გურჯინთახი თორნიკე 

ბუხარი (ნაწილი II)

 

 

ბ ა კ უ რ ი ა ნ ი

 

– ჩამოვიდა?

 

 – ჰო. . .  ჩამოვიდა.

 

 – მერე?

 

 – არ ვიცი, მაგრამ, ასე მგონია, აქ ყველაფერი სხვანაირად იქნება.

 

   – ღმერთმა ქნას.

 

ეს დიალოგი პირველივე დღეს შედგა ორ ბიჭს შორის. სხვათა შორის, ორივე ხუჭუჭები იყვნენ. ერთს სქელი, მუქი შავი თმა ჰქონდა, მეორეს თხელი შავი.

 

სახელები ჯერ არ ვიცოდი, რადგან იმ წამს მქონდა ფეხი დადგმული ბაკურიანის თოვლზე, რომელიც გუდაურის თოვლისგან განსხვავებით უფრო სველი მომეჩვენა. მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი, ივა ზოიძე, ერთად ჩამოვედით ივას მძღოლის მანქანით. კოტეჯი იყო, კოხტაგორის დასაწყისში, და იქ უნდა დავბანაკებულიყავით ოთხი ბიჭი. იმ ოთხიდან ორი მე და ივა ვიყავით, ხოლო დანარჩენ ორ ადამიანს ჩემგან ზემოთ ხსენებული ორი ხუჭუჭა ბიჭი შეადგენდა. ჩვენს პირდაპირ, კიდევ ერთი კოტეჯი იდგა, ოღონდ უფრო ლამაზი და ახალი ხისგან აშენებული. იქ გოგოებს უნდა ეცხოვრათ. მე ობოლივით, ივას გარდა არავის ვიცნობდი, სამაგიეროდ ივა იცნობდა ყველას და მეც წარმადგინა მათ წინაშე.

 

 – ეს ჩემი ძმაკაცია, გივიკო ჟღენტი.

 

 – მე ლადო ვარ!

 

 – მე ზურიკო!

 

 – ქეთი.

 

 – ელენე.

 

 – ნინუკა.. . . . . . . .  . . . . . . . .

 

გამეცნო სათითაოდ ყველა, მხოლოდ მეოთხე მათგანი არ ჩანდა.

 

 – ანუკი სადაა? – იკითხა თხილამურის ბათინკებგადაკიდებულმა ქეთიმ, რომელსაც ისეთი კეთილი და ცოცხალი თვალები ჰქონდა, კინაღამ ჩავეხუტე.

   – ბანაობს, – მოჭრილი პასუხი მისცა კოტეჯიდან ელენემ, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა კეთილი თვალები, მაგრამ ალბათ, კეთილი აღმოჩნდებოდა საბოლოოდ.

 ყველანი ჩვენ-ჩვენს საწოლებთან მივედით და ჩანთიდან ტანისამოსის ამოლაგება დავიწყეთ. ჩვენი ჩასვლა და მოწესრიგება არა მგონია საინტერესო მოსაყოლი იყოს, როგორც თქვენ მიბრძანდებოდით მთაში სასრიალოდ და იქ ჩასვლისთანავე ლაგდებოდით, ისე მოვიქეცით ჩვენც და ვინც სასრიალოდ არ არის ნამყოფი, მაშინ დასასვენებლად ჩასულები რასაც აკეთებდით, საცხოვრებელ სახლში შესვლის პირველ წუთს, ის გავაკეთეთ. ჩვენც საერთოდ, აქ ჩამოსვლა ივას მოწყობილი იყო, ყოველ ზამთარს უკეთებდა ორგანიზებას გოგო-ბიჭების მთაში ერთობლივ დასვენებას და ერთ ზამთარს მეც წამათრია, როგორც ზარმაცი მოთხილამურე. ზარმაცი, მაგასთან შედარებით, იმიტომ, რომ ზამთარ-ზაფხულ ჯიხვივით მთაში ეგდო, თორემ არც ისეთი ზარმაცი ვიყავი, როგორც თვითონ მახასიათებდა. როგორც ყოველთვის, ხუჭუჭა ლადო-ზურიკოსთან ურთიერთობაში, როგორც პირველ დღეს გაცნობილი ადამიანების კვალობაზე, უცბად შევედი. ადრე, ყოველთვის ასე იოლად ვახერხებდი უცხოებთან ურთიერთობას, ახლა გავხდი, რაღაც, განდეგილი და თემიდან მოკვეთილივით მიჭირს უცხო ხალხის ადვილად ატანა და სმენა. ალბათ, გამივლის და ისევ გულღია გავხდები, თუმცა, რა დროს ეგ არის, როგორი გავხდები მომავალში, ღმერთმა იცის.

 

 თოვლი საოცარი მოვლენაა დედამიწაზე. ალბათ ერთადერთი, რომელსაც სილამაზე და სიმშვიდე მოაქვს ციდან. ზაფხული და ზღვის მაჯისცემა, ჩემთვის არასდროს ყოფილა მთასთან და თოვლთან გატოლებული, რადგან ზღვა, ჩვენზე შეყვარებული გოლიათი ადამიანი მგონია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს ბავშვობის მოგონება თოვლის გარეშე, რა თქმა უნდა აფრიკელ და საჰარელ ბავშვებს არ ვგულისხმობ. არ არსებობს მისი თეთრი აფრების და თეთრი ბაირაღების გარეშე დანახული ბავშვობა, რომელიც თოვლის გუნდასავით ხელში გვადნება და დიდებს ძალზედ გვენანება მისი დაკარგვა. დაკარგვა იმ სიხარულის, როდესაც ბარნოვის ხიდიდან ნასროლ გუნდას კეკელიძეზე მანქანას პარპრიზში გაარტყამ, ეზოში თოვლის ბაბუას სტაფილოს ცხვირს გაუკეთებ, მამა «რულიან» ციგას რომ მოგიტანს ზამთრის პირველ დღეს, ძნელია ყველაფერი ეს თვალის დახამხამებაში ხელიდან გაუშვა. რაც არ უნდა დიდები გავხდეთ ასაკით, ალბათ მთაში ამოსვლა და თოვლზე ფეხის დადგმა წამებით მაინც გვაბრუნებს იმ საოცრებაში, რასაც ბავშვობა ჰქვია.

 

 ჩვენი სასრიალოდ გასვლის პირველი დღე გათენდა და მარიაჟობის მწვერვალიც უცებ დავიპყარით. აბა მთა მარიაჟობის გარეშე ქართველებს არ გვიყვარს და რა ვქნათ, მითუმეტეს თუ თხილამურებზე მიდგა საქმე. გამოიტანეს, ზოგმა “ატომიკი”, ზოგმა ბოლო მოდელი «ფიშერი”, ზოგმა «ჰედი”, მე კი მთელი ცხოვრება ორმოცი წლის ბულგარული «მლადოსტები” და ორმოცდა ხუთი წლის «ალპინას” ბატინკები შემოვიგდე ზურგზე, თან ისე გადავხედე ჩემს ახლადშეძენილ მეგობრებს, გეგონება რამე ბოლო მოდელი თხილამურები გამეჩითა. ყველას «ტაკოი» სახეები ჰქონდათ და მე ხომ არ მივიღებდი საწყალ სახეს, როგორც «მლადოსტების” პატრონს შეეფერება და მეც ისეთი სახე მქონდა, ვითომ «ატომიკები” გამედო ზურგზე. ძლივს მივდიოდი, თან ეტყობა, ჩაცმაც ნამეტანი თბილად გადამიწყვეტია, რადგან მზე ისე მაჭერდა თავზე, მეგონა ბოლი ამდიოდა და შიგადაშიგ თავზე ხელს ვიდებდი შესამოწმებლად, მართლა ხომ არ ამდის ბოლი-მეთქი. უცებ, ვიღაცამ ფეხებთან ისე სწრაფად დამიმუხრუჭა თხილამურებით, თოვლისგან თეთრ, ჭაღარა კაცს დამამსგავსა, მერე ჯოხიც გამომიდო ფეხებს შორის კოჭებთან და ისეთი ზღართანი მოვადინე, ჩემი მხარზე გადაკიდებული თხილამურები თავზე დამემხო. მოვიხედე და ჩემს უკან ქერა, მწვანეთვალება გოგო იდგა და ისე მიცინოდა, თითქოს სიკეთე გაეკეთებინა ჩემთვის. დაცინვაც ხომ არ ამცდა, ყველა ნაცნობ-უცნობი თავზე დამხარხარებდა.

 

 – კიდევ ეგ უნდოდა ანუკი ამას, ახლა საერთოდ აღარ გამომყვება კოხტაზე, – აი, რომელი ყოფილა ანუკი, გავიფიქრე გულში და მისი თმებით თრევა მომინდა, მაგრამ ივამ იცოდა ჩემი ფსიხობის ამბავი და სანამ წამოვიდოდით პირობა დამადებინა, რომ არავის შევაგინებდი, არავის გავულაწუნებდი და არც არავის ვითრევდი თმებით, ამიტომ მიცემულ პირობას ნამდვილად ვერ დავარღვევდი.

 

 – შენ ხარ ანუკი?  – დებილური კითხვა კი დავუსვი, მაგრამ ისე მქონდა ნერვები მოშლილი, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

 

 – არა, მე ლამზირა ვარ, – ამაზე ისევ ხარხარი ატყდა.

 

სიბრაზისგან ტვინში სისხლი ჩამექცა. ერთი მომენტი წამოვხტი, მაგრამ ივას დაჭყეტილ თვალებს გადავაწყდი, რომლებიც პირობის შესრულებას პირობას მახსენებდნენ და მეც გავჩერდი.

 

 – მე გივიკო ვარ, – ხელი გავუწოდე ჩემს დამაქცევარს, რომელმაც მწვანე თვალებით შემომხედა, მერე ლამაზი თეთრი, ცხენივით კბილები დამანახა, ისე გაიცინა და ისე გააგრძელა გზა, კაცად არ ჩამაგდო.

 

 – ვინ არის ეს ჩემისა? – უკვე აღშფოთება ვეღარ დავმალე ივასთან, როდესაც საბაგიროზე ვისხედით და კოხტაგორის მწვერვალისკენ ვიწევდით ნელ-ნელა.

 

 – ანუკია გელაშვილი, ზურიკოს უყვარს, – მითხრა ივამ და ახლა გამახსენდა, რომ ჩემოვედით ორი ხუჭუჭა ბიჭის დიალოგი.

 

ერთი მეორეს ეკითხებოდა ჩამოვიდა თუ არაო, უეჭველი ანუკას გულისხმობდა.

 

 – მერე ანუკა? – ვკითხე «დუტი ჟილეტის» სეყელოში ჩამძვრალ ივას.

 

 – მაგას არავინ არ უყვარს, ზურიკო კი არა!

 

 იმ დღეს ბევრი ვისრიალეთ. მიდიოდა მარიაჟობა, სიცილი, თოვლის შეყრა-შემოყრა, არყის დალევა საბაგიროზე, ტყლაპების ჭამა, ერთმანეთთან დაახლოება, თითქოს წლების ნაცნობები ვყოფილიყავით, ანეგდოტების მოყოლა და ა.შ. მხოლოდ ზურიკო და ანუკი ისხდნენ ცალკე საბაგიროზე და შორიდან რომ შეგეხედა, ღრმად შეყვარებული წყვილი გეგონებოდა. ერთი კი იყო, ზურიკო სულ უკან დასდევდა გოგოს და რაღაცას უხსნიდა გულწრფელად. მართალია, ვერ გაარჩევდი შორიდან რას ეუბნებოდა ანუკის, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა, მარტო გულწრფელ ადამიანებს რომ ააქვთ ხოლმე.

 

მერე დაბნელდა და მყუდრო თეთრი გარემო, თავისი საოცარად მშვიდი აურით, ზეწარივით გადაეფარა მთელ ბაკურიანს. ჩვენ ცეცხლი დავანთეთ და გათოშილები შემოვუსხედით ამ ყვითელ საოცრებას. ცეცხლის და ბუხრის დანახვისას ისეთი გრძნობა გვეუფლება, გეგონება სისხლით და ხორცით ვიყოთ დაკავშირებული ერთმანეთთან, თითქოს რაღაცა დამეწეროს ან მეთქვას მისი ძალის შესახებ, მაგრამ ვერ ვიხსენებ ვერაფერს. თოვლი და ცეცხლი ისეთი სიყვარულით იდგნენ გვერდი-გვერდ და ისეთი ლამაზები იყვნენ, ვინატრე, რომელიმედ გადავიქცეოდი მეთქი, ორი წუთით მაინც.

 

 – აი, როგორი განათლებულია ბავშვებო ჩვენი ზურიკო, უცებ მოულოდნელად დაიწყო ანუკიმ – “ჩვენ როგორც რომეო და ჯულია, ისე გვეყვარება ერთმანეთი” აი, ესე ბატონებო, ჯულიეტას მაგივრად ჯულიაო, ხვალ შეიძლება რომეოს ომარი დაუძახოს და ა.შ.  – ამ ყველაფერს ასე ასახიერებდა, ორივე ხელი მოეხარა, ხელის მტევნები ქვემოთ კურდღლის თათებივით ჩამოეკიდა და ზედა კბილებით ქვედა ტუჩი დაეფარა. ამ გამოსვლას, რა თქმა უნდა, ზურიკოს ჭარხალივით გაწითლება, ბავშვების მხრიდან კი სიცილი მოყვა. ისე, არ ვიცი, ეტყობა გულში ბოღმა მედო ანუკისი, ჩემს გარდა ყველა გულით ხარხარებდა, თან რაღაცნაირად გულწრფელად მესმოდა ზურიკოს მდგომარეობა.

 

 – თქვენ რატომ არ იცინით, თუ სართოდ არ იცით “რომეო და ჯულიეტა?” – მომიბრუნდა მეც.

 

ყოველგვარ საზღვარს სცდებოდა მისი ცინიზმი და თავხედობა, მაგრამ არ ვიცი, რა ძალა დამეხმარა მოთმენაში, ფაქტი იყო, რომ ამდენს ვერასდროს, ვერსად ვითმენდი.

 – წამიკითხავს, უფრო სწორედ ბებიამ მომიყვა, რომ მათი ტანჯული ცხოვრების შემხედვარეს, აღარავინ შემყვარებოდა, ვცადე ხუმრობაში გადამეტანა ჩემი გაცოფება და რადგან ამას სიცილი მოჰყვა, ეტყობა გამომივიდა კიდეც. მხოლოდ ანუკამ არ გაიცინა, სერიოზული სახით შემომხედა და ვიგრძენი, რომ რაღაც ძლიერთან და დაუმარცხებელთან მქონდა საქმე, რომელსაც ვერასდროს დავამარცხებდი ვერც ღონით, ვერც გამოცდილებით და ვერც ტვინით. ეს დაუმარცხებელი მოვლენა, სილამაზე იყო და მისი მწვანე თვალები. მივხვდი, მხოლოდ სიმახინჯე თუ შეებრძოლება ასეთ სილამაზეს. მაგრამ ამ მშვენიერ, ტყით დაფარულ, თოვლიან მთაში სიმახინჯე არსად მოიძებნებოდა, და, მართალი გითხრათ, არც მინდოდა მისი მოძებნა. ყველაფრის მიუხედავად, ანუკის სილამაზე მის სითავხედეს ასჯერ მაინც აღემატებოდა და თითქოს ცუდათაც არ იქცევაო ისე მოგეჩვენებოდა. რამდენი გოგო მინახავს, ერთი მეორეზე უცნაური და საოცარი, მაგრამ ამ ქერა გოგომ სილამაზის წყარო მაჩვენა, რომლისგანაც უშრეტი, ანკარა უკვდავების წყალი მოდიოდა.

 

შეიძლება თოვლიც ეხმარებოდა მშვენიერების გადმოფრქვევაში, მაგრამ, რა მნიშვნელობა ჰქონდა რა, ან ვინ ეხმარებოდა, ფაქტი იყო, რომ ჩვენ თითქოს ყველანი მისი სილამაზის ტყვეებად ვიქეცით, არა, შეიძლება ყველანი არა, რადგან ივას რომ გადავხედავდი ისეთი თვალები ჰქონდა, წამში მიხვდებოდით, რომ ეს ყველაფერი ადრეც ნანახი და გაგონილი ჰქონდა. მე კი პირველად უნდა გამევლო ეს გზა და მართალი გითხრათ, ცოტა ვნერვიულობდი კიდეც, გზის სიგრძეს რომ ვერ ვხედავდი. შეყვარებული არ ვიყავი, მაგრამ გაკვირვებული ნამდვილად.

 – რა იყო ზურიკო, რამ დაგაღონა? მართალი ვთქვი და რა ვქნა, არ მიყვარს უვიცი ახალგაზრდები და საერთოდ...

 

 – მორჩი! – შეაწყვეტინა ივამ და ფეხზე წამოდგა. მივხვდი, ხვდებოდა, რომ მოთმინების ძაფი მიწყდებოდა და ამ ყველაფრის გაჩერება თავის თავზე აიღო. წავიდეთ კოტეჯში, ბუხარში ცეცხლი იქაც დაგვხვდება, არაყიც ვიყიდოთ და მერე ძილიც თავისით მოვა. ჰა, რას იტყვით, მთაში შეხიზნულო ახალგაზრდებო! – მხიარულ ნოტა გაურია ივამ და დაკრეჭილმა მე გადმომხედა, ჩემგან ელოდება საბოლოო სიტყვას.

 

 – წავიდეთ! – წამოვდექი მეც და კეთილთვალებიან ქეთის გადავხვიე ხელი. ქეთი, როგორც ყოველთვის ანუ გუშინდელიდან დღევანდლამდე, სულ მიღიმოდა და არც ამჯერად უღალატია თავის ჩვეული ჩვევისთვის.

 

საერთოდ მიყვარს ეგეთ ადამიანებთან დასვენება და სახლიდან შორს წასვლა, რადგან მოწყენილობის ჟამს, ყოველთვის ნუგეშისმცემელნი არიან. რამხელა ნიჭია ღმერთისგან მომადლებული, როდესაც კეთილი, ცოცხალი, ხალისიანი თვალების პატრონი ხარ და ამ თვალებით შეგიძლია ადამიანს იმედი და სიხარული აჩუქო. ქეთიც ზუსტად ასეთი ადამიანი იყო და ზუსტად ასეთი თვალების პატრონი.

 

 ძილი ზღაპარივით მოდის მთაში. შემოვა თვალებიდან და მთელ სხეულს ისე მოედება, როგორც ალკოჰოლი.

 

მერე თოვლიდან არეკლილი მზის სხივები ასხლეტით ჩვენი ფანჯრის შუშას მოხვდა და ოთხივეს ერთდროულად გაგვეღვიძა.

 

 – დილა მშვიდობისა ძმებო, ხარებო, კოხტაგორის დამპყრობლებო, ლოთებო, შეყვარებულებო და ბოლოს ადამიანებო, – ასე მოგვესალმა ივა ყველას, მერე მოტრიალდა, ფანჯარა გამოაღო და ზურიკოსთან მივიდა.

 – არაუშავს, ცალმხრივი სიყვარულიც რაღაც პონტში ასწორებს, ჰა, რას იტყვით? – და ჩვენ მოგვიტრიალდა.

 

 – ჰო, მეც სულ ეგრე არ ვარ მთელი ცხოვრება, – გაამხნევა ხუჭუჭა სქელთმიანმა ლადომ ზურიკო.

 

 – დამიჯერე, არ მოეშვა და შენი გახდება, – შევაგულიანე მეც, მაგრამ გულის სიღრმეში, ზურიკოს მომავალი გამარჯვების არ მწამდა და მოგეკალით. ზურიკოც ალბათ მიხვდა გამხნევების გამო ვატყუებდი და ისე ჩამიკრა თყვალი, მივხვდი ჩემ უნიჭო ხრიკს ადვილად მიმიხვდა.

 

 სრიალის შემდეგ ისეთი დაღლილები ვიყავით სამი საათი, ჩვენც და გოგოებსაც მკვდრებივით გვეძინა. საღამოს თბილისში დიდი წვალებით ნაშოვნი ფული გამოვიღე კარადიდან და ყველას დაპატიჟება გადავწყვიტე საჭმელად. ისე ფულის ხარჯვა, ტრიპაჩობად არ ჩამითვალოთ, და მიყვარს, სულ რომ უკაპიკოდ დავრჩე მეორე დღეს, იმ პირველი დღის სიამოვნებაში მივათხლიშავ ყველაფერს. შეიძლება ცუდიც არის, შეიძლება კარგიც, მაგრამ ცუდი თვისება არა მგონია იყოს, ალბათ პირიქით.

 

მოკლედ, ჩემი თვისებების მორიგ განხილვაზე რომ არ გადავიდეთ, დავუბრუნდეთ იმას, თუ როგორ მოვიყვანე სისრულეში ჩემი, ეგრეთწოდებული, კეთილი განზრახვა.

 ოცდახუთმეტრიანი, ასე ვეძახდით იმ დაქანებულ მთის მონაკვეთს, რომელზეც პირველად დგებიან თხილამურზე ბაკურიანში პირველად ჩამოსულები და რომლის მოპირდაპირე მხარესაც იყო ჩვენი არჩეული რესტორანი. არაყმა, როგორც ყოველთვის პირველი ადგილი დაიკავა მთაში, სუფრაზე, და ჩვენც კარგად გამოვტყვერით, ოღონდ, ისე არა, რომ ერთმანეთი ვერ გვეცნო და რომელიმე ჩვენთაგანს სხვის სუფრაზე შალახო ეცეკვა. ყველას სიყვარულის ბუშტები გვქონდა დახეთქილი და მიუხედავად იმისა, რომ სამი დღის გაცნობილები გვყავდა ერთმანეთი, ისე ვეფიცებოდით ერთმანეთს სიყვარულს, გეგონებოდა ვიეტნამის, ავღანეთის ან ჩეჩნეთის ომები გვქონდა ერთად გამოვლილი. ასე იყო თუ ისე, ჩვენი სიყვარული გულახდილი იყო და წმინდა, როგორც თოვლიანი, მრავლისმნახველი მთები. მხოლოდ ამ გულის გადაშლას ზურიკოს გვერდზე მჯდომი ანუკი არ იზიარებდა და თავისთვის სადღაც იყურებოდა.

 

 – რატომ არ უერთდები ჩვენს ღრეობას, ქალბატონო ანუკი? – შევთავაზე შემოგვიერთდი თქო, ლამაზ გოგოს და ამით მივანიშნე, რომ ძველი წყენა დავიწყებული მქონდა.

 

 – არ მინდა!  – მომიჭრა მშვენიერებამ და მშვენიერების კარიც ცხვირწინ მომიჯახუნა. უცებ, მომღიმარი სახით წამოდგა და ისეთი რაღაც გააკეთა, რასაც ალბათ, კინოებშიც აღარ იღებენ, ჩვენს გვერდზე მსხდომ ბაკურიანელ, გალეშილ ბურანის გამქირავებნელს გადაუჯდა.

 

ეს საქციელი ისეთი მოულოდნელი იყო, ბაკურიანელებიც ვერ მიმხვდარიყვნენ რა მოხდა. ორივე სუფრაზე სიჩუმემ დაისადგურა. მე ზურიკოს გადავხედე, რომელიც წითელი იყო და ცრემლები რომ არ წამოსვლოდა, კბილებს კბილებზე აჭერდა.

 

 – აცალე, იყოს და როგორ მოეწონება ვნახოთ, – ვუთხარი მკვდრისფერ დადებულ ზურიკოს.

 

 – ეს ვინ არი, ტო, რას გვიკეთებს? – ვეღარ დამალა აღშფოთება ლადომ.

 

 “ვინ არი და ნაბოზარია” ჩუმად გავიფიქრე, თან იმ სუფრას თვალს არ ვაშორებდი. უცებ ერთი გრძელცხვირა ბაკურიანელი წამოდგა.

 

 – ბიჭო, ბურანი მომიყვანე, გოგოს ჩემთან წავიყვან, – დაუძახა პატარა ბიჭს, რომელიც დახლში იდგა და ანუკი თავისთან ისე მიიზიდა, გეგონებოდა ბურთი ამოიდო იღლიაშიო. მივხვდი, უბედურება გარდაუვალი იყო, თან გოგო უკვე დასხლტომას ცდილობდა კლანჭებიდან და არაფერი გამოსდიოდა. წამოსადგომად მომზადებულ ზურიკოს ხელში წავავლე ხელი და ადგილზე დავსვი.

 

 – დაჯექი! – ცივად ვუთხარი და წამოვდექი. არაფერი არ დამინახავს, მხოლოდ ანუკას შეშინებული თვალები და ივას გაფითრებული სახე მახსოვს.

 

სუფრიდან უცხოები წამოიშალნენ, როდესაც მათკენ მიმავალი დამინახეს და ამან თავისუფლება აჩუქა ანუკის, კლანჭებს დაუსხლტა და ჩვენი სუფრისკენ გამოიქცა.

 

– მაპატიეთ, ბიჭებო, ჩვენ თბილისიდან ჩამოსული სტუმრები ვართ, ჩემი მეგობარი პირველადაა მთაში და არყის დალევა ბევრი გამოუვიდა. მე მაპატიეთ მისი თავხედობა.

 

გრძელცხვირამ თვალებში ჩამხედა, მერე თავის ხუთ მეგობარს გადახედა და ისევ შემხედა.

 

 – მაგას ჩემთან უნდა, ვერ ხედავ? – მომიგო გაღიზიანებულ-აღგზნებულმა.

 

 – ვიცი, მართალი ხარ, მაგრამ, გოგოს გადათრობის ბრალია და მე მაპატიეთ. – კიდევ შევეცადე სიტუაციის განმუხტვას, თან გადათრობას ვაბრალებდი ანუკის, რომელსაც ერთი წვეთი არ ჰქონდა დალეული. უკნიდან, მხარზე ხელი დაადო გრძელცხვირას მეგობარმა, შემოატრიალა და უთხრა:

 

 – წაიყვანოს!

 

 – წაიყვანე, ოღონდ მოუარე შენ ქალს, გამიგე? – მომიბრუნდა ეს ნიჭიერი კაცი.

 

გრძელცხვირა ჩუმად იდგა.

 

– გმადლობთ, – ვუთხარი და ნიჭიერს გადავეხვიე. როცა მოვტრიალდი, ჩემს უკან სამი გაშეშებული ძეგლი იდგა. ზურიკო, ლადო და ივა, გოგოები გასასვლელთან გველოდნენ.

 

 მზე სტაფილოსფერი გახდა, მერე წითელი, მერე ნახევრად ლურჯი და მთვარის ამოსვლას დაელოდა. შემდეგ, როდესაც დარწმუნდა, რომ ქვეყანას ახალი პატრონი მოევლინა მთვარის სახით, დამშვიდებული წავიდა სხვა ქვეყნების გასათბობად.

 

ივას სიცხე ჰქონდა და წამლებით და ჩაით გაჭყეპილს, სქელ, ცხვრის მატყლის საბანში ეძინა.

 

ქეთი, წამოწოლილი ზურიკოს ლოგინზე, მიხაილ ზოშჩენკოს კითხულობდა და შიგადაშიგ იცინოდა ხმადაბლა. ზურიკო იმ ამბის შემდეგ, რაც რესტორანში მოხდა, ჩაკეტილი იყო თავისთან და მარტო ლადოს თუ გამოელაპარაკებოდა. ორივე გარეთ იყვნენ გასულები, ოღონდ სად და რა მიზეზით არ ვიცოდი და დიდად არც მაინტერესებდა, რადგან ბაკურიანში საღამოს ან უნდა ისეირნო, ან უნდა გაილეშო სადმე არყით, ხოლო ზურიკო დამლევი დღეს ნამდვილად არ იყო. ელენეს, რომელზეც ვამბობდი, რომ ალბათ კეთილი აღმოჩნდება საბოლოოდ მეთქი, მიუხედავად თავის არაკეთილი თვალებისა, მართლაც კეთილი აღმოჩნდა. იმ ღამეს, რესტორნის ინციდენტის, თუ რაც ერქვა, იმის შემდეგ, ჩემთან მოვიდა, ცრემლიანი თვალებით მომაშტერდა და ისე გულწრფელად მითხრა, რაც სურდა, მეგონა, ასეთი ალალი სიტყვები არასოდეს გამიგია-მეთქი.

 

 – შენზე ცუდიც გამიგია, მაგრამ კარგი ბიჭი ხარ.

 

 – მადლობთ.

 

 ეს იყო და ეს, ჩვენ არც დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა, არც უზომო სიყვარული, უბრალოდ ისეთი მოვლენა გვაკავშირებდა, რაც ყველაზე ძვირფასია ადამიანებისთვის, ურთიერთგაგება.

 

დაღამდა. დამთავრდა ჩვენი ერთად ყოფნისთვის განკუთვნილი პერიოდი. ხუთმა დღემ ხუთი წუთივით გაირბინა.

 

ხვალ თბილისში მივდიოდით. ჩანთა ჩავალაგე და ლოგინში უნდა ჩავწოლილიყავი, რომ თავზე ანუკი წამომადგა. ისეთი ლამაზი იყო, ძალაუნებურად ფეხზე ავდექი.

 

 – გივიკო, შენ ჩემზე ნაწყენი ხარ, მაგრამ . . .

 

 – არა, ანუკი. . .

 

 – მათქმევინე, – მხარზე ხელის დადებით გამაჩერა – ვიცი ძალიან ცუდად მოვიქეცი და საერთოდ, ცუდად ვიქცეოდი ხუთი დღის განმავლობაში, მაგრამ, მჯერა, შენი თვალების, გამიგებ.

 

მთელი ცხოვრება დამსდევდა ლანდივით, რომ ყველაზე ლამაზი ვარ, რომ წარჩინებული მოსწავლე ვარ, რომ ყველაზე ძლიერი ვარ თხილამურებში, რომ ცნობილი მშობლების შვილი ვარ. მე კი რა მექნა, მართლა ყველაფერში ძლიერი ვიყავი და სხვანაირად არ შემეძლო. ეს კუდში დევნა კი ჩემთვის მომაკვდინებელი აღმოჩნდა. თითქოს ჩვევაში გადამივიდა, გავაკეთო ის, რაც არავის წარმოუდგენია და ამით პროტესტი გამოვუცხადო იმ ხალხს, ვინც კუდში დამდევს და ცხოვრებას არ მაცლის. ვიცი, ეს პროტესტი ხანდახან ცუდ საქციელში გადამდის, მაგრამ მე ვცდილობ ამის გამოსწორებას და ვცდილობ პროტესტის ფორმა შევცვალო. მე თქვენი დახმარება მჭირდება ამაში. . .

 

 კარი ზურიკომ შემოაღო და მხიარული თვალებით შემოგვხედა, როდესაც მე და ანუკი მოლაპარაკეები დაგვინახა.

 

 – რაზე საუბრობთ? – ინტერესეთ იკითხა ზურიკომ.

 

 – რაზე და, მიყვარხარო, და იმ ქვეშაფსია ზურიკოს თავი დაანებეო! – ეს სიტყვები ისე მიახალა, გეგონებოდა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

 

მე ღიმილი შემაშრა სახეზე და სილას ნამდვილად ვერ აცდებოდა ანუკი, ზურიკო რომ არ შემცოდებოდა. ზურიკოს, თითქოს ბინდი გადაეკრა თვალებზეო და ჩემკენ დაიძრა. სანამ ლოგინიდან წამოვდგებოდი, სიცხიანმა ივამ წამოყო საწოლიდან თავი.

 – სანამ გივიკოსთან მიხვალ, მე დაგალეწავ ცხვირ-პირს, ჩემო ზურიკო, თუ კიდევ გადადგამ მისკენ ნაბიჯს!

 

ზურიკო შეჩერდა და მოწყვეტით დაეშვა სახით თავის ლოგინზე და ხმის ამოუღებლად დიდხანს იწვა ასე.

 

 ჩვენი ავტობუსი დაიძრა. აღარ დაველოდეთ ივას მძღოლს და ყველა ერთად წამოვედით. ანუკი დარჩა, შეჯიბრებაზე უნდა გამოსულიყო და თუ კარგად იასპარეზებდა, შეიძლება ევროპის ჩემპიონატისთვისაც გამოეკრა ხელი. ყველა ჩაფიქრებულები ვისხედით ავტობუსში და მთელი ორი საათი ხმა არ ამოგვიღია არც ერთს.

 

თოვლის გამოტანებულ სითბოს ნელ-ნელა ვკარგავდით თბილისის შესასვლელთან.

 

 – ხვალ, უნივერსიტეტის II კორპუსთან შევხვდეთ ყველანი, – თქვა ივამ – რამე მოვიფიქროთ.

 

 – ეგრე იყოს, ძმაო – დავეთანხმე მეც.

 

 თბილისი ისევ ნაცრისფერი, ცოტა უშუქო, ცოტა უგაზო, ცოტა ცივი, მაგრამ მაინც მთელ მსოფლიოში ყველაზე თბილია. დილა გათენდა, ბარნოვის ქუჩა სავსე იყო ზურგჩანთიანი ბავშვებით. მე უკვე სკოლაში აღარ ვსწავლობდი და ცოტა მშურდა ამ ბავშვების. უნივერსიტეტის II კორპუსთან ფეხით ჩავედი ფალიაშვილიდან. შენობასთან ყველა მისულიყო და მე მიცდიდნენ.

 

 – გაუმარჯოს მეგობრობას! – კომუნისტური სალამი მივეცი შეგროვილთ, მაგრამ არც ერთს არ გაუცინია. ივა გამოეყო მათ და გადამკოცნა.

 

 – ანუკი დაიმტვრა გუშინ შეჯიბრზე და კვდება.

 

 სასწაული იყო ეს სიტყვები. გული ჩამწყდა, ერთი წუთი გავშეშდი, მოვტრიალდი და ხალხს შევხედე, რომლებიც ჭავჭავაძის ქუჩაზე უდარდელად მიდი-მოდიოდნენ.

 

მათ არ იცოდნენ, რომ ანუკი კვდებოდა, რომ სილამაზეს ბოლო ეღებოდა, რომ მწვანე თვალები ქრებოდნენ. ისევ მოვტრიალდი და ზურიკოს შევხედე, რომელიც ჩუმად იჯდა ინივერსიტეტის კიბეებზე და თავი მუხლებში ჩაერგო. დანარჩენები ქვასავით გაყინულები იდგნენ და ხმას არ იღებდნენ. მომეჩვენა, რომ სამყაროს დასასრული დამდგარიყო, დრო გაქცეულიყო, ისედაც ამ უდროო ქალაქიდან და ჩვენ ჰაერი აღარ გვყოფნიდა.

 

 ერთ თვეში ანუკი რეანიმაციაში გონზე მოვიდა და რაც გასაოცარი იყო, ყველაფერი ახსოვდა. ტაქსი გავაჩერე და რესპუბლიკურისკენ გავწიე. დერეფანში ბევრი ხალხი არ დამხვედრია, მხოლოდ დედა იყო, თვალებით ვიცანი, მასაც მწვანე თვალები ჰქონდა.

 

 – სად მიდიხარ, ახალგაზრდა, მხოლოდ მშობლები შედიან, – გამაჩერა ექიმმა.

 

 – მე ძმა ვარ! – სწრაფად ვუპასუხე, ექიმი გავწიე და სანამ შევიდოდი, დედამისს შევხედე. ქალი გაოგნებული მიყურებდა.

 

რეანიმაციაში ანუკი იწვა, ისევ ისეთი ლამაზი და საოცარი.

 

 – ანუკი, როგორა ხარ? – გოგომ ოდნავ თავი წამოწია და ისევ დადო ბალიშზე.

 

 – გივიკო, – ანუკი ძლივს ლაპარაკობდა,  – მე გადავრჩი, სასწაულად გადავრჩი.

 

მახსოვს ღმერთი იყო ჩემთან, მერე ეშმაკიც მოვიდა, მერე მთები იყო მწვანე და. . . ეს რეანომაციის ოთახი. . . შენ, ვიცი, გჯერა ჩემი.

 

 – მჯერა, ანუკი!  – და მე მისი ყოველი სიტყვის მჯეროდა, როგორც მჯერა, რომ მიწაზე დავდივართ ადამიანები.

 

 – მე ვგრძნობ სიმშვიდეს, ვგრძნობ, რომ არასდროს აღარ ვაწყენინებ ადამიანებს და სიცოცხლეს ვაჩუქებ ხალხს.

 

მე ბევრი შვილი მეყოლება და ყველა მათგანი მეყვარება. ყველას უთხარი, რომ მაპატიონ, უთხარი, რომ ცრემლი მდის წარსულის გამო.

 

 – ვეტყვი, ანუკი. შენ ჩვენ გვიყვარხარ და ყველა ყველაფერს გპატიობს, შენ ზურიკოს უყვარხარ!

 

 – მეც მიყვარს ზურიკო.

 

 – მაშინ ვეტყვი ამ სიტყვებს ზურიკოს.

 

 – უთხარი, რომ ყოველთვის მიყვარდა.

 

 – ვეტყვი! – მე მივედი, შუბლზე ვაკოცე მშვენიერებას და რესპუბლიკურიდან გამოვედი.

 

 ზურიკოსთან მივედი და მოვუყევი ყველაფერი. ივასაც, ქეთისაც, ელენესაც, ლადოსაც, ნინუკასაც. მე ყველას ყველაფერს ვუყვებოდი. მერე ზემელის ქვაფენილს ავუყევი და ბედნიერი ვიყავი, რომ დავრწმუნდი, ყველა ადამიანს შეუძლია შეიცვალოს დალეწვის, სიკვდილის და ტკივილის გარეშეც. უბრალოდ, ერთ დღეს ადგეს და შეიცვალოს.

 

და იმაშიც ვიყავი დარწმუნებული, რომ, რომც არ დამტვრეულიყო, ანუკი მაინც შეიცვლებოდა.

 

 

 

 

 

გ უ რ ჯ ი ნ თ ა ხ ი

 

 

იმანუელ კანტი წერდა, რომ სამყარო უსასრულოა. ის, ძალიან რთული ნაწილებისგან შედგება, მაგრამ ამასთან ერთად მარტივ ნაწილებსაც შეიცავს. ნაწილების, რთულის და მარტივის, რაოდენობა თანაბარი არასდროს არის, რადგან ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერასდროს ვერ მივიღებდით რთულს ან მარტივს – ყველაფერი გათანაბრებული იქნებოდა. ამიტომ, ან ერთი მხარე მძლავრობს რაოდენობით, ან მეორე. ზოგი თვლის, რომ სამყარო დასრულებადი მოვლენაა, რომ არსებობს ზღვარი, სადაც ის წყვეტს არსებობას. მაშასადამე, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ეს აზრიც, რომელიც არც თუ საფუძველმოკლებულია. ყველაფერს თუ დასასრული აქვს, მაშინ სამყარომ რა დააშავა, სამყაროსაც მოეძებნება სასრული წერტილი.

 

მაშ, შეგვიძლია, ორივეს მხარე გავიზიაროთ, მაგრამ როგორ შეიძლება ორივე სწორი და მართებული გვეჩვენოს.

 

 – მომწონს, დანარჩენზე შეგვიძლია ხვალ ვილაპარაკოთ, ჩემო ბიჭო.

 

 – რატომ ხვალ? მე კიდევ შევისწავლე ერთი გენიალური ფილოსოფოს-იდეალისტ-მისტიკოსი, რუდოლფ შტაინერი. მას, თურმე მამას მეგობარი იცნობს, რამდენჯერმე შენახვედრი ყოფილან გერმანიაში, შვეიცარიაში და. . .

 

 – გეყოფა, დავიღალე მათი მოსმენით.

 

 – შენ არ იყავი ძალით რომ მტენიდი მათ წიგნებს?

 

 – მე ვიყავი, ოღონდ ახლა არ შემიძლია, დავიღალე, სჯობს ხვალისთვის გადავდოთ. შენ წადი, მეუღლეს დახვდი, სახლში ბრუნდება თწუთმეტ, ოც წუთში.

 

 ლაშარს და ბაშეს ფილოსოფიის შესწავლისთვის უკვე ორი თვეა ხელი მოეკიდათ. მართალია კანტი ჯერ ცოტა ადრე იყო, მაგრამ გურჯინთახი დიდ მონდომებას და ნიჭს იჩენდა შესწავლის სისწრაფეში. ბაშეს, როგორც პატარაობაში, ახლაც გვერდიდან არ იშორებდა ლაშარი.

 

უყვარდა სახუროვის გამოგზავნილი, ერთგული ტაჯიკი ებრაელი. უცნაურია, მაგრამ ბაშე თავის გვარზე და მოდგმაზე არასდროს საუბრობდა, და, სხვათა შორის, არც არავინ ეკითხებოდა რამეს მის შთამომავლობაზე თუ წინაპრებზე. უოჯახო რომ იყო, ეს ყველამ იცოდა. თავის ოთახში, ბუხრის თავზე, გენერლის სურათი ედო, მუდამ სევდიანი თვალებით და ჭაღარა თმებით, მართლაც სევდიან განწყობას ქმნიდა სახუროვის სურათი. წელში მოხრილი მკითხავი გამხდარი იყო, შეიძლება ითქვას ზომაზე მეტადაც, მაგრამ ერთხელ ლაშარის ცხენი ჭაობიდან ამოუთრევია ხელით. მებაღე ქალისას ქმარი, ჯარჯი, კაი მუტრუკი, დათვივით ბიჭი იყო, გაოგნებული დარჩენილა ბაშეს ძალის შემხედვარე.

 

მანამდე, თურმე ოთხი კაცი ეჭიდებოდა და ვერაფერი გაუწყვიათ ჭაობში მუხლებამდე ჩამჯდარი ცხენისთვის.

 

ასაკიც რაღაც იდუმალი ჰქონდა, უფრო სწორედ, ვერ გაიგებდი, რამდენი წლის იქნებოდა. ლაშარმა კი ჰკითხა ერთხელ, მაგრამ ტაჯიკმა ისეთი პასუხი გასცა, გურჯინთახი გაოგნებული დარჩა. ვიქნები ასე ორმოცი, ორმოცდაათისო. ეს იყო და ეს, სხვა არც არასდროს უთქვამს არაფერი. ნინო მოზმანაურის და ლაშარის ქორწილი, დიდი ზარზეიმით აღნიშნა ზვიადმა. ეტლით მიიყვანა მცხეთის სვეტიცხოველში. თვითონ მართავდა ნეფე-დედოფლის ეტლს, რომელშიც ლაშარის საყვარელი ცხენები იყვნენ შებმულნი.

 

მხოლოდ ლაშარის სანაქებო თუშურა აღარ იყო ცოცხალი. თინათინი ბედნიერი იყო, შვილის სახეზე სიხარულს რომ ამჩნევდა. ნინო მოზმანაური ძალიან ლამაზი იყო. ლაშარს ცოტა უკვირდა კიდეც მისი იმდღევანდელი მშვენიერება, აქამდე ასეთი არასრდროს ენახა ნინო. ხევსურეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ოთხი ცხენი ჩამოეყვანათ. ხევსურული ნაჭრები, ვერცხლისგან დამზადებული ფარ-ხმალი, ფაფახები, ჯიხვის რქის ყანწები, ღვინის ოქროს თასი და ბიბლია გამოატანეს მშობლებმა თავის ქალიშვილს. ნინოს მამა ახოვანი, მხარბეჭიანი ვაჟკაცი იყო, ალბათ, ზვიადზე ცოტა უმცროსი იქნებოდა.

