გოგოლაძე  ტატო

ჩარლი  

 

I

 გახუნებულმწვანეფრთიანი ჩარლი გამყიდველს, თავხედი ბავშვივით, იმ დროს ჩაუფრინდა მუჭში, როცა ფუმფულა რუსი ქალბატონი გალიიდან, ჩემს მიერ შერჩეული, უფრო ფერადი, მაგრამ ჭირვეული თუთიყუშის გამოყვანას ამაოდ ცდილობდა. სხვა რა გაეწყობოდა, თან რაღაცით, მომეწონა კიდეც, პატარა ფრინველის მოულოდნელი სითამამე და იმ დღიდან ჩემს თამბაქოსფერ ოთახში, ინვალიდ მაგიდაზე დაიდო ბინა. ინვალიდიო ტყუილად არ მითქვამს, დიდი ბაბუის ნაქონ მაგიდას, საკმარისზე ახლოს თუ ჩაუვლიდი, გარე მარჯვენა ფეხი, ისე ხმაურიანად ეკვროდა იატაკს, ისედაც ანც ჩარლის საათობით უკარგავდა მოსვენებას, მე კი, ბავშვობის შემდეგ გადაჩვეულ ღიმილში, სულ უფრო ხშირად მავარჯიშებდა. მშობლების სახლიდან ცალკე გადასვლის შემდეგ მოსაუბრე მჭირდებოდა, თან ისეთი,ყოველთვის ჩემ ხასიათზე რომ იქნებოდა და ჩარლიც იდეალური კანდიდატი იყო.

 ანასტასია ახალ სამსახურში, პირველივე დღეს გავიცანი, ისეთი გამოხედვა ქონდა, ერთხელაც რომ მოგეკრა თვალი, დღის ბოლოს, ძილის წინ აუცილებლად გაჩნდებოდა მისი სახე, რომელიმე ირეალურ ფრაგმენტში. ხელი რომ ჩამოვართვი და საკუთარი თავი წარვუდგინე ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთელი ბავშვობა ერთად გაგვეტარებინოს. ფიქრით გატაცებულმა ისე ძლიერად მოვიმწყვდიე მუჭში მისი ფერმკრთალი თითები, ტკივილისგან წარბები და მხრები, ოდნავ ზევით აწია და სანდომიანი ღიმილით ძლივს დაიძვრინა თავი, – თქვენ წინა ცხოვრებაში, აუცილებლად ინგლისელი იქნებოდით.

–  ღიმილი –  სიცილში, გადაეზარდა და ოთახში მყოფ თანამშრომლებს გაუნაწილა ყურადღება. თვალს ვადევნებდი ლაღად მომღიმარს და გონებას ვძაბავდი, თითქოს სადღაც მენახა და არც, თითქოს ჩემი ილუზიიდან პირდაპირ ოთახში გადმოებიჯებინოს ბავშვობაში ნაოცნებარს. ჩვენმა მზერამ კიდევ რამდენჯერმე გადაკვეთა ერთმანეთი და მეჩვენებოდა, რომ კავშირი ჩემს გონებასთან ამ დრომდე არ გაეწყვიტა.

 ჩარლი დღითიდღე უმატებდა ცელქობას, ისეც კი, რომ ზოგჯერ ძველ მაგიდას უკვე თავისითაც უცდებოდა ფეხი და თავს ძლივს იკავებდა, იატაკზე მთელი ტანით რომ არ გაშხლართულიყო. სულ ცოტა დროში, არცთუ დიდი გალია საგულდაგულოდ დაზვერა, სუსტი ადგილებიც შეათვალიერა, მეორე საღამოს ზერელედ დახურული კარიდან დრო იხელთა თავის დასაძვრენად და უმალ თავისუფლების ლაღი ხმა აღმოხდა სასაცილოდ მოგრეხილი ნისკარტიდან, ჯერ ერთ კედელს მიენარცხა, მერე საპირისპირო მხარეს შებრუნდა, კუდიდან რამდენიმე ბუმბულიც გაძვრა და ბოლოს აკანკალებული ფეხებით, გამჭვირვალე ფარდაზე შეიმაგრა თავი გულამოვარდნილმა, მე შეგნებულად ყურადღება არ მიმიქცევია, რა იქნება ცოტა ხნით ესეც დატკბეს თავისუფლებით მეთქი და მშვიდად გავაგრძელე წერა, მეორე დღეს გაზეთის რედაქტორისთვის გამზადებული მასალა უნდა მიმეტანა, მაღალჩინოსანთა თანამდებობების მორიგი გაცვლა-გამოცვლის შესახებ.

