ბრეგვაძე-კახიანი ლალი 

მოთხრობები

 

 

სარჩევი:

ბოლო მარათონი

მანეკენის ღიმილი

ახალი მარშრუტი

დაუმთავრებელი მოთხრობა

თეთრი ტრამალი

კენტავრის უკანასკნელი ზაფხული

მათრობელა სურნელი

ტეტიების სიყვარული

 

 

 

 

 

ბოლო მარათონი

 

 

განთიადის ნისლშერეულ ჰაერს ოდნავ დაჰკრავდა ქუჩის მტვრის სუნი. დამრეც ქუჩას აღმა მიუყვებოდა, თითქოს უჩინარი კიბის საფეხურებზე ადიოდა, მაღლდებოდა, ზემოთ და ზემოთ... უსმენდა საკუთარი ფეხის ხმას, აწრიალებული გულის ბაგუნს. ყვირილი უნდოდა, ხმამაღალი, ცამდე ასული: გაჩნდა!.. სიცოცხლე გაჩნდა!.. შანგო თავის თავს ულოცავდა.

სამშობიარო სახლის კარზე ღამენათევს ალიონზე აუწყეს, ქალიშვილი შეგეძინაო. დაღვრილ ვერცხლისწყალს დაამსგავსა სიხარულმა. ქუცმაცდებოდა და კვლავ ერთიანდებოდა მისი განცდები, მთავარი აზრის ირგვლივ იკრიბებოდა. შვილი, შვილი ჰყავს... პირველი ნანატრი შვილი. ამიერიდან იგი მამაა! შანგო მამაა!

არც უფიქრია ასე ადრიანად აქეთ წამოსვლა, უნებლიეთ დაადგა გზას. გათენებას აშურებდა თითქოს. მიიჩქაროდა მიზნისკენ – კოხტა, თიხისფერსვეტებიანი შენობისკენ, ამაყად რომ გასცქეროდა კლდეებშუა მოქცეულ პატარა ქალაქს, მღვრიე, ტალახისფერ მდინარეს. შეფს აქ დაედო ბინა, ლითონის მესერშემოვლებულ წიწვნართა ბაღში აღმართულ საუკეთესო შენობაში, რომლის გარეგნული თუ შიგა იერი არქიტექტორთა მონდომებისა და ცდის წყალობად ჩაითვლებოდა. იგი კომუნისტების დროს გახლდათ აგებული და თავის დროზე ქალაქის სასტუმრო იყო, სადაც შანგოს მეზობელი ქალი მუშაობდა რაღაც თანამდებობაზე.

ბავშვობიდან ახსოვს, ვეება დარბაზის ერთ კუთხეში მდგარ შავ, პრიალა პიანინოს საღებავის სუნი ასდიოდა. ძალიან მოსწონდა მაშინ ის სუნი. შინ ინსტრუმენტი არ ჰქონდათ და, დედის თხოვნით, მეზობელი უხერხებდათ, რომ შანგოს ფორტეპიანოზე იქ ემეცადინა. ო, რა წვალებით არჩევდა ნოტებს, ეუფლებოდა დაწყებითი კლასების პროგრამას, თან ცალი ყური დარბაზის მეორე ბოლოსკენ ეჭირა. ბილიარდის მწვანე მაუდგადაკრულ დიდ მაგიდაზე მუდამ ვიღაც უცხო ძიები მომარჯვებული კიებით აჭახუნებდნენ ვერცხლისფერ ბურთებს. ზოგჯერ იგინებოდნენ კიდეც. შანგოს კი შიში სტანჯავდა, აგერ-აგერ დამიღრიალებენ, მორჩი, ყურები ნუ წაიღე ერთი და იმავეს ტყაპატყუპითო. მუსიკალურ სკოლაში ფაგოტის კლასში სწავლობდა, თან ფორტეპიანოს კურსსაც გადიოდა. მაშინ მუსიკაზე სიარული მოდაში იყო, ან, იქნებ, დედის აკვიატების შედეგად ცოდვილობდა. არც ფაგოტის ბერვა ეხალისებოდა, არც ფორტეპიანოს გაკვეთილების მომზადება. ერთი სული ჰქონდა, მისულიყო იმ კაცებთან, მათ მარაქაში გარეულიყო.

მოკლედ, ამ შენობასთან ადრევე დააკავშირა ბედმა. უფრო მეტიც, იგი ბავშვობის ნაცნობივით იყო, – შარვალჩაჩაჩულიც რომ უნახიხარ, ხელებგათოშილიც, ცხვირზე წვინტლმომდგარი, ანდა სულაც მდიდარი მეზობელივით, რომლის ჭერქვეშ სულ მუდამ დღესასწაული გეგულება, საიდუმლოებით მოცული, გაზღაპრებული.

მიდიოდა ახლა ამ სვეტებიანი შენობისკენ. იცოდა კია, ასე სისხამზე ჯერ ისევ ეძინებოდა შეფს, ქალაქის თავს და პატრონს. მაგრამ დაიცდის, ლოდინი რაა, მიჯდება სადმე და დაელოდება. დაისვენებს ცოტას, დაისვენებს, რომ მერე უკეთ იფხიზლოს. ცხოვრება შანგოსთვის ქცეულიყო ერთ გამუდმებულ სვლად და გამუდმებულ სიფხიზლედ. როცა პირობითია ყველაფერი, როცა მიჰქრის ცხოვრების სიმბოლური მატარებელი და მიჰყავხარ. შენი სადგური კი შორსაა, ვინ იცის, სად. მხოლოდ ტამბურში გერგო ადგილი და არავინ შეგნატრის, არავის შურს შენი... მაგრამ ახლა აშკარად გრძნობდა, ყველაფერი გაადვილებულიყო, აზრი მისცემოდა ყველაფერს. დილასისხამ აღმა-დაღმა, ყველასგან ანგარიშგაუწეველ ძუნძულსაც კი. შანგო ძველებურად როდიღა ნატრობდა, ნეტა კუნძულზე ვცხოვრობდეთ მე და შეფიო. იქ, რაც უნდა, ისა ქნას, რამდენიც გაეხარდება, იბუქნაოს, იასკინკილოს, გინდ ყირაზე დადგეს, გინდ კისერი მოიმტვრიოს, ჭრელაჭრულა სპორტულებით კი არა, ნიფხვისამარა იტანტალოსო.

გამვლელთა ქირდვისგან თავდასაღწევად ნატრობდა ხოლმე კუნძულზე გადასახლებას, როცა დილის მარათონისას შორიახლო მისდევდა ქალაქის მერს, რათა მისი უსაფრთხოება დაეცვა. მისდევდა, თან ეძალებოდა და ეძალებოდა ბოღმიანი ფიქრები: რას მომშტერებიხართ, მიხედეთ საკუთარ საქმეებს, თქვენს ჩასვრილ-ჩაოხრებულ საქმეებსო. ზოგჯერ ახერხებდა, ფეხზე დაეკიდა, ვინ რას ფიქრობდა, ვინ რა თვალით უცქერდა. პატარა ქალაქში ხომ ყველა ერთმანეთს იცნობს. აქ დაიბადა და გაიზარდა. ნუთუ მკვლელად თვლის ვინმე უგუნური? მართლა თუ ასეა, არც ამაზე იდარდებს. პირადი მცველის როლი, ბოლოს და ბოლოს, ბედმა დააკისრა, ისიც პატიოსნად ასრულებს, პურსაც დაუყვედრებელს ჭამს. თუ არ გადაგიხდიან, ოჯახს ვერ შეინახავ. მართლა ისვრიო? რაიმე რომ მოხდეს, მართლა გაიმეტებ თანამოქალაქესო? ამ ცხრა მთას იქიდან მოსულისთვის გასწირავ აქაურსაო? – უკითხავთ ხოლმე. აბა როგორო, ვინმემ უკადრისი იკადროს და შერჩებაო? ღმერთი არავის გაუწყრეს, წერამ არავინ აიტანოს! ეს ჩემი სამსახურია, ძმაო, გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ, არ ვთამაშობ, მოვალეობას ვასრულებო.

მოვალეობისადმი ერთგულება არასოდეს აკლდა. ამიერიდან კი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება ყველაფერს. შვილი ჰყავს გასაზრდელი. ას თვალს გამოიბამს და ას ყურს, ვინც რა უნდა თქვას და იფიქროს, ბოლოს და ბოლოს, იგი მშვიდობას დარაჯობს. მშვენივრად იცის თავისი საქმე. შეფის სიცოცხლე უნდა დაიცვას თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. ამიტომ წუთით არ ადუნებს ყურადღებას, მორბენალს მუდამ ფეხდაფეხ მისდევს ქორის მზერაგამობმული. გაფაციცებით ათვალიერებს ასპარეზად არჩეულ ქუჩებს, გზადაგზა ჩარიგებულ ბებერ აკაციებს, ახლომახლო შენობათა ფანჯრებს, სახურავებს, შესახვევებსა თუ ჩიხებს, სულ მტკაველ-მტკაველ ზვერავს სავალს, სადმე საფრთხე არ საფრობდეს. ავტომატი მარცხენა მხარზე დასთრევს, მარჯვენა ხელი კი საიმედოდა აქვს ჩავლებული, მუდმივ მზადყოფნაშია. ერთი უბრალო გაფაჩუნება და იცის, რა მოიმოქმედოს. მთავარია მოქმედება, რეაქცია, სწრაფი და ზუსტი. ზოგჯერ თავს იიმედებს, ვინ რას გაბედავს, ორი თავი ვისა აქვსო, – ფიქრობს, თან ღაწვისთავი უხტის, ხან ერთი, ხან მეორე, გეგონება, საკუთარ ფიქრს უკრავდეს თვალს. ბავშვობიდან მოსდევს ეს უნებლიე თვალისპაჭუნი, – უცნაური აკვიატება თუ თანდაყოლილი ნაკლი, ჩვევადქცეული და შესისხლხორცებული. მისდევს შეფს ასე პაჭუნ-პაჭუნით., აინუნში არ აგდებს თანამოქალაქეთა უსიტყვო მოძახილს: შანგო, შე ძველო! შანგო, შე საწყალო! მზერით, მზერით მოსძახიან, თანაგრძნობისა თუ დაცინვის ღიმილით ანიშნებენ... გამგები გაიგებს. ეს კი მაინც მირბის, უფრო სწორად, მიძუნძულებს, მისდევს ამ შობელძაღლს, ფაშვზე სკდება. ხშირად ჭვალი ადგება მარჯვენა ფერდზე. საერთოდ, გამუდმებულ დისკომფორტს გრძნობს მარჯვენა მხარეს. ვერც ამხელს, ტკივილის უფლებაც არა აქვს. მისი სამსახური ფიზიკურ ტკივილს ვერ ითავსებს. მოდი და დაიწუწუნე!.. რა ვუყოთ, თუ ზამთარ-ზაფხულ ხვითქი გასდის, გასაწური ხდება, კეფიდან ხერხემალზე ცივად ჩაღვრილი ოფლი ზურგზე უსიამოდ აწებებს პერანგს. ფეხსაცმლის ქუსლებიც მთლად დაეღრიცა. ენერგია ძველებურად აღარ ეჭარბება. რა გასაკვირია, ჯეელობას კარგა ხანია დაემშვიდობა. თანაც, ფეხისგულებზე კოჟრები აზის. მაინც მარჯვედ მისდევს. ზოგჯერ კი უფრო საკუთარ თავს, ვიდრე შეფს, შეუსვენებლივ, თითქოს მათრახით ერეკებოდეს ზორბა, დაქანცულ სხეულს, მათრახს უტყლაშუნებდეს საკუთარ სიფხიზლეს, რომ არაფერი გამოეპაროს. მირბის და უნებლიეთ ეჯიბრება კაფანდარა მორბენალს, დილის მარათონი წესად რომ უქცევია. კაცი თუ არ ვარჯიშობს, საკუთარ სხეულზე არ ზრუნავს, ქვეყანასა და ხალხს ვერ გამოადგებაო, – ხშირად ესმის მისგან. ეს სიმართლესა ჰგავს. ჰოდა, რა გაეწყობა, მისდევს უსიტყვო მორჩილებით, ითვისებს, ისისხლხორცებს ამ სიბრძნეს. თავის კანტურით ეთანხმება ყველაფერზე, ბატონი ბრძანდებით, როგორც გენებოთ, მიმსახურეთო. თან თვალი უხტის ზედმეტი მგრძნობელობისგან – ხან ერთი, ხან მეორე. თანხმობას დუმილით აცხადებს, რაც ნიშნავს, რომ შეფის სიტყვა ბეჭედია. დილის მარათონიც თითქმის იგივეა, მოგონილი არა მხოლოდ ქალაქელთა საქირქილოდ, არამედ ყოველგვარი უპირატესობის დასტურად, რასაც მინდა, იმას ვიზამ, ეს ჩემი სახლია! ეს პატარა ქალაქი ჩემი სახლიაო. მე ვარ მისი ბატონ-პატრონი, მე ვქმნი ამინდს, ჩემზე ხართ დამოკიდებული. მსურს, გამოგიცხობთ პურს, მსურს, საერთოდ ავკრძალავ ცხობას. თუ სიკეთის დაფასებას ვერ ისწავლით, წყალს გადაგიკეტავთ, ნაგავს არ გავაზიდვინებ, სიბინძურის მთებშუა ივლით, სიმყრალეში ამოიხრჩობით. არ გამაჯავროთ! მე მწყემსი ვარ, თქვენ – ჩემი სამწყსო, ჩემი ბატკნები.

შანგოს სადღაც გულის სიღრმეში კიდეც სიამოვნებდა მწყემსის გვერდით ყოფნა. მასაც თითქოს მცირეოდენი უპირატესობა ენიჭებოდა იმათთან შედარებით, ვინც ირგვლივ იყო, ვისგანაც უნდა დაეცვა იგი. მაგრამ ვინ იყო ეს უჩინარი მტერი, ვისი მიზეზითაც ასი თვალი და ასი ყური უნდა სხმოდა? როგორ აღმოეჩინა იგი ძაღლების ყეფით გაყრუებულ ქალაქში, როგორ გამოეთრია ეჭვისა და ბოღმის ბურუსიდან, რათა მშიერი დღეების, უშუქო, კუნაპეტ ღამეთა მაგიურ საშოში დაბადებულ ბოღმას კედლად აღმართვოდა, დროულად აღეკვეთა პროტესტის აგრესიული ფორმით ყოველგვარი გამოვლენა, შეფის ძვირფასი სიცოცხლის ხელყოფის ყოველგვარი მცდელობა.

ჰო, კედელი იყო, მოძრავი და ყრუ, აღმართული ქალაქელთა და მორბენალ ხელისუფალს შორის, ესოდენ რომ ზრუნავდა საკუთარ სხეულზე, ჯანმრთელობას რომ იკაჟებდა.

შეფს უფლებაც არა აქვს სხვაგვარად მოიქცესო. მან ყველაზე უკეთ იცის, რა გააკეთოს, მისი გონება მილიონი საფიქრალითაა დაკავებული. ის პასუხისმგებელია ყველაზე უკანასკნელ მოქალაქეზეც კი, ჩიტი რაა, ქალაქში რამდენი ჩიტი დაფრინავს, უნდა იცოდეს. ამათ ყველაფერი ხუმრობა ჰგონიათ, ესენი მხოლოდ მის სირბილს ხედავენ, – ბრაზობდა ხოლმე შანგო.

და მაინც მადლიერი იყო ამ დღეებისა, ამ გამორჩეული დროსი, გამორჩეულადვე რომ ემსახურებოდა მხოლოდ ორს. ტკაპუნობდა მათ ფეხქვეშ ნახევრად მძინარე ქუჩები, იკეცებოდა, იკეცებოდა. ცოტაც და აივსებოდა ეს ქუჩები მოძრავი დახლებით, ფერად-ფერადი საჩრდილობლებითა და ქოლგებით, მეწვრილმანე ვაჭრებით, ვაიმომღერლებით, ნაგვით, მათხოვრებით, პრიალ-პრიალა, უცხოური მოდელის ლამაზი ავტომობილებით, ფულის გადამცვლელებით, საქმიანი თუ უსაქმური გამვლელ-გამომვლელით. დაიწყებოდა ბრძოლა არსებობისთვის, დაიწყებოდა ათასი ტყუილი და მართალი. ეს ყველაფერი იქნებოდა პატარა, უღიმღამო, ნაცრისფერ, მთებით შემოჯარულ ქალაქში, სადაც კარგა ხანია დაანგრიეს პროლეტარიატის ბელადის ძეგლი, აღარ ფრიალებდა მუშურ-გლეხური სისხლით შეღებილი წითელი დროშა, სადაც არ იდგა ეკლესია და აღარც გედები დაცურავდნენ ხელოვნურად დაგუბებულ ციცქნა ტბაზე, სადაც აღარ იმართებოდა დედაქალაქიდან ჩამობრძანებულ შემსრულებელთა კამერული მუსიკის ლექცია-კონცერტები და აღარც ეროვნულობის პრეტენზიით ეიფორიაში მყოფი ძალაუფლების მაძიებელ ნაირ-ნაირ პოლიტიკურ პარტიათა მიერ მოწყობილი მიტინგები, სადაც თავს როდი იკლავდნენ, არამედ ღარიბებს შიმშილი უღებდა ბოლოს, მდიდრებს კი კარგი ცხოვრება უხეთქავდა გულს. მოკლედ, ყოველივე ხდებოდა შეფის სახლში, შანგოს სახლადაც რომ ითვლებოდა, რადგან იგი შეფის ძვირფას სიცოცხლეს დარაჯობდა. თუმც, შანგომ ისიც არ იცოდა ზუსტად, უყვარდა თუ სძულდა ეს სიცოცხლე.

თხელდებოდა დილის ნისლი, თვალსა და ხელშუა იფლითებოდა, გაცრეცილი გობელენივითღა ეკიდა ცისქვეშეთს. შანგოს ამასობაში ქუჩის თავში ამოეღწია. საათს დახედა, უკვე შეიძლებოდა ციფერბლატის გარჩევა. მაგრამ შეფის გამობრძანებამდე კიდევ რჩებოდა დრო. ბევრის მოსწრების შანსი იყო ამ დროში. ახალშეძენილ შვილზე ფიქრი მოვიდა, – ნეტა ვის ჰგავსო. მერე ცოლის დატალღული ჩალისფერი თმა წარმოუდგა თვალწინ, ლამაზად რომ ჩამოეშლებოდა ხოლმე თეთრ მხარზე. მისი თვინიერი თბილი მზერა... ნელმა ჟრუანტელმა დაუარა. მოვრჩები ამ ძუნძულს და მივაკითხავ, ალბათ, რა მოუთმენლად მელოდებაო.

შეფის ჭიშკარი ჩაკეტილი იყო, ჯერ ეძინათ. ღამის დარაჯიც არ ჩანდა. ცოტა დასვენება შეიძლებოდა. თიხისფერსვეტებიანი შენობის ახლოს, ლითონის გალავნის გადაღმა, საქვაბის დანიშნულების პატარა ნაგებობის ღია შესასვლელში ზურგიან გრძელ სკამს მიაშურა შანგომ. აქედან კარგად ჩანდა ჭიშკარი, საიდანაც შეფი უნდა გამოსულიყო. ცოტა თუ არ დავისვენე, დღეს ადამიანად აღარ ვივარგებო. პირქვე მიწვა სკამზე და ავტომატს ჩაეხუტა. სხეულს ასვენებდა, თორემ წაძინება არც უფიქრია. იარაღი თან ჰქონდა, ამიტომ წაძინებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მაინც უნებურად მოხუჭა თვალი, ღამისთევით დაღლილი, დაძაბული გონება კი ჯიუტად ფხიზლობდა, სმენას ჩქამიც არ ეპარებოდა. ირგვლივ მშიერი ძაღლები დასუნსულებდნენ. საიდანღაც, ადრიანად ჩავლილი მანქანის სიგნალი აღწევდა, გაისმოდა ქალაქის პირველი კანტიკუნტი ხმები. მალე ყურებში სიჩუმის ხმაური ჩაუდგა შანგოს, და ეს დრო ფუფუნებას დაემსგავსა. ბავშვი!... მისი ბავშვი!.. ცისადარს დავარქმევო. ცი-სა-და-რი. როგორი საყვარელი სახელია. ვედრებასავით აღიქვა საკუთარი ფიქრი. ღვთისადმი აღვლენილ ვედრებასავით. ჯერაც უნახავ შვილს ავედრებდა უფალს. ფიქრი თანაქალაქელებისადმი ვედრებასაც ჰგავდა. შესთხოვდა, ყველამ თქვენი საქმე აკეთეთ და მშვიდობა დაიცავით. რას იზამთ, გაჭირვებაა, მაგრამ მშვიდობა მაინც ყველაფერს ჯობსო. ავი აზრები გამოიბერტყეთ თავიდან, არავინ არაფერი მიჰქაროთ, სამაგიერო არ მაიძულოთ, არ დამღუპოთ, ცოდვა არ დამადებინოთ, მეც კაცი ვარ, ოჯახი მყავს შესანახიო. ვაჭრობა არ მეხერხება, არც ქურდბაცაცობა, არც ღვეზელის ცხობა ვიცი, არც წიგნების წერა. მუსიკოსი ჩემგან არ გამოვიდა, ეს ერთი ავტომატი მაბარია, ესაა ჩემი მარჩენალიო. არავისი მტერი არა ვარ, ცუდი არავისთვის მინდა. მეც ნურავინ წამართმევს არსებობის უფლებას.

 

რატომღაც გაახსენდა თავისი ფაგოტი. წლების მანძილზე ტანსაცმლის კარადაზე რომ იდო დაშლილი, აბრეშუმის ნაჭერში გამოკრული, უფუნქციო, დამუნჯებული. მისი გაცოცხლება ისევ შეიძლებოდა. რაღაც-რაღაცები, მგონი, ისევ მახსოვსო. ბოლოს და ბოლოს, აღიდგენდა, ნოტებიც სადღაც ჰქონდა შენახული. როდისმე ჩემი გოგონასთვის დავუკრავო. ოღონდ მტირალა ნუ იქნება...

ფეხები მოკეცა, მოირკალა სკამზე, მოხერხებულად მოეწყო. ბავშვის ტირილს ყველაფერი ერჩია. ბავშვი არ უნდა ტიროდეს... მოსწყურდა შვილის ნახვა. ჩაბანგულმა გონებამ ესოდენ ახლობელი არსების წარმოდგენა სცადა, პაწია თოჯინას მსგავსის, უმწეოსა და უცოდველის. მაგრამ მის ნაცვლად ღია ცისფერი, რაღაც ფარდისმაგვარი ეკიდა თვალსაწიერზე, თავისკენ იზიდავდა, მსუბუქ გარსში ახვევდა.

შანგო საკუთარ მზერას შეჰყვა იმ ცისფერ სიმსუბუქეში. მღიმარი ცოლი გამოეცხადა. იღიმებოდ კეთილად, გულმოწყალედ. ეს ღიმილი მისი კაცური ღირსების დასტური იყო, მისი ავლა-დიდება და განძი. მერე კალეიდოსკოპი დატრიალდა, ერთმანეთში გარდამავლად იქცა ყველაფერი.

და შანგო საზეიმოდ მორთულ მდიდრულ დარბაზში იდგა. ჩუმად, სუნთქვაშეკრული უცქერდა საქმიანად მოფუსფუსე უცნობ ადამიანებს, აქეთ-იქით რომ მიმოდიოდნენ, თავშეკავებით საუბრობდნენ ერთმანეთში, დროდადრო ფართოდ გაღებულ კარს გახედავდნენ. ვერ გაეგო, რა ხდებოდა, ან ეს ადამიანები ვინ იყვნენ. იდგა უჩინარივით, ყველასგან განცალკევებული, უცხო, ვერავინ ამჩნევდა, არვის აინტერესებდა. თუმც ეს სულაც არ იყო მთავარი. შანგო იმითაც კმაყოფილდებოდა, ადამიანთა საპატიო კრებულში რომ მოხვდა. უჩვეულო მდგომარეობა ახალ ამპლუაში აქცევდა მის ღირსებას და საკუთარი თავისადმი პატივისცემით განაწყობდა. ნეტა რა ხდებაო, – გაიფიქრა, როდესაც ფართოდ გაღებულ კარში ხნიერი, ლამის შუასაუკუნეების მოდაზე ჩაცმული ქალბატონი გამოჩნდა. დარბაზი გადმოკვეთა და ჭაღქვეშ მომავალი, უეცრად შეიცნო შანგომ... მეოცე საუკუნის მიწურულის ინგლისის სამეფო დინასტიის მშვენება – დედოფალი ელისაბედი. დაუჯერებელი გახლდათ, მაგრამ სწორედ ინგლისის დედოფალი მობრძანდებოდა თავისი ამალით.

საზღვარი არ ჰქონდა შანგოს გაოცებას, მოუთოკავმა მღელვარებამ შეიპყრო. კედელს მოშორდა, გაუბედავად წადგა ნაბიჯი, ერთი, ორი, სამი, უფრო გათამამდა, აჰყვა საერთო განწყობას და დედოფლის შესაგებებლად დაძრულ ხალხს შეუერთდა. გააქტიურდა, მთელი მონდომებით ცდილობდა წინ მოხვედრას, რათა, რაც შეიძლება ახლო ენახა საპატიო სტუმარი, ჩვეულებრივი მოკვდავივით რომ იღიმებოდა, ჩვეულებრივი სათნო ქალივით, თავის ოდნავი დაქნევით არიგებდა სალამს. აი, მისი კაბის საყელო, მოსირმული, ზღაპრულად ნაზი. ბებრული ხელის მტევანი, მისი ჰაეროვანი, კეფაზე ლამაზად აკრეფილი თმა.

შანგო წინა რიგში იდგა, აღელვებით მიშტერებოდა, უცხო სამოთხის ბინადარი როგორ ასხივებდა ბრწყინვალებას, თან სულ უფრო ახლოვდებოდა. თითქმის ორიოდ ნაბიჯიღა აშორებდა მისგან. დედოფალმა ფეხი შეანელა, მზერა მიაპყრო შანგოს და ვიდრე ჩაუვლიდა, ღმერთო, ძლიერო, თვალი ჩაუკრა, სხივჩამდგარი მარცხენა თვალი. მერე ვითომც არაფერი, გზა განაგრძო.

მიხვდა, შანგო მიხვდა, რაც მოხდა, – ყველაზე მოულოდნელი, საარაკო და გაუთვალისწინებელი. მისმა აკვიატებულმა თვალის პაჭუნმა ქნა ეს. ბედის დაცინვა მყის ბედის წყალობად ექცა კაცს, თანდაყოლილი ნაკლი – სამუდამო ჯილდოს საბაბად. დედოფალმა უცნობის მცირე ფიზიკური დეფექტი უწყინარ ხუმრობად მიიღო და ხუმრობითვე უპასუხა, რაც საკმარისი გამოდგა, რომ შანგოს, ერთ რიგით ადამიანს, უმნიშვნელოს, ცხოვრებით არცთუ განებივრებულს, თავი უსაშველო სიმაღლეზე ეგრძნო, საიდანაც შიშით უნდა იცქირო დაბლა, და არ დაივიწყო, რომ ყველა საკუთარი სიმაღლიდან ეცემა.

აქეთ-იქიდან ქურდული მზერა მისწვდა, შეფარული ინტერესით დამუხტული. ვერ იტყოდი, შენატრიან თუ შურთ მისი გამორჩეულობისო. უფრო გაკვირვება იგრძნობოდა შანგოს ამ უეცარი ხვედრის გამო.

 

დიდი სიჩქარით მიჰქროდა ცხოვრების სიმბოლური მატარებელი, გუგუნ-გუგუნით, ფრენის შეგრძნებას ბადებდა.

შანგო ახლა ტამბურში როდია დაყუდებული, არამედ დღესასწაულის უჩინარ ფრთას გამობმია და საკუთარ სიმაღლეს შეტრფის. მოსწონს თავი, მშვიდი, უპრობლემო, ამაყი, დახსნილი მიწიერი ჭუჭყისგან. აქაა იგი, და ყველას ეპატიჟება სიხარულის ზეიმზე, სამოყვრო ხელს უწვდის ყველას, მთელ სამყაროსთან სამშვიდობო ზავს დებს, ხელს უწვდის, რადგან იცის, არ შეიძლება მოიკლა რწმენა, არ შეიძლება უკან დასახევი არ დაიტოვო. უკან შენი წარსულია, და შენი მომავალიც, რომელთანაც ჯაჭვითა ხარ მიბმული. ესაა შენი ტვირთი და ჯვარი, ერთადერთი მოცემული შანსივით, და უნდა მოუარო, უნდა გამოიყენო, როგორც უზენაესი უფლება, იმიტომ, რომ ჩიტი არ ხარ და ვერსად გაფრინდები, იმიტომ, რომ განცდის უნარი დაგენათლა, იმიტომ, რომ მშვიდობისათვის მოხვედი ქვეყანაზე, კიდევ იმიტომ, რომ აქ შენი შვილია, ჯერაც სახელდაურქმეველი. მშვენიერია ყველაფერი. მშვენიერია სიცოცხლე.

 

ყურისწამღებმა სტვენამ გამოიყვანა ნეტარი განცდიდან. თვალი გაახილა და დაინახა შეფის ბრაზიანი სახე. მას ორი თითი ჩაეყო პირში, ავარა ბიჭივით უსტვენდა.

ფეხზე წამოიჭრა შანგო, ავტომატი მხარზე მოიგდო, მხედრულად გაიჭიმა. შეფი კი ისევ მიშტერებოდა გადმოკარკლული თვალებით, ისევ ავარა ბიჭივით სტვენდა.

მაგინებს გულში, ეს ვირიშვილი, – გაიფიქრა შანგომ, – იგრძნო, როგორ შურდულივით მოექანებოდა იმ სიმაღლიდან, საიდანაც ამ ცოტა ხნის წინ ბედნიერი იმზირებოდა. გულისრევამდე მომაბეზრებელი ეჩვენა რეალობა, ესოდენ სასტიკად რომ აცამტვერებდა, ბოლომდე ამსხვრევდა განცდილს, ყოველივეს აკნინებდა.

– დილიდანვე მახათის გაყრა დაიწყე ყვერებში? – უკბილოდ იხუმრა შეფმა, როცა სტვენას მორჩა, – აქ დასაძინებლად მოხვედი?

– შანგო ხუმრობის გუნებაზე სულაც არ დამდგარა. შეფი ტიკინასავით რამდენჯერმე შეხტა-შემოხტა, მერე ძუნძულით გავარდა. მცველს საშინლად მობეზრებოდა დაკისრებული როლი – უკან ასდევნებოდა ჩიტირეკია მორბენალს.

კვლავ გრძელ სკამზე დაეშვა, ავტომატი ლაჯებშუა მოიქცია, სკამის საზურგეზე გადააწვა და საკუთარ სხეულში ჩაიყურსა.

როცა შეფი კვლავ დაბრუნდა, თავზე დაადგა, ეჭვიანად ჩაჰკითხა, კაცო, შენ დღეს ხომ არ გამოშტერდიო. შანგომ გაიფიქრა, არ სტყუის ხალხი, რომ დამცინის, ხალხს არაფერი ეშლება.

– ხმა ამოიღე! ხმა! – ყვიროდა შეფი.

შანგომ მწარედ ჩაიღიმა, არაფერი უთქვამს. შეფმა გადააფურთხა, ბრაზით თუ ზიზღით. შანგომ ავტომატს ცხვირი ააშვერინა, ისე გააჩერა, ერთი ჩახმახზე გამოკვრა და შეფის შუბლს არ ასცდებოდა. ეს იყო უსიტყვო დუელი. რასაკვირველია, იგი შეფს არ გამოჰპარვია.

– რა ღმერთი გიწყრება! – ისევ იყვირა მან, და მაშინვე ნაპირს მოღწეულ ტალღასავით დადაბლდა მისი ხმა, – მითხარი, რა ხდება, ცუდად ხომ არა ხარ...

– ჰო, – თქვა შანგომ, – ვერა ვარ გუნებაზე. ღამე შინ არ გამითევია, წინდები მაქვს გამოსაცვლელი.

შეფს ცოტა გულს მოეშვა, ძალა მოიკრიბა, ხელოვნური გულგრილობით ჰკითხა:

– ხუმრობ? – არაო, თავი გაიქნია შანგომ.

მართლაც როდი ხუმრობდა. ამის დასტურად, განუმარტა:

– იარაღს ჩავაბარებ... სამსახურიდან განთავისუფლების განცხადებასაც დავტოვებ. ადგა, ავტომატი მხარზე მოიგდო. ამასობაში შეფმა უფლებების გამოყენება სცადა, ისე იღრიალა, – მოგხსნი! მართლა მოგხსნი! არ დაგიწყებ კვერცხის გორებას! – ლამის მთელ ქალაქს გაეგონა...

– ჰოდა, აუცილებლად დაგაწინაურებენ.

თავადვე გაუკვირდა, როგორ ძალდაუტანებლად გადავიდა შენობით მიმართვაზე, როგორ დაურიდებლად ამოიდგა ენა. ამით ყველაფერი ითქვა. შანგოს ხმამაც არაჩვეულებრივი სიმშვიდე შეიძინა. სწორედ სიმშვიდე სჭირდებოდა. მერე ასევე მშვიდად ჰკითხა, შინამდე მიგაცილო, თუ აქვე დაგემშვიდობოო.

ის კი იდგა იმედგაცრუებული, მრავალმნიშვნელოვნად აქანავებდა თავს აქეთ-ქით, მდუმარებით გამოხატავდა მძვინვარებას. ეტყობოდა, ვერ შეგუებოდა, რომ მარათონმა ჭირი მოსჭამა... შანგომ საჭიროდ არ ჩათვალა მეტი დაყოვნება, აღარ უნდოდა მისი ცქერა, აღარც სიტყვების ბრახაბრუხი. სიტყვები რაღას შეცვლიდა. მიტრიალდა, უკან მოუხედავად დაუყვა დაღმართ ქუჩას.

ჩაათავებს ამ გზებს, ხიდით გადაუვლის გამურულ მდინარეს, ზემოდან გადმოხედავს მატარებლების გარინდულ სახურავებს, იგრძნობს, რომ უძღები შვილივით ბრუნდება შინ. უბრუნდება მშობლიურ ქალაქს, ანუ ადამიანურ თავისუფლებას.

არაფერს ნანობდა, სულ არაფერს. ავტომატი უკანასკნელად ეკიდა მხარზე და მთელი არსებით შედიოდა მშვიდობის საუფლოში. ცისადარი მართლა კარგი სახელიაო, ფიქრობდა. ცოლსაც გაეხარდება, ყოველ ცისმარე რომ აღარ იძუნძულებს. ნამდვილი მეგობარი მყავსო... სიამაყით აევსო გული. იმ სიამაყეში უცხო დედოფლის ღიმილიც გაკრთა. გამოხედა და ონავარივით ჩაუპაჭუნა თვალი. ვუამბო, თუ არა? ვუამბო თუ არა?  რასაკვირველია, ცოლს გულისხმობდა.

 

  1997 წ.

  ჭიათურა.

 

 

 

 

მანეკენის ღიმილი

 

მათ კარზე დააკაკუნეს, პირდაპირ მათ კარზე. ასე იშვიათად ხდებოდა, რადგან დედაბერი, ვისთანაც საერთო დერეფანი ჰქონდათ, როგორც წესი, სადარბაზოს შემოსასვლელს კეტავდა ხოლმე და მერე, ყოველ ზარზე დაფლატუნებდა წინ და უკან. თავისი და სხვისი სტუმარი მისთვის განურჩეველი იყო, ყველასთვის მას უნდა გაეღო კარი, ყველას ის უნდა მიჰგებებოდა, რითაც თავისებურ იერარქიას იქმნიდა ზიარი ქონების საუფლოში. ახლა დედაბერი უგუნებოდ გახლდათ, თორემ მომსვლელი უმისოდ ვერ გამოაღწევდა დერეფანს, ოთახის კარამდე ვერ მოვიდოდა. საქმე ის იყო, რომ დედაბერს მოულოდნელი უბედურება დაატყდა თავს – კატები დაკარგა, ორივე ერთად დაკარგა. ჩვეულებისამებრ გაუშვა გარეთ, ჰაერზე, და მერე მათ კვალს ვეღარ მიაგნო. მომპარეს, უთუოდ მომპარეს, თორემ თავისით როგორ მიმატოვებდნენ, ლამის თვალისჩინს მერჩივნენო. განმეორებით მოისმა კაკუნი, უფრო ენერგიულად, უფრო მონდომებით, მერედა რარიგ უდროო კაკუნი. ნეტა ვინ მოვიდა დალოცვილი!.. ასეთი ფიქრით ქალი მთელი ცისქვეშეთისადმი უპატივცემულობას გამოხატავდა.

ძლივს შერიგდნენ წუხანდელი ჩხუბის შემდეგ, იმ საშინლად კოშმარული ღამის შემდეგ ძლივს დაარწმუნეს ერთმანეთი, რომ კვლავ სიყვარული, კვლავ ცოლქმრული ერთგულებით განმტკიცებული კავშირი სუფევდა მათ შორის, ვერაფერს შეეძლო მისი დარღვევა. რომ გაუგებრობისგან არავინაა დაზღვეული და გინდ სანთლით ეძიო, მაინც ვერ ნახავ წვრილმან უსიამოვნებათაგან თავდახსნილ ოჯახს. წვრილმანებზე ამაღლება გვმართებს, შემთხვევითობამ არ უნდა დაგვაბნიოს, მაშინ, როცა უერთმანეთოდ ყოფნა არც ერთს არ წარმოგვიდგენიაო, და ენა ვერ მოთვლის, რა თქვეს კიდევ სანუგეშო და ხელმოსაჭიდი. ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, ყველაფერი ამ წყეული სმის ბრალი იყო, რაც აღარ უნდა განმეორდეს, რადგან ბავშვები ჰყავთ გასაზრდელი, საპატრონებელი. ამიტომ, კაცს, როგორც ოჯახის უფროსს და იმედს, სხვაგვარად გარჯა მართებს. გარდა ამისა, საქმე აქვს საკეთებელი, რისთვისაც სერიოზული შრომაა საჭირო. მარტო დასახვა როდი კმარა ურთულესი, ჯერაც გადაუწყვეტელი ფერწერული ამოცანებისა – მკვდარი ფერებისგან მიიღოს მჟღერადი გამა – მთავარი მისი განხორციელებაა, დაწყებულის ბოლომდე მიყვანა. ქალიც ხომ არ აკლებს ცდას, ყოველნაირად უწყობს ხელს, ყველაფერზე თანხმდება, უზომოდ თანაუგრძნობს. ამიტომაა, ლამის სული გასძვრეს პოზირებაზე ამდენი შიშვლად ჯდომით. მაინც რა ნებისყოფა, რა ძაღლური ამტანობა აქვს, ნეტა სხვა ვინ შესძლებდა ამდენს, ხომ იცის, რომ ერთ მშვენიერ დღეს მთვრალი ქმარი ნაკუწებად აქცევს ტილოს, თვეობით ნაცოდვილარს წამში მოუღებს ბოლოს, მხოლოდ ერთხელ მომხდარა მსგავსი, თუ ორჯერ... ის კი მაინც ზის მონური მოთმინებით. ზის და ზის... მთელი ამ ხნის განმავლობაში, სიშიშვლის განცდაც დაკარგა, დედიშობილა ისე მიეჩვია ქსოვას, ვითომ რბილ სავარძელში პლედმოსხმული მოხერხებულად მოწყობილიყოს და ფიქრს მიცემული ნებივრობდეს. ოღონდ, ეს მხრები... რა ემართება, მაინც რა საშინლად სტკივდება მხრები ერთ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნით. მკლავებიც მოწყვეტაზე აქვს, თვალებიც ეღლება და უთუოდ გამომეტყველებაც ეცვლება, მაგრამ ვიდრე არ უბრძანებენ დაისვენეო, კრინტის დამძვრელი არაა. და ვაი, რომ ასეთ ფასად შექმნილ ტილოებს განადგურება უწერია.

წუხანდელი ღამის გადამკიდე, სამსახურში ვერ წავიდა ქალი. ნეტავი თუ გადაუბრუნეს ტაბელი? საყვედურს ვინ ჩივის, ოღონდ სამსახურიდან არ მოხსნიდნენ!.. რაც არის, არის, რაღას უშველის, განა შეუძლია ასე ყველაფერზე დაუსრულებლად ფიქრი? დაიღალა, ძალა გამოელია. საცოდავი ბავშვები... როგორ ადგნენ, მაინც დროზე წავიდნენ სკოლაში, ვითომ მთელი ღამე ნეტარ ძილში გაეტარებინოთ. გადაუბრუნებდნენ ტაბელს, აბა რას იზამდნენ, ხომ იციან შვილების პატრონი რომაა.

გიჟური, რა უზომოდ გიჟური ღამე ჰქონდათ. ამ დილით ძლივს ჩამყუდროვდნენ წუხილიან ალერსში, ერთგულების მამტკიცებელ ტკბილ, ახლადგაღვიძებული სიყვარულისდარი სიტყვების ცათამბჯენ კოშკში შეივანეს. ეს ლამის ნირვანას უდრიდა, ლამის... ეს იყო საკუთარი სხეულიდან გასვლა. და, აი, ასე ერთარსებად ქცეულთ, ქვეყნიერებისგან გამიჯნულთ და ბედნიერებადაბრუნებულთ, ვიღაცა კარზე უკაკუნებდა. ვის მოუვიდა აზრად ამ დროს მოხეტება, ვინ მოევლინათ ასე უდროოდ.

ყოველივე ამას ცოლი ფიქრობდა, ქმრის სიყვარულში კვლავ დარწმუნებული ცოლი, ვისი კუთვნილებაც იყო ამ ნათლის სიმშვიდე, ამ ჭერქვეშეთში მობრუნებული სიხარული, კვლავ აღდგენილი კავშირის ჰარმონია. და ბავშვების სკოლიდან მოსვლამდე ვის განეზრახა მისი დარღვევა? ასე ფიქრობდა, თან ნაჩქარევად იკრავდა ხალათის ღილებს, კარისკენ მიდიოდა.

ქმრისთვის კი სულ ერთი იყო, მოვიდოდა ვინმე, თუ არა. ასეთ უმნიშვნელო ფაქტებს სათვალავში აღარ აგდებდა, რადგან ყველაზე მთავარი, თავისთავად არსებული, გამოუსწორებელი, სამუდამოდ მოუთოკავი, მოუნელებელ ტკივილად იდგა მის სულსა და ხორცში. განა არ იცოდა, რა უკურნებელი სენიც შეჰყროდა. მთელი უბედურება ის იყო, რომ ვერას შველოდა იმ უკმარობას, დაუკმაყოფილებლობის გრძნობას, პალიტრიდან ფუნჯის ტილოზე დადებამდე რომ უცამტვერებდა წარმოდგენაში უკვე ხორცშესხმულს. ეს მკვდარი ფერები... რა ბედისწერასავით აეკვიატა სურვილი მათგან მჟღერი გამის შექმნისა... მორევში მოხვედრილივით, ერთ ალაგას ტრიალებდა და იქნებ ვერასდროს დაეღწია თავი ამ ნებაყოფლობითი სატანჯველისგან.

ოსტატობა არ ჰყოფნიდა, თუ ნებისყოფა? ეგებ ნამეტანს ივალებდა, ზედმეტ ტვირთს ეჭიდებოდა, წელში გამდრეკ სიმძიმის ქვეშ აკვნესებდა სულს, ანდა ხელმოცარული კაცის გაბოროტებით, ახლის და ახლის ძიებაში ითხრიდა თვალს. ყველაფერს კი, ბოლოს და ბოლოს, აგვირგვინებდა წუხანდელის მსგავსი ღამეები, რომლის შემდეგაც სირცხვილით იწვოდა, სძაგდა საკუთარი თავი. სხვები ამას სიმთვრალის პათოლოგიას ეძახდნენ, ავადმყოფობად უთვლიდნენ, წმინდა მედიცინის თვალსაზრისით ხსნიდნენ. თვით კი გულში ხარშავდა ნამოქმედარის გამო ზიზღსა თუ ურვას, თან, გარეგნულად დამნაშავის დარცხვენილი იერის მიღმა მაინც მალავდა სხივშეპარულ, მანუგეშებელ ფიქრს, რომ ეს ახალი სიცოცხლის საწინდარია, სულს გვემა უთუოდ ჰმატებს რაღაცას. ისევ თავიდან დაიწყებს ყველაფერს, მიაღწევს ნაოცნებარს.

კარის გასაღებად გალერეაში (სამზარეულოს მაგივრობასაც რომ უწევდა ოჯახს) გასულ ცოლს ხმამაღლა მიაძახა:

– თუ მოსწავლეებია, უთხარი, შინ არა ვარ! – იგი სამხატვრო სკოლაში ასწავლიდა ფერწერას, და რადგან მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, ზოგჯერ შინაც აკითხავდნენ.

მაგრამ კართან შერგილი აღმოჩნდა, კუპრივით შავი, ოდნავ ჩატალღული წვერი გვარიანად მოეშვა. ერთი შეხედვით, ტყის კაცს წააგავდა. სამაგიეროდ, თვალები გახდომოდა საოცრად მეტყველი. მისი სახის ეს კონტრასტული ნიშანხატი საგულისხმო, მამშვენებელ ფაქტორად აღიქმებოდა.