 

დედა გარდაცვლოდა საპატარძლოს. ქისტების სოფელში ერთი ღონიერი ახალგაზრდა ცხოვრობდა. ყველა მის ჯანზე და მოხერხებულობაზე საუბრობდა. ნინოს მამა, ზაქარია გიჟს გავდა, იქნებ სადმე გადავეყარო ქისტ გოლიათს და ბეჭებზეც დავდოო, მაგრამ მათი შეხვედრა არა და არ მოხდა. ზაქარია ღმერთს ევედრებოდა, სადმე საშუალება მომეცი შევხვდე და დავამარცხოო. ცირა გიგაური, ნინოს დედა, სათევზაოდ გაჰყოლია მდინარეზე ხევსურ მეკალმახეებს. ნინო მაშინ სამი – ოთხი წლის თუ იქნებოდა.

 

ხევსურეთში და მთელ ქისტეთის მთაში განთქმული იყო, მზის ქალიშვილსაც კი უწოდებდნენ მზეთუნახავ ცირას. მდინარესთან მისვლისას მეკალმახე ხევსურები დაფრთხნენ, იმხელა ბიჭი ბანაობდა წყალში. უკან ხომ არ გამოიქცეოდნენ საქართველოს მთების შვილები და თევზაობის სამზადისს შეუდგნენ. ბადის გაშლა რომ დაიწყეს, ბიჭმა შეამჩნია ხევსურები. წყლიდან ამოვიდა და წითელი თმა ეცა თვალებში, როგორც ხარს მატადორის აფრიალებული წითელი ნაჭერი. გაოგნებული უყურებდა ბიჭი ნინოს დედას, ბოლოს იქითა ნაპირზე გადაცურა და მეთევზეებს წარუდგა, «მე ვარ ხასირა და ეგ გოგო ჩემი იქნების, სჯობს გამეცალოთო».

 

  ამის მეტი არაფერი უთქვამს ახალგაზრდას. ხასირა რომ გაიგონეს ხევსურებმა, შედრკნენ, მიხვდნენ ინ ქისტ გოლიათთან ჰქონდათ საქმე, მთელი მთა და ბარი რომ მის ძალაზე საუბრობდა.

 

რა ექნათ ხევსურებს, ზაქარიასათვის რა პასუხი გაეცათ, ისედაც ცოლის დიდი თხოვნით და ხევსური მეთევზეების დიდი ხვეწნით გაუშვა მეუღლე მდინარეზე. ასე დაუბარა, «აბა თქვენ იცით, სამი კაცი ხართ და გაუფრთხილდით ჩემს ცოლს, როგორც თქვენს დასო». სამივე ერთად ეცნენ თავხედ გადამთიელს, მაგრამ, სულ რაღაც ხუთ წამში, სამივე მდინარეში ჩაახრჩო ხასირამ. ხევსურების უსულო გვამები მდინარემ წაიღო.

 – ჩემი ქმარი მოგკლავს!  – ამის დაძახება მოასწრო დაუცველად დარჩენილმა ცირამ და გონებაც დაკარგა. ხასირამ ხის ტივზე დააწვინა გონებაწართმეული ცირა და მდინარის მეორე ნაპირზე გადაიყვანა.

 

 დაღამდა და ნინოს დედა არსად ჩანდა. ბრდღვინავდა გაცოფებული ზაქარია. ხმლით ხელში ბოლთას სცემდა, თან მეკალმახეებს სულ დედის სულს აგინებდა.

 

ვერავინ ვერ ეკარებოდა ახოვან, მარტო დარჩენილ ქმარს.

 

 – წამომყევით თქვენი ოხერი დედა ვატირე,  – შეუძახა მეზობლებს და ცხენს შემოახტა. გული უგრძნობდა, ქისტების ხელი ერია ამ მუხანათობაში. ისეთი სიძლიერით ურტყამდა ცხენს, ცხოველს კინაღამ ნეკნები დაებზარა. მდინარესთან რომ მივიდა და ერთი მეკალმახის სხეული თავგაპობილი მდინარის ქვიან ნაპირზე დაგდებული ნახა, დარწმუნდა, ქისტების ნახელავი იქნებაო, აბა, სასიკვდილოდ ვინ გაიმეტებდა ქართველებსო.

 

 – ვაჰ, თქვენი!  – დაიგმინა ზაქარიამ და ცხენითურთ შევარდა დამშრალ მდინარეში. მწვანე მთებს, ხის სახლებს, ხევსურულ-ქისტურ კოშკებს, ცხვრების ფარას და რას აღარ გადააწყდა, მაგრამ ცირა არსად ჩანდა. მიწამ ჩაყლაპა ზაქარიას ცოლი. ბოლოს ბოლი დაინახა, კოშკიდან ამოდიოდა, იფიქრა ცოტა ხანი შევალ, დავისვენებ და მერე განვაგრძობ გზასო.

 

ქისტებთან სტუმრად ადრეც ყოფილა და სტუმართმოყვარეობა არასდროს მოუკლიათ მისთვის.

 

– მასპინძელო! გამოდი, სტუმრები მოგადგნენ კარზე!

 

 კარი გაიღო და გოლიათი გამოვიდა კოშკიდან. ზაქარია თვალებჩასისხლიანებული უყურებდა უზარმაზარ მასპინძელს. მასპინძელმა გაიცინა, მერე დანარჩენ მხედრებს გადახედა და ზაქარიას მიმართა:

– შენი ცირა ჩემთან არის. იცოდე, ჩემი მოკვლაი მოგიწევს მის წაყვანაზედაო, – ეს თქვა და კოშკიდან თოფები გადმოყვეს მეციხოვნე ქისტებმა – თუ გსურია შევებრძოლოთ ხევსურო და ვინც მოიგებს, მისი იყოს დიაცი.

 

 ზაქარიას სისხლი მოაწვა კისერში, მაგრამ სხვა გზა არ იყო, რადგან ქისტი მეციხოვნეების სიმრავლეს ვერ აუვიდოდნენ ხევსურები. ვერცხლის ხმალი ამოაძრო ქარქაშიდან ხევსურმა, ქისტების და ხევსურების წრეში შევიდნენ მებრძოლები. ზაქარიამ შეხედა ქისტს და სანამ სასიკვდილოდ შეებმეოდა ჰკითხა.

 

 – რა გქვია?

 

 – ხასირა მქვია!

 

 ზაქარიას ნატვრა უსრულდებოდა, დიდი ხნის ნატვრა, მასთან შეყრის, მაგრამ ის ჭიდაობას, ხელით ორთაბრძოლას ოცნებობდა და არა სისხლის დაღვრას, მაგრამ ახლა ხასირას სისხლი სწყუროდა. დიდი იყო ფიზიკურად ნინო მოზმანაურის მამა, მაგრამ ამ ქისტ გოლიათთან ლილიპუტივით გამოიყურებოდა.

 

გაცოფებული წამოვიდა ქისტი, ზაქარიამ ფარი დაახვედრა მის მახვილს. ცეცხლი ისხლიტავდა ორივე მებრძოლის მახვილს და ფარს. ქისტები რაღაცას ყვიროდნენ, ქისტურად ამხნევებდნენ თავიანთ მებრძოლს. ხევსურები გაშეშებულნი მიშტერებოდნენ ზაქარიასა და ხმას არავინ იღებდა. ვერ აჯობა ქისტმა ხმალაობაში ხევსურს და ხმალიც გააგდებინა ხევსურმა წამებში. ხევსურებმა ტაში შემოსცხეს ზაქარიას გასამხნევებლად. ხასირა გაშეშდა, საბოლოო სასიკვდილო დარტყმას ელოდა ქართველისგან.

 

თვალები დახუჭა და თავი ცისკენ ასწია. ზაქარიამ ხმალი გადააგდო გვერდზე, ხალხი გაოცებული უყურებდა მის მოქმედებას, თითქოს სიჩუმის ჟამი დადაგაო ქისტეთში, ისეთი დუმილი გამეფდა. Oცნება, ოცნებააო, ზაქარიამ და ხელით შეება გოლიათ მოწინააღმდეგეს. ხასირამ ხელში აიტაცა ზაქარია, მაგრამ ქართველი ჰაერში დაუსხლტა. იმხელა მთას ებრძოლებოდა, მიხვდა ხევსური, ვერ მოვერევიო. როგორც ზვავიან მთასთან ვერას გააწყობს მთასვლელი, ისეთი უძლური იყო ხასირას წინაშე.

 

კისერში სწვდა ზაქარია, მაგრამ ხორცის ნაცვლად, ლოდი დაუხვდა.

 

ხასირა დაღლილი ჭიდაობდა, ოფლი წყალივით მოსდიოდა, თვალები ჩაწითლებოდა. ამდენი ხანი არავის გაეძლო მისი გოლიათი ხელებისთვის. ჭიდაობის დროს ქისტებმა კოშკიდან გამოიყვანეს ცირა. კლდეებისკენ მიყავდათ გაკოჭილი დიაცი. ხევსურებმა იფეთქეს, მაგრამ წესები უკვე დაწესებული იყო, და ქართველები ამაზე თვალს ვერ დახუჭავდნენ. ჭიდაობა, ჭიდაობას ნამდვილად არ ჰგავდა, ეს უფრო ხარების შერკინება იყო. ქალისთვის თავდადებული ორი მთის შვილი, ერთმანეთს ერთ გოჯსაც არ უთმობდა და მათ მიერ დაყენებული ბდღვირი ნისლად ედებოდა მთელ ქისტეთ-ხევსურეთს.

 

მუხლები დაეფლითა ზაქარიას, ძლივსღა იდგა ფეხზე, მაგრამ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა თავისი ქალისთვის. ბოლოს ხასირას გოლიათობამ თავისი გაიტანა და მუხლებდაფლეთილი და კუნთებდაწყვეტილი ხევსური ბეჭებზე დასცა. სიხარული არ გამოუხატავს ქისტს, გაკვირვებული და ცოტა არ იყოს აღტაცებულიც უყურებდა ღონემიხდილ ზაქარიას. მოულოდნელად მხრებში გაიმართა გამარჯვებული და ხელები მაღლა ასწია გამარჯვების აღსანიშნავად. ქისტების რიგში ალაჰის დიდება და ტაში გაისმა. მთებს გუგუნის, ყიჟინის, დოლების ხმაურის ექოსგან გააჟრჟოლა. ძაქარია, თვალებაცრემლებული, ხევსურების რიგში მდგომ გაფითრებულ ბავშვობის მეგობარ, გულდას უყურებდა.

 

თითქოს, რაღაც უნდა მომხდარიყო, ამ ყიჟინაში, ხმაურში. თვალის დახამხანებაში გულდამ ხმალი იშიშვლა ქარქაშიდან, ხასირა მოატრიალა და ისეთი სიძლიერით გაუყარა მუცელში, მეტალმა ქისტის უშველებელი სხეული შუაზე გაჭრა. მერე ხევსურებს მოუტრიალდა და დასჭექა – ამათი წასართმევი ქალი სად არს ხევსურნოო!

 გაგიჟებით ეკვეთნენ ერთმანეთს მთის ვეფხვები. ზაქარიამ რამდენიმე ქისტი უსულოდ დააგდო და ცირასკენ დაიძრა სირბილით. ქისტებმა კლდეზე გაიყვანეს ქალი. ზაქარიას გასძახეს, მათკენ მორბენალი რომ დაინახეს:

 

 – ვერ გეღირსების, ღორის ნაშიერო! – ეს შეუძახა ქისტმა და ქალის სხეული კლდიდან გადაუშვა. ძლივს გამოაღწიეს ოთხმა ხევსურმა ქისტების მიდამოდან. დანარჩენი ოცი კაცი მიწას მიებარებინათ მუსულმან მთის ვეფხვებს.

 

 – მაპატიე ზაქარ, მაგრამ ჩვენ ქალს ვერას დავთმობდით. მეც მომწონდა ხასირ ვაჟკაცი, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

 

 – ვიცი, – უთხრა გულდას ზაქარიამ და აქეთ ნუგეში მისცა, მხარზე ხელის დარტყმით. სხეულიც ვეღარ დაიბრუნეს ხევსურებმა ცირასი, მხოლოდ მოგონებაღა შემორჩა იმ ულამაზესი წითელთმიანი ქალისა. ზაქარია ერთი კვირა დაჭრილი ვეფხვივით ღრიალებდა თავის ოთახში ჩაკეტილი. ცოლი აღარ შეურთავს ხევსურს. მუდამ ცირას ხსენებაში იყო, შეღონებული.

 

 ლაშარის და ნინოს ჯვრისწერა მცხეთაში გაიმართა. ზაქარიამ ის ვერცხლის ფარ-ხმალი გადასცა თავად სიძეს, ხასირასთან რომ აჯახუნა ბრძოლაში.

 

ნინოს მეჯვარეები ლიდა და თინიკო იყვნენ. გულდას არ მოეწონა ლაშარის ხელისმომკიდე. ზაქარიას ეუბნებოდა, ეს სირისტიანი ბიჭი ვინ არისო. ზაქარიამ ხელი დაადო მხარზე, ღვინისგან გათამამებულ მეგობარს.

 

 – არა უჭირს, რა გინდა, გულდა, რას ჩააცივდი.

 

 გულდამაც თითქოს დაიმორცხვა და თავი ჩახარა. ბაჩი ამილახვარი იყო ლაშარის მეჯვარე, სანდრო ამილახვარის უმცროსი ვაჟი. ლაშარს შავი ჩოხა და შავი ახალუხი ეცვა, პატარძალს ჯვრებით მოქარგული ხევსურული კაბა. ზაქარიამ ჩააცვა ერთადერთ შვილს თავისი დედის, ცირას ნაცვამი კაბა.

 

ზაქარიას და ცირას ჯვრისწერის დროს, ცირას ეს კაბა ცმია. სუფრა ქსანში გაიშალა. უამრავი ხალხი იყო, ბარათაშვილები, ციციშვილები, ამილახვრები, ერისთავები, მაჭავარიანები, ყველა ბედნიერებას მოეცვა. ზვიად გურჯინთახი და ზაქარია ერთად ისხდნენ სუფრაზე. ნახვისთანავე გამონახეს საერთო ენა. ზვიადი წამოდგა, მთელი სუფრა გააჩერა და გენერალ სახუროვის ხსოვნისა იყოსო. უკმაყოფილოდ გადახედეს თავადებმა ერთმანეთს, არცერთს არ სურდა რუსი გენერლისთვის ჭიქა აეწია, მაგრამ ზვიადმა მეორედ უფრო ხმამაღლა წარმოთქვა გენერლის სადღეგრძელო და სტუმრებს შანსი არ დაუტოვა ურჩობისთვის.

 

 – მე რუსის დიდებისას არ დავლევ! – წამოხტა ხევსური გულდა სუფრიდან.

 

ზვიადმა შუშის თვალებით შეხედა გალეშილ სტუმარს და მშვიდად, სკამისკენ მიუთითა ხელით, დაჯექიო.

 

 – მე ბრძანებებს არ ვასრულებ! – დაიყვირა გულდამ და ზაქარიასაც ხელი ჰკრა, რომელიც აწყნარებდა მეგობარს.

 

– მე რუსის სადღეგრძელოს არ დავლევ, – კიდევ შეუბღვირა ხევსურმა ზვიადს. გურჯინთახმა რევოლვერი დაადო შუბლზე გულდას და ეს ისე სწრაფად გააკეთა, ვერავინ ვერაფერი მოასწრო.

 

 – მაშინ გაეთრიე ჩემი სახლიდან!  – იღრიალა და ჩახმახი გადმოსწია. ზაქარიამ გულდა გაარიდა ზვიადს და მის ადგილზე დადგა. რევოლვერის ლულა ახლა მის შუბლზე იდო.

 

 – ჩემი ძმადნაფიცია თავადო. ჩვენი შვილების სიყვარულის გულობაზე არ ღირდეს იქნება სისხლის დაღვრა.

 

 – მე აქ არ გავჩერდები! – დაიყმუვლა გულდამ და სუფრიდან გავიდა. ყველა სულგანაბული უყურებდა ამ საშიშ სანახაობას. ლაშარიც გაქვავებული იყო და ნინოც.

 – დავლიოთ!  – სთქვა ზაქარიამ და ღვინის ჭიქა ერთი გადაკვრით დალია.

 

გურჯინთახს, მართალია, რევოლვერი დაშვებული ჰქონდა ზაქარიას შუბლიდან, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა. თავისი ჭიქა წაქცეული იყო და ზაქარიამ თავის ხელით მიაწოდა ახლიდან ავსებული. ზვიადმა დალია და დაჯდა. გონებაში სახუროვის სახე უტრიალებდა. ჩუმად იყო თავადი. მოსკოვის სისხლიან ქუჩებს იხსენებდა, იმ შავგვრემან ქართველს, ერთგულ ბაშეს, რომელიც ასე მოულოდნელად გამოეცხადა იმ ჯოჯოხეთში. მაინც ვერ პატიობდა თავის თავს, როგორ ვერ გაბედა სახუროვის გვერდზე სიკვდილი.

 

თუმცა, ამ სინანულს ახლა აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ვეღარც სახუროვს დააბრუნებდი და ვეღარც 1917 წელს. მამა ზენონი ლაშარის გვერდით იჯდა, გახარებული და ამაყი. სწორედ თვითონ უბიძგა პატარა გურჯინთახს, ხევსური გოგოები ჩამოვიდნენ და რამე იაქტიურეო. ლაშარი მთელი ცხოვრება მისი მადლიერი იყო, შენ რომ არ,ა ვიღაც გონჯ თავადის ასულს მომიყვანდა მამაჩემი ზვიადიო.

 

 ქორწილმა მშვენივრად ჩაიარა. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, ჯვარი ნეფე-დედოფალს მამა ზენონმა დასწერა. ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, ერთი ზვიადის და გულდას უსიამოვნო შეჯახება იყო, მძიმე გასახსენებელი.

 

 ჩაეშვა მზე ისევ მთებს შორის. ქსანში წყვდიადი მოვარდა და მთელი მინდვრები დააბნელა.

 

ფოთლები ჩაცვივდა მდინარეში. მალე ზამთარი დადგებოდა, საღამოებს გაყინავდა და მიწას თოვლს დააფარებდა. სტუმრები წასულიყვნენ. რამდენიმე კაცის გარდა გურჯინთახებთან არავინ იყო. ცხენის ჭენებამ გაარღვია დამდგარი სიჩუმე.

 

გულდა ჩამოხტა ცხენიდან და მარანთან დამდგარ ზვიადს მიუახლოვდა.

 

 – მოვედი . . . ბოდიშს გიხდი! – თქვა და ხანჯლით ხელი გადაისერა. მერე ჭრილობაზე ხელი დაიფარა, ზაქარიას შეხედა და ისევ ცხენს შემოატხა. თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა გულდა ქსნის ხეობის მთებში. ყველაფერი დადუმდა, დუმდნენ ზვიადიც და ზაქარიაც. ქორწილი დამთავრებულიყო.

 

ფილოსოფიის სწავლა უკვირდა ზვიადს შვილისგან. მუდამ მხედრობას და მეომრობას ვასწავლიდი და საიდან სად მივიდაო.

 

ბაშე აგულიანებდა მამას, ლაშარი ნაპოლეონის ცხოვრებას არ ეშვება და დღესაც მაკითხებსო. ჩემი წაკითხულის მოსმენა უყვარსო. მხედრობასაც კარგად ასწრებს, ფილოსოფოსების კითხვასაც და ვაჟკაცობასაცო. ბაშე მართალი იყო, ლაშარი სანაქებო კაცი იზრდებოდა. აი, ჟოზეფინას საქმე ვერ იყო კარგად. უმეგობროდ დაეხეტებოდა თავისი სახედრით. «შეშლილი გურჯინთახის გოგო მოდისო», სულ ამას გაიძახოდნენ მეზობლები.

 

ბაშე მაინც დასდევდა კუდში ჟოზეფინას და რითიც შეეძლო გვერდში ედგა. ნაპოლეონის ცხოვრებას რომ უყვებოდა ლაშარს, აღარ სურდა ჟოზეფინა დასწრებოდა. უკვე ნაპოლეონი ელანდება ქსანშიო და კიდევ მისი ცხოვრება მოვუყვეო. მაგრამ ჟოზეფინა არ ნებდებოდა. გინდათ თუ არ გინდათ, მე თვითონ ვიცი რაც მარგებსო. ოთახის კარებს უნგრევდა ბაშეს და ძმას, როდესაც წიგნის საკითხავად იკეტებოდნენ. გამიღეთ, თორემ მდინარიდან ლოდებს ამოვიტან და კარს შემოგიმტვრევთო.

 

რაღას გააწყობდნენ, უღებდნენ კარს და ჟოზეფინაც კმაყოფილი სახით ჩამოჯდებოდა ბაშეს ოთახში, მერე ორთავეს გადახედავდა ნასიამოვნები ჩემი ხომ გავიტანეო და სმენად გადაიქცეოდა.

 

 “ნაპოლეონის გამარჯვება ტულონიდან დაიწყო. უფრო სწორად, გამარჯვებები. კორსიკიდან დაბრუნებულს ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჰყავდა. დედისა და და-ძმის რჩენა მას დააწვა კისერზე. საცოდავად გამოიყურებოდნენ თვითონაც და ოჯახის წევრებიც. გაჭირვებამ რამდენიმე ხანს გასტანა და ბოლოს, როგორც ძლიერ ადამიანებს სჩვევიათ, ნაპოლეონმაც სძლია გაჭირვებას. ამბოხმა იფეთქა ტულონში.

 

ფრანგები ვერაფერს უშვებოდნენ ამბოხებულებს. უშვებოდნენ კი არა, ერთი ბრძოლა წაგებულიც ჰქონდათ. ამბოხებულებს ინგლისის ფლოტიც ეხმარებოდა. ნაპოლეონი მივიდა ფრანგებთან და გეგმა შესთავაზა, რომელიც ტულონის აღებით სრულდებოდა. ყოყმანობდნენ ფრანგები, ეს ვიღაც კაპიტანი ვინ ოხერია, საერთოდ საიდან გაჩნდაო. ფრანგების რიგებში ერთი კორსიკელი იყო. ნაპოლეონი მას იცნობდა, რადგან კორსიკელ პაოლოსთან ბრძოლებში ერთად იდგნენ გვერდი-გვერდ.

 

ამ კორსიკელს სალიჩეტი ერქვა. სალიჩეტმა დაახასიათა მისი თანამემამულე და ბრძოლის სადავე ერთი შეტევის ცდით ნაპოლეონს ჩააბარეს. კორსიკელმა ზარბაზნები დაუშინა ინგლისელთა ფლოტს და ტულონი ისევ საფრანგეთს დაუმორჩილა. 1793 წელს, 17 დეკემბერს, ნაპოლეონმა პირველი გამარჯვება იზეიმა. ოგიუსტ რობესპიერმა ნაპოლეონის გვერდში დგომა ყველას დაანახა, იგი მაქსიმილიანეს უმცროსი ძმა იყო. ნაპოლეონის სახელი ყველგან მეხივით გავარდა. ოცდაოთხი წლის ახალგაზრდა გენერალი გახდა.

 

მაგრამ გამარჯვებას დაცემაც მოჰყვა, შიგნით არეულობა მძვინვარებდა, ნაპოლეონს კონფლიქტები ექმნებოდა ყველა სამხედრო პირთან. ბოლოს გადადგა კიდეც და ერთი წელი ისევ ღრმა გაჭირვებაში იცხოვრა. თუმცა, ცოტა ხანში კვლავ აღადგინეს. საფრანგეთში საზოგადოება ორად იყო გაყოფილი, ზოგი მონარქიის მომხრე იყო, ზოგი რესპუბლიკის. ნაპოლეონი მაინც რესპუბლიკის მომხრე იყო, რადგან მეფობის პერიოდი და მისი უსამართლობა კარგად ახსოვდა. ბარასი რესპუბლიკის დირექტორი ხდება, თუმცა მის წინაშეც არ წყდება გამოსვლები. აჯანყების შუა ქარ-ცეცხლში ნაპოლეონს უხმეს და ჰკითხეს, რამე გეგმა ხო მარ გააჩნდა.

 

ნაპოლეონმა მოითხოვა, რომ თუ ის ხელს მოჰკიდებდა აჯანყების ჩახშობას, სხვა არავინ უნდა ჩარეულიყო მის საბრძოლო გადაწყვეტილებებში. “გამარჯვება ყველაფრის ხარჯზე”, ეს იყო მისი დევიზი. 1795 წელს გამარჯვება ნაპოლეონს შერჩა ხელში. არტილერიამ თავისი გაიტანა და აჯანყებულთა ოცდაოთხათასიანი ჯარი, ნაპოლეონმა, ექვსი ათასი კაცით გაჟუჟა. იგი საფრანგეთის რესპუბლიკის დირექტორმა ბარასმა, თავისი სამხედრო ნაწილების – პარიზის გარნიზონის უფროსად დანიშნა”.

 

 ზეპირად იცოდა ლაშარმა ყველაფერი ნაპოლეონის შესახებ, მაგრამ ზედიზედ აკითხებდა ბაშეს მის ცხოვრებას. ჟოზეფინამ სახედარი შეკაზმა და გასამგზავრებლად ემზადებოდა.

 

 – საით გაგიწევია? – ჰკითხა ბაშემ.

 

 – აქვე ჩავირბენ, ჩივაძეებთან, და ამოვალ, – მიუგო გოგომ.

 

 – კარგი, ოღონდ მალე ქენი, მამაშენი არ ანერვიულო, – გასძახა ბაშემ, ღობეს გაცდენილ გურჯინთახთა ასულს.

 

 ბაშეს იშვიათად თუ ვინმე მოატყუებდა, იშვიათად კი არა, ეს თითქმის შეუძლებელიც იყო, მაგრამ ამჯერად ჟოზეფინამ მოატყუა და ჩივაძეების ნაცვლად ტყეში გადაუხვია სასეირნოდ. ხშირად აკეთებდა ამას ჟოზეფინა, თითქოს ბუნებაში განმარტოებით შვებას პოულობსო.

 

ტყეში თავის ოცნებას მიჰყვებოდა და იქ ხელს არავინ, არაფერში უშლიდა. სახედარ ბონაპარტსაც თავის ფიქრებს ეჩურჩულებოდა და თითქოს გულზე მოეშვებოდა წლობით გადანახული საიდუმლოების სახედარისთვის განდობისას. მეგობრის არყოლას განიცდიდა, მაგრამ ერთი ორი მეგობარი მაინც გამოენახებოდა ქსანში. პირველი თამარა იყო, ხოლო მეორე ქათისა ამილახვარი, სანდრო ამილახვრის უფროსი შვილი. ქათისა, მართალია, მასზე რამდენიმე წლით უფროსი იყო, მაგრამ ერთმანეთს მაინც უგებდნენ. ცუდი ის იყო, რომ ხშირად ვერ ნახულობდნენ ერთმანეთს. ქათისა სწავლობდა და ახლად გახსნილ უნივერსიტეტში ლექციებს არ აცდენდა.

 

ჯავახიშვილი უკითხავდა ამილახვრების გოგოს საქართველოს ისტორიის ლექციებს და ლექტორზე უზომოდ შეყვარებული გოგო ბეჯითად დადიოდა უნივერსიტეტში. სახლში აღტაცებული ბრუნდებოდა და ოჯახის წევრებს თავის განცდებს უზიარებდა. შეყვარებული არ ჰყავდა ქათისას, მაგრამ დიდად არც განიცდიდა, რადგან საქართველოს ისტორიის სიყვარული ავსებდა მის ახალგაზრდა გულის უჯრედებს. ჟოზეფინას მეგობრობას დიდად არ ჩემულობდა ამილახვარი, მაგრამ სამაგიეროდ ჟოზეფინა ამბობდა ყველგან მათ მეგობრობას, თითქოს იმის დასამტკიცებლად, რომ უმეგობრო არ იყო.

 

 – ჟოზეფინა! ჟოზეფინა! – მოესმა უკნიდან გურჯინთახის ასულს. მოტრიალდა მშვიდად, რადგან ბაშე მკითხავი ეგონა, მაგრამ უეცრად ის მხედარი ამოიცნო ექიმთან რომ შევარდა. ისევ ნაპოლეონის ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. მხედარი გიჟივით მოაქროლებდა ცხენს მისკენ.

 

ჟოზეფინას გული გასკდომაზე ჰქონდა, მაგრამ თავი დაიჭირა და მხედარს დაელოდა.

 

რა იყო ეს, ნაპოლეონი, ვიღაც კაცი, თუ მოჩვენება? ეკითხებოდა ჯოზეფინა თავის თავს ისე, როგორც ექიმები თბილისის ფსიქიატრიულში. მხედარი ელვის სისწრაფით მიუახლოვდა და მათრახი გადასცხო ჟოზეფინას სახედარს. სახედარი დაფრთხა, ტლინკები აყარა და გურჯინთახი ძირს ჩამოაგდო. ჟოზეფინას გული წაუვიდა და თვალები რომ გაახილა, უკვე თავის ოთახში იწვა. ოთახი აჭრელებული იყო ბონაპარტის სურათებით, თითქოს სურათებიდან უცინის და თვალებს უბრიალებსო.

 – სურათები მოხსენით, გთხოვთ, დედა, სურათები მოხსენით!

 

  ნაფიტა და ჩუხა ეცნენ სურათებს და ჩამოხსნა დაიწყეს. მალე ოთახი ცარიელი იყო, მხოლოდ საქორწილო კაბა ეკიდა, ჟოზეფინას მომავალი ქორწილისთვის.

 

 – რა მოხდა, თქვი შვილო, – ეკითხებოდა საგონებელში ჩავარდნილი თინათინი – რა მოხდა, ჟოზეფინა გვითხარი.

 

– დედა, მიშველე – წამოხტა გოგო და მუხლებზე დადგა საწოლზე, – მიშველე მამა ზენონ, ილოცე ჩემთვის, – ტიროდა ჟოზეფინა, – მამა, რატომ დამსდევს ნაპოლეონი, მითხარი მამიკო, მითხარი, – ისტერიკაში იყო გურჯინთახთა ქალიშვილი.

 

 – რა ვქნათ ექიმო? – ეკითხებოდა ზვიადი ექიმს, რომელიც თავმოჭრილი ნახა ჟოზეფინამ – მითხარი ექიმო, რა ვქნა? – ექიმი ჩაფიქრებული იდგა.

 

საქმე აშკარად ფსიქიურად აშლილ პაციენტთან ჰქონდა.

 

 – თბილისში უნდა დავაბრუნოთ, ფსიქიატრიულში. ალბათ სამი თვე მაინც მოუწევს იქ გაჩერება, შემდეგ ფსიქიატრები იტყვიან დანარჩენს. დამიჯერეთ ასე აჯობებს, დამიჯერეთ, – დაასრულა ექიმმა.

 

რა უნდა ექნა ზვიადს, ექიმის გადაწყვეტილებას ყველა ერთხმად დაეთანხმა და ჟოზეფინაც გაგზავნეს თბილისში. თინათინი გაჰყვა შვილს, მაგრამ ფსიქიატრებმა არ დაანებს და შვილთან ერთად არ დატოვეს. დარჩა ჟოზეფინა მარტო, სამი თვის განმავლობაში არავის არ ჰქონდა მისი ნახვის უფლება, მხოლოდ ბაშემ მოახერხა ორჯერ შეღწევა შენობაში. თავზარდამცემი იყო, ჟოზეფინა საზოგადოებისთვის საშიშ ფსიქიურად აშლილებთან ჩაეკეტეს.

 

 მარტოობა. ძნელია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩემთვის ეს გრძნობა თუ მდგომარეობა ძალიან ნაცნობი და ახლობელია.

 

ის გრძნობა და ფორიაქი, რომელიც სხეულს იპყრობს მარტოობის პირველ საათებში თუ დღეებში, მძიმე საზიდია ადამიანისთვის. შემდეგ, როგორც ცხოველებს სჩვევიათ ყველაფერთან შეჩვევა, ადამიანიც მძიმე ჩანთასავით ათრევს თავის ტვირთს. მერე კვერცხის ნაჭუჭი შემოგარტყამს წრეს და თითქოს გიცავს უცხო გარემოსგან და ადამიანებისგან. ფიქრი, ოცნება, სინანული განვლილი ცხოვრების გამო, მონატრება, სიცივე, სიმყუდროვე, თავისუფლება. ეს საოცარი განცდები შენ სხეულში და გონებაში ირევა, ჯერ ერთი მოვა, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე, შემდეგ მეოთხე და ასე შეუწყვეტლად გრძელდება განცდების ესტაფეტა. მხოლოდ ბოლოს, ორი განცდა მძლავრობს და ეს ორი – სიმყუდროვე და თავისუფლებაა. ადამიანი გაჭირვების დროს ბუნებიდან მომადლებულ თავდაცვის ინსტიქტს იმუშავებს.

 

ეს ინსტიქტი დღითი დღე იზრდება. გაჭირვება თავისას არ იშლის და ძალიან მძიმე ხდება, უკვე აუტანელი იქმნება მისი თრევა, მაგრამ გაჭირვებასთან ერთად ინსტიქტი ძლიერდება, რომელიც ნელ-ნელა, როგორც ჟანგი რკინას ისე ხრავს გასაჭირს და შენ ყველაზე ძლიერი ხდები. მთელი მსოფლიო შენია და ერთ ადგილზე უამრავ საოცრებას ნახავ, იმოგზაურებ, იცურავებ, იფრენ და სამყაროს კიდეზეც დადგები. ყველა ადამიანის სხეულშია ეს სასწაული ინსტიქტი, რომელიც სიმარტოვეს ამარცხებს, ყველას შეუძლია მისი ფარად აფარება და ყველას შესწევს ამის უნარი. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია, ზოგი სუსტია, ზოგი ძლიერი, ზოგი გულადი, ზოგი მშიშარა, მაგრამ მაინც ყველა ერთნაირად უნარიანი, უბრალოდ ზოგი ვერ ახერხებს მის გამოვლენას, ზოგი კი ახერხებს. ასეა ყველაფერი, მერე იტყვიან, რომ იმან სიმარტოვეს ვერ გაუძლო, იმან გაუძლო, იმან ვერ ივაჟკაცა, იმან ივაჟკაცა, არადა უბრალოდ ის რესურსი ვერ გამონახა თავის თავში, რაც აუცილებლად მოეპოვებოდა და ვერ მიაგნო. შეიძლება არც მოუძებნია.

 

არისტოტელე ამბობს, რომ სიმამაცე თანდაყოლილი არ არის, რომ ამ თვისებას ადამიანი ცხოვრებაში იძენს და რომ ყველას შეუძლია მამაცი გახდეს, უბრალოდ სწორი აღზრდა უნდა და სწავლა იმისა, თუ როდის რა გააკეთოს და როდის როგორ იმოქმედოს. რა ვქნა ასე წავიფილოსოფოსებ ხოლმე, მაგრამ ჟოზეფინა გურჯინთახის მარტო დარჩენამ სხვა თემაზე გადამახვევინა, თუმცა არც ისე უხეშად, როგორც ვიცი ხოლმე, ჟოზეფინას მარტოობით შეწუხებულმა მარტოობაზე ვილაპარაკე და მგონი მეპატიება.

 

 თეთრი, ყველაფერი თეთრი, ადამიანის სახეები, ექიმები, საწოლები, სკამები, თეფშები, კედლები, წამლები, ხალათები, თეთრეული, კარი. თეთრი იყო ჟოზეფინასთვის ყველაფერი, რადგან სიზმარს რომ ხედავდა თეთრი ფერი ბატონობდა. ოთახში მარტო ჩაკეტეს გურჯინთახი. არ შეშინებია სიმარტოვის, არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილა, არც დედისთვის დაუძახია. იყო თავისთვის და ბიბლია ეჭირა დღე და ღამე. ლაშარმა აჩუქა, სანამ გამოუშვებდნენ თბილისში ექიმის მითითებით.

 

ერთი პატარა ფანჯარა ჰქონდა, რომელიც ქუჩას გადაჰყურებდა. ერთხელ მირზა მოურავი ჩასულიყო დიდძალი ხილით, კომპოტებით და საჭმლით, მისთვის გადასაცემად. შენობას რომ მიუახლოვდა, ვიღაც დაბალმა კაცმა გააჩერა.

 – სად მიბრძანდებით?

 

 – გურჯინთახთან მიმაქვს ამანათი. ნახვას გვიკრძალავენ და იქნებ ამანათით გავახაროთ ბავშვი.

 

 – თქვენ ძველი დრო ხომ არ გგონიათ, მორჩა გენაცვალე თანასწორნი ვართ. ავადმყოფს არაფერი მოაკლდება. ჩვენი მთავრობა ზრუნავს თავის გიჟ მოქალაქეებზე. შეგიძლიათ უკან წაიღოთ ეგ ძღვენი, ან მე დამიტოვოთ.

 

– ეს კაცი ისე სხაპასხუპით ლაპარაკობდა, ძლივს მოახერხეს მისი გაჩერება ეზოში მომუშავე სხვა დაბალმა კაცებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ზედმეტი მოსდიოდა.

 

 რა ექნა საწყალ მირზას, უკან გაბრუნდა თავისი ბარგი-ბარხანით. ზვიადი გიჟს გავდა, ვერაფრით რომ ვერ ეხმარებოდა ქალიშვილს. ამდენი განსაცდელი ერთად დამღლელი იყო ერთი ადამიანისთვის. ჯერ კაცის უეცარი სიკვდილი მის სახლში, შემდეგ “უჩასტოკ”-ში წამება, შემდეგ სახუროვის საზარელი მკვლელობა, შემდეგ . . . მირზა რომ დაბრუნდა და მოუყვა რაც გადახდა, გული დაწყდა ზვიადს, თავის ოთახში შევიდა, სამი დღე არ გამოსულა და არც არავის შეუწუხებია.

 

 – ჟოზეფინა მიიღე შვილიკო წამლები.

 

 ასე აღვიძებდნენ ყოველ დღე ჩვენს ჟოზეფინას.

 

მაღალი ქალი იყო, თეთრი ჰქონდა ყველაფერი, ხალათიც, კბილებიც, თვალებიც, თმებიც. ალბათ სადღაც ორმოცდაათი წლის იქნებოდა. ამბობდნენ მთავარი ექიმიც ეგ არის და ექთანიცო, რადგან მაგის გარდა არავინ ჩანდა გიჟების ოთახში, უფრო სწორად სულიერად ავადმყოფების, გიჟი ცუდი სიტყვაა.

 

მაგდა დეიდა, ყველა ასე მიმართავდა, გვარი არავინ იცოდა, ალბათ არც აინტერესებდათ.

 

 – მოდი, ჩემო გოგო, მიიღე ვიტამინები – და დეიდა მაგდა ფანჯრიდან, უფრო სწორედ ოთახის კარებს რომ ჭრილი აქვს საჭმლის შესაწოდებელი, იმ ჭრილიდან აბებს აყლაპებდა ჩვენს გურჯინთახს. ჟოზეფინა ბიბლიას გვერდზე გადადებდა და მორჩილად მიირთმევდა მიწოდებულს. ასე გრძელდებოდა ერთი თვის განმავლობაში. ჰაერზე კვირაში ერთხელ გაყავდათ, თუმცა არაფერს არ აპროტესტებდა და არაფრით უკმაყოფილო არ იყო, ჩემად იტანდა ღმერთის მიერ გამოგზავნილ განსაცდელს.

ბიბლია ეხმარებოდა ყველაფერში, ლაშარის მიერ გამოტანებული. უყვარდა ლაშარი ჟოზეფინას, როგორც ძმა, რა თქმა უნდა, და როგორც მუდამ მისი გვერდში მდგომი. ერთხელ ჰკითხა ძმას:

 

 – შენ გჯერა ჩემი?

 

 – მჯერა, – უპასუხა ლაშარმა.

 

 – შენ გჯერა, რომ მე მიჭირს, რომ არავინ მეხმარება, რომ არავის ესმის ჩემი, რომ მართლა ვხედავ ნაპოლეონს?

 

 – მე მიყვარხარ და მჯერა, – უთხრა ლაშარმა.

 

 ჟოზეფინასთვის ეს დიალოგი ნუგეშის მიმცემი, იმედის გაღვიძების ერთ-ერთი, ყველაზე დიდი საშუალება იყო, ლოგინში ჩაწოლილს ესღა რჩებოდა გასახსენებლად და გულის დასამშვიდებლად. დამთრგუნველი გარემო იყო საავადმყოფოში. ერთხელ, როდესაც გურჯინთახი სასეირნოდ გაყავდათ, გვერდზე კარიდან ძახილი შემოესმა, შეიხედა კარის სათვალთვალოში და მოკეცილი პატარა გოგო დაინახა, რომელიც ძირს იწვა და კანკალებდა.

 

 – მიშველე, პლედი მომაწოდე, – სთხოვდა გოგონა ჟოზეფინას.

 

 – ახლავე, – უპასუხა და პლედი აიღო თავის ოთახიდან, შემდეგ საჭმლის ჭრილი ჩამოსწია კარებზე და პლედი ჩაუგდო საწყალ გოგოს. გოგონამ აიღო, მერე რაც ძალა და ღონე ქონდა დაიყვირა:

 

 – მიშველეთ, მიშველეთ!

 

 ჟოზეფინას ირგვლივ ექიმები შემოიკრიბნენ, მერე უცებ შედგნენ და ყველამ მარცხნივ გაიხედა, მერე წრე გაშალეს და შუაში დეიდა მაგდა ჩადგა.

 

 – რა მოხდა, მიამბეთ, თუ შეიძლება, – შეეკითხა გოგონას, რომელიც შველას ითხოვდა რამოდენიმე წამის წინ.

 

 – იცით, ჟოზეფინამ ადიალა მომპარა, – დაიჯღანა დაზარალებული გოგონა. მაგდა დეიდა გურჯინთახს მოუბრუნდა, გაუცინა და თავი ქვევით დახარა, რომ ჟოზეფინას თავსთან მმიწვდომოდა.

 

 – შეგცივდათ თავადის ქალიშვილო? – ღიმილით შეხედა ჟოზეფინას მაგდამ და თვალიც ჩაუპაჭუნა, – მესმის თქვენ რომ გჭირდებოდათ, მაგრამ ეს კერძო საკუთრება არ არის, ეს მთავრობას (ხალხს) ეკუთვნის.

 

ამის გამო თქვენ დაისჯებით საკვების შემცირებით და სუფთა ჰაერის შეზღუდვით, ანუ საჭმელს მიიღებ დღეში ერთხელ, ხოლო სეირნობა, ორ კვირაში ერთხელ.

 

 – მე მივაწოდე პლედი, იმიტომ რომ მთხოვა და მე თვითონაც შევამჩნიე, რომ სციოდა. თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს, ქალბატონო მაგდა, – სცადა ნერვების მოთოკვა გურჯინთახის ქალიშვილმა.

 

 – ნუ ტუტუცობთ, ყოფილო თავადო, ჩვენ გვჯერა ამ პაციენტის, იმიტომ, რომ ის არის კეთილშობილი ოჯახიდან, აგრეთვე თვითონაც ზრდილობით აღსავსე ახალგაზრდაა!  – ჟოზეფინას გაეღიმა, ყველამ მის გამომეტყველებას შეხედა, მერე სერიოზული სახე მიიღო, ქალბატონი მაგდა დახარა თავისი თავის ზომაზე და ყურში ჩასჩურჩულა.

 

 – თქვენი დედაც მოვსტყან!

 

 ამ სიტყვების შემდეგ ჟოზეფინას ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დადგა. მაგდა დეიდა მისთვის, მაგდა დეიდა აღარ იყო და გახდა გველეშაპი მაგდანა. სისხლს უშრობდა, აშიმშილებდა, წყლის მიტანას უგვიანებდა, ხოლო ჩამოსულ მშობლებთან ან ვინმე ჟოზეფინას მომკითხავთან იკრიჭებოდა და ფაქიზად ეუბნებოდა.