 რედაქციაში ისევ აუტანელი სიცხე იყო, –  ეს დაწყევლილი სანიავებელი, ან ვინმეს შევაკეთებინოთ, ან ახლის ფული მაინც ავკრიფოთ, რა არის, ასე როდემდე შეიძლება?! – შეწუხებული სახით, გოდებასავით აღმოხდა ირმას. მართლაც, ასეთ სიცხეში მუშაობა კი არა, სუნთქვაც შეუძლებელი იყო.

მე და იმ დროს ოთახში მყოფი, კიდევ ერთი მამაკაცი უხერხულად შევიშმუშნეთ, ეტყობოდა, არც ის იყო ჩხირკედელაობის დიდი ოსტატი და ორივემ ერთხმად დავიწყეთ, – ჰო ისე კარგი იქნე.. – შემდეგ სიტყვა დამითმო –  კარგი იქნებოდა თანხა აგვეკრიფა და ახალი სანიავებელი შეგვეძინა, – ისეთი არადამაჯერებელი ტემბრით დავასრულე სათქმელი, მომეჩვენა თითქოს ჩემს მაგივრად სხვა საუბრობდა. ამ დროს ბატონი გურამიც შემოვიდა სამუშაო ოთახში და ყველას პირფერი ღიმილი გადაეფინა სახეზე.

 – ბატონო გურამ, მერიის პრესსამსახურიდან დარეკეს, ხვალ საღამოს ჩეხი ქველმოქმედი – მაგდალინა სმეშოვა ჩამოდის, უპატრონო მოხუცთა დასახმარებლად და იქნებ სტატია მოგემზადებინათო.

 – სტატია, სტატია, თითქოს ბენზინის ფული ჰაერიდან მოდიოდეს, წინა თვის გაზეთის ბიუჯეტმა, იცით მთლიანად რამდენი შეადგინა?

 – აარა?!

 – 1247-ლარი, აქედან მგზავრობა, ორი ახალი დიქტოფონი, ინტერნეტი, ტელეფონი, თქვენი ხელფასი და.. – გურამმა, სათვალე ცხვირის უკიდურესად ქვედა ნაწილზე ჩამოიწია, რომ ტელევიზორიდან, დიქტორის

 მონათხრობი დღის ამბები, ყურადრებით მოესმინა. – ნწუ,ნწუ,ნწუ, ხოცავენ ერთმანეთს.– სინანულით, გააქნია ჭაღარა, შემელოტებული თავი და თავის კაბინეტს მიაშურა.

 – ჩვენს 65-ლარს დაუქცევია თურმე მთელი გამომცემლობა, – ვახტანგის მხართან ჩურჩულით ჩაიღიმილა ლამაზთვალება დეამ და მხიარულება მთქნარებასავით გადაედო ყველას. მე ისევ მშვიდად, კუთხეში მდგარ მაგიდასთან ვიჯექი და ხმას არ ვიღებდი, შორიდან ვაკვირდებოდი მათ მოქმედებას. ახალი ვიყავი და როგორც ჩარლი თავის გალიას, ისე ვზვერავდი ახალ სამსახურს. მარჯვნივ გასასვლელ კართან ამღვრეული წყლით სავსე აკვარიუმში, ორი საცოდავად გვერდზე გადახრილი, შავთეთრი თევზი დაცურავდა, შემეცოდნენ, მაგრამ არაფერი გამიკეთებია მათ გადასარჩენად, შუაში უპროპორციოდ საკონფერენციო მაგიდა იყო გაჩხერილი, მის გარშემო რამდენიმე თანამშრომელს ტექსტებში ჰქონდა თავი ჩარგული, ალაგ– ალაგ საღებავგადაცრეცილი კედლებით კი, უსაქმურობისას შესანიშნავად შეიძლებოდა თავი შეგექცია – მაგალითად, თუ შესასვლელიდან მარჯვენა კედელს კარგად დააკვირდებოდი, შეიძლება რემბრანდტის ავტოპორტრეტის მსგავსი ფიგურა დაგენახა და ისე გავდა ეს უკანასკნელი ორიგინალს, რედაქციაში მოსული სტუმრები განცვიფრებას ვერ ფარავდნენ – ვაიმე რა პირობები გააქვთ?! – და მსგავსი ქათინაურების სასწრაფოდ აღსაკვეთად ჩვენი გოგონები უმალ ყავის ფინჯანს ჩრიდნენ მორიგი მსგავსი წინადადების წარმოსათქმელად გახსნილ პირში სტუმარს. დაახლოებით ასეთი იყო გაზეთ “აისის” სამუშაო ოთახი და მასში გამეფებული ტრაგიკომედიული ინტერიერი, სადაც სულ შემთხვევით მოვხვდი.

