გურჯინთახი თორნიკე

ბუხარი (ნაწილი I)

 

 

შესავალი

 

ვიცი, დაიწყებენ, ბაბუამისის შვილიშვილს უკეთესი უნდა დაეწერაო, ეს არც ისეთი ნიჭიერიაო, მგონი იუმორი ვერ აქვს ბაბუამისისო, რას ერჩი ნორმალური გამოუვიდაო, იქ ესე ჯობდა, აქ ასეო, ნამეტანი ხომ არ მოინდომაო, ჯერ პატარაა, მაგრამ მალე თავს ამოყოფსო.

 

 ადამიანი ბრძენი უნდა იყოს, უნდა აიტანოს, უნდა ათრიოს, უნდა გაუძლოს, უნდა უყვარდეს, უნდა იფხიზლოს, უნდა ივაჟკაცოს, უნდა იცინოს, უნდა შეიჭმუხნოს, უნდა დათესოს, უნდა მოიმკას, უნდა იჩხუბოს, ფული უნდა იშოვნოს და ასეეე... მგონი ეს “უნდა” ქმნის აუტანელ, დამთრგუნველ გარემოს, რომელსაც გაურბის ადამიანი და სამწუხაროდ, ძირიან–ფესვიანად იკარგება ხავსმოდებულ ჭაობში. ზოგი პირიქით ფიქრობს, “უნდა” ძლიერ სიტყვად წარმოუდგება, “უნდა” გვაკეთებინებს ყველაფერს ადამიანებსო. ეს ძალიან რთული საკითხია, თუმცა რთული არაფერი არ არის, თუ არ გაართულე.

 

 ადამიანს თვითონ აქვს სული, და ეს სული ცაში ადის, დაბლა უფსკრულში ეშვება, ხეზე ვაშლს წყვეტს, სტაფილოსფერ მზეს ეცხუნება, მთვარეს შემოივლის, ვარსკვლავს თვალს ჩაუკრავს, თბილისს გააღვიძებს, ყველგან წამოგვყვება საფლავის გარდა.

 

მძულს ხოლმე სული ასეთი ღალატისთვის, თუმცა რაც არ გინდა ის არ გინდა და ამას ვერაფერს ვუზამთ. “უნდა” ამოსაშლელია, ყოველ–შემთხვევაში ჩემი ცხოვრებიდან, რადგან ყოველთვის “უნდა” არ მინდად გადამქცევია.

 

 ბაბუაჩემს უნდოდა რომანი, რომელსაც «ბუხარი» დაარქვა, ბოლომდე მიეყვანა, თუმცა სიცოცხლემ და მისმა ხანგრძლივობამ ამის უფლება არ მისცეს.

 

 მე მომინდა ეს საქმე ბოლომდე მიმეყვანა . . . და რაღაც მაინც გავაკეთო ამ ცხოვრებაში ისეთი, რაზეც დაფიქრდებიან, გაუხარდებათ, მოეწონებათ ან არ მოეწონებათ, შემაქებენ ან გამკიცხავენ და ა. შ.

 

ეს რომანი ბაბუაჩემის “ბუხარის” მიხედვით არ იწერება, ეს ჩემი «ბუხარია».

 

 

 

 

I

 

თ ბ ი ლ ი ს ი

 

 

 თბილისი... ყველაზე უდროო ქალაქია დედამიწაზე.

 

დრო თითქოს გისოსებში გაჭედილა, არავის არსად არ ეჩქარება. ჯემალს ტროლეიბუსში ძინავს, ვანო ხაშს ელოდება, ქეთი კინოში ბატიბუტის საჭმელად დადის, დათოს კვარიათის ფული არ აქვს, მაგრამ მაინც მიდის, ჩვენ თავი გაგვისკდა სროლებით და ნავთის სუნით, რომელსაც ჩემი ნავთქურა აყენებს სახლში, მაგრამ ხინკალზე ვგაზავთ წყნეთში ან მცხეთაში.

 

 ასე მივეჩვიეთ ცხოვრებას. ჩემი ნაცრისფერი და ელიას მთიდან წამოსულ ნისლში გახვეული საყვარელი ქალაქი, რომელსაც ვახტანგმა თბილისი დაარქვა. ისე სხვა სახელი არ მოუხდებოდა, გავგიჟდებოდით ცივგზისში, ან უაგადუგუში რომ გვეცხოვრა. თუმცა, სულ ერთი არ არის, სადაც დაიბადები ის სახელი გეყვარება. ესე უხვევ ხოლმე აზრებით გზიდან გზაზე, მოკლედ, გვიყვარს ეს პატარა ქალაქი.

 

 დროს რაც შეეხება, თავიდან არ ნებდებოდა, მაგრამ აღა–მაჰმად–ხანის, გაუთავებელი ომების, მიტინგების, დავის, პრეზიდენტების გინების, სნობობის, გოიმობის, თითის შეყოფის, პრანჭვის, მანჭვის, პიდარასტობის, სმის და ჭამის, მუქთახორობის, სროლის და “ვილკების” თხრის გამო დრომ ფეხებზე დაგვიკიდა, თან შუქიც ვერ არის კარგად და ცოტა ცივა. ასე დავრჩით უდროოდ გაჩენილები და დარჩენილები.

 

ისე მოუყვება ეს კაცი ბარათაშვილის ხიდს, მგონი არც არასდროს უკითხავს საათი და არც რიცხვი ან რა დღეა, ორშაბათი თუ სამშაბათი. რა საოცრებაა ეს ქალაქი, თავის თბილი მზით, ბარათაშვილის ხიდით, სტაფილოსფერი შემოდგომის ფოთლებით, ჩემი ვერით და ვაკით, სიცოცხლესთან ბრძოლით, და მაინც თავის ფიროსმანით და გალაკტიონით. არადა, ეს ქალაქი მათი მერე გახდა, როგორც ყველასი ხდება და როგორც ყველას უღებს კარს, კარს, რომელსაც არც სახელური აქვს და არც გასაღები, რომელიც ზემოთ, ცაში თუ ავფრინდებით, დავინახავთ პატარ–პატარა ფერად უბნებს. ეს ყველაფერი ირანულ ხალიჩას გაგვახსენებს. ისე რას ვბოდავ, ირანული ხალიჩა ცხოვრებაში არ მინახავს, ბავშვობიდან მახსოვს რომ “ნაღდი ხალიჩა ვიყიდე, ირანული, ტო” ასე ამბობდა არაფეტა. არაფეტა მეთქი ისე ვამბობ, თითქოს მაო ძედუნი იყოს, არაფჩიკა ზანდუკელზე მცხოვრები სომეხი მეღვინეა, ჩვენთან რა, ვერაზე. სომხები ხომ გამოირჩევიან ფინანსებთან განსაკუთრებული მიდგომით.

 

არაფჩიკაზე მაგას ვერ იტყოდი. ისე, უცნაურია არა, სომეხი რომ ქართულ ღვინოს ყიდის. თან არაფჩიკა აიკაპიწებდა შარვლის ტოტებს და ხორხის ჩახევამდე ყვიროდა სომხური აქცენტით: «აბა შაქრიანი ქართული ღვინოები ყიდის”. აი, ასე ცუდად მოიხსენიებდა ჩვენ სანაქებო ღვინოს. ისე ერთადერთი სატრაბახო ღვინოც ლაფში ამოგვითხვარა ამ სომეხმა მახინჯმა. რომ კითხავდი, არაფჩიკ, რომ დაგიღია პირი და შაქრიანი ღვინოო რომ გაჰკივი, ვინ იყიდის მაგ დაშაქრულსო, პასუხს ისე მოგახლიდა, მიხვდებოდი, რომ ბევრს დაუსვამს ჩემნაირი კითხვა. “ფული რად მინდა, ეგ ტრიპაჩობაობა რომ უყვარს ქართველები, იმიტომ ვეძახი ეგრე.

 

ყველას უნდა იცოდეს რომ შაქრიან ღვინოს აქვთ ქართველები”. აი ჩემო კარგო, მერე მიდი და გიყვარდეს სომხები. ოღონდ დაემტკიცებინა, რომ სომხური ქართულს ჯობია, ყველაფერს ჩაიდენდა. ფულის გამო კი არ ვყიდი ღვინოსო, ფული იმდენი მაქვს, ერთ პატარა ტუფის ქალაქს წამოვჭიმავო. ფული მაგდენი ნამდვილად არ ჰქონდა. . .

 

ფული რომ არ უყვარდა ესეც ნაღდი ვიცოდით, ჰოდა ჩვენ ძალიან, ძალიან გვიყვარდა ჩვენი სომეხი მეღვინე, მიუხედავად იმისა, რომ ანტი რეკლამას უკეთებდა ჩვენ სანაქებო ღვინოს. აი, თბილისზე ვამბობდი სათქმელს და ისევ სხვა თემაზე გადავხტი. თუმცა თბილისი სომხების გარეშე ვის გაუგონია. ან რა იქნებოდა ეს პატივმოყვარე და სტუმართმოყვარე ადგილი ქურთების, აზერბაიჯანლების, იეზიდების, აისორების, ბოშების გარეშე. იქნებოდა, მაგრამ ის არა, რაც ახლაა. აბანოთუბნის სილამაზე ხომ მუდამ გვახალისებს და გვახარებს, მისი ბუთქუნა და ძველი აგურით ნაშენები აბანოების ამოზნექილი სახურავები, სადაც გოგირდის ბოლი და სუნი ტრიალებს, სადაც ქურთულ–სომხური ჟივილ–ხივილი ისმის. ზოგს შეიძლება ყურებს ტკენს ეს ყიჟინა, მაგრამ ჩემთვის ეს ყურების მალამოა.

 

ჩემთვის ეს ჩემი ქალაქის ისტორია და ფესვია, ბრძოლა და მოძრაობაა, გოგირდის აბანოები და ფარაჯანოვის გახსენებაა, მეტეხის ეკლესია და გამოქვაბულების სილამაზეა, ეს ჩემია, ყველაფერი ჩემში ზის, სუნთქავს, მოძრაობს და ძინავს მარადიული ტკბილი სიზმრით. აი, დრომ კი ვერაფრით ვერ გაგვიგო, ვერაფრით ფეხი ვერ მოიკიდა ამ უცნაურ მხარეში. ბოლოს თქვა: “ამ ქართველებს გინდ წინ . . . , გინდ უკანო”, და მიგვაგდო უდროოდ. მას შემდეგ ვართ ასე, გაყინულები, და გზას რომ დაგვიგებენ 21–ე საუკუნეში, ცენტრალურ ქუჩაზე, ერთსაც დაგვჩხავლებენ ჩვენი სახელოვანი მთავრობის ტრიბუნიდან თუ კვარცხლბეკიდან, გზა ხომ დაგიგეთ და მეტი რაღა გინდათო.

 

ჩვენ ვიცინით, გვიხარია, ზოგი ტირის და არ უხარია, ზოგს ფეხზე კიდია, იმიტომ, რომ უშგულში ცხოვრობს და ა.შ. გლდანში რომ ბავშვებს შუქის აღარ ეშინიათ, ესეც დიდი წინსვლაა, თუმცა, ამ დამადლება დაყვედრებაში ტყავი გაგვაძრეს. ასეა, თუ უდროობა გინდოდათ, აიტანეთ ბატონო ეს ოხვრა და ხვნეშაო. ასე იძირება აქაურობა ყვავების ქორწილივით შავ ქვევრში, მერე ამოყვინთავს ალაზნის ან კოლხეთის ველებზე, სხივებით გაათბობს ყინვაჩამდგარ ჭალებს და ისევ ჩაიძირება, მერე ისევ ამოვა და ასე მიდის ეს ქალაქი ზემოდან ქვემოთ, ქვემოდან ზემოთ, მხოლოდ მანძილი ერთი და იგივეა, არც სიჩქარე იცვლება და არც დრო.

 

 ისე, არაფჩიკას რაც შეეხება, იმით ჰქონდა მძლავრად მონადირებული ჩვენი გული, რომ საქართველოს ისტორია ჩვენზე კარგად იცოდა. თბილისზე გიჟდებოდა. ბუხარივით თბილი და მყუდრო ბინა ჰქონდა. ისე, ბუხარი დიდი ფიქრის მორევია, შეშის ტკაცუნის სმენაში გატარებული საათები, წუთები და გინდაც წამები, სანუკვარია შენს ცხოვრებაში.

 

ბუხარი სიმშვიდე და სითბოა. იქ ბევრი ყვითელი ფერი და ცხელი აგურის სუნია, ოჯახის შეკრების ადგილია. თითქოს რაღაც უნდა მოვუყვეთ ბუხარს, მთელი დღის ანგარიში ჩავაბაროთ, სად ვიყავით, რატომ, რისთვის. ისიც გვისმენს ხან მშვიდი წითელი ნაკვერჩხლით, ხან მძვინვარედ და ვეფხვისფერი. მას უნდა სითბო და ეს, ის ადგილია, სადაც მუდამ თბილა, ან თბილოდა, ან დათბება. მიყვარს ეს საოცარი გრძნობა და ეს გრძნობა, ჩემს თბილისში იგრძნობა. ეს ქალაქი დიდ, ცხელ ბუხარს მაგონებს.

 

აქ დიდი ურთიერთობების ჯაჭვია, რომელიც აინთება და ქვრება, ბობოქრობს და სძინავს, განიცდის და კვდება, კვდება და თავიდან იბადება, მერე ისევ კვდება და ეჰ... ვინ იცის სადამდე გაგრძელდება ასე.

 

 ბოტანიკურ ბაღს რომ აუყვები ორთაჭალის ვიწრო ნაცრისფერი ბილიკებით, მიხვდები, ერთდროულად რა მდიდარი და ღარიბია ჩვენი ქალაქი. ღარიბი შეშის სუნით, რომელიც კიბეების და ბილიკების გვერდიდან გამოზნექილი ხის აივნებიდან მოდის. ღარიბი, მექისეების უჭმელი თვალებით, ქურთის ჭუჭყიანი ბავშვებით, მტკვრის შმორის სუნით, მეეზოვეების სველი ცოცხებით, მაწვნის შეჭმული ქილებით და ბევრი ოქროს კბილებით. დიდარი კი ერთად აღებული ყველაფერ იმით, რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

 

 ჩვენი სკოლა ხომ, ჩვენი ყველაზე დიდი სიამაყე იყო, რომ ვიტყოდით 53–ელები ვართ და იმასაც თუ დავაყოლებდით “ტატულიაა” ჩვენი დირექტორიო, ესე იგი ტანჯვაც ნანახი გვქონდა და განებივრებაც.

 

 “ტატულია” – ეს საოცარი სახელი ვინ მოუგონა ლამარა მარგველაშვილს დღემდე იდუმალებით არის მოცული. ისე, რომ დავფიქრდეთ ყველა ჩვენგანი, ვისაც ხვდა წილად 53-ე სკოლის კედლებში თერთმეტი წელი გაეტარებინა, დამეთანხმება, რომ ამ სახელს “ტატულია” ბევრი თაობა გაუზარდია, თან სკოლასაც უფრო და უფრო პრესტიუჟულს ხდიდა. საღამო მიყვარს ჩემს ქალაქში. ისეთი საღამოები გაზაფხულზე და შემოდგომაზე თბილისში რომ იცის, არ არსებობს.

 

და თუ ვინმე შეგვეკამათება, რომ ლუქსემბურგის ბაღში უფრო პოეტურია საღამოსთან ჭიდილი, ვიდრე ალექსანდროვის ბაღში, მაშინ ის ადამიანი ან თბილისელი არ არის, ან სჯობს არ იყოს. რადგან ამ ქალაქის ნოსტალგიის ძალა ისეთია, რომ ცას კიდეს უხევს, მიწას ატირებს, თითქოს მთვარეც სხვანაირია, აი ისეთი, გალაკტიონი რომ წერდა. შემოდგომა ივსება სკოლის და უნივერსიტეტის ეზოებში ლამაზი სტუდენტების ხმაურით, შემოდგომა ყვითელია ამ ქალაქში. მე მახსოვს ნავთის სუნით აქოთებულ თბილისი, სადაც თითქმის ყოველ წუთს უბედურებას უბედურება ემატებოდა, სადაც ყოველ ღამით ახალგაზრდა ბიჭის ცხედარს პოულობდნენ, როგორ იყო იმედგაცრუების ფარდა ჩამოშვებული. ისეთი წამიც ენთო, როდესაც ჩვენ ჩვენ თავს არ ვგავდით, როდესაც ბავშვობის მეგობარი მეორე მეგობარს ზურგში დანას ურტყამდა, როდესაც შოთა რუსთაველი და ჩვენი წიგნიერი წარსული ცეცხლში მოისროლეს. რუსთაველის ქუჩაზე ტყვია მოხვდა ეკლესიას, ჩამოინგრა პირველი სკოლის კედლები, თეატრში არავის ხმა აღარ ისმოდა. რა მძიმეა, როცა სცენა მიტოვებულია – მტვერის ბუღში და ჩამოხეულ ფარდებში გახვეული რუსთაველის თეატრი.

 

ჩემი ძმა ამერიკაში გაუშვეს 1993 წელს, გაარიდეს აქაურობას. მახსოვს, როგორ იხვეწებოდა უმდიდრესი და ბრჭყვიალა ამერიკიდან, ნავთის სუნით გაჟღენთილ და უღარიბეს საქართველოში ჩამოსვლას ჩემი ძმა. აქ კი ცხოვრება თავისი ჩვეული რიტმით მიდიოდა. იყო დამწვარი საბურავები შუა ქალაქში, იყო პენსია სამარცხვინო და დამცინავი, ხან სულ არ იყო, იყო დრო გაუვალი, იყო სროლა და ბუნკერი . . . და იწვოდა ჩვენი დიდი ტკივილი, რასაც სამაჩაბლო და აფხაზეთი ქვია.

 

როდესაც ასეთი ქვეყანა გენატრება და გიყვარს, მართლა ღირს ამ ქვეყნისთვის სიკვდილი.

 

 სამყარო იცვლება, და ყოველთვის ან განვითარებისკენ ან გადაშენებისკენ მიექანება. გაჩერებულ ცივილიზაციას გადაშენება სჯობს. რადგან უსუსურია ყველაფერი, რაც არ ვითარდება. ჯობს თქვან წავიდა და ძლიერი იყოო, ვიდრე ცოცხლობდეს და მისი შეხედვისას ადამიანს გული წყდებოდეს. და მაინც, ადამიანის ძლიერი და დაღლილი ხელი ქმნის და ანგრევს ყოველივეს, რაც დედამიწაზე სულდგმულობს. ვითომ სადამდე უნდა ატრიალოს მრგვალი პლანეტა ადამიანის მოქნილმა ხელმა, სად მივყავართ და რისთვის. რა გვინდა? აღზევება? წინსწრაფვა? განვითარება? ეს ძალზე რთულია, მაგრამ ამ ქმნილებას ეს მშვენივრად გამოსდის.

 

მაინც რატომ მისცა ღმერთმა ამხელა ძალაუფლება ადამიანს, რატომ გაუშვა მოსე მათ გადასარჩენად. იქნებ იმიტომ, რომ ევას და გველის საუბარი სიმართლეა და ადამის და ევას თავხედურმა საქციელმა განაპირობა ყველაფერი. იქნებ ღმერთსაც მოეწონა მათი უტიფრობა და დაუმორჩილებლობა. ან იქნებ მიხვდა, რომ თუ კი მას, ამხელა ძალის პატრონს, ღმერთს გაუბედეს ურჩობა, დედამიწაზე თუ ფეხს დადგამენ, იქ რაღას მოიმოქმედებენო. რთულია ადამიანი და მის სულში ღრმად ჩაწვდომა. ღმერთმა კი გვაჩუქა ძალა, მაგრამ ხორციელი ქვიშის საათი ნელ–ნელა იცლება, და ბოლოს ამოხეთქავს სული და არავინ იცის საით ან ვისკენ მიფრინავს. მანამდე კი, სანამ ფრთებს გაშლის, გვაწვალებს, გვანებივრებს, ნიჭიერების გამოხატვაში ხელს გვიწყობს ან გვიშლის, რადგან თვითონ არის ნიჭიც და სიყვარუულიც.

 

ბინძურ სულში სიყვარულს რა ესაქმებაო, შეიძლება იკითხოს ბევრმა, მაგრამ, ამ კითხვას პასუხიც არ სჭირდება. სამწუხაროდ, სიძულვილის და სიბინძურის სიყვარული სჭარბობს ნიჭს და ადამიანის სიყვარულს. თომას მანი ამბობს, ღმერთმა თავიდანვე იცოდა, რომ ადამიც და ევაც ვაშლის ნაყოფს მიირთმევდნენ, აუცილებლად დატოვებდნენ სამოთხეს და მარადიულ სიცოცხლეს, მაგრამ ღმერთმა ვაშლი მათ ჩააკბეჩინა რომ მათ განდევნაში საკუთარ თავთან მართალი ყოფილიყო.

 

ყველას სჭირდება, რომ მართალი იყოს საკუთარ თავთან, ღმერთიც ხომ ნახევრად ადამიანიაო. დიდი პიროვნებები იყვნენ თომას და გენრიხ მანები. თუმცა თომას მანის ღვაწლი უდავოა მსოფლიო მხატვრულ ლიტერატურაში. ისევ გადავუხვიე თემიდან, და გთხოვთ, მაპატიეთ ჩემი გონებაგაფანტულობა.

 

ცივილიზაცია ვითომ ფრთებს შლის, არა ვითომ კი არა შლის, ჩვენ კი გვსურს ფრთებში ჩავეჭიდოთ და სადაც ბედი გაგვაქროლებს იქ წავყვეთ. არაფერის კეთება არ გვინდა, ან აღარ შეგვიძლია. მოკვდა კინო, ლიტერატურა, მუსიკა, სპორტი, ქართული სული მოკვდა. ამის გარეშე კი ცივილიზაცია ცოტა რთული გასავითარებელია. თუმცა ქართველი კაცის ბუნება ძალზე რთული ქმნილებაა, ამიტომ არ აინტერესებს ქვეყნის შიგნით რა მდგომარეობაა, მთავარია სხვას არ ჩამორჩეს ან ფრთაზე მაინც გამოებას. ამ სიჩქარეში ერთმანეთი დაგვავიწყდა, ერთმანეთს ხელი ვკარით და ერთმანეთის მიმართ სიყვარულის გრძნობა შეგვინელდა. სიჩქარეში ადამიანი გაუცნობიერებელ საქციელებს სჩადის.

 

შემდეგ ერთმანეთს ყელში ვეცემით, შემდეგ ტყვიას ვესვრით, შემდეგ მივაფურთხებთ ჩვენ წინაპრებს და . . . ის ვისაც მივსდევთ, ვითარდება, ჩვენ კი, ნაცარი გვრჩება ხელში. იმის ნაცვლად წინ წავიწიოთ, უკან მივექანებით, იმაზე უკან, ვიდრე ოდესმე ვიყავით. სად გვეჩქარება ქართველებს? დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. ასე დარჩა უსიყვარულოდ ჩვენი თბილისი.

 

თუმცა ამაზე მერე. მეც ვამეტებ ხოლმე, რადგან დილა რომ თენდება და ჩვენი ძველი და ნაღვლიანი თბილისის ქუჩებს გავყურებ, ვხვდები, რომ აქ, ამ პატარა ქალაქში ხალხი უშუქობას და სიცივეს უძლებს, შიმშილს, სისხლსაც უძლებს, ასეთი გაძლება რაღაცის მოლოდინს ნიშნავს. ადამიანი როცა უძლებს, ესე იგი მომავლის და სიყვარულის სწამს. ჩვენ სიყვარულს ბოლომდე ვერვინ წაგვართმევს.

 ახლა ისეთი სიჩუმეა, მხოლოდ უდაბნოში თუ ჩამოწვება შუაღამით, როდესაც ნიავი ქვიშას ისე დაარბენინებს, რომ ფეხშიშველს აუცილებლად წვივებს დაგწვავს. მოიწყინა თბილისმა. ხალხმაც. გია დანელიას ინტერვიუს ვკითხულობდი რომელიღაც ჟურნალში.

 

თუ არ ვცდები, კარგი ხარისხის ფურცლები ქონდა. გიას ცოტა ქართული დაავიწყდა, რაც სამწუხაროა. თუმცა მისი ფილმები ქართული სულის მსახურია. გიას უდიდესი განძი აქვს ქართული და საერთოდ, მსოფლიო კინოსთვის გაცემული. დასანანია, რომ ასთი დიდი კაცი რუსეთში ცხოვრობს და არა ჩვენს ქალაქში. ძალიან მიყვარს რუსები და მათი კულტურა, მაგრამ გია მათთვის არ მემეტება. ჰო, რას ვამბობდი?...

 

გამახსენდა... ასე იხსენებს ბატონი გია: “ჩვენი ქალაქი ყოველთვის ხალისიანი იყო, ხალხს სხვანაირი თვალები ჰქონდა. ისეთ თვალებს ვერსად ნახავდი დედამიწაზე, თბილისის გარდა. ურთიერთობა ადამიანებს შორის უმაღლეს მწვერვალზე იყო აყვანილი, ჩვენ მშივრებიც მაძღრები ვიყავით ჩვენი ურთიერთობის სითბოთი და სათნოებით. ბოლოს შვიდი წლის წინ ვიყავი თბილისში. ადამიანებს ღიმილი გაუქრათ სახიდან, ურთიერთობაც ურთიერთობას არ გავდა, ცაც კი სხვა ფერის დამხვდა, ისეთი ლურჯი და კამკამა აღარ იყო. ადრე თბილისის ცაც კი, დამიჯერეთ, სხვა იყო, ხალხს შუქი ჩაუქვრა თვალებში, მე ეს დავინახე.

 

სხვას გაუჭირდებოდა, სხვას, ვისაც ამ ქალაქში არ უცხოვრია. მას შემდეგ აღარ ვყოფილვარ ჩემს დედაქალაქში. მინდა, თუ დავბრუნდები, ძველი სითბო და სათნოება დამხვდეს, ისეთი, არავის რომ ებადა და ყველას რომ უკვირდა.” ბატონი გიას სიტყვებმა გული დამწყვიტეს, ამიჩუყეს და ის ძველი თბილისი მომანდომეს. როგორ ეტყობა, რომ ამ კაცს თბილისში უნდა ცხოვრება, თბილისი უყვარს, თბილისი ესიზმრება, თბილისზე ფიქრობს, დარდობს, ახსოვს, მასში ცოცხლობს, ფეთქავს, სუნთქავს, იბრძვის და... სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად, რაც მე ვიგრძენი და გავიგე ამ ინტერვიუდან.

 

 დილით იწყება დღე, მას აუცილებლად მოსდევს ღამე, როდესაც ინთება – ქვრება, როდესაც ცოცხლობს – კვდება, როდესაც ყინავს – დნება, და ესე გრძელდება საუკუნიდან საუკუნემდე. მინდა ამ ქალაქს არასდროს ჰქონდეს დასასრულის განცდა. არაფჩიკა იძახდა, ჩვენი სომეხი მეღვინე, უძლეველი თუ შექმნის რასმეს, ქმნილებაც უძლეველი გახდებაო.

 

ვახტანგ გორგასლის ცხენის ფლოქვების თქარუნი მესმის, სიზმარში ბევრჯერ მინახავს მისი გოლიათი ტანი. რა მნიშვნელობა აქვს მართლა ორი მეტრი იყო თუ სამი. ის ისედაც დიდი იყო, რადგან თხუთმეტ საუკუნეზე მეტი გავიდა და მისი აშენებული ქალაქი დღემდე ცოცხალია. ირანში ბევრჯერ უნატრიათ მისი გვამი შახის ციხის გალავანზე გადმოეკიდათ, ბევრი მოწამლული, ლამაზი ხისგან გათლილი ისარი მოუმზადებიათ ჩვენი მეფისთვის, ქართველი კაცის ხელითაც ჩაუყრიათ საწამლავი ირანულ შავ ღვინოში, მაგრამ რაღაც იძვროდა, ფეთქავდა, სწამდა, იბრძოდა, ბორგავდა და ხელს უშლიდა მის სიკვდილს, ჩვენი ქალაქის სიკვდილსაც, თუმცა დაჩიმ გადაიტანა ტახტი მცხეთიდან თბილისში და ვახტანგი ამას ვეღარ მოესწრო. თეირანში მზემ დაწვა ქვიშა, შავი ყურძენი სხივებით დაფლითა და ცეცხლი წაეკიდა ვაზს. ჩადრებაფარებული, ლამაზთვალება გოგოები აქლემების ქარავანს საქართველოდან ცხელ, კოხტა, მაგრამ მათთვის უცხო სასანიდურ ირანში მიჰყავდა. რა დიდი ძალა და იდუმალება დევს ამ ბუმბერაზ ხალხში, რასაც მწვანე ირანი და ირანელები ჰქვია.

 

დღემდე ლომივით ამაყი და მოუდრეკავი მხარეა, უნდილაძეების ნაგები თეთრი ხიდებით და მარმარილოს ურჩხულებით, დიდი რწმენით და წარსულის გულზე კოცნით. რამდენი ცეცხლი ესროლეს ჩვენს ქვეყანას, რამდენი სისხლით სავსე დოქი გამოსცალეს ჩვენი დანგრევის სიხარულით, მაგრამ რაღაც გვშველოდა, რაღაცით მაინც უბრუნდებოდა გული ღმერთს ჩვენ საშველად, და ჩვენც ჭრელ ნაჭრებში გამოწყობილ, არაბულ შავთვალა ცხენებზე ამხედრებულ ირანელებს ხან სომხეთთან და ხან საინგილოსთან მივაწყდებოდით. მიყვარს, როდესაც მტერი ძლიერია, ამაყია, ჭკვიანია, შეუპოვარია, მხეცის ღრიალია, ლომისფერია, ყორნის სისხლია, დიდი რწმენის მონა და მორჩილია. ასეთები იყვნენ და არიან ირანელები.

 

 ვახტანგი თხუთმეტი წლის იყო, ქართლის ტახტზე რომ ავიდა. ნატრობდა ამიერკავკასია ერთიანი ყოფილიყო ამ ბუმბერაზ მტერთან ბრძოლაში. დარიალის კარი რომ გაიარა, ოსები, ჯიქები, ხაზარები, ყივჩაღები დაამარცხა. ოსებს გასაქანს არ აძლევდა, იცოდა, კარგი მეომრები რომ იყვნენ.

 

აფხაზეთიდან ბიზანტიელები განდევნა და დასავლეთ საქართველო შემოიერთა. 464 წელს ჭოროხის მისადგომებთან კიდევ ერთხელ ეკვეთა და იქაც დაამარცხა. 467 წელს ირანელებსაც თავგზა აებნათ, გამოუვალ მდგომარეობაში მოხვდნენ, ვახტანგი გასაქანს არ აძლევდა და ბოლომდე გაანადგურა მრავალრიცხოვანი ჯარი ირანელებისა.

 

ვახტანგი დიდი აღმშენებელი იყო, მისი მოღვაწეობის პერიოდში აშენდა ნინოწმინდის, ნიქოზის, ჭერემის, ჟალეთის ციხეები. მისი დიდი ნაშრომი უჯარმის ციხე იყო. მეც გადავერთე და კარგი ისტორიკოსივით საქართველოს ისტორიას გადმოგცემთ, მაგრამ ვახტანგ გორგასალის ცხოვრება იმდენად არის დაკავშირებული ჩვენ ქალაქთან, რომ ამაზე გვერდის ავლა არ მინდოდა. ხოხბის და მიმინოს ამბავი თუ ლეგენდაა, ლეგენდა იყოს, რადგან ამასაც თავისი ეშხი და ინტერესი აქვს.

 

ლეგენდა ყოველთვის ადამიანებში ზის, შემდეგ თაობიდან თაობაში გადადის, საუკუნიდან საუკუნემდე აღწევს. ფიქრი უხდება ადამიანის თვალებს. რა უინტერესო და უფერო ხდება ადამიანის თვალი, როდესაც მას ფიქრი არ ეკარება. თანაც ლეგენდა ფიქრის მოდენას და აღზევებას ხელს უწყობს, ფიქრობს ადამიანი, მართლა რეალობაა ეს ყველაფერი თუ არა. ცუდ აზრამდე და ქმედებამდე თუ მიყავს ფიქრს ადამიანი, მაშინ ცოდოა ის პიროვნება, რადგან ცუდზე ფიქრს, ფიქრის გარეშე დარჩენა სჯობია. სიმართლე თუა ხოხობის და მიმინოს გოგირდში ჩახრჩობა, ხომ კარგი და კარგი, რადგან სიმართლეზე აშენებულ ქალაქს მგონი არაფერი სჯობია. ისე, მგონი, თბილისს მაინც ლეგენდა მოუხდებოდა, რატომ ვფიქრობ ასე კაცმა არ იცის, მაგრამ ხომ ვფიქრობ.

 

ვარსქენ პიტიახში ქართლს რომ განაგებდა, მოსვენებას არ აძლევდა ვახტანგსო, სწორედ ვარსქენი რომ მოწამლეს, ვახტანგს უკავშირებდნენ და მის ხელსაც ურევდნენ ამ საქმეში. ბოლოს უძლეველი მეფეც გამოასალმეს სიცოცხლეს. 502 წელს დიდი ლაშქარი შემოიჭრა ქართლში, ირანელი გამეხებული შახის. სამოცი წლის მეფე გაშმაგებული იბრძოდა. ხმალი ვერ ჩააგებინეს ქარქაშშიო. ბოლოს მოღალატის მოწამლული ისარი მოხვდა ვახტანგს იღლიაში მკლავის ქვემოთ. დაჭრილი მეფე ბოლომდე იბრძოდა, ბოლოს უჯარმის ციხეში მიიყვანეს და იქ აღესრულა.

 

მცხეთაში დაკრძალეს, სვეტიცხოველში. გარდაიცვალა თბილისის აღმშენებელი, მაგრამ ის ისევე უკვდავი დარჩა ქართველი ხალხის მეხსიერებაში და გულში, როგორი უკვდავიც არის მისი ქმნილება – თბილისი, რომელიც თავისი აღმშენებელივით დღესაც უამრავ სისხლს და ძალადობას იტანს. არაფჩიკას ძალიან უყვარდა ჩვენი მეფეები და განსაკუთრებით ვახტანგი. ასე იძახდა, მან ხომ ჩემი საყვარელი თბილისი გვაჩუქაო. ასეთი წინაპრები გვყავდნენ, მიუწვდომელი სიდიდის პიროვნებები, ამოუხსნელი ძალის პატრონი და დიდი შემართების და ნებისყოფის მქონენი. ქართველებს იმას მაინც ვერ წაართმევ, რომ მუდამ ახსოვთ წარსული და დიდი პიროვნებები. დღემდე დავითს და შოთას გაიძახიან, დღემდე თამარის საქართველოზე ოცნებობენ, დღემდე გალაკტიონს და მერი შერვაშიძეს მისტირიან, დღემდე ვისოცკის გიტარას იხსენებენ, თუმცა ვისოცკი რუსი იყო, ახლა არ მეცეს ვიღაცა კისერში სად დავითი და ვისოცკიო.

 

ეს კი გვჩვევია გრუზინებს, ეს როგორ გაბედაო, ეს რა ჩაიდინაო, ეს რა იკადრაო, მაგას თავში აუვარდაო... მოდით რა, ამჯერად კარგად იყავით, ვისაც მინდა და ვის გვერდითაც მინდა იმას ვახსენებ. ვისოცკის პიროვნების სიდიდე იმხელაა, ვნატრობ ნეტავ ქართველი ყოფილიყო. როდესაც უცხო მხარეში გნატრულობენ, მართლა დიდი პიროვნება ხარ. არადა, ვისოცკისთვის თბილისი და საქართველო უცხო არადროს ყოფილა.

 

 თბილისმა ახლა გაიღვიძა, ახლა გაახილა თავისი ნაცრისფერი თვალები. ნავთს ყიდის ვიღაცა ფალიაშვილის და ერისთავის კუთხეში, თბილისის გათბობით შოულობს პურის ფულს. ესეც ხომ სიკეთეა.

 

მერე რა, რომ ფულის გულისთვის დგას, ხომ დგას ამ ყინვაში და კარგ საქმეს აკეთებს. იქნებ ყველაფერში კარგი ვეძებოთ და თუ მოვძებნით, ხომ იცით რომ მივაგნებთ. მრგვალი ბაღი ლოთებით არის სავსე დილის შვიდ საათზე, მხოლოდ ერთი ჭრელი ძაღლი დატრიალებს ლოთებს და კუდს უქიცინებს, აბა ლოთებს სხვა ვინ მიეფერება. ისინიც, ხომ ჩვენი თბილისის ნაწილია, ლოთის გარეშე თბილისი ვის გაუგია, ვის გაუგია და მეო, ვიღაც შემომძახებს. ლოთების გარეშე უფრო დავისვენებდითო, უფრო დავსუფთავდებითო, ბოთლებსაც აღარ დაყრიდნენო. ეეე! ძმაო, შენ რა გესმის, თბილისელმა ლოთმა თუ არ დალია, დარდი როგორ გაიქარვოს, როგორ ამოისუნთქოს, როგორ ამოიოხროს. მერე ბოთლებიც უნდა დაყაროს და თბილისელმა ქურთმა მეეზოვემ მოხვეტოს.

 

მასაც სამუშაო გაუჩნდება და ორ კაპიკს შეიტანს ოჯახში. ასე უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და ბოლოს ერთად ვნახოთ ჩვენი თბილისის გამოღებული ფანჯრები, ერთიანი ხალხი, იმედიანი მოხუცები, ჩვენი საიათნოვა და იეთიმ–გურჯი გავიხსენოთ, მათი თბილისი გავაცოცხლოთ, ომშიც ვიომოთ თუ საჭირო გახდება, და თუ მთავარსარდალი არ გვივარგა, ახალი მოვიყვანოთ. ოღონდ, არ გვინდა ეს გინება და ერთმანეთის ჭამა.  რა, თუ გვინდა, ვიგინოთ კიდეც, მაგრამ ერთმანეთს არა. დილა აიწია, მზემ ყვითელი სხივები «კაშნესავით» კისერზე მოგვახვია, მთვარეს ვუცდით, ვარსკვლავები გალურჯდა ცაზე, მერე თბილისი გამოჩნდა, ელიას მთიდან ვირს მოარბენინებენ ციგნები, ხალხი ერთმანეთს თვალებში უყურებს, ჩოხოსნები რუსთაველზე პირველ სკოლასთან მღერიან, ჩვენ გუნდებს ვისვრით კეკელიძის ხიდიდან, ერთი გოგო მომწონს და მას სხვა უყვარს, არაუშავს ასეც ხდება და ისეც, თბილისში ყველაფერი ხდება.

 

 

 

 

  გ უ რ ჯ ი ნ თ ა ხ ი

 

ირმების გაქროლებას უცდის ზვიადი, რომელი წელი იქნება? იქნება 1945. ომი დასრულდა, გუშინ მაისის ფოთლები ეჭირა ხალხს ხელში. მერე გვირილებს კრეფდნენ ხუჭუჭა, ცისფერთვალება გოგოები.

 

ბიჭები სოფლებში ფერდებჩაცვენილ ცხენებს დააგელვებდნენ და ხმამაღლა სტალინის სახელს გაიძახოდნენ. ჩაიარა სისხლის მდინარემ, მაგრამ მრავალი სიცოცხლე გაიყოლა. რისთვის ვიბრძოდით? სტალინისთვის? გიტლერისთვის? თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ხომ ვიბრძოდით, ხომ ვკლავდით, ხომ ვმარხავდით. სამწუხაროდ, ადამიანები არ ფიქრობენ ბრძოლის დროს და ბევრი არც ბრძოლის შემდეგ აანალიზებს, რატომ ისროდა ტყვიას. ბოზობის ინსტიტუტმა ხალხს ფიქრის სურვილი მოუკლა. მეზობელი მეზობელს ხვრეტდა, ძმა ძმას წირავდა, ჩეკისტები თავისი დრაგუნა ჩექმების ბრაგუნით ხან ვისი სახლის კიბეს აივლიდნენ, ხან ვისას. ქსნიდან რომ გამოუყვები ტყეს, ვიწრო ბილიკები იცის.

 

ზვიადს მეტი რა უნდოდა, იდგა ბილიკების შემყურე და ბოლო ირემის გამორბენას უცდიდა. ნადირობა მამამ შეაყვარა, ბევრი იწვალა, მაგრამ შვილს თოფის სროლა მაინც ასწავლა. სულ იმას გაიძახოდა, ჩვენ გურჯინთახებს, არ გვეკადრება იარაღის სროლა არ ვიცოდეთო. 1900 წელს იყო დაბადებული ზვიადის მამა, ლაშარ გურჯინთახი. გაგიჟებით იბრძოდა თავისი თავადური გვარის და მამულის შესანარჩუნებლად. ბოლოს ერთ ჩეკისტს შუბლში დააჭედა ტყვია და მას შემდეგ ხან რომელ მთაში იმალებოდა, ხან რომელში.

 

გავეშებული კომუნისტები ყოველ დღე არბევდნენ ლაშარის სახლკარს, მაგრამ ქალების ლანძღვისა და გინების მეტს ვერაფერს ისმენდნენ.

 

ლაშარი ქსნის მამულების მეპატრონე იყო, მერე მამულების ნაწილი ამილახვრებმა წაართვეს და ცოტა გაღარიბდა გურჯინთახთა გვარი. ბატონყმობა რომ გადავარდა, მაშინ ვერ წამართვესო და ახლა ამ ნაბიჭვრებმა როგორ წამგლიჯეს მამულებიო. ლაშარის გაბრაზებას არავინ ყური არ ათხოვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთი მეოთხედი მიწა ჩამოართვეს. ასეთი ამბავი დატრიალდა გურჯინთახების ოჯახში. გურჯინთახები ჯავახეთის შვილები იყვნენ, მერე ჯაყელების გაუთავებელმა შევიწროებამ იმის საფუძველი შექმნა, რომ ქსნის ხეობისკენ იბრუნა პირი გურჯინთახების გვარმა. ჯაყელებს როგორ გაექცეოდნენ მე რომ დაბადებული ვყოფილიყავიო, სულ ამას გაიძახოდა ლაშარ გურჯინთახი. ცოლი რომ მოიყვანა, ისე დაიმორცხვა, ცოლს გული შეუქანდა, იმპოტენტს ხომ არ გავყევი ცოლადო.

 

ბოლოს ვიღაც ჯადოების მკეთებელი მოუყვანიათ და ლაშარის ინსტრუმენტს გამჭვირვალე გირი დაჰკიდეს. ცოლი გიჟს გავდა, ისედაც არ დგებოდა და გირი თუ ჩამოკიდეთ გადასაგდები გახდებაო. ლაშარი ისე შეიცვალა, აღარავინ ეკარებოდა, ის ჯადოების მკეთებელიც სულ იმ გირით გალახა და ქსნიდან გააგდო. მერე ცოლს მიდგა, თავადის სისხლი რომ არ გაქვს, მაგიტომ ვერ მიჩენ შვილსო. რა ექნა საწყალ ნინოს, მოზმანაური იყო გვარად და თავს ხომ არ მოიკლავდა. დიახაც, მოზმანაურობას სიკვდილი ჯობიაო, ესე იძახდა თავადი ქმარი. აღარ მახსოვს...

 

ალბათ 1925 წელი იქნებოდა, შვილი რომ შეეძინათ. გახარებული ლაშარი ცხენზე ამხედრებული დაჰქროდა, ბიჭი გაჩნდაო. მამის სახელი დაარქვა, ზვიადი. ნაპოლეონის ცხოვრება შეასწავლეთ, მაგაზე დიდი კაცი ჯერ არ დაბადებულა ქვეყანაზეო.

 

 ფიფქები რომ ამოავსებს ქსნის ჩავარდნილ ხეობას, თეთრი ხალათი მოგაგონდება. მეზიზღება ექიმები და მათი თეთრი ხალათიცო, მაგრამ სილამაზის და შიშის ერთობლიობას წააგავს ლამაზი ექიმი ქალი თეთრ ხალათში. ქსანიც საშიშია თავისი წარსულით და სისხლით, მხოლოდ ზამთარში, როდესაც თოვლი დაამუნჯებს არემარეს, ეს საშიშროება სიმშვიდედ გადაიქცევა, რადგან თეთრზე მშვიდი არაფერია დედამიწაზე. რამდენი უნდა იბორგოს და იშრომოს ადამიანმა, რომ თავი კარგად იგრძნოს, რომ ცხოვრებას ფუჭი არ უწოდოს.

 

ომი ანგრევს დიდ ქვეყნებს, ქალაქებს, იმედებს, სიყვარულს, სახლს, მშვიდობას. გაჭირვება ადამიანებს თვალებს უფართოებს, გზას ავიწროებს, ცხენს ფლოქვებს უფშვნის, ოჯახებს აფრთხობს, ბავშვებს აშინებს. უნდათ თუ არ უნდათ ადამიანებს გასაჭირი მაინც უდგებათ, რომელიც ზოგს აკეთილშობილებს, ზოგსაც აბოროტებს. თუმცა იმად აქცევს, რაც იქამდე იყვნენ და არ ეტყობოდათ. მძიმეა ომის ხარჯზე ადამიანის პიროვნებაზე ვილაპარაკოთ, ცდა ჩავატაროთ, თვალებში ჩავხედოთ და იმაზე დავფიქრდეთ, შეიცვალა თუ არა ეს პიროვნება. მძიმეა, რადგან ომის ცდაში უნდა ვიყოთ და ბოროტების ცდაში ყოფნას მხოლოდ ბოროტი ადამიანი ეგუება. იქნებ როგორმე სიყვარულის გზა გამოვნახოთ და ადამიანებს თავისი პიროვნების გამოვლენაში დავეხმაროთ.

 

თითქოს ადვილია ამის გაკეთება, მაგრამ მართლა «სპრაიტი» რომ გვეხმარებოდეს იმის განხორციელებაში, რომ მივხვდეთ და ვიყოთ ის, ვინც ვართ, სპრაიტის გამყიდველი ვიქნებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, ეგრე არ არის. რამდენი უნდა ვიომოთ ადამიანებმა, რომ საკუთარი თავი დავინახოთ, მგონი ჩვენ თავთან ომში უნდა ვეძებოთ საკუთარი პიროვნება. იქნებ ვეცადოთ ან ვისწავლოთ დაცდა, მოთმენა, შრომა, თავშეკავება, რომ ერთმანეთის სიამაყემ და ნიღბების ტარებამ არ დაგვახრჩოს. ომის და გაჭირვების ხარჯზე ნაპოვნი ადამიანი ძალადაკარგული და უხარისხოა. ვიბრძოლოთ სიკეთის და სიყვარულის, შრომის და მოთმინების, ერთგულების და მხარში დგომისთვის, სიცოცხლისთვის . . .  ლაშარი ბავშვობიდან რელიგიის ღრმად შესწავლით იყო დაკავებული.

 

ოჯახში დედამისის ხატების კუთხესთან ლოცულობდა. მღვდელი ზენონი მოდიოდა დედამისთან და ლაშარისთვის სანთლები მოჰქონდა. სულ იმას ეუბნებოდა, ქრისტეს შეევედრე შენი მშობლების ჯანმრთელობა გამძლე და ძლიერი გამოდგესო. ლამაზი კვიცები მომიყვანეთ, თორემ არავის არაფერს ვთხოვ და არც სანთლებს დავანთებ მშობლების სახელზეო.

 

– კვიცები რად გინდა? – ზრდილობის გულისთვის ეკითხებოდა მამაო.

 

– მამა ზენონ, მე ბავშვობიდან ცხენებს ვუვლი. ჩემთვის მათი გაზრდა ადვილია, თან ყველაფერს მირჩევნია თავლაში ტრიალი.

 

– ღმერთს ნუ უთანხმდები (ევაჭრები) და რაღაცას ნუ მიქარავ, ლაშარ, თორემ სატანას არ სძინავს და ბოლომდე დაგეპატრონება მისი ბრჭყალიანი ხელები. ისიც ანგელოზი იყო, გაბოროტებული კეთილი სული მძიმე მოვლენაა.

 

– კეთილი სული არასდროს გახდება ზნედაცემული.

 

– ნუ როშავ რაღაც სისულელეებს! – გაბრაზდა მამაო და ცოტა მხრებში მოიხარა.

 

– კეთილი ადამიანი ორნაირია. ერთი ცხოვრების მანძილზე სწავლობს სიკეთის კეთებას, ხოლო მეორე თავიდანვე კეთილი სულით იბადება.

