ბორხესი ხორხე ლუი 

ორიოდე სიტყვა უიტმენზე

 

 

ზოგჯერ ლიტერატორის ძალისხმევა – ერთობ პრეტენზიული განზრახვით – შექმნას სრულყოფილი წიგნი, წიგნთა წიგნი, თავის თავში, პლატონური არქეტიპის დარად, ყველა სხვა წიგნს რომ იტევს, – იმ საგნად იქცევა, რასაც დრო ვერაფერს აკლებს. ვისაც ამგვარი რამ დაუსახავს მიზნად, დიდი საქმეებიც ამოურჩევია. ასე, მაგ.: აპოლონიოს როდოსელმა ზღვის საფრთხეთა დამთრგუნველი პირველი ხომალდი ამოირჩია; ლუკანუსმა – ბრძოლა ცეზარსა და პომპეუსს შორის – როცა არწივნი არწივებს ეტოქებოდნენ; კამოენშმა – ლუზიტანიური მახვილი აღმოსავლეთში; დონმა – სულის გარდასახვათა წრე: პითაგორულ დოგმამდე რომ დაიყვანება; მილტონმა – უძველესი ცოდვა და სამოთხე; ფირდოუსიმ – სასანიდების დინასტია. გონგორამ კი პირველმა დაამტკიცა, რომ დიდი წიგნი დიდი თემის გარეშეც შეიძლება ფონს გავიდეს; უცნაურზე უცნაური ამბავი, მოთხრობილი "მარტოობებში", შეგნებულად დაუხვეწავია, რასაც აღნიშნავდნენ და კიცხავდნენ კიდეც კასკალისი და გრასიანი (ფილოლოგიური წერილები, VIII; კრიტიკონი, II). მალარმე კი, რომელსაც თემათა დაუხვეწაობა ეცოტავა, ნეგატიურ თემათა ძიებაშია, ყვავილის, ქალისა და ქაღალდის ფურცლის სითეთრის არარსებობას რომ ჰგავს და წინ უძღვის ლექსს. პეიტერის მსგავსად იგი გრძნობდა, რომ ხელოვნებანი მიილტვიან მუსიკისაკენ – ხელოვნების იმ სახეობისაკენ, რომლის ფორმაც ამავე დროს შინაარსიცაა; მისი ნატიფი სწავლება "Toet  abuutit en un livre"1 აზოგადებს ჰომეროსის სენტენციას ღმერთების შესახებ, რომლებიც ჭირ–ვარამს მხოლოდ იმიტომ ბეჭვავენ ქსელივით, რომ მომავალ თაობებს ქების აღვლენის საშუალება მისცენ (ოდისეა, VIII, In Fine2) 1900 წლისთვის იეტსი უზადობას იმ სიმბოლოებში ეძებს, გვარის მეხსიერებას რომ აღვიძებენ – იმ დიდ მეხსიერებას, ინდივიდის ტვინის ქერქის შიგნით რომ ფეთქავს. ეს სიმბოლოები კ. გ. იუნგის გვიანდელ არქეტიპებთან შედარებას საჭიროებენ. თავის უსამართლოდ მივიწყებულ წიგნში "ცეცხლი", ბარბიუსი ცდილობს გააუქმოს დროთა სამანები პოეტური მონათხრობით ადამიანის ძირითად მდგომარეობათა შესახებ. "ფინეგანის აღაპშიც" იგივეს აკათებს ჯოისი, როცა ერთდროულად შემოაქვს სხვადასხვა ეპოქათა ნიშან–თვისებანი. ანაქრონიზმთა შეგნებულ გამოყენებას, ზედროულობის შთაბეჭდილებას რომ განამტკიცებენ, პაუნდი და ელიოტიც მიმართავენ.

