გორგილაძე დათო

ხოსე ულამაზო 

 

                                                                                      “ძალიან ნუ დაიხარჯები, ცხოვრებაში ყველაფერი

                                                                                                      საუკეთესო, მოულოდნელად ხდება”

                                                                                                                  გაბრიელ გარსია მარკესი

 

წარმოიდგინე, ისეთი ბიჭი ხარ, ასეთი უშნო არავინ დადის დუნიაზეო, რომ იტყვიან. დავუშვათ, ხოსე გქვია და ყველას უმტკიცებ, ნობელის პრემიის ლაურეატ, კამილო ხოსე სელას პატივსაცემად დამარქვესო. სინამდვილეში კი ბაბუაშენის ფრონტის მეგობრის სახელი გიბოძეს, რომელიც ტყვედ ჩავარდნილა, მერე საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულა და ტყეში დამალული შიშისაგან მომკვდარა, რომ მიპოვონ, მერე რაღა ვქნაო.

რეალისტი ხარ. ბავშვობაში წამით არ გაგივლია თავში, რომ თოვლის ბაბუა მართლაც არსებობდა. ხვდებოდი, რომ ისეთი სათნო და კეთილი არსება, როგორიც იდეაში თოვლის ბაბუაა, არ შეიძლებოდა ასეთი ძუნწი ყოფილიყო.

 შენდა საუბედუროდ, სახლში ბევრი სარკე გაქვს და ხშირად იყურები შიგნით. იცი შენი შესახედაობის ამბავი. ერთი პერიოდი კი ფიქრობდი “ქალებს ლამაზი მამაკაცები არ მოსწონთ, მათ იტაცებენ კაცები ლამაზ ქალებთან ერთადო”, მაგრამ მერე მიხვდი, რომ არც ეს თეორია ასხამდა შენს წისქვილზე წყალს და ჩაწექი შლამში თევზივით.

 არადა, ქალი გესმის მაგრად. დაახლოებით ისე, როგორც ალ პაჩინოს გმირს “ქალის სურნელში”. შეგიძლია, სურნელის მიხედვით თქვა, რა ფერის კანი ან თმა აქვს, მაგრამ დედამიწაზე მცხოვრები ქალების 0,00001 %-ც არ იტყვის შენზე: “ხოსე მიზიდავსო”.

 ჯერ პოლიციელობაზე ოცნებობდი, მერე – მეხანძრეობაზე, ბოლოს – ფოტოგრაფობაზე. ეს უკანასკნელი კარგადაც გამოგდიოდა.

შენ წინა კორპუსში მცხოვრები შავგვრემანი გოგონა მოგწონდა. არა, ეს ზუსტი სიტყვა არაა, გაგიჟებდა. ოცნებობდი, მისთვის სურათები გადაგეღო. მერე ერთხელ გაუბედე და თხოვნით მიხვედი. ჰოდა, როცა უკვე მოფურთხებას ან რამე ამის მსგავსს ელოდი, შენდა გასაკვირად, თანხმობა მიიღე. საღამოს სახლში თქვი, მეგობარს მივყვები ქალაქგარეთ, ღამე სურათები უნდა გადავიღოთო. სინამდვილეში კი მთელი ღამის განმავლობაში იმ შავგვრემან შიშველ კახპას აქცევდი შენი ფოტოკამერის ობიექტივში.

ის გოგო ისედაც შემცდენელად იყო მოვლენილი დედამიწაზე და შენ მთლად დამღუპველად დახატე. ვაჟიშვილი იყავი და როცა გაიხადიდა, ბუნებრივია, შეგიყვარდებოდა. იმ სახლიდან ისე წამოხვიდოდი, რომ ქალიშვილს (ამ სიტყვის ყველაზე საეჭვო გაგებით) გაოგნებული მადლობასაც ვერ ეტყოდი. ან, უარეს შემთხვევაში, მიხვიდოდი და შიშველ ქალს მადლიერების ნიშნად ხელზე აკოცებდი. 

 ფოტოგრაფიის დიდი ნიჭი გქონდა, ისევე როგორც იმას – პოზიორობისა, სურათები მშვენირი გამოვიდა. არავისთვის გიჩვენებია. ძილის წინ მხოლოდ შენ ათვალიერებდი. უყურებდი, ოცნებობდი, იძინებდი, უყურებდი, იმედოვნებდი, გეძინა და ვინ იცის კიდევ რა სისულელეს აკეთებდი.

