გორგილაძე დათო

სათვალიანთა კავშირი 

 

იმ დღეს სამოცდათორმეტჯერ მოვიხსენი სათვალე, მაგრამ სანამ პირველად მოვიხსნიდი, ჯერ თვალის ექიმთან მომიწია მისვლა, ცოტა ადრე მხედველობა დამიქვეითდა, მანამდე კი ერთუ უბნელი გოგო შემიყვარდა ცალმხრივად.

თოტხმეტი წლისა ვიქნებოდი, როცა გადავწყვიტე წიგნიერი ვინმე უნდა გავხდე-მეთქი. იმავე დღეს შევამჩნიე, თითქოს ავტობუსის სანომრე ნიშნების გარჩევა გამიჭირდა. თვალებს იქამდეც შევეწუხებინე, ესეც ასაკობრივ პრობლემებს მივაწერე და ყურადღებასაც არ ვაქცევდი. ექიმთან მხოლოდ მაშინ წავედი, როცა სკოლის ეზოს ერთ ბოლოში მდგომი, მეორე ბოლოდან მომავალ წვერ-ულვაშდამშვენებულ მამაკაცს იმდენ ხანს აღვიქვამდი სანდომიანი გარეგნობის ქალბატობნად, სანამ ორიოდე მეტრის ინტერვალით არ მომიახლოვდა.

ოფთალმოლოგის სავარძელში მჯდომს იმის იმედი მაცოცხლებდა, რომ მოპირდაპირე კედელზე გაკრულ ტაბულაზე ყველა ასო-ნიშანს გავარჩევდი, წამოვიდოდი სახლში და მხედველობის სათვალის გარეშე, მშვიდად გავარგძელებდი ცხოვრებას.

ნურას უკაცრავად!... სულ სამი ასო-ნიშანი გავარჩიე, სათავეში რომლებიც ეხატა, ვეებერთელები, უსინათლოც ადვილად დაინახავდა. ექიმ კახაბერს ხელი არ აჰკანკალებია, როცა მხედველობის სათვალე გამომიწერა. არადა რო სცოდნოდა რას ნიშნავდა ეს ჩემთვის!..

…რუსულმა სახუმარო სიტყვამ ачкарик, ქართულ, განსაკუთრებით კი “ვაზისუბნურ ენაზე” მაქსიმალურად დამცინავი ფუნქცია შეისისხლხორცა. ამ სიტყვამ ჩემს ცნობიერებაში გააჩინა ჯან-ღონიანი ფობია.

ბავშვობაში აჩკარიკად აღვიქვამდი ადამიანს, რომელსაც უცხო სხეული მიეკრო თვალებზე და არასოდეს მოშორდება, მარტოს არსად გაუშვებს. აჩკარიკამ, “კიტელსა” და “ინსპექტორებში” გამოწყობილმა, მუდამ ხელჩანთითა და წიგნებით უნდა იაროს აქეთ-იქით. უბნის ბიჭებმა “შკოლნიკი” უნდა ეძახონ და მაღაზიაში გააგზავნონ სიგარეტზე. მეგონა, რომ აჩკარიკა ვერ ითამაშებს ფეხბურთს, ვერ გაერთობა მეგობრებთან ერთად, იმიტომ რომ არავინ იმეგობრებს მასთან, ვერ წავა საცურაო აუზზე ან ბარში ლუდის დასალევად. ყველაზე მეტად მაშინებდა (მაგიჟებდა) ფიქრი, რომ აჩკარიკა დედამიწის ზურგზე არცერთ გოგოს არ მოეწონება. ბავშვობაში მე სულ ორი რამის მეშინოდა: ანაკონდასი და აჩკარიკობის. ალბათ ექიმს ჩემი ფიქრები რომ სცოდნოდა სათვალეს არც გამომიწერდა, მაგრამ რა იცოდა? მეც ვეღარაფერს გავაწყობდი.

თამარ მეფის გამზირზე უნდა გამესეირნა.

თამარ მეფის გამზირი ხო იცით? ოპტიკების საუფლო, აჩკარიკების ოაზისი. აქ სათვალეების ისეთივე დიდი არჩევანია, როგორიც კახპებისა როსა კაბარკასის “ღამის მაღაზიაში” – სადაც შეგიძლია ყველაფერი შენს გემოვნებასა და სხეულს მოარგო.

 

თამარ მეფის გამზირზე “გასეირნებამდე” დიდხანს ვითრიე ფეხი. ხან გრიპი მოვიმიზეზე, ხან თავის ტკივილი. ბოლოს მივხვდი ვერსად გავექცეოდი აჩკარიკობას და “გავისეირნე”. ავარჩიე სათვალე - “უაპრავო”, პეწიანი, მაქსიმალურად სოლიდური.

