გოგია დალილა

მუზა 

 

ტუჩებს ტუჩებზე დამადებდა ხოლმე, მეტი არაფერი, არ მკოცნიდა.

 მაშინ მოდიოდა და მიდიოდა, როცა უნდოდა.

 –  მიყვარხარ, –  ყურზე ნაზად მკბენდა, –  როგორ ხარ?

 ჟრუანტელი მივლიდა.

 ბედნიერი იყო.

 –  მოგენატრე? –  მეორე ყურზე მკბენდა.

 თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი.

 –  მატყუარა, –  იბუტებოდა.

 მართალი იყო. არ მენატრებოდა, როცა დავინახავდი, მხოლოდ მაშინ მახსენდებოდა.

 – არ გატყუებ –  ღრმად ვსუნთქავდი.

 – უშენოდ მოვკვდები –  ჩურჩულებდა.

 – მიყვარხარ, მუზა–  ჩემსკენ ვიზიდავდი.

 – მუზას ნუ მეძახი –  იცინოდა.

 – აბა ვინ ხარ–  თმებში ხელებს ვუცურებდი.

 უფრო ხმამაღლა იცინოდა.

 მხოლოდ ის უნდოდა, რასაც მკარნახობდა, ჩამეწერა და გამომექვეყნებინა.

 –  შენ დიდი მწერალი გახდები –  მკერდს მკერდზე მადებდა.

 ყოველ მოსვლაზე რწმუნდებოდა, რომ არც ჩამწერი ვიყავი და მითუმეტეს, არც გამომქვეყნებელი. ბრაზობდა, ახლოს არ მიკარებდა, ზოგჯერ პირიქით, ზომაზე მეტად მეფერებოდა და ასე ცდილობდა ჩემს დაყოლიებას.

 – მუზა, არ შეიძლება, სხვასთან მიხვიდე და დააწერინო?–  მკერდს ვუკოცნიდი.

 – რა სულელი ხარ, სამსონ, მე ხომ შენ მიყვარხარ, სხვა როგორ დაწერს? –  თვალებში ეშმაკუნები უხტოდნენ.

 ბოლოს იმას მიაღწია, რომ რასაც მკარნახობდა, ვიწერდი. მკარნახობდა რაღაც გაუგებარ ამბებს გამოგონილ კუნძულზე, ქალაქზე, ომზე, შიმშილზე და სხვა სისულეებს. ვერ ვხვდებოდი, რა საჭირო იყო ეს ყველაფერი, ამით ვინ უნდა დაინტერესებულიყო, სად უნდა მიმეტანა ან ვის უნდა წაეკითხა.

 – სულ არ გაინტერესებს, არც კი კითხულობ, –  ზურგს მაქცევდა.

 – კარგი რა, რა არის ამაში საინტერესო–  ზურგზე ვეკვროდი.

 ცრემლით ივსებოდა.

 – კარგი რა, მუზა, არ შეიძლება ისე, უბრალოდ იყო ჩემთან, რა აუცილებელია ვწერო –  ჩემსკენ ვაბრუნებდი

 –  როგორ არ გესმის, –  ზლუქუნებდა

 –  კარგი, კარგი, დავწერ, მაგრამ ამას ვინ გამომიქვეყნებს–  ცრემლებს ტუჩებით ვუშრობდი.

 არ მინდოდა მისი წყენინება. იმ რვეულს ვუჩვენებდი ხოლმე, სადაც ყველაფერს ვიწერდი.

 – მე რომ მივდივარ, არც კი კითხულობ –  თვალებში მიყურებდა.

 – მომენატრე, –  ყურზე ვკბენდი.

 –  მატყუარა, –  ბრაზობდა.

 

 ***

 ყველა სანის მეძახდა, მაგრამ ჩემი ნამდვილი სახელი, „სამსონი“ მაინც აკეთებდა თავის საქმეს –  გულ– მუცელს მიღრღნიდა. სამსონს მხოლოდ კიტი მეძახდა. ის ერთადერთი იყო, ვისაც ამის უფლებას ვაძლევდი.

 მე და კიტი ერთ კლასში ვსწავლობდით და ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით, ორივე ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე, ერთმანეთის პირდაპირ. ყოველ დილით ვხვდებოდი სადარბაზოსთან და სკოლაში ერთად მივდიოდით.