 

 II

 მაგდალინა სმეშოვას მეტისმეტად გულუბრყვილო გამომეტყველება ჰქონდა, გაღიმებული სახით უმზერდა გარშემომყოფთ და თითქმის ყველაფერზე ეთანხმებოდა ჰალსტუხწაჭერილ, სვავებივით მოფრიალე რამდენიმე ღიპიანს. შემეცოდა, მას ნამდვილად სჯეროდა, რომ საკუთარი ფონდიდან გამოყოფილი ნახევარი მილიონით, მოხუცთა თავშესაფარს, სასადილო და ახალი საძინებლები შეემატებოდა.

საერთო ოთახში გამოფენილ მოხუცებს თვალი რომ გადაავლო ვხედავდი, იმ წამს მზად იყო ბოლო ცენტიც კი, გაეღო მათთვის და ზუსტად ამ დროს, ჩემმა ზენიტმა ისევ ჭირვეული ხასიათი გამოავლინა, რესპოდენტის ცრემლნარევი თვალების დაფიქსირება ვერ შევძელი.

საბედნიეროდ, უკვე მოსწრებული მქონდა რამდენიმე კადრის გადაღება.

 მიყვარდა კვირა დღე, რედაქციაში მხოლოდ მე და მძღოლი ვისხედით, მშვიდად შემეძლო საქმეზე ფიქრი, სტატია მალე დავამთავრე, ხასიათი ისედაც სავსე მქონდა სენტიმენტალური ნაფლეთებით, თან გონებაში ჩარჩენილი, კეთილშობილი, ჩეხი ქალბატონის გამოხედვა, მზა წინადადებებს მოარბენინებდა ყოველ 9-წამში. მხოლოდ ანასტასია მაკლდა, ერთი კვირა იყო არ მენახა, დედა გახდომოდა ავად და საავადმყოფოში ედგა თავს. საღამოს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას, დიდი მონდომებით ვცდილობდი სამარშრუტოდან ნესტიანი პალატების ფანჯრებზე დაკვირვებას, იქნებ რამდენიმე წამით მაინც შევნიშნო მეთქი, მაგრამ მძღოლებს, სწორედ ამ ადგილზე უყვარდათ ავტომობილის სწრაფად გაქროლება.

 ჩარლიმ იმ დღეს პირველი სიტყვა თქვა. რრრანდაბა, სავარაუდოდ – ჯანდაბას მისეული ინტერპრეტაცია უნდა ყოფილიყო, იმ დროს ოთახში მე და ბექა ვისხედით, ჭადრაკის თამაშს სწრაფად შევეშვით და ორივემ გალიასთან მივირბინეთ, ჩარლი კუთხეში მიიყუჟა და საცოდავად გაფარჩხულმა ფეხებმა, სასაცილოდ დაუწყო კანკალი.

– მაგარი კაცია. – ღიმილით ჩაილაპარაკა ბექამ და ჭადრაკს მივუბრუნდით. ის ჩემი ერთადერთი ამხანაგი იყო. ბევრი არაფერი გვქონდა საერთო, უბრალოდ, ორივეს გვიყვარდა ჭადრაკი და ლუდი, მას ყველაზე მსხვილი წარბები ქონდა ჩემს ნაცნობ ადამიანებს შორის, მის ქვევით კი, ისეთი საცოდავი გამოხედვა, ზედიზედ რამდენიმე წუთი რომ დაკვირვებოდი ტირილი მოგინდებოდა. სულ თავის გარდაცვლილი მამის საგმირო ისტორიებს ყვებოდა, მეც მთელი საღამო მშვიდი და თანამგრძნობი გამომეტყველებით შემეძლო მოსმენა. მიხაროდა, რომ მას უხაროდა როცა ასე უსმენდნენ.