 

მე რამდენიმე ხერხი ვახსენე; არ არსებობს მათ შორის უფრო ცნობისწადილის აღმძვრელი, ვიდრე ის, რომელიც უოლტ უიტმენმა 1855 წელს შემოიტანა. სანამ მის განხილვაზე გადავიდოდე, მოვიყვან ორ თვალსაზრისს, რომლებმაც თავის დროზე მეტ–ნაკლებად განჭვრიტეს ის, რასაც ვიტყვი. პირველი მათგანი ინგლისელ პოეტს ლეშლი ებერკრომბის ეკუთვნის. "უიტმენმა თავისი მადლიანი გამოცდილებით ერთი ისეთი ცოცხალი და ნათელი გმირი შექმნა, თანამედროვე ლიტერატურის უდიდეს აღმოჩენად რომ შეიძლება ჩაითვალოს; და ეს გმირი თავად იგია" – წერს ებერკრომბი. მეორე თვალსაზრისი სერ ედმონდ ჰოსმა გამოთქვა: "ნამდვილი უიოლ უიტმენი არ არსებობს. უიტმენი ლიტერატურაა პროტოპლაზმის მდგომარეობაში: უმარტივესი მოაზროვნე ორგანიზმი, რომელსაც მხოლოდ იმის არეკლვა ძალუძს, რაც მას უახლოვდება". მესამე თვალსაზრისს კი მე გამოვქთვამ: "თითქმის ყველაფერი, რაც უიტმენის შესახებ დაწერილა, ორი მუდმივი შეცდომით ილახება. პირველი ესაა საყოველთაოდ მიღებული უიტმენი – ლიტერატორის "ბალახის ფოთლების" ღვთის დარ გმირთან გაიგივება, რაც სერვანტესის "დონ კიხოტის" გმირთან გაიგივებას გვახსენებს. მეორე კი – უნიჭო ადაპტირება მის ლექსთა სტილისა და ლექსიკონისა, ანუ იმ გასაოცარი მოვლენისა, რომელიც ახსნა–განმარტებებს მოითხოვს".

 

წარმოვიდგინოთ, რომ ოდისევსის ერთი ბიოგრაფიის თანახმად (რომელიც აგამემნონის, ლაერტის, პოლითემის, კალიფსოს, პენელოპეს, ტელემაქეს, მეღორის, სცილას და ქარიბდას მოწმობას ემყარება), მას არასოდეს მიუტოვებია ითაკა. იმედის გაცრუება, რაც ამ მახვილგონივრულად მოფიქრებული წიგნის გამო დაგვეუფლება, იმ გრძნობის მსგავსი იქნება, უიტმენის ყველა ბიოგრაფიის წაკითხვა რომ აღძრავს ჩვენში. მის ლექსთა წალკოტიდან მისივე ცხოვრების უბადრუკ ქრონიკაზე გადასვლა სევდის გარდა არაფერს ჰგვრის კაცს და ეს გარდაუვალი სევდა–ნაღველი პარადოქსულად გაძლიერდება, თუ ბიოგრაფი იმის მტკიცებასაც მოჰყვება, უნდა იცოდეთ, რომ ორი უიტმენი არსებობს – ერთი "მჭევრმეტყველი კეთილი ველური" "Leaves of Grass"3–იდან, მეორე კი მისივე შემქმნელი ღატაკი ლიტერატორიაო. პირველს თვალითაც არ უნახავს არც კალიფორნია, არც – დიდი კანიონი, მეორე კი – ამ ადგილთაგან ერთ–ერთზე აპოსტროფს ("Spirit that formed this Scene"4) თხზავს, მეორეზე – მეშახტედ მუშაობს ("Starting from Paumanok"5). 1859 წელს პირველი ნიუ იორკში ცხოვრობს, მორე კი იმავე წლის 2 დეკემბერს ძველი აბოლიციონისტის ჯონ ბრაუნის სიკვდილით დასჯას ესწრება ("Lars of Mereors"6). ერთი ლონგ აილენდზეა დაბადებული, მეორე კი – იქვე, მაგრამ ამავე დროს სადღაც სამხრეთშიც ("Longing for Home"7). ერთი უმწიკვლო, თავშეკავებული და მდუმარეა, მეორე კი – ვნებიანი და ორგიული. განმასხვავებელ ნიშანთა გამრავლება ძნელი არ არის; უფრო მნიშვნელოვანია გაიცნობიერო, რომ "Leaves of Grass"–ში გამოყვანპილი ქუდბედიანი მაწანწალა ვერ შეძლებდა ამ ლექსის შეთხზვას.