რა სალამი, რის სალამი, – სახლში ხართო? – ეჭვიანი ინტერესით იკითხა. პალტოს გაუხდელად გაიარა გალერეა, ოთახში შეაბოტა. არც მხატვარს მისალმებია, თითქოს სამტროდ მოსულიყოს. ერთი კი მიანათა ვარსკვლავებივით ღვიარა თვალები, – წევხარ, ბიჭო? – უთხრა ტკბილი, უვნებელი ირონიით, სავარძელზე დაეშვა და თავი ჩაჰკიდა. არა, არ იყო ნასვამი, საოცარია, მაგრამ ნამდვილად წვეთი არ ჰქონდა დალეული.

– ავად ხომ არა ხარ? – ისევ იკითხა.

არაო, თავი გააქნია მხატვარმა, თან თბილი ირონიით შეჰღიმა.

შერგილმა თვალი არ უსწორა რატომღაც. გამძაფრებული ყურადღებით შეათვალიერა ოთახი. ერთ კუთხეში ისევ აულაგებელი იყო წუხანდელი აყალმაყალის ნაშთები – ფეხმომტვრეული სკამი, იაფფასიანი კერამიკული ლანგრის ნამსხვრევები, დაჭრილი ტილოები ჩარჩოებითურთ, ერთი სიტყვით, დაგლეჯილი ნერვებისგან შეკოწიწებული პაწია გორა, ზედ თხემზე დედის ბოლომოღებული პორტრეტი რომ ეგდო.

მხატვრის სულის ტკივილზე დადიოდა შერგილის მძიმე მზერა. ცოლი კართან იდგა, უსიტყვო მოწმესავით ესწრებოდა მამაკაცთა უხმო დიალოგს.

 ნეტავი გავიდეს... – ფიქრობდა მხატვარი, – როგორმე მოისაზრებდეს, რომ აქ მისი ადგილი არაა და გავიდეს.

მაგრამ ცოლი ისევ ჯიუტად იდგა. მხატვარს გაახსენდა, რომ წუხელ საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა მას, უკუღმა მოქნეული ხელი გააწნა სახეში. დილით, მართალია, არწმუნებდა, არაფერი მახსოვს, უთუოდ ჭკუიდან ვიყავი გადამცდარიო, მაგრამ ნამდვილად არ ღალატობდა მეხსიერება. უცქერდა ქანდაკებასავით უძრავად დაყუდებულ მის სხეულს, პროპორციებდარღვეულს, რომლის ფერში გადატანა სრულყოფილად ვერა და ვერ შეძლო, ყოველი ცდა თითქმის მარცხით უმთავრდებოდა. ეს სხეული მისი ტანჯვის ობიექტი იყო. მისი წარუმატებლობის წყაროცა და შედეგიც, საშინლად ნაცნობი, მობეზრებული. ამიტომ ცოტაღა აკლდა, ეღრიალა:

 დაგვტოვე! ერთი წუთი მაცხოვრე ჩემს ნებაზე! მომათქმევინე სული!..

დედის პორტრეტს ზედ ცხვირზე ჰქონდა დასმული დანა, და ამ ნაყარნუყარზე მიფენილი სახე ცალი თვალით იმზირებოდა, ცისფერგარეული ტყვიისა და შოკოლადის ფერი სჭარბობდა საღებავდატეხილ, ნაწამებ ტილოზე, სასოწარკვეთის ფერი.

ცოლი კი იდგა, პროპორციებდარღვეულ ტანზე შემოტმასნილი ხალათ–კაბით.

– მდა... – მეტი არაფერი, შერგილის მხოლოდ ეს ერთადერთი მდა...  არავითარი შეკითხვა, ყველაფერი ცხადზე ცხადი იყო.

იმას რა დიდი მიხვედრა უნდოდა, რომ კაცები მდუმარების პოზიციას ადგნენ. სიტყვას არ გახარჯავდნენ მესამე პირის თანდასწრებით, ვინც გინდა ყოფილიყო იგი. მიხვდა, ქმარი შეგნებულად არ იწყებდა ლაპარაკს. ხოლო შერგილი სულაც არ იყო ბაასის გუნებაზე. იჯდა თავისთვის, სრულიად ფხიზელი, ინერტული, როგორღაც ჩამშვიდებულიც. არ ბობოქრობდა ჩვეულებისამებრ. არ ქილიკობდა, არც იგინებოდა. არ ჰყვებოდა არც ანეკდოტს, არც ქალაქის ახალ ამბებს. არ ინტერესდებოდა, რას აკეთებ, როგორ მიდისო საქმე?.. და – ერთი შემოაბრუნე ეგ თავდამხობილიო, არ მიანიშნებდა კედელს მიყუდებულ ტილოზე.

მხატვარმა თვალი თვალში გაუყარა ცოლს. ისიც მაშინვე მიტრიალდა, ოთახიდან გავიდა. მერე ტანთ იცვამდა მხატვარი, თან ფიქრობდა, ნეტა შერგილმა შემომთავაზოს გაყოლა, სიამოვნებით წავალ, ცოტა ხნით გავეცლები ამ ჯურღმულსო.

ვეება ოთახი ჰქონდათ, მთელი ნორმალური საცხოვრებელი ფართისა, სადაც მისი პატარა ვაჟი ჰოკეის თამაშსაც თავისუფლად ახერხებდა, მაგრამ, რადგან სიმყუდროვე აკლდა, მხატვარი ყოველთვის ჯურღმულად იხსენიებდა ამ ფარღალალას. განა სახელოსნო არ ჰქონდა, მაინც აქ მუშაობა ერჩია, მეტი სინათლეაო, მზის ნათელზე ფერი უფრო ბუნებრივად აღიქმებაო. ამის გამო იყო, რომ ზეთის საღებავთა სუნში ეძინათ დიდიან-პატარიანად, საღებავის სუნი დაჰკრავდა ბავშვების ტანსაცმელსაც, და ვერც წარმოედგინათ ამ სუნის გარეშე ცხოვრება.

შერგილს არ შეუთავაზებია სადმე წასვლა, სათხოვარი მაქვს და ნუ დამზარდებიო, მხოლოდ ესა თქვა, უბეში შეიცურა ხელის მტევანი, ყოჩივარდის სამი კონა ამოიღო, უხერხულად დაიჭირა, რადგან არ იცოდა სად წაეღო, რა მოეხერხებინა ყვავილებისთვის.

მხატვარი გაშტერდა, თვალი მიაჭდო გრძელი თითების რკალში მოქცეულ კონებს, უკვირდა, შერგილის ხელში რა ყოჩივარდის ადგილიაო.

– სასამართლო გვქონდა, გავიყარეთ, – ამოშაქრა, – საღამოზე ეს ყვავილები უნდა მიუტანო, უთხარი, რომ დამდეგ გაზაფხულს ვულოცავ.

– გაიყარეთ?

– ხო, ასეა...

ადგა, მაგიდაზე დააწყო ყვავილები, ჭადრაკის მიყრილ ფიგურებსა და უცხოური სამზარეულოს სარეკლამო ჟურნალის გვერდით, თქვა, ახლა კი წავედიო... კაეშანი ღრმა სუნთქვას ამოაყოლა.

არ შეუთავაზებია, რა გეჩქარება, მოიცა, ვისაუბროთო, რადგან ერთიმეორისა, ასე თუ ისე, ესმოდათ. სისულელე იყო ზედმეტი სიტყვების რახარუხი, ვერც ვერაფერს შეცვლიდნენ, ვერც ახალს იტყოდნენ რაიმეს. აბა, რას ემსგავსებოდა:

– წუხელაც აურიე?

– მაშ!..

– ადამიანმა ნეტა როდის უნდა ისწავლოს ჭკუა?!.

– ეეჰ!..

ანდა შეიცვლებოდა როლი:

– დაამთავრე სცენარი?

– ერთი სცენარისაც...

– სტუდიაში როგორ გრძნობ თავს?

– როგორც შეიძლება იგრძნო კატაკომბებში.

– რა ვიცი, აშენდა ხალხი...

– ერთი მაგ ხალხისაც!

ეს იქნებოდა, ან რაიმე ამისი მსგავსი, ჰოდა, განა ღირდა ძალის დატანება, ცოტა შეიცადეო? ჭადრაკის თამაშის გუნებაზე კი არც ერთი არ იყო.

 

გალერეაში, სამზარეულო კუთხის გამყოფ პორტიერს მიღმა, გაზქურასთან მოფუსფუსე ცოლს არ შეხმიანებია, შერგილს გავაცილებ და მალე მოვბრუნდებიო. არც მას გამოუხედავს, რითაც ქალურ უუფლებობას პროტესტულად უსვამდა ხაზს, უსიტყვოდ ამბობდა, ნაწყენი ვარ თქვენზეო.

ცოლის ჩვევათა და ხასიათის ყოველი ნიუანსი ხუთი თითივით ჰქონდა შესწავლილი. ახლა ეს წყენა სათვალავში არ იყო ჩასაგდები, რადგან იგი ამდილანდელი უფლებააღმდგარი ქალის იმ სურვილთა უვნებელ ხუშტურს ჰგავდა, რისი საბაბიც თავადვე მისცა ერთგულებისა და სიყვარულის მამტკიცებელი მღელვარე ფიცით, მარგალიტის მარცვლებივით რომ აბნია ცოლქმრულ სარეცელზე. არც დედაბერს გამოუხედავს დერეფანში ფეხის ხმაზე. კატების დაბრუნებაზე, ეტყობა, საბოლოოდ ჩაექნია ხელი და თავი სასოწარკვეთისთვის მიეცა.

გაიარეს გრძელი ეზო. მხარდამხარ მისდევდნენ ერთმანეთს. ორივემ იცოდა, რომ ეს იყო ნატკენ სულთა დამგზავრება, ასე გვერდიგვერდ დგომით კიდევაც რომ ქენჯნიდნენ ერთიმეორეს და კიდევაც ეფერებოდნენ. ეს იყო სიმართლისათვის დაშვებულ შეცდომათა დამფარველი ამაყი ცრემლის უზაკველობა და ამაოების ამაო სუნთქვა. ხოლო ვინც დუმილის ენა არ იცის, მისთვის ყოველი ენა უცნობია. ის, ვინც ცოდვის გამართლებას მხოლოდ მონანიებაში ხედავს, თავდაპირველ მიზეზს კი არ თანაუგრძნობს, ჭეშმარიტებას ვერ მისწვდება.

ორივეს შველოდა უსიტყვო თანადგომა, ამხნევებდა, ანუგეშებდა. მაგრამ ფიქრივით მოკლე გამოდგა სავალი, მალე გაილია გზა, უკვე ქუჩის კუთხეში ვიტრინებდამტვერილ სამხედრო მაღაზიას უსწორდნენ. შერგილი გაჩერდა.

– გასაოცარი რამ უნდა გითხრა, თქვა ისე, თითქოს მთელი გზა ეს სათქმელი აწვალებდა, – სანამ შენთან მოვიდოდი, აი, ამ ნახევარი საათის წინ, ნაცნობი შემხვდა. ბიჭო, ყველამ იცის, ცოლი ღალატობს, მგონი თავადაც უნდა ჰქონდეს ეს ამბავი ყურში ჩაწვეთებული. ერთიც ვნახოთ, ამოიღო რაღაც ფარატინები, ანალიზის ფურცლებიაო, და შემომჩივლა, შაქარი მაქვს მომატებული, რა მეშველება, ჩემს დღეში ფრჩხილი არ მტკენია, ახლა რა უბედურება ტრიალებს ჩემს თავსო. ვუსმინე, ვუსმინე, მერე რჩევა მივეცი, ბევრი ლაპარაკი შაქარს ვნებს, ისე კი ეგ არისტოკრატების დაავადებაა, ამიტომ, ერთის მხრივ, შეგიძლია იამაყო კიდეც-მეთქი, მოკლედ, პირში შევატოვე სიტყვა. შემეშინდა, არ მიმეფურთხებია იმ შეჩვენებულისთვის. ვერ გაიგებ, ძმაო, რა ხდება ქვეყანაზე, არც უნდა ეცადო, სისულელეა.

– ქვედა ტუჩი ჩვეულებისამებრ ჩაიკვნიტა, წავედი, აბა შენ იციო. თავისი სათხოვარი იგულისხმა.

გზას ადევნებულ შერგილს მზერა რომ მოსწყვიტა, ვიტრინაში დაყუდებულ მანეკენს შერჩა მხატვარი. ყოველთვის უკვირდა, სამხედრო მაღაზიის სარეკლამოდ ქალის მანეკენი რად შეერჩიათ. საოცრად მაღალი იყო, ტანისამოსს სეზონისდა მიხედვით უცვლიდნენ. ახლა მას იაფფასიანი ხელოვნური ბეწვის ქურქი ეცვა, თავზე რაღაც ძველებური შლაპა ეხურა და საბრალოდ იღიმებოდა. რამდენჯერ ჩაუვლია ვიტრინასთან, მაგრამ არასდროს დაკვირვებია ამ უბადრუკ ბუტაფორიას, ასე არასდროს შეუძრწუნებია უსულო საგანში ჩაკირულ მიმიკას, რასაც მარტოობის ირონია ერქვა და რაც, მიამიტი მგრძნობელობისდარად, ლამის ბრიყვული გულჩვილობით აიძულებდა ეფიქრა, ნეტავი ვის შეუძლია ღიმილისაგან გაათავისუფლოს მანეკენიო.

ყველაფერი, თუნდ წუთიერად რომ გვიმორჩილებს, ჩვენზე ძლიერია. სხვაგვარად აბა რით შეიძლება აიხსნას შთაბეჭდილება, ვიტრინას რომ ვეღარ მოსწყვიტა მხატვარი, მისი ფიქრი მიიტაცა, მიისაკუთრა. ჰო, ხელუკუღმა... დაუზოგავად...  ნუთუ მართლა დაუჯერა ცოლმა, არ მახსოვსო, რომ უთხრა. თუ ასეა, იქნებ აპატია კიდეც. ვერასდროს წარმოიდგენდა, ესოდენ კეთილშობილი ცნება – პატიება, რამდენადმე თუ შეიცავდა ბიწიერების შინაარსსაც. საშინელებად ეჩვენებოდა ყოველივე, თითქოს ახალაღმოჩენილი, მაგრამ მაინც გამეორებითი ინფორმაციასავით უსიამო. დილით, სამსახურში მიმავალი ცოლის მიერ ჩართული რადიოდან მოსმენილი სარეკლამო რუბრიკისდარად., რომელიც გვთავაზობს, ვიყიდოთ კალკულატორი, ანდა განცხადებების კატეგორიული ტონი მოსახლეობას აფრთხილებს ცოფსაწინააღმდეგო აცრების შესახებ.

უფრო დაუმძიმდა გუნება. უკან მობრუნებული იმასღა ფიქრობდა, რომ ცხოვრება რაღაცით ჰგავს მანეკენს, ხოლო, თუ ვერ ფლობ ლამაზი ტყუილის ხელოვნებას, თუ მართლა ირწმუნებ, რომ ამ მოჩვენებითი ღიმილის იქით აღარაფერია სიცარიელის მეტი, წასულია შენი საქმე.

ცოლს სუფრა უკვე გაეწყო, ყოჩივარდებიც მოეთავსებინა შესაფერ ლარნაკში. ფანჯარასთან იდგა და ხევსურულ სტილში გაწყობილ ორნამენტებიან ჟილეტს ქსოვდა. აი მისი უპირატესობანი: ბავშვები, სადილი, ქსოვა, დუმილი, მრავალმნიშვნელოვანი, ფიქრითა და საწუხარით სავსე დუმილი.

ქმრის შემოსვლისთანავე ანება თავი ქსოვას. მერე პანსიონატის ახალგაცნობილი თანამესუფრეებივით, უხმოდ მიუსხდნენ მაგიდას. შუადღე წამოსულიყო, ხოლო მათ ხემსიც არ ჩაედოთ პირში.

– მაპატიე, მაგრამ უნებლიეთ გავიგონე, – დაიწყო ქალმა, – ასეც ვიცოდი, ყოველთვის ვგრძნობდი, გაიყრებოდნენ.

– ჰო. – თქვა მხატვარმა, – მაგაშიც ღვთის ხელი ურევია.

– შენ რას აპირებ?

– რისას?

– მართლა უნდა წაუღო ყვავილები? ეს ხომ სისულელე იქნება.

– სისულელე?

– რასაკვირველია, ამით მხოლოდ გააღიზიანებ, მეტი არაფერი. ლამაზ ჟესტებს არავითარი აზრი აღარა აქვს. წარმოიდგინე, გამეყარო და იმავ საღამოს ყვავილები მომართვა. სასაცილოა. მე მათ უეჭველად ფანჯრიდან მოვისროდი.

– ვწუხვარ, ასეთი ხასიათის ქალი ინგლისის დედოფლად არ დაიბადე...

– რას იზამ, ჩემო კარგო, ბედის დაცინვად შეიძლება ჩაითვალოს, რომ შენს ცოლობას დავჯერდი, – თქვა და უნებლიე დამნაშავესავით შეჰღიმა ქმარს.

ეს იყო მანეკენის ღიმილი, ანუ წონასწორობა, რომელიც აღარ აღიზიანებდა, რადგან მხატვარი უმალვე მიხვდა, რომ არაფრისთვის, სხვა არაფრისთვის, მხოლოდ ამ ღიმილისთვის სჭირდებოდა იგი, ამ ღიმილს ამოფარებული მიათრევდა წუთისოფელს. რამდენი უთქმელი დარჩა მოხდენილ ქალურ ჟესტს მიღმა, ორივესთვის ცალ–ცალკე გათავისებული, სიტყვებად რომ არ უნდა დახურდავებულიყო.

  ხელუკუღმა... ჰო, სწორედ ასე იყო...

მეტი რომ აღარ ეფიქრა ამაზე, უცებ შეცვალა საუბრის თემა: შეაკითხე იმ საცოდავს, მართლა არ გადაჰყვეს კატებზე დარდს, – უთხრა ცოლს და თეფშიდან შაქარწაყრილი ლიმონის თხელი ნაჭერი აიღო.

 

  1985 წ.

  თბილისი

 

 

 

 

 

 ახალი მარშრუტი

 

 

ბოლო შესახვევიც, აი, ეს ბოლო შესახვევიც და სულ მალე ადგილზე იქნება.

წყნარი დილაა, ოდნავ ინერტული.

 

მთელი გზა მოჰყვებოდა ედის ეს სიწყნარე, ეს ინერტულობა. აჩქარდა. ცხრას ხუთი წუთი აკლდა, მაგრამ მაინც უმატა ნაბიჯს.

ილია ცოტა ადრე მოდის ხოლმე, ბურახის ცარიელი ცისტერნის წინ გააჩერებს მანქანას, ზის მოთმინებით, წიგნს ჩაჰკირკიტებს და ელოდება. შორიდანვე დალანდავს თუ არა მის უძრავ კეფას ედი, მაშინვე ახსენდება, შენი მწვრთნელი ვარო, პირველ გაკვეთილზევე რომ უთხრა ილიამ. ედიმ იგი საგანგებოდ აარჩია, ახალგაზრდა მეთოდისტებთან შედარებით, უპირატესობა მისცა ასაკოვანს, გამოცდილსა და დაღლილს, იმ იმედით, რომ ზედმეტი სიტყვით არ შეაწუხებდა, ბარიერს არ გადააბიჯებდა.

მაგრამ ილიამ, სახელის ნაცვლად გოგოშკის რომ ეძახდა ედის, მაინც ჰკითხა, რამდენი წლისა ხარო? ედის გაეცინა, და როცა ილიამაც სიცილი მიაგება, თანაც დაჟინებით დაელოდა პასუხს, ედიმ თქვა:

– უკვე იმ ასაკში ვარ, როცა ქალს წლოვანებას აღარ ეკითხებიან.

– კარგი ერთი!.. – კვლავ გაიცინა ილიამ, თითით ანიშნა საკონტროლო სარკეზე, – თან გზას უცქირეთ, ხედავთ, ტაქსი გასწრებას გიპირებთ. ოდნავ მარჯვნივ!.. აი, ყოჩაღ! თორემ მაგათთან მტერს ჰქონდეს საქმე. მერე დაუმატა – განგებ გესაუბრებით, ძალდაუტანებლად მართვას უნდა მიეჩვიოთ.

ედიმ თვალი ჰკიდა მანქანას, უქმად წამოყუდებული ბურახის ცისტერნის წინ რომ იცდიდა უკვე და ფეხს აუჩქარა.

ეტყობოდა ცხელი დღე მოჰყვებოდა დილას, უსიამოდ ისუსხებოდა მზე.

მთელი ზაფხული ასე ცხელი იყო, უნალექო, გაუსაძლისი. უაზროდ ილეოდა. რომ სცოდნოდა ამინდის პროგნოზი, ეგებ არც შესულიყო მძღოლობის შემსწავლელ კურსებზე, რის გადამკიდეც ვეღარ გასცლოდა ქალაქს, მოთმინებით იტანდა ხვატს და ლამის დაეჯერებინა საკუთარი სიტყვები, აგარაკზე წასულ ძმას ტელეფონში რომ უთხრა, თავისუფლად სუნთქვას გადავეჩვიე, თურმე თავისუფლად სუნთქვის გარეშეც შეიძლება ცხოვრებაო.

საღამოები გომურივით უჰაერო ოთახში თეორიის გაკვეთილებს მიჰქონდა, დილით კი მანქანის მართვაში იწაფებოდა. პროგრამით გათვალისწინებული საათები საკმარისი არ იყო, რომ ქალაქის ინტენსიურ მოძრაობაში დამოუკიდებლად შეძლებოდა სიარული. ამიტომ მოურიგდა ილიას, დამატებითი გაკვეთილებისთვის დადგენილი წესისამებრ უხდიდა. მთლიანად ჩაეფლო ახალ გატაცებაში, სამსახურშიც, ძალაუნებურად, მართვისა და მოძრაობის წესებზე ფიქრობდა. «უპირატესობა მარჯვენა მხრისაა... ჰოდა, ავდგები და სულ მარჯვნივ ვივლი». «ვითომ რატომ მაინცდამაინც დაღმართში მოძრავი ტრანსპორტი უთმობს გზას?» გაზგამანაწილებელ მექანიზმს და მუხლა ლილვის მუშაობას ვერაფერი გაუგო. თეორიის მასწავლებელს აბრალებდა, პედაგოგიური მონაცემები აკლიაო. საგამოცდო კითხვები (თავისი პასუხებით) ხუთ მანეთად მოიპოვა იმ იმედით, თუ სხვა ჩააბარებს, მე რაღა ღმერთი გამიწყრებაო. ოღონდ იმან გააღიზიანა, ლატარიის ბილეთები ძალისძალით რომ შეაძენინეს. არასდროს მოუგია, ახლაც წყალში გადავყარე ფულიო, ეს დოსააფი ეშმაკის მოგონილიაო.

კიდევ კარგი, ლავროსი გაიცნო, ცოტა გულს აყოლებდა მასთან საუბარს. ლავროსი მთელ ღამეებს პიესის წერაში თეთრად ათენებდა თურმე. სამაგიეროდ, სამსახურში ეძინა. ამაზე სასაცილო რა უნდა ყოფილიყო. თანაც ლავროსი გამოთვლით ცენტრში მუშაობდა. «უკანონოდ» გარდაცვლილთა რიცხვს ანგარიშობდა. «უკანონო» მიცვალებულებად ისინი ითვლებოდნენ, რომელთა პატრონიც საავადმყოფოთა მედპერსონალის მიმართ საჩივარს განაცხადებდა. მომჩივანთა რაოდენობა არც ისე დიდი იყო ალბათ, თორემ ლავროსის ძილის საშუალება მოესპობოდა და დაიჩაგრებოდა.

თეორიის მასწავლებელი კი ტლანქი და გაუთლელი კაცი იყო. მის შემხედვარეს, სკოლის მოსწავლესავით უნდა გშინებოდა, კუთხეში დადგომა არ მომიწიოსო. «სულ მარჯვნივ უნდა ვიარო, რათა უპირატესობა მქონდეს!.. მარჯვნივ... მარჯვნივ...».

ილია წიგნში ცხვირჩარგული კი არ დახვდა, არამედ მანქანის შორიახლო ვიღაც სათვალიან მამაკაცს ესაუბრებოდა. ახალთახალი ღია ცისფერი პერანგი ეცვა, თმა კოხტად გადაევარცხნა, მხნედ გამოიყურებოდა.

ედის გულში გაეღიმა იმ უნებლიე ღიმილით, გულუბრყვილოები რომ იმსახურებენ ჩვენს თვალში. «საგანგებოდ მოპრანჭულა». გაცილებით ახალგაზრდა ეჩვენა, მეთოდისტი მძღოლის კვალობაზე, ინტელიგენტურიც.

ილიას არც გამოუხედავს, ედის მისვლისთანავე სასწრაფოდ დაემშვიდობა თანამოსაუბრეს, მანქანისკენ გამოსწია. «ჩემს ნაბიჯებს ცნობს...» გაახსენდა, წინა მეცადინეობაზე მომდევნო გაკვეთილის ფული წინასწარ რომ სთხოვა ილიამ, მანქანისთვის დეფიციტური დეტალი აღმოვაჩინე ერთ ადგილას და მინდა ვიყიდოო. მაშასადამე, დღევანდელი გაკვეთილისთვის გადახდა აღარ მოუწევს.

ილია ოდნავი თავის დაკვრით მიესალმა, კარი გამოაღო და ისე ჩაჯდა მანქანაში, თითქოს უსიტყვოდ ეუბნებოდა ახალბედა მოყვარულს, ხომ ხედავ, როგორ დაუფიქრებლად განდობ ჩემს სიცოცხლესო.

მას შემდეგ, რაც თვალსა და ხელშუა უკვდებოდა მეორე სიყვარულიც, ედი გრძნობებს ასვენებდა. ედის არავისი სიცოცხლე არ სჭირდებოდა მსხვერპლად.

ილიამ ორმაგ მარჯვენა სარკეში გახედა გზის უკანა მხარეს და დაელოდა, ვიდრე ედი სკამს მოირგებდა.

დღეს ახალი მარშრუტით მიდიოდნენ. ქალაქის ზომაზე მეტად გადატვირთულქუჩებიანი უბანი უნდა მოევლოთ. ედიმ ადგილზევე მოაბრუნა მანქანა და დაბლა დაეშვა გზაჯვარედინისკენ, სადაც ჯერ ისევ მწვანე შუქი ენთო, მაგრამ მოძრაობის რიტმი სუსტდებოდა.

– მიდი, გაასწარი! – ააჩქარა ილიამ, – სასწრაფო დახმარება გაუშვი და მოუმატე გაზს! აი, მასე, ახლა დააწექი! ყოჩაღ! აქ ისეა, როგორც ცხოვრებაში. შანსი არ უნდა გაუშვა, ყველა სიტუაცია შენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენო.

– ცხოვრებაში მასეა? – იკითხა ედიმ. მოხვევა დაამთავრა და სიჩქარე გადართო. მსუბუქად, რბილად მიქროდნენ.

ჩაუარეს მუსიკალური ტექნიკუმის შენობას, სადაც ერთ დროს სწავლობდა ედი – ცქრიალა, ოცნებით სავსე, შავ გოფრირებულ ქვედატანსა და ბაფთიან კოფთაში გამოწყობილი, მუსიკალური კლასიკით ამოტენილი სანოტით ხელში, სავსე მომავლის მოლოდინით, პირველი მიჯნურობის ტკბილი სუსხით. აი აქ, ამ პარაპეტის გასწვრივ დააბიჯებდა «ავემარიას» მელოდიით გულსავსე პატარა პიანისტი.

რა საოცრად კარგი ყოფილა თურმე, საოცრად ქორფა და ცინცხალი. მაშინ როგორ წარმოიდგენდა, თუ ოდესმე ძველი ნაცნობივით ჩაუვლიდა გაუცხოებულ წარსულს, იმ გულუბრყვილო სილამაზეს, რისი ფასიც არ სცოდნია, ახალგაზრდობის იმ მცინარ კოშკს, რომლიდანაც ყველა გზა უდაბურებასა და შეუცნობლობისკენ მიდიოდა. მიდიოდა იმ ერთადერთი გარდაუვალობისკენ, მისი ბედი რომ ერქვა.

– მაშასადამე, ცხოვრებაშიც მასეა? – ისევ ჩაეძია ედი, – მერე რატომაა მასე?

ილია მთელი კორპუსით მობრუნდა მისკენ, დააკვირდა. მალევე მოაცილა მზერა, გზას გაუშტერა, სადაც ინვალიდი მძღოლი მიერეკებოდა გვერდებდაჭეჭყილ «ზაპოროჟეცს», და შინაურულად თქვა:

– თმა დაიხვიეთ?

«პასუხი ხელს არ აძლევს», – გაიფიქრა ედიმ.

ილია განაგრძობდა:

– მე თუ მკითხავთ, ისე უფრო გიხდებოდათ. სწორი თმა გაცილებით მდიდრულია. მულატ ქალს დაემსგავსეთ და ეგაა...

– მერე ცუდია? მულატი ქალები ხომ ლამაზები არიან.

– რა ვიცი... – ოდნავ დაიბნა ილია. – ეგ გემოვნების ამბავია.

არ გაუღიზიანებია ილიას აზრებს, მისთვის სულ ერთი იყო, ილიას თვალში როგორ გამოიყურებოდა, ოღონდ გაახსენდა ლავროსის ნათქვამი, ორი თვეა გიცნობ და სამჯერ შეიცვალე უკვე თმის ვარცხნილობაო. მაშინ მართლა გაუკვირდა, ნუთუ მართლა ამდენ ყურადღებას ვუთმობ საკუთარ თავსო, მაგრამ ფაქტი ჯიუტი იყო.

მერვე თვე დაიწყო, რაც ღალატით გულდასენილს აღარაფერი ახარებდა. საკუთარ თავთან ბრძოლას უნდებოდა, კატორღულად დამღლელ და მძიმე ბრძოლას. როგორმე უნდა გათავისუფლებულიყო თვითგვემის ტკივილისგან. უარი უნდა ეთქვა წარსულზე. როგორი დიდებული რამაა უარი!..

მანამ კი არ არსებობს უფრო შეუვალი და დამაბრმავებელი სინათლე, ვიდრე საკუთარი გრძნობები. უფრო მართალი ტყუილი, ვიდრე თვითგანსჯა. უნდა მოკლა ობოლი სიყვარული, რომ თავი გამოიხსნა.

ასეთ სულელურ ბრძოლას ალევდა მთელ ენერგიას, ნებისყოფის ყველა შესაძლებლობას. ნგრევა... სიცარიელე... უბადრუკი გამარჯვება...

ეს კი თმის ვარცხნილობებს იცვლის.

– მასე არ შეიძლება! როცა საჭეს უზიხარ, ფიქრებს უნდა მოეშვა! – მკაცრად თქვა ილიამ. – გამოიმუშავეთ, ერთხელ და სამუდამოდ გამოიმუშავეთ! ფიქრი სხვა დროს, როცა ძილს დააპირებთ ლოგინში. აქ ქუჩაა, ხედავთ რა გიჟები დადიან! აბა, ახლა რომ ჩაგიქროლათ, მაგან საჭე იცის? მეტი არაა ჩემი მტერი. კოჭლი ცხვარი რომ აცმუკდება, ზუსტად ისე მიდის. ჰა, რას სჩადით! კონუსი! კონუსი გათიშეთ, თორემ ჩაშლით სიჩქარის კოლოფს! ახალი ამბავი! თავიდან ხომ არ დაგვეწყო, ანბანიდან!

– ნუ მიჯავრდებით, თორემ დავიბნევი, – წყნარად უთხრა ედიმ, – ბავშვობიდანვე ვერ ვიტან გაჯავრებას.

– არ გიჯავრდებით... – ილიამ თითებით აივარცხნა თმა. ისევ გზას გაუშტერა თვალი.

ლურჯმა ფიატმა გაუსწროთ, რომელიც კვლავ ცდილობდა წინა დაბრკოლებისგან გაძრომას, რათა ხიდზე თავისუფლად შეფრენილიყო.

ამ ხიდზე ედის ბიჭი ჰყავდა ნაცემი. უნივერსიტეტის სტუდენტი იყო მაშინ, გულჩათხრობილი და ეული. დეკემბრის სუსხიან ღამით დაბადების დღიდან მოდიოდნენ, პირველად ხედავდა, სახელიც არ იცოდა მისი. მაგრამ რაკიღა დანარჩენები დაწყვილდნენ და თავ-თავიანთ გზებს გაუყვნენ, შეჭიკჭიკებულმა ბიჭმა იფიქრა, ამ ღამემ მეც საჩუქარი გამომიგზავნაო, უბოდიშოდ მოხვია ხელი ედის. მაშინ იყო, მისმა ეულმა, აზიურმა სულმა ამბოხი რომ მოაწყო. ბიჭი თავდაცვას ვეღარ ახერხებდა. და როცა გაიქცა, ხიდზე დარჩენილმა ედიმ უზომო შვება იგრძნო იმის გამო, რომ ქალურად წივილ-კივილით კი არა, თანაბარი ძალების პოზიციიდან ებრძოლა ბიჭს, უხმოდ, ნამდვილი ბრაზით, სამართლიანად. ალბათ, სწორედ ამან დაათრგუნვინა თავხედი. მერე კი, როცა ხიდიდან დაჰყურებდა დაბლა, ჩიხებში გადამდგარი სამგზავრო მატარებლების სახურავებს, გარინდული ვაგონების მთვლემარ სიცარიელის განცდაზე, ნელა ამოუჯდა გული.

ხაკისფერი, მოკლე, წელში ოდნავ გამოყვანილი პალტო ეცვა, მერვეკლასელ გოგონას ჰგავდა. იმხანებში ტყუილად კი არ შენიშნა ჟურნალის რედაქციის ერთმა თანამშრომელმა, მართლა ჰგავდა მერვეკლასელ გოგოს.

ასაკი, რაც მართალია, მართალია, არასდროს ემჩნეოდა, მუდამ ნამდვილ წლოვანებაზე გაცილებით უმცროსად გამოიყურებოდა. ილიაც ამის გამო ეძახდა გოგოშკის, თუ მისი აზრი რაიმედ ჩასაგდები იყო. თუმცა რა, თვითონაც მშვენივრად გრძნობდა ამას, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავის ყოფილ მოსწავლეებს შეხვდებოდა, დაქალებულებს, მორღვეულებს, ცხოვრებით დაღდასმულთ, სტუდენტობის მომდევნო წლებს რომ აგონებდნენ ედის. ერთმანეთზე მიბმულ სამ წელს, რომელიც მან, ახალგაზრდა მასწავლებელმა მტვრიან საკლასო ოთახებსა და ჩლუნგი დედაკაცების წიკვინით სავსე სამასწავლებლოში გაატარა.

შენზე ასაკი არ მოქმედებს, გიყურებ და მგონია, ასტრონომიულმა დრომ გვერდი აგიარაო, უთხრა ერთხელ ედის ექსცენტრულმა ნაცნობმა. კი, ნამდვილად ასე ჩანდა, მაგრამ ვის შეეძლო იმის გაგება, რომ ის ასტრონომიული დრო მის სულზე გადიოდა და არა სხეულზე, შინაგანად ანგრევდა. გარეგნული ეფექტი კი ზოდიაქოს დამსახურება იყო მხოლოდ. «ფერფლისაგან აღდგომა!» – აი, რა თვისება ჰქონდა ღრიანკალს. აქ გზები იყოფოდა და ედიმ იკითხა, საით წავიდეო?

– მარჯვნივ, – თქვა ილიამ, – პარკს შემოვუვლით და ნაძალადევში გადავალთ.

ამასობაში ყვითელი შუქნიშანიც აინთო, ედიმ სვლას უკლო და ვიდრე გაჩერდებოდა, ხმამაღალი ყვირილი მოესმა:

– ბრავო! ბრავო! – ყვიროდა თანამშრომელი ზაზა. ლამის ხტოდა ადგილზე, ტაშს უკრავდა და მთელი ხმით გაჰყვიროდა.

ედის გულიანად გაეცინა. მიესალმა – თავი დაუქნია და ხელი ოდნავ აუღო. ის კი მაინც არ წყვეტდა აღტაცების ხმაურს, ვიდრე მანქანამ მარჯვნივ არ შეუხვია.

– ვინ იყო? – იკითხა ილიამ.

– თანამშრომელი.

– ძალიან კი გაუხარდა შენი დანახვა.

– ასეთი თანამშრომლები მყავს. ალჟირში მიდის სამუშაოდ.

– შორს წასულა.

– უცხო ენა იცის და იმან უშველა.

– ზოგს რა შველის, ზოგს რა, – თქვა ილიამ და გაჩუმდა.

თეთრი «გაზ-24» წამოეწიათ. ედიმ მაშინვე მიაქცია ყურადღება, რომ მძღოლი ცდილობდა, მის სინქრონულად ევლო. ერთხანს ინტერესით უცქერდა ედის, მერე იდაყვი გადმოჰყო ფანჯარაში, გადმოიწია და დაუძახა:

– «პავაროტნიკი» დაგრჩათ ჩართული!

ედიმ მადლობის ნიშნად თავი დაუქნია, გამორთო მარჯვნივ მოხვევის მაჩვენებელი. სასიამოვნო გულისხმიერება და თანადგომა იგრძნო უცნობისგან, რომელიც უკვე კარგა მანძილით დაწინაურდა. ეს იყო პირველი რეალური კონტაქტი მისთვის ჯერაც უცხო სამყაროში, საჭესთან მსხდომნი რომ ქმნიან. აქაც, ალბათ, ისევე ვლინდებოდა ადამიანი მისი ყველა თვისებით, როგორც ცხოვრებაში, პირადი დამოკიდებულებებისას. განსხვავება ის იყო მხოლოდ, რომ აქ მექანიკის ენაზე წარმოებს ურთიერთობა, გრძნობების სიფაქიზეს ცვლის კატასტროფის საშიშროების მოლოდინი, სიფხიზლე. ურთიერთპატივისცემა დაჯახების თავიდან აცილების მცდელობითაა განპირობებული. აქ არავის არავინ აინტერესებს, მთავარია, მათმა პატარა მიკრო სამყაროებმა უსაფრთხოდ აუარონ გვერდი ერთიმეორეს. შეხვედრის მომენტი იგნორირებულია. გაცლა, გაცლა უნდა მოხერხდეს, დისტანციები უნდა იქნას დაცული. მაგისტრალებს თავიანთი კანონები აქვთ. შენი შეცდომა სხვას აბნევს და ხელს უშლის. ამიტომ უნდა იზრუნო, სხვისი შეცდომისთვისაც იყო მზად...

ასე აანალიზებდა ედი ახალ რეალობას, რომ მისი პრიორიტეტის გზაზე სამარშრუტო ტაქსი გადაეღობა. დაამუხრუჭა დროულად, თორემ ცოტაც და შეასკდებოდა.

– ოხ, შენი!.. – კბილებში გასცრა ილიამ სამარშრუტოს მძღოლის მისამართით. ის კი ვითომ არაფერი, თავის გზას მიუყვებოდა, მიჰყავდა მგზავრები, თითოეულის ფასი მისთვის, ალბათ, თითო ტომარა კარტოფილს თუ შეადგენდა.

– სად მიძვრები! ვერა ხედავ, სასწავლო მანქანაა! – მაინც მიჰყვიროდა ილია, – ვირი! ნამდვილი ვირი! ფუი... ასეთები ბევრი შეგხვდებათ, – ახლა ედის მისამართით ამბობდა, – ასეთები, იცოცხლე, ბლომად არიან. ამიტომ უნდა იყოთ ფხიზლად. აბა გიჟი კი არა ვარ, ყურადღებით, ყურადღებით-მეთქი, რომ გავიძახი, საჭესთან ფიქრს მოეშვით, მხოლოდ ქუჩის სიტუაციებს ადევნეთ თვალი-მეთქი. თქვენ კიდევ, ნუ მიჯავრდებით, დავიბნევიო. აბა, ასეთ ვირებთან რა უნდა გააწყო! – უმისამართოდ გაიშვირა წინ ხელები, – ადგება და დაგარტყამს. მერე?

«საშინლად ნერვიულია, – გაიფიქრა ედიმ. – ვინ იცის, რა გაჭირვებები აქვს გამოვლილი».

მარჯვენა მხარე დაკავებული იყო, ამიტომ ზედ ტრამვაის ლიანდაგებს მიჰყვებოდნენ. მანქანა ოდნავ ძაგძაგებდა ქვაფენილზე. «მეც ავდგები და მარჯვნივ ვივლი...» ვერ მოგართვეს! ყოველთვის ვერ ივლი მარჯვნივ. ზოგჯერ ასე შუა ქუჩაში მოგიწევს გასეირნება.

აი, მყუდრო ჩიხი, სადაც სტუდენტობის დროს ცხოვრობდა ედი. ორსართულიან აგურის შენობაში ცივი, მოგრძო ოთახი ჰქონდა დაქირავებული. დიასახლისი ცოტა ჭკუაარეული დედაბერი იყო, ნინა ლევანოვნა დამიძახეო, თავიდანვე რომ გააფრთხილა, მე მამის სახელით მიმართვას ვარ მიჩვეულიო. ოცდახუთი წლის წინათ გაყრილ ქმარს სტუმრად იღებდა ხოლმე. მერედა რა ამბით ემზადებოდა. იყიდდა შაქარლამას, ერთ ბოთლ შუშხუნას, მიწის თხილს მოხალავდა, საგულდაგულოდ დაიუთოებდა კაბას, სიხარულით აღელვებული, მალიმალ გადაისვამდა ხელისგულებს გადატკეცილ თმაზე, გააპრიალებდა გიტარას, მოკლედ, ნამდვილ დღესასწაულს ეგებებოდა. მათი დღესასწაული კი ჩხუბით მთავრდებოდა. ედის მეზობელ ოთახში ესმოდა კაცის უშვერი გინება. მერე გაჯახუნდებოდა დერეფნის კარი და საგანგებოდ დაუთოებულ კაბაში გამოწყობილი ნინა ლევანოვნა შუაღამემდე დააბოტებდა სამზარეულოსა და თავის ოთახს შორის, თვალებამოწირპლული, მუჭისტოლად დაპატარავებული, საცოდავი.

– დღესაც ფული მთხოვა, – თქვა ერთხელ მტირალა ხმით, – შეუძლებელია ისე წავიდეს, ფული არ მთხოვოს.

– თქვენც ადექით და ნუღარ მიიღებთ.

თან გაიფიქრა, რა ულმობელი ვარო. მაგრამ იმდენად აუტანელი ეჩვენა გასაცოდავებული დედაბრის ცქერა, არჩია, სწორ გზაზე დაეყენებინა. თუმც, ერთმა ღმერთმა იცოდა მხოლოდ, რა უფრო სწორი იყო – მართლა არ მიეღო მას ქმრადყოფილი, სამუდამოდ გადაერაზა კარი, თუ ის საზეიმო მოლოდინი მაინც განეცადა.

– მე მას მთელი ჩემი ახალგაზრდობა ვაჩუქე, ბედნიერი და უზრუნველი გავხადე, ის კი მაინც სხვასთან წავიდა. მაგრამ მეც რომ არ ვეთმობი! ასე რომ არა, რამდენი ხნის გამოგლოვილი მეყოლებოდა. ოი, ჩემო სილამაზევ, ჩემო... აფსუს!.. – დედაბერი ენას უკიდებდა და ყბებზე ცუდად მომდგარ პროთეზებს შუა იყლაპებოდა სიტყვათა მარცვლები – ცხელ მაკარონს რომ შეისრუტავ, ისე.

– რა უფლება აქვს, რომ შეურაცხგყოფთ! – აღელვებით უთხრა ედიმ.

ღიმილი მოჰგვარა ახლა ამის გახსენებამ. უფლება! მაშინ ძალიან ბევრს ნიშნავდა ეს სიტყვა გულუბრყვილო სტუდენტისთვის, მხოლოდ იურიდიულ ნორმებს კი არა, მთელ ზნეობრივ სამყაროს იტევდა, წინ აღუდგებოდა ბოროტებას, უსამართლობისა თუ სამართლის სახელით არსებულს, აწონასწორებდა სიცოცხლეს, სადაც ადამიანი მხოლოდ ბედნიერებისთვის იყო მოვლენილი, სიკეთისა და ოცნებისთვის, ლაღად უნდა ევლო, ეკეთებინა თავისი საყვარელი საქმე, ჰყვარებოდა და ისიც სხვისი სიყვარულით ყოფილიყო დაჯილდოებული, ადამიანებს ერთმანეთისთვის ზეიმები უნდა მოეწყოთ და მთელი ქვეყანა დაუსრულებელ კარნავალს მსგავსებოდა.

– მუხრუჭი! – თქვა ილიამ, – ვერა ხედავთ, ტრამვაი გაჩერდა! ხალხი ხომ უნდა გაატარო. ქვეითად მოსიარულეებს პატივი უნდა ვცეთ! – ასეთია შეგნებული მძღოლის ეთიკა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი უნდა იყოს, – დაუმატა ბოლოს, რადგან ედის თვალები უნდობლობას უცხადებდნენ.

