გაშიმოვი რაფიკ

წიგნი 

 

თარგმანი რუსულიდან – ვაჟა ახალაძე

ალბათ გახსოვთ, საშუალო სკოლის ლიტერატურის სახელმძღვანელოებში ტექსტის ქვეშ რამდენიმე კითხვა იყო დასმული, რომლებიც იწყებოდა სიტყვით «რატომ». როდესაც დილაობით გაკვეთილზე მასწავლებელს ამ კითხვებზე ვპასუხობდით, გაუცნობიერებლად გვებადებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა – «რად გავჩნდი ამ ქვეყანაზე?». დგება დრო, როდესაც საკუთარ თავს ამ კითხვას აღარ უსვამ, რადგან ის შენი ცხოვრების აზრად იქცევა. ამის შემდეგ როგორც არ უნდა ეცადო საკუთარ ცხოვრებასთან მიახლოებას, მაინც მარტო რჩები საკუთარ თავთან. და გიჩნდება სხვა, უფრო რთული კითხვა – «ვინ ვარ მე?». ამ დროს პირისპირ აღმოჩნდები ცნობილ მოსაზრებასთან – «ამ სოფლად არც კითხვა არსებობს, არც მასზე პასუხი. რაც არსებობს, ყველაფერი გამოცანაა, საიდუმლო». ამას ყველა თავისებურად განმარტავს. მავანთათვის ეს საიდუმლო ღმერთია, ზოგიერთებისთვის – ბედისწერა, სხვებისთვის – წიგნი.

დიდი გერმანელი «ტრამალის მგლის» ცხოვრების არსი იყო გამოთქმა «ნუ ხარ ბრბო, იყავ ადამიანი». მას ეკუთვნის სიტყვები: «ყველა თავისებურად სახელდებს ღმერთს, მას კი საკუთარი თავისთვის არაფერი დაურქმევია». მანამდე, სამასი წლით ადრე, მისი თანამემამულე წერდა: «კარგი წიგნის წაკითხვა ისევე რთულია, როგორც კარგი წიგნის დაწერა». ეს ადამიანი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე მეფისტოფელს ედავებოდა, ბოლოს და ბოლოს, მივიდა დასკვნამდე: «ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ფიქრობს, რომ თავისი ბედის შემოქმედია. მაგრამ ერთხელაც მიხვდება, რომ ბედი, რომელსაც ასე გულუბრყვილო პატივმოყვარეობით «ქმნიდა», თურმე ღმერთის მიერ მისთვის წინასწარგანსაზღვრული ყოფილა».

ამდენი მრავალათასწლოვანი ზეპირსიტყვიერი და წერილობითი ძეგლების, ამდენი ბრძნული გამონათქვამისა და წერილობითი ჭეშმარიტების გაცნობის შემდეგ რამე რომ დაწერო, ალბათ, არამარტო ზნეობრივი და სულიერი პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს, არამედ ისტორიული გამბედაობაც. რატომღაც მგონია, ყველა წიგნი, რაც დაწერილა «ყველასთვის და არავისთვის», არის ღრმა სინანულით იმის აღიარება, რომ ადამიანმა საკუთარი თავისთვის გამოგონილ ბედთან, იდუმალებასთან მარცხი განიცადა.

როგორც იტყვიან, «წერა კარგია, აზროვნება კი – უკეთესიო». ცნობილია, რომ ძველად ზეპირმეტყველებას, დიალოგს ანიჭებდნენ უპირატესობას. ეს იმით აიხსნება, რომ «როცა სიტყვა წარმოითქმება, იგი ფრთებს შეისხამს და სიცოცხლეს იწყებს, ხოლო როგორც კი დაწერ სიტყვას, მისი სული კვდება». ასეთი დამოკიდებულება მოვალეობაც არის, მომავლის წინაშე რომ აკისრიათ ბრძენკაცთ, რომლებიც სიტყვით ცხოვრობენ და იციან სიტყვის ფასი. ისტორიამ დაამტკიცა, რომ მათი სიფრთხილე არცთუ უსაფუძვლო ყოფილა. რამეთუ «პირველთაგან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო ღვთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი.» ცხრამეტი საუკუნის შემდეგ გერმანელი მწერალი «ნამდვილ შემოქმედებას ყველაფერში ღმერთის ჩვენების უნარს» უწოდებდა, ხოლო მისი მაშრიყელი თანამედროვე ალბათ მიხვდა ამის შეუძლებლობას და თქვა: «ადამიანის ცხოვრება წიგნია, რომელსაც მრავალი გვერდი აკლია».

