გიგაშვილი ვაჟა 

ახალი ქალი

 

 

 

...ირინას “ატსტავკა” მივეცი... არა, მე თვითონ კი არაფერზე გავქაჩულვარ, მაგრამ ასე გამოვიდა: ეს ახალი ქალი იყო ჩემთან ლოგინში (სახელს არ ვახსენებ, “ვაჟნი” ქალია და არ შეიძლება)... უთენია რამ მოაბორიალა ეს ირინა?.. აბრახუნა და აბრახუნა, იყვირა და იყვირა... ჩაბრუნდა და ფანჯრებს ქვემოდანაც იყვირა... აღარ გაჩერდა!.. პანიკა მოაწყო მთელ უბანში. ...რამ გადარია?!. ასეთი რამე არასოდეს უქნია... თითქოს რაღაცა ისუნთქა თავისი ქალური ყნოსვით... მერე ისე გაიგიჟა თავი, რომ სერიკას გრძელი კიბე მოატანინა, მოადგა ქვემოდან შუშაბანდის ფანჯარას (მეორე სართული) და ამოდის!.. არადა, ფანჯარა ღიაა... თან იძახის:

 

– დიმო!.. დიმო!.. სადა ხარ?.. კონიაკი მოგიტანე – “ენისელი!..”

 

“ვაჟნი” ქალმა თავზე ზეწარი გადაიფარა და სისინით მეუბნება:

 

“ეგ ვიღაცა თუ აქ შემოვიდა, იცოდე, დავლეწავ აქაურობას!.. შენც მოგკლავ და მაგასაც!..”

 

დავაპირე შეკითხვა: “რითი?”– მაგრამ სახეზე რომ შევხედე, ჩავისვარე: ისეთი მკვდრისფერი ედო, თვალები ისეთი გამხვრეტი გაუხდა... ეს მართლა რაღაცას იზამს... არა, მოკვლაზე კი არ ვამბობ, მაგრამ თვითონვე რომ გული გაუსკდეს ან რამე?.. წამოვვარდი დედიშობილა და ფანჯარას ვებდღვენი... ირინასაც, ეგ იყო და, ხელი უკვე რაფაზე ეკიდა... დამინახა, გიჟივით მიყურებს და... “აჰა, კონიაკი მოგიტანეო!” – მიყვირის და ბოთლს მაწვდის... ბოთლი გამოვართვი და ხელით ვაჩერებ კიბეზე:

 

“ჩადი! ჩადი!.. ეხლავე ჩადი!.. მეც ჩამოვალ-მეთქი!..” ის ცდილობს, უფრო ამოიწიოს და ოთახში შემოიხედოს, მე კიდე თავზე ხელით ვაწვები და – “ჩადი! ჩადი!.. ეხლავე ჩამოვალ-მეთქი!” - ვიმეორებ ფსიხივით... არ ჩადის!..

 

“ხაშზე მინდა წასვლა!..” – მეუბნება. გაწეწილია, თმა აქეთ-იქით უფრიალებს, გიჟსა ჰგავს (ანუ მთვრალია), მაგრამ მაინც ძაან ლამაზია ეს შობელძაღლი... თავისი უნიკალური, კოხტა კურტუმო ქვევითკენ გადაუშვერია და ქვემოდან სერიკა შესჩერებია თავდავიწყებით... პირი დაუღია და თვალებით პირდაპირ შიგაა შემძვრალი... თან კიბეც უჭირავ!.. ვერაფერს ეტყვი, კიბეს ნაღდად უნდა დაჭერა, ისე ყანყალებს და კოჩავს...

 

“ჩადი, სერიკა შიგ ტრაკში გიყურებს-მეთქი!” - ვეუბნები ირინას და თავზე ვაწვები... იწყებს ჩასვლას, თან უკან იხედება.

 

“ხაშზე მინდა წასვლა!.. ფულიცა მაქვს... წამოდი ეხლავე ხაშზეო!..”, იძახის.

...ვაჰ! ფულიცა აქვს, კონიაკიც, ღამენათევია... სად იყო ეს ჩემისა?!. “მოვდივარ-მეთქი!..”– ვიძახი და ფანჯარასა ვკეტავ.