სკოლის მერე კი სახლში ვაცილებდი.

 ჩემი ოთახის ფანჯრებიდან კარგად ჩანდა კიტის სახლის სადარბაზო და ფანჯრები. მათთან მუდამ ბევრი ხალხი იკრიბებოდა. საღამოობით ვხედავდი როგორ მოდიოდნენ კიტის მშობლებთან სტუმრები. და დილამდე მესმოდა მათი ფანჯრებიდან გამოსული ხმამაღალი სიცილი. კიტის მშობლები ცნობილი მხატვრები იყვნენ, როგორც დედაჩემი და ჩვენი მეზობლები ამბობდნენ, ცხოვრების თავისუფალი სტილი ჰქონდათ, ყოველგვარი ნორმებისა და წესების გარეშე და ქალიშვილსაც არაფერში ზღუდავდნენ.

 კიტი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი უცნაური, გამომწვევი (ამასაც დედაჩემი და მეზობლის ქალები ამბობდნენ) ჩაცმულობით, გრძელი წითელი თმითა და გაღვივებული ნაპერწკლით თვალებში.

 ჩვენთვის, ბავშვებისთვის უცნაური ის იყო, რომ კიტი ყურადღებას არ აქცევდა მასწავლებლის შენიშვნებს. ყველაზე მეტად კი ის გვაკვირვებდა, რომ თუ სხვა მოსწავლეების მშობლებისა და მასწავლებლების შეხვედრა ხშირ შემთხვევაში ბავშვების დასჯით მთავრდებოდა, კიტის მშობლებისა და მასწავლებლების შეხვედრას ბავშვთა თავისუფლებასა და უფლებებზე ცხარე კამათი მოყვებოდა ხოლმე.

 მაღალ კლასებში რომ გადავედით კიტი თითქოს ყველას იზიდავდა და ატყვევებდა. სკოლაში თითქმის ყველა ბიჭი მასზე იყო შეყვარებული. გოგონები მასთან დამეგობრებას ცდილობდნენ, თუმცა, ცოტათი (და ზოგს ბევრად) შურდათ კიდეც მისი. იმ დროს კიტი უკვე თავად მართავდა წვეულებებს თავისი მეგობრებისთვის და ჩვენი პატარა ქალაქის ყველა მისი თანატოლი იქ მოხვედრაზე ოცნებობდა.

 მე იშვიათად დავდიოდი კიტის წვეულებებზე. თუ მივიდოდი, ჩუმად ვიჯექი კუთხეში და დაბოღმილი ვადევნებდი თვალს, როგორ ცდილობდნენ კიტის მოხიბლვას სხვა ბიჭები.

 საღამოობით ჩემი ოთახის ფანჯრიდან მის სახლს ვუყურებდი. ყოველთვის ვიცოდი, ვინ იყო მასთან სტუმრად.  საშინლად ვეჭვიანობდი.

 

 ***

 იმ წელს, როცა სკოლას ვამთავრებდით, საშობაოდ ჩვენი სკოლის თეატრში „სამსონი და დალილა“ დადგეს. დალილას როლი კიტიმ ითამაშა. არც ერთი რეპეტიცია არ გამიმიტოვებია. დარბაზის ბნელ კუთხეში ვიჯექი და მონუსხულივით ვუყურებდი კიტის სცენაზე.  განსაკუთრებით ის სცენა მაგიჟებდა, როცა დალილა სამსონს საწოლში იტყუებს და კულულს აჭრის. ამ დროს მთელი სხეული მიბუჟდებოდა და ოფლი მასხამდა.

 პრემიერამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. გაზეთები კიტიზე წერდნენ, ზოგი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, ზოგი კი მას როგორც უკვე ჩამოყალიბებულ მსახიობს, ისე განიხილავდა.

 ამ როლის შემდეგ სახელს არავინ ეძახდა, კიტი დალილა გახდა. მშობლები და მასწავლებლებიც კი დალილას ეძახდნენ.  ჩემთვის კი ის ისევ კიტი იყო, მხოლოდ კიტი.

 პრემიერის შემდეგ კიტის მშობლებმა განსაკუთრებული წვეულება გამართეს და მთელი ქალაქი მიიწვიეს. მე არ წავსულვარ. ჩემი ოთახიდან ვაკვირდებოდი კიტის სახლს.