 

 დილით კინაღამ კარი ჩამოიღეს, ისე აკაკუნებდნენ, ნახევრად შიშველი სხეული კარს ამოვაფარე და დაზაფრული სახით, გაკვირვებულმა ავათვალიერე ვარდისფერსარაფნიანი გოგო, მხრებზე ტალღოვანი თმა რომ ჩამოშლოდა.

გაღიმებულმა ხილით სავსე თეფში გამომიწოდა, – აქ მგონი მარტო ცხოვრობთ, თუ რამე დაგჭირდება, ნუ მოგერიდება, მოგვიკაკუნე, დაგეხმარებით. – როცა გამოვერკვიე და მადლობის გადახდა დავაპირე, ჩემს მოპირდაპირედ, მისმა ღიმილმა კიდევ ერთხელ გაიელვა და შავი რკინის კარი სწრაფად დაიხურა. თითქმის ყველა სახის ხილი იყო ატმის გარდა, – არადა, ბავშვობიდან.. სამზარეულოს მაგიდაზე ჩამოყრდნობილს ისევ ჩამთვლიმა, თვალი რომ გავახილე უკვე თერთმეტი ხდებოდა, პიჯაკი სწრაფად გადავიცვი, ფეხსაცმელებში ვარაუდით გავუყარე ტერფები, ჩარლიმ ისევ სასაცილოდ დაიწყო – რრრანდაბა, რრრრანდაბა.. და კართან ხელის ფათურით ქამრის ძებნა რომ დავიწყე, მხოლოდ მაშინ შევნიშნე, შარვლის ჩაცმა დამვიწყებოდა.

 ბატონი გურამი მაინდამაინც მაშინ დამხვდა სამუშაო ოთახში, ირმამ და დეამ ჯერ მე, მერე გურამს, შემდეგ ერთმანეთს გადახედეს, ალბათ ძალიან სულელური გამომეტყველება მქონდა იმ დროს, საშინლად არ მიყვარდა, როცა ყურადღების ცენტრში შენიშვნის მიღების გამო ვხვდებოდი, ტყუილიც არ შემეძლო, ბატონ გურამს გაეღიმა და თავის ოთახს უსიტყვოდ მიაშურა. – ჯანდაბა! – საყვარელ ადგილზე მოწყვეტით დავეშვი და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე ანასტასია, ოთახის კუთხეში დივანზე, დაფიქრებული სახით “რემბრანდტს” მიშტერებოდა, თავიდან ადგომა და ახლოდან მისალმება დავაპირე, მერე გადავიფიქრე, ისე იყო ფიქრში გართული, შეიძლება სულელურ სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი.

დეამ და ირმამ ახლა ამაზე დაიწყეს თვალებით ჩურჩული, გამეღიმა, არაფერია იმაზე სასაცილო სანახავი, ადამიანი ინტერესით წაგრძელებული ცხვირის სხვის ცხოვრებაში შეჩრას რომ ცდილობს. როცა ნასტია რეალობას დაუბრუნდა, ჩემკენ წამოვიდა, ვიფიქრე მაგრად მოვეხვევი და დიდხანს არ გავუშვებ მეთქი, რეალურად კი, ნორმალურად თითქმის არც მიკოცნია,

 – დედა ხომ უკეთ არის?

 – კი, კი, არაუშავს, გმადლობ ყურადღებისთვის.

 მალე ოთახში ბატონი გურამიც შემოვიდა და თავის კაბინეტში გამიხმო.

 – სტატიით კმაყოფილი ვარ, თუ ასე გააგრძელებ მალე ალბათ შტატში ჩაგსვამ, კარგი სტილი გაქვს, რომ მოინდომო, ალბათ გამოვა შენგან რამე.. – ეს სიტყვები ისე მითხრა არც შემოუხედავს, მერე ტელეფონის ყურმილს დაწვდა და საქმიანი გამომეტყველებით დაიწყო საუბარი, მადლობა გადავუხადე და ოთახი სწრაფად დავტოვე.