 

...ეს ჩემი “ვაჟნი” ქალბატონი კრიჭაშეკრული (“ვეფხი პირგამეხებული”), უკვე იცვამს...

 

“ამას გავიყვან და ეხლავე მოვბრუნდები-მეთქი”, – ვეუბნები.

 

“არ დამენახო, შე დეფექტიუროო!..”, – ცრის კბილებში...

 

რა ვქნა?.. ჩავდივარ ქვემოთ...

 

 

 * * *

 

ირინამ უდურთა და უდურთა ნიორი მათლაფაში... ერთი, სამი, ოთხი კოვზი და ისე საქმიანად და მონდომებით, ხარბად ურევს, რომ ვიფიქრე, ეხლა დააცხრება და გამხეცებული დაიწყებს ხვრეპას-მეთქი და ამან უცებ ჩააგდო კოვზი მათლაფაში და ისეთი ჯღავილი მორთო, რომ მთელი დილის ხაშის კლიენტურა ჩვენ შემოგვცქერის...

 

...ერთი სიტყვით, იმ დილას “ატსტავკა” მივეცი ირინას...

არადა, ის “ვეფხიც” ხომ დავკარგე!.. არადა, მაგრად მევასებოდა... ვზივარ ეხლა სახლში გამოსირებული.

 

 

 * * *

 

...ჰო, ეს ქალი რომ შემხვდა...

 

...არა, უფრო სწორედ, ბარემ თავიდან დავიწყებ...

 

...მომივიდა რაღაც მოსაწვევი, კონვერტში და რამე... იქ ეწერა, რომ საფრანგეთის საელჩო, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკასთან ერთად, აფუძნებს დიუმას საზოგადოებას... იმართება პრეზენტაცია და ასე შემდეგ... ვინ დამპატიჟა?.. რატომ?.. რომელი დიუმისტი მე ვარ?.. თუმცა, რა მაქვს დიუმას საწინააღმდეგო?.. ძალიანაც ჯიგარი კაცი იყო, ოღონდ სულ მიკვირს, ამდენს რა აწერინებდა?.. მაგრამ ეგ არაფერი... წავედი... ცოტა შეყვანილი კი მქონდა, მაგრამ ისე, ჩვეულებრივად... ვხედავ, ერთი უზარმაზარი, მხარბეჭიანი, სათვალიანი ქალი დგას შუაში და ფრანგულად ლაპარაკობს. თარგმნიან, მაგრამ მაინც არაფერი ისმის. ...მთელი “ვაჟნი” ხალხი ახვევია და რა თქმა უნდა, ჟურნალისტ-ლაწირაკების ხროვები თავიანთი რამერუმეებით... საფრანგეთის ელჩი ეგა ყოფილა... მალადეც!.. -გავიფიქრე მე, დიმომ... და ვხედავ, იქით-აქეთ მუქთა ბარებია სახელდახელოდ მოწყობილი... ასხამენ შამპანურსა და წითელ ღვინოს – “ბალანჩინი”... “ბალანჩინი” ძალიან მესიამოვნა და დიდი ფუჟერით ხელში გავიარ-გამოვიარე... სულ ძალიან ზრდილობიანი ნაცნობები მხვდებოდნენ...

 

...მესამე ბართან დასაჯდომიც აღმოჩნდა... კიდეში იჯდა... დავინახე ლამაზად მოხაზული წელი და ზურგი (პანტერა), ზედ ჩამოგდებული, ძუასავით შეკრული შავი, მბზინავი თმის გროვა... კარგია!... ისე, არაფერი -რამე იდეები კი არ დამბადებია, მაგრამ ისე მომეწონა, მესიამოვნა მის გვერდით დაჯდომა... მშვენიერი ანტურაჟი, კარგ ადგილას რომ დაჯდები, რა... ჰოდა, რომ დავჯექი, კი არ მიმიხედავს, ეგრევე დავასხმევინე წითელი “ბალანჩინი” და ვაჰ!.. ეს ქალი ჩემკენ შემობრუნდა და უცებ შევცბი, ისეთი ყვითელი და გამჭოლი თვალები ჰქონდა... მომარჭო და რაღაცნაირი მკვახე ხმით, ინგლისურად რაღაცას მეკითხება... შემეშინდა, მე ვთქვი, რაღაცა ვაწყენინე (მივქარე), რა იყო?.. მერე გავარჩიე:

 

“თქვენზე მითხრეს, რომ პოეტი ხართ... ისეთი, არა?..”

