ბუონაროტი მიქელანჯელო 

სონეტები

 

   იტალიურიდან თარგმნა ჯემალ აჯიაშვილმა

 

 

  რა ბედნიერი იქნებოდა იტალია, უფრო მრავლად

   რომ ჰყოლოდა ასეთი პოეტები!

                                                                                                                        სტენდალი

 

   მიქელანჯელო ბუონაროტის (1475–1564), ამ „შეუპოვარი გენიის” – მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის ლიტერატურული მემკვიდრეობა მსოფლიო პოეტური კლასიკის ერთი ბრწყინვალე ფურცელია, რაც თვალნათლივ წარმოაჩენს აღორძინების ეპოქის ტიტანთა მრავალმხრივობას.

   პოეზია მისთვის უბრალო გატაცება როდი იყო – იგი მას თავისი გულისა და სინდისის სისხლხორცეულ ნაწილად მიაჩნდა და მეგობართა წრეში, ლიტერატურულ საღამოებსა თუ სხვა შეხვედრებზე, გატაცებით წარმოთქვამდა საყვარელი პოეტების სტრიქონებს („აღმერთებდა დანტეს და აღფრთოვანებული იყო პეტრარკათი” – ვაზარი); თავადაც, როგორც პოეტი, დიდი პოპულარობით სარგებლობდა თანამედროვეთა შორის. საგულისხმოა, რომ რაფაელის ცნობილ ფრესკაზე „პარნასი” მიქელანჯელო მსოფლიოს ყველა დროისა და ხალხის უდიდეს პოეტთა შორისაა გამოსახული.

   „წყურვილი ბადებს ახალ წყურვილს, მე ვიტანჯები” – ეს სიტყვები, ალბათ, ყველაზე კარგად გამოხატავს პოეტის მეამბოხე სულს, მის მაძიებელ და მიწყივ დაუდგრომელ ხასიათს. სიტყვა მისთვის ისეთივე იარაღია, როგორიც თიხა და მარმარილო. მისი მგრძნობიარე ბუნება თითქოს განჭოლავს საგანთა მიჯნებს: იგი ბგერას ხედავს და ფერს ისმენს. სიტყვის საშუალებით პოეტი გაურბის პლასტიკური ხელოვნების „სამგანზომილებიან ჩარჩოებს”, რათა მისგან თავდაღწეულმა პოეზიის უსაზღვრო სივრცეებს მისცეს თავი.

   მიქელანჯელოს, როგორც პოეტის, შემოქმედებითი აღმავლობა დაემთხვა ქვეყანაში კონტრრეფორმაციის უმძიმეს წლებს, როცა შიდა  და გარე მტრებით გარშემორტყმული იტალია, სისხლდაცლილი და დაუძლურებული, ინკვიზიციის ხანძარში იყო გახვეული. ერეტიკოსთა თავისუფალი აზროვნებით დამფრთხალმა რომის კარდინალთა კოლეგიამ ცენზურის უსასტიკეს ფორმას მიმართა – დაწესდა „აკრძალულ წიგნთა ინდექსი” (იგი 1964 წლამდე იყო ძალაში!), რომლის პირველივე ჩამონათვალში ჯოვანი ბოკაჩოს, ერაზმუს როტერდამელის, ფრანსუა რაბლეს და სხვა „მწვალებელთა” თხზულებები იქნა შეტანილი.

   იმ დროისათვის მიქელანჯელოს უკვე დასრულებული ჰქონდა „განკითხვის დღე” – მოხატული იყო სიქსტეს კაპელა.

   ეს იყო ჯანყი თუ მოწოდება, ხანდაზმული დიდოსტატის აშკარა ამბოხი ადამიანთა დამცრობილი ღირსების აღსადგენად, რაც ცრურწმენებით დამძიმებული საზოგადოების გამოწვევას უფრო ჰგავდა. დაიწყო მხატვრის დევნა. გუნებას უწამლავდნენ ხელოვანს, ბრალს სდებდნენ ტაძრის მთავარი საკურთხევლის შებილწვაში, მოითხოვდნენ ფრესკის განადგურებას და ღვთისმგმობელი მხატვრის შეჩვენებას. მიქელანჯელოს თვალწინ ინგრეოდა მისი ოცნებების სამყარო, ფეხქვეშ ითელებოდა ის სულიერი ღირებულებები, რომელსაც იგი მთელი ათწლეულების მანძილზე თავგამოდებით ამკვიდრებდა  და იარაღით ხელში  იცავდა ალყაშემორტყმული ფლორენციის ბასტიონებზე.

