბატონი დეკუევროს ნამდვილი სახელი ბოლივარი იყო, რაც მე მხოლოდ დედის დაკრძალვის დღეს შევიტყვე ლიზისაგან. ჩვენ კი, იმიტომ რომ გაუჩოს დაძახება გვერიდებოდა, მუდამ ბატონ დეკუევროს ვეძახდით.

მამებმა აბაზანამდე მიგვაცილეს და წაგვჩურჩულეს – საპირფარეშოში შედით, დანარჩენ პროცედურებს კი მოეშვით, ხომ ხედავთ, სინათლე არ არისო. მერე დასაძინებლად წაგვიყავნეს და ძილის წინ ორივემ გვაკოცა. მამას ჩხვლეტია ულვაში ჰქონდა, ბატონი დეკუევროს უკვაში კი ნაზად, თითქმის შეუმჩნევლად გვეხებოდა. ერთი წუთის შემდეგ საძინებელში დედა შემოვიდა, ლოყა ლოყაზე მომადო და მომეფერა. ისეთი ნაზი და თბილი ლოყა ჰქონდა, ხავერდის ბალიში გეგონებოდა.

როცა გავიღვიძე, ჯერ ისევ ბნელოდა. წვიმას გადაეღო და დენიც უკვე მოსულიყო, დერეფანში ნათურა ბრდღვიალებდა. ეტყობა, ენის მოსვლა ვერავინ გაიგო, არადა, დენს ხომ დაზოგვა და გაფრთხილება უნდა-მეთქი. – ლოგინიდან დაბრძენებული ქალივით წამოვდექი, მთელ სახლს ჩამოვუარე და სინათლე ყველგან ჩავაქრე.

აბაზანასთან რომ მივედი, უცებ მუცლის ტკივილი ვიგრძენი და ალბათ ბევრი ბატიბუტი ვჭამე-მეთქი, – გავიფიქრე. მერე კარგა დიდხანს ვიჯექი ტუალეტში და ვუყურებდი, კედელზე ყავისფერი ობობა როგორ მიცოცავდა. ობობა რამდენჯერმე ჩამოვაგდე, ის კი ისევ პირსაწმენდისაკენ მიიწევდა. მართალია მუცელი ისე აღარ მტკიოდა, მაგრამ გადავწყვიტე დედა გამეღვიძებინა. ვიცოდი, მამა გაცილებით მეტი თანაგრძნობით მომეკიდებოდა, მაგრამ ისეთი ღრმა ძილი სჩვეოდა, ვიდრე იმას გავაღვიძებდი, დედას ხალათი უკვე ჩაცმული ექნებოდა და მუცელსაც ალერსიანად დამიზელდა, თუმცა არა ისეთი თანაგრძნობით, როგორც ამას მოულოდნელი ავადმყოფობის მსხვერპლი მოისურვებდა.

დერეფანში სინათლე ისევ ავანთე და მშობლების საძინებლისაკენ გავწიე. საძინებლის კარს ხელი ვკარი და იმ მხარეს გავიხედე, სადაც დედა იწვა. როგორც ყოველთვის, დედას მამაჩემის ზურგზე აკრულს ეძინა. ასევე დედის ზურგზე აკრულს ეძინა ბატონ დეკუევროსაც. მისი ხალი ზელი საბნის ზემოდან ესვენა, მეორე ხელი კი დედაჩემის თმაზე ედო.

ცოტა  ხანს შევჩერდი და ოთახიდან უკან-უკან გამოვედი. უფროსებიდან არავინ შერხეულა, სამივენი ღრმად, ხმაშეწყობით სუნთქავდნენ. რა ვნახე, რა იყო ეს? მინდოდა ისევ შევსულიყავი, ერთხელ კიდევ შემეხედა, იქნებ გამქრალიყო ზმანება, ან იქნებ იმდენ ხანს მეცქირა, ვიდრე რაღაცას მივხვდებოდი და გავერკვეოდი.

