გრიფიტსი ნაიალ

თუ სიკვდილია, სიკვდილი იყოს

 

თარგმანი ინგლისურიდან – ასმათ ლეკიაშვილი

 

ასე, ექვსი-შვიდი წლის ლაწირაკები ვიყავით და ომობანას თამაშს არაფერი გვერჩია, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მაგრა მოკვდებოდა. ბევრი არ გვიფიქრია, მამუჩის საკუთრება, წვიმისაგან გამაგრებულ-გაუბედურებული ცემენტის ძველი ტომრები დავითრიეთ და იქვე, სახლს უკან, ჩვენს ეზოში ბარიკადები ავაგეთ. კარგი რამეა ბარიკადა, ტირიც ეგ არის და სამალავიც. ოთხნი ვიყავით და სამი თოფი გვქონდა, მაგრამ მე, როგორც ყველაზე ჭკვიანმა, ბიჭები დავამშვიდე, ჩვენ ოთხში ერთი ხო უნდა მოკვდეს და ვისაც გასაღება უწერია, თოფს და ტყვიამფრქვევს რა თავში იხლის, თვითონ ხო არ ისვრის, იმას ესვრიან, მორჩა და გათავდა-მეთქი.

მე კი, რო იცოდეთ, რა თოფი მქონდა! პაპუჩის ნაჩუქარი, სუ ხისა და ფოლადის, ნამდვილი სასხლეტით. აუ, რას ჩხაკუნობდა, შენ მხოლოდ ხელი უნდა გამოგეკრა. ლი ენფილდის მოდელისააო, პაპუჩიმ. აბა, იმას რა ესწავლებოდა, ომგამოვლილი იყო. ახლა ტყვიებს აღარ იკითხავთ? სათამაშო კი იყო, მაგრამ როგორი! კონუსის ფორმის, ბრინჯაოსი, ნაღდში ვერ გამოარჩევდი. ეჰ, ყველა დავკარგე და მათ მაგივრად სიგარეტებს ვიყენებდი, უნამუსოდ ვპარავდი დედუჩ-მამუჩის. მართალია, სიგარეტი არც ისეთ ხმას გამოსცემდა და ქვაფენილზეც რაღაც მაზალოდ ენარცხებოდა, მაგრამ თითქმის იმ ტყვიების ზომისა და ფორმის იყო და მეც მეტი რაღა მინდოდა.

მაშ ასე, ომობანას ვთამაშობდით.

– აბა, დავიწყეთ. ვინ პირველი?

მეო, დაიყვირა მიკიმ, წავიდა და ნახშირის ბუნკერს უკან ჩაცუცქდა. სტივმა და გევინმა თავიანთი ფარჩაკული თოფები დაუმიზნეს, მეც დავტენე იარაღი.

– მზადა ხარ? წამოდიიი...

სიფათმოქცეული და მტვერში ამოგანგლული მიკი ჩვენკენ გამოქანდა, თან დათვივით ღრიალებდა. სტივმა და გევინმა ცეცხლი გაუხსნეს, მე დინჯად დავუმიზნე გულში. სირბილიდან ძუნძულზე გადავიდა, ბატარეადამჯდარ დასაქოქ სათამაშოსავით შეასტოპა და რაღაც აფერისტულად დაეშვა ქვაფენილზე.

– ფუი, რა საზიზღრობაა! ლამაზად უნდა მომკვდარიყავი, შენ კი მხართეძოზე წამოწექი. ეგრე სად არი!

– აბა, ეგ რაღა დაღუპვაა, ბიჭო!

– მაშ ქვებს დავნარცხებოდი, არა? რა ჭკვიანი ხარ! ბალახი რო ყოფილიყო, კიდე ხო... - აღშფოთდა მიკი.

 დედიკოს ბიჭს ვერ უყურებ, ბალახი მოინდომა. აბა, როგორ იტკენდი რამეს? მკვდარს სტკივა რამე? ნუ გამაგიჟე!

მინდოდა შემდეგი ვყოფილიყავი, მაგრამ სტივმა დამასწრო და ბუნკერის უკან მიიმალა. წითელი ქოჩორი ანათებდა იქიდან სტაფილოს ფოჩივით... თუმცა რას ვამბობ? სტაფილოს ფოჩი ხო მწვანეა, შემეშალა. ახალი სიგარეტით დავტენე თოფი, პირველი ორად გადამიტყდა, რაღას ივარგებდა, კაპუტ!

– დაუმიზნეთ... წამოდიიი...

