ბრეხტი ბერტოლდ 

მოთხრობები

 

 

ვიგინდარა

 

  როცა სექტემბრის ერთ მზიან დღეს მარტინ გაირი მთავარ პროსპექტზე მისეირნობდა, თვალი მოჰკრა ღია ფერის მუსელინში გამოწყობილ ქვრივ მარი პფაფს, რომელიც დაკუნთული ფეხებით ვიტრინების რიგს მიუყვებოდა. იგი დიდი იყო და ღონიერი. მის სავსე მკერდსა და შესამჩნევად ფუმფულა თეძოებს ეს თხელი ქსოვილი კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. ქათქათა და ჯანმრთელი სახე ჰქონდა. წაბლისფერი ნაწნავი კეფაზე დაეხვია. კაცს ქალი მოეწონა და აეკიდა. ცოტა ხანში გამოელაპარაკაკიდეც და ჰკითხა, შეიძლება, რომ გაგაცილოთო? კაცი გამხდარი იყო, მაღალი და შავგვრემანი. ქალს ისე უტიფრად შესცქეროდა, რომ იგი დაფრთხა და ვერაფერს პასუხობდა, მეტიც – უფლება მისცა, აჩქარებული ნაბიჯით მას თან გაჰყოლოდა. კაცი დუმდა. ამგვარად ის ქალის ნებისყოფას ცდიდა, ხოლო თავისისაგან – თავისუფლდებოდა. უეცრად ქალი ქუსლებზე მკვეთრად შემოტრიალდა, გვერდზე შეუხვია და თეთრეულის მაღაზიაში შევიდა. ცოტა ხნის შემდეგ კი უკანა კარიდან ქუჩაში გავიდა. ქალი გაირს ვეღარ ხედავდა, რადგან იგი კედელს იყო ამოფარებული. გაირმა ქალს უშფოთველად სდია ასე სახლამდე. მერე საეჭვო რეპუტაციის ბარში შევიდა, გადასანსლა სისხლიანი ბიფშტექსი და ზედ სამი ცალი კვერცხი მიაყოლა. ჭამა რომ მოათავა, ჭიქა შნაფსიც გადაჰკრა, ჩაშავებული, გამოხრული კბილები ჩხირით გამოიჩიჩქნა, მერე ამავე ხელსაწყოთი ფრჩხილებიც გამოისუფთავა, უმნიშვნელო ფეხის ქირა დატოვა და კაფედან გავიდა.

  როცა ფრაუ მარი პფაფის კარზე ზარი დარეკა, ჩაბნელებულ წინკარში ლამაზი მოსამსახურე გოგონა გამოეგება. გაირმა სთხოვა გოგოს, ფრაუ პფაფი ეხმო. გაკვირვებული გამოვიდა ქალბატონი. ხელად იცნო კაცი. გოგოს კარიდან გამოსძახა, მე არ ვაპირებ მაგ ბატონთან ლაპარაკსო და ოთახში შებრუნდა. იქ, მაგიდაზე, ნახევრადშეჭმულ ვახშამს ჯერ კიდევ ოხშივარი ასდიოდა. ბატონი სად არისო? – ჰკითხა გოგოს კაცმა. აკანკალებული მსახური კარის ამყოლს მიეყრდნო და უეცრად თავში გაუელვა სქესობრივი გარყვნილების ნიადაგზე გაუგონარი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ამბავმა, რომელიც გაზეთის ბოლო ნომერში იყო დაბეჭდილი. მერე, როგორც იქნა, ამოღერღა: – «ბატონი არ გახლავთ, ქალბატონი პფაფი ხომ ქვრივია?! ... “მოძალადის შავმა თვალებმა უნებლიეთ გააწყვეტინა სიტყვა. მიზანში გაარტყა და კაცმაც დაინდო, სიმართლე რომ თქვა, იმიტომ. გაირი კარისკენ გაემართა, გამოაღო ის და ოთახში შევიდა. კარის დირისთვის არც კი დაუხედავს, ისე გადაალაჯა. მიეჭრა ფანჯარას, რომელზეც თეთრი მუსელინი იყო ჩამოფარებული, და თქვა: – «მე თქვენ მიყვარხართ, თუმცა შეგიძლიათ მშვიდად მიირთვათ, მე უკვე გეახელით». ქვრივი ისევ ისე იჯდა, სუნთქვაშეკრული და ფეხის ხმას მიყურადებული. მკერდი უთრთოდა. მერე თითქოს ოდნავ სძლია სისუსტეს. გაირის ხმა ესმოდა: – “თქვენ ქვრივი ხართ, ესე იგი – ჩამოწერილი, მაგრამ რაღაც ჯერ კიდევ შეგრჩენიათ და ამ რაღაცას მე მშვენივრად შევირგებ.» ცოცხალ-მკვდარი ფრაუ პფაფი სკამის ზურგს მიეყრდნო, მერე, თითქოს მონუსხესო, ნელა წამოდგადა კარისკენ გაემართა, მაგრამ გაირი გადაეღობა, აიღო ზარი, რომელიც მაგიდაზე იდო, და დარეკა. მოახლე გოგო შემოვიდა. გაირმა მკაცრად და მჭახე ხმით უთხრა: მოხდა გაუგებრობა, ძვირფას ქალბატონს ნებავს, სუფრა აალაგოთ და ჭურჭელი დარეცხოთო. თანაც მარია პფაფს გახედა. ეს იყო დიდი, შავგვრემანი ჯეელი, სახის მკვეთრი ნაკვთებით, მაგრამ მასიური და გლუვი სხეულით. ქალბატონი პფაფი წამოდგა, წელში გაიმართა, ძალ-ღონე მოიკრიბა და ამოილუღლუღა, აალაგეთ, ანაო. მერე სტუმარს მიუბრუნდა და უხმოდ მიუთითა სავარძელზე. კაცი სწრაფად დაჯდა, მაგრამ სავარძელი ისე გააჩოჩა, რომ სახეზე შუქი არ სცემოდა. გოგო ჩუმად ალაგებდა სუფრას. ამასობაში მარია პფაფი სარკესთან მივიდა, თმა შეისწორა და პატარა ზარდახშიდან რაღაც ამოიღო. როცა გოგო ოთახიდან გავიდა, საკუთარი ხმა როგორღაც დაიმორჩილა და, თითქოს მღერისო, აღშფოთებულმა მთელი სერიოზულობითა და მედიდური ირონიით ჰკითხა კაცს, მაინც რა გნებავთ, ბატონოო? თქვენ მინდიხართო, მიუგო კაცმა. ამაზე ქალმა უპასუხა, მე საერთოდ არ მესმის თქვენიო, მაგრამ მისი პასუხი ვერ იყო მთლად დამაჯერებელი. კაცი ოდნავ მოხრილიყო, დაუდევრად და აშკარად კმაყოფილი მოკალათებულიყო ტყავის სავარძელში. მერე წამოდგა და მუსელინის ფარდის წინ დადგა, მხარბეჭიანი, დიდი და ღონიერი. მერე ისევ დაჯდა, და ეს იყო მისი საბოლოო პასუხი. – «რა გნებავთ ბოლოს და ბოლოს?», ჩაილუღლუღა ქალმა. – «თქვენ რა, ცუდი მეხსიერება გაქვთ? მოაშორეთ ეგ რევოლვერი! - « უპასუხა კაცმა. ქალმა იარაღი უხმოდ დადო მაგიდაზე. «დაჯექით!» ქალი დაემორჩილა. – «მე მაქვს თავისუფალი დრო და მაგარი კუნთები. ვიცხოვრებ თქვენთან, თქვენ კი ოჯახს გაუძღვებით».

ქალი სრულიად განადგურებული იჯდა და მხოლოდ ერთი რამის თქმა გაბედა: – «მაგრამ მე ხომ საერთოდ არ გიცნობთ თქვენ?!» ჯერ ვიბანავებ, მიუგო კაცმა, მერე კი შეგვეძლება ერთმანეთი გავიცნოთო. წამოდგა, მიეჭრა ქალს და ღონიერი მკლავები მოხვია, კანკალით ვერაფერს გახდებით, პირიქით, ის კარგის მომასწავებელიცაა. მე არც მკვლელი ვარ და არც თაღლითი, მე ჩინებული საყვარელი ვარო და ქალს, რომელიც უკვე მის საკოცნელად ნახევრად წამოწეულიყო, აღარ აკოცა და ისევ სავარძელში ჩასვა. შემდეგ, რაკიღა თითქმის ღონემიხდილ ქალს წამოდგომა აღარ უცდია, ისევ მიეჭრა, აიყვანა, შეზლონგზე დაასვენა და ხელები თავსუკან გადაუჯვარედინა. მერე ვნებააშლილს ისევ თავი მიანება. უსიტყვოდ წამოდგა ქალი, მარცხნივ, სააბაზანოსკენ წავიდა და აბაზანაგაამზადა. კაცმა ქალი ჯერ სააბაზანოში წაიღო, მერე კი – ლოგინში, რომელიც მას გზნებით უნანავებდა. ქალის სახელიც კი არ იცოდა. ნახევრადჩაბნელებულ ნიშში ტანჯვითა და ნეტარებით ისწავლა ქალმა კაცის ღონიერი მკლავების სიყვარული და დანებდა მათ მთელი გულითა და სულით.

  როცა დილით ქალმა ოდნავ შეშუპებული ქუთუთოები გახსნა და უცხო ტიპს გახედა, მიხვდა, რა ახლობლად ქცეულიყო ის მისთვის და თითქოს უყვარდა კიდეც იგი, მიუხედავად მისი ბინძური საცვლებისა. რომ არ გაეღვიძებინა, ჩუმად წამოდგა. ღიღინ-ღიღინით იბანავა. თმის ვარცხნისას კი იმ სამოთხეზე ფიქრობდა, რომელშიც მას კაცმა წუხანდელი ღამე გაატარებინა.

  მაგრამ კაცმა გამოიღვიძა და ქალსაც მიეცა საქმე. ამ ტიპს დღის შუქიც ვერაფერს აკლებდა. რა ბრგე იყო, რა მუქი ფერის ჰქონდა კანიცა და სხვა რაღაცებიც. ვერაფრით იგუა მძიმე, ყვითელი ფარდები რომ გადაწია ქალმა. ნათურის შუქზე ერჩია ყოფნა ამ დიდ, შავ ჯეელს. ღამით ქალთან კოტრიალის დროს თავს ისე გრძნობდა, როგორც დიდი, ქონიანი თეთრი თევზი გუბეში. ახლა გაშხლართულიყო მშრალ, ოქროსფერ სილბოში და მზეს ეფიცხებოდა, გაავებული და ღონიერი. ქალმა კაცს ლოგინში მიართვა ყავა, თან თხელი საბნის ქვეშ მის მუხლებსა და თეძოებს ათვალიერებდა და საღერღელი ეშლებოდა. ის კი იზლაზნებოდა, მობეზრებული ჰქონდა ყველაფერი. ქალს საშუალება მიეცა, კაცზე ეზრუნა. სულ აღარ ახსოვდა, რა უჩვეულოდ მოხდა მათი გაცნობა. არც იმაზე უფიქრია, რა ელოდა ხვალ. მისთვის ახალი ცხოვრება იწყებოდა. ჯეელი ოთახიდან ფეხს არ იცვლიდა. ან ლოგინში კოტრიალებდა და სიგარეტს ეწეოდა, ან თავს ირთობდა ოქროს თევზებით, რომლებიც ძლივს მოჩანდნენ ბნელ ოთახში. ქალი სიგარეტზეც თვითონ მირბოდა, ლიქიორსაც თვითონ უმზადებდა კაცს და გაზეთებიც თვითონვე ამოჰქონდა. მის ცხოვრებას აზრი მიეცა. დღისით ის დედა იყო, ღამღამობით – საყვარელი. კაცმა იცოდა თავისი ხელობა. ისინი თავს ბედნიერად გრძნობდნენ. წარსული მათთვის სრულიად გამქრალიყო.

  ასე გამოხდა ნახევარი კვირა, ანუ სამი დღე და ოთხი ღამე. მერე კი ყველაფერი ეს კაცს მოყირჭდა. ცვლილებებზე ფიქრს მოჰყვა. დიასახლისს მშვენიერი სხეული ჰქონდა, ერთსა და იმავე ლიქიორსა და სიგარებსაც აიტანდა კაცი, მაგრამ ერთსა და იმავე ქალს – ვერა. გაზეთებს ლოგინში კითხულობდა და ეს ნეტარება თუთუნის სურნელით გაეჟღინთა. ქალი ახლა კაცის შავი გულმკერდის სიყვარულის ნაცვლად მისი გამოციებული მზერისშიშს მოეცვა. ეს შიში აკეთებინებდა ყველაფრს. კაცი სულ უფრო და უფრო შეუვალი ხდებოდა. მეოთხე ღამეს, ასე, დილის ხუთი საათისთვის, ვიდრე ინათებდა, კაცი უკანასკნელად მიეალერსა ქალს, შუადღისას კიდევ ერთხელ იბანავა, ისადილა, შეაქცია ზურგი ქალის ტანჯულ მზერას და შინიდან გავიდა.

  ქალი კაცს ფანჯარასთან ელოდა. შიშით ვერ გაებედა ფარდის გადაწევა, ვაითუ მოვიდეს და დამინახოსო. ასე იდგა და ეჭირა ფარდა ნახევარი დღე.

  კაცმა ქალაქში იხეტიალა, ცოტა გადაკრა კიდეც (ფული მოტეხილი ჰქონდა), გულუხვად გადაიხადა და საღამო ხანს ვიღაც გოგოსაც დაადგა თვალი. გოგო ექვსი საათისთვის ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოვიდა. ფერმკრთალი იყო და მორიდებული. კაცი ეგრევე აეკიდა. ისინი მესამე კლასის სასტუმროში შევიდნენ და მეფურად ივახშმეს. გოგო სულ უფრო და უფრო მიენდო კაცს. ის კი თითქმის არ ელაპარაკებოდა, მხოლოდ იმ სიახლის განცდაზე ფიქრით ტკბებოდა, რომელსაც დაეძებდა. მერე ერთი-ორი საათი პარკში ისეირნეს. კაცმა გოგოს ორჯერ აკოცა გაფითრებულ მხარზე, ერთხელ – ბნელ ხეივანში, ხოლო მეორედ – ასფალტის ვერცხლისფერ შუქზე. ცხრა საათისთვის კაცმა გოგო შინ წაიყვანა.

  ქვრივმა პფაფმა კარი თვითონ გააღო და უკან გახტა, ბუმბულივით მსუბუქად. კაცმა გოგოს მხარზე მოხვია მკლავი და დერეფნიდან ოთხში შეიყვანა, თან ქვრივს გამოხედა. ის გაეცალა. კაცი გოგოსთან ერთად მაგიდას მიუჯდა თუ არა, კონიაკი გადაკრა. მერე ტკბილი ღვინო და ცოტაოდენი ნამცხვარი მიაყოლა. ისინი ჭამდნენ. ჯეელი გოგოს მუხლებს მიშტერებოდა. გოგო ნელ-ნელა შეთვრა, ამღერდა, აკისკისდა და ბოლოს ყვირილი მორთო. კაცმა, იქნებ გამოვაფხიზლოო, იგი ტყავის სავარძლისკენ წაიღო. საწოლი შენთვის ზედმეტი ფუფუნება იქნებაო, ჩაიბუტბუტა და თვითონ ფეხსაცმლიანად შეწვა ლოგინში. ქვრივმა პფაფმა კი შიშით, მოახლემ არ გამიგოსო, ღამე სააბაზანოში გაატარა.

  ალიონზე, როცა ნაცრისფერი დილა რძესავით გადმოიღვარა შეფერილ შუშაში, ქალის სულში ბრძოლა დაიწყო – ის თავის თავს ებრძოდა. ბოლოს გაიმარჯვა. წამოდგა, წინკარში გავიდა, აიღო თავისი ქუდი და პალტო და წავიდა. უკან ათი საათისთვის დაბრუნდა. გოგო წასული დაუხვდა. კაცი შეზლონგზე იწვა. ოთახი არეულ-დარეული იყო, როგორც ღრეობის შემდეგ არის ხოლმე. ჯეელი უგუნებოდ იყო და ქალს კბენა დაუწყო: ხომ კარგად გეძინაო? ტყავის სავარძელში მოჩვენება ხომ არ მოგლანდებიაო? ერთი ურჩხული ტყავის სავარძელში უნდა მოგჩვენებოდა, მეორე – საწოლშიო. ლიქიორი უკვე კარგად დადუღებულიყო, აი, მისი ვნება კი, ეს-ეს იყო, იწყებდა დუღილს. სხვათა შორის, ლიქიორი მისთვის უკვე მირთმეული უნდა ჰქონოდათ. ქალს ფული რომ ჰქონდა, ამაში ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ, ასეც რომ არ ყოფილიყო, იცოდა, რომ ქალი ყველაფერს იღონებდა მის მოსაპოვებლად. ქალი მაგიდას მიუახლოვდა და კაცს შეხედა. იგი მის მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა. იცოდა, ქალი მას რომ უყურებდა. ეს იყო დაკუნთული, ხმელი, ყოვლად ამაზრზენი ტიპი. მისი ძალაუფლება სადღაც გამქრალიყო. ქალს ასე ეგონა, თითქოს ყოველივე სიმთვრალეში მომხდარიყოს, თითქოს შნაფსი დაელიოს. მას თვალი ახლა აეხილა. იგი ხედავდა გაჭუჭყიანებულ ავეჯს, დაცარიელებულ ბუფეტს. თავი საშინლად დამძიმებოდა, მაგრამ მხრებზე ჯერ კიდევ ება. კაცს უთხრა, აბრძანდით და საკინძე შეიკარითო. კაცი უნებურად დამორჩილდა. მერე ჰკითხა, რა დაგემართაო? არაფერი, მიუგო ქალმა, შეგიძლიათ წაბრძანდეთ. თუ რაიმე გნებავთ, მოახლეს უთხარითო. კაცი წამოდგა და მთელი ტანით წელში გაიმართა. კარგად გრძნობდა ამ ოთახში თავს. მოგუდული ხმით უპასუხა, კი, მნებავს – აქ დარჩენაო. ქალმა ყური არ ათხოვა მის სიტყვებს და წავიდა. კაცი სავარძელში ჩაეშვა და გადაიხარხარა, მაგრამ ამით რევოლუცია ვერ ჩაახშო. ქალი ჯერ კარისკენ გაემართა, ხოლო შემდეგ თავისი დაკუნთული ფეხებით შინიდან გარეთ გასწია. კაცი ცოტა ხანს ისევ ისე იჯდა და ოთახს ათვალიერებდა. რამდენიმე ლამაზ ნივთს დაადგა თვალი, მაგრამ გარეთ ისე გავიდა, არაფერი წაუღია. როგორც ჩანს, მის ტვინში მაინც გაღვივდა სინდისის ნაპერწკალი. დაავლო ხელი სიგარის კოლოფს, ჩამოხსნა საკიდიდან თავისი კეპი და ასე, იღლიაში მხოლოდ სიგარის კოლოფამოჩრილმა, სტვენა-სტვენით დატოვა ბინა.ზუსტად ასეთი მოვიდა აქ (თუმცა, სიგარის კოლოფი არ ჰქონია, მაგრამ ის ახლა ნახევრად დაცარიელებულიყო).