   ყოველივე ამანაც თუ ჩააქნევინა ხელი სვეგამწარებულ  ოსტატს და აიძულა, თავისი ლიტერატურული ძიებები საგულდაგულოდ მიეჩქმალა, რათა მის პოეტურ

ქმნილებებს მომავალში მაინც ეხილა მზის სინათლე; თუმცა, შესაძლოა, საკუთარი ლიტერატურული ნაღვაწიდან ასეთ „გაუცხოებას” სხვა მიზეზიც ასაზრდოებდა.

   მიქელანჯელო წონასწორობიდან გამოჰყავდა შემოქმედებით უნიათობას; უნიჭობას და ბრმა მიმბაძველობას ვერ ეგუებოდა მისი პირქუში გენია: „ვინ იცის, კიდევ რამდენს გააბრიყვებს ჩემი ხელოვნება” – სინანულით წამოსცდებოდა ხოლმე ახალგაზრდა მხატვრების დანახვისას, სიქსტეს კაპელაში მისი ფრესკების მიმბაძველობით რომ იყვნენ გართულნი. იქნებ, ესეც იყო ერთი მიზეზი, ასე რომ მიაჩუმათა საკუთარი ლექსები, რაკი ეშინოდა, ეპიგონებს და ყალბისმქმნელებს თავიანთი უნიჭო გადამღერებით არ გაეუფასურებინათ მისი პოეტური ნააზრევი.

   მწარე ფიქრებით გულმოწყლული, იდგა ნაჯაფარი მხატვარი ათასგვარი უაზრობით დამძიმებულ რომში, ძველი ფორუმის ნანგრევებთან, და, ხანდაზმული და დაუძლურებული, მშვენიერების გადარჩენას ლამობდა. ყოველცისმარე, ცხენზე ამხედრებული, შემოივლიდა ქალაქის ქუჩებს და მოედნებს, სადაც მისი ხელდასხმით დიდი სამუშაოები იყო გაჩაღებული; მაგრამ სრული თვითგამოხატვისთვის დიდი ხელოვანი მაინც სიტყვასთან ჭიდილს არჩევდა. „მის გოლიათურ ბუნებას, ტიტანურ ინდივიდუალობას არ აკმაყოფილებდა პლასტიკური, უნივერსალური და აბსტრაქტული ენა. ამ „ოთხსულიანი კაცის” „თვითგასრულება” აუცილებლად მოითხოვდა აზრის და ვნების ინჰერენტული შინაარსის მტვირთველ ცოცხალსა და უშუალო პოეტურ სიტყვას, – მისი სულიერი ქმედითობის შინაგან საფუძველს, მისი რელიგიური მსოფლგანცდისა და ეთიკური თუ ესთეტიკური მრწამსის კონკრეტულ გამოხატულებას” (ბაჩანა ბრეგვაძე). „თქვენ, ცხადია, სიშლეგე გგონიათ ჩემი სონეტები” – სწერდა იგი თავის მეგობრებს, რომელთაც მისი პოეტური მოღვაწეობა მოხუცი გენიის მორიგი ახირება ეგონათ...

   მიქელანჯელოს პოეზიასთან პირველი შეხვედრა, რომელიც ავტორის სიკვდილიდან  ორმოცდაათი წლის შემდეგ შედგა, უიღბლო გამოდგა: მისმა მოპოეტო ძმისწულმა, წმინდა სტილისა და დახვეწილი ფორმების ქომაგად რომ მოჰქონდა თავი, მიქელანჯელოს ლექსები ისე მონდომებით შეკრიჭა და „შეალამაზა”, რომ სულ გამოაცალა ადრინდელი ხორკლი და სინედლე და წასაკითხავად ერთობ დუნე და სტერილური გახადა.

   გადიოდა ასწლეულები, გენიალური მხატვრისა და პოეტის მტვერწაყრილი ხელნაწერები კი ნელ-ნელა იცრიცებოდა ვატიკანის ბიბლიოთეკასა თუ ბუონაროტების საგვარეულო სახლში (ფლორენცია) და მოთმინებით ელოდა თავის მკითხველს.

   მაგრამ ჭეშმარიტი პოეზია მაინც უძლებს დროის გამოცდას. იმ სენსაციური აღმოჩენის მსგავსად, როდესაც მედიჩების კაპელის რესტავრაციის დროს კედლის მრავალსაუკუნოვანი შრეებიდან მხატვრის აქამდე უცნობმა რამდენიმე ფრესკამ გამოანათა, – მიქელანჯელოს პოეზიაც, ბოლოს და ბოლოს, წარუდგა მკითხველთა ფართო  წრეებს. ლიტერატურული კრიტიკა ერთბაშად ალაპარაკდა ამ ლექსების თავისთავად ღირებულებაზე. მიქელანჯელოს ხელნაწერები შეკრიბეს, გვიანდელი ჩანართები და „შესწორებები” ჩამოაცილეს და პირვანდელი შეურყვნელი სახით მიაწოდეს პოეზიის მოყვარულთ.