 

“ჰო, კი-მეთქი”, - დავეთანხმე, მაგრამ ვფიქრობ “ისეთი” რაღას ნიშნავს-მეთქი, მაგრამ რომ მეკითხა... ინგლისურად ვეღარ მოვუყარე სიტყვებს თავი.

 

...მეკითხება, დიუმა როგორ მოგწონთ საერთოდო, და მოაყოლა რაღაცეები... ნახევარს ვერ ვიგებ... იმას კი მივხვდი, რომ ინგლისურს ესეც მაგრად ამტვრევს, ეჭედება... ფრანგია, რა... ფრანგულის კი მე ბაიბურში არა ვარ... მიაწვა და მიაწვა -რემბო, მალარმე, ლოტრეამონი, არტო, ანრი დე რენიე, კოკტო და... მეც მივაწექი ერუდიციას და ჟან ჟენემდე მივედი... ჟან ჟენემ ისე ააღელვა, რომ სიტყვები ვეღარ მონახა და უცებ რუსული ფრაზაც შეაშველა... ბიჭოს!.. რუსული იცი-მეთქი?.. კიო, ოღონდ ცუდადო... გადავედით რუსულზე... ერთი სიტყვით, მაგარი მატრაკვეცობა გავახურეთ ანრიმიშოებითა და სხვა ამისთანებით... თანაც ვხედავ, რამდენიც მე “ბალანჩინი” დავურტყი, იმან იმდენი შამპანური ჩაწრუპა... თანაც ვატყობ, მაგრამ ყელში ამომივიდა მთელი ფრანგული ლიტერატურა და უკვე გალაყებულ, შეღონებულ ტვინში ვეძებ, რაზე გადავერთო და სხვა იდეებიც იწყებენ გამოჩეკას... ამ დროს ვიღაც ქალებმა რაღაცეები დაუძახეს კარებიდან... ამან ხელი აუწია და წამოხტა... აქ მოხდა უცნაური რამე: როცა ეს ქალი თავის მოკლე დაქნევითა და ღიმილით, სწრაფი მოძრაობით კარებისაკენ გაქანდა (გაცურდა, გასხლტა, გასრიალდა), მე, სრულიად გაუგებრად და აუხსნელად, გაფიქრების გარეშე და ანგარიშმიუცემლად, ასევე ღიმილითა და ზუსტად იმავე ტემპში, რატომღაც კუდში მივყევი... გეგონება, ზედ ვიყავი გამობმული და მან ეგრევე თან გამათრია... კარებთან ძლივს დავმუხრუჭდი და თითქოს თოკი ჩამეხსნა... ის რომ კარებში გადიოდა, კიდევ ერთხელ გავუღიმე და ხელიც დავუქნიე...

 

...რა იყო ეს?.. არავითარი გადარევა, ჭკუის დაბნელება ამ ქალისაგან არ მომსვლია... რატომ უნდა მომსვლოდა?.. ვერაფრით ვერა ვხარშავდი, რა მოხდა?.. რანაირად მოხდა, რომ ზედ გამობმულ თოჯინასავით თან წამათრია?.. როგორღაც ვგრძნობდი, რომ აქ გამორიცხული იყო რაიმე ფსიქიკური ზემოქმედება(?)... ეს უფრო რაღაც მექანიკურ ტრიუკსა ჰგავდა... კინეტიკური ზემოქმედება მანძილზე?.. რა ჯანდაბა იყო?.. რამდენიმე წამს კიდევ ვიდექი კარებთან და ბრიყვივით ვიღიმებოდი... ვეე!..

...მივბრუნდი “ბალანჩინთან”, ჩავუჯექი... ათასი ნაცნობი გამოჩნდა. ყველა აღგზნებულია (ანდა აშკარად სიაბანდობს, რომ სულაც არაა აღგზნებული), ყველა საშინლად მატრაკვეცობს (ანდა აშკარად, დემონსტრაციულად ისეთი უჭირავს, რომ “ვააბშჩე” არაფერი აინტერესებს და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია)... აზრადაც არ მომსვლია, იმ ქალის ვინაობა გამეგო... აეგეთი “ტუპიაკი” ვარ!..