ტრამვაიდან ჩამოსულ მგზავრებში ედიმ ამოიცნო ალბერტი. მან წინ გაუარა მანქანას სხარტი, გრძელ ფეხებში მომწყვდეული ნაბიჯებით და შესახვევისკენ გასწია. რამდენი წელი იყო გასული მას შემდეგ... ჭაბუკური გატაცებით უყვარდა მას ედი. ოცნებობდა, პასპორტს როდის მოგცემენ, ნეტა მალე გავიდეს დროო. ახლა რომ ისეთივე სიყვარული აღირსა, ხუთი წლით მასზე უფროსი ბიჭის უაღვირო, უნაპირო და დაუფარავი სიყვარული... ის პირველი კოცნაც... მაშინ ტაქსი გააჩერეს ორთაჭალაში, სადაც ზაფხულის საღამოს გამჭვირვალე ბინდში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხალხი შეგროვდა. ვიღაცას თავი დაეხრჩო მდინარეში და უცქერდნენ, როგორ ამოჰყავდათ იგი ნავიდან გადაკიდებულ კაცებს. ერთს გრძელ თმებში ჩაევლო ხელი, მეორე მხარზე ექაჩებოდა. ის, ვინც წყალში იყო, რაღაცას ყვიროდა ნერვიულად. მდინარე მდორე ჩანდა და გასარკული. ხალხი ჩუმი ჩოჩქოლით გასცქეროდა დამხრჩვალის ამოყვანას. «სიყვარულის გამო მოკვდებოდა»... – თქვა ვიღაცამ.

დღემდე ახსოვდა ის სიტყვები ედის, ოღონდ ეგ იყო, სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად ესმოდა. არც ალბერტის წყევლა ავიწყდებოდა, ცრემლნარევი და გამწარებული წყევლა, მართლა რომ აუხდა.

– წითელია! წითელია! – გაღიზიანებით წამოიყვირა ილიამ. – ხომ ხედავ, მოძრაობა წყდება. დროა, უჩემოდ მიხვდე... ტყუილად ხომ არ დაკიდეს ეს ოხერი შუქნიშანი!

– ვხედავ... აკი ვაჩერებდი... – თქვა ედიმ, – თქვენ მოთმინება არ გყოფნით, ჩემი ბრალია?..

– ვიდაოთ?

– ნუ ვიდავებთ. – ედის მისხალიც არ დაუკარგავს სიმშვიდის.

– აბა რას ჰგავს ეს, საკმარისია, ახალი მარშრუტით წავიდეთ, ჩაიკეტებით ფიქრში და ვეღარაფერი გამოგიყვანთ იქიდან. იქნებ გეშინიათ და არ ამხელთ? მაგრამ საშიში რა გჭირთ, საჭეს ფლობთ, რეაქციები სწორი გაქვთ, ალღოც არ გაკლიათ. მართვას განა სხვა უნდა რამე? და ყურადღება! რაც მთავარია, ყურადღება! მორჩა და გათავდა. ან იქნებ ვინმემ გაგანაწყენათ? თქვით, ჩემი ნუ მოგერიდებათ, ჩემთან ყველაფრის თქმა შეიძლება, – ილიამ როგორღაც ხელოვნურად გაიღიმა.

აი, ამას გულისხმობდა, ალბათ, თანამშრომლის ბიჭუნა, როცა თქვა, სინთეტიკური სიცილიო. დედამისი წუხდა, ეს ბავშვი გადამრევს, მიწას არ ასცილებია და როგორი უცნაური აზრები მოსდისო. ედის კი მოეწონა ბიჭუნას არატრაფარეტული აზროვნება და საინტერესო მომავალი უწინასწარმეტყველა.

რაც შეეხებოდა ილიას შენიშვნას ახალი მარშრუტით პირველად გავლაზე, სწორი იყო. ისეთი გრძნობა ჰქონდა ედის, თითქოს დიდი ხნის უნახავ მხარეში ბრუნდებოდა, ხელთავიდან იწყებდა ქალაქის შესწავლას, რომლის ქუჩები, შენობები, ხიდები და მოედნები რაღაც მისეულს ინახავდნენ საიდუმლოდ და აღუდგენდნენ მივიწყებულს, ახედებდნენ წარსულისკენ, სადაც დარჩენილიყო ერთმანეთს გათიშული და გაუცხოებული დროები, ნაბუშრებივით მიყრილნი, და ედის აღარ შეეძლო მათი დაკავშირება. თვითონაც გაუცხოებოდა საკუთარ წარსულს, გაეწირა და მიევიწყებინა. წარსული იყო უღიმღამო ქაოსი და აწმყოსთან შეხვედრისას იქცეოდა უფრო დიდ ქაოსად, ანუ სრულ აბსურდად, რომელსაც თავისი სურვილებით ვეღარ წარმართავდა, ვერც სახელს გამოუცვლიდა, ვეღარც შეებრძოლებოდა, ვეღარც შეეთვისებოდა.

ვინ მოიგონა ამბოხი! ყველაზე დიდი დამნაშავე ისაა, ვინც პირველმა მოიგონა ამბოხი. ილია კი ვერ ჩერდებოდა, ვერ იოკებდა ამოუთქმელი სათქმელისგან აფორიაქებულ საღერღელს.

– დამერწმუნეთ, კაცთმოძულე არა ვარ, მაგრამ ნება რომ მომცენ, ზოგიერთებს დაუფიქრებლად დავხოცავდი. კიდევ ვიმეორებ, არა ვარ კაცთმოძულე! ამქვეყნად ზოგი შემთხვევითაა მოსული. შემთხვევით მოსული არაკაცი კი უკანვე უნდა გააბრუნო, ვიდრე სხვას სისხლს გაუშრობდეს. ასე არაა?

ედიმ მხრები აიჩეჩა, სახეზე გაოცება ეხატა.

– თქვენც ხომ ასევე მოიქცეოდით? – ჰკითხა ილიამ, – არა? არ მოსპობდით სხვისი ცხოვრების გამამწარებელ ზოგიერთ ვაჟბატონს?

გესლიანი ღიმილი გაუკრთა ილიას ნაცრისფერ თვალებში. საშინლად არ მოეწონა ეს ღიმილი ედის. «ამას რომ უფლება მისცე...» – გაუელვა წამიერად. მაგრამ რისი უფლება? სულ ერთია, სულ ერთია, რისიც. ილია სწორედ ის კაცი ჩანდა, უფლებას ხელიდან რომ არ გაუშვებს. ედისთან კი სამართლიან ადამიანად მოაქვს თავი.

– ვიცი მე ახლანდელი ჯეელები, – თითქოს იმ ღიმილიდან ამოთქვა ილიამ, – უსაქმურები, პრეტენზიულები, ალფონსები... ოხ, მაგათი!.. ახლა კიდე ნარკომანები!.. მაგათ შეიძლება რამის ფასი იცოდნენ? მით უმეტეს, ქალის.

– არც მთლად მასეა, – გულგრილად შეაწყვეტინა ედიმ. თვალი გააყოლა რომას, თავის ოფიციალურ მეთოდისტს, გვერდით რომ ჩაუქროლა. ზღვისკენ მიიჩქაროდა იგი.

ზღვაზე ათი საათიდან იწყებდნენ მეცადინეობას მართვაში. ედი კი უკვე ამთავრებდა. საათს დახედა. კიდევ შვიდი წუთი და მორჩა... ამოიწურებოდა თუ არა მეცადინეობის დრო, ილია მაშინვე გააჩერებინებდა მანქანას და გადმოსვამდა. ერთ წამს არც დააკლებდა აკადემიურ საათს, არც წაუმატებდა. «ასე ზუსტად ცხოვრობს?» – უკვირდა ხოლმე ედის. პატივს არ სცემდა ადამიანებს, რომელთაც ყველაფერი გამოწონილი და გამოზომილი ჰქონდათ. უბადრუკები არიანო... სწორედ მათი უბადრუკობა აღიზიანებდა, მათი ნორმებით შეზღუდული ბუნების სიმწირე. «სიყვარულის გამო მოკვდებოდა...» თანაგრძნობა იგულისხმებოდა თუ გაკილვა? ამოცანასავით რჩებოდა კვლავ.

ახლა ხუდადოვის ქუჩისკენ მიდიოდნენ. დარჩენილი დრო საკმარისი იყო, რომ ქუჩის დასაწყისამდე მიეღწიათ. ედი იქ დატოვებდა ილიას და თვითონ მეტროში ჩაძვრებოდა.

ხუდადოვის ქუჩის დასაწყისი ერეკლეს ახსენებდა, ველურ სიხარულს, რომლითაც ფრთებშესხმული მოჰყვებოდა მოტოციკლზე უკანშემომჯდარი. ელვის სისწრაფით მიქროდნენ ჯერ ზღვის ნაპირ-ნაპირ, მერე სერპანტინისებრ გზებზე, მერე ტრასაზე. სახეზე მოტლაშუნე თბილი ქარი თვალებიდან კურცხლებს აყრევინებდა ედის და ნანობდა, შემოთავაზებულ სათვალეზე რად ვთქვი უარიო.

– ხელები წელზე შემომხვიე და კარგად მომეკარი, – უთხრა ერეკლემ დაძვრისას.

პირველად იჯდა მოტოციკლზე, მაგრამ არ იმჩნევდა, არც მაღალ სიჩქარეს უფრთხოდა, არც ცრემლის დენას.

– მომყევი! მე მომყევი! საითაც გადავიხრები, შენც იქით წამოდი! – ხმამაღლა ეუბნებოდა ერეკლე, – ჰო, მასე, თორემ გადავბრუნდებით. წარმოიდგინე, რომ ჩემთან ცეკვავ. ესეც ცეკვასავითაა. აბა, რა გამოვა, სხვადასხვა მხარეს მივდიოდეთ. ოღონდ დაიმახსოვრე, რაც არ უნდა მოხდეს, ფეხები არ ჩამოდგა სატერფულებიდან.

მართლა ისეთი გრძნობა იყო, თითქოს ცეკვავდა. მიხუტებოდა ერეკლეს განიერ მხარს და ცეკვავდა თავდავიწყებით. უამრავი ქუჩა გადაიქროლეს, ყველა მათ უყურებდა, და ედის ესეც საოცრად სიამოვნებდა.

ხვალ კინოაპარატით ავა იახტკლუბში. იალქანს კიდეები უკვე შეუტეხა, აიტანს გამზადებულს, მერე დადგება და მუშაობის პროცესს გადაიღებს.

ერეკლეს მაცქერალს, ზედმიწევნით ესმოდა გუსტავ აშენბახისა, რომელმაც ვენეციაში სიკვდილი ირჩია, ოღონდ ჭაბუკი ტაძიოს სრულქმნილი სხეულის ჭვრეტისას მიეღო ტკბობა ბუნების, როგორც პირველყოფილი და უზენაესი მძერწველის, მარადიული ხელოვნების განცდაში. ეს არ იყო ლიტერატურა. ეს თვით ცხოვრება იყო, შეულამაზებელი და მკაცრი.

აჰა, ხუდადოვის ქუჩაც... პატარა წრე მოუარა ედიმ უკაცრიელ გზაჯვარედინს და მანქანა განაპირას გააჩერა, ცაცხვის ქვეშ. «როგორ ლამაზად გამოსდის უკვე გაჩერება! დაძვრაზე გაცილებით ლამაზად...».

ილია კი ისევ ვერგამოთქმულ სათქმელს აჯახირებდა. – მგონია, თითქოს გაბუტულივითა ხართ ჩემთან... თუ ასეა, მითხარით, მითხარით, რომ ვიცოდე...

– რას ბრძანებთ!.. – გაიოცა ედიმ.

– ისე კი ყველაფერი გულწრფელად მოგახსენეთ თანამედროვე ვაჟბატონების შესახებ. ბევრად უფროსი ვარ და ზოგი რამ დამეჯერება.

ედიმ ამასობაში უკანა სკამზე გადაჰყო მკლავი და თავისი ხელჩანთა აიღო.

 

– გარდა ამისა, მეც წამიკითხავს წიგნები. ჩემი ბიბლიოთეკა რომ ნახოთ, გაგიკვირდებათ. ორივე დიუმა, ბალზაკი, დრაიზერი... თავის დროზე ყველა გადაკითხული მაქვს. ახლა კი ვეღარ ვუძლებ სერიოზულ ნაწარმოებს, მსუბუქი დეტექტივი მეტ სიამოვნებას მანიჭებს. მაგრამ საქმე ეს როდია. დღევანდელ დღეს ცხადად ვუყურებ. დღევანდელი ცხოვრება სულ სხვაა. ურთიერთობებიც სხვაგვარად გაჭირდა. შენისთანა შესანიშნავი ქალი...

მაგრამ ედიმ აღარ მოუსმინა, ხელჩანთა გახსნა, თუმნიანი ამოიღო, პარპრიზზე მსუბუქად მოაფრიალა, თანაც დასძინა:

– დღესაც შემიძლია, ერთი გაკვეთილის წინასწარ გადაგიხადოთ. – აჩქარებით დაემშვიდობა და კარი გააღო.

«ფულს, ალბათ, იშვიათად შეუსრულებია თავისი დანიშნულება ასე ზუსტად», – გაიფიქრა მანქანიდან გადმოსვლისას და მაშინვე დაივიწყა ის ერთი საათი, ახალი მარშრუტით მოვლას რომ მოანდომა. დაივიწყა, რათა ოდესმე, ამ ადგილზე მოხვედრისას, კვლავ გაეხსენებინა, რადგან სიცოცხლე ლამის მხოლოდ დავიწყებად და გახსენებად ესახებოდა. და კიდევ სიხარულის ერთ წამად, ხელაღებით რომ წაშლიდა წლობით ნაგროვებ უაზრობას და გაწყვეტილ დროებს ისევ გადააბამდა.

 

  1988 წ.

 

  თბილისი

 

 

 

 

 

დაუმთავრებელი მოთხრობა

 

 

მორჩა, ამოიწურა სამსახურის საათები, ეს ერთი დღეც გადაგორდა. წავა ახლა სახლში, ცოტა დაასვენებს გონებას, მოითქვამს სულს, მოიკრებს მთელი დღის ნაფლანგ ენერგიას და კვლავ შრომას შეუდგება, ოღონდ ნებაყოფლობითს და, ამდენად, ასატანს. არ ხდება განა, რომ ადამიანი ისე ცხოვრობს, თითქოს სატანამ დასწყევლა უსაშინლესი, შემზარავი წყევლით? ვაი-ვიში რას შველის მაშინ? ვაი-ვიშით რა გამოვა? არაფერი. იცოდა ეს.

რამდენი უნდა იჯახიროს, რა განუზომლად უნდა დაიხარჯოს, რამდენჯერ უნდა დაიფლითოს სული და გული, რომ მიაღწიოს წარმატებას, რამ ფასოვანი შექმნას.

საშინლად ცივი შენობაა... მადლობა ღმერთს, გაზაფხულდა უკვე, საგრძნობლად დათბა. აქაური დერეფანი ყოველთვის ღრმა აკლდამაში შესასვლელ ყრუ და ბნელ ტალანს აგონებს, სამყოფელს, სადაც შეხვედი მოზეიმე ცხედარი და საიდანაც გზა აღარსაითაა, რადგან მტვერი არ ნიშნავს მარადისობას, არც უსასრულო დუმილი ცვლის სიმშვიდეს. მაინც რითი შეიძლება სიმშვიდის მოსყიდვა, ვინ აღმოაჩენს მის ტოლფას საუნჯეს? იქნებ... მაგრამ ეს იქნებ  მისთვის არაა ჩვეულებრივი, უწყინარ საუბარში გამოსარევი სიტყვა ან აზრიდან აზრზე მშვიდობიანად გადასასვლელი საფეხური, არამედ დამუხტული, ლამის მისტიურობამდე მისული ეჭვი, უთქმელ აღსარებასავით რომ უღრღნის გულს და წინ უძღვის საშინლად ადამიანურ, იმპულსურ აზრს – ეგებ ნიჭი არ მყოფნის, ტყუილად ვეწამებიო. ნიჭში  იგი მარტო საკუთარ უნარს როდი გულისხმობდა, არამედ უნართა კავშირს საგნების, ადამიანების, მოვლენებისადმი, მისეულ დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ, რაც გარს ერტყა.

მართლაც შესაძლებელი რომ ყოფილიყო კითხვებზე პასუხის გაცემა!.. ინტერვიუერმა საიდან მოიგონა ასეთი რთული კითხვა: როდის იბადება მწერალი? მან ბოლომდე მოისმინა თუ არა ესოდენ ჭირვეული ფრაზა, პირველი, რაც გაიფიქრა, ის იყო, რომ ამ ლამაზ ჟურნალისტ ქალიშვილს ჩემი გარდაცვალება დროზე ადრე სურს იხილოსო.

რაც გინდა მოეგონა, როგორ ლამაზადაც უნდა გაეწყო საგანგებოდ შერჩეული სიტყვები აზროვნების სიბრტყეზე, ვერასდროს იტყოდა იმ ჭეშმარიტ და ერთადერთ სიმართლეს, რომელიც მისთვის არ არსებობდა იმიტომ, რომ იგი იმათ რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც ლიტერატურაში – სიტყვის მაგიაზე დაფუძნებულ სამყაროში – ადამიანის ყელზე ყოფის სასტიკი ხელით შებმული ყულფის გამოხსნის როლს ხედავდა.

ვის როდის ატყვევებს ძნელად სათქმელთან ჭიდილი? მაშინ ხომ არა, თმენის საზღვართან მისული გული დუმილის ჯებირებს რომ ანგრევს და სულის ვულკანური ამოფრქვევაც სახეზეა: ღმერთო, რამ შემაყვარა! ვის შეუძლია გაიგოს, რამდენი წვეთი ცრემლით აიკინძა, რამდენი სიტყვა დადუმდა და დაინაცრა, რომ ეს წუხილი გაჩენილიყო, რამდენჯერ ითქვა: მიყვარს! რამდენჯერ, ჰოი, რამდენჯერ! მერედა განა იმისთვის, რომ ბოლოს შენივე სურვილს წინ აღსდგომოდი ხმალივით ცივი და ბასრი პროტესტით – ღმერთო, რამ შემაყვარა!

ეს არაა ძლიერის წინაშე მუხლმოყრილის ლოცვა, არც სულმოკლე ვნებათა დასაცხრობი კრულვა, არამედ გულწრფელი ცდაა იმ გზის მისაგნებად, რომელზე ავლილი ბევრი უნახავთ, ჩამოვლილი კი იშვიათად. იშვიათობა გადარჩენას არ გამორიცხავს, და ვისაც მშვიდობით დაბრუნება უწერია!..

არა, არ უნდა დათრგუნოს აკლდამის სიცივემ, მადლობა ღმერთს, გაზაფხულდა. მალე გავა ამ შენობიდან. ყოველი მომავალი წუთი, ერთიმეორის მიყოლებით უჩუმრად რომ მოედინება დროის უსასრულო გზაზე, მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ აქაურობას მოაცილოს და შინ მიიყვანოს. იგი უნდა დაემორჩილოს ყოველგვარ აუცილებლობას, უნდა გადაურჩეს კიბე-კიბე შემხვდურ ზოგ-ზოგთა გესლიან მზერას. უნივერმაგის წინ, გზის გასაყართან არიალებულ ხალხის ტალღას, გადასასვლელი გვირაბის პარაპეტთან ჩაყუნცულ მათხოვრის მავედრებელ მზერას, საკომისიოს ვიტრინიდან აბრჭყვიალებულ ანტიკვარულ ნივთთა ხიბლს, მშენებარე მეტროს სადგურის კომპრესორთა გიჟურ ხმაურს, ლამაზმანთა მაგნეტიზმს, საკუთარი სახლის კიბეთა საქცევებზე გულდაგულ ნაყარ პაპიროსის ფერფლსა და ნამწვავებს, აივნიდან დანახულ გაღმითა გორაზე, დასავლეთით ცერად მდგარ საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრებში ცეცხლად ჩამდგარ საღამოხანის მზეს, რამდენ, რამდენ რამეს უნდა გადაურჩეს!

ჯერ კი აქ არის, მესამე სართულზე, დილის მერე, სამსახურის საათების დამთავრების მომლოდინეს, ფეხი არ მოუცვლია შენობიდან. დაბლა სართულზე ფოიეს მოპირდაპირე ოთახში უნდა შეევლო, ქალი ჰყავდა მოსანახულებელი. ხეირიანად არც იცნობდა, საქმე ის იყო, რომ ქალს ეს-ესაა ჟურნალში გამოქვეყნებული მისი მოთხრობა წაეკითხა, და როგორ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, ფაქტი იყო, დერეფანში შემთხვევით შეხვედრისას შესთავაზა, თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ჩამოიარეთ, ვისაუბროთო. მისი აზრი აინტერესებდა თუ არა, ამაზე არც უფიქრია, ოღონდ მამაკაცური ღირსება ავალებდა, ხლებოდა ქალს, გარკვეული დრო გაეტარებინა მის გვერდით, თუმც არაფერს განსაკუთრებულს არ მოელოდა შეხვედრისგან.

ამ აკლდამასავით ბნელ დერეფანში ჰყავდა იგი გაცნობილი. ქალმა მაშინ მოულოდნელად შეაჩერა და ერთ-ერთ თანამშრომელზე ჰკითხა რაღაც. აღმოჩნდა, რომ შეკითხვა გაცნობის საბაბი იყო, რადგან ქალმა, თავისი ქალური ბუნების გამო ვერ დამალა ის აღფრთოვანება, მასზე რომ სმენია შორიდან: მართალი ადამიანია, კარგ მოთხრობებს წერსო, ჰოდა სურვილი გასჩენია, მისთვის წაეკითხვინებინა ფრანს ელენსის რამდენიმე პატარა მოთხრობის თარგმანი, თუ, რა თქმა უნდა, ამით არ შეაწუხებდა, არ წაართმევდა დროს. სიამოვნებითო, დაჰპირდა და შეასრულა კიდეც. ერთი მოთხრობა არტურ რემბოზე იყო. განსაკუთრებით მისი თარგმანი შეუქო ქალს, თან ეჭვი არ ეპარებოდა, თარგმანის ეფექტს ორიგინალის მკაცრი, ფსიქოლოგიური ქარგა უწყობდა ხელს.

მაშინაც იმ ოთახში ისაუბრეს, სადაც ახლა უნდა ჩაევლო. მერე ქალმა სათარგმნელად შეგულვებული იგივე ავტორის რამდენიმე მოთხრობის სიუჟეტი უამბო რჩევის მიზნით, ღირდა თუ არა რომელიმეს თარგმნა. მიხვდა, მთარგმნელი ყურადღებას ნაწარმოებში გადმოცემულ ამბავზე ამახვილებდა, რისთვისაც იგი უმალვე მკითხველთა იმ კატეგორიას მიაკუთვნა, ვინც მწერლის სულის პულსაციას კი არ აყურადებს, მის მანჟეტს აკვირდება, თუ რა ხარისხის საკინძით აქვს შეკრული, ან ჰალსტუხზე ოქროს ქინძისთავის დაბნევა ხომ არ დავიწყებია. რას იზამ, მკითხველთა კატეგორიაც ისევე მრავალგვარია, როგორც მწერალთა. აქ განსჯა არ შეიძლება. არც განუსჯია. პირიქით, თანაგრძნობითაც კი განეწყო მისდამი, რადგან ქალი სიუჟეტს ეძებდა მასალაში, ელენსი კი სულ სხვა რეგისტრზე ღიღინებდა, ამპლუიდან აგდებდა მთარგმნელს, აეჭვებდა, მოკლედ, აპამპულებდა. ადამიანს მუშაობა ეწადა, თარგმნის ჟინს აეტანა იგი, ხოლო მომგებიანი  სიუჟეტისთვის ვერა და ვერ მიეგნო.

ქალი მარტო დახვდა ოთახში, ფანჯარასთან იდგა, უკაცრიელ ხიდს გასცქეროდა. როცა მობრუნდა, მწერალმა გაიფიქრა, კარგი ვქენი, რომ შემოვიარე ამ მარტოსულთან, მის მოწყენილ ცხოვრებას იქნებ ადამიანური სიკეთის ხანმოკლე ნათელი მაინც მოეფინოსო. იფიქრა, ამ ვიზიტით სიამოვნებას მოჰგვრიდა მას, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი უდაბნოს ვგავართ და მიუხედავად იმისა, მგზავრის ნაფეხური ოაზისად ვერ გვაქცევს, მაინც მოუთმენლად ველით ქარავანს.

 ქალი უცნაურად დაიბნა, სახე წამოენთო, ძლივს მოახერხა ეთქვა, მობრძანდითო. მანაც ყველაფერ ამაში თავისი განაფიქრის კიდევ ერთხელ გამართლება დაინახა. თან პატივმოყვარეობას ვერ უღალატა და, ცოდვა გამხელილი სჯობს, გულის კუნჭულში ჩიტივით აუჟღურტულდა იმედი – ალბათ, მართლა მოსწონს ჩემი მოთხრობებიო. თავით ფეხამდე ერთი თვალის შევლებით შეათვალიერა ქალი, რომელიც მყის სამუშაო მაგიდას მიუჯდა, წარმოუდგენელი მზრუნველობაც გამოიჩინა.

– იქნებ აქეთ ჯობდეს დაბრძანდეთ, სარკმლიდან უბერავს, არ გაცივდეთ.

გულიანად გაეცინა. არა, არ მეშინიაო.

– ჰო, რა ვიცი, – სათქმელს თავი ვერ მოაბა მან, თან შოკოლადის ფილის ნაჭერი გადმოუდო, – იქნებ გესიამოვნოთ...

ახლაღა მიხვდა, ფანჯარასთან, თურმე, შოკოლადს შეექცეოდა ქალი.

მერე ქალმა თქვა:

– ძლივს დათბა, როგორც იქნა გვეღირსა..

მუდამ ისევე აღიზიანებდა ორ მოსაუბრეს შორის ამინდის პრობლემებზე მსჯელობა, სათქმელის უქონლობის გამო მილიონჯერ გამეორებული ერთი და იგივე ფრაზების ტკეპნა, როგორც ოთახში მფრინავი ბუზი, მუშაობისას ფიქრის უნარს რომ უსპობდა. მაინც რისი მომასწავებელი უნდა ყოფილიყო ეს ტრაფარეტული, არაფრისმთქმელი შესავალი? ის ხომ შთაბეჭდილების გასაზიარებლად მოიწვიეს. ცოტა არ იყოს, გაუფუჭდა გუნება.იქნებ სჯობდა, აქვე შეეწყვიტა ვიზიტი და თავის გზას გასდგომოდა, არც ქალი დაეტანჯა, არც საკუთარი თავი. თითქმის ყველაფერი უსიტყვოდ იყო ნათქვამი, დადებით ემოციას ამხელა შესავალი რაში სჭირდებოდა.

მაინც მოთმინებით იჯდა. შეჭამა ფილა შოკოლკადი, ჩაიგემრიელა პირი, თან ქალის მექანიკურ მოძრაობებს ადევნებდა თვალს. იგი მარცხენა ხელის არათითზე წამოცმულ ვარდისფერ, წვრილ-წვრილ საფირონის ბაღჩიან ბეჭედს იმავე ხელის ცერათითით აწვალებდა. ამინდზე სიტყვის ჩამოგდებამ, როგორც ჩანს, ვერა უშველა მის საფიქრალს. ნეტავ თვალები ყოველთვის ასე ამომჯდარი ჰქონდა, თუ ზედმეტად მოძალებული ფიქრის ბრალი იყო? კედელზე აკრულ რაღაც სიურეალისტურ ნახატს მიაშტერდა მწერალი. გაახსენდა დიალოგი, რამდენიმე საათის წინ ორი თანამშრომელი მანდილოსნის საუბრისას რომ მოისმინა თავის სამუშაო ოთახში.

– იცი, რა დამართნიათ მერცხლებს? გზად ტაიფუნში მოყვნენ თურმე, ძალიან ბევრი დახოცილა, – თქვა ერთმა.

– როგორ, მაშ ჩვენ რაღა გვეშველება, უმერცხლებოდ უნდა ვოყოთ? – სრული სერიოზულობით იკითხა მეორემ.

ამის გახსენებაზე თავი ვერ შეიკავა, ცეტმა ღიმილმა გაურბინა თვალებში. ჯიუტად მდუმარ ქალს სწორედ ამ დროს შეხედა მრავალმნიშვნელოვნად, გაიფიქრა, რა მოსაწყენი ვინმეა, ჯოჯოხეთურად მოსაწყენი. მერე ასე უთხრა: ზედმიწევნით მყუდროა თქვენი ოთახი, აქ დაუსრულებლად შეიძლება ფიქრი.

– დიახ, – თქვა ქალმა, – იქნებ მართლაც ასეა, მაგრამ რაზეც არ უნდა გადავიტანოთ საუბარი, ორივე ხომ ერთსა და იმავეზე ვფიქრობთ, ანუ ვფიქრობთ ერთმანეთის ფიქრზე. სათქმელს კი გავურბივართ. ამჯერად მე მეკუთვნის სიტყვა. თქვენ გსურთ მოისმინოთ ჩემი აზრი მოთხრობის შესახებ, ასე არაა?

– რა ვიცი... – შეცბუნდა, – ჰო, რასაკვირველია, მაგრამ, რაც შეეხება სურვილს, ეგ თქვენი ახირებაა... ეს ბოლო ფრაზა მხოლოდ გაიფიქრა. მამაკაცურმა სულგრძელობამ უფლებ არ მისცა, პირში მიეხალა.

– კეთილი, ვისაუბროთ, – დაიწყო ქალმა, – ოღონდ, წინასწარ უნდა შევთანხმდეთ, რომ არ მოგეფერებით, ამიტომ იძულებული ვარ, გისაყვედუროთ, დიახ, გისაყვედუროთ, სხვა სიტყვა ვერ მომიძებნია. ზედმეტად იხარჯებით წერისას, გაღიზიანებამდე ზედმეტად. მაინც როგორ ახერხებთ, ასე უტრიალოთ სათქმელს, რა ნერვები გიძლებთ, კატა რომ თაგვს ეპარება, დაახლოებით ისე. მე კი არ მყოფნის მოთმინება, არ შემიძლია! თუ წყალში შევდივარ, ნელ-ნელა ხომ ვერ დავსველდები, ნაწილ-ნაწილ, ერთბაშად უნდა შევტოპო.

– ორივე ფეხი ერთდროულად ჩადგათ, არა?

– რატომ, – როლში შეიჭრა იგი, – თუმც, დიახ, ერთბაშად უნდა გადავეშვა, არ მინდა შესამზადებელი სიტუაცია, ნიაღვარივით უნდა მოდიოდეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ვამბობ ფოლკნერივით-მეთქი, მაგრამ ერთბაშად მთავარი მაინტერესებს. თქვენ კი მეორეხარისხოვანსაც იმდენ მნიშვნელობას ანიჭებთ, იმდენ საღებავს ხარჯავთ, რომ...

– თქვენი აზრით, მეორეხარისხოვანი მთავარს არ ემსახურება?

– არა, – თქვა ქალმა, – სულაც არა.

– ან რა მიგაჩნიათ მთავრად? უცებ წერტილივით დაისვა კითხვა. ისე წარიმართა დიალოგი, რომ ამაზე პასუხის გაცემა ჩაითვლებოდა გადამწყვეტ მომენტად. ისროლა, ნიშანში დასვა კიდეც.

ახლა მონანიე გრიმასა მიიღო ქალმა, აშკარად მისი სქესისთვის დამახასიათებელმა ინტუიციამ იჩინა თავი, უდავოდ შეხვედრის დასასრულზე ზრუნავდა, როცა თქვა:

– ძალიან ცუდად ვიქცევი, არა?

– რატომ?

– ხომ გამინაწყენდებით, ვინ იცის, რას ფიქრობთ ჩემზე... უნდა გამოგიტყდეთ, მეც ვწერ ლექსებს. ისე, ჩემთვის, არ ვაქვეყნებ, არც არასდროს გამოვაქვეყნებ. არ შემიძლია, ვინმემ თავისი აზრი მომახვიოს, ამის უპირატესობას არავის მივცემ, არ დავუშვებ, ჯიჯგნონ ჩემი ნაფიქრი და შექმნილი, არავითარ შემთხვევაში!.. გაშტერებული შესცქეროდა ქალს, უსიტყვოდ ამბობდა: წარმოუდგენელია! თქვენ ლექსებს წერთ?! ნუთუ?

– ის კი განაგრძობდა, ნამდვილი ჩხუბის ექსტაზში შესული, არ ეხსნებოდა თავის სათქმელს. ხელებს იქნევდა, თვალებს კარკლავდა, ყველა პირობას ქმნიდა, რომ მისთვის აღარ ესმინათ.

ლამის თავბედი დაეწყევლა. რამ მოიყვანა, საქმე შემოელია თუ რა? არჩევანის უფლება ჰქონდა და არ გამოიყენა. საშინლად აუტანელი ეჩვენა ამ ქალის თვალით დანახული სამყარო, ამიტომ სულ სხვაგან გადართო გონება. ერთი ნაცნობი გაიხსენა. შეხვდებოდნენ ერთმანეთს, მოიკითხავდნენ, იტყოდნენ ამ მთისას, იმ მთისას, დამშვიდობების ხანს კი ნაცნობი დაიმედებდა: ჩემს ნათლულთან შევხვდებით! გაიღიმებდა მომავალი შეხვედრით წინასწარ ნასიამოვნები.

– ვეცვლები ვიღაცაში, – გაიფიქრებდა გაოცებული, თან რამდენადმე შეურაცხყოფილიც, – ან მე მაგიჟებს, ან თავს ისულელებს, ორში ერთია. აბა ვინ ნათლული, რა ნათლული.

– მერე ისე შეეჩვია შეხვედრის ორიგინალურ დასასრულს, ერთი სული ჰქონდა, როდის დადგებოდა გამომშვიდობების წუთი, რომ კვლავ მოესმინა ის ამოუხსნელი, მაგრამ მიჩვეული ნივთივით გათავისებული – ჩემს ნათლულთან შევხვდებით!..

ამჯერად ბოლო შეხვედრა ახსენდებოდა, თვალწინ ედგა იღლიაში საქაღალდეამოჩრილი ნაცნობი. იგი კიბერნეტიკოსი იყო. ამტკიცებდა, რომ დაპროგრამებულ მანქანაზე შესრულებული ჯოკონდას ღიმილი  ორიგინალს არაფრით ჩამოუვარდებაო. იმდენი ასეთი ღიმილის დაგროვება შეგვიძლია, სამყაროში მეორე მზე აენთოსო. ესაა, ბატონო, ჩვენი კიბერნეტიკა, შემოქმედი ხალხი ალმაცერად რომ უცქერითო. დამშვიდობებისას კი ის აკვიატებული – ჩემს ნათლულთან შევხვდებით!.. – არ უთქვამს, ისე გაემზადა წასასვლელად.

ალბათ, დააზუსტა ჩემი ვინაობა, – გაიფიქრა მაშინ, კიბერნეტიკოსს მკლავში წაეტანა, საგანგებოდ ჰკითხა: შენს ნათლულთან არ შევხვდებით?

ის ნათლულის ხსენებაზე ოდნავ შეცბა, წამით ჩაფიქრდა, მერე თავი გააქნია და გულმოკლულად თქვა: აღარ ვნახულობ. იცი, რა გააკეთა? ჩემს დაუკითხავად გათხოვდა, თანაც ვის წაჰყვა, აღარ იტყვი? ოპერეტის მსახიობს. მე ჩემს სიდედრს ვეძახდი ოპერეტის თეატრს, იცი თუ არა!

ადრე უნდოდა, რომ ყველაფერ ამაზე დაეწერა, კიბერნეტიკოსს შესანიშნავ პროტოტიპად თვლიდა, მაგრამ მან თვით გააკეთა ისეთი ფინალი, უკეთესს მწერალიც ვერ ინატრებდა. ამიტომ ვეღარ შეჰბედა მხატვრული ხერხებით, შიშობდა, წმინდა ნატურალიზმი გამომივა, ამდენად, ნაკლებ საინტერესოო.

ოღონდ ეს კია, არასასიამოვნო გარემოცვაში აღმოჩენილი, გუნების გამოსაკეთებლად, საგანგებოდ გაიხსენებდა ხოლმე კიბერნეტიკოსს. მულატივით ჩაბურღული თმა რომ ჰქონდა, მის ზედა ბაგეზე თვალშისაცემი ნაიარევი კი იმას ადასტურებდა, კურდღლის ტუჩიანი დაბადებულიყო. მთელი სიცოცხლე მათემატიკით იტენა ტვინი და ახლა დახე,  ჯოკონდას ღიმილით  უნდა ჩვენი პლანეტა დაფერფლოს. ჭკვიანი! მოდი და ბრავოს ძახილით ნუ დაასაჩუქრებ.

ქალი თურმე კვლავ ლაპარაკობს, აჭარხლებულ სახეზე ეტყობა, პაუზაც არ გაუკეთებია. აბა, წუთით, მხოლოდ წუთით მიაპყარ ყური:

– რასაც ვკარგავ, რაზეც უარს ვამბობ, მისგან მისხალიც არაფერი მინდა. საკუთარი ქმრისგან არ დავიტოვე სახსოვარი, აი, ჯვრისწერის რგოლიც მოვიძრე.

აუჰ! საკმარისია!

ისევ დაიხშო სმენა. ღია ნაცრისფერ კედელზე ქალის პორტრეტის აბსტრაქტულად წარმოდგენა სცადა. ყველაფერი ძალზე მარტივადაა. მოქმედებს რკინისებური ლოგიკა – სრული თავისუფლებაა. გინდ გაიგე, გინდ არა. შეკითხვა დასაშვებია. შეკითხვაზე შეიძლება გიპასუხონ.

სად მივიდა ფიქრთა თამაშით? ერთი დაუმთავრებელი მოთხრობის გაგრძელებასთან. აქ შეკითხვა იყო საჭირო. მოთხრობა სწორედ იქ ჰქონდა შეწყვეტილი, როცა პანსიონატის სასადილოში სავახშმოდ გვერდიგვერდ მსხდარი შორეული ცურვის ყოფილი კაპიტნისა და მღვდლის დიალოგი უნდა გაიმართოს. მღვდელი ბივშტექსს შეექცევა. თან, დროდადრო უკან მიტრიალებული, ეშმასეულ მზერას შეავლებს ხოლმე ვახშმობით გართულ მანდილოსნებს.

აშკარად ხედავს მათ, თავის მივიწყებულ გმირებს, მდუმარედ დატოვებულებს, უპატრონო მიცვალებულებივით, ღვთის ანაბარად დარჩენილთ. ახლავე ამოადგმევინებს ენას, ახლავე გააცოცხლებს. ცოტაც და, აი, გაგრძელებაც. შორეული ცურვის ყოფილი კაპიტანი უცებ შეუთამამდება მღვდელს, ანგლობის გუნებაზე დგება.

– მამაო, – ეუბნება, – პოკერი თუ გითამაშია?

მღვდელი, რასაკვირველია, არ ელოდება მსგავს შეკითხვას, წამიერად ყოყმანობს, ვთქვა, თუ არაო, ფიქრობს. მერე ისეთი აზარტული ჟინით პასუხობს, – კი, ოხრად!.. რომ სუფრის დანარჩენ წევრებს ხარხარი აუტყდებათ.

აჰა, მიაგნო, საქმე წინ წავა. უკვე იცის, ამის შემდეგ რაც მოხდება. სათაურიც არ უნდა იყოს ცუდად შერჩეული. დასრულდება! მოთხრობა დასრულდება!

ისევ ქალის ხმამ გამოარკვია:

– მართლაც, ვინ იცის, რას ფიქრობთ ახლა ჩემზე, – შედარებით ჩამცხრალი, საკუთარი თავის უკმაყოფილო ამბობდა იგი, რადგან მწერლის სახეზე ოდნავი შეშფოთების კვალსაც ვერ ამჩნევდა. ერთბაშად ამოუცნობ, შეუღწევ საიდუმლოდ გამოეცხადა მისი სიმშვიდე, – მაინტერესებს, რას ფიქრობთ.

– ვფიქრობ, რომ თქვენ შესანიშნავი მოსაუბრე ხართ, არაჩვეულებრივი მთხრობელი. ადრე საინტერესოდ მიამბეთ ელენსის მოთხრობათა სიუჟეტები, განა ეს ცოტას ნიშნავს?

– რას ბრძანებთ! ხუმრობის გარეშე?..

– რა თქმა უნდა.

– წარმოიდგინეთ, უკვე მრცხვენია. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ნამდვილად მრცხვენია. და კიდევ, იცით რა? ამ რამდენიმე წუთის წინ, როცა ჩემს მწუხარე თავგადასავალს გიამბობდით...

– მწუხარე თავგადასავალს?

– დიახ, საქმეც ეგაა. მეგონა, მისმენდით. ისიც მაკვირვებდა, რომ ნაცვლად თანაგრძნობისა...

– თანაგრძნობისა?

– დიახ, თქვენ ხომ მწერალი ხართ და, ალბათ, არაფერი გიკვირთ.

მშვიდად გაიღიმა. შეეცოდა ქალი. ეცადა, აღარ გაეფიქრა, მოსაბეზრებელი ვინმეაო. მანაც გაშტერებულმა უცქირა ერთხანს, მერე გაოცებით თქვა: ისევ, ისევ იგივე... არც ვიცი, როგორ გავიგო, რა სახელი დავარქვა. თითქოს მისმენთ, სინამდვილეში კი, საკუთარ თავთან დარჩენილი, საიდუმლოსავით გაუმხელ ბედნიერებას ეზიარებით. დიახ, ასე იყო წეღანაც. თქვენ თანამოსაუბრის სრული იგნორირება გეხერხებათ, მხოლოდ საკუთარ თავთან ხართ და ამით კმაყოფილდებით. რა ხდება? ვერასოდეს ამოვხსნი, როგორც გინდა ვეცადო.

– მღვდლის ბრალია ყველაფერი, – გაეცინა მწერალს.

– მღვდლის?

– ჰო, ნათამაშები ჰქონდა პოკერი.

– ?

 

 

  1985 წ.

  თბილისი.

 

 

 

 

 თეთრი ტრამალი

 

 

მეისრე ვეება ფინჯნით სვამდა ჩაის, სვამდა კი არადა, ხვრეპდა. ერთი შეხედვაც საკმარისი იყო, მიმხვდარიყავი, განა სურვილიანად შეექცეოდა, ისე, დროის გასაყვანად იჭყიპებოდა ცხელი წყლით. გაბურძგნილი ულვაშის ბოლოები უსველდებოდა ყოველი ყლუპის შემდეგ, საბერველივით ქშუტუნებდა. დროდადრო შეავლებდა თვალს ჯიხურის სარკმლის მინას ლამის ცხვირმიბჯენილი ბიჭის შინნაქსოვ, გაჭუჭყიანებულ სვიტერში გამოჩრილ მხრის ძვლებს, მის უძრავ ზურგს და კბილს ენას აჭერდა, რაიმე ისეთი არ ეთქვა, უფრო არ გაეღიზიანებინა, უსიამოვნებისთვის უსიამოვნება არ მიემატებინა. ახლა ყოველი სიტყვა უნდა მოეზომა, საგანგებოდ შეერჩია, თორემ ბიჭს ერთი რომ მოხუშტურებოდა, აეჩემებინა, შინ წამიყვანე, აქ გამჩერებელი აღარ ვარო, მაშინ სხვა რა გზა ექნებოდა, უნდა აებარგებინა. არადა, მადლი იყო, გამომლაპარაკებელი ჰყავდა ამ ღურღუტ ალაგას რადიოს ამარა დარჩენილს. სიმარტოვეს შეჩვეულია, სიმარტოვეს როდი უფრთხის, მაგრამ, როცა შვილი გეგულება გვერდით, სულ სხვაა, აღარც გაუთავებელი თოვა განაღვლებს, აღარც დაგვიანებული მატარებლების უთავბოლო კივილი. შვილი დატენილი თოფივითაა, გადანახული თოფივით.

რას წარმოიდგენდა, თუ ასე დასწყვეტდა გულს, თორემ იმ გზად შემოხეტებულებს სთხოვდა, ჭირს მოსჭამდა და მაინც დაატოვებინებდა იმ პაწია ხის კაცუნებს, მაგიდაზე რომ გაამწკრივეს. როგორი ინტერესით აკვირდებოდა ბიჭი ყოველ მათგანს, გეგონებოდა, მართლა უკრავენ და ესეც მთელი გულისყურით უსმენსო. ნეტავი ამეებისა რა გაეგება, პირზე რძე არ შეშრობია ჯერ.

კი, მაგრამ, რა მოელანდა, შებრუნდა ფანჯრისკენ და უკან მოხედვას არ ფიქრობს. აგერ ხომ დარჩათ ეს ერთი მუსიკოსი, თვალებდაჭყეტილი, ლოყებდაბერილი, ესაოდა, ჯაფა ადგას დაკვრითო. მართლა რომ შეიძლებოდეს ხმა ამოაღებინოს, რას ააჭყვიტინებდა! სულ იოლად აწაპნა იგი, ერთი ხელის მომუშტვა და მორჩა!.. ეს კი გაიბუტა, დამუნჯდა, ხმას აღარ იღებს, აღარც ადგილიდან იძვრის. რომ ჰკითხოს რაიმე, დარწმუნებულია, პასუხს არ აღირსებს. თუ გართობა უნდა, ერთი ხის კაცუნაც ეყოფა.