 

– სული რა არის, ლაშარ? – ჩამჭრელ კითხვებზე გადავიდა მამაო.

 

– სული ჩვენ სხეულში ბინადრობს, მფრინავია, მისი დანახვა შეუძლებელია.

 

თუ გაგრძნობინებს რამეს, თუ გაწყენინებს ან გაგახარებს დაუნდობელი და საკუთარი თავის ბატონ-პატრონია. უყვარს ხასიათის მიხედვით მოქმედება. სული ყველაზე ურჩი მოვლენაა დედამიწაზე, ღმერთსაც ეურჩება და მის გადაწყვეტილებებსაც. მხოლოდ ღმერთი თუ დასჯის, ისიც დიდი ძალისხმევით. სიყვარულსაც ის თესავს, ნიჭსაც, დროსაც ის განაგებს. თუმცა ნიჭი და სიყვარული ერთი და იგივეა. სიყვარული უკვე ნიჭია, მამაო.

 

დროს კი სიყვარული განაგებს, რადგან დროც სიყვარულია. ღმერთს სიყვარულის გარეშე არაფერი შეუქმნია, დროც სიყვარულით შეიქმნა.

– გაგიჟებულხარ, ლაშარ, შენ ვინ მოგცა უფლება აგრე იფიქრო!

 

– ვინ და ჩემმა გვარმა და ჯილაგმა – დამცინავად პასუხობდა ლაშარი.

 

– დედაშენს ვეტყვი, რომ თორმეტი წლის ღლაპი ესეთ ამბავშია. არც მოძღვრის ესმის და არც მშობლის.

 

– კარგი მამაო, ოღონდ ჯაშუშის სახელზეც ლოცვა და მონანიება მოგიწევს.

 

– ფუ, შე საზიზღარო და მაწაკო გველის წიწილავ.

 

– გრცხვენოდეთ, სასულიერო სასწავლებლის პატივცემულო პედაგოგო, დარწმუნებული ვარ, შეგინდობთ უფალი.

 

– ღმერთო, მომეცი ძალა, რომ შუაზე არ გავგლიჯო ეს მაიმუნი არსება, გურჯინთახების ოჯახის მუწუკი!

 

– მამაო, მაგას ჯობდა წვერი გაგეპარსა და ჩოგბურთი გეთამაშა, ან ტუჩებში გეკოცნა ჩვენი მეეზოვისთვის.

 

– ლაშარ! მეეზოვე რა შუაშია?– აიჭრა სახეზე მამა ზენონი.

 

– რა შუაშია? – თვალი ჩაუკრა ლაშარ გურჯინთახმა და მარჯვენა მხარეს ისე გადაიხარა, მარცხენა ჰაერში დარჩა. რა შუაშია და მის თეძოებზე რომ გრჩება ხოლმე თვადი, იმ შუაშია, ჩემო ღრმად წესიერო, მამაო ზენონ.

 

– რას სცოდავ, რა თეძო, რის თვალები?

 

– ხო და თუ არ მორჩები შენს ამბავს, და კვლავ გამტანჯავ შენი უხეირო დარიგებებით, კარგ ამბავს ჩავუკაკლავ მამაჩემს და დედას.

 

– შენ... შენ... – ვეღარ დაამთავრა სიტყვა დაბნეულმა მამაომ.

 

– ჰო, რაც შეეხება შენი «ტენისისტად» გახდომას, თუ პროფესია არ მოგწონს, მაშინ ცხენოსობა ან ათლეტობა შეიძლება მოგიხდეს – ეს სიტყვები რომ დაამთავრა ლაშარმა, ლალის ქვებით მოჭედილ ჯვარზე აკოცა მამაოს და ცხენს შემოახტა.

 

– იცოდე, არ გაგივა შენი ოხერი ენის ჩემზე ალესვა, – მიაძახა ყავისფერ ცხენზე ამხედრებულ ლაშარს მამაომ, თან ცხენის გამხდარ და მოვლილ ფეხებს შეავლო თვალი. მიხვდა მამაო, ლაშარი უბრალო ბიჭი არ გაიზრდებოდა, ჯერ თორმეტი წლის იყო და უკვე სამოცს გადაშორებულ ზენონს ცხვირიდან ძმარს ადენდა.

 

ხვდებოდა მამაო, სულზე მსჯელობისას ბიჭი არც ძაან ცდებოდა, ცდებოდა კი არა, ცოტა გასაკვირი იყო, პატარა ბიჭი ასეთი სხარტი და სწრაფად მოაზროვნე რომ იყო. სემინარიაში მისი ყოფაქცევის ნიშნები მუდამ სამარცხვინო იყო გურჯინთახების ოჯახისთვის. ნიკოლოზთან დაახლოებულ მამამისს და თინათინ მაჭავარიანს, ლაშარის დედას, საგონებელში აგდებდა მისი გამოუსწორებელი ყოფაქცევა. ცხენების ასეთ მოვლას როგორ ახერხებდა გამოუსწორებელი მოწაფე, ცოტა რთული წარმოსადგენი იყო მამა ზენონისთვის, მაგრამ ბედაურის ფეხებს რომ შეხედავდი, მის დავარცხნილ ბეწვს, მიხვდებოდი, ადამიანის შრომა იყო ჩაქსოვილი ამ ყველაფერში. არასდროს დედისთვის ან მამისთვის თხოვნის სიტყვა არ უთქვამს ცხენებზე, მუდამ თვითონ უვლიდა. თივა თუში მეზვინეებისგან მოჰქონდა, სამაგიეროდ თავიანთი ეზოს თხილს უზიდავდა და მიდიოდა ვაჭრობა.

 

– რად გინდა თივა?

 

– ცხენებისთვის.

 

– ამ ცხენებს ისე უვლი, რომელიღაცას ცოლად ირთავ, ასე მგონია, – თუში მეზვინეები კი იცით როგორები არიან? თუმცა საიდან გეცოდინებათ, თქვენც ომალოში არ გიყვარდეთ არდადეგების გატარება. გეტყვით, რომ თუშები უბრალო ხალხია, ვაჭრობა კი გლეხის ხელობაა.

 

– რატომ გინდა მაინც და მაინც შენ ცოლს დამანათესავო?

 

– ჩემი ცოლი რა შუაშია? – ლაშარის მწარე ენა კი იცოდა თუშმა, მაგრამ იქნებ მე რაც მგონია ის არა, სხვა რამე მითხრაო.

 

– რა ცოლი და, შენი ცოლის სახე ჩემს ლამაზ თაშურას მაგონებს, ეგეთი ცხენი არ არსებობს ქართლში.

 

თაშურაში შენ ცოლს ვხედავ, ჩემო თუშო და მაგიტომ მახსენდება ჩვენი ნათესაობა. არ ესიამოვნა მეზვინეს საყვარელი მეუღლე ცხენს რომ შეუდარეს, მაგრამ თავის თავს დააბრალა, მე თვითონ შევყავი თავი უადგილო ხუმრობით უადგილო ადგილასო და სხვას რას ვემართლებიო. ცხენის სახეს თუ ამსგავსებს ჩემი ფიფოს თვალე–წარბს, მაშინ ცუდად ყოფილა ჩემი საქმეო.

 

– რით ამსგავსებ ჩემ ცოლს და შენ თაშურას?

 

– რით და თმების ფერით – ისე სწრაფად უპასუხა ლაშარმა, თითქოს პასუხი მომზადებული ჰქონდა. ვეღარაფერი მოახერხა თუშმა და პასუხს დასჯერდა – თუმცა შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა.

 

 ენის მძიმედ ხმარება და ადამიანების გაგიჟება ბავშვობიდან თმებივით დაჰყვა ლაშარს. სულ ხუთი წლის იყო, მამამისის ძილს და ხვრინვას რომ განასახიერებდა, ყველა სიცილით კვდებოდა, გაკვირვებული ზვიადი ცოლს ეკითხებოდა რა იყო სიცილის მიზეზი. თინათინი სიყვარულით შეხედავდა ქმარს, ტუჩს ქვემოთ დახრიდა, ცოტა ხანი გაკვირვეულ სახეს მიიღებდა და კმაყოფილი პასუხობდა.

 

– ლექსების დროს ცოტა ჩლიფინებს ჩვენი ბიჭი, ზვიად.

 

– მერე ეგ არის სასაცილო, თინათინ?

– ყველა ბავშვი ჩლიფინებს ზვიად, ამ ასაკში – თინათინი მიხვდა, ცოტა არადამაჯერებელ პასუხს იძლეოდა, მაგრამ არ შედრკა და თემის შეცვლა გადაწყვიტა.

 

– ჩვენი მეეზოვე ნამეტანი აბრიალებს თვალებს, თან ვიღაც ბიჭთან შეუნიშნავთ დიდყანის მდელოზე – ვითომ მეეზოვის ბედი ადარდებდა თინათინს.

– ბიჭთან უნდა იაროს, აბა გოგოსთან ხომ არ ივლის, – გაება მახეში ზვიად გურჯინთახი, თუმც თვითონაც ჰქონდა ეგეთი ხერხები ლაპარაკის შეცვლისა. თინათინმაც ქმრისაგან ისწავლა, მაგრამ ცოტა უფრო ნიჭიერი აღმოჩნდა და ქმარს ისე მოატყუებდა ხოლმე, გურჯინთახი ვერაფერს ხვდებოდა.

 

 გორში სწავლა დიდი წვალებით მიდიოდა.

 

სემინარიაში განსაკუთრებული სიმკაცრე იყო. ეზოში რამდენიმე ვაშლის ხე იდგა. დანარჩენი ადგილი გაშლილიყო და მწვანე ბალახს დაეფარა. ბალახი მუდამ მოვლილი იყო. მაისის ბოლოს ვეღარ გაჩერდებოდი ეზოში, ისეთი სიცხე და პაპანაქება იდგა. მეეზოვე ტალიკა ცოტა გადარეული იყო, მაგრამ რასაც ეტყოდი ყველაფერს ხუთიანზე ასრულებდა. ლაშარსაც უყვარდა თავისი სასწავლებლის დარაჯი და ეზოს მომვლელი.

 

– იცი, ტალიკ, როგორ გრილდება ეზო?

 

– როგორ არ ვიცი, აბა სხვა რა საქმე მაქვს.

 

– არა მგონია იცოდე.

 

– ვიცი.

 

– კარგი, ჰო, თქვი ერთი რა იცი.

 

– რა ვიცი და ვიცი.

 

– გამწარდა მეეზოვე ტალიკა, თან იმანაც გაამწარა, ამდენი ხნის განმავლობაში არავის შეპარვია ეჭვი მის პროფესიონალიზმში. პირიქით, დიდი სახელითაც სარგებლობდა მებაღეებში და საერთოდ, ხალხში. სულ მისი ქება და სულ სამაგალითო მინიშნებები იყო მასზე. “ასეთი მოვლილი ეზო არავის გვინახავს, ტალიკას ეზოს რა სჯობს, მთელი ქვეყანა ოცნებობს მის გადაბირებას.” მაგრამ ტალიკას თავისი სემინარიის ეზო ცასაც ერჩივნა და დედამიწასაც, ამიტომ არაფერში გაცვლიდა.

 

 ერთ დღეს, როდესაც გორის მთავარი და მისი მეუღლე სემინარიაში უნდა მისულიყვნენ მოწაფეების გამოცდებზე დასასწრებად, ტალიკა დიდი მონდომებით კრეჭდა ბალახს, თან ცივ წყალს ბლომად ხარჯავდა, იქნებ სახელოვანმა სტუმრებმა სიცხე არ იგრძნონ და ცუდ გუნებაზე არ დადგნენო.

 

– ვირით შემიძლია ეზო გაგაგრილებინო.

 

– რას დამტრიალებ თავზე, პირდაპირ მითხარი სათქმელი.

 

– რას ჩხუბობ, ბატონო, შენთვის შევკაზმე ეს სახედარი. დახმარებას აღმოვუჩენ მეთქი ვიფიქრე, რომ შენი სახელოვანი ბაღი და შენი პროფესიონალიზმი მხოლოდ ლეგენდა არ აღმოჩნდეს, თან ჩემი პრესტიჟიც არის, როდესაც სემინარიის ეზო ასეთი მოვლილი და გრილია, მაგრამ ეხლა უნდა წავიდე...

 

– მოიცა! – ვეღარ სძლია მებაღემ ცნობისმოყვარეობას, – მაშ  მასწავლი?

 

– ჰო!

 

– მიდი!

 

– აი, ამ ტომრებს ხომ ხედავ?

 

– ვხედავ.

 

– მიდი და ჩამოხსენი სახედარს.

 

– მივალ, – თითქოს შემართებით და გაბედულად იძახდა მებაღე ტალიკა ამ სიტყვებს, მაგრამ გულში ფიქრობდა, რამეს ხომ არ მამაძაღლობს ეს გველის წიწილაო, “იქნებ ციფიანი სახედარია და მიუახლოვდები თუ არა, ერთს გემრიელად ჩამაზილავს წიხლსო”. მოკლედ, მებაღემ გაბედა და ტომრები დიდი რუდუნებით და სიფაქიზით მოხსნა ვირს. შიგ რომ ჩაიხედა ცოტა შეცბა და რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვინ აცალა საწყალ ტალიკას.

 

– აი, ეს ტომრები იაპონური სურნელოვანი მცენარეებით და პიტნით არის სავსე.

 

– რა სურნელოვნები, აქ ხომ მრგვალი ყავისფერი ბურთებია?

 

– ეჰ, შენ რა გაგეგება, აქ დიდი სიმდიდრეა, რომ დადნება ეს ბურთები, ისეთი სურნელება ამოვარდეს, რომ ეზოში ვარდის და გვირილის სუნი დატრიალდება, თან ისეთი სიგრილე იქნება, მოკლედ... ტალიკა ცოტა დაეჭვდა, გული ლაშარის ნდობას კარნახობდა. მაგრამ ამ ყავისფერ ბურთების სურნელება რას ნიშნავდა, აზრზე ვერ მოდიოდა.

 

– ამის გადნობა როგორ...

 

– მაიცა, გასწავლი, შენ ნუ ღელავ.

 

– მასწავლე, ლაშარ, – ბოლომდე მიამიტი გამოდგა მებაღე.

 

– მთელ ეზოში გაფანტავ ბურთებს, ყველგან მოაფენ, გაშლი.

 

– მერე?

 

– მერე წყალს დაასხამ, ოღონდ ნელა და ბურთებიც ნელა დადნება.

 

– მერე?

 

– რას აიჩემე, ეს მერე, მაცალე და გეტყვი. ისეთი სუნი დადგება და ისეთ სიგრილეს იგრძნობს ხალხი, შვება იქნება, ნამდვილი შვება.

 

– მე...

 

– მაცადე შე კაი კაცო. ამ ყველაფერს მე გავაკეთებ. შენ პატივსაცემ სტუმრებთან ერთად მოხვალ და ბაღის სიგრილეს და სინაზეს ანახებ ხალხს. ახლა შეგიძლია წახვიდე, დანარჩენს მე მოვუვლი. ლაშარს რომ წამოცდა და სუნელის ნაცვლად სურნელი თქვა, მაგას ტალიკა ვერ მიხვდა, რადგან ორივე სიტყვა ერთი მნიშვნელობის ეგონა. თუმცა ლაშარსაც ეგრე ეგონა და ყველაფერმა მშვენივრად გაიარა.

 

ბურთები ხელთათმანით განათავსა ეზოს გარშემო და შიგნით. ხელთათმანით იმიტომ, რომ ვირის გამხმარი განავალი იყო ის ბურთები და არა იაპონური ნაწარმი. წყალიც მოასხა, ამას ისიც დაერთო, რომ მზემ დააცხუნა ბურთ–განავლებს და ეზო კოჭებამდე მძღნერით დაიფარა.

 

 დადგა ნანატრი დღე. რაჟდენ ბორბალაშვილი თავისი შავი «ბრუხუნა» პიჯაკით და გორელი ლოყებწითელა ცოლით ხელს უქნევდა მოწაფეებს.

 

– გორის მთავარი! გორის მთავარი! – შეძახილებით ხვდებოდნენ რაჟდენს.

 

 ტალიკა ვარდების წაღებ წამოღებით იყო დაკავებული, თან ბავშვებს მიუთითებდა ზემო ეზოს სიმწვანე და სილამაზეც აღნიშნეთო. რაჟდენი ეზოს ჭიშკარს მიუახლოვდა და ცოლის წვივზე ყავისფერი ვირის განავალი შენიშნა, ამას მოჰყვა საშინელი სუნის შეგრძნება, შემდეგ მისი საგულდაგულოდ დაუთოვებული შარვლის ტოტის გაყავისფრება და გახამებულ პერანგზე ისეთივე ფერის წვეთების გაჩენა, შემდეგ ტალიკას სილა მოხვდა ზედ გინებამიყოლებული. საწყალ მებაღეს, ისეთი სახე ჰქონდა, ტიროდა, კვნესოდა თუ იცინოდა ვერ შეატყობდით გამომეტყველებაზე. ამ ტრაგიკულ წამს ლაშარი გამოეყო ბავშვებს და დასჭექა.

 

– მიეგებეთ ჩვენ სახელოვან მებაღეს, შეაქეთ, ხოტბა შეასხით მას.

 

 ცოტა არ იყოს უცნაურად გამოხატავდა სიყვარულს ლაშარ გურჯინთახი. საშინელი ქცევის და იუმორის გადამეტებული მოზღვავების გამო, თინათინს მაინც და მაინც ვერ ეამაყებოდა შვილი. ასე იყო თუ ისე, ქსნელი თავადი თავისი ზედმეტად აქტიური ყოფაქცევით მუდამ ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა.

 

 სიცოცხლის ძალა ადამიანებს მის ერთგულ მონად აქცევს, აქცევს მხეცად, რომელსაც მუდამ მაქსიმუმი უნდა ცხოვრებისგან.  აბა, წყალი ან საჭმელი იყოს სიცოცხლე, სულმოუთქმელად დალევდა და შეჭამდა მას ადამიანი. სხვისასაც მიითვისებდა, სხვასაც გამოგლეჯდა პირიდან ლუკმასავით, წაართმევდა, ფეხებივით ძირში მოაჭრიდა. რატომ ართმევდნენ ადამიანები სხვას ცხოვრების სურვილს? და მე გთხოვთ, ცხოვრების წართმევას მხოლოდ იმას ნუ დაარქმევთ, როდესაც სიკვდილი ბატონობს. კაცმა შეიძლება ასი წელი დაჰყოს დედამიწაზე, მაგრამ ათი წლის ასაკიდან მკვდარი იყოს.

 

ცხოვრების მიმართ ადამიანის მადის მოზღვავება ტრაგიკული შედეგებით სრულდება. გაცოფებული ტახივით დარბის, ეშვები სისხლით ეთხვრება, კლანჭები მიწით, პირი დუჟით, შუბლი ოფლით და მაინც ბორგავს და არ ისვენებს. მისი ჟინი ზიანს აყენებს სხვას. ფიქრი იმაზე, თუ როდის მოვა სიკვდილი და ფიქრი იმაზე, თუ რამდენს მოასწრებ დროის ამ პატარა მონაკვეთში, რასაც წუთისოფელი ჰქვია, სხვისი ცხოვრების მიტაცებით გვირგვინდება. ეს საზარელი ფაქტი უსაქმურ პიროვნებებს ემართებათ, შმაგდებიან, ცეცხლი ედებათ და სხვის დაინვალიდებულ სიხარულს ისაკუთრებენ. იმ კატეგორიის ადამიანი, რომელსაც ხელოვნებაში ან თუნდაც აგურის აგურზე დადებაში გადააქვს მოზღვავებული ენერგია, დიდი პიროვნება ხდება, ხდება თომას მანი, კიპლინგი, მიქელანჯელო ბუენაროტი, დანტე, სერვანტესი, გალაკტიონი. კარგი საქმის კეთებაში უნდა იხარჯებოდეს ეს მოზღვავებული ენერგია და სწრაფვა მაქსიმალიზმისკენ.

 

არ მინდა თავი აგატკიოთ და ყურებიც დაგიხშოთ, რადგან მეც მომაწვა სტიქიის ტალღა და სჯობს ამაში დავიხარჯო და არა ბილწი საქმის კეთებაში. ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაჭრა, რადგან აბლაბუდას გავს ჩვენი ენერგია და სიცოცხლე. რადგან ზოგს ცუდი კარგი ჰგონია და კარგი – ცუდი, ამიტომ ღმერთის, მეგობრის, მშობლის დახმარებაც გვჭირდება, რომ სულ მარტოებს თავგზა არ აგვებნას. იქნებ ადამს და ევას სწორედ ის ენერგია ვერ ჩაუკლა ღმერთმა, ან არ ჩაუკლა, და ამიტომაც ჩაკბიჩეს ვაშლი და აბელიც მოკლა კაენმა, ნოეს კიდობანიც შეიქმნა და ბაბილონის გოდოლიც. და მეც მინდა რამე შევქმნა, ან გავაფუჭო, ან დავწერო, ან დავწვა, და მინდა, ღმერთი დამეხმაროს, სწორი აღმოჩნდეს ჩემი გაფუჭებულიც და შეკეთებულიც. ლაშარსაც ეგ უნდოდა, მზე და ზღვა, მთვარე და ტივი, ყაყაჩო და ვარსკვლავი, ბახი და ბეთჰოვენი, მაგრამ ნეხვის გროვა მოაგროვა ეზოში და ადამიანს ცხოვრების წყარო დაუშრო, მზე აუტირა და მთვარე გაულახა. მებაღეს ოცნება ჩაუქრა, აღარც ეკალი უნდოდა და აღარც ვარდი, აღარც ვაშლი, დაღლილს და შეციებულს აღარც ცხელი შოთის ჭამა.

 

იყო მოზღვავებული ენერგია არა ჯანსაღ საქციელში გამოყენებული, რის გამოც ადამიანს სიცოცხლე წაერთვა. და აღარ იყო შრომისმოყვარე მებაღე, აღარც მისი მოვლილი ბაღი, აღარც სემინარიის ეზოს სიმშვიდე და სიმწვანე, მოწყენილი შემოდგომის ყვითელი ფოთლებით, მთვარიანი ღამითა და ფასკუნჯების ბუდით. დარჩა მხოლოდ ცხოვრებაწართმეული ყოფილი მებაღე. ლაშარი გაიზრდებოდა, ამ ამბავს სიცილით გაიხსენებდა და ვერასდროს მიხვდებოდა, რომ მის მოზღვავებულ ენერგიას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეაკვდა. მერე რა, რომ ტალიკამ ას წლამდე იცოცხლა.

 

 “ზვიად გურჯინთახობა ძალიან ძნელი საქმეა, ბატონებო”. იმას ჩიოდა ლაშარის მამა, გლეხად მაინც დავბადებულიყავი, ასეთი გაწამებული ცხოვრება არ მექნებოდაო. ადამიანია და გუნება, თორემ რას გულისხმობდა ზვიად გურჯინთახი ამ გამონათქვამში კაცმა არ იცის.

 

შეიძლება მე, და ვერც თქვენ, მაგდენი ნიჭი არ გვეყოს ბოლომდე ჩავწვდეთ მის ნათქვამს. გორში “თავადთა მამულების შენარჩუნების კომისიაში” თავმჯდომარე არა, მაგრამ თავმჯდომარესთან დაახლოებული პირი იყო ზვიად გურჯინთახი. ნაპოლეონობაც უნდოდა, მაგრამ რას გააწყობდა, ცოტა რთულად მისაღწევი პროფესია ჰქონდა ამორჩეული. ის გარშემო ყველა იმას გაიძახოდა: «კაცს შეიძლება გეოლოგობა ან მათემატიკოსობა უნდოდეს, მაგრამ, ნაპოლეონობა აღარ გაგვიგიაო.» ზვიადიც ხვდებოდა, დიდ იმპერატორამდე ბევრი აკლდა, მაგრამ შვილს მაინც დიდი რუდუნებით ასწავლიდა კორსიკელის ცხოვრებას. ვითომ რატომ ნაპოლეონი და არა მაკედონელი? მაგრამ აქ ერთი საიდუმლო ინახებოდა – ნაპოლეონმა ხომ მოსკოვი აიღო. გადამწვარი თუ გადაუწვავი, ხომ აიღო და მორჩა, ეგეც საკმარისია რუსებისგან შეურაცხყოფილი თავადისთვის. ზვიადმა მაინც არ მოიშალა თავისი და უმცროს ქალიშვილს ჟოზეფინა დაარქვა.

 

ნაპოლეონის მსგავსი სიძე მინდა რომ მყავდესო. ცოტათი რთული წარმოსადგენია ქსანში ან მთელ საქართველოში ქართველი ნაპოლეონის მონახვა, მაგრამ მამა რის მამაა შვილის მომავალზე თუ არ იოცნება. ჟოზეფინა გურჯინთახი მართლაც ჩამოჰგავდა, ოღონდ არა იმპერატორის მეუღლეს, არამედ თავად ნაპოლეონს. ისეთივე თავი ჰქონდა, გაბოყინებული და სიმაღლეც ხელს უწყობდა. ზვიადი დას არ იმჩნევდა, თორემ კარგი რამით რომ დამსგავსებოდა, მაგას რა გააჩერებდა. ლაშარს მამამისის მოყვანილი მკითხავი უყვებოდა ბონაპარტის ცხოვრებას. ყავაზე მკითხავი და ჯადოქარი კი არა, წიგნის მკითხავს ვგულისხმობ.

 

მთელი ბავშვობა მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა ბაშე მკითხავი ლაშარს. თუმცა ნაპოლეონის გარდა არავინ და არაფერი აინტერესებდა გურჯინთახის ახლანდელ ბურჯს.

 

 “კორსიკელი ბიჭი, აიაჩოში დაიბადა. კარლო ბონაპარტის ოჯახში. ადვოკატი კარლო, ხელმოკლე ოჯახის პატრონი იყო. ნაპოლეონი სულ იმას ისმენდა მამისგან, თუ როგორ იბრძოდნენ კორსიკელები დამოუკიდებლობისთვის. სამწუხარო ის იყო, რომ ნაპოლეონი სანამ დაიბადებოდა კორსიკა საფრანგეთის მფლობელობაში შევიდა, ეს სამი თვით ადრე მოხდა, ვიდრე მასზე მშობიარობისას ბონაპარტის ტირილს მოისმენდა ბებიაქალი. გენუელების წინააღმდეგ ცნობილ აჯანყებას, რომელსაც პაოლო ედგა სათავეში, სიამაყით უკითხავდა ბაშე ლაშარს.

 

ლუდოვიკო XV–ემ გენუის რესპუბლიკისგან იყიდა კორსიკაზე ბატონობის უფლება, რადგან კორსიკელებმა გენუელები ძლიერ დატუქსეს და მარტო გენუის რესპუბლიკა ძალების განმტკიცებას ვერ აუვიდოდა. ნაპოლეონის მშობლები ლეტიცია და კარლო გმირულად იბრძოდნენ ფრანგი დამპყრობლების წინააღმდეგ, მაგრამ პონტე–ნოვოსთან გადამწყვეტ ბრძოლაში დამარცხდნენ. ბონაპარტის მშობლები გადარჩნენ, სამი თვის შემდეგ კი დედამიწას უდიდესი პიროვნება აჩუქეს. წლების შემდეგ იმპერატორი იძახდა: «მე დავიბადე მაშინ, როდესაც სამშობლო იღუპებოდა.» ნაპოლეონი ფიცხი და ცოტა ცივსისხლიანი არა, ძალიან ცივსისხლიანი ბავშვი იყო, დედას გავდა ხასიათით და მამას გარეგნობით, რომელიც ლეტიციასთან შედარებით წყნარი და დამთმობი კაცი იყო.

 

– მეც მინდა ჩემზე ასე წერონ, – იტყოდა ხოლმე აღტაცებული ლაშარი.

 

– შენზე შეიძლება ის დაწერონ, რომ იმპერატორს მისი და ჰგავდა თავითა და ტანითო, – სიცილნარევი ხმით ეუბნებოდა ბაშე. ლაშარს კი უნდოდა მკითხავისთვის ცოტა მაინც გაეშრო სისხლი, მაგრამ ბაშე ერთადერთი კაცი იყო, ვინც, პირიქით, ლაშარს უშრობდა სისხლს. სწორედ მისგან იყო, ასეთი ეშმაკი და ფიცხი რომ წამოიზარდა უმცროსი გურჯინთახი.

 

 რით იყო დაკავშირებული დიდი იმპერატორის ცხოვრება და გურჯინთახების ოჯახი? იქნებ მართლა ნაპოლეონობა სურდა ზვიადს, ან იქნებ შვილის მსგავსება იყო მისი ასეთი მიწეპება ბონაპარტზე. ზვიადს ახსოვს წამები, როდესაც იუნკერები შეაკვდნენ წითელ მე–11 არმიას, და ეს ბრძოლა თავისუფლების დათმობით დასრულდა.

 

სამმა წელმა გასტანა ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადებულმა დამოუკიდებლობამ. კარგი იყო ეს, თუ ცუდი ქვეყნისთვის, ამაზე დიდხანს არასდროს უფიქრია ზვიადს, მაგრამ ის შეგრძნება, რასაც თავისუფლება ჰქვია, დაუვიწყარი იყო მისთვის. მაშინ მიხვდა ზოოპარკში ან უბრალო გალიაში დამწყვდეული მხეცის განცდებს. მერე რა, რომ ეს შედარება ცხოველით მოყავდა, ნებისმიერი ცხოველი დამოუკიდებელი ცხოვრების მიმართ ისეთ ტრფიალს გამოხატავს, ვერც ერთი ადამიანი რომ ვერ შესძლებს. კორსიკელებიც ამ დღეში იყვნენ. თან კორსიკა, თავისი მოცულობით, წააგავდა ჩვენს ქვეყანას. მთის ხალხივით შეუპოვარნი არიან კორსიკელები.

 

ბავშვობიდან რუსეთის ტანჯვის ქვეშ გამოზრდილს, მარტო ოცდაერთი წელი არ ახსოვდა ცუდად. ილიას სიკვდილიც თავზარდამცემი იყო ახალგაზრდა ზვიადისთვის. 1907 წელს ფურთხის ღირსი ერი რომ გვიწოდა აკაკიმ, ეგეც ახსოვდა გურჯინთახს. ფიქრობდა, ნეტავ ისეთი კაცი გაიზრდებოდეს ჩვენ მიწაზე, რუსეთის იმპერიას ყოფა უტიროსო, ნაპოლეონმა როგორც უტირა ფრანგებსო. თუმცა მერე ოცნებაც აუხდა და იოსებ ბესარიონოვიჩიც საკუთარი თვალით იხილა კრემლში წამოჭიმული, მაგრამ, რაღაც, ეს იმ ოცნებას არ ჰგავდა ყრმობისას რომ წარმოუდგებოდა თვალწინ. კორსიკა და საქართველო ნათესავები არიანო, სულ იმას გაიძახოდა, არ შეიძლება ერები ასე წააგავდნენ ერთმანეთს და ნათესაური კავშირი არ იყოსო. ყველაფერი გაჭრილი ვაშლივით გავდა ერთმანეთს, ან ასე უნდოდა ზვიადს.

 

არც არავინ ეკამათებოდა. აბა, ვინმეს ცინიკურად ხმა ამოეღო, მაშინვე თავადურ ხმალზე წაივლებდა ხელს. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ნაპოლეონს პირდაპირ ნათესავად არა, მაგრამ შორეულად მაინც თვლიდა. შვილის პროფესიას განსაკუთრებული გულისყურით უდგებოდა. მეომრობისთვის ამზადებდა. ბაშესაც სულ ჩასჩიჩინებდა “ისე მოექეცი ნაპოლეონობა მოუნდესო”, – ბაშეც გაგიჟებული იყო, “რა ვქნა კაცო, მამლუქად ხომ არ გადავიქცევი, ჩემი მოსპობა რომ მოუნდესო”. ზვიადმა რომ თინათინი ცოლად ითხოვა, სულ იმაზე ოცნებობდა, ქორწილის დღე როდის მოვიდოდა, რომ ბონაპარტის სამკუთხედი ქუდი დაეხურა და მსგავსი სამოსიც მოერგო.

 

ძლივს გადააფიქრებინეს მშობლებმა ნათესავების დახმარებით. თინათინი თბილისელი ლამაზი გოგო იყო, ერთი მეზობელი ბიჭი ჰყავდა, სწავლას რომ მორჩა, მითხოვებასაც აპირებდა. შავი თმები ქონდა ლაშარის დედას, შავი თვალები, შავით შემოსილი დადიოდა. შავი სამოსის მიუხედავად, მგლოვიარეაო ვერავინ იტყოდა თინათინზე. მუდამ მომღიმარი და სათნო სახით დადიოდა. ელიაზე რომ გაივლიდა, გეგონება დღესასწაულიაო, ისე გამოცვივდებოდნენ მცხოვრებნი.

 

არასდროს...

 

ჰო, .რა დროს არასდროა, მოდით მის მეზობელზე დავბრუნდეთ. გოჩიკასაც უყვარდა ჩვენი გმირი, მაგრამ კინტოობას და ტრაკის ქნევას არაფერი ერჩივნა. პატარები რომ იყვნენ, გოჩიკასნაირი ვაჟკაცი არ მოიძებნებოდა ელიაზე. თინათინი უფროსი იყო, ამიტომ სანამ გოჩიკა არ წამოიზარდა ვერაფერს ამჩნევდა. ხატვაზე გაგიჟებული გოჩიკა დუქანდუქან დაეხეტებოდა და ლუკმა–პურს შოულობდა. თინათინის ოჯახს არაფერი აკლდა, თან გოჩიკას ვერ იტანდნენ. «ეგ მხატვარი ოჯახსაც დაგვიქცევს და გვარსაც ლაფში ამოგვითხვრისო.» ერთ დღესაც ვეღარ მოითმინა თინათინის მამამ, გიორგიმ.

 

გიორგის კახეთში ვენახები ჰქონდა, რთველზე იმდენ მოსავალს აბარებდა, ორი წელი ორაგული არ აკლდა სუფრაზე ოჯახში. ცოლიც მდიდარი ჰყავდა, თუმცა სახელს ვეღარ ვიხსენებ. თუ გამახსენდა ხომ კარგი, თუ არა, პროსტა (უბრალოდ) ცოლი დავარქვათ.

 

– რატომ!? რატომ!? – თავგანწირული ხმით და ჯულიეტას სახით იცავდა თინათინი თავის სატრფოს.

 

 ვერაფერი მოუხერხა გიორგიმ გოჩიკას, მუდამ ხელს უშლიდა, მაგრამ ვერაფერს შველოდა ამ საქმეს. გოგოც გაგიჟებით ეტრფოდა დუქნებში მოხეტიალე მხატვარს.

 როდესაც ელიას მთაზე ვირებს მოათრევდნენ ბავშვები და მაწვნის ქილების ჟღარუნი აყრუებდა მაცხოვრებლებს, თბილისი იზმორებოდა, ხელებს შლიდა და ამთქნარებდა, მაშინ თინათინი გადმოდგებოდა აივნიდან და შავი თვალებით თავის მხატვარ ბიჭს ეძებდა. დილით ყველაზე ძლიერი იყო მონატრება. მთელი ღამე ფიქრებში გატარებულს და სიზმრებით დახუნძლულს, ერთი სული ჰქონდა თავის გულისსწორი დაენახა, დაეტკბო და დაეკმაყოფილებინა მთელი ღამე დაგროვილი სიყვარულის წყურვილი. ყასბებმა ჩაატარეს ბატკნის და ხბოს ხორცი.

 

თეთრი წინსაფრები ეცვათ, შავ მაისურებზე. ღრუბელმა ქვემოთ დაიწია და ნისლად გადაიქცა, შემდეგ აბანოებიდან ამოსული ბოლს შეერია და ისევ მაღლა წავიდა თბილისის ყვითელი მზისკენ.

 

– თინათინ!

 

– ბატონო.

 

– ჰა, მითხარი.

 

– რა გითხრათ? – მხიარულად შეაგება შავთმიანმა გოგომ.

 

– ეჰ, თუმცა რა უნდა მითხრა, – ყასაბის სახელი არ იცოდა თინათინმა, მაგრამ აღარც აინტერესებდა, რადგან სახეზე ამოიკითხა მისი მწუხარება და სინანული.

 

– რა ხდება კაცო, რა ნაღვლიანი ხარ? – თავი მაინც დაიმშვიდა თინათინმა და ისე კითხა ულვაშებიან ყასაბს.

 

– რა ხდება და, შენი გოჩიკა კინტო ჩახას საყვარელი გამხდარა. თვითონაც კინტოს სამოსში გამოწყობილა და მშვენივრად აქანავებს ერთ ადგილს!

 

– ჰა, გაჩერდი ბიჭო, – მუჯლუგუნი უთავაზა გვერდზე მდგომმა მემაწვნემ, როდესაც ყასაბის ხმაში ირონია იგრძნო და თინათინის მკვდარი და ფერწასული თვალები დაინახა. თინათინი იმ დღეს მოკვდა... არა კი არ მოკვდა, გული მოუკვდა. მთელი ქვეყანა ამობრუნებულიყო, ოღონდ ასეთი სიტყვები არ მოესმინა, ყველას შავი ჩაეცვა, ოღონდ ეს არ მომხდარიყო, ყველა მომკვდარიყო, ოღონდ...

 

ოღონდ... სიტყვები და აზრები აღარ იყო თინათინის თვალებში და გულში. თვალებიც და გულიც იმ დღეს დასრულდა.

 

 თინათინზე მერეც ბევრი ვილაპარაკოთ, ალბათ გაინტერესებთ ზვიადს როგორ მიათხოვეს.  ან, იქნებ საერთოდ არ გაინტერესებთ. ერთს კი გეტყვით, თინათინის რა მოგახსენოთ, მაგრამ მამამისს ისე გაუხარდა გოჩიკას გაკინტოება, კინაღამ სუფრა გაშალა ამ ამბის აღსანიშნავად.

 

 ლაშარის დაბადება მძიმე პერიოდს დაემთხვა. აშკარა იყო, რუსეთში რევოლუცია მწიფდებოდა, თან მდგომარეობა რუსეთ იაპონიის ომის დროს უფრო გამწვავდა. ომში რუსების უძლურობით გათამამებული დემოკრატიული ძალები უფრო გააქტიურდნენ.

 

აბა რას მიიღებდა რუსეთი საგარეო პოლიტიკურ ბრძოლაში, როდესაც შიგნით ცარიზმის წინააღმდეგ გამომსვლელი დემოკრატები მოსვენებას არ იძლეოდნენ. რუსები იაპონელებთან შერცხვნენ და კუდამოძუებულები უკან იხევდნენ. მუშები ისედაც უკმაყოფილოები, ომწაგებულ რუსეთს უფრო გაუთამამდნენ და აქციებს აქციებზე მართავდნენ. ზვიად გურჯინთახი ლენინგრადში იმყოფებოდა, როდესაც 1905 წელს (მაშინ პეტერბურგი ერქვა, მაგრამ მე ლენინგრადი მიყვარს) ქარხნის მუშები აქციაზე დახოცეს. ზვიადს დიდად არ უყვარდა რუსები, მაგრამ ცარიზმის წინააღმდეგ მაინც არ გამოდიოდა და აქციას არ ესწრებოდა. სწორედ მაგ დღეს თინათინისგან წერილი მოვიდა ქსნიდან, ლაშარი მძიმედ ავად გახდა და ექიმები ვერაფერს შველიან, იქნებ შენ წაიყვანო ლენინგრადშიო. ზვიადმა ერთი კი გაიფიქრა, აქ ისეთი არეულობაა, ხუთი წლის ბავშვისთვის ცოტა სახიფათო იქნებოდა რუსეთში ჩამოსვლა, მაგრამ იმითაც დამშვიდდა, რომ არც საქართველოში იყო უკეთესი მდგომარეობა.

 

ამიტომ სულერთი იყო, ხიფათის თავიდან აცილებაზე თუ იფიქრებდა, ორივე ქვეყანაში ბეწვზე ეკიდა ცარიზმიცა და მისი ოქროს გვირგვინიც. გენერალი სახუროვი – იყო ასეთი ფიგურა მეფის თავდაცვაში, სახელს კი ვეღარ ვიხსენებ... მოკლედ, ზვიადი სახუროვს მიადგა მოსკოვში. ლაშარის მკითხველი და გამზრდელი ბაშე სწორედ სახუროვის გაგზავნილი იყო პეტერბურგიდან. ზვიადის და გენერლის ურთიერთობა თბილისში დაიწყო, როდესაც სახუროვი თბილისში მსახურობდა. მოკლედ, ამ ისტორიას ქვემოთ გაეცნობით, და საერთოდ გურჯინთახების შესახებ შემდეგ ვისაუბროთ. მგონი ძალიან გამეწელა ისედაც, მოდი, რამე სხვა მოვყვეთ.

 

 

 

 

  ზაფხული

 

 

  II

 

 

 თვითმფრინავში ვზივარ, საოცარი შეგრძნებაა, რასაც ვერსად ვერ განიცდი თუ არ მიემგზავრები თბილისიდან.

 

სტამბულში მივფრინავ. ამ საოცარ, ბერძნების და სელჩულკების აშენებულ ქალაქში, პირველად უნდა დავადგათ ჩვენი “გრუზინული” ფეხები. ზაფხულით უნდა გამეგრძელებინა ჩვენი “ბუხარი”, მაგრამ სტამბულის მიმართ გამოწვეულმა ინტერესმა წესი და რიგი დამავიწყა.

 

 ზაფხული მოდის ჩვენ თვალებში. რაღაცის მოლოდინში ვიღვიძებთ. ვინ ვისთან წავა, ან როდის წავა, ან უბრალოდ ზაფხული გვიყვარს. ბარნოვის ქუჩაზე ჭადრები დაბერდნენ. მწვანე მაისი მიდის და სიყვარულით სავსე ყვითელი ივნისი გვესტუმრება.

 

ჩვენც ვატრაკებთ, თორემ სკოლის დამთავრება უფრო გვისწორდება, ვიდრე ყვითელი ივნისის მოსვლა. ახლა იმაზე უნდა ვიჩალიჩოთ “ლაგუნა ვერეზე” მაგარი საცურაოთი გავიჩითოთ, ანდა სანამ მაგაზე ვიფიქრებთ, აბონემენტზე უნდა ვიზრუნოთ. თბილისი ხომ კუდაბზიკობის და პრანჭვის პატარა უცხელესი წერტილია მრგვალ გლობუსზე. ახლა მაღლა ავიწიეთ, ჩვენი პატარა ქალაქი ხელისგულივით მოჩანს. ყვითელი ნაკვერჩხლებით ანთებული ნაცრისფერი ბუხარი – ასეთი მოჩანს თვითმფრინავის მრგვალი ფანჯრიდან ეს ქალაქი. ვერ მოვიშალე, ეს ერთი თემიდან მეორეზე გადახტომა.

 ნაყინის დრო დაგვიდგა.

 

ნიკოლაძეზე ჩვენი იეზიდი ჯასტინა ჩამოივლის თეთრი ხალათით და “კერგი მარიჟნეს” ძახილით.

 

სკოლის ეზოში ერთადერთ «ფანტანს» ვაწყდებით.

 

გოჭებს რომ დედაღორის ძუძუ არ ყოფნით და ერთ ძუძუზე ცამეტი იბრძვის, ზუსტად ეგრე ვართ ჩვენც. მაგრამ ამ საცოდავ «ფანტანს» იმდენი თაობისთვის გაუძლია ჩვენც გაგვიძლებს, სად წავა. გოგოები უფრო ლამაზები გახდნენ თავისი სველი, გაწუწული თმებით და მუხლებამდე კაბებით. რა სასწაული გრძნობა მოაქვს წელიწადის ამ დროს. ნაძვებს შუა გაკიდულ ჰამაკებში ვეტენებით 20 კაცი, და ათას სისულელეზე ვიცინით. ისე როგორ გვიძლებდა ამდენ ადამიანს ჰამაკი, კაცმა არ იცის. კიკეთში გატარებული ზღაპრული წლები თავის ბრაზიანი ხარებით და მწვანე მდელოებით, ცეცხლის დილამდე ყურებით და არყის სულმოუთქმელად მოყუდებით.

 

როგორი აურა დგებოდა და რამხელა სითბოთი ჩვენს პატარა გულებში, არადა ცეცხლისა და ნაკვერჩხალში შემწვარი კარტოფილის მეტი არაფერი გვებადა. იყო ერთმანეთის სუფთა სიყვარული, ბავშვური გულწრფელი საიდუმლოებების გამხელა, უწმაწური ანეგდოტები, სიამაყე უმშობლოდ დასვენების და სიმთვრალით გათამამებულზე გოგოსთვის ხელის მოხვევის, და ბევრი, ბევრი კარგი ამბის გახსენება შეიძლება და ამ ყველაფერს საქართველოში გატარებული ზაფხული გვაძლევდა. ბევრ ადგილას გამიტარებია ზაფხულის დღეები, მაგრამ კიკეთის მოგონება ჩემთვის მიუწვდომელ ზღაპრად დარჩა. არ ვიცი, მაგრამ ალბათ სისხლი დუღს ზაფხულში და შენ ქვეყანაში გატარებული წუთები დაუვიწყარი ხდება. რა საოცარია, მაგრამ ჩემთვის საქართველოში გატარებული ზაფხული მომავლის სიტკბოა, რადგან ვიცი, ეს წუთები როგორ გამახსენდება მომავალში. ახლა თვითმფრინავში თითქმის ყველას სძინავს, მარტო მე მაქვს ანთებული შუქი და გიჟივით ვწერ, როდის ჩავალ ამ საოცარ მიწაზე, როდის...

 

 როგორი დარდიანია ჩემი თბილისი აგვისტოში. უხალხობას, უადამიანობას განიცდის, მაგრამ მისი ცრემლების, როგორც მოსკოვის არავის ჯერა.

 

მეც ვახურებ, თორემ ჯერათ კი არა, ერთი წვეთი რომ ჩამოუგორდეს ღაწვებიდან ყველას გული სტკივა და სჯერა, როგორ არ სჯერა. . . არ მიყვარს მოწყენილი თბილისის ცქერა. აგვისტოში ყველა სადღაც გარბის, აბა ანტალიაო, აბა ბოდრუმიო, თბილისის მარტო დატოვებას არავინ ჩივის. ის კი ისეთი ნაღვლიანი, მიუსაფარია. როგორი უმადურები ვხდებით ადამიანები, რომ გვათბობდა? რომ ტკიოდა ჩვენი სატკივარი? რომ ესმოდა ჩვენი და არასდროს მიუტოვებივართ? ჩვენ კი ერთი ხელის მოსმით გულს ვუპობთ და შლოპანცების ჩაცმაში ვცვლით.

 

მერე კი ვტირით, ისე გვენატრება, მაგრამ ხომ ვყიდით იუდასავით. თუ გამიგებთ კარგი იქნება, და თუ არა მაინც კარგი იქნება, რადგან შემდეგ თუ იგრძნობთ თბილისის სიმარტოვეს, ჩემი ნაწერი გაგახსენდებათ. მეც, არ გეგონოთ უერთგულესი და მამა აბრამის ბატკანი, რადგან ერთხელ როცა თბილისს ერთგულება შევფიცე და გადავწყვიტე მთელი ზაფხული აქ გამეტარებინა, აგვისტოს ბოლოს ვეღარ გავუძელი და ქობულეთში მოვხიე. მას შემდეგ ერთგულებაზე თავი აღარც დამიდია. იცის ზაფხულმა დაუნდობელი სიცხე და დედამიწას ბდღვირს ადენს, მაგრამ ეს სიყვარულით მოსდის, რადგან ის ხომ მაინც ბავშვებისთვის არის მოსული ამ ქვეყანაზე. ზაფხული ხომ იმ მოგონებებს ტოვებს, რაც მთელი ცხოვრება ყველაზე ნათელი იქნება ჩვენს მეხსიერებაში. წყნეთში «პაროლობანას» თამაში რომ მახსენდება, გული მწყდება ამდენ წამებას რატომ ვიტანდი და რომ არცერთი «პაროლი» არ ღირს ამდენ ტანჯვად.

 

 ღინტუ იყო ერთი წყნეთელი მემაწვნის შვილი.