   მიქელანჯელოს შემოქმედება იტალიური პოეზიის ტრადიციებით საზრდოობს; მეტადრე საცნაურია მისი კავშირი დანტესა და პეტრარკას ლირიკასთან, თუმცა თავისი თანამედროვე „პეტრარკისტებისგან” განსხვავებით, მიქელანჯელო მაინც გაუკვალავი გზით მიდის. ამ პოეტურ ინდივიდუალობას ზოგ-ზოგები ნაკლადაც კი უთვლიდნენ ავტორს, რომლის ხორკლიანი სტრიქონებიდან, თითქოს, ჩაქუჩისა და საჭრეთლის ხისტი ხმა ისმის.

   როგორც ქანდაკებაში, მიქელანჯელო ლექსებშიც უკიდურესად მომჭირნეა და ძუნწი. იგი ბოლომდე აშიშვლებს სათქმელს, სიტყვას ათავისუფლებს ზედმეტობისგან, რათა პოეტური აზრი მაქსიმალურად ნათელი და გამჭვირვალე გახადოს.

   მისი სონეტები, მეტწილად, შუქჩრდილების თამაშზეა აგებული: სიყვარული და სიკვდილი, სიკეთე და ბოროტება, დრო და მარადისობა – აი, ის მთავარი თემები, რომელთა ერთიანობაში ეძებს პოეტი და მოაზროვნე ყოფიერების დიალექტიკურ საზრისს (ალბათ, შემთხვევითი არ იყო, რომ რაფაელმა თავის მეორე ცნობილ ფრესკაზე – „ათენის სკოლა” – მიქელანჯელო ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, დიალექტიკის მამად წოდებული ჰერაკლიტეს სახით წარმოადგინა).

   დროთა განმავლობაში გარესამყაროსთან დიალოგი ტრაგიკულ მონოლოგში გადადის, მისი პოეტური მეტყველება უფრო მკაცრი და პირქუში ხდება. მიქელანჯელო, თითქოს, გაურბის ნახევარტონებს და თავის მტკივნეულ აღსარებებს მკვეთრ დაპირისპირებებსა და კონტრასტებზე აგებს – სამყაროც და ადამიანიც ხომ, ბოლოს და ბოლოს, ორ უმთავრეს პოსტულატზე – სიცოცხლესა და სიკვდილზე, ხორცშესხმასა და ხრწნადობაზეა დაფუძნებული... 1547 წლის შემდეგ კი, როცა გარდაიცვალა ვიტორია კოლონა (რომელთანაც, როგორც ცნობილია, მიქელანჯელოს პლატონური სიყვარული აკავშირებდა), პოეტის შინაგანი სამყარო ღრმა რელიგიური განცდებით იმსჭვალება, სიცოცხლისა და სიყვარულის თემა განუყოფლად უკავშირდება სიკვდილსა და წარმავლობას და მასთან ერთად ერთ ტრაგიკულ მთლიანობაში მოიაზრება.

   მთელი ცხოვრება მიქელანჯელოს თან დევდა დანტეს აჩრდილი. მისი ხელოვნება შემოქმედებითად ეხმარებოდა მას და სასიცოცხლო ძალასა და ენერგიას მატებდა. ოცნებობდა, ქვაში გაეცოცხლებინა თავისი დიდი თანამემამულის სახე, მაგრამ ჩანაფიქრს ხორცი  ვერ შეასხა და მხოლოდ მისდამი მიძღვნილი ორიოდე  სონეტით დაკმაყოფილდა.

   არადა, რა ტრაგიკულად ერთნაირი აღმოჩნდა ბედი ამ ორი ფლორენციელისა, ასე თავდავიწყებით რომ უყვარდათ თავიანთი მშობლიური ქალაქი, სიცოცხლის ბოლომდე უერთგულეს თავისუფლებისა და სიმართლის იდეალს და ძალმომრეობის წინააღმდეგ ამბოხებულებმა სამშობლოდან შორს – განდევნილობაში დალიეს სული...

   მიქელანჯელომ შექმნა უჩვეულო პოეტური სამყარო, რომელიც თავისი ფილოსოფიური სიღრმითა და სიწრფელით კვლავაც ატყვევებს მშვენიერების ტრფიალთ.

 

                                                                                                                        ჯ. ა.

 

 

***

         მარმარის ნატეხს – გამომზირალს ცივად და მკაცრად –

         რად დაემგზავრა, მშვენიერო, ხვედრი კეთილი? –

         და წარმავლობას – უკვდავებად გამოკვეთილი

         ქმნილება ებრძვის შემოქმედის ჯუფთად და ნაცვლად.