იქნებ არც გაბუტულა, ისე დგას ფანჯარასთან, თოვას გასცქერის. მერედა რა ბარაქიანი თოვა იცის ამ უკიდეგანო ტრამალზე. ამ ცასა და მიწას შუა გაჩხერილ, მატარებელთა იმედად მიგდებულ ალაგას. მორჩება ჩაის სმას და ისიც მოიცლის თვალის საამებლად. სულ სხვაა, როცა შვილთან ერთად გაჰყურებ ბარდნას და სულ სხვაა, როცა მარტოდ დარჩენილი, აყმუვლებული მგელივით განიცდი ბუნების სტიქიას.

ახლავე გვერდით დაუდგება ბიჭს და, ამ ერთი ბეწო საკნიდან მზირალი, იმ მატარებლებზეც, ალბათ, სხვაგვარად იფიქრებს, დილამდე სხვადასხვა დროს რომ უნდა მოაყვირონ ტრამალის შედედებულ მდუმარებას, შეახსენონ მეისრეს, ისიც საქვეყნო საქმეს რომ აკეთებს. განა ტყუილა გდია ამ უკაცრიელში, სულიერს დანატრებული, საათებად დაჩეხილი, სიზუსტეებად დანაწილებული დღეებისა და ღამეების ამარა, მოლოდინისა და უწყვეტი ზმუილივით გაბმული ფიქრის ამარა.

ეს მამაძაღლი ისევ უბრად და უძრავად დგას ფანჯარასთან. თოვა კი არც ხუმრობს, ლამის გოჯისტოლა ფანტელებს ყრის. თუ ასე გაგრძელდა, შუაღამის რეისებზე გაუჭირდება ლიანდაგამდე მისვლა. მაგრამ ჯერ ღლაპი ჰყავს საფერებელი. ამის ფასი ქვეყნად არა გააჩნია. კარგი ბიჭია, მაგრამ ოდნავ გულჩათხრობილი, თუმცა დედამისსაც ხომ ეს სენი სჭირს. ლამაზი რომ არ ყოფილიყო, რაც მართალია, მართალია, მისთანა გაურკვეველი ხასიათის ქალის გუებას მაგარი კაცობა სჭირდებოდა. სილამაზე კარგი რამაა, სილამაზე ბევრ რამეს მოგათმენინებს. კი, დედას ჰგავს... ცუდ ვინმესაც ჰგვანებია!..

ფინჯანი ბოლომდე გამოწრუპა მეისრემ, მერე, ნაცვლად იმისა, შვილთან ერთად მიმდგარიყო სარკმელთან, როგორც ჰქონდა ჩათქმული, და თოვლის ბარდნისთვის ეცქირა, ელექტროქურაზე არაკრაკებულ მინის მუცელგაბერილ კოლბას დასწვდა, ფინჯნის ტუჩზე წამოაქცია.

ისევ ხვრეპა-ხვრეპით შეუდგა სმას. ისევ მოჯარდა და მოჯარდა ფიქრი. ნეტა მართლა რა ეწყინა? ერთიც ვნახოთ და ხის მუსიკოსებზე კი არ წყდება გული, იმან წაუხდინა გუნება, მამამ რომ ასეთი წვრილმანისთვის იქურდა. იქნებ საკუთარი პირმშო მსჯავრმდებლად მოვლენოდა ახლა? ერიჰაა!.. მაშინ არც ისე იოლად ყოფილა საქმე.

ცოტა არ იყოს, გაღიზიანდა, კინაღამ უყვირა ბიჭს: მობრუნდი აქეთ! როდემდე ვუყურო შენს ზურგს, ამდენის უფლება ვინ მოგცა! ან რაღაც ამისი მსგავსი. მაგრამ ხმის ამოღებაც დაეზარა. ცხელ წყალს მოეთენთა. მესამე ფინჯანს სვამდა უკვე. ცოლი მოენატრა უცებ, მის სალუქ მკერდში ცხვირ-პირის ჩამალვა და საკუთარ თბილ სუნთქვაში ჩაყურსვა მოუნდა. ნეტავ მოიფიქრებდეს და ჩამოვიდოდესო. მაგრამ ასეთ თოვაში იმედი არ იყო მისი გამოჩენის. ეხ, რა დღეები მიდიოდა დაუბრუნებლად!..

წამოდგა, წელში გაიშალა. ნამეტანი გავიჭყიპე ამ მდუღარეთიო, გაიფიქრა, ერთი ორჯერ წინ და უკან გააბოტა. ჩექმების ბრაგაბრუგმა კიდევ მეტად გაამძაფრა ჯიხურის მოწყენილობა. მერე ადგა და სულაც გარეთ გავიდა. შეორთქლილი სარკმლიდან ჩანდა ლიანდაგების მხრისკენ ნელა მიმავალი. მალე შეერთო თოვას, ერთბაშად შეეკმია და გაქრა. ბევრიც აღარ უვლია, იქვე, თავის ყოველდღიურ, ნაცნობ გზაზე გაწვა გულაღმა. თოვლი ერთბაშად ჩაიტეტკა მისი სხეულის მოხაზულობაზე, მყარად მოჯდა და საყრდენი შეუქმნა.

 

ვინმეს რომ ეამბნა მსგავსი რამ, არ დაიჯერებდა. ახლა კი თავად ეგდო სითეთრით ამოგმანულ ტრამალზე, როგორც წვეთი – ზღვაში, და სახეზე ფანტელთა ფრქვევას აყურადებდა. აქ აღარც მატარებელთა განრიგი არსებობდა, აღარც მოვალეობა, აღარც ქვეყნიერების არსებობასთან წილნაყარის ჩუმი, პატივმოყვრული სიხარული, აღარც შვილი და ცოლი. საშინლად მოსწყურებოდა, შეეჩერებინა თავისი კუთვნილი დრო, ხელისგულზე დაედო, და ყველაფრისგან თავისუფალი და ყველაფერზე უარნათქვამი, ტრამალის თეთრ მდუმარებას შერწყმოდა. ეს იყო და ეს.

 

  1988 წ.

  თბილისი

 

 

 

 

 კენტავრის უკანასკნელი ზაფხული

 

 

იწვა და უფროს დაზე ბრაზობდა, ასე ადრიანად რომ ჩააგდო ლოგინში. თითქოს ჯიბრზე მოექცა, თითქოს იცოდა, რა მოუთმენლად ელოდა მაგურას მოსვლას. დღეს უნდა ჩამოსულიყო, ასე იწერებოდა წერილში, რომელიც დედამ ხმამაღლა წაიკითხა და მერე დაუდევრად ჩაიკუჭა წინსაფრის ჯიბეში.

 

დილიდან საღამომდე შინ იყო, ფეხი არ გაუდგამს სახლიდან, ყურებდაცქვეტილი ამაოდ ელოდა, ეგებ ვინმეს რაიმე ნიშანდობლივი დასცდენოდა. მაგურას ხსენება, რატომღაც, მისი მოსვლის გარანტიად მიაჩნდა.

 მოჟამული ამინდი იყო, ერთი წამოშენა კოკისპირულად წამოუშინა, არც აპირებდა გამოდარებას, რაც ადამიანს ძალაუნებურად აყენებდა უჟმურ გუნებაზე, მელანქოლიის ბადეს აქსოვდა. საკუთარ ფიქრსა თუ საზრუნავში შემოაღამდა ყველას. არ გამოჩენილა მაგურა და იმის მაგიერ, რომ უფროს დას ერთხელ მაინც მოესაკლისებინა იგი, ცოტა მაინც შეებერტყა ყური, თითქოს ნიშნსაც კი უგებდა ძმას, მატრაკვეცად თვლიდა და მის გამოსაჯავრებლად ეგებ იმასაც ფიქრობდა, რა შენი საქმეა, ვინ მოვა და ვინ წავა, გამომიჩნდა არამკითხე მოამბეო. ადრიანად აუკრა გუდა-ნაბადი, დედასთან დააბეზღა, ჯემალის დაწოლის დროაო, შუქიც გამოურთო და დაძინება უბრძანა. ჰოდა, იწვა.

გარედან ისევ მოისმოდა ხმები – სიცილი, ხმამაღალი ხველება. ვერანდაზე შეეყარათ თავი მდგმურებს. ვიღაც ტრანზისტორს აწვალებდა, ალბათ, ქუჩის მხარეს, კუთხის ოთახში მცხოვრები როხროხა კბილის ექიმი კაცი, იშვიათად რომ უწევდა სხვებს ანგარიშს და მეზობელთა გულისწყრომას იმსახურებდა. მაგრამ ეს ყველაფერი დროის რაღაც უმნიშვნელო მონაკვეთში ხდებოდა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ტალღის უკუქცევას ემთხვეოდა. შემდეგ, ამოასკდებოდა თუ არა ტალღა ნაპირს, ყველაფერს შლიდა, როგორც მასწავლებლის მსუბუქად მოძრავი ხელი ცარცით აჭრელებულ დაფაზე. ძლიერი დგაფუნი უცებ ისეთი რბილი, ამოდსასმენი ხდებოდა, თითქოს ცხრილში გაცრესო. ეტყობოდა, კაი მანძილზე ამოდიოდა წყალი, ბიჭი ცვალებადი ხმის მიხედვით ხვდებოდა ამას, რადგან შემხვდური ნაპირი სხვადასხვაგვარად ხმიანობდა, იმისდა მიხედვით, სად რა ზომის კენჭები ეყარა. ახლა თითქმის პლაჟის სილნარ კიდემდე უწევდა ტალღის კუდი. აქედან კი სახლამდე დიდი აღარაფერი მანძილი რჩებოდა.

ბიჭს არ ეამა ზღვის ამგვარი ბორგვა. გამოცდილებით იცოდა, რა უსიამოვნების მოტანა შეეძლო სახლამდე ამოზავთულ წყალს. იქნებ ამიტომაც არ იძინებდნენ მდგმურები, ეშინოდათ, მძინართ ფანჯრებზე არ მოგვიკაკუნოსო ზღვამ. თუმც წელს სულ ახალ-ახალი დამსვენებლები ეწვივნენ, უცხოები. მათ ხომ ჯერაც არ ეწვნიათ მათ სახლზე ზღვის თავდასხმის შიში, გამთენიისას წყალში მოცურავე ქვედა სართულის ოთახებში ფეხშიშველა არ უტყაპუნებიათ და დიდრონი ვედროებით, გობებით ძველი ქვაბებითა და ყველაფრით, რაც კი იმ დროს ხელთ მიჰყვებოდათ, სულმოუთქმელად არ უხაპიათ მლაშე და მძიმე წყალი. ამიტომ ბიჭმა დაასკვნა, ალბათ, ისევ ადრეაო. დედასაც არ ეძინა. დროდადრო, ერთმანეთში არეულ ხმებ შორის დედის ხმასაც სცნობდა, ყველაზე ახლობელ, საყვარელ ხმას. მერე წაედებოდა თვალი, მაგრამ მალევე ფხიზლდებოდა, და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მორიგი მოფხიზლებისას არ იგრძნო, რომ გვარიანად გამოეძინა.

ახლა უფრო ბობოქრობდა ზღვა. ეჭვი არ იყო, სახლის ქვედა სართულის კედელს ტალღა თუ არა, შხეფები მაინც ასხამდა. მთელ სახლს ეძინა უკვე. ძილქუშად შედედებულიყო ღამე, გარინდებად. კედლებიდან ჟონავდა თითქოს ეს გარინდება, მდგმურთა ოთახებიდან მოდიოდა, მის საწოლთან ხვავდებოდა უჩინარ მთად, რათა გაეკვირვებინა, დაეფიქრებინა და ცოტაც შეეშინებინა. მთლად გაუქრა ძილი. მილულა თვალი საგანგებოდ, ნაძალადევად, მაგრამ ნაცვლად ძილისა, ზღვის ხმა მიკერძა ბინდმა, რომელიც ჩვეულებრივი საყვარელი ბუბუნი კი აღარ იყო, მოთქმას უფრო წააგავდა.

ოთახი, სადაც ის იწვა, სახლის უკანა მხარეს ჯერ კიდევ მის დაბადებამდე მიეშენებინათ. ფანჯარა ლამის ზედ ებჯინებოდა კედლებჩახავსებულ სახაჭაპურეს, რომლის სახურავზე დღენიადაგ დაფხაწუნობდნენ აჭარული ხაჭაპურის სუნით ყნოსვაგაღიზიანებული, ვირთაგვებზე მონადირე უპატრონო კატები.

ზაფხულობით მუდამ ამ მიყრუებულ ციცქნა ოთახში გადმოაბარგებდნენ ხოლმე, რადგან ზღვის მხარის ოთახებს განსაკუთრებით ეტანებოდნენ დამსვენებლები. დედა ხშირად ახსენებდა მათ, აქეთ ზღვაურის ცინცხალი სურნელი პირდაპირ ფანჯრებში იფრქვევაო, და ქირასაც სარფიანად ითხოვდა. ზაფხულის დადგომა და ბიჭის უკანა მხარეს გადასახლება ერთი იყო. მხოლოდ ლოგინს გადაუნაცვლებდნენ, ნივთებს კი ყველგან ხელუხლებლად ტოვებდნენ თავ-თავის ადგილას, რაც ბიჭს ხშირად აშკარა უპირატესობას უქმნიდა მთელ სახლში ჩაბინადრებულ, სხვადასხვა ქალაქიდან ჩამობარგებულ ხალხზე. მაგალითად, ყველაზე დიდ ოთახში, რომლიდანაც ისე მოჩანდა ზღვა, გეგონებოდა გემბანიდან იყავი გადამდგარი, კედლის თაროზე კაცის მუჭისტოლა სადაფის ნაირფერადქერქიანი ნიჟარა იდო. საფერფლედ ხმარობდა მას მამა, უმეტესად ზამთრობით. მთელი ზაფხული და შემოდგომა კი ნიჟარა თაროში იდო და ისეთსავე სამკაულს წარმოადგენდა ოთახისას, როგორც ლარნაკში ჩაწყობილი, მტვრისა და სიძველისგან გახუნებული ბუტაფორიული ყვავილები, ანდა პიანინოზე შემოდგმული უნაზესი გეიშას ფაიფურის ლამაზი ფიგურა. ნივთები სწორედ იმ პირობად შეიძლება ჩათვლილიყო, რაც სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულზე ბიჭის უფლებამოსილებას დაანახვებდა მდგმურებს. აგერ ახლა, სულ რამდენიმე დღის წინ, სწორედ ამ ოთახში ჩასახლებული მეტიჩარა და-ძმის ჯიბრზე, ცხვირაწეულები რომ დადიოდნენ, თავი კიტრებივით მოჰქონდათ, ესაოდა შენზე ორიოდ წლით უფროსები ვართო, ბიჭმა დრო შეარჩია, და როცა მათი დედა სამზარეულოში საქმიანობდა, უბოდიშოდ შეეხეტა მდგმურთა ოთახში. ყურადაც არ უღია გაოცებისგან როგორ დააფჩინა პირი და-ძმამ. დაუკაკუნებლად გაგონილა შემოსვლა!?. – თვალებითღა ამბობდნენ. ისინი, წელზემოთ შიშვლები, განიერ ტახტზე გადაწოლილიყვნენ და დაბრაწულ ბეჭებზე სქლად წაეცხოთ მაწონი. სწორედ იმ ტახტზე, ზამთრობით გემრიელად რომ ეძინა თვითონ და ფერად-ფერად სიზმრებს ხედავდა. უნახავები, – გაიფიქრა მან, ვიდრე თაროს მიაღწევდა, სადაც ნიჟარა იდო, – გაშავებაც არ იციან, ჩამოვლენ თუ არა, მიეხუხებიან მზეს, მერე კი ითითხნებიან მაწვნით და ტახტზე გორაობენ. ხოლო შემდეგ, ნიჟარას რომ დასწვდა და მისი სიგრილე მიესალბუნა თითებს, თვითონვე გაუკვირდა, რად უნდოდა, სად მიჰქონდა. თუმც მაინც აიღო და ოთახიდან გამოიტანა. ასე შეეძლო ნებისმიერ ოთახში ნებისმიერ ნივთზე გაემეორებინა. უბატონოდ ვინ გასცემდა ხმას, ვინ ეტყოდა, ნუ შემოდიხარ, სიმყუდროვეს ნუ გვირღვევო, მას, სახლის პატრონის ბიჭს, ვისაც თერთმეტი წელი შესრულებოდა უკვე, ვინაც სანაპიროზე ქარის სისწრაფით დააქროლებდა ველოსიპედს და თანატოლებში ყველაზე დიდხანს ძლებდა წყალში ჩაყურყუმელავებული; იმ ბიჭს, ვინც წევს ახლა ლოგინში თავჩარგული და ძილბურანიანი მოლოდინით უცდის გათენებას, უსმენს ტალღათა სიავეს, ზომიერი ინტერვალებით რომ ანთხევს ზღვა. თითქოს რაღაც სტკივა და გულს იოხებს, ჭიანჭველანაჭამი დათვივით იტანჯება. და ამ უბოლოო დგაფუნში ბიჭის წარმოსახვამ მატარებლის მოტორული რახრახი დაბადა. ორჯერ იჯდა მატარებელში. ერთხელ მამას გაჰყვა ბაზარზე, მანდარინი წაიღეს გასაყიდად. მეორედ კი მთელი ოჯახი გაემგზავრა დიდ ქალაქში. გამგზავრებამდე დედა და მამა ფარდაგწაფარებულ ხის ტახტზე ისხდნენ, დედას კალთაში ქაღალდის ფული ეყარა, ერთმანეთზე აწყობდა ზომისა და ფერის მიხედვით, მერე მამას აწვდიდა, ისიც გულმოდგინედ ჩაფურცლავდა ნერწყვში დასველებული ცერით. ბუტბუტებდა, რაღაცას უსიტყვოდ გადაითვლიდა გუნებაში, ტაბურეტზე დადებულ საანგარიშოზე შუათითით ჩააჩხაკუნებდა შავ რგოლს და დასტას ბარძაყქვეშ ამოიდებდა. თვლას რომ მორჩნენ, მამამ მთელი ფული ორად გაყო, სათითაოდ შეკრა წვრილი ღვედით და აქეთ-იქით ჩაილაგა კურტაკის ჯიბეში.

უფროსი და დიდხანს კოპწიაობდა სარკის წინ, სანამ ისედაც გუნებამოშხამულმა დედამ ერთი მაგრა არ შეუცაცხანა, მორჩი ახლა, ქორწილში კი არ მიმყავხარო, მამამ კი ორჭოფულად თქვა:

– ჯემალი? – ეგებ ჯემალი დაგვეტოვებინა. მეზობლები მიხედავდნენ ჩვენს მოსვლამდე.

როგორ შეეშინდა! მოეჩვენა, შესაძლოა მიმატოვონ, თვით დედამაც გამწიროსო. შეუფრთხა გული, თითქოს მკერდში მშვილდი დებოდეს და ვიღაცას მოულოდნელად გამოეკრა თითი. მართლა რომ გამართლებულიყო მისი სიტყვები? ვედრებით შეხედა დედას, თვალები გაუბეცდა, საცაა ცრემლით აევსებოდა. მაგრამ დედამ ხელი მოხვია, თეძოზე მიიკრა თანაგრძნობის ნიშნად.

– არა, თქვა ნაღვლიანად, – ჯემალიც წამოვა. ვინ იცის, ხვალ რა იქნება, შვილებმა ბოლომდე უცქირონ დედას. – ისე აუკანკალდა ხმა, ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. ამიტომ გაჩუმდა, მთლად გაჩუმდა. მდუმარედ გამოვიდნენ ქუჩაში, ასევე მდუმარედ ისხდნენ მატარებელში, და ბიჭს ეგონა, აქ იმიტომ მოვედით, მოვალე ვართ გულისგამაწვრილებელ რახრახს ვუსმინოთო.

მერე ხალხმრავალი დარბაზი, მოლაპარაკე უცხო კაცთა ხელები, თვალები, ტანსაცმელი... ფერწასული, დაძაბული დედა, განცალკევებით მჯდომი, გრძელ მაგიდასთან ჩამწკრივებულ კაცებს გარიდებული. დაიღალა ბიჭი,პირველად ისმენდა ასეთ გაუთავებელ საუბარს. მოითენთა და მამის მკლავზე თავმიდებულს ჩაეძინა. ბოლოს ხომ მაინც ყველანი ერთად დაბრუნდნენ. ისევ მატარებელი, დედა ცრემლს ვეღარ იკავებდა, რიგრიგობით იკრავდა გულში შვილებს, ჩუმად ტიროდა, ერთხელ, მხოლოდ ერთხელ ჩაიდუდუნა, გამამართლესო. მამა სულ ფანჯარაში იყურებოდა და იყურებოდა. ყველანი იყვნენ ბედნიერი, თუმც არ ლაპარაკობდნენ ამ ბედნიერებაზე, თითქოს ბუმბული ყოფილიყო იგი და შიშობდნენ, რომ პირიდან ამონაკადებული ჰაერი გაფანტავდა. მათ კი არ უნდა დაეპნიათ, უკლებლივ უნდა მიეტანათ შინ.

ახლა სულ სხვაგვარი განცდა მოჰქონდა წარმოდგენაში წუთით ჩასახლებულ მოტორულ რახრახს, განცდა გაურკვეველ სიხარულში შედუღაბებული ლოდინისა. მოსწონდა ეს ლოდინი, რადგან უჩვეულო, ძლივსნაღირსებ ფუფუნებას ხედავდა მასში. არც იცოდა რას ითხოვდა, რას ელოდა ამ ლოდინისგან, მაგრამ მაინც უცხო სიხარულს ჰპირდებოდა დილა. უფრო სწორად, დილას მოჰქონდა განვლილი დრო, შარშანდელი ზაფხულის ჩახჩახა დღეები, თბილი და წყნარი, მაგრამ ნესტიანი საღამოები. შარშანდელი ზაფხული ერთადერთი იყო, გამორჩეული. მან აჯობა დანარჩენ ათს, რომლებიც ბიჭისთვის ისე იყვნენ ჩანთქმული და ჩაკარგული დროის მორევში, როგორც წყალში საგანგებოდ მოსროლილი კენჭები.

ვინ იცის, რამდენჯერ გაუფრთხა ძილი ამ ერთ ღამეში და კვლავ რამდენჯერ ჩასთვლიმა. როგორც კი თვალი წაედებოდა, მაშინვე ბრუნდებოდა წარსული. თუმც ეს არ ჰგავდა წარსულს, ნამდვილად ახლა ხდებოდა ყველაფერი.

 იგი  ზის ლამაზ პირსაწმენდზე, ზედ ყვითელი იხვები რომ ახატია და ზღვას გასცქერის. ჯემალი გარშემო უტრიალებს, ხან მის გვერდით გულაღმა წვება ქვიშაზე. ხან მუხლებზე წამოჩოქილი, კენჭებს ქექავს, მისთვის ეძებს ლამაზს, ძალიან, ძალიან ლამაზს. მერე კისრისმტვრევით გარბის, თავით ერჭობა ტალღაში. ისევ ამოდის, მაგრამ უკვე შორს, ღრმა წყალში, და სწრაფი, მოხდენილი მხარულით მიცურავს დიდი ბიჭებით დახუნძლული ნავისკენ.

– კუზმა! მოი აქ! – უძახის ერთი მათგანი.

ისიც მაშინვე ჩაეჭიდება ნავის წიბოს.

– ეგ გოგო შენთანაა, ჯო? – ეკითხება ჭროღათვალებიანი ბიჭი, ყოველდღე რომ ახალ-ახალ საცურაო ტრუსს იცვამს. მას კაზიმირას ეძახიან.

ჯემალი თავს უქნევს, – ხოო, – თან ამით სარგებლობს, ნავს ეკონწიალება.

– რა ჰქვია, ჯო? – ახლა მეორე კითხულობს და ნიჩაბს აჩერებს.

ჯემალი თვალს უჭუტავს შიგ ჩანათებულ მზეს, არ პასუხობს. არ უნდა და არ პასუხობს.

– ნავზე დაგსვამ, ჯო, – ყასიდად ამბობს მენიჩბე. თუმც ხელს არავინ აშველებს, როცა ბიჭი ნავზე აბღოტებას ცდილობს. ისევ უმეორებენ კითხვას – რა ქვიაო. ბრაზობენ, – ჯო, არ გესმის? ხმა ამოიღე, კუზმა!

და მან იცის, ამაოდ ცდილობს ნავზე აძრომას. ისევ ჩამოეკონწიალება, ასვენებს ამჩატებულ სხეულს. კარგად მოეხსენება, რა ვაჟბატონებიც ბრძანდებიან ესენი. მთელ სანაპიროზე ერთ გოგოსაც არ გაუშვებენ, რომ არ გაიცნონ. დაასეირნებენ ნავით, ეკურკურებიან, ეპრანჭებიან, დაჰყავთ კინოში, ცეკვებზე. ბოლოს სადგურზეც აცილებენ, კიდევ ჩამოდიო, სთხოვენ. მერე ახალს გაიცნობენ, იმასაც ისევე ექცევიან და ასე გრძელდება მთელი ზაფხული და ნახევარი შემოდგომა, ვიდრე ბანაობის სეზონი დამთავრდება.

რა გესაქმებათ მის სახელთან, – ფიქრობს ბიჭი, – თქვენს გოგოებს მიხედეთ! ნაცვლად ამისა კი ამბობს: ნუ მეძახით კუზმას, მე ჯემალი მქვია.

მისი პასუხი სასაცილოდ არ ჰყოფნით: ამას დამიხედეთ, ითხოვს, პასპორტის სახელით მომმართეთო!.. შენ არ დაეკარგე პატრონს... შე ძველო! თათი დაივიწროვე, თევზი არ შეგიძვრეს, გაფრთხილდი... – როხროხებენ ბიჭები.

გადამდებია სიცილი, ჯემალიც იცინის, ზეიმობს, მარტო მან იცის, რომ გოგოს მაგურა ჰქვია. ესენი ჭიპზეც რომ გასკდნენ, ვერაფრით მოიაზრებენ ამ სახელს, მაშ ჟუჟუნა ხომ არ ერქმევა, ან სვეტა, ან კიდევ მარუსია.

– რომელს უფრო გაინტერესებთ? – ნიშნის მოგებით იკრიჭება.

– შეხე ამ ლაწირაკს! – თვალებს ქაჩავს მენიჩბე. მარჯვედ ატრიალებს ნიჩაბს, – მოშორდი ნავს, თორემ ჩაგაფარე! დაიკარგე აქედან!

ჯემალი ტანს აიქნევს, ფეხის ტერფებს ერთდროულად, სწრაფად მიარტყამს დარწეული ნავის ფერდს და მხარუკუღმა გადაეშვება წყალში. ლამაზად გამოსდის ნახტომი, უხარია, ნაპირიდან, ალბათ, მაგურა უცქერის.

მერე დაჰყურებს ქვიშაზე დამხობილს, მზე გვარიანად მოჰკიდებია, კოპლებიანი საცურაო კოსტიუმი ცოტა გამოხუნებია, თუმც ისევ მოხდენილად ადგას ოდნავ ჩასუქებულ ტანზე. ვითამაშოთ კარტი... – მერამდენედ იმეორებს თხოვნას გულში, მაგრამ ერთხელაც ვერ ამბობს ხმამაღლა. იცის, მას ფიქრი ურჩევნია კარტის თამაშს. საათობით შეუძლია იჯდეს ხმის ამოუღებლად, უცქიროს ზღვას, იფიქროს და იფიქროს. ამ დროს მას ავიწყდება აქვე, მის გვერდით ფინიასავით მიცუცქული ბიჭი, მოდარაჯე და მფარველი, გულწრფელი სიმორცხვით რომ ეუბნება:

– მასე გეტკინება თავი.

აწყვილებს პაწაწა მკლავებს, ნახევრად ქვიშაში ფლობს და ისე უცურებს თავქვეშ. ისიც არ ეწინააღმდეგება ბავშვის სურვილს, რომლის უმწეო, გახუხული სხეული სასაცილოდ გამოიყურება შავ, ფანთხურა კაცურ ქვედა საცვალში. ოღონდ იცოდებს – დაგეღლება ხელები, დაგეღლება, გენაცვალე.

მაგრამ ბავშვი ჯიუტად გააქნევს თავს და მხრებიდან ჩამოწურული წყლით გამუქებულ ქვუშას ჩაშტერებია. ამის შემდეგ უნდა ვიცოცხლო ხუთი, და კიდევ ხუთი წელი, რომ შენხელა გავხდე... ეს ძალიან ბევრია. როდის გავა ამდენი დრო...

მაგრამ ბიჭს განა მომავლის ბურუსს მიღმა მიძინებული დროის არსებობა უშლიდა ხელს, რომ ბედნიერად ეგრძნო თავი?

არკი იცოდა, ფიქრობდა, თუ ესიზმრებოდა ყოველივე. ერთიც იყო და მეორეც. ყოველ შემთხვევაში, საეჭვო და შეთხზული არა ყოფილა. რა ვუყოთ, რომ ამ ამბების შემდეგ ერთი წელი გავიდა. ძველი პერანგები დაუპატარავდა. სამაგიეროდ, ახლები უყიდეს. შარვლებიც სულ ტოტებიანი აცვია, მზად ნაყიდი. კითხვითაც გამართულად კითხულობს უკვე, მარცვალ-მარცვალ, ჯახირით კი არა, აი, კლასში ოთხებს რომ უწერენ, თითქმის მათსავით. ჰო, მართლა, ვიღაც თავმოტვლეპილი კაცი დაიჭირეს მის თვალწინ კინოში. შუა ფილმზე სინათლე აინთო, ორი ზორბა ბიძა აქეთ-იქიდან ამოუდგა და ხმაური რომ არ გამოეწვიათ, ხელკავით გაიყვანეს. ვიღაცებმა თქვეს, ჯაშუში იყოო. მამა უცხონდება, აბა რა ეგონა... მეთევზეებს უზარმაზარი თევზი რომ უპოვნიათ?! მაგრამ ბადე დაჭრა თურმე და გაიქცა. ამტკიცებდნენ, ნამდვილად ზვიგენი იყოო. ერთს ნაძლევი დაუდევს, ჩემი წერაა, სად წამივა, ცოტაც მაცალეთო.

და ყველაფერი, მის ძილბურანიან გონებაში აცრიატებული, მაგურას მოსვლას ელოდა.

მაგურა ძველებურად მათან ერთად ისადილებდა ზღვისკენ გადამდგარ ღია აივანზე. ჯემალი მიუჯდებოდა ქვისგან ნათალ მრგვალ, მუშამბაგადაფარებულ მაგიდას და მაგურას ხათრით ყველაფერს შეჭამდა, რასაც დედა შესთავაზებდა.

– ჯემალ, ჰკითხა ერთხელ დედამ, – შემწვარი კარტოფილი უფრო გიყვარს, თუ მაგურა?

ბიჭმა დასაღეჭი ლუკმა პირში შეაჩერა, მართლა დაფიქრდა, მაგრამ არ უპასუხა. ანკი რა ეთქმოდა, ისეთი კისკისი ატყდა სუფრაზე.

– შემწვარი კარტოფილი ერთადერთია, რის ჭამაზე ხვეწნა არ სჭირდება, – გარკვეულობისთვის დაუმატა დედამ.

იგი მართალს ამბობდა, მაგრამ ბიჭს კარტოფილზე მეტად მაგურა უყვარდა, მის გარეშე ყოფნა ვეღარ წარმოედგინა, მორჩა და გათავდა.

ეს ღამე კი არა, სატანჯველი იყო. მთლად დაეკარგა მოსვენება. დილაბინდზეღა ჩაეძინა ღრმა, შვებისმომგვრელი ძილით. არ გაუგია გათენება, თითქოს ძილქუში დასცემოდეს. მკვდარივით იდო საწოლში, აღარც სიზმრებს ხედავდა, აღარც ფიქრს აწიალებდა.

გამოღვიძებულს მოწყენილი, ნაცრისფერი დღე დახვდა. ეტყობოდა, მეორე საუზმის დრო იყო უკვე. მდგმურები მიწყნარებულიყვნენ, მხოლოდ ორნი შერჩენოდა ვერანდას – მოხუცი მასწავლებელი ქალი და ღიპიანი ჟურნალისტი, თხელი, მოცისფრო პიჯაკი რომ ეცვა მუდამდღე. ქალი ფეხზემდგომელა მიირთმევდა ხილის წვენს, ჟურნალისტი კი კედელზე აკრულ, ფერად-ფერადი ლაქებით აჭრელებულ, სიძველით დამქიქულ რუკას სწორედ ისე უკირკიტებდა, ჯემალის დამ რომ იცოდა ხოლმე. ასეთ დროს ბიჭი ყოველთვის ფიქრობდა, ნეტავი რას ხედავს ამ გაფერადებულ ქაღალდში, ნუთუ მართლა გაეგება რამეო.

ბიჭმა სწრაფად გაიარა ვერანდა, გავიდა აივანზე, სადაც პირსაბანი ეგულებოდა. პირს, ჩვეულებრივ, სააბაზანოში იბანდა ხოლმე, მაგრამ დღეს, რატომღაც, უღალატა ჩვეულებას. პირის ბანას რომ მორჩა, კიდევ კარგა ხანს იდგა ერთ ადგილას, ნელა იმშრალებდა, თან მაგურასთვის განკუთვნილი ოთახის მიხურული ფანჯრისკენ გაურბოდა თვალი. გუშინაც ასე მიხურული იყო იგი, არავითარი ცვლილება არ იგრძნობოდა. აბა, რად ეგონა მაინც, აგერ-აგერ გაიღებოდა ფანჯარა და გულისფანცქალით დალოდებული კინოსურათის პირველი კადრივით გამოეცხადებოდა მაგურას ნანატრი სილუეტი. რაც მეტს ფიქრობდა, მით მეტად უცრუვდებოდა იმედი და რწმუნდებოდა, არავინ შემომატებია სახლს, ყველაფერი ძველებურად დარჩენილიყო. ერთი-ორჯერ ძაღლის წკმუტუნი გაიგონა, რომელსაც ვერანდის მოფიატებული კარიდან გამომავალი, ენერგიული ჟურნალისტის ხმამაღალი ლაპარაკი შეენაცვლა.

– ოხ ეს კურილიის კუნძულები... – ამბობდა იგი, – ნახეთ, როგორ მძივივით ასხმიან ზღვას. ისინი კუნძულ ჰოკაიდოსა და კამჩატკის ნახევარკუნძულის ერთმანეთთან გაგზავნილ ამბორს აღასრულებენ. ინებეთ, უფრო საოცარი სურათის ნახვა, ალბათ, შეუძლებელია, კაცი იფიქრებს, ცრემლები წასცვენიაო იაპონიას. ნახეთ, იხრჩობა საუკუნის ცივილიზებული ქვეყანა, იხრჩობა, არც მეტი, არც ნაკლები. ახლა ევროპა? ა, ჩემო ბატონო, იხილეთ და დატკბით, როგორ მოკრძალებულად, უპრეტენზიოდ გამოიყურება, ფეხს არ იცვლის ოდინდელი მიწა-წყლიდან, სადაც საკაცობრიო კულტურის აკვანი დაირწა.

– ჭეშმარიტად სწორი ბრძანებაა, – ნასიამოვნები ეპასუხებოდა ქალი, – ევროპა მარადიული ქალწულია, ამიტომაც ამკობს მას ეს უბადლო მოკრძალება.

ქალის მილეულმა ხმამ ბიჭის სმენას საშუალება მისცა, კვლავ მოყურებოდა ძაღლის წკავწკავი, სადღაც სახლის უკანა მხრიდან რომ მოდიოდა. ხელში შერჩენოდა პირსახოცი. იგი სწრაფად გადაკიდა აივნის კუთხის სვეტებშუა გაჭიმულ თოკზე, რომელზეც საბანაო კოსტიუმებს აშრობდნენ მდგმურები, და გაღიზიანებულმა იმით, რომ კვლავ ჟურნალისტმა დაიწყო რიხიანად, – მე რომ მკითხოთ... – ბიჭი კი ვეღარ აზუსტებდა, საიდან მოდიოდა ძაღლის ხმა, იგი ნაჩქარევად დაეშვა კიბეზე, ეზოში ჩავიდა. სახლის ირგვლივ შემოვლა დააპირა. აი, ფლიგელის ის კიბე, მაგურასთვის განკუთვნილ ოთახში რომ ადის. შედგა, ძაღლი არ დავიწყებია, მხოლოდ ერთი ნაბიჯით გადაუხვია გზიდან. აირბინა კიბე, სულ ორ-ორ და სამ-სამ საფეხურს გადაახტა ერთდროულად. თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა კართან, დარწმუნებული, რომ ოთახში არავინ დახვდებოდა, არც დაფიქრებულა, ისე შეგლიჯა, მაგრამ გაჩხიბულივით გაირინდა, უცებ ვერაფრით შეეგუა დაეჯერებინა, რეალობად მიეღო ის, რასაც ცხადლივ ხედავდა. საწოლში მაგურას ეძინა. თავი მასავით მძინარე მამაკაცის შიშველ მკლავზე ედო და ვითომ აქაც არაფერი, მშვიდად, ძლივსგასაგონად ფშვინავდა. სწორედ ამ სიმშვიდიდან ეწვია ბიჭს ცდუნებასავით უხერხული განცდა, რაც ერთდროულად იყო სირცხვილიცა და ინტერესიც.

მაგურა მოვიდა ასეთ ჯანღიან დღეს, ასე უჩუმრად, თითქოს სულ ერთი იყო, მოვიდოდა თუ არა. მაგურა მოვიდა და უწინდელივით ბალიშქვეშ წიგნამოდებულს კი არ სძინავს, არამედ ვიღაც კაცთან ერთად გახვეულა ხაოიან პლედში.

დედამ იცის, დედამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცის, შეეგება, მიესალმა, ოთახში შეუძღვა, თეთრეული მიართვა ბევრჯერ გაუცინა. დიახ, ასე იყო. ბიჭს ვინ ასწავლიდა, როგორ იღებდნენ მათ სახლში დასასვენებლად მობრძანებულ სტუმრებს.

ბიჭი ასე გაშეტებული რომ იდგა ახლა ფეხმოუცვლელად, არ ფიქრობდა. თავისით მოდიოდა ფიქრის მსგავსი აზრები, ცხვირ-პირზე გადაუდიოდა, მას კი უნდა ამოეცნო ისინი, ამოეკითხა, მაგრამ ვეღარაფერს კითხულობდა, გაქცეულ კინოლენტასავით, ერთმანეთზე გადაიბაწრა ყველაფერი, რასაც კი ჭკუათამყოფელი გონება შეიძლებოდა მისწვდომოდა. რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა, რომ იგი, ჯერაც ბავშვი, მთლიანდებოდა ამ უცნობ კაცში, ზედა ტუჩს ირგვლივ ქერა ულვაში რომ შემორკალოდა, და რომელსაც ნეტარი ძილით ეძინა. მაგრამ ეს იყო წამით, თითქმის არარსებულ დროში, სანამ ისევ მოეგებოდა გონს, სანამ მთელი ულმობელობით ირწმუნებდა სიმართლეს. მაგურა უკვე აღარ იყო ის, და ბიჭს თავიც რომ მოეკლა, ვეღარასოდეს იქცეოდა იმად, ვისაც მოუთმენლად მოელოდა იგი. მაგურა ახლა იყო სარკე, რომელშიც ბიჭმა დაინახა საკუთარი თავი და გაოცდა. რატომღაც მის სხეულს გადავიწყებოდა მნიშვნელოვანი, ძალზე მნიშვნელოვანი რამ. და ეს წუთი გახსენების წუთი იყო, რომელიც დაურიდებლად ანჯღრევდა და აფხიზლებდა მას, რისი აზრი და შინაარსი ბიჭის მამაკაცური წარმოშობის წიაღში იდო. ნუთუ ორთა შეყვარებული სხეულებიდან წვეული თუ გამოხმობილი სირცხვილი იყო მხოლოდ, ასე რომ დაუწურა გული, სწორედ იმგვარად, ზღვაში დამხრჩვალი ადამიანის პირველად ხილვისას რომ დაემართა.

გამობრუნდა, სასწრაფოდ გამოიხურა კარი და აჩქარდა, დამნაშავესავით, რომელიც, რაც შეიძლება, მალე უნდა გაეცალოს ცოდვის ადგილს, ისე. მაგრამ, რაც კარს უკან მოხდა,იქვე კი არ დარჩენილა, არამედ აბლაბუდასავით შემოებლანდა, გასაქანი აღარ მისცა, დაბრუნებოდა თავის ჩვეულ ცხოვრებას, რამდენიმე წუთის წინ რომ ჰქონდა. და მან იგრძნო, მოხდა ის, რისთვისაც სრულებით არ იყო მზად.

აღარ გახსენებია ძაღლი, კიდეც რომ გახსენებოდა, იქნებ აღარც მოეძებნა. ბიჭისთვის აღარაფერი არსებობდა, გარდა გაოცებისა.

ისევ სახლში დაბრუნდა, რადგან არ იცოდა სად წასულიყო, სად იყო ახლა მისი ადგილი. მდგმურები ვერანდაზე გამოფენილიყვნენ. ყველაფერი ერჩია მათთან შეხვედრას, მაგრამ უკანვე ხომ ვერ გაბრუნდებოდა. გაიძურწა, ქურდივით გაძვრა მათ შორის და სამზარეულოს მიაშურა. აი მაგიდა, ჩვეულებისამებრ, სადაც ჩაის ტილო გადაეფარებინა დედას მისთვის გამზადებულ საუზმეზე. პუდინგის მოზრდილი ნაჭერი, რამდენიმე ცალი ალადი და კისელით სავსე დიდი ფინჯანი აღმოჩნდა ტილოს ქვეშ. დაჯდა, ჩაშტერებით დააცქერდა საჭმელს, პუდინგი აიღო და ჩაკბიჩა, მაგრამ არ შეეძლო ჭამა, ლუკმა ყელში ეჩხირებოდა, ასეთი უგემური პუდინგი არასდროს დაუმზადებია დედას. ანება თავი ჭამას, იჯდა, არაფერზე აღარ ფიქრობდა, ლეთარგიაშეყრილივით გათიშულს ჰგავდა. მერე ადგა და სამზარეულოდან გამოსულს ვერანდა კი არ გაუვლია, უაზროდ დაუყვა სააბაზანოს ნესტიან, ლოკოკინების პრიალა ნაკვალევით ერთიანად აჭრელებულ კედელს ჩაყოლებულ შიდა ბნელ კიბეს, რათა უკანა ეზოში გასულიყო. ისევ მოესმა ძაღლის წკავწკავი. რაც თავი ახსოვს, ძაღლი მათი სახლის განუყრელი ბინადარი იყო, მაგრამ მისი ხმა ბიჭს არასდროს მოჩვენებია ასეთი შემზარავი. ამანაც გააღიზიანა. ერთი კი მოავლო თვალი იქაურობას, ნახა, ძაღლი ხურმის ძირას მიწოლილიყო. ფეხის ხმაზე ნელა წამოსწია თავი, ჩაწირპლული თვალები მიაგება პატრონს. ბიჭი არ გაჩერებულა, ოღონდ გაიფიქრა, ტირისო, თან იმასაც ჩაეკითხა საკუთარ თავს, ნუთუ ცხოველებს შეეძლოთ ტირილი? მაგრამ არ იყო გამოცანების გუნებაზე. თუმც, გაახსენდა ამასწინაზე მამის ნათქვამი: ძალიან დაბერდა ეს ძაღლი, იქით აქვს უკვე პირი. ჯემალის ხათრი იყოს, თორემ ეზოში გასაჩერებელი აღარაა.

ძაღლის ხელის ხლება ბიჭის გალახვას ნიშნავდა. ისინი ერთად გაზრდილები რომ იყვნენ, მდგმურებსაც კარგად მოეხსენებოდათ, და როცა ბიჭის გულის მოგება სწადდათ, ძაღლს გემრიელ-გემრიელ სასუსნავს უყრიდნენ გულუხვად. არავის ერჩოდა, აღარც ყეფდა უკვე, თითქოს დავიწყებოდა ძაღლი რომ იყო. თავშეყრილ ხალხის ახლო უყვარდა ტრიალი. ნებიერად გაიწვართებოდა, თავს წინა თათებზე დადებდა და მიეცემოდა თვლემას.

სანაპიროსა და სახლს შირის გამავალი ვიწრო ქუჩა ერთბაშად მიესილა წუხანდელ ღელვას. საგრძნობლად გრილოდა, ამტუტებულ ქუჩაზე აქა-იქ თუ მიტყაპუნობდნენ დამსვენებლები, ისიც, ალბათ, ისეთები, ცნობისმოყვარეობა ნებას რომ არ აძლევდათ, არ ეხილათ სტიქიის სილაღის შედეგი. მთელი პლაჟი დამპალი ხის ნამსხვრევებითა და გამდნარი კუპრით დაბინძურებულიყო. ზღვას კი დაეხია უკან, მაგრამ ისევ ბობოქრობდა. წყლის ღელვას დაეფანტა და თითქმის გაენახევრებინა ჯემალის სახლის შორიახლო, ზედ პლაჟზე, თვითმცლელებით საგანგებოდ მოზიდული ხრეშის ვეება მთა, სანაპიროს დაცვის მიზნით, ზღვის ღრმა ჭებში რომ უპირებდნენ ჩაყრას, რათა ხელოვნურად დაედაბლებინათ ტალღათა სიმაღლე.