 

 – თქვენი გოგო გადასარევი პაციენტია, ბატონო ზვიად.

 

 – არ დაუჯერო ამ ნაგვებს! – გადაუჩურჩულებდა ბაშე ზვიადს, – ეგენი სულ ეგრე იქცევიან, მოგაჩვენებენ, რომ ისეთი ღვთისნიერები არიან, ბუზსაც კი არ ააფრენნ.

 

 – შემიძლია მისი ნახვა, ქალბატონო? – მიმართა ბაშემ და რაღაც საბუთი აჩვენა ქალს, – მაგდა გაფითრდა, მერე გაწითლდა, მერე გამწვანდა და ბაშეს ხელით ანიშნა წამომყევიო.

 

 – რა აჩვენე? – ჰკითხა ზვიადმა.

 

 – რა და გენერლის საბუთი, – უთხრა ბაშემ და ცუნცულ-ცუნცულით გაჰყვა მაგდა ექიმს, რომელიც წინ გაუძღვა ჩვენ ტაჯიკ ებრაელს.

 

 ზვიადი გაოგნებული დარჩა, პირველად შეიტყო, რომ ბაშე გენერალი იყო. ამდენი ხანია იცნობს და ერთხელაც არ წამოსცდენია ტაჯიკს თავისი თანამდებობის სიმაღლეზე. ბაშე და გველეშაპი მაგდანა, ანუ ყოფილი დეიდა მაგდა, შენობის მესამე სართულზე ავიდნენ. ზვიადი დარჩა და ორი საათი ელოდებოდა ბაშეს შენობიდან გამოსვლას.

 

ბოლოს დაინახა შორიდან. რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა, ბაშე, მოწყენილი ჩანდა, თუ ეჩვენებოდა გურჯინთახს. იმდენად ღელავდა, რომ შეიძლება, მართლაც ეჩვენებოდა ყოველივე.

 

 – რა ხდება ჩემო ბაშე, სთქვი?

 

 – არაფერი ბატონო ისეთი, ცოტა გამხდარი მომეჩვენა, მეტი არაფერი,  – ზვიადს აწყნარებდა, ბაშე თუ სიგამხდრის გარდა სხვა პრობლემა მართლა ვერ შეატყო ჟოზეფინას, კაცმა არ იცოდა. ასე იყო თუ ისე, გურჯინთახი მისმა სიტყვებმა დაამშვიდაა.

 

 – დაწყნარდი ზვიად, თვენახევარიღა მოითმინე და ჩაეხუტები შენს შვილს, როგორც ლაშარს ეხუტები ყოველ დღე ქსანში.

 

 – წავიდეთ ბაშე!

 

ზვიადი და ტაჯიკი ეტლში ჩასხდნენ.

 

 ბაშე კიდევ ერთხელ იყო ჟოზეფინასთან, ოღონდ ამჯერად ზვიადის გარეშე. შევიდოდა მთავარ ექიმთან, რაღაცას აჩვენებდა და ერთი საათი ჟოზეფინას პალატაში იჯდა, სადაც ცხვირს არავის აყოფინებდნენ. გველეშაპი მაგდანა ისეთი სინაზით იღიმებოდა ბაშეს წინაშე, უსათნოესი ადამიანი გეგონებოდათ. გურჯინთახთა ქალიშვილი მუნჯივით ხმას არ იღებდა და მაგდანასაც, ჟოზეფინას წინააღმდეგ ჩადენილი ყველა საშინელი ქმედება, ხახვივით რჩებოდა.

 

ბაშე ქსანში სულ კარგი ამბებით ბრუნდებოდა, სულ რა, ორჯერ დაბრუნდა თბილისის ფსიქიატრიულიდან ქსანში და ჟოზეფინას სამომავლო გამომჯობინების პერსპექტივებზე ისაუბრა თინათინთან და ზვიადთან.

 

 – დამიჯერეთ, ის მალე დაგვიბრუნდება და ძველი ჟოზეფინა გურჯინთახი იქნება, დამიჯერეთ!

 

 ზვიადსაც და თინათინსაც სხვა რა გზა ჰქონდათ, ელოდნენ და ჯეროდათ. უცნაური ის გახლავთ, რომ გველეშაპ მაგდანას არ გაუცია ჟოზეფინა არავისთან, რომ მან დედის გინებით შეამკო მთავარი ექიმი. ალბათ იფიქრა, ამას ჩუმად მოვუღებ ბოლოსო.

 

 

 

 

წ ე რ ი ლ ი

 

 “ძვირფასო თავადო, გილოცავთ შვილის გაბედნიერებას. თქვენ ღირსი ბრძანდებით ას წალამდე იცოცხლოთ. მაქვს ბედნიერება და საბაბი, რომ დავიტრაბახო თქვენს აღზრდაში მიღებული წვლილით. ვალტერ ჭყონია ვერ არის კარგ დამოკიდებულებაში ახალგაზრდა გემთმშენებელ ნიკოლოზ დიასამიძესთან. რადგან ვიცით თქვენი დამოკიდებულება ამ ახალგაზრდის მიმართ, მოგმართავთ თხოვნით, რომ სასწრაფოდ ჩამოხვიდეთ ავტონომიურ რესპუბლიკა აჭარის დედაქალაქ ბათუმში.

 

მათი დაპირისპირება ზღვარს რომ არ გადასულიყო, თქვენ ნამდვილად არ შეგაწუხებდით. კიდევ ერთხელ გილოცავთ შვილის ბედნიერებას და ბოდიშს მოგიხდით შეწუხებისთვის. თქვენი ღრმად უმორჩილესი”

ბ. წულაძე

 

 ზვიადი აღელდა, შვილი საგიჟეთში მიწევს და ახლა ბათუმში ჩაირბინე იმ გიჟი დიასამიძის და ვალტერას გასაშველებლადო. მაგრამ დიასამიძე ზრდილობიანი ადამიანი იყო, რა უნდა მომხდარიყო მათ შორის ისეთი, ან ნეტავ ვისი ბრალი იყო, ამ ფიქრებში იყო ქსნელი თავადი. წულაძეს მაინც საიდან გავახსენდი, ალბათ ჯგენერამ უთხრა ჩემი მისამართი, ფიქრობდა ზვიადი. ჯგერენა ზვიადის მასწავლებელი იყო.

 

ჯაფარ გურჯინთახმა რომ ზვიადი ბათუმში გაუშვა, მაშინ ზვიადი დაახლოებით თექვსმეტი, თხუთმეტი წლის იქნებოდა. იმ დროიდან ჯგერენა ზვიადის მასწავლებელია. ჯგერენა ბათუმის პორტში ცხოვრობდა, ოთახი ჰქონდა უფროსის კაბინეტის გვერდზე, ცოლიც და ერთი პატარა ბიჭიც იქ ჰყავდა. გამხდარი, დაბალი, ჭაღარა, ულვაშებიანი კაცი იყო. ზვიადს მისგან ერთი წყენაც კი არ ახსოვს ამდენი ხნის განმავლობაში. გიჟდებოდა ჯგერენაზე გურჯინთახი და მის ყველა თხოვნას დაუფიქრებლად შეასრულებდა. ჯგერენა წულაძეს ტყუილა ზვიადის მისამართს არ მისცემდა.

 

ალბათ, რაღაც ცუდი ამბავი იყო მართლა ბათუმის პორტში.

 

 – მივდივარ! – უთხრა თინათინს ერთ დილას.

 

 – ასე სწრაფად გადაწყვიტე?

 

 – კი.

 

 – როდის ჩამოხვალ?

 

 – არ ვიცი.

 

 – აბა რა ვქნა?

 

 – ლაშარი და ნინო სახლში არიან. მირზა, ჩუხა, ქალისა, ჯარჯი, ნაფიტა აქ არიან, რასაც ეტყვი, იმას გააკეთებენ. მე ჩემი ტაჯიკი ებრაელი გამყვება ბათუმში. მოვიწერები თუ შევყოვნდი.

 

 თინათინისთვის ზვიადისგან ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება ახალი არ იყო, მაგრამ ამჯერად რატომღაც გული ცუდს უგრძნობდა. სახუროვის ამბის შემდეგ, უფრთხოდა ზვიადის შორს წასვლას. ეგონა ვინმე არ დაედევნოს, ან არ იცნოს და არ მოკლასო. თინათინმა უკვე იცოდა ზვიადის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ.

 

ზვიადს უთქვამს ერთ ღამეს, როდესაც მოქვითინე ქმარი ცოლმა შენიშნა. ზვიადი განიცდიდა ამ ცოდვას და, სიმორცხვის მიუხედავად, თინათინთანაც აქვს მაგ თაობაზე ცრემლით ნატირი.

 

 ერთხელ, თინათინი მამამისს, გიორგის ჰყავდა წაყვანილი ბათუმში. ღვინო გაჰქონდა თურქეთში და რუსეთში თინათინის მამას. პორტში გიორგის სამი კაცი აედევნა რუსების ჯაშუშები ვართ, თურქეთში შენს გემს გაგვაყოლეო. ერთ მათგანს ფული შეუთავაზებია გიორგისთვის, თუ მშვიდობით გადავალთ ფული შენი იყოსო, სომხებს გავდნენ. გიორგის უთქვამს, ფულს აქეთ გაჩუქებთ, ოღონდ თავი დამანებეთო. იარაღი დაადო ერთ-ერთმა, შენ ვიღაც ნაბიჭვრები ხომ არ გგონივართო.

 – ჩემს გემს გაყვებით! – დაიძახა უცებ ვიღაც ახალგარზრდა ბიჭმა – და გარანტიას მე მოგცემთ ხელშეუხებლობისას.

 

 – თქვენ ვინ ბრძანდებით? – შეეკითხენ გაკვირვებული ჯაშუშები.

 

 – მე ზვიად გურჯინთახი ვარ! – მიუგო ვაჟმა.

 

 ასე ნახა თინათინმა პირველად ზვიადი, ასე მოევლინა საყვარელი მამიკოს გადამრჩენელად.

 

გადამრჩენელი ცოტა გადამეტებული ხომ არ არის? არა, რადგან ჯაშუშების გადაყვანა, მართლა დიდ საფრთხეს უქმნიდა გიორგი მაჭავარიანს. შემდეგ ზვიადი სახუროვთან ჩასულა თბილისში და იქ, ვიღაც სახუროვის ახლად გაცნობილ გოგოსთან ავიდნენ დაბადების დღეზე. იქ ზვიადს თინათინი დახვდა. ზვიადმა ვერ იცნო გოგონა, თინათინმა კი მაშინვე გაიხსენა ახალგაზრდა თავადი. იქ ერთმანეთი გაიცნეს და ზვიადმა მაშინვე შეატყო გოგოს, რომ გულგრილი არ იყო მის მიმართ.

 

 – Записку надо писать,  – ეუბნებოდა სახუროვი.

 

 – რა წერილი კაცო, რის წერილი? – შფოთავდდა ზვიადი.

 

 – Поверь мне  – არწმუნებდა სახუროვი.

 

 – Хорошо, напишу,  – დაითანხმა ერთ დღესაც ზვიადი და წერილის წერას ერთად შეუდგნენ.

 

 “ჩემო თინათინ, მინდა შეგხვდე”

 

 – სულ ეს არის, მეტის დაწერა არ მსურს. არ ვიცი და რა მოვაწერო კიდევ – მხრები აიჩეჩა გურჯინთახმა და წერილი ერთ ქურთს გაატანა ელიაზე.

 

 – თინათინი შენ არის? რომელი არის? – მთელ ხმაზე ყვიროდა ქურთი ბიჭი ელიაზე.

 

 – რა გნებავს ჩემო კარგო?

 

 – თინათინა შენა ხარ?

 

 – დიახ, ჩემო კარგო, მე ვარ.

 

 – მაშ, წერილია და აიღე, – მიაწოდა ქურთმა ბიჭმა წერილი თინათინს, თინათინმა წაიკითხა და ზვიადის ნიშანს დაელოდა. ერთ ღამეს, როდესაც თინათინი სულგანაბული ზვიადს უცდიდა, მის ფანჯარას კენჭი მოხვდა.

 

ეს უთუოდ ნიშანი იყო, თინათინი ჩაიპარა ეზოში და ჭიშკართან არც იყო მისული, რომ სტაცა ორმა კაცმა ხელი და ცხენზე შემოაგდო.

 

 ცხენები გაქანდნენ და თბილისის შუა გულიდან, აზნაური და აწ უკვე ბურჟუა გიორგი მაჭავარიანს, დედა მოსტაცეს. არ ვცდები, მართლა დედამისი იყო და არა თინათინი. ეს იყო ქალბატონი თინათინ მაჭავარიანი, რომელსაც ადრე საყვარელი ჰყავდა, სახელად ზვიადი და სწორედ თურქეთში გადაკაგულ ყოფილ საყვარელ ზვიადს ელოდებოდა, ხელში კი ზვიად გურჯინთახი შერჩა. გამაოგნებელი ამბავი მოხდა, გიორგიმ სამართალდამცავები დაადევნა ზვიადს, ზვიადი დაიჭირეს და სასამართლოც ორ კვირაში დაუნიშნეს. სახლში არ შეატყობინა თავადმა თავის განსაცდელი და ორ კვირას დაელოდა, რომელმაც არც თუ ისე სწრაფად გაირბინა. სასამართლოზე მთელი ელია და მთელი თბილისი იქ იყო.

 

 – ამან, კი ამან, – ხელს იშვერდა სამოცდაათი წლის დაზარალებული ქალბატონი ზვიადისკენ, რომელიც მომღიმარი სახით უყურებდა აჟიტირებულ ქალს – ამან კოცნა დამიპირა.

 

 – დაგიპირათ, თორემ თქვენც ნორჩი გოგონა არ ბრძანდებოდეთ! – შესძახა ვირაცამ სასამართლო დარბაზიდან, სასამართლოში ისეთი სიცილი ატყდა, მოსამართლესაც კი გაეცინა.

 

 – მაშ მოგიტაცეს, რა განზრახვით, დაზარალებულო? – არ ეშვებოდა მოსამართლე.

 

 – ასაწევად თუ გამოდგებოდა კაი სავარჯიშოდ, თორემ, აბა სხვა რა მიზნით უნდა მოიტაცო ესეთი მოხუცი, – სასამართლო დარბაზი კვლავ გაზანზარდა სიცილისგან.

 

 – გეყოფათ!  – ხის ჩაქუჩი დაარტყა, ხალხის გასაჩუმებლად მოსამართლემ – განაგრძეთ დაზარალებულო!

 

 – შემდეგ? მომიტაცეს, ერთი სიტყვით, მეტი რა გითხრათ  – გაღიზიანდა თინათინის ბებია, დიდი თინათინ მაჭავარიანი.

 

 – ტყუილია! – შესძახა ბრალდებულმა ზვიად გურჯინთახმა – თვითონ მოვარდა ჭიშკართან და თვითონ შემოახტა ცხენს, არავის არაფერი დაუძალებია! ახლა მოსამართლე კვდებოდა სიცილით და ხალხი ურტყამდა ჩაქუჩს მოსამართლის დასაწყნარებლად. ბოლოს, როგორც იქნა პატარა თინათინი წარსდგა სასამართლოს წინაშე და სიმართლე თქვა.

 

გაოგნებული იყო ხალხი, გიორგი ცოფებს ყრიდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა და ზვიადმაც თინათინი ცოლად მოიყვანა. Aხლა გურჯინთახებს ცოტა ხნით შევეშვათ, იქნებ რამე საინტერესო ამბავი გავიხსენო.

 

 

 

 

წ ე რ ა

 

VI

 

 წერა ჩემთვის მარადისობაა.

 

მარადიული სულის და ხორცის დასვენება. მე ვისვენებ, როდესაც ვწერ, ოღონდ არა ფიზიკურად, არამედ, არ ვიცი როგორ და რით. თითქოს ის იწერება ფურცელზე, რაც მე სიცოცხლეში ვერ ვთქვი და ვერ მოვასწარი. ძნელია ჩემთვის ლაპარაკი, წერა კი ადვილი. ოღონდ არ გამიბრაზდეთ  – წერა შენთვის კი არა ჩეხოვისთვის იყო ძნელიო.

 

შეიძლება ღირსიც ვარ, მაგრამ ის ჩემში ცოცხლობს და ცხოვრებას მიიოლებს. ერთხელ ერთ კაცს ვერ ავუხსენი ჩემი ტკივილი. არადა, ძნელი ასახსნელი სულაც არ იყო, შემდეგ წავედი და დავუწერე. გაუხარდა, ასე მითხრა, შენ ლაპარაკს გირჩევნია წეროო. ჩეხოვს რაც შეეხება, ის ჩემი უსაყვარლესი მწერალია, რომელმაც ჩემს წერას დიდი სტიმული მისცა. არ შეიძლება დამწყებ მწერალს, ჩეხოვმა სტიმული არ მისცეს. წერა კი, თქვენი თქმის არ იყოს, მართალია ძნელი იქნებოდა მისთვის.

 

არ არსებობს მწერალი, რომელმაც დიდ მწვერვალს მიაღწია, დიდი სიძნელე და წვალება არ გამოევლოს. რა თქმა უნდა, მატერიალურ-ფინანსურ სიძნელეებს არ ვგულისხმობ, სიძნელეებს წერისას. ზემოთ აღვნიშნე, მიადვილდება მეთქი წერა, მაგრამ ლაპარაკთან შედარებით მართლა ეგრე არის, თორემ ძალიან იოლი, ალბათ, არაფერი არ არის. მარინა ცვეტაევა ყოველდღე გაღვიძებისთანავე იწყებდა და სამი საათი წერდა, ოღონდ ეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ისე ექვსი, შვიდი საათი. კონსტანტინე გამსახურდია “დავით აღმაშენებელს” თხუთმეტი წელი წერდა. ნოდარ დუმბაძე “მარადისობის კანონს” ექვსი წელი ფიქრობდა, ხოლო ერთი წელი წერდა. ძნელია, ძალიან ძნელი, მაგრამ თითქოს ყველაფერი ბამბასავით მჩატე ხდება, როდესაც შენ დამთავრებულ ნამუშევარს დახედავ.

 

არ აქვს მნიშვნელობა პოპულარული მწერალი ხარ თუ არა, კარგად იყიდება შენი წიგნები თუ არა, მთავარია დატკბეს ნაშრომით და შეუყვარდეს თავის შექმნილი თუნდაც ორი სიტყვა. ნარცისიზმი მიუღებელია, ან შეიძლება ზოგისთვის მიღებული, მაგრამ, ალბათ, მაინც დამღუპველი. მაგრამ მე ამ გრძნობაზე არ ვლაპარაკობდი, ალბათ, თქვენი შემეშინდა… დიახ, თქვენი, რომ თქვენ რამე სხვანაირად არ გაგეგოთ და მეც თემას ავცდი. საოცრებაა, როდესაც შენ თვითონ სიამოვნებას იღებ შენი ნაოფლარისგან, ამას არაფერი სჯობს.

 

იბრძვი და არ გამოგდის, ქმნი და ინგრევა, ავსებ და იცლება, განადგურებს და გეუბნება, რომ შენ წერა არ შეგიძლია, შენ არაფრის მაქნისი ხარ. ღამეებს დღეები მოსდევს, დღეებს ღამეები და შენ უძლური ხარ დინების საწინააღმდეგოდ იცურო. რაც დრო გადის პესიმისტი ხდები, მერე ოპტიმისტი, მერე ისევ პესიმისტი და ასე გრძელდება შეუჩერებლად. “მუზას დავუცდი”, ესღა გრჩება იმედად, მაგრამ ჩეხოვის არ იყოს, მუზა ისევ ღამეები, ისევ დღეები, ოფლიანობა, წერის დაძალება, ფიქრის, გახსენების, მწერალი ხომ ერთი დიდი მეხსიერებაა, უძილობის დაძლევა, მერე ძილის დაძლევა, მერე სმის, მერე ნარკოტიკების და ბოლოს იქმნება, იწერება და შენდება ის, რასაც ამდენი ხანი ელოდებოდი და რაზეც ამდენი ხანი წვალობდი. შენ ეს ბედნიერს გხდის და ძალას გაძლევს, შემდეგ შენ ღრუბლებში დაცურავ, როგორც ამ საგიჟეში შეყვარებული ადამიანი. აღარ მახსოვს რა ერქვა, მგონი იგორი, ახალგაზრდა რუსი კონორეჟისორი იყო, უფრო სწორედ არის, მეუბნებოდა, რომ გაზეთი სტატიის გარეშე არ გამოდის და ჟურნალისტი ვალდებულია დაწეროს თუნდაც რამე სისულელეო. მწერალს კი არსად ეჩქარება და არც არავინ აჩქარებს, ამიტომ წლობით ვერ ახერხებენ საქმის ბოლომდე მიყვანას.

 

იგორმა ლაპარაკი რომ დაამთავრა, თვალებში შემომხედა და მითხრა, რომ გულით სწუხს, რომ ასეთი მძიმე საქმე ავირჩიე, რომ ასეთი რთული არაფერი არ არის თავს დააძალო საათების და დღეების განმავლობაში რამე მოიფიქრო, გაიხსენო, მოიგონო და დაწერო. მთელი სიცოცხლე გადის, მაგრამ მწერლები უკან რჩებიაბ, წარსულში იქექებიან, თითქოს რაღაც დარჩათ და გაცხარებით ეძებენო, თითქოს წარსული მათი მასაზრდოებელი ელექსირი იყოს, ისე ეწაფებიან. მომავალი კი თელავს ყველაფერს, მოგონებას აქრობს, წარსულს ფლითავს, ადამიანებს ივიწყებს, მაგრამ მწერალი თითქოს იბრძვის ამის აღსაკვეთად და მას ეს გამოსდის, გამოსდის და უკან აბრუნებს წარსულს დროსთან შეუთანხმებლად. დრო და მწერლები ალბათ ვერ რიგდებიან ერთმანეთში. ხან დრო გაასწრებს, ხან მწერალი, ხან დრო და ა.შ. მათი შემრიგებელი კი კაცი არ დადის დედამიწაზე, მუდამ ბრძოლაში იქნებიან, როგორც ძაღლი და კატა. ჩეხოვის “პალატა № 6”, ”ქორწილი”, “სამი და”, “Дама с сабачкой” და კიდევ შესანიშნავი ქმნილებები ჩემი ბავშვობის დიდი თანამგზავრნი იყვნენ და მუდამ ვფიქრობდი, როდესაც დედა მაძინებდა, რომ მეც დავწერდი ოდესღაც და ჩემზეც ეგრე დაფიქრდებოდნენ, დიახ, ეგრე, რადგან ეს ოცნება იყო, და ოცნება თუა ჩეხოვზე უნდა იოცნებო და არა ვიღაცაზე, თუმცა ვირაცაზეც უნდა იოცნებო.

 

მერე მიხაილ ზოშჩენკო და მისი საოცარი მოთხრობები, მერე ტურგენევი, მერე ბუნინი და ეს მე სიცოცხლეს მინათებდა და მითბობდა. მითბობდა იმ კერას, რასაც ჩემი მოგონება და სული ითხოვდა და რაზეც ჩემი პატარა ტვინი იდო და იხრუკებოდა. ვწერდი მთელი ცხოვრება და არაფერი არ დამიწერია, ვწერდი მთელი ცხოვრება და ადამიანებმა არაფერი იციან ამის შესახებ. ძნელიაო მითხრეს და მეც მორჩილად ვიკეტები და ვცდილობ, ამ ძნელი და უმადური საქმიდან რამე გამომივიდეს. აი, ეს არის ხან გამაწამებელია, ხან იოლი, თუმცა ყველაფერი იოლი მაინც ძნელიდან იღებს დასაბამს. ცოტა გრძლად გამომივიდა, მაგრამ არაუშავს, თუმცა რაღა არაუშავს, ალბათ ვერაფერი ვერ გაიგეთ. მოკლედ თუ ვერ გაიგეთ, მე მაპატიეთ, მე ვიყავი ცუდი მთხრობელი და მწერალი.

 უნივერსიტეტში ჩავაბარე.

 

ჩვენ ადრე უნივერსიტეტის პირდაპირ ვცხოვრობდით, მერე როგორც ხდება ხოლმე, ფული გაგვითავდა და იძულებული გავხდით ბინა გაგვეყიდა. სოლოლაკში გადავედით მე და დეიდაჩემი. მშობლები საფრანგეთში იყვნენ, მგონი არც ძალიან უჭირდათ, მაგრამ ჩემი თავი რომ არ ჰქონდათ, ეს ფაქტი იყო. დეიდაჩემი ორმოცდაათი წლის იქნება, შეიძლება უფრო ახალგაზრდა, არ ვიცი, არასდროს მიკითხავს. ქმარი არ ჰყავდა და არც ჰყოლია, შვილი ხომ მითუმეტეს. ვცხოვრობდით მე და დეიდა სოფიკო ორ ოთახიან ბინაში. ისე სოლოლაკი ლამაზი უბანია, ძველი და სიცოცხლის მანათობელი ჩვენი ჩამქრალი ქალაქისთვის.

 

სოფიკო დეიდა მშრომელი ქალი იყო, ჰყავდა მოწაფეები რუსულსა და ფრანგულ ენებში, დადიოდა რედაქციაში და რაღაცეებს ბეჭდავდა, ალაგებდა ჩვენს პატარა სახლს, მიკეთებდა საჭმელს, რომელიც არც ისე გემრიელი იყო, მირეცხავდა ტანსაცმელს და დასვრილ თეფშებს, მაკითხებდა კიპლინგს და მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემს აღზრდაზე ზრუნავდა.

 

უსაქმური ხარო, ბევრჯერ უთქვამს, მაგრამ რა მექნა, სკოლაში სამიანებზე სწავლას ვახერხებდი და სკოლის შემდეგ, ცოტა ჩემი ტვინით, ცოტაც დახმარებით, რა თქმა უნდა დეიდის, უნივერსიტეტშიც შევდგი ფეხი. ბებიაჩემი სულ აღტაცებით მიყვებოდა რა შესანიშნავ დროს ატარებდნენ სტუდენტობის წლებში. მეც ზეპირად ვიცოდი ყველა ამბავი და მეც ერთი სული მქონდა როდის გავხდებოდი სტუდენტი. და აი, დადგა ეს ნეტარი წამიც, მაგრამ სემიჩკის ჭამის და უნივერსიტეტის ეზოში ვიღაცეების რაზბორკების მეტი არაფერი ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, იმდაგვარი არაფერი, როგორსაც ბებიაჩემი მიხატავდა. სახლში ისეთი სახით ვბრუნდებოდი, გეგონებოდათ, კანტივით ადამიანის გონების შესაძლებლობებზე მემუშავა და ახალი “წმინდა გონების კრიტიკა” დამეწერა.

 

წიგნი აიღე ხელშიო, რომ მეუბნებოდა დეიდა სოფიკო, ისე ამოვიხვნეშებდი, მივანიშნებდი წიგნის გარდა ყველაფერს ავიღებ-თქო. რა მექნა, არ მეშვებოდა დეიდა სოფიკო, სულ იმას გაიძახოდა, ჩემთვის სულ ბავშვი იქნები, გინდა უნივერსიტეტში ჩაგიბარებია და გინდა სორბონაშიო.

 

შხა რა გზა მქონდა, კარგი რეპუტაციით ხომ უნდა მესარგებლა დეიდა სოფიკოსთან, მაგრამ როგორ? მისთვის მუდამ უქნარა და უწიგნური ვიყავი. არა და უწიგნურობა რაღაზე დამწამეა, კაცმა არ იცის, მუდამ ვკითხულობდი მის მოცემულ წიგნებს, უბრალოდ, მერე მომიყევიო რომ მეუბნებოდა, ვეღარ ვყვებოდი, მავიწყდებოდა. მეხსიერება მაინც გქონდეს შე ლენჩოო. მეგობრებში არ ვიცი როგორი იყო, მაგრამ მე ხანდახან ფანჯრიდან გადაგდება მინდოდა, მაგრამ მართლა ხომ არ გადავაგდებდი ჩემს აღმზრდელ დეიდას ფანჯრიდან, თან ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ პირველი სართულის ფანჯარას ვგულისხმობ და დიდი-დიდი გვერდი დალურჯებოდა. ვიტანდი ამ მძიმე ყოფას მომთმენი ებრაელი მონასავით. ჩემი და ჩემი მეგობრების ურთიერთობაში არ ერეოდა, მაგრამ გაკვრით მაინც იტყოდა ხოლმე, ეს ოხერი ვინ მომითრიეო. არა და რომ შეხედავდი დათო ცინცაძეს, ოხერს ნამდვილად არ გავდა, უფრო მუდრეგისკენ იხრებოდა.

 

ირაკლი თავართქილაძე კი ნამდვილი ოხერი იყო, ოღონდ დეიდაჩემი მუდრეგს მას ეძახდა, ვალიკოს კი ორივეს, ოხერ-მუდრეგს უწოდებდა. მართალია, ამას ჩემთან იძახდა, მაგრამ ხომ იძახდა. მისი შიშით არც შეყვარებული მიმყავდა სახლში, მართალი გითხრათ, ვერ მიმყავდა, რადგან არ მყავდა და ჩვენს მეეზოვეს ხომ არ მივიყვანდი, მის მაგივრად. დეიდაჩემს ვაბრალებდი, გოგოებთან ესეთი მორცხვი და გაუბედავი რომ ვიყავი, აბა ვინმესთვის ხომ უნდა დამებრალებინა ჩემი წარუმატებლობა «ნაშამორობის» ასპარეზზე.

 

მათემატიკას ხომ ვერ ვსწავლობდი ბავშვობიდან და ახლაც ჭირივით მძულდა. ამბობენ მეხუთე-მეექვსე კლასში კარგად ართმევდი თავს ალგებრასო. სულ იმას ჩამჩიჩინებდა ჩემი მასწავლებელი ლილი, ძნელი არაფერი არ არის, თუ თავიდან მიჰყვებიო. მეც ავიღე და თავიდან მივყევი, მაგრამ სადღაც შუაში გავეკვეხე და მასწავლებლის მოლოდინი და იმედი ვერ გავამართლე.

 

კარგი, მათემატიკა თუ არ გაინტერესებს, რამე სხვა ისწავლეო, მეუბნებოდა დეიდა. ავდექი და ყველა ქვეყნის დედაქალაქი ზეპირად ვისწავლე, მერე ატლასი გადავუშალე დეიდაჩემს თვალწინ და სხაპასხუპით ჩავაბარე ჩემი ნაწვალებ-ნაჯახირალი. სოფიკო დეიდა გახარებული მიყურებდა, ნიჭი აღმოაჩნდა ჩემს ლევანს რაღაცაში მაინცო. აიღო და ერთ გეოგრაფთან მიმიყვანა, უნივერსიტეტში ჩაბარების წინ, თან ისეთი რეკლამა გამიკეთა და ისე დამახასიათა, ეს ჩემი ცოდვით სავსე გეოგრაფი უშველებელი გლობუსით დამხვდა, სტუმრად რომ მივედით. დეიდამ უთხრა, ესეთი ნიჭი მართლა არაფერში ჰქონია და იქნებ ჰკითხოთ რამე, ყველაფერს დაზუთხულს ჩაგაბარებთო. ვიცოდი, გეოგრაფია მარტო ქალაქები არ იყო და დეიდაჩემი ზედმეტად რომ მაქებდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო და მეც შეკითხვას დაველოდე, რომელიც სათვალიან ზედმეტად მოწესრიგებულ გეოგრაფიის მასწავლებელს უნდა დაესვა.

 

 – აბა მითხარი, ლევან მაგმის, იონისფეროს და პარალელების შესახებ რა იცი?

 

რაღა უნდა მეთქვა, დავაღე პირი და ალიყურიც მივიღე ატირებული დეიდისგან.

 

 – შენ მართლა დებილი ყოფილახარ!  – ეს ჩუმად მითხრა და შერცხვენილები სახლში წამოვედით. მერე იმ კაცთან ვიარე გაკვეთილებზე და ცოტა გავერკვიე მაგმებსა და პარალელებში.

 

ჩავაბარე გამოცდები უნივერსიტეტში და თქვენ წარმოიდგინეთ მოვხვდი, შეიძლება ცოტა დამეხმარენ ისტორიასა და გეოგრაფიაში, მაგრამ ქართული გრამატიკა მომკალით და ჩემით ჩავაბარე. ვაჟას “ალუდა ქეთელაური” შემხვდა და რაც მახსოვდა ამ კაცის შესახებ, ყველაფერი დავწერე. შვიდი ქულა მაკლდებოდა მოსახვედრად და მეც წერაში ცხრა ქულა მივიღე და ფეხი შევდგი ჩვენი ცოდნის ტაძარში. დეიდას გაუხარდა, ხომ ხედავ ჩემმა ცემა-ტყეპამ შედეგი გამოიღო, აბა ისე წიგნს ვერ გაჭერინებდი ხელში და რა მექნაო. ჰოდა იმას გეუბნებოდით, რომ ბებიაჩემის მონაყოლიდან არაფერი გამართლებულა, არც სკოლის ბედნიერ წამებს მაგონებდა უნივერსიტეტი, არც მეგობრების სიმრავლე იყო, არც პეტერბურგში ექსკურსიები და არც მშვენიერი საცოლის პოვნა. მაგრამ ერთი საინტერესო ადამიანი კი გავიცანი, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება და მისი ხსოვნა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა.

 

 – შენ წერ? – მკითხა.

 

 – მეე? – ისე გამიკვირდა ეს კითხვა, უცნობისთვის სახელიც კი არ მიკითხავს.

 

 – ჰო, შენ. რაღაც ისეთი თვალები გაქვს უნდა წერდე, – არ მეშვებოდა უცნობი.

 

თვალები რომ შემიქო, კინაღამ ცრემლები წამომივიდა, რადგან დეიდაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ დებილის თვალები მქონდა და ამით მას მამაჩემს ვაგონებდი.

 

 – რა ვიცი, აბა, – ისეთი დაბნეული ვიყავი, აღარ ვიცოდი რა მეთქვა.

 

 – მე ვიცი. ხვალ რამე ბავშვობაში დაწერილი მაჩვენე, სხვას ვერაფერს მომიტან, ალბათ აღარც დაგიწერია ბავშვობის შემდეგ, – უცნობი ისე შინაურულად მომმართავდა, გეგონებოდათ ერთ ეზოში ვყოფილიყავით გაზრდილები.

 

 წამოვედი სახლში და მთელი გზა ვფიქრობდი, ვინ იყო ის ხუჭუჭა, შავგვრემანი ბიჭი-მეთქი. ან ის საიდან იცოდა, რომ ბავშვობაში ვწერდი, ან ბავშვობის შემდეგ რომ აღარ დამიწერია. თუმცა მეც რას ვწერდი, ერთი-ორი ლექსი მექნება დაწერილი, იმას თუ ლექსი ქვია და დღიურები, ზაფხულში რომ მაწერინებდნენ ძალით და ცოტა თავში წათაქუნებით, რათა სექტემბერში ჩემი დამრიგებლისთვის ჩამებარებინა. ვფიქრობდი, მეთქვა დეიდაჩემისთვის თუ შემენახა ეს ამბავი საიდუმლოდ, ეგ რომ სოფიკოსთვის მეთქვა, სულ გამოქლიავდა ეს საწყალიო, იტყოდა, ამასაც ლერმონტოვი არ შეხვედროდა უნივერსიოტეტის ეზოშიო. არა, ხვალამდე არც დეიდას ვეტყოდი რამეს, არც ჩემს, როგორც დეიდა უწოდებს, ოხერ და მუდრეგ მეგობრებს.

 

მეორე დღეს დილით ადრე ავდექი და უნივერსიტეტში გავიქეცი.

 

სახლიდან რომ გავდიოდი დეიდაჩემს გაეღვიძა, ისეთი კმაყოფილი სახით შემომხედა, ალბათ უხაროდა, რა ბეჯითი ადამიანი გამიზრდიაო. მთელი გზა სირბილით გავიარე, არა მთელი ვერ გავქაჩე, მაგრამ მახევარი მართლა სირბილით გავიარე. სად მივრბოდი კაცმა არ იცოდა, რაღაცისთვის თუ ვიღაცისთვის რომ მივრბოდი, აშკარა იყო, მაგრამ ვინ იყო ეს უცნობი ხუჭუჭა ბიჭი, რომელიც ჩემს ბავშვობის ნაჯღაპნებს ოთხოვდა, ან სად მომძებნა ამხელა უნივერსიტეტის ეზოში, მაინც და მაინც მე.

 

 – მოხვედი? – ისე შემეგება ეზოს შესასვლელთან, მგონი მშობლები არ ხვდებიან ეგრე ჯარიდან დაბრუნებულ შვილებს.

 

 – მოვედი, მაგრამ...

 

 – არავითარი მაგრამ, – შემაწყვეტინა უცბად უცნობმა, – თქვენ ჩემთან წამოხვალთ.

 

 – კი, მაგრამ თქვენ რა გქვიათ? – როგორც იქნა სახელი ვკითხე უცნობს.

 

 – მე კოკა, თქვენ ლევანი.

 

 – საიდან იცით?

 

 – ვიცი. – მომიჭრა კოკა-უცნობმა, ხელი იდაყვში მომკიდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავედით ორივე. ბევრი არ გვივლია, იქვე ნაფარეულზე ავედით და ერთ ეზოში შევედით, რომელშიც ჩვენი კოკა ცხოვრობდა თავისი ცოლით და ერთი შვილით. ბავშვი ბიჭი იყო და ისე წააგავდა მამამისს, პატარა რომ არ ყოფილიყო, ალბათ მისი ტყუპისცალი გეგონებოდა. სახლში შევედი და მარჯვნივ მის ოთახში შევუხვიეთ.

 

 – მითხარი რას ფიქრობ?

 

 – რაზე? – გამიკვირდა მე.

 

ალბათ ოთახზე მეკითხება მეთქი და აღარ ვიცოდი რა მეპასუხა ისეთი ბნელი და სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი ადგილი დამხვდა.

 

 – რას ვფიქრობ? – გამიმეორა კითხვაზე კითხვა.

 

 – არა უშავს. – ენის ბორძიკით ვუთხარი ჩემს მასპინძელს ოთახზე, რომელსაც ძალიანაც უშავდა.

 

 – ოთახზე კი არ გეუბნები, წერაზე რას ფიქრობ?

 

 – რა უნდა ვიფიქრო? – მხრები ავიჩეჩე.

 

 – როგორ?  – გაოგნდა კოკა და ისეთი სახე მიიღო, გეგონებოდათ ოცნება დაემსხვრაო.

 წამოვედი. ჩემი რამდენიმე დაჯღაპნილი ლექსი და ერთი სქელი დღიური დავუტოვე. მოვდიოდი და თბილისი რაღაც ბედნიერი მეჩვენებოდა, არავინ არავის კლავდა, არავინ ტიროდა, არავის შიოდა, არავის სწყუროდა, ყველას ბედნიერი თვალები ჰქონდა. არ ვიცოდი მეჩვენებოდა თუ მართლა ეგრე იყო, მაგრამ მე ესე ვხედავდი. მერე რაღაც დამჩატებულმა და ტვირთმოხსნილმა დაღმართი ჩავირბინე და ხალხს შევერიე. თითქოს მელოდებოდა ხალხი და მეც ჩავეკარი გულში, მაგრად ვუჭერდი და ისიც ძლიერად მხვევდა ხელებს.

 

ცა ბედნიერი იყო, ალბათ ზღვაც, მაგრამ მე მას თბილისიდან ვერ ვხედავდი, ბუხარიც ბედნიერი იყო და ცეცხლიც, მთელი მსოფლიო ერთმანეთს შესციცინებდა თვალებში და სიყვარულს უხსნიდა ერთმანეთს. რატომ იყო ეს დღე ჩემთვის ასეთი არ ვიცი, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს დიდი ხნის გამხმარი ან მკვდარი ხე, ისევ აყვავდა, ისევ გამოისხა ნაყოფი და იმ ნაყოფს, თავისი სიტკბოთი და არომატით მე მაჭმევდა, მე კი ვიზრდებოდი, ოღონდ ფიზიკურად კი არა, სულიერად, და ჩემთან ერთად, ჩემი ბედნიერება იზრდებოდა.

 

 აღარ მაინტერესებდა დეიდაჩემი რას მეტყოდა, თუმცა რა უნდა ეთქვა, არაფერი არ იცოდა. ისე, დღიური როგორ მივეცი ვიღაც უცნობს? თუმცა მე გოგოებივით ისეთ რაღაცეებს არ ვწერდი შიგნით, რომ ვინმე თუ გადააწყდა და წაიკითხა, ან მეტირა, ან თავი მომეკლა და ერთი კოლოფი დამაძინებლები გადამეყლაპა. ჩვეულებრივი საბავშვო დღიური იყო, რომელშიც ეწერა, რომ ბურთი ვითამაშე, რომ კბილები გამოვიხეხე, რომ მეძინა ყოველ ღამე და ვიღვიძებდი ყოველ დღე, ეს იყო და ეს. საოცარი იყო, რაღა მაინც და მაინც დღიური მოითხოვა? თუ არ მოუთხოვია და მე მივუტანე? რად უნდოდა, თითქოს დიდი იგავების კრებული ყოფილიყო. ამ ფიქრებში ჩამეძინა და გამეღვიძა, ისევ ფართხაფურთხით ჩავიცვი, ისევ უნივერსიტეტისკენ გავიქეცი და დეიდაჩემს ისევ კმაყოფილი სახე ჰქონდა ლოგინში, როდესაც ერთი წამით გამოეღვიძა და ჩემს ბეჯით, მუყაით მოქმედებას შეავლო თვალი.

 

 – კიპლინგი თუ დიკენსი? – ეს მკითხა ხუჭუჭა კოკამ შეხვედრისთანავე – თუ ჩესტერფილდი, თუ ჩაპლინი? ამოღერღე!

 

 – რა უნდა ამოვღერღო? – იმდენად გაუგებრად ლაპარაკობდა, ცოტა გავბრაზდი და დავუყვირე.

 

 – რა და, ის რომ ინგლისური ლიტერატურა გიტაცებს და დღიურებში და ლექსებში ყველაფერი კარგად ჩანს. კიპლინგი ერთი ვიგინდარა მწერალი იყო, რომელმაც ცხოველები აალაპარაკა და პლანის მოწევა აგვიკრძალა.

 

გახსოვს ის მოთხრობა, ახალგაზრდა რომ პლანისგან შექანდება, გახსოვს? ეგ სწორედ მაგიტომ დაგვიწერა კიპლინგმა და “წერილები ჩემს ვაჟს”? ეგ როგორ მოგწონს? სტენ ჰოპი, ეგრედწოდებული ჩესტერფილდი, ეგეც კაი გაიძვერა იყო. დიკენსზე ნუღარ ვილაპარაკებთ, პესიმისტი და ბავშვების გამფუჭებელი. შევთანხმდეთ, რომ გენიოსები იყვნენ, მაგრამ რატომ ვლანძღავ? იმიტომ, რომ, ხანდახან ის უნდა გააკეთო, რასაც არავინ აკეთებს, ეს კიპლინგსაც გაუხარდებოდა, როგორც ცხოველების მოყვარულს. და რა შუაშია ცხოველი? იმ შუაშია, რომ ცხოველი იმას აკეთებს, რასაც არავინ არ აკეთებს – ისე სწრაფად ლაპარაკობდა, ვეღარ გადამეწყვიტა, შემეჩერებინა თუ გულისყურით მომესმინა. – უნდა წერო, ჩემო მეგობარო. მაშ სად გავჩერდით, თუ არც გავჩერებულვართ? ჰო, ახლა გამახსენდა, მაშ ჩაპლინის ბიოგრაფია, ჰანუელში გატარებული მძიმე წლები, ცოლები და ა.შ. შესანიშნავია, მაგრამ ცოტა მოსაწყენი, დამეთანხმე ლევან, დამეთანხმე.