         შედეგი რჩება სრულქმნილებად, მიზეზი – ნაცრად,

         და ხელოვნება ბუნებაზე – მსახვრალ ბედივით

         იმარჯვებს თითქოს, რათა ჟამი მიწყივ მედინი

         ქვის ქმნილებაში ჩაამკვიდროს, ჩადოს და ჩაწნას.

         ასე, საჭრეთელს შეუძლია სულ სხვა მისნობა,

         რომ ჩვენს სიცოცხლეს მიანიჭოს  მარადისობა;

         და როს სხეული ხრწნადობისთვის შეემზადება,

         შენ, ქვადქცეული, გააგრძელებ დროში მგზავრობას

 

 

         და ქმნილებაში ჩაძერწილი შენი ხატება

         ჩვენს სიყვარულზე მოუყვება შთამომავლობას.

 

 

***

         მძიმეა ხვედრი ტყვექმნილისა, სულისთვის – ორწილ...

         და რაკი სულმა დაითმინა ხორცის ტყვეობა,

         გახარებს სათნო ანგელოსის მეურვეობა –

         ზეიმ და ზეიმ, თავო ჩემო, ქორწილ და ქორწილ.

         სიბნელე სულით დაიძლევა, სინათლე – ხორცით

         და სწორედ ამად, – სინათლესთან რომ არ მეომა, –

         შენ შეგავედრე ზენაარის კეთილმძლეობა –

         ტკივილ და ტკივილ, სულო ჩემო, ბორძიკ და ბორძიკ.

         ვიცი, წახვალ და, სხივმოსილი, თანვე წამიტან,

         მეც შენთან ერთად გავურბივარ დასაბამიდან

         ხორციელების ქედმაღლობას, სიცილს და ქირქილს.

         შენა ხარ სიბრძნე განგებისი, ნიჭი გრძნეული,

         მშვენიერების გაცხადება ქვეშეცნეული, –

         და შენგნით ვისთვლით მსოფლიონი სამყაროს გვირგვინს...

 

 

 

***

         ვიხილე ხილვა – შემოსილი ციური მადლით:

         უცხო ნათელი მომეახლა ისე მეფურად,

         ისე ლაღად და უზრუნველად, – მეც უნებურად

         აღმევსო სული ზენაარის შუქით და ნათლით.

         ასეა  – ჩვენს ხატს დღენიადაგ უფალთან ვადრით

         და ღვთიურ ნათელს ვანაწილებთ სხივთა კრებულად,

         ვიდრე მოგვიჯრის ბედისწერა კვლავინდებურად

         საფლავის მიწას მესაფლავის მტკავლით თუ ადლით.

         ჩაიფერფლება შარავანდი, სხივი ჩაქრება,

         ყოველს წალალავს სიბნელეში ჟამი მედინი,

         მაგრამ სულსა და ხელოვნებას – სხვებზე ნაკლებად

         მოისაკლისებს სასიკვდილოდ მწყემსი კეთილი

         და ღვთაებრივი სიყვარულით გაინათლება

         ზესკნელ-ქვესკნელის მარადისი გზაჯვარედინი...

 

 

***

         ის გადმოეშვა დედამიწის დახშულ სფეროზე

         და რა იხილა ჯოჯოხეთის ძრწოლვა და გმინვა,

         სალხინებელში აიტაცა მეუფის სხივმა

         და მის საჭვრეტად  აღებრწყინა, ვით ასპიროზი.

         დახვდა ცის თაღი – მზეასხმული, როგორც ფირუზი

         და ჩვენს ბედდამწვარ სამშობლოში – ნათელ და მჭვირვალ

         ღვთის საუფლოში აღავლინა საღამოს წირვა        

         და კვლავ განზავდა თვალშეუდგამ ცის საფირონში.

         ალიგიერის ქებას ვამბობ – სულმნათ დანტესი,

         ვისაც განუდგა ლაფდასხმული მისი მამული

         მიძინებული საუკუნის იმ სიზანტეში.

         შევნატრი მის ხვედრს: ნუთუ, ღმერთო, ეგზომ შორია

         მისი გოლგოთა, მისი ცრემლი, გზა უამური,

         თვისტომთა წყევლა, მარტოობა და ექსორია...

 

 

 

         ***

         გულს დაჩნევია სიმძიმილი გარდასულ წელთა,

         ბედი მომძახის ავბედითი ფრთების სავსავით,

         რომ კვლავ შემასვას სასიკვდილო სამსალასავით

         ამქვეყნიური ვაებანი, შიში და ელდა.