ბიჭს სურვილი არ ჰქონდა, მისილულ გზაზე ევლო. ამიტომ სანაპიროსგან მოშორებით, ცენტრალური ქუჩისკენ ამავალ ჩიხში გაუხვია, გაჰყვა გაუსხეპავ, ნებაზე მიშვებული ტრიფოლიატის მწკრივს. მერე ინსტინქტურად მოაბრუნა თავი, მოიხედა უკან, შეამოწმა, ძაღლი ხომ არ მომდევსო. ჯერ კიდევ აქეთ შემოხვევამდე შენიშნა, ჭიშკრიდან რომ გამოლასლასდა იგი. თქმა არ უნდოდა, პატრონს გამოჰყვა, მაგრამ იმედი ჰქონდა, შორს წასულს რომ დამინახავს, გაბრუნდებაო. თურმე არ გაბრუნებულა, კვლავ მოსდევდა. უჭირდა სიარული. მცირე მანძილს გაივლიდა, ჩაიკეცებოდა მუხლებში, მოითქვამდა სულს, ისევ წამოდგებოდა, ისევ მისდევდა. შეებრალა, დაელოდა. თან გაბრაზდა – რა ჯანდაბა გემართება, ფეხზე ვეღარ დგები?!

მალე ერთად მიდიოდნენ, ძაღლი როცა ჩაიკეცებოდა, ბიჭიც შედგებოდა, ეს იყო მისი თანაგრძნობა. პარკისკენ აეღოთ გეზი – ბიჭს განმარტოება მოუნდა. ასეთ ჟიჟმატ დღეს, წუთი-წუთზე რომ შეიძლებოდა დაეშვა თავსხმას, იცოდა ცარიელი იქნებოდა პარკი. მარტო ყოფილიყო, დაუსრულებლად ივლიდა მარადმწვანე ხეთაგან სურნელდაკმეულ ბილიკებზე, მაგრამ ძაღლს რაკი უჭირდა, ბიჭიც იძულებული შეიქნა გაჩერებულიყო. სკამს ვერ მოესწრო გაშრობა. მაგრამ აინუნში არ ჩაუგდია ეს, დაჯდა და შორიახლო ჩაცუცქულ ძაღლს დაუწყო ცქერა. რარიგ არ სიამოვნებდა ახლა მასთან ყოფნა, თუნდაც იგი ასეთი დავრდომილი კი არა, ძველებურად ჯანმრთელი ყოფილიყო. ფიქრი სურდა, რაღაც სხვაგვარი, თავის თავთან განმარტოებული, ძაღლი კი ამის საშუალებას არ იძლეოდა, ნაღვლიანი, ამოწყლიანებული, მავედრებელი თვალებით შესცქეროდა პატრონს. ბიჭს თავად სჭირდებოდა ნუგეში, მარტოდ დარჩენა მაინც, ძაღლი კი სევდას ჰგვრიდა, ტვირთად ქცულიყო. განა არ ეცოდებოდა, მაგრამ რით ეშველა. და ასე გაორებულ სურვილთა შორის, დაულაგებელ, ნაფლეთ-ნაფლეთად ქცული ფიქრის ასაკინძად ამაო ცდაში ნელა, მაგრამ თანდათან ეძარცვებოდა სიმკაცრის სამოსი იმას, რამაც ბიჭი სახლიდან გამოაქცია, შემოახეტა ცვარ-ნამით გაჯერებულ ფიჭვნარში. ხოლო ყველაფრისგან, რაც განიცადა და რაც იმ განცდისგან ფიქრად თუ ახალ განცდად იქცა, თავსამტვრევ, ნახევრად გაურკვეველ აღმოჩენად, იშვა რაღაც სრულიად ახალი, ჭირვეული და უსიამო, სამტრო განწყობილება რომ ეთქმოდა უფრო. ოღონდ ეს არ იყო ამბოხებადქცეული მტრობა, არამედ სევდას ჰგავდა, საკუთარი არასრულფასოვნებით დაეჭვების სევდას. კვლავაც მიხურული ფანჯარა, გუშინაც ასევე მიხურული რომ იყო მდგმურის მოლოდინში... სახლი, სადაც გაიზარდა, უცებ გაუუცხოვდა, და ბიჭმა ინატრა, ნეტავი არასდროს დამაბრუნა შინო. არ დაემთავრებინა ნატვრა, რომ მის წინ, მოპირდაპირე სკამს, რომლისგანაც წითელი აგურის მსხვილი ნაფხვენით ნაყარი ბილიკი ჰყოფდა, ბერიკაცი მიადგა. ბიჭმა იგი ჯერ კიდევ შორიდან შეამჩნია ფიჭვების ხეივანში მომავალი, თავმორკალულ ტროსტს მარჯვედ იბიჯგებდა, მაგრამ მაინც ბანცალ-ბანცალით მოათრევდა ფეხებს. ხან აქეთ-იქით იყურებოდა თავისი სავალის ახლომახლო, ხან უფრო შორს ავლებდა მზერას. მაგრამ ბიჭი მას უბრალო, უმნიშვნელო დეკორაციასავით აღიქვამდა, არკი აქცევდა ყურადღებას. ბერიკაცი კი მოვიდა, თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერავის ამჩნევდა, შემთხვევით მოსდგომოდა სკამს. მოვიდა და ცხვირწინ წამოუსკუპდა. დაჯდა თუ არა, ჯიბიდან ვაშლი ამოიღო. კაიხანს იქექა და იფათურა, სანამ პატარა ჯაყვა დანა მოიძია, ძლივსძლივს გახსნა და ვაშლის თლა დაიწყო. ნელა ირჯებოდა. ვაშლს ნათალი რომ ააწყდებოდა, ბერიკაცი მას ხელის დაუდევარი აქნევით, გაურკვეველი მიმართულებით გზავნიდა.

მართალია, ბერიკაცის მოსვლას არ გამოუწვევია ბიჭის ინტერესი, მის ყოველ მოძრაობას მაინც მექანიკურად ადევნებდა თვალს. უცნაური გარეგნობა ჰქონდა, საგანგებოდ ჩაფუთნულიყო, ეტყობოდა, დაუშვებლად მიაჩნდა, რომ შესაძლოა ერთ წამში ისეთი მზე გამოჩახჩახდეს, ყველაფერს ოხშივარი აადინოს. ნელა, ლუკმა-ლუკმა შეექცეოდა ვაშლს, დროდადრო შეწყვეტდა ჭამას, მძიმედ ჩაყლაპავდა უკბილო პირში მომდგარ ნერწყვს, მოწკურავდა თვალებს, ზღვას დააყურადებდა, თავს გადააქნევდა, უკმაყოფილების ღიმილს გაიკრავდა ტუჩის კუთხეში და რაღაც გაურკვეველს ჩაიჩიფჩიფებდა მწყრალად. ბიჭს სულაც არ ჰქონდა ბერიკაცის დარდი, ბიჭს ძაღლი უკვდებოდა. ღმერთო, გადაარჩინე! – ღაღადებდა მის არსებაში უჩინარი, ოღონდ ისე უგერგილოდ, ისე ზერელედ, თითქოს არა საკუთარი წიაღიდან, არამედ პარკის სულ განაპირა ტევრიდან მოდიოდა ვედრება, ვიღაც, სხვათა შორის, თავშესაქცევად წარმოთქვამდა ამ ორად ორ სიტყვას. მოკლედ, ბიჭმა ისიც არ იცოდა, გულით სწადდა თუ არა მისი ახდენა. მეტადრე ძაღლიდან მოხუცზე რომ გადაანაცვლებდა მზერას, მთლად უაზრო, არაფრისმთქმელი ხდებოდა ეს ღმერთო, თითქოს ბერიკაცის ხელისგულზე გამზადებული ვაშლის პაწაწინა ნაჭრები ყოფილიყო, რომელთაც მორიგეობით იდებდა იგი პირში.

ბერიკაცმა ბიჭის მზერა რაკი დაიჭირა, ოღონდ თვალი არ გაუსწორებია მისთვის, ვითომდა ჩემს თავს ვებაასებიო, სინამდვილეში კი გამოლაპარაკების მიზნით, თქვა: მორჩა, ავდარი საშველს აღარ მოგვცემს!.. თან უკანასკნელი ნაჭერი შესანსლა და რახან ბიჭის ყურადღება ვერ მიიქცია, იხტიბარი არ გაიტეხა, განა ასე მარტივადაა საქმე, ჯერ ბოლომდე არ მითქვამს, ხოლო თუ ვიტყვი, ყურადღებასაც დავიმსახურებო, ისევ განაგრძო:

– ეს სულ ადამიანების გამო ხდება, მათი ცოდვების გამო. ამაზე კი ნაკლებად ფიქრობს ვინმე.

ისეთი სახე მიიღო, უთუოდ დიდი სიამოვნება მიანიჭა საკუთარმა სიბრძნემ. იგი უკვე ბიჭს ელაპარაკებოდა. მას კი სიტყვა არ გამოუგია, რაში ეკითხებოდა, რას პრუტუნებდა ნახევრად მიხრწნილი უცნობი. ძაღლისკენ მიბრუნდა მთელი ტანით, იმედოვნებდა, თუ არ გამოველაპარაკები, იქნებ დამეხსნასო.

ბიჭი პირველად ხედავდა ნამდვილ სიკვდილს, რომელიც არც ზღვისგან სიცოცხლეგამოცლილ სხეულში მარადიული ძილის სიმშვიდეს ჰგავდა, არც სამუდამოდ გამქრალი, არყოფნაში გადასახლებული ბავშვის ხონჩით გამოცხადებულ სევდას. ახსოვს, ხონჩა ქუჩაში ოჩოფეხებზე მდგარ ფირ-ფიცარზე გაეწყოთ, კანფეტებით, ნაირფერად შეღებილი კვერცხებით, ცომისგან გამომცხვარი ფრინველებით დაემშვენებინათ. ერთმანეთს ასწრებდნენ ბავშვები, მსწრაფლ დაიტაცეს საჩუქრები. იცოდნენ, ყველაფერი თანატოლმა მეზობლის ბიჭმა გამოუგზავნათ, რომელიც აღარასოდეს ითამაშებდა მათთან. არავის უკითხავს რაიმე. უჩუმრად დაეზავნენ სიკვდილს. ოღონდ ეგ იყო, მაშინ სამუდამოდ იშვა შიში, – უსახო, უცხო, უსიამო.

მაგრამ ახლა სიკვდილს არ ახლდა შიში, ახლა იგი იყო საშინლად მტანჯველი, მომაბეზრებელი, დამცინავი, ტვირთი, რომლისგანაც უნდა განთავისუფლდე, განერიდო, დაე, აღსრულდეს, დამთავრდეს სწრაფად.

ის ვერ ახერხებდა განრიდებას. რატომ?.. სკამზე ჯაჭვით ხომ არ მიებათ?.. ვინ აიძულებდა, საშინელების მოწმე გამხდარიყო. ვერა, ვერ დგებოდა, განძრევის, წასვლის ძალა არ შესწევდა. და უცებ, სულ ახლახან, ეს-ესაა უხმოდ აღვლენილმა ვედრებამ – ღმერთო, გადაარჩინე!  – დაკარგა აზრი, გაცამტვერდა, მერე კი, მეტამორფოზაქმნილი, ახალ სურვილად ამოასკდა ბიჭის შეურვებულ გულს: ღმერთო! მალე მოკვდეს!  თითქოს ხმამაღლა წარმოთქვა, ძაღლის ამაზრზენი ხროტინიც დაფარა თითქოს, და უმალვე ჩიფჩიფა, ხრინწგარეული ხმაც ჩაესმა. ბერიკაცი ეკითხებოდა:

– რა ჭირს?

არ უპასუხა. მაშინ კაცმა ისევ ჩასძია:

– ძაღლზე გეკითხები, რა დაემართა–მეთქი, ხომ არ კვდება?

– არ ვიცი, – თქვა ბიჭმა.

– შენია?

შეაშტერდა ბებერ, ნაოჭასხმულ სახეში, ნაძალადევად დაუქნია თავი.

ძაღლი უკვე უზომოდ იტანჯებოდა, ხროტინთან ერთად დუჟიც ამოსდიოდა დაფჩენილი პირიდან, წამოდგომას ლამობდა, მუხლის დამაგრებას, მაგრამ ისევ ეცემოდა, კვლავ იკრებდა ძალას, ხელახლა წამოიმართებოდა, ისევ ჩაირღვეოდა მუხლებში, და ეს ხდებოდა ისტერიული გაბოროტებით, რაც სხეულისათვის სიკვდილისა და სიცოცხლის უმოწყალო ბრძოლის შედეგი იყო.

ბიჭი აწრიალდა, წამოდგა, ერთ ადგილას აწურული შესცქეროდა ძაღლის სულთმობრძაობას.

– კვდება... – თქვა ბერიკაცმა, – კი, ნამდვილად კვდება. მაგრამ არა გაქვს ამის უფლება, სხვა არა იყოს, მიუღებელია ძაღლი პარკში კვდებოდეს. ძაღლები, ჩემი აზრით, სადღაც მოფარებულში, ქუჩის ბნელ, ნაგვიან კუნჭულში უნდა ლევდნენ სულს. აქ პატიოსანი ადამიანების დასასვენებელი ადგილია, ამიტომ ჰიგიენის დაცვა გვმართებს.

საგანგებოდ დააკვირდა ბერიკაცს იმის დასადგენად, გიჟია თუ გიჟს ბაძავსო.

ის კვლავ განაგრძობდა:

– მე აქ დასასვენებლად ვარ, შენ კი მაიძულებ, ძაღლის სიკვდილს ვუცქირო. ეს დაცინვაა, ყმაწვილო, ნუთუ არ გასწავლეს, რომ ადამიანების აბუჩად აგდება ვერაფერი ზრდილობაა! წაიყვანე, წაიყვანე, სანამ სული ამოძვრება, არ მსურს ყველაფერი ბოლომდე ვნახო.

ბიჭს აღარც მისი მოსმენა შეეძლო, აღარც ძაღლის ტანჯვის ცქერა. ერთხანს იდგა, არ ტიროდა, ფიქრადაც არ მოსვლია, ეტირა. რაღაც მჟავესავით ამოებჯინა გულგვამიდან, ეგონა, აგერ-აგერ ღებინება დამეწყებაო. ჩვეულებრივი გულისრევა არ იყო ეს, როგორც ღელვისას დარწეულ გემში მჯდომს დაემართა ერთხელ, არამედ რაღაც სხვა, – შეძრული სხეულისა და სულის ერთობლივი ტკივილის კავშირი.

– წაიყვანე! ჩქარა! ჩქარა! – ქოთქოთებდა ბერიკაცი.

ბიჭმა უკაცრიელი ბაღი მოათვალიერა, გაიფიქრა, ამ გაბოროტებულმა ტიპმა ტროსტი არ მოიქნიოს, ძაღლს არ დაარტყასო, თავაზიანად, თან ისეთი ფრთხილი ტონით, თითქოს მის წინაშე მართლა მიუძღოდა ბრალი, უთხრა:

– ბაღი ცარიელია, გადაბრძანდით სხვა სკამზე.

ისევ საზიზღარი გულზიდვის მსგავსი ამოებჯინა ყელში, და იმის შიშით, იქვე არ ეღებინებინა პირი, ყური არ ათხოვა ბერიკაცის უკვე გაავებულ ლანძღვას. აღარც ძაღლისთვის შეუხედავს, შურდულივით გავარდა ზღვის მხარისკენ.

მიჰყვებოდა ასე თავისთავად, ინსტინქტურად აღებულ გეზს და ხვდებოდა, რომ იგი სხვა არა იყო, თუ არ უაზრო სრბოლა ქაოსში, საიდანაც ნაადრევი კვირტივით გამოსკდა მისი ბავშვობის უდროო სტუმარი – მარტოობა, რომლის მიზეზი არც იცოდა თავის თავში ეძია, თავის უმწეობასა და გაურკვევლობაში, თუ ყველაფერში, რაც მის გარშემო არსებობდა, მისი მარადიული სიყვარულის ორ ნაპირს შუა მოქცეულ სამყაროში, დედით რომ იწყებოდა და მთავრდებოდა ზღვით.

ეული ყარიბივით იხეტიალა მთელი დღე, კვალდაკვალ მისდევდა ზღვის მუქი, დარკალული ვატის სირბილეს.

იყო კი შეუჩერებელ სვლაში ხსნა, აშორებდა იგი იმისგან, რასაც აქამდე მისი ცხოვრება ერქვა, მისი წარსული, რაზეც ხელაღებით ამბობდა უარს? ვინ შეასმევდა ლეთას წყალს, სად იყო თავდავიწყების მდინარე.

მუხლი არ ჩაუკეცავს, არ შეუსვენია, არ უფიქრია სულის მოთქმაზე. შებინდებისას ისევ უკან მოსდევდა უცნობ, უკაცრიელ ნაპირს. შილიფად ჩაცმული, ერთიანად დანესტიანებულიყო, რომ იტყვიან, გასაწური გახდა. მოდიოდა, თან შეთიანივით მიეციებინა მზერა ზღვისთვის, შებინდებისას ჩრდილი ნაღველივით რომ ედებოდა მღვრიე, აჩეხილ თხემზე. ძალზე შორს წამოსულიყო. ეს მანძილი ხელმეორედ ჰქონდა დასაფარი. უკუქცევა შინ დაბრუნებას ნიშნავდა, და ისიც უკვირდა, ყველაფრის უარყოფიდან ნუთუ შეიძლებოდა კვლავ დაბრუნებულიყო იქ, საიდანაც გაიქცა, გაიქცა ცამდე მართალი, დაუმსახურებლად დასჯილი, განუკითხავი. მაგრამ დაბრუნებაც ხომ თავისთავად, ანგარიშმიუცემლად, სურვილის ჩაურევლად ხდებოდა. ტვირთივით მიათრევდა დამძიმებულ, მოღანტულ სხეულს, რაღაც გაუცნობიერებელ ალღოს ჰყავდა გამობმული უხილავი საბელის კუდზე და სახლისკენ მიასუნსულებდა.

ფიჭვნარის გრძელ პარკს რომ გაუპირისპირდა სანაპირო, ბიჭმა ფეხს აუჩქარა, ახლაღა იგრძნო, რაოდენი ზაფრა ბუდობდა ღამის მომნუსხველ უძრაობაში, მის ცივ, სულის გამთოშველ სამოსში, რომელიც ეცვა ზურგსუკან გამოყოლილ შიშს და რომლის უმოძრაო ნაოჭიდან გამოიწვდინა ლითონივით მძიმე, ტლანქი ხელი. ახლა იგი პერანგის საყელოში ჩააფრინდებოდა ბიჭს ზედ კინჩხთან, და სასწაულიც ამას ერქმეოდა. ადამიანები კი, აქა-იქ შავ სილუეტებად რომ გადმოსდგომოდნენ უვარსკვლავო ცადამხობილ, ჩაყრუებულ სანაპიროს მოაჯირს, სეირის საყურებლად მოსულიყვნენ.

მიისწრაფოდა. ზოგჯერ თვალებში მიეფრქვეოდა ხოლმე დასალიერიდან გადმოტყორცნილი პოროჟექტორის მცოცავი ჭავლის სინათლე, მალევე ისევ რომ გადასრიალდებოდა, გადაევლებოდა მთელ ზღვას და მიღმეთის უკუნს ჩაენათებოდა. და ბიჭი ისევ ბავშვი იყო, უძლური, უნუგეშო, დაკარგული ბავშვი, რომელიც შინ ბრუნდებოდა. ნეტავ ყველას ეძინოსო, – ესღა დარჩენოდა სანატრელად. იქნებ თავის ოთახში უჩუმრად შეძრომა მოახერხოს. წესით კი უნდა სძინებოდათ. სტუმრები ასეთ ამინდში განა ლოგინსა და ნებივრობას არ არჩევდნენ?

ქუჩიდანვე დაინახა, ზოგიერთი ოთახის ფანჯრებში ჯერაც ენთო შუქი, რაც მთავარია, აივანი და ვერანდა გაჩახჩახებული იყო. მათი სინათლე სახლის ახლომახლო მდგარ ხეებს და ადესა ყურძნის მაღალ ტალავერსაც სწვდებოდა, დაბლამდეც ჩამოსულიყო ღრიჭოებში გამოღწეული და მქრქალ ნათელად განფენილიყო. ეზოში ხეირიანად შესვლა ვერ მოესწრო, აივანზე კი უკვე ყვირილი ატყდა: მოვიდა! მოვიდა! ეს მხატვარი ყვიროდა, ყველა შარვალზე ლაქა რომ ეცხო და ყოველცისმარე აივნის ფართო მოაჯირზე წვებოდა მუცლით, თავსა და ფეხებს ზეაწევდა, რაც კი შეეძლო, – იოგის ვარჯიშიაო, – ამბობდა დიდი სერიოზულობით, სხვებსაც ურჩევდა, სასარგებლოა, მომბაძეთო. მერე დედის ხმაც... შეწუხებული, აჩივლებული ხმაც: მოკლავს მამამისი, რაღა ვქნა, მოკლავს!..

ნელა აუყვა კიბეს. მთლად აეტანა კანკალს. იგი ავად იყო. ადიოდა. რამდენ საფეხურსაც აივლიდა, მეტად რწმუნდებოდა, ვერ მოკლავდნენ, ოღონდ იმიტომ კი არა, ავადმყოფობის გამო შეიბრალებდნენ, არ ახლებდნენ ხელს. მას შეღავათები არ სჭირდებოდა, რადგან ჰქონდა უფრო მნიშვნელოვანი – უარყოფის შესაძლებლობა, საიდანაც იწყებოდა თავისუფლება – მწუხარე, მაგრამ ლამაზი საიდუმლო, რასაც იგი თავის თავსა და მთელ სამყაროს შუა ააფარებდა.

სიცხემ გაუარა. ლოგინში წამოჯდომის ნებას აძლევდნენ უკვე. მაგრამ არ სწადდა ნებადართული ფუფუნება, არც ადგომა, არც არაფერი. უამურად დაბანგებოდა სხეული. უსასრულო დასვენებას მისცემოდა. იწვა გატრუნული, ჭერიდან იატაკამდე, მერე იატაკიდან ჭერამდე დაატარებდა მზერას. საგნებს დაეკარგათ დამქანცველი სიმძიმე, ორიოდ დღის უკან გაჭყლეტას რომ უპირებდა სიცხისგან გათანგულს. ოთახში ფეხაკრებით აღარ დადიოდნენ ახლობლები და, ჩურჩულის ნაცვლად, ჩვეულებრივ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. კისკისებდა უფროსი და, აღარც დედა იყო ნაღვლიანი. ძველებურად იღიმებოდა, ძველებურად ტუქსავდა ურჩ ქალიშვილს, ბიჭს ძველებურად აძალებდა საჭმელს, თან ჰპირდებოდა, რომ გამოჯანსაღდები, ახალ ველოსიპედს გიყიდის მამა, ასე თქვა, გაიზარდა ბიჭი, ძველი ველოსიპედი რაღაში არგიაო. დროდადრო მდგმურებიც შემოჰყოფდნენ თავს კარში, როგორააო, – იკითხავდნენ. მაგურა არ ჩანდა. კარის ყოველ გაღებაზე ფიქრობდა – ახლა შემოვა, ახლა უთუოდ შემოვა... არ მართლდებოდა წინათგრძნობა, თუმც, დანამდვილებით ისიც არ იცოდა ბიჭმა, სწყინდა თუ უხაროდა მისი არმოსვლა.

სახლში ყველაფერი ძველებურად იყო, – აუწყობელი ფეხის ხმები ბიჭის ოთახის კარის წინ გამავალ ვერანდისა და სამზარეულოს დამაკავშირებელ ხის იატაკიან შუშაბანდში. მხოლოდ დილა-საღამოს, რამდენიმე საათით ყუჩდებოდა სახლი, რადგან კვლავ დარები დაიჭირა და ბანაობას შეუდგნენ წყალს მონატრებული დამსვენებლები. სწორედ ამ რამდენიმე საათს, სიწყნარეში ჩამყუდროებულს, შეეძლო ეფიქრა იმგვარად, თითქოს მთელი ცხოვრება მეტი არა ეკეთებინოს, გარდა წოლისა და ფიქრისა. ზოგჯერ ფიქრიც არ ეთქმოდა მის გარინდებას, უფრო უჩუმარ ჩივილს ჰგავდა იმის გამო, რომ არავინ ეგულებოდა ქვეყანაზე, ვისაც გაანდობდა, თუ რა განიცადა, მომაკვდავი ძაღლი რომ მიატოვა და გაიქცა, იმასაც, რამაც უარი ათქმევინა, მერე მაინც, ბერიკაცის წასვლის შემდეგ, მერე მაინც მისულიყო და ენახა. ვინ იცის, ფეხი გაჰკრეს და სკამქვეშ შეჩურთეს, ანდა კაუჭით წააფორთხიალეს ფიჭვნარის მოსაზღვრე ქუჩისკენ, რომ მეორე დილით ნაგვისთვის გაეყოლებინათ. მას უნახავს, თითქოს ცარიელი კონსერვის კოლოფი ყოფილიყოს, მკვდარ ძაღლს როგორ შეუძახებდნენ ხოლმე სიბინძურით მოპირთავებულ მანქანის ძარაზე, რომლის ბორტს წამოსკუპული მენაგვე – თავისი საქმის ერთგული მსახური, ყურთასმენის წამღებად აჟღრიალებდა პაწია ზარს.

ზღვაში? არა, ზღვაში ვინ გადააგდებდა, მსგავს რამეს არავინ სჩადის, ზღვა ხომ მაინც ნაპირზე გამორიყავს, მაინც ადამიანებს მიუგდებს.

ფეხზე წამოდგა თუ არა, განაცხადა, ზღვაზე შავი ტრუსით აღარ გავალ, საბანაო ტრუსი მიყიდეთო. სასაცილოდ არ ეყოთ, მაინც შეუსრულეს, მოართვეს, ცოტა ჩაუვიწროეს, უსურვეს, მშვიდობაში გაცვითეო, თან ისევ იხარხარეს, იცოცხლე, იჯერეს გული!.. ჯემალს კი უკვირდა, რას ხედავდნენ სასაცილოს, ხომ არ გაგიჟებულიყვნენ. ძალიან რომ გაუჭირეს საქმე, ბიჭმა უფროს დას გაგულისებით უთხრა: – ეყოფა, ჰო, მოკეტე!

ვინ მოელოდა ამას, ვინ მოელოდა! გაშტერდნენ, გაიოცეს. უფროსი და ვალში არ დარჩა:

– რამდენს მიბედავ, ღლაპო, რა ამბავში ხარ, თუ იცი! – სიბრაზით ალმური მოედო სახეზე. ცოტა დააკლდა, ბიჭს ასეთი პასუხი დასტყუა: გიბედავ, ოხოხოხო, დიდი გასაბედი შენა ხარ, კიდევ რამდენიმე წელი... ჩაწვები მერე ვინმეს მკლავებში და გააჩენ შვილს. მაგრამ კბილი დააჭირა ენას, მხოლოდ გაფიქრებით დაკმაყოფილდა, ზურგი აქცია დას, კარს მიაშურა. გზად წამოეწია გამოდევნებული ხმა: გაგიჟდა ეს უბედური, აღარაა ჭკუაზე! მაგრამ ზურგსუკან სწრაფად მიხურულ კარის ჩარჩოზე მიაწეწკა დის აცეტებული აუგი.

ნეტავი რა აოცებდათ, ან რად ნათლავდნენ გიჟად, რას სჩადიოდა ასეთს, ხმაური და განგაში რომ აუტეხეს. რასაც ახლა სიგიჟეს ეძახდნენ, სულ სხვა რამ იყო, იცოდა ეს ბიჭმა, მაგრამ სახელდობრ რა, ამაზე ვერასგზით გასცემდა პასუხს. არც თვლიდა საჭიროდ, ყველაფრისთვის უთუოდ სახელი დაერქმია, იმითაც კმაყოფილდებოდა, სულმოუთქმელად რომ მიიჩქაროდა ზღვაზე.

ავადმყოფობის შემდეგ ბიჭს შეუსრულეს პირობა, უყიდეს ახალი ველოსიპედი, დიდთვლებიანი, მონიკელებული. ჰოდა ისიც ძველებურად დაქრის სანაპიროზე. დაქრის აწყვეტილი ჟინით, უჩინარი მეტოქის ჯიბრით. თუმც ამით რა იცვლება? კვლავინდებურად მეორდება ყველაფერი: ჭამს, იხდის, იძინებს კატების კნავილითა და ფხაწაფხუწით აკლებულ ოთახში, იცვლის პერანგებს, ისმენს დედის დარიგებებს, და ერთი სული აქვს, როდის გავა დრო, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დრო მაინც, ეგებ ჭკუა აღარ ასწავლონ, ეგებ მაშინ მხოლოდ საკუთარ სურვილებს მორჩილებოდეს. ახლა კი სწორედ ქროლვაშია ის, რაზედაც ხელი არ ეწიფების არავის, მის გარდა, სადაც იგი არის მეუფე საკუთარი თავისა და იმ სამყაროსიც, რომლიდანაც ხილულის ერთ მხარეს ზღვის წარმტაცი ანტურაჟია, მეორე მხარეს კი სანატორიუმების, პანსიონატების, დასასვენებელი სახლების ერთიმეორისგან პატარ-პატარა გაზონებითა თუ სანაპიროს პერპენდიკულარული ვიწრო ქუჩებით დაინტერვალებული წყება. ერთხელ. სწორედ ამ გაბმული რიგის, სახელმწიფო დაწესებულებათა საიმედოდ შემოღობილი ეზოთაგან ერთ-ერთის რკინის გისოსებიან მესერთან თავის კბილა გოგონებს შეხვდა. თუმც შეხვედრაც არ ეთქმოდა, რადგან ბიჭმა ისინი შორიდანვე მოლანდა. დაბეტონებულ ცოკოლზე შემომდგარიყვნენ, თავები მესერის წვეტანებს ზემოდან გადმოეყოთ, ზღვაში ნახევრად ჩაყურყუმალავებულ ნარინჯისფერ მზეს გაჰყურებდნენ და ხმადაბლა, მოღიღინე, მაგრამ წკრიალა ხმით მღეროდნენ. როცა ბიჭმა წინ ჩაუქროლა მესერს, შინების მსუბუქმა შრიალმა სიმღერის მელოდიის პაწაწკინტელა ნაფლეთიც წაიტაცა, თუმცა იქვე, სულ ახლოშივე დატოვა. სიმღერა ხომ ერთ ადგილას იდგა, მაგნოლიის ხესავით. აქეთობისას კვლავ შორიდან შენიშნა, რომ გოგონები ისევ იქ იდგნენ, ისევ მღეროდნენ. სვლა შეანელა, მიპარვით მიუახლოვდა, შედგა შორიახლო, ცალი ფეხი მიწას დააბჯინა, ზედვე შერჩა გვერდით გადაყანთრულ ველოსიპედს და პირზე ღიმმომდგარმა უსმინა მათ. გოგონებმა უმალვე შენიშნეს, მათაც ღიმილი შეაშველეს სიმღერას, და ბიჭს მოეჩვენა, რომ გაუცვალეს ღიმილი, რათა, ვიდრე კვლავ დაუბრუნებდნენ ერთმანეთს, ნაცნობობის სამახსოვროდ ჰქონოდათ. მოგებული ბიჭი დარჩა, ერთის ფასად ორი, ოთხი ექვსი, შვიდი... დიახ, შვიდმაგი ერგო. ანკი ვინ უწონიდა და უზომავდა საჩუქარს. დაიმორცხვეს გოგონებმა, სიმღერა კი ჩაათავეს ბოლომდე, მაგრამ მყისვე მიბრუნდნენ და კისკისით გაიქცნენ. მტრედებმა რომ იციან – შეფრთხებიან და ფართქალ-ფართქალით გაფრინდებიან, სწორედ ისე.

ოდესმე თუ დამფრთხალა ვინმე მის დანახვაზე? ოდესმე თუ გაუწევიათ მისთვის ამდენი ანგარიში – დაემორცხვათ, თანაც გაქცეულიყვნენ?

მსუბუქად მოახტა ველოსიპედს, სადავემიშვებული სილაღე შეუჯდა ტანში. გაამაყებულმა სიხარულმა მოიცვა, რომელშიც მცირეოდენი მადლიერებაც ერია იმის გამო, რომ უცხო თანატოლებმა, კოპწია, პატარა ამორძალებმა ასე უბრალოდ, ერთი გაღიმების სანაცვლოდ, დაუდასტურეს ის, რასაც მის ცხოვრებაში პირველად მიეღო ესოდენ მძაფრი მნიშვნელობა: იგი იზრდებოდა.

მერე ამ აღმოჩენით წაქეზებული, ბიჭი სანატორიუმის დამსვენებელთა ხშირი სტუმარი გახდა. რკინის მესერთან მიდგებოდა, ველოსიპედს იქვე მიაყუდებდა, გამოჩურთული ჯიბეებიდან მუჭა-მუჭა იღებდა ახალმოხალულ, ჯერ ისევ თბილ მზესუმზირას და გისოსებ შუა გამომარჯვებულ ხელისგულებზე უყრიდა გოგონებს. ისევ ცვლიდნენ ღიმილს, მოწიწებით, ნაზად, ღიმილი თითქოს ჰორტენზიის ვეება, მაგრამ სათუთი ყვავილი იყო და ფრთხილად გადადიოდა ხელიდან ხელში. უფრო მეტიც, გოგონები ელოდნენ ბიჭის მოსვლას, იდგნენ, გასცქეროდნენ გზას და სიმღერა, მათი ნაცნობობის შუამავალი, აღარც ახსენდებოდათ. ელოდნენ, როგორც სახლიდან მოსულ წერილს, დედმამიშვილის ახალგადაღებულ სურათს და ყველაფერს, რაც ამ გისოსებიან მესერს გარეთ დარჩათ. ბიჭიც არ აყოვნებდა, მან უკვე ზეპირად იცოდა ბავშვთა სანატორიუმის დამსვენებელთა თავისუფალი საათი მზის ჩასვლისას. მერე გოგონები სათითაოდ ძვრებოდნენ საგანგებოდ ჩაღვერილ გისოსის მორკალულ სიცარიელეში, გადიოდნენ ეზოს გარეთ, შემოუსხდებოდნენ ბიჭს ველოსიპედზე და ისიც წინ და უკან დააქროლებდა მათ, ვიდრე სანატორიუმის მოფრიალებული, ვეება ეზოს სიღრმიდან ზარის ყრუ ჟღრიალი არ მოაღწევდა. ყველას უხმობდნენ, სასწრაფოდ უნდა მოეყარათ თავი. ბიჭს წარმოდგენა არ ჰქონდა, რისი ნიშანი იყო იგი, ვახშმის თუ რაიმე ღონისძიების დაწყების, ან ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა, ყველა შემთხვევაში ხომ მაინც მარტო უნდა დარჩენილიყო. მაგრამ ეს აღარ ჰგავდა ჩვეულებრივ სიმარტოვეს, რადგან მაშინაც, გოგონები თვალს რომ მიეფარებოდნენ და ბიჭიც სანაპიროზე გაწვართულ ქუჩას მსუბუქი შინებით მოებმებოდა, მისი მხრები ისევ და ისევ თავიდან იწყებდა განცდას წამისას, როცა ამ შვიდიდან ერთის ხელი მსუბუქად, მორცხვად დაენდობოდა. სწორედ ერთი წამი იყო, რომელშიც ახდენა ეწერა ყველა ოცნებას, და რომელშიც უზომოდ უყვარდა თავისი თავი. რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს სიყვარული, მისით იწყებოდა ყველაფერი, რაც მას ეხებოდა და ისიც, რაც უცხო იყო, არაფერს სთხოვდა, არც არაფერს სთავაზობდა. დაიწყო ფიქრი... ფიქრი... დაქრის და დაქრის ველოსიპედით, მხრებზე მსუბუქად უწყვია გრილზე გრილი წყვილი ხელი, ქარისგან აშლილი ყავისფერი სწორი თმის ბოლოები, უცხო სურნელი რომ დაჰკრავს, საფეთქელთან წამოუფრიალდება ზოგჯერ. მერე ჭიშკარს შემოაღებს მაგურა, გვერდით ქმარი მოჰყვება, ცალი ხელი ქალისთვის გადაუხვევია, მეორეთი კი ხილით სავსე ბადეს მოაკონწიალებს. წყნარად აივლიან ფლიგელის კიბეს, გვერდზე ერთხელაც არ გაიხედავენ, არ აინტერესებთ, რა ხდება გარშემო, სულაც არაფერში ენაღვლებათ, თუ მდგმურთა გაკვირვებული მზერა მერამდენედ კითხულობს, ვინაა ეს უკარება წყვილიო, მოხურავენ თავიანთი ოთახის კარს და შემდეგ გამოჩენამდე თავს ავიწყებენ ყველას, რათა კვლავ მეტი ინტერესი გამოიწვიონ. აი, ქვიშაზე წვანან თავმიდებულები, ეფიცხებიან მზეს და გაუთავებლად ჩურჩულებენ. მაგრამ მათ ხატებას ისევ ყავისფერი, ქროლვაში აშლილი ყავისფერი თმები აეფარებოდა ხოლმე. ბიჭი სწრაფად ამუხრუჭებდა ველოსიპედს, თავს უკან აბრუნებდა, – რა გქვია?

– იანა.

შვიდთაგან მხოლოდ ამ ერთის სახელი ჩაუსახლდა გულში. სხვათა სახელებიც ახსოვს, მაგრამ რომელი რომელს ერქვა, აერია. რაც არის, არის, ახლა თითოეულს თავიდან ხომ აღარ გაამეორებინებდა.

ზოგჯერ ნაცრისფერ დღეს ფიჭვნარში ნანახი სახექეციანი მოხუცი მოდიოდა გამოუხმობლად, იმანჭებოდა, დუჟს ყრიდა პირიდან, ჩიფჩიფებდა: ვინ მოგცა უფლება!.. მას მაშინვე იცილებდა გონება, ისიც წარსულში გარდაქარდებოდა, აწმყოსთან აბრუნებდა ბიჭს, ისეთთან, როგორიც იგი სინამდვილეში იყო.

წევს იგი პლაჟზე გადაყოლებულ ბეტონის მხურვალ პარაპეტზე, სხეულებით დახუნძლულ ნაპირს გაჰყურებს. დაბლა კი პარაპეტიდან ჩაკიდული, მთელ ნაპირზე გაწოლილი კიბის სულ ზედა საფეხურს განივად მოჰყვებიან დიდი ბიჭები, აქაური ყოჩები, მის დანახვაზე ხუმრობის საღერღელი რომ ეშლებათ.

 

– კუზმა, გამარჯობ, ძველო! – ამბობს ერთი, რომელიც ადრე ზედაც არ უყურებდა, ლაწირაკად თვლიდა.

– ნუ ეძახი კუზმას, ვერა ხედავ, ჯო, წყინს! ღლიცინებს მეორე.

მას კი აღარ სწყინდა, სულაც აღარ სწყინდა, ზედმეტი სახელით რომ მიმართავდნენ დიდი ბიჭები.

– ქალებს ათვალიერებს. კენტავრი ადამიანდება, – ამბობს ისევ პირველი. – იცი რა პროცესია ეს?

იღიმება. მის ღიმილში ჯემალი თანაგრძნობას უფრო ხედავს, ვიდრე დაცინვას. მიუხედავად ამისა, მათ შორის მაინც თვალუწვდენელი ოკეანეა, რომლის გადაცურვას ბევრი, ძალზე ბევრი დრო სჭირდება.

და დროის ოკეანეში ჩაკარგული, ზურგსუკან დარჩენილი ბიჭი უხმოდ მისძახის მათ: წამიყვანეთ, თქვენთან მინდა, რა მოხდება, მეც წამიყვანეთ!.. მათ კი თავისი გზით გაუტიეს, მისკენ არც მოუხედავთ. თითქოს პარაპეტზე გაშოტილ ბიჭს სახე მათსავით არ ჰქონოდა მზისგან გაჯანგრული, თითქოს მათზე ნაკლები ფშვიტინ-ფშვიტინი სცოდნოდეს და გულზე უხეში მკედით პაწაწა ნიჟარა არ ჰკიდებოდეს.

რაკი ამაო იყო გულისწადილის ახდენაზე ფიქრი, რახან ყოველგვარ ძალას აღემატებოდა შეცვლა ათვალწუნებული, მაგრამ როგორღაც კანონადქცეული ყოფისა, ბიჭი იძულებული იყო, დამორჩილებოდა განგების სურვილს და დაკმაყოფილებულიყო იმით, რაც დაუმადლებლად ეძლეოდა, რისთვისაც არ სჭირდებოდა თხოვნა-მუდარა. ადიოდა ნაპირსმომდგარ კატერზე, ჩვეულებრივ აჰყვებოდა სეირნობის განწყობაზე მყოფ მგზავრთა ნაკადს, მოექცეოდა კიბის თავში, ერთბაშად იწევდა მერე, თევზივით გადაეშვებოდა ძირს. მაშინ მხოლოდ სილურჯეღა შერჩებოდა უცაბედ ნახტომს გადაყოლილ მზერას. სანამ მოულოდნელობის მოწმენი მხედველობით მექანიკურად აღქმულს გონებას მიატანდნენ, ის კარგა მანძილზე გაცურდებოდა წყალქვეშ, სადღაც შორს ამოჰყოფდა თავს, ხელის ერთი ჩამოსმით ჩამოიწურავდა თვალებს და ზეაიხედავდა. ხომ მიაღწია საწადელს, ერთდროულად გააშტერა ამდენი ადამიანი, ჯერაც რომ ვერ მოესწროთ გონს მოსვლა, მაგრამ მალე მიხვდებოდნენ, ამ ლამაზი, მარჯვე ნახტომის შთაბეჭდილებით იწყებოდა ხანმოკლე გასეირნება. ბიჭი მათ სიურპრიზს სთავაზობდა.

წყალი რომ მობეზრდებოდა, ახლა ნაპირს მიაშურებდა, იყიდდა მოხარშული სიმინდის ტაროს, შეიგულებდა რომელიმე ხალვათ ადგილს, ილუკმებოდა, თან თვალს ართობდა. მერე დადიოდა ფიჭვნარის კიდე-კიდე, უცქერდა ლომისა თუ თევზის ქვის ტლანქ ქანდაკებებთან, ანდა გამოხრუკულ პალმებთან ფოტოგრაფის აპარატის წინ პოზებდაჭერილ, სუნთქვაშეკრულ დამსვენებლებს, ზღვაზე გატარებული მზიანი დღის სამახსოვროდ წაღება რომ განეზრახათ. საღამოზე კი, მზის ჩასვლის ჟამს, მიიჩქაროდა გაუცნობიერებელი სიხარულის შესახვედრად, ბავშვთა სანატორიუმის რკინის გისოსებიან მესერთან რომ ელოდა. ხოლო გზაში იქამდე არმისულს, უცნაური ეჭვები იპყრობდა, ეგონა თავისი გამოგონილი იყო ყველაფერი, არავინ ელოდა, არც არასდროს დალოდებია. არც ის წაბლისფერი თმები უნახავს ოდესმე, არც ღიმილი უსახსოვრებიათ, და რასაც იგი რეალობად თვლიდა, მხოლოდ სანატრელი სურვილი იყო, დიდი ბიჭების შანტრაბაში  გარევის მსგავსი, სხვა არაფერი. მთელი გზა ამ ეჭვებით იტანჯებოდა, სანამ არ გამოჩნდებოდა მესერი, ისინიც... ყველაფერი იწყებოდა თავიდან. მკვდრეთით აღდგომას ემსგავსებოდა მათი შეხვედრა. მაინც რა იყო მთავარი ამ ლოდინში. თბილ შეხვედრაში, თვით ასაკი თუ სხვა რამ, ბოლომდე ვერამოხსნილი, რასაც სწორედ მათი ასაკი ედო ხიდად და რაც ერთდროულად აშკარა საგრძნობიც იყო და იდუმალიც, ჩვეულებრივი, უკვე დაშტამპული ყოველდღიურობაც და უჩვეულო განსაკუთრებულობაც, ანკი რაში სჭირდებოდა ამეებზე ტვინის ჭყლეტა, განა ისედაც არ ახალისებდა მის ცხოვრებაში გაჩენილი სიახლე? მაგრამ, კაცმა რომ თქვას, სიახლეც აღარ ეთქმოდა, რადგან ბიჭმა იმთავითვე გაითავისა იგი, წარმოუდგენლადაც მიაჩნდა უკვე, სხვაგვარად გაეტარებინა დღის ის გარკვეული მონაკვეთი, როცა მზეს ძალა ეკარგება, ყვითლდება და ნელინელ ეშვება ზღვისკენ.

ხოლო ერთ მშვენიერ დღეს, როცა ბიჭს არც ახსოვდა, რომ დრო მიიპარება და ყველაფერს, ბოლოს და ბოლოს, დასასრული აქვს, გოგონებმა უთხრეს, ხვალ მივდივართ, ნაკადი მთავრდებაო.