მუცლის ტკივილი აღარ გამხსენებია, ლოგინში შევძვერი და ლიზისა და გიზელას გადავხედე – ჩემ მიერ ამ წუთას დანახული ორი მამაკაცის პირწავარდნილ ასლსა და ალიკვალს. მათაც ისევე ღრმად ეძინათ, როგორც დედას, მამას და დეკუევროს. იქნებ ბატონ დეკუევროსაც საწოლი ისე ჩაენგრა, როგორც ჩვენ ჩაგვენგრა ორი წლის წინ? იქნებ წვიმა ჩამოვიდა და ლოგინი დაუსველა? არა, ალბათ ვეღარ დავიძინებ, თვალსაც ვეღარ მოვხუჭავ-მეთქი... მაგრამ მერე უკვე დილა მახსოვს: ისევ წვიმდა. ლიზი და გიზელა დედას კინოში წაყვანას სთხოვდნენ. დედას მართლაც «მუსიკის ჰანგების» სანახავად მივყავართ, მას ხომ მეზობელ ქალაქში მთელი წელიწადი ზედიზედ უჩვენებდნენ!

იმ ზაფხულს მნიშვნელოვანი მეტი არაფერი მომხდარა. ჩემს მეხსიერებაში ის ყველაფერი ერთ უწყვეტ სურათად შერწყმული დარჩა: თევზის ჭერა, ბანაობა თუ ნავით სეირნობა ღია ტბაში. დეკუევროები რომ მიემგზავრებოდნენ, გიზელას გადავეხვიე. ბატონი დეკუევროსაკენ კი გახედვაც არ მინდოდა, მაგრამ დაიხარა და ყურში ჩუმად წამჩურჩულა:

– მომავალ წელს ძრავიან ნავს ჩამოვიტან და გასწავლი, წყლის თხილამურებით როგორ ისრიალო.

ამ სიტყვების შემდეგ მაგრად, მაგრად ჩავეკარი, დედამ კი, თითქოს მლოცავსო, თავზე ხელისგული დამადო.

მომდევნო ზაფხულს მთელი ივნისი ბანაკში ვიყავი და დეკუევროებს არ შევხვედრივარ, თუმცა მათ ის ზაფხულიც ჩვენს აგარაკზე გაატარეს. მერე ორი ზაფხული ზედიზედ გამოტოვეს. ამის შემდეგ გიზელა, ლიზი და მე ერთად გაგვაგზავნეს ნიუ-გემფშირის ბანაკში, უფროსებმა კი ერთი კვირა ერთად გაატარეს იქვე მახლობლად მდებარე აგარაკზე. ამის შემდეგ ერთხელაც მამამ უცებ გამოაცხადა – ელვირა დეკუევროსთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება აღარ შემიძლია, ან ის მომიღებს ბოლოს, ან არადა, მოვკლავო, რაზედაც დედამ მშვიდად უპასუხა, არც ისე ცუდი ქალიაო. მას აქეთ ჩვენ თითქმის იშვიათად ვხვდებოდით. ბატონი დეკუევრო და გიზელა ერთხელ ჩემს გამოსაშვებ საღამოზე ჩამოვიდნენ, მერე დედას ჰქონდა ბოსტონში გამოფენა, მერე მამას ორმოცდაათი წლისთავზე გვეწვივნენ, მერე ლიზის გამოსაშვები საღამო იყო. გარდა ამისა, დედას ხშირ-ხშირად უწევდა ნიუ-იორკში ყოფნა და ყოველთვის მათთან ვახშმობდა, ხოლო თუ რაიმე მიზეზის გამო გეგმა შეეცვლებოდა, ვახშამს სადილით ცვლიდა.

დაკრძალვაზე გიზელამ ჩამოსვლა ვერ მოასწრო. იმ წელიწადს იგი არგენტინაში ცხოვრობდა და პაპამისის მიერ დაარსებულ არქიტექტურულ ფირმაში მუშაობდა...

სამძიმარზე მოსული ხალხი რომ წავიდ-წამოვიდა, ბატონმა დეკუევრომ გიზელას წერილი გადმოგვცა. ძალზე თბილი წერილი იყო. შიგ კალმითა და ტუშით შესრულებული დედაჩემის პორტრეტი იდო. მამა და დეკუევრო ერთ ბოთლ შოტლანდიურ ვისკს მიუსხდნენ, მე და ჩემი და აღარც კი გავხსენებივართ – ბილი ჰოლიდეის ფირფიტა ჩართეს და მისი ხავერდოვანი სიმღერის ხმაზე ვისკს დამწუხრებულები შეექცეოდნენ. სტუმრების მიერ მორთმეული ტკბილეულის საჭმელად მე და ლიზი სამზარეულოში შევედით. მაგიდაზე. ათასნაირი ტკბილეული იყო გაშლილი – სახლში გამომცხვარი კვერები, სტრუდელი, კარტოფილის ტკბილი ღვეზელი და მისის ელისის შოკოლადის სუფლიანი ტორტი... მაგიდასთან დავსხედით წინ თეფშები დავიწყეთ და ფინჯნებში რძე დავისხით.