 

ჩვენზე სამი, ოთხი წლით უფროსი იქნებოდა. რატომ ამოგვიჩემა მე და ჩემი სკოლის მეგობარი ირაკლი გაბროძე, არ ვიცი, მაგრამ ბაყაყების შპრიცებით გაბერვისას მითითებებს გვაძლევდა.

 

– გაბერე! მიდი, მიდი, იცი რამხელა გახდება! აუ, მომეცი, შენ რა იცი ამათი გახეთქვა! – არ ჩერდებოდა ღინტუ და მითითებების დროს ხან ერთს შემოგვივლიდა ხან მეორეს. ისეთი მოუსვენარი იყო, ცოტა გასაკვირი ჩანდა ბაყაყების გასკლეცვით ასეთ სიამოვნებას რომ იღებდა და ამდენი ხანი რომ არ სცილდებოდა იმ ჩვენი ცოდვით სავსე გუბეს. ცოდვით იყო სავსე აბა რა იქნებოდა, რაც იქ ბაყაყების ჟლეტვა და ტრაგედია ტრიალებდა.

 

– გამანებე რა თავი! – ჩაკუზული მოუტრიალდა გაბროძე – შენ რა ბაყაყების ექიმი ხარ თუ...

 

– ბაყაყების ექიმიც ხარ და კენგურუების დირიჟორიც.

 

– ოჰო, წყნეთური იუმორი, – დასცინა გაბროძემ და თვალი ჩამიკრა.

 

– იცი რას გეტყვი?

 

– რას?

 

– რას და მე რომ სამი ჯადოსნური კაკალი მაქვს თუ იცი?

 

 გაბროძეს რაც შეეხება, კარგი გაქექილი ბავშვი კი იყო, მაგრამ სიტყვა ჯადოსნურმა მაინც დააბრკოლა. ერთი წამი მე შემომხედა, მერე გადაფარჩხულ და გასაბერად გამზადებულ ბაყაყს დახედა და ჩაფიქრებულმა იკითხა:

 

– მაჩვენებ?

 

– რას?

 

– კაკლებს.

 

 ზაფხულში რომ თბილისელები სძულთ ყველა მხარეში, კურორტსა თუ რეგიონში, ამას წყალი არ გუავა. გადაპრანჭულები ჩავლენ ამა თუ იმ მხარეში, დიდ ჟივილ–ხივილს ატეხავენ, გოგოებს ჩაიყვანენ, ან იქვე დაითრევენ, ფულს ათას სისულელეში მიათხლიშავენ, თან ყველას დასანახად, რომ ყველა მიხვდეს თუ რა უმნიშვნელო ნაწილია ფული მის ცხოვრებაში, დაიხურავს იქაურობას ქუდად და თბილისში ბრუნდება. აბა ვის უნდა მოვწონდეთ ან რატომ, როდესაც მთელ ოცნებას ქობულეთელისა თუ კიკეთელისა ორ კვირაში ამოიოხრებ.

 

ფეხბურთის თამაში იცოცხლე, მიდიოდა წყნეთშიც და კიკეთშიც. სამწუხაროდ უფრო ვაგებდით, მაგრამ თუ ვიგებდით, ორი კვირა სალაპარაკო არ გველეოდა. ცოფებს ყრიდნენ “მესტნები” ჩვენ სულ ვიგებთ თან ხმას არ ვიღებთ, ესენი ორ თვეში ძლივს ერთხელ მოიგებენ და ტვინს ჭამენ. მოკლედ, ზაფხული, ვაგებთ თუ ვიგებთ, ჩვენი დროა და მორჩა. მაგრამ ყველაფერი არც ისეთი იოლია, როგორც მე დავხატე, რადგან გაბროძეს და ღინტუს ისტორია დაღდასმულია თბილისელებისთვის.

 

– გაჩვენებ, ოღონდ ერთი...

 

– ჰო, რა პირობით? – გააწყვეტინა გაბროძემ ღინტუს.

 

– არავის...

 

– არა, არა, არ ვეტყვი, – ისევ შეაწყვეტინა სიტყვა გაცეცხლებულმა.

 

– მოკლედ, ეს კაკლები ბერძენმა მანგოშამ მომცა. მამამისს ჩამოუტანია როდოსიდან ათი ცალი. ვიღაც მეთევზეს მიუცია, და უთქვამს, რომ ვთევზაობდი ბადეს ამოყვა ოცი ცალიო.

 

მანგოშას მამისთვის იმიტომ მიუცია, რომ თურმე ადრე ეს მეთევზე ზღვაში იხრჩობოდა და სწორედ ჩვენმა ბერძენმა გადაარჩინა. მამაჩემმა შვიდი კაკალი ჩვენ მიწაში ჩარგო და სამი მე მომცაო.

 

– მიწაში რა უნდოდა ჯადოსნურ კაკლებს? – ინტერესით აივსო ჩვენი თბილისელი.

 

– რა უნდოდა და მოსავალი უნდოდა. ბანანიც მოვა და მანგოც, ქოქოსიც და ანანასიც, ოღონდ მამამ თქვა, ერთი თვე უნდა ვაცადოთო.

 

მამაჩემის სურვილიც ეგ იყო, მერე ერთ თვეში შვიდივეს ამოიღებს და ორ – ორი სურვილიც შერჩება.

 

– სად გიდევს კაკლები? – მოდუნდა ირაკლი, ვითომ ძაან არც აინტერესებდა მათი ადგილ–სამყოფელი.

 

– სახლში მიდევს, – ისე უპასუხა ღინტუმ, გაბროძემ ერთი ისეთი შემომხედა, თვალებით მეკითხებოდა ახლა რაღა ვქნაო. გაქექილობაზე რომ გესაუბრეთ, სწორედ შესაბამისი მომენტი შეარჩია, და კითხა:

 

– რა ვქნათ?

 

– რაზე? – ცოტა დაიბნა ჯინსის შორტებიანი წყნეთელი.

 

– კაკლებზე.

 

– რა გინდა კაცო, გამაგებინე?

 

– გავცვალოთ რაში გინდა? – შესთავაზა თვალებანთებულმა კაკლებით მოხიბლულმა.

 

– გაგიჟდი ძმაო, ეგ რომ მამაჩემმა გაიგოს კაკლების მაგივრად შეიძლება მე ჩამრგოს მიწაში.

 

– არ გინდა ახლა ეს თავის შეცოდებები, თქვი რა გინდა.

 

– მაგას ნუ მკითხავ, ირაკლი, – ხელები გაშალა ღინტუმ, თან მეც შემომხედა და თვალებით გაკვირვება გამოთქვა, რატომ მე არ ვერეოდი ვაჭრობაში. ალბათ ფიქრობდა, ეს ოხერი ვინმეა და ჩემი ჯადოსნური კაკლების არ სწამსო, მაგრამ საქმე ეგრე სრულებითაც არ იყო, – ჩემი ვაჭრობაში არ ჩარევის მიზეზი, არაფრის ქონა იყო. ამიტომ, რადგან ვერაფერს შევთავაზებდი სანაცვლოდ, ჩუმად ვუსმენდი კაკლებით აღტაცებული გაბროძის და ჯინსის შორტიანი ღინტუს საუბარს.

 

ისე მეც მჯეროდა ყველაფრის და გულში ვფიქრობდი, ირაკლიმ რომ სამი კაკალი დაითრიოს ერთს ხომ მაინც მომცემს მეთქი.

 

– ჩემი “აისტი” ნანახი გყავს? – ოჰო! ეს უკვე სერიოზული განაცხადი იყო. “შკოლნიკი,” “დესნა,” “ლუნა” ბევრს ყავდა ჩვენს გარშემო, მაგრამ “აისტის” პედლებზე დაბიჯება ბევრს ნამდვილად არ ღირსებია, მათ შორის, არც მე.

 

– მყავს!

 

– მერე?

 

– რა, მერე შენ «აისტს», ძმაო, ჩემი ვირი ასწრებს მაწვნებაკიდებული და ახალი გაღვიძებული.

 

საქმე რთულად მიდიოდა, მაგრამ გულის სიღრმეში “აისტის” ძალის მაინც მწამდა და თუ გინდათ, მოგეკალით.

 

– წამო, შევაჯიბროთ შენ ჩოკინას, და ვნახავთ, ვინ ვის გაასწრებს – შეტევაზე გადავიდა გაბროძე.

 

– წამო, ერთი მანახე შენი “ველიკა,” – ეს უკვე მოგებისკენ არა, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯი მაინც იყო.

 

 – მიდი, მიდი მიაწექი და ჯადოსნური კაკლები ჩვენი იქნება და მერე თუ მოგვინდება “აისტს” კი არა “მერსედეს-ბენცს” შევუკვეთავთ.

 

მაგრამ, წყნეთელი ღინტუც კაი ოხერი იყო და ასე უბრალოდ არ გვნებდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა წამოგვყვა გარაჟში, და “ველიკაც” მოსინჯა. ისეთი გაგიჟებით ატრიალებდა პედლებს, გეგონებოდა, გამწარებული ყურძენს წურავსო.

 

– კარგი, ძმაო! 

 

ეს უკვე გამარჯვება იყო.

 

– როდის მოიტან?

 

– ახლავე, აქ მომიცადე.

 

 ღინტუ ძალიან მალე დაბრუნდა და მწვანე მკუხე კაკალი მოგვიტანა.

 

ჩვენ ჯადოსნურობის ნიშნები შევნიშნეთ ნაყოფს და “ველიკაც” გადავეცით მოტყუებულ ღინტუს. წყნეთელი თუ გაცვლიდა მეთქი “აისტში” ჯადოსნურ კაკლებს, თორემ თბილისელს რას აჭმევდი ამ ოინს. გაბროძემაც მთხოვა ჯერ მამას ვანახებ და მერე გაჩუქებ ერთ კაკალსო, მეც თვალდახუჭული ვენდობოდი და სახლში დავბრუნდი ირაკლის მოლოდინში და ოცნებებში ჩაფლული. მაგრამ ასე ადვილად რომ ვერ იწყობ ცხოვრებას ადამიანი, თან მითუმეტეს ბავშვი, ამას ახლა ძალიან კარგად ვხვდები. საქმე იმაში იყო, რომ, როდესაც ირაკლის მამამ თავის ნაწვალები ფულით ნაყიდი “აისტის” ადგილმდებარეობა მოიკითხა, ამაყმა გაბროძემ და სანაქებო შვილმა სამი ჯადოსნური კაკლის ისტორია მოუყვა, კაკლები ხელის გულზე გადაუშალა და აღტაცებული მამის რეაქციას დაელოდა. მამამ ჯერ კაკლებს დახედა, მერე ქვედა ტუჩი ჩამოუვარდა, ფეხის წვერებზე აიწია და ჯადოსნური, უფრო სწორედ, ეგრედწოდებული “ჯადოსნური კაკლები” თავზე გადაალეწა ჩემს მეგობარსა და თავის ჭკუის კოლოფა შვილს. ღინტუს სახლს რომ მიადგა, გამწარებული მამა, სახლში ვიღაც ქურთის ქალი დახვდა.

 

– ღინტუ ოჯახი წავიდეს ერევანში.

 

 ეს იყო და ეს.

 

ასე დამთავრდა ჩვენი ოცნება, ჯადოსნური კაკლები და “აისტი”. თბილისელობაზე ფიქრი და ამით ტრაბახი ხომ ზედმეტი იყო, ყველას წყნეთელობა მოგვინდა და ღინტუსი გვშურდა. აი, ასე მოსპო და დაანგრია მითი ირაკლი გობროძემ თბილისელ მაგარ ბიჭებზე და მათ უკიდეგანო შესაძლებლობებზე.

 

 სტამბულში ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი ზღვის სუნი. თითქოს სადაც ზღვაა, ყველგან ზაფხულია. ბოსფორის სრუტის ნაპირზე არის ჩვენი სასტუმრო. დილას შვიდ საათზე დავდგი ფეხი თურქეთის მიწაზე და როდესაც მზე დავინახე, მივხვდი, რომ მისი დანახვა ეგრე არასდროს გამხარებია, რადგან ხუთი წელი იქნება, რაც ზღვა არ მინახავს და მისი გამოჩენა მზესთან ერთად, რაღაც საოცარი გრძნობის აღმძვრელია. ეჰ, ზაფხული იყოს და მზის სითბოს და ზღვის სიგრილეს უფრო ვიგრძნობდით.

 

მაისია და თითქოს ზაფხულის ცხელი დღეები იდგას ისეთი ამინდებია, თუმცა მაისის ქარი მაინც შეგვახსენებს რომ გაზაფხულია ჯერ–ჯერობით ყველაფრის ბატონ-პატრონი. “ტოპკაპის” ბაღში ვიყავი. მეჰმედ II-ეს აუშენებია, კონსტანტინოპოლი რომ დაიპყრო და სტამბულად გადააკეთა მერე. ბიზანტიელების ჯინაზე აუშენებია “ტოპკაპის” ბაღი, ბერძნებზე ნაკლები არც ჩვენ შეგვიძლიაო, მაგრამ, ქართველებს რომ ეგეთი ადგილი გვქონდეს, ალბათ კისერში ამოგვადენდნენ. ჰარემი, ოქროს ხმლები, ზურმუხტებით მოჭედილი მუზარადები, მისაღები დარბაზები, აბანოები მარმარილოს თეთრი ქვით, ოქროს უზარმაზარი ბუხრები, აუზები, შადრევნები, მოსეს ჯოხი, ოქროს და ვერცხლის აკვნები, სულთანის საცხოვრებელი სასახლეები და . . .

 

ძალიან შორს წაგვიყვანს მათი ჩამოთვლა. საწყალ ქართველებს ერთი სასახლე არ დაგვრჩა, რომ ვინმეს ვანახოთ ბაგრატიონების საცხოვრებელი და «ვიტრიპაჩოთ», როგორც გვჩვევია და რაც სისხლში გვაქვს. ვხუმრობ, ზემოთ რომ აღვნიშნე, კიდევ კარგი ქართველებს არ გვაქვს ასეთი სასახლეები, თორემ ქართველის კვეხნას და «ტრიპაჩობას» ვინ გაუძლებდა-მეთქი. ნეტავ მართლა გვქონდეს რამით «სატრიპაჩო» და მაგას რა სჯობს, თუმცა რაღაცა მაინც ხომ გვაქვს და გვაბადია, ისეთი რომ წელში გავიმართოთ. აი, ისევ გადავუხვიე. ზაფხულზე ვწერდი და სტამბულში აღმოვჩნდი, მაგრამ ალბათ მიეჩვიეთ ჩემს დაუდევრობას. გუშინ ცუდად ვიყავი, არ ვიცი რა მჭირდა, მაგრამ დიდი სტამბულის ბაზრობიდან რომ დავბრუნდი, სიმარტოვე ვიგრძენი.

 

ამ უშველებელ ქალაქში მარტო ვართ მე და ქეთო. არა და ისეთი ვიწრო ქუჩებია, გეგონება ერთი მუჭისოდენა იყოს მთელი ქალაქი. ბიზანტია აღარ არის, მაგრამ ბიზანტიური წყლის ცისტერნა და მისი მტირალა ბოძები არსებობს. ვერ გაუძლო ვერც ქვამ სელჯუკების უმოწყალობას და ცრემლი მოსდის. მაინც ევროპა და მისი ძლიერი ტალღები აღწევს და ხმაურობს მთელ ქალაქში.

 

ვერ უშველეს ჩადრებმა და შავ წვერებიანმა ქალ-ვაჟებმა ევროპის ტალღებს ვერაფერი. ნელ–ნელა კვდება აზია და მოლას სასიამოვნო ყვირილიც, თუმცა მე არაფერი მესმის, რადგან ქართველი ვარ და ქრისტიანი.

 

მთელი ქვეყანა ევროპის მონად არის ქცეული, მთელი თურქეთი, მაგრამ მაინც დრო და დრო აზიური სისხლი იყივლებს და ევროპულ ტალღებს თავის მკვრივ კედელს ახვედრებს. აიასოფია თათრულ-სელჯუკური ნახატებითაა მოხატულია, მხოლოდ რამდენიმე ბერძნული ხატია შემორჩენილი ეკლესიის კედლებზე. ჭერში აღმართული ღვთისმშობელი ისე დასცქერის ყველას და ყველაფერს, გეგონება თვალებით ეუბნება, მე ვერასდროს თითსაც ვერ დამაკარებთო. ბიზანტიამ ახალი დესანტი გადმოსხა სტამბულის ნაპირებზე და ალბათ, თავიდან ბიზანტიად არასდროს გადაიქცევა აქაურობა, მაგრამ ეს დესანტი ევროპის სახით ნელ-ნელა ჭამს და ღრღნის აზიურ ფესვებს.

 

 სტამბულმა სულ ამირია თავგზა და ხან რას მივედ–მოვედები, ხან რას.

 

ზაფხული შუა ცეცხლში იდგა და როგორც ბუხარში, ისე იწვოდა ჩვენი სიყვარული ივლისთან ერთად. რაჭაში მივდივართ ავტობუსით. არასდროს ვყოფილვარ დასავლეთის მთაში.

 

გზა, როგორც ყოველთვის ულამაზესი საცქერია ბრუხუნა და მონჯღრეული საბჭოთა ავტობუსიდან. ხალხის თვალები არ მომწონს, თითქოს არ იციან სად, ან ვისთან მიდიან. ვისთვის დაღვარონ ოფლი ან სისხლი, თუმცა, ოფლის დაღვრა დისკოთეკაზე ვიცით ქართველებმა ზუსტად იმ დროს, როდესაც აფხაზეთში სისხლი იღვრება. ზაფხულის მზე გაწითლდა და ზღვაც გააწითლა. არ მეგონა, თუ ვინმე შავი ზღვის გაწითლებას შეძლებდა. ქართველების და აფხაზების წითელმა სისხლმა შავი ზღვა აამღვრია. გვიჭირს ქართველებს საკუთარი ადგილის მონახვა.

 

ადრე ის თუ იცოდნენ, ოჯახი და მიწა სისხლის ფასად მაინც უნდა დაეცვათ, ახლა აღარ იციან რუსეთისკენ, ამერიკისკენ თუ ევროპისკენ წავიდნენ. როგორ მიხაროდა ზაფხულის ბოლო, როდესაც სექტემბერი დგებოდა და ჩვენ ახალ ტანსაცმელებში გამოწყობილები, ბარნოვზე, 53-ე სკოლის ეზოში ვიკრიბებოდით. ყველა თავის ამბავს ყვებოდა, ზოგიც იტყუებოდა, ზოგიც ცოტას იტყუებოდა, მაგრამ ტყუილიც და მართალიც იმ დღეს ერთი იყო, რადგან ერთმანეთის სიყვარულით ნათქვამი ტყუილიც და მართალიც ერთი და იგივეა. ისე, რა საოცრებაა, მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ცხოვრებაში ერთხელ იყო ისეთი დრო, როდესაც ტყუილს სიმართლის ფასი ჰქონდა, დანარჩენ შემთხვევაში მართალსაც ხშირად ტყუილის ფასი აქვს. მხოლოდ ის სექტემბერი მეზიზღებოდა, როდესაც დედაჩემი დამხვდა სკოლიდან მოსულს და მითხრა, რომ აფხაზეთში ვეღარასდროს ვეღარ წავიდოდით, რომ ჩემი ბევრი ახლობელი ჩამოასვენეს სოხუმიდან ტყვიით დაფლეთილი. იყო ასეთი დრო ჩვენს ცხოვრებაში, და მე იმ დღეს ზაფხულიც მეზიზღებოდა და გაზაფხულიც, შემოდგომაც და ზამთარიც. დრო მძულდა.

 

ქართველები კი ერთმანეთს გლეჯდნენ, ფლეთდნენ, წვავდნენ და კლავდნენ. უფუნქციოდ დარჩენილებს ბუხარიც ჩაგვიქვრა და შეშაც გაგვითავდა. ბუხარი თითქოს იცდის, რომ გადაღლილები მივალთ, მის ცხელ თვალებს შევხედავთ და რამეს მოვუყვებით, ჩვენ კი მოსაყოლი არაფერი დაგვრჩენია. სხვის მოლოდინში ვართ, მოლოდინში იმისა, რომ ლუკმა – პურს სხვა გადმოგვიგდებს, ხახა გაგვიშრა. თავადები რომ ღარიბდებოდნენ და მათ მიწებს სომეხი და სხვა ეროვნების ბურჟუები ეპატრონებოდნენ, ჩვენი არხეინი დიდგვაროვნები თართზე და ორაგულზე ფიქრობდნენ. ამიტომ დაიწერა “კაცია ადამიანი?!” და ამიტომ შექმნეს დიმიტრი ყიფიანმა და ილია ჭავჭავაძემ “საადგილმამულო ბანკი”. რა კარგია, როდესაც ერთმა ქართველმა მაინც იცის, როგორ გადაარჩინოს სამშობლო და რა ფუნქცია მისცეს საკუთარ თავს მის წინაშე.

 

საქართველო იყიდებაო, ნიკო ლორთქიფანიძე იძახდა, თუმცა მაშინ ალბათ ზედმეტად გამოპრანჭული ქართველები ბორშსაც მიირთმევდნენ და პელმენსაც. არასდროს არავის არ აწუხებს, როგორ ითელება და მათხოვრდება ჩვენი ერი, ფურთხის ღირსებიც აღარ ვართ, რადგან აკაკისნაირი კაციც არავინ გვყავს, რომ შეგვაფურთხოს. ალბათ, პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგებთ შეფურთხებას, და თუ გაიგებთ, ეგეც ჩვენი ერთობლივი პრობლემაა.

 

ბუხარივით თბილია თბილისი. მუდამ ბუხარს მაგონებს. ჩუმია და ყველაფრის ამტანი, ყვითელია და სევდიანი, ანთებული და ჩამქრალი, მუდამ კაცის მოლოდინში და სტუმართმოყვარე. ილია მოკლეს, თუმცა საქართველო გადარჩა ანექსიას და წარღვნას.

 

მერე ისევ დაიწყო ბუხარზე წყლის დასხმა და ჩვენი სიცოცხლის ჩაქრობა. ისევ მათხოვრები ვართ, თუმცა ეს რომ ხმამაღლა თქვა, მოღალატეაო, შეიცხადებენ, მეც ჩუმად ვზივარ თურქეთში და ჩემ სამშობლოზე ფურცლითა და მელნით ვდარდობ. შეიძლება ხმაც ამოვიღო, მაგრამ როდის, არ ვიცი. იქნებ მუნჯივით სიკვდილი ჯობდეს ამ გაუპატიურებულ საქართველოში. რატომ გრძნობდა დედაჩემი, რომ აფხაზეთი არასდროს დაგვიბრუნდებოდა, არ ვიცი, მაგრამ ის თვალები მახსოვს, როცა ჟიული შარტავას ელაპარაკა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე სოხუმი დაეცემოდა. მერე ყურმილი დადო და დილამდე ჩუმად იჯდა სკამზე. ჩვენ, ყველა ერთ ბუხარში ვიწვით, ყველას ერთი ბუხარი გვათბობს.

 

ჩვენ ბუხარს შეშა აკლია და ჩვენ მისი მოტანა არ შეგვიძლია, რადგან არ ვიცით სად მოვჭრათ, სად მოვნახოთ და არც გვაინტერესებს. ეს “არც გვაინტერესებს” არის ჩვენი ტრაგედია.

 

 რაჭისკენ მიჰქრის ჩვენი ავტობუსი. ურავში მივდივართ. იმდენს ყვებიან რაჭაზე და მის არაბუნებრივ ბუნებაზე, ცოტა ვნერვიულობ, ისეთი რომ არ აღმოჩნდეს, როგორიც მგონია. მაგრამ უკვე თითქმის მივადექით ჩვენ ხის სახლს და რაც გზაში ვნახე, მგონი საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვა, იმედმა და მოლოდინმა არ მიღალატა – თქო. ვიწრო კლდიანი გზები, საიდანაც მდინარე ლუხუმი მოსჩანს, თავის მწვანე ლოდებით და პატარ-პატარა ჩანჩქერებით, ნიკორწმინდა და გალაკტიონის ლექსი ამ საოცარ ტაძარზე, ჩვენი საყვარელი ამბროლაური და თხილის ტყეები, რამდენ საოცრებას შევხვდებით ალბათ ყოველ დღე – ვფიქრობ.

 

ჯერ პირველი დღეა, ჩვენ, ხუთი ბიჭი ვართ, აბა გოგო ვინ წამოგვყვებოდა გოჩას გაბოყინებული თავის გადამკიდე, მაგრამ გოჩაზე ნაკლები ლამაზები არც ჩვენ ვართ. ლევანა იძახდა ცხენები გვეყოლება ყველასო, რომ შემოახტები მინდვრებზე ისე გაგაქროლებს, გეგონება ზღვაში კატერით მიცურავო, მაგრამ ურავში ერთი ცხენი ძლივს ვნახე და იმ საწყალსაც ბარგი რომ ავკიდეთ, კინაღამ დაიხრჩო. ისეთი საწყალი თვალებით გვიყურებდა, მის ტანჯვას ვეღარ გავუძელით და ჩვენი ბარგი ჩვენ თვოთონ წამოვათრიეთ. სახლში შევედით და ლოგინებზე რომ უნდა დავწოლილიყავით, უცებ ისეთი წყევლა-კრულვა შემოგვესმა მეზობელი ეზოდან, მაშინვე წამოვხტით და ფანჯრებს მივცვივდით.

 

– ფუი, შე ბერწო! რით ვერ ისწავლა ჭკუა ამ საზიზღარმა ჩემმა ვაჟმა, ჰკრას ხელი და გააგდოს უნაყოფო ქალი.

 

– კარგი, დედა, გთხოვ .

 

. . . თმაშეკრულ ჭაღარა ქალს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ახალგაზრდა კაცი, – არ გაიგოს დედა, ხომ იცი, ჯემალსაც ეწყინება.

 

– გაიგოს, თორემ არ მითქვამს პირში, – არ ცხრებოდა ქალი, თან დროდადრო უკან იხედებოდა.

 

– რა ვქნათ, ამ წყევლა – კრულვით რას გავხდებით, – ბიჭის მიწეული სიტყვები ქალზე არავითარ ზეგავლენას არ ახდენდა.

 

– შენ ძმა ხარ მაგისი, იქნებ შენი დაიჯეროს.

 

შვილიშვილი მინდა. ასე დამიბარა ზელიმხანმა, ბიჭი გააჩინეთ, თან ჩემი სახელი დაარქვითო. რა პასუხი გავცე ჩემ ქმარს საიქიოში რომ შევხვდები. ეს უნაყოფო ქალი ვის რად უნდოდა, ვის! – ქალი ისეთი სახით უყურებდა თავის უმცროს შვილს, ბიჭი ძალაუნებურად თავს მიწისკენ ხრიდა.

 

– იაშვილებიო, აზნაურებიო, სულ ერთ ადგილას გაიკეთონ თავიანთი შთამომავლობა. გამოეთრიე, ერთი პირშიც მოგახალო სათქმელი. ჩემი რძალი კი არა, ჩემი ჭირი ხარ შენ.

 

 სახლიდან მოკუზული შუა ხნის ჭაღარაშერეული კაცი გამოვიდა. ჯემალი იყო, ალბათ, უფროსი შვილი.

 

ქალი და მეორე ვაჟი შუა ეზოში დამდგარიყვნენ. ძალიან ლამაზი ეზო ჰქონდათ, მაგრამ ამ სანახაობამ ეზოს ალუჩის ხეებიც დამავიწყა და ალუბლისაც. ურავში ერთ – ერთი ყველაზე მაღალი სახლკარი ჩვენი იყო. მართალია, ლევანა როგორც ამბობდა ჩემი ეზოდან შავი ზღვა მოჩანსო, არც ეგრე იყო საქმე, მაგრამ ბევრი რამის დანახვა კი შეიძლებოდა.

 

– რა გინდა დედა? – ისე მშვიდად იკითხა ჯემალმა, გეგონება პურზე აგზავნიდნენ და რომელი პური მოვიტანოო, იმას კითხულობდა.

 

– რა მინდა და შენ პატივცემულ, აზნაურ ცოლს გამოახედე – არ ცხრებოდა ქალი. უმცროსმა ვაჟმა, რომლის სახელიც ვერ გავიგე, რადგან სახელს არავინ ეძახდა, მიხვდა, სჯობს აქაურობას გავეცალო, ვიდრე თავში რამე არ ჩამცხესო და ხმის ამოუღებლად მოკურცხლა.

 

– ისედაც ესმოდა, დედა, შენი ლანძღვა, – მორცხვად უპასუხა ჯემალმა და უკან შებრუნდა სახლისკენ. ეზოში მარტო დედაკაცი დარჩა, რომელმაც ერთი ისეთი ამოიოხრა, თქვენი დედაც ვატირეო, და საქათმისკენ წავიდა.

 

 ალბათ ბევრ ოჯახშია ასეთი კომფლიქტები, მითუმეტეს სოფელში, მაგრამ ამ შემთხვევამ ისე იმოქმედა ჩემზე, მთელი ღამის განმავლობაში თვალი არ მომიხუჭავს. რატომ დამაფიქრა და დამაღონა განსაკუთრებით ამ ამბავმა, არ ვიცი, მაგრამ იმ გალანძღული რძლის ნახვა ისე მინდოდა, ჩუმად ხომ არ შევძვრე მათ სახლში და ხომ არ დავხედო მძინარე ქალს-თქო, ისიც კი ვიფიქრე.

 

 დილით რომ გავიღვიძე, ბიჭებს მოვატყუე, ცუდად ვარ, სახლში დავრჩები – მეთქი და ამბროლაურის ავტობუსამდე ისე მივაცილე წელში არ გავმართულვარ, ვითომ ხერხემალი მაწუხებდა.

 

ზაფხული თავისას არ იშლიდა და ისე მაჭერდა თავის ცხელ სხივებს თავზე, გეგონება ორი საზამთრო დაგადეს კეფაზეო. სახლს მივუახლოვდი და ეზოში სანამ შევიდოდი გვერდით ბაღს გავხედე, იქნებ ვინმე დავინახო–თქო. მეც გამიმართლა, ბაღის კუთხეში ახალგაზრდა გოგო იყო ჩაკუზული, თუმცა ზუსტად ვერ ვხვდებოდი, რას აკეთებდა.

 

– უკაცრავად... – ისე მივედი, მთელი სახე ჭარხალივით წითელი მქონდა სიმორცხვისაგან, თან იმხელა პაუზა გავაკეთე, ქალი ჯერ ელოდებოდა მომდევნო სიტყვებს, ბოლოს ხმა რომ ვეღარ ამოვიღე, შემოტრიალდა. და ეს იყო სასწაული, ასეთი თვალების, წამწამების, თმის, ხელების, ფეხების, თითების მქონე ქალი დიდი ხანია არ მენახა. არა, დიდი ხანი კი არა, საერთოდ არ მენახა. თან მისი სილამაზე იმდენად სწრაფად აღვიქვი და ისეთი სიმძაფრით, კინაღამ წავიქეცი.

 

ბოლოს ძალა მოვიკრიბე და გავაგრძელე.

 

– უკაცრავად, იქნებ რამეში დაგეხმაროთ? – ისე ვკითხე, გეგონება კიტრის დარგვაში ან პომიდორის მოყვანაში დისერტაცია მქონოდა დაცული.

 

– მადლობთ, უკვე მოვრჩი, – ისეთი სინაზით მითხრა ეს სიტყვები, სხვისი ცოლი რომ არ ყოფილიყო, ალბათ ლოყაზე მაინც ვაკოცებდი, ან ვერ ვაკოცებდი, მაგრამ ხომ ვეცდებოდი. ეხლა კი ცდაც არ შეიძლებოდა.

 

– როდის ჩამოხვედით?

 

– გუშინ.

 

– როდის მიდიხართ?

 

– ჩვენ ალბათ ერთ კვირაში.

 

– ჰო...

 

– ბატონო?

 

– არა, კარგი იქნებოდა აგვისტოს ბოლო თქვენს თბილისში.

 

– კი, კარგია, მაგრამ ცოტა ცხელა.

 

– მეც წამოვიდოდი, მაგრამ ჯემალს ვერ დავტოვებ, გიჟდება – აქაურობაზე. ჯემალი ჩემი ქმარია.

 

– ვიცი – ისე ვუპასუხე, გოგო გაგიჟდა, გუშინ ჩამოსულმა რა იცის ჩემი ქმარიო.

 

 უცებ, გოგოს სახე შეეცვალა, ფეხზე წამოდგა და თავი ჩახარა. თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ ჭაღარა ქალი რომ გამოჩნდა, მივხვდი აქ უბედურება დატრიალდებოდა.

 

– გამარჯობა ქალბატონო!

 

– სად დაეხეტები? ჩემი ვაჟის გადამკიდე კიდევ კარგად გიდგას სული. ორივე წყალში ხართ გადასაყრელი. ერთი ბერწი, მეორე უქნარა! – გოგო ჩუმად იდგა და ხმას არ იღებდა, მხოლოდ ერთხელ გამომხედა, ისიც იმიტომ, რომ იქნებ ამ გაკაპასებულ ქალსაც დავენახე და ჩემი მაინც შერცხვენოდა.

 

 დღეები გადიოდა და ჩვენი ზაფხული დასასრულს უახლოვდებოდა. მოდიოდა ბირჟაობის და სკოლის წინ «სემიჩკის» ჭამის დრო, ანუ სექტემბერი და მომდევნო თვეები.

 

რაჭაში შესანიშნავ დროს ვატარებდით. დავდიოდით მჟავე წყლებზე, ტყეში სოკოებზე და რა გემრიელად მივირთმევდით ჩვენი შრომით და ტანჯვით მოკრეფილ სოკოს, ვბანაობდით მდინარეში, დავდიოდით ცხელი შოთის პურის საჭმელად, ვსვამდით ხვანჭკარას, ვჭამდით ხაშს და რაჭულ ლორს, მოკლედ, ისე ვატარებდით დროს, როგორც რაჭაში უნდა გაატარო. დღიურების წერა მეზიზღებოდა და არც არასდროს დამიწერია, თუმცა ვიტყუები, დედაჩემი მაძალებდა ბავშვობაში და მეც ვწერდი, აბა რა მექნა. ყოველ დღე ვიძინებდი იმის ფიქრში, რომ სექტემბერში ჩემ კლასელებს გაზრდილი დავხვდებოდი, რომ სიმაღლეში ბოლოდან მეორე აღარ ვიქნებოდი, რომ ათას ამბავს მოვყვებოდი და როცა გამომელეოდა, რამეს მოვიგონებდი. მზე ნელ-ნელა თავის ძალას კარგავდა და ზაფხულის სხივები შემოდგომის ყვითელი ფოთლებით და სექტემბრის წვიმით შეიცვლებოდა.

მე ყოველ დღე მივდიოდი იმ ლამაზი გოგოს ღობესთან და ხან ორი წუთი, ხან ერთი, რაღაცას გამოველაპარაკებოდი. დედამთილი კი ისევ შეშლილივით უკან დასდევდა და თათხავდა.

 

გოგო კი თავის ჯემალს ამოფარებული თვალცრემლიანი იდგა და უსმენდა. ნუთუ წლების მანძილზე ითმენს ამ ქალის ლანძღვას და გინებას, ან იქნებ ჩემს რაჭაში ამოსვლას დაემთხვა ამ ქალის გადარევა? რატომ ან რისთვის იტანდა ამდენს ეს ლამაზი გოგო? ჯემალისთვის, რომელიც ერთ სიტყვასაც არ დაძრავდა დედის გასაჩერებლად, ან რად ღირდა მისი ცხოვრება? არარად. შორიდან რომ შეგეხედა, თითქოს ბედნიერები იყვნენ, არასდროს ჩხუბობდნენ, მუდამ ფუსფუსში ატარებდნენ წუთებს. და მაინც რით იმსახურებდა ეს კაცი ამ გოგოს სიყვარულს, კაცის გარდა ყველაფერი იყო, იქნებ მე მძულდა განსაკუთრებით, რადგან გოგო მომწონდა, მაგრამ არა, ეგრე ბევრი მომწონებია და მათი ქმრები არასდროს შემზიზღებია.

 

სახელიც ვერ ვკითხე, უფრო სწორედ არ ვკითხე, რატომ, არ ვიცი. გაცოფებული ქალი სადაც გადააწყდებოდა თავის რძალს, სისხლს უშრობდა ჩემს ზელიმხანს რა პასუხი გავცეო, როგორ ვერ მიჩენ პატარა ზელიმხანსო. მხოლოდ მაშინ შეჩერდებოდა, მე თუ დამინახავდა თავის ღობესთან, ისიც რამდენიმე წამით.

 

თვალებში ქორივით შემხედავდა თითქოს ჩემს ბარტყებს არ გაეკაროო, მანიშნებდა, და ისევ თავის რძალს მოუბრუნდებოდა. უცნაურია, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მხედავდა მათ ღობესთან, ვინაობა არასდროს უკითხავს. ჩემი საყვარელი გოგო, მუდამ სევდიანი თვალებით, ხშირად მეფეთებოდა ურავის ვიწრო ორღობეებში. ბევრჯერ წყალზეც კი გავეგზავნე, მაგრამ მასთან ბევრ ლაპარაკს მაინც ვერ ვბედავდი. მხოლოდ ერთხელ მითხრა, შენ ყველაზე საყვარელი ბიჭი ხარ და ცალკე რომ გადავალთ საცხოვრებლად მე და ჯემალი, ხშირად მოდი ჩვენთანო. ისევ ეს საზიზღარი ჯემალი და ჯემალი, მაგრამ რას იზამ, უყვარდა თავისი ქმარი და რა ექნა. მე კი ისე მეცოდებოდა, ღამეები არ მეძინა მასზე ფიქრით, მხოლოდ ეს არავინ იცოდა, მხოლოდ მე და ღამემ.

 

 დილამ თავის ლურჯი ფარდები გადაწია, ჩვენ ბარგს ვალაგებდით, თბილისში მივდიოდით.

 

ჩვენთან ვიღაც უცხო პატარა ბიჭმა მოირბინა.

 

– ცისანა კვდება!

 

 ეს სიტყვები ჩემთვის არ უთქვამს, არც არავისთვის, უბრალოდ დერეფანში დაიყვირა და გაუჩინარდა. ცისანა ჩემთვის უცხო სახელი იყო, მაგრამ მივხვდი, ჩემ ლამაზ გოგოს ერქვა, თან ახლა რომ დავუკვირდი, მართლა ამ სახელს გავდა მისი თვალები. ღმერთო მომკალი და ეს სიტყვები ჩემთვის ახალი არ იყო, რატომღაც ყოველ დღე მის უბედურებას ველოდებოდი და წამიც დაგვიგდა. არც არავისთვის არაფერი მითქვამს, ისე დავაგდე ჩემი ჩანთა და ცისანას სახლისკენ წავედი. დილა დილას არ ჰგავდა, რადგან ყოველი დილა მისი სახის და თვალების დანახვით იწყებოდა. ეზოში რომ შევედი, მეზობლები იყვნენ მოგროვილნი, ჯემალი დედამისთან და ძმასთან ერთად ცისანას ოთახის კართან იდგა. ისე შევედი ცისანას ოთახში ხმა არავის გავეცი, რაც არ უნდა უცნაური იყოს, არც არავის გაუცია.

 

ოთახში იწვა ჩემი ლამაზი გოგო, თვალებს ძლივს ახელდა. გასაკვირი იყო, მაგრამ ასეთი ლამაზი არასდროს მომჩვენებია. არ ვიცოდი რა მეთქვა, მივედი და თავთან დავუდექი. ორი წუთი ვიდექი ჩუმად, მერე ქვემოდან ზემოთ ამომხედა და მკითხა.

 

– რა გქვია?

 

– გიო.

 

– მე ქალიშვილი ვკვდები, იცოდე არავის უთხრა. ვკვდები, ამდენი ხანი საიდუმლოდ დავატარებ, არავინ იცის. ოხერია ადამიანი, ამდენი ვითმინე და სიკვდილის წინ მაინც ვთქვი, მაგრამ უნდა მეთქვა, ცუდად ვიყავი და ახლა დასვენებული მივდივარ. იცოდე, თბილისელო ბიჭო (სახელი არ დამიძახა) არავინ გაიგოს. შენ იმიტომ გითხარი, სული მქონდა დამძიმებული და მინდა მსუბუქად წავიდე იმ ქვეყნად.  დამთავრდა ჩემი ლამაზი, დაჩაგრული გოგო. მე კი ესეთი ამაყი არასდროს ვყოფილვარ, ამაყი იმით კი არა რომ ჯემალის უუნარობა შევიტყვე, არამედ იმით, რომ ასეთი დიდი სიყვარული ჩემი თვალით ვნახე. ამდენ ლანძღვა – წყევლას იტანდა და კაცისშვილისთვის არ უთქვამს არაფერი. თავისი ქმრის კაცობას სიკვდილამდე ინახავდა, და მე იმ დროს ჯემალიც გამახსენდა, ეტყობა რაღაცად ღირდა, ცოლის ასეთ სიყვარულს რომ იმსახურებდა. მე არავისთვის მომიყოლია ცისანას ამბავი, არც ბიჭებმა იცოდნენ.

 

 დამთავრდა ზაფხული. დამთავრდა რაჭა. დამთავრდა ჩვენი სიცხე და უსაქმურობა.

 

სკოლის ეზოში ვინ რას არ ყვებოდა, ზოგი იტყუებოდა, ზოგი ტრაბახობდა, ზოგი აზვიადებდა, ზოგი მართალს ყვებოდა. როგორ ტოვებს შენს პატარა გულში ზაფხული თავის ცხელ კვალს. ზოგი ტკბილია, ზოგი მწარე, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი ტკბილი ხდება. თუმცა ვისთვის როგორ. ერთი კი არის, ზაფხული მუდამ ბავშვობას მოგაგონებს, წელიწადის არც ერთი დრო ისე არ ჰგავს ბავშვობას, როგორც ზაფხული. მეც ვიდექი სემიჩკით სავსე ჯინსის ჯიბით სკოლის წინ, და რას არ ვყვებოდი და რას არ ვიგონებდი, მხოლოდ ცისანას ამბავი არავისთვის მითქვამს. ალბათ ჩემსავით ვერ განიცდიდნენ ამ ამბავს და სწორედ ამიტომ.

 

 

 

  გ უ რ ჯ ი ნ თ ა ხ ი

 

 

ზვიადის სტუმრობა მოულოდნელი აღმოჩნდა სახუროვისთვის. ოქტომბერი იყო 1905–ის, ამიტომ რევოლუცია უფრო და უფრო მწვავე სახეს იღებდა. მთელ რუსეთში გაფიცვების ტალღა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. სახუროვი ლურჯ ფორმაში გამოწყობილი ფანჯარაში იყურებოდა. ხალხი მის ფანჯრებსაც მოდგომოდა და «ძირს მეფეო» გაიძახოდნენ. უშიშარი კაცი იყო გენერალი. წარბშეუხრელად იდგა და ცოტა იმედგაცრუებული სახით დაჰყურებდა აღშფოთებული მუშების სახეებს. ჭაღარა ჰქონდა შერეული გენერალს, მაგრამ თვალებში სიფიცხე და სიჭაბუკე არ ჩაქრობოდა.

– გამარჯობა, ზვიად, – ისე მიესალმა გენერალი, არც შემობრუნებულა შემოსული სტუმრისკენ.

 

რა სასწაული ძალა მოაქვს რევოლუციას და მის მოახლოების განცდას, როცა გრძნობ მის ხმაურს, რომელიც დღითიდღე უფრო მძვინვარე და დაუნდობელი ხდება, რომ წაგლეკავს, თუ აღუდექი და ხელი შეუშალე.

 

იცოდა ეს ყველაფერი სახუროვმა და კი არ ეშინოდა, უიმედობას გრძნობდა. იცოდა, რომ ყველა თავის ტყავს გაუფრთხილდებოდა, გენერალიც დაავიწყდებოდათ, საკუთარი მეფეც და დედაც. თუმცა სახუროვს მარტოობის არ ეშინოდა, არც დაჭერის, არც დახვრეტის. დაუფასებლობა სძულდა და არ უნდოდა მსხვერპლი თვითონ გამხდარიყო. მეფეც ფეხზე დაიკიდებდა მის ამაგს და ღვაწლს, ესეც ძალიან კარგად იცოდა გენერალმა, მაგრამ რა ექნა, უკან დასახევი გზა არ იყო. როგორი მიუსაფარი და არაფრის შემძლე ხდები, როდესაც მომავალი ბნელი, არაფრის მთქმელია.

 

ხომ არ მოკიდოს ბარგს ხელი და სადმე შუა აზიაში ხომ არ გაიქცეს, მაგრამ სად? ან ვის დაუტოვოს თავისი ქვეყანა, რომელიც მუშების სათრევი უნდა გახდეს და მაინც, რისთვის ჭირდება რევოლუცია ხალხს. იქნებ ერთფეროვნებისგან დაიღალა, იქნებ უფრო კარგად უნდა იგრძნოს თავი, იქნებ «ნორკის შუბა» უნდა, იქნებ მთავრობაში უნდა, ან იქნებ სამართლიანობა უნდა. მგონი ისიც არის, ესეც, ზოგს რა უნდა ზოგს რა. გენერალს კი რა უნდა უკვე აღარც იცოდა და იმიტომაც დახვდა ზვიადს შუშის თვალებით.

 

 ისე იყო თუ ასე, ზვიადს პატარა ლაშარიც ჩამოაყვანინა რუსეთში და მკითხავი ბაშეც გააყოლა ქსანში. იცოდა ზვიადის გადარევა ნაპოლეონისადმი გენერალმა სახუროვმა. მთელი მეფის რუსეთი აღფრთოვანებული იყო ბაშეს ისტორიის ცოდნით. ნიკოლოზი მარტო იტოვებდა ოთახში ენამოსწრებულ ისტორიკოსს და საათობით უსმენდა და მაინც კაცმა არ იცოდა, საიდან იყო რუსეთში გადმოვარდნილი ეს ტაჯიკი, ებრაელი ბაშე.

 

არც არავის აინტერესებდა, მაგრამ ნიკოლოზი ხანდახან სახუროვს კითხავდა ხოლმე, საიდან აგვეკიდა ეს შობელძაღლიო, მაგრამ ეს იყო და ეს, მეტი არც არავის არასდროს უკითხავს.

 

ლაშარის ავადმყოფობას რომ დიდ ტრაგედიად აღიქვამდნენ საქართველოში, ლენინგრადში ჩვეულებრივი გრიპიაო და ჩვენთან თუ ცხელ, მატყლის საბანში გახვევას ურჩევდნენ, იქ ამოჭრილ ყინულში ჩახტომა ურჩიეს. მოკლედ, ბედნიერი ზვიადი წერილებს წერდა თინათინ მაჭავარიანს, ჩემი შვილი სტამბულის კაჟივით ბიჭიაო. თან სულ იმას მიუთითებდა გურჯინთახია და არა ქეციანი, ვითომ დიდაზნაური მაჭავარიანიო. თინათინს ზვიადის ტრაბახი სულ არ აინტერესებდა, მთავარი მისი ლაშარის ჯანმრთელობის ცნობა იყო. მალე დავბრუნდებით ქსანში და ერთ–სტუმარსაც წამოვიყვანთ. აი, ესეთ წერილს წერდა შვილის ჯანმრთელობით გახარებული ზვიადი თინათინს.

 

 

წერილი

 

 «თინათინ, პეტერბურგი კარგი ქალაქია, მაგრამ ჩვენი ქსანი და ჩემი მამა–პაპის დატოვებული ბუხარი ყველაფერს სჯობს.

 

აი, ეგ ბუხარი ვინ მოთვლის რამდენი ხნისა იქნება. ყველაფრის მოწმე და მომთმენია. ერთხელ, მე რომ დაბადებული არა ვყოფილვარ, ჩვენი სახლი დანგრეულა. მთელი ქსანი ცეცხლს წაუღია, თურმე ცაც იწვოდა და წყალიც. ცეცხლი რომ ჩაუქრიათ, მარტო ჩვენი ბუხარი გადარჩენილა. ისედაც ცეცხლი იყო და მაგას რაღა დაწვავდა. ყველაფერი მაგისგან წამოსულა, პაპაჩემი იძახდა ბუხარი გამწარდა, მაგან ამოგვთუთქაო.