 

მოემზე რას მეტყვი? გიყვარს “თეატრი”? მოემი შესანიშნავი მწერალი იყო, თუმცა არაფერი ვიცი მის სიბერეზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ აუცილებლად გაუტევდა. ნუთუ დეფო გამოგვრჩა, საწყალი “კრუზო” არავის ახსოვს. აი, როგორი ცოდოა ადამიანი მარტო, თუ გინდ “რობინზონ კრუზო” გერქვას. ოცდარვა წელი მარტო გაძლება არ გინდა? მაგიტომ არ მიყვარს დანიელ დეფო. მოკლედ, ეგეც კაი გენიოსი იყო, შექსპირზე ვერაფერს იტყვი, ნამდვილად უნიჭო, რომელიც მუდამ ნიჭს ეძებდა, და მიაგნო კიდეც, ვერაფერს იტყვი და მაინც . . .

 

 ჰო! ბაირონი გამოგვრჩა, თუმცა ამას შემდეგ დავუბრუნდეთ. მაინც რატომ მოგხიბლა ინგლისურმა კულტურამ? – კოკა-უცნობმა ისე გამიღიმა, თავის მონოლოგი, თუ მორალის კითხვა რომ დაამთავრა, ცოტა შემეშინდა, ეს კაცი მთლად დალაგებული არ უნდა იყოს-მეთქი.

 

 – არ მხიბლავს, თუმცა მხიბლავს, მაგრამ ამერიკული მირჩევნია – ავუხსენი კოკა-უცნობს.

 

 – ჰემინგუეიში გაცვალე კიპლინგი, თუ ო გენრიში, თუ ფოლკნერში? სთქვი გაიძვერა, – უკვე შეურაცხყოფაზე გადადიოდა, მაგრამ მისი შემჩერებელი კაცი აღარ იყო – სტეინბეკი ან ის სომეხი საროიანი იქნებოდნენ მთავარ როლში, ხომ მართალი ვარ. თუ დეტექტივები მოგწონს, უილიამ არიში ან დეშილ ჰემეთი.

 

მარკუს მილერის ფილოსოფოსობა ხომ არ გიზიდავს ან ირვინგ სტოუნის რომანტიკა და ვან გოგის ცხოვრება? შენ გამოთაყვანებული გემოვნების პატრონი ყოფილხარ! ვისში ვინ გაცვალე? კარგად იყავი, მწერალო, ოღონდ ხვალ რამე ნოველას დაწერ და მომიტან, ლიტერატურაზე კი შემდეგ ვისაუბროთ. ჰო! – დაიყვირა კოკამ, – სულ დამავიწყდა, რომ ამერიკელები მეც მიყვარს.

 

 – ვინ? – შევეკითხე როცა უკვე ოცი ნაბიჯი მქონდა გავლილი და შემოტრიალება მომიწია კითხვის დასასმელად.

 

 – მერკ ტვენი და მაინ რიდი მიყვარს, – ჩუმად ჩაიბურტყუნა, მაგრამ მე მაინც გავიგე და გამიხარდა, რადგან მეც ძალიან მიყვარდა ორივე.

 

 – რამ დაგღალა? – სახლში შესვლისთანავე შემაგება კითხვა დეიდა სოფიკომ. ისეთი გადაღლილი სახე მქონდა, რომ ვერ შეემჩნია, ბრმა უნდა ყოფილიყო.

 

 – კოკამ – ამოვიხვნეშე და ლოგინზე დავეგდე.

 

 – აა! ახალი მეგობარი გაიჩინე? გაგვაცანი ბატონო, რატომ გვიმალავ?

 

 – არა მგონია ერთმანეთს გაუგოთ.

 

 – რატომ?

 

 – იმიტომ, რომ მწერალია, იმიტომ, რომ ცოტა აფრენს, იმიტომ, რომ დღეს ჩემი ლექსები მივუტანე, – წამომცდა ლექსების მიტანის ამბავი.

 

 – ლექსები! – შეიცხადა სოფიკო დეიდა,მ – რა რემბოობა და ვაჟა-ფშაველობა მომინდომე შე ლენჩო? დედაშენს და მამაშენს მაინც წაეყვანე საფრანგეთში, ახალ გენიოსს შესძენდნენ კაპიტალისტურ საფრანგეთს. ვაი შენს პატრონს! – აი, ასეთ დღეში ვიყავი ყოველთვის და რა უნდა მექნა, აღარ ვიცოდი, ხომ არ გავიქცეოდი სახლიდან, ვიჯექი და ვითმენდი, როგორც ილიამ თქვა “ყოვლის მთმენი ვით ჯორ-ცხენი”

 

 – კოკა ამბობს ცუდი მწერალი არ გამოხვალო.

 

 – არ ვიცი კოკა რას ამბობს და საერთოდ ვინ არის ეს კოკა, ხალხი რუსთაველს აღარ კითხულობს, შენ გირჩევნია უნივერსიტეტს მიხედო.

 

 დაღამდა თბილისში.

 

კატებმა სირბილი დაიწყეს ძველი სახლების სახურავებზე. მთვარე საერთოდ არ ჩანდა, თითქოს ღრუბლებს გადაეყლაპათ. ქვაფენილებზე მშიერი ძაღლების ბრჭყალების ფხაჭუნი ისმოდა. მთელ ქალაქს ეძინა და სიზმრად წასული ოცნებებითი იძინებდა. ალბათ, როგორც ადამიანებს, ქალაქსაც, რომელსაც ჩვენი თბილისი ჰქვია, რაღაც ოცნება გააჩნია. ვინ იცის? ჩვენ მხოლოდ ადამიანები ვართ და ჩვენ ამას ვერასდროს დავამტკიცებთ. ჩვენ შეგვიძლია ვიოცნებოთ, მეტი არაფერი დაგვრჩენია.

 

ძველ სადარბაზოში მათხოვრები ერთმანეთს მიხუტებოდნენ, მერე ვიღაც, თვითონაც გაჭირვებული, კარს გაუღებდა და პურს გამოუტანდა. ეძინა თბილისს ღრმა ძილით, მაგრამ მე არ მეძინა და გაყინულ ოთახში, თბილისზე ნოველას ვწერდი. არ ვიცოდი რა დამეწერა, ვისზე, რაზე, მაგრამ რაღაცა ძალა ჩემს ხელს ამოძრავებდა და სიტყვები ქაღალდზე მშვიდად იწერებოდა. ვიხსენებდი ყველაფერს, ჩემს ბაბუას სუმბათაშვილის ქუჩაზე, სკოლას, ქუჩას, კითხვას და ვწერდი ისე, თითქოს ეს ყველაფერი ერთხელ უკვე დაწერილი მქონდა. როგორ მიყვარდა ერთი მდიდარი გოგო, რომელმაც არაფრით არ შემიყვარა, როგორ ვწერდი მასზე ლექსებს და როგორ ვგეგმავდი, მართლა თეთრი რაშით და ნაბდით მის მოტაცებას. ვწერდი და ბოლოს მაგიდაზე ჩამეძინა. თვალი რომ გავახილე, უკვე იმდენი დრო გასულიყო, ვეღარც უნივერსიტეტის ლექციებს მივუსწრებდი, ვეღარც კოკასთან შეხვედრას, მაგიდაზე კი ჩემი დაუმთავრებელი ნოველა იდო.

 

ნეტავ დეიდაჩემი სადაა, ან რატომ არ შემაჯანჯღარა მძინარე რომ მნახა მაგიდაზე. უცნაური იყო, ეს დეიდაჩემს არ ჰგავდა. გავედი ოთახში, რომელშიც ვსადილობდით და სადაც დეიდა სოფიკოს ეძინა. დეიდას მართლა ეძინა. ისეთი ლამაზი სახე ჰქონდა, კინაღამ დავხატე, ალბათ დავხატავდი კიდეც, ხატვა რომ მცოდნოდა სულ ოდნავ მაინც, მაგრამ არ ვიცოდი. არასოდეს დავკვირვებივარ მის სახეს, ყოველ შემთხვევაში არ შემინიშნავს, რომ ძალიან ლამაზი იყო და პირველად გამიკვირდა, რომ ეს ლამაზი ქალი გათხოვილი არ იყო. მთელი სიცოცხლე გაჭირვებაში, თეფშების რეცხვაში, საჭმლის კეთებაში, ვიღაც იდიოტებისთვის ფრანგულის სწავლაში, ჩემს რჩენაში და ნერვიულობაში გაეტარებინა.

 

შემეცოდა, რომ ვუყურებდი მძინარე ლამაზ დეიდას და ცრემლები წამომივიდა. არ გამიღვიძებია დეიდაჩემი ისეთი ლამაზი დავტოვე, როგორიც დამხვდა. ჩემს დაუმთავრებელ ნოველას მოვკიდე ხელი და ნაფარეულის ქუჩისკენ წავედი ფეხით. სახლს მივუახლოვდი თუ არა დამწვრის სუნი მეცა, სახლში შევედი, მთელი კედლები კვამლით იყო გაჭვარტლული. სამზარეულოში დამწვარი ტაფები და დანახშირებული, ნახევრად წაქცეული მაგიდა დამხვდა. ბავშვის ოთახში ჩალეწილი ფანჯარა და დალეწილი საწოლი ეგდო. შიშით შევედი კოკას საძინებელში და დავინახე, როგორ მძიმედ სუნთქავდა ჩემი უცნობი და უცნაური ახალი მეგობარი.

 

ის ლოგინზე იწვა ტანსაცმლიანად, თვალები დაეხუჭა, მაგრამ ეტყობოდა, რომ ცოცხალი იყო.

 

 – მე დრაიზერი მიყვარს, – ისე მითხრა, თვალები არც გაუღია – “უმცროსი მოპასანი” გახსოვს? მაგარი მოთხრობაა, შენი ნოველა მაჩვენე, ხომ წამომიღე?

 

 – აქ რა მოხდა? – ვკითხე გაშეშებულმა. კოკა ლოგინიდან ისე წამოხტა, დამარცხებული, გამწარებული მოჭიდავე გეგონებოდა.

 

 – რა დროს ეგ არის? თუმცა შენს ადგილზე მეც დამაინტერესებდა. რა მოხდა და ვიღაც ნაბოზარმა გაზით გადატენილი ბალონი შემომიტანა, რომელიც გასკდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის! მაგრამ აქედან უნდა ავიკრიბოთ და გადავბარგდეთ. დაგიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა? ახლა მითხარი დრაიზერი ხომ გიყვარს, ის ხომ ნამდვილი ამერიკელია, მას ხომ კარგად ესმის ჩვენი, მწერლების. ჩვენი დუხჭირი ცხოვრების.

 

 – ალბათ ესმის, მაგრამ ცოლი და შვილი სად არიან?

 

 – სად არიან და შევჭამე! სად იქნებიან, რაც ჩემმა საცოდავმა კრიტიკებმა და ესეებმა ფული მოიტანეს, მივეცი და ახალ ტანსაცმელს ყიდულობენ. რა ვქნათ, ბატონო ჩემო, ჩვენ რისთვის შევხვდით, ლიტერატურას რომ მხარში ამოვუდგეთ, თუ ჩემი ცოლ-შვილის ზმანებზე ვიჭუკჭუკოთ? მითხარი ამერიკელები მომწონსო და ვერაფერს მეუბნები მათ შესახებ.

 

ჩვენ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ამერიკელ მწერლებზე, იმისთვის რომ შენ მუზა გეწვიოს და საოცრებები შექმნა ლიტერატურაში. გახსოვდეს, მუზა მხოლოდ ლიტერატურაზე ფიქრს და ლაპარაკს მოჰყავს. შეიძლება კინომ, თეატრმა იგივე დახმარება გაუწიონ შენს მუზას, მაგრამ ლიტერატურა რასაც გაგიკეთებს, სხვისგან იგივეს ნუ ელი.

 

 – მე რუსები მიყვარს.

 

 – რუსები! შენ, ჩემო ლევან, ცოტა გიჟიც ყოფილხარ!

 

 – თქვენც, ჩემო კოკა.

 

 – გეთანხმებით, მაგრამ სად რუსები და სად ამერიკელები, ან თავიდანვე რატომ არ მითხარი ეს ამბავი. გავგიჟდები, ესეთი უნიჭობის მომსწრე არ ვყოფილვარ. სად რუსები, სად ამერიკელები?

 

– სად, ბატონო კოკა, და მე მათ ბრძოლებში და ნაბოზვრულ იდეებში არ ვადარებ, და საერთოდ, არც ლიტერატურაში ვადარებ.

 

არ შეიძლება, ჩეხოვიც მომწონდეს და ლონდონიც, პუშკინიც და ტვენიც, გოგოლიც და ვაშინგტონიც, ტოლსტოიც და ირვინ შოუც, ნუთუ ამით რამე დაშავდება, ბატონო კოკა? რაღაც არა მგონია დაშავდეს. თქვენ გგონიათ, რომ მწერლობა ტანჯვაა, მე კი შვება მგონია, თქვენ ფიქრობთ, რომ რუსები და ამერიკელები არ გვანან, მე კი ვფიქრობ, რომ ზედმეტად გვანან და საერთოდ გემოვნებაზე თუ არ დაობენ, მე სულ გემოვნებაზე ვდაობ! ჩეხოვზე გეტყვით, რომ ვგიჟდები მის იუმორზე და სევდაზე, მის აზროვნებაზე და ადამიანურობაზე.

 

მიყვარს იმაზე ფიქრი, რომ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, რომ გიჟიც შეუძლია იყოს და ექიმიც. პესიმიზმის ფეხებზე დაკიდება რომ შეგვიძლია და ყველაფერისთვის იუმორით შეხედვა, მაგის ძალა რომ შეგვწევს ადამიანებს, მე ეს ჩეხოვმა მასწავლა. თავიდან მძულდა მისი იუმორისტული, ცინიკური მოთხრობები, ვფიქრობდი, ეს ხალხი სულ გასნობდა, რა მოეწონათ ამ საშინელებაში მეთქი, მაგრამ იცი რატომ ვაგრძელებდი კითხვას? იმიტომ, რომ ვგრძნობდი ამ ყველაფერს, ამ სიყვარულს, მე ვწვალობდი და ვკითხულობდი და როდესაც “დომ ს მიზანინამ” წავიკითხე, მივხვდი, რომ სიკვდილიც ღირს ასეთი მოთხრობის დაწერისთვის. მე საერთოდ. . .

 

 – გაჩუმდი! – დამიყვირა, ალბათ ნაწყენმა კოკამ, მაგრამ ცოტა ხანში მიხვდი, რომ ნაწყენი არ იყო, – ყოჩაღ! ძლივს არ ამოვაღებინე ხმა, ამ დამუნჯებულ, გაქვავებულ ახალგაზრდას. კმაყოფილი ვარ.

 

ახლა წაბრძანდი და ახალი ნოველა დამიწერე, თუ გინდა შენს რუსებზე ან შენს ამერიკელებზე, ჩემთვის სულერთია. ამას კი მე დავიტოვებ – ცხვირწინ მიფრიალებდა ჩემ დაუმთავრებელ ნოველლას კოკა.

 

 – ისევ აქ მოვიდე? – შევეკითხე უცნობ,  – კოკას.

 

 – ჰო, – მოკლედ მომიჭრა და კარიც ცხვირწინ მომიხურა.

 

 მე ვწერდი დღისით, ღამით, შუაღამით, შუა დღეს და დედამიწაზე ყველაზე მეტად ეს საქმე მიყვარდებოდა. დეიდა მოვიდოდა რედაქციიდან, დამხედავდა ფურცლებში ჩაფლულს და თქვენ წარმოიდგინეთ, არაფერს მეუბნებოდა. ყოველ დღე დამქონდა ჩემი ნოველები კოკას დამწვარ სახლში და ჩვენ ვიწყებდით ლიტერატურის ხვნას და დამუშავებას. ერთხელ კოკამ მითხრა, მარტო ხვნა არ გვიშველის, რაღაც უნდა დავთესოთო. ძნელი აღმოჩნდა რაღაცის დათესვა, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით და ეს ძალიან ახარებდა კოკას. სხვათა შორის, ჩემთანაც მოვიყვანე სოლოლაკში და დეიდაჩემს წარვუდგინე.

 

გასაკვირია, მაგრამ სოფიკოს რაიმე ზედმეტი სახელი არ შეურქმევია მისთვის, პირიქით, მგონი კმაყოფილიც იყო, ჩემი ახლად შეძენილი მეგობრით. კრიტიკოსიაო, რომ ვუთხარი, ესეისტი, მწერალი და ცოტა შექანებულიც თქო, დეიდაჩემს გაეღიმა და ასე მითხრა, რას იზამ, შვილო, ხელოვნებამ ცოტა უნდა შეგაქანოს, აბა ისე როგორ გინდაო. კოკას «კრიტიკები» იბეჭდებოდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩეხოვის გარდა ყველას აკრიტიკებდა, მაგრამ დიდი შემოსავალი მაინც არ მოჰქონდა მის ნაჯაფარს. ის, ამას ისე არც განიცდიდა, მაგრამ სამაგიეროდ მე განვიცდიდი, რომ ხალხმა საერთოდ არ იცოდა, რომ ნაფარეულის ქუჩაზე, დამწვარ სახლში გენიოსი ცხოვრობდა. ჩემი ნოველებით კმაყოფილი იყო მეთქი, რომ გითხრათ, არც ეგრე იყო საქმე, მაგრამ ძალიან მიწასთანაც არ მასწორებდა. რამდენიმე დღით რომ დავიკარგებოდი, გაბრაზებული მხვდებოდა სახლში. მეც შერცხვენილი მოწაფესავით ვუხსნიდი, რომ გამოცდა მქონდა გეოგრაფიაში.

 

დაიჭყანებოდა და მერე სიცილით მეტყოდა, საქრათველოს გეოგრაფია აღარ არსებობსო, რომ ვკითხავდი, რატომ მეთქი, რუკაზე აღარ ვართ და ურუკო გეოგრაფიის დედაც ვატირეო. აგვიტყდებოდა სიცილი და იმდენი ხანი ვიცინოდით, მეზობლები ფიქრობდნენ ამ დაბუგულ და განადგურებულ სახლში, ალბათ შეიშალნენ და სიმწრის სიცილით იმხნევებენ თავებსო. მერე დაიბეჭდა ჩემი მოთხრობები, თუ ნოველები, რაც ერქვა იმ ნაწვალებს, და დეიდაჩემს სიხარულით მივურბენინე გაზეთი. დიდად არ გახარებია ჩემს საყვარელ და ლამაზ დეიდას, მაგრამ მაინც წაიკითხა. არც შევუქივარ, არც გავუკიცხივარ.

 

როგორც იქნა უნივერსიტეტში ვიღაცა შემიყვარდა და ცოტა ხანი წერას შევეშვი. მეგონა სიყვარული მუზას მაჩუქებს მეთქი, მაგრამ მუზა კი არა, ცოტა გამაგიჟა კიდეც.

 

 – აი, ჩემი ნინო!  – წარვუდგინე დეიდას. ისე თამამად მოვიქეცი, დეიდაჩემი ცოტა დაიბნა და ხელი ისე ჩამოართვა თავის სახელიც არ უთქვამს.

 

მოკლედ, ჩემმა ნინომ და დეიდამ ერთმანეთი გაიცნეს და ყველაფერი შესანიშნავად ჩატარდა. ძალიან მწყინდა, მაგრამ ნინოს ლიტერატურა დიდად არ უყვარდა. რამდენი ვეცადე, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე შემეყვარებინა. მომიტანდა კინოებს, ჟურნალებს, მუსიკალურ ფირფიტებს (როზენბაუმი უყვარდა) და ცდილობდა მისი სამყარო როგორმე მეც შემეყვარებინა. სხვათაშორის კინოებს რაღაცა გავუგე, როზენბაუმსაც, მაგრამ ჟურნალების რა მოგახსენოთ, მეზიზღებოდა ჭირივით, თუმცა რას ვიზამდი, ერთმანეთისთვის უნდა გაგვეწია ანგარიში და ჩვენც ვუწევდით. ის კი მაყვარებდა კინოებს და როზენბაუმს, მაგრამ მე ვერაფრით ვაყვარებდი ჩეხოვს და სტეინბეკს. კოკას დაბუგულ სახლში რომ მივიყვანე, კინაღამ გაგიჟდა იქაურობის შემხედვარე.

 

გადამწვარი ტელევიზორი, დანახშირებული მაგიდები, გამურული დანა-ჩანგალი, გაშავებული კედლები, გათხუპნული კოკას ცოლ-შვილი და თვითონ კოკაც. აი, ეს სურათი დახვდა და როგორც ყველა ნორმალური ადამიანი შეწუხდებოდა, ნინოც ძალიან შეწუხდა. მერე კოკამ გაუღიმა და უთხრა: ესეთები ვართ ჩვენ მწერლებიო. იმ დღის შემდეგ ნინო აღარ მინახავს, ალბათ გათხოვდებოდა, მერე გაეყრებოდა, ან არ გაეყრებოდა, ან სადმე გადასახლდებოდა და ა. შ.

 

 მართალი გითხრათ, განვიცადე ნინოს გაუჩინარება, მაგრამ მონახვა არ მიცდია. ორი დღე არ მეძინა, ნინოზე ვფიქრობდი.

 

 – რა გჭირს ლევანიკო? – მკითხა დეიდაჩემმა და უკვე შუქჩამვრალს, შუქი ამინთო.

 

 – რა ვიცი, აბა, – ამოვიოხრე და ლოგინიდან წამოვიწიე.

 

 – მე ვიცი. შენები რომ წავიდნენ საფრანგეთში, პატარა იყავი. ისეთი საყვარელი თვალები და ლოყები გქონდა, მენანებოდა სულ დასიებული რომ დადიოდი.

 

შენები სულ ჩხუბში და თეფშების ლეწვაში ატარებდნენ დროს, შენ კი სულ ტიროდი და ესე გრძელდებოდა კაი ხანი. მერე ომი, უბედურება, ზვიადისტები, შევარდნაძისტები, იდიოტისტები, თბილისის ნგრევა . . . და შენებსაც შანსი მიეცათ საფრანგეთში წასულიყვნენ. დეიდაჩემი ლაპარაკს რომ წყვეტდა, დიდ, ღრმა ნაპასებს ურტყამდა სიგარეტს. მე გაოგნებული ვუსმენდი მას, რადგან ჩემებზე არასროს მიყვებოდა და თუ მიყვებოდა, ერთი-ორი სტყვით.

 

– შენ ვერ მიყავდით, პატარა იყავი და არავინ გაგიშვებდა. საზღვრის გარეთ. მივედი მაშინ ჩემს დასთან და ვუთხარი, რომ შენ მე დაგიტოვებდი, რამდენი ხანიც საჭირო იქნებოდა.

 

წავიდნენ შენები, სახლიც გაყიდეს ბარნოვზე და შენ ჩემთან დაგტოვეს. მერე რაც მოხდა და როგორც, შენც კარგად იცი. მას შემდეგ ჩემთან იზრდები – სოფიკომ ლაპარაკი დაამთავრა.

 

– მერე? აღარ ვუყვარვარ დედას, ამდენი ხანი რომ წერილიც არ მოუწერია, არც დაურეკია, მე უკვე თვრამეტი წლის ვარ, ან მამაჩემი სადაა? – ვეკითხებოდი და ვხვდებოდი რომ მტკივნეული იყო მისთვის ეს კითხვები, მაგრამ მაინც ვეკითხებოდი, – აღარ ვუყვარვარ დედას? მითხარი!

 

 – უყვარხარ! – მეუბნებოდა დეიდაჩემი და ცრემლები მშვიდად ეშვებოდნენ მის ღაწვებზე, მერე გამრავლდნენ, მერე გახშირდნენ და წვიმასავით მოდიოდა მისი თვალებიდან ცრემლები.

 – მითხარი, რატომ არაფერს არ მეუბნები? – ვცდილობდი მშვიდად დამესვა კითხვები, შემეშინდა, გული არ გასკდომოდა.

 

 – უყვარხარ ორივეს და გახსოვდეს, რომ მალე წაგიყვანენ საფრანგეთში. ცუდად იყვნენ ძალიან, ძლივს ჭამდნენ პურს და შენთან დარეკვა რცხვენოდათ, თუმცა მე სულ მირეკავდნენ.

 

 – როგორ შენ გირეკავდნენ და მე ეს არ ვიცოდი?

 

 – არა, არ იცოდი, რადგან მეშინოდა არ დაბოღმილიყავი, გულჩათხრობილი, დეპრესიული ტიპი არ გამოსულიყავი.

 

 – შენ უნდა გეთქვა!

 

 – შეიძლება, მაგრამ მე არ გითხარი.

 

შენებს უყვარხარ და მალე წაგიყვანენ. ის, ნინო, არც გყვარებია, რადგან, რომ გყვარებოდა აუცილებლად მოძებნიდი. – დეიდა არასდროს მახსოვდა ასეთი, ასეთი სევდიანი და გულწრფელი, არა, გულწრფელი ბერჯერ მინახავს, უბრალოდ ეს სხვა გულწრფელობა იყო, ის გულწრფელობა, რომელიც ადამიანს ცრემლთან ერთად ამოსდის და რომელიც მზესავით ცხელია და მთასავით წმინდა.

 

 – მე უშენოდ არსად არ წავალ! – ეს სიტყვები ისე ამოვთქვი, მეგონა გული ამოვაყოლე და პირიც რომ არ გამეღო, მაინც ვიტყოდი, რადგან გული ამბობდა ყველაფერს და არა ტვინი. ის ლოგინზე ჩამომიჯდა და ჩემი თავი კალთაში ჩაიდო. მე თავი მის მუხლებზე მედო და ხელები სახეზე მქონდა აფარებული, რადგან ვტიროდი და არ მინდოდა მას ეს დაენახა.

 

 მტრედები მოფრინდნენ უნივერსიტეტის მეორე სართულის ფანჯრებთან. მე ლექციიდან გამომაგდეს, დავალება არ ვიცოდი. მტრედები რომ დავინახე, გამიხარდა, რადგან მთელი კორპუსი ცარიელი იყო და ვინმესთან ერთად ხომ უნდა გამეყვანა დრო.

 

ამოვიღე სასადილოში ნაყიდი ბულკი და ნახევარი მტრედებს მივეცი.

 

 – ოჰო! ფრინველების მოამაგე და მზრუნველი მსოფლიო ფაუნისა! – იმხელა ხმაზე დაიღრიალა ვიღაცამ, თვალები მოვჭუტე. მოვტრიალდი და კოკა შემრჩა ხელში.

 – შენ აქ საიდან?

 

 – საიდან და ჩაიდან. შენი ნოველები იბეჭდება, თურმე იძახიან პერსპექტიული, ერუდიტი, ახალგაზრდა მწერალი გამოვიდა სალიტერატურო ასპარეზზეო.

 – კარგი, ნუ ამეტებ.

 

 – ვამეტებ? აი, ნახე! – და გაზეთი ამაფარა თვალებზე. გაზეთში ეწერა, რომ ჩემი მოთხრობები მოსწონთ ახალგაზრდებს. ისე გამიხარდა, ცოტა მართლა რომ ამეტებდა კოკა, სულ დამავიწყდა.

 

– შენ ეს დაიმსახურე, ძმაო, – მითხრა ღიმილით და ხელი დამარტყა მხარზე, – აქ რატომ ხარ მარტო?

 

 – გამომაგდეს.

 

 – ერთი მაგათი დედაც ვატირე, წამოდი გავისეირნოთ,  – ჩვენ კიბეზე ჩავირბინეთ. გასასვლელში ქალბატონი მარიკა იდგა ლორთქიფანიძე, კოკა მივიდა და ხელზე აკოცა, მერე მე წარმადგინა მის წინაშე,  – გაიცანით, ეს ახალგაზრდა ჩეხოვ-სტეინბეკია, – ქალბატონმა მარიკამ არც ხელი ჩამომართვა, არც რამე უთქვამს, უბრალოდ თბილად გამიღიმა. მეც გავუღიმე, კოკას ხუმრობით შერცხვენილმა და ვუთხარი, – «მე მიყვარს საქართველო», – მან ისევ გამიღიმა და შენობაში შევიდა.

 

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მასწავლებლების პატრიარქს ველაპარაკებოდი და გულის სიღრმეში მრცხვენოდა, რომ ისე ვერ ვსწავლობდი, როგორც მას გაუხარდებოდა.

 

 – მითხარი კოკა, გიყვარს რუსები? – ვკითხე, როდესაც ეკლესიას მივუახლოვდით.

 

 – მიყვარს.

 

 – გიყვარს?

 

 – ჰო. მე ყოველთვის მიყვარდა ისინი, პუშკინი, ლერმონტოვი, ტურგენევი, ზოშჩენკო, გოგოლი, ბუნინი, დოსტოევსკი, ბროდსკი, ვისოცკი, მე ეგეთ ხალხს არ ვივიწყებ. სამაგიეროდ არ მიყვარს სტალინი, ბერია, ელცინი, გორბაჩოვი, პუტინი და არც მათი პოლიტიკა ჩვენს მიმართ. როდიონოვიც მეზიზღება და საერთოდ, ვინც ჩვენზე თუნდაც ცუდს იტყვის «გული გაუპოს დანამა». მაშინ ვიცინეთ ურუკო გეოგრაფიაზე, მაგრამ ეს ყველაფერი სატირალია. სატირალია, მაგრამ ხანდახან ტირილის მაგივრად ვიცინით ხოლმე ქართველები და ეგ გვღუპავს ალბათ. თუმცა ახლა ვიცინებთ თუ ვიტირებთ დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს – ისე მეუბნებოდა ამ სიტყვებს კოკა, ვხვდებოდი როგორი მტკივნეული იყო მისთვის ეს ყველაფერი.

 

კოკა სევდიანი იყო და დღემდე მე არასდროს შემიმჩნევია მის თვალებში სევდა.

 

 – რა ხდება კოკა? – კოკა შეჩერდა და თვალებში ჩამხედა.

 

 – მორჩა ყველაფერი.

 

 – რა მორჩა, კოკა?

 

 – ის, რომ წერას შევეშვი, არა კი არ შევეშვი, შემაშვებინეს.

 

 – ვინ? რატომ?

 

 – არ ვიცი, მაგრამ ასე მითხრეს ამას და ამას თუ არ დაგვიწერ, ფულს არ მოგცემთო. ჩემები დამწვარ სახლში ცხოვრობენ, ვერც მე ვეღარ მიტანენ, ვერც საკუთარ თავებს. სანამ აქედან წავალ, ხომ მინდა რამე საარსებო, ისინი კი მეუბნებიან ესა და ეს დაგვიწერეო.

 

 – და შენ დაუწერე?

 

 – ერთხელ დავუწერე, მაგრამ ეს ჩემთვის სიკვდილი იყო. ხომ იცი, რას ნიშნავს ჩემთვის, რაც მინდა იმას რომ არ მაწერინებენ?

 

 – მესმის კოკა.

 

 შევხედე და ისეთი სევდიანი თვალები ჰქონდა, მივხვდი, ალბათ ცოტ-ცოტას მარტო რომ დარჩება, ტიროდა კიდეც. არ ვიცოდი რა მეთქვა, არც თვითონ იცოდა, Aასე გაშეშებულები ვიდექით ეკლესიის უკანა კედელთან. მერე წავედით და იმდენი არაყი დავლიეთ, მთვრალი კოკა სახლში მივიტანე, ისე მეც მაგარი გალეშილი ვიყავი, მაგრამ ის ფეხზე ვერ იდგა. სახლში შევიყვანე და მისი ცოლის ნამტირალებ სახეს გადავაწყდი, ალბათ ორივე ჭირივით ვძულდით.

 

პატარა ბიჭიც იქვე იდგა, კოკას რომ ძალიან ჰგავდა და თქვენ წარმოიდგინეთ ის გაბრწყინებული, მხიარული თვალებით მიყურებდა. ისეთი თვალებით, კოკას რომ ჰქონდა ყოველთვის. ლოგინზე დავაწვინე და იქვე ჩამოვჯექი, სიგარეტს მოვუკიდე, ვნერვიულობდი და ცოლის ლანძღვას ველოდებოდი. არავის არ გავულანძღივარ, პირიქით, ვატყობდი, რომ რაღაც სინანულით მიყურებდა ორივე. ალბათ ფიქრობდნენ, ეს საცოდავი, უსაქმური ბიჭიც დაღუპულია, როგორც ახალგაზრდობის უმრავლესობა საქართველოშიო. მე სიგარეტი მოვწიე და სახლიდან გამოვედი ისე, რომ არც დავმშვიდობებივარ. უზრდელი სულაც არ გამოვდიოდი, რადგან პირველი შემთხვევა იყო, ჩემს ცხოვრებაში, სადაც ნახვამდის, ან კარგად ბრძანდებოდეთ საჭირო არ იყო.

 

სამი დღე არყის ოხშივარი ამდიოდა. კიდევ გავიდა დღეები, თვეები და ერთი წელიც. მე უკვე მესამე კურსზე ვიყავი.

 

ცოტა შეიცვალა კიდეც მდგომარეობა უნივერსიტეტში, ისეთი მოსაწყენი აღარ იყო, როგორიც პირველ ხანებში. ახალ-ახალ საინტერესო ადამიანებს ვხვდებოდი და ჩემი ცხოვრებაც იცვლებოდა, ამ ადამიანებთან ურთიერთობის წყალობით. რუსიკო მეგრელიშვილი, გიორგი ოთხმეზური, ბიძინა ხერხეულიძე, დათო ტურაშვილი, დათო მაღრაძე, ეს ადამიანები გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში, ზოგი დიდი დოზით, ზოგი პატარათი, მაგრამ გამოჩნდნენ და თითქოს მიღვიძებდნენ სიამაყის გრძნობას, რომ ქართველი ვიყავი და რა ბედნიერებაა, რომ აქ დავიბადე. ლექციებს ხანდახან ვაცდენდი, როგორც ყველა ჩემნაირი და არაჩემნაირი ახალგაზრდა, თუმცა ბებიაჩემის თქმის არ იყოს, ცოტა მართლა ემსგავსებოდა მის დროინდელ სტუდენტობას ჩვენი სტუდენტობა. თითქოს ჩვენი სახლი გახდა აქაურობა, ჩვენი შეკრების ადგილი, ჩვენი სითბოს და სიყვარულის კერა.

 

კოკასთან დავდიოდი, ოღონდ, ისე ხშირად აღარ, რაღაც შეცვლილი მეჩვენებოდა და სასიცოცხლო ენერგიისგან დაცლილი. სახლი ისევ დაბუგულ-გადაბუგული იდგა, ცოლ-შვილს ისევ შიოდა, რადგან კოკა აღარაფერს აღარ წერდა, მე მერიდებოდა ხშირად მევლო მათთან და იშვიათად შევუვლიდი ხოლმე. Aდრე სულ სიცილის, ლიტერატურის ღეჭვა – რჩევის, სიმღერის, ხანდახან გინების და ერთი სიტყვით სიცოცხლის ხმა გამოდიოდა მისი დამწვარი სახლის კედლებიდან, ახლა კი მხოლოდ დამწვარი სახლი იდგა, სადაც სამი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობდა. ნოველებს აღარ ვწერდი. მაგიდას რომ მივუჯდებოდი ისეთი სიმძიმე მეუფლებოდა, პასტასაც მივაგდებდი და ფურცლებსაც, თავის უხეირო და უინტერესო ამბებით, რომელიც თავში მიტრიალებდა. ერთი გოგო ისევ მომეწონა, მაგრამ სულ ორჯერ ვნახე, ამბობდნენ ფილიპინებზე ცხოვრობსო, ზუსტად ვერავინ ვერაფერს ამბობდა მასზე. სად შემხვდა პირველად აღარც მახსოვს, უბრალოდ მეორე შეხვედრა ჩემს სახლთან მოხდა სოლოლაკში, უფრო სწორედ ჩემთან იყო მოსული, დეიდაჩემთან რაღაც საქმე ჰქონდა და მე სახლში რომ ვბრუნდებოდი სადარბაზოში შემეჩეხა.

 

ბედი ხო მაგარი მაქვს, მე უბედურს, და ისეთი გალეშილი ვიყავი, ჩემი მეზობელი მურადა მეგონა, რომელსაც ნარდს ვობლაზე ვეთამაშები ხოლმე. შემეფეთა თუ არა შევძახე, «ჰაიტ შე ტურტლიანო, კბილები გამოიხეხე, თორემ თევზის სუნით ყარხარ-მეთქი» რა თქმა უნდა ეს გოგოც დაიკარგა ჩემი ცხოვრების სარბიელიდან და ისევ მარტო დავრჩი. დეიდაჩემს რომ ვკითხე, რა უნდოდა იმ გოგოს მეთქი, ესე მითხრა ვერ გავიგე, მგონი ფრანგულზე სიარული სურდაო. ასე დავრჩი ინფომაციის გარეშე გოგოზე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მეორე იყო, თუმცა ჩემი არ ყოფილა, უბრალოდ მეორე გოგო იყო, ვინც მომეწონა. ჩემს მოთხრობებს აღარ ბეჭდავდნენ, რას დაბეჭდავდნენ, ვეღარაფერს ვეღარ ვწერდი. სამი მოთხრობა მქონდა გამოუქვეყნებელი და კოკას გარეშე არაფრის გაკეთება არ მინდოდა. ვცდილობდი რამე მომეფიქრებინა, მაგრამ არაფერი არ მომდიოდა ტვინში და თუ მომდიოდა უინტერესო მეჩვენებოდა.

 

მოკლედ პასტის და ფურცლის დანახვა არ მინდოდა. ერთ დღეს ქუჩაში მოვდიოდით, მეზობელი შემხვდა და მითხრა, შენს სახლთან რაღაც ბევრი ხალხი ირევაო. ტროლეიბუსი გავაჩერე შუა გზაში, წინ გადავუდექი. სახლში შევვარდი და იმდენი ხალხი დამხვდა დეიდაჩემის ოთახში, რომ მივხვდი, ის მკვდარი იყო. მშვიდი, კეთილი და, როგორც ყოველთვის, ლამაზი სახე ჰქონდა. ზურგზე იწვა საწოლში, და მძინარე გეგონებოდა, რომელიც ტკბილ, სასწაულ სიზმარს ხედავს.

 

 – საწყალს კიბო ჰქონია და არავის გაგვიმხილა,  – მითხრა ვიღაცამ, რომელიც არ დამინახავს და მართალი გითხრათ არც მაინტერესებდა ვისგან გავიგე ეს სიტყვები, ჩემთვის უკვე არაფერს აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. კოკა მომეხმარა სოფიკო დეიდას დაკრძალვაში, დათო, ირაკლი და ვალიკოც ჩემს გვერდში იყვნენ, დეიდაჩემი რომ სულ რეგვენოებს და მუდრეგებს ეძახდა ის ბიჭები.

 

რის ვაი-ვაგლახით შევაგროვეთ ფული, რომ მიწისთვის მიგვებარებინა დეიდაჩემი. ვერაზე დავკრძალეთ. წავიდა ჩემი ჯუჯღუნა, უკმაყოფილო, უშვილო, ჩემი გამზრდელი, კეთილი, ლამაზი, სევდიანი დეიდა, რომელიც აღარასდროს დაგვიბრუნდებოდა. ჩვენ თუ მივიდოდით მასთან, თორემ ის ვეღარასდროს. დავრჩი მარტო კაცი სახლში. დაახლოებით ერთი კვირა, ყოველდღე უდარდელად ვდგებოდი ლოგინიდან, მეგონა დეიდაჩემს სადილი უკვე გამზადებული ჰქონდა, მაგრამ მის ცარიელ ლოგინს რომ დავინახავდი ყველაფერი თავის ადგილზე დგებოდა.

 

 – გისმენთ? – ავიღე ტელეფონი.

 

 – ლევანიკო, შენ ხარ?

 

 – მე ვარ.

 

 – დედაშენი ვარ.

 

 – მივხვდი.

 

 – საიდან?

 

 – გულმა მიგრძნო რომ დარეკავდი.

 

 – ფულს ვაგზავნი, ჩემი საყვარელი დაიკო რომ დაასაფლავე, ბევრი დაგეხარჯებოდა.

 – არ არის პრობლემა, მე არაფერი მიჭირს.

 

 – ლევანიკო შენ მალე ჩამოხვალ პარიზში, ხომ იცი მე და მამაშენი ვერ ჩამოვალთ, უკან ვინღა გამოგვიშვებს.

 

 – ვიცი.

 

– ლევანიკო, ჩვენ გვიყვარხარ, ხომ იცი.

 

 – ვიცი. – ისე ვპასუხობდი, თავიდან ვიცილებდი.

 

 – ლევანიკო, შენ ჩვენი ერთადერთი შვილი ხარ.

 

 – ვიცი, ნახვამდის, – და ყურმილი დავკიდე.

 

 ძნელი იყო თავიდან, ძალიან ძნელი, რადგან ერთადერთი შემოსავალი დეიდას შემოჰქონდა.

 

მეხმარებოდნენ ირაკლი, ვალიკო, დათო, მაგრამ იმათაც თავის გაჭირვება ჰქონდათ და ისე, რა თქმა უნდა, ვერ დამეხმარებოდნენ, რომ ყველაფერით უზრუნველყოფილი ვყოფილიყავი. ნოველების და ლექსების წერა დავიწყე, მაგრამ გამოსაცემი ფული არ მქონდა. უნივერსიტეტში ლექტორებმა ფული ამიგროვეს, მაგრამ ვერ გამოვართვი, არ ვიცი, მაგრამ მეუხერხულა, ისე კი უხერხული ნამდვილად არ იყო.

 

 თბილისი სანთელივით ჩამოდნა, რაღაც გამხდარი მეჩვენებოდა ჩემი ქალაქი, თითქოს საჭმელი აკლდა, ან სითბო, ან სიყვარული. ყველა აქედან გაქცევას ცდილობდა, სადღაც შორს და მეც ხანდახან ვცდილობდი გამეღწია აქაურობიდან, თუნდაც საგურამოში წავსულიყავი და სული ამომეთქვა. თბილისი თავისი უზომო სითბოთი მაინც მანატრებდა თავს და როგორც ყველა ქართველი კაცი უბრუნდება ძირძველ მიწას, მეც ვბრუნდებოდი ჩემს სოლოლაკში.

 

 ნაფარეულის ქუჩაზე ავირბინე, კოკა მინდოდა მენახა და მეთქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა ნოველა დავწერე. ეზოში შევედი და დავიძახე.

 

 – კოკა!

 

 ხმა არავინ გამცა და თურმე ვერც გამცემდა. კოკა წასულიყო საქართველოდან, სად, არავინ იცოდა.

 

ნუთუ წერილს მაინც არ დამიტოვებდა? ნუთუ არ შემეხმიანება რამენაირად? არ მჯეროდა, რომ ვეღარ ვნახავდი. ნოველა ხელში შემრჩა და დამწუხრებული დავეშვი ნაფარეულის დაღმართზე. კოკასთვის შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო აქაურობის დატოვება, რადგან იმედია სხვაგან მაინც დააცლიდნენ თავისუფლად წერას და შიმშილითაც არ გასძვრებოდა სული.