ოსტატს მშვენივრად დაემზადებინა. სიახლის ფერი დაჰკრავდა და ეტყობოდა მელოდებოდა - რამაც ძალიან დამწყვიტა გული. გარეთ გამოვედი და სათვალის გაკეთებისთანავე გადაიწმინდა მიდამო. თამარ მეფის გამზირიც უფრო ვრცელი და ნათელი გამოჩნდა, შორს მოსიარულე ხალხიც აღარ წააგავდა ჭიანჭველების მოფუსფუსე გროვას.

იმ დღეს სათვალე პირველად მაშინ მოვიხსენი, როცა სამარშრუტო ტაქსიში ავედი. მაშინ მომეჩვენა, რომ ყველამ მე შემომხედა და გონებაში გაივლეს: “ერთი უყურეთ ამ აჩკარიკას, რას ჰგავს”. სამარშრუტოდან რომ ჩამოვედი და სახლის გზას ფეხით გავუყევი, ყოველი ნაცნობის დანახვაზე ვიხსნიდი სათვალეს. როს-როდის, იმის შიშ-კანკალით ახლობელი არ შემომხვდეს-მეთქი, ძლივს ავაღწიე შინ.

ვეღარ დავიმალებოდი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე ეზოში ჩავსულიყავი და თავი ოფიციალურად გამომეცხადებინა აჩკარიკად. აქაც კარგა ხანს ვითრიე ფეხი. ცხოვრებაში რომ არ გამომიჩენია ინიციატივა ჩემი საწერი მაგიდის უჯრები მომეწესრიგებინა (რომელშიც ახლაც ათას ხარა-ხურას წააწყდებით), იმ დღეს გულმოდგინედ დავალაგე და მხოლოდ მერე გავედი ქუჩაში. გზად სადარბაზოდან „ჯიბოს ბუტკამდე” (ვაზისუბნის IVმ/რ-ის, I კვარტლის ოფიციალური ბირჟაა) და მერე იქ დგომისას ორმოცდასამი ნაცნობი შემხვდა და ორმოცდასამჯერვე მოვიხსენი სათვალე. იმ დღეს წითელი ფერი ჩემს სახეს არ მოშორებია.

დამაგვირგვინებელი, სამოცდამეთორმეტე მოხსნა მაშინ მოხდა, როცა იმ გოგონამ გამოიარა იმხანად რომ მიყვარდა და შემომხედა. . . იმ დროს მინდოდა მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე. ერთბაშად დამედო ჭარხლისფერი და ხელის ნერვიული მოძრაობით ჩამოვიგლიჯე სათვალე სახიდან. იმ დღეს ბევრი რამ შეიცვალა. იმ გოგოს ნორმალურად აღარ შემოუხედავს ჩემთვის (სიმართლე ვთქვა არც იქამდე იკლადა თავს). იმ დღეს სათვალით მეძინა და საერთოდაც, მას შემდეგ სირცხვილის მიზეზით აღარასოდეს მომიხსნია სათვალე.

 

რამდენიმე წლის შემდეგ . . .

ახლა როცა “აჩკარიკოფობია” დამარცხებული მყავს და საკუთარი თავი სათვალის გარეშე ვერ წამომიდგენია, მგონია, რომ ყველა მაგარ ტიპს სათვალე უნდა ეკეთოს. ჩემი შეყვარებული, ნინია, რომელსაც უძირო თვალები აქვს და რომაელ ქალს, ხანაც მითოლოგიურ, ულამაზეს ღვთაებას მაგონებს (და რომელიც მე ტკივილამდე მიყვარს), ამბობს, რომ სათვალე ძალიან მიხდება. ხანდახან ახალი დიზაინის შერჩევაშიც მეხმარება.

ზოგ-ზოგიერთი, ადრე რომ აჩკარიკებს გვიწოდებდა, დღეს მოდას აყოლია და უნომრო სათვალე დაუთრევია, ტყუილად დაუკოფსებია ცხვირზე და კოხტაობს. ჩვენ, ლამფის შუქზე წიგნის კითხვის გამო თვალებდათხრილებიც აჩკარიკები ვართ და ისინიც? სადაა სამართალი!

ასე რომ, დამწყებო აჩკარიკებო, ნუ შეგეშინდებათ. ვერ ხედავთ ჯონი დეპს? – სათვალეს ატარებს და მის დანახვაზე გოგოშკები იფსამენ. ანაც რაღა შორს წავიდეთ? – მე, ქალაქში ცნობილი აჩკარიკა, სათვალიანთა კავშირის საპატიო წევრი, უნივერსიტეტში ყველაზე ლამაზ გოგოს ვუყვარვარ.

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / გორგილაძე დათო / სათვალიანთა კავშირი