         ხმობენ ჩრდილები, ფუთფუთებენ, ღამეში ვლენ და

         კვლავ მაზავებენ უჩვეულო ცრემლის საზავით,

         მინდა ბნელს მოვწყდე სულთმობრძავი ფარვანასავით

         და საწუთროდან უკუმდგარი მოვიქცე შენდა,

         რომ მოვიძიო ბილიკები ცის და მნათობის,

         სულს დაებედოს ღვთაებრივი ცეცხლით შებურვა

         და დაიბრუნოს სიმსუბუქე პირველქმნადობის

         ხორციელების ტყვეობაში დამძიმებულმა,

         და გზა, რომელზეც ანგელოსთა ხმები ჩაესმა,

         ცას შეუსართოს სიყვარულმა უზეშთაესმა.

 

 

 

***

 

         არარაისგან ღმერთმა შექმნა დრო-ჟამის ხატი,

         მან შესაქმემდე კი არ შექმნა იგი – არამედ

         წარმავალობის ხელშეუვალ სიაშკარავედ

         შექმნა დღე-ღამე, მზე და მთვარე, ბნელი და ცხადი.

         არსმა ყოველმა დაიუფლა ორივე მნათი

         და მხოლოდ მე ერთს – თვალში ცრემლით, გულში ვარამით –

         ღამის სიბნელედ დამებედა და სიწკვარამედ

         დილა და მწუხრი, მზე და მთვარე, ქმნილი და ქმნადი; –

         რომ ხორცმა ჩემმა, როგორც სასძლოს, როგორც საბედოს,

         სულსაც ბნელი და უკუნეთი შემოაფეთოს,

         ვიდრე ამქვეყნად შემოვწერდე სავალს და სარბენს; –

         ვიდრე აღსავლით აღმოხდება სხივთა კრებული,

         და სული ჩემი – საქორწინოდ გაცისკრებული –

         წავა და უცხო წიაღებში სინათლეს წარფენს...

 

 

 

***        

         ო, სიბნელეო, შენეული რიდე და ფარდა –

         ღამე, რომელიც მაშვრალთათვის დია მარგია, –

         მიყუჩებს ყოველს, როგორც ძილი და ლეთარგია,

         ფიქრის და განსჯის, ქმედების და ოცნების გარდა.

         შენდა მოვილტვი, დღენიადაგ გარჯაში ვარ და

         ხილვებს, რომელთა საიდუმლო შენში მარხია,

         იჩემებს ფუყე სინამდვილე, ვით თვითმარქვია,

         რომ შთაგონებას შეახოცოს ბინძური კალთა.

         აწ განმარიდე სალმობანი, ამასღა გვედრი,

         შემიმსუბუქე ულმობელი წერა და ხვედრი,

         სიკვდილის დაო უმრწემესო, – მწუხრო და ჩრდილო, –

         რომ სიხარულად მოაქციო დაღლილი მრევლი,

         წაჰგვარო დრო-ჟამს უნუგეშო სნეულის ცრემლი

         და დავიწყებას – ხელოვანის ფუნჯი და ტილო...

 

 

 

***

         ამოშრი, ცრემლის ნაკადულო, აიგე წესი,

         წინ რომ გზა გიძევს  გასავლელი, გასახვეწავი, –

         ცრემლებთან რა გაქვს სათხოვარი და სახვეწარი,

         ისეც აგავსებს გაზაფხულის წვიმა და თქეში.

         თქვენც, ტკივილებო, მოილიეთ კვალი და გეში,

         თორემ მე ბედკრულს – ქვეყნის ბრუნვას რაც გავეცანი, –

         ცისკრის ნათელში მებლანდება მწუხრის ზეწარი

 

         და ღამის ჩრდილი მელანდება შუადღის მზეში.

         რბიან დღეები, არყოფნისკენ ისწრაფიან და

         მიწა არ მიფენს ძველებურად მწვანე ფიანდაზს,

         რომ წუთით მაინც გავერიდო ქრობას და ჭკნობას;

         რომ შევაჩერო ულმობელი დროის წრებრუნვა

         და წუთისოფლის უხანობით შეიწრებულმა

         თვალი შევავლო სიყვარულის ღვთაებრივ ნობათს...

 

 

 

***

         ციმციმებს ცივი  სილამაზის პირქუში ხატი,

         მისი სუსხი და შეუვალი მისი რაობა –

         ეს ხაზგასმული გულგრილობა და უძრაობა –

         მეტყველია და მიმზიდველი, ვით ანდამატი.

         აქ წაშლილია ქვეყნიური წუნი და ზადი:

         ჩანს, წარმავალთა საკრებულო – მხატვრის ნაოფლარ

         ხელს მიენდო და უკვდავებას გაესაუბრა, –

         ხელთუქმნელია, ჭეშმარიტად, მშვენება მათი.