 

მე რა უნდა მეკეთებინა? გამეგრძელებინა წერა თუ არა? ამ კითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს. ნუთუ მის გარეშე ერთი სიტყვის დაწერაც კი არ შემეძლო? რას ჰქვია არ შემეძლო! მივხვდი რაღაც მჭირდებოდა და ეს რაღაც წერის სურვილი იყო, რომელიც მთელ სხეულში ისე იყო გამჯდარი, ვეღარანაირი ძალა ვეღარ გამოაძევებდა გარეთ. რამხელა ენერგიას და ძალას მაძლევდა უბრალო სიტყვების წერა ფურცელზე და ამ ყველაფრისკენ კოკა მიბიძგებდა, კოკა, რომელიც რატომღაც დარწმუნებული იყო ჩემში. ვისთან მელაპარაკა ჩეხოვზე და სტეინბეკზე, მოემზე და ჩესტერფილდზე, აგატა კრისტზე და ჩარლი ჩაპლინზე, ზოსჩენკოზე და ტურგენევზე.

 

მისი წასვლით ასე მეგონა, ეს გენიოსი ხალხიც დავკარგე და ვეღარასოდეს შევძლებდი მათ დაბრუნებას. რატომ მოვიდა პირველად ჩემთან, ან საიდან, რატომ არასოდეს მიკითხავს ან მისთვის, ან ჩემი თავისთვის. დამირეკავს აუცილებლად, მაგრამ ტელეფონის ნომერი რომ არ იცის, თუმცა, ეგ თუ მოინდომა ყველაფერს გაიგებს. ბოლო-ბოლო მისამართი ახსოვს და მომწერს მაინც რამეს.

 

ყველა ადამიანს უდგება ისეთი მომენტი, როდესაც ერთი ადამიანის გაცნობა რაღაცას ცვლის მის ცხოვრებაში, ან მომავალს, ან წარსულს, ან გზას, ან თვალებს. მერე დრო გადის და შენ ამ ადამიანის ან მადლიერი ხდები, ან ნანობ, საერთოდ რომ გაიცანი. ღმერთი ადამიანს გამოცდას უწყობს, ხან კარგ ადამიანს მოგიგზავნის, ხან ცუდს და ცუდი და კარგი შენ უნდა გაარჩიო, მის ამორჩევაში ვერავინ დაგეხმარება. მე კი ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვიყავი.

 

კმაყოფილი ვიყავი, რომ ისეთი ადამიანი შემხვდა, რომელმაც წერა მომაწყურა. რატომ ქრებიან ან რატომ იკარგებიან ნიჭიერი ადამიანები? ვინ ცდილობს ან რა ცდილობს მათ განადგურებას? ნუთუ ვიღაცას აწუხებს მათი მიღწევები და გამარჯვებები? ალბათ აწუხებს, და ალბათ ყველაფერი ცუდი შურიდან მოდის დედამიწაზე. შურიდან, რომელიც მოჩვენებით სიყვარულად, მეგორობად, სითბოდ, ერთგულებად, გულახდილობად გვევლინება და რომელიც ნისლივით გაუკვალავი და ძნელი ამოსაცნობია. ადამიანები ხედავენ ამ ყველაფერს, თქვენ გგონიათ მარტო მე ვხედავ? მაგრამ ხმის ამოღება ეზარებათ, ან არ უნდათ, ან ეშინიათ და ეს მარადიული ტკივილი მოუშორებელი რჩება სახლში, ქალაქში, ქვეყანაში და მერე მთელ დედამიწაზე. ხმის ამოღებითაც შეიცვლება თუ არა რამე, მძიმე სათქმელია, ალბათ არა, მაშინ რა უნდა ვქნათ? ეს ძალიან ვრცელი და შორს წამყვანი თემაა, რომელსაც ალბათ ვერავინ მოუნახავს დასასრულს. დრო, თაობების სწორი აღზრდა, ქვეყნის მართვის ცოდნა, ხელოვნების სიყვარული. ალბათ ჩემს მიერ ჩამოთვლილი სიტყვები ყველაფრის შემცველია, მაგრამ სათქმელად ადვილია, ხოლო შესასრულებლად ძნელი.

 

ცხოვრება მიიზლაზნება თავის უსწორმასწორო გზებზე და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი სევდა დაჰყვება თან, რადგან ვერაფერს ცვლის, როგორც ჩვენ ვერ შევცვლით იმას, რომ ბოლოს სიკვდილს უნდა დავხვდეთ და ჩვენი ხელით გავუღოთ კარი.

საღამო ფიქრში ღამედ გადაიქცა და მეც დამეძინა ჩემს ყველასგან მიტოვებულ პატარა სახლში.

 

 გავიდა ერთი თვე და ჩემთან, ჩემი ბავშვობის მეგობარი, გიორგი დანელია მოვიდა.

 

 – რამე მიშველე!

 

 – რა ხდება გიო?

 

 – მკლავენ!

 

 – ვინ?

 

 – არ ვიცი.

 

 საწყალს მართლა შველა სჭირდებოდა, ვიღაც მამამისის მევალები მოსულიყვნენ და ობლად დარჩენილ გიორგის ფულს სთხოვდნენ.

 

 – მამა მე აღარ მყავს და დედა, რაღა ვქნა, არ ვიცი.

 

 სამი დღე ურტყამდნენ საწყალს და ძლივს გამოექცა. თურმე მიმავალი მანქანიდან გადმოხტომია მევალეებს და ღმერთს გადაურჩენია, რომ საღსალამათი გადარჩენილა. მამამისი კარგი კაცი იყო, მახსოვს პირველად სნიკერსის ნაყინი სწორედ გიოს მამამ გვიყიდა, სკოლიდან რომ ვბრუნდებოდით. ბიზნესმენი იყო, მაგრამ რით ვაჭრობდა და როგორ, ჩვენ რა ვიცოდით. რომ გარდაიცვალა, მერე გავიგეთ, თურმე მოსკოვიდან ტკბილეული შემოქონდა ქუთაისში. სწორედ ქუთაისელი, ვითომ თუ მართლა, მევალეები დადგომოდნენ საწყალ გიოს. მარტო მაინც არ გავყევი და ირაკლი წავიყვანე თავართქილაძე.

 

სამი დღე ვუცდიდით, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ, მევალეები არსად სჩანდნენ. ბოლოს გაირკვა, რომ საბედნიეროდ, რადგან რომ მოვიდნენ ჩხუბში ერთ-ერთი დავჭერი დანით და მთელი სამმართველოს მილიცია მე მეძებდა. დანა ცხოვრებაში არ მიხმარია, მაგრამ იმ ჩემი ცოდვით სავსე მევალემ, ისეთი მუშტი მითავაზა, იძულებული ვიყავი სამზარეულოში შევვარდნილიყავი და დანა ამეღო. მოგერიებით კი მოვიგერიე, მაგრამ მე არ მახსოვს, თურმე ისე შემარყია მისმა მუშტმა, კარგა ხანს ვიძახდი აფხაზეთში მივდივარ, სოხუმი უნდა დავიბრუნო მეთქი.

 

 რას იზამ, ნოველების წერით მომქონდა თავი და კრიმინალურ სერიალში ჩავერთე (აღმოვჩნდი). მერე ვიღაცეები მიბარებდნენ ქუთაისში, მაგრამ იქ ჩამსვლელი ნამდვილად არ ვიყავი, თუმცა ძალიან რომც მომენდომა, მაინც ვერ ჩავაღწევდი, მთელი საქართველოს პოლიცია-მილიცია მე დამდევდა. ჩემი საწყალი და დუხჭირი სახლიც გავყიდე. ვიღაცამ მითხრა, ფულით საქმეს ეშველებაო, ვიღაცამ კი არა ირაკლის მამამ, მაგრამ როგორც სერგო ორჯონიკიძეს არ ეშველა, ისე არ ეშველა ჩემს საქმესაც.

 

ბოლო-ბოლო, კი მეზიზღებოდა ჩემი სოლოლაკის სახლი, მაგრამ სადღა წავსულიყავი, ესე მაუგლივით როდემდე უნდა მეხტუნავა სახლიდან სახლში, ოდესღაც ხომ მოებმეოდა ჩემ საქმესაც თავი. გამოგიტყდებით და ის მევალეები ისეთი საზიზღრები იყვნენ, არ მინანია ჩემი ჩადენილი დანაშაული. გიორგიმ ყველაფერი გამიკეთა, მმალავდა, საჭმელს არ მაკლებდა, მანუგეშებდა და რითიც შეეძლო ჩემთან იყო. სად ვიმალებოდი დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს თქვენთვის. ერთ საყვარელ, პატარა ხის სახლში, როგორც ზღაპრებში წარმოგვიდგენია და წარმოიდგინეთ, ექვსი თვე კაცის ჭაჭანება არ ყოფილა ახლომახლო. ირაკლი თუ ჩამოვიდოდა და ამერიკელი მწერლის ბერდერის ნოველებს და კრიტიკებს თუ ჩამომიტანდა. ბერდერი, უცნობი მწერალი იყო ჩემთვის, მაგრამ ისე მომწონდა მისი აზროვნება, ჩემი ძმაკაცის წერილს ვკითხულობდი, ასე მეგონა.

 

 ცხოვრების ბორბალი დატრიალდება და ხან სად გადაგისვრის განგება, ხან სად.

 

ყველაფერს ვითმენდი და ეს მოთმენის უნარი ალბათ საწყალი დეიდაჩემისგან გამომყვა, შეიძლება სულაც მშობლებისგან, მაგრამ მე ხომ მათ არ ვიცნობდი, ამიტომ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. მენატრებოდა უნივერსიტეტი, კოკა, დეიდაჩემი, ვინმე ლამაზი გოგო და ჩემი ნაწვალები ნოველები. ყველაფერი თითქოს ერთი ხელის მოქნევით დაკარგულიყო, თან ისე, რომ ძებნასაც აზრი ეკარგებოდა. საყვარელი მეჩვენებოდა ჩემი ძნელი წარსული და ახლა ვხვდებოდი რომ ადამიანმა, მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გაიღიმოს და ცხოვრება გააგრძელოს, თუნდაც კუს ნაბიჯებით, მაგრამ უნდა გააგრძელოს, კუს ნაბიჯებით, მაგრამ უნდა გააგრძელოს.

 

საღამოს ჰამაკში ვიწექი და ვარსკვლავებს ვითვლიდი, როგორც ლუარსაბ თათქარიძე ჭერში ბუზებს და როგორც ლუარსაბი, მეც თართზე და ორაგულზე ვფიქრობდი, მშიოდა.

 

სიყვარულიც მომინდა. არასდროს სერიოზულად რომ არ ვუყურებდი გოგოსთან ურთიერთობას, ახლა ყველაზე მეტად მაკლდა. რა თქმა უნდა მარტო ფიზიკური, ცხოველური ვნებების დაკმაყოფილებას არ ვგულისხმობ, უბრალოდ გოგოსთან საუბარი მენატრებოდა ან უბრალოდ გოგოს გაღიმება, რომელიც ჩემს ობოლ სულს გაათბობდა და ნუგეშით აავსებდა.

 

ბენდერის კრიტიკებიც სწორედ გოგოზე დაწერილ რომანს ეხებოდა, უფრო სწორედ მოთხრობას. “ქალწული ურსულა” არის ასეთი ნაწარმოები, იტალიელი მწერლის და დრამატურგის გაბრიელ დ’არუნციოსი, და სწორედ მასზე მუშაობდა ბენდიერი. წიგნები ბლომად მქონდა წაღებული და კითხვა ძალიან მეხმარებოდა მარტოობის დაძლევაში. წერასაც მივუბრუნდი და რაღაც გამომდიოდა. ნოველებს ლექსები, მერე პიესები მივუმატე და უფრო გამდიდრდა ჩემი შემოქმედება. ის ჩემის დაზარალებული, ღმერთის წყალობით გამოჯანმრთელებულიყო და სახლშიც გაუწერიათ საავადმყოფოდან. საწყენია, მაგრამ კანონი ისე უყვარდა, ჩივილს რომ თავი დავანებოთ, ახალ-ახალ გარემოებებს იგონებდა.

 

იძახდა, რომ ჩვენ “პლასკაგუფცებით” ანუ გაზებით შეიარაღებულები დავესხით თავს, საცოდავ, ქუთაისიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებსაც მისამართი შეშლოდათ და შემთხვევით გიორგი დანელიას სახლს მიადგნენ. ჩვენ, ბოროტებმა, შეცდომა არ ვაპატიეთ და ჯერ “პლასკაგუფცებით” და შემდეგ მე დანაც ვუთავაზე მარჯვენა დუნდულში ერთერთს. რამდენიმე თვეში ირაკლი დაიჭირეს და ისე უწამებიათ, სამი დღე აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. ექიმები ამბობდნენ, რომ გამოვრთოთ, უთუოდ დაიღუპებაო. კრინტი არ დაუძრავს, თურმე სულ იმას იძახდა, მე რუსეთში გაზრდილი ქართველი ვარ და თქვენი ერთი სიტყვაც არ მესმისო. ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჩემთან საჭმელი მაინც არ დაჰქონდა, სახიფათო იყო, ვინმეს არ დაენახა და გზაზე არ აჰყოლოდა. ცოტა წიკიანი გახდა იმ წამების შემდეგ, მარჯვენა თვალი და ყბა გაურბოდა, მართალია, ისე არა, რომ დამახინჯებულიყო.

 

ჩემთან მღვდელი მოიყვანა გიორგიმ, მამა ანდრია. ისეთი სათნო ადამიანი იყო, გაცნობის პირველივე დღეს გული გადავუშალე და ჩემი თითოეული ტკივილის შესახებ მოვუყევი.

 მიდიოდა ნელ-ნელა ცხოვრება და მე ვერაფერს ვერ ვასწრებდი. გული მწყდებოდა, რომ ვერაფრით მოვახერხე ისე წარმემართა ცხოვრება, როგორც მე მინდოდა. ბევრი ადამიანი განიცდის ალბათ ცხოვრებაში ასეთ იმედგაცრუებას, ზოგი, ვინც თავდავიწყებით ოცნებობდა მხატვრობაზე, მილიციელი გახდა, ზოგს ცხენოსნობა ხიბლავდა, დღეს კი ტაქსის მძღოლია და ა.შ. დაზარალებული რომ იძახდა, ჯერ “პლასკაგუფცი” ჩამარტყა და მერე დუნდულოში დანა გამიყარაო, ალბათ ადრე მასაც ინჟინრობა, ან სულაც გეოლოგობა უნდოდა. მგონი მაინც არ უნდა შეეგუო იმ გზას, რომელიც შენი არ არის, არ უნდა შეეგუო იმ ცხოვრებას, რომელიც გტანჯავს და სხვაზე გაოცნებებს. ამ ქვეყანაში ძნელია იმით გაიტანო თავი, რაზეც მე ვოცნებობდი.

 

წერა დიდი სიამოვნებაა ჩემთვის, მკითხველისთვისაც, რომელიც დაწერილს კითხულობს და შეიგრძნობს, მაგრამ როდესაც ოჯახი გყავს, ცოტა ძნელია მხოლოდ წერით არჩინო და იძულებული ხდება ადამიანი სხვა გზას დაადგეს. მერე რისი გულისთვის? ფულის? ალბათ მარტო ფულისთვისაც არა, მაგრამ მაინც ფულისთვის. ნეტავ არ არსებობდეს ეს ფული დედამიწაზე და ჩვენ ყველას ის გვაკეთებინა, რაც გვინდა. დასაფასებელია ის ადამიანი, რომელიც ფულის გულისთვის მონა არ ხდება. ყველას, ვისაც გააჩერებ და კითხავ, გიყვარს თუ არა ფული და საერთოდ ხარ თუ არა მისი მონა, ან ძუნწი, ან ფლიდი, ყველა გიპასუხებს, რომ ფული საჭიროა, ხოლო დანარჩენი ჩამოთვლილი ბრალდებები რა მოსატანია და საერთოდ როგორ აკადრე. სამწუხაროა, მაგრამ თითქმის ყველა ადამიანი ფულზეა შეყვარებული და ამის აღიარება ცოცხლალი თავით არ უნდა. შეიძლება ვამეტებ და თითქმის ყველა, ძალიან თამამი ნათქვამია, მაგრამ ასეთი ადამიანი იმდენია, ამ სითამამეს მაბედინებს.

 

 – მოდი, მოდი!

 

 – რა მოხდა? ესე დილაუთენია რამ ჩამოგიყვანა?

 

 – რამ და შენი დაზარალებულები აღარ ჩივიან, აღარც ფულს ითხოვენ ჩემგან და საქმესაც დიდი რკინის ბოქლომი დაედო.

 

 დამთავრდა ჩემი ძებნა და მომთაბარეობა.

 

ხვალიდან ისევ ჩვეულ ცხოვრებას ვუბრუნდებოდი. მართალია, სახლი აღარ მქონდა, მაგრამ რამეს მოვახერხებდი და ალბათ რაღაცაც მეშველებოდა.

 

უნივერსიტეტში მივედი და ყველას ჩავეხუტე, ვინც მიყვარდა, ვინც არ მიყვარდა, და ვინც ისე რა მიყვარდა. ბედნიერებად ვგრძნობდი მათ ჩემს ხეულში.

 

ჩემმა კურსელმა რაღაც წერილი გადმომცა.

 

 

 

 

  წერილი

 

 ხომ იცი მეზიზღება ტელეფონზე ლაპარაკი. ყველაფერი შეიცვალა. ამერიკამ მამობა გამიწია, შეიძლება დედობაც. ჩემები კარგად არიან, კიდევ ერთი შვილი შეგვეძინა, გოგო. ისეთი წყნარია, თმებიც რომ მოწიწკნო, არ იტირებს.

 

ბერდერი კი მე ვარ, აბა კოკას ვერ გაიგებდნენ შტატებში, ხომ იცი, ქოქას დამიძახებდნენ და ნერვები მომეშლებოდა. ფინიქსში ვცხოვრობ. ნეტავ ჩამოხვიდოდე ჩვენთან, აქვე სახლს გიქირავებდით, შემდეგ კი ისე გაიყიდებოდა შენი შემოქმედება, სახლს თვითონ მთავრობა გაჩუქებდა. გიგზავნი ხუთი ათას დოლარს, რომ სადმე სახლი იქირავო, მერე კიდევ გამოვაგზავნი. წერე, გთხოვ, შენთვისაც აუცილებლად ამოვა ბედნიერების მზე, გამოანათებს და როგორც ჩემთან, ისეთ სიმაღლეზე ავა შენთანაც. გკოცნი.

 

შენი უცნობი მეგობარი კოკა.

 

 – ხედავთ?  – დავიღრიალე და მთელმა მეორე კორპუსის ეზომ მე შემომდეხა, – ხედავთ? – ხალხი გაოგნებული მიყურებდა, მაგრამ მე არავისთვის არაფრის ახსნა არ მინდოდა, ჩემში გაცოცხლებული იყო, ის ძალა და ჟინი, რასაც წერა ჰქვია. შემოვტრიალდი და მთელი ძალით გავიქეცი მელიქიშვილის გამზირისკენ, თუმცა სად მივრბოდი და რატომ არ ვიცოდი და არც ქონდა დიდი მნიშვნელობა. ის ძალა მამოძრავებდა, რასაც მეგობრის პოვნა და წერასთან დაბრუნება ჰქვია.

 

მალე დედაჩემმა ვიზა გამომიგზავნა საფრანგეთიდან და მე პარიზში ჩავფრინდი. ვწერდი ნოველებს, ლექსებს, რომანის დაწერაც გადავწყვიტე და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი ლექსების და ნოველების ფრანგული თარგმანი იყიდებოდა და მკითხველსაც მოსწონდა. კოკასთან მიმოწერა მქონდა. ვუყვებოდი, როგორ მომწონს პარიზი, რომ მხატვრობა შემიყვარდა და რომ მის ჩამოსვლას ველოდებოდი საფრანგეთში. ჩემები ნელ-ნელა შემეჩვიენ, როგორც მე მათ. ცხოვრება გაგრძელდა მშვენივრად, როგორც ადამიანები ოცნებობენ, მეც ვოცნებობდი და ყველაფერი ზღაპარივით მიხდებოდა. არის ქვეყნად დრო, ადგილი, დღე, საათი, წუთი, წამი, სიზმარი, პერიოდი, როდესაც ადამიანს ცხოვრება ზღაპრად ეჩვენება და ღმერთმა ქნას, ეს მოჩვენება არასოდეს მოგვცილდეს.

 

 

 

 

  გ უ რ ჯ ი ნ თ ა ხ ი

 

 

 ბათუმი, თეთრი ოცნების, გემების, ბავშვობის, ზღვის ქალაქია. აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, აგისრულდეს ბავშვობის ნატვრა, დაინახო დელფინი, დათვრე უმოწყალოდ, შეგიყვარდეს ქართველი, რუსი ან თუნდაც სომეხი გოგო, ინატრო ბაროკოს ან როკოკოს ეპოქის სახლში ცხოვრება, რომელიც მრავლადაა ამ ულამაზეს ქალაქში, რომელსაც ბათუმი ჰქვია. ცოტა შეიძლება შეგშურდეს კიდეც დისამიძეების, აბაშიძეების, ჭყონიების, რომ შენგან განსხვავებით, ისინი ამ თეთრ და ზღაპრულ ქალაქში დაიბადნენ და გაიზარდნენ. გემების შენების ნიჭი თუ მოგცა ღმერთმა, ალბათ უდიდესი საჩუქარია, რადგან მზეს, ზღვას და ბათუმს არასოდეს მოსცილდები. ააშენებ ზღვის ლურჯ ზედაპირზე და მას შენი შექმნილი ერქმევა. ნიკოლოზ დიასამიძე აგრძელებდა “ირინას” შენებას. გემი ისეთი სიდიდის და ისეთი ლამაზი გამოდიოდა, ყველა უცხოელს, ვინც ბათუმის პორტს მოადგებოდა, ძალიან უკვირდა და აღტაცების სხივები თვალებზე უთამაშებდა. ნიკოლოზიც მუშაობდა ყოველდღე.E ვალტერ ჭყონიაც, პორტის დირექტორი, კმაყოფილი იყო დიასამიძის მონდომებით და მუშაობით.

 

ყველას უყვებოდა, ასეთი გამრჯე თანამშრომელი არასდროს მყოლია და მალე ყველას გაკვირვებულს დატოვებსო. მართლაც ეგრე იყო, როგორც ჭყონია ამბობდა, რადგან “ირინას” მშენებლობა წარმოუდგენელი სისწრაფით მიმდინარეობდა. საღამოს დიდი ქეიფები იმართებოდა ბათუმის პორტში, ჭყონიას ხან ვინ ყავდა სტუმრად, ხან ვინ. ერთ დღესაც უკრაინელები ჩამოსულიყვნენ სევასტოპოლიდან. ერთი ულამაზესი ქალბატონი იყო ამ სტუმრებს შორის, “ირინა” რომ უნახავს გაგიჟებულა, ამ ხომალდის არქიტექტორი მანახეთო. რა უნდა ექნა პორტის დირექტორს, თავის სტუმრებს გაწბილებულს ხომ არ დატოვებდა. მიიყვანა ქალბატონი მშენებლობაზე და ნიკოლოზი გააცნო.

 

ქალმა გაუღიმა ახალგაზრდა არქიტექტორს და გემის დათვალიერება სთხოვა. სანამ ნიკოლოზი სტუმარს გემბანზე ფეხს დაადგმევინებდა, სტუმარმა კიდევ ერთხელ გაუღიმა და სვეტლანა მქვიაო, ნაზად გაანდო თავისი სახელი. იმ დღიდან დიასამიძის ცხოვრება შეიცვალა, უფრო სწორად კი, მრავალფეროვანი გახდა. უკრაინელი სტუმარი ყოველ დღე აკითხავდა არქიტექტორს და ნაზი ღიმილით უქებდა ნიჭს და ფასდაუდებელ შრომას. ერთხელ მთელი ორკესტრი მიიყვანა პორტში და მუშაობის დროს ტანგოს მელოდია დააკვრევინა. ყოველდღე შამპანიურებით და ათასი ტკბილეულით სტუმრობდა დიასამიძეს. ერთხელ უკითხავს, ამ ხომალდს “ირინა” რატომ დაარქვიო.

 

დიასამიძეს რომ უპასუხია, უკრაინელს ცოტა ფერი შეცვლია სახეზე, მაგრამ არ შეუმჩნევია. საგონებელში იყო ჩავარდნილი ნიკოლოზი, მისი სატრფოს გარდაცვალების შემდეგ არავინ მოსწონებია, მაგრამ ეს უკრაინელი ქალი გასაქანს არ აძლევდა. ღალატი იქნებოდა ამხელა საქმისთვის და მისი გარდაცვლილი სატრფოს მიმართ სხვასთან რომანის გაბმა, ან თუნდაც ერთი ჩვეულებრივი ღამის გატარება, დიასამიძისთვის. რა უნდა ექნა, კაცი იყო და ხომ არ დაემალებოდა უკრაინელ ქალს. ერთხელ უკითხავს, თქვენ გათხოვილი ხომ არ ხართო, ქალს სერიოზული სახე მიუღია და ესე უპასუხია, ჩემი ქმარი ნაძირალაა, ჩემს შვილებს სწავლის ფულს არ უხდისო. ყველაფერი გასაგები იყო ნიკოლოზისთვის, მაგრამ რაღაც ძალა მაინც იზიდავდა ამ უცნაური, ლამაზი ქალისკენ. ნუთუ უღალატებდა ადამიანს, რომლის გულისთვისაც სიცოცხლე გადადო და რომლის გულისთვისაც გემს აშენებდა.

 

სიცოცხლე გრძელდებოდა და გარდაცვლილი სიყვარულის დავიწყებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ არა ნიკოლოზისთვის, ნიკოლოზისთვის, რომელსაც ძილის დროსაც ახსოვდა ირინას ლურჯი, ზღვისფერი თვალები. ვთქვათ და ჩახუტებოდა უკრაინელის სურნელს, მაშინ რაღა აზრი ჰქონდა გემის მშენებლობას და ზღვაში ირინას საძებრად გასვლას. ძნელი იყო ეს ყველაფერი მისთვის, მაგრამ როგორ მოეთმინა ქალის თავბრუდამხვევი ღიმილი, ბოლოს და ბოლოს კაცი იყო და კაცური ინსტიქტი თავისას შვებოდა. შვებოდა, მაგრამ დიასამიძეს ყველაფრისთვის უნდა გაეძლო და ეს არ დაეშვა. ეტყობოდა, უკრაინელი დიდხანს აპირებდა აჭარაში გაჩერებას. სახლი ექირავა ბათუმის შესასვლელთან, გონიოს ციხის მახლობლად და კაცმა არ იცოდა როდის მოისურვებდა წასვლას. რატომ იყო ჩამოსული არც ის იცოდა ვინმემ.

 

თავიდან ზაფხულის მცხუნვარე მზეს აბრალებდნენ, მის გაჩერებას აჭარაში, მაგრამ ზაფხული უკვე ორი კვირის დამთავრებული იყო და სტუმარი ფეხის მოცვლას არ აპირებდა. ქერა, მაღალი და ეშხიანი იყო, როგორც უკრაინელებს სჩვევიათ, მაგრამ კიდევ ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც ყველა ქალს არ აქვს, თუმცა რა, ნიკოლოზს ამის დაზუსტება უჭირდა. მუშაობა მიდიოდა, მაგრამ ნიკოლოზი ატყობდა, რომ ირინას მაგივრად, სვეტლანაზე დაიწყო ფიქრი. იცოდა არქიტექტორმა ერთი აცდენილი ფეხი და მთელი შრომა და ირინას უზომო, უღალატო სიყვარული წყალში გადაიყრებოდა. ყოველ დღე არა, მაგრამ კვირაში ერთხელ უეჭველად მიდიოდა სვეტლანა ბათუმის პორტში. ერთხელ, თურმე მისულა და ცხარე ცრემლებით უტირია, ეს რა სიყვარული გქონიათ შენ და იმ საწყალ ირინასო. ნეტავ მეც და ჩემს ქმარსაც ეგრე გვყვარებოდა ერთმანეთიო.

 

პორტის დირექტორსაც ყელში ჰქონდა ამოსული სვეტლანას მასპინძლობა, მაგრამ ეშინოდა რუსეთში გავლენიანი ხალხი ეყოლება, ამის ქმარი სულ მოსკოვში აგდიაო, ვინმე არ მომიგზავნოს და ჩემი გულგრილობის ამბავი არ მოუყვესო. ყოველ წამს ამ ფიქრებში იყო დაბნეული ვალტერ ჭყონია.

 

 სასწაულის, ალბათ, ცოტას სჯერა, მაგრამ ამ ამბის მერე რომ დაიჯერა დიასამიძემ სასწაულის, ნაღდი იყო. მუშაობის დროს თურმე ზღვიდან თხუთმეტ კაცს ამოუყვინთავს და გემზე ვარდები უსვრიათ ზღვიდან. დაბნეულა ნიკოლოზი, მაგრამ ცოტა ხანში სვეტლანამაც ამოყვინთა და შამპანიურის ბოთლიც მიალეწა მშენებარე გემის ძირს. ყველაფერს ელოდა არქიტექტორი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო, მეტისმეტი კი არა, გამაოგნებელი. როგორც ყოველთვის, საბოლოოდ მაინც მარცხდებიან კაცები მაცდურ ქალებთან და ნიკოლოზიც დამარცხდა. ბევრს გაუძლო, ექვსი წელი ქალ-უნახავმა არქიტექტორმა და საბოლოოდ ვერაფერსაც ვერ გაუძლო.

 

“სიყვარულია” ფიქრობდა ნიკოლოზი, მაგრამ, სულ რაღაც ორ კვირაში მიხვდა, რომ ეს სიყვარული არ იყო და უბრალო, ცხოველურ-ველური ინსტინქტის, თუ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება აღმოჩნდა. თითქოს ყველაფერი იოლად იყო, მაგრამ ვერაფრით ვერ გაეშვა სვეტლანას, წერილიც კი დაუწერა, რომელშიც საოცარი სიტყვებით ამკობდა. შერცხვა დიასამიძეს, საპასუხო წერილი რომ მოუვიდა სვეტლანასგან, რადგან ირინა გაახსენდა, ის ხომ წერილებს მხოლოდ ირინას უწერდა. თითოეულ სიტყვაში და ასოში უდიდესი გრძნობა იდო იმ წერილებში, რომლებსაც ირინას წერდა, ეს მისთვის სიწმინდე იყო, სვეტლანა კი, ეს უცნაური მოვლენა მის ცხოვრებაში, თითქოს ამ სიწმინდეს ხაზს უსვამდა, სიწმინდეს უკარგავდა თითქოს მის ძველ წერილებს და ყველაფერს უმნიშვნელო, უსახო ელფერს აძლევდა.

 

ხვდებოდა ამას ნიკოლოზი, მაგრამ უკვე გვიან იყო, ვეღარც გემის მშენებლობა მიდიოდა სათანადოდ, ყოველივე სვეტლანას ტყვეობაში მოქცეულიყო. ჭყონია გიჟს გავდა, ვეღარ ცნობდა გზააბნეულ არქიტექტორს, ხანდახან დღეები გადიოდა, ნიკოლოზი კი არსად ჩანდა, რამდენჯერმე ხალხი გააგზავნა მის საძებნელად, მაგრამ უშედეგოდ, თითქოს ზღვას ჩაეყლაპა. მაშინ სვეტლანას ნაქირავებ სახლს მიადგნენ, ჭყონიას გაგზავნილი მაძებრები.

 

კარი რომ შეაღეს, გალეშილი დიასამიძე იწვა ლოგინში, სახლი არეული იყო. სილა შემოურტყიათ მძინარისთვის, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია გათიშულს. აღარ იცოდნენ რა ექნათ, ბოლოს ერთ-ერთს ცივი წყლით სავსე ჯამი გამოუტანია და მძინარესთვის პირდაპირ ლოგინში დაუსხამს თავზე. თვალი გაუხელია დიასამიძემს, მაგრამ ისევ დაუხუჭავს, ასე მოეჩვენათ მაძებრებს, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა არქიტექტორი. ოთხმა კაცმა ძლივს გამოიყვანა დიასამიძე სახლიდან მხრებით და ეტლზე დააწვინეს. სვეტლანას კვალს ვერაფრით მიაგნეს. ჭყონიამ სამი დღე უცადა არქიტექტორის გამოფხიზლებას, მაგრამ გამოფხიზლებულსაც არაფერი ახსოვდა.

 

ორ დღეში მთელი აჭარის მილიცია თუ ჟანდარმერია პორტში იყო, ჭყონიას მისდგომოდნენ, შენთან დადიოდა ის ბოშა ქალი და შენ გეცოდინება მისი სამალავიო. გაუკვირდა პორტის დირექტორს, ვინ ბოშა, რა ბოშაო, მაგრამ სამართალდამცავებს სქელი ფურცლები რომ უჩვენებიათ, სადაც ეწერა, რომ ცნობილი მძარცველი და რეციდივისტი, ბულგარელი ციგანი ქალი, დღესდღეობით აჭარაშია და სვეტლანას სახელით იმალებაო, შეშინებული ჭყონია დიასამიძეს მისდგომია, შენ თუ არ მეტყვი, შენი სატრფოს ადგილ-სამყოფელს, მე ვიტყვი, რომ შენც მისი თანამზრახველი და ბანდიტი ხარო. მაგრამ ჭყონიას ვეღარც დიასამიძე უშველიდა და ვეღარც შერლოკ ჰოლმსი, რადგან დედამიწის ზურგზე არავინ იცოდა ეგრედწოდებული სვეტლანას სამალავი. საოცარია, მაგრამ სვეტლანას, თუ რაც ერქვა იმ ბანდიტს, დიასამიძისთვის ერთი გროშიც არ მოუპარავს. არადა საშუალებაც ნამდვილად ჰქონდა და ნიკოლოზსაც მოსაპარი ნამდვილად გააჩნდა. სვეტლანას არაფერი წაუღია. მართლა შეუყვარდა თუ რა იყო? ფაქტი ერთი იყო, ნიკოლოზი გაქურდული არ დარჩენილა.

 

გაქურდვაზეც აღარ იყო საქმე, ერჩივნა გაექურდათ, ვიდრე ესეთი ამბავი გაეგო ადამიანზე, რომელმაც იგი სიყვარულისკენ მოაბრუნა. შეიძლება ირინასავით არ უყვარდა ეს უცნობი ქალი, მაგრამ მთლად გულგრილი ნამდვილად არ იყო მისადმი. გულგრილი კი არა, ლამის ეტირა ახალგაზრდა არქიტექტორს, სვეტლანას ციგნობის ამბავი რომ გაიგო. ვინც გინდა ის ყოფილიყო, ოღონდ ნიკოლოზი არ მოეტყუებინა, ოღონდ ნიკოლოზი იმ რწმენისკენ დაებრუნებინა, რომ ბედნიერება კიდევ არსებობს დედამიწაზე. ჯერ ის ვერ მოენელებინა, რომ მოღალატედ თვლიდა ირინას წინაშე თავს და ახლა ტყუილი და თვალებში ნაცრის შეყრა შერჩა დიასამიძეს. სად უნდა ეძებნა? იქნებ უკვე საქართველოში აღარც იყო? იქნებ ბოშების ქარავანს დალოდებოდა აჭარის მთებში და ბოშათა ბანაკს, თავის აქლემებით თურქეთში გაჰყოლოდა? თუმცა, მთებში ვერ მოასწრებდა სვეტლანა თავის შეფარებას. ან იქნებ მოესწრო კიდეც ფიქრებში ჩაფლულ ნიკოლოზს, აღარ იცოდა რა ექნა.

 

გემის მშენებლობა მიატოვა, ირინას ზღვაში ვეღარავინ მონახავდა, რადგან რწმენაც მომკვდარიყო, ირინაც და ზღვაც. მხოლოდ ბოშა ქალი დარჩენილიყო, რომელიც ასე უმოწყალოდ გამქრალიყო და მარტო დაეტოვებინა გემთმშენებელი არქიტექტორი ნიკოლოზი. სახელი მაინც გაეგო ამ ციგანი ქალის, ისე, უცნაური იყო ციგანი და თეთრი, ქერა, როგორც ველურად გაზრდილი მაღალი ხორბალი. ჭყონია მოსვენებას არ აძლევდა, ყოველ დღე სახლში აკითხავდა და სულ წივილ-კივილით ეკითხებოდა ციგანი ბანდიტის ადგილმდებარეობას. ერთი კვირა უთმინა ნიკოლოზმა, დირექტორის გიჟურ გამოსვლებს, ბოლოს პანღური ამოსცხო და სახლის ფანჯრიდან მოისრონა, კიდევ კარგი, ფანჯარა არც ისე მაღლა იყო მიწინად, თან ჩვენს ვალტერ ჭყონიას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ფანჯრის ქვემოთ ბალახი დახვდა და არა ასფალტი, ან რამე სხვა უბედურება. ამიტომ იყო წულაძე რომ დეპეშებს გზავნიდა ქსანში, რამე გვიშველეთ, ბატონო ზვიად, თორემ ამათი ჩხუბი ზღვარს გასცდაო. სანამ ზვიადი ქსნიდან ბათუმში ჩამოაღწევდა, მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ პორტმა სამი დღე ფუნქციონირება შეწყვიტა.

 

მილიციაში არ გაქცეულა ჭყონია, მაგრამ მთელი ნათესაობა შეყარა, ჭყონიებს თვსლაფი დაგვასხესო. მთელი ჭყონიები დიასამიძის სახლს მიადგნენ, იყო გინება, მუქარა და ქვების სროლაც. ნიკოლოზა თოფი გადმოუღია და ორივე ტყვია ჰაერში უსვრია, ვინ სად და ვინ ვის ახტებოდა, ვეღარ გაარკვევდი. ერთი დღე აღარავინ გამოჩენილა დიასამიძეების სახლთან, მაგრამ მეორე დღეს, დილიდან ზღვა ხალხი მიაწყდა დიასამიძეების ეზოს ჭიშკარს. თოფებიც ჰქონდათ ჭყონიებს და დამბაჩებიც, თუმცა ნიკოლოზი აღარ დაუხვდათ სახლში. როგორც იქნა ზვიადიც ჩამოვიდა და ჯგენერას მიადგა პორტში. როგორც ზემოთ გითხარით, გიჟდებოდა ზვიადი მის მასწავლებელზე, რომელსაც დიდი ამაგი ჰქონდა მასზე.

 

ჯგენერაც უბრალო, კეთილი, აჭარელი კაცი იყო, მაგრამ დიდი სიხარულის გამოხატვა არ იცოდა და მოკრძალებული ღიმილით შეხვდა ყოფილ მოსწავლეს.

 

 – რაო, რა მინდაო დიასამიძემ? – პირველი კითხვა ეს დაუსვა გურჯინთახმა ჯგენერას.

 

 – არაფერიც არ უნდა. ჭყონიამ გააწყალა საქმე, ვიღაც უკრაინელი ქალი გამოჩენილა, დიასამიძისთვის თავბრუ დაუსხია, მერე გამქრალა, მერე ქოფაკი სამართალდამცავები გამოჩნდნენ პორტში და ჭყონიასათვის მოუხსენებიათ, რომ ის, უკრაინელი ქალი, ციგანი ქურდი ყოფილა და რომ უნდა დახმარებოდა სამართალდამცავებს მის მოძებნაში. ჭყონია დიასამიძეს მიადგა, შენ მომაძებნინე შენი მოთრეული ბოზიო და ატყდა ვაი-უშველებელი.

 

 – მერე?

 

 – მერე ის, რომ დიასამიძეს თოფი გაუსვრია დირექტორის შეყრილი ხალხის შესაშინებლად, ხალხი გაქცეულა, მაგრამ აგერ უკვე ორი დღეა დიასამიძის სახლთან დგანან, მაგრამ ნიკოლოზი სახლში არ არის.

 

 – სად იქნება ნიკოლოზი?

 

 – სად უნდა იყოს, გალოთებული თავის ნათესავებს იქნება შეხიზნული, რომელთან ღმერთმა უწყის, ხომ იცი რამდენიც არიან აჭარაში ეგენი.

 

 – უნდა წამომყვე, უნდა მომაძებნინო დიასამიძე.

 

 – ვიცი, ზვიად, შენ ტყუილა არ ჩამოხვიდოდი აჭარაში. მე მზად ვარ, როგორც ყოველთვის – ჯგენერა მართლა მზად იყო ზვიადს საფლავშიც ჩაჰყოლოდა.

 

 ბზების, მწვანე, სველი მთის სოფელი, ღელე-ღურდანი, მეჩეთი და მოლას გაურკვეველი ლოცვა, გაურკვეველი, რადგან ვერ დამიზუსტებია სასიამოვნო მოსასმენია, თუ მძიმე, ალბათ ხან როგორ, ხან როგორ.

 

დიასამიძეებს «დაჩები» ჰქონიათ აჭარის ამ ულამაზეს ადგილას. ჯგენერამ ხომ თვალდახუჭულმა იცოდა აჭარის ყველა კუთხე და კუნჭული. დიდხანს არ უვლიათ ყოფილ მოწაფე-მასწავლებელს.

 

ჩანჩქერი თეთრი იყო, ხავსმოდებული მწვანე ლოდებით, მწვანე ბზებით გარშემორტყმული და ყვავივით ჩხავანა. რამდენ ადგილას გაუვლია გურჯინთახს, რამდენმა ადგილმა დატოვა მის შთაბეჭდილებაზე გასაოცარი კვალი, მაგრამ ეს მთის პატარა დასახლება მართლაც საოცარი იყო, საოცარი და წარუშლელი. მუსულმანების დანახვისას ცოტა იბნეოდა თავადი, რაღაც გაუგებარი განცდა ეუფლებოდა, ვეღარ გაეგო სძულდა თუ უყვარდა მუჰამედის თაყვანისმცემლები. სიძლიერეს რომ გრძნობდა მათი დანახვისას აშკარა იყო, სიძლიერეს და უსაზღვრო სიყვარულს თავიანთი რწმენისა და რელიგიისა. ბევრჯერ უთქვამს თავისი ეზოს რქაწითელით გალეშილს, მუსულმანებს მაინც ვგავდეთ, ასე წიხლქვეშ ყველასნამდვილად არ გავეგებოდითო. ბაშეც ბევრჯერ უნახავს მუხლებზე დამხობილი და “ალაჰ აკბარის” მყვირალი და შემვედრებელი, მაგრამ ვეღარ გაეგო ზვიადს, ეს ტაჯიკი ებრაელი იუდეველი იყო, პროტესტანტი, მართლმადიდებელი თუ მისულმანი. ყველა ენაზე საუბრობდა ღმერთთან, იმასაც იძახდნენ კრიშნასაც ეთაყვანება ფარულადო.

 

ერთხელ უკითხავს ლაშარს თავისი გამზრდელი მკითხავისთვის, რამდენი რამე გიკეთია კისერზე და მაინც ვერ მივმხვდარვარ, ვის ეთაყვანებიო.

 

 – მე, ჩემო ლაშარ, ღმერთზე შეყვარებული კაცი ვარ, მხოლოდ მე მაქვს უფლება ღმერთს მრავალ ენაზე ვესაუბრო. დრო ჩვენი მბრძანებელია, ამიტომ ჯერ დროს შევხედავ და თვითონ დრო მიმანიშნებს ახლა ვის უნდა ვსთხოვო დახმარება მუჰამედს თუ ქრისტეს, კრიშნას თუ ბუდას. დრო, რომელიც ყველაფერს ქმნის და ანგრევს ირგვლივ, ღმერთის გარდა. ღმერთს შეუძლია მხოლოდ მისი მართვა, როგორც სულის. ორივე ურჩები არიან, დროც და სულიც. ღმერთს რომ არ სცალია, დრო გვევლინება მის შემცვლელად.