– მიდიხართ? – გაიკვირვა ბიჭმა, – ასე მალე?

– რაღა მალეა, – გაეცინათ მათ.

იმ საღამოს აღარ უსეირნიათ ველოსიპედით, ჩქარობდნენ, მხოლოდ გამოსამშვიდობებლად მოვედით, ჩემოდნები გვაქვს ჩასალაგებელიო.

ისეთი მოულოდნელი იყო დამშვიდობება, რომ ბიჭს არ შეეძლო ერწმუნა მართლა განშორებას თუ ნიშნავდა იგი. მეორე დღესაც, ჩვეულებისამებრ, გასწია სანატორიუმისკენ, გაუყვა ზღვისპირა ქუჩას, თავაწყვეტილი მიაქროლებდა ველოსიპედს, იხტიბარს არ იტეხდა, ისე, ტყუილუბრალოდ, სასეირნოდ მივდივარ, თორემ ისინი უკვე წასულები იქნებიანო. ჰოდა, ასე ტყუილუბრალოდ (თუმც სანაპიროს მეორე მიმართულებაც ჰქონდა) იგი მაინც ბავშვთა სანატორიუმისკენ მიიჩქაროდა. ასე იარა პალმებამდე, რის შემდეგაც ოციოდ მეტრში იწყებოდა რკინის გისოსებიანი მესერი, აქედან უკვე ნელი სვლით გასწია, ისე ნელი სვლით, ველოსიპედის შინების შრიალი ესმოდა. დათქმულ ადგილს ისეთი მანძილით რომ მიუახლოვდა, ადამიანის ცნობა შეძლებოდა, დაინახა იმ შვიდთაგან ერთი, ერთადერთი, მარტოდ მომდგარი მესერს. გოგო გზისკენ იცქირებოდა, აშკარად ბიჭს ელოდა. მის დანახვაზე მთელი ტანით აეკრა გისოსს და ნაწნავის კუდის საჩვენებელ თითზე დახვევა დაიწყო. ბიჭი ზიგზაგური სვლით მისრიალდა. გაუხარდა გოგოს დანახვა, მაშინვე მიახალა:

– შენ არ წახვედი?

– ჩვენი მატარებელი გვიან გადის, – უთხრა გოგომ, – მამა ზღვაზე ჩავიდა საბანაოდ. ამოვა და წავალთ.

ბიჭმა სიტყვა ვეღარ მოძებნა, თუმც ძლიერ სწადდა, გაება საუბარი, ეკითხა რამე. რარიგ უცხონი იყვნენ ახლა ერთმანეთისთვის ასე პირისპირ, ასე მარტონი. უცებ დაიმორცხვა ბიჭმა. გოგომ კი გისოსებშუა გამოჰყო ხელი, ოთხად მოკეცილი ხაზიანი რვეულის ფურცელი გამოუწოდა.

– მისამართებია, მთხოვეს გადმომეცა.

სწრაფად ჩამოართვა ქაღალდი, გაკვირვებით შეხედა გოგოს, ისევ ნაწნავის კუდს რომ აწვალებდა.

– რა იცოდნენ, რომ მოვიდოდი?

მხრებს იჩეჩავს, არ ვიციო. ბიჭიც თავს იკავებს შემდეგი კითხვებისგან, თუმც ძალიან აინტერესებს, იანამ ხომ არაფერი დაუბარა, ან რას ამბობდა ხოლმე მასზე. უსიტყვოდ გამოართვა ქაღალდი, პერანგის ჯიბეში ჩაიდო. მაშინ გოგომ ასევე დაკეცილი მეორე ქაღალდი გაუწოდა.

– ეს ჩემი მისამართია, – უთხრა და თვალები დახარა. როცა ბიჭმა ისიც ჩამოართვა, გოგომ ნაღვლიანი მორჩილებით, ჩხუბის შემდეგ ბავშვები რომ შერიგდებიან, იმგვარად ჰკითხა:

 – მომწერ?

უხერხულობა იგრძნო ბიჭმა. ნაცნობად შემცნეულ უცნობს რომ გადაკოცნი, მაშინვე კი ხვდები შენს შეცდომას, მაგრამ რა, აღარ იცი როგორ მოიქცე, ვეღარც სიტყვა მოგიძებნია, ვეღარც გაბრუნებულხარ, რომ წახვიდე, არადა ეტყვი, შემეშალეო? თუმც მან იცის, რომ შეგეშალა, ამიტომაც დაბნეულა, შენსავ დღეში ჩავარდნილა. აი, ასეთი უსიტყვო ურთიერთგაგების ძაფსღა თუ ჩაეჭიდებოდა ბიჭი. უხერხულად დაიქნია თავი, ოღონდ ეს ჩვეულებრივ თანხმობას კი არა, როგორღაც გამოსავალს ნიშნავდა. გადაწყვიტა, უფრო სწორად, მიხვდა, არასოდეს არც ერთ მათგანს არ მისწერდა წერილს, რამაც შვება მოჰგვარა, თითქოს რთული მოვალეობისგან იხსნა. ოღონდ ნაღველის მსგავსიც ერია მის განცდას, ჭაბუკური ანცობისა და წამიერი გულგრილობის ავან-ჩავანს სრულებით რომ არ დაგიდევდათ, და მერეც, მოგვიანებით, როცა მეზობლის ბიჭთან, თავის კბილა დურსუნთან ერთად ბეწო თალღაზე აყელყელავებული გასცქეროდა ხოლმე აღმოსავლეთით წამოყუდებულ შორეულ, დათოვლილ მთებს კავკასიონზე, თავისდაუნებურად მუდამ ისე ახსენდებოდა იმწუთინდელი სახტადდარჩენის სევდაშეპარული განცდა, იფიქრებდი, უკან იხევდა დრო.

მაგრამ დაბრუნდა დურსუნი, თვე-ნახევრის უნახავი ამხანაგი. ყოველივე ძველი რიგითა და წესით აეწყო. მთელი დღე ერთად დაეხეტებოდნენ, საღამოს სეანსებზე ესწრებოდნენ კინოს., ცურავდნენ, ბურთაობდნენ, დააქროლებდნენ ველოსიპედებს, ათასნაირი ხრიკებით შეძვრებოდნენ ხოლმე საგასტროლოდ ჩამოსულ, ღია ცისქვეშ გამართულ საესტრადო კონცერტებზე. ბოშათა წარმოდგენაზეც მოახერხეს დასწრება. მოკლედ, ცხოვრობდნენ ისე, როგორც უნდა ცხოვრობდეს მათი ასაკის ბიჭი, ჯერ ისევ ბავშვად რომ თვლიან შინაურები.

ჯემალს შინ აღარ უდგებოდა გული, სადილობისას თუ შეირბენდა მცირე ხნით, ისიც უფროსი დის საყვედურების მოსმენას უნდებოდა, ზოგჯერ იმასაც ახერხებდა, აინუნში არ ჩაეგდო მისი ბუზღუნი. ახალ-ახალი მდგმურები ირეოდნენ სამზარეულოში, ვერანდაზე, ეზოში. აბაზანა ერთთავად დაკავებული იყო. მდგმურთა წყება მოდიოდა, წყება მიემგზავრებოდა, ხმაურობდნენ დაურიდებლად, ერთმანეთს ეცილებოდნენ თუთის ვეება ტოტებზე ჩამობმულ ჰამაკს, გამუდმებული რიგი იდგა ეზოს ონკანთანაც. მდგმურთა გაუთავებელ მიეთ-მოეთში ზოგჯერ თუ მოჰკრავდა თვალს მაგურასა და მის ქმარს. ოღონდ ახლა ისინი ყოველთვის ხელიხელგაყრილნი როდიღა დადიოდნენ. დილით კაცი ზღვიდან რომ ბრუნდებოდა, მაგურას ისევ ეძინა. ვინ იცის, სიზმრად თავის ქმარს ხედავდა – მკერდგანიერს, თავისუფალი ნაბიჯით მომავალს, მოკლედ, მოხდენილს, როგორადაც იგი ცხადად ევლინებოდა ბიჭის ხარბი ინტერესით მონადირე თვალს. კაცს სპილენძისფერი დასდებოდა სახეზე, თმა მთლად გამოხუნებოდა, ვერცხლისფერი ბზინვა გადაჰკრავდა ზედ.

ბიჭმა გადაწყვიტა, სისხამზე ამდგარიყო. ეს იმის შემდეგ, როცა ერთხელ, სადილობის ჟამს ყური მოჰკრა, ერთ-ერთი მდგმური, ძონძროხა, ღაჟღაჟა კაცი, ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი რომ უყვარდა, ცუნდრუკი ჯეელივით გახარებული, აივნიდან გასძახოდა ფლიგელის კიბეზე ამავალ მაგურას ქმარს:

– მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, თქვენი მაგალითი რომ არა, რამხელა სიამოვნება მომაკლდებოდა. არც ერთ დილას აღარ გამოვტოვებ. აგაშენოთ ღმერთმა, ჩიტივით ვარ კაცი!.. მაგრამ სად გაქრით, თვალი ვეღარ მოგაწვდინეთ, ვიფიქრე, გადაცურა ზღვა და ეგაა-მეთქი, რამხელაზე გასცურეთ!..

მას ცხვირწინ პულვერიზატორი ეჭირა, თან ლაქლაქებდა, თან სუნამოს ისხურებდა შავყვითელა სახეზე. ჯემალიც იქვე იდგა, წყლის ონკანთან, სადილობის წინ ხელის დაბანას აპირებდა. მოშვებული წყლის ჩხრიალში ისმენდა კაცის ლაქლაქს, ცალი თვალი კი ფლიგელის კიბისკენ ეჭირა. მაგურას ქმრის შეკავებული, ბუხუნა სიცილი რომ გაიგონა, მაშინვე დაკეტა ონკანი, იყუჩა, იქნებ დაილაპარაკოს, იქნებ მისი ხმა გავიგონოო. ისე გაირინდა, სუნთქვის ნებასაც აღარ აძლევდა თავს. მაგრამ სულ ფუჭად. მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს, იცინოდა მხოლოდ, ალბათ, ართობდა ამ დამთხვეული მეზობლის ფიზიონომია. მერე შეტრიალდა, აიარა კიბე.

ბიჭს არც ანკესი დაჰქონდა ზღვაზე იმათ მსგავსად, პირსის კიდე-კიდე რომ გამწკრივდებოდნენ ხოლმე ყოველ სისხამზე, არც ფეხშეუდგმელ ზღვაში ბანაობა სწადდა. დაადგებოდა ოდნავ მოქანავე ნაპირს, დააბოტებდა წინ და უკან, ოღონდ საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა, რომ მაგურას ქმრისთვის თვალის შევლებაზე ოცნებობდა აქ, ამ სიმშვიდეში, სადაც არ იყო მდგმურთა ყაყანი, სადავ ისინი ზღვისპირას შემთხვევით შემხვედრნი იქნებოდნენ. დიახ, არ უტყდებოდა თავის თავს, რადგანაც, სიმართლე რომ ითქვას, ბიჭმა ისიც კი არ იცოდა, უნდა სძულებოდა კაცი, თუ პირიქით. მიუხედავად ამისა, ყველაფერი აინტერესებდა მისი.

მაგრამ მას აქეთ, რაც მეთევზეებმა ნავით მოიყვანეს კაცი ნაპირამდე, ძმურად აუწიეს ხელი დამშვიდობებისას, და მანაც ასევე ხელის აწევით უპასუხა, მერე ზურგსუკან ხრაშახრუშით ჩაუარა გრილ ქვიშაზე ჩაცუცქულ ბიჭს, აგერ უკვე ორ საათზე მეტი რომ იყო, რაც მეთევზეთა სვლას ადევნებდა თვალყურს, და მაგურას ქმრის კვალი რომ არ დაეკარგა, უმალვე იმ მხარეს მიაშურებდა, საცა ირწმუნებდა, აქ შეიძლება გამოვიდნენო. მან კი ისე ჩაიარა, თავიც არ მოუბრუნებია. ამაო გამოდგა ბიჭის ღელვა, ამდენი ფიქრი, გეგმების დაწყობა: გვერდით რომ მომიჯდეს?.. რომ დამელაპარაკოს, მკითხოს რამე?.. ისე უნდა მოვიქცე, არ შემატყოს მისი გულისთვის რომ ვზივარ და ვკანკალებ აქ. ცოტას ვისაუბრებთ, ალბათ, მე მხოლოდ კითხვებზე გავცემ პასუხს, ეს არც ისე ძნელია. მერე ნავზე გაყოლას შემომთავაზებს. მეტყვის, რაკი ასე მარჯვე ყოფილხარ, რაკი ადრიანად ადგომა შეგძლებია, სათევზაოდ წაგიყვანო. მაგრამ წყალში ჩაიყარა ყველაფერი. მას ბიჭი არც შეუმჩნევია. ჯემალს მოეჩვენა, კაცი მაგურაზე ფიქრობდა, ნეტა ისევ სძინავს, თუ გაღვიძებული დამხვდებაო. იგი ნელა მიაქნევდა ხელს, რომლის საჩვენებელსა და შუათითის კუთხეში გაერჭო სიგარეტი და მალიმალ მიჰქონდა პირისკენ.

ჰოდა, ამის შემდეგ მაგურას ქმარი ჯემალისთვის ჩვეულებრივი დიდი ბიჭი იყო, აქაურთა მსგავსი, და უმცროსთან ურთიერთობას მასაც ერთი ღერი სიგარეტი ერჩია.

დურსუნასთვის არ უთქვამს, მსთვადზე რად დგებოდა და ნაპირ-ნაპირ რად დაეხეტებოდა. თვლიდა, რომ ერთი ასაკის მიუხედავად, მაინც უპირატესობა ჰქონდა ამხანაგთან შედარებით, მეტი გამოცდილება, რის გამოც, სიდინჯეც მეტი მართებდა. სინამდვილეში კი, როცა ენას კბილს აჭერდა, სწორედ ამით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას. არც სცდებოდა, ის ხომ ამ გზით საკუთარ სამყაროს იქმნიდა – სხვისთვის შეუღწეველს, ხელმიუწვდომელს. მაგრამ შთაბეჭდილებები, ბიჭს რომ ეგონა, მხოლოდ ჩემს საიდუმლოებას წარმოადგენსო, უნებურად იჩენდა ხოლმე თავს, მჟღავნდებოდა ყველაფერში – ხასიათში, ქცევაში, ლაპარაკის ახალშეძენილ მანერაშიც. ახირებული გახდა, თავისნათქვამა, დურსუნიც იძულებული იყო, მუდამ მის სურვილს დაჰყოლოდა.

 

ზღვაზე ამინდის კულტი ბატონობს, მეტადრე თბილ თვეებში. იგი მართავს ადამიანთა გუნება-განწყობას, სურვილს, ტემპერამენტს. არსად არა აქვს მზეს ესოდენ დიდი ძალა და სიკეთე, როგორც აქ, სადაც განგებას მზიანი დღის წყალობას შესთხოვენ. თუმც ეს, უმთავრესად, მოაგარაკეებზე ითქმის. ადგილობრივთათვის, განსაკუთრებით იმათთვის, ვისაც მრავლად უყენია მდგმური, დარი და ავდარი განურჩეველია. დარში მდგმურთა ღრიანცელი აწუხებთ, ავდარში კი მათი გაუთავებელი წუწუნი და ჩივილი – როგორ აიტანონ, რომ საშუალება არ ეძლევათ მიეფიცხონ მზეს, წყალსა და სხეულის ამოდ მომთენთავ სხივთა მცხუნვარების ზომიერ მონაცვლეობაში ჰპოვონ ნეტარება. ამიტომ, ცამ ოდნავ შეიკრა თუ არა პირი, ყველას თვალები ზეაღეპყრო, არ გაავდრდესო, თითქოს ბეჯითი დაკვირვებით შეცვლიდნენ ბუნების ნებას.

დილით, მართალია, უღიმღამოდ აბჟუტდა მზე, მაგრამ მოძლიერდა თანდათან, არ გაუცრუა იმედი მზერააპყრობილთ. კვლავ ჩვეულებრივი დღე იდგა, ისეთი ხალხმრავლობა იყო პლაჯზე, ფეხის მოსანაცვლებელი ადგილის პოვნა ჭირდა.

 

ჯემალმა და დურსუნმა დილიდანვე ველოსიპედებით მოიქროლეს მთელი სანაპირო, ქანცგაწყვეტამდე იჯლიგინეს, მერე სახლებს მიაშურეს და საღამოთი, ოდნავ რომ იკლო ხვატმა, დათქმულ დროს შეხვდნენ ერთმანეთს პირსის გასწვრივა ჩასასვლელში წრიულად დადგმულ სოკოს ფორმის მაგიდების გვერდით მიფოხილ ჯიხურთან, სადაც ცხელ სილაში ხარშავდნენ თურქულ ყავას. როგორც ყოველთვის, ახლაც რიგი იდგა აქ, ყავის მათრობელა სურნელი იფრქვეოდა ირგვლივ, რიგი სწრაფად მიიწევდა წინ. ბიჭებს ყავა კი უნდოდათ, მაგრამ ფული მხოლოდ კინოსთვის თუ ეყოფოდათ, დილითვე დაიანგარიშეს. ფილმი ორსერიანი იყო, ამერიკული, მისი ნახვის სურვილი სჯაბნიდა ყველა სხვა სურვილს. კინოს დაწყებამდე სამი საათი იყო დარჩენილი, ბიჭებს დრო უნდა მოეკლათ.

ნელა გადაუყვნენ პლაჟის პარაპეტს, გაჰყურებდნენ ზღვას. პირსთან ხალხი გროვდებოდა, რადგან კატერი ნაპირზე მოდგომას ეპირებოდა. არ უყვარდა ჯემალს, როცა ზღვისპირი ბაზრის მოედანს ემსგავსებოდა, ამიტომ ამხანაგის თხოვნაზე – ჩავიდეთ, ვიბანაოთო, – არც დაფიქრებულა, ისე სტკიცა უარი:

– ცოტა მყუდრო ადგილი მოვნახოთ სადმე, ვერა ხედავ, ჯო, რა ამბავია?. – და პირსისკენ დაუდევრად აქნეული ხელი ჰაერშივე გაუჩერდა. კატერის შესახვედრად გასწრაფებულ ადამიანთა თხელ ნაკადში მაგურას ფართოფარფლებიან ალისფერ ქუდს სწია თვალი. ქმარიც გვერდით მიჰყვებოდა, თეთრ შარვალზე შავი, კუპრივით შავი პერანგი ეცვა, ეხურა გრძელკოკარდიანი ტილოს ქუდი, თავი ოდნავ დაედრიკა, აუჩქარებლად ადგამდა ფართო-ფართო ნაბიჯებს.

– ბიჭი შეჰყურებდა ამ ნაბიჯთა მონაცვლეობას და უეცრად იგრძნო, რომ იგი ანდამატივით ეწეოდა თავისკენ, ეწეოდა მბრძანებლური, ქედმაღლური სითამამით, მას კი ძალა არ ჰყოფნიდა წინააღმდეგობის გაწევის, იგრძნო და ახლა იგი აღარსად წამსვლელი აღარ იყო. ერთადერთი გზა არსებობდა მისთვის – მაგურას ქმრის კვალს ადევნებული, კატერზე ამავალი გზა.

– აქ ჩავიდეთ, – უთხრა დურსუნს, – რა იყო, რამ გაგაშტერა. – უკან გაბრუნდა, დაეშვა შერღვეულ პარაპეტში დატანებულ კიბეზე, არც მოუხედავს ფეხათრევით გაყოლილი ამხანაგისკენ, ნეტავ რა ბზიკმა უკბინაო, თავისთვის რომ ფიქრობდა. ხოლო, როცა წამიერად მობრუნდა, უთხრა, კატერს უნდა გავყვეთო, დურსუნმა გაოცებისგან პირი დააღო, დაბნეული აედევნა.

– გაგიჟდი, ჯო! კინოს ვეღარ ვნახავთ. რა კატერი აგიტყდა!

ჯემალი შედგა, სწრაფად ამოიბრუნა შარვლის ჯიბე.

– აჰა, დაიჭი, მე არ წამოვალ კინოში. ნუ მეტყვი უარს. ჩემი წილი კატერზეც გვეყოფა და იმდენიც დარჩება, კინოში ნაყინს იყიდი. სხვა დროს სულ შენს სურვილზე იყოს, ოღონდ ახლა დამიჯერე.

მიაჩეჩა ფული, ძალისძალით ჩაუდო ხელში.

– ჩვენ ხომ ძმები ვართ. რამდენჯერ შემპირებიხარ, შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებო.

– შეგპირებივარ და გავაკეთებ კიდეც. – მართალია, დამაჯერებლად არა, მაგრამ მაინც ჩაილაპარაკა დურსუნმა, ფული ჩაიჯიბა. – წამო, განა უარზე ვარ. – გულში კი ფიქრობდა: რა ოხრობა უნდა კატერზე, გამონახა რა საქმე...

კატერი სწრაფად ჩამოიცალა, კანტიკუნტად მოჰყვნენ მგზავრები. სამაგიეროდ, აქედან წაჰყვებოდა კაიძალი ხალხი. ამსვლელები უკვე შეფენოდნენ კიბეს. აი, მაგურას ქუდიც, რომლის აბრეშუმის თასმები ნიკაპქვეშ გაებანტა და რომლის წყალობითაც, შორიდანვე, ერთი თვალის მოვლებით შეიძლებოდა მგზავრთა შორის მაგურას ამოცნობა.

ნაპირზე მცირე ხნით ჩერდებოდა კატერი, ამიტომ უნდა ეჩქარათ, თორემ კიბის აკეცვას მოასწრებდნენ. წინ დურსუნი გარბოდა, დროდადრო მოხედავდა ამხანაგს, შეუფუცხუნებდა, – გამოადგი, ჯო, ფეხი!

უკანასკნელნი ავიდნენ კიბეზე და გემბანს მისეულ მგზავრებს შეერივნენ თუ არა, გასვლის გამაფრთხილებელი სიგნალიც გაისმა.

ყველა სკამი დაკავებული იყო, უადგილოდ დარჩენილნი მოაჯირებზე გადამდგარიყვნენ. აი, ისინიც, ვისაც ამოედევნა ბიჭი. ახლა კაცის შავმა ხალათმა მიიტაცა თვალი, რადგან მაგურას აღარ ეხურა ქუდი, გაბანტული თასმებით წამოეცვა იგი მკლავზე, რომელიც მოაჯირზე ედო. ცოლ-ქმარი ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით საუბრობდა, ისე შესციცინებდნენ ერთურთს, ერთმანეთში განზავებას ცდილობდნენ თითქოს, ერთმანეთის სხეულებში გადასახლებას. გარშემო მყოფთა მიმართ აბსოლუტურად გულგრილნი ჩანდნენ. სწორედ მათ გულგრილობაში დაინახა ბიჭმა თავისი შეცდომა, უცებ გაუნათდა გონება, ინანა, არ უნდა ამოვსულიყავიო. რა ესაქმებოდა აქ, რა უნდოდა ბედნიერი წყვილისგან. მათი შეხმატკბილებული ურთიერთობა აფორიაქებდა, წვრილმანი ადამიანური ეგოიზმი შეჰყროდა, თუ თავკერძობას ხედავდა ახალგაზრდა მამაკაცის დინჯ, მოწესრიგებულ ცხოვრებაში და სწორედ ეს აკარგვინებდა მოსვენებას. რასაკვირველია, არ ფიქრობდა იგი კატერზე ამოსვლის ნამდვილ მიზეზზე, ამეებისთვის სცხელოდა? ოღონდ ეს კია, შეიგნო თავისი შეცდომა, უცებ გაუნათდა გონება. მიხვდა, რომ ბედნიერთა გვერდით აზრს ჰკარგავს ყოველგვარი მიზეზიცა და მიზანიც, ისე კნინდები, უჩინარდები, სირცხვილის სამოსში გხვევს საკუთარი უნიათობა და იქნებ ისიც ინატრო, ნეტავ გავქრე, აღარასოდეს ვიხილო ნათელიო.

ჯემალმა ცერად გახედა ამხანაგს, ოდნავ რომ დაებჩინა პირი, წინა ორი ქათქათა ღოჯი მოუჩანდა, არხეინად ჩაჰყურებდა წყალს. იდიოტი!.. – გაიფიქრა უნებლიედ, – ნამდვილი ყეყეჩი!.. მისთვის სულ ერთია აქ იდგომება თუ ორმოში იჯდება, მთავარია, საღამოს კინოფილმი ნახოს. უფრო იმიტომ ბრაზობდა, რომ ეს ყეყეჩი აქამდე გვერდიდან არ მოსცილებია, ახლა კი, როცა ჯემალმა მაგურას და მის ქმარს მიაგნო, როცა უნდა იფრთხილოს არ შეამჩნიონ, ერთი ბიჯიც აღარ წაუდგამს, აქვე გაშეშდა მათ შორიახლო, ეს ბოთე ჯიბრზე წაბენტერდა, მათ გვერდით ჩაეჩხირა. მარტო ამას როდი დასჯერდა, ხელს უქნევს, შენც აქ მოდიო. ჯემალმა თვალი აარიდა, მხრებში ჩარგო კისერი. გვერდი უქცია დურსუნს, თან გაფაციცებით დაიწყო ფიქრი, როგორ გამოესწორებინა შეცდომა. თუმც, რაღა დროს... კატერი აბუხუნდა, დაირწა ნელა, მძიმე–მძიმედ გაცურდა.

 არ შეამჩნიონ მაინც, ნეტავ არ შეამჩნიონ. ასეა საჭირო. მათთან ახლოს, მაგრამ უჩინრად. უაზროდ, ჯოჯოხეთად ეჩვენა ის საათ-ნახევარი, სანამ კატერი წინასწარ განსაზღვრულ სასეირნო მარშრუტს მოივლიდა ზღვაში და კვლავ ნაპირზე დაბრუნდებოდა. მაგრამ განა არსებობდა სხვა არჩევანი?

ეს ყეყეჩი მაინც არ აღიზიანებდეს. სიამოვნებით ჟეჟავდა, მასზე ამოიყრიდა ყველა ბოღმას, მაგრამ საკმარისი იყო ეგრძნო, დურსუნი უკვე გვერდით მიდგასო, გაიგონა თუ არა მისი პოლიპებიანი ცხვირის ქსუტუნი, უმალვე აპატია ყველაფერი. ერთხელაც გააპარა თვალი ბორტს გასწვრივ. ოდნავ წინ გადაიხარა. აგერ, მხარი, ქუდწამოცმული მკლავი, რომლის იდაყვთანაც ბაფთის მარყუჟის შედარებით გრძელი ბოლო დაკიდებულიყო. ათიოდ მგზავრი მიჯნავდა მაგურასგან.

– დურსუნ, უთხრა ბიჭმა ამხანაგს, – ხომ გახსოვს, მე და შალო როგორი მეგობრები ვიყავით.

– კი, – დაეთანხმა დურსუნი, თავი დაუქანჩალა, – ეგ ყველამ იცის, მასაც ძმასავით უყვარდი. მერე შენი სოლო ცეკვის მასწავლებელმა შალოს მისცა. მას შემდეგ შეიძულე იგი.

– ჰო, სხვებიც, ალბათ, მასე ფიქრობენ, მაგრამ არაა მართალი, სულ სხვა რაღაც მოხდა, რაც ჩემს მეტმა არავინ იცის. ესეც არ იყოს, შალო კურდღელივით მშიშარაა, ასეთთან მეგობრობა კი ვის რაში ეპიტნავება.

– რაღაც მოხდა თქვენ შორის? მითხარი, არ შეიძლება მითხრა?

– რატომაც არა, ოღონდ სხვა დროს, ისიც მხოლოდ იმ პირობით, თუ ახლა დამარწმუნებ, არა ხარ შალოსთანა მშიშარა და შენთან ძმაკაცობა ნამდვილად ღირს.

სმენადქცეულმა დურსუნმა გაკვირვებით იკითხა:

– რა, შენ გინდა, რომ გადავხტე?

– არა, გადახტომას ვინ გთხოვს, დამშვიდდი. ოღონდ, აი რა... ჩემს მზერას გააყოლე თვალი, – ჯემალი მოაჯირზე გადაწვა, რაც შეეძლო, გადააჭეჭყა მკერდი. დურსუნს კისერზე წაატანა ხელი, აიძულა, ისიც მასავით მოქცეულიყო, თან მაგურას მკლავს მიაჭდო მზერა. – ხედავ იმ ჩამოკონწიალებულ ბოლოს? ბაფთაზე გეუბნები, შტერო! ერთი ხელის გამოკვრა და მორჩა, სულ ეგაა. საუბარშია გართული, ვერც გაიგებს.

– რას ამბობ, ჯო!..

– ასეც ვიცოდი, არ იყავი ამის გამკეთებელი. მშიშარა სხვას რას აშავებს. რა მოხდა, განა ძნელია? ჩვეულებრივად ჩაივლი, ხელის ოდნავ აწევა დაგჭირდება, და სანამ გონს მოვლენ, გემბანის მეორე მხარეს გაძვრები ხალხში. შალოს ამბავს კი კინოს შემდეგ გიამბობ, გზაში.

– მოხვალ? – თვალები აუციმციმდა დურსუნს.

კიო, დააიმედა თვალებითვე, ოღონდ შენ იქნები ერთადერთი, ვისაც ჩემ გარდა ეცოდინება ეგო.

– რა თქმა უნდა...

– ჰოდა, გააკეთე, რაც გითხარი, არ შეგეშინდეს. მთავარია, არ შეგეშინდეს.

დურსუნმა თავი დაუქნია, მერე ზანტად, უხალისოდ წავიდა. ჯემალი თვალს არ აცილებდა მიმავალს, ნახა, იგი როგორ გაუსწორდა მაგურას, შედგა, წამით შეყოყმანდა. მაშინ გულმა რეჩხი უყო, ვაითუ მას ვერ შეესრულებინა დანაპირები, ბოღმა ჩურჩულით წასცდა: შენი ჭკუა ვატირე, დურსუნა, მიდი, შე ბოთე! სიტყვა ვატირე  დიდი ხანი არაა, ნუგბარი საცუცნავივით იქცა მათთვის, ხშირ-ხშირად წამოაფრიალებდნენ ხოლმე მოკლე ფრაზების თავსა და ბოლოში ისე დაუდევრად, ფიქრისა და ტვინის ჭყლეტის გარეშე, როგორც ბილეთს – ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე ჩამოსული მგზავრი. დურსუნმა ჯემალისგან პირველად რომ მოისმინა ეს სიტყვა, გაოცდა:

– გინება ისწავლე, ჯო?!

ბულვარის ბოლოს დადგმულ ტირის ვაგონში იყვნენ მაშინ. სულ გახარჯეს ხურდები, უკანასკნელ გროშამდე ისროლეს, მაგრამ ნიშანში არ უჯდებოდათ. ხოლო, როცა ბოლო ნასროლიც ცარიელზე დარჩა, მაშინ თქვა ჯემალმა მათთვის მანამდე უჩვეულო სიტყვა.

გააბრაზა ამხანაგის შეცხადებამ, – ეს რა გინებაა, ყეყეჩო, – მიახალა ტირის ვაგონიდან გამოსვლისას, – რა ყველაფერი გიკვირს! მერე, ცოტაც და, კინაღამ ისიც დასცდა, თუ მოვინდომე, შვიდი გოგო ერთდროულად მომწერს წერილსო. ხოლო, თუ მაინც შეიკავა თავი, იმიტომ, იცოდა, არ დაუჯერებდა დურსუნი, სასაცილოდ არ ეყოფოდა, ბაქიბუქობაში ჩამოართმევდა. ტრაბახი კი, რაც მართალია, მართალია, არ უყვარდა ჯემალს.

მაგრამ ეს მხოლოდ პირველად. მერე და მერე შეეჩვია ყური, თანდათან გაუშინაურდა მათ მეტყველებაში შემოსულ ახალ სიტყვას – ვატირე  – ხან დედის, ხან ჭკუის, ხან ყოფისა და რისთვისაც დასჭირდებოდათ, იმის მისამართით რომ გზავნიდნენ.

... მერე კი, თითქოსდა სულსწრაფი ამხანაგის შესარცხვენად, საპასუხოდ დაუმსახურებელი ლანძღვისა, რომელიც, ცხადია, არ მისწვდენია მის ყურს, დურსუნმა უეცრად წაატანა ხელი ნასკვის კუდს, ფრთხილად მოსწია და რაკიღა ბოლომდე გამოხსნა, აჩქარებით განაგრძო გზა. მაგრამ არ გასულა მეორე ბაქანზე, იქვე მიეკედლა ვიღაცებს თეთრად გაღებილი ბორტის ბოლოში და სხვებთან ერთად მანაც დაინახა, როგორ დაეშვა წყალზე წითელი ქუდი, ნელა, ფარფატ-ფარფატით, ლამაზად დაჯდა სულ ახლოში, რადგან კატერი უხვევდა, და პირქარს ძალა დაეკარგა. დაინახა ისიც, მოაჯირს როგორ გადაევლო თავზე ჯემალი, თევზივით გადადგაფუნდა წყალში. მაშინ გემბანის შიშიანი გაოცების მყისიერ ამოძახილში დურსუნმა გაიგონა საკუთარი ფიქრი:

გიჟია ე ოხერი!

ხსნასავით იყო წყალი, ერთბაშად მოაცილა ყოველგვარი უსიამო განცდა, წელში გამდრეკი ტვირთივით მოხსნა. გასდია ნაპირისკენ ცერად დაძრულ დინებას. მიდიოდა მსუბუქი მხარულით, მოხდენილი ბრასით, დელფინივით. დაეწეოდა წყალგაუმტარ ძაფით ნაქსოვ ფარფატა ქუდს, ისევ მოისვრიდა მთელი ძალით, რაც შეიძლება შორს, ისევ რომ დაწეოდა. ყოველი დაწევა წყალზე გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯი იყო. ზოგჯერ ოდნავ მოაბრუნებდა თავს, მაშინ ხედავდა კატერს, ფართოდ რომ რკალავდა ზღვის ამობურცულ თხემს. რაც უფრო შორს მიდიოდა, რაც მეტად იზრდებოდა მათ შორის მანძილი, იზრდებოდა ფარული ქიშპიც, რის წინაშე ქედი არ მოიდრიკა ბიჭმა.

ნაპირი შორს იყო და ამ სიშორეში ნეტარება იგრძნობოდა. ვეება ცის წვეშ წყალში პირაღმა წოლისას გამოერევა წამი, როცა ბიჭი შემნდობია ყველასა და ყველაფრის მიმართ, როცა ეულია და სუსტი, როცა ეულია და თანაც ძლიერი. გ ა მ ო ე რ ე ვ ა...

ოღონდ ბიჭმა არ იცის, რომ გარინდების სულგრძელი წამი არის თავის თავში მანამდე შეუცნობის აღმოჩენის, ანუ თავის თავში ღმერთის ძიებისათვის ხელისცეცებით ძლივს მიგნებული გზა, რომლის ბნელ ლაბირინთებში საკუთარი სულის კელაპტრებით უკვალოდ დაეხეტებიან კაცობრიობის მარადიულ ტკივილთა უხილავი აჩრდილები.

არ იცის... წინ ნაპირი ელოდება, ღვიძლი და განუყოფელი. ის მიდის ნაპირისკენ, მიდის კი არა, მიილტვის, თან მიაქვს უხილავზე გამარჯვებისა თუ თავის თავზე აღმატების, ანუ ძლევის კრძალული სიხარული. ყველაფერი მიაქვს იქ, სადაც ნამგზავრი ტალღა დაღლილი ყარიბის ნათმენი ხვაშიადივით ამოყრის ოხვრას.

... ისევ ხმელეთი, ისევ მზე, მისი წილი მზე, დასაკუთრებულიცა და საზიაროც, ჩაკონებული პლაჟზე ჭერეხივით დაყრილ უცნობთა სხეულებს. გასაშრობად გაფენილი ბიჭის ტანსაცმელი, წითელი ქუდი... გასაშრობად გაფენილი მისი ფიქრი. მზისკენ გაწვდილ დრეკია ყლორტს ჩამომსხდარ ნიბლიებივით კანკალებენ მის ცხოვრებაში მოულოდნელად მოსული, უეცარი შთაბეჭდილებები, განცდები, საკუთარი ქცევის ამოუხსნელ უცნაურობათაგან შეჩქვიფებული სახტად დარჩენის წუთები, ნათხოვარი ღიმილივით უცნაურად რომ ამოებაწრა მისივ შინაგანი ხედვის ბუნდოვან თვალსაწიერს. მისკენ მიქცეული მზერა ისე უკრთებოდა, ისე ეღლებოდა, თითქოს თოკზე გასული ჯამბაზის ფეხის მოძრაობას ემსჭვალვისო. უძრაობაში, მე-სა და ირგვლივმომდგარ სამყაროს ძლივსშესამჩნევ ზღვარზე გაჩხერილისთვის მხოლოდ ორი რამეღა არსებობს – სხეული და თვალი. მზის მცხუნვარებას დანებებული, ნაგვემივით მორჩილი სხეული და მონადირე, რაიმე ახლის, მისთვის მანამდე ანგარიშგაუწევლის, აზრმიუცემისა და მიუღებლის მაძიებელი თვალი. ასპარეზი მას ეთმობა, მის ჭრელ-ჭრელ ხილვებში მოილალება ბოლომდე შეუცნობის უხუნდო სურვილი, თან მოაქვს წარსულზე, თვინიერ ბავშვობაზე გულაყრილობის ირონია, წამქეზებლური, იდუმალი კიჟინი სხეულში უხილავის გადმოსახლების, უზესთაესი აღტყინება, მკრეხელურ ფიქრად რომ ჩამოხატდება უმალვე: რა იქნება მხოლოდ ერთხელ დავადო ხელი. გამარტყამს? ჰა, ნუთუ გამარტყამს?

უცნობ გოგოს თეძოს ბორცვზე დიდი შავი ხალი აქვს, ცერცვის მარცვლისოდენა. წევს არხეინად, მასავით ბატკნის ბეწვივით ჩაბურღულთმიან მეორე გოგოს კარტს ეთამაშება. ბიჭი ამ მეორისას სახეს ხედავს, მხრებსაც, ხელებსაც. მას თლილი, ნაზი თითებით უჭირავს მარაოს ფორმაზე გაშლილი კარტი. მაინც რად არიან ქალები წელში გამოყვანილები, ჩვენ კი ფიცარივით სწორები. თანაც ხორციც ფაფუკი აქვთ. ჩვენსავით მაგრადაც არ შავდებიან. ნუთუ არსებობს კაცი, ვისაც ამ ადგილას ამოსვლოდეს ხალი? უჰ, რა შავია!  არ დაემთავრებინა ფიქრი, რომ იმანაც, ვის თეძოსაც ასე გაერთო, ოდნავ იბრუნა თავი, ეტყობოდა, კარტის თამაშის საჭიროებამ მოითხოვა ეს უნებლიე მოძრაობა. მაშინ ბიჭის თვალწინ ორი ერთნაირი, ზუსტად ერთნაირი პროფილი გაჩნდა. ამას უკვე გაოცებაზე მეტი ეთქმოდა. რიღასი თავშეკავება, ვაა!.. – აღმოხდა ხმამაღლა. გოგონებმა გაიგონეს ანგარიშმიუცემლად წამოსროლილი სიტყვა, ყველაფერს მიხვდნენ. წამით შეწყვიტეს თამაში. ალმაცერად გამოხედეს ბიჭს, აგრძნობინეს, ასეთი შორისდებულების მოსმენას მიჩვეულები ვართო, და მიმტევებლურად ჩაიღიმეს. და სანამ ერთნაირ თავებს ისევ მიაბრუნებდნენ, ბიჭმა დაასწრო, ეშმაკურად იკითხა:

– ხომ არ გწყინთ?

– რა უნდა გვწყინდეს? – ლამის ერთდროულად თქვეს ტყუპებმა.

– რომ გიყურებთ.

– გვიყურე, რა! ცხვირი აიბზუა იმან, რომლის სახე ამ მცირე ხანში ისე შეისწავლა, ამ მეორეს უკვე მას ადარებდა, ეძებდა, აზუსტებდა მსგავსებას. მაგრამ მათ მსგავსებას რა ძებნა სჭირდებოდა, ვაშლი რომ შუაზე გაგეჭრა, ეგ იყო და ეგ. მერე იმან გააოცა, გოგომ რომ წამოიწია და ნახევრად მჯდომარეს, თეძოს თავზე სწორედ ისეთივე ხალი გამოუჩნდა, რამაც თავიდანვე ასერიგად მიიპყრო ბიჭის ყურადღება. გოგონებს ტანიც ერთნაირი ჰქონდათ. ავადმყოფურ მსგავსებაში იოტისოდენა პატივისცემაც არ იგრძნობოდა ინდივიდუალობის, პიროვნულობის განმასხვავებელი განუმეორებლობის, რის გამოც ბიჭმა თავს უფლება მისცა, მოურიდებლად, ისე, თითქოს მხოლოდ ერთ ადამიანს მივმართავო, თქვა:

– მეც ვითამაშებ, თუ შეიძლება.

გოგონები გაჩუმდნენ, კარტი აურიეს, რაც თანხმობად ჩათვალა ბიჭმა. ასეც იყო. ვიდრე მათთან დაჯდებოდა, კარტი უკვე სამ მოთამაშეზე გაიშალა.

ჯემალმა ხელუხლებლად დატოვა თავისი ნივთები, ოღონდ თვალი მაინც იქით ეჭირა. ვინმემ რომ გაზაფხულზე წითელფერგადავლილ, ზღაპრულად ლამაზ ველზე მოწყვეტილი ყაყაჩო მტვრიან გზაზე დააგდოს, ნაცრისფერი მტვრით გალიპლიპებულ გზაზე, ისე არ უხდებოდა მაგურას ღაღანა ქუდი ბიჭის დაჭყლეტილ, უბადრუკ ტანსაცმელს. ფეხსაცმელი აღარ ჰქონდა. ცალი ცურვისას დაეკარგა, ცალიც ნაპირს მოღწეულმა მოისროლა წყალში. გოგონებთან სულ კოჭლობ-კოჭლობით მივიდა, ისე დუღდა ქვიშა.

ხელს ხელზე იგებდა ბიჭი, თანდათან იმსახურებდა პარტნიორების სიმპათიას. მაგრამ აბსოლუტური წარმატება ეჭვსაც ბადებს სხვათა თვალში, ანდა ბადებს სურვილს, გამარჯვებულს დაუპირისპირონ უფრო ძლიერი, გამოუძებნონ მასზე ღირსეული. თუ არა ასე, აბა რად თქვა ერთმა ტყუპისცალმა:

– ამხანაგი გვყავს ერთი, მისი დედა მამაჩვენთან მუშაობს, ერთად დავდივართ ხოლმე სტუმრად, ახლა მთაში ისვენებს, სვანეთი ჰქვია იმ ადგილს. აბა, იმას ეთამაშე, ნახავ, ათიდან ორ ხელსაც ვერ მოუგებ.

– მოვუგებ, – თავის აუწევად ამბობს ბიჭი, – დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, იმასაც მოვუგებ, – თან განგებ აწიტებს გვერდზე, მე ვარ და ჩემი ნაბადიო. ეს ხელოვნური სითამამე, უეცრად შეძენილი თავისუფალი, მოურიდებელი ქცევა ეხმარება, თავადვე დაიჯეროს, უსათუოდ მოუგებს.

– შეუძლებელია, – ახლა მეორე ამტკიცებს, – შეუძლებელია მას ვინმემ აჯობოს, – თან აყოვნებს კარტის ჩამორიგებას. ბიჭს კი მოთმინება არ ჰყოფნის, ხელებში შეჰყურებს, კიდევ და კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ კარგი მოთამაშეა. გოგო მიმიკას იცვლის სახეზე, – მას არც ტრაბახი უყვარს, არც გოგონების თანდასწრებით იფურთხება, თანაც, როცა გელაპარაკება, სახეში გიცქერის.

– მაინც ვაჯობებ, – უკან არ იხევს ბიჭი.

– ის მთებშია ახლა, მწვერვალებს ესაუბრება და ლექსებს თხზავს. იცი რა ძნელია ლექსების თხზვა? ჰო, მთებშია, ძალიან შორს, მაგრამ თუ მოესურვება, შეუძლია დაგვინახოს, თვალები დახუჭოს და აი, ასე, როგორც ვსხედვართ სამნი, ზუსტად ასე დაგვინახოს.