– იცი, – ჩაილაპარაკა პირგამოტენილმა ლიზიმ, – მთელი ამ აპრილის მანძილზე, რაც შინ ჩამოვედი, ყოველდღე რეკავდა, – თქვა და თავი სასტუმრო ოთახისკენ გააქნია.

ვერ მივხვდი, იწონებდა თუ კიცხავდა მის საქციელს. ამის თაობაზე არც მა გამაჩნდა ჩემი აზრი.

– დედა ახლა ბოლივარს ეძახდა, – თქვა ლიზიმ.

– რა?! ჩვენ კი გაუჩოს დაძახებისა გვრცხვენოდა და არ ვიცოდით როგორ მიგვემართა.

– ჰო, მაგრამ, ამ გაზაფხულზე სულ ბოლივარს ეძახდა. იცი, ელ, დედა ყოველდღე ელაპარაკებოდა და ბოლივარს ეძახდა.

ლიზის სახეზე ცრემლი ნაკადად სდიოდა. დედა ახლა ძალიან, ძალიან გვაკლდა და გვენატრებოდა. გადაუსვამდა ლიზის რბილ, ფაფუკ თმაზე ხელს და ნებას არ მისცემდა, ასე ცრემლად დაღვრილიყო. მაგიდას გადავწვდი და ლიზის ხელი ხელში ავიღე. მეორე ხელში კვლავ ჩანგალი მეჭირა. უცებ მომეჩვენა, რომ დედა მომჩერებოდა ღიმილით, ოდნავ თვალებმოჭუტული. ასე მაშინ მიყურებდა, რაიმეზე რომ გავჯიუტდებოდი და რაღაცას არ დავუჯერებდი. ჩანგალი დავდე, ლიზისთან მივედი და გულში ჩავიკარი. ლიზი ისე ღონემიხდილი მომეხუტა, თითქოს სხეულში ძვლის ნატამალიც არ ჰქონდა.

– მესამედ რომ დარეკა, დედას მოურიდებლად ვკითხე, – წარმოთქვა ჩემს მხარზე თავჩარგულმა.

– მერედა რაო, რა გითხრა? – ლიზის პასუხი რომ გამეგო, ოდნავ განზე გავიწიე.

– მითხრა, რა თქმა უნდა, ყოველთვის შუადღისას რეკავს, იცის, ამ დროს ცოტა უფრო ღონიერად ვარო... მე კი ვუთხარი, ამას არ გეკითხები, არ ვიცოდი, ასე ახლოს თუ იყავით-მეთქი.

– პირდაპირ ეგრევე უთხარი?

– ჰო. იმან კი – ძვირფასო, მე ისე არავის ვყვარებივარ, როგორც ბოლივარსო. დავიბენი, გაოგნებული ვიჯექი და ვფიქრობდი, მსურდა კი ამის გაგება? მერე დედამ დაიძინა.

– შენ? შენ რაღა იფიქრე?

– არ ვიცი, მინდოდა ერთხელ კიდევ მეკითხა, თუმცა...

– დიდი უცნაური ვინმე ხარ, ლიზი! – თავი ვეღარ შევიკავე. მართლაც რომ უცნაური ვინმეა ეს ჩემი დაიკო. ვითომ წყნარია და ჩუმჩუმელა, უცებ კი ისეთ რამეს დააბრეხვებს, ან ისეთ გარემოს შექმნის, მე რომ ვერც კი წარმოვიდგენ.