 მერე, ალბათ, ის გოგო, როგორც ეგეთებს სჩვევიათ ხოლმე, სხვა სახლში გადავიდოდა საცხოვრებლად. წასვლისას წითელი მოკლე სარაფანი ეცმეოდა. რაღაც ნივთებს ჩამოიტანდა და მანქანაში ჩაალაგებდა. ნელ-ნელა დაიღლებოდა, გულ-მკერდი დაენამებოდა. შენ ამას, ალბათ, ფანჯრიდან უყურებდი და იმის დაჯერება არ გინდოდა, რომ მას ვეღარასოდეს ნახავდი. იმასაც კი გაიფიქრებდი, თან წავყვები და სადმე, მის სიახლოვეს ვიცხოვრებო.

მერე გადაიფიქრებდი. ბოლოს კი, როცა მანქანაში ჩაჯდებოდა და მიხვდებოდი, რომ შენ მას მართლა ვეღარასოდეს ნახავდი, გაიქცეოდი, ლოგინის ქვემოდან იმ საგულდაგულოდ შენახულ სურათებს გამოიღებდი, დაწვას დაუპირებდი. მერე ვერ შეელეოდი და ისევ იქ შეინახავდი, მაგრამ ძილის წინ აღარ დაათვალიერებდი ხოლმე.

 მერე გაივლიდა დრო. დაამთავრებდი სკოლას და სასწაულის წყალობით, უნივერსიტეტში ფოტოჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარებდი. სასწაულის წყალობით იმიტომ, რომ მანამდე “ბიძია თომას ქოხიც” კი არ გექნებოდა წაკითხული. უნივერსიტეტში მაგარი გოგოები არიან ხოლმე. გეყოლებოდა ერთი-ორი ისეთი ჯგუფელი, რომელზედაც ჭკუას დაკარგავდი, მაგრამ შენ უშნო იქნებოდი და მხოლოდ კარგი მეგობარობა გამოგგივიდოდა მათთან.

 შენთან მეგობრობა მართლა მოეწონებოდათ. ამ გოგოებთან ერთად ხშირად დაგინახავდნენ ხოლმე სეირნობისას. შეეგუებოდი იმას, რომ მათთვის მხოლოდ მეგობარს წარმოადგენ და ხანდახან ეს გაგამხნევებდა კიდეც.

 მერე, ალბათ, შეცდომა მოგივიდოდა და სიტუაციას რეალურად ვეღარ შეაფასებდი. გაგიტაცებდა ისეთი გოგო, რომელზდაეც ბევრი იოცნებებდა. შენ უფრო მოწესრიგებულად ჩაცმას დაიწყებდი, გამუდმებით მიიპკურებდი სუნამოს. ის გოგო კი არ დაგაიმედებდა, მაგრამ არც იმას გეტყოდა, დაამუხრუჭეო.

ეგ აქვთ ცუდი ქალებს – ძალიან მოსწონთ, როცა ვინმეს უყვართ. არ აქვს მნიშვნელობა, ვის. მერე აჟიტირებული ივლიდი შენი ფოტოკამერით. ერთ დღესაც უნივერსიტეტში მიხვიდოდი და იმ გოგოს მეგობარი გეტყოდა, გათხოვდაო.

 ასე, ორი თვე არ გაიპარსავდი წვერს, ან უარესი – არ იბანავებდი. შეიძლებდა, სახლშიც ჩაკეტილიყავი (ისე, თუ არ იბანავებდი, ჯობდა, მართლაც სახლში ჩაკეტილიყავი). ჩუმად იტირებდი, იფხიზლებდი. მოუსმენდი ბრაიან ადამსის ან მერაია ქერის სიმღერებს.

 

 

 შენი ხასიათზე მოსვლა გაზაფხულის დადგომას დაემთხვეოდა. გარეთ გამოხვიდოდი, გაისეირნებდი, მეგობრებს ნახავდი. თავს კვაზის პოზიციაში ჩააყენებდი და, ერთი ხანობა, ეს გაგიტაცებდა კიდეც. მერე მიხვდებოდი, რომ თავის წვალება სისულელეა და ისევ ხოსე გახდებოდი.