– ოჰო, რა წარმოდგენა ჰქონიათ, – ფიქრობს ბიჭი. მერე მისთვის აღარა აქვს მნიშვნელობა, რომელი დაიკო რას ამბობს, აზრებიც მათი პატრონებივით ჰგავს ერთმანეთს. ამ ერთფეროვნებაში იკვეთებოდა შორეული, ბუნდოვნად საცნაური, მაგრამ აშკარა, ცოდვისა და ნეტარების ფარული, ოდნავ ზიზღნარევი ტკივილი. ბიჭმა უხერხულობა იგრძნო, ისეთი მოუსვენრობა, თითქოს ორპირ ქარში მჯდარიყოს გაუნძრევლად და ძვალ-რბილში უამოდ გამჯდარ სიცივეს გაჯიბრებოდეს. ტყუპთა მსგავსება უძირო ჭა იყო, შიგ რაგინდ დაუსრულებლად ეცქირა ბიჭს, თავის ხატს კი ვერ დაინახავდა, არამედ საპირისპიროს, განსხვავებულს, იდუმალ საწადელს, რომლისკენ ლტოლვა, გინდა არ გინდა, ყველა შარვლიანისთვის ჩვეულებრივი სურვილი ხდება. მას ერთი ზოგადი სახელი ერქვა – ქალი. ესე იგი, სიკეთე, წყალობა, და იმავდროულად – წყევლაც, ახდენა რომ ეწერა უეჭველად. მერე იმასაც მიხვდა, რომ საფეთქელთან წამოფრიალებული წაბლისფერი თმები და მაგნოლიის მკრთალი სურნელი, შერეული ზღვისპირულ საღამოხანის სიგრილეს, ქარში მოსმენილი მუსიკა იყო მხოლოდ, შემოდგომის ხატულა ფოთოლივით აფრიალებული მეხსიერების ყრუ კედლებისკენ, რომელთა მიღმაც ადამიანები მარადიულ, უცოდველ ბავშვებად რჩებიან.

– უნდა წავიდე, – თქვა ბიჭმა, რადგან თვალი ჰკიდა ნაპირისკენ გამოშურებულ კატერს, მაუწყებელს იმისას, ბიჭი თურმე დიდხანს მოცურავდა, მთელი დრო გზაში შემოხარჯვია. ათ-თხუთმეტ წუთში პირსს მოადგება კატერი. ბიჭიც სასწრაფოდ აიკრავს გუდა-ნაბადს. აბა აქ ხომ არ გამოიჭიმება წითელი ქუდით.

– დაიღალე? – ჰკითხა ერთ-ერთმა დამ, როცა ბიჭი წამოდგა, – რად აჩქარდი? – თან კარტი აშალა.

მათ თავიდანვე შენობითში დაიწყეს ნაცნობობა, ახლაც არაფერი იყო საკვირველი ამ უცერემონიო ნათქვამში, მაგრამ თუ იგი მაინც ეჩოთირა ყურს, ეს იმიტომ, გაოცების საბაბი ჰქონოდა, აქამდე რად არ ენახა იგი, ან მისი ტყუპისცალი, კაცი რომ ვერ გაარკვევდა, რომელი რომლის ორეული იყო, ერთხელაც არ მოეკრა თვალი.

ჩაიცვა. პირობა დასდო, ხვალ ამ დროს მოვალ აქვეო. გოგონები ხმას არ იღებდნენ. მათი დუმილი კი სარწმუნოს ხდიდა, ბიჭი მართლა მოვიდოდა, მარტო კი არა, დურსუნთან ერთად. ველოსიპედებით გამოეცხადებოდნენ, მოუტანდნენ თეთრ ლეღვს და რამდენ ხანსაც დები მოისურვებდნენ, იმდენ ხანს დარჩებოდნენ მათთან. ეს ყველაფერი გაიფიქრა ბიჭმა, რასაკვირველია, გაიფიქრა, განა თქვა, განა წინასწარი შეთანხმება გამართა. დიდი ბიჭებიც ხომ არასდროს თხოულობდნენ ნებართვას. ჰოდა, ვისზე ნაკლები იყო?

– წავედი, – მიუგდო სიტყვა დამშვიდობების ნაცვლად, ისე ნაჩქარევად, ისეთი უდიერი სითამამით, როგორც ნაყინის ყუთზე დადებულ მონპანსიეს კოლოფში ყრიდა ხოლმე ხურდა ფულს, და აზრადაც არ მოსდიოდა, გამყიდველისთვის სალამი ეთქვა.

საღამოს მთელი სახლისთვის ცნობილი იყო კატერზე მომხდარი ამბავი. ორიოდე მდგმური უნებლიე მოწმე გახდა, თუ როგორ შედგა მაგურას ქმარი აივნის მოაჯირზე, ჩამოხსნა თუთის ტოტზე დაკიდებული წითელი ქუდი და გადასცა ცოლს, რომელსაც ვერადა ვერ აეხსნა, საკიდრად რატომ მაინცდამაინც ხის ტოტი აერჩია ბიჭს, რისთვის დასჭირდა ამ სიმაღლეზე აბობღება. თან ისიც ვერ აეტანა, მდგმურები პირდაღებულები რომ შესცქეროდნენ მოაჯირზე შემომდგარ მის ქმარს. ამათთვისაც და ამ სახლში მობინადრე ყველა დანარჩენისთვის ყურადღების საგანი გახლდათ ეს პიკანტური წყვილი, და რახან მათ ვერც გრძელ, მდგმურთა თავშესაყარ ვერანდაზე ხედავდნენ ხოლმე, ვერც აივანზე, ვერც საერთო სამზარეულოში, რა თქმა უნდა, შემთხვევითობისთვის უნდა მიეწერათ ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მათ შორის ყოფნა. მაგრამ, უცნობთა სახეები, ზედ ცბიერი ინტერესი რომ შეპარვოდათ, მათ ძველებურად კი აღარ შეჰყურებდნენ, ლამაზი ჩიტი რომ ჩაიფრენს და მზერას გაატან, ისე კი აღარ, არამედ ნასიამოვნები, ფამილარული ნიშნისგებით – აჰა, ჩვენს მარაქაში გაერიეთო? მაგრამ მაგურამ აკი იცოდა, არავითარ მარაქაში არ გარეულა, ამიტომ ორიოდ წინადადება გახარჯა სიტუაციაში სიცხადის შესატანად, სეირნობისას კატერიდან გადამივარდა ქუდი, ჯემალი თან გადაჰყვაო.

არ გაჰკვირვებიათ ბიჭის თავდადება. ქალი ნამდვილად მომხიბვლელი იყო, მისი გულისთვის ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა. ოღონდ ეგაა, მთელმა სახლმა იმღამესვე შეიქცია თავი ამ ამბით. განა ტყუილადაა ნათქვამი – ორმა თუ იცის, ღორმაც იცისო. ზოგი აქებდა ბიჭს, ზოგი, პირიქით, ამბობდა, არც ერთი ჭკუათამყოფელი ბავშვი ასეთ რისკს არ გასწევდაო, ზოგმა იმის აწონ-დაწონა დაიწყო, ცოლი სჯობდა, თუ ქმარი. რა დასამალია და, ისიც თქვეს, არც იმდენად გასაგიჟებლები არიან, რამდენადაც თავი მოაქვთო. აქაც ვერ მოუთმინა ვიღაცას გულმა, აღნიშნა, გეთანხმებით, ყველაფერზე გეთანხმებით, მაგრამ რაღაც აქვთ ძალიან კარგი, მიმზიდველი, თუნდაც ის, საოცრად რომ უხდებიან ერთმანეთსო. მთლად ახალმა მდგმურებმა აღტაცება ვერ დაფარეს ასეთი აზრთა სხვადასხვაობით გამოწვეული მსჯელობის გამო და იხვეწებოდნენ, ხვალვე გვანახვეთ რომელია ეგ წყვილიო.

ბიჭი კი იწვა თავის ციცქნა ოთახში, შუაღამემდე თვალმილულული უსმენდა ჭერში კატების ფხაწუნს, თან ნატრობდა, ხვალამდე უფრო კარგად დამწიფებულიყო ლეღვი. და იმასაც ფიქრობდა,ნუთუ აუცილებლად ლექსებს უნდა თხზავდე, რომ ვინმეს ნამდვილად შეუყვარდე, ისე შეუყვარდე, თავისი ნებით გაკოცოსო. მერე იგრძნო, რარიგ უაზროდ, სულელურად აუფორიაქდა გული, ოღონდ რა იცოდა, ამ ფორიაქს ტკივილიც რომ ერქვა სხვაგვარად.

ღიაა სულის ყველა სარდაფი.

ნაზია და მწუხარე ღამეული ფიქრი. მაგრამ წამდაუწუმაც ხომ არ ხდება, რომ საკუთარი სურვილით ვაკითხავდეთ სევდას, ბავშვობიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრების გზაზე პატარ-პატარა სადგურებივით რომ გველოდება. და თუ არა აქ, კიდევ სად შეიძლება უფრო ახლო მივიდეთ ჩვენს თავთან, ვიტიროთ იმის გამო, რომ სუსტები ვართ, იმის გამო, რომ ასე კარგები ვართ, ცოდვილნი, მაგრამ მაინც ღვთისმოსავნი, ბოროტნი, მაგრამ მაინც უზომოდ კეთილნი, და ჰაი, რომ მდუმარებაში ვიოხებთ ხოლმე გულს, მწარე მდუმარებაში, რადგან ყოველ ჩვენგანში სახლობს მივიწყებული წმინდანი, რომელსაც, როცა მოგვესურვება, მაცხოვარივით გავაკრავთ სევდის ჯვარზე. მთავარი ისაა, ამისთვის არ გვჭირდება არც იუდა, არც ვერცხლი, არც სამართალი. ჰოდა, იქნებ ესაა ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც თავისუფლებას საზღვარი არა აქვს.

... ოღონდაც!..

ხომ ამოსკდა ნათელი. განა აქვს აზრი გრძნობისა და ფიქრის წინაღამინდელ ჭირვეულობას? ახლა განა ვინ იტყოდა, რომ ბიჭის გულს ოდესმე მიჰკარებოდეს ხინჯი და ეჭვი, ან მისი ლაღი სუნთქვა ერთხელ მაინც შეეგუბებინოს უნებლიე ამოოხვრას.

დილიდანვე გამოიყვანეს ზღვაზე ბაიდარები. კეპებჩამოფხატული სპორტსმენები მთელ სიგრძე-სიგანეზე სერავდნენ წყალს ფერად-ფერადი ნავებით.

იწურებოდა აგვისტო, ოდნავ გამსუბუქებულიყო ნაპირი. რამდენიმე დღეში ხავერდოვანი სეზონი დაიწყებოდა. მოიწყენდა ზღვა, როგორც აქ ამბობდნენ, ბებრების სიყვარულის დრო დადგებოდა. მებაიდარეებს კი ვერ მოეთმინათ, ადრიანად შესდგომოდნენ ვარჯიშს. კაცმა რომ თქვას, არც ეშლებოდათ ხელი, თავისუფლად დანავარდობდნენ.

იჯდა ჯემალი სანაპიროს მომზღუდავ პარაპეტიდან პლაჟის ყვითელ სილამდე ბრტყელ-ბრტყელ, ნაცრისფრად მბზინავ საფეხურებად მძიმედ ჩამოწოლილ ბეტონის კიბეზე, ნაპირსამაგრების მაგივრობას რომ სწევდა ზღვისპირა მოსახლეობისთვის. იჯდა და ისეთი გატაცებით გასცქეროდა ბაიდარების სრბოლას, როგორც ყმაწვილი შეიძლება უცქერდეს მისთვის საყვარელ სანახაობას. მისი შემხედვარე იფიქრებდა, რომ ბიჭს დაუსრულებლად შეეძლო მჯდარიყო აქ, ფეხი არ მოეცვალა ადგილიდან. ეგებ, ასეც იყო, ეგებ, არაფერზე გაეცვალა ეს სიამოვნება, რომ უცხო ხმას ზედ მის ყურთან არ ეთქვა:

– გამარჯობა, ვაჟკაცო!

ბიჭმა იჩქითად მოიხედა. გვერდით მაგურას ქმარი ეჯდა. ისე დააბნია მოულოდნელობამ, ძლივსღა მოახერხა, სალამზე დაგვიანებული პასუხი მიეგო.

– გაგიმარჯოთ, – ამოღერღა ბიჭმა.

– დღეს დაიწყეს პირველად? – ბაიდარებზე ანიშნა.

– დღეს, – თქვა ბიჭმა. ქეშად გახედა სივრცეს. ახლა სამი ბაიდარი ერთმანეთის გვერდიგვერდ მოჰქროდა, ჯვარედინად სერავდა დინებას. – წითელი კარგი მენიჩბეა (იგი ნავის ფერს გულისხმობდა), ნახეთ, როგორ მსუბუქად ხმარობს ხელს, მაგრამ მისი ნავი დანარჩენებზე თითქოს ოდნავ განიერია.

– ვითომ?

– კი, სულ ცოტათი, მაგრამ ამ განსხვავებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ დროზე არ გამოცვალა, ტყუილად ექნება თავისი სიმარდის იმედი. ბაიდარი გველთევზასავით უნდა იყოს. – ისე თქვა, გეგონებოდა ამ საქმეში ჭიპი ჰქონოდა მოჭრილი.

კაცს გაეცინა. ბიჭს რაც სჯეროდა, ის იყო მისი სიმართლე. სწორედ ეს მოეწონა და თბილად გაეცინა.

– ჰო, იქნებ მართალი ხარ, – უთხრა მერე, – და საერთოდაც, ყოჩალი ბიჭი ჩანხარ. აბა შენს ადგილას სხვა ვინ გაბედავდა... მაგრამ როგორ მოგივიდა თავში, ქუდის გულისთვის იმ სიღრმეში გადამხტარიყავი. თანაც საიდან...

ბიჭი არ დაფიქრებულა, პასუხის გასაცემად სიტყვებისთვის ჯიბეში კი არ დაუწყია ჩაძრომა, თავისუფლად, ამგვარ საუბარში გამოჯეკილივით მიუგო:

– თქვენს მეუღლეს ძალიან უხდებოდა ის ქუდი.

მეუღლესო, სწორედ ასე თქვა. მაინც საიდან მოიტანა ასეთი სიტყვა... რანაირად მოადგა ენაზე. ცოლი ეთქვა, სხვა საქმეა, იქნებ მაშინ არც გაკვირვებოდა კაცს მისი პასუხი. ამან კი, არც აცია, არც აცხელა, ადგა და ასეთი განსაკუთრებული სიტყვა მიაგება – მეუღლესო. მაშინ ახალგაზრდა კაცი ძალაუნებურად განეწყო სერიოზული საუბრისთვის.

– უხდებოდა? გაიმეორა მან, – მერე ამას რა კავშირი ჰქონდა შენთან?

– არაფერი, – უპასუხა ბიჭმა, – ოღონდ ვიფიქრე, ქუდი რომ დაეკარგოს, შეიძლება გული დასწყდეს-მეთქი. მაგურა განა გუშინ გავიცანი...

– ვიცი, თქვა კაცმა, – შარშანაც აქ ისვენებდა.

– დიახ, – ოდნავ აღელვებით მიუგო ბიჭმა, – აქ ისვენებდა. მაშინ თქვენ ერთად არ იყავით.

ახალგაზრდა კაცს მოეჩვენა, ბიჭს უნდოდა ეთქვა, მაშინ შენი არ იყოო. მაგრამ ნაცვლად ამისა, თქვა, ერთად არ იყავითო. ისევ გაეცინა. განა შეიძლებოდა საუბრის გაგრძელება? მართლა მოეწონა, ნაღდი ბიჭი დადგებაო, – გაიფიქრა. თან ხელის დიდი მტევანი დაადო თავზე, აურია მზისგან გარუჯული, მთელი ზაფხულის ნაზარდი თმა. მერე ადგა და კიბის საფეხურს აუჩქარებლად გადაჰყვა ჩრდილოეთისკენ.

მალე ბაიდარებით წვრთნაც დამთავრდებოდა, სპორტული ბაზის ზონაში გამოათრევდნენ ნავებს. იქითკენ მიდიოდა კაციც. თავს მოვიჭრი, თუ ნაპირზევე არ ნახოს წითელი. დარწმუნდება, არ ვცდები, არ მატყუებს თვალი. უზომოდ ბედნიერი იყო ბიჭი, იმდენად, რომ კიდეც შეაწუხა სიხარულმა. თითქოს ყველაფერი, რაც ოდესმე სწყენია, მხოლოდ იმიტომ სწყენია, ეს სიხარული გამოესყიდა, რათა მასში დარჩენილიყო.

დიდხანს ცურავდა მერე. დაქანცვამდე ებრძოდა წყალს, და რატომღაც ახსენდებოდა უკვე მივიწყებული, პარკში ნანახი სახექეციანი ბოროტი ბერიკაცი. ერთი–ორჯერ ფარულ წყენასავით გაურბინა აზრმა, ხომ არაფერი დაემართა, რატომ ვეღარსად მოვკარი თვალიო. დიახ, ფარულ წყენასავით, ალბათ, იმიტომ, რომ მტერიც და მოყვარეც ცოცხალი სჭირდება ადამიანს.

 

1980 წ.   

ქობულეთი.

 

 

 

მათრობელა სურნელი

 

ლალი ბრეგვაძე-კახიანი

 

 

მეზობელთან რომ დააკაკუნა, კარი სტუმარმა კაცმა გაუღო. ნამძინარევს ჰგავდა. მობრძანდი, მობრძანდიო. სასტუმრო ოთახში შეუძღვა, სკამი შესთავაზა. მაპატიე, ახლავე მოვალ, ცოტა მოვწესრიგდები და მალევე გეახლები, არ მოიწყინოო.

ეს აქ არც ისე ცუდად გრძნობს თავსო, გაიფიქრა გოგონამ. ნეტა ღამით სად სძინავს? – დაინტერესდა, – იქნებ გაპარული საცოლის ოთახშიო?

ალექსანდრე შინ არ იყო, სტუმარი მარტო დაეტოვებინა, რაც ამ დღეებში იშვიათად ხდებოდა. მაინც სად უნდა წასულიყო? თუმც, გოგონასთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ალექსანდრე საქმეების გამო გაეცალა სახლს, თუ დარდითა და უხერხულობით დამძიმებული სულის მოსათქმელად.

გოგონა მხოლოდ თორმეტი წლისა გახლდათ. ათას უცნაურობაზე ფიქრი დასჩემებოდა. მაგრამ ახლა საკუთარი ოცნება-ფიქრისთვის არ ეცალა, რადგან უჩვეულო ამბავში გაეხვია, უფრო სწორად, გაახვიეს. მეზობელი ალექსანდრეს ქალიშვილი შინიდან გაიპარა, თავის რჩეულს გაჰყვა მამის უჩუმრად. მოკლედ, გათხოვდა. ამ საქმეში გოგონასაც ედო ერთგვარი წვლილი. მას დაევალა საზიარო ღობესთან საგანგებოდ მიდგმული საპატარძლოს ტანსაცმლით სავსე ჩემოდნის გატანა ქუჩამდე და ძველ, ნახევრად შემპალ ელექტრობოძზე ჩამოკონწიალებული, ჩაფხუტიანი ფარნის ქვეშ მდგარი ნაცრისფერი ჟიგულის სახეჩოფურა მძღოლისთვის გადაცემა.

გეგმის მიხედვით, გოგონას ალექსანდრესთან ძველებურად უნდა განეგრძო მეზობლური ურთიერთობა, რათა სცოდნოდა, რა ხდებოდა მის სახლში. შვილის გაპარვის შემდეგ რას მოიმოქმედებდა ალექსანდრე – პოლიციას გამოიძახებდა და ძებნას შეუდგებოდა, ბრაზით სახლ-კარს გადაწვავდა ან ვენებს გადაიჭრიდა, თუ მოღალატე შვილს მკვდრად შერაცხდა.

დავალება მართლაც პირნათლად შეასრულა, ყოველგვარი კონსპირაციულობის დაცვით, თან მეზობლობასაც პირობისდა მიხედვით აგრძელებდა.

სტუმარი დედაქალაქელი იყო. ალექსანდრეს კარგა ხანია სასიძოდ შეეგულებინა იგი, მაგრამ სასიმამროს მიერ მოწვეულ სასიძოს საპატარძლო გაფრენილი დახვდა. ამაზე მეტი გაბითურება წარმოუდგენელია, ყოველწამ შეიძლებოდა მომხდარიყო რაღაც გაუთვალისწინებელი. ჯერ კი არაფერი ამის მსგავსი არ შეიმჩნეოდა.

სტუმარი კაცი გარეგნულად სიმპათიური გახლდათ, კოხტად ჩაცმული, დახვეწილი ჟესტებით, თავაზიანი, და, რაც მთავარია, თვალშისაცემად მშვიდი. მის მდგომარეობაში, საკმაოდ მშვიდი... ეს გოგონას ინტერესს უფრო და უფრო აცხოველებდა. გულისგულში გაუმხელელი ფიქრებიც კი უტრიალებდა: რად არ უნდოდა ასეთი საქმრო? მისი შეყვარებული ამას რითი სჯობდა? მაინცდამაინც ის ფეხსაცმელზე ტალახაკრული აირჩიაო. იხსენებდა მის გაბუშტულ, სიწითლეშეპარულ ცხვირს, სოფლურ აქცენტს. თურმე მეცნიერებაში რაღაცას იკვლევდა, ძალიან, ძალიან საინტერესოს.

 მხოლოდ ერთხელ ჰყავდა იგი ნანახი, მხოლოდ ერთადერთხელ, და ეგონა, მუდამ ტალახიანი ფეხსაცმელი ეცვა.

ეს კაცი კი დედაქალაქში წაიყვანდა, ლამაზ ქურქს უყიდდა, მოპრანჭავდა, არაფერს მოაკლებდა, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ისიც არ ავიწყდებოდა, თავისებური ჯაშუშის როლი რომ ჰქონდა დაკისრებული.

როლს სერიოზულად ეკიდებოდა, თუმც ხელმოცარულ სტუმარს ადამიანურად მაინც თანაუგრძნობდა. ებრალებოდა იგი გაუმხელი სიბრალულით, და როდესაც სტუმარი კაცი და ალექსანდრე ფართო, ხის რიკულებით მოგვირისტებულ ვერანდაზე ჭადრაკის თამაშით იქცევდნენ თავს, თუ სპილენძის ფრიალა სინზე დახვავებულ ალექსანდრეს ბაღჩის ყვითელ, ბომბორა გარგარს მიირთმევდნენ, თან მასაც ეპატიჟებოდნენ, ჭამეო, ერთი სული ჰქონდა, ხმამაღლა განეცხადებინა: მე რას მიმალავთ, ისედაც ყველაფერი კარგად ვიცი. ილაპარაკეთ იმაზე, რაც გაწუხებთ, რაც გულს გიღრღნით.

მაგრამ, რასაკვირველია, სხვაგვარად ხდებოდა. გოგონა ენას კბილს აჭერდა, მოთმინებით უმზერდა ჭადრაკის დაფისკენ თავდახრილ კაცებს, ვერაფრით რომ ვერ აერჩიათ გადასაადგილებელი ფიგურა. ჩაშტერებოდნენ და ჩაშტერებოდნენ, ფიქრობდნენ დაუსრულებლად. თითქოს დაუსრულებელ ჩაშტერებასა და ფიქრში იდო ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი აზრი, მათი ერთად ყოფნის გამამართლებელი. იგი ქცეულიყო ხელოვნური წონასწორობის საყრდენად და საძირკვლად. თითქოს დუმილის კუნძულზე მოხვედრილიყვნენ კაცები. სიტყვებს ტაბუ ედო. ანდა, სულაც, აზრების გადაცემის მაგიას ფლობდნენ და გოგონას თვალის ასახვევად, ერთმანეთში ჟონგლიორობდნენ ამ უხილავი აზრებით. მდუმარენი აბოლებდნენ სიგარეტს, ისმენდნენ უკანასკნელ ცნობებს, პატარა ჯიბის რადიო რომ გადმოსცემდა ომახიანად. ათასგვარ ამბებზე, პოლიტიკურ პარტიათა ალიანსებსა და ურთიერთგათიშვაზე ღაღადებდა იგი, კორუფციასა და მთავრობის კრიზისზე. ხშირ-ხშირად გაისმოდა სიტყვა სკანდალი  – მოდაში შემოსული, ჟურნალისტების საყვარელ სიტყვად ქცეული. ყველა ყველას უყენებდა პრეტენზიას. ურიების ბაზარს დამსგავსებოდა ქვეყანა. სიახლე კი ვერაფერს შეჰქონდა ვერანდის უცვლელ განწყობაში.

აქედან ალექსანდრეს დაბურული ბაღჩის უმწიფარი ვაშლით დახუნძლულ ხეთა კენწეროებს გადევნებული მზერა ქალაქის გაღმითა ნაწილს სწვდებოდა. გადამწვანებულ კლდე-რელიეფს შეფენილი შენობები პროვინციული სიმყუდროვის მძაფრ შთაბეჭდილებას ქმნიდა და აღიქმებოდა კოლორიტის თავისებურ დამღად. ამას ემატებოდა, დროის გარკვეული ინტერვალებით, ჰაერში აქეთ-იქით გამოკონწიალებულ ბაგირებზე მორონინე ფერდაკარგული მართკუთხა ვაგონები – ქალაქელთა ერთადერთი შემორჩენილი ტრანსპორტი.

ჭიაყელასავით წვრილი მდინარით შუაზე გაყოფილი ეს ქვაბქალაქი ლამის ხელისგულზე იდო და უცხო თვალს თავისებურად აოცებდა კიდეც. თუმცა სტუმარი აშკარად არც გაოცებას გამოხატავდა, არც რაიმე განსაკუთრებული შეიძლებოდა დაგეჭირა მის განწყობაში. ისიც გაურკვეველი იყო, ალექსანდრემ რა უთხრა მოწვეულს, რად არ ჩანს ჩემი ქალიშვილი, რატომ ვერ შეგახვედრეო. იქნებ სულაც გულწრფელად უამბო, რაც მოხდაო, ფიქრობდა გოგონა, სტუმრის წინაშე ბოდიშის მოხდის გარდა, რაღა უნდა ეღონაო. კითხვა კითხვას მოსდევდა, ეჭვიანი, აყალყული.

გოგონა ხომ აქ, ამ მოჩვენებით მშვიდ სინამდვილეში მძევალივით იყო დატოვებული, საკუთარი არჩევანით გაბედნიერებული, ალექსანდრეს ქალიშვილის მოზეიმე გამარჯვების სანაცვლოდ. უკვე ართობდა კიდეც თავისი ხვედრი, რადგან გულისგულში სწამდა, რომ სიყვარული უნდა იმარჯვებდეს ყოველგვარ ცთუნებაზე. ხოლო, როცა ასეთ საქმეში ერევი, სიძნელეებისთვის მზადყოფნაც უნდა შეგეძლოს.

წუთითაც არ სცილდებოდა ალექსანდრეს ქალიშვილის სხივჩამდგარი, სარკესავით მბზინავი ცისფერი თვალები, როცა გაუმხილა – იმას მივყვები, ვინც მიყვარს, მამაჩემმა რაც უნდა ქნას, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. მისი შერჩეული საქმრო არ მინდა, ნუთუ ძნელი გასაგებიაო?

გოგონა თითქმის ამაყობდა, რომ მნიშვნელოვანი საიდუმლო ანდეს. ისიც იცოდა, ამ ორი დაბოღმილი კაცის გამოუთქმელ მიუსაფრობას რაღაცნაირად ეხიდებოდა თავისი არსებობით. როგორღაც საჭირო გამხდარიყო მათვის, სიამოვნებდათ მისი გამოჩენა. ერთხელ ისიც იფიქრა, ერთმანეთთან სალაპარაკო არა დარჩენიათ და ორთავეს ხელს აძლევს უხერხული დუმილი მე გადმომაბრალონო. მერედა რა, ბოლოს და ბოლოს, ამაზეც ყაბულს იყო, ამ პატარა მსხვერპლზეც, რადგან ორი შეყვარებული გულის შეერთების შემდეგ, უმნიშვნელო წვრილმანად მიაჩნდა ყოველივე.

გოგონა იჯდა ახლა მოთმინებამოკრებილი, შესცქეროდა შანდლებიან შავ პიანინოზე სიმაღლისდამიხედვით გამწკრივებულ თეთრი მარმარილოს პაწია სპილოებს, კარგა ხნის გადასული რომ იყო მოდიდან და ძველი დროის პრიმიტიულ გულუბრყვილობად აღიქმებოდა. ელოდა ლამის მასპინძლად ქცეულ სტუმარს, რომლის წინაშეც სრულებით არ გრძნობდა სინდისის ქენჯნას. დარწმუნებული იყო, სწორად მოიქცა, მძიმე, საპატარძლოს ტანსაცმლით გატენილი ჩემოდანი ნაცრისფერ ჟიგულამდე რომ მიათრია.

ფეხის ხმა გაისმა, მერე წაღიღინებაც. სტუმარი ღიღინებდა. კაცი, რომელმაც საცოლე დაკარგა, ღიღინებდა. გოგონა დაიძაბა. კაციც მალევე გამოჩნდა იმ კარიდან, რომელზეც თეატრალურად ეკიდა მოჩითული ფარდა. იგი მშვენიერ გუნებაზე ჩანდა, ახალგაპარსული კიდევ უფრო სასიამოვნოდ გამოიყურებოდა. ბოდიში მოიხადა, – მომიტევე, რომ გალოდინე, – ისე მიმართავდა, როგორც თავის ტოლს. – დღეს მარტო დავრჩი სახლში. ცოტა არ იყოს, მოვიწყინე, აქ ისეთი სიჩუმეა, საკუთარი სუნთქვა გესმის, ასეთ იდილიას ჩვეული არა ვარ. შენ კი გამახარე, გულწრფელად გეუბნები, გამახარე, რომ მოხვედი. საერთოდაც, ძალიან მსიამოვნებს, პატივს რომ დაგვდებ ხოლმე ორ ბებერ ძიას და მოგვინახულებ. ყოველთვის მიყვარდა ახალი მეგობრების შეძენა. უკვე ჩემს ნამდვილ მეგობრად გთვლი. მეგობრობამ ასაკი არ იცის, იგი მეტად კეთილშობილური გრძნობაა. სიკეთე კი, ცნობილია, ჩარჩოებს ვერ გუობს. და კიდევ ბევრ ამის მსგავს რაღაცებს ამბობდა. გოგონას პირდაპირ იჯდა ოვალურ, მუქი ხის მაგიდასთან და ლამაზ აზრებს სხაპასხუპით აბამდა ერთიმეორეს. თბილი, სასიამოვნო ხმა ჰქონდა.

გოგონას მაინც ეჩვენებოდა, რომ კაცს სულ სხვა რამეზე სურდა საუბარი, იმაზე, რის გამოც ჩამოსულიყო დედაქალაქიდან ამ მიყრუებულ პროვინციაში, მაგრამ სულ სხვა რამეებს ამბობდა. ალბათ, ასეა საჭირო, ფიქრობდა და გაუწაფავი სმენით ოდნავ ზერელედ უსმენდა. არადა, არ ასვენებდა ალექსანდრეს ქალიშვილის არჩევანი. ნეტავ მართლა ხომ არ შეცდა, ამ კაცის ცოლობა რომ არ ინდომა, ცუდი ადამიანი არ ჩანს, ვაითუ იჩქარა და სანანებლად გაიხადა საქმეო.

ისევ პიანინოზე გამწკრივებულ პაწაწკინტელა თეთრ სპილოებს გახედა, რათა საკუთარი ფიქრისგან გათავისუფლებულიყო.

კაცსაც არ გამოჰპარვია მისი ყურადღების სხვა მიმართულებით მოძრაობა. წამოდგა და სიყვითლეშეპარული, თითქმის გალეული ნეილონის ფარდაჩამოფარებული ფანჯრიდან გახედა ეზოს. როცა ისევ მობრუნდა, გოგონა კვლავ თეთრ სპილოებს უცქერდა, ანუ აგრძელებდა ფიქრს სიტუაციასა და შეწყვეტილი საუბრის არაადეკვატურობაზე.

კაცი უცებ ბზრიალა სკამზე დაჯდა, პიანინოს ხუფი ახადა, რამდენიმე აკორდი აიღო ზედიზედ, თითქოს ინსტრუმენტის ჟღერადობას სინჯავსო. მერე რაღაც უცნობი მელოდია წაიღიღინა. გოგონას გახედა, მას კი ეს შემოხედვა იდუმალ თამაშად ეჩვენა. ალბათ, რამდენი რამ იცისო, გაიფიქრა გულუბრყვილოდ. ამას ის მოჰყვა, რომ კაცმა, ასევე თამაშივით, ჩაჰკითხა: უკრავ? მითხარი, უკრავ, ხომ? და მანაც არ იუარა, თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია.

– აბა, გთხოვ, უმორჩილესად გთხოვ, მობრძანდი.

ბზრიალა სკამი აამაღლა, რომ გოგონა დაესვა. თავისთვის სხვა სკამი მოიტანა, ახლო მიდგა ინსტრუმენტთან.

უყოყმანოდ მიიღო მიპატიჟება, არ დაუმორცხვია. მერე უკრავდა გოგონა, ხმაშეწყობილად მღეროდნენ ერთად ოდნავ მოძველებულ სიმღერებს. არავითარი უხერხულობა, არავითარი ფიქრები. მუსიკა ყველაფერს ამართლებდა. შემტკბარ ხმებს ისეთი ხიბლი შეეძინა, საჭირო არ იყო სხვა ენა, არანაირი ფიქრებით თამაში. პატარა ჯაშუშის სუფთა და შეურყვნელი სულისკვეთება წარმოსახვათა შესაძლებლობებს ადვილად აცლიდა ხელოვნურობის ნიღაბს. ბუნებრიობის სიცხადე თანდათან ხელშესახები ხდებოდა, მასში ახლობლობის, ადამიანური თანალმობის გაურკვეველი აბლაბუდა იქსოვებოდა. იბადებოდა რაღაც ლამაზი და იმავდროულად შემაწუხებელიც თავისი უჩვეულობით.

სულ ახლოს, თითქმის გოგონას ყურთან, ტკბილ ბარიტონთან ერთად, კაცის სუნამოს მათრობელა სურნელი იფრქვეოდა. ეს ახალი განცდა, მანამდე უცნობი აღმაფრენის სახემიღებული, გრძნობათა მოლივლივე ალმურად ედებოდა სუსტ, ბავშვობადაუსრულებელ სხეულს. ოღონდ, ეგ იყო, სიმღერად ქცეული უცხო სიხარული უმიზეზოდ მორცხვობდა უკვე, რადგან ამ ხმათა თანხმიერებაში ისეთი სახელმოუძებნელი რამ იბადებოდა, გოგონას დაუყოვნებლივ რომ უნდა აელაგმა. მისმა ქალურმა საწყისმა – ჩამოუყალიბებელმა, ნახევრად ველურმა ინსტინქტმა –ზომიერებით გამშვენიერებულის გადარჩენაზე იზრუნა.

ერთბაშად შეწყვიტა დაკვრა. პიანინოს ხუფი დახურა. ზედვე დაალაგა ბავშვური, ფუნთულა ხელები. თან წამოდგა და კაცისთვის მოულოდნელად თქვა:

– უნდა წავიდე!

გაოცდა კაცი, ცოტა დაიბნა კიდეც. რატომ, რატომო, ეკითხებოდა.

– უნდა წავიდე... – კვლავ გაიმეორა უფრო მტკიცედ. ცერა თითებით შეისწორა სარაფნის ბრეტელები, შეტრიალდა, კარისკენ გაჩქარდა.

კაცი ეზოს ბოლომდე გაჰყვა. ფეხდაფეხ მისდევდა, არ იცოდა, როგორ დამშვიდობებოდა. მიაძახა – ხვალ მოხვალ? – გულში ისიც გაიფიქრა სინანულით, ხომ არაფერი ვაწყენინეო?..

გოგონა შედგა, ოდნავ მოაბრუნა თავი, თაფლისფერი თვალები შეანათა.

– მოხვალ ხვალ? – ისევ გაუმეორა.

არ გაუცია პასუხი, არც ხო უთქვამს, არც არა. მიბრუნდა და გაიქცა.

კაცი კი იდგა უძრავად. არაფერზე ფიქრობდა, იდგა და როგორღაც უხერხულად იღიმებოდა.

 

  2001 წ.

  ჭიათურა

 

 

 

 

  ტეტიების სიყვარული

 

 

  ადამიანები სიყვარულითა და პატივისცემით

  მანამდე არიან ერთურთისადმი განწყობილნი,

  ვიდრე ვრთმანეთის განჩინება არ ძალუძთ.

  ტრფობა და გზნება უკმარი შეცნობის ნაყოფია

  მხოლოდ.

 

  თომას მანი

  (სიკვდილი ვენეციაში)

 

ქალის სევდას ჰგავს მთიან სოფელში ნისლი, აბოლდება და აღარ იზამს საშველს, უჟმურად აეგლისება დამოკლებულ თვალსაწიერს, მოგშხამავს, ხიბლსა და თვლემას შეგისევს.

მთელი კვირა თვალში ვეღარ გამოიხედა სოფელმა, ისევ და ისევ ცურავდა გაუმჭვირვალ, კვამლისფერ ნისლში და უამინდობისგან გაბეზრებული, თავის თავს აღარ ჰგავდა. გეოლოგებს სულაც არ აკვირვებდათ ამინდის ჭირვეულობა, ასეთები ენახათ?! მათებური ურჩობით იკვლევდნენ მარგანეცის საბადოს, ბრეზენტის ტოლსტოურებში ნიკაპამდე ჩამძვრალნი, ერთგულად ეკიდებოდნენ საქმეს.

 მათი გამოჩენა და, ხმა დაირხა, სოფელზე შესაძლოა მაღარომ გაიაროსო. ამ მხარისათვის უცხო როდი იყო ასეთი რამ. მოვიდოდნენ გეოლოგები, დაივლიდნენ ტყე-ღრეს, მოჰყვებოდნენ ზომვას, თხრას. საკმარისი იყო დასცდენოდათ, მიწაში შავ ოქროს  სძინავსო, მოსახლეობას აყრა არ ასცდებოდა. იმ შავ ოქროს  შეეწირებოდა თაობათა ნაჯახირები, ნარუდუნები სახლ-კარი, ბაღ-ბოსტნები, შვილივით ნაფერები ზვრები, ხეხილი თუ ტყე-ყანები.

იყო ერთი ოხვრა, ჩუმი ჩოჩქოლი. რას ამბობენო, კითხულობდნენ, რას გვიპირებენ ეგ ჩვენი ცოდვით სავსენიო. მეტადრე მოხუცები სწუხდნენ, და იმასღა ნატრობდნენ, გავასწროთ მაინც, სიცოცხლეში არ ვნახოთ ჩვენი კერიის ნგრევა, თორემ ორჯერ სიკვდილი გვიწევსო.

ჰოდა, აი ასე, შიშიან მოლოდინს გაელურსა თვალთაგან გამქრალი ყოველი სახილველი, აქ ყველაფერი ადამიანის ბედზე ჩაფიქრებულიყო.

ადამიანები კი დაბორიალებდნენ, ჩაყრუებულ, შედედებულ სივრცეებისგან გამიჯნულნი, ურთიერთკავშირდაკარგულნი, მხოლოდ ხმამაღალი გადაძახილით ეძებდნენ და აგნებდნენ ერთიმეორეს, თოკებივით ჰქონდათ გამობმული ეს ხმები ეზოებში, შარაგზაზე, მინდვრად.

ქალაქიდან მომავალი ავტობუსი კვლავინდებურად დარახრახებდა, ორ საათში ერთხელ ქშენით ამოავსებდა შარაგზის რძისფერ სიბლანტეს, მიჰყავდა და მოჰყავდა ამინდის აინუნში არჩამგდები მგზავრები. ცოტა-ცოტა მინდვრის სამუშაოებიც კეთდებოდა, სოფლის ნახირიც თავისი გზით უტევდა მთისკენ, რადგან ახლომახლო საძოვრები კოლმეურნეობის ფერმის განკარგულებაში იყო, იქ კერძო პირუტყვი ვერ გაიჭაჭანებდა. ეს კია, ყველაფერი დალბა, დანესტიანდა, ლამის კედლებმაც ობი მოიკიდა.

გეოლოგებმა შრომაც თავის დროზე იცოდნენ და დასვენებაც. ბუნიობა ძალაში იყო შესული, მეტადრე ახლა იგრძნობოდა, როცა გამუდმებული ნისლის გამო დროის შეგრძნება გაქრა, მაგრამ მოკლე დღეებშიც უმკლავდებოდნენ საქმეს. საღამოს ძველისძველი ქვითკირის სახლის პარმაღზე გროვდებოდნენ, ცხრავეს თავისი ადგილი ჰქონდა. ისხდნენ, საუბრობდნენ, ყვებოდნენ ამ მთისას, იმ მთისას, ხალისიან ხმაურსა და შიგადაშიგ ბილწსიტყვაობას უმატებდნენ საძოვრებიდან მობრუნებული ნახირის შლიგინა ხმებს ადევნებულ მწყემსი ქალების ქოთქოთს, გზადმიმავალნი ჩაყრუებულ სათიბებს სიცოცხლის ნერვს რომ უღვიძებდნენ. ბარე ათიოდ ნახირი დაუდიოდა სოფელს. კაიხანს ოდედოო-ს ძახილი და წყევლა-კრულვა თავქვე მიჰყვებოდა მუცელმოღორებულ პირუტყვს, ძლივსღა რომ ზიდავდა გამობესკნილ ფერდებს და მაინც გზისპირა სიმინდებისკენ იწევდა. ანჩხლობდნენ ბურუსის საფარველში გახვეული მწყემსი ქალები. ვეღარავინ ხედავდა მათ მკლავზე წამოცმულ სოკოთი თუ ნაგვიანევი, გამომშრალი მაყვლით სავსე კალათებს, აღარავინ ატანდა შურიან მზერას. მწყემსთა ნაწილს ძაღლივით გამობმული წნელის კონები მისთრევდა, ზოგი ხელცარიელი მიაბიჯებდა არხეინად. კაპასობდნენ, ქოქოლას აყრიდნენ ურჩ პირუტყვს, და კაცი ვერ გაიგებდა, მართლა ამ უწყინარ არსებებს უჯავრდებოდნენ, თუ თავიანთი ხვედრით განაწყენებულნი, საწუთროს სამდურავს ანთხევდნენ შხამად და ბალღამად. თუმც მალევე ჯანსაღი, გულიანი სიცილიც გაეფშვნებოდა გაბოლილ სივრცეს, შეემქრეოდა ნისლოვან, ჯიუტ მდუმარებას.

 შეუძლებელია გესმინა ადამიანის ლაღი ბუნების ეს ხუნდებაყრილი ზეიმი, რომ დროებით მაინც არ გერწმუნა ამაოების ამაოება, ისიც, ბედნიერება ძალზე ზუსტი ცნება რომაა და არა მხოლოდ უმნიშვნელო პირობითობა, როგორც ზოგჯერ ფიქრობენ ხოლმე. ყველაზე მთავარი, რასაც მათ ხმაურიან ყოფაში შეიცნობდი, უთუოდ მიანიშნებდა, რომ ეს ხალხი იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო, და აკეთებდა იმას, რაც უნდა ეკეთებინა.

ყველაფერი თითქოს წარსულს ჩაბარებოდა... მაგრამ მომავლის შეუცნობლობას ისევ უსიამო წარსული შხამავდა, მტრული, დაუნდობელი, მკვიდრად და მოურიდებლად ჩამდგარი მოგონებასა და ნამდვილ აწმყოს შორის. ქალი უკვე მოცილებოდა იმ ავადგასახსენებელ, დაწყევლილ ყოფას, ყველას, ვისაც აქამდე ახლობლად თვლიდა, ვისგანაც არ მოელოდა გაწირვას, მაგრამ ამაოდ ცდილობდა მათ დავიწყებას, საშინელი წყენის გულიდან ამორეცხვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ ისევ ნახევრად უცნობი ადამიანები კეთილად ეპყრობიან, მაინც ეჭვი ღრღნიდა, როგორც გინდა მანუგეშონ, როგორც გინდა მითანაგრძნონ, მაინც უღირსი ვარ, დამცირებული და თავისიანებისგან მოკვეთილიო. არავითარ პატივისცემას, წესით, არ უნდა ვიმსახურებდე, მერე რა, რომ ბრალი არაფერში მიმიძღვის, ამათ ხომ ეს არ იციან, მეც ვერასდროს ავუხსნი, არც ითხოვენო. და ის, რომ არ ითხოვდნენ ახსნას, მართალი, მაგრამ ბედისგან ნამუხთლევი ქალის თვალთახედვით, უფრო გასაკვირად ჩანდა ვიდრე დიდსულოვნებად. თუმც, თავს ზემოთ ძალა არ ჰქონდა. დაღლილობას გრძნობდა, რაც დრო გადიოდა, მით ცხადი ხდებოდა, არ უნდა ეფიქრა ასე დაჟინებით. რად სურდა, ამ კეთილ ხალხს, ბჭობის საგნად ექციათ ის, რაშიც ეჭვი არ შეჰქონდათ, რაც მათთვის ისედაც ცხადი იყო.

დედა კი ყოველღამ ეცხადებოდა. შემკრთალი ხმით ეძახდა მძინარეს, ორჯერ, მხოლოდ ორჯერ მეორდებოდა დაძახილი – ნუგეში და ლოცვა: ზიზილო! როგორც იცოდა ხოლმე, მეორე ი-ს უცნაურად აგრძელებდა. ახლა დედის ძახილი კვნესას ჰგავდა, მხოლოდ შვილის გასაგონ კვნესას.