– თუმცა კითხვა აღარ დამჭირებია, მეორე დღეს, მისი დარეკვის შემდეგ, თვითონვე წამოიწყო... ისეთი ქანცგაცლილი იყო, სისუსტისაგან ოფლში ისე იყო გახვითქული, ყურმილი ძლივს ეჭირა. მიუხედავად ამისა, მაინც იღიმებოდა. მერე ბაღში ჯუჯა ვაშლის ხეებს გახედა: «ბოლივარი რომ გავიცანი, ვაშლები ყვაოდა. უნდოდა ბაღში ამ ადგილას ერთი დიდი ქანდაკება დაედგა და მთხოვა, ხეები ძირფესვიანად მოვთხაროთო. ბუნებასთან გაჯიბრება სხვა არაფერია, თუ არა მეტისმეტი თავდაჯერება-მეთქი. მაშინ შემომთავაზა სხვა ადგილას გადაგვერგო ხეები. ბოლოს როგორც იქნა, დავთანხმდი, მან კი მკითხა – განა ასე ცუდია თავდაჯერებაო? მამა რომ გაიცნო, ვისკი ერთად დალიეს და ფეხბურთის საყურებლად დასხდნენ. მე ვახშამი მოვამზადე. მერე ორივემ ჭურჭელი დარეცხა. აი, ისე, როგორც აგარაკზე, ხომ გახსოვს? როცა ისიცა და თქვენც ყველანი ჩემს გვერდით იყავით, მე კი ნეტარების ზღვაში ვცურავდი».

– ნეტარებისო, ასე გითხრა? ეს დედას სიტყვებია?

– ჰო, ელენ... ღმერთო ჩემო, ნუთუ გგონია, სიკვდილის სარეცელზე მწოლიარეს რაღაც საინტერესო გამონათქვამებს მივაწერდი?

– მაპატიე.

– მოკლედ, საუბარს შევყევით და... გადავწყვიტე დამეზუსტებინა, კერძოდ, რაზე იყო საუბარი – ჩვეულებრივ მეგობრობასა თუ უფრო მეტ სიახლოვეზე. დედამ გაიცინა და ისე შემომხედა, როგორც ჩვენი ბავშვობის დროს იცოდა, როცა ვიტყუებოდით, ამხანაგთან მივდივართო, სინამდვილეში კი რაღაც ჯოჯოხეთური სასმელი უნდა გაგვესინჯა ან სილის კარიერი გვეთხარა.

ჰოდა, ზუსტად ისე შემომხედა, როგორც მაშინ და ხელზე ხელი მომკიდა. ისეთი სიფრიფანა და მსუბუქი ხელი ჰქონდა, ბუმბული გეგონებოდა. ელ, ასე მითხრა, ჩვენ სამივეს ერთმანეთი გვიყვარს, ორივე გასაოცარი მამაკაცია, ორივე თავისებურად არაჩვეულებრივი, სიყვარულს ორივე იმსახურებს და ორივე სწორედ ისეთია კარგი, როგორიც არისო. მამაზე ასე თქვა,  ქვეყნად ყველაზე საუკეთესო ქმარია, მასზე უკეთესს ქალი ვერც ინატრებს, ბედნიერი ვარ, ჩემი შვილების მამა სწორე დეს კაცი რომ არისო. მაშინ მე ვკითხე, როგორ შეგიძლია ორივე ერთდროულად გიყვარდეს, ან ისინი ამას როგორ ითმენენ-მეთქი? მან კი ასე მიპასუხა – «ძვირფასო, სიყვარული ღვეზელი არ არის, ნაჭერ-ნაჭერ არ იჭრება, მე შენც მიყვარხარ და ელენიც. მართალია ორივენი სხვადასხვაგვარად, მაგრამ მთელი გულითა და სულით, ვინაიდან ორივენი ძალზე სხვადასხვანაირები ხართ, საუცხოო, მაგრამ სრულიად სხვადასხვა. გოდა, მეც თვითეული თქვენთაგანის გვერდით სრულიად სხვა ვხდები. თქვენ ორში ვერც ერთს ვერ გამოგარჩევთ, ჩემთვის ორივენი ერთნი ხართ. ასე ვარ მამასა და ბოლივარის მიმართაც. ხალხს ჰგონია, რომ ეს შეუძლებელია, რომ ეს ასე არ ხდება... სინამდვილეში კი ხდება... უბრალოდ, უნდა უოივი, უნდა მიაგნო ასეთ კაცს», – თქვა, თვალები დახუჭა და დღის ბოლომდე აღარ გაუხელია... რა იყო, ასე რად გაოცდი?

– ღმერთო ჩემო, მაშასადამე, მართალია... მე ხომ ეს ვიცოდი...

– იცოდი? იცოდი და არაფერი მითხარი?

