ბორხერტი ვოლფგანგ 

იესო ჩვენთან აღარაა

 

 

თარგმანი გერმანულიდან – მაია გამეზარდაშვილი.

 

ის მოუხერხებლად იწვა ბრტყელ საფლავში. სამარე როგორც ყოველთვის საკმაოდ ვიწრო იყო, ისეთი ვიწრო, რომ მუხლებმოხრილი იწვა. ყინულივით სიცივეს ზურგში ისე გრძნობდა, როგორც სიკვდილის მოახლოებას. აღმოაჩინა რომ ცა ძალიან შორს იყო, ისე საშინლად შორს, რომ ვერავინ იტყოდა: ლამაზი ცაა ან კარგი ცაა. მიწიდან საშინლად შორს იყო, უშურველად დახარჯული სილურჯეც კი ვერ ამცირებდა მანძილს და მიწა იყო ისე არამიწიერად ცივი და უდრეკი, ყინულივით გამაგრებული, რომ ძალიან მოუხერხებლად იწვნენ დაბალ, ბრტყელ საფლავში. ასე მოუხერხებლად უნდა იწვნენ მთელი ცხოვრება? აჰ, არა,მთელი სიკვდილიც კი! ეს კი ბევრად დიდხანს გრძელდებოდა.

 

საფლავის ნაპირას ორი თავი გამოჩნდა.

 

– აბა, გამოდგება, იესო? შეეკითხა ერთი-ერთი თავი, თან პირიდან ბამბასავით თეთრ ორთქლის ბურთებს უშვებდა. იესომ ცხვირის ნესტოებიდან ორი წვრილი ისეთივე ორთქლის თეთრი სვეტები გამოუშვა და დაეთანხმა. გამოდგება. თავები ციდან გაუჩინარდნენ. როგორც ლაქები უცბად გაქრნენ, უკვალოდ. მხოლოდ ცა იყო ისევ იქ თავის საშინელი სიშორით.

 

იესო წამოჯდა და მისი სხეულის ზედა ნაწილი საფლავიდან წამოიმართა. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს მუცლამდე დამარხული ყოფილიყოს, მერე მარცხენა ხელით საფლავის კიდეს დაეყრდნო და ადგა. იდგა საფლავში და ნაღვლიანად უყურებდა მარცხენა ხელს.

 

ადგომის დროს ახლად დაკერებული ხელთათმანი შუათითზე კვლავ დახეულიყო. იქიდან გაყინული წითელი თითისწვერი მოჩანდა. იესომ შეხედა თავის ხელთათმანს და დანაღვლიანდა. ის იდგა დაბალ, ბრტყელ საფლავში, თბილ ორთქლს უბერავდა ფერდაკარგულ გაყინულ თითებს და ჩუმად ამბობდა, მე თქვენთან აღარ მინდა.

 

– რა მოხდა, მიაშტერდა იმ ორიდან ერთ-ერთი, რომლებიც საფლავში იყურებოდნენ. – მე თქვენთან აღარ ვარ, თქვა იესომ კიდევ ერთხელ ისევ ისე ჩუმად და შიშველი, ცივი შუათითი პირში ჩაიდო.

 

– გაიგონეთ, პოლკოვნიკო, იესოს ჩვენთან აღარ უნდა. მეორემ, პოლკოვნიკმა მჭიდში ასაფეთქებლები გადათვალა და დაიღრინა: – რატომ?, თან პირიდან იესოსკენ ნოტიო ორთქლი დაუბერა. – ჰა, რატომ?

 

– არა, თქვა იესომ ისევ ისე ჩუმად. მე მეტი აღარ შემიძლია.

 

იდგა საფლავში და თვალები დაეხუჭა. მზე ხდიდა თოვლს ასე აუტანლად თეთრს. თვალები დაეხუჭა და ამბობდა: – ყოველ დღე აფეთქება. ყოველ დღე შვიდი ან რვა, გუშინ თერთმეტიც კი და ყოველ დღე ამ საფლავებში ხალხის ჩატენა, რომლებშიც კარგადაც ვერ ეტევიან, რადგან საფლავები ძალიან პატარაა და ხალხი ხანდახან მოხრილია გაყინული და გაშეშებული და ეს ისე ღრჭიალებს, როცა ვიწრო საფლავში ტენიან და მიწაც ისეთი მაგარი, ცივი და მოუხერხებელია. ამას მთელი დღე უნდა გაუძლონ და მე, მე აღარ შემიძლია ღრჭიალის მოსმენა. ეს ისეთია, თითქოს მინა იმსხვრევა, როგორც მინა.

 

– ჩაიგდე ხმა, იესო, გეყოფა, ამოდი ორმოდან. ჩვენ კიდე ხუთი საფლავი უნდა გავაკეთოთ.

 

განრისხებული წაფრიალდა პოლკოვნიკის პირიდან ორთქლი იესოს მიმართულებით, – არა, თქვა მან და ნემსივით წვრილი ჩხირები გაუშვა ცხვირიდან, არა.