 

რაღაც დიდ ძალას ხედავდნენ ჩვენი გურჯინთახები მის ბრიალში და შეშის ტკაცუნში. ყველაფერს უძლებს და იტანს და თუ რამე ვერ აიტანა, იმ წუთში, თავის ყვითელ ხელებს გაშლის და მთელ ქვეყანას ჩაეხუტება და ამობუგავსო. ხანძარი რომ დასრულდა, ამ ბუხარს არც ნახშირი მოსდებია და არც გაშავებულა. ისეთი ამაყი დაუხვდათ, როგორიც ხანძრის დაწყებამდე იყო.

 

 ჩემო თინათინ, ლაშარის ამბით იმიტომ დავიწყე წერილი, რომ არ გეფიქრა, ეს კაცი სულ გაგიჟებულაო. ლაშარს, ჩემო თინა, გრიპის მეტი არაფერი ჰქონია და სულ ორ თვეში ჩამოგიყვან ქსანში კაჟივით მუტრუკს. ციმბირში გავაგზავნე, იქ უნდა ჩაახტუნონ გაყინულ წყალში. მე მოსკოვს გავჩერდები, ჩემ ძმობილ სახუროვთან, თან ყველაზე ძლიერ ისტორიკოსსაც გამოგვატანს ქსანში.

 

მაგან უნდა უკითხოს ჩემ ლაშარს წიგნები, იმპერატორის ცხოვრება, მაგან უნდა გაზარდოს და გაწრთვნას ჩემი ბიჭი. ბაშე ქვია, თურმე ტაჯიკი ებრაელი ყოფილა. შეხვედრამდის ჩემო მეუღლევ თინათინ. ჟოზეფინა მომიკითხე, ჩვენი ოთხი წლის გოგო.”

 

  მოსკოვი 1906 წ.– თავადი გურჯინთახი

 

 

საქართველოში მდგომარეობა ძალზე დაძაბული იყო. ქსანში, მართალია, გურჯინთახების ოჯახში სიმშვიდე იყო, მაგრამ საფრთხე კარის ზღურბლზე იდგა. მთავრობა განაწყენებული იყო ზვიადზე, ჩვენ არ ვავიწროებთ და ის კიდევ გლეხებს აბუნტებს და მუშებს ფულს უხდისო. ყველამ კარგად იცოდა, დიდი ავლა-დიდებით არ გამოირჩეოდა ზვიადის ოჯახი, მაგრამ ბევრს რომ გაწვდებოდა მისი გავლენა, ეს ნათელი იყო.

 

მოსკოვში სულ მთავრობის წამყვან ფიგურებთან ტრიალებდა, სახუროვმა ვინ არ გააცნო ზვიადს. ნიკოლოზთანაც წაგიყვანო ეუბნებოდა, ოღონდ იქ არ დაიწყო მთავრობის ლანძღვაო. იცოდა სახუროვმა ერთ-ორ ჭიქა ღვინოს თუ ჩაკრავდა ზვიადი, ღმერთმა იცის მერე რას იტყოდა რუსებზე. საერთოდ არავინ არ იცოდა რატომ იყო ნიკოლოზი ესეთი გადამკვდარი გენერალზე. ზოგი რა ვერსიას ემხრობოდა და ზოგი რას, მაგრამ ერთი ამბავი მაინც ყველაზე გახმაურებული იყო, გახმაურებული ოღონდ არც ისე ბევრ ხალხში. ნიკოლოზი თურმე სანადიროდ წასულა, ოღონდ ისე არა, მთელ რუსეთთან რომ იცოდა ხოლმე ტყეში გავარდნა. ორი კაცი ახლდა და ერთი პატარა გოგო.

 

პატარას ისე ვიძახი, ხუთი წლის არ გეგონოთ. იქნებოდა თვრამეტი–ცხრამეტი წლის, მაგრამ ისეთი ბავშვური და საყვარელი იყო, ბევრად პატარას გავდა. სადღაც ბაზარში გადააწყდა ნიკოლოზი, თურმე თევზს ყიდდა. გაგიჟებულა მეფე, ასეთი ლამაზი გოგო არასდროს მინახავს, და რაღა ბაზარში, თევზის გამყიდველად ვნახეო. მას შემდეგ ხალხი მიუშვია სათვალთვალოდ, უყურეთ ვინმე გალეშილმა რუსმა ვანიამ რამე არ მოუნდომოსო. მოკლედ, მეფეს გულში ჩაუვარდა თევზის გამყიდველი ციმბირელი გოგო. ერთ დღესაც ვეღარ მოითმინა, თავის აგენტებს უთხრა, სახლში რომ წავა, მე აქეთ მხარეს დავდგები, და სანამ სახლში შევა ნიშანი მომეცითო.

 

ეგრეც მოიქცნენ შიკრიკები, მაგრამ რომანოვის გასაგიჟებლად, გოგომ მეფე ახლოსაც არ გაიკარა. ამასაც კი ამბობდნენ, რომ არ მოეშვა რომანოვი, ერთი კარგი სილაც მიიღოო. შიკრიკები გაგიჟებულან, შუაზე გაგლეჯვას უპირებდნენ ურჩ თევზის გამყიდველს, მაგრამ ნიკოლოზმა არ დაანება. ბოლოს იფიქრა და ნადირობას მოვაწყობო, იქ იმ უღრან ტყეში სადღა გამექცევაო. ძალით წაათრიეს ჩვენი ტყვე შუა ტაიგაში, სახუროვისთვის უთხოვია მეფეს, შენ წამომყევიო. ახალი გამოჩენილი იყო მაშინ სახუროვი მოსკოვსა და პეტერბურგში, როგორც სამხედრო გენერალი. ამიტომ აინტერესებდა რუსეთის პატრონს როგორ სამსახურს გაუწევდა ახლადგამოჩეკილი გენერალი.

 

სახუროვმა მკითხავი ბაშეც თან წაიყვანა. შიკრიკებმა რომ ტომარაწაკრული გოგო მოუყვანეს, ნიკოლოზმა შიკრიკებს მადლობა გადაუხადა და დაითხოვა დანარჩენ გზას უთქვენოდ გავაგრძელებო. მოკლედ, მარტო ლამაზი თევზის გამყიდველი, სახუროვი, ბაშე და ნიკოლოზ რომანოვი დარჩნენ ტყეში. ერთხელაც არ შეუხედავს ნიკოლოზისთვის ციმბირელ გოგოს. რამე უნდა ეღონა რომანოვს, აღარ იცოდა რით მოეხიბლა ციმბირელი. თან ისე თავისუფლად მიაბიჯებდა მოუხლებამდე თოვლში ეს პატარა გოგო, გეგონებოდა კოჭებამდე წყალში დადის გასაგრილებლადო. უკვე უკან რომ ბრუნდებოდნენ და თავის გამოსაჩენი არაფერი აღარ ჰქონდა მეფეს, უცებ ვეფხვი გადმომხტარა დაქანებული ხიდან.

 

აქ კი გაუჩნდა ნიკოლოზს თავის მოწონების შანსი. ტარიელივით უნდა სცემოდა კისერში ღრიალა მხეცს, მაგრამ ხელით შებმაც არ იყო საჭირო, თოფითაც ადვილად გამოვიდოდა საქმე. ვეფხვმა ჯერ მეფეს შეხედა, მერე დანარჩენებს გადახედა, და ისევ მეფეს მიაშტერდა. ალბათ იგრძნო, ვიღაცა მეფობას მეცილება ჩემს სამფლობელოშიო, მოწყდა ადგილს და შურდულივით გაექანა ნიკოლოზისკენ. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ნიკოლოზს იმის მაგივრად თოფი დაემიზნებინა, სასროლი ხელიდან გაუვარდა. წამში მოასწრო სახუროვმა და მხეცს სული გააფრთხობინა. მთელ რუსეთს უყვებოდა გენერალი მეფემ ვეფხვს შუბლში ტყვია დააჭედა და ტყავიც გააძროო.

 

ნიკოლოზი დარცხვენილი იყო, მაგრამ ხალხში თავი ისე ეჭირა, თითქოს მხეცის მკვლელი ეგ ყოფილიყო. ხალხმა მეფის გმირობა მოიწონა, მაგრამ ვიღაც ვიღაცეებმა სიმართლე მაინც გაიგეს. ასე იყო თუ ისე, ხალხში მეფის შერცხვენის შესახებ ხმა არ გავარდნილა, და ეს სახუროვის ძალისხმევით მოხდა. ვიღაცეებმა რომ გაიგეს, ბაშეს ბრალდებოდა ენის ტლიკინი.

 

თუმცა ვერაფერს გაუგებდი ამ ტაჯიკ ებრაელს, განზრახ შვებოდა თუ ენა უსწრებდა. ნიკოლოზი ხალხის სირცხვილისგან კი გამოძვრა, მაგრამ თევზის გამყიდველ, ლამაზ ციმბირელ გოგოსთვის თვალებში რა ნამუსით შეეხედა. არ შეშინებია რომანოვს, მაგრამ ხომ დაიბნა, ხომ ვერ დაანახა ციმბირელ გოგოს ვინ იყო ბატონ–პატრონი ტყეში ან თუნდაც მთელ რუსეთში.

 

მხეცმა გამოგლიჯა ძალაც და გვირგვინიც, გოგოც მხეცმა წაართვა. ღადგან, რომ არა ვეფხვთან სირცხვილის ჭამა, კაცმა არ იცის რა როგორ დამთავრდებოდა, ახლა კი, ყველამ თუ არა, ნიკოლოზმა ხომ იცოდა, რომ გოგოს ამბავი დამთავრდა. შიშით და ძრწოლით არ გამოირჩეოდა ნიკოლოზი, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო და ვერას გახდებოდა. კიდევ გენერალი დაეხმარა, თორემ მშიშარას სახელს ვერ აცდებოდა.

 

 ლაშარს ჩუქჩა ქალი დახვდა ციმბირში. სქელი ჯანიანი ქალი იყო. ტყავის სქელი ჯუბა ეცვა, ბეწვის ჩექმები და ბეწვის კაბა. ლაშარი ერთი კი შედრკა, თინათინის წანაკითხ ზღაპრებში რომ ბოროტი დედინაცვლები არიან, ის მოაგონა ამ ჩუქჩა ქალმა.

 

საერთოდ ლაშარს ქალებთან ურთიერთობა არ უყვარდა, რაღაც სხვა ენაზე საუბრობდნენ, რომელსაც გურჯინთახი საერთოდ ვერ იგებდა. აქ კი, იძულებული იქნებოდა ანგარიში გაეწია ამ გოლიათი ქალისთვის. მგზავრობით გადაღლილი ლაშარი რანდიკამ, ასე ეძახდნენ ჩუქჩა ქალს, თავის ხის სახლში შეიყვანა. გურჯინთახი ექვსი წლის იყო, მაგრამ მაშინვე მიხვდა ვინ იყო ამ ხის სახლში უფროსი. რანდიკამ თავისი ოთახი აჩვენა ლაშარს, მერე ქმარს ანიშნა საჭმელი გაამზადეო და თვითონ ძაღლების დასაბმელად გავიდა ეზოში. კაცმა ერთი შეავლო თვალი დაღლილ ბავშვს, თუმცა არაფერი უთქვამს ისე წავიდა სამზარეულოსკენ. ლაშარს მოსწონდა ხის სახლი, თან რაღაც მოჩვენებების სახლს აგონებდა.

 

თავის სასახლის შემდეგ, ცოტა სასაცილო იყო აქ ცხოვრება, მაგრამ უფრო საინტერესო კი იყო, ვიდრე ქსანში მეფესავით ყოფნა. მობეზრებული ჰქონდა ლაშარს ქსნის ხეობაში წანწალი, თან ყველა კუთხე-კუნჭული ზეპირად იცოდა. დიახ, ეგეთი ყოჩაღი შვილი ეზრდებოდა ზვიადს, ექვსი წლის ბიჭისთვის ცოტა ნამდვილად არ იცოდა ლაშარმა. ყინულში ჩახტომაც უნდოდა, თან ფიქრობდა ქსანში რომ ჩავალ, ყველას მოვუყვები ყინულში ჩახტომის ამბავსო. რანდიკაც მოეწონა და მისი შვილი მიშაც, მაგრამ ქმარზე რა მოგახსენოთ, არ მოსწონდა ქალისგან დაჩაგრული კაცი გურჯინთახს და მოგეკლა თუ გინდა. რანდიკას ყოველ დღე დაყავდა ძაღლების მარხილით ლაშარი შეშის მოსატანად, თან გზა და გზა ციმბირს აჩვენებდა. შეუყვარდა მარხილით სიარული ლაშარს, თან ძაღლებსაც მიეჩვია.

 

შეშის საყიდლად ერთი დღე რჩებოდნენ მეტყევეებთან. რანდიკა ვაჭრობდა, ხან რაში გაცვლას სთავაზობდა მეტყევეებს, ხან რაში, საბოლოოდ ვაჭრობა ყოველთვის ჩუქჩა ქალის გამარჯვებით მთავრდებოდა. ლაშარს ციმბირული ჩასუქებული ცხენები არ მოსწონდა, მაგრამ მათი გახედნა საინტერესო და რთულ საქმედ ეჩვენებოდა. იქ ერთი მეტყევე ცხოვრობდა, რიჟა, მუწუკებიანი კაცი. ყველა მაგას ყვებოდა, რომ ბევრი გაქცეული პატიმარი ყავდა მოკლული და მკვლელობაში Fფული ჰქონდა აღებული, თუმცა დაზუსტებით არავინ არაფერი იცოდა. ცხენების ამბავიც ცხვირში ამოადინეს – აბა ამდენ ცხენს როგორ ყიდულობს და როგორ არჩენსო, თუ მკვლელობებში ფული არ ააქვს აღებულიო. დიდი ეზო ჰქონდა რიჟა პატიმრების მკვლელს, ოთხი ძონძროხა და ოტხიც ცხენი.

 

სამი გასახედნი იყო, უფრო სწორედ ოთხივე, მაგრამ ერთი, წითელი, ყველაზე ურჩი და ბრაზიანი ჩანდა. სწორედ მაგას დაადგა თვალი პატარა გურჯინთახმა, წითელი ცხენის გახედნა გადაიქცა მის ოცნებად. რიჟა კაცი ისეთი უჟმური სახით დადიოდა, ლაშარმა ცხენზე შეჯდომა ვერ შეკადრა, მაგრამ რაღაცას უგეგმავდა.

 

 ერთ საღამოს, როდესაც ჩუქჩა ქალს ვაჭრობა მოთავებული ჰქონდა და დილის დადგომას ელოდებოდა სახლში წასასვლელად, ლაშარი ცხენებს წმინდავდა. ენანებოდა სახლში დაბრუნება, რადგან ერთხელ ვერ შემოახტა ციმბირულ ცხენს. რიჟა კაცი სულ უკან დასდევდა აჩრდილივით, მაგრამ დღევანდელი დღე გამონაკლისი იყო, რადგან რიჟა ისეთი გალეშილი ეგდო თავის ხის ლოგინში, ლაშარის დევნის კი არა, არაფრის თავი აღარ ჰქონდა. თავლაში სრული თავისუფლება იყო, ერთი ლაიკა ძაღლი ყავდა დაბმული რიჟა მეტყევეს, რომელიც მშვიდობა იყო თუ შფოთი, მაიც ყეფდა.

 

– ბიჭო, მალჩიკ, ეი, მალჩიკ, – მოესმა უცებ ლაშარს თავლის მეორე ბოლოდან, სადაც ძაღლი არ იყო დაბმული.

 

– მალჩიკ, ტი ჩტო, ნე სლიშეშ?!.

 

– რუსული ენა არ გაკვირვებია გურჯინთახს, მაგრამ “ბიჭო” მოესმა მანამდე, და ეს ნამდვილად გასაკვირი იყო. ამ შუა ციმბირში რა დროს ქართული იყო, მაგრამ ყურები ნამდვილად არ ღალატობდა და თავლის ბოლოსკენ წავიდა ნელი ნაბიჯით. ცოტა გული კი უთრთოდა, მაგრამ ქართული ენის გაგონებისგან გამოწვეულმა ცნობისმოყვარეობამ ყოველგვარ შიშს და მოლოდინს გაუსწრო. უცებ, სანამ თავლის მეორე ბოლომდე ნელი ნაბიჯით მიაღწევდა, დაბალი ახალგაზრდა ბიჭი გადაუდგა წინ. გურჯინთახი ერთი კი შედრკა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და ვითომ არაფერიაო ისე კითხა:

 

– ჰა, ქართველი ხარ? – ამ კითხვამ უცხო ბიჭის თვალებში ისეთი გაკვირვება გამოიწვია, თვალის გუგები ისე გაუფართოვდა, გეგონებოდა ბუდიდან გადაქცევას აპირებენო.

 

– ქართველი ვარ, შენ ვინ ხარ?

 

– მეე? ცოტა უცნაური ხომ არ არის მე რომ მეკითხები?

 

– უცნაური? – კითხვას კითხვით უპასუხა უცნობმა. თან ფიქრობდა, ეს პატარა ბიჭი რა უცნაურ კითხვებს მისვავსო.

 

– ვინ ხარ? – კითხვა შეუბრუნა გურჯინთახმა, თან ცოტა წინ წაიწია და თვალებში ჩახედა უცნობს. უცნობმაც თვალი თვალში გაუყარა და ცოტა ხანი ასე ჩუმად იდგნენ თვალებგაშტერებულები.

 

ბიჭი გიჟს გავდა, ასეთი ბავშვი არსად ენახა, თან გაკვირვებას ვერ მალავდა, სახეზე ეწერა ყველაფერი.

 

– ქართველი ბიჭის დანახვა..

 

– ჰო, ვიცი გაგიხარდებოდა.

 

– მიშველე პატარა ბიჭო.

 

– გიშველი, – სწრაფად უთხრა ლაშარმა.

 

– მე პატიმარი ვარ, ოღონდ გამოქცეული.

 

– ვიცი, აბა დამჯერი პატიმრები ციხეში არიან.

 

– ჭკვიანი კაცი იზრდები.

 

– შენც, – პატიმარს გაეღიმა, ოღონდ იმიტომ არა, რომ გასაღიმად ჰქონდა საქმე. პატარა ბიჭი ისე ლაპარაკობდა და ისე აზროვნებდა, პატიმარს გაკვირვება და აღფრთოვანება რაღაცნაირად უნდა გამოეხატა. ღიმილი იყო მისი გაკვირვებისა და აღფრთოვანების გამოხატვის ყველაზე იოლი ხერხი. ადამიანის ღიმილში ბევრი რამ ბუდობს. ბოროტება და სიკეთე, მოგონება და მომავალი, მწუხარება და ბედნიერება, იმედი და იმედგაცრუება.

 

– იცოდე ამ ცხენს გაგატან და უფრო ადვილად გადალახავ ტაიგას და გაექცევი ტაიგურ მგლებს. იცოდე, რიჟამ რომ გაიგოს დაგვხოცავს ყველას.

 

საღამოს მოახტები და გაქუსლავ, ღმერთი დაგეხმარება. მანამდე ერთი დღეა და ეს დღე შენი გადასაგორებელია.

 

– ათი წელი ვიყავი პადვლებში და კარცერებში, ზოგი ჩემს თვალწინ შიმშილით კვდებოდა, ზოგს გამძლეობა ღალატობდა და დილას ჩამოკიდებულს პოულობდნენ. იაკუტიაში მზე ჩვენი მტერია, რადგან ზამთარში გაგვირბის და ზამთარში გვწვავს და გვახმობს. როდესაც გვჭირდება მაშინ გვემალება და როდესაც გვწყურია წყალს გვართმევს. შვიდი წელია ქართული ლაპარაკი არ გამიგონია, შენი ხმა რომ გავიგე სიხარულისგან ცას ვეწიე, მაგრამ მართალი გითხრა ცოტა შემეშინდა კიდეც, ამ სიშორეს ხომ არ მელანდება-მეთქი, თან ექვსი წლის ბავშვი ესე ლაპარაკობდეს, არასდროს მენახა. ბუხარი თუ მიშველის ძმობილო, თორემ ჩემ თითებს საშველი აღარ უჩანს.

 

– ვიცი.

 

– ბუხართან ბავშვობის მერე აღარ ვმჯდარვარ. როგორ გვათბობდა და გვაძინებდა მისი ყვითელი ვეფხვის ფერი. მერე ნაკვერჩხლების ბრიალში გვეღვიძებოდა, ეჰ ძმაო....

 

– წამოდი, ოღონდ ფრთხილად, რიჟა არ გააღვიძო.

 

– რიჟა ვინღაა?

 

– ამ სახლის პატრონი.

 

– მერე როგორი კაცია?

 

– ამბობენ პატიმრების მოკვლით აღებულ ფულში იხრჩობაო.

 

– აქ თითქმის ყველა ეგეთია.

 

– ჰო?

 

– მერე შენ რა გინდა აქ.

 

– მე ქართველი თავადის შვილი ვარ, გურჯინთახი. აქ მამამ გამომგზავნა, თვითონ მოსკოვშია, თავის მეგობრებთან. გრიპი შემეყარა და აქ უნდა გამაკაჟონ, ერთი ჩუქჩა ქალი მივლის. მგონი ეგ არ უნდა იყოს ცუდი ადამიანი.

 

– შეიძლება არ იყოს.

 

ის საღამო ლაშარმა და უცნობმა პატიმარმა ბუხართან გაატარეს. უყვარდა ლაშარს უცნაური ამბების მოსმენა, თან ასე სწრაფად არცერთ ადამიანს არ დამეგობრებია. იქნებ იმიტომ, რომ, ამ შუაგულ რუსეთში ქართველი მონახა, იქნებ მშიერი და გათოშილი კაცი ნახა და შეეცოდა, იქნებ უბრალოდ პატიმარი ეცოდებოდა.  არა, აქ სხვა ამბავი იყო, ან არც იყო და მართლა იმოქმედა ჩემს მიერ ჩამოთვლილმა მიზეზებმა, მაგრამ ამ კაცში გულწრფელობა იგრძნობოდა, და ეს ახარებდა და იზიდავდა მისკენ ლაშარ გურჯინთახს.

 

 

მზე ნელ–ნელა თეთრ თოვლზე იწევდა. ყველას ეძინა და უცნაური იყო თეთრი სიმშვიდე. ლაშარს ამდენი თოვლი არსად ენახა, თან თეთრი უდაბნო ცოტა უცნაურ განცდებს ტოვებდა. თეთრი ყველაზე მშვიდი ფერია, თან უძირო და უჰორიზონტო. რაღაცას ვუცდით და ველოდებით ყველასგან და ყველაფრისგან. სამწუხაროდ, ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რამე სარგებელი თუ არ ნახა საქმიდან, არაფერზეა ხელის მომკიდი. თეთრისგან კი არავინ არაფერს ელის, თითქოს მისი დანახვა და დამშვიდება ერთი იყოს.

 

ექიმის თეთრი ხალათიც სიმშვიდის წყაროა, შეიძლება ვიღაცა არ მეთანხმებოდეს, მაგრამ ექიმის ხალათი სიმშვიდის გამოა გამოგონილი. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რისთვის არის გამოგონილი. ლაშარი ამხელა თეთრ სივრცეში ძალიან კარგად გრძნობდა თავს, ასეთი სიწყნარე არსად ენახა. ქსანშიც იყო ადგილები, სადაც სიმშვიდეს იგრძნობდა კაცი, მაგრამ იქ ბულბულის გალობა მაინც ისმის, აქ კი დღეები დღეებს მისდევს და ერთი სულიერის ხმასაც ვერ გაიგებ. აქ დარჩენა მაინც და მაინც არ უნდოდა გურჯინთახს, მაგრამ უცხო გარემომ ცუდი როლი მაინც არ ითამაშა. ჩუქჩა ქალის ვაჭრობამ, ყინულში ჩახტომის მოლოდინმა, ციმბირის თეთრმა სიმშვიდემ ახალი სურათები დახატა პატარა თავადის ტვინში. ეხლა კი უფრო საინტერესო გახდა ცხოვრება, ქართველი პატიმარი უნდა გაექცია ციმბირის ყინვა–შიმშილისგან.

 

ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სამშობლოს უწევდა დიდ სამსახურს. უნდა დახმარებოდა თავის მემამულეს ამ უცხო მხარეში. სულ რომ მკვლელი და მანიაკი ყოფილიყო, მაინც თავისი უნდა ექნა, და ციმბირიდან თავის დაღწევაში უნდა დახმარებოდა.  რადა, ქვეყანას შეიძლება ცუდსაც უკეთებდა ამ კაცს სამშობლოში დაბრუნებაში რომ ეხმარებოდა, მაგრამ ქართველს ხომ ეხმარებოდა და ამით მორჩა ყველაფერი.

 

 მზე სულ ახალი ამოსული იყო. ლაშარმა სახლი გამოიარა და ეზოში გავიდა. რიჟასაც დახედა და რანდიკასაც, ორივეს ღრმა ძილით ეძინა. ეზო ცარიელი იყო, ისეთი სიჩუმე იდგა, კილომეტრში ვიღაცის დაცემინებას გაიგონებდი.

 

გურჯინთახი თავლაში შევიდა, ცხენებსაც ეძინათ, ოღონდ ადამიანებისგან განსხვავებით ფეხზე იდგნენ.

 

– სად ხარ?

 

– აქ.

 

– მოდი.

 

– უნაგირი მომიტანე?

 

– კი, თან ეს გაწრთვნილი ცხენია.

 

– ჯიგარი ხარ!

 

– მიდი, შემოახტი.

 

– მადლობა, ჩემო მეგობარო, – ერთი წუთი გაშტერებული ჰქონდა მზერა პატიმარს ლაშარისკენ. გაღიმებული იყურებოდა, მაგრამ სიტყვა აღარ დასცდენია, ისე შემოახტა ცხენს და თავლიდან მოკურცხლა. ერთხელ შემოაბრუნა ცხენი, ლაშარს ხელი დაუქნია და გვერდებზე მოსცხო ქუსლები ბედაურს. ცხენი შურდულივით გაიჭრა. ლაშარი კმაყოფილი იყო, ჰორიზონტისკენ წასულ ცხოველს და მხედარს რომ უცქერდა. სიკეთის გაკეთების შემდეგ სამი-ოთხი დღე დაგყვება მშვენიერი განცდა იმისა, რომ დედამიწაზე ერთი კარგი საქმე შენც გაქვს გაკეთებული. უცებ რაღაც გამაყრუებელი ხმა გაისმა, ცხენი ყალყზე დადგა.

 

გურჯინთახი თავლიდან გამოვარდა და თოფმომარჯვებულ, ახალგაღვიძებულ რიჟას გადააწყდა. კიდევ ერთი გასროლაც გაისმა, მაგრამ ამჯერად სხვა მხრიდან. ცხენიდან პატიმარი ნაგანს ისროდა. ლაშარს გაუკვირდა, არ ელოდა საპასუხო გასროლას მხედრისგან. ლაშარს გაუკვირდა, მაგრამ გაუხარდა კიდეც, რომ პატიმარი თავის დაცვას შეძლებდა. ეს რომ აღიქვა ჩვენმა გმირმა, რიჟას გახედა, რომელიც შუბლგახვრეტილი თოვლში ეგდო, ხოლო ცხენოსანი აღარსად ჩანდა. რანდიკაც გამოვარდა პლედმოხვეული, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

 

ლაშარი გახევებული იდგა, რა ექნა, ასე ცუდად დასრულდა მისი დახმარების გაწევა. ყველაფერი მოუყვა ჩუქჩა რანდიკას. ქალმა მოისმინა, ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა და წერილი მისწერა ზვიად გურჯინთახს. «თქვენი შვილი გამომჯობინდა და ყინული აღარ დასჭირდაო». რატომ აღარ ჩაახტუნა რანდიკამ ლაშარი ამოჭრილ ყინულში, არ ვიცი, მაგრამ ამ ამბის მერე, რომ გამოჯანმრთელებულად ჩათვალეს გურჯინთახი, ფაქტი იყო.

 

 ლაშარი კი ქსანში დაბრუნდა მამასთან, მკითხავ ბაშესთან და სახუროვის ნაჩუქარ მწევარ ძაღლთან ერთად. იქნებოდა 1907 წელი.

 

 საქართველოში ამ დროს გააქტიურებული იყო “ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”. ილიას საზარელი მკვლელობის შემდეგ, მის სათავეში გენერალი გიორგი ყაზბეგი ჩადგა.

 

რუსები გიჟებს გავდნენ, ვერაფრით შეძლეს ქართული ენის გადაგვარება. ამას ისიც დაემატა, რომ შეიქმნა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელიც ემიგრაციაში მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა. მას გვერდში ედგნენ: ნიკო მარი, ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი და სხვები.

 

ქართული სული, ილიას მოკვლის მიუხედავად, არასდიდებით არ ნადგურდებოდა. ზვიადი ექვთიმე თაყაიშვილის ხშირი მასპინძელი იყო ქსანში. ყველაფრით გვერდში ედგა ქვეყნისთვის თავდადებულ პიროვნებებს. ათევინებდა ღამეს, უზიდავდა საჭმელს და რამეს თუ გაიგებდა მათ წინააღმდეგ, ყოველთვის ატყობინებდა.

 

თუმცა ხალხის დასანახად არასდროს აკეთებდა ამას. ყოველთვის მეფეს აქებდა სახუროვთან და ბაშესთან. ბაშე გადაყოლილი იყო ლაშარზე, არაფერს აკლებდა, სემინარიაშიც მუდამ აკითხავდა პირველ წლებში. პატარა გურჯინთახიც მიჩვეული იყო ბაშეს ზრუნვას და ამაგს. მშობელივით ჯეროდა და აფასებდა. ზვიადი მაინც ფრთხილობდა ბაშესთან, ცდილობდა საისტორიო საზოგადოების წევრებთან კავშირი დაემალა. მალავდა კიდეც, მაგრამ აქა–იქ მაინც გავარდებოდა ხმები, ჯავახიშვილი და თაყაიშვილი გურჯინთახთან ყოფილან წუხელო.

 

 ერთხელ დაღლილ–დაქანცული საისტორიო საზოგადოების წევრები ზვიადს მიადგნენ. დიდხანს ისხდნენ შუა ოთახში წითელი ღვინით და ირმის მწვადით. რაზე არ ილაპარაკეს, ბოლოს კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ზვიადმა კარი გააღო და უცხო კაცი დაინახა.

 

– ილია მოკლეს ამ ძაღლთაპირებმა. – უცნობ მამაკაცს თავზე შლიაპა ეხურა, შავი «საროჩკა» ეცვა, ცოტა პრიალა. მეტი აღარც შეუხედავს ზვიადს უცნობისთვის, ისეთი სანდო და სათნო გარეგნობა ჰქონდა, იმ წუთას სახლის კარები გაუღო და განზე გადგა. დიდხანს უჭახუნებდნენ ერთმანეთს ჭიქებს, თინათინიც მათთან ერთად იჯდა, ხანდახან თუ გავიდოდა საჭმლის შემოსატანად.

 

ჟოზეფინას და ლაშარს დიდი ხანია ეძინათ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ უეცრად უცნობი სტუმარი ცუდად გახდა. სულ ოფლში იყო, მერე თვალებიც დახუჭა და სკამიანად უკან გადავარდა. გაშეშებულები ისხდნენ მაგიდასთან მსხდომნი, ბოლოს ჯავახიშვილი წამოხტა: «შე ძაღლიშვილო, შენ ოჯახში კაცი მოკვდა და შენ წარბიც არ შეგრხევიაო». ზვიადმა თვალი გაუსწორა გამლანძღველს და ხანჯალი გამოაძრო ვერცხლის ქარქაშიდან. შუაში ჩადგა ხალხი, ძლივს დააწყნარეს ერთიც და მეორეც, ბოლოს ჯავახიშვილმა ამ ოჯახში მე აღარ გამოვჩნდებიო და კარში გავარდა.

 რა მოხდა იმ საღამოს, და რატომ გარდაიცვალა ასე უცნაურად გურჯინთახების ოჯახში უცნობი სტუმარი, ღმერთმა იცოდა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ საზოგადოების წევრები ზვიადთან აღარ გამოჩენილან. თავადი გიჟს გავდა, ორი წუთის წინ საღსალამათი კაცი რაღა ჩემ ოჯახში მოკვდაო.

 

ორი კვირა სახლიდან არ გამოსულა, თინათინიც ძლივს აჭმევდა საჭმელს.

 

 ჟოზეფინაც კაი მხეცი ბავშვი იყო, ლაშარისნაირი ჭკუით და იუმორით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ მხეცობაში არავის ჩამოუვარდებოდა. მამამისისგან გამოყვა ნაპოლეონის სიყვარული, მე ნაპოლეონის მომავალი ცოლი ვარო. მკითხავი ბაშე ჩაუღიმებდა, კი გენაცვალე, კიო და გულში, ვაი შენს პატრონსო, ფიქრობდა. ჟოზეფინაც ბაშეს ღიმილით გაგულისებული უფრო იმედიანად იყო, რომ სადმე, ქსანში თუ არა, სადმე ხომ გადააწყდებოდა ბონაპარტს. ლაშარი ეუბნებოდა ბონაპარტი კარგა ხნის მკვდარიაო, მაგრამ უმცროსი და არ ტყდებოდა და პასუხიც მზად ჰქონდა, “შენ ვინ გეკითხება, მე ახალს მოვნახავო”. რაღას იზამდა ლაშარი, თავს გააქნევდა უკმაყოფილოდ და განზე დგებოდა მომავალი დედოფლის და ბონაპარტის მეუღლის პატივისცემის გამოსახატავად. ზვიადის ქალიშვილი დიდი ნიჭით არ გამოირჩეოდა, ამიტომ გიმნაზიაში სულ პრობლემები ჰქონდა.

 

სახლში არავინ იცოდა მისი უჭკუობის შესახებ. რამდენი ზვიადი სახლში მოვიდოდა, ჟოზეფინა თავის ოთახში წიგნით ხელში ხვდებოდა. თინათინ მაჭავარიანს დიდად არ აღელვებდა ქალიშვილის ბედი, იმთავიდან ლაშარზე იყო გადამკვდარი. ისეთი პრობლემები ჰქონდა ლაშარს, ძალაუნებურად დიდ ყურადღებას ითხოვდა მშობლებისგან. ლაშარი გრძნობდა, ჟოზეფინას სითბო აკლდა, მაგრამ მშობლის მაგივრობას ვერაფრით უწევდა. მამა ზენონიც ალმაცერად უყურებდა გურჯინთახების ქალიშვილს, ერთხელ ისიც კი უთქვამს, გურჯინთახების გონჯი ქალი ნაპოლეონს ქსნის ხეობაში ეძებსო. ორად ორი ადამიანი, ვინც ბოლომდე გვერდში ედგა ჟოზეფინას, ლაშარი და მკითხავი ბაშე იყვნენ.

 

ბაშე რომ უკითხავდა ბონაპარტის ცხოვრებას, ლაშარს ჟოზეფინაც დაჰყავდა მოსასმენად.

 

“ცხრა წლამდე ნაპოლეონი აიაჩოში იზრდებოდა. კორსიკულად ნაბულიოს ეძახდნენ. ნაპოლეონს ბავშვობიდან შფოთიანი თამაშები უყვარდა, კაი ჩხუბის თავიც იყო. მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა, უფროს ძმას, იოსებსაც, კი სცემდა. პატარაობიდან პირველობისკენ სწრაფვა შეეტყო. სწავლაში, ჩხუბში, სპორტში სულ პირველობისკენ იქაჩებოდა. სახლში რვა და-ძმა ჰყავდა, ადრე ცამეტნი იყვნენ, მაგრამ ოთხი დაღუპულა და ცხრა დარჩენილან.

 

სკოლაში რომ შევიდა, შვიდი წლის იყო, ერთხელ მასწავლებელმა ბავშვები ორ ნაწილად გაყო, “კართაგენელები” და ”რომაელები”. ნაპოლეონი “კართაგენელებთან” მოხვდა, ამიტომ მას დამარცხება არ ასცდებოდა. მართალია, ეს ყველაფერი თამაში იყო, მაგრამ ნაპოლეონს “რომაელებთან” უნდოდა მოხვედრა, რომ გამარჯვება მას დარჩენოდა. მისმა უფროსმა ძმამ რომაელთა სარდლის სავარძელი დაუთმო. ნაპოლეონი გამარჯვებული დარჩა. ეკლესიაში სიარული არ უყვარდა, იქ გონება ეფანტებოდა, სიმშვიდეში ვერ სძლებდა, უფროსებს აჯავრებდა და ა.შ. კარლო ბონაპარტი საფრანგეთს რომ მიემხრო და პარიზის სამხედრო სკოლაში ნაპოლეონის შეყვანა გადაწყვიტა.

 

1779 წელს ნაპოლეონი თავის ძმებთან და მშობლებთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა. იმავე წელს ბრიენის სასწავლებელში ჩაირიცხა და ათი წლის ბიჭს სტიპენდია დაუნიშნეს. 1784 წელს, როდესაც ბრიენის სასწავლებელი დაამთავრა, პარიზის სამხედრო სკოლაში ჩაირიცხა, მაგრამ ერთი წლის თავზე გარდაიცვალა ნაპოლეონის მამა კარლო ბონაპარტი. ნაპოლეონმა სამხედრო სასწავლებელს თავი დაანება და უმცროს ოფიცრად არმიაში ჩაეწერა. მალე არტილერიის ლეიტენანტი გახდა, მაშინ ალბათ ოცი წლის იქნებოდა. აიაჩოში დაბრუნდა ცოტა ხნით, მაგრამ ბებერ პატრიოტ პაოლოსთან უთანხმოების და ჩხუბის მეტი არაფერი გაუკეთებია. 1792 წელს პარიზში დაბრუნდა და იქ რევოლუცია დახვდა.

 

ლუდოვიკო XVI ტუირლის სასახლიდან გამოაძევეს, ნაპოლეონი ზიზღს გამოხატავდა მეფის მიმართ – «უნდა გაენადგურებინა ექვსასი კაცი მაინც და მერე დანარჩენებიც გაიქცეოდნენო. ხალხის მიმართაც არ იყო დადებითად განწყობილი ბონაპარტი, სულ ბრბოს და საზიზღრებს ეძახდა.”

 

– მერე? – თვალებგაფართოებულმა შეხედა ჟოზეფინამ ბაშეს.

 

– მერე ხვალ იქნება! – უპასუხა მკითხავმა და წიგნი სწრაფად და ხმაურიანად დახურა.

 

 მამა ზენონი გურჯინთახების მწვანე, ფართო ეზოში მოაბიჯებდა.

 

ჭას რომ მიუახლოვდა, ძაღლი გამოვარდა ყეფით. მამაომ ცალ მუხლზე ჩაიჩოქა და ტკბილი კამფეტებით გაუმასპინძლდა ცხოველს. ჭის იქით ზვიადის დიდი ბაბუის აშენებული მარანი იდგა. უყვარდა გურჯინთახების მარნის ღვინო ზენონს, მაგრამ ყოველდღე ვერ მიირთმევდა, რადგან თქმა ერიდებოდა. ლაშარი ხუმრობდა ჩოგბურთელობა რომ უნდა, მაგიტომ სვამს ცოტა ღვინოსო.

 

ამაზე მამაო წითლდებოდა, წვერებზე ხელს ისვამდა, თითქოს იპუტავსო და ერთი გვარიანად მიაწყევლიდა უმცროს გურჯინთახს. მარნის უკან ალუჩის, შინდის, ალუბლის, ბროწეულის, ვაშლის, კაკლის, ატმის და ჭერამის ხეები იყო ჩამწკრივებული. ხეებს შუა აუზი იყო, კალმახებით სავსე. ღობე ვაზისგან იყო დაწნული, და შემოდგომაზე რქაწითელს ისხამდა. სახლი რიყის ლამაზი ქვებით იყო აშენებული, მხოლოდ პირველ და მეორე სართულზე ხის ვერანდები იყო. ვერანდაზე ტახტები იდგა, და ზედ მუთაქები ეყარა. სახლს უკან თავლა იყო, სადაც ლაშარი თივას დაათრევდა თავისი ცხენებისთვის.

 

სახლში რომ შეხვიდოდი, დიდი შუა ოთახი იყო, რომელიც ზვიადის დიდი ბაბუის ნახატებით იყო აჭრელებული. მარმარილოს მაგიდა და სპილოს ძვლით გაწყობილი ოთხი სკამი იდგა. ორი მუხის ხის სავარძელი და ერთი თეთრი წაბლის ხის დივანი. დივანის უკან თურქული ხალიჩა ეკიდა, და რამდენიმე ოქროში ამოვლებული ხმალი იდო ლურსმნებზე. ზვიადს და თინათინს პირველ სართულზე ჰქონდათ საძინებელი. ლაშარს და ჟოზეფინას მეორეზე. ზვიადის ოთახი დიდი სიმდიდრით არ გამოირჩეოდა, მხოლოდ ერთი ოქრის ჯვარი ეკიდა ზვიადის საწოლის თავზე.

 

ოთახში შესასვლელთან რიყის ქვებით აშენებული ბუხარი იდგა. ლაშარს თავისი ოთახი ჰქონდა, რომელიც უნაგირებით და აღვირებით იყო სავსე. მხოლოდ ერთი ციმბირული ვეფხვის ტყავი ჰქონდა გაკრული თავთან, რანდიკამ გამოატანა ციმბირიდან ქსანში რომ ბრუნდებოდა. ბუხარი ყველას ოთახში იყო, ბაშესაც ჰქონდა, რომელიც სხვენში ბინადრობდა. ჟოზეფინას ოთახი ნაპოლეონის პორტრეტებით იყო აჭრელებული. კარადაში საქორწილო კაბა ეკიდა. მკითხავ ბაშეს ანახა და ასე უთხრა: “მე რომ ნაპოლეონს გავყვები, ამ კაბას ჩავიცვამო ქორწილში”.

 

ბაშემ ჯერ კაბას შეხედა, მერე ნაპოლეონის პორტრეტს, მერე ჟოზეფინას და უთხრა: “ისე მართალი ხარ, ძალზედ უხდებით ერთმანეთს, მითუმეტეს ჭკუით და გონებით”. ჟოზეფინაც ვერ ხვდებოდა ბაშეს დაცინვას და თვალებგაბრწყინებული ოცნებებში მიცურავდა. ჩვენი ბაშე კი ამ გადასარევ წყვილს, თავის ფორმით და სიმაღლით ამსგავსებდა. სანამ პირველ სართულის ვერანდაზე გახვიდოდით, ხელმარცხნივ ზვიადის კაბინეტი იყო. აი, ეს ოთახი ყველაზე მდიდრული იყო, ფაიფურის ჭურჭელი, ოქროს კოვზები, ვერცხლის ჩანგლები, მამონტის ძვლის ჭურჭლის კარადა, ბზის მაგიდა, ზურმუხტებით და ლალის თვლებით მოჭედილი ბზის სკამი, ოქროს კალამი და აფრიკის ხეებისგან დამზადებული ქაღალდები. ბაშეს სხვენი, ჰო, სულ დამავიწყდა, ზვიადს კარადა ჰქონდა ვერცხლის, სადაც ნაპოლეონზე თუ რამე იყო დაწერილი, ყველაფერს იქ ინახავდა. ბაშეს სხვენი პატარა იყო, მაგრამ ნათელი და გრილი.

 

ზვიადს სამი მოურავი ჰყავდა, ერთი ნაფიტა, რომელიც ხილს აბარებდა ბაზარში, ჩუხა, რომელიც შეშას და ღვინოს დაათრევდა გასაყიდად და მირზა, რომელიც მართლა მოურავი იყო. თინათინი ჩხუბობდა, ეს კაცი ყველას მოურავს ეძახისო. ზვიადს ქალის ჯუჯღუნი არაფრად მიაჩდა, დედაკაცების გასარჩევი არ არის ვინ ვისი მოურავიაო.

 

– გამარჯობა მამაო, – ეზოში მიეგება თინათინი.

 

– გაგიმარჯოს, ღმერთმა დაგლოცოთ.

 

– მამა ზენონ, ჩემი ზვიადი ცუდ დღეშია.

 

– რათა?

 

– იმათა, რომ წუხელ ჩვენ ოჯახში მეფის წინააღმდეგ მებრძოლნი იყვნენ.

 

– მერე?

 

– რაღა მერე, მამაო, ერთი გადაბრუნდა და მოკვდა. ჯავახიშვილია ერთი, იმან ზვიადს დასწამა სტუმრის მოწამვლა. ზვიადი არ შედრკა და ხანჯალზე გაიკრა ხელი.

 

– მერე?

 

– ჩადგა ხალხი შუაში და ორთავე გააჩერეს.

 

– მერე?

 

– მერე ისა რომ, იმ დღის შემდეგ საზოგადოების წევრები აღარ მოსულან ჩვენთან. ზვიადი ჩაკეტილია თავის ოთახში და დარდს არის მიცემული, რაღა მე უნდა მომსვლოდა ასეთი ამბავიო. ზვიადის კარგ ბიჭობაში ეჭვი არავის შეჰპარვია, მაგრამ ამ საზარელი ფაქტის შემდეგ, ღმერთმა იცის ვინ რას იტყვის.

 

ზვიადის ურთიერთობა სახუროვთან ყველამ იცის და რამე ცილი არ დასწამონ ჩემ ვაჟკაცს.

 

– ეგ ცუდი ამბავი მოგსვლიათ. უნდა მოერიდოს იმ წყეულ სახუროვთან პატიჟ–მიპატიჟებას, ხომ ხედავ ეშმაკს არ სძინავს და რამე ჭორი სიმართლედ არ აქციოს ამ ხალხმა.

 

– რა სიმართლე მამა ზენონ, სიმართლე ერთია და ვერც ჭორიდან გამოთლი.

 

– სიმართლე ღმერთმა შექმნა, რათა ქაოსის გაჩენა აეცილებინა თავიდან, მაგრამ სიმართლემ შექმნა ქაოსიც და უბედურებაც. მართალი იყო აბელი, მაგრამ ვერაგმა კაენმა თავი გაუპო, მართალი იყო შუშანიკ, მაგრამ ოხერმა პიტიახშმა შამფურებით აწამა, მართალი იყო დავითი, მაგრამ ნახევარი კახეთის გაჟუჟვა მოუწია. მართალ კაცს დასდევენ და ებრძვიან, სიმართლის გამო იწყება ბრძოლა, სიმართლის მთქმელს თვალებს სთხრიან. აი, ჩემო კარგო, როგორც შენ გგონია ისე არ არის ყველაფერი. მართალ და სწორ კაცს გააკეთებინებენ უსამართლობას. მართალი კაცი თეთრია და სუფთა, ბავშვური და მიამიტი, ამიტომაც ხდება ადვილი მათი არასწორ გზაზე გაშვება.

 

სახლებსაც და ბავშვებსაც დაწვავს და დახოცავს, იმ რწმენით, რომ მართალს საქციელს სჩადის. უფრო მეტი ზიანი სიმართლეს მოაქვს, ვიდრე უსამართლობას. უსამართლო კაცი ხშირ შემთხვევაში ძლიერი პიროვნებაა, სწორედ ამის ხარჯზე ბედავს უსამართლობის კეთებას. ძლიერებას რომ ხედავს ხალხი, სიმართლე და ნათელი სულ ფეხზე ჰკიდია, მათთვის მთავარი ძალაუფლებაა. მართალ კაცს ფულის შოვნა უჭირს. რატომ? იმიტომ, რომ სიბინძურე ზარავს და აფერხებს. ბოროტი კაცი ყველაფერს იკადრებს, ოღონდ ჯიბე გამოივსოს ოქროს მონეტებით.

 

მერე კი ამოყვინთავს სამართალი, მაგრამ როდის? როდესაც ხალხი განცხრომაშია და მშვენივრად ცხოვრობს მდიდარ ნეხვში. მერე იწყება ბრძოლა და სისხლი, დაობლება და გმინვა, მაგრამ გვიანია, სიმართლე წლობით ნაშენებ ნეხვს ვეღარ გაანგრევს და ვარდად ვერ შეცვლის აყროლებულ განავალს. ასეა, ჩემო თინათინ, ასე. შენ რომ გოჩიკა მოგწონდა, ხომ იყავი მის სიმართლეზე თავის დამდები. მან კი ბოროტს მისცა თავის ყველაფერი, და ვინ გაიმარჯვა? რა თქმა უნდა ბოროტმა. ზვიადი ფრთხილად იყოს, თორემ თავის სამართალს და სიწესიერეს, უწესობად და უსამართლობად გადაუკეთებენ. დავითმა რომ ქართველები ჟუჟა, განა მართალი იყო ღმერთის წინაშე, არა, მაგრამ წლების შემდეგ წმინდანად მოგვევლინა.