 

...მერე დამავიწყდა. რა ვიცი, რამდენი დრო გავიდა... მოვდივარ რა, და უცებ ვხედავ, “ბაბილონის გოდოლის”, თუ რაღაცა დიდი შუშის კარებიდან ვიღაც სწრაფად გამოვიდა... მოძრაობით ვიცანი, თორემ იმოდენა ბალახონი ეცვა (ზამთარი იყო) და იმოდენა ჩანთა ეჭირა, რომ არაფერი არ უჩანდა... “ეგ ის ქალი არაა-მეთქი?”, - ის იყო, გავიფიქრე და... ბრაახ!.. იმისთანა ბრაგვანი მოვადინე... რა იყო?.. რას წამოვკარი ასე ფეხი?.. ფეხის თითები მტკივა... ვააჰ!.. ეს ქალი ზედ მადგას და  მკაცრად, მკაცრი შეშფოთებით მეკითხება, აქცენტიანი რუსულით:

 

-რა მოგივიდათ?.. “რამე ხომ არ მოიტეხეთ?!” – ჩანთა დადგა და ჩემ გვერდით ჩაცუცქდა. მიყურებს ყვითელი, გამჭოლი თვალებით... ისე იყურება, რომ მე მაგრად შემრცხვა და თავი დამნაშავედაც ვიგრძენი... რაღაც მოუხერხებლად წამოვიზლაზნე. ამან ხელი მტაცა და ისე მძლავრად მომქაჩა, რომ უცებ ცუდ ხასიათზე დავდექი...

“არაფერი, არაფერი-მეთქი!”,  – და ხელი გავაშვებინე, ვიტკეპნები... მერე აზრი მომივიდა: დავწვდი მის ჩანთას და მივაწოდე... კაი მძიმე იყო...

-წავედით!.. მანქანით მიგიყვანთ!.. – მკაცრად მეუბნება, მკლავში ხელი ისე ღონივრად მტაცა და გამქაჩა, რომ გავბრაზდი, მკლავი გავიქნიე, გავითავისუფლე და:

 

– არა, მე აქვე საქმე მაქვს-მეთქი!

 

მერე, მანქანაში ჩამჯდარი, უცებ იღიმება და:

 

– რა კარგი შამპანური ჰქონდათ, არა?.. – მეკითხება. მე მის გვერდით “ბალანჩინის” მეტი არაფერი დამილევია, მაგრამ ეგ არაფერი... “ჰო-მეთქი!”, ვეუბნები. ის კიდევ რაღაც ქაღალდს მაწვდის მანქანის ფანჯრიდან და ერთ წუთს გავიფიქრე: – ამას შიგ ხომ არა აქვს?!.. ჰუმანიტარულ დახმარებაზე გადავიდა-მეთქი? დროზე გავარჩიე, სავიზიტო ბარათი იყო... გამოვართვი და ჯიბეში ჩავიტენე... წავლაყუნდი ვერის ბაღისაკენ...

 

 * * *

 

მერე ისევ როგორღაც დამავიწყდა... ერთხელაც მაგარ “პრიხოდში” ვარ და ტელევიზორს ვუყურებ... TVE-არხია... მე რა ვიცი, რა არი, ოღონდ ერთი ქალი მოძრაობს მაგრად... ნაღდი პანტერაა რა, ოღონდ რატომღაც ძალიან დიდფარფლებიანი შლაპა ახურავს თავზე... გუნებაში ეს შლაპა მოვხადე და ის ტიპი გამახსენდა -ყვითელთვალებიანი... მაგისი სავიზიტოც ხომ სადღაც აქა გდია, ვითომ რატომაც არ უნდა დავურეკო-მეთქი... ბინის ნომერზე დავურეკე... ხელად მიცნო და საქმიანი ტონით მეკითხება: სადა ცხოვრობო?.. მერე: თუ ძალიან “ბაზარნი” სიტუაცია არაა შენთან და შენს გარშემო, მოვალო... ვაჰ?!. მე სერიკას ეზოში გდებას ხომ ვერ ავუკრძალავ, მაგრამ ჯანდაბას!.. ...ჭაჭანება არაა-მეთქი, ვეუბნები... დაკიდა... გავედი და კარები შეღებული დავტოვე, თან გული მისკდება, ვინმე არ შემოეხეტოს-მეთქი...