 

სახელგანთქმულ წიგნებში ბაირონი და ბოდლერი უფრო ამძაფრებდნენ საკუთარ მწუხარებას; უიტმენი კი საკუთარ სიხარულს აძლიერებს (30 წლის შემდეგ სილს–მარიაში ნიცშე ზარატუსტრას აღმოაჩენს. ეს მოძღვარი ბედნიერია, უფრო ზუსტად, ბედნიერებას ქადაგებს, მაგრამ მას ერთი ნაკლი აქვს – სინამდვილეში არ არსებობს). სხვა რომანტიკული გმირები, პირველ რიგში, ვათეკი და სხვათა შორის – ედმონ ტესტიც, საგანგებოდ უსვამენ ხაზს საკუთარ განსაკუთრებულობას; უიტმენი კი მგზნებარე მოკრძალებულობით ცდილობს, სხვა ადამიანებს დაემსგავსოს. "Leaves of Grass", შენიშნავს იგი, "ეს არის სიმღერა მდედრობითი ან მამრობითი სქესის დიდი კოლექტიური და სახალხო პიროვნებისა", ან დაუვიწყარი ("Song of Myself"8):

 

ეს ჭეშმარიტად აზრებია ყოველი კაცის,

ყველა დროის, ყველა ქვეყნისა,

და მხოლოდ ჩემში არ სულდგმულობენ.

თუ შენც ისევე არ გეკუთვნიან, როგორ.

– მე, არარანი ყოფილან მაშინ.

თუ ისინი გამოცანას და გამოცანის.

ამოხსნასაც არ იტევენ,

არარანი ყოფილან მაშინ.

თუ ისინი ჩემგან ისე ახლოს არ არიან,

რამდენადაც – შორს,

არარანი ყოფილან მაშინ.

ეს ბალახია, თავს რომ ჰყოფს ყველგან,

სადაც მიწაა და წყალია,

ეს ჰაერია, ყველასათვის ერთგვაროვანი,

დედამიწის სფეროს გარს რომ ევლება.

 

პანთეიზმთან ერთად გავრცელდა ერთგვარი გამონათქვამი, რომლის თანახმად ღმერთი სხვადასხვა ან რთული შედგენილობის (ასეც ამბობენ!) რაობათა მთლიანობაა. აი, მისი ერთ–ერთი მცირე სახე–ხატიც: "მე ვარ რიტუალიდა ნიჭი, სამსხვერპლო ზეთი და ცეცხლი" (Bhagavatgita, IX,16). უფრო ადრეულია – და ორაზროვანიც – ჰერაკლიტეს 67–ე ფრაგმენტი: "ღმერთი დღე და ღამეა, ზამთარი და ზაფხულია, ომი და მშვიდობაა, სიუხვე და სიმწარეა". პლატონი თავის მოწაფეებს შეუცნობელ ზეცას აღუწერს, სადაც "ყოველივე ყველგანაა, ყოველი საგანი – ყველა საგანია, მზე – ყველა ვარსკვლავით და ყოველი ვარსკვლავი ყველა ვარსკვლავი და მზეა" ("ენეადები". V, 8, 4). XII საუკუნის სპარსი პოეტი ათარი უმღერის ფრინველთა მძიმე მოგზაურობას, რომლებიც თავის ხელმწიფეს – სიმურგს ეძებენ; ბევრი მათგანი ზღვაში იღუპება, მაგრამ ცოცხლად დარჩენილნი იგებენ, რომ თავად არიან სიმურგი და რომ სიმურგია თითოეული მათგანი და ყველანი ერთად. რიტორიკული შესაძლებლობანი მსგავსების პრინციპის გაფართოებული განმარტებისა უსაზღვროდ ბევრია. ინდუსთადა ათარის პატივისმცემელი ემერსონის ლექსის "ბრაჰმა"16 სტრიქონიდან, ყველაზე დასამახსოვრებელი, რასაკვირველია, ესაა: "When me they fly, I am the wings"9. ანალოგიურია, მაგრამ უფრო მოკრძალებული სტეფან გეორგეს "Ich bin der Eine, und Biede".10 ("Derstern der Bundes"11). უოლტ უიტმენმა კი განაახლა ეს ხერხი. თუმცა მან ამ ფანდს იმიტომ კი არ მიმართა, რომ ღმერთი განესაზღვრა ან სიტყვათა მსგავსება–განსხვავებით ეთამაშა, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავი – რაღაცნაირი შმაგი სინაზით – ყველა ადამიანთან გაეიგივებინა. იგი ამბობდა ("Crossing Brooklin Ferry"12): მე თქვენ გვერდით ვარ – ჯიუტი, ხარბი, დაუცხრომელი, ჩემგან თავს ვერ დააღწევთ. და აგრეთვე ("Song of Myself"):

 

მე ამას ვყლაპავ, გემოს ვატან, მომწონს,

რომ ეს შევისისხლხორცე –.