 

ხოცვის დროს ეგეთი უსამართლობის გრძნობა, იმ ხალხს რომ ჰქონდა, ვის ექნებოდა, მაგრამ სწორედ იმ ხალხის ტაში და ყიჟინა ისმოდა დავითის მიმართ წლების შემდეგ.

 

მე ვერ გამირჩევია სამართალი და უსამართლობა.

მამა ზენონი წამოდგა, თინათინს თავზე აკოცა და გზა განაგრძო მუხრანისაკენ. თინათინი მთელი ღამე უყურებდა ბუხარში აალებულ ცეცხლს და შეშას.

 

 

 

 

  მთვარე

 

 

III

 

 

 მზეზე მთელი მსოფლიოა მიშტერებული. მზის სხივებს, როგორც იმედის ძარღვებს ეგრე ებღაუჭებიან. თუ ვერ მიგებთ, მაშინ “ებღაუჭებიანს” ნაცვლად, ელოდებიან დავწეროთ. რა საოცრებაა ეს ყვითელი პლანეტა, რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია. იქნებოდა თუ არა შესაძლებელი მთვარის გარეშე სიცოცხლე? თუმცა მოვლენებს ნუ გავასწრებთ და ჯერ მზეზე ვილაპარაკოთ.

 

ეს საოცარი სიყვითლე ხან ზღვიდან, ხან მთიდან, ხან მიწიდან, ხან ციდან ამოდის, გვათბობს და გვანათებს. შავ ზღვას უხდება მზე. ისე შავ ზღვას რატომ ეძახიან შავს? ალბათ შავია და იმიტომ, თუმცა რა დროს ეგ არის. აფხაზეთში დანახული მზე მახსოვს, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ის მზე მწვანე იყო. მე და დედა დიდხანს ველოდით, თითქმის მთელი საღამო. ბოლოს, ზღვაში რომ იძირებოდა, ფოსფორისფერი სხივების კონა ატყორცნა ცაში, რაღაც საოცარი მწვანე ფერი დადგა, ასეთი ლამაზი განშორება, მე და მზეს აღარ გვქონია, რადგან აფხაზეთიც დაიკარგა და მზეც აღარასდროს მინახავს ისეთი მხიარული და მწვანე. ბევრჯერ უთქვამთ, მზე ჩვეულებრივი პლანეტაა, ეგეთი ორასზე მეტი იქნებაო.

 

არ ვიცი, მაპატიეთ და, მეც სოკრატესავით მეზიზღება ასტრონომია. არა, კი არ მეზიზღება, უბრალოდ იმდენად შორია ჩემთვის, რომ უცხოა. ვიღაცა მეტყვის, შორი რაც არის ეგ უნდა გიზიდავდესო, ან “რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო...” მოკლედ, არ ვიცი, მაგრამ არ მიყვარს ასტრონომია. ახლა სოკრატეს ვედრებოდე, ეგ არ დამწამოთ, ან რაც გინდათ ის დამწამეთ, მე ხომ წამებული ვარ. ასეა, თუ ისე, არ მჯერა, რომ მზეზე უფრო დიდი მზე არსებობს, რომ მზისნაირი კიდევ ორასი პლანეტა და მეტია. მზე ერთადერთია, ყვითელი და ცხელი, დაუნდობელი და შემნდობი, მოწყალე და უმოწყალო, კეთილი და ბოროტი, ის ერთადერთია მთელ ქვეყანაზე. ისეთი მზე, მომკალით და არ იარსებებს, მე რომ აფხაზეთში შემხვდა, ისეთი მწვანე და მხიარული.

 

 რატომ არასდროს მთვარეზე არ ვფიქრობთ, ან რატომ ისე არ ვაფასებთ მის სიკეთეს, როგორც მზისას.

 

იქნებ ვსაუბრობთ და ვაფასებთ, მაგრამ რაღაც ჩრდილში ვდგავართ მის ხსენებისას.  რადა, შეიძლება ბევრი თვისება მზეზე კარგი აქვს. მე კი ვფიქრობდი მთვარეზე ბავშვობიდან, მაგრამ რატომღაც ჩუმად. არ ვიცი, მაგრამ ეგრე იყო. შეიძლება მზის აქტიურობით და სიძლიერით დათრგუნულებს მთვარეზე ხმის ამოღება გვეშინოდა. ვიღაცა იტყვის მთვარეს სულ ახსენებდნენ, აბა “მზე დედაა ჩემი, მთვარე მამაჩემი” რა არისო? მაგრამ ვიღას ახსოვს, ან თუ ახსოვს, ძალაუნებურად და ეგ არის, მეტი არაფერი. მეც გამოვედი მთვარის ინტერესების დამცველი, მაგრამ დღეს მართლა ეგ მინდა გამოვიდე.

 

უკვე დავიღალე ამ არდაფასებით და უმადურობით.

 

 ვენეციაში ჩავფრინდით, ოღონდ თვითმფრინავით არა, თოლიებით. ვენეციაში იმდენი მტრედი და თოლიაა, მეგონა მათ ფრთებზე ვიჯექი და ისე მოვხვდი აქ. ერთი დღე გვქონდა დრო, სხვა დრო ჩვენთვის არ არსებობდა, იყო ერთი დღე და მორჩა. ისე რიმინში ვცხოვრობდით, ზღვისპირა ქალაქია, ადრიატიკით და თეთრი ქვიშით. ჩვენს სასტუმროს სამი ვარსკვლავი კი ეხატა, მაგრამ ეს ისეთი სამვარსკვლავიანი სასტუმრო იყო, როგორი ბაგრატიონებიც დადიან დღეს საქართველოში. მოკლედ, იტალიაში ჩავფრინდით, და წარმოიდგინეთ როგორი წარმოდგენა მექნებოდა ამ ქვეყანაზე. ჩვენთან ისეთი გაჭირვება იყო, კიდევ იმით მიდიოდა “მარიაჟობა” “სნიკერსი” ვის ჰქონდა გასინჯული.

 

მთლად ეგრეც არ იყო საქმე, ცოტა ვამეტებ, მაგრამ გაჭირვება იყო და რა ვქნა. იტალიაში სანამ წავიდოდი, მთელ ქვეყანას მოვდე, ჩექმაში მივდივარ-მეთქი. ვინ რას არ მაბარებდა, “აუ, მილანის ფორმა ჩამომიტანე”, “ბარეზის ხელმოწერა წამომიღე”, “ბაჯოს შორტები გამოაყოლე” და ა.შ. ფეხბურთი ხომ გვიყვარს ქართველებს მიქელანჯელოზე და ლეონარდოს ნახატებზე უფრო. გვიყვარს აბა რა, სულ ვაგებთ და სტადიონი ყოველთვის სავსეა, თან სამოცდა ათი ათასი ეტევა. თოთხმეტი წლის ვარ. ის ასაკია, კაცმა რომ არ იცის რა გინდა, ბებია რომ ულვაშებს არ გაპარსინებს და ხმა რომ გაუგებარი ჟღერადობის გაქვს.

 

თუმცა მე ბებია არაფერს მიშლიდა, რადგან ბევრს არც ვატრაკებდი და ულვაშებიც არ ამომდიოდა. ბევრს კი ვატრაკებდი, მაგრამ სადაც გაგდის ეგ რა გატრაკებაა. ამიტომ, ბებიასთან რახან გამდიოდა, გატრაკებას ნუ დავარქმევთ. ისეთი სევდიანი მომეჩვენა თბილისი იმ დღეს, როცა მივფრინავდი, კინაღამ გადავიფიქრე წასვლა. სულ დამავიწყდა იმაზე ლაპარაკი, თუ რატომ მქონდა თოთხმეტი წლის ბავშვს იტალიაში წასვლის ბედნიერება. იმიტომ, რომ, მაშინ ფეხბურთზე დავდიოდი, თან მეკარე ვიყავი და ჩვენი გუნდი რიმინში ტურნირზე მივექანებოდით. წარმოიდგინეთ, რას არ ვფიქრობდი და ვოცნებობდი.

 

იქნებ საუკეთესო მეკარის პრიზი ავიღო-მეთქი, ან იტალიაში ვინმემ კონტრაქტი მაინც შემომთავაზოს მეთქი. . . თვითმფრინავმა ბორბლები გამოუშვა და ჩვენც ჩექმის მიწაზე დავადგით ფეხი.

 

 რიმინში მარტო ვინ გაგვიშვებდა, ამიტომ ცოტათი ის მითი დაინგრა, ჩემს ღრმა წარმოდგენაში რომ ცოცხლობდა. წარმოდგენაში კი მე და ლამაზი იტალიის ქუჩები იყო, საითაც გინდა გაუხვიე, რაც გინდა იყიდე, ვისაც გინდა იმას აკოცე და ა.შ. სასტუმრო, ვარჯიში, სეირნობა პლიაჟზე და “ვსიო!”.

 

პლიაჟზე თეთრი ქვიშა კი მხიბლავდა, მაგრამ ქუჩაში მარტო პორწიალს მაინც არ მერჩივნა. ადრიატიკის ზღვა ისეთი საყვარელი არ აღმოჩნდა, როგორიც ჩვენი შავი ზღვაა, მაგრამ ნოემბერში შეცურვა მაინც გაგვარისკინა. მერე ჩემი გუნდელი დამცინოდა, მაგაზე საყვარელი რაღა გინდა ნოემბერში რომ ჩახტებიო. ეგრე იყო, საყვარელი ზღვა იყო, მაგრამ შავს მაინც ვერ შეედრებოდა და რა მექნა. საღამოს ვიღაც მოტვლეპილი იტალიელი მოგვადგა სასტუმროში. ვიცი ფეხბურთელები ხართ და მაგიტომ მოვედიო. ჩვენმა მწვრთნელმა ერთი ნაღვლიანად შეხედა, დაამთქნარა, თითქოს თვალებით ეუბნებოდა, რამე საინტერესო მაინც გეთქვაო და შემოიპატიჟა.

 

ღვინის გარეშე როგორ ჩავიდოდით ქართველები იტალიაში, თან ორასჯერ მაინც ხომ უნდა გვეთქვა, რომ ჩვენ მოუვლელი ვაზი გვაქვს, თორემ როგორც ხარისხი ბევრად სჯობია იტალიურს. ქართველი მწვრთნელები ოღონდ აქეიფე და გაართე და ფეხბურთზე კრინტსაც არ დაძრავენ. იმ მოტვლეპილმა იტალიელმა რიმინის სკოლის გუნდი მყავსო, ყიფიანი ვიციო, შოთა და აჩიცო, კახის გოლი გაიხსენა მსოფლიო ჩემპიონატზე, ასათიანის, მაგრამ ფეხბურთზე საერთო ენა ვერაფრით გამონახა ჩვენ მწვრთნელთან.

 

Mერე, როგორც ხდება ხოლმე, ღვინო, საჭმელი და ფეხბურთი ვიღას ახსოვდა. მერე ისიც აღმოაჩინეს, რომ იტალიელები და ქართველები მაგრა ვგავართ ერთმანეთს. მერე როგორც გალეშილ ქართველ კაცებს სჩვევიათ, ჩვენი მწვრთნელიც ეცა იტალიელს და ერთი გემრიელად ჩაკოცნა. ევროპელმა ისეთი გაკვირვებით შეხედა გალეშილ ქართველს, ალბათ ფიქრობდა ქალად ხომ არ მოვეჩვენეო.

 

ის ღამე სულ ცეკვა–თამაშში გავატარეთ, თან ცოტ–ცოტა ღვინოს ჩვენც ვიპარავდით. მეორე დღეს პირველი მატჩი გვქონდა ჩასატარებელი ჩვენს ქვეჯგუფში, თან სწორედ ჩვენ მოტვლეპილი იტალიელის გუნდთან. დილას პახმელიაზე ძლივს ავდექით, სხვები არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად ძლივს ავდექი. მინდვრის მაგივრად, ლუდი და გამხმარი თევზი მელანდებოდა. ღამით რომ სული ამოგვხადა ჩვენმა ტრენერ–მწვრთნელმა დილას ადრე უნდა ადგეთო, თვითონ ძლივს ავაგდეთ ოცდაათმა კაცმა. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ პირველი თამაში, ღრმა პახმელიაზე მყოფებმა 3 : 0 მოვიგეთ. იმ ღამესაც კარგა გვარიანად გამოვტყვერით ჩვენ ტრენერ–მწვრთნელთან და შემდეგი თამაშისთვის მზადება დავიწყეთ, სულ ხუთი გუნდი ვიყავით ქვეჯგუფში: ჩვენ, ანუ ვერა, მარსელის ოლიმპიკი, მილანი, რიმინის სკოლის გუნდი და გერმანელი ჰამბურგი. არ მიყვარს, როცა ფეხბურთის არაფერი გაეგებათ, ან რაღაცნაირად აგდებულად უყურებენ.

 

მახსოვს, როგორ ველოდებოდი ჩვენი ნაკრების თამაშებს, როდესაც დინამოს სტადიონი ივსებოდა და ისეთი გრძნობები მეუფლებოდა, რომელიც განუმეორებელია ცხოვრებაში. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ეს სიხარული, რომელსაც მე სტადიონზე განვიცდიდი, აღარასდროს განმეორდებოდა, რომ ზღაპარივით გამახსენდებოდა გადაჭედილი სტადიონი და იმედიანი ხალხი. 94 – 95 წლები იყო და მაშინ ჯგუფში მესამე ადგილი დავიკავეთ, მაგრამ მეორე ადგილის ღირსებიც ვიყავით. საშა ჩივაძე იყო «ტრენერი» და მე რაც მინახავს და მახსოვს ყველაზე მაგარი თაობა ნაკრებში იმ წლებში თამაშობდა. წარმომიდგენია, მამაჩემის თაობამ რა განიცადა 81–ში დინამომ თასის მფლობელთა თასი რომ აიღო. Mმე კი ყველაზე მძაფრი ემოცია მაშინ განვიცადე, როცა ბულგარეთს მოვუგეთ, თან სტოიჩკოვიან და ლეჩკოვიან ბულგარეთს, მაშინ ავად ვიყავი და ტელევიზორში ვუყურებდი. მახსოვს, კოტეს მიჰყავდა მახარაძეს და გოლი რომ გავიტანეთ, ალბათ, მეორე წუთი იქნებოდა, შოთი არველაძემ ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა ბულგარელებსო, აღტაცებული ყვიროდა კოტე.

 

 სიცხეც დამავიწყდა და თერმომეტრიც, ისეთი გაგიჟებული დავხტოდი ლოგინში. დრო გადის, თაობები იცვლება, ბალახი ხმება და თავიდან ამოდის, ვიღაცა კვდება, ვიღაცა იბადება, ვიღაც იძინებს, ვიღაც იღვიძებს, მთა იტირებს, ზღვა იყვირებს, მაგრამ ის სიხარული არასდროს დამავიწყდება, რაც იმ თაობამ მაჩუქა. სიცივით, ომით, უშუქობით, უგაზობით, უადამიანობით მოწყენილებს ერთადერთი გასახარი და სატრაბახო ჯამარას და შოთის, ქინქლას და ქეცბას გოლები იყო. როგორ დაგვაკლდა ის მუხტი, რაც ჩვენ მაშინ გვქონდა, ის სიხარული, ის იმედი და თუნდაც ის დედის გინება, რომელსაც ასე გულიანად ვიძახდით სტადიონზე. ფეხბურთი შეიძლება ვიღაცისთვის მეორეხარისხოვანი, ან უბრალოდ გასართობი იყოს, არ ვიცი, მაგრამ მე ისეთი გაბრწყინებული თვალები არსად მინახავს, როგორიც ფეხბურთის დროს აქვთ ქართველებს, დამერწმუნეთ, რომ მართლა ეგრეა. ძალიან კი გადავუხვიე თემას, მაგრამ რისი თქმაც მინდა ყოველთვის იმას ვამბობ და მომიტევეთ. ან ნუ მომიტევებთ.

 

 ჩვენი ქალაქიდან ვენეცია ხუთი საათის სავალზე იქნებოდა.

 

ერთი სული მქონდა წყლის ქალაქში ჩავსულიყავი, თან ყველას ვეკითხებოდი, კაცო წყლის თუ არის მანქანით როგორ მივდივართ-მეთქი. პასუხს, რა თქმა უნდა, არავინ მცემდა, არც მე ვწუხდი უპასუხოდ დარჩენას, რადგან წარმოდგენაში რაღაცეები მეც მქონდა და მეც ვხვდებოდი, რომ წყლის ტრანსპორტი დაგვეხმარებოდა. დებილური კითხვების დასმა ისედაც ხომ მიყვარს, და თოთხმეტი წლის ასაკში საერთოდ გამძვინვარებული მქონდა. ტელევიზორში ნანახი მქონდა ვენეცია, მაგრამ საკუთარი თვალით დანახულს ხომ არაფერი სჯობს. მოკლედ, ავტობუსში ჩავჯექით და გზას გავუდექით. საქართველოში როგორც ვართ შეჩვეულები მგზავრობას, ისე იტალიაში ვერ ვიმგზავრებდით, რადგან ქართული მგზავრობის თანახმად, ყოველ ერთ კილომეტრში პური უნდა გვეჭამა და ამდენ ხარჯს იტალიაში ნამდვილად ვერ გავწევდით ჯიბეგამოხეული, ვითომ ფულიანი ქართველები. უშედეგოდ მაინც არ ჩაუვლია რიმინიდან ვენეციამდე მგზავრობას.

 

ავტობუსის ფანჯრიდან ბევრი ქალაქი დავინახე, მაგრამ ამას არ დაუტოვებია ის განცდა, რაც იტალიურმა პატარ–პატარა სოფლებმა მაგრძნობინეს. ვენახში მომუშავე იტალიელი გლეხები ისე გავდნენ ქართველ გლეხებს, თავი კახეთის რომელიღაც სოფელში მეგონა. ისეთი გახარებული ვიყავი, რომ დავრწმუნდი ქართველების და იტალიელების მსგავსებაში, გეგონება ახალი სამყარო აღმოვაჩინე თქო. მართლა სასიხარულოა, როდესაც მიხვდები რომ ქართველის სიტყვა მხოლოდ კვეხნა და ილუზია არ არის, თუნდაც უმნიშვნელო დეტალს ეხებოდეს. წმინდა მარკოზის მოედანზე მტრედებში ჩაფლულები გამწარებული ვიღებდით სურათებს. სამწუხაროდ, მაშინ ვერ ვხვდებოდი გადაღებულ სურათს რამხელა ძალა ექნებოდა მომავალში. არცერთი ფოტო არ დამრჩენია სამახსოვროდ იმ საოცარი მგზავრობიდან, რასაც “მე და ჩექმა” ერქვა.

 

შუა ქალაქში ხელის გულის ძეგლი იდგა, მახსოვს როგორი ყიჟინით და აღტაცებით დავტრიალებდით ამ ქმნილებას გაცოფებულ–გაოგნებული ქართველი ბავშვები. პიცა გაგონილიც მქონდა და გასინჯულიც, თუ იმ ნაწვალებს და ნაჯაფარს პიცა ერქვა, მაგრამ ვენეციაში ნაჭამი პიცის გემო დღესაც მახსოვს. წმინდა მარკოზის ტაძარი ხომ საოცრებაა, მაგრამ ამაზე იმდენი ულაპარაკიათ და დაუწერიათ, მე თქვენის ნებართვით– თავს შევიკავებ. დაღამდა, მთელი ქალაქი სხვა სახეებით დადიოდა, თითქოს დღის დამთავრებას განიცდიდნენ. მე ყურესთან პატარა კაფეში ვიჯექი. ყველაფერი შესანიშნავი იყო, მაგრამ რაღაც შეცვლილიყო, რა კი ვერაფრით ვხვდებოდი. ნეტავ მართლა დღის დამთავრება იყო ადამიანების თვალების შეცვლის მიზეზი.

 

ის მხიარული იტალიელი ზღვის თვალები გამქრალიყო, და ძველ რომაულ რკინას და კედელს დამსგავსებოდა ყველაფერი. უცებ სასიამოვნო სიმღერა მომესმა, მერე საყვირის ხმა, მერე დოლების, მერე ნიჩბების მოსმის, მერე სიცილის, მერე ტირილის და ისევ ტირილის. ყურე პატარა კატერმა გადაცურა, უკან გონდოლები და წითელი ნავები მოჰყვებოდნენ. ყვავილები გზადაგზა იყრებოდა წყალში, ხან ყვითელი, ხან ლურჯი, ხან თეთრი, ხან მწვანე და ეს სიფერადე ყვავილების ცისარტყელას ქმნიდა ვენეციის ყურეზე.

 

შავ კატერში წითელბერეტიანი მიცვალებული ესვენა. მთელი ვენეცია დუმილს ყავდა შეპყრობილი, ყველა ერთი მიმართულებით იყურებოდა. სულ ბოლოს ნავების რიგს მეზღვაურები მიჰყვებოდნენ ყავისფერი სქელი ტივით.

 

ისეთი სანახაობა გადამეშალა, ჭამაც დამავიწყდა და სმაც. ნეტავ სად მიყავდათ მიცვალებული, იქნებ ზღვას ჩუქნიან მის სხეულს, იქნებ ზღვასთან ამშვიდობებენ. ვერაფერს ვხვდებოდი, სანამ შუა ყურეში პატარ-პატარა ცეცხლებით არ განათდა კუნძული. გაოგნებული ვუყურებდი ამ მომენტს, არასდროს მიფიქრია, რომ დასაფლავება ეგეთ აღტაცებას გამოიწვევდა ჩემში. ცოტა მრცხვენოდა კიდეც, რომ ადამიანის მიწაში ჩადებას ასეთი გაოგნებული და მიშტერებული ვუყურებდი. კუნძულზე დაკრძალეს წითელ ბერეტიანი ახალგაზრდა კაცი. ისე შემშურდა, კინაღამ მის ადგილზე ყოფნა ვინატრე, ცოტა ვინატრე კიდეც.

 

ყველას ამ კაცის სახელს ვეკითხებოდი, მაგრამ არავინ იცოდა. უბრალოდ, მთელი ვენეცია მისტიროდა იმას, რომ კიდევ ერთი ადამიანი გამოაკლდა დედამიწის ბრუნვას. დღის დამთავრება კი არა, აი, რა ყოფილა მიზეზი თვალების შეცვლის და ცრემლის – უცნობი, ჩვეულებრივი უცნობი ადამიანი.

 

 მთვარე მაღლა იწევდა, გეგონება ფეხის წვერებზე დგება და პატარა ბავშვივით ფანჯრის რაფაზე რაღაცას უნდა მიწვდესო. მთვარეც დასაფლავებაზე ჭირისუფლად იყო მისული. ლურჯი სინათლით ანათებდა მკვდრების კუნძულს. მზე ვერ დატოვებდა იმ სევდას, რასაც იტალიაში მთვარე ტოვებდა იმ წუთს და იმ წამს. როდესაც ადამიანი ყველაფერს ემშვიდობება დედამიწაზე და სადღაც უცნობ მხარეში მიდის, ყველას გული სწყდება, მაგრამ თუ ყველას არა, და თუ მაინც და მაინც ყველას, იქიდან ორი კაცის გარდა ყველა ყველაფერს ივიწყებს.

 

რისთვის მოვდივართ, სად მივდივართ, რატომ მივდივართ, ვისთვის მივდივართ, ბნელში მივდივართ, ნათელში მივდივართ. . . ეჰ, სისულელეა ყველაფერი. დიახ, სისულელე, რადგან ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, არც სხვისი, არც საკუთარი თავის. ისე მოდის და მიდის ადამიანი, ერთ კითხვაზე პასუხის გამცემი არასდროს არ ყავს. ყველაფერი ჩვეულებად გადაიქცა, აბა კუბო რა დაჯდება, ქელეხში ტკბილი ფლავი თუ იქნება, ადგილი ხომ კარგი იქნება საფლავისთვის.

 

ადამაინი მიწად უნდა იქცესო, ღმერთმა დაგვიბარა და ჩვენ რა შეგვიძლია. ის კი მართლა მიწად იქცევა და ამდენ წვალებას, რაც მან გაიარა, საბოლოოდ არავინ აფასებს. რა მნიშვნელობა აქვს, კარგი ადამიანი იყო თუ ცუდი, ხომ იწვალა რაღაცის ან ვიღაცის შესაქმნელად. ერთი ბეწო სიკეთე ხომ მასაც ექნებოდა დათესილი. ეს არ დაფასება მგონი ყველას ეხება, პილატესაც და ბარაბასაც, პეტრესაც და იუდასაც, მიქელანჯელოსაც და ეგზიუპერისაც, ჩარლი ჩაპლინსაც და ვან გოგსაც, მე ასე ვფიქრობ და ალბათ, ბევრი არ მეთანხმება, ნუ დამეთანხმება, ეგრე იყოს. ცივილიზაცია და ადამიანი დროდადრო გარყვნილების მორევში ბრუნავს, ზოგი თავს მიახლის კედელს, როდესაც სრულებით არ უნდა, ზოგი იტირებს, როდესაც ეცინება, ზოგი მოიღუშება, როდესაც უხარია, ზოგი მოკვდება, როდესაც ცოცხლობს, ამიტომ ადამიანის წასვლა არაფრად გადაგვექცა, არაფრად გვიღირს, არაფრად გვინდა. «აბა რა უნდა ვქნათ, ხომ ვიტირეთ, ხომ გვახსოვს და ხომ არ ჩავყვებოდითო».

 

არა, არ ჩავყვეთ, მაგრამ იქნებ ჩავწვდეთ, ან იქნებ გაუთავებელ “მარიაჟობას” და ცრემლების ღვრას, ერთი წამით გავიაზროთ, როგორ იცხოვრა ამ კაცმა და რა მოასწრო და რა ვერ მოასწრო. იქნებ ვერც ჩავწვდეთ, მაგრამ ვეცადოთ მაინც. არ ვიცი, მაგრამ იმ დღეს ვენეციაში ერთადერთხელ ვიგრძენი ადამიანის დაფასებისგან წამოსული ცრემლი, არა სხვა დროსაც მიგრძვნია, მაგრამ ის რაღაც წმინდად მახსოვს.

 დაღამდა. ჩვენ ორ საათში უკან ვბრუნდებოდით რიმინში. ამ დროში უნდა მომესწრო მარტო ხეტიალი. მთელი ჩვენი გუნდი ყურის კაფეში იჯდა. მწვრთნელი იტალიელ ქალბატონებთან ერთად სხვა მაგიდასთან იყო, და სწორედ ეს დრო იყო ჩემ განკარგულებაში.

 

სანამ ქართველები იტალიელებით ტკბებოდნენ მე ჩემი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება უნდა მომესწრო. იტალიაში რაც მათხოვრები ვნახე, მხოლოდ ორ მათგანზე მეტი ფული მედო. არადა, ასი მათხოვარი მაინც შემხვდა. ქართველი, თოთხმეტი წლის, კარგად ჩაცმული “მათხოვარი” დავეხეტებოდი ლურჯი და ნაცრისფერი მტრედებით სავსე წმინდა მარკოზის მოედანზე. მთვარე მთვარის გარდა ყველაფერს გავდა, უფრო სწორად არაფერს არ გავდა, რადგან ვენეციურ ნისლში ეძინა, და ღრუბლები, როგორც თეთრი საბანი, ისე ჰქონდა მოხვეული. სულ დამავიწყდა, რომ წინა დღეს მილანთან გვქონდა შერკინება. სკოლის გუნდის სისუსტით გათამამებულები, მილანს ისე შევხვდით, გეგონება წნორის მილანს ვხვდებოდით.

 

ამის გამო ისე დავისაჯეთ, ორი ბურთი საკუთარმა მცველმა გამომაღებინა და სირცხვილნაჭამებმა დავტოვეთ მოედანი, წელში გამართულმა და ამაყმა “გრუზინებმა”. სიამაყე, იცოცხლე, მაინც გვახსოვდა, და ზოგი რა მიზეზს იძახდა თავის გასამართლებლად, ზოგი რას. ჩვენმა იტალიელი ნაშებით აღფრთოვანებულმა ტრენერმა საერთოდ აიღო ხელი ნამუსზე, და დიდებს ვეთამაშეთ მოტყუებითო. არადა ჩვენზე მგონი სამი წლით უმცროსები იყვნენ. მოედნის დასაჯდომ (წმინდა მარკოზის მოედანს ვგულისხმობ) სკამზე შავთვალა და შავთმიანი გოგო დავინახე. მარტო იჯდა, ქოლგით ხელში. ყავისფერი შარვალი და თეთრი კეტები, იასამნისფერი ჟაკეტი და მაიკა, თეთრი შლიაპა და თეთრი გამჭვირვალე სათვალეები ჰქონდა.

 

ცოტა ხანი ვუყურე, ძალიან მომეწონა-მეთქი რომ გითხრათ, ტყუილია, მაგრამ მომეწონა. ცოტაც ვაცალე და არავინ რომ არ მივიდა მასთან, მე მივედი და ნაწვალები ინგლისური ჩავრთე. ძალით ყურებამდე პირგახეული ვუცქერდი და ჩემთან გაცნობას ხომ არ ისურვებდა, ვკითხე.  რა, გმადლობთო. ეს პასუხი სიკვდილის ტოლფასი იყო ჩემთვის, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე. ვარდს მოგიტანთ უცნობო გოგო-მეთქი. არა გმადლობთო.

 

საერთოდ გავგიჟდი, და სისულელეებზე გადავედი. იქნებ ედელვაისი ან ვარდი–თქო. ვარდი ხომ შემომთავაზეო. რავი მაინც-მეთქი. არა გმადლობო და სკამიდან წამოდგა. იქნებ გაგაცილოთ, ან აღარ მახსოვს რა ვუთხარი, მაგრამ კუდივით გავყევი, სადაც წავიდა. მივყვებოდი ერთი თხუთმეტი წუთი.

 

გოგოს ნაბიჯებმა ნელ-ნელა იკლო, ბოლოს მომიტრიალდა.

 

– What do yo want?

 

– I like yor eyes.

 

–   Thar-s why yo follwed me?

 

– I don-t Know.

 

 ეს იყო და ეს, ჩვენი დიალოგი ამით დასრულდა. შავი თვალები არასოდეს დამავიწყდება, დამავიწყდება კი არა, მოსვენება აღარ მოუცია რაც იტალიაში ვიყავი. რიმინში შანსი არ მქონდა იმ გოგოს ნახვის, ამიტომ უიმედიბას უნდა შევგუებოდი. თბილისში რამდენი გოგო მომწონდა, მაგრამ ამ შავმა იტალიელმა, რაღაც უჩვეულო გრძნობა დატოვა გულში.

 

რამდენი წლის იქნებოდა? ალბათ თექვსმეტის, მაგრამ უცნაური იყო ის, რომ ვერ აღვიქვამდი ჩემზე დიდი იყო თუ პატარა, იმდენად უცხო გარეგნობა ჰქონდა. ავტობუსში ყველას ეძინა, რადგან გვიან გამოვედით ვენეციიდან. აღარც იტალიური სოფლების სილამაზეს გავუხარებივარ, აღარც მთვარის სილურჯეს და აღარც იმას, რომ ხვალ თამაში გვქონდა, ფიქრებში მხოლოდ ვენეციაში ნანახი გოგო მიტრიალებდა.

 

არავის არაფერი არ ვუთხარი, რადგან ეს უბრალო ამბად ჩაითვლებოდა, და სულ არ მინდოდა ამ ამბის გაუბრალოება. როდესაც არავის გულს არ უშლი და სულში უფრო და უფრო ღრმად მალავ საიდუმლოს, ამოუხსნელ სიმძიმეს გრძნობ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, თვალი ერთი წუთითაც არ მომიხუჭავს, ფანჯარაზე მქონდა თავი მიდებული და ჩემს წინ სკამის ზურგს მივშტერებოდი. მახსოვს როგორ გამეწელა დრო, ხუთი საათი ჩემთვის ხუთ დღედ გადაქცეულიყო.

 მინდორზე ისე გავედი, მეგონა ინგლისურზე მივდიოდი. ინგლისურზე კერძოდ სიარული მეზიზღებოდა მთელი ბავშვობა, ფეხბურთი კი ჩემი სიხარული იყო ყოველთვის, მაგრამ აქ რატომღაც ფეხბურთი ინგლისურად გადამექცა. ზუსტად ის გრძნობა დამეუფლა, ინგლისურზე წასვლის წინ რომ მეუფლებოდა. ფრანგებმაც კარგად ამოგვტენეს და ყველა მხრიდან გალანძღულები ვტოვებდით სტადიონს.

 

ტრიბუნიდან სულ ფრანგულ-იტალიური სიტყვები გვესმოდა, მაგრამ კარგს რომ არავინ არ იტყოდა ჩვენზე, ფაქტი იყო, ისე ვთამაშობდით. ამას დაემატა ტრენერის ლანძღვა და ვენეციელ გოგოზე გაუთავებელი ფიქრი, მაშინაც კი, როდესაც პენალტს მირტყამდნენ კარში. არ ვიცი, რამდენი გოგო მომწონებია და რამდენზე მინდორზე, თამაშის დროსაც მიფიქრია, მაგრამ ასეთი გადათიშვა ნამდვილად მოულოდნელი იყო. ვენეციური მთვარე მახსოვს, როგორ იკარგებოდა დახატულ ღრუბლებში, როდესაც ამ წყალში ჩაძირულ, ულამაზეს ქალაქს ვშორდებოდით. მჯეროდა, რომ აქ კიდევ დავადგამდი ფეხს, რატომ მჯეროდა, არ ვიცი, მაგრამ მჯეროდა. ისეთი იმედის შუქი ენთო ამ საოცარ მთვარეში, რომ სასწაულსაც დავიჯერებდი და დაველოდებოდი. “მზიანი ღამე” მომაგონდა ბაბუაჩემის, და გული დამწყდა, რომ მისი გაცნობა არ მეღირსა, ესეც ბედია და რას იზამ.

 

“მზიანი ღამე” იმიტომ, რომ ის მთვარე მათბობდა და მაიმედებდა, როგორც მზის ამოსვლა არის ჩვენთვის რაღაც ახლის დასაწყისი. შეიძლება არ გესმით ჩემი, მაგრამ ხომ კითხულობთ მაინც ამ მონაბოდს და ნაწვალებს, თუმცა ჩემთვის წვალება სრულებით არ არის, ეს ჩემი ფიქრი და აზრია, ჩემი ბედი და უბედურებაა, ჩემი განცდა და განსაცდელია, ჩემი გული და ტვინია, ჩემი მზე და მთვარეა, მოქცეული ერთ დიდ, ცხელ ბუხარში, რომელიც ხან აგიზგიზდება, ხან ნაკვერჩხლად იქცევა, ხან მისმენს და ხან არა. მთელ წარსულს და მომავალს თავისთან ინახავს, ატრიალებს და აალებს. ტრიალებს ერთი დიდი მოვლენა, რასაც ადამიანი ქვია, შეიძლება სულ სხვა და სხვა და ერთმანეთთან დაუკავშირებელი აზრები და ამბები იდოს ამ ბუხარში, მაგრამ მე რატომღაც ყველაფერს ერთმანეთს ვამსგავსებ და ვაიგივეებ. ადამიანის სუნთქვასთან, თავის გადარჩენასთან, გამრავლებასთან, თვალებში ჩახედვასთან, ურთიერთობასთან არის ყველაფერი დაკავშირებული. ერთ შეკრულ გუნდად ტრიალებენ, ერთ შეკრულ შეშად იწვიან და ყველა მათ ტრიალს და წვას უყურებს, მხოლოდ წვას და ტრიალს უყურებს, ხელის შემშველებელი კი არავინ არის, მხოლოდ ყურებაში და ხეირის ცქერაში გაყავთ დრო. დრო, რომელიც ამოუხსნელი განძია და რომელსაც ვერავინ აღიქვამს და აფასებს, თუმცა, ვერავინ, გადაჭარბებულია, რადგან ვიღაც, სადღაც, რაღაცას, ყოველთვის აღიქვამს.

 

 მეორე დღეს ჩვენ თბილისში მოვფრინავდით.

 

ყოველთვის მიხაროდა თბილისში დაბრუნება, მაგრამ არა ამჯერად, რადგან ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაცას ვტოვებდი, რაღაცას სამუდამოდ ვკარგავდი და ეს რაღაცა წმინდა მარკოზის მოედანზე ნანახი გოგო იყო. ღამე ჩუმად ჩავიპარე სასტუმროს პირველ სართულზე და ერთ საყვარელ ოფიციანტ ქალს მივადექი. ქალმა ისე მიმიღო, თითქოს მთელი დღე ჩემ ცდაში ყოფილიყო. ჩვენ მეორე დღეს მოვდიოდით, ოღონდ ღამე, ამიტომ რაღაცის დრო მქონდა. ოფიციანტს პირდაპირ მოვუყევი ყველაფერი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ამბავსაც ისე შეხვდა, თითქოს ამის მოყოლას ელოდებოდაო, «ოფიციანტი-ვანგა» შემხვდა. მოკლედ, ვენეციაში ჩამიყვანე და ჩამომიყვანე და ფულს მოგცემ-მეთქი. გაგიჟებული იყო, მაგრამ ამ შეთავაზებასაც ვანგასავით შეხვდა და დამთანხმდა.

 

 ზღვა, მზე, ახლად გაცნობილი იტალიელი ვანგა, რენო, მშვენიერი გზა, მშვენიერი დღე, იტალიური ღვინო, უცხო ქვეყანაში უცხო გოგოს ძებნა, გაურკვევლობა, სიყვარული, იმედი და ისევ ჩემი ახლად გაცნობილი იტალიელი ვანგა.

 

ამ ერთობლიობამ, მახსოვს, ჩემს ცხოვრებაში როგორი ნათელი წერტილი დასვა. ისე ჩავედით ვენეციაში, ვერც ვიგრძენი ვერაფერი, ვანგამ, მიდი შენ საქმეს მიხედე და ამა და ამ დროს აქ შევხვდეთო. ერთი კარგად ვაკოცე ჩემს მშველელს და მარკოზის მოედნისკენ გავიქეცი სულმოუთქმელად. სად მივრბოდი, რატომ, ვისთან, მე თვითონ არ ვიცოდი, ან იქ რომ არ დამხვედროდა რას ვიზამდი? კაციშვილმა არ იცოდა, უბრალოდ იყო ჩემში ძალა, რომელიც ამ ყველაფრისკენ ჩემდაუნებურად მამოძრავებდა, და მე ამით ბედნიერი ვიყავი. რა უცნაური გრძნობაა ბედნიერება, როდესაც არ იცი რა გიხარია, უბრალოდ, გიხარია ბალახი, ჩიტი, ძაღლი, სახლი, მზე, ხე, გზა, ზღვა და ამ ყველაფერს ცხოვრებას დაუფიქრებლად მისცემ. თითქოს სიყვარულია ბედნიერება, ან პირიქით ბედნიერებაა სიყვარული – უდიდესი გრძნობაა, რომელიც დიდი ნიჭია და რომელიც ერიხ ფრომის აზრით, დიდი დაპირება და პასუხისმგებლობაა.

 

 მოედანზე შევვარდი და მტრედების გუნდი ისე წამოიშალა, თითქოს ვიღაც მტაცებელს გაურბოდნენ. ერთი რაღაც მიღრღნიდა გულს, და ეს რაღაც მთვარის გაუჩინარება იყო.

 

ჩემი ვენეციელი მთვარე სადღაც მიკარგულიყო, და ამ გადამწყვეტ მომენტში ჩემს გვერდზე არ იდგა. გასაოცარია, მაგრამ ჩემი გოგო ისევ იქ დამხვდა.

 

– How are you?

 

–  Not good – და ეს პასუხი რატომ გავეცი მე თვითონ არ ვიცოდი.

 

–  Ok, follow me.

 

 ზღაპარს გავდა ყველაფერი და ასევე ზღაპრულად დასრულდა. ნათელ ოთახში ჩვენ ლოგინში ვიწექით, ვსუნთქავდით, ვკოცნიდით ერთმანეთს და რამდენიმე საათი ზღაპარში ვიყავით. მერე წამოსვლისას შემრცხვა, მაგრამ სახელი ვკითხე. ლუსო, ჩუმად მითხრა იტალიელმა გოგომ, მე ლოყაზე ვაკოცე და ჩემ ვანგასთან გავიქეცი.

 

 იტალიას ხელი დავუქნიე და თბილისისკენ გამოვფრინდი. არც კონტრაქტი შემომთავაზეს, არც თამაში მომიწონეს, არც არავის შევუქივარ ნიჭიერი ფეხბურთელობის გამო, მაგრამ ლუსი იყო ჩემი ნუგეში და ზღაპარი, ზღაპარი, რომელსაც მთელი ცხოვრება გულით ვატარებდი, რომელსაც სიხარულით და ცრემლით გავიხსენებდი, რომელსაც ყველას მოვუყვებოდი და დავწერდი, და რომელმაც იტალია მაჩუქა და შემაყვარა.

 

ბოლოს ზემოთ ავიხედე, სანამ თვითმფრინავში ჩავჯდებოდი, რომ ჩემი იტალიელი მთვარე დამენახა და მადლობა გადამეხადა, მაგრამ ის აღარსად ჩანდა და მას შემდეგ აღარც გამოჩენილა.

 

ჩემი ოფიციანტი-ვანგა აეროპორტშიც გამომყვა და როდესაც ფული გავუწოდე იმ დახმარებისთვის, რაც მან აღმომიჩინა, თვალი ჩამიკრა, მაკოცა და ტრაპიდან ჩავიდა. გაშტერებული ვიდექი, მერე მოვტრიალდი და ფული იქვე, მხვეტავ მენაგვეს ვაჩუქე. ბედნიერმა ავირბინე კიბეები და ბედნიერი ვიყავი, რომ ისეთი ადამიანი შემხვდა ცხოვრებაში, რომელმაც მაგრძნობინა, რომ ფული არ არის ყველაფერი, რომ მის გარეშწც არსებობს გრძნობები და ურთიერთობები.

 

 მე თბილისში დავბრუნდი. და საწყენია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ლუსის სახეს ვეღარ ვიხსენებდი და დღემდე არ მახსოვს. დარჩა ჩემს გულში მოგონება, სითბო, სილამაზე და მონატრება. მის სახეს კი დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.

 

 

 

 

  გურჯინთახი

 

 

– გამარჯობა.

 

– გაგიმარჯოს.

 

– ყველას მოგესალმებით.

 

– გისმენთ, ბატონო.

 

– ზვიად გურჯინთახი გვინდოდა.

 

– მე გახლავარ.

 

– დაბარებული ბრძანდებით “უჩასტოკში”.

 

– რისთვის?

 

– მაგას იქ გაარკვევთ.

 

 უკვე კარგა ხანი იყო გასული იმ საზარელი ამბის შემდეგ, რაც გურჯინთახების ოჯახში მოხდა. საზოგადოების დამაარსებლები, ჯავახიშვილი და თაყაიშვილი, იმ უცნობის სიკვდილის შემდეგ აღარც გამოჩენილან.

 

ზვიადი ძლიერ განიცდიდა მომხდარს, მაგრამ სიკვდილის მიზეზი ვერაფრით გაიგო. ღამე მოსვენებას არ აძლევდა უცნობზე ფიქრი. განსაკუთრებით, სიკვდილის წინ რომ სახე ჰქონდა, ეგ ახსოვდა. გვარიც ძლივს გაიგეს, ბარნაბაშვილი ყოფილა. ორი დღე ეძება ზვიადმა ბარნაბაშვილის ნათესავები, მაგრამ ვერავის და ვერაფერს მიაგნო. ბოლოს ზურგზე მოიკიდა და ქსანში თავისი ხელით დამარხა, ოღონდ მთელ ქსანს უყვებოდა ამ საზარელ ამბავს, ვინმემ არ იფიქროს, ჩუმად ვმარხავო. დასაფლავებაზე არავინ მისულა, შვიდი წლის ლაშარი გაჰყვა მამას მხოლოდ.

 

ორ საათში ძლივს ამოთხარა საფლავი. დიდი გულდაწყვეტით ჩაასვენა მკვდარი საფლავში. ცრემლები მოსდიოდა ზვიადს, ცხედარს რომ დაჰყურებდა, იყო ამ ყველაფერში რაღაც პატრიოტული, რის გამოც დასანანი იყო მისი სიკვდილი. ვინ იყო ეს უცხო და უცნაური კაცი, რომელიც ზვიადს ასე მოულოდნელად მიადგა კარზე და ასე მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან. უცნაური იყო ის ფაქტი, რომ მაინც და მაინც საზოგადოების წევრები რომ სტუმრობდნენ გურჯინთახებს, სწორედ მაშინ მიადგა ზვიადს ბარნაბაშვილი. რამდენი ეძება საწყალმა ზვიადმა, იქნებ ვინმე ნათესავს მაინც გადავაწყდეო მკვდრისას, მაგრამ ვერავის კვალს ვერ მიაგნო. არადა, ერთი შეხედვით, უპატრონოს ნამდვილად არ ჰგავდა გარდაცვლილი.

 

მზე რომ ჩადიოდა, ზვიადმა საქმე მოათავა. ჭერმის ტოტებით შემოავლო საფლავი, ზედ ხის ჯვარი დაასო და ოფლში გაწუწული ჩამოჯდა. უცებ, გორაკს ვიღაც უცნობი ამოუყვა, თან ცოტა ნაცნობის აღნაგობაც ქონდა. ზვიადი წამოდგა, მარჯვენა ხელი შუბლთან მიიტანა, მოიჩრდილა, რომ უცნობს კარგად დაკვირვებოდა.

 

– ნუ ცდილობ, მიცნო! – შორიდანვე შეაგება უცნობმა. ზვიადი უფრო დაეჭვდა, რადგან ხმაშიც რაღაც ნაცნობი მოეჩვენა.

 

– ვინ ხარ?

 

– მე ვარ, ვანო, – თავიდანვე ჯავახიშვილის ხმას მიამსგავსა ზვიადმა უცნობის მოძახილი, მაგრამ ვერ გაბედა, გიცანიო, თქმა, ვაი და მთავრობის მოგზავნილი კაცი არ იყოსო.

 

– ზვიად, ვიცოდი, აქ ერთი წუთი არ მელოდი, მაგრამ გაგიხარდა ჩემი გამოჩენა. იმ საზარელი საღამოს შემდეგ აღარ შევხვედრილვართ. ვიცი შეურაცხყოფილი დარჩი ჩემი საქციელით და ამიტომაც გადავწყვიტე შენი ერთი ერთზე ნახვა.

 

ჩვენი უახლოესი მეგობარიც ზუსტად მასე დაემშვიდობა წუთისოფელს, როგორც ეს ახალგაზრდა შენს ოჯახში. სუფრასთან ვისხედით, როდესაც გულზე ხელი მოიკიდა, მერე პირიდან სისხლი წასკდა და წამში დასრულდა ყველაფერი. ცუდი ამბავია ჩვენს თავს ძმობილო და მე ბოდიშს გიხდი, როგორც კაცი კაცს, რადგან სისულელეს ყველა ჩადის ამ ქვეყანაზე, მითუმეტეს ქვეყნის სიყვარულით ჩადენილ სისულელეს. ჩვენი საქართველოს სიყვარული გვაერთიანებს ყველას და ვიცი, როგორ გიძგერს გული ამ ქვეყნისთვის, კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდი და ხელს გიწვდი ძველი მეგობრობის აღსადგენად. ცუდი ამბავია ჩვენ თავს, რაღაც უშველებელი სიკვდილის ფრინველი დაგვტრიალებს თავზე, ვის ჩაავლებს კლანჭებს კაცმა არ იცის. ამ ძაღლიშვილ რუსებს როდემდე უნდა ვუთმენდეთ და როდემდე უნდა ვუყურებდეთ უკანალში. მე უნდა წავიდე ზვიად, და ვიცი, თვალებზე გეტყობა, რომ ძველი წყენა დაივიწყებული გაქვს.

 ცუდი ამინდი იყო, ისეთი ცუდი, ლოგინიდან ადგომა რომ გეზარება.