 

ის ლაპარაკობდა ძალიან ჩუმად და თვალები დაეხუჭა: საფლავები ისეთი დაბალია, გაზაფხულზე, როცა თოვლი დადნება მიწიდან ამოვა ძვლები, ყველგან ძვლები იქნება. არა, ეს აღარ მინდა.არა, არა და თან ყოველთვის მე, ყოველთვის მე უნდა ჩავწვე საფლავში, მოვსინჯო თუ გამოდგება, ყოველთვის მე, გამუდმებით მესიზმრება ეს ყველაფერი. ჩემთვის ეს საშინელება, იცით, საშინელება, რომ ყოველთვის მე ვარ ის, ვინც საფლავები უნდა მოიზომოს, ყოველთვის მე. ყოველთვის მე. მერე ეს სიზმრები. ჩემთვის ეს საშინელებაა, რომ ყოველთვის მე უნდა ჩავიდე საფლავში. ყოველთვის მე.

 

იესომ კიდევ ერთხელ შეხედა თავის გახეულ ხელთათმანს. ამოძვრა ვიწრო საფლავიდან და ოთხი ნაბიჯი გაიარა შავ გროვაზე. გროვა მიცვალებულების იყო. ისე დაგრეხილიყვნენ, დანაღვლიანებულიყვნენ, დაღვრანჭნილიყვნენ, თითქოს ველური ცეკვის რიტმს შეეპყროთ. იესომ ნიჩაბი ნელა და ფრთხილად მკვდრების გროვის გვერდითდადო. შეეძლო იქით დაგაეგდო კიდეც, ვეღარაფერს დაუშავებდა მათ, მაგრამ მან ნელა და ფრთხილად დადო, თითქოს არ უნდოდა რომელიმესთვის ხელი შეეშალა ან გაეღვიძებინა. ღვთის გულისათვის არც ერთს არ გაეღვიძოს. თან წავიდა ისე, რომ იმ ორისთვის აღარ შეუხედავს, ჩაუარა და წავიდა სოფლისკენ, თოვლი ღრჭიალებდა ფეხქვეშ. ამაზრზენია, თოვლი ისე ღრჭიალებდა, ზუსტად ისე. ფეხები ასწია და ჩიტივით მიდიოდა თოვლზე, ოღონდ კი ღრჭიალს გაქცეოდა.

 

მის უკან პოლკოვნიკმა დაიყვირა:

 

– იესო! ახლავე დაბრუნდით! მე თქვენ გიბრძანებთ! ახლავე გააგრძელეთ მუშაობა!

 

პოლკოვნიკი ყვიროდა, მაგრამ იესოს უკან აღარ მოუხედავს. მიაბიჯებდა თოვლში როგორც ჩიტი, როგორც ჩიტი ოღონდ კი ღრჭიალს გაქცეოდა. პოლკოვნიკი ყვიროდა, მაგრამ იესოს უკან აღარ მოუხედავს. მხოლოდ მისი ხელები ამოძრავდნენ, როცა თქვა ,,ჩუმად, ჩუმად! ღვთის გულისათვის არ გააღვიძოთ! აღარ მინდა, არა. არა. ყოველთვის მე, ყოველთვის მე. ის თანდათან პატარავდებოდა, სანამ თოვლის იქით არ გაუჩინარდა.

 

 – მას უნდა შევატყობინო. პოლკოვნიკმა ცივ ჰაერში ორთქლის ბამბასავით თეთრი ბურთები გაუშვა. აუცილებლად უნდა შევატყობინო, ეს ცხადია.ეს სამსახურეობრივ მოვალეობაზე უარის თქმაა. ჩვენც ვიცით მოსაშორებელია, მაგრამ მას მაინც უნდა შევატყობინო.

 

– მერე რას უზამენ? გაიღრიჭა მეორე.

 

– არაფერს ისეთს, სულ არაფერს. პოლკოვნიკმა რაღაც სახელი ჩაიწერა თავის ბლოკნოტში. არაფერს, მოხუცი წაეთამაშება, წაათამაშებს. მოხუცი ყოველთვის ერთობა იესოთი. მერე ისე უღრიალებს, რომ ორი დღე ვეღარ ჭამს და ვერც ლაპარაკობს და არბენინებს. მერე რაღაც დროით ნორმალური ხდება. მაგრამ ჯერ მას უნდა შევატყობინო. კარგია, გაერთობა მოხუცი. საფლავებიც ხომ უნდა გაკეთდეს. ერთმა ხომ უნდა მოიზომოს თუ გამოდგება. ამას ხომ ვერავინ წაუვა.

 

– მაინც რატომ ქვია იესო? გაიღრიჭა მეორე.

 

– ოჰ, არც ღირს საფიქრელად. მოხუცი ყოველთვის ასე ეძახის, იმიტომ რომ ის ასე სათუთია, ნაზი. მას მერე ჰქვია იესო. დიახ, თქვა პოლკოვნიკმა და მომდევნი საფლავისთვის მოამზადა ახალი ასაფეთქებელი, უნდა შევატყობინო. საფლავები ხომ უნდა იყოს. 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ბორხერტი ვოლფგანგ / იესო ჩვენთან აღარაა