– ლიზი, მაშინ შენ რვა წლისა იყავი, დიდი-დიდი ცხრის! როგორ უნდა მეთქვა? მეც კი ხეირიანად არაფერი მესმოდა.

– ვიცოდიო! მაინც რა იცოდი? – მკითხა მკაცრად ლიზიმ.

აბა როგორ მეთქვა, სამივე ერთ ლოგინში რომ ვნახე? იქნებ ამის თქმა ჯობდა, ბატონ დეკუევროსთან დედას რომანი მამის ნებართვით ჰქონდა-მეთქი. მაგრამ, როგორ მეთქვა, რა სიტყვები შემერჩია? ვიჯექი დაბნეული და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ბოლოს ავდექი და უბრალოდ ვუთხარი:

– ერთ ღამეს, როცა ჩვენ უკვე დაწოლილები ვიყავით, დედა და ბატონი დეკუევრო ერთმანეთს ჰკოცნიდნენ.

– მერედა, მამა? მამა სადღა იყო?

– არ ვიცი, მაგრამ, სადაც არ უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მამამ ეს იცოდა, დედამაც ხომ ასე გითხრა, მამამ იცოდა და წინააღმდეგი არ იყოო...

– ჰო, რა თქმა უნდა... ღმერთო ჩემო...

მე ისევ დავჯექი. ჭამა თითქმის დამთავრებული გვქონდა, სამზარეულოში კაცები რომ შემოვიდნენ. ორივე საკმაოდ ნასვამი იყო, მაგრამ სიმთვრალე თითქმის არ ეტყობოდათ. ესაა ოდნავ არეული სახეები ჰქონდათ. კაცმა რომ თქვას, ალბათ არც ჩვენ გამოვიყურებოდით დამშვიდებული – ვისხედით ტირილისაგან თვალებდასიებულ-დაწითლებული და წინ საჭმლის ნარჩენების გროვა გვედგა.

– ნახე რა ლამაზები არიან! – უთხრა მამას ბატონმა დეკუევრომ, ოდნავი ბანცალით კარის ზღურბლზე რომ გადმოვიდნენ.

– რა თქმა უნდა, ლამაზები და თან ძალიან ჭკვიანებიც.

აღარ და აღარ დაამთავრა მამამ ჩვენს არაჩვეულებრივ ჭკუასა და გონიერებაზე ლაპარაკი. მე და ლიზი შეცბუნებულები, თუმცა შექებით მაინც ნასიამოვნები ვიყავით.

– ელენს სულ ლაილას ტუჩ-პირი აქვს... – თქვა ბატონმა დეკუევრომ და მე მომიბრუნდა, – ზუსტად ისეთი ტუჩ-პირი გაქვს, როგორც დედას, მარჯვენა კუთხე მარცხენაზე ოდნავ აწეული. რომ იტყვიან, ნამდვილი სრულყოფილების ნიმუში.

მამამ თანხმობის ნიშნად თავი ისე დაუქნია, თითქოს ასეთი უდავო ჭეშმარიტება დღემდე არავის წამოსცდენოდეს. მერე ლიზის მიუბრუნდა:

– შენ კი სულ დედაშენის თვალები გამოგყვა. იმ დღეს, შენ რომ დაიბადე, თვალებში ჩაგხედე და გავიფიქრე, – ღმერთო, დიდებულო, ამ ბავშვს სულ ლაილას თვალები აქვს, ოღონდ ლურჯი კი არა, მწვანე-მეთქი.

დასტურის ნიშნად, რა თქმა უნდა, ბატონმა დეკუევრომაც თავი დაუქნია.

გარეგანი ორგანოებიდან ახლა ალბათ შინაგანზე გადავლენ-მეთქი, – გავიფიქრე.

მაგრამ მამა მაგიდასთან მოვიდა და მხარზე ხელი დაგვადო:

– გოგოებო, თქვენს დედიკოს თქვენ უსაზღვრო ბედნიერება მიანიჭეთ. არც ერთი თავისი ქმნილებით ის ეარ უამაყია, როგორც თქვენით, თქვენსავით არაფერი ახარებდა. დარწმუნებული იყო, ორივენი ყველასაგან განსხვავებული და განსაკუთრებულნი იყავით... – თქვა მამამ და ატირდა. ბატონმა დეკუევრომაც მხრებზე ხელი მომხვია და ახლა თვითონ განაგრძო:

– დიახ, განსაკუთრებულნი და განუმეორებელნი. სტუდიაშიც მხოლოდ თქვენი პორტრეტები ეკიდა. მერწმუნეთ, იცოდა, რომ ყველანი დავმწუხრდებოდით, გავწამდებოდით, მაგრამ Aარ უნდოდა სიხარული დაგვიწყებოდათ, პირიქით, უნდოდა ყველაფერს გაეხარებინა თქვენი გული. – გემრიელ საჭმელს, ღვინოს, ყოველ ალიონს, კოცნას... – და ისიც ატირდა.