 

 – ვინ გითხრა ეს ყველაფერი, ბაშე ბატონო?

 

 – ვინ და ჩემმა ცხოვრებამ, რომელიც ებრაელივით ყისმათიანი და ნიჭიერია. სოკრატე მართალი იყო, რომ არაფერს წერდა, რადგან უფრო დიდი ადამიანის სახელი დაიმკვიდრა.

 

ბოლო-ბოლო ერთადერთი კაცი იყო ფილოსოფოსთა შორის, რომელსაც იარაღად არა კალამი და ტვინი, არამედ ენა და ტვინი ეპყრა. მეც ეგრე ვიქნები, ჩემო ლაშარ, როდესაც გარდავიცვლები, შენ ჩემზე მოყვები, ან დაწერ, როგორც სოკრატეზე ყვებიან და წერენ. სოკრატესაც ბევრი ღმერთების სწამდა, როგორც მე.

 დიასამიძის ძებნიდან ლაშარის და ბაშეს საუბარზე გადავხტით, მაგრამ მგონი მიეჩვიეთ ჩემს უზნეობას და თუ ვერ მიეჩვიეთ, მაშინ თავიდანვე გაგეკიცხეთ, ახლა კარგი დროსია, თქვენ თავს დააბრალეთ.

 

 – გამოდი ნიკოლოზ! – შეუძახა ჯგენერამ. ქოხიდან ნიკოლოზი გამოვიდა. ზვიადს ცოტა ფერმკრთალი მოეჩვენა არქიტექტორი.

 

 – ზვიად? – გაუხარდა დიასამიძეს, მაგრამ გახარებასთან ერთად გაკვირვებაც ეტყობოდა სახეზე.

 

 – ჰო, ზვიადი გეახელი, – გაუღიმა თავადმა და ქოხში ისე შევიდა ნიკოლოზმა შეპატიჟებაც ვერ მოასწრო.

 

 – ვიცი, ზვიად, წულაძე მოგწერდა დეპეშას ჩემი ცუდი საქციელის თაობაზე და შეიძლება სწორიც არის, მაგრამ მე სიყვარულს ვებრძოდი და მასთან ბრძოლის დროს კი გამარჯვებული ვერ გამოხვალ. ირინას შემდეგ ალებიც მძულდნენ და ღმერთიც შემძულდა, მხოლოდ ზღვა იყო ჩემი იმედი და გოლგოთა, რომელსაც ჩემთვის სასწაული უნდა მოეხდინა. ეს ბოშა კი ისე შემოვიდა ჩემს დანგრეულ სულში და ისე დაალაგა ნელ-ნელა ერთმანეთზე აგურები, ვერაფერი მოვასწარი.

 

თითქოს ირინა გამიცოცხლდაო, ამ დროს კი უფრო დამშორდა, რადგან გემის შენებაც მივატოვე და ოცნებაზე ოცნებაც. ვიცი, შენ ყოველთვის გჯეროდა ჩემი და ახლაც ვიცი, რომ ცასავით სუფთა სული გაქვს და კიდევ გჯერა ჩემი. მე ის შემიყვარდა, ოღონდ არა ვიღაც სვეტლანა თუ ციგანი ბანდიტი, არამედ ირინა. ირინა, რომელიც მის სხეულში ვიპოვე. დამიჯერე ზვიად, მე ირინა გავაცოცხლე და არა სვეტლანა, მე ირინა დავიბრუნე და არა ციგანი ქურდი, მე ირინა მიყვარს და არავინ სხვა. ვიცი, შენ გჯერა ჩემი.

 

 – მე მინდა დავიჯერო შენი, მაგრამ ირინას რად ჰკარი ხელი, ნუთუ მისი დაბრუნება არ იყო შენი მიზანი ცხოვრებაში.

 

 – ახლაც ასეა, ზვიად, ახლაც, – არწმუნებდა თვალებგადმოკარკლული, ფერწასული არქიტექტორი თავადს.

 

 – ახლაც ეგრე რომ იყოს, “ირინას” მშენებლობას არ შეწყვეტდი ვიღაც ბოზის გამო – მკვახედ, აჭარულად უთხრა ჯგენერამ, – შენ ბოზმა დაგაბა, როგორც ჩასაძირ გემზე მეკობრეები აბამენ კეთილ მეზღვაურს, რომელსაც უთუოდ დაღუპვა ელოდება.

 ნიკოლოზი თავდახრილი უსმენდა ამ თავმდაბალი კაცის ჭკუის სწავლებას. ამდენი ხანი ბათუმში იყო და ჯგენერას სიტყვით გამოსვლა არასოდეს ახსოვდა.

 

ჩუმად უსმენდა ამ უცნაურ, ულვაშებიან კაცს და გულის სიღრმეში ხვდებოდა, რომ ის მართალს ეუბნებოდა. ჭყონიასაც რიდი ჰქონდა ჯგენერასი, ყველას შიშის ზარს სცემდა პორტის დირექტორი, მაგრამ ამ უბრალო კაცის ყოველთვის რიდი ჰქონდა.

 

 – შენ იცი, ჯგენერ, უნდა შევარიგოთ დიასამიძე პორტის “ნაჩალნიკთან”. რატომ მაინც და მაინც ჩემს ჩამოსვლას დაუცადე, ხომ ვიცი უჩემოდაც ყველაფერს კარგად გაართმევდით თავს, აქამდე რატომ არ შეარიგე ორთავე? – ცოტა ნიშნის მოგებით ეკითხებოდა მოწაფე მასწავლებელს.

 

 – შენ თვითონაც იცი, ზვიად, მე ჩავერეოდი, მაგრამ, არ ვიცოდი შენ რომლის მხარე გეჭირა. ვიცი ჭყონიასაც ამაგი აქვს შენზე, სახუროვის დანარტყამს რომ გიამებდა. დიასამიძე კი შენი საყვარელი შეგირდია, ამიტომ ვეღარ გამეგო რა მექნა.

 

 – უნდა შეგერიგებინა, აქ მტყუან-მართალის გარკვევა სისულელეა.

 

 – ეგ ვეღარ მოვიფიქრე, მაგრამ ახლაც არ არის დაგვიანებული, – მიუგო ჯგენერამ გურჯინთახს.

 

 დაეჭვდა ზვიადი, ვითომ ჯგენერამ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო? ვითომ მართლა ვერ გადაეწყვიტა ვისი მხარე დაეკავა? რაღაცაში იყო საქმე, ჯგენერას ტვინის გარდა ყველაფერი აკლდა, ტანისამოსი და საჭმელიც, პური და წყალიც, ხანდახან დასცინოდნენ ხოლმე, თევზსაჭერ გემზე ცხოვრობ და შიმშილით კვდებიო. საოცარი იყო, მაგრამ ამ ჭკვიან და ნიჭიერ კაცს საჭმლის ფულიც კი ფეხზე ეკიდა, რას იზამ, კაცი იყო და გუნება.

 

 ზვიადის ჩამოსვლა როგორც ყოველთვის, უშედეგო ამჯერადაც არ ყოფილა. დიასამიძე და ჭყონია ჯგენერამ შეარიგა და გემის მშენებლობაც გაგრძელდა.

 

გურჯინთახი მალე უნდა დაბრუნებულიყო, აღმოსავლეთ საქართველოში, რადგან ჟოზეფინა იყო ცუდად, თან დაპირებულან უთუოდ განახებთო. წასვლის წინ ჯგენერასთან მივიდა პატარა სახლში, თვალებში ერთი წუთი უხმოდ უყურა და ბოლოს ბოლო კითხვა დაუსვა.

 

 – მართლა ვერ მოიფიქრე?

 

 – მართლა.

 

 «თქვენი დედაც მოვსტყანო», რომ შესძახა ჟოზეფინა გურჯინთახმა და დეიდა მაგდა იმ დღიდან გველეშაპი მაგდანა რომ გახდა, ეს უკვე იცით.

 

იცით, მაგრამ ჟოზეფინას მდგომარეობა უფრო დამძიმდა. სულ ოთახში ჩაკეტილს, ნაპოლეონის გარდა არავის გაგონება არ უნდოდა. გველეშაპი მაგდანაც მომღიმარი, ნაბოზარი თვალებით მხარს უბამდა და ყოველ ჟოზეფინას მონაბოდზე, მუხლებზე დგებოდა და ლოცვას იწყებდა.

 

 – ო! ო! ო! დიდო ბონაპარტ, მოხედე შენ მოციქულს და მეუღლეს, ჟოზეფინას, რათა იგრძნოს შენი გვერდში დგომა და მხნედ შეიქმნას. ო! დიდო ბონაპარტ, თქვენ შვილები გეყოლებათ, თქვენ ბედნიერები იქნებით, თქვენ მსოფლიოს დაიპყრობთ, ოღონდ მიხედე და მარტოს განსაცდელში ნუ მიაგდებ შენს ულამაზეს და უერთგულეს მეუღლე ჟოზეფინა გურჯინთახს.

 

 ზვიადი მართლა შეუშვა შენობაში გველეშაპმა მაგდანამ, მაგრამ ჟოზეფინას ოთახში ფეხიც არ ჰქონდა შედგმული მამას, რომ მაგადანამ ყვირილი მორთო.

 

 – გვიშველეთ, რუსეთიდან არიან ჩემოსულები და კომისიაც წამოუყვანიათ, საქართველოს ფსიქიატრიული უნდა შევამოწმოთო.

 

 – რა დროს რუსეთია, ქალბატონო, საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, – წაიპოლიტიკოსა გურჯინთახმა.

 – არა, ბატონო ზვიად, სხვა დროს მობრძანდი, – და გურჯინთახი ისევ შვილის უნახავი დატოვეს.

 

 ქსანი სიცოცხლის მზეს მიფიცხებოდა, სიცოცხლისა, რადგან, სანამ მზე ამოვიდოდა, თითქოს ქსანს სიცოცხლე აკლდა. სიცოცხლე არა არსებობისა, არამედ მზისა, რომელსაც ყოველთვის იმედი შემოაქვს თავისი გამოჩენით.

 

თითქოს მზესთან ერთად სულ სხვანაირად სუნთქავდა და არსებობდა ეს საოცარი ადგილი. მამა ზენონი შემოვიდა ზვიადის ოთახში. გურჯინთახი ვერცხლის კარადას დაყრდნობოდა და ფანჯარაში ისე იყურებოდა ზენონის შემოსვლა ვერ დაინახა.

 

 – გამარჯობა.

 

 – გამარჯობა, მამაო.

 

 – რაზე მეძახდი, ზვიად?

 

 – არ ვიცი, – ზვიადი კარადას მოშორდა და მამაოს გაუსწორდა, რაღაც კარგად ვერ გამოიყურებოდა, ზონონმა ეს შესვლისთანავე იგრძნო. ხელი მოხვია მხარზე მღვდელმა გურჯინთახს და მშვიდად უთხრა:

 

 – დაჯექი, – ზვიადი დაემორჩილა მის სიტყვას და თითქოს დამნაშავე ბავშვივით, დაჯდა.

 

 – მითხარი, ზვიად.

 

 – ცუდი ამბავია ჩემს თავს.

 

 – ცუდი ბევრია შენს თავს, მაინც რომელ ცუდს გულისხმობ?

 

 – სიცოცხლე მომესპო მამაო, თითქოს მზე ჩავიდა ჩემი სიცოცხლის და აღარც იმედი არსებობს მისი ამოსვლის.

 

 – რა ხდება ზვიად, უნდა მითხრა.

 

 – მოსკოვის შემდეგ, ვერაფერს ხელი ვერ მოვკიდე. გვერდშიც მედგა ხალხი, მაგრამ ვერაფრით გავართვი თავი. დაღუპული მეგობრის სული მეძახის, მუდამ მის სახეს ვხედავ, სახეს, რომელიც კვდებოდა და შველას ითხოვდა. მე მას ველაპარაკები, თითქოს რაღაცას ვუხსნი, თავსაც ვიმართლებ მის წინაშე, მაგრამ მის თვალებს ვერ ვხედავ, ვიღაც უსახო კაცი მრჩება ხელში, ჩემი საყვარელი მეგობრის ნაცვლად.

 

მერე ილექება ყველაფერი და ტვინი ახალ სიცოცხლეს ეძებს. და ეს საოცრებაც ხდება, ახალი სიცოცხლე იწყება. ჩემი ქვეყანა მეძახის, მთხოვს რაღაცას, მეც ვიბრძვი მის დასახმარებლად, მაგრამ ისევ სიცარიელე და ისევ გამორიყულს ვემსგავსები, ყველამ ხელი მკრა...

 

 – ვინ ყველამ?

 

 – ყველამ.

 

 – ტყუილია, მე შენთვის არასოდეს ხელი არ მიკრავს. თუმცა იმდენად ამპარტავანი ხარ და იმდენად მძლავრობს შენში თავადის სისხლი, არც გიკადრია ჩემსკენ გამოხედვა.

 

 – ეს ტყუილია! – წამოიძახა ზვიადმა.

 

 – ეს სიმართლეა, როგორ უყვართ ადამიანებს სიმართლეს ტყუილი უწოდონ და ტყუილს სიმართლე. და იცი რატომ უყვართ, იმიტომ, რომ სიბილწით მიღწეული დიდება არ დაკარგონ. ნუთუ ერთხელ არ გაგახსენდი, ნუთუ ერთხელ არ დაგჭირდა ჩემი გვერდში დგომა? დაგჭირდა, მაგრამ ამპარტავნობა გჭამს შენც და ამ ქვეყანასაც. შენ გგონია ახალგაზრდა მეფეს, თავადებს, მთავრებს, ხელისუფალთ არ სჭირდებათ გამოცდილი კაცის დახმარება? სჭირდებათ, მაგრამ ვიღაც ან რაღაც ეშმაკეული ძალა არწმუნებს, რომ თვითონ გაუმკლავდებიან ყველაფერს, ისინი კი იღუპებიან.

 

შენ ვინღა გარწმუნებდა შენს ძალაში, ვინ გიხვევდა თვალებს და ვის სძულდი ისე, რომ ამ უბედურ გზისკენ მიგითითებდა? და მე გეტყვი, რომ შენ გეშინია.

 

 – მე? მე არაფრის არ მეშინია.

 

 – გეშინია! თან სიმხდალეს ვერ პატიობ შენს თავს, მითხარი, ნუთუ მაშინაც არ შეგეშინდა, სახუროვს რომ ბრბო მიათრევდა, მითხარი? ვერ მეტყვი, რადგან შეგეშინდა და შენ მაშინ განცდილი შიშის, დღესაც გეშინია. ნუთუ ეს სამარცხვინოა? არა, შიში ჰერაკლეს და ოდისევსსაც ჰქონდათ, მაგრამ მათ სუფთა გულიდან წამოსული შიში ჰქონდათ, რომელსაც მუდამ ამარცხებდნენ. არ არსებობს მართალი გულიდან წამოსული შიში ადამიანმა ვერ გადალახოს, მხოლოდ ბინძური სული და ბინძური გულის პატრონი ხდება შიშის მონა, დამიჯერე. შენ კი უფრო იმაზე ფიქრობდი, არ შევრცხვე ჩემ თავთანო, ვიდრე შენი საყვარელი მეგობრის გადარჩენაზე.

 

 – ტყუილია!  – დაიღრიალა ზვიადმა, მაგრამ ეს ღრიალი ვაჟკაცი გურჯინთახის ღრიალს არ ჰგავდა, ეს უფრო დასაკლავად განწირული ხარის ბოლო ხრიალი იყო.

 – რა არის ტყუილი? შემხედე ზვიად, თვალებში! კაცს რომ კლავდი, მაშინ არ ფიქრობდი ჩემზე? მაშინ არ ფიქრობდი შიშზე, სიმხდალეზე? თქვი გურჯინთახო, თქვი რას დადუმებულხარ? შიშმა ჩაგადენინა ეს მკვლელობაც ზვიად, შიშმა? თითქოს შენ მეგობრის სიყვარული და სისხლი გეძახდა, მაგრამ შენ შენს თავს უმტკიცებდი, რომ არ გეშინოდა, ამ დროს კი მუხლები შეგიჭამა სიმხდალემ. ერთ შიშს გამოექეცი და მეორეს შეეფეთე, შეეფეთე უკვე ღონემიხდილი და ამ შიშმა ბოლო მოგიღო და დაგაჩოქა.

 

 – არა, ეგრე არ არის! არა! – თითქოს გადარჩენის ინსტიქტი ამუშავდა ბოლოჯერ მასში, მაგრამ ზენონი საბოლოო დარტყმას აყენებდა მომაკვდავ სხეულს.

 

 – შენ შეგეშინდა და რა, ნუთუ გგონია, რომ წესიერი კაცი არ შეუჭამია შიშს, მაგრამ იმ წესიერ კაცს ყოველთვის ჰყავს გვერდში ადამიანი, რომელიც შიშის დაძლევაში მიეხმარება, შენ კი ვინ გყავს? არავინ. არავინ საკუთარი დამძიმებული სხეულის გარდა. ეს არის ჩვენი ქვეყანაც, ამპარტავნობით გადათელილ-გადმოთელილი, ქართველობის ნიჭის დემონსტრირება, ნიჭის, რომელიც უნიჭობაზე უარესია, რომელმაც ქართველები თხუნელების მდგომარეობაში ჩააყენა.

 

თხუნელების, რომლებსაც მტრის ისე იშინიათ, რომ გაქცევას ვეღარც ბედავენ და მიწაში ძვრებიან, გაქცევის შნოც დაუკარგვთ. შენნაირი, ვითომ გულადი ადამიანებით საქართველო დიდგორს და ბასიანს ვეღარ მოიგებს და იცოდე ჩემთვის საამაყო იქნებოდა სახუროვის გვერდზე რომ მომკვდარიყავი, თუნდაც რუსეთის შპიონობა დაებრალებინათ შენთვის.

 

 – მე მინდოდა ეგრე სიკვდილი!

 

 – შენ გინდოდა სიკვდილი, მაგრამ სხვა მოკალი, მოკალი იმის გულისთვის, რომ სიკვდილს და სირცხვილს გაქცეოდი და არა მეგობრის სიყვარულისთვის. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მოსულიყავი და გეღიარებინა შიშის დაუძლევლობა, შენ კი წახვედი და კაცი მოკალი.

 

უფრო დიდი სიმხდალე ჩაიდინე, ვიდრე არსებობს ქვეყანაზე. იღუპება საქართველო ამ არ აღიარებით და საკუთარი თავის მოტყუებით.

 

 – როგორ მოვიქცე, მამაო?

 

 – მე მეკითხები? მე, რომელსაც არაფერს არასდროს მეკითხებოდი? საოცრება ხდება შენს თავს ზვიად, ქვეყნის სამსახურში არ უნდა იდგნენ შენნაირი კაცები. ჯერ საკუთარ თავს უნდა მიხედო და შემდეგ სხვებს, თუმცა საკუთარი თავის მიხედვას ნიჭი უნდა, რომელიც ქართველებს მოაკლდათ ან დაეკერგათ. ვინ გთხოვა ქვეყნის სამსახურში ჩადექიო?

 

 – სანდრო ამილახვარმა მთხოვა.

 

 – და შენც მეგობარს არ უღალატე, არა? სახუროვს ხომ შეახოცე ხელები სიკვდილის წინ, ან მეგობრებში რომ ჩამოხვედი, ხომ არაფერი გითქვამს, ან თუ იტყოდი, შეიძლება გაგელანძღა კიდეც შენი მეგობარი.

 

 – არა, მამაო, არა! – დაიღმუვლა გურჯინთახმა.

 

 – კი, ზვიად, კი! შენ ჟოზეფინაც არად ჩააგდე.

 

შენ თითქოს გიყვარს ის, მაგრამ შორიდან, ისე გიყვარს, რომ არც ეკარები.

 

 – რა ვქნა მამაო, რა? ჩაკეტილი ყავთ საავადმყოფოში და მე არავინ მანახებს.

 

 – არავინ? როგორ ახერხებს ბაშე მის ნახვას? როგორ მიაქვთ ნაფიტას და მირზას საჭმელი? მითხარი! მაგრამ შენ რა უნდა მითხრა, კაცმა, რომელსაც საკუთარი შვილისთვის საჭმლის მიტანა ეზარება და სხვას ატანს. შენ მისი ნახვაც გეზარება, ყველაფერი გეზარება, იმის გარდა, რომ თავი ნაპოლეონ ბონაპარტს შეადარო.

 

 – ექიმებს რა ვუქნა, მითხარი, არ დავუჯერო?

 

 – ჯერ შენ თავს დაუჯერე და მერე ექიმებს, რომ გითხრა შვილი საგიჟეში წაიყვანეო, შენ რა უთხარი? რა უთხარი და იმ წამსვე საგიჟეში უკარი თავი და ერთხელაც არ გიუარია ეს გადაწყვეტილება. ყოველთვის შენი ჭკუით დადიოდი, არავის არაფერს უჯერებდი და რაღა ამ გადაწყვეტილებას დასთანხმდი პატრონის მონა ძაღლივით? შენ ყველაფერმა გიღალატა, ტვინმაც, გულმაც, თვალმაც და ზნეობამაც.

 

 – რა ვქნა, მამაო?

 

 – ღმერთი უნდა შეიყვარო, მეტი არაფერი და ის თვითონ გასწავლის სწორ გზას.

 

 – ვცდილობ. მაგრამ. . .

 

 – ტყუილია! – დაიყვირა ზენონმა და ზვიადმა ისევ თავი ჩახარა, – შენ არაფერს არ ცდილობ, როგორც არავინ არ ცდილობს ამ ქვეყნის ფეხზე დაყენებას და თუ ვინმე ცდილობს, მას არასდროს არავინ არ უსმენს. რაღაცას ეცადო ძნელია, რადგან უკვე ცდა სირთულეს უკავშირდება, აბა ადვილს არაფერი ცდა არ სჭირდება, ისედაც ადვილია.

 

რომ გააჩერო ქუჩაში ვინმე და კჰითხო ქვეყნისთვის რამეს თუ ცდილობო, კიო, თავს დაგიქნევს, მაგრამ ისინი სხვა რაღაცას ეძახიან ცდას, ეს სხვა რაღაცა კი არავის არაფრად ეხმარება. შენც ეგრე ხარ და უნდა ეცადო, ჩემო ზვიად, უნდა ეცადო. პარლამენტში დიდი საქმეები ქვეყნისთვის არასდროს კეთდებოდა. პარლამენტის გარედან უნდა აზანზარებდე ქვეყანას, დიდ ძეგლს და განძს ჩუქნიდე შენს ქვეყანას. ცოტა მინახავს მთავრობაში დიდი საქმეები ეკეთებინოს და თუ უკეთებია, ხალხს არასდროს ავიწყდება. შენ შეგიძლია დიდი საქმეების კეთება, შენ უნდა შეიყვარო ღმერთი, უნდა წამოიყვანო ჟოზეფინა საავადმყოფოდან, უნდა ასწავლო ლაშარს სწორი აზროვნება, შენ ეს უნდა გააკეთო.

 

 – გავაკეთებ მამა ზენონ, მე ყველაფერს. . .

 

 უცბათ ზვიადის ხმა დაახშო რაღაც გამაყრუებელმა და შემზარავმა. ეს უფრო ქალის სასოწარკვეთილ კივილს გავდა, მაგრამ ეზოში ნაფიტა იდგა, სახეზე ხელებაფარებული და გასაოცარ, შემაძრწუნებელ ხმას გამოსცემდა. ზვადი წამოხტა სკამიდან, ხის ვერანდა ჩამოირბინა და სახე წაშლილ ნაფიტას ეცა!

 – რა ხდება თქვი!

 

 მაგრამ ნაფიტას თითქოს ზვიადის ხმა არ ესმოდა, არაფრისმთქმელი თვალები ჰქონდა, მერე თითქოს აზრი დაუბრუნდაო თვალებში, ზვიადს მხრებში ხელი წაავლო და დაიყვირა.

 

– ჟოზეფინა მოკვდა!

 

 

* * *

 

 ჟოზეფინას ცხედარი თბილისიდან გადმოასვენეს. მამა ზენონი მიცვალებულს წესს უგებდა და ლაშარსაც იხმარებდა ამ რიტუალში და ლოცვაში. ლაშარს თვალები დასიებოდა ტირილისგან, მაგრამ ცრემლს არავის ანახებდა, ჩუმად იკეტებოდა ოთახში და თავისთვის ტიროდა. თინათინი ვაჟკაცურად შეხვდა ყველაფერს, თავიდან დაიგმინა და მუხლები მოეკეცა, შემდეგ თვითონვე წამოდგა და ქვის სახით ჩემი შვილი მანახეთო, მოითხოვა. ლაშარის მეუღლე გვერდიდან არ შორდებოდა თინათინს.

 

ზვიადი ჩაკეტილი იყო თავის ოთახში, არც არავის ნახულობდა, არც გარეთ გამოდიოდა. ბაშე შევიდოდა ხოლმე და სიგარეტის კვამლი რომ გასულიყო ოთახიდან, ფანჯარას გამოუღებდა. თითქოს უნდა ეცადა ზვიადს და ცხოვრება შეიცვლებოდა, თითქოს ღმერთი უნდა შეეყვარებინა, იმ სიყვარულით, როგორითაც მამა ზენონი ეუბნებოდა, მაგრამ ყველაფერი ერთ წამში დაინგრა და დაიბუგა. ხომ უსმენდა მამა ზენონს და ხომ იწამა მისი, რატომ შეხვდა რწმენის შემდეგ ორ წამში ასეთი ტკივილი, რატომ? ამ კითხვას უსვამდა თავის თავს და ვერაფრით პასუხობდა.  ჟოზეფინა დიდ მდელოზე დამარხეს. არავინ იყო იქ დასაფლავებული, მხოლოდ ჟოზეფინა იქნებოდა, როგორც ყოველთვის მარტო. მისმა საყვარელმა სახედარმა დასაფლავებიდან სამ დღეში განუტევა სული. ასე არავინ ჰყვარებია ჩემს დას, იქნებ როგორმე გადამირჩინოთო, ეხვეწებოდა ლაშარი მოურავებს, მაგრამ ვერავინ ვერაფრით დაეხმარა დაავადებულ ცხოველს.

 

რომ კვდებოდა თურმე ლამაზი თვალებიდან ცრემლი გადმოჰგორებია. ლაშარს წაუყვანია და ეზოში ვაშლის ხის ძირში დაუმარხავს.

 

სიცოცხლე დამძიმებულიყო ქსნის ხეობაში. მზე ბჟუტავდა, მერე ერთიანად აინთო და დიდი შუქურასავით ბრწყინავდა რამოდენიმე წამი. მერე ვარსკვლავად მოევლინა სხვა ქვეყნებს, მერე ზღვად და მერე ისევ მზედ. ლაშარი მარტო მოდიოდა ჟოზეფინას საფლავიდან, ცხენი აღვირით ეჭირა და წინ მოუძღვებოდა. მარტო დარჩა ლაშარი, მარტო, რადგან ჟოზეფინას გარეშე ყველაფერში სიმარტოვეს ხედავდა.

 

 – იცი, ნინო, მე ჟოზეფინას როგორ ვუყვარდი? – კითხა ლაშარმა ნინოს, როდესაც ბუხართან იჯდა და ნინომ ჩაი მიუტანა – იცი ნინო?

 

 – ვიცი.

 

 – არა, შენ არ იცი. მას მე ვყავდი სხვა არავინ.

 

ბაშე რომ გვიკითხავდა ბონაპარტის ცხოვრებას, მუდამ თან დამყავდა. ბაშეც მუდამ მის გვერდში იყო, მაგრამ მე ხომ მაინც ძმა ვიყავი. ხანდახან დავცინოდით კიდეც მე და ბაშე, მაგრამ ყველთვის მჯეროდა მისი.

 

 – ისიც გჯეროდა ნაპოლეონს რომ ხედავდა?

 

 – მჯეროდა.

 

 – მერე რატომ არ სთქვი შენი დის გულისთვინა?

 

 – არ ვიცი.

 

 – მე კი ვხვდები, აგრე მგონია.

 

 – რას?

 

 – იმას, რომა შენი თავისა შეგრცხვა, ფიქრს მიეც თავი და დარწმუნდი, რომ შენცა დაგცინებდნენ.

 

 – შეიძლება ეგრეც იყოს.

 

 – ეგრა არს ლაშარ.

 

 – ამას უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს.

 

 – მაშ ეგრე იყოს.

 

 – ეგრეც არის.

 

 ლაშარმა იცოდა, ნინო მართალს ეუბნებოდა და გული წყდებოდა, რადგან ჟოზეფინას ვეღარ დაიბრუნებდა.

 

წავიდა მისი საყვარელი, უცნაური და ნაპოლეონზე შეყვარებული გოგო. ძნელია, როდესაც ცხოვრობ და ამ ცხოვრებაში ვერავინ ვერასდროს გიგებს. როდესაც ადამიანი მიდის, მერე ხვდები, რომ მისი ცხოვრება ძვირფასი იყო შენთვის და ამას მის სიცოცხლეში ისე ვერასდროს მიხვდები, როგორც მისი წასვლის შემდეგ. დიდ ტკივილს გრძნობდა ლაშარი, ტკივილს, რომელიც მონატრებად იყო გადაქცეული.

 

ეს მონატრება იმ სიგრძე და იმხელა იყო, რომ მას საზღვრები აღარ ჰქონდა და არც არასოდეს ექნებოდა. ყველაფერი, როგორც ყოველთვის, თვალის დახამხამებაში გაქრა. ეს პატარა საოცრება, რომელსაც ჟოზეფინა გურჯინთახი ერქვა, ისე სწრაფად გაუჩინარდა, თითქოს ძლიერი სეტყვა ყოფილიყო, რომელიც გიჟივით მოქანდება ხოლმე ციდან და ისევ გიჟივით მიდის. ბაშეს მოკიდებდა ლაშარი ხელს და ოთახში იკეტებოდა მასთან ერთად, საათობით უსმენდა ნაპოლეონის ბრძოლებს და ლაშქრობებს. თითქოს უფრო ძნელი უნდა ყოფილიყო ჟოზეფინას სიკვდილის შემდეგ ბონაპარტის ცხოვრების მოსმენა, მაგრამ ეს, ლაშარისთვის, იმ მონატრების მომკვლელი იყო, რომელიც თავის დამ გაუჩინა თავისი წასვლით. ხანდახან შუა კითხვის დროს ჟოზეფინაზე ფიქრში შესცურავდა ლაშარი და ბაშე კედლებს უკითხავდა, რადგან მას არავინ აღარ უსმენდა. ბაშეც თითქოს უფრო მოხრილიყო წელში და მუდამ ოპტიმისტს, ის სახე აღარ ჰქონდა, როგორც უწინ.

 

ნინო თინათინს ეხმარებოდა ყოველთვის. დიდი ნუგეში მაინც არ სჭირდებოდა გურჯინთახის მეუღლეს, ისე მედგრად და მხნედ ხვდებოდა ყველა გასაჭირს თუ განსაცდელს. გიორგი რომ მოკვდა, მაშინაც შუშის თვალებით იჯდა ჭირისუფალში. ვიღაც ჭორიკნებმა ისიც კი ილაპარაკეს, თინათინს მამამისი სულ არ ჰყვარებიაო. ქვა უდევს გულშიო. ლაშარი და ნინო ბედნიერნი იყვნენ, რა ვიცი, შორიდან რომ შეგეხედა ეგრე ჩანდა. ერთი დიდი პრობლემა კი ჰქონდათ, ლაშარის სიმორცხვეს ვგულისხმობ.

 

თუ გახსოვთ ჯადოების მკეთებელის ამბავი? თუ არ გახსოვთ, ცუდი მეხსიერება გქონიათ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ პირველ დღეებში ისე დაუმორცხვია გურჯინთახს, ნინო მოზმანაურს ეგონა, იმპოტენტს გავყევი ცოლადო. სწორედ ამიტომ ვიღაც ჯადოების მკეთებელი მოუყვანიათ, ლაშარს ეს ნამდვილად მოარჩენსო. ჩვენ ლაშარს გირი ჩამოკიდეს ინსტრუმენტზე და სამი დღე გირით დადიოდა, საწყალი თავადის ბიჭი. ბაჩი ამილახვარს უთქვამს, რომ დაუნახავს გირიანი მეგობარი, ”რად დაიკიდე, დაკუნთული გინდა რომ გქონდესო?” ხუმრობა ლაშარს კი კარგად ესმოდა, მაგრამ ამ ხუმრობას ვერ გაუგო და ისე აიჯაგრა, სახლში გამწარებული მივარდა, გირი მოიხსნა და თავში უთავაზა ჯადოების “მასტერს”, ოღონდ მოზომა, რომ არ შემოკვდომოდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჯადო არაფერში სჭირდებოდა გურჯინთახს და სულ ცოტა ხანში ცოლსაც დაუმტკიცა და მთელ მსოფლიოსაც, რომ ნამდვილი კაცი იყო. ნინოსა და ლაშარს ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ, ხანდახან თუ წამოუვლიდა გურჯინთახს და აჯუჯღუნდებოდა, თუმცა ეს ჯუჯღუნი თითქმის ყოველთვის უაზრო მოტივებს ეყრდნობოდა. მაგალითად, შვილის არ ყოლას ნინოს აბრალებდა და ასე იძახდა, რომ დაფეხმძიმდე ჩემნაირი თავადური სისხლი უნდა გქონდესო.

 

ნინო ყურს არ იბერტყავდა ამ უზრო ბრალდებებზე, რადგან ნერვებ დაწყნარებული ლაშარი ყოველთვის ბოდიშებს უხდიდა, უმიზეზოდ დაჩაგრულ მეუღლეს. უშვილობას განიცდიდა ლაშარი, მაგრამ ცდილობდა, ეს განცდა არავისთვის გაენდო. თითქოს ყველაფერი კარგად იყო ინტიმურ საკითხებში, როდესაც ლოგინში წვებოდა ცოლთან, მაგრამ მუცელგაბერილი მაინც ვერა და ვერ იხილა მისი საყვარელი მეუღლე. ზაქარიასთან ხევსურეთში ხშირად არ ადიოდნენ, მაგრამ, არც ძალიან ანატრებდნენ თავს. წერილებსაც წერდნენ ზაქარიას, თუ დიდი ხნის განმავლობაში ხევსურეთში ასვლას ვერ მოახერხებდნენ. საერთოდ, ზაქარია განიცდიდა შვილის გათხოვებას, განიცდიდა, რადგან სახლში მარტო დარჩენილიყო. გულდა სულ ანუგეშებდა, რა მოხდა შე კაცო, ყველას უთხოვდება შვილიო, მაგრამ ცირას დაღუპვის შემდეგ, შვილი იყო მის ცხოვრებაში ის ერთადერთი ვინც საყვარელ ცირას ახსენებდა გარეგნობითაც და ხასიათითაც.

 

თვითონაც ჩასულა ქსანში გურჯინთახთან, მაგრამ მთაში მცხოვრებ კაცს უჭირს მთასთან დიდი ხნით განშორება, ამიტომ რამდენიმე დღით თუ შეაწუხებდა გურჯინთახებს. ცირა რომ გამოეცალა ხელიდან, ახალგაზრდა იყო ზაქარია, მაგრამ დაოჯახებაზე აღარც უფიქრა. ბევრ ხევსურ ქალს ჰქონდა დადგმული მასზე თვალი, მაგრამ რომელი გაბედავდა მასთან მიახლოვებას. მუდამ ცირას ფიცულობდა განსაცდელის დროს ხევსური, ხოლო განსაცდელი და ფატერაკი ნამდვილად არ აკლდა. ქისტები ხან ხევსურების საქონელს დაეტანებოდნენ, ხან ცხვრებს და ხანაც ქალებს. რამდენჯერ უომია სხვა ქალის გამო ქისტებთან ზაქარიას, მაგრამ სულ გამარჯვებული გამოდიოდა. გულდაც ყოველთვის მის მხარდამახარ იბრძოდა.

 

გამარჯვება გამარჯვებად იყო, მაგრამ ერთი საშიში მტერი ყავდა ზაქარიას, რომელსაც გულის სიღრმეში ერიდებოდა კიდეც. Mმორიდებას, რა თქმა უნდა, ვერავინ ატყობდა ხევსურ ვაჟკაცს, მტრად კი ხასირას დის შვილი ჰყავდა, გულდამ რომ განგმირა. გულდას საქციელზე ბევრი საუბრობდა, ზოგი როგორ უყურებდა ამ ამბავს, ზოგი როგორ. ხევსურეთში ასე თუ ისე, მაინც ამართლებდნენ მის ნამოქმედარს, აბა გოგოს ხომ არ გაატანდა ვიღაც გადამთიელს, თან მეგობარს ბოლომდე გვერდში დაუდგაო. ზაქარია კი ხვდებოდა, რომ ხასირას სიკვდილი მთლად სწორი და მართალი არ იყო. შეთანხმება დასდეს ვაჟკაცებმა ბრძოლის წინ და ეს შეთანხმება ვერაგულად დაარღვია მისმა უახლოესმა მეგობარმა გულდამ. ცოტა თავის თავსაც აბრალებდა ხასირას უნიათო მკვლელობას, რადგან ხმალაობაში შერკინება ბოლომდე უნდა მიეყვანა და ჭიდაბაზე არ უნდა გადასულიყო ქისტ გოლიათთან.

 

გულდას არ ადანაშაულებდა ამ საქციელის გამო, მან მეგობარს ბოლომდე უერთგულა და არ მისცა, ვიღაც ხასირას, ზაქარიას ცირას დაპატრონებოდა. ხასირა უკვე დიდი ხანია მიწაში ესვენა და ვერავინ ვერაფერს ვეღარ შეცვლიდა. მისი დისშვილი კი უკვე წამოზრდილიყო და ამბობდნენ ხმლის ქნევაში ბადალი არა ჰყავსო მთელ ქისტეთში. ხასირასავით გოლიათი ვერ არის, მაგრამ ხმალი მასზე კარგად ნამდვილად იცისო. ხევსურეთში ხმა იყო გავარდნილი, რამდენჯერმე გადმოვიდა სისხლის ასაღებად ჩვენსკენო, მაგრამ სახელი არავინ იცოდა მისი, იძახდნენ განგებ მალავს, რომ მტერმა არ გაიგოს და მისი მიგნება არ გაუადვილდესო. ზაქარიასთან შედარებით, ძალიან პატარა იყო ქისტი და ხევსურს სცხვენოდა კიდეც მასთან შებრძოლება, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ან ერთს უნდა ეცოცხლა ან მეორეს, ზაქარიას კი სიკვდილი ნამდვილად არ სწყუროდა.

 ნადირობის სეზონი დამდგარიყო მთაში.

 

ჯიხვები ისე გათამამდნენ, ლამის სახლში შევარდნოდნენ ხალხს.

 

გულდას ახალი თოფი ჰქონდა, ვიღაც მოხუცებულ ხევსურს მიუყიდია. ერთი სული ჰქონდა სანადიროდ წასულიყო და ახლად შეძენილი ნივთი გამოეყენებინა. ზაქარიას იმდენი უჩიჩინა, ლაშარი დააპატიჟებინა მთაში და სიძე – სიმამრი ნადირობის მზადებაში იყვნენ. გულდას უყვარდა თავისი სიყოჩაღის სხვისთვის ჩვენება და ერთი სული ჰქონდა ჯიხვისთვის ტყვია დაეჭედებინა. ლაშარს ისე ჰქონდა წარმოდგენილი, თითქოს ჯიხვების არვეს გადააწყდებოდა სადმე, მაგრამ სამი კილომეტრი ისე გაევლოთ, რომ სულიერის ჭაჭანება არ იყო. დაიღალა გურჯინთახი, მაგრამ არ იმჩნევდა, მერე არ თქვან, ფუფუნებაში გაზრდილი თავადიშვილი კინაღამ ხელში ჩაგვაკვდაო. ზაქარიას შეიძლება დაემალა თავის სიძის გაუსაძლისობა, მაგრამ გულდა უეჭველი მთქმელი იყო.

 

მიდიოდნენ და სტუმარი გაოგნებული შეჰყურებდა ხევსურეთის გასაოცარ სილამაზეს. კლდეები ერთმანეთზე გადაჯაჭვულიყვნენ, ჩანჩქერები მძლავრად ფეთქავდნენ და წყლის თქეშის ექო მაღლა, მთების მწვერვალებზე გრუხუნებდა. სიმძიმეც აწვებოდა ლაშარის მუხლებს და ეს უფრო ურთულებდა გზას. ხევსურული თოფები ძალიან მძიმე ყოფილაო, ფიქრობდა თავადი, ნეტავ მელე გამოჩნდებოდეს ჯიხვი, რომ ცოტა ხანი მაინც შევისვენოთო. გულდა თითქოს მიუხვდა დაღლილობას ლაშარს და ჩანთა მიაწოდა, ცოტა ხნით დამიჭირე, თორემ ძალიან ბევრი წამომიზიდია სახლიდანო. რაღა უნდა ექნა დაქანცულ გურჯინთახს, აიღო და გამოართვა. უცბად რაღაცამ დაიღმუვლა, ყველანი შედგნენ და თოფები მოიმარჯვეს.

 

ხმა წინიდან ისმოდა, ეს აშკარა იყო, მაგრამ დანახვით ვერაფერს ხედავდნენ. გულდას გულმა ვეღარ გაუძლო და იქითკენ გაიქცა საიდანაც ხმა მოდიოდა. ჯიხვი, უცბათ, თვალის დახამხაბაში მის წინ გაჩნდა და რქებით დაეტაკა მონადირეს. გულდა წაიქცა, ჯიხვმა კიდევ მოინდომა რქის გაკვრა წაქცეულისთვის, მაგრამ ლაშარის და ზაქარიას თოფებმა ერთდროულად იქუხა. ჯიხვი კლდეებს ეფარებოდა და ძნელი იყო მისი ტყვიით განგმირვა. თოფის ხმაზე ერთ წამს შედგა, მერე სისხლიანი თვალებით ისევ გულდას დახედა. გულდას ხელში ბებუთი ეჭირა, თოფს ვეღარ მისწვდებოდა.

 

ცხოველმა ერთიც დაიღმუვლა და მორიგ შეტევაზე გადავიდა, მაგრამ შეჯახება გულდას გამარჯვებით დასრულდა. წაქცეულმა ბებუთი აძგერა რამდენიმეჯერ გავეშებულ ცხოველს და ისიც უსულოდ დაეცა მიწაზე. ამაყი იყო ხევსური თავის საქციელით, მართალია, თავიდან დაჯაბნა ჯიხვმა და თოფიც დააკარგვინა, მაგრამ საბოლოო გამარჯვბა მაინც მის მხარეს დარჩა. სტუმართან გამოამჟღავნა სიმამაცე და თოფის დაკარგვას უკვე აღარ ჩიოდა. ლაშარი ფიქრობდა, ახლა მე არ წამომაღებინონ ნანადირევი, თორემ გულდასაც მივახრჩობ და ჩემს სიმამრსაცო, თუმცა აქ გაუმართლა და მკვდარ ჯიხვს ზაქარია დაეპატრონა. გულდა ცუდად იყო, ნეკნები ქონდა დაზიანებული შეჯახებისგან და გზის გაგრძელება უჭირდა. სადმე უნდა გაჩერებულიყვნენ მონადირეები და გულდას ჭრილობა დაემუშავებინათ, მაგრამ როგორ, არც ერთი იყო ექიმი და არც მეორე.