  ქვრივმა პფაფმა შხაპი მიიღო, კარგად გაიხეხა ტანი. დაჯდა თავის გაკრიალებულ სასადილო ოთახში, ხმამაღალი ზარით იხმო მოსამსახურე გოგო და სადილის წინ ერთხელ კიდევ გადაათვალიერა სამეურნეო დავთარი. უცებ ისევ გაისმა ზარის ხმა და კაცი ისევ დაბრუნდა. ჯიქურ უნდოდა ოთახში შეჭრა, მაგრამ ამჯერად გამბედაობა აღარ ეყო და შედგა. რაღაც იყნოსა. ქალის ხმა შემოესმა, სამზარეულოში აჭამეთო! გოგო სამზარეულოსკენ მიუძღოდა. კაცი ჩუმი სტვენა-სტვენით მისდევდა. ისე შიოდა, აღარაფერს დაეძებდა. ყავის სმის დროს ქალმა იკითხა, წაბრძანდა ეგ ვაჟბატონიო? ახლა უკვე არაფრის რიდი არ ჰქონდა. კიო, უპასუხა მოსამსახურემ. ქვრივი პფაფი ადგა და სახლიდან გავიდა. ერთ კაფეში შევიდა. იქ დამეგობრებულ ქალებს გადააწყდა. მაგიდას მიუჯდა. სიჩუმე ჩამოვარდა და უხერხულად იგრძნო თავი. იქ მყოფ საზოგადოებას მის შესახებ რაღაც-რაღაცები უკვე შეეტყო. არ იცოდა, რა ექნა. დიდხანს აღარ დაუყოვნებია, მალე წამოდგა და სასეირნოდ გასწია. მაღაზიები დაიარა, ისე, რომ არაფერი უყიდია. მერე ვიტრინებს დაუყვა. მაინც ის ჯეელი ედგა თვალწინ. მუხლები ეკვეთებოდა. ჭახჭახა ცა იყო და სექტემბრის თბილი დღე იდგა. საღამომდე იბორიალა. ასე, ცხრა საათი იქნებოდა, ვიღაც კაცი რომ გამოელაპარაკა. ახალგაზრდა იყო, გამხდარი, სანდომიანი თვალებით. თავხედიც არ ჩანდა. ქალმა ახალგაზრდას მისი თანხლების უფლება მისცა. კიდევ ერთი საათი პარკში ისეირნეს. ყველა სკამზე ჩახუტებული შეყვარებული წყვილები ისხდნენ, გაფოთლილ ტოტებს ყველას დამალვა არ შეეძლოთ. ქალი და ყმაწვილი ცოტას ლაპარაკობდნენ. ყმაწვილი გრამატიკული შტუდიების შესახებ უამბობდა ქალს. ვარსკვლავები ციცმციმებდნენ, თითქოს ზეციდან ნამს აპკურებდნენო.

  ქვრივმა და ახალგაზრდა კაცმა შინისკენ გასწიეს. ამაღამ მარტო დარჩენა არ შემიძლიაო, ფიქრობდა ქალი. პირველი ნაბიჯის გადადგმაა ძნელი. ქალი მაინც იმ ტიპზე ფიქრობდა, მისი მუხლები ფიქრობდნენ მასზე. ამიტომაც შესთავაზა ყმაწვილს მასთან სახლში ასვლა. ისიც უსიტყვოდ დაყაბულდა. ყოყმანით გაიარეს წინკარი და ოთახში შევიდნენ. ქალს არ უნდოდა შუქის დანთება, სიბნელეში უფრო ეადვილებოდა ყმაწვილთან დაახლოება. ხელი გამოსდო ახალგაზრდას, მთელი ტანით მიეხუტა და ნიშისაკენ წაიყვანა. ფარდა გადაწია და ჩუმი შეძახილი აღმოხდა: მის საწოლში შავგვრემანი ჯეელი გაშხლართულიყო მოსამსახურე გოგოსთან ერთად. ყმაწვილმა ოთახის შუაგულამდე უკან დაიხია. ქალი მუხლებში ჩაიკეცა, თავით საწოლს დაემხო და მწარედ აქვითინდა. ჯეელს ტკბილად ეძინა.

 

 

 

ოთხი მამაკაცი და პოკერის პარტია ან იღბლიანობა ბედნიერება როდია

 

  ეს იყო ჰავანაში, ისინი ჭილის სკამებზე ისხდნენ და ამ ქვეყანაზე ყველაფერი დავიწყებოდათ. როცა ძალიან დასცხებოდათ, ყინულიან წყალს სვამდნენ. საღამოს კი ატლანტიკ-ჰოტელში ბოსტონს ცეკვავდნენ. ფული ოთხივეს ჰქონდა.

  გაზეთები მათ შესახებ წერდნენ, რომ ისინი იყვნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი. ისინი კი ამ გაზეთებს სამ-სამჯერ გადაიკითხავდნენ და მერე მათ ან ზღვაში მოისროდნენ, ან ორივე ხელით მაგრად დაიჭერდნენ და ფეხსაცმლის ცხვირით ხვრეტდნენ. ამ ოთხიდან სამმა ათი ათასი მაყურებლის თვალწინ რეკორდი დაამყარა ცურვაში, მეოთხემ კი ეს ათი ათასი კაცი ფეხზე წამოაყენა. როცა მათ თავიანთი მოწინააღმდეგენი დაამარცხეს და ყველა გაზეთი გადაიკითხეს, გემში ჩასხდნენ და ფულით ჯიბეგამოტენილებმა ნიუ-იორკისკენ აიღეს გეზი.

  კაცმა რომ თქვას, ამ ისტორიის მოყოლა ჯაზ-ბენდის აკომპანემენტის თანხლებით უფრო უპრიანი იქნებოდა. ის თავიდან ბოლომდე პოეტურია, იწყება სიგარის კვამლითა და სიცილ-კისკისით და მთავრდება სიკვდილით.

  საქმე ის გახლდათ, რომ მათ შორის ერთზე თავისუფლად შეიძლებოდა გვეთქვა, ეს კაცი თევზის დაჭერას კონსერვის ქილაშიც კი მოახერხებსო. მას ჯონი ბეიკერი ერქვა, იღბლიანი ჯონი. იგი დედამიწის ორივე ნახევარსფეროში მოკლე დისტანციებზე ცურვაში საუკეთესო იყო. მაგრამ მას თან სდევდა თავისი განსაცვიფრებელი იღბალი, რომელიც ყოველ მის წარმატებას ჩრდილავდა, რადგან, როდესაც ადამიანი ქაღალდის ხელსაწმენდს დოლარის კუპიურად აქცევს, როკფელერიც რომ იყოს, მის საქმოსნურ ტალანტს მაინც ყველა ეჭვის თვალით შეხედავს. ჰოდა, უყურებდნენ კიდეც უნდობლობით.

  აი, ახლაც ჰავანაში კვლავ გაიმარჯვა, ისევე, როგორც მისმა ორმა ამხანაგმა. მან უძლიერეს მეტოქეს აჯობა 200 იარდზე მეტ დისტანციაზე ცურვაში, მაგრამ ყველასთვის ცხადი იყო, რომ მისმა მეტოქემ ვერ გადაიტანა ეს ჰავა და შეუძლოდ შეიქნა. ჯონიმ კი, რასაკვირველია, განაცხადა, რაც არ უნდა კარგად გავცურო, ამას მაინც რაიმეს მიაწერენ და ჩემს «ბედზე» დაიწყებენ სისულელეების ჩმახვასო. ამას როცა ამბობდა, დანარჩენები იღიმებოდნენ.

  მოკლედ, ასეთი იყო საქმის ვითარება, როცა ეს ისტორია დაიწყო. ხოლო დაიწყო ის უმნიშვნელოპოკერის პარტიით. გემზე გვარიანი მოწყენილობა სუფევდა.

  ცაც ლურჯი იყო და ზღვაც. სასმელი – ერთფეროვანი, მაგრამ არა უშავდა. აქაურ სიგარებს კი ზუსტად ისეთნაირადვე ჩაატანდა კაცი გემოს, როგორც სხვებს. მოკლედ, არც ცა ვარგოდა, არც ზღვა და არც სიგარები.

  გაცილებით მეტს მოელოდა ყველა ერთი უმნიშვნელო პოკერის პარტიისაგან. თამაში მანამდე დაიწყეს, ვიდრე ბერმუდის კუნძულებს მიუახლოვდებოდნენ. გემრიელად მოკალათდნენ, თითოეული – ორ-ორ სკამზე. თუ როგორ უნდა განელაგებინათ თავ-თავიანთი სკამები, ამაზე ჯენტლმენურადწინასწარ შეთანხმდნენ: ერთს მეორის ყურთან ჰქონდა ფეხები სკამის საზურგეზე შემოწყობილი. ასე დაიწყო მათი ზნეობრივი დაცემა. ბერმუდის კუნძულები ჯერ კიდევ არ ჩანდა.

  მეგობრების გადაკრულმა ქირქილმა ჯონი გააღიზიანა და ამიტომ თამაში სამმა დაიწყო. ერთმა მოიგო, ერთმა წააგო, ერთი საწყის მდგომარეობას ინარჩუნებდა. ისინი კოჭებით თამაშობდნენ და თითოზე ხუთ-ხუთ ცენტს დებდნენ. მერე ერთ-ერთს ეს საქმიანობაც მობეზრდა და ფეხები სკამიდან ჩამოაწყო. მაშინ იგი ჯონიმ შეცვალა. ახლა უკვე მოსაწყენად აღარავის ეცალა, რადგან ჯონიმ ხელად მოიგო. რა არ იცოდა ჯონიმ და – პოკერის თამაში, მაგრამ ის, რაც მან იცოდა, – იყო პოკერის მოგება. ჯონი ისე თაღლითობდა ხოლმე, რომ დედამიწის ზურგზე ვერც ერთი პოკერისტი მას

ვერ აჰყვებოდა, ხოლო, თუკი ვინმე, ვინც ჯონის იცნობდა, მის თაღლითობაში ეჭვს შეიტანდა, ჯონი, ვითომც აქ არაფერიო, მაგიდაზე ფლეშს დააგდებდა.

  ორი საათის განმავლობაში ჯონი სრულიად უსულგულოდ თამაშობდა. აი, დანარჩენები კი აფორიაქდნენ. ამასობაში მეოთხე კაციც დაბრუნდა, რომელიც სამზარეულოში კარტოფილის მთლელს ადევნებდა თვალყურს და დაინახა, რომ კოჭები ისევჩამოერიგებინათ, ოღონდ ახლა უკვე თითოზე თითო დოლარს დებდნენ. თანხის ამ უმნიშვნელო ზრდით ჯონის პარტნიორებს ეძლეოდათ ერთადერთი შანსი, როგორმე თავიანთი წილი ფული უკანვე ეგდოთ ხელთ. ეს სრულიად უბრალოდ უნდა მომხდარიყო: მათ ჯონისთვის გამოძალვის ხერხით უნდა წაერთმიათ ის ფული, რომელიც ჯონიმ მათ ცენტობით აართვა. პირწავარდნილი ოჯახის ბურჯიც კი ვერ ითამაშებდა ასე წინდახედულად. მაგრამ ჯონი კვლავ მართლაც რომ ხვეტდა ფულს.

  ამჯერად ექვსი საათი ითამაშეს. ამ ექვსი საათის განმავლობაში თითოეულს ჯერ კიდევ ყოველ წამს შეეძლო თამაშისათვის თავი მიენებებინა და ჯონისთვის მხოლოდ ჰავანაში მოგებული ფული დაეტოვებინა. ამ ექვსი საათის სიმწრისა და დაძაბულობის შემდეგ კი ეს შეუძლებელი გახდა.

  ამასობაში ვახშმის დროც მოახლოვდა. სასწრაფოდ მოათავეს ჭამა. ჩანგლების მაგივრად ხელში თითქოსდა სტრიტი ეჭირათ. ჭამდნენ ბიფშტექსს და ფიქრობდნენ როიალ-ფლეშზე. საგრძნობლად ნელა მიირთმევდა მეოთხე მამაკაცი. მან განაცხადა, ახლა მართლაც გულითა და სულით ვითამაშებ, როგორც იქნა, აქაურ მოწყენილობას ოდნავ მაინც მიეცა ხალისიო.

  ვახშმის შემდეგ თამაში ოთხივემ განაახლა. რვა საათს თამაშობდნენ. ღამის სამი საათისთვის, როცა ბერმუდის კუნძულები უკვე უკან ჰქონდათ ჩამოტოვებული, ჯონი თავის მოგებულ ფულს ითვლიდა.

  ხუთი საათი ეძინათ, მაგრამ საკმაოდ ცუდად. მერე ისევ განაახლეს თამაში. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც ყველა შემთხვევაში საბოლოოდ გაკოტრება ელოდათ. წინ კიდევ ერთი დღის სავალი გზა ედოთ. ღამის თორმეტი საათისთვის ნიუ-იორკში უნდა შესულიყვნენ. მათ შორის იჯდა ადამიანი, რომელიც თავისი საზიზღარი თამაშით ყველას სისხლს უშრობდა და სწორედ ამ დღეს უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ განგებას ისინი ჯერ სულ მთლად არ გაეწირა.

  ნაშუადღევს, როცა სანაპიროს მხარეს სხვა გემები შენიშნეს, თავიანთ ბინებზე დაიწყეს თამაში. ჯონიმ ყველაფერთან ერთად პიანინოც მოიგო.

  ცოტა ხნის შემდეგ თავს უფლება მისცეს, ერთი-ორი საათით მოესვენათ. ამის მერე კი კვლავ ჩაებნენ გააფთრებულ ბრძოლაში, ახლა უკვე ტანსაცმლისათვის, რომელიც ზედ ეცვათ. ნასადილევს, ასე, ხუთი საათისთვის, ცხადი გახდა, რომ თამაში კვლავ უნდა გაეგრძელებინათ. იმ კაცმა, რომელიც ბერმუდის კუნძულებზე შესვლის შემდეგ ჩაერთო თამაშში და მაშინ, როცა სხვები თავთავიანთ ჩანგლებსაც კი ვეღარ ხედავდნენ, მშვიდად მიირთმევდა, ახლა ჯონის საკუთარი ნებით შესთავაზა, ჩემს გოგოზე მეთამაშეო. ანუ – თუ ჯონი მოიგებდა, უფლება ეძლეოდა ვინმე ჯენიფერ სმიტთან ერთად წასულიყო ჰობოკენში საგუნდო სიმღერის მოყვარულთა საზოგადოების ქვრივთა მეჯლისზე, ხოლო, თუ წააგებდა, უნდა დაებრუნებინა ყველაფერი, რაც სხვებს მოუგო. ჯონი დასთანხმდა, მაგრამ ჯერ საქმის ვითარებაში გარკვევა სცადა:

  – შენ თვითონ ხომ არ წამოგვყვები?

  – არც მიფიქრია.

  – და არც გაბრაზდები?

  – არც გავბრაზდები.

  – არც მას გაუბრაზდები?

  – როგორ თუ არც მას?

  – მოკლედ, არც ჯენის გაუბრაზდები?

  – არა, ჯანდაბას, არც ჯენის გავუბრაზდები!

  და ჯონიმ ისევ მოიგო.

  როცა ითამაშებთ, მოიგებთ, მოგებულ თანხას ჯიბეში ჩაიდებთ, საზოგადოებას ქუდს მოუხდით და წახვალთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხიფათი გელოდათ და მას თავი დააღწიეთ; მაგრამ, თუ გული საგულეში გიდევთ, კვლავ ზიხართ და თქვენს პარტნიორებს ახალ-ახალ შანსებს სთავაზობთ, თუ არ ჩავთვლით იმ გამონაკლისს, რომ სიცოცხლეს უპატრონო მოხუცთა თავშესაფარში დაამთავრებთ, ივლით მთელი თქვენი ცხოვრება ასე მხარდამხარ თქვენს პარტნიორებთან ერთად და საკუთარი ხელით გაითხრით საფლავს. პოკერის თამაშის დროს ისეთივე მაგარი გული უნდა გქონდეთ, როგორიც ექსპროპრიატორს ექსპროპრიაციის ნებისმიერი ფორმით განხორციელების შემთხვევაში.

  იმ წამიდან, როდესაც ერთ-ერთმა მოთამაშემ თამაშს თავი მიანება და ჯონი მის მაგივრად ჩაერთო ამ თამაშში, იგი ყველაფერში დაჰყვა თავის პარტნიორებს. მათ ჯონი აიძულეს გაფაციცებით ედევნებინა თვალი ათასობით კარტისათვის. ისინი ზრუნავდნენ, რომ მას დაეკარგა ძილი და მოსვენება, ნაჩქარევად ეყლაპა თავისი ულუფები, როგორც მოწინავე მუშას. დიდი სიამოვნებით ჩამოუკიდებდნენ ძაფით ცხვირწინ ბიფშტექსს, რომ ჯონის ამ გაუთავებელი ექვსსაათიანი შუალედებით თამაშისგან მოუწყვეტლად ეკბიჩა იგი. ყველაფერი ეს უზომოდ ეზიზღებოდა ჯონის.

  მას მერე, რაც გოგონაზე თამაში მოათავეს, ჯონი წამოდგა. მისი აზრითაც კი მეტისმეტი იყო ყველაფერი ეს. გულუბრყვილოდ გაიფიქრა, ჩემმა მეტოქეებმაც მოათავეს თამაში, როგორც ჩანს, მათთვისაც საკმარისიაო. ჯონის პარტნიორებს კი მხოლოდ ჯონის იღბლიანობისა სჯეროდათ და ფიქრობდნენ, რომ მას პოკერის ისე გაეგებოდა, როგორც ლოკომოტივის მემანქანეს – გეოგრაფიისა. მაგრამ საქმე ისაა, რომ მემანქანე დგას ლიანდაგზე, რომელმაც ასე თუ ისე იცის გეოგრაფია: ის მიექანება ნიუ-იორკიდან ჩიკაგომდე და სხვაგან ვერსად ვერ აღმოჩნდება. ზუსტად ამ სისტემით მოიგო ჯონიმ და ახლა მისთვის მთავარი იყო, როგორმე დაებრუნებინა მოგებული თანხა თავისი მეტოქეებისთვის ისე, რომ მათთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა. ჯონის შეცდომა მისი გული იყო, მისი ზედმეტად მგრძნობიარე გული.

  დაუფიქრებლად დააბრეხვა, არ იდარდოთ, ყველაფერი ეს ხუმრობა იყოო. მათ პასუხი არ გაუციათ. ზუსტად ისე ისხდნენ, როგორც გუშინ და შეჰყურებდნენ თოლიებს, რომლებიც ახლა უფრო მომრავლებულიყვნენ.

  ჯონიმ დაასკვნა, როგორც ჩანს, 24-საათიანი პოკერის თამაში მათთვის სახუმარო საქმე არ ყოფილაო. ის მოაჯირს დაყრდნობოდა და ცდილობდა, რაიმე მოეფიქრებინა. ბოლოს მოიფიქრა კიდეც: თავის პარტნიორებს შესთავაზა: უპირველეს ყოვლისა, მოდი, განვიმუხტოთ და ერთად ვივახშმოთ. რასაკვირველია, მე გეპატიჟებითო. მას თვალწინ წარმოუდგა მხიარული ქეიფი, ნამდვილი საზეიმო ტრაპეზი. თავად უნდოდა სასმელების შეზავება, ისეთების, მუნჯსაც რომ აალაპარაკებდა. ფულზე არც უფიქრია. ხიზილალაზეც კი იზრუნა. ამ ვახშამზე ჯონი დიდ იმედებს ამყარებდა.

  მათ უარი არ უთქვამთ. დიდი აღფრთოვანებით არ შეგებებიან ჯონის ამ წინადადებას, მაგრამ მისვლა მაინც გადაწყვიტეს, მით უმეტეს, რომ ვახშმის დრო ისედაც მოახლოებულიყო.

  ჯონი სუფრის შესაკვეთად წავიდა. მზარეულთან მოსალაპარაკებლად იგი სამზარეულოში შევიდა, თან, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ეპირფერებოდა მას. ჯონის თავისთვის და თავისი მეგობრებისთვის ისეთი დიდებული სუფრის გაშლა უნდოდა, რომელიც დაჩრდილავდა ყველა იმ სუფრას, რომელიც ოდესმე გაეშალათ პირველი კლასის ყველა გემზე ჰავანასა და ნიუ-იორკს შორის. მზარეულთან ლაპარაკი ჯონის შვებას გვრიდა.

  ამ ნახევარი საათის განმავლობაში კი ზემოთ, გემბანზე, კრინტი არ დაძრულა.

  ჯონი თვითონ ხელმძღვანელობდა სუფრის გაშლას. თავისი ადგილის გვერდით საგანგებოდ დაადგმევინა პატარა მაგიდა, რომელზედაც სასმელი უნდა მდგარიყო. სკამიდან აუდგომლად უნდოდა მისი ჩამოსხმა. სტუმრების მიპატიჟება მზარეულს დაავალა.

  ისინი გულგრილი გამომეტყველებით შემოვიდნენ დარბაზში და სწრაფად მიუსხდნენ მაგიდას, თითქოს ჩვეულებრივი ვახშამი ყოფილიყოს. მხიარულად არავინ იყო. ჯონი ფიქრობდა, სუფრასთან ადამიანი ხალისდება, ვახშმის დროს ისინიც უფრო გახალისდებიანო. ჩინებული პურ-მარილი გამოდგა. მეფურად ვახშმობდნენ, მაგრამ მაინც უგემური ეჩვენებოდათ ყველაფერი. ქორფა ბოსტნეულს ისე ჭამდნენ, როგორც მუხუდოს სუფს. შემწვარ წიწილებს – როგორც ბუფეტის ქონს. თავ-თავიანთი მოსაზრებები ჰქონდათ ამ ვახშმის თაობაზე.