 

...მოვიდა... შემოვიდა, კარი მიაჯახუნა და “პირგამეხებული” მეუბნება: ეგაა, არავინააო?.. ეზოში მთელი მიტინგია და არც ეგ გითქვამს, რომ კიბეები ეზოდან ამოდისო... რა უნდა ვთქვა?.. ვდგევარ სულელის პოზაში... “წეღან არავინ იყო-მეთქი”, ვბურტყუნებ სრულიად არადამაჯერებლად... პლაშჩი გაიხადა, მიაგდო და საქმიანად მიიარ-მოიარა ჩემი ბუნაგი... კომენტარები არ გაუკეთებია... დასალევი მომთხოვა... მე ვუთხარი, ერთი საწამლავი არაყი მაქვს, “საშა”-მეთქი... ბუხართან დავსხედით და თითო ჩავყლაპეთ... ვუყურებთ ერთმანეთს იდიოტებივით... აზრზე არა ვარ, რაზე დაველაპარაკო, პედერასტი და “უბიიცა” ჟან ჟენეს შემოქმედების განხილვის აღარავითარი ხოში აღარა მაქვს... მიყურა, მიყურა, უცებ გაიცინა, წამოვარდა და ამბობს:

 

-აბა, წავედი!.. გუნებაზე რომ იქნები, დამირეკე და თუ მეც ხასიათზე ვიქნები, “შევხვდეთო”...

 

უცებ გავბრაზდი, ჩემს თავზედაც და საერთოდ... მეც წამოვვარდი და ხელი ვტაცე. გაიქაჩა და მეც გამოვქაჩე... დავიწყეთ იდიოტური ჭიდაობა, ჩუმად... ორივე გავმხეცდით... წავიქეცით სავარძელზე, მერე იატაკზე გადმოვცვივდით... და დაიწყო!.. ვჭიდაობთ, თან ერთმანეთს რაღაცეებსა ვხდით... ომია, რა!.. ვხედავ, ეს ქალი, რასაც უნდა, იმას მიშვება, როგორც თვითონ უნდა, სულ ისე გამოდის... მხმარობს რა!.. ვაჰ!.. მეც მომინდა, რომ პირიქით ჩემი გავაკეთო, როგორც მე მინდა და როგორც მე წამომივლის... გადავედი იერიშზე... ჰოდა, გაჩაღდა ნამდვილი ომი... ეხლა ბოდიში და, დაწვრილებულ პორნოგრაფიას არ მოვყვები... არ მიყვარს მოყოლა... ერთი სიტყვით, ის კი უნდა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში ძალიანაც გამოვიდა... შემდეგშიაც სულ ძალიან კარგად გამოდიოდა... მაგრამ თან ყოველთვის რაღაც გაღიზიანებული ვრჩები ხოლმე და სულ ახალ შეტაკებებზე ვფიქრობ...

 

...მაგრამ, აი, იმ დღეს მოვიდა ირინა და ეგეთი ამბავი გამოვიდა...

 

 

 * * *

 

...სამი დღის შემდეგ დამირეკა და ისე, მკაცრად, “ვაჟნი ხმით მეუბნება: – მოდი ტაგოს ბარში-ო!... გავედი... რომ დამინახა, -ვა-ჰა-ჰა-ჰა! – მოკვდა სიცილით... თან ორ “ფიფა” დაქალთან ერთადაა. ესენიც მიყურებენ წარბებაწეულები და ძალიან იღიმებიან... “ხაში ჭამე-ო?” – მეკითხება და – “ვა-ჰა-ჰა-ჰა!..” – კვდება სიცილით. “კარგი იყო?..” –ისევ მეკითხება და ისევ კვდება სიცილით... მე ჩუმად ვჯდები. ტაგო არაყს მისხამს და შიგ ყინულებსა და ლიმონის ნაჭრებსა ჰყრის... ვურტყამ...

 

 

 * * *

 

...ერთი სიტყვით, გავაგრძელეთ... მაგრამ...

 

 

“ქართული სიტყვა”, № 5, 2002 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / გიგაშვილი ვაჟა / ახალი ქალი