ცნობილმა არგენტინელმა მთელი თავისი ცხოვრება ბიბლიოთეკაში გაატარა მანამ, სანამ წიგნების კითხვამ მხედველობა არ დააკარგვინა. მან კერპების ნუსხას კიდევ ერთი – «წიგნის კერპი» დაუმატა. «რა არის სიტყვა? ან რა არის წიგნი, თუ მას არ გადაშლი? უბრალოდ ტყავისა და ქაღალდისაგან შემდგარი პარალელეპიპედი. როცა მას წაიკითხავ, ხდება სასწაული – ყოველი წაკითხვისას სხვადასხვაგვარად აღიქმება.» მე მგონია, რომ სინამდვილეში წიგნი კი არ იცვლება, თავად ჩვენ ვიცვლებით. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც იყვნენ ძველი ბრძენკაცნი წინააღმდეგნი, რომ წიგნში ყველაფერზე ეწერათ. ისინი თვლიდნენ, რომ «წიგნის ცოდნა მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როდესაც ეს ცოდნა თავის გამოყენებას სიტყვაში კი არ ჰპოულობს, არამედ – საქმეში» და ამბობდნენ, რომ «გინდ უმეცარისათვის წიგნი მიგიცია, გინდა ბალღისათვის ცეცხლიო». ბავშვი, რომელსაც ხელში ცეცხლი უჭირავს, ან თავს დაიწვავს, ან მის გარშემომყოფებს გადაბუგავს. ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ ფერფლი იმ კაცისა, რომელიც ცეცხლს წაიკიდებს, თავს დაიწვავს, წიგნად გადაიქცევა, ხოლო ირგვლივ ყველაფრის ცეცხლით გადამბუგავი ადამიანები წიგნებს ფერფლად აქცევენ. თუ მთელ ცოდნას, ყველა წიგნს იმ დასკვნამდე არ მივყავართ, რომ «არცოდნა სიკეთეა», ეს, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ ისინი არასწორადაა წაკითხული, რამეთუ «ადამიანისათვის არცოდნაშია იმედი». შესაძლებელია, «ყველაზე საუკეთესო წიგნი ისაა, რომელიც ჯერ არ დაწერილა», რადგან «სიტყვა ვნებს დაფარულ აზრს. რაღაც აზრის გამოთქმის შემდეგ ხვდები, რომ მან სრულიად სხვა შინაარსი შეიძინა», ან, როგორც ნათქვამია, არ-რა   დის სურაში1, «ყოველ დრო-ჟამს თავისი წიგნი აქვს (ყველა საღვთო წიგნს ეპოქის, საჭიროებისა და მოთხოვნების შესაბამისად თავისი ზეგარდმოვლენის დრო აქვს). შლის ალაჰი იმას, რასაც ინებებს და ტოვებს იმას, რასაც ინებებს, და მის წინაშე კი არის დედაწიგნი».. შესაძლებელია, ჭეშმარიტი წიგნი – არის თავად ის. თავად ის არის წიგნი. ადამიანების დაწერილი ყველა წიგნი – იმ დიდი წიგნის ასოებია.

ერთმა პატარა ბიჭმა, რომელიც შემდგომში XX საუკუნის ხელოვნების ოსტატი გახდა, მამას ჰკითხა: «მამა, ღმერთი არსებობს?». მამამ უპასუხა: «მათთვის, რომლებსაც სწამთ, ის ყოველთვის არსებობს». რატომღაც მგონია, რომ წმინდა წიგნები მორწმუნეთათვისაა შექმნილი, ლექსი – პოეტებისათვის, მუსიკა – სულისათვის, ადამიანები – ღმერთისათვის.

ამ ურთიერთგამომრიცხავმა აზრებმა ძველი აღმოსავლური თქმულება მომაგონა. «ბაბილონის მეფემ თავისი ქვეყნის ყველა ბრძენკაცი შეკრიბა და დაავალა ისეთი ლაბირინთი აეგოთ, რომლის მსგავსი მსოფლიოში არ იქნებოდა. ლაბირინთის აგებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეატყობინეს, რომ მეზობელი არაბთა ქვეყნის მმართველი აპირებდა მასთან სტუმრობას. მასპინძელი დიდი პატივისცემით შეხვდა სტუმარს და გადაწყვიტა, მისთვის ლაბირინთი ეჩვენებინა. სტუმარი ძვირფასად მორთულ-მოკაზმულ ლაბირინთში დატოვა და თავად სასახლეში დაბრუნდა. მეზობელი ქვეყნის მმართველმა რამდენიმე დღის შემდეგ ძლივს დააღწია თავი ლაბირინთს. სტუმარმა გამგზავრებისას მასპინძელს უთხრა: «შენ მიერ აგებული ლაბირინთი მშვენიერი რამ არის. მე მინდა, რომ პატივი დამდო და ჩემს ქვეყანას ეწვიო»... გადის დრო. არაბთა ქვეყნის მმართველი თავს დაესხა ბაბილონს, დაარბია და მოაოხრა მთელი ქვეყანა, მეფე კი ტყვედ წაიყვანა. ისინი სამი დღის განმავლობაში მიდიოდნენ უკიდეგანო უდაბნოში. არაბთა მმართველმა ტყვეს ხელები გაუხსნა და უთხრა: «მე შენი აგებული მდიდრული ლაბირინთიდან დიდი შემოქმედის წყალობით ვიპოვე გამოსასვლელი. ამიტომ მე შენ ახლა აქ, ღმერთის მიერ შექმნილ ლაბირინთში დაგტოვებო».

რატომღაც ყოველთვის, როდესაც ბიბლიოთეკაში მივდივარ, მეჩვენება, რომ ყველა ბიბლიოთეკა ღმერთის მიერ ბოძებული ყველაზე ნათელი ლაბირინთია, ერთადერთი ლაბირინთი, საიდანაც გამოსვლა არ მინდა.

 

1. ყურანი. ქუხილი, სურა მე-13, 38-ე და 39-ე აიები.  

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / გაშიმოვი რაფიკ / წიგნი