  უცებ ერთ-ერთმა ლამაზად მოჭიქული ფაიფურის ფიალა აიღო და იკითხა, ეს ხიზილალააო? ჯონიმ დამაჯერებლად უპასუხა, დიახ, თანაც საუკეთესო, ისეთი, როგორის შოვნაცაა შესაძლებელი ამ მიყრუებულ კიდობანზეო. კაცმა თავი დაუქნია და პირდაპირ ფიალიდან ამოჭამა ხიზილალა კოვზით. ცოტა ხნის შემდეგ ერთმა მათგანმა მეორეს საუკეთესო ხარისხის განსაკუთრებულად ლამაზად მორთული სალათი-მაიონეზი დაანახა და ორივემ ჩაიღიმა. ყველაფერი ეს და კიდევ ბევრი ამდაგვარი რამ მასპინძელს არ გამოჰპარვია.

  მხოლოდ ყავის სმის დროს მიხვდა ჯონი, რომ მათი ამ ვახშამზე დაპატიჟება მისი მხრიდან თავხედობა იყო. ის ფიქრობდა, მოგებულ ფულს მათვე დავახარჯავო. მათ კი ეს ვერც წარმოედგინათ. ისინი სწორედ ახლა დაფიქრდნენ სერიოზულად იმაზე, რომ მათ მიერ წაგებული ფული ასე უაზროდ იყრებოდა ამ ქეიფში. ეს დაახლოებით იმას მიაგავს, ქალი რომ გამოსათხოვარ ლამაზ წერილს მოგწერთ, როცა თქვენთან განშორებას გადაწყვეტს. თქვენ მას წაიკითხავთ და გესმით კიდეც თითქოს მისი, მაგრამ, დაინახავთ თუ არა, როგორ ჯდება იგი სხვა მამაკაცთან ერთად ტაქსიში, ხვდებით, რაც ხდება სინამდვილეში. ჯონი ახლა უკვე სერიოზულად დაფიქრდა.

  საღამოს რვა საათი იყო. გარედან საბუქსირო გემების საყვირის ხმები ისმოდა. ნიუ-იორკამდე ოთხი საათის გზა იდო.

  ჯონის გული ცუდს რასმე უგრძნობდა. იცოდა, რა აუტანელი იქნებოდა მისთვის გაკოტრებულ ადამიანებთან ერთად ამ მყუდროებას მოკლებულ კაიუტაში ჯდომა. ვერ მოეფიქრებინა, ასე უბრალოდ რა მოემიზეზებინა, რომ ამდგარიყო და გარეთ გასულიყო. მაგრამ ამ ვითარებაშიც გამონახა გამოსავალი: კიდევ ერთხელ შესთავაზა თავის პარტნიორებს, ვითამაშოთ, მე ყველაფერს ჩამოვდივარო.

  მათ ყავის ჭიქები დადგეს, ნახევრადდაცარიელებული კონსერვის ქილები მაგიდის კუთხეში მისწიეს და კიდევ ერთხელ ჩამოარიგეს კარტი.

  როგორც დასაწყისში, ახლაც ფულზე თამაშობდნენ, ოღონდ კოჭებს ჩამოდიოდნენ. ჯონიმ შეამჩნია, რომ ფსონის გაზრდა არც ერთს არ უფიქრია, ესკი იმას მიანიშნებდა, რომ ამ თამაშს სამივე სრული სერიოზულობით უდგებოდა.

  პირველივე ჩამორიგების შემდეგ ჯონის ხელში სტრიტი ეჭირა. მიუხედავად ამისა, მეორე წრეზე თამაშიდან გავიდა და სვლა დანარჩენებს დაუთმო. როგორც ჩანს, მართლაც ესწავლა ჭკუა.

  მეორე და მესამე ჩამორიგებაზე ფსონები საგრძნობლად გაზარდეს. ჯონი არ იმჩნევდა მათ თაღლითობას და თავს ატყუებინებდა, მაგრამ ერთ-ერთმა მას თვალი თვალში გაუყარა და უთხრა, წესიერად ითამაშეო. რამდენიმე ხელი, როგორც თამაშის დასაწყისში, ისე ითამაშა და ზუსტად ისევე მოიგო, როგორც მაშინ. მერე კვლავ მოუნდა კუდის მოქნევა. მასაც ისევე უნდოდა თავისი შანსის გამოყენება, როგორც დანარჩენებს. ისევ შეხედა თავის მეტოქეებს. ჩაიხედეს თუ არა მათ თავთავიანთ კარტში, დაყარეს ის. ახლა ჯონის მთლად წაუხდა საქციელი. ცდილობდა არ ეწყენინებინა მეგობრებისათვის, მაგრამ, როგორც კი რაიმე სვლის გაკეთებას დააპირებდა, გრძნობდა პარტნიორების გამჭოლ მზერას და ვერაფერს ბედავდა, ხოლო, როგორც კი აფორიაქდებოდა და ცუდ სვლას გააკეთებდა, ისინიც უარესად იწყებდნენ თამაშს, რადგან მხოლოდ ჯონის იღბლისა სჯეროდათ. ჯონის დამაჯერებლობა დაეკარგა, ისინი კი ამას მის თაღლითობას მიაწერდნენ. სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდნენ, რომ ჯონი მათ კატათაგვობანას ეთამაშებოდა.

  როცა უკვე ყველა სათამაშო კოჭი ჯონის წინ დალაგდა, სამივე მოთამაშე წამოდგა. მხოლოდ მოგებული იჯდა გაუნძრევლად, დაბნეული, კარტსა და კონსერვის ქილებში ჩაფლული. თერთმეტი საათი შესრულდა. ნიუ-იორკამდე ერთი საათის სავალი დარჩენილიყო.

  ოთხი მამაკაცი და ერთი დასტა ბანქოს ქაღალდი – გემის «ჰავანა – ნიუ-იორკის» კაიუტაში.

  ცოტა დრო კიდევ ჰქონდათ. რადგან კაიუტაში მძიმე ჰაერი იდგა, სუფთა ჰაერზე ჩამოაგდეს სიტყვა. გემბანზე ასვლა გადაწყვიტეს. ამ ფიქრმა ისინი უკეთეს გუნებაზე დააყენა. ჯონის ჰკითხეს, ჩვენთან ერთად ხომ არ წამოხვიდოდიო? მას არ უნდოდა გემბანზე ასვლა. როცა ეს შენიშნეს, აგრძნობინეს, რომ ამ ფაქტს ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

  და, აი, მაშინ ჯონის პირველად უღალატეს ნერვებმა და მან დიდი შეცდომა დაუშვა, იმ წამსვე რომ არ წამოდგა ადგილიდან. მათ საბაბი მიეცათ, მის სახეზე შიში ამოეკითხათ. ამან კი, თავის მხრივ, მათ ახალი გადაწყვეტილება მიაღებინა.

  ჯონიმ ხუთიოდე წუთი დააყოვნა და შემდეგაჰყვა მათ გემბანზე, ისე, რომ კრინტიც არ დაუძრავს. კიბე სიგანეში მხოლოდ ორ კაცს იტევდა. ამიტომ ერთი წინ მიუძღოდა ჯონის, ერთი – უკან მისდევდა, ერთი კი მასთან ერთად მიუყვებოდა კიბეს.

  ზემოთ ავიდნენ. გრილი და ნისლიანი ღამე ჩამოწოლილიყო. გემბანი სველი იყო და მოლიპული. ჯონის უხაროდა, შუაში რომ მოიქციეს.

  შტურვალს ჩაუარეს, იქ მეზღვაური იდგა. მან ისინი ვერც კი შეამჩნია. როცა მეზღვაურს ოთხიოდე ნაბიჯით გასცდნენ, ჯონის ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს რაღაც გაუშვა ხელიდან. ამასობაში კიჩოს ჩაუარეს და ბორტს მიუახლოვდნენ. ბორტთან რომ შეჩერდნენ, ჯონის მოუნდა თავისი ჩანაფიქრი შეესრულებინა და ეყვირა, მაგრამ ეს არ გააკეთა. ამაში რატომღაც ნისლმა შეუშალა ხელი, რადგან, როცა ადამიანი ცუდად ხედავს, ჰგონია, რომ მისი არც ესმით.

  ჯონის ხელი ჰკრეს და ბორტიდან წყალში გადააგდეს. მერე ისევ კაიუტაში შევიდნენ.  

  სამი მამაკაცი და ერთი დასტა ბანქოს ქაღალდი – გზად ნიუ-იორკიდან ჰავანაში. ჭამდნენ ნახევრადდაცარიელებული კონსერვის ქილებიდან თავ-თავიანთ ულუფებს, უჭახუნებდნენ ერთმანეთს ნახევრადჩაცლილ ჭიქებს და საკუთარ თავს სათითაოდ ეკითხებოდნენ: ნეტა, იცის ჯონი ბეიკერმა, რომელიც ეს-ესაა ბორტის წითელ ნათებასთან ერთად გაუჩინარდა წყალში, ისეთივე კარგი ცურვა, როგორიც პოკერის თამაშიო?

 მაგრამ, როცა ამქვეყნად მეტისმეტად გწყალობს ბედი, ისე კარგად ვერასდროს გაცურავ, რომ ადამიანებისგან დაიხსნა თავი.

 

 

 

კეისარ მალათესტას სიკვდილი

 

  თოთხმეტი წლის იყო კეისარი მალათესტა, როცა არცთუ ისე დიდი ქალაქის, კაზერტას, მმართველი გახდა. ხოლო ჩვიდმეტი წლისამ, როგორც კამპანას ისტორიული ქრონიკა იუწყება, მოკლა თავისი ძმა, რომელიც მასზე ორი წლით უმცროსი იყო. ოცი წლის განმავლობაში სიმამაცისა და მოსწრებული ენის წყალობით ზრდიდა იგი თავის ძალაუფლებასა და ქონებას. მისი სახელი კი შიშის ზარს სცემდა იმათაც კი, ვისაც იგი უყვარდა. ეშინოდათ მისი არა მხოლოდ იმ სისასტიკის გამო, რომელსაც იგი მათ მიმართ იჩენდა, არამედ მათგან მიყენებული ტკივილების გამო, რომელთა ატანაც თავად შეეძლო.

  მაგრამ ოცდათერთმეტი წლისა ისეთ უმნიშვნელო, მაგრამ უსიამოვნო ამბავში გაება, რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში იგი სიკვდილის პირას მიიყვანა. დღეს მთელს კამპანაში იგი იტალიის სირცხვილად, რომის ტკივილად და შავ ლაქად მოიხსენიება.

  ეს ამბავი ასე მოხდა:

  ფრანჩესკო გაიუსთან ერთ-ერთი საუბრის დროს მალათესტა ვიღაც-ვიღაცებს მწარედ კბენდა, მისი სტუმარი კი ამაზე მშვენივრად ხალისობდა. მალათესტამ პაპის ერთი შორეული ნათესავიც გააშაყირა. რას იფიქრებდა, რომ ეს კაცი გაიუსის ნათესავიც აღმოჩნდებოდა. გაიუსი ცნობილი იყო არა მხოლოდ თავისი მოხდენილი ცხოვრების წესით, არამედ – საშინელი გარეწრობითაც. მან არაფერი შეიმჩნია. სტუმარი და მასპინძელი ერთმანეთს მეგობრულად და ზედმიწევნით გულთბილად გამოემშვიდობნენ, თანაც შეთანხმდნენ, რომ შემოდგომაზე ერთად წავიდოდნენ სანადიროდ. ამ შეხვედრის შემდეგ კეისარ მალათესტას სამი წლის სიცოცხლეღა ეწერა. იმ მიზეზით, რომ ამ დროისთვის გაიუსი კარდინალი გამხდარიყო და თავიდან ფეხებამდე ფინანსურ საქმეებში იყო ჩაბმული, თუ უბრალოდ ეზარებოდაქალაქიდან გასვლა, კეისარ მალათესტას მის შესახებ არაფერი სმენია, თუ არ ჩავთვლით ერთ ზრდილობიან, მაგრამ მშრალ წერილს, რომელშიც გაიუსი ბოდიშს იხდიდა იმის გამო, რომ არ ეძლეოდა საშუალება, მონაწილეობა მიეღო დათქმულ ნადირობაში.

  ხსენებული საუბრიდან გამოხდა ორ ნახევარი წელი. ფრანჩესკო გაიუსმა ჯარის შეგროვება დაიწყო. არავინ უწყოდა მთელს კამპანაში, ვის წინააღმდეგ იარაღდებოდა იგი. თავად კი თავისი გეგმების შესახებ კრინტსაც არ ძრავდა, მაგრამ, რადგან პაპის ხელშეწყობით მოქმედებდა, ყველა ფიქრობდა, თურქებზე ან გერმანელებზე აპირებს იერიშის მიტანასო.

  როცა კეისარმა მალათესტამ შეიტყო, რომ კარდინალის ჯარს კაზერტაზე უნდა გაევლო, მის შესახვედრად რამდენიმე კაცი აფრინა, რომლებსაც თან გულითადი მიპატიჟების წერილიც გაატანა. არც ერთი შიკრიკი უკან აღარ დაბრუნებულა.

  ამ დროს კეისარს ერთი უტიფარი ბერისგან თავი ჰქონდა მობეზრებული. ეს ბერი კაზერტას ახლოს ერთ პატარა სოფელში იქ თავმოყრილი ხალხის თვალწინ მას საქვეყნოდ და ყოვლად უშვერი სიტყვებით თათხავდა. კეისარმა მისი დაჭერა და საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა, მაგრამ რამდენიმე დღეში ბერი ციხიდან გაიქცა და თან კეისრის გუშაგებიც გაიყოლა. კეისარი განცვიფრებული დარჩა იმით, რომ მისი საუკეთესო ოთხი მსახური ისეთ კაცს აედევნა, რომელიც მათ ასე ულანძღავდა პატრონს. მაგრამ მისი განცვიფრება ერთიორად გაიზარდა, როცა ერთ მშვენიერ დილას კიდევ სამი მსახური ვეღარ აღმოაჩინა. მათ შორის ერთი ისეთი, რომელიც ჯერ კიდევ მამამისს ემსახურებოდა.

  როცა მოსაღამოვებულს კეისარი სასახლიდან გადიოდა და გალავანზე სეირნობდა, ხედავდა, როგორ შეკრებილიყო ხალხი ქუჩაში და როგორ ლანძღავდა მას, ხოლო, როცა გაიუსის ჯარი ორი საათის სავალზე მიუახლოვდა კაზერტას, კეისარმა სრულიად შემთხვევით მოჰკრა ყური ვიღაც გლეხის ლაპარაკს, გაიუსი მალათესტას დასალაშქრად მოდისო. ესეც არ დაიჯერა მანამ, სანამ ვიღაც ვიგინდარამ სასახლის გალავნის ალაყაფს არ მიაკრა ქაღალდი, რომელშიც ფრანჩესკო გაიუსი მალათესტას ყველა მოსამსახურისა და ჯარისკაცისაგან სასახლის დატოვებას მოითხოვდა. ამ ქაღალდიდან ისიც შეიტყო, რომ პაპმა მისი ეკლესიიდან განკვეთა და სიკვდილით დასჯა ბრძანა. დილით, როცა ეს ბრძანება იქნა წაკითხული, სასახლიდან ყველა მოსამსახურე გაქრა. ასე დაიწყო ერთი ადამიანის უცნაური და უჩვეულო შეპყრობა, რომელიც იმ საუკუნემ ხუმრობად ჩათვალა და სასაცილოდ გაიხადა.

  ნასადილევს კაზერტას შემოვლის შემდეგ გაოგნებულმა კეისარმა აღმოაჩინა, რომ ადამიანის ჭაჭანება არ იყო არც ერთ სახლში და, როცა იგი, გაუცხოებული თავის საკუთარ ქალაქში, დაობლებულ სასახლეში აჩქარებული ნაბიჯით ბრუნდებოდა, მხოლოდ უპატრონო ძაღლების ხროვა მოსდევდა კუდში. საღამოს კოშკიდან დაინახა, როგორ შემოარტყა გაიუსის ჯარმა ალყა მიტოვებულ ქალაქს.

  კეისარმა თვითონ ჩარაზა ურდულით სასახლის მძიმე კარი და არ უვახშმია (შუადღიდან სასახლეში აღარავინ დარჩენილიყო, რომ მისთვის საჭმელი დაემზადებინა), ისე დაწვა დასაძინებლად. ძალიან ცუდად ეძინა. შუაღამემ ჩამოჰკრა თუ არა, შეშფოთებული წამოფრინდა ზეზე, რათა შეეხედა იქ დაბანაკებული არცთუ ისე მცირერიცხოვანი ჯარისთვის, რომელიც უმიზეზო ავადმყოფობასავით დაიტეხა თავს. დაინახა, რომ, მიუხედავად გვიანი ღამისა, ბანაკში ალაგ-ალაგ კოცონი გაეჩაღებინათ და მთვრალების სიმღერაც შემოესმა.

  დილით სიმინდი მოიხარშა. მართალია, დაეხრაკა, მაგრამ მაინც ხარბად შეექცეოდა. ჯერ საჭმლის კეთება არ ესწავლა, თუმცა სიკვდილამდე მაინც მოასწრო, ამ საქმიანობას დაუფლებოდა. მთელი დღე სასახლის გამაგრებას მოანდომა. გალავნის გასწვრივ ისე აწყობდა ლოდებს, რომ ადვილად შეძლებოდა თანდათანობით მათი ქვემოთ ჩაყრა. განიერი მოძრავი ხიდის მარტო აწევა შეუძლებელი იყო, მაგრამ ამისი გაკეთება მაინც მოახერხა იმ ორი ცხენის დახმარებით, რომლებიც შემორჩენოდა. ხიდის მაგივრად მხოლოდ ვიწრო ხის მორი გასდო, რომლის გადაგდებას ფეხის ერთი გაკვრითაც ადვილად შეძლებდა.

  საღამო ხანს ქალაქში აღარ გადიოდა, თავდასხმების ეშინოდა. მთელ დღეებს მაღალ კოშკში ატარებდა და იქიდან უთვალთვალებდა მტერს. განსაკუთრებულს ვერაფერს ამჩნევდა. ქალაქი ჩამკვდარიყო. მისი გალავნის ძირას დაბანაკებული მტერი, როგორც ჩანს, ხანგრძლივი ალყისთვის ემზადებოდა.

  ერთხელ, როცა კეისარი გალავნის პირას დასეირნობდა, დრო კი მისთვის ძალიან ნელა მიიზლაზნებოდა, რამდენიმე მოისარმა ერთდროულად ესროლა. ჩაეცინა, სუყველამ როგორ ამაცდინაო?! ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო, რომ ისინი სწორედ ამ აცდენაში ვარჯიშობდნენ.

  შემოდგომა იდგა. კამპანის მინდვრებში მოსავალი უკვე აეღოთ და მშვენივრად ჩანდა, როგორ გაეჩაღებინათ რთველი მოპირდაპირე ბორცვზე. გლეხებისა და ჯარისკაცების სიმღერა ერთმანეთს ერთვოდა და კაზერტას მკვიდრთაგან, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი კვირის წინათ იქ ცხოვრობდნენ, უკან არავინ დაბრუნებულა. თითქოს უეცრად შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა და, ერთადერთი კაცის გარდა, ყველა გაწყვიტაო.

  ალყამ სამი კვირა გასტანა. გაიუსს დრო გაჰყავდა. მისი ხუმრობის მიზანი და არსი ის იყო, რომ ალყაშემორტყმულ ტყვეს თვალი გადაევლო თავისი განვლილი ცხოვრებისთვის და მიმხვდარიყო, რა წუთს დაუშვა საბედისწერო შეცდომა. გარდა ამისა, გაიუსი უცდიდა, როდის მოიყრიდა თავს მთელი კამპანას მოსახლეობა იმ სანახაობაზე, რომელსაც კეისარ მალათესტას სიკვდილით დასჯა დაერქმეოდა (ხალხი მოდიოდა ცოლშვილიანად ფლორენციიდან, ნეაპოლიდანაც კი).

  სამი კვირის განმავლობაში მოედინებოდა გლეხებისა და ქალაქელების ნაკადი სხვადასხვა მხარეებიდან, გროვდებოდა გამაგრებული ბორცვის ქვეშ, რომელზეც კაზერტა იყო გაშენებული, იშვერდა მისკენ ხელებს და იცინოდა.