         რატომ გვატყვევებს, მარმარილოვ, კელაპტროსანი

         სახე სათნო და მშვენიერი, როგორც შროშანი,

         ან როგორც კერპი – სანუკვარი და საესავი, –         

         ო, მბრძანებელო, უთქმელობით რატომ გვიზიდავ?

         მაგრამ შორია სილამაზე: დაგვცქერს მზესავით

         და თავის ნათელს გვინაწილებს მარადისიდან.

 

 

 

***

         რაიც არ მსურდა, მეძალება მისი სურვილი,

         უფალო ჩემო, სიშორეში შემოგაღამდი!..

         დაეშვა რიდე ყინულისა, დარჩა ქაღალდი –

         სიტყვაჩამქრალი, ჩალეული და ჩაწურვილი.

         სიტყვით მიყვარხარ, არა საქმით... ჩაცხრა წყურვილი –

         ცეცხლი, რომელსაც სიყვარულად  წარმოსახავდი...

         აწყდება ბაგეს ბორგნეული სულის ღაღადი,

         რომ დავიურვო უნდობლობა და სიძულვილი.

         უფალო, გესავ, დამიმსხვრიე ეჭვის ყინული –

         შავბნელი რიდე, სახე-პირზე შემორკინული,

         თორემ ბინდისგან გამიჯნულებს დავემსგავსებით.

         კვლავ გამიბრწყინე საცხოვრისი საღვთო არილით,

         რომ სული ჩემი – სხივოსანი ამორძალივით

         მოგეახლოს და განგიცადოს მთელი სავსებით...

 

 

 

 

***

         სარკმელს ვეძებდი სასახლეში შემოსახედად,

         რეკდა სამრეკლო სიყვარულით გულგაბასრულთა,

         მაგრამ ეს ბრძოლა ამჯერადაც მარცხით დასრულდა

         და კვლავ შორს დარჩა, სახიერო, შენი სახება.

         ცად რომ ლამობდით, ოცნებებო, შემოსახლებას,

         ჩაქრა სხივი და, სიჩუმეში – ასე ჯვარცმულ და

         ტლუ აღმაფრენის სიცრუეში ყველა დარწმუნდა

         და მეზღაპრეთა სახელები შეგრჩათ სახელად, –

         რომ დამაშვრალი სურვილები სუსხით დაიზროთ

         და ხორცი – სოფლის ავაზაკი, ძელზე გასმული, –

         წარმავალობის მოისრეებს მისცეთ საისროდ,

         სულს დაასხუროთ სიწრფოება აიაზმური,

         დრო უმწიფარი აგულდინჯოთ, ადარბაისლოთ

         და ნება-ნება ამოწრუპოთ ბედის სასმური...

 

 

 

***

         მიწისთვის ერთკერძ მუშაკობენ მხეცნი და კაცნი

         და როცა სული მეუფისა ცისკენ გვეწევა, –

         ქვის ქმნილებაში იკვეთება და იძერწება

         უზენაესის ჩანაფიქრი, შრომა და ღვაწლი.

 

         და მეც შენს ნებას, სიცოცხლეო, არა და არ ვცვლი,

         თუმც გაზაფხულის მოლოდინში – როგორც ენძელა, –

         დამზრალი სული ყინულეთში დაიძენძება,

         რომ ხელში შეგვრჩეს გულქვაობა, სუსხი და ღვარძლი.

         რას იზამ, სულო, ტკივილები ვერ დავიამეთ,

         დაბნელდა ცა და, სიჩუმეში, ცივ და ყიამეთ

         ღამის წყვდიადში გადაეშვა ნათება მნათის.

         ან ამ უაზრო ცისქვეშეთში ვით ვიარსებო,

         როცა ბოროტი კეთილს ძალავს, ხოლო გარშემო

         ისმის ფუთფუთი წარმავლობის – ხრწნილის და ხრწნადის...

 

 

 

***

         ეს იყო ხილვა ხორციელი, თუ დამესიზმრა

         შენთან ყოფნა და გალაღება, შენთან ლამუნი,

         მაგრამ მიწის ხმამ ჩააჩუმა ცის სალამური

         და ხატის ნაცვლად ჩანახატი დამრჩა ესკიზად.

         დავკარგე შენი უცხო სახე, სახე ფრესკისა,

         დარდებით ტყვექმნილს მომეახლა ბნელში ამური,

         განქარდა ხილვა – ცრემლიანი და საღამური,

         გამიუცხოვდა შთაგონება და გამესხვისა...

 

         ვერ გვიხსნის ძრწოლვა, სიბნელეში ხელის ცეცება, –

         ამურის ცეცხლი საიდანმე წამოგვეწევა,

         რომ ჩაკლას ვეფხვის შემართება, სწრაფვა ირმისა.