 უნივერსიტეტს დაამთავრებდი და მუშაობას დაიწყებდი რომელიმე იაფფასიან ჟურნალში, რომელიც შენს ქვეყანაში ყვითელი პრესის თვალსაჩინო წარმომადგენელი იქნებოდა. გადაიღებდი უნიჭო ჟურნალისტების უნიჭო რესპონდენტების სურათებს. მერე შენი მეზობელი უკეთეს სამსახურში მოგაწყობდა. დაგაწინაურებდნენ და შენი სამუშაო მოგეწონებოდა.

 მასზე გადაერთვებოდი. ხელფასი კარგი გექნებოდა. მალე მანქანას იყიდდი. ყველაფერი კარგად წავიდოდა, მაგრამ ერთ დღესაც მიხვიდოდი სამსახურში და გეტყოდნენ, რომ უკეთესი მიიღეს და შენ აღარ სჭირდებით. ყველაზე გამაოგნებელი კი ის იქნებოდა, რომ იმ შენს შემცვლელსაც ის მეზობელი მიიყვანდა იქ, რომელმაც მანმადე შენ მოგაწყო.

 მერე რა ქენი? მოდი, გამოვიცნობ: დაიღლე მარტოობით და ცოლობა სთხოვე შენს მეზობელს, რომელიც ფიზიკური “ღირსებებით” ძალიან გგავდა. როცა წინადადება წაუყენე, გაიცინა და თვალიდან ცრემლი გადმოუვარდა. შენ, ალბათ, არ იტირე.

მან ხმის ამოღება ვერ შეძლო – თანხმობა თავის მოძრაობით განიშნა და ჩაგეხუტა. თქვენს ჯვრისწერაზე მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანები შეიკრიბნენ.

ჯვრისწერისას დედასა და ბებიას თვალიდან ცრემლები გადმოსცვივდათ. მამა ამაყად იდგა და მხედრული სწორება ეჭირა. ცერემონიის შემდეგ მშობლებმა დაგიძახეს და გითხრეს, რაც დაიბადე შეთვის ფულს ვაგროვებთ და დადგა დრო, მოგცეთო. შენ მოგერიდა და გაქვავებული იდგექი. მერე მუჭი მამამ თვითონ გაგაშლევინა და ფულის შეკვრა ჩაგიდო.

აქ კი ნამდვილად იტირე.

გადაწყვიტე, საცხოვრებლად უცხოეთში წახვიდე. თან პირად ნივთები, მათ შორის ის პატარა ყუთი წაიღე, ლოგინის ქვეშ რომ ინახავდი. უკვე უცხოეთში ხართ. ცოლმა, რომელსაც ძალიან უყვარხარ (ნელ-ნელა მიხვდი, რომ შენც ყოველთვის გყვარებია) იმ შიშველი კახპის სურათები აღმოაჩინა. შენ ელოდები, როდის დაიწყებს ტირილსა და მოთქმას იმაზე, რომ უნამუსო და მოღალატე ხარ...

მის დასამშვიდებლად და თავის გასამართლებლადაც ემზადები. ცოლი კი ამბობს, რომ ეს იდეალური სურათებია და აღტაცებული გიყურებს. შენ გახარებული ზიხარ სავარძელში და ხვდები, რომ ცოლი ძალიან გიყვარს. მეორე დღეს ის ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ჟურნალში მიდის და შენი სურათები მიაქვს. ამის შესახებ შენ არაფერი იცი. მერე იმ ჟურნალიდან მოწვევა მოდის _ მუშაობას გთავაზობენ.

 ყოველ დილით გასვლის წინ და მერე სახლში შემოსვლისას ცოლს კოცნი. გყავთ შვილები, რომლებსაც აღმერთებთ.

ბავშვები მშობლებს არ ჰგვანან. სახელებიც საგულდაგულოდ აქვთ შერჩეული. იმ ჟურნალში მთავარ ფოტოგრაფად მუშაობ და ბედნიერი ხარ.

გამოვიცანი?

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / გორგილაძე დათო / ხოსე ულამაზო