  ამ სამი კვირის განმავლობაში ალყაშემორტყმული ტყვე ყოველ დილა-საღამოს გალავნის გასწვრივ დასეირნობდა. ტანისამოსი შელახოდა, ალბათ, ჩაცმულს ეძინა. სიარულიც მოთენთოდა, დამშეული ჩანდა. სახეს კი შორი მანძილიდან ვერ დაუნახავდა კაცი.

  სამი კვირის თავზე გარეთ მდგომმა ხალხმა დაინახა, როგორ ჩაუშვა ხიდი. მომდევნო სამდღე-ნახევარი რაღაცას გაჰყვიროდა თავისი კოშკიდან, მაგრამ რას, ასე შორიდან ვერ გაარჩევდი. ეს დღეები არც გალავნიდან გადმომდგარა და არც კოშკიდან გამოსულა გარეთ.

  ალყის ბოლო დღეებში – უკვე მეოთხე კვირა დაწყებულიყო – კაზერტას ძირას, ბანაკში, ათასი ჯურის კაცს მოეყარა თავი მთელი კამპანადან. კეისარი, ცხენზე ამხედრებული, საათობით დასეირნობდა გალავნის თავზე. ბანაკში არცთუ ისე უსაფუძვლოდ ფიქრობდნენ, კეისარი ისე დასუსტდა, რომ ფეხზე ვეღარ დგასო.

  შემდგომში, როცა ყველაფერი ჩათავდა და კაზერტელები თავთავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ, ჰყვებოდნენ, რომ ზოგიერთები მაინც არ ეპუებოდნენ ფრანჩესკოს რისხვას, მიდიოდნენ ჩუმად გალავანთან და უყურებდნენ, როგორ იდგა კეისარი გალავანზე და უსმენდნენ, როგორ უხმობდა იგი ღმერთსა და ეშმაკს, რათა მიეღოთ მისი ტანჯული სული. და, ალბათ, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვერც მიმხვდარიყო, რა ხდებოდა მის თავს. თუმცა, შესაძლოა, არც კი დაბადებია ეს კითხვა.

  ალყის ოცდამეექვსე დღეს დიდის ვაი-ვაგლახით აწია ხიდი. ორი დღის შემდეგ კი შედგა გალავანზე და იქიდან გადმოაფსა.

  ოცდამეცხრე დღეს, დილით, დაახლოებით თერთმეტ საათზე, იგი სიკვდილით დასაჯეს. მას სამი ჯალათი კლავდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია არცერთისათვის. გაიუსმა, რომელიც, სხვათა შორის, ადრე წავიდა და არ დალოდებია თავის ბოლო, ცოტა არ იყოს, იაფფასიან ხუმრობას, ბრძანა კაზერტას ბაზრის მოედანზე აღემართათ სვეტი, რომელზეც ეწერებოდა: «აქ ფრანჩესკო გაიუსმა სიკვდილით დასაჯა კეისარი მალათესტა, – იტალიის სირცხვილი, რომის ტკივილი და შავი ლაქა.»

  ასე მიაგო პატივი ფრანჩესკო გაიუსმა თავის შორეულ ნათესავს, ხოლო საკმაოდ დამსახურებული კაცი, რომელმაც იგი აუგად მოიხსენია, იტალიას საუკუნოდ დაამახსოვრა, როგორც ავტორი იმ ხუმრობისა, რომელიც გაიუსმა გარკვეული მიზეზების გამო ვითომ მიივიწყა, მაგრამ დაუსჯელი არ დაუტოვებია.

 

 

 

ჯარისკაცი ლა-სიოტადან

 

  პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მაშინ, როცა ზღვაში ახალი გემის შეცურების აღსანიშნავი სახალხო სეირნობა გაიმართა, სამხრეთ საფრანგეთის პატარა საპორტო ქალაქ ლა-სიოტას მოედანზე ჩვენ ფრანგი ჯარისკაცის ბრინჯაოს ქანდაკება შევნიშნეთ. მის ირგვლივ ხალხი ირეოდა. როცა მივუახლოვდით, აღმოვაჩინეთ, რომ ეს იყო ცოცხალი ადამიანი, რომელიც ივლისის თაკარა მზის ქვეშ გაუნძრევლად იდგა ქვის კვარცხლბეკზე.

  მას მოყვითალო-ყავისფერი ქულაჯა ეცვა, თავზე ლითონის ჩაფხუტი ეხურა, ხელში ხიშტიანი შაშხანა ეჭირა, სახე და ხელები კი ბრინჯაოსფერი ჰქონდა. გაჯგიმული იდგა და სახეზე ერთი კუნთიც არ უტოკავდა. კვარცხლბეკზე მის ფეხებთან მიემაგრებინათ მუყაოს ნაგლეჯი, რომელზეც ეწერა:

 

 

 

 

ადამიანი-ქანდაკება

(Homme-Statue)

 

  მე ვარ შარლ-ლუი ფრანშერი, პოლკის ჯარისკაცი, ვერდენთან კონტუზია მივიღე და შევიძინე საოცარი უნარი, გავძლო სრულიად უმოძრაოდ და ვიდგე ქანდაკებასავით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. მრავალმა პროფესორმა შეისწავლა ჩემი ეს უნარი და ის უჩვეულო დაავადებად მიიჩნია. გთხოვთ, მიწყალობოთ, რამდენსაც შეძლებთ და დამეხმაროთ უმუშევარ მეოჯახეს.

    კვარცხლბეკთან ჯამი იდგა. ჩვენ შიგ მონეტა ჩავაგდეთ და აღშფოთებულებმა თავის ქიცინ-ქიცინით გზა განვაგრძეთ.

  აი, ვფიქრობდით ჩვენთვის, დგას კბილებამდე შეიარაღებული, მრავალი ათასწლეულის ხნის უძლეველი ჯარისკაცი. ის, ვინც ქმნიდა ისტორიას, ეხმარებოდა ალექსანდრეს ყველა დიდ საქმეში; კეისარსა და ნაპოლეონს, რომელთა შესახებ ჩვენ სასკოლო სახელმძღვანელოებში თუ წავიკითხავთ. იგია, ასე უძრავად რომ დგას და წარბიც არ უტოკავს. ის არის კიროსის მოისარი და დამტარებელი კამბიზის საომარი ეტლისა, რომელიც უდაბნოს ქვიშას ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ დაუფარავს. ის კეისრის ლეგიონერია, ჩინგიზ-ყაენის ხმლიანი მხედარი, ლუდოვიკო XIV-ის კარზე მომსახურე შვეიცარელი და ნაპოლეონ I-ის გრენადერი. ის არცთუ ისე იშვიათი ნიჭის პატრონია – შეუძლია იდგეს უძრავად მაშინ, როცა მასზე გამანადგურებელ იარაღს ცდიან, ყველანაირს, რომელიც ოდესმე არსებულა. როცა მას სიკვდილზე გზავნიან, ის მტკიცეა, როგორც სალი კლდე (თუ თავად მას დავუჯერებთ). განგმირულია ყველა საუკუნის – ქვის ხანისა, ბრინჯაოსი თუ რკინის ლახვრით. მას გადაუარეს ალექსანდრესა და გენერალ ლუდენდორფის საომარმა ეტლებმა, ჰანიბალის სპილოებმა და ატილას ესკადრონებმა. რომ არაფერი ვთქვათ კატაპულტებიდან გამოტყორცნილ ლოდებზე, მას ფლეთდნენ სხვადასხვა იარაღიდან ამოფრქვეული რკინის ნაგლეჯები, რომლებსაც საუკუნეთა მანძილზე ხვეწდნენ. მას უმიზნებდნენ ტყვიებს, დიდრონებს – მტრედის კვერცხისოდენებსა და ფუტკრებივით პაწაწინებს.

  და აი, ის მაინც დგას, უძლეველი, ყველა ენაზე გაცემული ბრძანებების მორჩილი. იმ ბრძანებებისა, რომლებიც, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ღმერთმა უწყის, რატომ გაიცა და რისთვის. ის არასდროს დაჰპატრონებია მის მიერვე დაპყრობილ მიწებს, ისევე, როგორც კალატოზი სახლს, რომელიც თავად ააშენა. მას თავისი იარაღი და აღჭურვილობაც კი არ ეკუთვნის. დგას ის და თვითმფრინავებიდან აწვიმს სიკვდილის წვიმა, ესხმება გალავნებიდან ადუღებული ფისი. დგას სამგლე ორმოზე და დანაღმულ მიწაზე, სუნთქავს იპრიტსა და შავ ჭირს. ის კავალერიის ხმლებისთვის განკუთვნილი ცოცხალი ფიტულია, ცოცხალი სამიზნე. მას ებრძვიან ტანკები და ტყვიამფრქვევები. პირისპირ მტერი უდგას, ზურგსუკან – გენერალი.

  ვინ მოთვლის, რამდენი ხელი უკერავდა მას მუნდირსა და ჩექმას, უქსოვდა აბჯარს! რა ულევია ის სიმდიდრე, რომელიც მისი წყალობით სხვის ჯიბეებში ჩაედინებოდა! ვინ დაითვლის, დედამიწაზე არსებულ რამდენ ენაზე გაცემულა მისთვის განკუთვნილი გამამხნევებელი შეძახილები! არ არსებობს ღმერთი, რომელსაც ის არ დაელოცოს! ის – რომელიც შეჭმული ჰყავს მძვინვარე კეთროვან თმენას, დამარცხებული – უსულგულობის განუკურნებელ სენს!

  ნეტა რა არის ეს კონტუზია, რომელმაც შვა ასეთი დაავადება, ასეთი საშინელი, უცნაური, გადამდები ავადმყოფობა?

  ჩვენ კი მაინც ვეკითხებით საკუთარ თავს: იქნებ მაინც შეიძლება მისგან განკურნება?

 

 

 

 

ღვთის წყალობა

 

  აიღეთ თქვენი სკამები, ჩაის ჭიქები და მოჩოჩდით ღუმელთან, თან რომის წამოღებაც არ დაგავიწყდეთ. როცა სიცივის შესახებ მოგითხრობენ, თბილად ყოფნა სულაც არ გაწყენთ.

  ზოგიერთ ადამიანს, უპირველეს ყოვლისა კი, მამაკაცების გარკვეულ კატეგორიას, რომელიც ებრძვის სენტიმენტალიზმს, შობის დღესასწაულის მიმართ გააფთრებული ანტიპათია უჩნდება. მაგრამ ერთი შობადღე მთელი სიცოცხლის მანძილზე უთუოდ საუკეთესო მოგონებად დამრჩება. ეს იყო შობის ღამე 1908 წლის ჩიკაგოში.

  ამ ქალაქში ნოემბრის დასაწყისში ჩავედი. როცა იქაური საერთო მდგომარეობის შესახებ გავიკითხე, მაშინვე მითხრეს, ამ ისედაც საკმაოდ უსიამოვნო ქალაქში უმკაცრესი ზამთარია მოსალოდნელიო. როცა ვიკითხე, ცეცხლფარეშებს რა შანსები აქვთ-მეთქი, მითხრეს – არავითარიო. ღამის გასათევს ვეძებდი, ყველაფერი მეძვირა. ამგვარი რამ 1908 წლის ზამთრის ჩიკაგოში საკუთარ ტყავზე ბევრმა იგემა, თითქმის ყველა ხელობის ადამიანმა.

  მიჩიგანის ტბის მხრიდან მთელი დეკემბერი საშინელი ქარი ქროდა. თვის ბოლოსთვის დახურეს უამრავი ხორცის მაღაზია და საწარმო, უმუშევართა დიდი ტალღა კი ცივ ქუჩებში გამოყარეს.

  დილიდან დაღამებამდე ქალაქის სხვადასხვა კვარტალში დავწანწალებდით, სასოწარკვეთილნი ვეძებდით რაიმე სამუშაოს და გვიხაროდა, როცა სასაკლაოს უბნის ერთ პაწაწინა, ხალხით გაჭედილ დუქანში შევაფარებდით ხოლმე თავს. იქ ოდნავ ვთბებოდით მაინც და მშვიდად ყოფნაც შეგვეძლო. ავიღებდით ერთ ჭიქა ვისკის და ვისხედით მანამ, სანამ არ მოგვწყინდებოდა. ხოლო ამ ჭიქა ვისკის საყიდლად მთელი დღის განმავლობაში ყველაფერში ფულს ვზოგავდით. ამასთანავე, სითბო, ხმაური და მეგობრები – ეს იყო იმედი, რომელიც ჯერ კიდევ შეგვრჩენოდა.

  იმ წლის დამდეგი შობის საღამოსაც იქ ვისხედით. დუქანი ჩვეულებრივზე უფრო იყო გადატენილი, ვისკი – უფრო წყალწყალა, ხოლო საზოგადოება – კიდევ უფრო სასოწარკვეთილი. არც სტუმარს და არც მასპინძელს საზეიმო განწყობილება აშკარად არ ეტყობოდა. სტუმრის პრობლემა ის გახლდათ, რომ ეს ერთი ჭიქა ვისკი მთელი ღამე გამოეზოგა, ხოლო მასპინძლისა – ისინი, ვისაც წინ ცარიელი ჭიქები ელაგა, როგორმე კარში გაესვა.

  ათი საათისათვის დუქანში ორმა თუ სამმა ბიჭმა შემოაბოტა. ეშმაკმა უწყის, რა გზით ნაშოვნი ფული ედოთ ჯიბეში. ის-ის იყო, შობა უნდა დამდგარიყო. ჰაერში სენტიმენტალიზმი დაფრინავდა და ბიჭებმაც მთელი იქ მყოფი საზოგადოება რამდენიმე ჭიქა ვისკიზე დაპატიჟეს. ხუთი წუთის შემდეგ იქაურობას კაცი ვეღარ იცნობდა.

  ყველამ აიღო თავისი კუთვნილი ვისკი (თანაც გაშმაგებით ადევნებდნენ თვალყურს, რომ სასმელი მათთვის კეთილსინდისიერად ჩამოესხათ), შეაერთეს მაგიდები და იქვე მჯდომ, დუქანში მომუშავე გათოშილ გოგოს სთხოვეს, იცეკვეო. თავად ამ ზეიმში მონაწილენი კი ტაქტს ტაშის ცემას აყოლებდნენ. რას გააწყობდი, თუკი თვით ეშმაკს უნდოდა ამ თამაშში მონაწილეობის მიღება. ჰოდა, განწყობილებაც შესაბამისი შეიქნა.

  დიახ, მთელი ეს ღონისძიება პირველივე წუთებიდან ბოროტებას ემსახურებოდა. ეს ბოროტება კი მიმართული იყო იმათ მიმართ, ვისთვისაც საჩუქრების გადაცემა იყო ჩაფიქრებული და ვინც ამას თავად დანებდა. ყველა აღგზნებული ჩანდა. ამ ზეიმის მსხვერპლთ კეთილი თვალით არავინ უყურებდა. მუქთა ვისკის პირველივე ჭიქების გამოცლის შემდეგ დაისახა გეგმა, ჩატარებულიყო ჭეშმარიტი საშობაო დასაჩუქრება, როგორც იტყვიან – მაღალი სტილის დემონსტრირება.

  საჩუქრების არჩევანი ფრიად მწირი გვქონდა. ამიტომ ყურადღება მათ ღირებულებაზე კი არ უნდა გამახვილებულიყო, არამედ იმაზე, რომ ისინი ამა თუ იმ ადამიანისათვის შესაფერისი გამომდგარიყო. უფრო მეტიც – ღრმა შინაარსი ჰქონოდა. ჰოდა, დუქნის მეპატრონეს ვაჩუქეთ დოქი, სავსე გარედან შემოტანილი თოვლ-ჭყაპით, რომელიც ეზოში ბლომად იდო, აქაოდა, ეს დოქი მომავალ წელსაც გაგევსოს ასეთივე წყალწყალა ვისკითო. კელნერს ვაჩუქეთ ნახმარი დაჭყლეტილი კონსერვის ქილა, რომ მისი სახით სადილის სერვიზის ერთი ნორმალური ნაჭერი მაინც ჰქონოდა, დუქნის გოგოს – კბილებიანი დანა, რათა ამ დანით საპუდრიდან წინა წლებში შემორჩენილი პუდრი ამოეფხიკა. ყველა ამ საჩუქარს დამსწრე საზოგადოება, თუ არ ჩავთვლით თავად დასაჩუქრებულებს, გამომწვევი აპლოდისმენტებით შეეგება. მაგრამ მთავარი ხუმრობა ჯერ კიდევ წინ იყო.

  საქმე ის გახლდათ, რომ ჩვენ შორის იყო კაცი, რომელსაც აშკარად რაღაც ღრღნიდა. იგი ყოველ საღამოს დუქანში იჯდა. მისი გულგრილობა ყველაფრის მიმართ ბადებდა ეჭვს, რომ ამ კაცს უთუოდ ტანჯავდა რაღაცის გადაულახავი შიში, რომელიც უეჭველად პოლიციასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ყოველი ჩვენგანი ატყობდა, რომ ის კარგ დღეში ნამდვილად არ იყო.

   ამ კაცისთვის განსაკუთრებული რამ მოვიფიქრეთ: მეპატრონის ნებართვით, ძველი მისამართების წიგნიდან ამოვხიეთ სამი ფურცელი, რომლებზეც მხოლოდ პოლიციის განყოფილებები იყო ჩამოწერილი. საგულდაგულოდ გავახვიეთ ეს ფურცლები გაზეთში და ჩვენს კაცს მივაწოდეთ. სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. კაცმა პაკეტი ზანტად გამოგვართვა და გამყინავი ღიმილით აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა. შევამჩნიე, როგორ სინჯავდა პაკეტს თითებით, სანამ გახსნიდა. უნდოდა გაეგო, რა იდო შიგ, მაგრამ მერე ძალიან სწრაფად გახსნა ის და მაშინ მოხდა საოცრება: როგორც კი ხელი წაავლო თასმას, რომლითაც «საჩუქარი» იყო შეკრული, მისი გულგრილი მზერა მოხვდა გაზეთს, რომელშიც ეს ავადსახსენებელი ფურცლები იყო გახვეული. უეცრად გამომეტყველება შეეცვალა. მთელი მისი გაწელილი სხეული (იგი საოცარი აყლაყუდა იყო) თითქოს ამ გაზეთთან ერთად დაიგრაგნა. თავი მძიმედ ჩაქინდრა და კითხვა დაიწყო. არც შემდეგ და არც მანამდე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც ასეთი გატაცებით ეკითხოს რაიმე. მერე თავი მაღლა აწია და ... არც შემდეგ და არც მანამდე არ მინახავს ასე სახეგაბრწყინებული ადამიანი.

  «აი, ახლა, ამ გაზეთში ვკითხულობ,»– თქვა მან გაბზარული, ნაძალადევად მშვიდი ხმით, რომელიც მისი გაცისკროვნებული გამომეტყველებისათვის სასაცილოდ შეუსაბამო იყო, – რომ, თურმე, მთელი ეს ამბავი კარგა ხნის გარკვეული ყოფილა. ოჰაიოში ყველამ იცის, რომ მე ამ საქმესთან კავშირი არ მქონია». და გაიცინა.

  ჩვენ კი, ყველანი, ვინც იქ ვიდექით გაოგნებულები, სულ სხვა რამეს მოველოდით. მივხვდით, რომ ამ კაცს რაღაცაში ბრალი ედებოდა და სწორედ ამ წუთებში შეიტყო გაზეთიდან, რომ, თურმე, რეაბილიტირებული ყოფილა. უეცრად ყველამ მასთან ერთად მთელი გულითა და სულით დავიწყეთ სიცილი.

  ქეიფი კიდევ უფრო გახურდა. სულ მთლად მიგვავიწყდა ერთმანეთისთვის მიყენებული ტკივილები და მშვენივრად მოვულხინეთ. დროსტარებამ დილამდე გასტანა. ყველა კმაყოფილი დარჩა.

  და ამ საერთო კმაყოფილებაში, რასაკვირველია, არავის მოსვლია თავში, რომ ხსენებული გაზეთის ფურცელი ჩვენი ნაპოვნი კი არ იყო, არამედ – ღვთისა.