მოწამეთა ქედმაღალი უდრტვინველობა.

ძველი დროის დედაკაცი,

რომელსაც კუდიანობას სდებენ ბრალად,

მშრალ ცეცხლზე იწვის, მისი შვილები კი.

იქვე დგანან და უყურებენ.

დაქანცული მონა, ოფლად გაღვრილი,

ქანცგაწყვეტილი სირბილისაგან,

ტყრუშულ ღობეზე ეცემა,

რათა სული მოითქვას.

კრუნჩხვის ნემსები უჩხვლიტავენ ფეხებს.

და კისერს, თოფის ტყვიები.

სიკვდილს თესავენ.

ეს ხალხი მე ვარ, მათი გრძნობები ჩემი გრძნობებია.

ყოველივე ამას შეიგრძნობდა და ყოველივე ეს იყო უიტმენი; მაგრამ სინამდვილეში – არა ყოველდღიურ უბრალო სიტუაციაში ან მითში, – იგი იყო ის, რაც ამ ორი სტრიქონით განისაზღვრება ("Song of Myself"):

 

უოლტ უიტმენი, უოსმოსი, მანჰატანის შვილი, შმაგი, ბრგე, მგრძნობიარე, მსმელი, მჭამელი, დამბადებელი. იგი ისიც იყო, რადაც იქცევა მომავალში, ჩვენს წამიერ, წინასწარმეტყველებით გამოწვეულ ნოსტალგიაში, წინასწარ რომ გვამცნო მისი გარდასახვა ("Full of Life, now"13):

 

ახლა მე, სიცოცხლით სავსე,

ხელშესახები და ხილული.

ორმოცი წლის კაცი, ამ შტატების.

ოთხმოცდამესამე წელს.

შენ – ასი წლის შემდეგ – ჩვენი დროიდან.

ასწლეულის ნებისმიერი რიცხვის შემდეგ,

შენ, ჯერ კიდევ არმოვლენილს.

ამ ქვეყანაზე, გიგზავნი პწკარებს,

რომლებიც უკვე გეძებენ.

როცა ამას წაიკითხავ, მე –.

ადრე ხილული, უხილავი ვიქნები.

ახლა უკვე შენ ხელშესახები, ხილული,

ჩემ ლექსთა მწვდომი – იწყებ ჩემ ძებნას,

და ვფიქრობ კიდეც, რა კარგი იქნებოდა,

შენ გვერდით რომ ვყოფილიყავი,

შენ ამხანაგად რომ ვქცეულიყავ.

(მეტისმეტად ნუ იქნები.

დარწმუნებული, რომ შენ გვერდით არ ვარ.).

ან ("Song of Meself"):

მეგობარო, ეს არ არის წიგნი,

ხელი ახლა და კაცს შეეხები.

(ნუთუ ღამეა და მე და შენ.

მარტოკა დავრჩით?).

ეს მე ვარ – შენ რომ გიჭირავს ხელში.

და ვისაც შენ ხელით უპყრიხარ.

გადმოვალაჯე ამ წიგნიდან,

მოვედი შენთან.

და სიკვდილმა ვერ დამაკავა14.

 