– გოგოებო, ჩვენ ახლა წამოვწვებით და როცა ავდგებით, სადმე სავახშმოდ წაგიყვანთ. – სხველი ბაგით მამამ ლოყაზე გვაკოცა და ორივენი საძინებლისაკენ წავიდნენ.

მე და ლიზიმ ერთმანეთს გადავხედეთ.

– გინდა დავლიოთ? – შევთავაზე ლიზის.

– არა, არ მინდა. მარტო დარჩენა თუ არ გეზარება, წავალ, მე წამოვწვები.

ისეთი სახე ჰქონდა, იფიქრებდი, ზეზეულად სძინავსო. ლიზისათვის უარი არ მითქვამს. სულერთია მე მაინც ჯონისთვის უნდა დამერეკა.

ლიზი მოვიდა, მაგრად, ძალიან მაგრად მომეხვია, მეც გულში ჩავიკარი და თმიდან შოკოლადის ნაფხვენები ჩამოვფერთხე.

ვიჯექი მარტო სამზარეულოში და ჯონიზე ვფიქრობდი... ვფიქრობდი, როგორ მოვუყვებოდი დედაჩემის ამბავს, მის სიყვარულს, იმას, თუ როგორ იწვა ორ მამაკაცს შორის ცოლქმრულ სარეცელზე და აშკარად ვხედავდი, ჯონი პირში წყალს როგორ ჩაიგუბებდა, როგორ გაიფიქრებდა, რახან ცოლს ნებას აძლევდა, სხვა კაცთან წოლილიყო, ესე იყი, არ უყვარდაო. დედაზე კი – რახან ქმარი აიძულა «საკუთარ ჭერქვეშ» Eეს გარყვნილება ეთმინა, გამოდის რომ წმინდაწყლის ძუკნა იყო... მარტო გაიფიქრებდა კი არა, შეიძლება ხმამაღლაც ეთქვა. არა, უსათუოდ უნდა დავურეკო, ვიდრე საბოლოოდ არ გავბრაზებულვარ იმ სიტყვების გამო, რაც მას არ წარმოუთქვამს, უნდა დავრეკო... თორემ ლიზი, როგორც ყოველთქვის, ვიცი, გუნებაში იფიქრებს, ტყუილად ატეხა ერთი ამბავიო.

ნომერი ავკრიფე. ჯონი ძალიან თბილად შემხვდა, საოცრად კარგი და საყვარელი იყო – თავს როგორ გრძნობ, პანაშვიდმა როგორ ჩაიარა, მამა რას შვრება, თავი როგორ უჭირავსო. მე ყველა მის შეკითხვას ვუპასუხე, მაგრამ მივხვდი, რომ სხვას ვეღარაფერს მოვუყვებოდი... და რომ ცოლად ვერასოდეს გავყვებოდი იმ კაცს, ვისაც სხვას ვეღარაფერს მოვუყვებოდი».

– ელენ, ძვირფასო, – თქვა ჯონმა, – მთელი სულითა და გულით გითანაგრძობ, ვიცი, როგორი გამწარებული იქნები. დღეს ხომ შენთვის ასეთი სამწუხარო დღეა.

რა თქმა უნდა, ჯონმა ის თქვა და ის სიტყვები შეარჩია, რაც სრულიად შეეფერებოდა ვითარებას – მართალი და მართებული სიტყვები. მაგრამ ამ სიტყვებმა ყური მომჭრა, ვინაიდან იმ ოჯახის შვილი ვიყავი, წესსა და კანონს დიდად რომ არ დაგიდევდა და არც თავად ვიყავი მზად წესებითა და კანონებით ცხოვრებისათვის.

ჯონის გულისტკენა არ მინდოდა, არავითარი სურვილი არ მქონდა, მეწყენინებინა, მაგრამ მხოლოდ ამის გამო ცოლად ნამდვილად ვერ გავყვებოდი.