ხანგრძლივი უამინდობა როდის იყო ცხოვრების წესსა და ნირს ცვლიდა. მარილი რომ წყლად იქცა, ფქვილი დანოტივდა და თონეში ჩანთებულ სველ, ახრჩოლებულ შეშას წკაპაწკუპი გაუდიოდა, განა ეს დიდ რამეს ნიშნავდა? ანდა წყაროსთან მამაპაპურ ლოდზე ჩამოსკუპებულ დედაკაცებს თვალებით საუბრის საშუალება რომ მოესპოთ, განა ჩურჩულსა და ქირქილს ვერ მოახერხებდნენ? არავისთვის აღარ იყო დამალული იმ წერილის ამბავი, ქვემოური კაცის ხელით რომ აფრინეს ზიზილოს ცოლშვილიან ძმასთან, მობრძანდით, თქვენი სისხლი და ხორცი წაიყვანეთო. შავით თეთრზე რომ იტყობინებოდა მამამთილი, რძლის დანაშაულზე სიტყვაც არ გაეხარჯა, ესაოდა, დანაშაული იმდენად მძიმე და თავლაფდამსხმელი გახლდათ, ქაღალდიც ვერ აიტანდა, ადგილზე მისვლამდე თავისით დაიწვებოდა.

შარა-შარა გაეკრა ტყუილ-მართალი. რაკი მითქმა-მოთქმით გული იჯერა სოფელმა, სეირისა, თუ რაღაც უჩვეულო სიახლის ავისმომასწავებელი დუმილიანი მოლოდინით გაყუჩდა. ეს მოლოდინიც ნისლივით ჩაადგა ჟიჟმატ თქორში ამომხრჩვალ დღეებს. წერილზე არავითარი პასუხი არ ჩანდა. მოვიდოდნენ, მოაკითხავდნენ თავისიანს, განა მოიძულებდნენ. მერე რა იქნებოდა? აი, რა აინტერესებდა ყველას. მაგრამ ეს როდი აღმოჩნდა მთავარი, აკი ნამდვილი სასწაული ამის შემდეგ მოხდა. ზიზილომ დატოვა ქმრის სახლი, ადგა ერთ მშვენიერ დღეს და წავიდა, ოღონდ შორს კი არა, იქვე, შიგ სოფელში დაბინავებულ გეოლოგებს შეეკედლა.

– ვაიმე, სირცხვილო და თავის მოჭრა! სოფლისთვისაც რა სასახელო საქმეა ასე ქვეყანაში კაციშვილის გამოჭენება! – ისმოდა ყოველ ნაბიჯზე დედაბერთა შეცხადებები. ბერიკაცები ჩიბუხებს იკაკუნებდნენ მუხლისთავებზე, ოხრავდნენ და დაღლილ, მთლად გაცვეთილ მზერაში ეკარგებოდათ საფიქრალი. ყმაწვილები ქუდზე გაწვეული მეომრებივით იყვნენ გაკრეფილნი. ვინ ქალაქში, ნაქირავებ ოთახებში თავშეფარებული, ასფალტის მტვრით იჯერებდა ფილტვებს, ვინ კიდევ რაჭაში გადასულიყო ფულის საშოვნელად. ყმაწვილი ქალებიღა იღიმოდნენ ეშმაკურად, აბა, რა გეგონათო, თუ ფერებას დაგვაკლებთ, გვაცადეთ, ჩვენ ვიცით მერეო. ვიღას ახსოვდა მაღარო და სოფლის აყრის საშიშროება. დედაკაცი ქმრის ოჯახიდან წავიდა, ცხრა, ბუღასავით მამაკაცის ჭერქვეშ დაიდო ბინა, ცხრა მგლის გვერდით მოიკალათა ერთმა უგუნურმა ცხვარმა! ღმერთო, შენ დაგვიფარეო!

პარმაღიანი, ადამჟამინდელი ქვითკირის სახლის ირგვლივ ტრიალებდა ნისლში ჩაძირული სოფლის გულისყური, როგორც დედამიწა თავისი ღერძის გარშემო.

ახლა პარმაღზე საღამოობით ბილწსიტყვაობა და უწესო როხროხი კი აღარ ისმოდა, არამედ ხმადაბალი, დინჯი საუბრები, მოზომილი ხუმრობა, მოკრძალებული გაძახილი და, რაც ყველაზე მეტად გასაოცარი, სოფლელთათვის გულზე ეკალდასასობი იყო, გიტარის მინორული კვნესა. გიტარას ფურგონის მძღოლი უკრავდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ახალდაბრუნებული ჭაბუკი. ისმოდა მელოდიას აყოლილი სტვენაც და, ზოგჯერ, მოგუდული ღიღინიც.

ჭორი კი არ შეუთხზავთ, მართლა სახლობდა ზიზილო ცხრა მამაკაცს შორის, ცხრა მფარველის გვერდით და თავი ზღაპარში ეგონა.

სათიბებიდან გულშეღონებული რომ მოიყვანეს, მოასულიერეს, თაფლიანი წყალი ასვეს, დაუყვავეს, თან ორიოდ სიტყვით, ისე, რომ არ შეეწუხებინათ, მინიშნებით ათქმევინეს თავისი გასაჭირი, მყისიერად მიხვდა, რა ხალხთან ჰქონდა საქმე. უცებ მოიშინაურეს, შევიწროვდნენ, პატარა ოთახი დაუთმეს, ოთახის გასაღებიც მისცეს, როცა მოგესურვება, ჩაიკეტე, შენს გემოზე იცხოვრეო. ოღონდ საჭმელი მოგვიმზადე ხოლმე, წყალსაც ჩვენ მოგიზიდავთ, დაგვდე პატივი, სამზარეულოს საქმისგან გაგვათავისუფლეო. ებოდიშებოდნენ, სამადლობელ სიტყვებს ეუბნებოდნენ, მხსნელად და ანგელოზად მოგვევლინე, სამზარეულოში მორიგეობას გადაგვარჩინეო, ქვაბების რახუნს და თეფშების რეცხვასო. ისიც სიამოვნებით ტრიალებდა, უმზადებდა კერძებს ცხრა ერთბაშად შეძენილ მეგობარს, რომლებიც ხშირად მისთვის გაუგებარ თემებზე საუბრობდნენ და არაფრით ჰგავდნენ მისი სოფლის კაცებს, არც ამინდს უკურთხებდნენ, არც მოსავალზე ბჭობდნენ, არც არყის გამოხდას აშურებდნენ ძველ მთვარეს, არც ინკასატორ ანეპოზე ჩიოდნენ, მრიცხველში შეუტანელი ჩასართავის გამო ჯარიმა გადაგვახდევინა, ქვითარი არ გამოგვიწერა, ჩვენი ფული საკუთარ ჯიბეში ითუთქაო; არც ნადირობის ამბებს ამბობდნენ და არც დედაკაცების სამდურავს.

ზიზილო თავის ოთახში რომ ჩაიკეტებოდა, მაშინღა ფიქრობდა, რომ ეს მშვიდი და უზრუნველი ყოფა დროებითი იყო, რომ ბუნებას რაღაც შეეშალა, ამიტომ მოხვდა სიზმარეულ სამყაროში. უკვე ერთი კვირა აშორებდა თავის ნამდვილ ცხოვრებასთან, სიმივით ნეტარ ღიღინად გაბმული ერთი კვირა. დრო მისთვის იქცა შიშად, რადგან მომავალი იყო ბუნდოვანი და უცხო.

არაფრის შეცვლას არ ცდილობდა, თავისით ხომ არ მოსულა, ბედმა თუ უბედობამ მისდა დაუკითხავად წარმართა ყველაფერი და ისიც დამორჩილდა. ოღონდ, წუხილიანი კითხვა შეუძრავდა გულს ჟამიჟამზე, ნუთუ არ მეძებს ჩემი ქმარი, ნუთუ მართლა მთლად გამიმეტაო? ისევ ძველებურად მოიწყენდა, მოეშვებოდა, როგორც ადრე, სულ პირველად, რაკიღა მიხვდა, ქმრის ოჯახი შეთქმულებას მიწყობსო. აივანზე ფარდაგწაფარებულ ტახტზე დაჯდა მაშინ, მოკრიალებულ ცას გაუშტერა თვალი, გულგვამიდან ავად ამოებჯინა ნაღველი, მთელ სხეულში ნერვული ჟრჟოლისმომგვრელი. კესანეები გაახსენდა, ბოსტნის ღობის იქით ბალახბულახში ამოცქრიალებული. გულხელი დაიკრიბა ცას მიშტერებულმა და თავისი გაჩენის დღე კი არ დასწყევლა, ღმერთსა და გამჩენს შესთხოვა, მინდვრის ყვავილად მაქციე, თუ მართლა რამ ძალა გაგაჩნია, შემისრულე ეს სურვილი, რომ ჩემმა ქმარმა მეძებოს, მერე მიპოვოს, მაგრამ ვერკი მიცნოსო. იჯდა უძრავად, თითქოს უძრაობაში ეპოვა საშველი. აღარც მამამთილის გამაბეზრებელ ბუზღუნზე იხეთქავდა გულს, აღარც უფროსი მაზლის ცოლის მრავალმნიშვნელოვან ნართაულებს დაგიდევდათ, აღარც ინდაურების ჩასახეთქი ჭინჭრის კრეფით იშუშხავდა ხელებს, აღარც წყაროდან თრაქავდა ფუთიან კოკებს. იჯდა, მიშტერებოდა მოკრიალებულ ცას და განა ფიქრობდა, უსაშველო, არყოფნის მსგავს მოსვენებას მისცემოდა. დაახლოებით ასე ემართებოდა ხოლმე საღამო ხანის მოტანებისას, საქმეს რომ მოილევდა, კაბას გამოიცვლიდა, სველი სავარცხლით გადაისწორებდა თმას და ვეება კაკლის ძირას მდგარს, ავტობუსის მოლოდინში, თვალი გზისკენ ეჭირა. ქმარი ქალაქად მუშაობდა მარგანეცის გამამდიდრებელი ქარხნის მუშად.

– ძალიან გიყვარს? – ჰკითხა ერთხელ მეზობლის ქალმა, – რა შეხვედრებს უწყობ!

– ქმარია, აბა არ მეყვარება?

ვერ გაეგო, რა სურდათ. ლამის ხელით შეხებოდნენ მისეულს, გულში განგებისად გადანახულს, რაზეც იგი არ ლაპარაკობდა. განა ჰქონდათ მის სულში ფათურის უფლება? მაგრამ მაინც ახერხებდნენ. წყაროსთან განაპირებით მჯდომს მდუმარებასაც კი არ პატიობდნენ, რადგან ქიშპიანი შურითა თუ მათთვის დაფარულისა და ამოუხსნელის შეცნობის სურვილით შეპყრობილთ, ვერასგზით გაეგოთ, ხევ-ხევ ჩაკიდებულ შქერიანში აცეტებული პეპლების ცქერისას სხვაგვარი სხივი რად ჩაუდგებოდა თვალებში; ანდა ქარიანში რად დარდობდა, შფოთავენ ხეებიო. განა შეიძლებოდა ამის გაგება? ქარი ხომ ქარია... ხეების შფოთვაზეც ვინ ლაპარაკობს... ან შინდის საკრეფად წასული, მის მეტი ვინ იჯდა ხოლმე ლამის მიწამდე დადრეკილ ჟვერებს შეყუჟული და ეწაფებოდა ტყის სურნელებას; მის გარდა, სხვას, ვინ გიჟს მოუვიდოდა აზრად, ცალუღელა ხარის თვალში ჩამდგარი სისველე ნამდვილი, ადამიანებისთვის ესოდენ ნაცნობი და ახლობელი ცრემლი თუ იყო, მარტოობის ნამდვილი გლოვა.

ირგვლივ მყოფთ ყველას ეუცხოებოდა მისი დაფარული თუ გამჟღავნებული აზრები, ბევრი რამ, მათთვის გაუგებარი და, ამდენად, მიუღებელი, ყველას და, განსაკუთრებით, მისივ ოჯახის წევრებს. ამიტომ მოსახდენი მოხდა.

აქ სხვა სამყარო იყო, ქალაქელ კაცთა, მიწისქვეშა სიმდიდრის მაძიებელთა სამყარო. და აქაც გულს აწყალებდა ნისლი, რადგან ზიზილოს ქალური გულუბრყვილობა სძლევდა, მას ლამის დაეჯერებინა, უამინდობის ბრალია, ჩემმა ქმარმა აქამდე რომ ვერ მომნახაო.

საღამო სველი და სუსხიანი იყო, პარმაღზე გაჩერება აღარ შეიძლებოდა. დიდ ოთახში ბუხარი გააჩაღეს, რიგრიგობით უსხდნენ ცეცხლს, ველზე მთელი დღის დანესტიანებულ ტანსაცმელს აშრობდნენ, თან პაპიროსს აბოლებდნენ და თავ-თავიანთთვის ფიქრობდნენ, როცა ბიძინამ, სიტყვაძუნწმა, ლამის უცოლშვილოდ გადაგებულმა გეოლოგმა, მთელი სიცოცხლე არშიყობასა და დროსტარებაში რომ გაეტარებინა და ახლაც, თუ სიტყვა მოიტანდა, ქალის კალთას გამოკიდებული კაცის რა ვთქვი მეო, მაინც ამას ამბობდა, თან იფურთხებოდა, ქალაქიდან ამოტანილი ხორაგი – აგურის  პური, თევზის კონსერვის ქილები, მანგოს წვენი, მოსკოვური ძეხვი, ინდის ხურმა და უამრავი სიგარეტი (რაც მთელი დღის ნალოდინევი ამხანაგების მზერას ლამის უცეცხლოდ აენთო) – ზედ შუა მაგიდაზე დაახვავა. სანამ სიგარეტების დანაწილება მომთავრდებოდა, ბიძინა იდგა გაუნძრევლად, ბანდეროლივით შეფუთული რაღაც ჰქონდა იღლიაში გამოჩრილი, ვერ მოეხერხებინა, სად დაედო. ჯერ არავინ იცოდა, რომ მან ქალაქიდან მოტანილ ხორაგს ზიზილოსთვის საგანგებოდ ნაყიდი საჩუქრებიც მოაყოლა. განა რამ განსაკუთრებული, მაგრამ მამაკაცური მკაცრი გემოვნებით შერჩეული: თმაში ჩასაბნევი შოკოლადისფერი სავარცხელი, იაფფასიანი სუნამო – თეთრი აკაცია. მუშამბის მოჩითული წინსაფარი, მიწისთხილი და ახალთახალი ნუგა, აგრეთვე ფერადბურთულიანი ქინძისთავები.

ქალი რომელიღაც გეოლოგის ტოლსტოურის სახელოზე ამწყდარ ღილს აკერებდა ისევ, ბიძინამ გახვეული კალთაში რომ ჩაუდო ყველას თანდასწრებით. იგი ამხანაგების სახეებზე მოზეიმე ინტერესმაც ვერ აიძულა, ჩვეული მდუმარებისთვის ეღალატა, რაიმე, თუნდაც ორიოდ სიტყვა ეთქვა. ხოლო ქალი, როცა სათითაოდ შლიდა ათასნაირად შეფუთულ ნივთებს, კუთხეში სკივრზე მიმჯდარმა ბიძინამ თავი ჩაჰკიდა. ვერავინ მიხვდებოდა, ქალისადმი ასეთი ყურადღების გამო დაიმორცხვა (რადგან, როცა ქალის ნელამოძრავი ხელები საჩუქარს საჩინოს გახდიდა, ყველა ერთმანეთს გადახედავდა, ესაოდა, ვერ უყურებ ამ მუნჯს, როგორ მოიფიქრა, ბარაქალა მის კაცობას, ყველას გვაჯობაო), თუ სხვა რამ საფიქრალი მოსძალებოდა. მერე და მერე მორიდებით შეაპარებდა მზერას ჯერ ქალს, შემდეგ ამხანაგებს, სახეზე ერთი და იგივე სურვილი რომ აღბეჭვდოდათ – ნეტავი მოეწონოს, გაუხარდეს და ამით ჩვენც გაგვახაროსო. ქალმა კი გულზე აიგროვა ყველაფერი და ასე უსიტყვოდ გამოხატა მადლიერება, სიხარულიანი მღელვარების ცრემლი რომ შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

უხერხული, მრავლისმეტყველი სიჩუმე ჩამოვარდა, ფურგონის მძღოლიც კი აღარ უსტვენდა, მუდამ მხიარული ჭაბუკი. აფუტდა თამბაქო. ფიქრით აივსო ნესტიანი ტოლსტოურებიდან ასული ორთქლითა და მამაკაცთა სუნთქვით ისედაც დამძიმებული ოთახი. იმ კარისკენ ეჭირათ თვალი, საიდანაც ქალი გავიდა. თითქოს ბიძინაზე იყო სიტყვა, თითქოს მას ყველაზე მეტი უფლება ჰქონდა ფიქრიანი სიჩუმის დარღვევის. მოულოდნელად, ხნიერმა გეოლოგმა თქვა: ყველა ყველა, მაგრამ აქ სამიდღემჩიოდ ხომ არ მოვსულვართ, ჩვენს მოვალეობად მიმაჩნია, ვიზრუნოთ ამ ქალზე.

ყურადღებით მოუსმინეს, არავის შეუცხადებია ნათქვამი. განა სხვებსაც იგივე არ აფიქრებდათ? პირველი ვერავინ ბედავდა ამაზე სიტყვის ჩამოგდებას. ისევ ხნიერის გამბედაობამ იმარჯვა:

– თუ არაფერს ვიღონებთ, გამოსავალი როგორ მოიძებნება. თქვენც ხედავთ, კარგი ადამიანია, პატრონი არა ჰყავს, ქომაგი, ამიტომ ჩვენი სინდისი გვავალებს, ვუპატრონოთ.

– თუკი რამ შეგვიძლია!.. – ეჭვიანად თქვა ჯგუფის უფროსმა.

– მე ჩემი მოგახსენეთ. ძალა და შეძლება კი არც ერთ თქვენგანს არ აკლია... – ცეცხლი შეუნთო ხნიერმა რვა ვაჟკაცის პატივმოყვარეობას.

 არ იყო სახუმარო საქმე და ცოტა ხნით ყველა ჩაფიქრდა. ქალს რომ ამ წუთს მათი სახეები ეხილა, უთუოდ ყველას მხდალად მონათლავდა. არც გაემტყუნებოდათ, რადგან ადამიანი სამოქმედო გზის არჩევამდეა უმწეო. გაურკვევლობა და დაბნეულობა განუყრელია ერთმანეთისგან. დაძაბული მდუმარება ფურგონის მძღოლმა დაარღვია.

– გავიკითხავ ვინაა, დავხვდები, ერთი მამაპაპურად ვანთხევინებ სისხლს.

– არავინ გამოხმაურებია მის ნათქვამს, საქმის მოგვარების ამგვარი ხერხი აშკარად არ უჯდებოდათ ჭკუაში. რა ვუყოთ, რომ ქალი აცრემლებული არ უნახავთ. მერე რა, რომ ხმამაღლა არ ჩიოდა სადარდელს. თავშეკავება მამაკაცთა თვალში მეტ ღირსებას მატებდა მის სევდას, აქაური ნისლივით უსაშველოსა და მძიმეს. ეჭვი არ იყო, უყვარდა მას თავისი ქმარი, უყვარდა, იმისდა მიუხედავად, იგი იმსახურებდა თუ არა სიყვარულს, ამაზე მსჯელობას აზრი არ ჰქონდა. ახლა წინდახედულად უნდა ემოქმედათ, შედეგი მათ მოზომილ ქმედებასა და ტაქტზე იყო დამოკიდებული.

– ქმარს უნდა შევხვდეთ, – თქვა ზერომ, როგორც სჩვეოდა ხოლმე, წინა ორი ოქროს კბილი ოდნავ გამოანათა, – დაველაპარაკოთ კაცურად, ვნახოთ... თუ ურჯულო არაა...

– ურჯულო რომ გამოდგეს? – ენაკვიმატობამ წასძლია უშანგს, მელოტ თავზე ვეება ხელისგული გადაისვა, თვალებით ჩაიღიმა საქციელწამხდარმა, რადგან უადგილო ხუმრობის გამო, მანამ იგრძნო სინდისის ქენჯნა, სანამ შენიშვნას მიიღებდა:

– კარგი რა, კაცო!

– უზიარებლად მოკლავ ადამიანს!

– აბა, შენა ხარ, და!..

– გამახსენე მერე, ანეკდოტს გეტყვი მაგაზე! – აზრები ხოშკაკალასავით წამოვიდა აქეთ-იქიდან.

ცოტა ითათბირეს, გადაწყდა, რადაც უნდა დასჯდომოდათ, ქმარი მოეყვანათ და ქალისთვის შეეხვედრებინათ. გაეგოთ ყველაფერი, რასაც ქალი არ ლაპარაკობდა, შეკითხვას კი ვინ შეჰკადრებდა. ეგებ სიკეთე მოჰყოლოდა მათ ცდას, შეერიგებინათ ცოლ-ქმარი, ოჯახი ეხსნათ დანგრევისგან, მერე მშვიდად დაეტოვებინათ აქაურობა, ეს მომავალში ასაყრელი სოფელი, რათა ზიზილოზე დარდი თითოეულის ცხოვრებას მყეფარ ძაღლივით არ ასდევნებოდა. დაყოვნება ავნებდა საქმეს, ოღონდ ჯერ ქალისგან ელოდნენ ნებართვის მსგავს პასუხს, მის დაუკითხავად ხომ ვერ იმოქმედებდნენ.

კარზე რომ მიუკაკუნეს, ქალმა არ გამოიხედა. გაოცდნენ, ნუთუ ასე ადრე დაიძინა, ევახშმა მაინცო. განმეორებით გაბედეს დაკაკუნება და ქალმაც მაშინვე გააღო კარი, გაუბედავად, ნელ-ნელა. ეტყობოდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ზღურბლთან იდგა ატუზული. ნამტირალევი თვალები დასიებული ქუთუთოებიდან ძლივს მოუჩანდა. აბუზულ ბეღურას ჰგავდა. მისი სხეულის უმწეო პოზამ მამაკაცებს კიდევ მეტად გაუმძაფრა გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის ჟინი, ვერგამოთქმული, მხოლოდღა მზერაში ჩაქცეული, გულწრფელი ნუგეშის უტყუარი და უღალატო დასტური.

– ყველაფერზე თანახმა ვარ, – ქალმა პირველმა თქვა სათქმელი, – თქვენ ხომ ჩემზე მეტი გაგეგებათ...

ცხადი გახდა, ხის ტიხარს საიდუმლოდ არ შეენახა მათი საუბარი. მოისმინა, ძალიან კარგი, თავიდან აღარ დასჭირდებოდათ ახსნა, დასამალი რა ჰქონდათ. მაგრამ რას მოასწავებდა ქალის ცრემლი? მისდამი ზრუნვით გამოწვეულ გულამაჩუყებელ სიხარულს თუ ძალაუნებურად უკვე უარყოფილ, დროებით მოკვეთილ მისეულ ცხოვრებასთან კვლავ მიბრუნების კაეშნიან ყოყმანს? ჯერ არავის შეეძლო ამის გარკვევა.

იქნებ ჯოჯოხეთური თმენის შედეგი იყო ცრემლი, ვერახდენილ ფიქრებთან გამოთხოვების სინანული; უბადრუკი ფერფლი აუხსნელი იმედისა –  მოვა, შეიტყობს თუ არა ჩემი წამოსვლის ამბავს, ნაჯახს წამოავლებს მაშინვე ხელს, გიჟივით მოვარდება, ღრიალით აიკლებს აქაურობას, ქვეყანას შეყრის. თავს არ ვიცოცხლებ, თუ არ დაბრუნდებიო, შენც მოგკლავ, სულ ერთია, ჩემი ხელის წერა შეიქნებიო. ვინ არიან ეს გადამთიელები, რა უფლებით დაგისაკუთრეს, ან შენ როგორ ჩერდები მაგათთანო. ცეცხლის წაკიდებით დაემუქრებოდა მათ სამყოფელს, პატრონები თქვენ ძვლებსაც ვეღარ გაზიდავენ აქედანო, სიბრაზისგან ლამის დასკდომამდე დაბერავდა კისრის ძარღვებს. ცოფიანს დაემსგავსებოდა, ახლავე შინ წამოდი, ცოდვა არ დამატრიალებინო, თავი არ იმართლო, სიტყვის თქმა არ გაბედო, დაღუნე თავი და ძაღლივით გამომყევიო. მაშინ ისიც დაღუნავდა თავს, აედევნებოდა უახლოესს და ერთადერთს, ყველაფერს აპატიებდა.

ფიქრი ფიქრად რჩებოდა, აზრი არ ჰქონდა, არაფრის შეცვლა არ შეეძლო. კვლავ აქ იყო, ამ უცხო, დროებით ბინადადებულ ხალხთან, მისი ბედი რომ ებარათ.

– მე ყველაფერზე თანახმა ვარ, – გაიმეორა ამიტომ და ცხრა მამაკაცს უნებლიეთ კვლავ შეახსენა, თუ რა დიდი პასუხისმგებლობა იკისრეს, რომ შეცდომის უფლება არ ჰქონდათ.

მეწყერივით კი არ მოვარდნილა გიჟადქცეული, კისრის ძარღვებდაბერილი, მუქარითა და ლანძღვით იქაურობის ამკლები, არამედ მოიყვანეს მშვიდი, ენასკბილდაჭერილი, ოდნავ გაოცებული და უკმაყოფილოც, იძულებითი შეხვედრით დაბნეული. შინდისფერ შალის სვიტერში ჩაემალა კისერი. ნისლისთვის ზურგი მიეშვირა, დაგოჯიჯებულ ხელებს არიდებდა უცხოთა მზერას, შარვლის ჯიბეებში მალავდა. ისე ეჭირა თავი, თითქოს ბუზი არ აფრენოდეს, ვერ იტყოდი, ეს თავყრილობა მის საქმეს თუ ეხებოდა. მოკლედ, ნამდვილი ტეტია იჯდა გეოლოგთა სახლის პარმაღზე.

– იცოდი, რომ ზიზილო ჩვენთან იყო? – ჰკითხა ჯგუფის უფროსმა, რაკი მიხვდა, ხვალ ამ დრომდე შეუძლია ასე გალენჩებულმა იცადოს, ეგ სიტყვის დამწყები არააო. დაწყებას ვინღა ჩიოდა, პასუხიც არ აღირსა, ამიტომ გაღიზიანებას ვეღარ მალავდა, ტომის ბელადივით იდგა განზე ფეხებგაბჯენილი, ტოლსტოურა ბოლომდე ჩაეხსნა და გულზე ხელებდაჭდობილი, ჯიქურ იმზირებოდა.

– რა თქმა უნდა, იცოდი, იცოდი და მაინც არ მოაკითხე, ასე არაა?

ტეტიამ თავი დაიქნია. ჯგუფის უფროსმა მდუმარ, მაგრამ ჩახმახივით ყალყზე შემდგარ ამხანაგებს ეჭვიანად გადახედა ნიშნად იმისა, არ გაგიკვირდეთ, ამ უგერგილომ პირში ჩალაგამოვლებულები რომ დაგვტოვოსო. რა დიდი გამჭრიახობა უნდოდა, დღესავით ნათელი იყო, ვისთანაც ჰქონდათ საქმე, რაც ერთგვარად აძნელებდა ნამდვილ კაცურ საუბარს. ჯგუფის უფროსი მაინც მაქსიმალურად ინარჩუნებდა წონასწორობას. თუმცა ერთი სული ჰქონდა, კინწისკვრით გაეძევებინა ეს მუდო, ვისი სახის უაზრო, არაფრისმთქმელი გამომეტყველება ვერანაირი იმედი იყო, რომ საქმე ქალის სასარგებლოდ გადაწყდებოდა. ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა გამოეზომა ყოველი სიტყვა. პირველ და უპირველეს საზრუნავად ქცეულიყო არა მარტო ქალი, არამედ ამხანაგების ლაგამამოდებული მოთმინების შენარჩუნება, ყოველი წუთი სასწორზე რომ აგდებდა. იგრძნო, შემოსარიგებლად მოწვეული ქმრის სიმშვიდე გაურკვეველი ნიღაბი იყო, ქალის ბედზე მწუხართა შეურაცხმყოფელი, არაფრადჩამგდები, და წინასწარ ვერავითარ გარანტიას იძლეოდა. ტეტიას უშფოთველი შემგუებლობა თავიდანვე წამგებიან პოზიციაში აყენებდა სერიოზული საუბრის მოსურნეთ. ისეთ ციხესიმაგრესთან ჰქონდათ საქმე, ეშმაკიც ვერ უპოვნიდა კარს. დუმილის წყვდიადში თავშერგულ ამ ფლეგმატურ არსებას ცოლის დაკარგვა, ეტყობოდა, დიდ დანაკლისად არ მიაჩნდა, მაგრამ ეს როდი იყო მთავარი. ჯგუფის უფროსს ყველაფერი ისე უნდა მოეწყო, რომ ტეტიას შემხედვარეთა სახეებზე გაჩენილი ბოღმიანი სინანული (მღაღადებელი იმისა, ვის გადავეყარეთ, რატომ გავუყადრეთ თავიო) აშკარა მძვინვარებად არ გადაქცეულიყო. განა დებოშს ერიდებოდა, ქალი ღირდა, თუნდაც მთელ სოფელთან ერთ კარგ ჩხუბად, მაგრამ საქმეს რომ არ წაადგებოდა? შეშფოთებული მიუბრუნდა ჯერ ამხანაგებს, – მადროვეთ, თუ მენდეთ, მადროვეთ კიდეც! – მერე კი ტეტიას, – აქ ძალით არავის მოუყვანიხარ, არც სახვეწარი გვაქვს რამე, ორიოდ კითხვა გვინდა მოგცეთ, ოღონდ იცოდე, სიმართლე უნდა გვიპასუხო. თანაც გაიფიქრა, ამ ლაყემ მართლა გაიღიმა თუ მომეჩვენა, იქნებ შინაგანი დაძაბულობის გამო შეეცვალა სახის გამომეტყველება, ასეთებს ხომ ვერ მიუხვდები, იღიმიან თუ სიმწრით იღრიჯებიანო.

სახლი ფარღალალა იყო და პარმაღზე ლაპარაკი კარგად სწვდებოდა შენობის ყოველ კუთხე-კუნჭულს, ქალს მიყურადებაც არ დასჭირდებოდა. ტეტიამ უცებ ცხვირი დააცემინა და წამიერად ისეთი სასაცილო შესახედი გახდა, რომ ვიღაცამ, ხეირიო, მიაძახა ქილიკით. იმანაც შეიფერა, მადლობის ნიშნად, თავი დაიქნია, რაღაცის თქმასაც ლამობდა თითქოს, მაგრამ ჯგუფის უფროსმა მოულოდნელად, პირში ბურთის ჩაჩრასავით მიაგება:

– ცოლი გიყვარდა? – წარსული დრო საგანგებოდ აირჩია, რათა ქალის ცხოვრების ის მცირედი მონაკვეთი, რაც ერთმანეთი გაიცნეს, არ შეურაცხეყო. მას თავისიანად თვლიდა, ამიტომ აწმყოს ტაბუ ედო. ქალიც უკვე სხვა ქალად წარმოედგინა, იმ მუდოს ცოლად, ვერავითარ შემთხვევაში.

– სიმართლე თქვი, არ მოგერიდოს!

ტეტიამ გაუბედავად დააქანჩალა თავი, ხოო.

– მასაც უყვარდი?

ახლა მარტო თავი კი არ დააქანჩალა, სიამაყით თავდაჯერებული, გაიკრიჭა საბრალობლად.

– ერთმანეთი გიყვარდათ და მაინც ვერ თანხმდებოდით?

– რატომ, ვთანხმდებოდით, მშვენივრად ვთანხმდებოდით. – სათითაოდ მოატარა თვალი გეოლოგთა გაყინულ სახეებს, არაფერში დამადანაშაულოთ, დამიჯერეთ, კარგ ქმრობას ვუწევდიო.

– მაშ, უკმაყოფილება რაღაზე გქონდათ?

– იმაზე, რომ ყაირათი აკლდა, ძალიან აკლდა, მამაჩემიც მუდამ ამაზე ემდუროდა. თქვენც კაცები ხართ, დამეთანხმებით, ოჯახის ყადრი ყველამ როდი იცის, – კაჭკაჭივით ამოიდგა ენა. გასაოცრად ცქვიტი, აქტიური გახდა. ვიწრო ჭრილებში ჩამჯდარ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ყველას ერთდროულად მიმართავდა, დუმილით გასარკულ სახეებზე დაატარებდა კატასავით ფრთხილ მზერას, ამაოდ ეძებდა თანაგრძნობას, მხრის აბმის ნიშანწყალს. პარმაღზე ნისლის ფრქვევასავით უაზრო, ძალაგამოცლილი მისი სიტყვები თუმც მიზანს ვერ აღწევდა, მაინც საფანტივით მიაყოლა, მაინც ცოდვილობდა, უცნაურად დამუხტული დუმილი თავის სასარგებლოდ მიეთვალა. ქალის ავბედითობის ხორცშესხმულ ხატად მოევლინა იგი გეოლოგთა სამყოფელს და გაოცებით დაზაფრულებზე ახლა აშკარა იერიში მიჰქონდა, ამბობდა – უყაირათო ცოლი ზარალია ოჯახში, მეტი არაფერი. ქალმა საქმე თავისი ხუთი თითივით უნდა იცოდეს.

– მაინც რას უწუნებდი, უფრო კონკრეტულად, გასაგებად თქვი, – გააწყვეტინა ჯგუფის უფროსმა, – რაში დებდი ბრალს?

– ბატონი ხარ, გეტყვი, მაგრამ რასაც მოისმენ, მარტო ჩემი კი არა, მამაჩემის აზრიცაა. განა ტყუილად ჩივის, გემრიელი თონეულის ჭამას დავეღირსეო.

– რაო? – გაოცდა ჯგუფის უფროსი, უფრო დაემსგავსა ტომის ბელადს.

– ამოკვრისას პურებს წვავს, შეშა არ ეზოგება, თონეს ისე ავარვარებს, განელებას საღამომდე უნდა ელოდო, არც ზომა იცის, არც წონა, ზარალი კი აი, აქ არის, ამან უნდა ზღოს, – ქედი წაიდრიკა, დანაოჭებულ, მზედაკრულ, ყვითელ კინკრიხოზე დაირტყა ხელი, – ჯანი გამიტეხა ამდენმა შრომამ. ეს კი, იმის მაგიერ, დანაშაული შეიგნოს და მამამთილს ბოდიში მოუხადოს, როგორც ქმრის ნამდვილ მონამორჩილ ცოლს შეეფერება, იცით, რას ბრძანებს? ჩემი ნახელავი თუ არ მოგწონთ, თქვენც ადექით და ფურნეში გამომცხვარი მიირთვით, ღვთის მადლით, მაღაზიაში ბევრი არისო. ამის პატიება შეიძლება? მითხარით, შეიძლება?

კრინტი არავის დაუძრავს, ოღონდ მდუმარეთა თვალთაგან დაკვესილ მზერას რაღაც სიბრალულის მსგავსიც შეერია და გაუმხელელმა სიხარულმაც შეჟონა ტყვიასავით მძიმე, ბოღმაგარეულ განწყობაში, იმედის სუსტ სხივად ჩამოდგა. არა, მონა არ ყოფილა ზიზილო. მთლად არ წასულა მისი საქმე! დაე, ისმონოს ამ ჩიტირეკიას ლაყბობა, ბოლომდე უსწოროს თვალი სიმართლეს და ისე მოითხოვოს პასუხი, როცა გამოიხმობენ, პირისპირ შეახვედრებენ ქმარს. ჯერ კი ყოველივე წვრილ-წვრილად ჩამოფქვას.

– თქვენ გგონიათ, რახან ცოლი თავისი ნებით გამეცალა, მიმატოვა, ხელი ამაღო, უთუოდ დამნაშავე უნდა ვყოფილიყავი? სულაც არა, ენა ვერ მოთვლის, რაც მისთვის მიპატიებია. ქორები რომ მოიჩვია, მარტო ეს კმარა, მარტო ამითაც ჩანს, რა მეოჯახეა.

– როგორ თუ მოიჩვია? – გაოცდა ჯგუფის უფროსი.

– გიკვირთ, ხომ? ქალაქელებს ყველაფერი გიკვირთ, განა არ ვიცი, ახლავე აგიხსნით. სოფელში ქალს ჰაუ-ჰაუს დაძახება რომ დაეზარება, იმაზე ლაპარაკი ზედმეტია. დღეში, სულ მცირე, ორმოცდაექვსამდე ხომ მაინც უნდა დაიძახოს, ხომ უნდა დააფრთხოს ის ვერანა!

კაცები აჩოჩქოლდნენ, ერთმანეთს გადახედეს. მთელი საუბრის განმავლობაში პირველად დაირღვა საყოველთაო ჯიუტი დუმილი, ოქროსკბილება ზერომ იკითხა:

– ქორი თუ არ ჩანს, მაინც უნდა იყვიროს ქალმა?

– აბა როგორ, – არ დაიბნა ტეტია, – მაგას თქმა უნდა? ქორი რომ გამოჩნდება, შენს ეზოს მიზანში ამოიღებს, რაღა დროსია, ძახილზე გული გაუსკდება თუ რა?

უეცრად გაქრა ქალზე ზრუნვა და ფიქრი, თავშეუკავებელ ხითხითად ამოსკდა ბოღმაგარეული ირონიაც და ტეტიას გულმართალი, მაგრამ კლოუნის მოულოდნელი ტრიუკივით ვირტუოზულად შემოთავაზებული უშუალობა.

ჯგუფის უფროსს ისევ ტომის ბელადივით ღირსეულად ეჭირა თავი, ღიმილიც არ მიჰკარებია მის სახეს, ოდნავაც არ შეუნელებია თვითკონტროლი. ცალი ხელი მსწრაფლ ასწია მაღლა და მის ნიშანზე კვლავ დადუმდა პარმაღი.

– მოკლედ, გინდა თუ არა ცოლი! – კბილებში გასცრა ჯგუფის უფროსმა. – შენგან ძნელია, რაიმე გარკვევით გაიგოს კაცმა, თქვი, გინდა თუ არა! – მხოლოდ კატეგორიული შეკითხვა კი არა, ბრძანებაც ისმოდა მის ხმაში. ძლიერი კაცი ყოველგვარი მიკიბულ-მოკიბულობის გარეშე, სწორ გზას სთავაზობდა, ამიტომ ტეტიამ მორჩილად დაუქნია თავი.

გამაღიზიანებელი, ყველაფრის გამაუფასურებელი თანხმობა იყო, ლამის სასტიკ უარივით შემძვრელი. გრძნობებზე ლაპარაკი სისულელედღა თუ ჩაითვლებოდა, უბადრუკ ინსტინქტებს შერჩენოდა ორთა შეწყვეტილი კავშირის სინანულიანი ხსოვნა, რამაც ჯგუფის უფროსი სამსჯავროს მოწყობის გუნებაზე დააყენა. ნუთუ ამის გვერდით ცხოვრობდა ქალი? წარმოუდგენლად ეჩვენა, რომ ამასთან ათევდა თავისი ქალობით სავსე ღამეებს, მოუნდა, გამოემზეურებინა უღირსისგან წიხლდადგმული მისი ქალობა. დაესაჯა, მაგრამ დაესაჯა არა მარტო ის, არამედ ყოველი აქ მყოფი, და ასე, ერთობლივი ტკივილით ეცადა ქალის შეცდომათა გამოსყიდვა. შეახვედრებს ახლა ცოლ-ქმარს და სამსჯავროც მთელი თავისი ულმობელობით იზეიმებს.

თვალით ანიშნა კიდეში მდგომ ფურგონის მძღოლს, რომელიც სწრაფად მიბრუნდა, პარმაღიდან დიდ ოთახში გამავალი, ჟანგიან ანჯამებზე დაკიდული კარი შეაღო და გაუჩინარდა.

მიხვდა ტეტია, რომ ქალთან შეგზავნეს იგი. მოლოდინმა გაუბრწყინა სახე, მხრები ჩამოყარა, დახურულ კარს მიაშტერდა.

პარმაღს კვლავ დუმილი შეესია, ააფორიაქა ფიქრი... ფიქრი... ფიქრი... ერთიმეორისგან ცა და დედამიწასავით დაშორებული, მაინც ერთ ჯადოსნურ რკალში მოქცეული, ერთი მუხტით დასენილი.

 მოგეცა ლხენა, შეხედავს თუ არა, დაუფიქრებლად ჩამოეკიდება კისერზე, ერთბაშად გაგვაბითურებს. ქალია, არც მოეთხოვება მეტი.

 კაცს მაინც ჰგავდეს! ნაძლევს ჩამოვალ, ნათხოვარი ჯაგრისით კბილების გახეხვაზე უარს არ იტყვის.

 ნისლმაც ხომ წაიღო ტვინი, რაღა მაინცდამაინც ჩვენს ჩამოსვლას დაემთხვა.

 დამინახავს თუ არა, ტირილს დაიწყებს, შემაბრალებს თავს, კარგად ვიცნობ, ცოლია ჩემი, მა რა იქნება.

 ისტორიული სახლია, უძველესი ქვითაა ნაგები. ამ ქვების თვალწინ ისევ აღსდგება დანგრეული ოჯახი.

 კარგი ქალია, მაგრამ მაინც ტეტიაა, სიმართლეს სად გაექცევი, აბა, სხვაგვარად, ამასთან როგორ შეუძლია დაბრუნდეს.

 მალე დაბინდდება, წყალი კი მოსაზიდია.

 ყველაფერი მოისმინა, რაც აქ ითქვა, ნეტავი ღელვამ ღირსების გრძნობა არ დააკარგვინოს. ეგონა, ვერ გავძლებდი უმისოდ, სად გაიქცეოდა, განა არ ვიცოდი, სანანებლად გაუხდებოდა სულელური წინდაუხედაობა. იქნებ ქალაქელების შემხედვარეს, ძველებურად აღარც მოვეწონო. ამ საცოდავ ბედოვლათს ნეტავი როგორ ესმის ჩვენი სიჩუმე?!

  ქალებს რა იოლად შეუძლიათ პატიება, ამაში ისინი ღმერთებს ჰგვანან.  ნუთუ მართლა ქარხანაში მუშაობს ეს კაფანდარა ლეში, ნუთუ მართლა რაიმე გამოსდის ხელიდან. ნეტავი ჩემი მირთმეული სავარცხელი ებნევა თმაში?   ფუი, აუტანელია უღირსი გამარჯვებულის ცქერა.  კაცმა არ იცის, სიკეთეს ჩავდივართ, თუ ბოროტებას, ასეთ ქმართან რომ ვცდილობთ შევარიგოთ?

ფიქრიან დუმილში ტეტიას ისევ დააცემინა ცხვირი. მაგრამ აღარავინ გამოხმაურებია, აგდებითაც აღარავის უთქვამს, ხეირიო. სიჩუმე წყევლასავით იყო, უღვთო წყევლასავით.

ყოველი წამის სვლა იგრძნობოდა, უმცირესი დროც კი გულის შემძვრელად ხმაურობდა. გამოვიდოდა ახლა ქალი, მერე, იმისდა მიუხედავად, რას იტყოდნენ ან არ იტყოდნენ, დაემშვიდობებოდა ახალშეძენილ მეგობრებს, მიატოვებდა პარმაღიან ქვითკირის სახლს და, ქმრის კვალში ჩამდგარი, ისევ დროებით უარყოფილ თავის ძველებურ ცხოვრებას მიაშურებდა. ასე იქნებოდა, რა თქმა უნდა. ოღონდ მალე, რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო ეს საშინელი სცენა, აღარ ეცქირათ ტეტიას გულის გამაწვრილებელი პოზისთვის, მისი გამაღიზიანებელი თვითდაჯერებულობისთვის, ქალის გულშემატკივართა წინაშე, სულ რომ რაღაცას იმადლებოდა. მას ხომ განაღდებული ჰქონდა გამარჯვება.

კარის ჭრიალმა ერთ ადგილას გაყინა ფიქრი, გააწბილა ყოველგვარი წინასწარი ვარაუდი, რადგან პარმაღზე ფურგონის მძღოლი მარტო დაბრუნდა, დაბნეული დადგა, სწრაფად მოავლო თვალი ამხანაგებს და რადგან ტეტიამ აღარ დაიცადა, იკითხა, თავად სადაა, არ მოდისო? მანაც უარის ნიშნად, სწრაფად გაიქნია თავი.

– რაო, მაინცდამაინც კალთები დამახიოსო?

ფურგონის მძღოლმა აღარ დააყოვნა, ეცადა, ნათქვამისთვის რაც შეიძლება მეტი დამაჯერებლობა მიეცა:

– შემოთვალა, მინდვრის ყვავილად გადავიქეცი, ნუღარ მეძებსო, რადგან, რომც მომაგნოს, მაინც ვეღარ ამომიცნობსო.

დაასრულა თუ არა, იგრძნო, როგორ შვებით ამოისუნთქა პარმაღმა, და უზომო შვებამ წალეკა მესაკუთრული სიამაყე ყოფილი ქმრისა, რომელმაც აღარ იცოდა, ხუმრობად მიეღო მოსმენილი, თუ ჭეშმარიტებად.

 

  1984 წ.

  ჭიათურა

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ბრეგვაძე-კახიანი ლალი / მოთხრობები