 

ძლივს წამოდგა ზვიადი, მაგიდასთან მივიდა და სახუროვის წერილს დახედა. რა ძლიერი და კედელივით გრძნობაა, როდესაც ერთგული მეგობრის გვერდში დგომას გრძნობ. სახუროვმა ყველაფერი იცოდა და წერილში ამხნევებდა, ნუ ნერვიულობ, ფეხები არ მოგჭამონ გამოტვინებულმა გორელმა სამართალდამცავებმაო. მეგობრის ასეთი თანადგომა ძალას მატებდა გურჯინთახს. სახუროვი ტყუილა არავის არაფერს დაპირდებოდა და ეტყოდა. ის დიდი ადამიანი იყო, მითუმეტეს ზვიადისთვის. ერთი გასაჭირი არ ახსოვს ზვიადს სახუროვი გვერდში არ დადგომოდა.

 

მეგობრობა ხომ სასწაული მოვლენაა, რომელიც ერთხელ იბადება და ერთხელ კვდება. სიყვარულს ქალს და კაცს შორის ბევრის ატანა შეუძლია, ბევრს მოითმენს, ბოლოს და ბოლოს, თავიდან დაიბადება ან მოკვდება. მეგობრობას კი თავიდან არაფრის დაწყება შეუძლია. ერთი გარღვეული ძაფი და მთელი გული დაიშლება, აღარც ექიმი შველის და აღარც თერძი. სიყვარულს გაკერავ ან თავიდან დახატავ, მისგან ყოველთვის იმედი მოდის, ყოველთვის მზეს ან მთვარეს უცდის მისი მოწყენილი თვალები. იმ გრძნობას, იმ იმედს და იმ ძალას, რომლებიც მეგობრობას თან ახლავს, განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ეს გრძნობები და იმედები განუმეორებელნი არიან მეგობრობაში, იმიტომ, რომ დაკარგულ მეგობარს ვერასდროს დაიბრუნებ ისეთს, როგორიც წარსულში იყო.

 

ამიტომ მეგობრობის და მეგობრის იმედს განსაკუთრებულად უნდა მოვებღაუჭოთ. უიმედო მეგობრობა მიტოვებულ სასაფლაოს გავს, რომელიც ნელ–ნელა სხვა რამედ გადაკეთდება, ან სტადიონად, ან ბაღად, ან ეკლესიად. ისევ იმ სასაფლაოდ ვერასოდეს ვიხილავთ. სახუროვი მეგობრის იმედიც იყო და ძალაც. ზვიადი მას, უშველებელ და გაუმტარ კედლად აღიქვამდა.

 

 გორში ზვიად გურჯინთახს გულმოდგინედ ელოდნენ. მოურავი მირზა სამჯერ ყავდათ დაბარებული, შენი ბატონი მოვიდეს, თორემ ჩვენ მოვალთ და კაი ამბავსაც დავატრიალებთო.

 

მისულები მართლა იყვნენ, მაგრამ, არ ვიცი რამ მოალბო მათი გულები, ფაქტია, რომ ძალიან წესიერად მოქცეულან. ზვიადმა თინათინს და ბავშვებს დაუბარა სადილზე და საუზმეზე ნუღარ დამელოდებითო, მირზა მოურავმა ლაშარის მოვლილი ცხენი გამოუყვანა და ქალაქისკენ გზა დაულოცა. წინ გორელი სამართალდამცავები მიდიოდნენ, უკან ზვიადი მიყვებოდა ჩორთით, იცოდნენ, ზვიადი გამქცევი კაცი არ იყო და მიშვებული ყავდათ თავის გზაზე. გორში რომ შევიდნენ, ერთ–ერთი მობურუნდა, ბორკილები უნდა დაგადო ხალხის დასანახადო. ზვიადი შეჩერდა, თვალებში ჩახედა ბორკილებიან მხედარს და ხელები გაუწოდა. გაუკვირდათ, ცოტა მაინც როგორ არ იურჩა ქსნელმა თავადმაო, ბოლოს ბორკილები დაადეს და წინ გაუშვეს. შენობაში რომ შევიდნენ, ბნელი დერეფანი ჩუმად და სწრაფად გაიარეს.

 

მარცხნივ ყვითლად შეღებილი ხის კარი იყო, შედიო ზვიადს უთხრეს, ზვიადმა კიდევ ერთხელ ჩახედა თვალებში რომელიღაცას და ხელები გაუწოდა, ბორკილები მომხსენითო.

 

– მიდი და თვითონ მოგხსნის! – ვისთან უშვებდნენ ზვიადს კაცმა არ იცოდა, მაგრამ რახან მორჩილად ქსნიდან გორამდე გამოყვა, ოთახშიც უნდა შესულიყო. კარი შეაღო და იმის მოლოდინში, რომ ოთახში ვიღაც მსუქან კაცს დაინახავდა, გაკვირვებული დარჩა. სკამზე გამხდარი, ლამაზი, შუა ხნის ქალი იჯდა. ზვიადმა არ შეიმჩნია მოულოდნელი შეხვედრა და ვითომც არაფერიო, ისე დაჯდა ქალბატონის წინ.

 

– გამარჯობა, ბატონო ზვიად.

 

– გამარჯობა, ქალბატონო.

 

– საქმეზე გადავიდეთ.

 

– გადავიდეთ.

 

– რატომ მოკალით ბარნაბაშვილი? – ეს კითხვა გურჯინთახისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ სიტყვა “მოკალით” უკვე სხვა ამბავი იყო, ესე იგი, მარტო მას არ ბრალდებოდა დანაშაული.

 

– რას ნიშნავს მოვკალით? – ცოტა გაღიზიანება შეეპარა ზვიადს ხმაში.

 

– თქვენ ნუ აღელდებით, რაც მოხდა მოყევით.

 

– თქვენ ჩემზე კარგად იცით, რაც მოხდა, ქალბატონო.

 

– თქვენ იმიტომ გიხმეთ, რომ თქვენი მონაყოლი გვაინტერესებს და გვჭირდება.

 

– ჩემი მონაყოლი დიდ დროს არ წაგართმევთ. ღამით ჩემს კარს მშიერი და დაღლილი მგზავრი მოადგა. მე გავუმასპინძლდი სტუმარს, რომელმაც ხუთ წუთში, ჩემს ოჯახში შემოსვლიდან, სული განუტევა.

 

– რატომ?

 

– არ ვიცი, დღემდე მიჭირს ამის თქმა.

 

– მე გთხოვთ, გაიჭირვოთ და მითხრათ, – ქალს ისეთი ხმა ქონდა, ზვიადს ეგონა რადიოს ვუსმენო.

 

– არ ვიცი.

 

– გასაგებია, ბატონო ზვიად, მაშინ ის გვიამბეთ, ვინ იყო იმ საღამოს თქვენს სახლში თქვენ ორის გარდა.

 

– ჩემი მეუღლე, შვილები და მოახლეები.

 

– სტუმრები?

 

– არავინ.

 

– გასაგებია, ბატონო, – ქალბატონი წამოდგა, გურჯინთახს გაუღიმა და ოთახიდან ისე გავიდა, კარი არ მოუხურავს. ესეთი მიმზიდველი ქალბატონი ზვიადს დიდი ხანია არ ენახა, ცოტა გულიც კი დაწყდა, რომ ქალი უკმაყოფილო წავიდა.

 

უცებ ოთახში ოთხი მამაკაცი შემოვიდა, ოთხივეს ხის სქელი ჯოხები ეჭირათ.

 

– ადექი, შე ძაღლო! – ზვიადმა ერთი ქვემოდან ახედა ჯოხიანებს და სანამ წამოდგებოდა ერთ–ერთს სახეში შეაფურთხა. ორი წუთის განმავლობაში საშინელი მტვრევის ხმა გამოდიოდა ოთახიდან. ორ წუთში ისევ ის მშვენიერი ქალი შემოვიდა, დასისხლიანებული გურჯინთახი არც კი შეიმჩნია და თავის ადგილზე დაჯდა.

 

– ხომ არ გაიხსენეთ რამე?

 

– არა.

 

– ჩაის ხომ არ ინებებთ?

 

– არა.

 

– ყავას?

 

– არა.

 

– მაშინ იქნებ მიამბოთ, ივანე ჯავახიშვილთან რა კონფლიქტს ქონდა ადგილი?

 

– მე მას არ ვიცნობ.

 

– კეთილი, – ქალმა ჩაი სულმოუთქმელად გამოსცალა და ოთახიდან ხელმეორედ გავიდა. ასევე ხელმეორედ შემოვიდნენ ჯოხიანი ადამიანები და ამჯერად ოთხი წუთი გაგრძელდა თავადის წამება.

 

 ცოტა ხანი არავინ შემოსულა ნაცემ გურჯინთახთან ოთახში. ათ წუთში ისევ ქალბატონი შემოვიდა.

 

– სასიამოვნო იყო ბატონო თავადო თქვენთან ბაასი. გთხოვთ ხელი მოაწეროთ ამ საბუთს, რომელიც ნებას არ გრთავთ ქსნიდან სადმე წაბრძანდეთ. ჩვენ ისევ შევხვდებით, – ზვიადმა ხელი ძლივს მოაწერა ფურცელს და ლასლასით გავიდა ბნელ დერეფანში.

 

 თვალცრემლიანი დადიოდა თინათინი.

 

მუდამ მხიარულს და ხალისიანს ვერავინ ვეღარ სცნობდა. ზვიადი თინათინის გასახარად არასდროს იმჩნევდა გაჭირვებას. იმ დღესაც, ცოცხალ–მკვდარი რომ მიიყვანეს “უჩასტოკ”–იდან, ერთი წუთითაც არ იმჩნევდა ტკივილს. საწყალი ბავშვები შეშინებულები უცქერდნენ მამას, ლოგინთან ჩამოუჯდებოდნენ და ცივ ტილოებს ადებდნენ ჭრილობებზე. ჟიზეფინა და ბაშე თინათინს ეხმარებოდნენ ცხელი წვნიანის მომზადებაში. მამა ზენონი ყოველ ღამე ლოცვებს კითხულობდა ხმამაღლა მთელი ოჯახისთვის. სამწუხაროა, თუ სასიხარულო, სამართალდამცავები აღარ აწუხებდნენ გურჯინთახების ოჯახს.

 

ზვიადი ყველაფრის მიუხედავად კმაყოფილი იყო თავისი ამტანობის და სიმამაცის. ბევრს ნამდვილად არ გაუძლია ასეთი ჯალათებისთვის, მითუმეტეს, ზვიადმა ერთი სიტყვაც არ დასძრა მათ სასიკეთოდ. ხალხიც დარწმუნდა მის უდანაშაულობაში, იმაში, რომ ადამიანის სიკვდილში გურჯინთახის ხელი არ ერია. ჩუქჩა რანდიკამ თბილი ბეწვები გამოაგზავნა ციმბირიდან, წერილიც გამოაყოლა, სადაც ლაშარის ადამიანობაზე და ზნეობაზე საუბრობდა. სახუროვმა ექიმები აფრინა მოსკოვიდან, მართალია ზვიადის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ თვალყურის დევნება ნამდვილად სჭირდებოდა. მირზა მოურავიც გულმოდგინედ ასრულებდა თავის მოვალეობას, ლამაზთეძოებიან მებაღეს, ზენონს რომ აბრალებდა მის სიყვარულს ლაშარი, მუდამ კუდში დასდევდა და უფრო დინჯად მოქცევისაკენ მოუწოდებდა. საერთოდ, არც მებაღეს და არც სხვა მოახლეს მირზა დიდად გულზე არ ეხატებოდათ.

 

მე ვარ თქვენი უფროსი და ჩემი ზვიადიო, სულ ეს ჰქონდა ამოჩემებული მირზა მოურავს. სახლი იდგა ჩუმად და ახალ დღეებს და ღამეებს უცდიდა მოთმენით. დრო გადიოდა, ყველაფერი იცვლებოდა ირგვლივ, ხანდახან მზეც კი სხვა ფერი ამოდიოდა ცაზე, აი გურჯინთახების სახლი კი ისევ ისეთი რჩებოდა, როგორიც წლების წინ იყო, უდრეკი და ყველასთან და ყველაფერთან შეუპოვარი მებრძოლი. ზვიადის კაბინეტი ჩაფიქრებული და ბებერი იყო. მუდამ ფურცლები და წიგნები ეყარა მაგიდაზე, ეს ტოვებდა ჩაფიქრებულ და ბებრულ იერს. ვერცხლის კარადა იმდენ ცნობას ინახავდა ნაპოლეონზე, მგონი საფრანგეთში არ იცოდნენ ამდენი. შემოდგომაზე ისეთი ლამაზი ხდებოდა რიყის ქვებით აშენებული გურჯინთახების სახლი აყვავებული ხე გეგონებოდათ.

 

ხილის მოურავი ნაფიტა შემოდგომაზე ყველაზე აქტიური ხდებოდა მოჯამაგირეებში. ყველაზე სასარგებლო საქმეს ოჯახისთვის წლის ამ პერიოდში სწორედ ნაფიტა ასრულებდა, იმდენ ხილს აბარებდა ბაზარში, მთელი წელი ყოფნიდათ შემოსავალი გურჯინთახებს.

 

კარგი ურთიერთობა ნამდვილად ჰქონდათ ერთმანეთში გურჯინთახების მოურავებს. სამივე დიდ ოჯახისშვილობაზე დებდა თავს. ჩუხას რაც შეეხება, ისეთი დიდი ოჯახიშვილი იყო, როგორი ნაპოლეონიც ზვიად გურჯინთახი. ნაფიტაზეც იგივე შეიძლება გვეთქვა, მაგრამ მირზა სულ სხვა საქმეა. მირზას ისეთი ბებია ჰყავდა, ზვიადსაც ეშინოდა ბავშვობაში, ისეთი მწარე წკეპლის გადაკვრა იცოდა.

 

ცოტა მძიმე ამბავი აკავშირებდათ მირზას ბებიას და გურჯინთახების გვარს. სოფიო ზარნიაშვილი, ანუ მირზას ბებია, საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქსნის სკოლაში. ერთი ამბავი ტყდებოდა სკოლის დერეფანში რომ გამოჩნდებოდა, ყველა მისასალმებლად იქაჩებოდა, ვინმეს არ გამოგვრჩეს და მაგის ყბაში არ ჩავვარდეთო. ზრდილობაზე და ეთიკაზე იმდენს ლაპარაკობდა, სამჯერ რომ შეგხვედროდა, სამივეჯერ გამარჯობის თქმა მოგინდებოდა. ზედმიწევნით იცავდა ძველ ადათ–წესებს, სულ კოჭებამდე კაბით დადიოდა, მამაკაცებთან განსაკუთრებული სიფრთხილით იქცეოდა, ცოტა ამრეზითაც უყურებდა. განსაკუთრებულ ანტიპატიას სკოლის დარაჯ იურას აგრძნობინებდა, შეხედავდა, ქვედა ტუჩს და ნიკაპს წინ გაბზიკავდა და ჩურჩულით, მაგრამ ყველას გასაგონად ჩაილაპარაკებდა “დაუბანელი”. იურას რა ექნა, მდგომარეობითაც, თანამდებობითაც და გავლენითაც სოფიო ზარნიაშვილი იმდენად წინ იდგა, მხოლოდ მოკრძალებული ღიმილით პასუხობდა.

 

სწორედ ამ სკოლაში სწავლობდა ზვიადის მამა, ჯაფარი. ჯაფარ გურჯინთახის სასიკეთოდ თუ საუბედუროდ, მირზას ბებია მისი კლასის დამრიგებელი გახლდათ. ერთ ჩვეულ დღეს, უფრო სწორად, უჩვეულო დღეს, ჩვენი ჯაფარი ადრე ადგა და სკოლაშიც ნახევარი საათით ადრე მივიდა. პირველი ის იყო, რის გამოც იმ დღეს უჩვეულო შეგვიძლია ვუწოდოთ, რომ სკოლის ჭიშკართან დარაჯი იურა არ დახვდა, მეორე ის, რომ კლასში შუქი ენთო და მესამე ის, რომ მერვე კლასელი ჯაფარ გურჯინთახი შემთხვევით თავზე წააგდა ღრმა ალერსში მყოფ სოფიო ზარნიაშვილს და სკოლის დარაჯ იურას. ზრდილობისა და ეთიკის მცოდნე და მეხოტბე სოფიოს ასეთ პოზაში დანახვა, ისეთი თავზარდამცემი რამ იყო მოზარდისთვის და ისეთი გამაოგნებელი, რომ უკაცრავადო, და მომღიმარე სახით მოიხურა კლასის კარები. სამი დღე დასდევდა შერცხვენილი პედაგოგი მოწაფეს, ბოლოს მუხლის ჩოქებზე დადგა და შეეხვეწა.

 

– ხომ არავის ეტყვი ჩემო ბიჭო? – მართალია «ჩემო ბიჭო» სხვა დროს არასდროს წამოსცდენია პირიდან ჩვენს მკაცრ და ღრმად პატივცემულ პედაგოგს, მაგრამ აქ უკვე სულ სხვა საქმე იყო. ჯაფარიც არ იყო დიდი ეშმაკი და მხარზე ენაგადაგდებული ახალგაზრდა, მაგრამ უეცრად გაახსენდა, რომ სულ დაბალი ნიშანი ჰქონდა არტყმული სოფიო ზარნიაშვილთან.

 

– ქალბატონო სოფიო, მე რა ნამუსით დავმალო თქვენი და ტურტლიანი იურას საქციელი, როდესაც ეს ქმედება ჩვენ სათაყვანებელ სკოლას ჩირქს სცხებს...

– არა, ჩემო ბიჭო! მომისმინე! ნიშანიც მუდამ კარგი გექნება და ჩემს ბიჭსაც მოახლედ გაახლებთო.

 

 აი, ასე გადაიქცა ჩვენი მირზას მამა გურჯინთახების მოურავად, შემდეგ კი თვითონ იკისრა ეს ვალდებულება.

 

ცოტა მძიმე და დამრთგუნველი ისტორია კი არის, მაგრამ ზვიადის და თინათინის გარდა არავინ არაფერი იცოდა, მთავარი იყო ლაშარის ყურამდე არ მისულიყო, თორემ მირზას წამებას მერე ნახავდით.

 

 თინათინი ბოლო პერიოდი მშვიდად ნამდვილად ვერ იყო, სულ იმის მოლოდინში იყო, ახლა მომადგებიან, ახლაო, მაგრამ მისდა სასიკეთოდ, ზვიადის წამების შემდეგ აღარავინ გამოჩენილა. გურჯინთახების დიასახლისი მართალია ნერვიულობდა, მაგრამ ცოტა ცხვირაწეული მაინც დააბიჯებდა. ხანდახან იტყოდა ხოლმე, ზოგზოგიერთივით კი არ დააღო პირი ჩემმა ქმარმა და ხალხი კი არ დააჭერინაო. ისე ვერაფერს იტყოდი, სატრაბახო ნამდვილად ჰქონდა თინათინს, ბევრი ნამდვილად ვერ გაუძლებდა რუსულ კლანჭებს. ხალხიც უფრო პატივისცემით იხსენიებდა გურჯინთახების ოჯახს. საერთოდ დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდნენ ხალხში გურჯინთახები. თინათინი სულ იმას ჩიოდა, ამ ხალხს ჩვენ ძალიან მდიდრები ვგონივართ და მაგიტომ ვეზიზღებითო.

 

ქსანში დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არავის ჰქონდა, ამილახვრებს თუ არ ჩავთვლით. ხალხთან შედარებით მდიდრები ნამდვილად იყვნენ ჩვენი გმირები. ბრალოდ, ხალხშივე ცოტა გადამეტებული იყო გურჯინთახების ავლა–დიდების შეფასება. თინათინს მემკვიდრეობით გიორგისგანაც ერგო კახეთის ვენახები. უმთავრესი შემოსავალი ოჯახში სწორედ გიორგის დატოვებული ვენახებით შემოდიოდა. ზვიადიც არ იყო უქნარა ქმარი, გარდა იმისა, რომ მოურავებს და მებაღეს თავზე ედგა ხეხილის მოვლაში, გემთმშენებელიც იყო. ცოტა გასაკვირია, ამდენი ხნის განმავლობაში რომ არ მიხსენებია ზვიადის და გემების ურთიერთობა, მაგრამ დამერწმუნეთ, ამით არაფერი დაშავებულა.

 

სანამ ზვიადის წარსულს შევეხებოდეთ გემების საკითხში, ჟოზეფინას ერთ ისტორიას მოგიყვებით. როდესაც ზვიადი მირზა მოურავმა ცოცხალ– მკვდარი მოიყვანა სახლში, ჟოზეფინა და ლაშარი ბაშე მკითხავს ყავდა სოკოს საკრეფად წაყვანილი. თინათინი ჩუხა მოურავს გაყოლოდა შეშის მოსატანად, ამიტომ მირზას და ნაფიტას დააწვათ მომაკვდავი ბატონის მოვლა–პატრონობა, სანამ ოჯახის წევრები გამოჩნდებოდნენ. მებაღე, რომელზეც ლაშარის თქმით, ჩვენი მამა ზენონი გიჟდებოდა და რომელსაც ქალისა ერქვა, თუ გინდა მოგეკლა და მომაკვდავი მამამისიც რომ ყოფილიყო, ვერ მიეკარებოდა. სამი საათი გაჭირვებით მოუარეს ობლად დარჩენილმა მოურავებმა ზვიადს, გაჭირვებით იმიტომ ვიძახი, რომ ყველაფერი ეხერხებოდათ ავადმყოფის მოვლის გარდა. ბოლოს, როგორც იქნა ჭიშკართან ცხენის ფლოქვების ხმა გაისმა. ნატიფა გავარდა და ბაშეს და ბავშვებს მიშველეთო შეჰღაღადა.

 

ბაშემ ლაშარი წყალზე გააგზავნა, ხოლო ჟოზეფინა ექიმთან, რომელიც გურჯინთახების სახლიდან ერთ კილომეტრში თუ იცხოვრებდა. ჟოზეფინა თავის საყვარელ სახედარს შემოახტა, რომელსაც ბონაპარტი ერქვა და ექიმის სახლისკენ გაჰქუსლა ჩორთით, ჩორთით იმიტომ, რომ პატივცემული ვირი – ბონაპარტი სხვა სახის მოძრაობას არ კადრულობდა. სანამ ჟოზეფინა თავის პარტიულ დავალებას შეასრულებდა, ლაშარმა, რომელიც რვა წლის იქნებოდა მაშინ, მომაკვდავი მამა ცოტა გონზე მოიყვანა. ბაშე თავის ოთახში ავარდა ტაჯიკური ბალახეულის მოსამზადებლად, რომელიც ბაშეს თქმით მკვდარსაც შველოდა. მოულოდნელად კარი გაიღო და აქოშინებული ზვიადის ქალიშვილი ოთახში ტყვიასავით– შემოვარდა.

 

– მომისმინეთ! მოიცადეთ! – ძლივს ამოიხროტინა თვალებდაჭყეტილმა ჟოზეფინამ, – იქ . . . იქ. . .

 

– რა ხდება ადამიანო? – გაკვირვებით შეჰყვირა სხვენიდან დაბრუნებულმა ბაშემ.

 

– იქ ნაპოლიონია!

 

– სად?

 

– იქ! ექიმი მოკლა!

 

– ვინ?

 

– ნაპოლეონმა! – ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა, მართალია ჟოზეფინას გადარევა ყველამ კარგად იცოდა ნაპოლეონის მიმართ, ბოლოს და ბოლოს თავის ვირსაც ბონაპარტი დაარქვა და ამით ყველაფერი ცხადი იყო, მაგრამ ქსანში ბონაპარტის გამოჩენა ექიმის მოსაკლავად, თან მეოცე საუკუნის დასაწყისში, უკვე ნამეტანი სიგიჟე და ნაპოლეონის ნამეტანი სიყვარულის შედეგი იყო.

 

– თქვი, ჟოზეფინა რისი თქმა გინდა, – მშვიდად უთხრა ტაჯიკმა ებრაელმა ბაშემ.

 

– მივადექი ექიმის კარს, უნდა შემეღო და ცხენის ჩრდილი დავინახე.

 

მოვიხედე და ყალყზე შემდგარი შავი ცხენი შემეფათა, რომელზეც თავის ჩვეულ ფორმაში გამოწყობილი ბონაპარტი იჯდა. ჩამოხტა ცხენიდან, ხმალი იძრო ქარქაშიდან და სახლში შევარდა. ზუსტად ორ წუთში სისხლში ამოთხვრილი, ორ წუთში კი არა, ორ წამში, სისხლში ამოთხვრილი გამოვარდა უკან. ცხენზე შეჯდა და გაუჩინარდა.

 

მე ოთახში თავმოჭრილი ექიმი დამხვდა.

 

 ეს ამბავი გადახდა, თუ არ გადახდა, ჩვენი ზვიადის ქალიშვილს, ღმერთმა იცის, მაგრამ რომ ყვებოდა, ფაქტი იყო. ბაშემ, ნატიფას სთხოვა წასულიყო და თავისი თვალით ენახა ჟოზეფინას მონაყოლი. დაბნეულმა მოურავმა ჟოზეფინას სასიკეთოდ თუ საბოროტოდ, საღსალამათი ექიმი მოიყვანა. ამის შემდეგ, ჩვენი ჟოზეფინა ყველამ გიჟად ჩათვალა და ექიმის დაჟინებით თბილისში გაგზავნინა თინათინს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ასე ტრაგიკულად გაგრძელდა გურჯინთახების ქალიშვილის ცხოვრება. ზვიადი ერთ კვირაში გონს მოვიდა.

 

თინათინმა დაარწმუნა, ჩვენი შვილისთვის სჯობს ცოტა ხანი იქ დაჰყოსო.

 

 ქსანში ღამე მოვიდა. ასეთი ღამე არავის ახსოვს, თეთრად ჩანდა ყველაფერი. თითქოს თეთრი მზე ამოვიდა და ყველაფერს ერთად ანათებსო. ზვიადი ჩაფიქრებული იჯდა თავის კაბინეტში, შვილის ფსიქიატრიულში მოხვედრამ გატეხა გურჯინთახი. მართალია, ერთ კვირაში თბილისში ჩავარდა და ჟოზეფინა უკან წამოიყვანა, მაგრამ დაღი ამ ამბისგან მაინც ეტყობოდა. წლები გავიდა, კი არ გავიდა, გაირბინა, როგორც ყოველთვის, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. ზვიადი ისევ დაუნდობლად ლანძღავდა რუსებს, ისევ იკრიბებოდნენ მის სახლში რუსეთის იმპერიის ავის მოსურნეები, მაგრამ როგორც უმეტეს შემთხვევაში, ლაპარაკის და გეგმებზე საუბრის გარდა, არაფერი ხდებოდა.

 

ლაშარი და ჟოზეფინა წამოიზარდნენ, ლაშარი უკვე ცამეტი წლის იყო. თინათინი თავის ჩვეულ როლში იყო და ციბრუტივით ტრიალებდა ოჯახში. მკითხავი ბაშე და მამა ზენონი ისევ დაფუსფუსებდნენ, ხან კარგ საქმეს აკეთებდნენ, ხან არაფერს განსაკუთებულს. მოურავებიც უხმოდ ასრულებდნენ ზვიადის მიცემულ მითითებებს. მებაღე ქალისა, მამა ზენონის გულის გასახეთქად, გათხოვილიყო და მემწვანილე ჯარჯის მეუღლე გამხდარიყო, რომელიც ქალისას მსგავსად გურჯინთახების სამსახურში ჩადგა. ერთი მცირედი ტრაურის გადატანა მოუხდათ გურჯინთახებს, როდესაც გენერალ სახურივის ნაჩუქარი ძაღლი ღრმა სიბერეში გარდაიცვალა. ლაშარმა თავისი ხელით გაუთხარა საფლავი და კალმახებით სავსე აუზის გვერდით დაკრძალა.

 

სამაგიეროდ, ცხენები შესანიშნავ ფორმაში იყვნენ, ლაშარი ვერცხლის ნალებს არ აკლებდა მათ მოვლილ ფეხებს. შეშას ისევ თუშებში დაათრევდა, რომ იქიდან თივა წამოეღო თავის საყვარელი ცხენებისთვის. ექვსი ერთმანეთზე უკეთესი და სხვადასახვა ფერის ბედაური ედგა თავლაში ლაშარ გურჯინთახს. ზვიადი სახუროვს წერილებს სწერდა, ბოლო შვიდი-ექვსი წელი აღარ ენახა ერთგული მეგობარი. სახუროვი ყურადღებას არ აკლებდა სიყრმის თანამგზავრს, მუდამ ფულს და ოჯახისთვის საჭირო ნივთებს აგზავნიდა ქსანში გურჯინთახების სახელზე. ზვიადმა ბათუმში სიარულს მოუხშირა. გემების მშენებლობას შეჭიდებული, არადროს გამოსულა ბრძოლიდან დამარცხებული.

 

ზვიადის და ნიკოლოზის აშენებული გემები მუდამ ქების ობიექტები იყო. ნიკოლოზი ბათუმის პორტში გაიცნო ზვიადმა, როდესაც ამ უკანასკნელმა გემის ნახაზები მოუტანა პორტის უფროსს. არავინ მოუწონა შემოქმედება, არც ზვიადს მოსწონებია, მაგრამ რაღაც მსგავსება ნახა თავის თავთან ამ უცნობ კაცში, ხელი გადახვია ნიკოლოზს და დირექტორს წარუდგინა, როგორც უაღრესად ნიჭიერი ახალგაზრდა. გაკვირვებული უყურებდა ნიკოლოზი უცნობის მოულოდნელ მხარდაჭერას, ბოლოს თავისი გაიტანა ქსნელმა თავადიშვილმა.

 

– იყოს ეგრე, როგორც იძახი, – კამათის გარეშე დასთანხმდა დირექტორი.

 

– ჩემი ნახაზები დახიეთ თუ ამ ყმაწვილის გეგმამ ვერ ივარგა, – შესთავაზა ზვიადმა.

 

– იყოს ეგრე.

 

 უფროსის კაბინეტიდან რომ გამოვიდნენ ნიკოლოზმა იდაყვში მოჰკიდა ხელი მშველელს და გვერდში მდგმს.

 

– რა გქვია?

 

– ზვიადი.

 

– მე, ნიკოლოზ დიასამიძე.

 

– სასიამოვნოა, – სწრაფად მოუჭრა გურჯინთახმა და წასვლა დააპირა, მაგრამ ნიკოლოზმა უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი იდაყვზე.

 

– ვიცი რატომაც დამეხმარე.

 

– რატომ?

 

– ზღვა მიყვარს, მზეც, მაგრამ ზღვა სხვა ძალის პატრონია, ის სხვანაირია, არავის და არაფერს არ ჰგავს. რამდენი ადამიანი წაგვართვა ამ დაუნდობელმა წყალმა, მაგრამ ჩვენ თითქოს დავბრმავდით და იმის მაგივრად ზღვა შეგვძულდეს, უფრო გვიყვარდება მისი მაჯისცემა და სუნთქვა. და რატომ? იმიტომ, რომ ზღვას ჩვენ ვუყვარვართ, ჩვენ გამო გააჩინა ღმერთმა, ჩვენ გამო ფეთქავს და ადამიანის მოტაცება უზომო სიყვარულის გამო მოსდის.

 

ძლიერია, ძალიან ძლიერი და ვეღარ ზომავს ისე გეხუტება, ისე გიკრავს გულში, სამუდამოდ გტოვებს თავის ტალღებში. მერე, ალბათ, განიცდის თავის უხეშობას, მაგრამ რაღას იზამს. ზღვასაც, რომელსაც ყველაფრის ძალა შესწევს, ადამიანს სიცოცხლეს ვერ უბრუნებს. მე ცოლი წამართვა ზღვამ და დღემდე თავისთან ჰყავს. რამდენჯერ ვთხოვე დაებრუნებინა მისი თავი ჩემთვის, მაგრამ ამაოდ ვეხვეწები. მზესაც ვთხოვე, როდესაც წითლად ზღვაში ჩადიოდა, ჩემს გოგოზე დალაპარაკებოდა მას, მაგრამ ამაოდ, ან არ ეუბნება არაფერს, ან მზესაც აღარ უსმენს შავი ზღვა. შამწუხაროდ, ბათუმში ჩემი არავის ესმის.

 

რამდენჯერ მოვიტანე გეგმა და რამდენჯერ უარით გამომიშვეს. შენ გჯერა ზღვის, გჯერა მისი სუნთქვის და ჩემიც გჯერა, ვიცი, რომ გჯერა... ვიცი! ვწირავ ზღვას ამ საჩუქარს – ნახაზებზე მიუთითა ზვიადს, – გემის სახით და მჯერა სანაცვლოდ ჩემს გოგოს გამომიგზავნის. დამეხმარე და ერთად ავაშენებთ საოცრებას, რომელსაც ჩემი გოგოს სახელს – “ირინას” დავარქმევთ.

 

 ზვიადს გაეცინა. ეს გაცინება თანხმონის ნიშანი იყო. ზვიადის მასწავლებელი, რომელმაც გურჯინთახი გემთმშენებელი გახადა და რომელიც ჯაფარ გურჯინთახმა მიამაგრა ზვიადს, გმობდა ნიკოლოზის გეგმას. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

 

 ბათუმში თეთრი გემის შენება დაიწყეს, რომელიც ზღვაში უნდა შესულიყო და რომელსაც ნიკოლოზის გოგო უნდა წამოეყვანა ზღვიდან.

 

 

 

 

 სიცოცხლე

 

  IV

 

 დედამიწა სუნთქავს და მუდამ მოწყენილი თვალებით იყურება. ბედნიერიც ხშირად არის, რადგან ერთი ადამიანის სიხარულის მოზიარეც არის და ასისაც. ადამიანი და მშობელი ერთი შვილის გაზრდას ვერ აუდის ხოლმე, დედამიწა კი მილიარდობით ადამიანს უვლის და პატრონობს.

 

მართალია, სიცოცხლე ღმერთისგან იწყება, მაგრამ სიცოცხლეს ღმერთი ადამიანებს დედამიწის დახმარებით აწვდის. მუდამ უხმო და მოწყენილი, ბოლო წვეთსაც ხარჯავს ჩვენი კეთილდღეობისთვის, მაგრამ სამწუხაროდ იმ შედეგებს ვერასდროს იმკის, რომელსაც მისი ცხელი გული ელოდება. ხანდახან ღმერთსაც ეცოდება თავისი სიყვარულის გამომხატველი, მაგრამ როგორც ყოველთვის, უკან გზა არ არსებობს. დაუფასებლობა ადამიანებისგან, გადაჭარბებული ბოროტება, სიკეთის დამადლება, სირცხვილი იმისა, რისიც არ უნდა გრცხვენოდეს, გარდაუვალი სიკვდილი, სიცოცხლის უსამართლო წართმევა, მუდამ სევდიანს და მოწყენილს ხდის დედამიწას. სამწუხაროდ, ბედნიერი წუთები ვერ ფარავენ და ვერც უთანაბრდებიან ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს.

 

დედამიწა ხან წყალს ზიდავს, ხან პური მოაქვს, ხან ცეცხლს გვინთებს ბუხარში გაყინული ძვლების გასათბობად, ხან იღიმება ჩვენ გასამხნევებლად, ადამიანები კი ხარბად იღებენ თავიანთ ულუფას და არც მას, არც არავის არაფერს უტოვებენ – ვეღარ მოაქვს წყალი, ვეღარც თივა, ვეღარც ხილი და ვეღარ აუდის ჩვენი გაუმაძღარი მუცლის დაკმაყოფილებას, ამიტომ გონება ერევა და არათანაბრად ნაწილდება მის მიწიან და წყლიან მკერდზე სიცოცხლის ელექსირი. მონაკოში ოქროს მონეტები ცვივა კაზინოში, სომალიში ადამიანის ხორცს ჭამენ, ირანში ადამიანებს ხელს აჭრიან, ამერიკაში უშუქობას ორი წუთით ვერ იტანენ და გული უსკდებათ, საქართველოში პურის რიგში ხალხს კლავენ და ყველა პრეზიდენტს დედის ალერსს აგინებს. როგორ შეიძლება ამერიკაში უფრო ნიჭიერი ხალხი დადიოდეს, ვიდრე კუბაში, ან სადღაც უფრო ძლიერი ადამიანები იყვნენ და სადღაც არა. არეულა სამართალი და დედამიწასაც აღარ შესწევს ძალა ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგოს. ან რატომ უნდა იყოს ყველაფერი გამართლებაზე ან არ გამართლებაზე. ყველაფერი თუ არა, ოთხმოცი პროცენტი მაინც. იქ ვიღაცამ ვიღაცას რაღაც წაგლიჯა, შემდეგ გაუმართლა, შემდეგ ცოტა დასუსტებული გვერდზე მყოფი დაჩაგრა და განვითარების პერსპექტივა მოუკლა და ეს ადამიანები შემდეგ ქვეყნებად გადაიქცნენ და სხვა ქვეყნებს მოუღეს ბოლო.

 

მერე დაჩაგრულები იმას აკეთებენ, რაც არ სურთ და ამიტომ სხვებზე სუსტებად ითვლებიან. ყველგან არიან ძლიერი და ნიჭიერი ადამიანები, ყველგან შეუძლიათ გაძლიერება და მომაგრება. შეიძლება სადღაც ორი კაცით მეტი ნიჭიერი იყოს, ვიდრე სადღაც, მაგრამ ორი, ასი და ათასი არაფერს ნიშნავს, რადგან მზეს ყველგან შეუძლია ადამიანების გათბობა, ყველგან შეუძლია ადამიანები ძლიერი გახადოს და თუ სადღაც, ვიღაცა ვიღაცაზე მეტია, შეიძლება რაღაც დროის განმავლობაში ნაკლები გახდეს. რატომ ხდება ასე ცხოვრებაში, როდესაც ადამიანი ან ქვეყანა ძლიერია, რამდენიმე ხნის შემდეგ უძლური ხდება. იმიტომ, რომ ყველას შესწევს ძალა, ყველას შეუძლია ძლიერების მწვერვალის დაპყრობა. ოღონდ ძლიერებას სწორი გაგება უნდა, და ძალაუფლებასთან და ფულთან არანაირი კავშირი არ აქვს. მინდა ჩვენს სიცოცხლეს, დედამიწას, ბუხარს გავუფრთხილდეთ, ოღონდ იმ ბუხარს არა, აგურით რომ არის ნაშენი, იმას, რაც დედამიწამ ჩვენთვის თავის გულში აანთო და ჩვენს გათბობას ცდილობს.

 

სიცოცხლე დედამიწის ცხელი ბუხარია, რომელიც მინავლდება თუ იგიზგიზებს, არასდროს ჩაქრება, ის მარადიული ცეცხლის მატარებელია. ჩვენ კი, მუდამ უნდა შევუკეთოთ და ვაბრიალოთ მისი ყვითელი ხელები, მუდამ უნდა ვიცოდეთ, რომ სუსტი ადამიანები არ არსებობენ და თუ არსებობენ, ის სუსტი, რაღაცაში აუცილებლად ძლიერია. სიცოცხლე უკვე სიძლიერეა, ის ღმერთმა შექმნა და არ არსებობს უსუსური აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, ზოგი ადამიანი ვერ პოულობს თავის ნიჭს, მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ პოულობს და ეს ძლიერ დასანანია. სიცოცხლე ხომ ძებნაა, მარადიული ძებნა კეთილდღეობისა, რომელიც ზოგს რა ჰგონია, ზოგს რა, მთავარია, ჩვენ მიწას გამოვადგეთ ან მშობელს, რადგან მშობელი უკვე მიწაა, ის მიწა, რომელზეც ჩვენ სიარული ვისწავლეთ. მე დღემდე ვეძებ გასაღებს და შეშას, რომელმაც ჩემი წილი ძალა უნდა შემატოს ბუხარში დანთებულ ცეცხლს.

 

– პრივეტ ბიჭებს!

 

– გაუმარჯოს!

 

– ჰა, რას იტყვით?

– რაზე?

– სიცოცხლეზე.

 

– ახლა არ გვიკითხავდი მორალს?

 

– კი, მაგრამ თქვენი აზრი მითხარით.

 

– არ ვიცით.

 

– ამდენს რომ ვლაპარაკობ, თქვენ გგონიათ მე ვიცი?

 

– მაშინ რა გინდოდა ჩვენგან, ყურები რომ გამოგვიჭედე შენი უხეირო ლაქლაქით.

 

– მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ეგრე ვფიქრობ და რა ვქნა. რამდენს უფიქრია სიცოცხლის არსის შესახებ.

 

ზოგი რას ამტკიცებს, ზოგი რას. რას გაიგებ მართალი რომელია. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც რაღაცას ამტკიცებს, არა კი არ ამტკიცებს, უბრალოდ ლაპარაკობს იმაზე რასაც გულით ჰგონია (გრძნობს).

 

– ჰოდა, შენთვის შეინახე რაც გგონია და ისიც, რაც არ გგონია.

 

– შევინახავ.

 

– შეინახე, შეინახე და ნუ შეგვჭამე.

 

– რატომ შეგვჭ...

 

– კარგი! გეყოფა! ნუ გაატრაკე საქმე! კარგი!

 

 თბილისში მაისი დადგა. ღამე ისეთი სურნელი დგებოდა, გეგონებოდა შუაგულ მინდორში დგახარო. სკოლას ვამთავრებდით და სიხარულს სინანულიც გვერდში ედგა. თერთმეტი წელი დიდი დროა, მაგრამ რომ გაივლის, გეჩვენება, თვალის დახამხამებაში გაირბინაო.

 

ბებიაჩემისგან სულ მახსოვს, როგორ განიცდიდა წუთისოფლის სიმოკლეს გულში ვფიქრობდი, ამ ქალმა სულ გააფრინა მეთქი. წლები გადის და ახლა ვხვდები, რომ მისი სიტყვები წყალივით კამკამა და სუფთა იყო. როგორ მინდა მივიდე, მის მუხლებში თავი ჩავრგო და ვუთხრა, რომ მისი სიტყვები მარადისობის კანონია, სამწუხაროდ, ღრმად მოხუცებულს აღარ ესმის ჩემი და მუდამ მწოლიარე მხოლოდ თვალებით მელაპარაკება. ჩემი ვერის სახლი, ჩემი ბავშვობის მოგონება, რომელიც ულამაზეს წლებს მახსენებს. სულმოუთქმელად ველოდებოდი შაბათ–კვირას, რომელიც აუცილებლად ჩემებთან უნდა გამეტარებინა, თან ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მანებივრებდნენ მოხუცები, რომლებიც ჩემში უსაზღვრო სიყვარულს თესავდნენ. ახლა, სამწუხაროდ ყველაფერი შეიცვალა და სწორედ ახლა ვხვდები, რომ დროსთან ადამიანები უძლურები ვართ. ჩემი ბაბუ აღარ არის, ხოლო ბებია სიკვდილის პირას არის მისული.

 

ამ ორი ადამიანის დამსახურებით ჩემთვის სუმბათაშვილის ქუჩა ზღაპრად იყო ქცეული. ჩვენ არაჩვეულებრივი მეზობლები გვყავდა, რეზო თაბუკაშვილი, მედეა ჯაფარიძე, სოფიკო ჭიაურელი, კოტე მახარაძე. ამ ადამიანებიდან აღარც ერთი აღარ არის ცოცხალი, თუმცა მათი სახელი წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს გულებში. ბაბუაჩემი არქიტექტორი იყო, თავის დროზე სოხუმს ოთარ ლითანიშვილთან ერთად აშენებდა. სოხუმი რომ ინგრეოდა და გაგრაში გვამები უპატრონოდ ეყარა, ბაბუაჩემი ძალიან ცუდად იყო.

 

ერთხელ თვალცრემლიანი მომიტრიალდა და მკითხა.

 

– შენ რომ “კუბიკებით” სახლს აშენებ და მერე დედაშენი გინგრევს, მეცადინეობას არ ჩამორჩეო, ხომ გწყინს?

 

– კი, ბაბუ, ვტირი ხოლმე.

 

– ჰოდა, მეც ვტირი, რადგან როგორც შენ აშენებ “კუბიკებით” სასახლეს, ეგრე მაქვს აშენებული ნახევარი სოხუმი, რომელსაც მიწასთან ასწორებენ.

 

 მიდის ეს საოცარი თაობა, რომელმაც, ჩემი აზრით, თავისი ვალი მოიხადა ცხოვრებაში. ზოგმა დაწერა, ზოგმა იმღერა, ზოგმა გადაიღო, ზოგმა დახატა, ზოგმა ააშენა და დამშვენებულნი წავიდნენ იმ ქვეყნად.

 

ჩემი თაობა, ალბათ, ნაკლებობას განიცდის ასეთი ხალხის. როგორ მინდა რაღაცით მაინც ვგავდეთ იმ საოცარ თაობას, რასაც ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობა ჰქვია. თუმცა ეს წარმოუდგენელია, რადგან ვარდებში და ბინძურ ფასეულობებში იცვლება და იყიდება ყვლაფერი. რატომღაც განვითარებას ძველის დავიწყებას ეძახიან და ეს მიდგომა ერს ანადგურებს და სპობს. რამდენიც არ უნდა წერო და ილაპარაკო, ამაზე ვერავის ვერაფერს შეაგნებინებ, თუმცა ძალა თუ ერთობაშია, იქნებ ვიღაცა მომეხმაროს და ჩემსავით კალამს მოკიდოს ხელი. სუმბათაშვილზე რომ ჩავდივარ, ისეთი მკვდარი და მოწყენილი მეჩვენება ყველაფერი, გული ჩაწყვეტილი მაქვს. მიდის ძველი, ლამაზი თაობა და თან მიაქვს თავისი გული და სიყვარული. მართალია, დიდ სიყვარულს ჩვენც გვიტოვებს, მაგრამ მთავარი ნაწილი ალბათ, მაინც მიაქვს.

 

“სუმბოზე”, ასე ვეძახდით ჩვენს სუმბათაშვილის ქუჩას, ძალიან ბევრი ბავშვები ვიკრიბებოდით. ზოგი “მესტნი აბორიგენი” იყო, ზოგი სხვა ქუჩიდან გვიერთდებოდა და ჩვენც გიჟი ახალგაზრდების ჯარს ვქმნიდით. წლები, როგორც, ზემოთ ავღნიშნე, თავაწყვეტილი გარბოდა. ალბათ 2000 წელი იქნებოდა, სანდრიკა ბოცვაძე ჩვენზე ორი წლით უფროსი იყო. ყოველთვის მხიარულს და გაღიმებულს გეგონებოდათ სადარდებელი არ ჰქონია არასდროსო. მუდამ ლურჯი, გახეხილი ჯინსები და ნაცრისფერი, ცოტა გახუნებული მაისური ეცვა, რომ მოგეკლა, გახუნებულიაო, ვერ ათქმევინებდი.

 

– თქვენ რა იცით, არიფები ხართ, გერმანიაში ეს ფერია მოდაშიო, – ეს იყო მისი უტყუარი საბუთი და ჩვენც, რა უნდა გვექნა, ძალაუნებურად ვუჯერებდით.

 ზამთარში ნაცრისფერ «მაიკას» ჯინსის «კურტკას» თუ მიუმატებდა, ფეხზე თეთრი «ადიდასები» ეცვა, რაც დიდ გაკვირვებას იწვევდა ჩვენში, რადგან მუდამ ახალი ნაყიდი გეგონებოდათ.

 

სანდრიკა “შისტოელი” იყო, პეტრიაშვილზე სწავლობდა. დედ-მამა უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ, ერთი დოცენტი იყო, მეორე პროფესორი, ოღონდ რომელი რომელი იყო აღარ მახსოვს. სხვათაშორის “სუმბოზე” ბოცვაძეების ოჯახი განათლებული და ინტელიგენტი ოჯახის სახელით იყო ცნობილი, რასაც შვილზე ნამდვილად ვერ იტყოდი, სანდრიკა ოცდაოთხი საათი ბირჟის სკამივით ქუჩაში იდგა. სოფიკო ჭიაურელი ხან რას ეძახდა, ხან რას.

 

– ვაი შენს პატრონს, ისე რას ფიქრობენ შენი პატრონები შენი შემხედვარე? – სოფიკო ისე მიახლიდა ამ სიტყვებს მანქანის ფანჯრიდან, ავტომობილს არც აჩერებდა. 

 

– წადი, აქ დგომას “მარშუტკაზე” დაჯექი ხელფასს მაინც მიიღებ – გამოსძახებდა უკანა გზაზე.

 

– არა მადლობთ, ქალბატონო სოფიკო, – არ ვიცი სოფიკოს დანახვაზე რა ემართებოდა სანდრიკას, მაგრამ ერთადერთი ქალი და საერთოდ ადამიანი იყო, ვისაც ისე ელაპარაკებოდა, რომ თვალებში ვერ უყურებდა.