– ჯონ, ყველაზე სამწუხარო ე სკი არა, ის არის, რომ შენი ცოლი ვერ გავხდები, არ შემიძლია. ვიცი, ტელეფონით ეს ძნელი მოსასმენია, მაგრამ... – ამ სიტყვებზე ხმა ჩამიწყდა, აღარ ვიცოდი, რა მეთქვა.

– ელენ, ბოსტონში რომ დაბრუნდები, მოდი მაშინ მოვილაპარაკოთ. ვიცი, ახლა ძალიან შეწუხებული ხარ და ძალიან გიმძიმს... იქნებ დედაჩემსა და შენ შორის მოხდა რაიმე? ნუ ღელავ, ჩამოხვალ და ყველაფერს მოვაგვარებთ.

– შენ გგონია, დედას სიკვდილის გამო გადავიფიქრე? ისე, სიმართლე რომ ითქვას, ასედაცაა, მაგრამ... არა, იმიტომ კი არა... არა, ჯონ, შენ ამას ვერ გაიგებ... ვერც დედაშენის ნაყიდ კაბას ჩავიცმევ და ვერც ცოლად გამოგყვები... მაპატიე.

ჯონი დიდხანს დუმდა და ბოლოს მითხრა:

– ელენ, ეს შეუძლებელია. უკე მოსაწვევებიც შევუკვეთეთ!

და აი, უცებ დავრწმუნდი, რომ სწორედ მოვიქეცი. ჯონს რომ ეთქვა – ეშმაკმა დალახვროს, მოვდივარ, საღამოზე მანდ ვიქნებიო, ანდა სულაც – რა სისულელეს ლაპარაკობ, რაც უნდა მოხდეს, მაინც შეგირთავო – იქნებ დავთანხმებულიყავი, უარი იქნებ გადამეფიქრებინა, მაგრამ ჯონმა სწორედ ის თქვა, რაც თქვა... რა უნდა მექნა, ჩუმად გამოვემშვიდობე და ყურმილი დავკიდე.

ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მარტო დედა კი არა, ორი ადამიანი დამესაფლავებინოს. ვიჯექი და ტორტს პატარ-პატარა ნაჭრებს ვაჭრიდი და გვერდზე ვაწვენდი. დედას რომ დავენახე, ალბათ სასეირნოდ გამიშვებდა. ის იყო მაგიდის ალაგება დავიწყე, რომ მამა და ბატონი დეკუევრო გამოჩნდნენ. ორივენი დამშვიდებულები მეჩვენნენ.

– ელ, რას იტყვი, რომიანი ვისკი ხომ  არ დაგველია? – იკითხა მამამ.

– ჰო, თუ წინააღმდეგი არ იქნები... – დასძინა ბატონმა დეკუევრომაც.

– არა, არ ვიქნები... ეს-ესაა ჯონ უესკოტს უარი ვუთხარი.

– ჰოო? – თუმცა, რომელმა წარმოთქვა ეს თავაზიანი «ჰოო» – არ ვიცი.

– ერთმანეთს ბედნიერებას ვერ მოვუტანთ-მეთქი.

–  მეც სწორედ ამის თქმას ვაპირებდი, – თქვა მამამ და ხელი გადამხვია: – ძვირფასო, ვიცი, ეს ადვილი არ არის, მაგრამ სწორედ მოიქეცი, დედა დარწმუნებული იყო, იმ ტიპს ცოლად არ გაჰყვებოდი. – მერე ბატონ დეკუევროს მიუბრუნდა: – წარმოგიდგენია, ლაილას თითქოს სარკეში ჩაეხედოს.

– ასეა, დენი, ასე. ის ყოველთვის მართალი იყო. – დაუდასტურა დეკუევრომ.

– ჰო, თითქმის ყოველთვის... – თქვა მამამ, რაზედაც ორივემ ისე ჩაიცინა, თითქოს ეს მხოლოდ მათთვის იყო გასაგები. მერე ერთმანეთს ხელი ძველი ბოქსიორებივით ჩამოართვეს.

მამა სკამის ზურგზე გადაწვა.

– კარგი, შენი დარიგების ჯერია.

– პენი ვითამაშოთ... ქულას გაძლევ, – თქვა დეკუევრომ.

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ბლუმი ემი / სიყვარული ღვეზელი არ არის