         ასე წამერთვა ნუგეშინი და ნეტარება

         და დღე, - რომელიც შუაღამეს დაედარება, –

         ჩამავალი მზის კაეშანმა მოაყირმიზა...

 

 

 

***

         მახელებს სუნთქვა შესაქმისა – მძაფრი და მკაცრი

         და როგორც წრთობის დიდოსტატი, როგორც მჭედელი,

         გიზგიზებს ცეცხლის მარადისი განსაწმედელი,

         რომ ყოველ საგანს მიანიჭოს ფორმა და აზრი.

         მაგრამ ვაი თუ ფენიქსივით – სიკვდილის ნაცრით

         დამნაცროს ცამ და გაცვდეს ფუნჯი და საჭრეთელი,

         ვერღა განვჭვრიტო სილამაზის განსაჭვრეტელი

         და ხელში შემრჩეს უსულგულო ჩონჩხი თუ ასლი...

         ავალ და ცისკენ აღიკმევა კვამლი და ფერფლი,

         ცეცხლოვან ბილიკს ავუყვები ნეტარი  მსხვერპლი,

         რომ ზენაართა საუფლოში დავიდო ბინა;

 

         დარჩებათ სულებს აღმაფრენა, სხეულებს – ვარდნა

         და, თავო ჩემო, შესაძლოა – მართლა და მართლა –

         ნეტართა გვერდით დაემკვიდრო მაღალთა შინა...

 

 

 

 

***

         შენი თვალები მაგონებენ ჯადოსნურ სარკეს:

         როს სიყვარული გვაოგნებს და გვაქცევს მუნჯებად, –

         ცრემლს ირეკლავენ მწუხარების დასაუნჯებლად

         და სულის ყოველ სატკივარზე ყვებიან ცალკერძ.

         შენმა სიტყვებმა, მბრძანებელო, მაქეს და მამკეს,

         არც მე მიცდია უბრად ყოფნა და გაურჩება,

         თუმც იჭვით მთვრალი რანაირად გადაურჩება

         ცნობიერების სიღრმეებში მოსროლილ ანკესს...

         შეჩერდით, ცათა მხედრობანო, მნათობნო, – ვიდრემც

         აუხდებოდეს საწადელი საწუთროს მკვიდრებს, –

         დე, სული შეძრას სიყვარულის მსუბუქმა ზვირთმა; –

         რომ ქვეყნის ძალნო, – იდუმალნო და განგებითნო, –

         მოჯარდეთ კვლავ და ჭაბუკური ცეცხლით შევითნო

         ჩემს დაღლილ მკერდზე ღვთაებრივი მშვენების მირქმა.

 

 

 

***

         ობლად მინათებს სასანთლეში სხივი მესანთლის

         და თუ არც შენ გძრავს დამაშვრალის ცრემლი საბრალო

         და გსურს, ეს გული უნდობლობით დამინაპრალო, –

         რაღად იტვირთე, შემოქმედო, ტვირთი შესაქმის.

         ხარკებს რომ იკრებ ზეციური მეხარკესათვის,

         ბედდავსებულო ჩემო სულო, სულო საპყარო,

         სადით რას გეტყვის სახიერის უცხო სამყარო,

         ან სახებათა გარდასახვა როგორ გესახვის.

         ისევ ცას ავცქერ – სიყვარულის იგავს ვარკვევ და

         სულს ეუფლება უნაპირო სასოწარკვეთა...

         მაგრამ – თუ ფესვი სიავისა უნდა მოთხარო,

         რომ ცისქვეშეთში ზეციური მადლი ჩამოდგეს, –

         კვლავ გაბრწყინდები, დიდებაო ნასამოთხარო,

         და სიყვარული აამღერებს ცას და სამოთხეს...

 

 

 

***

         ქვის გაცოცხლება მარტოოდენ ცეცხლის ხვედრია,

         და რაკი ცეცხლი შესაქმისა არ მთმობს აროდეს,

         მწადს ქმნილებაში გაზაფხულად ამოწყაროვდეს,

         რასაც ქვის გულში ზამთარივით ჩაუხედია.

 

         რას იზამ, სულო, უმზეობა ჯოჯოხეთია,

         სჯობს ქვად იქცე და, ქვადქცეული, მზის შუქს სწყალობდე,

         ვიდრემდე მიწის საწყაოდან ცის საწყაომდე

         შენც მოგიწყავდნენ ჯოჯოხეთურ წვას და ხეტიალს.

         იწვის, კვლავ იწვის ანთებული ჩემი საყდარი

         და ცაზე, როგორც უკვდავების ბაირახტარი,

         ტრიალებს ჩემი ბედისწერის დაღლილი ეტლი.