 დავინახე, როგორ გამოვიდა კიტი სახლიდან, ჩემი ფანჯრის წინ დადგა და სახეში მომაჩერდა. ერთ წამში მის წინ ვიდექი. გიჟივით ვეხვეოდი და გაუგებარ სიტყვებს ვამბობდი. მერე ჩემს ოთახში ამოვედით. სინათლე არ აგვინთია, საწოლზე ვიჯექით.

 კიტი მკოცნიდა და „ჰო, სამსონ“ დაუსრულებლად იმეორებდა. იმ ღამის მერე კიტი თითქმის ყოველ ღამეს ჩემთან ატარებდა; დღისით კი ჩვეულებრივად, ისევ ერთად დავდიოდით სკოლაში და სკოლიდან სახლში.

 სკოლა რომ დავამთავრეთ, ცოტა ხანში ქალაქში ხმა გავრცელდა, კიტი დედაქალაქში მიდის, მსახიობი უნდა გახდესო. მე ამ ჭორს ყურადღებას არ ვაქცევდი. ამაზე არც კი ვფიქრობდი.

 ერთ დილით, როცა თვალები გავახილე, კიტი თავთან მეჯდა.

 –  მივდივარ, სამსონ –  ჩუმად თქვა.

 უცნაურად მომჩერებოდა –  თავისი თვალები თითქოს ჩემს თვალებში ჩაყარა.

 –  არაფერს მეტყვი? –  ისევ ჩუმად თქვა.

 რაღაცას ელოდა ჩემგან. არ ვიცოდი, რას.

დავიბენი. ყველა სიტყვა ერთბაშად დამავიწყდა.

 – ჰო, კიტი, –  ძლივს ამოვთქვი და თვალი ავარიდე.

 გული გამიჩერდა.

 ისე წავიდა, აღარ მინახავს.

 დრო გადიოდა.

 კიტი აღარ მინახავს.

 

 ****

 ომი რომ დაიწყო, ჩემი ცოლ– შვილი და მშობლები უკვე გადასულები იყვნენ დედაქალაქში. მე სახლში დავრჩი. ვიდრე ტელეფონები მუშაობდა, დედაჩემი და ჩემი ცოლი ყოველდღე მირეკავდნენ და ქალაქის დატოვებას მთხოვდნენ, მაგრამ ვერ დამიყოლიეს.

 თავიდან ქალაქი თითქმის ყოველდღე იბომბებოდა. დიდი პანიკა იყო. ხალხი სარდაფებში და თავშესაფრებში ათენ-აღამებდა. მერე თანდათან საჭმლის მარაგი გაუთავდათ, ბომბები უფრო და უფრო იშვიათად ვარდებოდა და ხალხიც თითქოს შეეჩვია ახალ სიტუაციას –  თვითმფრინავის დანახვაზე მხოლოდ იმას თუ აკვირდებოდნენ, სად დაეცემოდა ბომბები.

 პროდუქტის შოვნა თითქმის შეუძლებელი გახდა. ქალაქი ჯარისკაცებით, ვირთხებითა და მაწანწალა ძაღლებით აივსო. ქალაქი არაოფიციალურად, მაგრამ მაინც ჩაიკეტა.

ყოველი დაბომბვის შემდეგ მთავრობა გვიმტკიცებდა, რომ სიტუაციას აკონტროლებდა და ეს ბოლო დაბომბვა იყო.

 დრო კი ისე გადიოდა, რომ ვერც კი ვგრძნობდით. უბრალოდ, ხან ციოდა, ხანაც ცხელოდა.

 კიტი ომის პირველივე დღეს დაბრუნდა.

 მისი მშობლები ამერიკაში გაემგზავრნენ. ქალიშვილი ვერაფრით ვერ დაითანხმეს თან გაყოლოდათ. ძალა არ დაუტანებიათ, შენს არჩევანს პატივს ვცემთო, მხოლოდ ეს უთხრეს და დილის ბინდ-ბუნდს შეერივნენ. კიტის არ გაუცილებია, –  განშორებას ვერ იტანდა.

 კიტის ჩემი ფანჯრიდან ვუთვალთვალებდი. ყურმოკვრით ვიცოდი, რომ კიტიმ სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა სანიტრად. ვხედავდი, როგორ მოდიოდა გვიან ღამით დაქანცული.