 

 

 

 III

 ანასტასია გვერდით უხმოდ მომყვებოდა, დაღლილი სახე ქონდა, დროდადრო ჭადრებს ისე უყურებდა, თითქოს დიდი ხნის უნახავ ნაცნობს შეხვედროდეს, მეჩვენებოდა, რომ იმ წამს ქუჩაში მხოლოდ ჩვენ და ჭადრები ვიყავით, შემდეგ ძალიან დაბალი ტემბრით მკითხა – თითები ყოველთვის რატომ გითრთის? – არ ვიცოდი რა მეპასუხა, ხელები უნებლიეთ ჯიბისკენ წავიღე და უხერხულად ავიწურე მხრებში. ნასტიამ გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა, როცა იღიმოდა თვალები კიდევ უფრო სევდიანი უხდებოდა, მერე ნაბიჯს მოუმატა, ბოლოს საღამოს ბინდში მხოლოდ თხელ სილუეტს ვხედავდი, ყოველი მომდევნო ნაბიჯის გადადგმისას მწკრივად ჩალაგებულ ჭადრებს ხელით რომ ეხებოდა, არ გავდევნებივარ, იმ წამს მეც იგივეს ვგრძნობდი.

 ქიაჩელის № 7,  № 8,  № 9 – ტოტებს შორის ლამპიონით განათებული აბრები კრთოდნენ. ქუჩის ბოლოს კუთხესთან გაუნძრევლად იდგა, თხელი თმა თითქმის მთლიანად უფარავდა სახეს.

 – რას ფიქრობ, დღეს იწვიმებს? – თავი არ აუწევია ისე მკითხა.

 – არ მინდა გული დაგწყდეს, მაგრამ შეხედე რამხელა მთვარეა, რამდენი ვარსკვლავი, თუ სასწაული არ მოხდა ვერაფრით იწვიმებს.

 – მე უფრო კეთილი მეგონე, ხომ შეიძლებოდა ამხელა წინადადება არ გეთქვა და უბრალოდ, ერთი სიტყვით იმედი მოგეცა, რომ დავლოდებოდი.

 – ასეთი ლოდინი რა სარგებელს მოგიტანს?!

 თმა გაისწორა და ისევ ნელი ნაბიჯით განვაგრძეთ გზა, მოულოდნელად გამომეტყველება შეეცვალა, გაჩერდა და ისე მომეკრა სხეულზე ხელები არ მოუხვევია.

 – შეგიძლია ერთი დღე და ორი ღამე მაჩუქო?

 – მხოლოდ ერთი დღე და ორი ღამე? – განაწყენებულმა შევხედე.

 – ჰო, ერთი დღე და ორი ღამე.

 – რას გულისხმობ?

 – ზამთარში ზღვა გინახავს?

 – კი.

 – მე ზამთარში არასოდეს, ძალიან მინდა ვნახო, იცი? ჩემს ოთახში ღამით მატარებლის ხმა ისმის, ჰოდა, გუშინ ვფიქრობდი: რა იქნება ახლა ჩვენც რომ იქ ვისხდეთ და სანაპიროსკენ მივდიოდეთ მეთქი. მთელი ღამე მესიზმრებოდა.

 – წავიდეთ, აუცილებლად წავიდეთ.

 – ოღონდ მხოლოდ ერთი დღე დავრჩეთ, ღამით ისევ მატარებლით დავბრუნდეთ უკან, გიყვარს მატარებლით მგზავრობა? – სახეგაბრწყინებული გატაცებით საუბრობდა, აღარ გავდა წეღანდელ ნასტიას, ასეთს პირველად ვხედავდი, ბავშვივით წრფელი და მეოცნებე თვალები გაუხდა.

 – კი, მატარებლით მგზავრობა მიყვარს, მაგრამ ახლა ხომ ზაფხულია?

 – ვიცი! 19-თებერვალს ღამით რომ წავიდეთ,შეძლებ? – გამომცდელი გამომეტყველებით ამომხედა, თავი ვეღარ შევიკავე და შეშლილივით ამიტყდა სიცილი, მერე ნასტიაც ამყვა და რამდენიმე წუთს უზომოდ ბედნიერად ვგრძნობდით თავს.

 სახლში გვიან დავბრუნდი კარის გაღების ხმაზე ვარდისფერსარაფნიანიც გამოვიდა სადარბაზოში. სანამ ვფიქრობდი – რა უნდა,მაინდამაინც მე რატომ გადამეკიდა, თან შავგრემანი მანდილოსნები არასოდეს მიზიდავდნენ, მითუმეტეს ახლა როცა ნასტია.. – ფინჯანი ჩაით გამასპინძლებაზე დამითანხმა.