 

 

 

 

 

ძველი ქუდი

 

  პარიზში ჩემი «სამგროშიანი ოპერის» რეპეტიციის დროს თვალში იმთავითვე ერთი ახალგაზრდა მსახიობი მომხვდა. იგი თამაშობდა ფილხს – დაბეჩავებულ ყმაწვილს, რომელიც ცდილობს ჭეშმარიტი მათხოვრის ხელობის დაუფლებას. მსახიობმა სხვებთან შედარებით რეპეტიციას ადვილად გაართვა თავი. იქცეოდა ფრთხილად და მოზომილად, უსმენდა საკუთარ თავს და მაყურებლის ყურადღება მის მიერ აღმოჩენილ ადამიანურ თვისებებზე გადაჰქონდა. სულაც არ გამკვირვებია, როცა ერთ მშვენიერ დილას მთავარი როლის შემსრულებელთან ერთად ვნახე იგი საგრიმიოროში შესული, ისე, რომ მისთვის ეს არავის დაუვალებია. თავაზიანად მითხრა, ჩემი როლისთვის ქუდი უნდა შევარჩიოო. სანამ მე მთავარი როლის შემსრულებელ ქალს კოსტიუმის ამორჩევაში ვეხმარებოდი, რამაც რამდენიმე საათს გასტანა, ცალი თვალით ვუთვალთვალებდი, თუ როგორ არჩევდა ახალგაზრდა ქუდს. მან თავის საქმიანობაში გარდერობის მომსახურე პერსონალიც ჩააბა და ძალიან მალე მის წინ ქუდების მთელი გროვა ეწყო. თითქმის ერთი საათის განმავლობაში მთელი ამ გროვიდან ორ ქუდს ათვალიერებდა. ახლა ამ ორიდან ერთ-ერთი უნდა ამოერჩია. ამასაც ერთი საათი მოანდომა. არასოდეს დამავიწყდება ის ტანჯული გამომეტყველება, რომელიც მას დამშეულ და მრავლისმთქმელ სახეზე ედო. ასე ადვილად ვერ მიეღო გადაწყვეტილება. ყოყმანობდა, აიღო ერთი მათგანი და უყურებდა იმ კაცის გამომეტყველებით, რომელსაც თითქოს თავისი სიმწრით ნაგროვები უკანასკნელი ფული ისეთ საჭოჭმანო საქმეში ჩაედო, რომლისგანაც მოგებას არც უნდა მოელოდეს. მერე ყოყმანითვე დადო უკან, თუმცა არც ის იყო გამორიცხული, კვლავ რომ აეღო. ეს ქუდი, რასაკვირველია, სულაც არ იყო უბადლო, მაგრამ სხვებს, როგორც ჩანს, სჯობდა. მეორეს მხრივ, საუკეთესოდაც რომ მიგვეჩნია, მაინც არ იყო სრულყოფილი. მერე ხელი დაავლო მეორე ქუდს, რომელიც ცოტა ხნის წინათ განზე გადადო ისე, რომ პირველისთვის თვალი არ მოუწყვეტია. ამ ქუდს, როგორც ჩანს, რაღაც უპირატესობა ჰქონდა, თუმცა ეს უპირატესობა და იმ პირველი ქუდის წუნი სრულიად სხვადასხვა სახისა უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ უჭირდა ამ ორიდან ერთის ამორჩევა. ამ ქუდს უნდა გამოეხატა ადამიანის დაბეჩავების სტადიების ყველა ნიუანსი, ძნელად შესამჩნევი უცხო თვალისათვის. ამ ორი ქუდიდან ერთი, ალბათ, თავის დროზე მეორეზე ძვირფასი იქნებოდა, მაგრამ ახლა მასზე უფრო გაქუცული ჩანდა. ნეტა, ფილხს ოდესმე თუ ჰქონია ძვირფასი ქუდი? ან თუნდაც უკეთესი, ვიდრე ის მეორე ქუდი იყო. ნეტა, რამდენად შელახული იქნებოდა იგი? უვლიდა, ნეტა, საწყალი ფილხი თავის ქუდს? ექნებოდა კი მისი მოვლის თავი? ეხურა საერთოდ ფილხს ქუდი ოდესმე, კარგ დროს? ან კი რა ხნის წინათ იყო ეს კარგი დროება? რამდენ ხანს შეძლებდა ამ ქუდის ტარებას? ფილხს საყელო რომ არ სჭირდებოდა, ეს ერთ-ერთ ძილგატეხილ ღამეს გადაწყდა: ჭუჭყიან საყელოს სჯობს, საერთოდ არ გეკეთოს იგი (ღმერთო, დიდებულო, ხომ მართლაც ასეა?!) საკამათო აღარაფერი იყო. მაგრამ მაინც რანაირი უნდა ყოფილიყო ეს ქუდი? დავინახე, როგორ დახუჭა მსახიობმა თვალები, თითქოს ზეზეულად სძინავსო. კვლავ წარმოუდგა თვალწინ ერთმანეთის მიყოლებით ადამიანის დაბეჩავების ყოველი სტადია. კვლავ გაახილა თვალები, როგორც ჩანს, გონება არ უნათდებოდა. ქუდი მექანიკურად ჩამოიფხატა თავზე, ცდილობდა, გადაწყვეტილება ემპირიულად მიეღო. შემდეგ ისევ მოჰკრა თვალი მეორე ქუდს, რომელიც იქვე იდო. სტაცა მას ხელი და იდგა ასე კარგა ხანს – თავზე ერთი ქუდი ეხურა, ხოლო ხელში მეორე ეჭირა. იდგა ეჭვებით განადგურებული ხელოვანი, გატანჯული და განჯადოებული, ყოყმანით გვთავაზობდა თავის გადაწყვეტილებებს. რადაც უნდა დასჯდომოდა, საჭირო იყო იმ ერთადერთი გზის პოვნა, რომლის მეშვეობითაც უნდა წარმოეჩინა თავისი პერსონაჟი, გადმოეცა მისი ბედ-იღბალი და ხასიათი, მისი არსებობის ეს ერთი ეპიზოდი სასცენო ცხოვრების ოთხწუთიანი დროის მონაკვეთში.

  როცა ისევ გავხედე მას, დამაჯერებელი ჟესტით მოიხადა თავზე ჩამოფხატული ქუდი, ქუსლებზე მკვეთრად შემობრუნდა და ფანჯარასთან მივიდა. ქუჩას კი გაჰყურებდა, მაგრამ მისი ფიქრი სხვაგან ქროდა და მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გახედა ისევ ქუდებს. ამჯერად – უდიერად, თითქმის ნაღვლიანად. იგი მათ შორიდან, ცივი მზერით სინჯავდა, მინიმალური ინტერესით. შემდეგ ისე, რომ ფანჯარაში არც გაუხედავს, ფეხაკრეფით მიეპარა ქუდებს, დასტაცა ხელი ერთ-ერთს და მაგიდაზე მოისროლა, ანუ – ეს გამიხვიეთო!

  შემდეგ, რეპეტიციაზე, დავუნახე კბილის ჯაგრისი, რომელიც პიჯაკის მარჯვენა ჯიბიდან გამოსჩროდა, დასტურად იმისა, ხიდის ქვეშაც რომ მომიწიოს ცხოვრება, ცივილიზაციის ამ აუცილებელი რეკვიზიტის გარეშე მაინც ვერ გავძლებო. ამ ჯაგრისმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ფილხი საუკეთესო ქუდის პოვნის შემთხვევაშიც კი არ იქნებოდა კმაყოფილი.

  აი, ეს კაცი, გავიფიქრე ბედნიერმა, არის სამეცნიერო-ტექნიკური საუკუნის ჭეშმარიტი მსახიობი.

 

 

 

ბრმა

 

  ერთი უბრალო კაცი, რომელიც ოცდაათი წლისა ისე შეიქნა, რომ კარგად და უშფოთველად ცხოვრობდა, ერთ მშვენიერ დღეს დაბრმავდა. ტანთ თვითონ ვეღარ იცვამდა და რეცხვითაც ვეღარ ირეცხავდა. ისეთ დღეში ჩავარდა, რომ მისი სიკვდილი მხოლოდ მისთვის არ იქნებოდა შვება. მიუხედავად ყველაფრისა, პირველ ხანებში ასე თუ ისე თავშეკავებულად იქცეოდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ძილში სიზმრებს მაინც ხედავდა. მაგრამ მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა.

  ორი ძმა ჰყავდა. მათ ბრმა თავიანთ სახლში გადაიყვანეს და უვლიდნენ. დღისით სამსახურში მიდიოდნენ. ამ დროს ბრმა შინ მარტო რჩებოდა. ეს დღეში რვა საათს, ზოგჯერ კი მეტხანსაც გრძელდებოდა. ამ რვა საათის განმავლობაში კაცი, რომელსაც ოცდაათი წელი თვალის ჩინი ჰქონდა, ან სრულიად უმოქმედოდ იჯდა წყვდიადში თავის საწოლზე, ან ბოლთას სცემდა ოთახში.

   პირველ ხანებში მასთან რამდენიმე მეგობარი დაიარებოდა. ისინი ბრმას პატარა ფულზე ბანქოს ეთამაშებოდნენ. იხსენებდნენ წარსულს, ელაპარაკებოდნენ პოლიტიკაზე, ქალებზე. კაცს არც ერთ მათგანთან არაფერი ესაქმებოდა. სხვაც არაფერი აინტერესებდა. ეს კაცები ყველაფერს მოუყვნენ, რაც კი რაიმე იცოდნენ, მერე კი წავიდნენ და აღარც გამოჩენილან.

  ზოგიერთებს სხვებზე ადრე უწერიათ სიკვდილი.

  საუკეთესო შემთხვევაში, სულ ცოტა რვა საათს დღეში, ბრმა ოთახში დასეირნობდა. აღარ იცოდა, რას სცემოდა. ფიქრობდა ყველაფერზე, რაც კი ოდესმე თავს გადახდომია. ელაპარაკებოდა საკუთარ თავს. იმასაც კი სიამოვნებით იხსენებდა, როგორ სცემდნენ ბავშვობაში მშობლები, მისგან კარგი კაცი რომ გამოსულიყო. ყოველივე ამან მხოლოდ გარკვეულ ხანს გასტანა. შემდეგ კი ეს რვა საათი ძალიან გაიწელა. კაცი ოცდაათი წლისა და რამდენიმე თვის იყო. თუ ადამიანს უწერია, შესაძლოა სამოცდაათი წელიც იცოცხლოს. ეს კი მას კიდევ ორმოცი წლის სიცოცხლის იმედს აძლევდა.

  ძმები არწმუნებდნენ, უმოძრაოდ ყოფნის გამო საგრძნობლად გასუქდიო. ეხუმრებოდნენ, ასე თუ გააგრძელებ, ისე გასივდები, რომ კარში ვეღარ გაეტევი და, კარის გატეხვა რომ დაგვენანება, იძულებულნი შევიქნებით, შუაზე შენ გაგხერხოთო. მსგავსი ხუმრობებით კიდევ საკმაო ხანს ირთობდა ბრმა თავს. საღამოს თავად უამბობდა ხოლმე ძმებს, დრო როგორ ატარა, მაგალითად, ვარიეტეში. ბევრს იცინოდნენ.

  უაღრესად კეთილშობილი ძმები ჰყავდა. მათ ისეუყვარდათ ის, როგორც უყვართ ხოლმე მამაკაცებს ერთმანეთი, მით უმეტეს, რომ მათი ბრმა ძმა მართლაც იმსახურებდა სიყვარულს. ადვილი როდი იყო ძმებისთვის უსინათლოს მოვლა, მაგრამ ამაზე არც ფიქრობდნენ.

  პირველ ხანებში თეატრებშიც კი დაატარებდნენ. ეს მათ სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ კაცს ესეც მოსწყინდა, რადგან იქ მხოლოდ სიტყვების რახა-რუხი ესმოდა. ღმერთმა ისიც ინება, რომ ბრმას მუსიკისაც არა გაეგებოდა რა.

  გამოხდა ხანი. ერთ მშვენიერ დღეს ძმებს გაახსენდათ, რომ თავიანთი ბრმა ძმა კვირების განმავლობაში შინ ჰყავდათ გამოკეტილი და სასეირნოდ წაიყვანეს, მაგრამ იგი ჰაერზე შეუძლოდ შეიქნა.

  ერთხელ ბრმა ერთ პატარა ბავშვს სადღაც მიჰყავდა. ბავშვი უეცრად სათამაშოდ გაიქცა და კაცი ქუჩაში მიატოვა. უბედურმა საშინელი შიში ჭამა და სახლში შუაღამემდე ვერ მიბორიალდა. ძმები შეშფოთებულები დაუხვდნენ, მაგრამ ხუმრობით მაინც ჰკითხეს, შენ რა, ქალებში ხომ არ იყავიო? მერე დააყოლეს, ვერ იქნა და ვერ მოგიცილეთ თავიდანო. ამას, ცხადია, ხუმრობით ეუბნებოდნენ, თანაც უხაროდათ, ძმა შინ რომ დაუბრუნდათ.

  ბრმას კი ამ ლაპარაკის მერე მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. მის ტვინში, რომლისთვისაც ახლა უკვე საღი აზრი ისეთივე მიუღებელი იყო, როგორც უფანჯრო ბინა მხიარული მდგმურისათვის, დაიბუდა და მოიკალათა ამ ორმა წინადადებამ. ძმების სახეები მას არ დაუნახავს, მათი სიტყვები კი ავად ჟღერდნენ. დიდი განსჯის შემდეგ მიხვდა, რომ ფიქრები არ დაელეოდა და გადაყარა ისინი, როგორც ბინძურ იატაკზე დაყრილი გამოღეჭილი ყურძნის ჩენჩოები, რომელზედაც ფეხი ადვილად სხლტება.

  ერთხელ, ჭამის დროს, ერთ-ერთმა ძმამ უთხრა, ხელს ნუ იშველიებ, ორი კოვზით თუ შეჭამ, აჯობებსო. საშინლად შეშფოთებულმა ჩანგალი განზე გადადო და ბავშვივით ცას მიაშტერდა. ძმებმა მაშინვე დამშვიდება დაუწყეს, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთმა ძმამ სადილის ჭამა ფაბრიკაში დაიწყო.

  ყველაფერმა ამან სხვა მოვლენებიც გამოიწვია. ერთხელ ბრმას, რომელიც დღეში სულ ცოტა რვა საათი მარტოობაში ბოლთას სცემდა და გადამხდარ ამბებზე ფიქრი ჯერაც არ მოემთავრებინა, ერთმა ძმამ სხვათა შორის ჰკითხა, ბანაობის საქმე როგორ გაქვს, მარტოს ხომ არ გიჭირსო. მას მერე ცოფიანი ძაღლივით უფრთხოდა წყალს. ჩათვალა, რომ მისი მოთმინების ფიალა ძალიან ნელა ივსებოდა, ის კი, ასე მარტოსული და გასაცოდავებული, სულ უფრო და უფრო დაბლა ეშვებოდა და, ასე თუ გასტანდა, მის ძმებს მისი არსებობა სულაც აღარ გაუხარდებოდათ.

  აღარც წვერს იბანდა და აღარც თმას ივარცხნიდა. ტანისამოსს ძმები ურეცხავდნენ, მაგრამ ის მაინც სულ მთლად დალაქავებული ჰქონდა, რადგან საჭმელს გამუდმებით ზედ ისხამდა. ამასობაში ერთი აუტანელი უცნაურობა დასჩემდა – ცხოველივით იატაკზე კოტრიალი შეუყვარდა.

  ისეთი ფეთხუმი გახდა, რომ ძმებს თან ვერსად დაჰყავდათ. ახლა უკვე კვირა დღეებიც მარტოდმარტო ბორიალში უნდა გაეტარებინა. ამ დროს ხან რა ხიფათს გადაეყრებოდა, ხან – რას. ერთხელ წყლიანი ვარცლი მიჰქონდა, დაეცა, ვარცლი ხელიდან გაუსხლტა და წყალი ლოგინზე გადაეღვარა. ქვეშაგები კარგა ხანს შრებოდა. მეორედ შეცდომით რომელიღაც ძმის შარვალი ამოიცვა და დასვარა. ძმები ხვდებოდნენ, რომ ეს მარცხები ზედმეტი მეცადინეობით მოსდიოდა. თავდაპირველად ეცოდებოდათ იგი, შემდეგ კი სთხოვეს, ამდაგვარ რამეებს ნუ აკეთებ, ისედაც არა გვაქვს დალხენილი ცხოვრებაო. ბრმამ თავი ჩაქინდრა და უსიტყვოდ მოუსმინა ძმებს. ბოლო წინადადება კი სამუდამოდ ჩაიდო გულში.

  ძმები იმასაც ეცადნენ, მისთვის რაიმე სამუშაო ეშოვნათ, მაგრამ ამანაც ვერ გამოიღო შედეგი. კაცი ისეთი ხელთუპყარი იყო, რომ, რასაც ხელს ახლებდა, ყველაფერს აფუჭებდა. ძმები ამჩნევდნენ, რომ იგი დღითი-დღე სულ უფრო და უფრო ბოროტდებოდა, მაგრამ რას გააწყობდნენ.

  ასე დაბორიალებდა ბრმა წყვდიადში და ცდილობდა გაეზვიადებინა თავისი ტკივილები, რადგან დიდი ტანჯვის ტარება უფრო იოლი ეგონა, ვიდრე პატარისა. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იგი მუდამ მოწესრიგებული ადამიანი იყო. ბავშვობაში დედა სისუფთავის მაგალითად ძმებს მასზე მიუთითებდა. ახლა სიბინძურეს ვინღა ჩიოდა, ქვეშ ჩასველებაც დაიწყო.

  ამის გამო ძმებმა მსჯელობა დაიწყეს, როგორ წაეყვანათ ის თავშესაფარში. ამ ლაპარაკს ბრმამ გვერდით ოთახიდან მოჰკრა ყური და, როცა თავშესაფარზე ფიქრს მოჰყვა, თავისი წარსული ტკივილები თვალწინ ისე ნათლად და ლამაზად გადაეშალა, რომ თავშესაფრის პერსპექტივამ შეაძრწუნა. იქ, ფიქრობდა იგი, ჩემნაირი ძალიან ბევრია, ისეთები, რომლებიც თავიანთ უბედურებას მშვენივრად არიან შეგუებულნი და ჩემზე უკეთესადაც ატარებენ თავიანთ მძიმე ჯვარს. იქ მათთან ერთად მეც შევეცდები მივუტევო ღმერთს. არა, მე იქ წამსვლელი არა ვარო!

  ძმების სახლიდან წასვლის შემდეგ იგი დიდხანს იჯდა ფიქრებში წასული, ხოლო იმ დროისთვის, როცა მათ შინ დაბრუნებას ელოდა, ხუთიოდე წუთით ადრე გაზქურა დაანთო. ძმებს შეაგვიანდათ და ამიტომ ცეცხლი დროებით ჩააქრო, მაგრამ, როგორც კი მათი ფეხის ხმა შემოესმა, ისევ დაანთო ქურა და ლოგინში ჩაწვა. ძმებმა ბრმა ასე რომ ნახეს, ძალიან შეშინდნენ. მთელი ღამე თავს ევლებოდნენ, რათა ამ ქვეყნისკენ მოებრუნებინათ. ამას კი კაცი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო ერთ-ერთი უმშვენიერესი დღე მის ცხოვრებაში.

  თუმცა ამ მოვლენამ კაცის თავშესაფარში გადაყვანა კიდევ უფრო დააჩქარა. დათქმულ დღეს ბრმამ სახლს ცეცხლი წაუკიდა. ამ ამბავმა ერთი ძმა საშინლად გააცოფა და ბრმას ყვირილი დაუწყო. გაუხსენა ყველა წყენა, რომელიც მისთვის მოუთმენია. არ დავიწყებია არც ერთი სირცხვილი, არ აუვლია გვერდი არც ერთი ამაგისთვის. თანაც ჩხუბში ყველაფერს აზვიადებდა. კაცი მოთმინებით უსმენდა და სახეზე ტანჯვა ეწერა. მეორე ძმა, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა თანაგრძნობის უნარი, ამშვიდებდა მას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. გულში ჩაიკრა იგი და მთელი ღამე სასთუმალთან ეჯდა, მაგრამ მის ბრმა ძმას კრინტიც არ დაუძრავს.

  მეორე დღეს ძმები სამსახურში უნდა წასულიყვნენ. წავიდნენ კიდეც, მაგრამ მართლაც ძალიან გულდამძიმებულნი. საღამოს კი, როცა დაბრუნდნენ, რათა თავიანთი ბრმა ძმა თავშესაფარში წაეყვანათ, იგი მათ შინ აღარ დაუხვდა.

