გოგოლაძე ტატო

მეოთხეზე, ლიფტიდან მარჯვნივ 

 

  მეოთხეზე, ლიფტიდან მარჯვნივ თეთრი რკინის კარია. ჩვეულებრივია რა, ამ გასაღებით გააღებ, არც ისე სუფთაა, მაგრამ გამოდგება.

კიტი ჩემი მეგობარია. იცის, რომ ერთ სახლში დიდხანს ვერ ვჩერდები და თითქმის ყოველ კვირა იღებს ოთახებს ქირით.

იმ დილით არაჟანს საზიზღარი გემო ჰქონდა და დამჟავებული სიფათით გავუღე კარი წვერიან მეზობელს, ცოლს რომ გვერდით ედგა.

ქალი მეუბნება, რომ აბაზანიდან წყალი ჩასდით, ქმარს ფეხზე კიდია ცოლი რას ამბობს და ელოდება მე რას ვუპასუხებ, მე ორივე ფეხებზე მკიდია და კიტის ვურეკავ, ახალი ოთახი გვჭირდბა.

კიტის იმ დღეს, ყველაფერი ყელში ამოუვიდა და ყურმილი დამიკიდა.

ორი საათი რომ გავიდა გამახსენდა, თუ სასწრაფოდ რომელიმე ნაცნობის ნახვა გჭირდება, აუცილებლად რუსთაველზე უნდა გაიქცე და ერთ-ერთს მაინც ნახავ.

მინი დავინახე, საზიზღარი სახლი აქვს, სამი ოთახი და სამივე ყვითელი, მაგრამ არ მოიწყენ, სულ იცინის და შიშველი, თეთრი მუხლისთავები უჩანს.

კვერცხით ვისაუზმეთ, ბავშვობიდან ვერ ვიტან კვერცხს. სამსახურში აგვიანებს, თან სახლში ჩემი მარტო დატოვება არ უნდა, თან ყვითელი კედლები.

კიტიმ ისევ გამითიშა, ყვითელ ავტობუსს გავყევი.

მე და მძღოლმა წრეზე ვიარეთ, ისე რა ლამაზი რამეა შუქნიშანი ასეთი სულელური საქმე რომ არ ქონდეს.

ნინი სარკიდან დავინახე უკანა კარიდან ამოვიდა,დაღლილი სახე ჰქონდა. მერე რა, რომ ვარკეთილში ცხოვრობს, სამაგიეროდ კარგი მზარეულია, რამე ცხელი ექნება.

ნინი გათხოვილა, კიტი აიღე რა ყურმილი.

ავტობუსიდან ჩასვლისას დიდძუძუებიანმა ქალმა, რაც ირგვლივ ჰაერი იყო მთელი ძალით შეისუნთქა, მაინც ძლივს გავეტიე მის საყვარლობებსა და მხიარულჩანთიან სტუდენტს შორის. ჰოდა, ნელიკოს დიდი ძუძუები და დიდი სახლი გამახსენდა, სტუდენტობისას მაგის გვერდით ჯდომა არ მიყვარდა, კინაღამ დაუსრულებელი ერექცია განმივითარდა.

რაც ვიცნობ, სულ მოწყენილია ნელიკო, სამაგიეროდ დედამისი აფანატებს ჩემზე, დამშვიდობებისას კინაღამ გამომეტირა, მაგრამ მეც ხომ მაქვს თავმოყვარება, თუ სახლმოყვარეობა, თუ თფუ.

 

კიტი მიპასუხე რა

სალომეს, იმ დღეს სარეცხი რომ არ გაერეცხა, აივანზე არ გამოვიდოდა და თავის მამაკაცური ხმის ტემბრით, მთელი ძალით არ შეკივლებდა, ჩემს დანახვაზე. კაგრი გული აქვს ამ გოგოს, თან საძინებელს ორი საპირისპირო მხრიდან აქვს ფანჯრები და ღამით, თუ მანქანები ორივე მხრიდან გაივლიან, სინათლე ერთდროულად წამოვა ოთახისშუაშიმდგომი საწოლისკენ და თუ გულაღმა წევხარ, პირდაპირ შენს ასოზე კვეთს ერთმანეთს, ჯადოქრობაა პირაპირ.

მელიტა თეატრთან შემხვდა, უფრო სწორად ვიცოდი რომ შემხვდებოდა. როცა თვალებს შავად იღებავს ისე გავს კიტის, ლამის სახლში წავიყვანო, რომ მქონდეს.

მაგის სახლსაც არაუშავს, უყვართ ფორთოხლისფერი ხელოვან ხალხს, რამით ხომ უნდა დაფარონ თავის მაზალო ხასიათი. 

დღეს რუსთაველზე ვერავინ ვნახე, ტყუილი ყოფილა.

ღამით, ვერის ბაღში თურმე ძალიან ცივა, კიტი მიპასუხე რა.

ღამით ვერის ბაღში ყოველთვის ცივა , არადა როგორ მიყვარდა ერთ დროს.

 მისმინე, შენ ზედმეტი საწოლი არ გაქვს?

ასეთი ღიმილი არასოდეს მინახავს, კეთილი ადამიანი ჩანხარ,

ერთი-ორი დღე, მეტს ისედაც ვერ გავძლებ, მერე ალბათ კიტიც დამირეკავს.

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / გოგოლაძე ტატო / მეოთხეზე, ლიფტიდან მარჯვნივ