 

ზაქარიამ, მე ვიცი, ორ კილომეტრში, ერთი ჭრილობების მომრჩენიო. ვიღაც კაცს მიადგნენ შუა ღამით. შუახნის კაცი გამოვიდა, ულვაშებიანი, წითელი სახით და შავი ყორანივით თვალებით. ზაქარია რომ დაინახა, ხმის ამოუღებლად შინ შეიპატიჟა კარზე მომდგარნი. სამი დღე უვლიდა ნეკნებდამტვრეულ გულდას, ბოლოს მარხილზე დაუწვენია და ასე ნელ-ნელა იარეთ შატილამდეო.

 დაღამდა, მთებმა შავი ჩოხები ჩაიცვეს და მდინარეებს ზევიდან დააცქერდნენ. არწივების ფრთების დგაფადგუფი ისმოდა მთებიდან, ჯიხვების ღრიალიც უერთდებოდა ბუნებასთან შერწყმის ამ სასწაულს. ორი მგზავრი ნელ-ნელა მოუყვებოდა მარხილზე დაწვენილ ავადმყოფთან ერთად შატილისკენ მიმავალ გზას.

 

სიბნელე ხელს უშლიდა სწრაფ სიარულში და შეიძლება თავზეც დათენებოდათ და ხევსურეთის მზეს მათი ზურგები მოულოდნელი გამოჩენით გაეთბო. გზა ვიწრო იყო, მაგრამ გაეტეოდა ორი კაცი, მარხილი ცოტა სახიფათო იყო გზისთვის და ნელ-ნელა მიაჩოჩიალებდნენ დაზიანებულ გულდას. მოსახვევი გამოჩნდა და მგზავრებმაც შვებით ამოისუნთქეს, საცაა მივალთ შატილსო.

 

 – შესდექ! – დაიყვირა ვიღაცამ და ლაშარი და ზაქარია შესდგნენ, ორთავემ ერთდროულად უკან გაიხედეს, ხმა მათ ზურგს უკანიდან მოდიოდა, მაგრამ არწივების გარდა უკანა მთებზე არავინ ჩანდა. უცებ წინიდან მოესმათ მთის პატარა ქვების დაგორების ხმა, მაგრამ რომ მოტრიალდნენ, უკვე გვიანი იყო, მათ წინ ხმლით ხელში უცნობი იდგა.

 

 – გამოდი ზაქარია! შენი სისხლის დასალევად მოვედი. ხასირას სისხლი გმართებს, შე მყრალო ლეშო! – ზაქარია ხმა ჩავარდნილი უყურებდა უცნობს. ტყვიები აღარ ედო თოფში, გულდა ხელის განმძრევი არ იყო, ლაშარი კი დამარცხდებოდა ხასირას ცნობილ დისშვილთან.

 

 – არ გესმის? გამოდი წინ და ხმალი აიღე ხელში, ხომ ხედავ თოფის გარეშე გესტუმრე, – ზაქარიას სხვა გზა არ ჰქონდა და ქარქაშიდან ხმლის ამოღება იყო, და გურჯინთახმა შეაჩერა.

 

 – დაიცა! შენ ვის ეძებ, მეგობარო?  – ისე შეეკითხა, სიტუაცია თითქოს განიმუხტა.

 

 – რაის მიქვია ვის? ვის და მოზმანაურ ზაქარიასა, – სთქვა გაკვირვებულმა ქისტმა, რომელიც სისხლის ასაღებად მარტო იყო მოსული. არავინ იცოდა გულდას ამბავი მიღწეული იყო თუ არა მის ყურამდე, იცოდა თუ არა, რომ გულდას აწვა კისერზე ხასირას სიკვდილი, მაგრამ ქისტი აშკარად ზაქარიას მოკვლაზე იყო დაგეშილი.

 

 – მერე ზაქარია, რომ არავინ არის ჩვენში – მიუგო ლაშარმა.

 

 – როგორ?

 

 – აი, ესე, არავინ არის ჩვენში, ჩვენ ხევსური მთიბავები გახლავართ, ცოტა ხორცი მოგვნატრებია და ჯიხვზე გადმოველთ სანადიროდ. განა არაი შეიძლების?

 

– ნუ სტყუი, ქოფაკო! – შეუღრიალა ქისტმა ლაშარს.

 

– არ ვსტყუი. უფალია მოწმე, თუ გნებავს წამოგვყე ხევსურეთს და თავად დარწმუნდი – თვალები მოჭუტა ხასირას დისშვილმა, დააკვირდა, თითქოს ისე უმტკიცებდა უცნობი, სიმართლეს გავდა ყველაფერი.

 

 – არ მჯერის! – ბოლოჯერ იღრიალა ქისტმა.

 

 – ზაქარია ჩვენი მტერიც არის, ბიძაშვილი მომიკლა გასულ წელს – ლაშარმა ეს ყველაფერი ისე სთქვა, დიდ სინანული გაურია ხმაში. ზაქარიას ფერი არ ედო სახეზე, ესეთ სიტუაციაში არასდროს ყოფილა ხევსური, მაგრამ რა ექნა, გულდა ვერაფრით დაეხმარებოდა და თვითონ ტყვიები გათავებოდა, ან უნდა შეგეგებოდა სიკვდილს, ან ტყუილით დაეძვრინა თავი. ძნელი იყო ხევსურისთვის ტყუილის თქმა, მაგრამ სამივე სულს დატოვებდნენ ქისტეთ-ხევსურეთის მთებში.

 

 – ჰო, ქისტო, დამიჯრე, მტერია ჩვენი ზაქარია, – ხევსურული კილოთი ელაპარაკებოდა ლაშარი. ქისტმა ხმალი ჩამოუშვა, ერთხანს კიდევ დააკვირდა ზაქარიას სახეზე და სთქვა.

 

 – მომჩვენებია ესე იგი, რატომღაც იმ სახეს მივამსგავსე, რომ ამიღწერეს. კარგით ხევსურნო, თქვენ გზაზე წადით.

 

 – ერთად ავიღოთ სისხლი ზაქარიასი, – უთხრა ლაშარმა, მიუახლოვდა ქისტს და ხელი გაუწოდა.

 

   – მე დათი მქვია, – უნდოდა ქისტისთვის სახელი წამოეცდენინებინა, რომელიც არავინ იცოდა დედამიწის ზურგზე.

 

 – მე ხასირას დისშვილი ვარ, – გაუღიმა ქისტმა და სახელი მაინც დამალა.

 

 – აბა, მშვიდობით და ღმერთმა ქნას მალე დაადგე შენი მტრის კვალს – ბოლო სიტყვები უთხრა ლაშარმა, ზაქარიას მოსისხლე მტერს.

 

 სასწაული იყო ეს ამბავი. ზაქარია გაოგნებული დარჩა სიძის მოხერხებულობით ნიჭით და სიყოჩაღით.

 

ენა ავერ გააჩერა, მთელ ხევსურეთს მოუყვა, ჩემი ნინოს ქმრისნაირი გონებამახვილი კაცი ჯერ არ მინახავსო.

 

 ზაქარია ნინოს ისე უვლიდა, მეზობლები ეხუმრებოდნენ, ჭამა მაინც აცადეო. სულ გვერდში დაყვებოდა, მთელ ხევსურეთს ათვალიერებინებდა ცხენზე ამხედრებულ გოგოს, თვითონ აღვირი ეჭირა ხელში და ცხენს ფეხდაფეხ მიუყვებოდა. “რა ლამაზი გოგო გყავს ზაქარია”, “როგორ გავს ცირას”, “მთის ყვავილია ნამდვილი” ესეთი შეძახილებით ხვდებოდნენ ხევსურები. ძნელი იყო იმაზე ფიქრი ზაქარიათვის, რომ ნინო ვიღაცაზე უნდა გათხოვილიყო. რამდენი ხევსური ბიჭი აკიდებია ნინოს, რამდენი ოჯახი მოსალაპარაკებლად მოსულა ზაქარიასთან მომავალ ქორწილზე, მაგრამ ხევსური თავის პოზიციაზე მყარად იდგა და ყველას ცივი უარით ისტუმრებდა. ქსანში რომ წავიდნენ ნინო და მისი ორი მეგობარი, ნინოს მამისთვის არ უთქვამს და ჩუმად გაპარულა. ვერაფერი გაარკვია გაცხარებულმა მშობელმა, ბოლოს ვიღაცამ უთხრა ქისტები მოიტაცებდნენო.

 

გადაირია ზაქარია, გულდასთან ერთად ქისტეთს მიაშურა, მაგრამ რა თქმა უნდა, ალი-კვალსაც ვერ მიაგნო. ლაშარ გურჯინთახზე გათხოვდაო, რომ უთხრეს, ფარ-ხმალი აისხა და ქსნისკენ გასწია, მაგრამ ისეთი სიძე დაუხვდა, მალე ზაქარია თურმე ესე იძახდა “კიდევ კარგი გურჯინთახს მისთხოვდაო”. ეგეთი იყო ლაშარი, საოცარი მიდგომა ჰქონდა ადამიანებთან და სულ რომ მოსისხლეს გადაჰყროდა გზაჯვარედინზე, მოყვრად დასცილდებოდა. სიცოცხლის სიყვარულმა და სიკვდილის სიძულვილმა, ზაქარია ნამეტანი ფხიზელ კაცად აქცია. მშიშარააო მასზე ვერავინ იტყოდა, რადგან ყოველთვის ფათერაკის და შარის მძებნელი იყო, მაგრამ ხასირას დისშვილთან შეხვედრის შემდეგ, ცოტა დაფრთხა ხევსური, თუმცა ამას არავის აგრძნობინებდა და არც საკუთარ თავთან აღიარებდა. ნინოს განსაკუთრებით უყვარდა მამამისი, შიშიც ჰქონდა ოდნავ, მაგრამ ლაშარმა ისე მოხიბლა, მამის შიშიც დაავიწყა და ქსანს სტუმრად რომ იყო, ისიც. საერთოდ, როგორც მთაში სჩვევიათ ქალებს, ნინოც მორცხვი იყო, თავადების მეუღლეების მოწყობილ წვეულებებზე წასვლა ყოველთვის ერიდებოდა.

 

ლაშარი ამას ცოტა განიცდიდა კიდეც, თავადების ყბაში ჩავარდნას ერიდებოდა. ერთხელ წვეულება მოუწყვიათ წერეთლებს თბილისში და ზვიადის ოჯახიც დაპატიჟეს. ზვიადი მაშინ სანადიროდ იყო წასული, სანდრო ამილახვართან ერთად და წვეუებაზე ოჯახის წინამძღოლობა ლაშარს დაეკისრა. ლაშარიც, რა თქმა უნდა ამ მოვალეობას გაექცა და ნინო, თინათინთან ერთად თბილისში გაისტუმრა. შევიდნენ თუ არა წერეთლების სახლში გურჯინთახთა რძლები, ნინო ისე აათვალიერ-ჩაათვალიერეს, თითქოს რაღაც უცხო ჯიშის ცხოველს უყურებენო. წერეთლების რძალი გამოეყო შეკრებილ სტუმრებს და ახლად შემოსულებთან მივიდა.

 

 – მე ნატალია ბარათაშვილი გახლავართ.

 

 – დიდი პატივისცემით გეახლეთ ქალბატონო და დიდ მადლობას მოგახსენებთ დაფასებისთვის და დაპატიჟებისთვის, – მიუგო თინათინმა. ნატალიამ დანარჩენ სტუმრებს გადახედა და მოწიწებით ჰკითხა:

 

 – არ გაინტერესებთ, პატივცემულო სტუმრებო თუ სად იპოვნა ლაშარ გურჯინთახმა, ან სად მიაგნო ხევსურ კატას? – ბარათაშვილი ნინო მოზმანაურს მიუახლოვდა, მხარზე ხელი მოხვია, გაუღიმა და შესთავაზა.

 

 – იქნებ თქვენ მოუყვეთ სად გადააწყდით ერთმანეთს თქვე მართლა დალოცვილებო?

 

– სტუმრებში ისეთი სიცილი ატყდა, ნინოს წითელი თმები უფრო გაუწითლდა სიმორცხვისგან.

 

 – თქვენ, ალბათ საქართველოს დედაქალაქში პირველად მოხვდით და იქნებ ხევსურულ კოშკებს ელოდით ჩვენთან ან თივის ვეებერთელა ზვინებს? თუმცა სახლს უკან პატარა ეზო გვაქვს, სადაც პატარა ზვინიც გდია, თუ გნებავთ იქ გაგიყვანთ და მშობლიური მთაც მოგაგონდებათ, – არ ჩერდებოდა ნატალია, – მობრძანდით, რას გაშტერებულხართ, მობრძანდით, ოღონდ ერთი პირობით – ნატალია გაჩერდა, ერთი წუთი დადუმდა და შემდეგ ორმაგი ენერგიით და ცინიზმით განაგრძო, – თქვენ, ქალბატონო თინათინ ჩვენთან მობრძანდით სუფრაზე, ხოლო თქვენი ხევსური გლეხი რძალი ჩემს მოსამსახურეებს შეუერთდება სამზარეულოში, რას იტყვით მეგობრებო?  – მაშ ასე...

 

– მაგრამ, ვეღარ დაამთავრა სათქმელი და თინათინმა ნინოს ხელი მოკიდა და შეურაცხყოფილებმა სახლი დატოვეს.

 

 ნინო ძალზედ განიცდიდა მომხდარს. მთელი დღეები ეზოში იჯდა და მარტო თინათინს თუ გამოელაპარაკებოდა. ძნელი იყო მისთვის იმ საზოგადოების თანაგრძნობა და იმ საზოგადოების გაგება, რომელიც წერეთლის სახლში დახვდა. ამაზე ლაშარს რომ მიყვებოდა მანამდე უნდა ეფიქრა, მაგრამ სამწუხარდ არ უფიქრია. არ უფიქრა, რადგან ლაშარისადმი სიყვარული ისეთი ძლიერი იყო, ყველას და ყველაფერს ავიწყებდა. უნდოდა თუ არა, ნინო მოზმანაურს, გზა უნდა გამოენახა, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებისკენ წაიყვანდა. მას კი ეს საზოგადოება სძულდა ჭირივით, საზოგადოება, რომელიც მას აბუჩად იგდებდა და ადამიანადაც არ აგდებდა.

 

სამაგიეროს გადახდის წყურვილი ნატალია ბარათაშვილისადმი არ სტანჯავდა, მაგრამ იმ საღამოს შემდეგ შინაგანად სძულდა ეს ქალი. თინათინსაც ძალზედ უჭირდა გვერდში დადგომოდა რძალს, შვილის სიკვდილის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული და ტკივილი არ განელებოდა. წვეულებაზე წასვლა არ სურდა თინათინს, მაგრამ ჟოზეფინას სიკვდილმა გურჯინთახები წელში გატეხაო და ამას ნუ აფიქრებინებ ჩასაფრებულ და ბოღმიან თავადებსო. ჟოზეფინას სიკვდილის შემდეგ ყველა გულში თავის თავს ადანაშაულებდა მისდამი უყურადღებობაში, მაგრამ ზვიადის გული სულ სხვა ძალით ფეთქავდა და სწუხდა. იცოდა ზვიადმა, თავიდანვე ლაშარს ანებივრებდა ყურედღებით და ჟოზეფინას ეს გულს სწყვეტდა, ოღონდ არა ეჭვიანობის გამო, არამედ უყურადღებობა სწყინდა მამისგან, რომელიც მთელ ქვეყანას ერჩივნა. ბაშეს მიაგზავნიდა ხოლმე გურჯინთახი ჟოზეფინასთან და ბაშეს დახმარებით უწევდა მამობას შვილს, ჟოზეფინას კი ბაშე კი არა ზვიადი უნდოდა. ნუთუ ვერ ხვდებოდა, მაგრამ როგორც ყველა ჩვენგანი, ეგეც თავს იტყუებდა, სანამ მამა ზენონის სიტყვებმა საბოლოოდ არ დაარწმუნა საკუთარ უზნეობაში.

 

 

მიხვდა ზვიადი ყოველივეს, მაგრამ უკვე გვიან იყო. გვან იყო, რადგან ჟოზეფინა გარდაცვლილი ესვენა თბილისში და იქიდან ქსანში უნდა გადმოესვენებინათ. მამა ზენონს იმ საუბრის შემდეგ აღარ ულაპარაკია გურჯინთახთან. მაინც კმაყოფილი იყო მამაო რომ შეძლო შეეგნებინებინა ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში თვითონ ვერ შეძლო ზვიადმა. მართალია, ჟოზეფინა გარდაცვლილი იყო და ზვიადმა სიცოცხლეში ვერ შეძლო ყურადღებით მისი განებივრება, მაგრამ არ შეძენილ ცოდნას, მაინც გვიან შეძენილი ჯობდა. განებივრებასაც არ ითხოვდა ქალიშვილი მამისგან და საერთოდ არაფერს არ ითხოვდა, მაგრამ ელემენტარული მაინც სჭირდებოდა, ის ელემენტარული, რასაც მამის, თუნდაც გაღიმება ჰქვია.

 

 მტრედები მოფრინდნენ ერთ გუნდად და გურჯინთახების სახლის სახურავზე დასხდნენ, თითქოს კარგი ამბავი მოეტანათ ოჯახისთვის და სახურავზე დამსხდარნი ერთმანეთში არკვევდნენ, პირველი ვინ შეფრინდებოდა კარგი ამბის მახარობლად სახლში. ცას ისეთი ფერი ჰქონდა, აღელვებული ზღვა გეგონებოდათ.

 

ერთი დიდი, მუქი ღრუბელი გადაკვროდა ცას და არც მზის შუქს უშვებდა მიწაზე, არც ცის სილურჯეს.

 

 

 

ს ა მ შ ო ბ ლ ო

 

VII

 

 სამშობლო უცნაურად იწყება. პატარა საწოლი, სადაც შენ გძინავს და პატარა ან დიდი ოთახი, რომელშიც ფეხს იდგამ. საწოლით იწყება ყველაფერი, სადაც დედა ზღაპარს გიკითხავს და სადაც ტკბილად გეძინება, იმ გაუცნობიერებელ სამყაროში, რასაც ჯერ მხოლოდ შენი თვალები აღიქვამენ. პირველი ოცნება, პირველი სიყვარული, პირველი შიში, პირველი ტყუილი საწოლში იბადება, როდესაც დედა ზღაპრის კითხვას მორჩება, შუქს ჩაგიქრობს და ვითომ ჩაძინებულს, მარტო გტოვებს ზღაპრული მოჩვენებების ამარა. შენ დედა გიყვარდება უფრო და უფრო, მამა ცოტათი უცხოა შენთვის, მაგრამ დღითიდღე უფრო და უფრო ელოდები მის სახლში დაბრუნებას. ჩნდება პატარა, თოთო ადამიანი, რომელსაც ან შენ დას უწოდებენ, ან შენ ძმას. ეჭვიანობა იწყება შენს ტვინში, გაუცნობიერებელი, მაგრამ ძლიერი და ცოტა სამარცხვინოდ ზიზღიანი.

 

ზიზღი ცოტა ხანში სიყვარული აღმოჩნდება და ეს პატარა ადამიანი შენი განუყოფელი ნაწილი ხდება. გული გიფეთქავს, როდესაც მასზე ცუდს ან კარგს გაიგებ. შენი ოჯახი გიყვარს, და სამშობლოს სიყვარულის პირველი ეტაპიც იწყება. სამშობლო დედით და მამით იბადება შენს გულში, თუმცა ეს უცნაური სიტყვა, რასაც “სამშობლო” ეწოდება, თავიდან მიუწვდომელი გგონია, რომელსაც მხოლოდ უფროსები სწვდებიან. შემდეგ ბაღში მიდიხარ და მსუქანი, საყვარელი ქალი მასწავლებლები ლექსებს გაზეპირებინებენ, სადაც ისევ ეს უცნაური სიტყვა “სამშობლო” გესმის. თუმცა, მშობლებს ჰკითხო ამ უცნაური სიტყვის მნიშვნელობა, რატომღაც გავიწყდება. სკოლას რაღაც ახალი მოაქვს, ბევრი ბავშვი, ბაფთები, ფერად-ფერადი ჩანთები, ცრემლები, სიცილი და დიდ ოთახშიც შედიხარ, სადაც უამრავი უცნაური მაგიდა დგას და სადაც ვიღაც უცნობი სიმპათიური ან არასიმპათიური ადამიანი ანბანის პირველ ასოს გასწავლის.

 

ისევ ვერსად გაექცევი იმ უცნაურ და უკვე გაცვეთილ სიტყვას, “სამშობლო” და ჩნდება შენს პატარა ტვინში წარმოდგენა, რომ სამშობლო ერთი დიდი მწვანე მინდორია, სადაც ყველა ბედნიერია. “თავისუფლება სამშობლოს”, “ძირს საბჭოთა იმპერია”, “ძირს ხუნტა”, “ზვიადი! ზვიადი!”, “ცხრა აპრილი”, “მერაბ კოსტავა ავტოკატასტროფაში დაიღუპა”. . . ინტერესი გიჩნდება ამ ყველაფრისადმი, რატომ ითხოვენ რაღაც “თავისუფლებას”, რატომ ტირიან მერაბ კოსტავას და ვინ არის ეს საბჭოთა რესპუბლიკა, კავშირი თუ იმპერია. ბოლოს და ბოლოს მიდიხარ დედასთან, რომელიც რაღაც “მიტინგიდან” დაღლილი ბრუნდება სახლში და ეკითხები:

 

 – დედა, სამშობლო რა არის?

 

 დედას დაღლილი თვალები სიცოცხლის ნაპერწკალებით ევსება, ცოტა ხანს სევდიანად გიყურებს და წყნარად გპასუხობს.

 

 – სამშობლო სახლია, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სამშობლო ლოგინია, სადაც ზღაპრებს გიკითხავ, სამშობლო მე და მამა ვართ, რომელიც გიყვარს, სამშობლო შენი ძმაა, რომელიც ხანდახან გაბრაზებს, სამშობლო ბაბუაშენია, რომელიც არასდროს გინახავს და რომელიც მაინც ამდენ სითბოს და სიყვარულს გჩუქნის, სამშობლო ვახტანგ გორგასალია, რომელსაც ბაღის ლექსებში ხვდებოდი, სამშობლო “დედაენაა”, შენს პატარა მაგიდაზე რომ გიდევს, რომელზეც იაკობ გოგებაშვილი აწერია, ეს ყველაფერი, შენი სკოლა, მე, მამა, შენი ძმა, შენი მეზობლები, შენი მსუქანი ბაღის მასწავლებელი, შენი ბაბუა და ბებია, შენი სკოლის დარაჯი, ყველაფერი, რასაც ხედავ და ვერ ხედავ, რაც იცი და არ იცი, ყვლაფერი შენი სამშობლოა.

 

 დედამ ლაპარაკი დაამთავრა და მეც შვებით ამოვისუნთქე. რა ლამაზი და საყვარელი რაღაცა ყოფილა ეს “სამშობლო”, ისინი კი ისე მიხსნიდნენ და ისეთი სახეებით, რაღაც საშინელებას ველოდებოდი, მაგრამ საშინელი მოლოდინი ბედნიერ რეალობად გადაიქცა და მივხვდი, რომ სამშობლო მიყვარდა.

 

 შემდეგ წლები გავიდა და “სამშობლო” ტკივილად გადაიქცა.

 

სახლიც ისეთი მხიარული ვეღარ იყო, რადგან ჩემს მშობლებს ხშირად დამწუხრებულს ვხედავდი. გულრიფშში ვეღარ მივდიოდი, რადგან ომი დაიწყოო, ჩემები მეუბნებოდნენ. დანგრეული თბილისი გადამწვარი რუსთაველით, ნაცრისფერ დაობლებულ მტრედს დაემსგავსა, რომელიც ბუდის აშენებას ვერაფრით ვეღარ ახერხებს. სკოლაში ციოდა, დედაჩემის თარო ახალგაზრდა, გარდაცვლილი ბიჭების და გოგოების სურათებით ივსებოდა. ზოგი ნათესავი იყო ჩვენი, ზოგი ჩემი მშობლების კლასელი და ა.შ. «სამშობლო» დიდ ცრემლად გადაიქცა, რომელიც არა და არ შრებოდა.

 

 ქართველებს, სამწუხაროდ, ცოტა უცნაურად უყვართ თავისი სამშობლო. საქართველოს ისტორია უყვართ და ზოგი ისეთ ამბებს მოყვება ჩვენს წარსულზე, შეიძლება იფიქრო სამშობლოს სიყვარული და დაფასება ასეთი უნდაო.

 

ჩვენს ადათ-წესებს და ტრადიციებს ამაყად სთავაზობენ სტუმრებს, საფლავშიც ჩაყვებიან, თავიანთი დიდი სტუმართმოყვარეობით. ღვინის კულტურა ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე გვქონდა და დღესაც ღვინო ჩვენი თილისმასავით არის, თითქოს ჩვენ არსებობას და სიძლიერეს გამოხატავსო. რა თქმა უნდა, ღვინის სმაც ძალზედ გვიყვარს და მთვრალებს სამშობლოს სიყვარული იმდენად გვიძლიერდება, მრავალფეროვანი სადღეგრძელოებით ვამშვენებთ სუფრას. ჩვენ მეზობელ ქვეყნებს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, რუსეთს ცოტა ზევიდანაც დავცქერით. სომხებზე ვიძახით, რომ ჩვენ არ ვუყვარვართ, აზერბაიჯანელებს არ ვენდობით, მაინც მუსულმანები არიან და ა. შ. ოღონდ რით ვართ ვინმეზე მეტი ან რატომ ვუყურებთ ჩვენ მეზობლებს ზემოდან, არავინ ვიცით.

 

ამბიცია იმისა, რომ ყველაზე ძლიერ ჩვენ გვიყვარს სამშობლო, დიდი გვაქვს, დიდი გვაქვს იმის ამბიციაც, რომ სამშობლოს გულისთვის ქართველი რომ თავის დამდებია, ტყუილია, სხვა ვერ დაიკვეხნის.

 

თუმცა ერთმანეთზე არც ძალიან ვგიჟდებით და გულის სიღრმეში ერთმანეთის კარგი გვშურს. ამ შურის გამო, ერთმანეთს ხან პირში, ხან ზურგს უკან ვლანძღავთ, ვჭორავთ, ვაბრალებთ ათას უბედურებას. ამიტომ, ძირითადად ერთმანეთის ჭამაში მიგვდის დრო, ხოლო უცხო მტრის მიმართ ვეღარ ვახერხებთ ერთიან ბრძოლას. ტვინი ერთმანეთზე ათასი საშინელების გამოგონებით ზედმეტად გვაქვს დამძიმებული და დაავადმყოფებული, ამიტომ რომც ვეცადოთ, გინდა პოლიტიკურ, გინდა სამხედრო ბრძოლაში ჭკვიანურად ვეღარ ვიქცევით. ინდივიდუალურად ძლიერები ვართ, უამრავი მაგალითია იმისა, რომ საზღვარგარეთ დიდ ნიჭს და სიძლიერეს ამჟღავნებენ ჩვენი თანამემამულენი. ჯერ მარტო გიორგი სააკაძის და გენერალ ბაგრატიონის მაგალითი ყველაფერს ადასტურებს. საზღვარგარეთ თუ გადააწყდებიან ქართველები ერთმანეთს, დიდად სიამოვნებთ ერთმანეთის დანახვა, მაგრამ თუ რამეში კონკურენტები აღმოჩნდებიან, უკვე დიდად აღარ სიამოვნებთ და ყველაფერს ეცდებიან და ყველაფერს იზამენ, რომ ერთმანეთი საქვეყნოდ დაძირონ.

 

გვერდში დგომას და ერთგულებას აფასებენ, მაგრამ შური მაინც ჭამს და ღრღნის მათ. საზღვარგარეთ ცხოვრების აწყობა და საკუთარი ქვეყნიდან გაქცევა უყვართ, ოღონდ ისეთი გაქცევა, უკან მობრუნება რომ არ იცის. ენასაც დაივიწყებენ, სახლსაც და დედასაც, რომ ჰკითხო შენი სამშობლო სად არისო, გულზე ხელს დაიდებენ, ღრმად ამოისუნთქებენ და თვალდახუჭული გეტყვიან “ჩემი სამშბლო ღვთისმშობლის წილხვედრი, ბედკრული საქართველოაო”. თაობები იცვლბა. მოდის ენერგიული, ლამაზი ახალგაზრდობა, რომელიც იმედს აძლევს მათ მიერ შეცვლილ თაობას. ინიშნებიან სულ ახალგაზრდა ქალ-ვაჟები დიდ თანამდებობებზე, იყურებიან ნასწავლი, გამოცდილი ადამიანის თვალებით და გამოცდილ, პენსიაზე გასულ ხალხს ტელვიზორიდან ჭკუასაც ასწავლიან. ხალხიც მოთმინებით უსმენს მათ მონოლოგს, რადგან მათ ინგლისში, ამერიკაში, საფრანგეთში, ავსტრიაში დიდი განათლება აქვთ მიღებული, ბოლოს და ბოლოს მათ თვით განათლებული და პოლიგლოტი საქართველოს პრეზიდენტი ენდობა.

 

გასაოცარია, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენს სამშობლოს ძალიან უჭირს და ამ «ჯანსაღი», ბეჯითი ახალგაზრდობის სათავეში ყოფნის დროს საუკუნეების მანძილზე ქართველების სისხლით დაცული სამშობლოს რუკა თვალსა და ხელს შუა იცვლება, არიან უამრავი ლტოლვილები, მათხოვრები, არ არის საკმარისი ხელფასი, ცხინვალი თავის შიდა ქართლით წაიღეს რუსებმა, ხოლო ისედაც წართმეულ აფხაზეთს კოდორი მიუმატეს რუსმა “კეთილმოსურნეებმა”. ჩვენ კი ახალგაზრდა მთავრობა ისევ ჭკუას გვარიგებს და მოთმინებისკენ მოგვიწოდებს. ჩვენც დაბნულები ვსხედვართ და ვითმენთ. პრობლემა ერთშია, ეს განსწავლული ახალგაზრდები ქართველობის გარეშე იზრდებიან. ქართული სულიერების ნაკლებობას განიცდიან და პატრიოტობა სრულიად სხვა რამ ჰგონიათ, ვიდრე ნამდვილად არის. ცოტა ძნელი გასაგებია მათთვის, თუ რატომ უნდა მოიქცნენ ფრთხილად რუსეთთან, რატომ უნდა აუხსნან თავიანთ მოსახლეობას ყოველი დეტალი, მათ მიერ გაკეთებული, რატომ უნდა მოვიხადოთ ბოდიში აფხაზებთან და ოსებთან და ასევე რატომ უნდა შევუნდოთ ჩვენს ძმებს, აფხაზებს და ოსებს. საქართველო თავისი უძველესი ისტორიიდან და დროიდან, პატარა სახელმწიფო იყო, ასევე უძველესი დროიდან მძიმე მდგომარეობა იყო ჩვენს სამშობლოში.

 

რა თქმა უნდა, იყო პერიოდები, როდესაც ცოტა გავფართოვდით და ცოტაც გვილხინდა, მაგრამ ეს ცოტა ხანი გრძელდებოდა. ქართველები ყოველთვის ცდილობდნენ კარგი მეზობლური ურთიერთობა ჰქონოდათ თურქეთთან, ირანთან, რუსეთთან და ხშირად თუ ვერ ახერხებდნენ, ცდილობდნენ მაინც. ეს ცდა აკლიათ ჩვენს განსწავლულ ახალგაზრდებს, რადგან მათ ეთაკილებათ ვინმესთან «სცადონ» რამე, თუმცა ამერიკასთან ზედმეტად ცდილობენ კიდეც. ცდილობენ, რადგან კომპიუტერივით უდევთ თავში, რომ ესე უნდა ქნან. ქართული სული კი მეგაბაიტებით არ იზომება და კომპიუტერში არ იტვირთება. არ ეტევა. სწორედ ეგ არის უბედურება, თან კომპიუტერი არავის არაფერს არ ეკითხება.

 

არც ჩვენი ახალგაზრდა ჩინოვნიკები ეკითხებიან ვინმეს რამეს. არადა ქართული სული უამრავ კითხვას სვავს:

 

 – რატომ ვაგინებთ რუსებს? რას ემსახურება ან ვის ემსახურება ეს ლანძღვა?

 

 – რატომ ვუქიცინებთ კუდს ამერიკას? და თუ ვუქიცინებთ, მაშინ რატომ გვართმევს რუსეთი მიწებს.

 

 – ჩვენ ვის ვჭირდებით და რისთვის? ან როდის მივხედავთ ჩვენს თავს და არ ვიქნებით სხვისი დახმარების იმედად.

 

 მხოლოდ, ეს კითხვები რომ დაგებადოს, ქართული სული გჭირდება, გალაკტიონი გჭირდება, ილია ჭავჭავაძე გჭირდება, ბავშვობაში ჩალურჯებული თვალი გჭირდება, სკოლა გჭირდება, ქალის პატივისცემა გჭირდება და საერთოდ, სიყვარული გჭირდება.

 

 სამწუხაროდ, განსწავლულ ახალგაზრდებს ეს არ სჭირდებათ და მათი ცნობიერების მთავარი მუხტი ეკონომიკა, ბანკი და ბიზნესია. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ეკონომიკის გარეშე განვითარდეს, მაგრამ აქამდე მისვლას იქნებ ჯერ სხვა რამე გვჭირდება, და მართლაც გვჭირდება. რა თქმა უნდა, მხოლოდ მათ ვერ დავაბრალებთ თავიანთ არასწორ განვითარებას. ეუბნებიან, რომ დამნაშავე ცუდია, რუსი ცუდია, ამერიკა კარგია, თბილისის ქუჩებში ნუ ივლის, თორემ ცუდის მეტს არაფერს გადაეყრება, მათხოვრებს ხელი არ ჩამოართვას, თორემ მუნს გადასდებენ, რამე თუ დაინახეს, კანონსაწინააღმდეგო, პოლიციეს მოახსენონ, პარიზში ისწავლოს და წელიწადში სამი დღე ჩამოვიდეს საქართველოში.

 

 რა თქმა უნდა, ამერიკელი კარგია, მაგრამ ხომ შეიძლება შენთვის ცუდი უნდოდეს და ხომ შეიძლება დაფიქრდე, კარგი რატომ უნდა? რა თქმა უნდა, რუსს შენთვის მიწის წართმევა უნდა, მაგრამ ხომ არიან დოსტოევსკი, ჩეხოვი, ტოლსტოი და კარგი რუსები, რომლებსაც არ უნდათ შენთვის ზიანის მოყენება. დამნაშავე არ არის კარგის მომტანი შენი სამშობლოსთვის, მაგრამ დამნაშავეშიც ხომ არის რაღაც ღვთისმიერი, ან საერთოდ, დამნაშავე გზას არის აცდენილი და ჩვენ ვცადოთ მისი სწორ გზაზე დაყენება. ქუჩაში დგომა უქმად ჩავლილი დროა, მაგრამ იმ ქუჩაშიც ხომ შეიძლება რაინდული საქციელის მომსწრენი გავხდეთ.

 

სანამ პოლიციელს შევატყობინებთ კანონის დარღვევას, იქნებ ვცადოთ ჩვენ ავუხილოთ თვალი სიმართლისკენ კანონდამრღვევს. მე ვთვლი, რომ ეს ქართული სულია და ეს სული აკლიათ ერუდიტ ახალგაზრდებს.

 

ერუდიტობას და განსწავლულობას რაც შეეხება, აქაც დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩემი თაობის უმრავლესობა ჩაკეტილ, პრიმიტიულ სამყაროში ცხვრობს. რომ ჰკითხო, გიჟდებიან თავიანთ საქართველოზე, მაგრამ თქმა სულ სხვაა და გაკეთება სხვა. ფიქრი გვაკლია იმაზე, თუ როგორ გამოვადგეთ საკუთარ ქვეყანას. აქ კი, ფიქრი საკუთარი თავის განცხრომა-სიამოვნებაზე იხარჯება.

 

მთავარია მანქანა შევიძინოთ ძვირადღირებული, საათი გვეკეთოს “ფრენკ მიულერის”, ტანსაცმელიც მანქანის და საათის შესაფერისი, ძვირიანი, სხვებისთვის მიუწვდომელი. სულ რომ არ გვქონდეს ამ ნივთების შეძენის საშუალება, უნდა რამე მოვახერხოთ და შევიძინოთ, რომ სხვის წინაშე ამ ნივთებითურთ წარვსდგეთ. სამწუხაროა, მაგრამ ზოგისთვის წიგნი კომპიუტერმა ჩაანაცვლა, რომელიც ვერასდროს ვერ შეცვლის წიგნს. რელიგია, რომელიც ყველაზე მეტად აძლიერებს ქვყანას, მეათე და მეასე ხარისხოვანია და ეს დიდად არავის ადარდებს, მხოლოდ ხანდახან თუ გადავიწერთ პირჯვარს ეკლესიის დანახვის დროს მანქანიდან ან მარშრუტკუდან რომის იმპერია, ბიზანტია, ირანი, ოსმალეთი, უძველესი და უძლიერესი სახელმწიფოები, რელიგიის სიძლიერეზე იდგნენ. რელიგია ხალხის რწმენას უზენაეს ძლიერებამდე აჰყავას და რწმენა ადამიანებს და შემდეგ ქვეყანას უძლიერესს ხდის. ირანი, რომელიც დღემდე უძლიერესი სახელმწიფოა ერთიანობის და საკუთარი ხალხისადმი ერთგულების თვალსაზრისით, სწორედ რელიგიის დიდმა სიყვარულმა მიიყვანა აქამდე. განათლებას ჩვენს თანამემამულეთაგან ძალიან ცოტა იღებს და თუ იღებს, შედეგად ქართულსულჩამკვდარ ახალგაზრდებს ვიღებთ.

 

უნდა გვესმოდეს, რომ ქართული სულის გარეშე ქართველები ვერ ვიქნებით და საქართველო არასდროს მიგვიღებს, ჩვენ ჩვენით უნდა ვმართოთ საკუთარი, თუნდაც დაუძლურებული თავები. ლამაზია, როდესაც კარგად გამოვიყურებით და თვალსაჩინოდ გვაცვია, მაგრამ უცხოელისთვის ცოტა არ იყოს გოიმურად და სნობურად ჩანს, როდესაც გაჭირვებული ქვეყნის შვილები ასე გამოიყურებიან. უცხოელის დანახულზეც ხომ არ არის ყველაფერი, სირცხვილია, როდესაც ერთი მეოთხედი მიწა ოკუპირებული გაქვს, შენ კი გაპრანჭვა-გადაპრანჭვაზე გაქვს ყურადღება გამახვილებული. სტამბულში რომ ჩავედი, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ისე აცვია და ისე გამოიყურება, რისი საშუალებაც გააჩნია. მათი ყურადღება საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე იხარჯება და არა უშედეგოდ. ჩვენ კი, მთავარია, საკუთარ ორღობეში გამოვავლინოთ, რომ ჩვენს თავებს მშვენივრად ვუვლით და რაც ჩვენს ორღობეს სცდება, თუნდაც ჩვენი სამშობლოს ტერიტორია იყოს, დიდად და, შეიძლება ითქვას, სრულებით არ გვანაღვლებს. «ნაგლობის» სინდრომი თუ კულტი, რა ვუწოდო აღარ ვიცი, ისე არის ფეხგადგმული ჩვენს ქვეყანაში, მოკრძალებულ, სათნო ადამიანს ხმის ამოღების უფლება არ აქვს.

 

არიან საქართველოში ისეთი ადამიანები, და მადლობა ამისთვის ღმერთს, რომელთა შემხედვარე, გული იმედით მევსება. ვიცი და მჯერა, სანამ ეს პიროვნებები იარსებებენ ჩვენს მიწაზე, ამ ქვეყანას მომავლის განცდა ყოველთვის ექნება, ისეთი განცდა, რომელიც ბედნიერების გასაღებს ფლობს. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ამბობენ იმას, რაც ჩვენს სამშობლოს აწუხებს და სტკივა. საბედნიეროდ ახალგაზრდები, მოხუცები, ხანში შესულები და ბავშვებიც არიან ეგეთები. თუმცა ძნელია მათი ხმის გაგონება, რადგან სხვა ხალხს უჭირავს ამ ქვეყნის საყვირი თუ მეგაფონი ხალხს, რომლებსაც თვითონ ვერ გაუგიათ რა სურთ საკუთარი თავისთვის და საერთოდ ქვეყნისთვის. “ხალხის სიყვარული” ადვილი სათქმელია, მაგრამ ხალხის ჭეშმარიტი სიყვარული ხელისუფალისთვის რთული განცდაა, კეთილშობილი ადამიანებიც დანარცხებულან ბეჭებზე და მერე დანარცხებულნი და გაღიზიანებულნი ათას სისულელეს სჩადიან, საკუთარ თავსაც არ ინდობენ და სხვას მითუმეტეს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდა ადამიანისთვის, მისთვის ძალაუფლების მინიჭებაა.

 

არ ვიცი მე გავუძლებდი თუ არა ამ გამოცდას, მაგრამ უმეტეს ადამიანებს ვერ გაუძლიათ. ხალხი მოითხოვს სიყვარულს, პატივისცემას, დაფასებას, შენი ყოველი საქციელის ახსნას, მხარდაჭერას, გვერდში დგომას და ა.შ. ძალაუფლებით გონებადაბინდულს და გონებაარეულს კი გიჭირს სათანადოდ შეაფასო მოვლენები, ამიტომ სიყვარულის უნარიც ხელიდან გისხლტება და ხდები ცუდი, ხალხისთვის მიუღებელი ხელისუფალი. შენ კი ყველაფერს პირიქით აღიქვამ, “როგორ, მე მათ წყალი მივეცი, პური მივეცი, შუქი, გზა, სითბო, ისინი კი მაინც უკმაყოფილოები არიან” და უკვე ხალხს და შენ ერთმანეთის აღარ გესმით. ჩვენს სამშობლოს კი ამ დროს ჯერ ერთ მხარს აგლეჯენ, მერე მეორეს, შემდეგ სულ წაიღებენ, შენ კი შენ ხალხთან ჯიბრში იქნები გართული და ისევ ხალხს დააბრალებ ქვეყნის დაქცევას. საწყენია, მაგრამ ოცი წელია ამ დღეში ვართ და დახმარებას უცხო ქვეყნებს ვემუდარებით. ამ დროს პრობლემა საკუთარ ამპარტავან თავებში გვაქვს.

 

როდესაც რუსები გვბომბავდნენ და ქართლის მიწაზე უამრავი უპატრონო ცხედარი ესვენა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა ერთ-ერთ ხელისუფალს, რატომ ვერ ახერხებდნენ გარდაცვლილთა ოჯახისთვის მათ დაბრუნებას. და იცით იმან რა უპასუხა?  – «ჩვენ ვუთხარით მესაზღვრეებს შევეშვით და ხვეწნას ნამდვილად ვერ დავუწყებთ მტერსო». გია გამოვიდა ყარყარაშვილი ტელევიზიით და მოყვა რამდენ დამცირებას იტანდა აფხაზეთის ომის დროს, როდესაც ჩვენი ბიჭების ცხედრები იყო გამოსატანი მტრის მიერ დაპყრობილი ტერიტორიიდან, ხვეწნას რომ თავი დავანებოთ, სამ ცოცხალ აფხაზ ტყვეს ცვლიდა ერთ გარდაცვლილ ქართველში. დიდი დამცირებაც უნდა აიტანო, შენი ცოცხალი ან მკვდარი ქართველისთვის. მაგრამ დამცირების ატანა, ძალიან ძნელი ხდება, როცა ძალაუფლებას შეჭმული ყავხარ თავიდან ბოლომდე. ხალხი უკვე მიჩვეულია მათდამი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას და როდესაც ადამიანი რაღაცას მიეჩვევა, იმის გადაჩვევა ძალიან ეძნელება. მიჩვეულია, რომ თვეში ასი ლარი ჰქონდეს ხელფასი, რომ ამ ასი ლარით უნდა არჩინოს ოთხი სული საკუთარ ოჯახში, რომ ამ ასი ლარით უნდა აუტანოს ყვავილები საფლავზე გარდაცვლილ მეუღლეს და მხოლოდ ერთხელ დაიწუწუნოს თავის გასაჭირზე ერთი წლის მანძილზე.