         გრძელდება ქვასთან პაექრობა, ისმის ხახუნი,

         რომ ცეცხლით იშვას სიყვარული ჯერარნახული,

         ვითარცა ჩემი ხელოვნების წილი და ხვედრი...

 

 

 

***

         როგორ შევიძლო თანადგომა, მადლის გაღება, –

         წყალი მწყურვალთან მივიტანო, პური – მშიერთან

         და სალმობანი უიმედო სალმობიერთა

         ჩემს გატანჯულ თავს შევატოვო ყურადსაღებად, –

         როს ამ ბნელეთში თვითონ მიმძიმს თვალის გახელა,

         მადლი ყოველი იდევნება ცოდვის მიერ და

         თვით გულქვაობაც თვალთმაქცურად გალმობიერდა

         და თვალთმაქცობას გულქველობა ჰქვია  სახელად.

 

         სისხლად ვიცლები ჯვარცმულივით, – ღმერთო, შემრისხენ! –

         ზარს დავარისხებ ზეციური საკურთხევლისკენ;

         თუმცა კანკელი ძველებურად ვეღარ კანკელობს,

         სანთლებს ვერ აკრთობს ღამეული ჩქამი ნიავთა

         და ცრემლიანი შევფოფინებ მწუხრის ანგელოზს,

         მაგრამ სიკვდილსაც უსაშველოდ დააგვიანდა...

 

 

 

***

         ქმნილება შემქმნელს იმეორებს ხშირად და მალმალ,

         მხატვარს მისივე ნახელავი გასცემს ანაზდად:

         ნაწერი ამხელს გადამწერის ანაბანას და

         ოსტატის სულის მოძრაობა – ქვასა და მარმარს.

         მე კი რა ვკადრო – მწუხარების მარადმა ქმარმა –

         სახეს, რომელიც ქმნილებაში ასე განაზდა:

         ხარ ანგელოსთან წილნაყარი თუ სატანასთან

         და შთაგონებას გინაწილებ ფუჭად და არმად?

         იწუხებს სული უპოვარი, სული ჯვარცმული –

         უძღები ვნებით ძალმიხდილი და განძარცული –

         და მწუხარების საზღაურად ცრემლებს მოისთვლის.

         და სიყვარულიც – ცვალებადი მარტის ტაროსი –

         ნაადრევ სხივებს გადმოაფენს მიდამოისთვის

         და ისევ ტკივილს აბატონებს ამ სამყაროში...

 

 

 

***

         ვიცი, დრო მოვა, – ისევ უნდოდ, ისევ ავგულად

         ახმიანდება ბედის ზარი: ჟამი ილევა...

         აძრწუნებს ჩემს სულს ქვეყნის ბიწი და ცთომილება

         და მოლოდინში ჩალეულა და ჩაკარგულა.

         ბედმა შური და უნდობლობა მრავლად მარგუნა,

         ცოდვის ბურანში ჩათვლემილა ყოვლი ქმნილება,

         ხოლო სიმართლე დავიწყებას ეძმობილება

         წრფელ ოცნებათა დასამცრობად და დასათრგუნად.

         მაგრამ ვინ არის გამკითხავი: დაძრწის სიკვდილი

         და ყოველივეს ანადგურებს... სასომიხდილი

         რომ ვამუნათებ წუთისოფლის მუხთალ კანონებს, –

         ნუთუ, უფალო, უნაპირო შენი სინათლე, –

         რომელიც სულში სასოებად  ჩაგვიბინადრე, –

         რისხვის მაგიერ სიყვარულით დაგვამწყალობებს?

 

 

 

***

         ო, დონა, დონა, რახანია – ჯვარზე გასაკრავ

         ჩემს ტანჯულ სხეულს ტვირთად აწევს ეს გამოცანა,

         თუმც ჩემი სული გამოფიტა და გამოცალა

         ქვასთან ბრძოლამ და ულმობელმა დრომ და ასაკმა.

         მე, ფრთებშეჭრილი, ფრენისათვის ვინ დამასაქმა,

         გთხოვ, ამჯერადაც მაპატიო ხელის მოცარვა,

         თუ წრფელი გულით მორთმეულმა ამ საბოძვარმა

         დღემდე ვერ შესძლო საკადრისად შენი ასახვა.

         ხალხი მაინც ბჭობს, ენამზეობს, ფეხქვეშ მეგება,

         თითქოს ეს ჩემი უღიმღამო შემოქმედება

         მშვენიერების საუკუნო ძეგლად დარჩება.

         ეჰ, ჩემო კარგო, მშვენებასაც წლები გაქელავს,

         რადგან ბუნებას – დიდოსტატის უკვდავ ნახელავს –

         წესად არ მოსდგამს მომაკვდავის გამოსარჩლება...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ბუონაროტი მიქელანჯელო / სონეტები