 პირისპირ შეხვედრას ვერიდებოდი. ორივე ისე ვიქცეოდით, თითქოს ერთმანეთს არც კი ვიცნობდით. საშინლად მიჭირდა, მაგრამ ქალაქიდან წასვლას არც კი ვფიქრობდი. ყოველ ღამე ერთსადაიმავე სიზმარს ვხედავდი –  კიტი თავთან მიზის. „მივდივარ, სამსონ“ ამბობს.

 „დარჩი კიტი“ მთელი ხმით ვღრიალებ და კიტის პასუხს ველოდები, დარჩება თუ არა. კიტი კი ისე მიყურებს, თითქოს თავისი თვალები ჩემსაში ჩაყარაო.

 საშინელ ხასიათზე მეღვიძებოდა, ოფლი მწვავდა, თვალს რომ ვახელდი, მაშინაც არ ქრებოდა ხოლმე კიტის თვალები.

 არც ერთ სიზმარში არ მინახავს, დარჩა კიტი თუ არა.

 ***

ომმა ყველა და ყველაფერი შეცვალა. ერთადერთი, რაც არ იცვლებოდა, მუზა იყო.

მის მოსვლას ჩემს ტუჩებზე მისი ტუჩების შეხებით ვიგებდი.

ისევ როცა უნდოდა, მაშინ მოდიოდა და მიდიოდა.

სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყველგან მაგნებდა.

 – მიყვარხარ, –  ყურზე მკბენდა

 ხმამაღლა კისკისებდა, ბედნიერი იყო.

 – მოგენატრე? –  მეკითხებოდა.

 თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი, თუმცა როცა დავინახავდი, მხოლოდ მაშინ მახსენდებოდა.

 მათბობდა.

 ერთადერთი იყო, ვინც ყველაფერს მავიწყებდა.

 ისევ სჯეროდა, რომ დიდი მწერალი გავხდებოდი.

 ახლა სინდისის ქეჯნა აღარ მაწუხებდა, ომში ვის ეცალა კითხვისთვის.

აღარ ვეწინააღმდეგებოდი და ყველაფერს მორჩილად ვიწერდი –  ერთადერთი სურვილი მქონდა, რაც შეიძლება დიდი ხანი დარჩენილიყო ჩემთან.

 მაინც იგივეს მოითხოვდა.

 – ვის რაში სჭირდება ლექსები და მოთხრობები, ომია, მუზა, ომი–  ყელს ვულოკავდი –  ადამიანებს უჭირთ ომში აი, მუზებისთვის კი სულ ერთია.

 ნუ მეძახი მუზას, –  ჯიუტად იმეორებდა, –  ადამიანებს უყვართ ომი, –  თვალები უქრებოდა.

 მეღიმებოდა.

 არაფერი ესმოდა.

 ის ხომ მუზა იყო.

 სულ უფრო და უფრო სევდიანი მუზა.

 

 ***

 რაღაც პერიოდი ქალაქის განაპირას წყალსაქაჩის დარაჯად ვმუშაობდი.

მთელს დროს დარაჯის პატარა კაბინაში ვატარებდი და საშინელი სიცივითა და შიმშილით ვიტანჯებოდი.

 ამის მერე საველე საზარეულოში დავიწყე მუშაობა –  ცხელ სადილს ვასხამდი. საველე სამზარეულოები დადგეს ქალაქში და სადილზე უზარმაზარი რიგები დგებოდა ხოლმე.

 ახალ სამსახურში ცოტა სული მოვითქვი –  შიმშილი აღარ მემუქრებოდა, თუმცა იმდენად ვიღლებოდი, რომ ხშირად ჭამა მავიწყდებოდა და გულის წასვლამდე მივდიოდი.

კიტი ერთ დღეს უზარმაზარი რიგის ბოლოს დავინახე, –  მზერაგაშტერებული იდგა. რაც დარაჯად ვმუშაობდი, კიტი არც მენახა და არც რამე გამეგო მასზე. იქ მას მხოლოდ სიზმარში ვხედავდი, ჩემს ერთსა და იგივე სიზმარში.

 ძველი მხოლოდ იერი ჰქონდა შერჩენილი.

 თვალები ჩაცვენილი ქონდა, ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი. შემეშინდა, მეგონა სადაც იყო, წაიქცეოდა. ჯამი წვნიანით ავავსე, ახლავე მოვალ– მეთქი ჩემს მეწყვილეს გავძახე და მისკენ წავედი.