   მოსაღამოვებულს, როგორც კი სამრეკლოს საათმა ჩამოჰკრა, ბრმა კიბეს ჩაუყვა. საით? აღსასრულისაკენ. დიდის ვაივაგლახით და ხელების ფათურით გავიდა ქუჩაში. დაეცა, დასცინეს და მუჯლიგუნები ჰკრეს. ბოლოს, როგორც იქნა, ქალაქიდან გააღწია.

  ზამთრის საზარლად ცივი დღე იდგა. ბრმას უხაროდა, რომ იყინებოდა. იგი ხომ სახლიდან გამოაგდეს, მას ხომ ყველა განუდგა! აღარაფერს დაეძებდა. მისი გაპარტახების მოწმედ ეს ცივი ცაც კმაროდა. ასეთი უსამართლობის გამო გული ეწურებოდა. იგი ღმერთს ვერაფერს პატიებდა. იგი დაბრმავდა, დაუმსახურებლად დაბრმავდა. მიუხედავად ამისა, ყინვასა და ქარბუქში კარში გასვეს და ეს უყვეს საკუთარმა ძმებმა, ძმებმა, რომლებიც ბრმები არ იყვნენ!

  უსინათლომ მინდორი გაიარა და მდინარეს მიადგა. შიგ ფეხი ჩაყო. გაიფიქრა, აი, ახლა მოვკვდები, ახლა წყალი წამიღებსო. იობი რომ იობია, ბრმა მაინც ხომ არ ყოფილაო? არასოდეს არავის არ უტარებია ასეთი ტვირთიო!

  მერე შესცურა და გაუჩინარდა.

 

 

 

 

გონს მოსვლა

 

  ერთ საღამოს ერთი შუა ხნის კაცი ვერხვების ხეივანში სასეირნოდ წავიდა. როცა დაინახა, როგორ დასდევდა პატარა მღვრიე ნაკადულის პირას ბომბორა ძაღლი მტრედებს, მიხვდა, რომ იქ არცთუ ისე სასურველი სტუმარი იქნებოდა და სასწრაფოდ შინისაკენ გასწია.

  იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. საქმეები კარგად მიუდიოდა. კაცის სატრფო მის ნაცნობთა შორის ერთადერთი გოგო იყო, რომელსაც შტერი არ ეთქმოდა. ნაშუადღევს სადალაქოში ვიღაცა ცამეტი წლის აპფელბოკის ამბავს მოჰყვა. მას საკუთარი მშობლები დაეხოცა. ახლა კაცი კიბეს მიუყვებოდა და მუხლები ეკვეთებოდა.

  კვლავ აპფელბოკზე ფიქრს მიეცა (ბიჭს მშობლების გვამები შვიდი დღე სკივრში ჰქონია შენახული) და უეცრად აზრად მოუვიდა, რომ, რამე რომ ყოფილიყო, მაგალითად ხვალ, ულაპარაკოდ შეძლებდა კბილის ექიმის მოკვლას, ვთქვათ, დანით. კბილის ექიმს ფუმფულა თეთრი კისერი ჰქონდა. მაგრამ არა, კაცს მისი მოკვლაც კი არ შეეძლო.

  ფორტეპიანოს მიუჯდა, ჰაიდნის დაკვრა მოუნდა. აპფელბოკს შვიდი დღე უცდია, ამასობაში კი (სიმყრალის გამო) ჯერ სასტუმრო ოთახში გადასახლებულა, შემდეგ კი – აივანზე. ყოველივე ამას ჰაიდნიც კი ვერ ჩაახშობდა.

  კაცი ჩაბნელებულ ოთახში ბოლთას სცემდა. ხან ერთ ფანჯარას მიასკდებოდა, ხან – მეორეს. გასცქეროდა სივრცეს, სიღრმეში ჩაფლულ ლურჯ სახურავებს და ხელებს ისრესდა. აუტანელი იყო ეს ყველაფერი. მისთვის ახლა სწორედ ის შვიდი დღე იდგა.

  მერე ლოგინში ჩაწვა. გაიფიქრა: სისულელეა ყველაფერი, ვის შეიძლება პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს, წინასწარ ყველაფერი მხოლოდ ვარსკვლავებმა იციანო. ისინი ელვის სისწრაფით დაქრიან დანარჩენ ციურ ხარახურასთან ერთად ირმის ნახტომის კვალზე. როცა ცა ასეა ვარსკვლავებით მოჭედილი, პასუხიმგებლობა საერთოდ აღარ არსებობსო.

  ამასობაში ისე ჩამობნელდა, კაცი იძულებული შეიქნა, ამდგარიყო და სანთლები დაენთო. ხუთი ცალი იპოვა. აიღო ისინი, დაანთო და საწოლის თავის კუთხეებს მიაკრა. ორი – თავთან, ორი – ფეხებთან, ერთიც – ტუმბოზე. ხუთი ცალი სანთელი ენთო. გაიფიქრა, ამას რაიმე ახსნა ხომ უნდა ჰქონდესო? ამდენი ხლაფორთის მერე შეეცადა მშობლების გვამების სიმყრალე შეეგრძნო. აივანზე ხომ არ გასულიყო? არა, ამას არავითარ შემთხვევაში არ იზამდა! ეს უკვე იმაზე იმეტყველებდა, რომ ყველაფერი მისივე წარმოსახვის შედეგი იყო. თანაც, აივანი სულ არ ჰქონდა!

  «რომ მოვკვდე კიდეც, – გაიფიქრა კაცმა, – მოჯადოებული წრიდან მაინც ვერ გამოვძვრები, განწირული ვარ. აი, ეს ხალიჩა წითელია, ძალიანაც რომ არ მინდოდეს, მაინც წითელი იქნება. ეს ხალიჩა ჩემზე ძლიერია. მას ნამდვილად არა აქვს არანაირი ნატვრა, მისი გაბითურება შეუძლებელია».

  ბუზები ბზუოდნენ. ერთი დაიჭირა. ამისთვის საწოლზე ჩაიმუხლა და მათ პერანგის ჩამოჩაჩულ სახელოს უქნევდა – ხუთი ცალი სანთლის შუქზე. დაიჭირა და გაიფიქრა: –»სასარგებლო საქმიანობა სიცოცხლის ბოლო წუთებში.»

  «მართლა რომ მოვკვდე», – ფიქრობდა კაცი. – «როგორ მინდა შვილი მყავდეს! იქნებ, მყავს კიდეც? ჩემი სიკვდილის შემდეგ მამალი აღარ იყივლებს. რომც გადავრჩე და არ მოვკვდე, მაინც აღარ იყივლებს. ქენი, რაც გინდა, მაინც აღარ იყივლებს!»

  კაცი აფორიაქებული წამოდგა და პერანგზე ჯარისკაცის ქულაჯა მოიცვა. ასე გავიდა ქუჩაში. არცთუ ისე ბნელოდა. სველი ღრუბლების ქულები ცაზე ელვის სისწრაფით მიქროდნენ. შავი საკვამურები მდუმარედ შეჰყურებდნენ ზეცას. კაცს ხელები ჯიბეებში ჩაეწყო. მიდიოდა და ღიღინებდა: – «რასაამურია საცქერლად თვალცრემლიანი პატარძალი, როცა მას თვალებში საქმრო ჩაჰყურებს».

  მერე ნაბიჯს უმატა, სხვებს გაუსწრო. ქულაჯა გაეძრო და ამიტომ თავი პერანგის საყელოში ჩაერგო. ვარსკვლავებით მოჭედილი ასეთი ცის დროს ის საჭირო აღარ იყო.

  ხმამაღალი სიმღერით მიაპობდა ქუჩას და აღარაფერი ანაღვლებდა.

 

 

 

 

 

 მგზავრობა კუპირებული ვაგონით

 

  მატარებელი ისე იყო გაჭედილი, რომ შიგ ნემსსაც ვერ ჩააგდებდი. კაცი ავიდა, კუპეს კარი გამოაღო, მაგრამ ის ცხვირწინ მიუხურეს. კაცმა კარი ისევ გამოაღო. კუპეში ერთი სქელი მამაკაცი და ორი ბავშვიანი ქალი იჯდა. ბავშვები დედების კალთებში ლაყლაყებდნენ.

  «დახურეთ», – შეუღრინა მსუქანმა კაცმა. «ომის ინვალიდთა განყოფილება». მგზავრი ერთხანს გასასვლელში იყო გაკვეხებული და მომავალშიც ზუსტადასეთივე ორსაათიანი პერსპექტივა ელოდა. მერე მთელი ძალით ისევ გამოაღო კარი და იკითხა: – «თქვენ ბილეთი გაქვთ? უკაცრავად, მაგრამ აქ ხომ ცარიელი ადგილებია?» მსუქანი კაცი კარის ყოველ გაღებაზე ფეხზე დგებოდა. მთლად ახალგაზრდა იყო. კაცს თვალი თვალში გაუყარა და უკმეხად მიახალა: – «როგორ ფიქრობთ, ეს უზრდელობა არ არის?» მსუქანმა სცადა კარის დახურვა, მაგრამ ახალგაზრდამ შიგ ფეხი შეყო. მისთვის ახლა მთავარი შესვლა და დაჯდომა აღარ იყო – კუპეში მსხდომნი მას უსამართლოდ ექცეოდნენ და ის ამას არ დაუშვებდა. ამას ახალგაზრდა კაცის თავმოყვარეობა მოითხოვდა. «მე აქ დავჯდები, გასწიეთ იქით თქვენი ყუთი», – განაცხადა მან. მსუქანი ისევ წამოდგა. შუბლზე სიმწრის ოფლმა დაასხა. «ქალებს მაინც გაუწიეთ ანგარიში, თანაც აქ არიან ბავშვები, რომლებიც უარესად დაირყევიან».

  «აქ ვიდგე? ისე, მშვენივრად ვდგავარ, მაგრამ სულაც არ მინდა ასე დგომა. ეს რა სამართალია?!» – შეუტია ახალგაზრდამ. მსუქანმა უკანასკნელად სცადა მისი დარწმუნება: «არ მოგეწონებათ აქ ჯდომა, ბავშვებიც გამუდმებით ტირიან». ახალგაზრდა დაჯდა, თუმცა უფრო მოხერხებულად ნამდვილად ვერ გრძნობდა თავს. კუპე ნახევრადჩაბნელებული იყო. დედაკაცებს ხორცები უთანთალებდათ, ბავშვები კი დასაკლავი გოჭებივით ჭყვიტინებდნენ. ყმაწვილი გულში ხარობდა, სამართალმა გაიმარჯვაო. ის მოხერხებულად მოკალათდა და ბოლო გაჩერებამდე მყარად იჯდა.

  სამი დღის შემდეგ ქუნთრუშა შეეყარა და ვეღარც გადაიტანა. იმ ბავშვებს, კუპეში, თურმე, ქუნთრუშა სჭირდათ.

 

 

 

 

საუბარი წყნარი ოკეანის შესახებ

 

  ჩემს გამომცემელთან შევხვდი ერთ კაცს, რომელმაც თხუთმეტი წელი ბრაზილიაში გაატარა. მან მკითხა, ბერლინში რა ხდებაო? როცა ვუამბე, მირჩია, წყნარი ოკეანის სანაპიროზე წავსულიყავი. მითხრა, უკეთესს ვერაფერს ნახავო. მე საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. ვკითხე, თან რის წაღებას მირჩევთ-მეთქი? მიპასუხა, მოკლებეწვიანი ჯიშის ძაღლი წაიყვანეთ, იგი ადამიანის საუკეთესო მეგზურიაო. წამით ჩავფიქრდი. დავაპირე მეკითხა, შეიძლებოდა თუ არა, ძაღლი გრძელბეწვიანი ყოფილიყო, მაგრამ გამჭრიახმა ადამიანურმა გონმა მიკარნახა, რომ გრძელბეწვიანი ძაღლი ქოქოსის ეკალბარდებში უმოწყალოდ გაიხლართებოდა. შევეკითხე, რა უნდა აკეთოს ადამიანმა მთელი დღის განმავლობაში წყნარი ოკეანის პირას-მეთქი? მიპასუხა: არაფერი, სამუშაოზე არც უნდა იფიქროსო.

  «ბუნებრივია, – ვუპასუხე მე, – მუშაობას არც ვაპირებ, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა გაერთოს ადამიანი?»

  მკითხა: ბუნების წიაღში გასეირნებაზე რას იტყვითო?

  «კეთილი, – ვუთხარი მე, – მაგრამ რა უნდა ქნას კაცმა, მაგალითად, დილის რვა საათზე?»

  «დილის რვა საათზე? ამ დროს ჯერ კიდევ გეძინებათ».

  «შუადღით? ვთქვათ, პირველ საათზე?»

  «პირველ საათზე ძალიან ცხელა იმისათვის, რომ რაიმე აკეთოთ.»

  ახლა კი გავბრაზდი, საკმაოდ მტრულად შევხედე და ვკითხე: «ნაშუადღევს?»

  ჩემო ბატონო, არ უნდა შეგეძლოთ დღეში თუნდაც ერთი საათის რამენაირად გაყვანაო? მერე, როგორც იქნა, მიხვდა, რომ მე არ ვიყავი იმ ყაიდის ადამიანი, რომელიც შეძლებს თავი გაირთოს და შემომიბღვირა, წაიღეთ ორლულიანი თოფი და ინადირეთო.

  ახლა უკვე მეც ავღელდი და ვუპასუხე, რომ ნადირობა სიამოვნებას სულაც არ მგვრიდა. – კაი, ბატონო, მაგრამ ბოლო-ბოლო როგორ აპირებთ ცხოვრებასო? – მკითხა ღიმილით. მე სულ უფრო და უფრო ვბრაზდებოდი.

  «ეს ხომ  თქვენი  საქმეა, – ვუთხარი მე, – ეს  თქვენ  უნდა გადამიწყვიტოთ, მე თვითონ ხომ ვერ გამოვიცნობ, რა უნდა ვაკეთო წყნარი ოკეანის პირას?»

  შემეხვეწა, ითევზავეთო.

  «ეგ შეიძლება», – ჩავიბუტბუტე მე.

  «ძალიან კარგი. თქვენ თან წაიღებთ ფოლადისკაუჭიან ანკესს, რომელსაც იყიდით ნებისმიერ მაღაზიაში. ხუთ წუთში კი მასზე ორი თევზი წამოეგება და თქვენ იქვე შეგეძლებათ მისი მირთმევა.»

  «უმად?»- შევეკითხე მე.

  «რატომ უმად? სანთებელა ხომ გექნებათ თან?»

  «სანთებელაზე შემწვარი თევზი რა საჭმელია?!» – წამოვიძახე გასაჭირში ჩავარდნილმა და გამოუცდელობით დაბნეულმა. მერე ვკითხე, ნეტა, იქ ფოტოგრაფირება მაინც თუა შესაძლებელი-მეთქი. აი, ეს კი ნამდვილად იდეააო, შვებით აღმოხდა მას. იქ ულამაზესი ბუნების მეტი რა არის, ვერსად შეძლებთ ამდენი საუცხოო სურათის გადაღებასო. ახლა კი მაჯობა. დამრთო ნება, რომ მთელი დღის განმავლობაში მეღო და მეღო ფოტოები. დამსაქმა და ამოისუნთქა კიდეც. მე კი ერთს გეტყვით: წყნარი ოკეანის სანაპირო სამუდამოდ შემძულდა, ხოლო ის კაცი დასანახავადაც აღარ მინდა.

 

 

 

 

ჩემი ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა

 

  ხშირად მიმოგზაურია სხვადასხვა მხარეში, მაგრამ ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა, რაც კი ოდესმე მქონია, იყო მეტრო ქაიზენდორფის გაჩერებიდან ნოლენდორფპლატცამდე. ახლა შევეცდები აგიხსნათ, თუ რატომ გამოდგა ეს მოგზაურობა ასე ხანგრძლივი.

  ეს ამბავი დაახლოებით ათი წლის წინათ მოხდა. მაშინ მე ასე გაყოყლოჩინებული ჯერ კიდევ არ გახლდით, როგორც ამჟამად. ახლა ჩემს შემხვედრს თვალწინ წარმოუდგება ადამიანი, რომელსაც უბოდიშოდ სასმელის ფულსაც კი ვერ ესესხები. მაშინ კი ძალიან პატარა კაცი ვიყავი და სწორედ იმ დღეს, როცა ქაიზენდორფის გაჩერებაზე ვაგონში ავედი, ჩემი დღევანდელი ყოყლოჩინობისა არაფერი მეცხო. ის კი არა და აქა-იქ მაგრძნობინებდნენ კიდეც, შენს არსებობას ამ ქალაქში არანაირი ფასი არა აქვსო, ხოლო აშინგერის სასადილოში სრულიად ზედმეტად მიიჩნევდნენ, კვლავაც ეჭმიათ ჩემთვის სადილი ნისიად. და ახლა, როცა მეტროში ვიჯექი, ვგრძნობდი რაღაც უცნაურ სიცარიელეს, რომლის ამოვსება არ შემეძლო.

  შუადღე იდგა და ბაქანი ხალხით იყო გაჭედილი. კუთხის ადგილი დავითრიე, უფრო სწორად, ვაგონში შემტენეს და მთელი ძალითა და ღონით უნდა მებრძოლა, რათა დავმჯდარიყავი. თუმცა რომელ ძალაზე იყო ლაპარაკი, დავჯექი და ადგომის თავიც კი აღარ მქონდა. ნაღვლიანმა ფიქრებმა წამიღეს. ვფიქრობდი ბინის ქირაზე, ხვალინდელი დღის უსახსრობაზე და ა.შ. და მხოლოდ ახლა, როცა ყველაფერს ამას ვწერ, მივხვდი, რომ სულაც არ ვიცი, რას ფიქრობენ ხოლმე საერთოდ მსგავს ვითარებაში ადამიანები. ოღონდ ის კი შემიძლია დავსძინო, რომ მაშინაც, ალბათ, ვფიქრობდი იმას, რასაც ჩვეულებრივ ვფიქრობ ხოლმე – კარგია, იყო თავქარიანი, ეწეოდე სიგარას, იკვებებოდე ჰაიჰარად, ფეხები მაღლა გქონდეს შემოწყობილი და საქმეებს საკუთარ თავთან ისეთივე გულწრფელობით არჩევდე, როგორც ერთი კაცი – მეორესთან. და, როცა სადგურ ნოლენდორფპლატცში შევედით, იმდენი ძალაც აღარ შემრჩენოდა, რომ ავმდგარიყავი და მატარებლიდან ჩავსულიყავი. ჩემ ირგვლივ იჭეჭყებოდა ბრბო, რომელსაც დიდი სიამოვნებით გავარღვევდი, გავაპობდი, როგორც მოსემ წითელი ზღვა გააპო. ვხედავდი დიდ, ღონიერ და უძლეველ მასას, რომელსაც ფეხებზე ვეკიდე, რადგან არ იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე. ბრბოს, რომლის უდრტვინველ მოთმინებასაც კი არ შეეძლო ისეთი ტიპის გატეხა, როგორიც მე ვიყავი. საბედისწერო შეცდომა იქნებოდა, ძალიან ჩვეულებრივად ჩავსულიყავი იქ, სადაც დანარჩენები არ ჩადიოდნენ. ჰოდა, ჯდომა ვამჯობინე.

  ვიჯექი ამ გაჩერებაზეც, მომდევნო გაჩერებაზეც, იმ გაჩერებებზეც კი, რომლებზეც ჩემ ირგვლივ მდგომი ხალხი უკვე დიდი ხნის ჩასული იყო. ან კი ჯერ რატომ უნდა ჩავსულიყავი? თანდათან აშკარად ვშორდებოდი ჩემს მიზანს, მაგრამ რა იყო ეს მიზანი? ერქვა კი ამას, საერთოდ მიზანი?

  ჩავედი ბოლო გაჩერებაზე. თუ არ ვცდები, რაიჰქანცლერტპლაცი უნდა ყოფილიყო. ნოლენდორფპლატცამდე ფეხით დავბრუნდი. იქაც, როგორც ყოველთვის, ძალიან ადრე მივედი და იქაც ზუსტად ისეთივე სიამოვნება მელოდა, როგორიც ნებისმიერ სხვა ადგილზე.

  თუმცა შემდგომში საქმე სხვანაირად შეტრიალდა. ხვალ საქმის ვითარება შესაძლოა კვლავ შეიცვალოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში დღემდე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს მოგზაურობა უჩვეულოდ ხანგრძლივი გამოდგა.