 დაბინდული ფერებით გაწყობილი ოთახი გოგოსაც იდუმალ იერს აძლევდა. სამზარეულოდან სამოვარი გამოიტანა და ფინჯნებში ფრთხილად დაასხა, მერე დაბალ მაგიდას და ჩემს შორის მოხდენილად გააძვრინა სხეული და დივანზე ჩემს მარჯვნივ მოთავსდა, ქალის ასეთ საქციელზე ყოველთვის სულელურად ეღიმებოდა ბექას და იმ წამს მეც ძალიან ვეცადე მსგავსად გამღიმებოდა, ბექას ხომ არასოდეს არაფერი გამოსდიოდა ქალებთან სწორედ ამ ღიმილის გამო, არ გამოვიდა,. რამდენიმე წუთში ვარდისფერსარაფნიანმა ისე ახლოს მოიწია ჩემთან, მისი სუნთქვა ყურთან უკვე რამდენიმე მილიმეტრის ინტერვალით მესმოდა. თუ ქართველი ხარ და კაცი გქვია, ასეთ ვითარებაში ღირსება, ან უნდა შეგელახოს, ან უნდა გაგელახოს.

 კარი რომ შევაღე ჩარლი სიხარულისგან შეშლილივით აწყდებოდა გალიას, ოთახში სინათლე ავანთე და გარეთ გამოვუშვი, ერთ ხანს წრეზე იფრინა მერე დაიღალა და საწერ მაგიდაზე დაჯდა.

 – ჩარლი შეგიძლია თქვა, ანასტასსია?..

 – ...

 – ჩარლი თქვი რა, ნასტია.

 – ჩარრრრლიი, ჩარრლიი, რრრანდაბა..

 – ეეჰ, სულელი ხარ.

 – ხარრრ.

 – მართლა სულელი ხარრ, არ გეწყინოს, მეც.

 იმ ღამით საშინელი კოშმარის რამდენიმე სერია მესიზმრა, ნასტიას სხეულს ვარდისფერსარაფნიანის თავი ედგა, ხან პირიქით, თვალები არაადამიანურად უფართოვდებოდათ და შემდეგ ისევ უწვრილდებოდათ, ყველაფერი კოსმიური ხმების ფონზე ხდებოდა, ვიცოდი რომ სიზმარი იყო, მაგრამ სხეული ვერაფრით გამოვძალე უცხო სივრციდან მოსულ სტუმრებს.

 

 IV

 საფეხურებზე შეშლილივით ჩარბოდა, მეც მივდევდი, წამითაც არ მომსვლია აზრად, ვინმეს რომ დავენახეთ, რას იფიქრებდა. ხმამაღალი სიცილი რამდენიმე სართულით დაბლა მესმოდა და კიდევ უფრო ქვევით მიიწევდა, ალბათ უკვე გასასვლელთანაა მე კი, ორი სართული კიდევ უნდა ჩამევლო, რამდენიმე საფეხურს ერთად ვევლებოდი, – ნეტა არ გამასწროს, – სიჩქარეში საკუთარი სუნთქვა ოდნავ წინ მისწრებდა, ზოგჯერ უკან მრჩებოდა.

 ქუჩაში აღარ ჩანდა, ბავშვური შეგძნებისგან გაბრწყინებული გამომეტყველება სწრაფად შემეცვალა, პიჯაკი მოვიწესრიგე და მშვიდი ნაბიჯით გაუაზრებლად გავყევი ტროტუარს, ეს მხოლოდ რამდენიმე წამს, ბექამ თავის გვერდმიმსხვრეული ოცდაერთი, მკვეთრი მუხრუჭით პირდაპირ ფეხებთან გამიჩერა.

 – ჩქარა ჩქარა მიადგი – ხმამაღლა ვიცინოდით, შუქნიშნის ბოძიც კი მწვანედ ანათებდა,

 – აბა რომელშია ხედავ?

 – მიადგი, მიადგი ჩქარა. არა, არც აქ არის.

– თანმიმდევრობით ვიტოვებდით უკან სამარშრუტოებს. სარკმლიდან ლამის მთელი ტანით გავძვერი. ანასტასიას სახეს, გაკვირვებისგან ფანჯრებზე მიტმასნილ მგზავრებს შორის, უშედეგოდ ვეძებდი.