 ამაზე ხალხი აყაყანდა, ვიღაცამ ხელიც კი წამავლო და ძალით უნდოდა ჩემი ადგილზე დაბრუნება, ვიღაცამ –  ჯამის წართმევა სცადა. ხალხი მაგინებდა, მწყევლიდა. ყურადღება არავისთვის არ მიმიქცევია. კიტის მივუახლოვდი.

არაფერი ესმოდა, ისევ ისე იდგა, გაქვავებული.

 ხელზე ხელი მოვკიდე. შემომხედა, წამით ვერ მიცნო, მერე კი–  „ჰო, სამსონ“ ძლივს გასაგონად თქვა . ჯამს დახედა, სუპის ოხშივარმა სახე აულეწა, მსხვილი ნერწყვი გადაყლაპა, სუპის სურნელი ღრმად შეისუნთქა და თვალებში შემომხედა.

 –  შენთვის მოვიტანე –  თვალები ისევ ისეთი ლურჯი ჰქონდა

 –  ჰო, სამსონ –  წყნარად მითხრა

 –  მოდი, –  ხელი ჩავავლე და იქვე ახლოს ბეტონის ბლოკებთან გავიყვანე.

 ხარბად შეუდგა ჭამას. პურს დიდი ლუკმებით კბეჩდა, მე რომ იქ არ ვყოფილიყავი, ალბათ პირდაპირ ჯამიდან შეხვრეპდა. ზედ არ მიყურებდა, სუპი რომ დაამთავრა, მზერა ოდნავ დაუთბა, ლოყა შეუვარდისფრდა, ხელებზე სილურჯემაც გადაუარა.

 –  ჰო, სამსონ –  ისევ თვალებში შემომხედა. სპირტის სუნი ასდიოდა.

 –  დამელოდე –  ვუთხარი –  უცებ დავამთავრებ ჩემს საქმეს და სახლში გაგაცილებ, სუპს კიდევ მოგიტან.

 –  ჰო, სამსონ –  თქვა ისევ და გამიღიმა და უცებ დააყოლა:

 –  აფთიაქში ვმუშაობ, იქ კარგია.

 გამეხარდა, რომ ჰოსპიტალს თავი დააღწია.

 ამასობაში ხალხი უფრო მეტად აღელდა. თავზე თვითმფრინავმა გადაგვიფრინა. ზოგს ყურადღება არც კი მიუქცევია, იქვე მყოფი ბავშვები დედებს მიაჩერდნენ, მათგან ელოდნენ ნიშანს, თავშესაფარში ჩასვლა საჭირო იყო თუ არა.

 კიტის მაღლა არ აუხედია. ქალებმა ისევ წყევლით გააცილეს თვითმფრინავი, კაცებმა გინებით.

 გავიქეცი და სუპის დასხმა განვაგრძე. თან ისე ვიდექი, რომ კიტი მხედველობის არეში მრჩებოდა –  იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ზოგჯერ ბავშვებს გახედავდა და იღიმებოდა. „კიტი,დარჩი, კიტი“ დაუსრულებლად ვიმეორებდი ჩემთვის.

 როგორც იქნა, სუპი გათავდა.

ბოლო  ჯამი დავასხი თუ არა, კიტისთან გავქანდი. არსად იყო.

 მას მერე სულ ველოდებოდი. დაძაბული ვუყურებდი ხოლმე მთელს რიგს და ყველა ახალ მოსულ ადამიანს ვამჩნევდი. აღარ გამოჩენილა.

 

 ***

 კიდევ რაღაც პერიოდმა გაიარა. ჩვენ დროის ათვლას კარგა ხანია თავი დავანებეთ.

კიტის როგორც ყოველთვის, ჩემი ფანჯრებიდან ვუთვალთვალებდი. მის პირისპირ ნახვას ისევ გავურბოდი. თუ შევხვდებოდი, არც კი ვესალმებოდი, ისევ ყველანაირად ვცდილობდი, თვალი ამერიდებინა.

 თვითონ ვერც კი მამჩნევდა. ყოველთვის მთვრალი იყო.