 

 მართალია, ორი წელი საკმაოდ დიდი სხვაობაა იმ ასაკში, რა ასაკშიც ჩვენ ვიყავით, მაგრამ სანდრო სულ ჩვენ გუნდში იყო, ხან ჭკუას გვარიგებდა, ხან საჩხუბრად მიგვყვებოდა, ხან ფეხბურთს გვეთამაშებოდა. სულ იმას გაიძახოდნენ თქვენ “ვზროსლები” მოგყავთ, აბა სანდრიკა დატოვეთ და ნახავთ ცხვირპირს როგორ ამოგინაყავთო. არა და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე მისი ნაჩხუბარი არასოდეს მინახავს.

 

ჩვენ სულ ნაბეგვ–დაპორჭყნილები ვიყავით, სანდრიკას კი ერთი ნაკაწრიც კი არ ჰქონდა. ისე აგვარებდა ყველაფერს, ერთხელაც არ აუწევდა ხმას. მის დანახვაზე მუდამ წითელი ფერი ედებოდა სახეზე ყველას. მივიდოდა მშვიდად, რაღაცას დაელაპარაკებოდა და საქმე დამთავრებული იყო. ჩვენ თუ ვიღაცა მიგვბეგვავდა, უმაგისოდ თუ წავჩანჩალდებოდით, მაშინ. ისეთი სხარტი გონება ჰქონდა, ჩვენს მშობლებსაც გაკვირვებულს ტოვებდა. ეზოში მისი გამოჩენა და ერთი ჟივილ–ხივილის ატეხვა გარდაუვალი იყო, ისეთ თამაშებს გამოიგონებდა, ცხოვრებაში რომ არ გაგვეგო.

 

– გაანებე მაგ საზიზღარ ქუჩის ბიჭს თავი, – მუდამ ამ სიტყვით გამოდიოდა ბებიაჩემი.

 

სანდროს რომ დაინახავდა, მიაშტერდებოდა, ერთი ნაღვლიანად გაიქნევდა თავს და გზას გააგრძელებდა. სამწუხაროდ სკოლის დღეებში სუმბათაშვილზე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ერთი სული მქონდა შაბათ-კვირა დამდგარიყო და სანდრიკას გამოგონილი გიჟური თამაშები მეთამაშა. საერთოდ, მე დიდ ყურადღებას არავინ მაქცევდა, თან ასაკს ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მე, ყველაზე პატარას, რა უნდა მექნა, ცალკე ვიდექი და ერთი სული მქონდა ვინმეს ჩემთვის დაეძახა და რამე თამაშში ჩაბმა შეეთავაზებინა. საერთოდ ბავშვობაში ხომ ვერასდროს აღიქვამ, როგორ გადის წლები და რომ ცოტა ხანში ისეთი რაღაცეები საერთოდ აღარ მოგხიბლავს, რაც ადრე გხიბლავდა. სწორედ ამიტომ, ისე გავარდა წლები, აღარც კი მახსოვს გავარდნილ წლებში კარგი და ცუდი რომელი იყო. ალბათ, ყველაფერი კარგი იყო, რადგან ბავშვობაში უმეტესი, ცუდიც კი, კარგად გეჩვენება. სკოლას ვამთავრებდით და არავის აღარ გვეცალა ეზოსთვის, თან წლებიც მოგვემატა და ეზო ჩვენთვის ის ეზო აღარ იყო.

 

მარტო სანდროსთვის არ იცვლებოდა არაფერი, ისევ ისეთი გაღიმებული და მხიარული იდგა ეზოში. როგორ მიკვირდა ამ ადამიანის მუდამ გაბრწყინებული თვალების და რაღაც უსაზღვრო ნიჭის, რომლის გაგება და ამოხსნა დღემდე არ შემიძლია.

 

– შენ არ უნდა ჩააბარო უმაღლესში? საწყალი შენი მშობლები ამას იმსახურებენ!

 რა თქმა უნდა, სანდროს მშობლები ამას სართოდ არ იმსახურებდნენ, მაგრამ ამ ბიჭს, მოგეკლათ და არ უნდოდა უმაღლესი და დიპლომზე ტვინის დახლა. სოფიკოს დანახვა ტრაგედია იყო მისთვის, მაგრამ ეს ტრაგედია სულ ერთ, ან ორ წუთს გრძელდებოდა. სოფიკოს წასვლის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა.

 ღრუბლები ნელ-ნელა მოხშირდნენ ლურჯ ცაზე. საღამო იდგა და როგორც ყოველთვის ცხრა საათზე შუქის მოსვლას ელოდებოდა მთელი ქალაქი. აბიტურიენტობაზე საზიზღარი პერიოდი ხომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს. მაგრამ რას ვიზამდი, სხვა გზა არ მქონდა.

 

სწორედ ერთ-ერთ აბიტურიენტულ საზიზღარ დღეს, დაღლილ–დაქანცული სუმბათაშვილის ქვაფენილს მოვუყვებოდი.

 

ყველა ნერვებს მიშლიდა, ვინც კი მხვდებოდა, ყველას გამოცდები და უნივერსიტეტი ეკერა პირზე. სანამ ჩემი სახლის სადარბაზოში შევიდოდი, იქვე, სახლის ბოლოში, სანდრო დავინახე. საოცარია, მაგრამ მისი დანახვა და ჩემი ხასიათის გარდაქმნა ერთი იყო. აღარც მომავალი გამოცდები მახსოვდა და აღარც უნივერსიტეტის სისხლის გამშრობი ლექტორები.

 

– რას შვები, ძმაო? – ისევ ისეთი ჯანსაღი ხმა ჰქონდა, როგორც ყოველთვის.

 

– შენ რას შვები ამ სიცხეში? თორემ მე აბიტურიენტის დაღი მადევს, – ვუთხარი მე და ცალყბად გავუღიმე.

 

– რას ვშვები და რასაც ადრე ვშვებოდი, დავსდევ ამ არაფრის მაქნის “ბეზდელნიკებს” და ვარ.

 

– მერე არ მოგბეზრდა?

 

– რა უნდა მომბეზრებოდა, – ირონიულად მკითხა, თან თვითონაც ცალყბად გამიღიმა.

 

– შენ ადგილზე ვიყო, საკუთარ თავს მივხედავდი, ჩემს ნიჭს გამოვიყენებდი, სხვების შერიგება – საქმის გარჩევას თავს დავანებებდი და საერთოდ, ცხოვრების სტილს შევცვლიდი. საერთოდ, მეზიზღება სხვა რომ ჭკუას მარიგებს და არც მე მივცემდი ჩემ თავს ამის უფლებას, მაგრამ რატომღაც მაინც ვუთხარი ის, რასაც ვფიქრობდი.

 

– მე, ჩემი თბილისი მიყვარს, – ღრმა, მაგრამ მოკლე პაუზის შემდეგ დაიწყო სანდრომ, – ჩემი ვერა, ყველაფერი, რაც ამ ქალაქს და უბანს უკავშირდება და აკავშირებს, კარგიც და ცუდიც. თითქოს მოსაბეზრებელია ყველას კუდში დევნა და ყველასთვის ჭკუის სწავლება, მაგრამ მე მაინც მიყვარს, რომ ამ საქმიდან სიკეთე გამოდის.

 

შეიძლება ყველაფერი დროთა განმავლობაში ფუჭი გახდეს, მაგრამ “შეიძლებას” ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არასდროს ჰქონია, თან, როდესაც მწამს, რომ ფუჭი ეს ყველაფერი მაინც არ იქნება. ვიღაცას ჰგონია, რომ უსაქმური ვარ, ვიღაცას ნაძირალაც ვგონივარ, ვიღაცა თვლის, რომ ეგრე უნდა ვიყო, მაგრამ მე თვითონ ისე ვთვლი, როგორიც ვარ და რასაც ვაკეთებ. მეც მომიპარავს და მეც მინაძირლია, როგორც ადამიანების უმრავლესობას ჩაუდენია, მაგრამ კეთილი საქმის კეთება რომ გადაფარვს ცუდი საქმის კეთებას, ეგ არის სიცოცხლის აზრი. რადგან წიგნს თავს არ ვახლი და წელს გამოცდაზე გასვლის შიშით ოფლი არ მდის, უსაქმურად მთვლიან, თუმცა ამას ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს. დრო მოვა, ალბათ შეიცვლება ჩემი ცხოვრებაც და მისი სტილიც.

 

 მინდოდა ჩავხუტებოდი, გულში მაგრა ჩამეკრა და მეთქვა, რომ მე მჯეროდა მისი საქმის, ფიქრის, თვალების, გულწრფელობის და საერთოდ ყველაფრის, მაგრამ იმდენად მორცხვი ვიყავი ან იმ მომენტში ისე დავიმორცხვე, რომ ამის გაკეთება ვერაფრით შევძელი. მახსოვს, როდესაც ლაპარაკს მორჩა, თვალები ისე უბრწყინავდა, გეგონება ორი ვარსკვლავი უდგას თვალებშიო. მიყვარდა ეს გაბრწყინებული თვალები, რადგან იმედის და სიცოცხლის სხივს ვხედავდი მათ შუქში, და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა სანდრიკას მოპარული ქონდა, ნანაძირლები თუ ნათავხედარი..

 

ყველაფერს გავცვლიდი ამ თვალების შუქში და იმ სიყვარულში, რასაც სანდრიკა გამოსცემდა გულიდან, რომელიც ჩვენ ქალაქს ეკუთვნოდა. სახლში ავედი დანაღვლიანებული, ბებიაჩემს ვახშამი გამზადებული ჰქონდა ჩემთვის, მაგრამ მე აღარც ვახშამი მინდოდა და აღარც ვახშმის შემდეგ ჩაი. ლოგინზე წამოვწექი და ჭერს მივაშტერდი. როგორც ყოველთვის, ისე არავინ გრძნობდა ჩემს ტკივილს და წუხილს, როგორც ბაბუაჩემი, ამიტომ ზუსტად ათ წუთში ლოგინზე ჩამომიჯდა და ისე დაიწყო ჩემთან საუბარი, არც შემოუხედავს. მე კი ვუყვებოდი ჩემს მომავალ გეგმებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არავის უსრულდება, ჩემს ოცნებაზე, რომელიც ყველა ადამიანს დროთა–განმავლობაში ეცვლება, იმედით სავსე თვალებზე. მიყვარდა როდესაც ბაბუაჩემი მისმენდა, რადგან ვგრძნობდი, რომ ისე გულთან არავის, არასდროს მიჰქონდა ჩემი განცდები და მონაყოლი, როგორც მას. საწყენია, რომ დედაჩემის მამას ვერ მოვესწარი, მაგრამ ისიც დიდი სიხარულია ჩემთვის, რასაც მოვესწარი და ცხოვრებაში რაც მეღირსა.

 

ცოტა ხანი ჩუმად იჯდა ჩემს საწოლთან ბაბუაჩემი, ბოლოს წამოდგა და სანამ წასვლას დააპირებდა, ჩუმად მითხრა.

 

– სანდრიკა კარგი ბიჭია!

 

 არასდროს გამეგო ეს სიტყვები ეთქვას ვინმეს ამ ბიჭიზე. გაკვირვებული ვუყურებდი ბაბუაჩემს და გაკვირვებულზე მეტად, გახარებული ვიყავი, რადგან სანდრიკას ლანძღვის მეტი არაფერი, არასდროს გამეგო. მე კი ყოველთვის გული მწყდებოდა, როდესაც მის გაბრწყინებულ თვალებს ვერავინ, ვერასდროს აფასებდა. ერთი კი იყო, ვატყობდი, როდესაც სოფიკო თათხავდა ხოლმე, მის ხმაში ზრუნვა და სიყვარული იგრძნობოდა.

 

 შემოდგომა მოვარდა, როგორც დაუნდობელი ყვითელი ლომი და ყვითლად გადაფერა ზაფხულის მწვანე მინდვრები. ყველას სიხარული ეტყობოდა თვალებში, ზოგი გალამაზებულიყო, ზოგი გაზრდილიყო, ზოგს გამოცდები ჩაებარებინა და ა.შ. ყველა თავის ახალ განცდებს და ემოციებს აყოლილიყო. ქუჩაც ნელ–ნელა იცვლებოდა, ხალხი ბერდებოდა, ჩვენც ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვხვდებოდით და საერთოდ, როგორც ყოველთვის, დრო ყველას და ყველაფერს თავის დაღს ადებდა.

 

სანდროც აღარ იდგა უბნის ბოლოში იმ თავის გახეხილი ჯინსებით. დიდი ხანია, ვერავინ ვეღარ ხედავდა. ერთხელაც, მისი ამბავი რომ მოვიკითხე, არავინ არაფერი იცოდა, ერთი კვირის თავზე ისევ დავინტერესდი მისი ადგილსამყოფელით და სასიხარულო ამბავს გადავაწყდი. ერთი ლამაზი, მდიდარი გოგო ცხოვრობდა თაბუკაშვილების ზემო სართულზე. ისეთი გარეგნობის იყო, რა თქმა უნდა, ცოტა თავშიც ჰქონდა ავარდნილი და არავის ზედაც არ გვიყურებდა. სანდრიკას კი რაც თავი მახსოვს, გაგიჟებით უყვარდა ეს გოგო. დიდად არც გამოხატავდა, მაგრამ ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ამ გოგოს გულისთვის გახეხილ ჯინსებსაც გაიხდიდა და ქუჩასაც შეეშვებოდა.

 

გოგოს მშობლებიც კარგი კუდაბზიკა ადამიანები იყვნენ. ჩვენ ქუჩაზე ყველა ერთმანეთს უღიმოდა, მათ კი გაღიმებულს ვერასდროს ნახავდი. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, სანდრიკა და ზემოთ ხსენებული გოგო შეუღლებულან. ეს რომ გავიგე, კინაღამ სიხარულისგან ცრემლები გადმოვყარე. ისე, როგორი საქმეა? სანდრიკა და მდიდარი გოგო, თან სილამაზით უბადლო. ყოჩაღ, სანდრიკ, ხომ დაამტკიცე შენი ნიჭი და მოხერხებულობა მეთქი. ყველას წინაშე შემიძლია დავიფიცო, რომ ასე არც გამოცდების ჩაბარება გამხარებია, არც სკოლის დამთავრება.

 

“კი მაგრამ, როდის მოხდა ეს ამბავი?” “სანდრო და ნინუკა სად არიან?” «ისე კი უხდებიან ერთმანეთს,” “მაგათი შვილი რა იქნება, რაღაც სასწაული”. არ წყდებოდა მათი ქება–დიდება ჩვენს ქუჩაზე. Iსე, ამაზე მნიშვნელოვან და კარგ თემაზე რაზე უნდა ესაუბრათ. ქორწილიც მშვენივრად ჩატარდა, მართალია, სანდრიკა თავის გახეხილ ჯინსებში აღარ იდგა, მაგრამ ორივე, გულის გახეთქვამდე კარგად გამოიყურებოდნენ.

 

სხვათა შორის ფიზიკურადაც ერთმანეთს ჰგავდნენ, ორივეს ნახშირივით შავი თმა და თვალები ჰქონდა, უბრალოდ, სანდროს ცოტა მოგრძო, არისტოკრატული სახე ჰქონდა, დედოფალს კი მომრგვალო. სანდროს მუდამ აფორიაქებული მშობლებიც დამშვიდებულნი გამოიყურებოდნენ, თან ყველა ულოცავდა და შვილის ბედნიერებას უსურვებდა. სუფრა რა სიცილში და ღრიანცელში ჩაივლიდა, ხომ წარმოგიდგენიათ, როდესაც მთელი ჩვენი ქუჩა ამ სუფრას უძღვებოდა.

 

ქალბატონი სოფიკოც, რომელიც სულ სანდროს ლანძღვა–ტუქსვაში იყო, სულ იმას გაიძახოდა, ჩვენს ხელშია გაზრდილი და ცუდი ბიჭი როგორ გამოვიდოდაო. იმ წელმა მშვრნივრად ჩაიარა, ყველამ უმაღლესში შეყო თავი, ყველა ბედნიერი და კმაყოფილი დადიოდა. უბნის თავის ტკივილმა სანდრიკამაც თავის ბედნიერებას მიაგნო.

 ზაფხული დასრულდა და როგორც გითხარით შემოდგომა მოვიდა, თუმცა მეც რომ არ მეთქვა, ალბათ თქვენც მიხვდებოდით, რომ ზაფხულს აუცილებლად შემოდგომა მოჰყვებოდა. ზამთარში ბაკურიანში ვიყავი, შემდეგ გურიაში წასვლაც მომიწია, ამიტომ ჩემს ქუჩაზე დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ვერ მოვახერხე შესვლა. ჩამოვედი თუ არა თბილისში, სუმბათაშვილზე ჩავირბინე და რომ არც მოველოდი, სანდრო თავის ბავშვობის დროინდელ ჩვეულ ადგილას იდგა.

 

– რას შვები დაოჯახებულო ადამიანო? – მთელი სიცოცხლე როგორც ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, ისეთივე მხიარულ ნოტაზე შევხვდი ჩემს ბავშვობის მეგობარს.

– რა ვიცი, ვარ რა, – ეს პასუხმა ცოტა გამაკვირვა, რადგან ისეთ პასუხებს იძლეოდა მთელი ცხოვრება, ორი თვე იმედის სხივს არ მოგიკლავდა გულში.

 

– მაინც, ქუჩის ლომო? – უაზრო ხუმრობა ვცადე, მაგრამ ჩვენ სულ უაზროდ ვხუმრობდით, სულ უაზროდ ვხითხითებდით, გვერდზე გამვლელს რომ შეეხედა, გაგიჟდნენო იფიქრებდა.

 

– მაინც რას ვშვები და სამსახიობოზე ვაბარებ, – ისევ ცივად და მშვიდად მითხრა სანდრომ.

 

– მერე მაგას რა სჯობს, უნიჭობას ნამდვილად არ უნდა უჩიოდეს შენისთანა კაცი.

 

– სანდრო! სანდრო! – ზედა სართულიდან გაისმა ნინუკას ხმა.

 

– ჰო, ამოვალ! – ისე ჩუმად უპასუხა, ნინუკამ კი არა, მე ძლივს გავიგე.

 

– კარგი უნდა წავიდე.

 

– მაგრად, სანდრიკ, – ვუთხარი და მხარზე მივარტყი ხელი. რომ გამოვბრუნდი და ჩემი სახლის სადარბაზოს კიბეებზე ავდიოდი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ სანდრიკას თვალები ისე აღარ უბრწყინავდა და იმედის სხივი აღარ ედგა მზერაში. შეიძლება ჰქონდა კიდეც და მე არ დავუკვირდი, მაგრამ იმ, ძველი ბრჭყვიალა თვალების არ შემჩნევა წარმოუდგენელი იყო.

 

 მერე რამდენიმე წელი აღარც მინახავს სანდრო, ამბობდნენ სამსახიობოზე კი ჩააბარა, მაგრამ დიდი მსახიობი მისგან არასდროს დადგებაო.

 

ნინუკასთან ერთად სხვა სახლში გადასულან, იქვე ვერაზე, შანიძის ქუჩაზე, მაგრამ მაგათ ფანჯრებიდან სულ ჩხუბის და ყვირილის ხმა გამოდიოდაო. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე თბილისურ ახალგაზრდა, ახლად შექმნილ ოჯახებში. ამიტომ არც მე, არც არავის ამ მოვლენისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია. თან ცხოვრებაშიც ხომ ასე ხდება, ყველა ივიწყებს წარსულში ერთად გატარებულ წლებს, ყველას თავისი მძიმე თუ მსუბუქი პრობლემები აწუხებს. ამიტომ სანდრიკას ცხოვრებით, როგორც ადრე ინტერესდებოდნენ, ისე აღარ იყო. მითუმეტეს ჩვენს ქალაქში, როდესაც საქმე მთლად კარგად არავის აქვს, ვერავის მოსთხოვ, შენი ცხოვრებით და პრობლემებით იცხოვროს.

 

 ისევ ზაფხული დადგა. თბილისში აუტანელი სიცხე იყო, ზოგი სად აფარებდა თავს, ზოგი სად. მეც თავის შეფარება წყნეთში მქონდა გადაწყვეტილი. გავიგე ნინუკას და სანდრიკას ოჯახი დანგრეულიყო, რამდენიმე, ალბათ ორი–სამი წლის წინ. ჩვენში იმდენად გახშირებულია ეს ამბავი, საღამოს რომ ქარი დაუბერავს და ცოტა შეწუხდები, ზუსტად ისეთი რეაქცია აქვს ყველას, ოჯახის დანგრევაზე. მანქანაზე ვიჯექი, რა თქმა უნდა მართვის მოწმობის გარეშე, და წყნეთში მივემგზავრებოდი. მეზიზღებოდა, როდესაც უმანქანოდ მიწევდა წყნეთში ასვლა და გზაზე არ მიჩერებდნენ, ამიტომ ვცდილობ, გული არავის დავწყვიტო. ბაგების გზაზე ახალგაზრდა მღვდელი შევნიშნე, მძიმე ჩანთას მიათრევდა. მანქანა გავუჩერე და მორიდებულად ვკითხე.

 

– საით მიბრძანდები, მამაო?

 

– კიკეთში.

 

– დაბრძანდით, მე აგიყვანთ.

 

– მადლობთ.

 

 მამაომ ანაფორის შავი კალთები მოიკეცა და გვერდზე მომიჯდა. ზოგს აღიზიანებს, მაგრამ მე მიყვარს რელიგიაზე საუბარი, მითუმეტეს, როდესაც მოსაუბრე განათლებული ადამიანია. სამწუხაროდ, მთელი გზა ისე გავლიეთ, ჩემ თანამგზავრს ხმა ვერ ამოვაღებინე. მართალი გითხრათ, ჩემთვის ერთხელაც არ მოუხედავს, თავისთვის იჯდა მუნჯად და ფანჯრიდან იცქირებოდა. კიკეთს რომ მივუახლოვდით, მკლავზე ხელი მომკიდა.

 

– აქ ჩამოვალ.

 

– არა, მითხარით, სად მიგიყვანოთ?

 

– მადლობთ, მე აქ ჩამოვალ, ღმერთმა დაგლოცოს.

 

– მადლობთ, მამაო, – დავემორჩილე შავებში გამოწყობილ წვეროსან თანამგზავს.

 

– არაფრის ძმაო, უბრალოდ “პრავა” აიღე, თორემ ვერ გიშველის მამაოების გზაზე ტარება – ეს სიტყვები სულ სხვა ტონში მითხრა, სულ სხვა ადამიანის ხმით. თვალებში შევხედე და საოცრება დავინახე, სანდრო ბოცვაძე იჯდა ჩემს გვერდით. როგორ ვერ ვიცანი ამ სიგრძე გზის განმავლობაში, ან თვითონ როგორ ვერ მიცნო? როგორ ვერ მიცნო, მიცნო, უბრალოდ მოიცადა და ელოდებოდა, მე როდის ვიცნობდი, მე კი დებილივით მამაო-მამაოს გავიძახოდი.

 

ისე გავშტერდი და იმდენი ხანი, თვალის დახამხამებაში სად გაუჩინარდა არ ვიცი, ფაქტია, რომ მის კვალს ვეღარ მივაგენი. თვალები ისევ ჩამქვრალი ჰქონდა და ის ბრჭყვიალა იმედის სხივები სადღაც გამქრალიყო. რამდენი ვეძებე, მაგრამ მის ვეღარსად მივაკვლიე. მშობლები გარდაცვლილიყვნენ, ნინუკას უკვე მესამე ქმარი ჰყავდა, ამიტომ სანდროს ბედ–იღბლით აღარავინ დაინტერესებულა.

 

 დრომ კვლავ გადახრა და შეჭამა ყველაფერი, კარგიც და ცუდიც. ჩვენი ქუჩა ისეთი აღარ არის, აღარც ქალბატონი სოფიკოა, აღარც ბაბუაჩემია, აღარ ძია კოტეა, აღარც ბოცვაძეები დარჩნენ და აღარც სანდრიკა აღარ დგას უბნის ბოლოში გადახეხილი ჯინსებით და განათებული თვალებით. თითქოს ზღაპრად დარჩა მეხსიერებაში ეს ყველაფერი. სანდრიკა კი ზღაპრის გმირად შემორჩა ჩემში, რომელიც ისე გაუჩინარდა, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ბავშვობის წარმოსახვა ხომ არ იყო, მაგრამ როდესაც ბოცვაძეების მიტოვებულ, ნახევრად დანგრეულ სახლს შევხედავ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

 

ისე, სიმართლე გითხრათ, არც მისი ნინუკასთან შეუღლება გამხარებია, არც მისი სამსახიობოზე ჩაბარება და არც ბერად შედგომა. მე ისევ სანდრიკა მენატრებოდა ქუჩის ბოლოში რომ იდგა გადახეხილი ჯინსებით და განათებული თვალებით.

 

 

 

  გ უ რ ჯ ი ნ თ ა ხ ი

 

გავიდა ცხოვრება, როგორც გადის ხოლმე, შეუმჩნევლად და გასაოცრად. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის მაოცებდა ცხოვრების უჟმური ხასიათი, მისი დაუნდობლობა და ადამიანების მისდამი გაცხოველებული სიყვარული და წყურვილი. გურჯინთახებიც, როგორც ყველა დედამიწის მკვიდრი, თავისებურად იცვლებოდნენ, თავის მოურავ, მებაღე, მოძღვარ, მკითხავიანად. მართალია, ეს შეცვლა უფრო ფიზიკურ ხასიათს ატარებდა, ვიდრე სულიერს, მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ ფიზიკურთან ერთად, ადამიანი აუცილებლად სულიერ გარდაქმნასაც განიცდის. ზოგი რას ფიქრობს ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მთავარია თქვენ რას ფიქრობთ.

 

 ზვიად გურჯინთახის გარეგნობაზე არ მისაუბრია, და ამას შეგნებულად ვაკეთებდი, რადგან თქვენ თვითონ წარმოდგენაში დაგეხატათ მისი სურათი. ალბათ, ზოგმა წარმოიდგინეთ ბანჯგვლიანი, შავ თვალ–წარბა, ჯეჯგვი თავადი.

 

ან გამხდარი, მოგრძო სახით და ნატიფი თითებით, როგორც არისტოკრატებს სჩვევიათ. ზოგმა წაბლისფერი თმებით, სევდიანი გამოხედვით და მოკლედ შეკრეჭილი თმით. ან რა ვიცი კიდევ რას წარმოიდგენდით, ეს, როგორც გითხარით, თქვენთვის მომინდია. მართალი გითხრათ, თინათინის გარეგნობაც შემთხვევით წამომცდა, როდესაც მის და მხატვარ გოჩიკას სიყვარულზე ვსაუბრობდი. თუმცა ბევრი არაფერი მითქვამს, შავი თვალები და შავი თმა ჰქონდა-მეთქი. ახლა ბარემ იმასაც მოვაყოლებ, რომ ცხვირი სწორი და ოდნავ გრძელი ჰქონდა, მაგრამ ცუდად გრძელი არა, ძალიანაც უხდებოდა. საერთოდ, ელიაზე მობინადრე მეხორცეები, მემწვანილეები და მემაწვნეები იძახდნენ, ზედ გამოჭრილი მამამისი, გიორგი მაჭავარიანიაო.

 

საშუალო სიმაღლის იყო ქალის პირობაზე და რომ არა უსაშველოდ დიდი კაბა–ქათიბი, რომელიც დაბალს აჩენდა, ჩვენი ზვიადის ცოლს, მშვენიერი სიმაღლე და მიმზიდველი გარეგნობა ჰქონდა თავადის აზნაურ მეუღლეს. სიდინჯეს არ კარგავდა გინდ ზვიადის “უჩასტოკ”–ში გალახვა გაეგო, გინდ ლაშარის სემინარიაში «წავირებული», გინდა ჟიზეფინას გიმნაზიაში გაფრენილი. წელში მოხრილი, ვერც ენით, ვერც ფურცელზე ასაღწერი გარეგნობის პატრონი, ჩვენი ტაჯიკი ებრაელი ბაშე, სულ იმას გაიძახოდა, მითუმეტეს მეზობლების გასაგონად, “დედ–მამა რა კარგი ჰყავს და თვითონ ვის დაემსგავსა ეს მართლა ტანით ნაპოლეონიო”. საერთოდ, საზიზღარი ენა კი ება ტაჯიკს, მაგრამ იმხელა ამაგი ჰქონდა ლაშარზე და ჟოზეფინაზე, არც ოჯახის წევრებს, არც მეზობლებს, მისი ბილწსიტყვაობის არ სწყინდათ, ბავშვებს მითუმეტეს. თინათინი კმაყოფილი იყო სახუროვის საჩუქრებით. მართალია, ძაღლი უკვე მიწას იყო მიბარებული, მაგრამ სანამ ცოცხალი იყო, დიდი პატრონის სიყვარულით და ერთგულებით გამოირჩეოდა. ბაშეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო, მისი წყალობით თინათინის შვილები განათლებას იღებდნენ.

 

ქალისა და მისი ახალი მემწვანილე ქმარი ჯარჯი, მშვენივრად ცხოვრობდნენ პატარა სახლში, იქვე, გურჯინთახების ვაზის ღობის გადაღმა. შეიძლება დავიწყებული გყავდეთ ქალისა და ჯარჯი, ამიტომ შეგახსენებთ, ქალისა გურჯინთახების ის მებაღე გოგოა, რომლის სიყვარულსაც აბრალებდა მამა ზენონს ლაშარი. უკვე ექვსი–შვიდი წლის ბიჭიც ეზრდებოდათ და როგორც თვითონ ამბობდნენ, ბედს ნამდვილად არ უჩიოდნენ. მირზა, ნაფიტა და ჩუხა ისევ მოურავობდნენ და მირზა ისევ ყოყოჩობდა თავის გვარიშვილობით და სკოლის დარაჯი იურას მიერ ნახმარი, თავის ბებია, სოფიო ზარზიაშვილით. რაც, რა თქმა უნდა, არავინ იცოდა, თუმცა ვტყუი, ზვიადმა ყველაფერი კარგად იცოდა. ერთხელ უკვე სიბერეში მთვრალი ჯაფარი რომ დაბრუნდა ნადირობიდან, ყველაფერი ჩაუკაკლა ცნობისმოყვარე შვილს. ზვიადმაც, არ ვიცი, მიხვდა, რომ ეს ამბავი მოსაყოლი არ იყო თუ რა, მაგრამ არავისთან კრინტი არ დაუძრავს.

 

ჟოზეფინა და ლაშარი საგრძნობლად წამოზრდილიყვნენ. ლაშარი გორის სემინარიას წარჩინებით ასრულებდა, უკვე თოთხმეტი წლის ხდებოდა და ერთი წელიღა დარჩენოდა სასწავლებელში. მართალია, თავლაში სირბილს და ხალხის გაწამებას არ გადაჩვეულა პატარა გურჯინთახი, მაგრამ სწავლას, მოგეკლათ და ხუთიანზე ასწრებდა. თუშ მეზვინეებთან ერთად ისევ დაათრევდა თხილს და შეშას, რომ შემდეგ თავის სანაქებო თუშურა გამოეკვება, რომელიც ღია ყვითელი ფერის იყო. დანარჩენ ხუთ ცხენსაც უვლიდა პატარა არისტოკრატი, მაგრამ თუშურაზე გადამკვდარი იყო. ზვიადს, მართალი გითხრათ, სიამოვნებდა შვილის სიყვარული ცხენებისადმი. ეს ნამდვილი მხედრის და მებრძოლის თვისებებიაო ამბობდა.

 

ზვიადი სახუროვთან ჩასვლას გეგმავდა, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა იძაბებოდა, და არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ყველა მსოფლიო ომზე ლაპარაკობდა, თუმცა ზუსტად ვერავინ ხვდებოდა ეს მსოფლიო ომი რაღას ნიშნავდა. კარგს რომ არაფერს მოიტანდა, აშკარა იყო, აბა რომელ ომს მოუტანია ქვეყნისთვის და კაცობრიობისთვის სიკეთე. არც ეს მსოფლიო თუ საქვეყნო ომი იქნებოდა გამონაკლისი. გორში “თავადთა მამულების შენარჩუნების კომისია” უფრო და უფრო აქტიურობდა. ზვიადის სახლში არ წყდებოდა სტუმრიანობა.

 

– «ახლა კარგი დროა, ზვიად, ჩვენი უფლებების აღსადგენად.»

 

– «რუსეთი ომზეა გადასული და უნდა დავუძვრეთ, დამიჯერე ზვიად, მერე გვიან იქნება».

 

– «ძალა ერთობაშია, ხომ იცი, გურჯინთახო!».

 

 და ასე, არ წყდებოდა, მიდიოდა და მიდიოდა გაუთავებლად გაგიჟებული, ანუ სამშობლოსგან და სამშობლოს სიყვარულით გაგიჟებული თავადების სტუმრობა ზვიადთან.

 

გურჯინთახიც ხვდებოდა ამ სიარულს ცუდის მეტი არაფერი მოყვებოდა, მაგრამ რა ექნა, მშიშარა კაცის სახელს ხომ არ «აირტყამდა» რაინდი თავადი. რამე მაინც გაკეთებულიყო ამდენი წლის განმავლობაში ლაპარაკის და ერთმანეთის ჭამის და გაჭორვის გარდა. მაშინ კი, მართლა სისხლიან ხმალზე და ტყვიაზე წავიდოდა თავადი გურჯინთახი, მაგრამ მარტოს რა ექნა, მარტო, მშიერი მგელივით, ხომ არ შეებრძოლებოდა ბუმბერაზ და გიგანტ რუსეთს. არადა, სულ ბრძოლისკენ და აჯანყების ორგანიზებისკენ იწევდა ზვიადი. გულის სიღრმეში ამ გზასაც არ ამართლებდა, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავდა ამ საქმიდან. აღარ იცოდა რა ექნა მარტო დარჩენილს, თუმცა გემთმშენებელი არქიტექტორი დიასამიძე გვერდში დგომას პირდებოდა, და ედგა კიდეც. მართალია, ერთმანეთს ხშირად ვერ ხვდებოდნენ მანძილის სიშორის გამო, მაგრამ წერილებში ერთმანეთს არაფერში იმედს არ უკლავდნენ.

 

ზვიადი ბათუმში ხშირად ვეღარ ჩადიოდა, მაგრამ ნახაზებს და გეგმებს არ აკლებდა პორტის უფროსს საბოლოოდ ერთ გეგმაზე შეთანხმდნენ აჭარელი და ჯავახეთიდან წამოსული ქართლელი თავადი. “ირინას” მშენებლობა ბოლოს მაინც დიასამიძეს მიანდეს და მისი გეგმის მიხედვით დაიწყეს თეთრი გემის შენება.

 

საერთოდ, მისი გეგმის გამარჯვება მაინც ზვიადის დიდი დამსახურება იყო, დიდი ხნის ნამუშევარს უკვე კარგათაც იცნობდნენ და ავტორიტეტიც საკმაოდ დიდი ჰქონდა, ამიტომ მისი დიდი ძალისხმევით დიასამიძეს მისცეს უფლება გემის მშენებლობა დაეწყო და მისი საყვარელი გოგოს სახელი “ირინა” ეწოდებინა. ზვიადი შიგადაშიგ პატარ–პატარა გემების პროექტებს პორტის დირექტორს უგზავნიდა და აღებულ თანხას დიასამიძეს აძლევდა, რომ თავისი ოცნების შენება მალე და წარმეტებით დასრულებულიყო.

 

 გადიოდა წლები, ის მსოფლიო ომიც დაიწყო, რომელზეც ყველა ლაპარაკობდა, მაგრამ საქართველოში არაფერი არ იცვლებოდა. ზოგი ომში მიდიოდა, ზოგი დეზერტირად ტყეში გარბოდა, მაგრამ ამას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც არ ჰქონდა. რუსეთში მდგომარეობა განადგურების ზღვარზე იყო მისული. სახუროვი წერილებში სანუგეშოს ვეღარაფერს წერდა.

 

მართალია, ზვიადს გულით უნდოდა რომანოვები ფეხებით დაეკიდათ “ზამთრის სასახლეში”, მაგრამ ერთგულ მეგობარზე ნერვიულობდა. იცოდა, სახუროვი საფლავში ჩაყვებოდა ნიკოლოზ II-ს და მის ოჯახს. 1916 წელი იწურებოდა, რუსეთი ღელავდა, როგორც შავი ზღვა ღელავს აჭარაში გადაუღებელი წვიმების დროს, და მისი დამაწყნარებელი აღარც მზიანი დარი იყო და აღარც მოწმენდილი, ცისფერი ცა. რუსეთი უკვე დინებას მიჰყვებოდა, რომელიც დიდი ჩანჩქერისკენ მიაქანებდა მას. ნუთუ ეს დიდი იმპარიაც დაინგრეოდა, როგორც რომი, ბიზანტია, კართაგენი და მხოლოდ ჩონჩხი და მოგონება დარჩებოდა ამ ურჩხულისგან, რომელსაც დიადი რუსეთის იმპერია ერქვა. ზვიადი ღელავდა და ამ ღელვის, გულის სიღმეში, რცხვენოდა. რცხვენოდა, რადგან გულის სიღრმეში რუსეთის დაჩოქება ყველას ეწადა, ოღონდ ამას ღიად ვერავინ გამოხატავდა.

 

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც მას ისეთს ვეღარ აიტანს დედამიწა, როგორიც წარსულში იყო. ან უნდა შეიცვალოს ან აღიგავოს პირისაგან მიწისა და მხოლოდ მოგონებაღა დატოვოს. ქვეყნების შემთხვევაშიც ზუსტად ეგრე იყო, როგორც ზემოთ ადამიანებზე აღვნიშნე. მაგრამ რა ელოდებოდა ამ უშველებელ იმპერიას გარდაქმნა თუ გაქრობა, გაქრობა თუ გარდაქმნა? მონღოლებიც ხომ იყვნენ ბატონ–პატრონნი ყველაფრის, რუსეთზე იბატონეს 300 წელი, მაგრამ დიდი ჩინგიზ ხანის შემდეგ ერთი ხელის მოსმით დაანგრიეს თავიანთი იმპერია თვითონ მონღოლებმა. ნუთუ ასე თავისი ხელით ანგრევდნენ რუსები რუსეთს? ვისთან წასულიყო ზვიადი, თავადებთან მისულიყო და რუსეთის მდგომარეობით გამოწვეული მათი სიხარული გაეზიარებინა? თუ განსაცდელში მყოფ მეგობართან ჩასულიყო მოსკოვში და მხარში დგომა ეგრძნობინებინა? მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა, სახუროვს მაინც ვერაფრით უშველიდა, სახუროვის საქმე იმარხებოდა ნიკოლოზ II რომანოვთან ერთად. სახუროვს ერთხელ არ მიუტოვებია განსაცდელში მყოფი ქსნელი თავადი და ზვიადის თანადგომას ნამდვილად იმსახურებდა. მაგრამ, რისთვის ჩასულიყო გურჯინთახი რუსეთში? ვერაფერში გამოადგებოდა განსაცდელში მყოფ მეგობარს და სამშობლოში მოღალატის სახელს დაიმკვიდრებდა ტყუილა უბრალოდ.

 

იქნებ, მასთან ერთად გადაყოლოდა რუსეთის ნგრევას და მასთან ერთად ტყვიაც ეგემა გულმკერდში? არადა რის გამო მომკვდარიყო, იმ რუსეთის გამო, რომელმაც თავადობა, მიწა და სამშობლო წაართვა? არა, ეს უკვე მეტისმეტი იყო, თავადებთან უნდა წასულიყო და რუსეთის დაჩოქების სადღეგრძელო ეთქვა ჯიხვის რქით და ჟანგისფერი “რქაწითელით”. ჩანთას ეცა ზვიადი და თბილი ტანისამოსის ჩალაგებას შეუდგა, თუმცა ჩანთა რაში სჭირდებოდა, როდესაც ამილახვრებთან სულ რაღაც თხუთმეტი წუთი იყო ფეხით სავალი. დაბნეული იყო გურჯინთახი, თითქოს რევოლუცია მის გულში ტრიელებდა და გული მისგან შველას ითხოვდა. სახლში არავინ იყო მოსამსახურეების გარდა, ყველა სადღაც წასულიყო, თითქოს სპეციალურად დაეტოვებინათ ვზიადი მარტო, რომ მხოლოდ თვითონ გადაეწყვიტა თავისი გასაკეთებელი. ბოლოს კაბინეტში შევიდა ზვიადი, აგიზგიზებულ ბუხართან დაჯდა ბზის სკამზე და თავი ხელებში ჩარგო. სახუროვის განწირულ სახეს ხედავდა, მერე მის ცრემლიან თვალებს, მუშების მიერ გადამწვარ მოსკოვს, თავის დედოფლიან შვილებიანად დახვრეტილ ნიკოლოზ II-ს და დანგრეულ სასახლეს. ცეცხლი, როგორც ყოველთვის, ამაყად გიზგიზებდა ბუხარში, თითქოს ზვიადის აღელვებას ცინიკურად უყურებსო, მერე მაღლა აიწია და სულ ზევით გაშალა თავისი ცხელი ხელები.

 

ბუხარი დუმდა, დუმდა მთელი სახლი, მაგრამ ცეცხლი თითქოს რაღაცას ეძახდა ან კარნახობდა. ბოლოს გიჟივით წამოხტა ზვიადი, ჩანთა აიღო “კოლტის” რევოლვერი ქამარში გაირჭო და თავლისკენ გაქანდა. ცხენებიც თითქოს ელოდებოდნენო, ყველას დაჭყეტილი ჰქონდა თვალები. თუშურა გამოიყვანა გურჯინთახმა და თბილისისკენ გაჰქუსლა. გზაში ისე ციოდა, ცხენი სულ მთლად ცახცახებდა იყო, მაგრამ აქ სიცივე უკვე არაფერს ნიშნავდა, მეგობარს უჭირდა და ისიც თავგანწირვით ურტყამდა ქუსლებს ფერდებ-შეციებულ ყვითელ თუშურას.

 

 ლაშარმა რომ თავის საყვარელ ცხენს ვერ მიაგნო თავლაში, მირზას დაუძახა.

 

– სად არის ჩემი ცხენი, მირზა ბატონო? – მირზას კინაღამ გული გაუსკდა, არაფერი იცოდა და რა ეპასუხა შეწუხებული ბატონისთვის.

 

– არ ვიცი, ბატონო, – ისე ჩუმად უპასუხა, ლაშარმა კი არა, თვითონ ძლივს გაიგო თავის ნათქვამი.

 

– გისმენ მოურავო, პასუხს ველოდები, – არ ცხრებოდა ლაშარი, თან ნელი ნაბიჯით მირზას წრეს არტყამდა, თითქოს მგელმა ნადავლი მოიგდო და შეჭმას უპირებსო.

 

– არ ვიცი ბატონო! – უკვე ხმამაღლა შესძახა მოურავმა.

 

 სილას ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა ბოზი ბებიის პატრონი და მოურავთა ყოჩი, რომ არა თინათინის განწირული შეძახილი.

 

– ზვიად! ზვიად!

 

– რა მოხდა დედა? – გამოეპასუხა დედის უჩვეულო ხმას ანერვიულებული ლაშარი.

 

– ზვიადი რუსეთში წავიდა! – დაუყვირა თინათინმა და იქვე, პირველი სართულის ხის ვერანდაზე გულწასული დაეცა.

 

 მერე ყველაფერი თავისით მოხდა, ყველა დამშვიდდა, ყოველ შემთხვევაში ოდნავ მაინც დაცხრა. თბილისის სადგურიდან წერილი მოვიდა “უვიზიტე ვაშუ ლოშად”. თუშურას ბედი კი გაირკვა, მაგრამ ზვიადს რა ბედი ეწია არავინ იცოდა, და სანამ რუსეთიდან მისი ხელით დაწერილი წერილი არ მოვიდოდა, ვერც ვერავინ ვერაფერს შეიტყობდა.

 

 

 

მ ო ს კ ო ვ ი

 

  თებერვალი – გადარეული, გადამწვარი, გადამკვდარი ქალაქი. ქალების კივილი, კაცების ყვირილი, კაცების ხავილი, ჩახერგილი გზები, დამწვარი დროშები, შეშინებული სახლები, თმაგაწეწილი მოხუცები ბავშვებით ხელში. საოცარია, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, არეულობა მაინც არ სუფევდა.

 

არეულობის დროს, არავინ იცის ვინ ვისკენ არის, აქ კი ყველა ერთის წინააღმდეგ იყო, იყო ხალხი და მეფე, და არა მეფე და ხალხი, მხოლოდ ხალხი და ნიკოლოზ II რომანოვი.

 

 სახუროვის სასახლეს, უფრო სწორედ მის კაბინეტს ხალხი ქვებს უშენდა. ფანჯრიდან არავის გამოუხედავს და ეს იმედს აძლევდა ბრბოში შევარდნილ ზვიადს, რომ სახუროვი უკვე სამშვიდობოს იყო გასული. ალბათ, ამ გადარეულ ხალხში ერთადერთი კაცი იყო, ვისაც მეფის გენერლის ბედი აწუხებდა, უფრო დაზუსტებით ტანჯავდა და გულს უხეთქავდა. ბატონყმობის გაუქმებას ისე არ მოუკლავს ზვიადისთვის გული, როგორც ეს გაუგებრობა და ხალხის ღრიალი. ბატონყმობას მის დაბადებამდე მოუღეს ბოლო 1864-ში, რასაც ზვიადი ყოველთვის განიცდიდა, მაგრამ ეს სულ სხვა გულისცემა იყო, რომელიც მეგობრის დაკარგვის შიშით იყო გამოწვეული.

 

სასახლის კარებს მაინც ვერ შეავლო თვალი, მერე ხალხის გადარეულ ტალღას აჰყვა, შეშლილი სახეები გაიარა, გამურული მოხუცები, შეშინებული ქერა რუსის ლამაზი ბავშვები, ქუჩის ძაღლები და ბოლოს, როგორც იქნა კარამდე მიაღწია. ამდენი ადამიანი იყო გარშემო და რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ყველას ერთნაირად შეშლილი სახე ქონდა. თითქოს ერთ ვეება ადამიანად გადაქცეულიყო გააფთრებული ბრბო. ცამ დაიქუხა, ალბათ ღმერთიც გაოგნებული დარჩებოდა ამ სანახაობით, მაგრამ მათთან ღმერთი არ იყო, აქ სრული უღმერთობა სუფევდა. უცებ იარაღიანი ხალხი გამოჩნდა პირველ რიგებში. ერთ-ერთი ზვიადს მიუბრუნდა და უყვირა “пошол отсюда, сука”, თან იარაღს მუცელზე აბჯენდა და შუშის თვალებით უყურებდა. ზვიადის ზიზღის ან მტრობის გამო კი არ აკეთებდა ამას, უბრალოდ, რევოლუცია იყო და იარაღიანი ხალხი ბატონობდა ქუჩებში.

 

ზვიადმა გაოფლიანებულ რუსს თვალებში ჩახედა, და ოდნავ უკან დაიხია, მაგრამ შიშის გამო არა, სწორედ მაშინ გაისმა საზარელი ხმა, ისევ ველური და არაადამიანური. ვიღაცეები ხელებშეკრულ გენერალ სახუროვს ბრბოში მოათრევდნენ, თან ხალხს ეუბნებოდნენ ახლავე ნახავთ ამის აქვითინებულ სიფათსო. ხალხმა თითქოს რაღაც ღვთიური ძალა იგრძნო, ისეთი სიჩუმე დადგა, გეგონებოდა ვინმეს საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი ჩამოწვაო. მერე ხალხი ისევ შეჯგუფდა, ისევ აღრიალდა, აფორიაქდა, აფეთქდა და ისევ აღელვებულ ზღვას დაემსგავსა. “убить его” არ წყდებოდა ეს გამგმირავი სიტყვები ადამიანების ზღვაში და ზვიადი თვალცრემლიანი უყურებდა განწირულ ერთგულ მეგობარს. ორი არჩევანი ჰქონდა, ან მეგობართან მივარდნილიყო და საფლავში გაყოლოდა, ან გარინდული მდგარიყო და მხდალივით ეყურებინა მეგობრის სიკვდილისთვის. მაგრამ მასთან სიმხდალე რა მოსატანი იყო, ეს ხომ ჩვეულებრივი, ბუნებრივი გრძნობა ფეთქავდა მის გულში, გრძნობა, რომელიც მეც და თქვენც განგვიცდია, და ალბათ ოდესმე კიდევ განვიცდით, რომლის განცდის გარეშეც დედამიწის ზურგზე სულდგმული არ არსებობს.