 – ვხედავ, ვხედავ, ჩქარა გაასწარი, სადმე წინ გამიჩერე. – ნასტიას თვალები გაუბრწყინდა შავი, ხოჭოს მსგავსი ჯაბახანიდან, ხელებს გადარეულივით ვუქნევდი. თავი ოდნავ უკან გადახარა და ისევ უცნაურად გაეცინა, მერე თვალები ისეთი გაუხდა აქამდე მხოლოდ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში რომ მენახა, ორივე ხელით რაღაცას მანიშნებდა.

 – არ წავალ, არა, ძლივს დაგეწიე.

– ბგერები ჰაერში იკარგებოდა და საკუთარი ხმა თავადაც აღარ მესმოდა. – ხელისგულები სარკმელზე ააბრახუნა, პირველად ვხედავდი რომ ყვიროდა. სატვირთოს საყვირმა დაიგვიანა, თვალები მთლიანად აევსო ცრემლით.

 შეშლილი სახით მიირბინა სხეულთან, სისხლით სახედასვრილი ბექა თვალებზე ხელს აფარებდა,

 

 – მე დაგეწიე!– როგორ მინდოდა მხოლოდ ამის თქმა მაინც მომესწრო და ერთხელ კიდევ გაღიმებოდა.

 

 V

 გალიაში ვერაფრით მოისვენა, რამდენიმე საათი ცდილობდა კარის გახსნას, ვერ ვეხმარებოდი, ნევრულად იმეორებდა – ჩარრრლი, რრრანდაბა. ნისკარტი უხერხულად გაეჭედა ნახევრადღია გამოსასვლელში, ერთხანს ასე იყო, ფრთებით და ორივე ფეხით ეწვალა უკან შებრუნებას, დიდხანს ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ბოლოს აღარ განძრეულა.

 მოსაღმოვდა სინათლეც ვერ ავანთე, აუტანელი იყო პირველი საღამო, მესმოდა ვარდისფერსარაფნიანმა რამდენჯერმე როგორ გააღო მძიმე რკინის კარი, ტელეფონმა დარეკა, ხვალ ალბათ ყველა გაიგებს.

სარკმლიდან ელექტრონის შუქზე დილამდე ვუყურე წვიმას. გამთენიისას ბექა შემოვიდა დაბნეული სახით, უჯრებში რაღაცის ძებნა დაიწყო, სურათების ალბომიდან რამდენიმე ფოტო ამოაძვრინა, ცრემლნარევი სახით ხელი გადაუსვა და ჯიბისკენ წაიღო. სამზარეულოში გავიდა, წყალი პირდაპირ ონკანიდან დალია, ცოტა ხნით სახეც შეუშვირა, მერე გალიას ხელი დაავლო და კარი გაიხურა.

 

 VI

 თხელი წაბლისფერი თმა მხრებზე ჩამოშლოდა, თვალები შავად შეეღება – ისე, მე რომ მიყვარდა, ვიცოდი რომ მოვიდოდა. ბაქანზე ველოდი. ძალიან ნელი ნაბიჯით მოძრაობდა, გამოხედვა ისევ სამარშრუტოს სარკმლიდან მომზირალს მიუგავდა, თითქოს მეძებდა. მგზავრებს შორის.

მის მოპირდაპირედ ვიდექი,

 თბილად გაეღიმა, გრძელი შავი პლაშის ბოლო მოწყალების მთხოვნელმა, ძალიან თხლად ჩაცმულმა, სიცივისგან მხრებაწურულმა ბოშამ მოქაჩა – დეიდა დამეხმარე, დეიდა, შენ ძალიან ბედნიერი იქნები, კარგი ბედი შეგხვდება დეიდა. – გახარებულმა ქაღალდის ფული ხარბად წაიღო ჯიბისკენ, შემდეგ და-ძმებისკენ ქურდულად გააპარა თებერვლის ღამესავით შავი თვალები.

 მატარებელი №-732, რეისით: თბილისი-ბათუმი გადის მეორე ლიანდაგიდან.

 ციოდა, მგზავრებმა ნაბიჯს აუჩქარეს, ნასტიამ რამდენჯერმე ისევ მოავლო თვალი ბაქანს, მერე ფიქრში ღრმად წასულმა ააბიჯა მატარებელში.

 –  ვიცი, რომ აქ ხარ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / გოგოლაძე ტატო / ჩარლი