გოგოლაძე  ტატ

Andergraund

 

 

 

 როცა ქუჩის მუსიკოსობა გადავწყვიტე, ყველამ ზურგი შემაქცია. მიწისქვეშა გადასასვლელი არც ისე შორს იყო ჩემი სახლიდან და სწრაფად მოედო ეს ამბავი მთელ უბანს.

მეზობლები ისეთი ღიმილით მივლიდნენ გვერდს, ვფიქრობდი ჩემი შემოქმედებით მოხიბლულები არიან მეთქი. სინამდვილეში კი, ძალიან მალე უბნის პატარებმა ჩვენი ბეჟუკას მაგივრად, გიჟი ბეჟუკას ძახილი დამიწყეს. მეგობრების მოსალმებაც ცივი და ცინიკური გახდა. დაკვრისას მათზე არ ვფიქრობდი, როცა კეისის თავი იხდებოდა, ძველი ხის გიტარა და მე პლუტონზე მივდიოდით.

 პლუტონზე ყველაფერი ერთი ფერისაა, ეს ფერი ძალიან გავს მუქყვითელს. იქ დიდხანს არავინ დაგტოვებს, ამიტომ უნდა ეცადო დრო სისულელეში არ დაკარგო. მაგალითად, თუ დაინახავ ძალიან მომხიბვლელ გოგოს, შეგიძლია გაესაუბრო, მაგრამ არასოდეს უნდა დაპატიჟო დედამიწაზე, თუ შემთხვევით შეგხვდა ძველი ნაცნობი, შეგიძლია მასთან ერთად ლუდი დალიო, მაგრამ არასოდეს უნდა კითხო როგორ მოხვდა აქ, თუ შეგხვდა მოწყალების მთხოვნელი, არასოდეს უნდა მისცე მას 20-თეთრი, რადგან პლუტონზე შენი მათხოვრები არ არიან.

 როცა პირველად მოვხვდი ყვითელ პლანეტაზე, სიზმარი მეგონა და ყველას ვუღიმოდი, ისინიც მიღიმოდნენ. მერე რამდენჯერმე თვალებს ხუჭავ, ისევ ახელ, სხეულს ებღაუჭები, რწმუნდები, რომ რეალობაა და დაკვირვებას იწყებ, ადამიანები ტანსაცმლის გარეშე, რომელებიც მოყვითალოდ ანათებენ, ყველა თბილად იღიმის შენს დანახვაზე, გესალმებიან საკუთარ ენაზე, რომელიც ძალიან მალე შენიც ხდება და უკრავ უბრალოდ შენს დასაკრავს. იქ ყოველთვის ძალიან ლამაზი მელოდია ისმის, შენი ჯერის დადგომისას ყველა ჩერდება და გისმენს.

 როცა პლუტონიდან მიწისქვეშ ვბრუნდებით, კეისი თითქმის სავსე გვხვდება ხურდით, მომდევნო სამი დღე დედამიწაზე დარჩენა გვიწევს და ფული გვჭირდება. გიტარას პლუტონზე მეცხრე ნოტის აღებისას, ზოგჯერ ბოლო სიმი უწყდება, ამ სიმს დახლს ქვევიდან ყიდიან და საკმაოდ ძვირი ღირს, თან ბინის ქირა და სხვა ვალები მაქვს გასასტუმრებელი..

 პლუტონზე ყველა ეგოისტია და ეს უარყოფით თვისებად არ მიაჩნიათ. ამბობენ, საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის, შენი გარშემომყოფების კარგად ყოფნისკენ, ყველაზე მეტად ეგოიზმი გიბიძგებსო.

ამ პლანეტაზე ყველაზე ძვირფას ნივთებად სავარცხელი, სამარილე და მუსიკალური საკრავები ითვლება.

 იმ დღეს, ფული დროზე ადრე გაგვითავდა, პლუტონზე გამგზავრებამდე მთელი 24-საათი იყო დარჩენილი, დაკვრა დავიწყეთ და ადამიანებს მიწის ქვეშ პირველად დავაკვირდი , ციოდა, მათ მხოლოდ ფერმკრთალი სახე და სიცივისგან გაწითლებული ხელები უჩანდათ. მოხუცმა, რომელიც კუბოკრული ჩანთის სიმძიმეს ორად მოეკეცა, ნელი ნაბიჯით ჩაგვიარა, მას არ გაუგია ჩვენი ხმა. კიკინიანმა ბიჭმა ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა და რამდენიმე ღერი ჩვენს კეისში მოათავსა, გამეღიმა, არც მას გაუგია მელოდია, უფრო მოწყალება გაიღო, ვიდრე მიღებულის საფასური გასცა. ქერა გოგონამ თმა გაისწორა, რამდენიმე წამს დაყოვნდა, თვალებზე მაკვირდებოდა მერე ჩანთაში ხურდა მოძებნა და ღიმილით დაიხარა ჩემს წინ.

 ჩვენ ვუკრავდით და ვიღებდით მოწყალებას ცუდი ჩაცმულობისთვის, საღებავგაცრეცილი სხეულისთვის, გამოხედვისთვის და არც ერთი ნოტისთვის, რომელიც ჩვენი სულიდან მოდიოდა.

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / გოგოლაძე ტატო / Andergraund