 

და რასაც შიში ქვია. ბევრჯერ ყოფილა გურჯინთახის გულში ეს უსიამოვნო გრძნობა, მაგრამ ადრე ამ გრძნობის გადალახვას აზრი ჰქონდა, ამიტომ ყოველთვის ამარცხებდა საზარელ გრძნობას. მაგრამ ახლა რის გამო მომკდარიყო, რუსეთის მთავრობის გამო და «შპიონის» და გამყიდველის სახელიც გაეყოლა საფლავში? არა, ამდენი ხანი ამისთვის არ უცხოვრია ზვიადს, რომ მოსკოვში რუსების გამო თავი გასწიროს, მაგრამ აქ ხომ მარტო რუსების და რუსეთის ამბავი არ იყო, აქ, მის თვალწინ მეგობარი იღუპებოდა. რისთვის გამოიარა ამხელა გზა? იმისთვის რომ ერთგულ ადამიანს გასაჭირში გვერდში დადგომოდა. ასე იყო ყველაფერი, და ახლა ვეღარაფერს ვერავინ ვეღარ შეცვლიდა, ვერც ზვიადი, ვერც მთელი ქვეყანა, მხოლოდ ღმერთი თუ იზამდა სასწაულს, ღმერთი კი არსად ჩანდა. ამ ფიქრებით ინუგეშებდა თავს თავადი გურჯინთახი, მაგრამ, ნუგეში გრძნობებს და განცდებს ბოლომდე ვერ ერეოდა. შიშის არ მცოდნე და ყოველთვის ვაჟკაცობის მაგალითი, დიდი გურჯინთახთა გვარისშვილი, ვერაფრით ბედავდა სახუროვთან მისვლას.

 

სახუროვი კი მუხლებდახვრეტილი გვერდულად ეგდო და სახე, სწორედ ზვიადი სადაც იდგა, იქეთ ქონდა მოშვერილი. და აქ, ზვიადს მისი თვალები შეეჩეხა, შეეჩეხა და გააშეშა, შიშმაც იმატა და კინაღამ მუხლები მოეკეცა გურჯინთახს. “ნუთუ მხედავს?” არ ასვენებდა ეს კითხვა “ნუთუ შველას მთხოვს?”, მაგრამ ამას ვერ ამოიკითხავდა სახუროვის თვალებში, რადგან თვალები წყლის იყო და შუშის. იარაღიანი ხალხი გარშემო ერტყა გენერალს და რაღაცას ერთხმად უყვიროდნენ, მაგრამ სიტყვების გარჩევა წარმოუდგენელი იყო, და აღარც ჰქონდა ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა, არც ზვიადისთვის, არც გენერლისთვის და არც რუსეთისთვის. და უცებ, ხელი მოკიდა ვიღაცამ მკლავში ზვიადს, მოიხედა ზვიადმა და მის გვერდზე ბაშე იდგა, სწორედ ის ბაშე, სახუროვმა რომ გამოატანა, როდესაც ბავშვის ავადმყოფობის თაობაზე იყო ჩასული რუსეთში.

 

– წამოდი ზვიად, ვეღარ ვუშველით! – ყვიროდა ბაშე და თან ზვიადს ექაჩებოდა, როგორც გაჯორებულ სახედარს ცივ მდინარეში.

 

– არა! ვერ წამოვალ! – იღრიალა ზვიადმა. ისე, და იმხელა ხმაზე, ბაშეს შეეშინდა, ვინმემ არ გაგვიგოსო და ხალხს მოავლო თვალი, მაგრამ ხალხს აქ ბაშესათვის და ზვიადისთვის არარ ეცალა. ხალხი ერთ დევკაცად გადაქცეულიყო, ერთ ბუმბერაზ ადამიანად, რომელიც ბრდღვინავდა, გრგვინავდა და რომელსაც სისხლი სწყუროდა.

 

უცებ, ზვიადი ბაშეს პირდაპირ მუხლებზე დაემხო და ჩვილი ბავშვივით აქვითინდა. გასაკვირია, მაგრამ ტაჯიკ ებრაელს არ გაჰკვირვებია, იდგა გახევებული, ზვიადს, როგორც პატარა ბავშვს თავზე ხელს უსმევდა და მხოლოდ ზვიადის გასაგონად ჩურჩულებდა.

– წამოდი, ბატონო, ჩვენ ვერაფერს ვეღარ შევცვლით. მოსახდენი მოხდა და აღარასდროს დაიწყება თავიდან, წამოდი, წავიდეთ.

 

– არა, არ შემიძლია, – ჩუმად ლუღლუღებდა ზვიადი და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ღაწვებზე, – არ შემიძლია, არა! – უცებ, ძალა იგრძნო მუხლებში, წამოდგა და თვალი გაუსწორა წაქცეულ და განწირულ მეგობარს. სახუროვი, სიკვდილს შეგუებული, გუგებგაფართოებული იწვა, სახე ისევ ზვიადისკენ ჰქონდა მიმართულეი. მერე საოცრება მოხდა, სახუროვი გახვრეტილ მუხლებზე დადგა, ჯერ ერთზე, მერე მეორეზე, მერე საერთოდ ადგა და მხრებში გაიშალა. ხალხი პირდაღებული უყურებდა ამ უჩვეულო სანახაობას. ზვიადიც გაყინული მზერით მიშტერებოდა გენერალს, მაგრამ დამთავრებული იყო ყველაფერი.

 

ეს, მხოლოდ გაყინული მზერა იყო და მეტი არაფერი. გადაწყვეტილი იყო, ზვიადი გენერალთან ვერ მივიდოდა, ვერ ჩაჰყვებოდა საფლავში და ვერ გაიზიარებდა მასთან ერთად სიკვდილს და მიწას. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც გურჯინთახმა შიშს ვერ აჯობა და შიშმა ბოლომდე ჩაიხუტა მისი ზურგიც, ფილტვებიც და გულიც.

 

“არა აქვს აზრი”, ჩურჩულებდა თავადი, “არა აქვს”. ბოლოს ვიღაც გრძელთმიანი უზბეკურ – ყაზახური გარეგნობის ახალგაზრდა გამოეყო ბრბოს, მას ქერა, არყით აქოთებული უკრაინელი მოჰყვა, უკრაინელს სამი, ერთი სიმაღლის რუსი, იმდენად ერთი ზომისა იყვნენ, ერთი ცომისგან მოზელილი სათამაშო ჯარისკაცები გეგონებოდნენ და ბოლოს, ვიღაც შავგვრემანი ბიჭი შეემატა ამ ადამიანებს. ყველას რევოლვერები ეჭირათ ხელში და ყველა მხრებში გამართულ სახუროვს უმიზნებდა.

 

– დაიჩოქე, ძაღლო! – გაისმა უცებ ქართული ბრძანება და ზვიადმა კარგად ვერ გაარჩია, მაგრამ მგონი იმ შავგვრემანი ბიჭის პირიდან ამოდიოდა ეს სიტყვები.

 

– Не понимаем по грузински, по русский говори, – მიმართა ერთ–ერთმა, ცომისგან მოზელილს რომ გავდა, შავგვრემანს, მაგრამ უკვე გვიანი იყო რუსულად მიმართვა, ტყვია გავარდა შავგვრემანის იარაღიდან და მხრებში გამართულ გენერალ სახუროვს შუბლში მოხვდა და ადგილიდან მოწყვიტა, სიმაღლიდან გადმოგდებული მძიმე ტვირთივით.

 

დახვრიტეს გენერალი სახუროვი, რუსეთის იმპერიის უანგარო მსახური, ნიკოლოზ რომანოვის იმედი და ზვიად გურჯინთახის ერთგული მეგობარი. დახვრიტეს, მაგრამ ყოფილი იმპერიის მსახური არც მუხლებზე დამდგარა, არც წარბი შეუხრია სიკვდილის წინაშე. ისე მოკვდა, როგორიც მუდამ იყო, სევდიანი, ჭაღარაშერეული თმით და ლამაზი თვალებით. ზვიადი გაქვავებული უყურებდა შავგვრემანი ქართველის სახეს, რომელმაც ორი წამის წინ გული ჩაუკლა და უახლოესი ადამიანი სიცოცხლეს გამოუსალმა. რაღა ქართველმა ჩაუკლა და ჩაუთუთქა იმედი და სული, რაღა თავისი ძირძველი მიწის შვილი იყო მთავარ როლში, რაღა მაინც და მაინც მან გამოკრა პირველმა სასხლეტს ხელი.

 

 ხალხი თითქოს ცოტა დაწყნარდა, დაიოკა ადამიანის სისხლის წყურვილი და ახლა ახალ ნადავლს ელოდა. წითელი დროშების ფრიალი და წითელი სისხლი მთელ მოსკოვს და რუსეთს წითელ პერანგს აცმევდა. გენერალის სხეული რამდენიმე კაცმა ხელში აიღო და სადღაც შორს წაიღო, თითქოს წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით მიჰყავთო.

 

საპატივსაცემი დაკრძალვა რომ არ ელოდებოდა სახუროვს ეს გარდაუვალი იყო. ზვიადი და მკითხავი ბაშე გაქვავებულები იდგნენ მოსკოვის წითელ სხეულზე. მერე ხალხის ნაკადი, ისევ ერთ ადამიანად, გაცეცხლებული ვეფხვივით დაიძრა და ტარაკანებივით შეესია და მოედო მთელ მოსკოვს. ზვიადი და ბაშე კი ისევ გაძეგლებულები იდგნენ და აუტანელ ჰაერს და სიცოცხლეს იტანდნენ.

 

– წავიდეთ, ახლა მაინც წავიდეთ, – შენიშვნის ტონით უთხრა ბაშემ ზვიადს და ისე წავიდა, არც დალოდებია.

 

– მოიცა! – უცებ დაიგმინა გურჯინთახმა. მას ის შავგვრემანი სახუროვის ქართველი მკვლელი შეეჩეხა თვალებში. შავგვრემანი ბიჭი შუა ტანის იქნებოდა და ისე მოუყვებოდა ქუჩას, ისეთი სილაღით, გეგონებოდა ხუთი წუთის წინ კაცი კი არ მოეკლა, არამედ შეყვარებულისთვის ყვავილები მიერთმია. გვერდზე ვიღაც მოხუცი კაცი მოჰყვებოდა, მაგრამ არა ჭაღარა, არამედ წაბლისფერთმიანი და რაღაცას უხსნიდა, სულით–ხორცამდე როლში იყო შეჭრილი.

 

ესეც გულმოდგინედ უსმენდა და შიგადაშიგ ღიმილნარევი სახით თავს უქნევდა თანამგზავრს. ორივე დიდი შენობის კედელს მიეფარნენ. ზვიადმა “კოლტის” რევოლვერი ამოიღო და მათ კვალს გაჰყვა, პატრონს მიყვა ბაშეც, მოხრილი, ზურგის თრევით. უცებ, შავგვრემანიც და მოხუციც შეჩერდნენ, მერე ერთმანეთს გულითადი მეგობრებივით და სიცილით გადაეხვივნენ. მოხუცი სადღაც გაუჩინარდა. ახალგაზრდა დიდხანს იდგა გაუნძრევლად და მიწას დაშტერებოდა. ზვიადი და ბაშე იქვე იდგნენ, ოც მეტრში.

 

ისეთი უკაცრიელი ქუჩა იყო, მხოლოდ სამი კაცი იდგა გაწითლებულ ასფალტზე – შავგვრემანი ქართველი, ზვიად გურჯინთახი და ტაჯიკი ებრაელი, ბაშე. საოცარი იყო, მაგრამ ამ ბობოქრობაში და აურზაურში ეს სამი კაციღა დარჩენილიყო, თითქოს მათ უნდა ეთქვათ საბოლოო სიტყვა რევოლუციისათვის. რევოლუციას კი ფესვები გაედგა, ხელები გაეშალა, ცაში აფრენილიყო და თავის საბოლოო ნადავლს ქორივით დასტრიალებდა. სად იყო მეფე, იმ დიდი იმპერიის ყოვლისშემძლე ხელმწიფე, რომელსაც ერთი ხელის მოსმით ერების განადგურება შეეძლო. ასეა ყოველთვის, რევოლუციამ მიპარვა იცის ჩუმად, უხმაუროდ, როგორც დათვი ეპარება მონადირეებს, და მერე იფეთქებს კრატერიდან, როგორც უშველებელი ცეცხლის მდინარე, რომელიც გზაზე ყველაფერს წვავს და ანადგურებს. ასე იფეთქა რუსეთშიც რევოლუციამ 1917 წელს, და არ შეშინებია არც იმპერიის, არც რუსეთის მეფის და არც გულადი გენერალი სახუროვის. მეფეც, გენერალიც და იმპერიაც თავად იყო და მას აღარც ღმერთის ესმოდა, აღარც პატარა ბავშვის ტირილის, აღარც ლამაზი ქალიშვილის ვედრების.

 

მეფეც და მისი ოჯახიც, ემიგრაციიდან დაბრუნებული ლენინის დიდი დამსახურებითა და აქტიურობით დახვრიტეს. ყველაფერი მორჩა.

 

 ყველაფერი მორჩა, მაგრამ ზვიადის გულში ყველაფერი ახლა იწყებოდა. ცოტა ხანიც უყურა ჩაფიქრებულ და ასფალტმიშტერებულ ახალგაზრდა ქართველს, თან რევოლვერს მანტოს სახელურში მალავდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და შესძახა.

 

– ჰეი! მეგობარო! – უცნობმა ქართული ხმა რომ გაიგო, გაკვირვებით მიაშტერდა ზვიადს, რადგან სხვა, ბაშეს გარდა არავინ იყო ქუჩაში.

 

– ქართველი? – ეს კითხვაღა მოასწრო უცნობმა და ზვიადმა მაშინვე შეაგება.

 

– ჰო, ქართველი! – და ზუსტად ისე გაუხვრიტა შუბლი და ზუსტად ისე დააგდო მძიმე ტვირთივით ასფალტზე, როგორც ცოტა ხნის წინ თვითონ გამოასალმა გენერალი სიცოცხლეს. აი ახლა კი ყველაფერი მორჩა.

 

– წავედით, ზვიად!

 

– წავედით, – მორჩილად უპასუხა გულდაჯერებულმა თავადმა. ირგვლივ კვლავ კაციშვილის ჭაჭანება არ ისმოდა.

 

 მოსკოვიდან სოჭში, სოჭიდან სოხუმში, სოხუმიდან თბილისში... მატარებელი გაჩერდა. გაჩერდა დროც ზვიადის თვალებში. მთელი ამხელა გზის მანძილზე მხოლოდ სახუროვის სახე ედგა თვალწინ, როცა საქართველოში მსახურობდა, როგორ შემდეგ ეგდო განწირული, დასაკლავი ცხვარივით, ბრბოში, შემდეგ მხრებგაშლილი და ამაყი სახუროვის სახე, რომელიც ტყვიას ელოდა და ბოლოს, შუბლგახვრეტილის.

 სახუროვიც და გურჯინთახიც, ორივე სამოცდაათისანი იყვნენ, შეიძლება მეშლება და სახუროვი სამოცდაცხრის. ზაფხული იყო. ყველა სადღაც გაურბოდა სიცხეს, რომელიც უკვე აუტანელს ხდიდა ქალაქში გაჩერებას. ბატონყმობასაც ბოლო ჰქონდა მოღებული და ქართველი გაღარიბებული თავადების მამულებს სომეხი ბურჟუები ყიდულობდნენ. მაგრამ მიუხედავად რუსებისგან წამოსული ამ ვერაგი ხრიკისა, ჯაფარ გურჯინთახი, არ ვიცი ნაცნობობის, თუ რის ხარჯზე, მიწას ინარჩუნებდა და მოჯამაგირეებსაც აუდიოდა.

 

1885 წელი იქნებოდა, როდესაც ზვიადი სამუშაოდ ბათუმის პორტში რამდენიმე წლით გაუშვა.

 

ხაზვაც ეხერხებოდა ზვიადს და ნიჭიც დიდად მოზღვავებული ჰქონდა, არა როგორც მოცარტს, კანტს და ჰაინეს, მაგრამ თავის სამყოფი მაინც გააჩნდა. ბათუმში ჩამოსვლიდან რამოდენიმე დღეში პორტის ფულების ამკრეფი გამოცხადდა დირექციაში. პორტის ფულების ამკრეფს იმას ეძახდნენ, ვისაც დირექცია ყველთვიურად ფულს უხდიდა, ანუ მთავრობის პირი.

 

– მოკლედ, მზად არის? – ცალი თვალი მოჭუტა მთავრობის პირმა და მარჯვენა ხელით დირექტორის კაბინეტის მაგიდას დაეყრდნო, ისე დაელოდა პასუხს.

 

– ჩამოვიდნენ? – ნაძალადევი ღიმილით იკითხა დირექტორმა.

 

– ვაა! – შეიცხადა მთავრობის პირმა, თან ყველას გახედა, ვინც ოთახში იჯდა, – ჩამოვიდნენ კი არა, ორი დღეა აქ არიან. თან ათი კაცია, ძმაო–ჯან, ათი! გემი მზად არის – მეთქი? – ცოტა არ იყოს სიბრაზე შეერია ხმაში.

 

– კი, გენაცვალე, – გაღიზიანება რომ შეატყო თანამდებობის პირს დირექტორმა, პასუხი უცბად მიახალა.

 

– კარგია, კარგი! – შესძახა მთავრობის გამოგზავნილმა ფულების ამკრეფმა და სიხარულით აცუნდრეუკებულმა დატოვა დირექტორის კაბინეტი.

 

 მეორე დღეს რუსი ახალგაზრდები მოვიდნენ, ზღვაში გასვლის გეგმა უნდა განეხორციელებინათ. ოღონდ გეგმა არც მეკობრეების დევნას გულისხმობდა, არც ინგლისის ფლოტის ჩაძირვას, არც ზღვაში მტერთან შებმას, უბრალოდ, თევზაობა მოუნდათ ცოტა, სოფლის ჭაჭაჩარტყმულ რუს ახალგაზრდებს. ამ მოთხოვნას როგორ არ შეუსრულებდნენ სტუმრებს და სწორედ ამის შესრულება, ზემოთ აღნიშნულ ფულების ამკრეფს დაევალა. ვინ და როგორ დაავალა ეგ უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, დავალება მიცემული იყო და უნდა შესრულებულიყო.

 

ეს ათი ახალგაზრდა ისე ბანცალებდა, საკითხავი იყო მათი ზღვაში გემით გასვლისას, ისინი დაიჭერდნენ თევზს თუ თევზი დაიჭერდა მათ.

 

– Ей ты, грузин, иди суда! – უცებ შესძახა იმ ათიდან ერთერთმა, ორივე ხელის პირველი ორი თითი პირში ჩაიდო და ზვიად გურჯინთახს ისე დაუსტვინა. ზვიადს მუშის ფორმა ეცვა და გემზე, რომელიც ცოტა მოშორებით იდგა, რაღაცას აკეთებდა. არც შეუნიშნავს რუსი, გალეშილი სტუმრები.

 

– Ей, не слышешь меня, ты юнга или чорт знает кто, тебя зовут . . . Ей, матрос, чорт . .. – ხმას აუწია რუსმა.

 

– მე მეძახი? – ისე გაუკვირდა გურჯინთახს, დაბნეულობისგან ქართულად ჰკითხა.

 

– Да, тебя, кого еще, – გაუმეორა რუსმა.

 

 ზვიადი გემიდან ჩამოვიდა, ნელი ნაბიჯით წავიდა ჯარისკაცების მიმართულებით, ბოლოს ნაბიჯს უმატა და ათი მეტრი რომ აშორებდა რუსებს, შურდულივით მოწყდა და ისეთი შემოარტყა თავხედ ახალგაზრდას, ხმას, ალბათ «ვადალაზები» რომ ყოფილიყვნენ, ისინიც გაიგებდნენ ზღვის სიღრმეში. მერე, როგორც ზღაპრებში და მითებში ხდება, ათ კაცს რომ ერთი ერევა, ამ შემთხვევაში ეგრე ნამდვილად არ მომხდარა და ჩვენი თავადი პორტის დირექტორის სახლში ყბა აკრული და თვალებჩალურჯებული ერთი კვირა იწვა. არაფერს არ აკლებდა შეშინებული დირექტორი, ცოლს შეუღრენდა ხოლმე.

 

– არაფერი მოაკლო ქალო, თორემ მამამისის თავი არ მაქვს, ხომ ვიცი არაფერი არ დამიფასდება და ყველაფერს მე დამაბრალებენ, – ცოლი შეხედავდა გაკვირვებით, მერე სინანულით გაიქნევდა თავს და ჩაიბურტყუნებდა თავისთვის, ისე რომ ქმარს არ გაეგო.

 

– ჩემი ბალღები არ მაკლდნენ, ახლა ვიღაც თავადისშვილს უარე – მერე ქმარს შეხედავდა ღიმილით და წაელაქუცებოდა, – კი მოვუვლი, შენი ჭირიმე, აბა რას ვიზამ.

 

ბათუმის პორტის დირექტორს ვალტერ ჭყონია ერქვა. ყოველთვის თბილად ეპყრობოდა ახალგაზრდა გურჯინთახს. ზვიადსაც უყვარდა დირექტორი ვალტერი.

 

ჩასუქებულსა და ოდნავ მელოტს, სათნო გამოხედვა ჰქონდა. ცოლიც, ქმრის მსგავსად საყვარელი, თეძოებგანიერი ქალი იყო, უბრალოდ, როგორც სახლში მოფუსფუსე ქალებს სჩვევიათ, ცოტა ჯუჯღუნი უყვარდა, ოღონდ ისიც თავისთვის, არავის გასაგონად. მოკლედ, არც მალამო აკლდა თავად გურჯინთახს, არც კომპოტი და არც მაისის თაფლი. სახლშიც წერილებს გზავნიდა, ვმუშაობ და ვსწავლობ გემების შენებასო.

 

– Можно, у мена к вам мне дело?

 

– Ко мне? – ცოტა შეეშინდა პორტის დირექტორს, როდესაც სახლის კარებთან რუსი ჯარისკაცი ამოიცნო.

 

– Нет, не к вам, где гурчинтах?

 

– Здес, он у меня, – სახლში სწორედ ის ჯარისკაცი შემოვიდა, რომელიც ზვიადს თავხედურად ეძახდა პორტში და რომელმაც ალიყური მიიღო თავადისგან.

 

 ზვიადის წინაშე წარსდგა გამხდარსახიანი, ღია ფერის, საშუალო ტანის ახალგაზრდა ჯარისკაცი.

 

– Прими мои извинения, брат, если можешь – თავაწეულმა უთხრა ზვიადს და ბოდიშს კი იხდიდა, მაგრამ მაინც ამაყად გაუწოდა ხელი. ზვიადი ლოგინიდან ნელა წამოდგა, ხალათი მოიცვა, ჯარისკაცს გაუსწორდა და მთელი ძალით გასცხო სილა, მერე ხალათის გახდა დააპირა ისევ ლოგინში ჩასაწოლად. ჯარისკაცი არ განძრეულა, ზვიადი ერთ წამს შეჩერდა, მერე ოთახიდან გავიდა მეორე ოთახში, სველი ტილო შემოიტანა და ცხვირიდან სისხლწამსკდარ, მოსანანიებლად მოსულ რუს ჯარისკაცს მიაწოდა.

 

– Прощяю, брат. – თვალი თვალში გაუყარა და ისე უთხრა გაქვავებულ რუსს. და ეს რუსი მომავალი გენერალი სახუროვი იყო.

 

მას შემდეგ დიდი მეგობრები გახდნენ სახუროვი და გურჯინთახი. სახუროვი თბილისში მსახურობდა, მაგრამ წერილებს მუდამ წერდნენ ერთმანეთს, ხან თბილისიდან ბათუმში, ხან ბათუმიდან თბილისში, ხან ქსნიდან თბილისში, ხან ქსნიდან მოსკოვში ან პეტერბურგში და ასე გრძელდებოდა იმ მომენტამდე, სანამ ვიღაც შავგვრემანმა ახალგაზრდა ქართველმა გენერალს შუბლი არ გაუხვრიტა ცხელი ტყვიით. ყვლაფერი თავდება ცხოვრებაში, მხოლოდ მოგონება შემორჩება, როგორც ყველა ფრინველისგან მიტოვებულ კლდეს ბებერი არწივი. მოგონება, რომელიც ხან გულს გიხარებს, ხან გიკლავს, ხან გალაღებს, ხან გტანჯავს, მთავარია ვინ როგორ მოიგონებს და ვის როგორ მოაგონდება განვლილი გზა და ცხოვრება. ზვიადსთვის არავის არაფერი უკითხავს სახლში, რადგან ბაშეს უკვე თინათინისთვის ყველაფერი მოყოლილი ჰქონდა, ზვიადის ჩადენილი სისხლის აღების გარდა, თინათინს ლაშარისთვის, ხოლო ლაშარს ჟოზეფინასათვის.

 

 ღამე დაბრუნდა ქსნის ხეობაში, ქარიანი და ცივი, როგორც მაღალი მთის  ანკარა წყარო. ჩამიჩუმი არ ისმოდა გარშემო, მხოლოდ ბეღურების ერთი ხიდან მეორეზე გადაფრენას თუ გაიგებდა კაცი, ისიც გარეთ უნდა ყოფილიყო ამ ყინვაში. ყველას და ყველაფერს ეძინა, თითქოს სამყარო გადაღლილიყო და ძალების მოსაკრებად ძილს მისცემოდა.

 

იმ ღამეს, მხოლოდ ზვიად გურჯინთახს არ ეძინა, მხოლოდ მისი გული ბორგავდა, როგორც მდინარეში გაჭედილი ხარებშებმული ურემი.

 რევოლუცია ამით არ სრულდებოდა, დროებით საბჭოს ლენინი უნდობლობას უცხადებდა.

 

ამიტომ, დაწყნარებული სახეებით არც საქართველოში დადიოდა ხალხი. საქართველოშიც, როგორც ყველგან, ადამიანებს შორის აზრი ორად იყო გაყოფილი. თავადების უმრავლესობა, უფრო სწორად, ყოფილი თავადების, გმობდა სოციალისტური რევოლუციის წამოწყებას და ვიღაც რუს ებრაელს თუ სატანის მოციქულ ლენინს, უნდობლობას უცხადებდნენ. გურჯინთახიც, მთელი მისი ოჯახით, გმობდა ბოლშევიკების წინ წაწევას. ჟოზეფინა და ლაშარიც წამოზრდილიყვნენ და მამას მხარში ედგნენ. დიდი მხარში დგომა არც სჭირდებოდა ზვიადს, მაგრამ დიდგვაროვანთა შეკრებებზე მამას ლაშარი ყოველთვის გვერდში ჰყავდა.

 

ოქტომბერში მდგომარეობამ პიკს მიაღწია, უკვე გადაწყვეტილი იყო, ბოლშევიკები “ზამთრის სასახლეს” თავს უნდა დასხმოდნენ და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ ვეღარ შეცვლიდა. 25 ოქტომბერს ბოლშევიკური რაზმები სასახლეში შეიჭრნენ და ძალაუფლება მათ ხელში სრული ბატონ–პატრონობით გადავიდა. რუსეთის მთავრობის მეთაური ლენინი გახდა, ვიღაც ემიგრაციიდან ჩამოსული, ჯუჯა, მოტვლეპილი კაცი, რომელიც უნიკალურ ნიჭს ავლენდა ხალხის დაგიპნოზება–მართვის ამბავში.

 

– ხომ ვიძახდი, ეს კაცი ძლიერი ფესვების არის თქო! – ნიშნის მოგებით ეუბნებოდა ბაშე ზვიადს.

 

 თბილისში ანარქია იყო, ვინ ვის აგინებდა და ლანძღავდა ღმერთმა იცოდა. ამას, ისიც დაემატა, რომ ბოლშევიკებს ნიკოლოზ II–ის გადარჩენილი გენერლები აუჯანყდნენ და იქ ცალკე ხოცვა–ჟლეტა და გნიასი იყო. ბოლოს თბილისში “ამიერკავკასიის კომისარიატი” დააარსეს და შიგ ანტი ბოლშევიკი და ბოლშევიკების მგმობი ხალხი შედიოდა ძირითადად. ახლა ბოლშევიკები საქართველოშიც და რუსეთშიც, უფრო სწორად, რუსეთიდან მასებს მოუწოდებდნენ, ეგ არარევოლუციონერული კომისარიატი არ სცნოთო. ხალხი ქაოსმა მოიცვა და მიექანებოდა ჩვენი ქვეყანა, ოღონდ სად, კაცმა არ იცოდა.

 

დიდი სისწრაფე კი ქონდა აღებული, რაც ნათელი იყო ყველასთვის. ზვიადს დეპუტატობას სთავაზობდნენ თავადიშვილები, სულ იმას ეუბნებოდნენ, შანსი გაქვს, რაღაცა მაინც გააკეთო რუსების წინააღმდეგო. რა უნდა ექნა ზვიადს რუსებისთვის, ძნელი წარმოსადგენი იყო, ნაპოლეონმა და მერე ჰიტლერმა მთელი მსოფლიოს დახმარებით ვერ მოუხერხეს ვერაფერი.

 

ბოლოს მაინც დაითანხმეს და ზვიად გურჯინთახი “ამიერკავკასიის კომისარიატის” დეპუტატი გახდა. სანდრო ამილახვარი აქტიურობდა მის დარწმუნებაში და რადგან სანდროს, როგორც მეზობელს და ბავშვობის მეგობარს, ენდობოდა და ყველაფერს უყვებოდა. ზვიადი, ბოლოს და ბოლოს დათანხმდა. საერთოდ ზვიადს მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ, მითუმეტეს თავადიშვილები.

 

ჯერ ბარნაბაშვილის უეცარი სიკვდილიო მის სახლში, მერე “უჩასტოკ”-ში დაბარებაო, მერე ხომ სულ დაეჭვდნენ, რევოლუციის დროს რომ გაუჩინარდა და თავადიშვილების გვერდში არ იდგა. მხოლოდ სანდრო ამილახვარმა იცოდა რუსეთში ყოფნაც და მკვლელობაც რა მიზეზით ჰქონდა ჩადენილი ბატონ გურჯინთახს, მაგრამ, როგორც ერთგული მეგობარი, არავის არაფერს უმხელდა. აბობოქრება მაინც არ წყდებოდა არც საქართველოში, არც რუსეთში, აზერბაიჯანშიც იძაბებოდა მდგომარეობა. მერე, კომისარიატი დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა, თუ გადაკეთდა, მერე ამ კრების დეპუტატები თავიდან უნდა ავირჩიოთო.

 

– ყველაფერი მოგვარდება, ზვიად, აი ნახავ, – ამშვიდებდა სანდრო.

 

 მერე ისევ “ამიერკავკასიის კომიტეტი” აღდგესო და აღდგა კიდეც. მერე სამხედრო საბჭოსთან შეათანხმოსო ყველაფერი, რისი გაკეთებაც მოუნდებაო, მერე დეპუტატების შემადგენლობით “ამიერკავკასიის სეიმი” ჩამოვაყალიბოთო და ასე, იყო ერთი გადარბენა და გაუგებრობა ქვეყანაში. გურჯინთახი ვერაფერში გარკვეულიყო, ერთ რამეში კი თავიდან ბოლომდე დარწმუნებული იყო – ამ ქვეყნისთვის უძგერდა გული და სეიმებს და კომიტეტებს მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

 

აბა, რატომ ხდებოდა დეპუტატი, თუ დანარჩენს აზრი არ ჰქონდა მისთვის? იმიტომ, რომ სანდროს მიჰყვებოდა და მეგობრის ლაპარაკიც და დარწმუნებაც მის ტვინში ისე ილექებოდა, დააჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში თვითონაც შეიტანდა წვლილს. აი, ამის გულისთვის ხდებოდა “სეიმის” დეპუტატი, მეტი სხვა არაფრისთვის.

 

 თითქოს, თავიდან მართლდა გამართლდა სანდრო ამილახვრის მოლოდინი და ყველაფერი დალაგდა საქართველოს დედაქალაქში. ამიერკავკასია დამოუკიდებელ, ერთ სახელმწიფოდ ყალიბდებოდა. სანამ რუსეთში ბოლშევიკები და ცარიზმის ძველი მომხრეები ერთმანეთს ვენიდან სისხლს წოვდნენ, ამიერკავკასიაში ხალხმა ცოტა ამოისუნთქა. ზვიადიც დაესწრო შეკრებებს, როგორც დეპუტატი, მაგრამ ლაპარაკში არასდროს ჩარეულა.

 

– ისევ ტატყანი და სხვა არაფერი! – ჩუმად ფიქრობდა ზვიადი. ან დაღლილი, სახლში რომ მოვიდოდა, სტუმრად მოსულ სანდროს თუ გაუმხელდა ყველაფერს.

 

– რას იზამ, პარლამენტი მაგისთვის არსებობს, ჩემო ზვიად, რომ ხალხმა ილაპარაკოს, – სიცილით ეტყოდა სანდრო.

 

 ზვიადმა იცოდა, რომ პარლამენტი მართლა მაგისთვის იყო, მაგრამ რაღაც არ მოსწონდა, ეს, ვითომ კარგი მდგომარეობა. მერე, როგორც ქართველებს და საერთოდ, კავკასიელებს გვჩვევია, რაც გამოგვდის იმას ერთმანეთს არ შევარჩენთ, ან იშვიათად და უკიდურეს შემთხვევაში არ შეგვარჩენენ.

 

ალბათ, ეს მაინც ქართველების ხასიათზე მიუთითებს და არა მაინც და მაინც კავკასიელი ხალხის თვისებაზე. მოკლედ, ამჯერად თურქები გააქტიურდნენ და ჯარები დაძრეს, რა თქმა უნდა აჭარის მხრიდან თბილისის მიმართულებით. “ამიერკავკასიის სეიმის” წევრები ზავის დასადებად ტრაპზონში ჩაბრძანდნენ, მაგრამ უშედეგოდ, თურქებმა არცერთ მათგანს ყური არ ათხოვა. სხვათაშორის ზვიად გურჯინთახიც იქ იყო და ერთ საინტერესო თავგადასავლის მოქმედი გმირიც გამხდარა.

 

საქმე იმაში იყო, რომ, როდესაც მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და ორივე მხარე უკანა გზას უნდა დასდგომოდა, ერთმა თურქმა ახმახმა, ტავის ენაზე რაღაცა სიტყვა უთხრა ქართველებს. ზვიადი ყველაზე ახლოს იდგა თურქების მაგიდასთან და ისე ჩანდა, თითქოს ეს თურქი სწორედ გურჯინთახს მიმართავსო. ზვიადს ბაშე ახლდა მოლაპარაკებაზე და როგორც ისტორიკოსს, მაინც კითხა, იქნებ შენ მაინც გაიგე რამეო.

 

– რაო, რა სთქვა? – დინჯად დაუსვა კითხვა ტაჯიკ ებრაელს თავადმა.

 

– რაო და თქვენი ოხერი დედაც წამიქცევია ჩემი სხეულის ქვეშო, – სწრაფად გადაუთარგმნა ბაშე მკითხავმა. ეს იყო და, ისეთი მუშტი მიიღო თურქმა ზვიადისგან, მაგიდის ქვეშ შევარდა. ატყდა ერთი ამბავი. გაწევ–გამოწევა, ჰაერში სროლა, ქართულ – თურქული გინება და ბოლოს, როგორც იქნა, ქართველებმა თავის დაღწევა შეძლეს და სამშვიდობოზე გამოვიდნენ.

 

ამ სამწუხარო და უშედეგო შეხვედრის შემდეგ “ამიერკავკასიის სეიმმა” შეწყვიტა ფუნქციონირება და 1918 წლის 26 მაისს ოფიციალურად დაიშალა. ხოლო დაშლის მიზეზად აზრთა სხვადასხვაობა დასახელდა.

 

ზვიადს “ეროვნული საბჭოს” ლიდერმა ნოე რამიშვილმაც შესთავაზა საქართველოს რესპულიკის შექმნაში გვერდში დაგვიდექიო.

 

– ჯერ ამ სეიმს რა ვუთხარი და მერე აქ რა ტატყანიც ვნახე, ყველაფერ იმას.

 

როცა ქვეყანას გაუჭირდება, მე ვიცი როგორც დავუდგები ჩემს ერს, – ცოტა მკვახე პასუხი კი გამოუვიდა გურჯინთახს, მაგრამ იმ მომენტში გაცოფებულ ხარს გავდა და ნერვები ვეღარ მოთოკა.

 

ასე იყო, თუ ისე, საქართველომ ზვიადის გარეშეც გამოაცხადა დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს და ცოტა ხანში რამიშვილი მთავრობის თავჯმდომარის ადგილზე ნოე ჟირდანიამ შეცვალა. ასე გავხდით საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა.

 დრო თოვლში თუ ქსნის ამწვანებულ მთებში ერთნაირად გადიოდა. ისე გიჟივით აღარ გარბოდა, მაგრამ ნელი, უხმაურო ნაბიჯებით მაინც დიდ მანძილს გაივლიდა, თან ისე უდარდელად, უკანაც არ მოიხედავდა. მამა ზენონი ისევ დადიოდა თინათინთან ლოცვების წასაკითხად, თან ლაშართანაც მშვენიერი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ალბათ ლაშარის დაკაცების ბრალი იყო, ადრინდელი ცუდი ურთიერთობის კარგისკენ შემობრუნება. უმცროსი გურჯინთახი უკვე თვრამეტი წლის იყო, და ფიზიკურად, მართალია დიდი ცვლილება არ ეტყობოდა, მაგრამ გონიერების მხრივ წინსვლა საგრძნობლად ეტყობოდა.

 

დედისგან განსხვავებით, ლაშარს ქერა თმები და ღია თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ცხვირი დედის, გრძელი და სწორი, სიმაღლით მაღალი ბიჭი იყო, მაგრამ მაინც ცოტა უფრო პატარა შეხედულება ჰქონდა, ვიდრე მის თანატოლ გოგო–ბიჭებს. აღარც ხალხს აწვალებდა უადგილო და სასტიკი ხუმრობა–ლაზღანდარობით. სემინარიაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ფრიადებზე დაამთავრა, და ერთგვარად ბოლო მოუღო იმ მითს, რომ პატარა გურჯინთახი უქნარა, ცელქი და ხალხისთვის სისხლის გამშრობი ახალგაზრდა იზრდებოდა.

 

– რაო, ლაშარ, რას ჩაფიქრდი? – ჰკითხა მზრუნველი ხმით მამა ზენონმა, როდესაც მარანთან მარტო ჩამომჯდარი დაინახა.

 

– ოო! ჩემი აღმზრდელი, ჩემი მწყემსი, – მხიარულად შეიცხადა ლაშარმა მამაო, მერე უცებ სერიოზული სახე მიიღო, მუხლებზე დაემხო და ლალის თვალებით მოჭედილ ჯვარს ემთხვია, რომელიც, რაც მამა ზენონი ახსოვს, მუდამ მის კისერზე ეკიდა.

– როგორ ხარ შვილო?

 

– კარგად, მამაო ზენონ. მამაჩემი ახლა თავისუფალია, არც თბილისში დადის შეკრებებზე, არც ბათუმში, ის თავისუფალია როგორც მე, ამიტომ ერთად ვნადირობთ, მერე ამილახვრებთან ვქეიფობთ და ასე, მალე მეც უნდა მოვკიდო რამე საქმეს ხელი და ვიცი ყველაფერი კარგად გამომივა.

 

– ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ჩემო ლაშარ. ერთი ეგ მითხარი, შენი თუშურა ცხენი სად დაკარგე?

 

– ეჰ, მამაო, ცხენი კი არა, ჩვენ ვბერდებით, მომიკვდა ჩემი თუშურა.

 

– ეგ არ მოგსვლია კარგი ამბავი. ჟოზეფინაზე კი ვიცი, დაუმთავრებია გორში გიმნაზია და ალბათ გათხოვდება საცაა, – ჟოზეფინას ხსენებაზე ლაშარი ცოტა აიჭრა. ვერ ჰქონდა საქმე მთლად კარგად მის ერთი წლით უმცროს და საყვარელ დას.

 

იმ მოჩვენების შემდეგ, ნაპოლენი რომ მოელანდა და შემდეგ ფსიქიატრიულში რომ მოუწია ერთი კვირის გატარება, ცოტა აიშალა მისი ცხოვრება და ასე უმეგობრო და უამხანაგო დარჩენილიყო თექვსმეტ–ჩვიდმეტი წლის გოგო. გიმნაზიაც დიდი წვალებით და მშობლების დახმარებით დაამთავრა.

 

– ჰო, ჟოზეფინასაც არა უჭირს, – ცოტა შეყოვნების შემდეგ უპასუხა ლაშარმა.

 

– ვიღაც გოგოები ჩამოსულან ხევსურეთიდან. აქედან რომ ჩივაძეები ცხოვრობენ, იქიდან მეორე სახლში დამდგარან და ზაფხულს აქ გაატარებენო. წადი ნახე, იქნება საცოლეს გამოკრა ხელი, – სიცილით უთხრა ზენონმა და როცა დაინახა თინათინი სახლიდან გამოდიოდა, ლაშარს დაემშვიდობა.

 

 დაფიქრდა პატარა გურჯინთახი, იქნებ მართლა გამოვკრა რამეს ხელიო, მაგრამ გოგოებთან მორცხვი იყო ლაშარი და ეგ უთუოდ შეაფერხებდა. თავლიდან ცხენი გამოიყვანა და ჩივაძეების სახლისკენ გასწია, ისე მიარბენინებდა ცხენს, თითქოს დიდი ხნის უნახავ სატრფოსთან მიიჩქარისო.

 

– ეი, შენ ბიჭო! – მოესმა უცებ უკნიდან, ჩივაძეების სახლს რომ მიუახლოვდა. მოტრიალდა და სამი გოგო დაინახა თივის ზვინთან.

 

– გვათხოვებ ცხენს თუ არა? – ისე გაბედულად ჰკითხა ერთ – ერთმა წითელმიანმა და წვრილთვალება გოგომ ლაშარს, რომ თავისი თავი კინაღამ დიაცი ეგონა გურჯინთახს.

 

– ვერ გათხოვებ, ქალბატონო, თუ გნებავს უკან მომიჯექი, ოღონდ შენი კივილის თავი არ მაქვს, თავიდანვე შეეგუე, რომ სწრაფად დავაქროლებ ჩემს ბედაურს, – «იტრიპაჩა» ჩვენმა ლაშარმა, თან ამაყად გადახედა დანარჩენ ორ გოგოს და გულში გაიფიქრა, მგონი არც ისეთი მორცხვი ვყოფილვარო. წითელთმიანი გოგო ისე შემოახტა ცხენს, არც ლაშარისთვის უთხოვია დახმარება, არც თავის მეგობრებისთვის.

 

გურჯინთახი ცოტა კი შეკრთა, ეს ალქაჯი ვინ არისო, მაგრამ ცხენს ფერდებში მისცხო ფეხები ისე, რომ გაკვირვება არც შეუმჩნევია. მინდორი ვრცელი იყო და ცხენის გაქროლებას შესანისნავად მოახერხებდა გურჯინთახი, თან წითელთმიან გოგოსაც და მის ორ მეგობარსაც თავის დიდ მხედრულ ოსტატობას ანახებდა. ორასი-სამასი მეტრი შესანიშნავად წარიმართა ყველაფერი, უნაგირზე ოდნავ წინგადახრილი თავადიშვილი გასაოცარ მხედრულ ნიჭს ავლენდა გოგოების წინაშე. წითელთმიან, თამამ გოგოსაც კი გაუკვირდა და ცოტა არ იყოს შეშინდა კიდეც, ისე სწრაფად მიფრინავდნენ ქარის მიმართულებით. მოულოდნელად მინდვრის შუაში დიდი თხრილი აღმოჩნდა და ლაშარმა ისეთი სირცხვილი ჭამა, მიწა გასკდომოდა ის ერჩივნა. მოულოდნელობისაგან დამფრთხალი ცხენი ისე სწრაფად შედგა, ლაშარი თვალის დახამხამებაში თხრილში აღმოჩნდა. ისეთი სიცილი დააყარეს შორს დარჩენილმა გოგოებმა შერცხვენილ ბიჭს, რომ მთები ექოს გამოსცემდნენ.

 

ლაშარის გასაოცად, წითელთმიანი თანამგზავრი ცხენზე იჯდა და სევდიანი თვალებით დაჰყურებდა ცხენიდან გადმოვარდნილს. ზანტად წამოდგა წაქცეული, ბოღმიანი თვალებით გადახედა უკვე ახლოს მოსულ გოგოებს, რომელთა შუაზე გაგლეჯა უნდოდა და ადგილზე გაშრა. მხოლოდ მისი თანამგზავრი არ იცინოდა და ეს ცოტა გაუკვირდა კიდეც.

 

– არაუშავს, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, – მშვიდად უთხრა გოგომ და ეს სიტყვები მაშინ ისე დაეხმარა ბიჭს, მთელი ცხოვრების ნუგეშად გაჰყვა.

 

 მას შემდეგ, ლაშარს რაღაც უჩვეულო ეწვია, არა კი არ ეწვია, ეცა. რაღაც უცხო გრძნობა აღვიძებდა დილას, ისედაც უძილოს და თითქოს ფეხები თავისთვის, პატრონის უკითხავად, თავლაში გარბოდნენ ცხენის შესაკაზმად და ჩივაძეების სახლისკენ გასაწევად.

 

ეს რა ემართებოდა ლაშარს, ყოველ დღე სამი უცხო გოგოს გარემოცვაში ატარებდა დროს. სახელებიც კი ვერ ჰკითხა, ისეთ სიმორცხვეს გრძნობდა მათ წინაშე. უბრალოდ გაცნობის მეორე, თუ მესამე დღეს გოგოებმა თვითონ გაუმხილეს ყველაფერი.

 

“მე თინიკო მქვია,” “მე ლიდა,” “ამას კიდევა ნინო”. სწორედ იმ წითელთმიანს და შერცხვენილი ბიჭის შემწყნარებელს ერქვა ნინო. გოგოები ამჩნევდნენ, ბიჭს მათ გვედზე ყოფნა სურდა, უფრო სწორედ, ნინოს გვერდზე, მაგრამ გამბედაობა აკლდა.  ბა, საიდან უნდა გამოემჟღავნებინა დიაცებთან სითამამე ლაშარს, როდესაც გოგო, მისი მოახლე ქალისას გარდა არც ენახა. რა თქმა უნდა, მეზობლებსაც ხედავდა და ერთი ორ ჟოზეფინას მეგობარსაც, მაგრამ სემინარიაში მხოლოდ ბიჭები სწავლობდნენ. ნინოც არ იყო გულგრილი შეყვარებული ბიჭის დანახვისას, მაგრამ ვეღარ გაეგო ლაშარს, უყვარდა ამ გოგოს თუ ებრალებოდა.

 

– კითხე შე კაი კაცო, როდემდე უნდა სდიო ცოფიანი ცხენივით – სითამამისკენ უბიძგებდა მამა ზენონი გურჯინთახს.

 

– ვკითხავ! – ვეღარ მოითმინა ლაშარმაც და ერთ მშვენიერ შუადღეს გვირილებით მიადგა გოგოების სახლს.

 

– ნინო! ნინო! გამოდი ერთ წუთს, – ნინომ გვირილებიანი ლაშარი რომ დაინახა, გაეცინა და გარეთ გამოვიდა. ლაშარი ერთხანს თავჩაღუნული იჯდა ცხენზე, ბოლოს ჩამოხტა და გოგოს ყვავილები მიაწოდა.

 

– მიყვარხარ, – ჩუმად უთხრა და ისევ თავი ჩახარა.

 

– მეც, – ღიმილით უპასუხა ნინომ.

 

– როდის? – ისეთი დაბნეული იყო ლაშარი ნინოს პასუხით, ეს სულელური კითხვა დასვა.

 

– იმ დღეს, ცხენიდან რომ ჩამოვარდი, – უპასუხა გოგომ და ასე მოიყვანა ლაშარმა ნინო მოზმანაური ცოლად.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / გურჯინთახი თორნიკე / ბუხარი (ნაწილი I)