 

 

 

 

პასუხი

 

  ერთ მდიდარ კაცს ჰყავდა ახალგაზრდა ცოლი, რომელიც მთელ თავის ქონებას ერჩია და ეს ცოტას როდი ნიშნავდა. მაგრამ ახლა, როცა უკვე აღარც ქალი იყო ძალიან ახალგაზრდა და აღარც კაცი, ისინი ერთად მაინც გუგულებივით ცხოვრობდნენ. ქმარს ორი მარჯვე ხელი ება – ეს ცოლის ხელები იყო, ხოლო ცოლს –კარგი თავი, ეს ქმრის თავი იყო. ხშირად ეუბნებოდა ქალი ქმარს: – «ძვირფასო, მე ბევრი ფიქრი არ შემიძლია, მე ყველაფერს გულახდილად ვლაპარაკობო.» ქმარს გამჭრიახი გონება ჰქონდა და ამიტომ მისი ავლა-დიდება დღითი-დღე იზრდებოდა.

  ერთ მშვენიერ დღეს მოხდა ისე, რომ კაცს ხელში ჩაუვარდა მოვალე, რომლის ქონება მას სულაც არ აწყენდა, თანაც ეს მოვალე კარგი ადამიანი ნამდვილად არ იყო. ამიტომ კაცს მასთან ბევრი ცერემონიები არც დაუწყია, ადგა და ქონება აუწერა.

  მოვალეს უკანასკნელი ღამე უნდა გაეთია იმ სახლში, სადაც მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდა და მერე უცხოეთში გადახვეწილიყო. დილით მისთვის ყველაფერი უნდა ჩამოერთმიათ.

  ის ღამე ქალმა თეთრად გაათია. იწვა ქმრის გვერდით და ფიქრობდა ამ ამბავზე. ბოლოს წამოდგა და შუაღამისას წავიდა მეზობლად, იმ კაცთან, რომლისთვისაც მის ქმარს ქონება უნდა წაერთმია. იცოდა, საკუთარ ქმარს შეურაცხყოფას რომ აყენებდა, მაგრამ იმ მოვალის შველა მაინც უნდოდა, თანაც სრულიად გააზრებულად, რადგან ვერ იტანდა ადამიანის ჩაგვრას.

  ქალმა ასეც იცოდა, – მოვალეს ეღვიძა, იჯდა ოთხ კედელს შუა და წუთებს ითვლიდა. ქალი რომ დაინახა, შეცბა. ის კი ჩქარობდა, ცდილობდა, რაც შეიძლება სწრაფად გადაეცა კაცისთვის თავისი სამკაულები.

  იმიტომ, რომ ქალს დააგვიანდა თუ იმიტომაც, რომ გვერდით უცოლობა იგრძნო, ქმარს გაეღვიძა. სასწრაფოდ წამოდგა და მთელი სახლი შემოიარა. უძახდა ცოლს, შეშინდა და გარეთ გავიდა.

  ამ დროს მეზობლის სახლში შუქი შენიშნა და იქითკენ გაეშურა, ვნახავ ერთი, ჩემი მოვალე რაიმეს ისეთს ხომ არ მალავს, რაც უკვე მას აღარ ეკუთვნისო. ფანჯარაში რომ შეიჭყიტა, დაინახა თავისი ცოლი, მეზობელი კაცის სახლში, შუაღამისას! მისი ხმა არ ესმოდა და ვერც იმ ყუთს ხედავდა, ქალს ხელში რომ ეჭირა. ბრაზისგან სისხლი თავში აუვარდა, საკუთარ ცოლში ეჭვი შეეპარა. ჯიბეში დანას სწვდა და გადაწყვიტა, ორივეს მოვკლავო. უცებ შემოესმა: – «გამომართვი ეს ყუთი, არ მინდა, ჩემმაქმარმა ასეთი დიდი ცოდვა დაიდოს კისერზე. გულიც არ მინდა ვატკინო, შენ რომ გეხმარები, რადგან კაცად არ ვარგიხარ», – უთხრა ეს და კარისკენ გასწია. ქმარი სასწრაფოდ მიიმალა. ქალი ძალიან ჩქარა გამოვიდა გარეთ და შინისკენ გაიქცა.

  კაცი ჩუმად მიჰყვებოდა უკან. სახლში რომ შევიდნენ, წამოეწია და უთხრა, ძილი გამიტყდა და ეზოში გავედი, ფიქრებმა შემჭამეს, ვნანობ, იმ საცოდავს სახლ-კარს რომ ვართმევო. ქალს ეს ისე გაუხარდა, ქმარს ჩაეხუტა და ატირდა. მაგრამ, როცა ლოგინში შეწვნენ, კაცი ნამუსმა შეაწუხა და ძალიან შერცხვა, რადგან იგი ზედიზედ ორჯერ მოექცა ცოლს უღირსად: ერთხელ, როცა მის პატიოსნებაში შეეპარა ეჭვი, ხოლო მეორედ, როცა მოატყუა. იმდენად შერცხვა, რომ საკუთარ თავს გამოუტყდა, არ ვარ ჩემი ცოლის ღირსიო. ისევ ადგა, ჩაუყვა კიბეს და საფეხურზე ჩამოჯდა. იჯდა დიდხანს, ზუსტად ისე, როგორც მისი მოვალე თავის სახლში. სულ უფრო და უფრო უარესად გრძნობდა თავს და, რადგან მხარში არავინ ედგა და ვერაფერი იღონა, უთენია, ჯერ კიდევ ბინდში, სახლიდან გავიდა და გაჰყვა ქარს, ასე, უმისამართოდ.

  მთელი ღამე მირბოდა, უჭმელ-უსმელი. დაადგა ქუჩას, რომელსაც სიცარიელისკენ მიჰყავდა. ჩაუარა სოფლებს, გადაუხვია გზიდან და მოსაღამოებულს მიადგა ერთ შავ მდინარეს. მის ნაპირას ერთი დაფეხვილი, უკაცრიელი ქოხი იდგა. ირგვლივ, ტრიალ მინდორზე, მსუქანი კომბოსტოები ჰყვაოდნენ. მდინარე თევზით იყო სავსე. კაცმა სამი წელიწადი აქ იცხოვრა. დროს თევზაობასა და კომბოსტოს კრეფაში კლავდა, მაგრამ ფიქრები კიდევ უფრო აეშალა. აქაურმა სამარისებურმა სიჩუმემ სულ მთლად გააგიჟა და ქალაქს მიაშურა. მერე ქალაქიდან ქალაქში უმისამართოდ ხეტიალი იწყო. ეგდო ეკლესიების კარებთან და მათხოვრობდა. მოგონებებმა ისე შეჭამეს, რომ მათ ვეღარ უმკლავდებოდა და სმას მიჰყო ხელი. დაძრწოდა, როგორც მაწანწალა ძაღლი, რომელიც დასაბმელადაც კი უვარგისია.

  ამასობაში გამოხდა მრავალი წელი და სწორედ მაშინ, როცა უკვე თითქმის დაბრმავებულიყო, როცა საკუთარი სახელიც კი დავიწყებოდა, მიადგა იმ ქალაქს, რომელშიც მრავალი წლის წინათ დიდხანს ცხოვრობდა. მშობლიური ქალაქიც კი ვეღარ იცნო. გარეუბანს არც გასცდენია, ისე დაეგდო იქვე, ერთი დუქნის ეზოში.

  ერთ მშვენიერ დღეს, ნასადილევს, ამ დუქნის ეზოში გზად ვიღაც დედაკაცმა შემოუხვია და მედუქნეს ლაპარაკი გაუბა. გაიგონა თუ არა მაწანწალამმისი ხმა, გულმა რეჩხი უყო. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს შეცდომით შესულიყოს დიდ დარბაზში, სადაც უმშვენიერესი მუსიკა ჟღერდა, იქ შესვლის ნება კი არ ჰქონდა. კაცმა იცნო თავისი ცოლი. ის იქვე იდგა და ლაპარაკობდა. კრინტიც ვერ დაძრა და, როცა ქალმა გვერდით ჩაუარა, მხოლოდ ხელის გაშვერა მოახერხა. ქალმა ქმარი ვერ იცნო, იმდენად აღარ ჰგავდა იგი თავის თავს. სახეზე ისეთი ტანჯვა ეწერა, კაცს მეორედ მისკენ გახედვაც არ მოუნდებოდა. ამდენ მათხოვარში ის ყველაზე ამაზრზენი იყო. მოკლედ, ის ის იყო, ქალი მაწანწალისთვის გვერდის ავლას აპირებდა, რომ კაცმა, როგორც იქნა, გახსნა პირი და ამოილუღლუღა: – «ქალო!»

  მაშინ დაიხარა ქალი და მიაშტერდა მათხოვარს. მუხლები მოეკვეთა, გაფითრდა. კაცს ახლა უკვე თავისი გულისცემაც კი არ ესმოდა, მხოლოდ ცოლის ხმა გაიგონა. ის ეუბნებოდა: ჩემო საყვარელო, იმდენ ხანს მალოდინე, სანამ საზიზღარი შესახედავი არ შევიქენი. ეს შვიდი წელი წამებით განვვლე და შენში კინაღამ ეჭვი შემეპარაო.

 

 

 

 

 

მტარვალი

 

  თუ რა მრავლისმთქმელი შეიძლება იყოს ადამიანის ქცევა, მშვენივრად გამოჩნდა ამასწინანდელი ერთი შემთხვევის დროს კინოსტუდია «მეჟრაბკომ-რუსში». თავისთავად ეს შემთხვევა დიდს არაფერს წარმოადგენდა და არც არავითარი გამოხმაურება არ მოჰყოლია, მაგრამ რაღაც შემზარავი მასში მაინც იყო.

  იღებდნენ ფილმს «თეთრი არწივი», რომელშიც ნაჩვენები უნდა ყოფილიყო ჩრდილოეთ რუსეთში პოლიციის სამარცხვინო საქციელად მიჩნეული ომის წინა პერიოდის დარბევები. უეცრად პავილიონში ვიღაც მოხუცი გამოცხადდა და გადამღებ ჯგუფს თავისი სამსახური შესთავაზა. მან როგორღაც მთავარი შესასვლელიდან საგარდერობოში შეაღწია და შვეიცარს გამოუცხადა, თავს უფლებას მივცემ დამსწრეთა ყურადღება მივაპყრო ჩემსა და გუბერნატორ მურატოვის საოცარ მსგავსებაზეო. მურატოვი გახლდათ ზემოხსენებული სისხლისღვრების ინიციატორი და ამ ფილმის მთავარი პერსონაჟი. შვეიცარმა კაცი აბუჩად აიგდო, მაგრამ გაგდებით იმწამსვე ვერ გააგდო, რადგან იგი მეტისმეტად მოხუცი იყო. და აი, იდგა მსახიობებს შორის მაღალი და ხმელი მოხუცი, შლაპით ხელში, სტატისტებისა და სცენის მუშების ორომტრიალში, როგორც ჩანს, იმ იმედით, რომ მისი ასეთი გასაოცარი მსგავსება ადამიანთან, რომელიც ცნობილი იყო პირსისხლიანი ძაღლის სახელით, ცოტა ხნით მაინც უზრუნველყოფდა მას ჭერითა და სარჩოთი.

  ასე იდგა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. რადგან იძულებული გახდა დანარჩენებისათვის გზა დაეთმო, ნაბიჯ-ნაბიჯ უკან-უკან მიჩოჩავდა მანამ, სანამ რეჟისორის პულტთან არ ამოყო თავი. აი, მაშინ კი იმ წამსვე მიაქციეს ყურადღება. გადაღებაზე შესვენება იყო გამოცხადებული. მსახიობთა ნაწილი ბუფეტში წასულიყო, ნაწილი კი პავილიონში შეჯგუფებულიყო და ლაყბობდა. მურატოვის როლის შემსრულებელი, ცნობილი მოსკოველი მსახიობი კოხალოვი, დასარეკავად შვეიცარის ჯიხურში შესულიყო და ტელეფონით ლაპარაკობდა. მომღიმარმა შვეიცარმა მას მუჯლუგუნი წაჰკრა. მსახიობი მობრუნდა და პულტთან მოხუცი დაინახა. კოხალოვს ძველი ფოტოების მიხედვით ჰქონდა გრიმი გაკეთებული და ერთბაშად ყველამ შენიშნა მისი საოცარი მსგავსება პულტთან მდგომ კაცთან, რომლის შესახებ შვეიცარი უკვე მსახიობს ელაპარაკებოდა.

  ნახევარ საათში მოხუცი რეჟისორებისა და ოპერატორების გარემოცვაში აღმოჩნდა. იდგა, როგორც თორმეტი წლის იესო ტაძარში, და მათ თავის სამუშაო პირობებს უთანხმებდა. სიტუაცია არ დაძაბულა, რადგან კოხალოვს თავიდანვე არ ჰქონდა მაინცადამაინც იმისი სურვილი, თავისი პოპულარობა ამ საშინელი მტარვალის როლის შესრულების ფასად საფრთხეში ჩაეგდო, ამიტომ უყოყმანოდ დასთანხმდა «საოცარი მსგავსების» მოხუცის გასინჯვაზე.

  კინოსტუდია «მეჟრაბკომ-რუსისთვის» ისტორიულ როლებზე მსახიობების მაგივრად ტიპაჟის მიხედვით ქუჩიდან მოყვანილი ადამიანების აყვანა უცხო არ იყო. სრულიად განსაზღვრული სარეჟისორო სისტემის მიხედვით, რომელსაც მსგავს შემთხვევებში მიმართავდნენ, ახალ მურატოვს სქემატურად განუმარტეს იმ ისტორიულ მოვლენათა არსი, რომელიც ფილმში უნდა ასახულიყო და სთხოვეს, პირველ ჯერზე განესახიერებია ისეთი მურატოვი, როგორიც მას თავად წარმოედგინა. ყველა იმედოვნებდა, რომ მოხუცის გარეგნულ მსგავსებას მურატოვთან შესაფერისი ქცევის მანერა ექნებოდა

  ამოარჩიეს სცენა, სადაც მურატოვი ებრაელთა დეპუტაციას იღებს. ისინი მას შემდგომი სისხლისღვრის შეწყვეტას ემუდარებიან (სცენარის მე-17 გვერდი. დეპუტაცია იცდის. შემოდის მურატოვი. საკიდზე კიდებს შლაპასა და ხმალს. მიდის საწერ მაგიდასთან, ფურცლავს დილის გაზეთს და ა.შ.). მეფის გუბერნატორის მუნდირში გამოწყობილი და ოდნავ გრიმწასმული «საოცარი მსგავსება» გადასაღებ პავილიონში შემოვიდა. პავილიონის ერთი ნაწილი ასახავდა ისტორიულ კაბინეტს გუბერნატორის სასახლეში. მუხუცმა გაითამაშა ისეთი მურატოვი, «როგორიც თავად წარმოედგინა», ხოლო წარმოედგინა მას იგი შემდეგნაირად: (დეპუტაცია იცდის. შემოდის მურატოვი). «საოცარი მსგავსება» ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და წელში მოხრილი ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა ოთახში. (საკიდზე კიდებს ხმალსა და ქუდს) – რეჟისორის ეს მითითება, როგორც ჩანს, დაავიწყდა და სასწრაფოდ მიუჯდა მაგიდას ქუდიან-ხმლიანად. (ფურცლავს დილის გაზეთს) – «საოცარმა მსგავსებამ» ეს სხვათა შორის გააკეთა. (იწყებს დეპუტაციის დაკითხვას) – საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება წელში მოკაკვული ებრაელების სალმისთვის. გაბრაზებულმა გადადო განზე გაზეთები, რადგან არ იცოდა, როგორ გადასულიყო დაკითხვაზე. დაიბნა და საცოდავად გახედა რეჟისორსა და მის თანაშემწეს. ყველამ გადაიხარხარა. ერთ-ერთი ასისტენტი ადგა, თვალი ჩაუპაჭუნა მოხუცს, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, უდიერი ნაბიჯით შევიდა შემოღობილ სივრცეში, მიუჯდა გვერდით საწერ მაგიდასთან მჯდომ «საოცარ მსგავსებას» და სცადა, როგორმე მას დახმარებოდა.

  – ახლა ვცადოთ სცენა ვაშლებით, – ამხნევებდა იგი მოხუცს. – როგორც ცნობილია, მურატოვს ძალიან უყვარდა ვაშლი და მისი მოღვაწეობა მხოლოდ ულმობელი განკარგულებების გაცემით კი არ შემოიფარგლებოდა, არამედ – უზღვავი რაოდენობის ვაშლების ყლაპვითაც. ის მათ, აი, ამ უჯრაში ინახავდა. შეხედეთ, აქ აწყვია ვაშლები, – და ასისტენტმა საწერი მაგიდის მარცხენა უჯრა გამოაღო. – მოკლედ, ახლა შემოვა დეპუტაცია და, როგორც კი პირველი მათგანი დაილაპარაკებს, თქვენ, ჩემო კარგო, დაიწყებთ თქვენი ვაშლის ჭამას.

  «საოცარმა მსგავსებამ» დიდი გულისყურით მოუსმინა ახალგაზრდას. ეტყობოდა, ვაშლებმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სცენის გადაღება თავიდან დაიწყეს. მურატოვმა გამოიღო საწერი მაგიდის მარცხენა უჯრიდან ვაშლი და ჩაკბიჩა. ვერ იტყოდი, ხარბად ჭამსო, ჩვეულებრივად მიირთმევდა. მარცხენა ხელით ამ დროს ქაღალდზე რაღაცას ჯღაბნიდა და, სანამ დეპუტაცია თავისი მოთხოვნების შესახებ ელაპარაკებოდა, ის მართლაც მხოლოდ ვაშლის ჭამით იყო გართული. მათ არც უსმენდა. რამდენიმე წუთში მარჯვენა ხელის ერთი უდიერი გაქნევით შუა გზაზე გააწყვეტინა სიტყვა ერთ-ერთ ებრაელს და მორჩა საქმეს. მერე მოუბრუნდა რეჟისორებს და ჩაიბურტყუნა: – «ვინგაიყვანს ამათ?» მთავარი რეჟისორი არც ამდგარა, ისე ჰკითხა, რა, უკვე მოათავეთო?

  – ჰო, მე მეგონა, რომ ისინი უნდა გაიყვანონ, – უპასუხა მოხუცმა. მთავარმა რეჟისორმა დანარჩენებს ირონიულად გადახედა და ჩაილაპარაკა:

  – არა, მტარვალის საქმე ასე მარტივად არ არის. ისევ მოგიწევთ ყურადღების დაძაბვა. წამოდგა და სცენის გათამაშება თავიდან დაიწყეს.

  – მტარვალები ასე არ იქცევიან, – თქვა მან, – ასე ჩვეულებრივი წვრილი მოხელეები ირჯებიან. შეიგენით, რომ კარგად უნდა გაიაზროთ ყველაფერი. უამისოდ ვერაფერს გააწყობთ. უნდა წარმოიდგინოთ ეს პირსისხლიანი ჯალათი, მთელი არსებით უნდა შეიგრძნოთ იგი. მოდი, ვცადოთ კიდევ ერთხელ.

  რეჟისორი ამ სცენის შინაგანი დრამატურგიის აგებას ცდილობდა, ეძებდა დამახასიათებელ დეტალებს და აძლიერებდა მათ. «საოცარი მსგავსება» არც ისე უნიჭო აღმოჩნდა. რასაც ავალებდნენ, ყველაფერს აკეთებდა, თანაც არცთუ ისე ურიგოდ. ზუსტად ისევე განასახიერებდა მტარვალს, როგორც ამას გააკეთებდა ნებისმიერი სხვა ადამიანი. ნახევარსაათიანი ვარჯიშის შემდეგ ეს სცენა ასე გამოიყურებოდა:

  (შემოდის მურატოვი), მხრებში გაშლილი, გაჯგიმული, მკვეთრი მოძრაობებით. კარიდანვე ესვრის ველურ მზერას მისასალმებლად გამზადებულ წელში ნახევრადმოკაკვულ ებრაელებს (კიდებს შლაპასა და ხმალს საკიდზე), მხრებიდან შინელი ჩამოუსრიალდება და იატაკზე დაუვარდება. არც იღებს, იქვე ტოვებს მას (მაგიდასთან მიდის, ფურცლავს დილის გაზეთს), გადაათვალიერებს თეატრის ახალ ამბებს, მოდური სიმღერის ტაქტს მაგიდაზე თითებით უკაკუნებს (იწყებს დაკითხვას), ხელის ზიზღნარევი მოძრაობით ანიშნებს ებრაელებს, სამიოდე მეტრით უკან დაიხიეთო.

