გორგილაძე დათო

ყვითელი კორპუსი 

 

თავიდან დავიწყებ: სამოქალაქო ომის დროსა და მისი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაზისუბანში შუქი იშვიათად მოდიოდა. დღესაც მახსოვს ის სიხარული, რომელიც ნათურის ანთებას მოსდევდა ყვითელ კორპუსსა და მის შემოგარენში.

ატყდებოდა სტვენა და ყიჟინა. მერე კი ვიხსენებ ემოციას, რომელიც მოსდევდა ერთი წუთის შემდეგ ნათურის ჩაქრობას. მკაფიოდ მახსენდება სიტყვები რომლითაც იგონებდნენ ფიდერისტების ოჯახის წევრებს.

 სანამ გენერატორების ეპოქა შემოვიდოდა, იყო სანთელი, "ლამფა", ერთმანეთთან ახლოს ჯდომა მოზღვავებული სიყვარულისა და ამავდროულად გათბობის მიზნით და იყო „ქალაქობანას“ თამაში, რომლის წყალობითაც ბავშვობაში "ბარე ორს" გავეჯიბრებოდი გეოგრაფიის ცოდნაში. შემდეგ იმ ვაზისუბნელმა აბორიგენებმა, რომლებსაც სხვებზე ოდნავ მეტი სახსარი ჰქონდათ, გენერატორი მოიშინაურეს. იყვნენ „გენერატორმაგნატები“, რომლებსაც თავიანთი კლიენტები ჰყავდათ. იყო „მეორე არხი“; გადაცემა „ამბობენ“.

 მე მაგიჟებდა ცხოვრება, რომელზედაც ჰყვებოდა თეა გვასალია. მე თავად თეა გვასალიაც მაგიჟებდა. საღამოს მთელი სამეზობლო ერთად ვუცქერდით „სანტა ბარბარას“ და ვცხოვრობდით მის გმირებთან ერთად. გვიანობამდე ვუყურებდით ფილმებს და „ეკლებზე ვისხედით“, რომ „გენერატორმაგნატს“ ფილმის დამთავრებამდე არ წაერთმია ჩვენთვის ის სიხარული რასაც შუქი ერქვა. ჟან კლოდ ვან დამი იყო ჩვენი კუმირი. ჯერ იყო მწვანე, შემდეგ წითელი „კერასინები“. იყო გაზის ბალონების დანეტვა და სასწორი, რომელიც იქვე იდგა და გამუდმებით იტყუებოდა.

იყო კორპუსის ელექტრო დამცველების დაზიანებები და ჩვენი მამების შეკრებები იმ ადგილას. სჯა-ბაასი გამოსავლის ძიებაში და ჩვენი სიხარული მათთან ერთად დგომისა. იყო სიცივე და სუსხი, იყო სინდი კროუფორდის გადაცემები და მისი ფეხები, რომლის დანახვაზეც ისეთი რამ მემართებოდა, რასაც ახლა ვუძებნი ახსნას. იყო საღეჭი რეზინი „ლოვე“, იყო კაბა-შარვალი და ერევნის ხსნარი, გაკრახმალებული თეთრეული და მისი სპეციფიკური სურნელი. იყო დაბადების დღეები, რომლებსაც იშვიათად თუ ვინმე აღნიშნავდა. ჩვენ ვცხოვრობდით სიბნელეში და მოარული ხმები გვეუბნებოდნენ, რომ სადღაც არსებობდა სინათლე. ჩვენ ვოცნებობდით ამ სინათლეზე და სიბნელეში ერთმანეთის სილუეტებს ძლივს ვარჩევდით.

 იყვნენ ყვითელი კორპუსის სხვა მცხოვრებლები, რომლებიც მიყვარდნენ და რომლებსაც ვუყვარდი. დღეს ბევრი მათგანი ცოცხლებში აღარ არის. მე მახსენდება ორთაჭალელ ბიჭებზე ვახტანგ თურმანიძის მოყოლილი ამბები, თეიმურაზ მეტრეველის დარიგებები ჟურნალისტიკაზე, დათო დონაძის ხუმრობები და თამაზ სილაგაძის ყურით ჩატარებული ფოკუზი. მე მენატრებიან ისინი. ჩვენ ვცხოვრობდით სიძულვილითა და სიცივით სავსე ქვეყანაში, მაგრამ საკუთარი სიყვარულით ვათბობდით ერთმანეთს. გვირაბის ბოლოს სინათლე მოჩანდა.

 შემდეგ იყო სკოლა. ახალი მეგობრები.

თავისუფალი თემები, რომლებიც იმედიან გაზაფხულს შეეხებოდა. იყო დამალობანა და სხვა ბევრი საინტერესო გასართობი. იყო „შტაბების“ შენება, საღამომდე თამაში და შემდეგ დედების ხმები, რომლებიც შინ გვიხმობდნენ. იყო „ჭიაკოკონასთვის“ მზადება და ხევში ძველი საბურავების ძებნა, რათა დიდი ცეცხლი დაგვენთო. მეორე დილით კი იდგნენ გამჭვარტლული კორპუსები. იყვნენ გოგონები, რომლებიც მომწონდა, მაგრამ მათთან საუბრის მერიდებოდა. იყო სოფია, რომელმაც მომკლა და შემდეგ გათხოვდა.

იყო ქართულის წიგნში ჩადებული მისი სურათი და პერიოდი, როცა ქართულის წიგნს ხელიდან არ ვუშვებდი.  მერე იყო რევოლუცია და მოვლენების სწრაფი განვითარება. ახლა მე მეორე კურსის სტუდენტი ვარ.

 დღეს ჩემი კორპუსი ისევ ყვითელია. გარეთაც ისევ თამაშობენ სხვა ბავშვები, ოღონდ უკვე განსხვავებულ თამაშებს. დღეს ისევ წვიმს ვაზისუბანში, მაგრამ არა ისე ძლიერად როგორც უწინ. დღეს წითელი კერასინები ხალხს სხვენებში აქვს შენახული. მოზარდები ერთობიან ინტერნეტით და კომპიუტერული თამაშებით.

სკოლის მოსწავლე გოგო-ბიჭები ერთად სეირნობენ საღამოს და ეს ძალიან მახარებს, მაგრამ მე რომ ის ძველი უბანი და „ლამფის“ სურნელი მენატრება?.  

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / გორგილაძე დათო / ყვითელი კორპუსი