 მეზობლები სულ კიტიზე ლაპარაკობდნენ, ლანძღავდნენ. როგორც კი კიტი ფანჯარაში გაჩეჩილ თავს გამოყოფდა, სადღაც ჩივილით ემუქრებოდნენ. ამაზე მისი ხმამაღალი ისტერიული სიცილი ისმოდა მხოლოდ.

მერე ისევ გავრცელდა ჭორები კიტის შესახებ. ამბობდნენ, ბაზრის კუთხეში დგასო. იქ მეძავების პანელი იყო მოწყობილი. მე ვითომ არაფერი მესმოდა, თუმცა მას მერე ბაზარში აღარ წავსულვარ.

თანდათან კიტის სახლი ლოთების, მეძავებისა და ჯარისკაცების თავშეყრის ადგილად იქცა. მეზობლები უფრო და უფრო ხმამაღლა ილანძღებოდნენ და იწყევლებოდნენ.

 ზოგჯერ ღამით მასთან მივდიოდი და მეძავებს და მთვრალ ჯარისკაცებს სახლიდან ვყრიდი. ისინი მეჩხუბებოდნენ, დახვრეტით მემუქრებოდნენ. თუ სახლში იყო, კიტის ყოველთვის გალეშილს ეძინა ხოლმე. მძინარე კიტი ხელში აყვანილი მომყავდა და ჩემს საწოლში ვაწვენდი. მეც იქვე, საწოლის წინ იატაკზე, თხელ ლეიბზე ვიძინებდი. დილით ადრე საუზმეს ვუმზადებდი და სამსახურში გავრბოდი. უკან დაბრუნებულს კიტი სახლში არასოდეს არ მხვდებოდა.

მერე სამსახური გამოვიცვალე და ქალაქის საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა სანიტრად. უამრავი საქმე მქონდა. ძალა აღარ მყოფნიდა სახლში წასასვლელად, იქვე, საავადმყოფოში სკამზე მეძინა.  უფრო და უფრო იშვიათად მივდიოდი სახლში. კიტის თითქმის ვეღარ ვხედავდი. ვიცოდი, ისევ ისე ცხოვრობდა. არაფერი არ იცვლებოდა.

 

 ***

იმ დღეს მორგში დამიძახეს მისახმარებლად.

მახსოვს, როცა პირველად აღმოვჩნდი მორგში, მეგონა ვერ გავუძლებდი. მერე ნელ-ნელა მივეჩვიე და ინტერესითაც კი ვათვალიერებდი მიცვალებულებს.

 როცა ჩავედი, მაგიდაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იდო.

 მაშინვე ვიცანი.

 „მუზა“ შევყვირე.

 ცოტაც და გული წამივიდოდა.

 ექიმმა დამცინავად შემომხედა –  წამით თითქოს ყოყმანობსო, მერე გადააფურთხა და ხმადაბლა, გულგრილად თქვა:

 –  ვერ იცანი? ეს ხომ ჩვენი დალილაა, ერთ ხანს საავადმყოფოში მუშაობდა, მერე აფთიაქში, ლოთობისთვის გააგდეს, რაც სპირტი იყო, სულ თვითონ სვამდა –  ცინიკურად ჩაიცინა –  ამ ბოლო დროს ბაზრის კუთხეში იდგა. ცნობილი ბოზია–  ისე, შენ მგონი უნდა იცნობდე –  თვალი ამარიდა.

 ხმას ვერ ვიღებდი.

 –  ვიღაც კლიენტმა მოკლა, მიღალატაო, –  გადაიხარხარა –  გესმის? ბოზმა მიღალატაო.

 აღარაფერი მესმოდა. მხოლოდ ექიმის გასისხლიანებულ სხეულს ვხედავდი იატაკზე.

მერე სახლში გავიქეცი, ჩემს ოთახში შევვარდი და საწერ მაგიდას შეშლილივით დავუწყე ქექვა. „მუზა, მუზა“ –  ლოცვასავით ვიმეორებდი.

რვეული ვიპოვე, ჩემი რვეული, ჩემი კი არა, მისი რვეული, მუზას რვეული, მისი ლექსები და მოთხრობები. გულში ვიხუტებდი, ვკოცნიდი, ვტიროდი.

ცოტა სული რომ მოვითქვი, რვეული გადავშალე – გავოგნდი –  რვეული ცარიელი იყო, ერთი სიტყვაც კი არ ეწერა..

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / გოგია დალილა / მუზა