სტივიც ღრიალით გამოქანდა. გევინმა და მიკიმ დასცხეს და რა დასცხეს! მე სულაც არ მინდოდა მაგის სიკვდილი, მაგრამ როგორ უნდა დამენდო გერმანელი ოკუპანტი მე, ჩემი მიწაწყლის დამცველ ბრიტანელს. ჰოდა, ავდექი და თავში დავუმიზნე (ეგეთ დროს ტვინს გაასხამ, ვერც ტკივილს იგრძნობ და ვერც ვერაფერს, აზრზეც ვერ მოხვალ, ისე წაიღებ წერილს) და ვესროლე. მაგრა გამომივიდა, მართლა თოფნაკრავივით გადავარდა უკან, ზურგზე დაებეთქა, მერე ერთი დაიწკმუტუნა, ფილტვებიდან ჰაერი ამოუშვა და კინაღამ თავით ჩაიტანა ბეტონის ფილა. ჩაეთვალა, ნაღდად ჩაეთვალა. იმითაც გაასწორა, ღრეჭით რო წამოდგა. თან უდარდელად ისრესდა კეფას, აქაოდა, დიდი არაფერიო.

– ე, ვერ უყურებ, – გაუკვირდა მიკის.

მე და გევინი, ცოტა არ იყოს, დაგვშოკა სტივის ეგრე დაბრედამ და ვიდექით ენაჩაყლაპულები. მერე ჩემი თოფი სტივს გადავულოცე და ნახშირის ბუნკერს მივაშურე. ფუი, რას ყარდა იქაურობა! ჭუჭყს ხო ნუ იტყვით. ნეტა დროზე ქნან-მეთქი, ვინატრე, როცა ჰაერში საზიზღარი, გრძელფეხება ობობები მოვწვი. საშინლად ცუდი იყო გერმანელობა. თუ იქამდე ჩაგახრჩო სიმყრალემ, ვიდრე გესვრიან, რა მუღამია.

– აბა, წამოდიიი...

ბღავილით გავქანდი ბარიკადასკენ. სამი ლულა მოჩანდა ცემენტის ტომრებიდან, სამი პატარა შავი წერტილი, საიდანაც ჩემი აღსასრული უნდა გადმოღვრილიყო.

– ბაახ!

– ბაახ... ბარაახ!

– ბახ-ბუხ!

ეს ბახ-ბუხი ჩემი თოფისა იყო, იმან მომიღო ბოლო, ხამხამებს შორის, შიგ შუბლში მიწია ტყვიამ. მეც თავი უკან გადავაგდე, ქუსლებზე შემოვბზრიალდი, ხელები ჰაერში ავასავსავე, სიფათი მივბრიც-მოვბრიცე. წარმოვიდგინე, როგორ გადამეხსნა მკერდი, როგორ გამოჩნდა იქიდან ჯერ კიდევ მფეთქავი გული. მაგარი გრძნობა იყო, ვაჟკაცური. დიდებულად დავიწყე ვარდნა, აი, ნაღდი ტირანოზავრივით. ბოლოს ისე დავეზღერტე, მგონი, მიწისძვრა გამოვიწვიე, იდაყვი ბეტონის ფილას ვხიე და მართლა ვიტკინე. როცა გავცოცხლდი, ბარიკადას მივაშურე და სტივს ჩემი თოფი გამოვართვი.

– არა უშავდა, – შემაქო სტივმა, – მართლა მკვდარს გავდი. მე მხარში მოგარტყი, ამიტომ დაბზრიალდი ეგრე ლამაზად. კარგი იყო, ძმაო, კარგი.

– კარგი კი არა, – აღშფოთდა გევინი, – რაღაც მელოდრამატული ეჭირა მაგას.

ალბათ დედიკოსაგან გაიგო ეს სიტყვა, ის ხო სუ ტელევიზორში უყურებს ეგეთ რამეებს.

– იდაყვი ვიტკინე, – შევაცოდე ბიჭებს თავი და ქვაფენილზე სასროლ სიგარეტს დავუწყე ძებნა.

– აბა, მიყურეთ, – დაიყვირა მიკიმ ამასობაში, – ერთი შუაზე გადატეხილი სიგარეტის ნახევარს მოუკიდა, სწრაფად მოქაჩა და კვამლი რგოლებად აუშვა ცაში. მერე ლულაში ჩააბოლა და იქიდანაც ლამაზი ჭავლი ამოიკლაკნა.

- ჩემი ჯერია, - დასჭექა გევინმა, - და ეს იქნება საუკეთესო სიკვდილი საუკეთესოთა შორის, ასე ჯერ არავინ დაღუპულა. თუ სიკვდილია, სიკვდილი იყოს!

თავდაჯერებით გაემართა ბუნკერისაკენ და განა ჩაცუცქდა, გიჟი არ იყო... ზედ სახურავს არ შეაბობღდა!

– ეი, რას აკეთებ მანდა, დაგარტყეს? მასე არ უნდა.

– აბა, მიყურეთ. ასე ჯერ არავინ დაღუპულა.

იქვე, ბუნკერს ზემოთ, ღობეში ჩაჭედებულ ჟანგიან ლურსმანზე ნეილონის თოკი დაეკიდათ, ერთი რაღაც უბედურება, გაცრეცილი, ლურჯი სარეცხის თოკი. ამ ცოტა ხნის წინ საქმისთვის დამჭირდა და ჩამოვგლიჯე, მაგრადაც მომხვდა. გევინმა კი, იმ დარეხვილმა, ეს თოკი ყელზე შემოიხვია, მერე ჩაცუცქდა და ერთი ბოლო ღობეს მიაბა.