უოლტ უიტმენი – ადამიანი, "ბრუკლინ იგლის" რედაქტორი ძირითად იდეებს ემერსონის, ჰეგელისა და ვოლპის თხზულებებიდან იღებდა; უოლტ უიტმენს – ლირიკულ გმირს კი ეს იდეები გამოჰქონდა თავისი დამოკიდებულებიდან ამერიკის მიმართ, რასაც ახალი ორლეანის ალკოვების და ჯორჯიის შტატის პლანტაციების წარმოსახული გამოცდილება ედო საფუძვლად. ცრუ მონაცემები თავისი არსით შეიძლება ზუსტიც იყოს. კარგადაა ცნობილი, რომ ჰენრი I ინგლისელი თავისი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ აღარ იღიმებოდა; აშკარად ცრუ ცნობები მთლიანობაში შეიძლება მართალი იყოს, თუ მეფის დათრგუნვილობის ნიშანს წარმოადგენს. ამბობენ, რომ 1914 წელს გერმანელებმა აწამეს და დაასახიჩრეს რამდენიმე ბელგიელი მძევალი; ეს უდავოდ ცრუ ფაქტი მომგებიანად აზოგადებს ქვეყანაში შეჭრის უსასრულო და პირქუშ საშინელებებს. უფრო მეტად მათ ეპატიებათ, ვინც სწავლებას ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირებს და არა კონკრეტულ ბიბლიოთეკასან იდეათა კორპუსს. 1874 წელს ნიცშეს სიცილად არ ჰყოფნიდა პითაგორული თეზისი, რომელიც ღაღადებს, რომ ისტორია ციკლებად მეორდება ("Von Nitzen und Nacheil der Historie"15); მაგრამ 1881 წელს სილვაპლანის ტყის ბილიკებზე სეირნობისას იგი ანაზდეულად იმავე აზრს აყალიბებს. პლაგიატზე ლაპარაკი კი ფუჭი და ამაზრზენი კრიმინალისტიკაა; როცა ნიცშეს ჰკითხეს ამის შესახებ, მან უპასუხა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აზრის მიერ ჩვენში გამოწვეული გარდაქმნაა და არა ამ აზრის პრიმიტიული დამკვიდრება. ერთია ღვთაებრივი მთლიანობის იდეის აბსტრაქტული დაშვება და მეორე – ქარიშხალი, რომელიც უდაბნოდან რამდენიმე მწყემსს იტაცებს და დღემდე რომ გრძელდება, იმ ბრძოლისაკენ უბიძგებს, რომლის საზღვრებიც აკვიტანიასა და განგზე გადის. უიტმენმა თეორიის შექმნა კი არა, იდეალური დემოკრატიისათვის ხორცის შესხმა დაისახა მიზნად.

 

ჰორაციუსის დროიდან, რომელმაც პლატონური თუ პითაგორული სახეებით იწინასწარმეტყველა თავისი ზეციური მეტამორფოზა, პოეტის უკვდავების თემა ლიტერატურაში კლასიკური იყო. ვინც ამას მიმართავდა, თუ ცდუნების ან შურისძიების გამო არა, ამპარტავნობის გამო მაინც ირჯებოდა ("Not Marble, not the gilded Monuments"16). უიტმენს კი ეს თემა იმიტომ შემოაქვს, რომ დაამყაროს პირადი ურთიერთობა თავის ყოველ მომავალმკითხველთან. იგი საკუთარ მკითხველთან აიგივებს თავს და სხვას, უიტმენს ("Salut au Monde"17) ელაპარაკება:

 

"სთქვი, რა მოგესმის, ო, უოტ უიტმენ?"18.

 

ამგვარად, იქცა იგი მარადიულ უიტმენად, ჩვენს მეგობრად, ათას რვაას რომელიღაც წლის მხცოვან ამერიკელ პოეტად; და თან მის ლეგენდად, თითოეულ ჩვენგანად, ბედნიერედა. ეს უზარმაზარ, ლამის ზეადამიანურ ამოცანას წარმოადგენდა; მაგრამ არც გამარჯვება იყო ნაკლები.

 

 

------------------

 

1. "წიგნი მოიცავს ყველაფერს" (ფრანგ.).

2. ბოლოს (ლათ.).

3. "ბალახის ფოთლები" (ინგლ.).

4. "სული, რომელმაც ეს სამყარო შექმნა" (ინგლ.).

5. "პომანოკიდლან გამგზავრებისას" (ინგლ.).

6. "მეტეორთა წლები" (ინგლ.).

7. "შინ დაბრუნებისას" (ინგლ.).

8. "სიმღერა საკუთარ თავზე" (ინგლ.).

9. "როცა ჩემგან გარბიან, მე ფრთები ვარ" (ინგლ.).

10. "მე ერთი ვარ, მე ორივე ვარ" (გერმ.).

11. "კავშირის ვარსკვლავი" (გერმ.).

12. "ბრუკლინის ხიდზე გავლისას" (ინგლ.).

13. "სიცოცხლით სავსე" (ინგლ.).

14. თარგმანი თ. ჩხენკელისა.

15. "ისტორიის სარგებლიანობისა და საზრიანობის შესეხებ" (გერმ.).

16. "არც მარმარილოს, არც ოქროს ძეგლები" (ინგლ.).

17. "მისალმება სამყაროსადმი" (ფრანგ.).

18. თარგმანი კ. გამსახურდიასი.  

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ბორხესი ხორხე ლუი / ორიოდე სიტყვა უიტმენზე