  – არა, თქვენ ვერაფერი ვერ გაიგეთ. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, კაპიკად არ ვარგა, – თქვა მთავარმა რეჟისორმა. – ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი თეატრია, ძველი სკოლის ბოროტმოქმედი. ხოლო ის, ძვირფასო, როგორადაც ჩვენ ტირანი დღეს გვესახება, სრულიად სხვა რამაა. ეს არაა მურატოვი!

  ყველა წამოფრინდა. გადამღები ჯგუფის მონაწილენი ლამის თავზე დაახტნენ კოხალოვს, რომელიც თვალყურს ადევნებდა ამ სინჯებს და რაღაცას უხსნიდნენ მას. ერთად შექუჩებულიყვნენ და ერთდროულად ყიყინებდნენ. თითოეული მათგანი ცდილობდა, თავისებურად დაეხატა ტირანის სახე.

  გენერალ მურატოვის ისტორიულ სკამზე კი იჯდა ყველასგან მივიწყებული წელში მოკაკვული «საოცარიმსგავსება» და სევდიანი მზერით გაჰყურებდა სივრცეს. მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც უგდებდა ყურს ლაპარაკს, უნდოდა, გარკვეულიყო საქმის ვითარებაში.

  გარჩევაში ებრაელთა დეპუტაციის როლის შემსრულებლებიც იღებდნენ მონაწილეობას. დიდხანს უსმენდნენ ორ სტატისტს, ამ ქალაქის ძველ მცხოვრებლებს, რომლებიც თავის დროზე მართლაც ხსენებული დეპუტაციის წევრები ყოფილან. ამ ორ მოხუცს იმიტომ შესთავაზეს გადაღებაში მონაწილეობის მიღება, რათა ფილმისთვის უფრო მეტი დამაჯერებლობა და სახასიათო ელფერი მიენიჭებინათ. უცნაურად ჩანდა, მაგრამ, მათი აზრით, სულ პირველი დუბლი არცთუ ისე ცუდი გამოვიდა. არ ვიცით, როგორი შთაბეჭდილება იქონია ამ სცენამ იმათზე, ვინც ყველაფერს ამას არ შესწრებია, მაგრამ ჩვენზე მაშინ სწორედ იმ მიმდინარე მოვლენების ბიუროკრატიზმი და ყოფითობა ახდენდა ყველაზე შემზარავ შთაბეჭდილებასო. თავის დაჭერის ეს მანერა «საოცარმა მსგავსებამ» ზედმიწევნით კარგად გადმოგვცა. ისიც, ვაშლს მექანიკურად რომ ჭამდა პირველ დუბლში. . . თუმცა ჩვენი ლაპარაკისას მურატოვი ვაშლს არ ჭამდაო, – ამბობდნენ ისინი. რეჟისორის თანაშემწემ ყოველივე ეს გააპროტესტა.

  – მურატოვი ყოველთვის ჭამდა ვაშლს, – განაცხადა მან დამცინავად. – განა თქვენ თავად არა ხართ ამისი მომსწრე?

  ებრაელები შეშინდნენ, აქაოდა ეჭვი არავინ შეიტანოს იმაში, რომ ჩვენ მართლაც სიკვდილმისჯილები ვიყავითო და ასეთი მოსაზრება გამოთქვეს: მურატოვმა ვაშლი, ალბათ, ან უშუალოდ ჩვენს შეხვედრამდე შეჭამა, ან – ჩვენი წასვლის შემდეგო.

  უეცრად კოხალოვისა და რეჟისორის გარშემო ჩოჩქოლი ატყდა. «საოცარმა მსგავსებამ» მისწი-მოსწია ხალხი და მთავარ რეჟისორს მიეჭრა. გამხმარი სახე აჭროდა, ხარბი გამომეტყველებით ამტკიცებდა რაღაცას. მიუხვდა, როგორც ჩანს, რას ითხოვდნენ მისგან, გასამრჯელოს დაკარგვის შიშით გონება გაუნათდა და რეჟისორს შესთავაზა:

  – მგონი, მიგიხვდით, როგორ წარმოგიდგენიათ ყოველივე ეს. თქვენ გინდათ, რომ ეს კაცი იყოს მტარვალი. ჩვენ ამის გაკეთება ვაშლების საშუალებით შეგვიძლია. წარმოიდგინეთ, მე ასე უბრალოდ ვიღებ ერთ ვაშლს და ცხვირში ვჩრი რომელიმე ებრაელს. ხეთქე! – ვეუბნები. და ვიდრე ის... – ყურადღება! – მიუბრუნდა ებრაელთა დეპუტაციის მთავარი როლის შემსრულებელს, – და ვიდრე შენ ამ ვაშლს ჭამ, წარმოიდგინე, რომ სიკვდილის შიშით ის ყელში გეჩხირება, მაგრამ შენ ის უნდა შეხეთქო, რადგან მე, გუბერნატორი, გთავაზობ ამას. თანაც უნდა შეხეთქო სიხარულით, ეს ხომ ჩემი მხრიდან მეგობრული ჟესტია შენ მიმართ. ასე არ არის? – და მოხუცი ისევ მიუბრუნდა რეჟისორს, – ამ დროს კი მე, ვითომც აქ არაფერიო, ხელს ვაწერ სასიკვდილო განაჩენს. ის კი, ვინც ვაშლს ჭამს, ამას უყურებს.

  რამდენიმე წამის განმავლობაში მთავარი რეჟისორი მოხუცს გაშტერებული შესცქეროდა. ის კი იდგა მის წინაშე წელში მოკაკვული, დაჩამიჩებული, აღელვებული და ახლა უკვე კვლავ დამცხრალი, ერთი თავით რეჟისორზე მაღალი, ზემოდან დაჰყურებდა მას. და ერთ წამს რეჟისორს მოეჩვენა, რომ ბებრის ანთებულ თვალებში უცნაურმა დაცინვამ გაიელვა, – რაღაც დამამცირებელმა, მიუწვდომელმა.

  ამ დროს საუბარში კოხალოვი ჩაერია. ის სულგანაბული უსმენდა მათ. «საოცარი მსგავსების» მიერ შეთავაზებულმა ვაშლის ვარიანტმა მსახიობს «აქტიორული ფანტაზია» გაუღვიძა. უხეშად გასწია ბებერი განზე და გადამღებ ჯგუფს მიმართა:

  – საუცხოოა! აი, რას გულისხმობს იგი.

  და მან დაიწყო თამაში. თამაშობდა ისე, რომ ყველას სუნთქვა შეეკრა. როცა სასიკვდილო განაჩენს აწერდა ხელს, სიმწრის ოფლი ასხამდა. და მაშინ მთელ პავილიონში მქუხარე ტაში გაისმა.

  მოათრიეს «იუპიტერები». დაუწყეს დეპუტაციას იმის ახსნა, თუ რა უნდა ეკეთებინა. მოამზადეს აპარატები. გადაღება დაიწყო. კოხალოვი მურატოვს განასახიერებდა.

  ამგვარად, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ მხოლოდ საოცარი მსგავსება პირსისხლიან ტირანთან თავისთავად არაფერს არ იძლევა და მტარვალის ჭეშმარიტი სახის დასახატავად საჭიროა ოსტატობა.

  მეფის ყოფილმა გუბერნატორმა კი საგარდერობოდან თავისი შლაპა აიღო, მონური ჟესტით დაემშვიდობა შვეიცარს და ოქტომბრის სუსხიან დღეს ლასლასით გასწია გარეთ, ქალაქში. იგი ღამისსათევი ბარაკების კვარტალში გაუჩინარდა. იმ დღეს მურატოვმა იმდენი ფული კი იშოვა, ღამის გასათევად რომ ჰყოფნოდა და, ამასთანავე, ორი ვაშლიც ჩაახრამუნა.

 

 

 

 

ბარბარა

 

  დიდხანს ვიფიქრე, რა დამერქმია ამ მოთხრობისათვის და ბოლოს მივხვდი – მას უნდა რქმეოდა «ბარბარა».

  თუმცა თავად ბარბარას მხოლოდ მოთხრობის დასაწყისში ვხვდებით და შემდგომ, მთელი თხრობის მანძილზე, არცთუ ისე სიმპათიურად გვევლინება, მაგრამ მოთხრობას მაინც არ შეიძლება ერქვას რაიმე სხვა, თუ არა «ბარბარა».

  ედმუნდმა, იმავე ედიმ, რომელიც ორას ფუნტს იწონის და მელანქოლიური არსებაა, მიჰქარა და საღამოს ცხრა საათზე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ კოქტეილი ერთად ვშთანთქეთ, ხოლო მისი «კრაისლერი» კი იქვე, ბარის შესასვლელთან, იდგა, ლიტცენდურგერის ქუჩის # 53-ში ბარბარასთან წამიყოლია. მას ბარბარასა და «კაბარეს დირექტორის ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკების» შედეგები აინტერესებდა.

  დავრეკეთ, შევედით, პალტოები ჩამოვკიდეთ და დავინახეთ, როგორ გამოემართა ჩვენკენ პირგამეხებული ბარბარა. იგი ყვიროდა, ნუ გამაგიჟე მაგ შენი იდიოტური ეჭვიანობითო. მერე ცხვირწინ კარები მოგვიჯახუნა და ჩვენ ისევ ედის «კრაისლერთან» აღმოვჩნდით. სასწრაფოდ შიგ ჩავსხედით.

  ედიმ მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა. ქარივით მიქროდა. გადაუარა ორ ერთმანეთის გადამკვეთ ტრამვაის ლიანდაგს, გვერდით ჩაუქროლა ვიღაც მოხუც ქალსა და პოლიციელს და შურდულივით გაიჭრა ჰალენზეერის ხიდზე. თან მთელი ამ ხნის განმავლობაში ენა არ გაუჩერებია.

  გეგონებოდათ, ცხიმის ბურთიაო, რომელსაც თავის მაგივრად შავი, გაქვავებული ქუდი ედო, ხოლო ცენტრში თვალების ნაცვლად პატარა შავი ჩამრთველი ჰქონდა. ყველაფერი ცხიმით იყო გაპოხილი, თვით საკმაოდ მოზრდილი საჭეც კი.

  და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ცხიმის ბურთი გაუთავებლად ლაქლაქებდა.

  «აი, ხომ ხედავ,– ამბობდა ის, ეს იყო წვრილმანი, პატარა უზრდელობა, ძლიერი ნევროზით გამოწვეული, მაგრამ, მართალი გითხრა, ეს წვრილმანები ყელში ამომივიდა. რა შუაშია ეჭვიანობა? თუ ვინმე არსებობს, ვისაც ეს გრძნობა საერთოდ არ გამოუცდია, სწორედ მე ვარ. რასაკვირველია, კაბარეს დირექტორით აღფრთოვანებული ვერ ვიქნები, მაგრამ ამისი მოთხოვნა მეტისმეტიც იქნებოდა. საღამოს ათ საათზე ასეთ ტიპებს სახლში ეპატიჟება და პიჟამოში გამოწყობილი ეგებება! კი, ბატონო, მისი ნებაა! თუ ვინმე სცემს პატივს ადამიანის უფლებებს, თანაც ყველანაირი სახისას, ეს მე ვარ, მაგრამ, რასაც ბარბარა სჩადის, ქარაფშუტობაა. მე მხოლოდ ეს ვთქვი და სხვა არაფერი! ეჭვიანობა? ვერ აგიწერ, როგორ გავცოფდი, როცა ბარბარას გარდერობში მამაკაცის ის რაღაც მოსასხამი დავინახე ჩამოკიდებული. ცხადია, ამას პალტო არ ჰქვია, არც კი ვიცი, რა დავუძახო. მე, უბრალოდ, რაღაც ინსტინქტური ზიზღი მაქვს ბეწვის სარჩულიანი პალტოების მიმართ. აი, ჩემიც კი, რომელსაც ვატარებ, მძულს. რა ხანია თავს ვიკავებ საკუთარი მოსაზრებების გამომზეურებისაგან! უნდა გითხრა, ყველაფერ ამას ბოლო მოეღება. მორჩა!»

  როცა ედი ამას ამბობდა, ჰალენზეერის ხიდზე გადავდიოდით, გრიუნვალდი დიდი ხნის ჩამოტოვებული გვქონდა. საზარლად ნისლიანი, ბნელი ღამე ჩამოწოლილიყო, ედის კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი. აშკარად გადაეწყვიტა თავისი მსოფლმხედველობა ჩემთვის გაეზიარებინა. შეულამაზებლად მითხრა ყველაფერი, რასაც სამყაროს შესახებ ფიქრობდა და თან 90 კმ სიჩქარით მიქროდა ცხოვრების გზაზე, რომელიც მისთვის საკუთარი წარმოსახვის მიღმა ფაქტობრივად არც არსებობდა. ის ცუდი ფილოსოფოსი და ზედმიწევნით კარგი მძღოლი გახლდათ, თუმცა ახლა მისი მძღოლობა ბევრად უფრო სახიფათო იყო, ვიდრე მისი ფილოსოფოსობა.

  ედი ავითარებდა აზრს, რომ საზოგადოდ ადამიანები შეუმოწმებელი მასალისაგან შეცდომით აგებულ კონსტრუქციებს ჰგვანან, რომელთა დამზადებასაც ცოტა დრო მიაქვს. ამ ნაგავს გარედან ლამაზი ალუმინით ფარავენ, ხოლო გარკვეული ფირმები ბაზარზე გასაყიდად გამოყრიან ხოლმე.

  მე კი ამ დროს ვუყურებდი, რა საშინელი სიჩქარით მიქროდნენ ჩემ თვალწინ ფიჭვები და ვგრძნობდი საბედისწერო ტემპს.

  ედიმ კვლავ უმატა გაზს, რათა თანდათან გაეზარდა სიჩქარე და გამიმხილა, თუ რა წარმოდგენისა იყო ქალებზე.

  «ქალები, – მითხრა მან, როცა სიჩქარემ 100 კილომეტრს მიაღწია, – მე ისეთ ნაგვად მიმაჩნია, ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები ხოლმე – რატომ აყენებენ მათ შინაურ ცხოველებზე უფრო მაღლა, ისინი ხომ ქალებზე ბევრად სანდონი არიან. ქალი უმდაბლესი მატერიაა, საზიზღარი არმატურა.»

  «არმატურის» წარმოთქმისას ედი სულ მთლად გაავდა, გაუთავებლად გაჰყვიროდა ამ სიტყვას. ბოლოს დააყოლა – ქალები, როგორც ყოვლად უნდო არსებანი, უნდა იდევნებოდნენ სახანძრო პოლიციის მიერო. ამ სიტყვების თქმისას მან მიაღწია საშინელ ტემპს – საათში 110 კილომეტრს.

  ასეთ სიჩქარეში (110 კილომეტრი საათში!) ედის ქალების საწინააღმდეგო არგუმენტებს ვერ ვამოწმებდი, მაგრამ ფიჭვები, რომლებიც წეღან ჩემ თვალწინ ელვის სისწრაფით მიქროდნენ, ახლა უკვე საოცრად მყარნი და უძრავნი მეჩვენებოდნენ. ყველაზე უფრო შემაშფოთებელი იყო ის, რომ ედის «მსოფლიო სევდას» ფეხი გაზის პედალზე ედო. და, რაკიღა ამ ფეხთან ვერაფერს გავხდებოდი, ისღა დამრჩენოდა, სევდის საწინააღმდეგოდ მემოქმედა. ამიტომ შუაღამისას, ჩაბნელებულ გზატკეცილზე, ვანზეესა და პოტსდამს, გრიუნვალდსა და მისთანებს შორის ამ გამოთაყვანებულ, ცხიმით გატენილ ბურთთან პლანეტების მნიშვნელობაზე გავაბი საუბარი. ვუთხარი, რომ ამ ვითარებაში არ შემეძლო დეტალებზე ფიქრის შეჩერება და უბრალოდ, ყველაფერი პირობითია; თუმცა ის კი უნდა მცოდნოდა, რომ ჩვენ აბსოლუტური სისწრაფით მივქროდით და ყოველგვარი პირობითობის გარეშე სიკვდილთან შესახვედრად მივიჩქაროდით. როცა მივადექით თემას – «წვიმის შემდეგ იდარებს» – ტყიან დაღმართს მივუყვებოდით, ხოლო, როცა ბოლოს და ბოლოს ბარში ჩავედით, ჩემი მოხსენება ეხებოდა თემას – «ქალებსაც აქვთ კარგი თვისებები». მაგრამ ამ თემამ მასზე მაინცდამაინც დიდი გავლენა ვერ მოახდინა.

  ამასობაში ედიმ გზატკეცილი შენიშნა და კვლავ მიეცა საშუალება, მანქანა ისეთი სიჩქარით გაექანებინა, რომელიც მისი სასოწარკვეთის ტოლფასი იქნებოდა.

  ძალა სავსებით გამომეცალა. წარმოვიდგინე, როგორ გვიპოვნიდნენ ჯერ კიდევ გაუყვანელ უკიდეგანო გზატკეცილზე დაყრილებს, დამსხვრეულ მანქანას, ერთ ვინმე თავზეხელაღებულ გიჟს და ამ თავზეხელაღებულის მსხვერპლს. საშინლად გავმწარდი.

  კიდევ რამდენიმე ხანი, სულ ცოტა ნახევარი საათი, უხმოდ, მაგრამ არანაკლები სიჩქარით მივქროდით. მერე ედი ისევ დაღმართზე დაეშვა და კიდეც ვუთხარი: «რა საზიზღრად ატარებ-მეთქი». ამ წინადადებამ, რომელიც მთელი სერიოზულობითწარმოვთქვი, ედიზე ძალიან იმოქმედა. იგი ცნობილი იყო, როგორც ბრწყინვალე მძღოლი. ეს გახლდათ ერთადერთი რამ, რაც მან იცოდა.

  უფორმო სხეულიდან რაღაც ყრუ ხმა აღმოხდა. ეს იმ მასტოდონის ოხვრას ჰგავდა, რომელსაც უთხრეს, ისე სუსტი ხარ, ბალახის ღეროსაც კი ვერ ამოგლეჯო.

  ამის შემდეგ ედი 120 კილომეტრით გაქანდა. ამ დროს სწორედ ზედმიწევნით მიხვეულ-მოხვეულ ადგილებში ვიმყოფებოდით. ედი ყოველ მოსახვევში სიჩქარეს უმატებდა. ბნელოდა. მხოლოდ სოფლებში ბჟუტავდა აქა-იქ სინათლე... ერთ-ერთ ასეთ ადგილს რომ ჩავუარეთ, მკრთალ შუქზე ედის გამომეტყველებას მოვკარი თვალი. ბავშვურ სახეზე მწარე, ირონიული ღიმილი ედო. ეს არ იყო ამქვეყნიური ღიმილი.

  უცებ ცოდვასავით შავ, უკუნ ტყეში ძრავა ჩაგვიქრა, ედიმ მაღალ სიჩქარეში გადართო. მანქანა ზოზინით დაიძრა. მერე ედიმ პედალს მიაჭირა ფეხი, მერე ისევ გაზს.

  მანქანა გაჩერდა. ბენზინი გამოლეულიყო.

  ედი მანქანიდან გადმოვიდა. ბენზინის ავზს ჩააშტერდა. მერე კანისტრა აიღო, შეანჯღრია და სასოწარკვეთილი მანქანის საფეხურზე ჩამოჯდა. ეს ხდებოდა ტყეში, რომელიც რუკაზე ნამდვილად არ იყო აღნიშნული, საკმაოდ შორს, აღმოსავლეთისაკენ. ისე ციოდა, როგორც ყინულის ხვრელში.

  ასე დამთავრდა ჩემი ამბავი. ისღა დამრჩენია, გითხრათ, რომ გამთენიისას იქვე მყოფ პატარა სოფელთან შეგეძლოთ დაგენახათ ორი მამაკაცი. ისინი «კრაისლერს» მიაგორებდნენ. ამასობაში ერთი, მაღალი, მეორეს ეუბნებოდა ყველაფერს, რაც მასზე ოდესმე უფიქრია და უფრო მეტსაც... ხოლო მეორე, ბურთივით კაცი, ქოშინით აწვებოდა მანქანას და იცინოდა.

ოღონდ ეგ იყო ბავშვური და მხიარული სიცილი.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ბრეხტი ბერტოლდ / მოთხრობები