– აბა, მზადა ხართ?

– რას შვრები, კაცო?

– მზადა ხართ-მეთქი?

რა ჩარა იყო, მხრებიღა ავიჩეჩეთ და მტერი მიზანში ამოვიღეთ.

– ჩქარა, ისროლეთ!

ცეცხლი გავხსენით და ისიც ჩამოხტა ბუნკერის სახურავიდან. ფეხებს ჰაერში ასხმარტალებდა, ალბათ, უნდოდა ქვაფენილისთვის მიეწვდინა. მისი წითელი წინდის წვერებს ვხედავდი გახვრეტილი ლანჩებიდან. ეგეთი მოძრავი სამიზნე ნაღდად ტეხავდა, მეც მთელი ჩემი საბრძოლო წარსული გავიხსენე და პირდაპირ მუხლებში დავუმიზნე.

– ერთი შეხედეთ, ეს მართლა კვდება.

– ბუზივით ტოკავს. გავიდა გაღმა.

ბოლო რომ მომეღო მისი ტანჯვისთვის, ახლა გოგრაში დავუმიზნე. მთელი ცხვირ-პირი ჭარხალივით გასწითლებოდა, გადმოვარდნაზე ჰქონდა თვალები, გაშავებული ენა ნიკაპზე დაეფინა, მოკლედ შეკრეჭილი ქერა თმიდანაც წითლად უკიაფებდა თავის კანი.

– ბრახ! – ვისროლეთ.

და უცებ ბახ! სახლის კარი კედელს მიენარცხა, ჩემი დედუჩი ეზოში გამოვარდა, წივილ-კივილით და ფლოსტების თხლაშა-თხლუშით მოჯლიგინობდა.

– თავს იხრჩობს ბავშვი, რას გაშტერებულხართ? ვაიმე, კვდება!

ხელი დაავლო გევინს და წამში ბუნკერის სახურავზე აიტაცა, მერე ის ოხერი თოკიც შემოხსნა. გევინი თევზივით აბჩენდა პირს და საცოდავად ხროტინებდა. ჩვენ უსიტყვოდ გადავხედეთ ერთმანეთს, იარაღს მაყუჩები წამოვაცვით და ჩემს დედუჩას დუნდულები დავუცხრილეთ, მაგრამ ის ჩვენსავით არ მომკვდარა, თავის ამბავში იყო, საწყალი.

– რას შვრები, შე ღვთის პირიდან გადავარდნილო? თავს იკლავ, არა? რა უბედურებას თამაშობთ, რა გჭირთ?

როგორც იქნა აუშვა გევინი და ისიც ტირილითა და სლუკუნ-სლუკუნით დაითესა. მერე დედუჩიმ მიკი და სტივიც გარეთ გაყარა, მე სახლში შემათრია საყელოთი, მიწივლა, მიკივლა და მაგრად მომცხო. ვიდრე მირტყამდა, არ მიტირია, მერე კი, თოფი რომ ჩამომართვა და სადღაც ჯანდაბაში გადამალა, მართლა ავბღავლდი. საცაა მამუჩიც დაბრუნდებოდა სამუშაოდან და... მეყოლე კარგად...

გევინი რამდენიმე დღე სკოლაში არ გამოჩენილა. როცა დაბრუნდა, ყელზე შარფი ჰქონდა შემოხვეული. დიდ დასვენებაზე შემოიხსნა და გვაჩვენა, რასაც უფარავდა. რას და საშინელ, წითელ იარას. კანი სულ მთლად აქლეშოდა და პატარა თეთრ ძაფებად ჩამოძენძოდა. ძაღლის საყელური გამახსენდა, რო შევხედე. იმასაც კი იფიქრებდი, ყელს ირგვლივ პატარა მოტოციკლმა დაუქროლა და ეს დაკბილული ბორბლების საქმეა, ანდა სულაც რობოტი ახრჩობდა ცხელი ხელებითო. პატივი ვეცით მის სატკივარს და “საუკეთესოდ დაღუპულის” ტიტული მივანიჭეთ. მაგრამ ვხვდებოდი, რომ ზედმეტი მოგვივიდა. ამ ტიტულს, ძმაო, დამსახურება უნდა. მე და სტივი დავიღუპეთ საუკეთესოდ, გევინმა სულელურად წააგო თავი. რა დანელებული უნდა იყო, რო ყელზე თოკი შემოიხვიო და ბუნკერიდან გადმოეშვა! რაო, ვითომ, მაგარი ვარო? მაშინ დავიფიცე, შემდეგი თამაშისას მაგისი რეკორდი გამეხუნებინა. მე მაგათ ვუჩვენებდი, რა არის სიკვდილი. შურით გასკდებოდნენ, ისე ლამაზად მივიცვლებოდი. მაგრამ რად გინდა? ის იყო და ის. მერე ეგეთი რამე აღარ გვითამაშია.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / გრიფიტსი ნაიალ / თუ სიკვდილია, სიკვდილი იყოს