 

მერე საკუთარ თავს უსვამს კითხვას: “რომ არ შეეჩვიოს რა? რომ არ შეეჩვიოს გამდიდრდება მისი ქვეყანა და გაეზრდება ხელფასი?” ჩიხში შეჰყავს საკუთარი თავი ამ კითხვით და ცხოვრებაც ჩვეული უმოწყალო რიტმით გრძელდება. ქართველის დარდი ხომ მარტო ხელფასი არ არის, მისი დარდი უიმედობა და შვილების მომავალია.

 

არ უნდა შევეგუოთ და უნდა ვიწვალოთ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ხალხმა ხალხის სიყვარული ისწავლოს, ისწავლოს თითოეულმა ჩვენგანმა იმის აღქმა და თქმა, რაც რეალურად ხდება ჩვენს სამშობლოში. წერით, ხატვით, სიმღერით, იუმორით უნდა მივახვედროთ, არა კი არ მივახვედროთ პირდაპირ პირში მივახალოთ, რომ არ გვსურს ასე ცხოვრება, რომ ჩვენ არასდროს შევეგუებით უსამართლობას. “რომ არ ესმის? ყველა, მთელი საქართველო ვეუბნებით სიმართლეს, მაგრამ არა, არ ესმის!” – კითხულობს ხალხი, მაგრამ ტყუილია, მთელი საქართველო არ ეუბნება, მთელ საქართველოს სხვა ძალა აქვს, ძალა, რომელმაც ამდენი საუკუნე გვაარსება. მაინც არიან ადამიანები, რომლებსაც კარაქიანი, დღევანდელი კარაქიანი პური ურჩევნიათ ყველაფერს. მთელი საქართველო არ ვეუბნებით და ეს არის უბედურება.

 

წარსულში ქექვა გვიყვარს ქართველებს, მუდამ იმ დროს ვიხსენებთ, როცა ოდნავ, ან საგრძნობლად ძლიერები ვიყავით. ცოტა გამაღიზიანებელია მუდამ წარსულისკენ ყურება, მაგრამ აწმყოში ან მომავლისკენ რომ მიატრიალებენ ქართველები თავებს, სასიკეთოს ვერაფერს ხედავენ და ისევ წარსულისკენ იმიტომ ბრუნდებიან. კარგია, როცა ქვეყანას თავისი წარსულით სიამაყე შეუძლია, შეუძლია გაიხსენოს ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ გიორგი ჭყონდიდელი, იოანე მარუშისძე, თევდორე მღვდელი, ამბროსი ხელაია, დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე, დემეტრე თავდადებული, ცოტნე დადიანი, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ ხანძთელი და შეუჩერებლად შეგვიძლია ამ ადამიანების ჩამოთვლა, ვინც ჩვენს სამშობლოს სული და სხეული ანაცვალეს. ბედნიერებაა, რომ ჩვენც იმ მიწის შვილები ვართ, რომელზეც ამ ადამიანებს ფეხი დაუდგამთ. არ არსებობს ერი, რომელსაც ასეთი შვილები ჰყავდა, კიდევ არ დაბადოს მათი მსგავსი ადამიანები. ვისაც ეყვარება, ვისაც ეამაყება, ვინც ყველაფერს მისცემს სამშობლოს და ჩვენ ნაწამებ და მრავალჭირნახულ ხალხს. სამწუხაროა, მაგრამ წარსული გვრჩება სანუგეშოდ მომავლის გარეშე.

 

მომავლის ვერა და ვერ დავიჯერეთ ქართველებმა, ვერ დავიჯერეთ, რადგან იმედის ნაცვლად, იმედგაცრუება გვრჩება ხელში. არ არის აუცილებელი ჩამოვაგდოთ ან ბუნკერში ჩავსვათ ხელისუფალი. შეგვიძლია გამოსწორების საშუალება მივცეთ, შეგვიძლია შევცვალოთ, შეგვიძლია მივუტევოთ და ცოდვები მოვანანიებინოთ, ოღონდ ამას მთელი, სრულიად საქართველოს ფეხზე დადგომა და ერთიანობა სჭირდება, ის ერთიანობა, რომელიც ასე გვაკლია ქართველ ერს. ადამიანის შეფასება-დაფასებაც არ ვიცით სათანადოდ. ზოგს სიკვდილის შემდეგ ავიყვანთ ქებით და ხოტბით ცაში, ზოგს ისე გავთათხავთ, ან განვადიდებთ, სრულებით რომ არ იმსახურებს. ესეც სიყვარულს და ნდობას გვაცლის ხელიდან ხალხს. დრო გადის და ჩვენი ქვეყანა ისევ შავი ძაძებით დადის და გლოვობს ჩვენს ყოფას.

 

ახალგაზრდებიც მოდიან, ახალი თაობა მოდის, რომელიც დაიქუხებს და მათი მჭექარე, ძლიერი ფესვებიდან ახალი, სიცოცხლით სავსე საქართველო აღმოცენდება, თუმცა კეთილშობილ ადამიანებს, თითქმის ყოველთვის, გაიძვერანი სჭარბობენ, მაგრამ ესეც დაიძლევა და გაბათილდება, თუ გვერდში დგომას და ერთიანობას ვისწავლით. მუდამ იყვნენ მოღალატეები ძველ დროში ჩვენ ქვეყანაშიო, იტყვიან და მართალიც არის, მაგრამ დიდი ადამიანებიც გვყავდნენ, რომელთაც, მიუხედავად ღალატისა, შეეძლოთ ერი, ერთ, თუნდაც პატარა მუშტად შეეკრათ. თაობები ქართული სულით უნდა აღიზარდონ, თუნდაც საზღვარგარეთ მიიღონ განათლება. ვაჟას, ილიას, აკაკის, ნიკო ნიკოლაძეს და უამრავ “თერგდალეულს” საზღვარგარეთ, პეტერბურგში ჰქონდათ განათლება მიღებული, მაგრამ ქართული სული ისე ძლიერად ფეთქავდა მათ გულებში, ფეთქვის ხმა მთელ საქართველოს და მსოფლიოს გააგონეს. სამშობლოს პირდაპირი მნიშვნელობა თვითონ სიტყვიდან სჩანს, სამშობლო ანუ ადგილი, სადაც შენი წინაპრები, შენი მშობლები გაჩენილან და უმოღვაწიათ. ზოგი, სამშობლოს სწორედ წინაპართა საფლავთა ადგილს, წინაპართა დაბადების ადგილს უწოდებს. ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბროთ, თუ რა არის ჩემთვის სამშობლო და როგორ ვგრძნობ მას ჩემს გულში, ჩემს სულში და ჩემს გონებაში.

 

ადამიანი შეიძლება თავის სამშობლოში ცხოვრობდეს, თავის წინაპრითურთ, მაგრამ მაინც უსამშობლო იყოს, არ ჰქონდეს თავისი ქვეყნის ტკივილის და გასაჭრის განცდა, არ უჩუყდებოდეს გული, როდესაც მისი ქვეყნის ისტორიას ყვებიან, არ იყოს მზად თავის დასადებად, თუნდაც მოკვდეს საკუთარი ქვეყნისთვის. თუმცა სიკვდილის დახვედრა ან პოვნა ცოტა რთული რამ არის, ყველას არ შესწევს უნარი სიკვდილს მხნედ დაუხვდეს. მაშინ რა, მას პატრიოტობა არასდროს ეღირსება? ეღირსება, როგორ არ ეღირსება! მას შეუძლია სხვანაირად გამოადგეს სამშობლოს, გმირობის და თავგანწირვის გარეშე. სამშობლოს რომ გამოადგები, უკვე გმირობაა, მთავარია ეცადო გამოსადეგი გახდე ქვეყნისთვის. ვისაც ქვეყნის განცდა, პატრიოტობის სურვილი და გულაჩუყების უნარი არ გააჩნია, ის ადამიანი უსამშობლოა, თუგინდ მისი ფესვი კოლხა და დიაოხისგან იწყებოდეს. სამშობლო დაკარგული დამიანებიც არიან, რომლებიც მიდიან ჩვენი ქვეყნიდან შორს და ქართულ სულს კარგავენ. ისინი იღებენ განათლებას, სწავლობენ ფრანგულს, გერმანულს, ინგლისურს, ეზიარებიან და სწავლობენ მრავალი ერის კულტურას, სწავლობენ ეთნოგრაფიას, დიპლომატიას, მაგრამ საკუთარი სამშობლოს მიმართ მონატრების გრძნობას კარგავენ.

 

ისინი მშვენივრად გრძნობენ თავს უცხო მხარეში, ქართულად წლების მანძილზე ერთ სიტყვასაც აღარ ამბობენ, აღარ იხსენებენ სევდით იმ პატარა ქუჩას, რომელზეც გაიზარდნენ, არც ჩამოდიან და დიდად არც აღელვებთ მისი გასაჭირი. ჩემი აზრით, მათი სამშობლო საქართველო აღარ არის, თუგინდ წინაპართა საფლავები მამადავითზე ჰქონდეთ, მათი სამშობლო ეკონომიკურად ძლიერი რომელიღაც ევროპული სახელმწიფო ხდება. შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობდეს, შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ მოახერხოს ქართულ მიწაზე ფეხის დადგმა, მაგრამ სულით ხორცამდე ქართველი და ჩვენი ქვეყნის შვილი იყოს. ასეც ხდება, სულ უცხოს, სომეხის, ფრანგის, გერმანელის, ჰოლანდიელის, ფილიპინელის სამშობლო შეიძლება გახდეს საქართველო და ჩვენ გვაქვს ამის ცოცხალი მაგალითი, იოანე საბანისძის “აბო თბილელის წამება” ან “წამებაი აბოისი”, როდესაც არაბი ახალგაზრდა ბიჭი სულით-ხორცამდე ქრისტიანი და ქართველი ხდება და სწორედ ქრიატიანობის და ქართველობის გულისთვის ეწამება. ვინც ქართველობას კარგავს, ჩემი აზრით, ასეთი ადამიანის ორი სახეობა არსებობს:  – ვინც საქართველოში ცხოვრობს და უსამშობლოა და ვინც საზღვარგარეთ სამშობლოს კარგავს და ახალ, თავისთვის სასარგებლო და მომგებიან «სამშობლოს» იძენს.

 

და განა შეიძლება ეგეთ ხალხს ქართველები ვუწოდოთ? ან მათი სამშობლო საქართველო იყოს, მარტო იმის გამო, რომ მათი თუნდაც დიდი და სახელოვანი წინაპრები ქართველები იყვნენ? ჩემის ღრმა რწმენით, არა, ისინი სამშობლოდაკარგული, უსამშობლო ადამიანები არიან.

 

პროფესორი რუდოლფ შტაინერი, მის ნარკვევებში, ნაშრომებში და ლექციებში, მუდამ აღნიშნავდა, რომ სისხლს უდიდესი ძალა აქვს, რომ გოეთეს “ფაუსტში” მეფისტოფელი სწორედ ამიტომ აწერინებს ხელს სისხლით ადამიანს მასთან დადებულ ხელშეკრულებაზე, რომ სისხლი იმდენად მოქმედი და ძლიერი სითხეა, რომ მისი გადასხმით და შეცვლით, შეგვიძლია ადამიანის გუნება და ფსიქოლოგიაც შევცვალოთ. ქართველი, რომელიც სამშობლოს დაკარგავს, რომელიც უსამშობლო გახდება, მისი ქართული, მჩქეფარე სისხლი იმდენად ძლიერია, ნებისმიერ დროს შესწევს უნარი მისი სული კვლავ სამშობლოში დააბრუნოს და სამშობლოსთვის აახმიანოს.

 

ვიღაცისთვის სამშობლო მხოლოდ ტერიტორიაა, რომელზეც დადის, სუნთქავს და ლაარაკობს, მაგრამ სამშობლო ტერიტორია არ არის, ის ბევრად უფრო ღრმა და მიუწვდომელია, როგორც ოკეანის და დედამიწის მაგმის მიუწვდომელი და იდუმალი ფენები. რაც დამოუკიდებლები გავხდით და საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ ვერ მივაღწიეთ დემოკრატიის, თავისუფლების შუქურას, რომლისკენაც ასე გულმოდგინედ მივილტვოდით ქართველები. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლბი გავხდით, ერთმანეთის ჭამის და ლანძღვის მეტი არაფერი გვიკეთებია. ქვეყანამ შიმშილის და გაჭირვების ხანა ვერაფრით გადაიარა, აგერ, უკვე ოცი წელია, საუკუნეების მანძილზე ნანატრ თავისუფლებას მივაღწიეთ და ბედნიერი ვერ გავხდით. ვერც ერთი პრეზიდენტი ხალხმა თავიდან ბოლომდე ვერაფრით შეიყვარა, სულ კი სამი გვყავდა. პირველმა ორმა თავისი სკამი სისხლიანი თუ არასისხლიანი რევოლუციის შედეგად დატოვა, მესამე ჯერჯერობით ინარჩუნებს სკამს, მაგრამ ამას ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, შეინარჩუნებს თუ არა ბოლომდე, მთავარი მაინც ხალხის ნდობაა. გადავწვით და გადავბუგეთ თბილისი, გავძარცვეთ სამეგრელო, შევჭამეთ იმერეთი და ეს იმ ხალხმა ვქენით, რომელიც ცხრა აპრილს რუსთაველის მოედანზე თავისუფლების გამო დავიხოცეთ, რომელიც რუსების ტანკებს უშიშრად დავუწექით და რომელსაც გვწამდა, რომ თავისუფლება მათ შვილებს ბედნიერებას მოუტანდა.

 

არ ვიყავით თავისუფლებისთვის მზად. ჩვენ ადამიანის თავისუფლება ბეღურას თავისუფლება გვეგონა, როდესაც გალიას გაუხსნიან და სადაც მოუნდება იქ გაფრინდება. თურმე ბეღურის და ადამიანის თავისუფლება სულ სხვა და სხვა რამაა. დამონებული, დაბეჩავებული, გაღიზიანებული, დაბოღმილი ადამიანის გათავისუფლება სახიფათო რამ ყოფილა. შეიძლება ძალა მოკრებილმა, ნერვებ აშლილმა, ყველაფერი ჩაიდინოს, საკუთარი ძმაც მოკლას და დაგესლოს, საკუთარი ქვეყანაც დაანგრიოს და გადაწვას და სწორედ ეს დაგვემართა გათავისუფლებულ ქართველებს. მაშინ რა ვქნათ? ისევ მონობის უღელი დავიდგათ? არა! რა თქმა უნდა, არა! მონობას ისევ შიმშილით სიკვდილი სჯობს! ბოლოს და ბოლოს, ტყუილად ხომ არ დაღვარეს სისხლი ჩვენმა წინაპრებმა!

 

თავისუფლებით გახალისებულებმა და დაბნეულებმა, ახალგაზრდა თაობება იმის მაგივრად, ქვეყნის მტრებზე დაგვეგეშა, ძმებზე და დებზე დავგეშეთ და შედეგიც მივიღეთ, გაოხრებული, წელში მოხრილი, შეურაცხყოფილი, თავისუფალი საქართველო. თუმცა, რომ გეკითხათ, ყველა თავდადებული პატრიოტები ვიყავით და რომ იცოდეთ, თავდადებული მართლაც ბევრი იყო, რომელსაც გზა-კვალი ჰქონდა არეული და არასწორ გზაზე იდგა.

 

რა ვქნათო, ზემოთ კითხვა დაისვა და ამ კითხვაზე პასუხი უკვე ოცი წელია იგვიანებს. გონს უნდა მოვეგოთ, ნუთუ ოცი სისხლიანი და შფოთიანი წელი არ არის საკმარისი, გამოცდილების მისაღებად, იმის მისახვედრად, რომ აღარ დარჩა დრო, რომ ჩვენი შვილები უკვე მამები ხდებიან, რომ ყველა ქვეყანამ შეირგო თავისუფლების სიტკბო. ვინ ფიქრობს ამაზე? ვინ? არ გეგონოთ ვთვლიდე რომ მე ვფიქრობ მხოლოდ, მეც ეგეთი ვიყავი, უნიჭო და უჭკუო, დაუფიქრებელი და დიდი ცოდვების მზიდავი, მაგრამ დღეს ხომ ისევ ამოვიდა მზე კავკასიონის ქათქათა მთებზე, დღეს ხომ შეგვიძლია შევიცვალოთ და ჩვენს სამშობლოზე ვიფიქროთ, ოღონდ სწორად ვიფიქროთ და მხოლოდ ფიქრიც არ შველის, საქმეს სწორი და გამიზნული გაკეთებაც უნდა. სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება ერთმანეთის დაგესვლა, ერთმანეთის ჭამა, ერთმანეთზე ბინძური ჭორების შეთხზვა და ეს ხომ იგივე კაცის კვლაა და მეტი არაფერი. მხოლოდ მთავრობას ნუ დავაბრალებთ ამას, თითოეულმა ჩვენგანმა ვცოდეთ და ურწმენოდ ვიცხოვრეთ, თითოეული ჩვენგანის ბრალია, რომ ახალგაზრდა ადამიანის მთავარი საფიქრალი, კანარის კუნძულზე დასვენება და გუჩის «ჩუსტების» ჩაცმაა. ადრე სხვანაირი ქართველები ცხოვრობდნენო, იტყვიან, მაგრამ ტყუილია, ადრეც ისეთები ცხოვრობდნენ, როგორებიც ახლა, უბრალოდ იმ ხალხს ჭირი აერთიანებდა, ერთმანეთის სიცოცხლის ფასი იცოდნენ, თავისუფლების ფასი იცოდნენ და გამოცდილებას იძენდნენ თავიანთი წინაპრებისგან, მათი სწორი ან არასწორი საქციელიდან. ხანდახან ამას წლები სჭირდებოდა, ხანდახან დღეები, მაგრამ ბოლოს ერთად იდგნენ, მიუხედავად არც თუ ცოტა მოღალატის ბოგინისა ჩვენს სამშობლოში.

 

ჩვენც ხომ შეგვიძლია მათგან ავიღოთ მაგალითი, ხომ შეგვიძლია გამოცდილება სხვის ცხვირის წატეხვაზე თუ არა, საკუთარი ცხვირის წატეხვაზე ვისწავლოთ. ბოლოს და ბოლოს ჩვენს წინაპრებს თუ ჰქონდათ ნიჭი, ჩვენც ხომ გვექნება მცირეოდენი მაინც, არ შეიძლება ის დიდი ქართული ნიჭი ასე უკვალოდ გამქრალიყო და გაცამტვერებულიყო. როგორ მინდა ყველამ თავისი საქმე აკეთოს და პოლიტიკაში არ ჩაერიონო, იტყვიან ხოლმე ზოგ-ზოგიერთები, მაგრამ ყველამ ყოველთვის სიმართლე უნდა თქვას, და თუ სიმართლეს თქმას ვიღაც პოლიტიკაში ჩარევას ეძახის, მაშინ პოლიტიკა დავარქვათ და პოლიტიკაშიც უნდა ჩაერიონ. ამდენი წლების და საუკუნეების მანძილზე გასაჭირში მხატვარს რომ ეხატა, მწერალს რომ ეწერა, მღვდელს რომ ელოცა და ხმალი არ აეღო, მომღერალს რომ ემღერა და ესე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის გასაჭირთან რა გვესაქმება, ჩვენ ჩვენ საქმეს ვაკეთებთო ეძახა, აქამდე ნამდვილად ვერ მოაღწევდა ქართულ სული და ქართველი ერი.

 

ქვეყნის გასაჭრი, შვილის სიკვდილი, დედის შიმშილი, უსამართლო სიცოცხლე და არსებობა, პოლიტიკა ნამდვილად არ არის. არავინ არ ცდილობს პოლიტიკოსების ნაცვლად შეხვედრებზე და თათბირებზე სიარულს, რეფორმების გაატარებას, საგარეო ურთიერთობებში უგუნური ან გონიერი გადაწყვეტილებების მიღებას, სამწუხაროდ, უგუნური გადაწყვეტილებები გონიერს სჭარბობს, შედეგი კი საქართველოს რუკაზეა ასახული . . .

 

მოდით, ჩვენ ყოფა-ცხოვრებას და საერთო გასაჭირს ოპოზიციონრობაში და საგანგებო უშიშროების სხდომებში ნუ ავურევთ. ერთად ვაკეთოთ კეთილდღეობა ჩვენი სამშობლოსი, რომელიც დარწმუნეული ვარ, ყველას ძალიან, ძალიან გვიყვარს. გვიყვარს, მაგრამ ერთმანეთს ხანდახან გამარჯობას არ ვეუბნებით ქუჩაში, ასე კი ქვეყნის შენება წარმოუდგენელი რამ გახლავთ. რა თქმა უნდა, ვიღაცას, ვიღაცის სკამიდან ჩამოგდება და ფეხით გათელვა სურს, მაგრამ რით ვერ ვისწავლეთ, რომ ამ გათელვა-ჩამოგდებით არაფერი გვეშველება. ერთადერთი გზა, ჩემი აზრით, ქართველი ხალხის ერთიანობაშია, ეკლესიაში და ღმერთის სიყვარულშია. ყველას უნდა შეგვეშინდეს ღმერთის, ერთ დიდ მუშტად შევიკრათ და ვთქვათ, რაც არის და როგორც არის, ვთქვათ სიმართლე. ჩვენ კი არც ერთად ვართ და ჩვენი ნათქვამი ნახევრად სიმართლისაც არავის სჯერა.

 

ქართველი ხალხი გულმოწყალეა, ლმობიერი, მიმტევებელი, ყველა ადამიანს მიუტევებს თუ ის ადამიანი ჭეშმარიტი აღსარებისთვის და მონანიებისთვის არის მზად.

 

ჩვენ არა გვაქვს უფლება ვინმეს რამე არ ვაპატიოთ, იმდენი ცოდვა გვაქვს თავად ჩადენილი და იმდენი არასწორი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული. ჩვენ თუ არ მივუტევებთ, აღარც ჩვენ მოგვეტევება და ისევ გაგრძელდება ერთმანეთის ჭამა და ცოდვების გახსენება, დაბრალება. მომიტევეთ, რომ ამდენის უფლება მივეცი თავს, მაგრამ კალამმა წამიღო საქართველოზე წერისას. უბრალოდ, მე ასე ვხედავ ჩემს სამშობლოს და ეს უბრალო ადამიანის აზრია, რომელიც შეგიძლიათ გაიზიაროთ ან არ გაიზიაროთ. დიდი პატრიოტიც ჯერჯერობით ვერ ვარ, მაგრამ იმედი მაქვს ახალგაზრდა ვეზიარები ამ ბედნიერებას. სამშობლო კი ჩემთვის განცდაა, მონატრება, სიყვარული და პასუხისმგებლობაა იმ მიწის მიმართ, რომელზეც დავდივარ და რასაც ულამაზესი სახელი, საქართველო ჰქვია.

 

 

 

 

გ უ რ ჯ ი ნ თ ა ხ ი

 

 

 ჩუმად, უხმოდ იწვოდა შეშა ბუხარში. ყველას ეძინა, მხოლოდ თინათინი იჯდა ჩაფიქრებული, ყვითელი ცეცხლის შემყურე.

 

ცეცხლი სდუმდა, არავითარ ხმას არ გამოსცემდა, თითქოს იცოდა, შვილდაკარგული, ჩაფიქრებული ქალი რომ შეჰყურებდა და ხმაურით არ აწუხებდა. თინათინს თმა გაეშალა, შავი გრძელი თმები ზურგს და მხრებს უფარავდა, თავი ხელებზე დაეყრდნო, იდაყვები კი მუხლებზე, ბუხარი ჩუმად იწვოდა, ღამეც ჩუმი იყო. წერეთლებთან მომხდარის შემდეგ ისედაც ხასიათწამხდარს, სულ გაუფუჭდა გუნება. ნინოზე ნერვიულობდა, ხალხში გამოჩენა არ შერცხვეს ამ ამბავის შემდეგო. ისედაც მორცხვი ადამიანი იყო, თინათინის ხევსური რძალი.

 

ბუხარი თითქოს დარდის გამზიარებელი და ნუგეშისმცემელი იყო, უყვარდა თინათინს მისი ცხელი და ყველაფრის დამბუგავი სუნთქვა. დიდი დრო იყო გასული, რაც გურჯინთახებთან ბუხარი არ აალებულიყო, ადრე ყოველთვის ენთო, როგორც სიმშვიდის და სითბოს ნიშანი თავადთა სახლში. ახლა ყველაფრი შეცვლილიყო, ზვიადი შფოთიანი, მეგობრით დაობლეული გამხდარიყო, ჟოზეფინა აღარ იყო ამ ქვეყნად, ლაშარი და ბაშე ძველებურად აღარ იკეტებოდნენ სხვენში და ძველებურად ნაპოლეონ ბონაპარტის გმირობებს აღარ კითხულობდნენ, ლაშარის და ნინოს უშვილობაც ტკივილად და დარდად ჰქონდა ყველას.

 

დრომ შთანთქა სიმშვიდე, სითბო და ბუხრის ყვითელი გიზგიზი გურჯინთახთა სახლში. მამა ზენონი იშვიათად, მაგრამ მაინც სტუმრობდა ქსანში, თინათინს. ხვდებოდა მამაო, ცოდვა იქნებოდა ღმერთის წინაშე ასეთ გასაჭირში ქალის მიტოვება. მარტო ღმერთის შიშის გამო არ ერთგულებდა ზენონი გურჯინთახებს, სიყვარულიც დიდი ჰქონდა ამ ოჯახის მიმართ და დიდხანს მაინც ვერ სძლებდა მათ გარეშე. ლაშარი და ჟოზეფინა მის ხელში იყვნენ გაზრდილები. ჟოზეფინას სიკვდილი მძიმედ გადაიტანა მამაომ, რამდენიმე დღე ეკლესიაშც არ გამოჩენილა. ბოლოს თავის ხელით ჩაასვენა უსულო გურჯინთახთა ასული დიდი მინდორზე მიწაში.

 

ზვიადმა ციციშვილებისგან შეისყიდა ის მინდორი, აქ გურჯინთახთა სასაფლაო იქნებაო, განუცხადა ყველას შვილის დასაფლავებაზე.

 

 თინათინი ლოცვის კითხვას შეუდგა. ძნელი იყო მისთვის ღმერთთან ლაპარაკი, გონება ხან ჟოზეფინაზე, ხან ნინოზე და ხან ლაშარზე გაურბოდა. ქრისტეს ხატს უყურებდა თინათინი და გულის სიღრმეში უკმაყოფილოც იყო ღმერთით, უნდოდა ღმერთისთვის ახსნა ეთხოვა ამ ყველაფრისთვის, მაგრამ თავს იკავებდა, იცოდა პასუხი არ იქნებოდა და ღმერთის შიშიც ჰქონდა. “რატომ ღმერთო, რატომ ჩამაგდე ამ დღეში, რატომ მაქციე ზურგი, რატომ გამიმეტე შვილმკვდარი, მიტირალი დედობისათვის?” ამას ფიქრობდა გონებაარეული ქალი და მამამისის სიტყვები ახსენდებოდა “არ არის ღმერთი, შეიგნეთ, როდემდე უნდა გასულელებდნენ, ვიღაც შავკაბაში გამოწყობილი წვეროსანი მატყუარები”. მაშინ ეშინოდა მამის სიტყვების, რადგან დიდი რწმენის მატარებელი იყო მისი ბებია, უფროსი თინათინი და ის სულ ეუბნებოდა, “ღმერთის გეშინოდეს, მის სმენას და თვალებს, ვერაფერს გამოაპარებო”. ძალით დაჰყავდა ხოლმე შვილიშვილი ანჩისხატში, მღვდლებს ეუბნებოდა ღმერთის რწმენა გააძლიერეთ ამ ბავშვში, თორემ სახლში ურწმუნო მამა ჰყავს და ღმერთის სიყვარულს მოსტაცებსო. უკვირდა თინათინს, გიორგი როგორ ვერ მოაბრუნა ღმერთისკენ დიდმა თინათინმა, რომლის შიშითაც ეკლესიაში წირვებს არ აცდენდა.

 

უცნაური კაცი იყო გიორგი, ჯვარი ეკიდა გულზე, მაგრამ რწმენა არაფრით არ ემატებოდა. ხალხშიც არასდროს მალავდა უღმერთობას, პირიქით, ელიაზე დადგებოდა ხოლმე და მღვდლებს და მონაზვნებს დასცინოდა, ზოგს ლაპარაკზე, ზოგს სიარულზე, ზოგს გამოხედვაზე და ა.შ. საოცარი იყო, მაგრამ, ვერავინ ვერაფრის თქმას ვერ უბედავდა, თუმცა მორწმუნეებით სავსე იყო იქაურობა. ზოგს ეცინებოდა კიდეც და თავს ვერაფრით იკავებდა, თუმცა ძლიერ ცდილობდა. ერთადერთი, გიორგის დედა თუ გამოუვარდებოდა სახლიდან და ლანძღვა-გინებით თუ შეაწყვეტინებდა დაწყებულ წარმოდგენას.

 

 თინათინი ლოცვას აგრძელებდა, მაგრამ იმავდროულად ურწმუნო გიორგიზე ფიქრობდა. მართალი ხომ არ იყო ცხონებული მამაჩემიო, მართლა ხომ არ გვასულელებენ შავკაბიანი წვეროსნებიო, მაგრამ ზენონიც ხომ მღვდელი იყო, ნუთუ ზენონიც ტყუოდა? არა, ეს შეუძლებელია, ზენონი ყოველთვის მართალს ამბობს და ცრუ როგორ იქნებოდა, თუმცა მართალს რას ამბობს? სულ იმას გაიძახის, ღმერთი მუდამ დაგეხმარებათო და აჰა! ღმერთი რომ დამხმარებოდა, ჯოზეფინა არ მომიკვდებოდაო, ფიქრობდა თინათინი, ჟოზეფინა, რომელსაც ერთი წვეთი ბოროტება არ ჩაუდენია დედამიწაზე და მაინც გასწირა ღმერთმა. იქნებ სულაც არ გაუწირია და თავისთან წაიყვანა სასუფეველში, როგორც მამა ზენონი ამბობს, ამაზე უკვე აღარ უფიქრია, იქნებ პირიქით, ჟოზეფინა ბევრად კარგად არის იქ, ვიდრე აქ იყო.

 

ცოტა მოეშვა, ისევ შეხედა მაცხოვრის ხატს და ცოტა დამშვიდდა. დამშვიდდა, მაგრამ ისევ ანერვიულდა. ჯერ ებრძოლა საკუთარ თავს და პირჯვარი გადაიწერა თინათინმა, მაგრამ ტვინში ისევ შეუძვრა აზრები, რომელსაც ლოცვისგან შორს მიჰყავდა იგი. – «ჟოზეფინაზე თუ ზრუნავდა ღმერთი და თავისთან წაიყვანა, მე რაღას მერჩოდა, მე, რომელსაც ანჩისხატის ეკლესიის ქვის იატაკზე მუხლები მქონდა გადატყაული ლოცვისგან, მე, რომელიც ურწმუნო მამის მიუხედავად, ერთი წამი არ შემპარვია ეჭვი ღმერთის სიკეთესა და არსებობაშიო. რატომ უნდა მიენდოს თინათინი ღმერთს, რომელმაც არაფერი დაუნახა, არ დაუფასა დიდი ერთგულება და თავდადება.» უცებ წამოხტომა მოუნდა, მუხლებზე დამდგარს და “ახალი აღთქმის” გადაგდება, მოუნდა, მაგრამ ისევ თავს სძლია და პირჯვარი გადაიწერა, მერე ისევ მოფრინდნენ ავი აზრები და ტვინი ორ ნაწილად გაუყვეს. ერთი ნაწილი ისევ პირჯვარს იწერდა, ხოლო მეორე ისევ ბიბლიის გადაგდებას ჰკარნახობდა. დაბნეული და თვალებდახუჭული იდგა მუხლებზე თინათინი, ბოლოს ცრემლები წასკდა, ოღონდ ვერ გაეგო, ეს ღმერთით იმედგაცრუების ცრემლები იყო, თუ ღმერთის სიყვარულის ძალით მომსკდარი ცრემლები.

 

ცრემლები კი გახშირდა და ბიბლიის ყდაზე ღაპაღუპით ეცემოდა, შვება უნდა ეგრძნო, ტირილისგან თითქოს, მაგრამ პირიქით, სიმძიმეს გრძნობდა და ეს სიმძიმე წუთიდან წუთამდე, უფრო და უფრო მძიმე ხდებოდა. არის ღმერთი, თუ არა? არის თუ არა? არის თუ არა? კითხვამ შეჭამა, კითხვამ, რომელზეც პასუხი არ ჰქონდა, თუმცა როგორ არ იყო, ზენონისთვის რომ გეკითხათ, იმას კი არ გეტყოდა ღმერთი არისო, ღმერთი ჩვენი პატრონიაო, გიპასუხებდა. მაგრამ, თინათინი, თითქოს ზენონს აღარ ენდობოდა, სულ რაღაც ორი წუთის წინ დაეკარგა მისდამი ნდობა და ამ დაკარგვის მიზეზიც ვერაფრით გაეგო და ამოეხსნა თავის დაბნეულ ტვინში. ნუთუ მართალი იყო გიორგი? ნუთუ მართალი იყო? აღარ იცოდა ვისთვის რა ეკითხა და ეთქვა, ისევ დაჩოქილი იყო, მაგრამ ეს დაჩოქება ტყუილი პატივისცემა იყო ღმერთისადმი გამოხატული, გულის სიღრმეში თინათინს ღმერთი აღარ სწამდა. მერე შეშინდა, ვაი თუ ღმერთმა დამსაჯოსო, მაგრამ ღმერთი თუ გამოგონილი იყო, ვინ რაღას დასჯიდა, ისედაც ცხოვრებისგან დასჯილ გურჯინთახთა რძალს. ბოლოს წამოდგა და თვალი გაუსწორა ხატზე გამოსახული ქრისტეს წამებულ თვალებს, თითქოს ეუბნებოდა დღეიდან შენი არც მწამს და აღარც მეშინიაო. დიდხანს უყურა უფალს, მის თვალებს, როგორც ჩვეულებრივ ნახატს, ის, მისთვის ყოვლად-სასწაულმოქმედი ხატი აღარ იყო, არამედ უბრალო, ლამაზად შესრულებული ნახატი.

 

უცებ შერცხვა თინათინს თავისი თავის, ხატთან მივადა, ემთხვია, პირჯვარი გადაიწერა და ჩუმად ჩაილაპარაკა.

 

– ღმერთო დამიფარე! დამეხმარე! დამეხმარე, რომ შვილის დაკარგვა და ცრუ აზრები დავსძლიო. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ეს შეუძლია!

 

 თინათინი ხატების კუთხიდან უკან-უკან ისე წამოვიდა, რომ ზურგი არ შეუქცევია მაცხოვრის ხატისთვის და სანამ ოთახი არ დატოვა, თვალცრემლიანი მისჩერებოდა მას. გარეთ გავიდა, მარანთან ქალისა და ჯარჯი ჩამომჯდარიყვნენ, სიყვარულის ნაპერწკლები ენთო მათ თვალებში. თინათინი მიუახლოვდა მათ, დაწყნარდა კიდეც, რომ ბედნიერ ადამიანებს გადააწყდა, რომ მის გარდა კიდევ ცოცხლობენ ადამიანები და მას თუ არა, ღმერთი სხვას მაინც აბედნიერებს.

 

 – გამარჯობათ ქალბატონო! – მიესალმა მხიარულად ჯარჯი.

 

 – გაგიმარჯოს, – უთხრა მშვიდად გურჯინთახთა რძალმა.

 

 – რამე ხომ... – და თინათინმა ჯარჯის სათქმელი არ ათქმევინა.

 

 – შენ ბედნიერი ხარ, ჯარჯი?

 

 – ბედნიერი ვარ, მაშ, რად არ უნდა ვიყო?

 

 – რით ხარ ბედნიერი?

 

 – ჩემი ქალისათი!

 

 – მართლა ბედნიერი ყოფილხარ. ქალი თუ ბედნიერებას განიჭებს, უკვე ნიჭი გაქვს ბედნიერების პოვნის.

 

 – თქვენ არა ხართ ბედნიერი, ამხელა სახლი, საჭმელ-სასმელი, ქმარ-შვილი და ეს ულამაზესი ადგილი. მაშ თქვენც ბედნიერი უნდა იყოთ.

 

 – შენ შვილი არ მოგკვდომია, ჯარჯი და არც რწმენა შეგრყევია.

 

 – შვილის სიკვდილი ღმერთმა მაშოროს, ქალბატონო!

 

 – გაშოროს, ჯარჯი, გაშოროს.

 

 თინათინი ეზოს გაუყვა, კალმახებით სავსე აუზს მიადგა, თევზები ერთმანეთს ცურვას არ აცლიდნენ, ეჯახებოდნენ პირდაპირ, გვერდულად, ზურგით და ცისარტყელასავით ჭრელ ფერებს ქმნიდნენ.

 

თევზობა ინატრა თინათინმა, მერე ოკეანის ვეშაპად ყოფნა, თავისუფლების ფართო და უნაპირო წყალში ცურვა ინატრა. თავისთვის იქნებოდა, არც გათხოვდებოდა, არც შვილებს გააჩენდა და არც რწმენა შეერყეოდა, ერთი დიდი შავი ვეშაპი იქნებოდა, ოკეანის სიღრმეში მცურავი, სიცოცხლით და ჯანღონით სავსე. ადამიანად რომ მოევლინა სამყაროს რა ნახა რო? კაცი, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა, ვიღაც კინტოებმა მოსტაცეს, ზვიადს მთლად უსიყვარულოდ არ გაჰყოლია, მაგრამ გოჩიკას მიმართ სიყვარული მაინც სხვა იყო. რამდენჯერ დასიზმრებია გოჩიკა, რომელიც ისევ ისე დუქან-დუქან დადიოდა და ისევ საოცარ ქმნილებებს ქმნიდა კედლებზე, ჭერზე, მიწაზე და ეს საოცრებები, ყველა თინათინს ეკუთვნოდა, ყველა ნახატი მისი სიყვარულით იქმნებოდა.

 

ზვიადი ეზიზღებოდაო თინათინს რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, ზიზღით ნამდვილად არ ეზიზღებოდა, რადგან ზვიადს მისთვის სიყვარულის და სითბოს მეტი არაფერი გაუღია, უყვარდა კიდეც და ხანდახან სულ ავიწყდებოდა თავისი გაკინტოებული გოჩიკა, მაგრამ გული, მოგეკლა და ისევ პირველ სიყვარულს ეკუთვნოდა. ამ საიდუმლოსი ისე ეშინოდა, მამა ზენონსაც კი არ უმხელდა აღსარების დროს. ერთხელ ბაშემ რაღაც უცნაურად ჰკითხა, პირველ სიყვარულს ხომ საოცარი ძალა აქვსო. თინათინმა ვითომც არ შეიმჩნია ეს კითხვა, მაგრამ მერე დაფიქრდა, რაღა მე მკითხა მაინც და მაინც, ამ ტაჯიკმა ებრაელმაო.

 

საერთოდ თინათინს, სახუროვის გამოგზავნილი მკითხავი არ უყვარდა, მართალია, ის შვილების აღზრდაში ეხმარებოდა, მაგრამ სულ გაიძვერა თვალებით იყურებოდა და ისეთ კითხვებს უსვამდა, თითქოს მისი გამოჭერა უნდაო. ურთიერთობაც არ ჰქონდათ ახლო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ სახლში ცხვრობდნენ. მიზეზი კი მისი შეზიზღების, თვითონაც არ იცოდა, ბაშე არაფერს აკეთებდა ისეთს, რომ თინათინის სიძულვილი დაემსახურებინა. გულს არ უყვარდა ეს ტაჯიკი და გულს ვერაფერს უბრძანებდა თინათინი, როგორც იმას ვერ უბრძანებდა, რომ გოჩიკა სამუდამოდ გაექრო მისი ცხოვრებიდან. თინათინს ლაშარის ბედნიერება ყველაზე დიდ ნუგეშად ევლინებოდა, მაგრამ მისი და ნინოს უშვილობა ამ ნუგეშს ლახვარს ასობდა.

 

 – რა ვქნათ ზვიად, იქნებ თბილისში გავუშვათ ჩვენი ბიჭი ცოტა ხნით და იქ უმკურნალონ ექიმებმა, – უთხრა ერთ დღეს ზვიადს.

 

 – გავუშვათ, მაგრამ ესე მითხრეს არაფერი პრობლემა არ ააქვს ლაშარს, მალე გაგიჩენთ მემკვიდრესო.

 

 – პრობლემაა, აბა რა უბედურებაა, ამდენი ხანი შვილი არ ეყოლათ, ჯანით სავსე ახალგაზრდებს.

 

 – ჟოზეფინაც გამაშვებინეთ თბილისში და ნახე რაც მოვიგეთ.

 

 – ჟოზეფინას სახელს ეგრე ნუ ახსენებ, შე გარეწარო!  – დაიღრიალა მოულოდნელად ქალმა.

 

შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია ქმრისთვის, მაგრამ ჟოზეფინას სახელის ცოტა ცინიკურად (აგდებულად) ხსენებამ თავგზა აუბნია. ზვიადი განცვიფრებული უყურებდა ცოლს დამ ის, თვალებში დამამშვიდებელს და კარგს ვერაფერს კითხულობდა.

 

არაფერი არ უთქვამს ცოლისთვის, მივიდა თავზე ხელი დაადო ლოგინზე წამომჯდარ, აქვითინებულ თინათინს და წამებში ოთახი დატოვა. ქალი კი თვითონ ვერ ნინხვდარიყო რა მოხდა, რად მოეჩვენა ზვიადის ნათქვამ სიტყვაში ცინიზმი, ის უკვე ვერაფერს ხვდებოდა, ვეღარც ბედნიერებას, ვეღარც ღმერთის რწმენას და ვეღარც ქმრის ნათქვამ სიტყვას. გაჭირვების ჟამს მუდამ მამა ზენონთან ამბობდა აღსარებას, მაგრამ ახლა მამაოც სძულდა და მთელი მსოფლიოც. თითქოს თავიდან მედგრად შეხვდა ყველა უბედურებას თინათინი, შვილის სიკვდილსაც ქვასავით დაუხვდა, მაგრამ დრომ წყალივით მაინც ჩამოშალა ქვის ძლიერი კედლები და ტკივილი ნელ-ნელა შეაპარა, ნელ-ნელა აგრძნობინა და გაავრცელა მთელ მის სხეულში. ჟოზეფინას საფლავისკენ გასწია მარტო. რომ მიდიოდა, ჩუხა მოურავი გამოედევნა, მე გაგაცილებთო, მაგრამ არაფრით არ მიიკარა ერთგული ყმა. გზა ვიწრო იყო და ტყის შრიალით გამაყრუებელი, თითქოს მთელ მსოფლიოს გაურბოდა, მთელი მსოფლიო უბედურების მომტანი იყო მისთვის.

 

მგლების ყმუილი არ წყდებოდა ტყიდან, ტოროლების, გარეული იხვების, ქათმების კაკანი აყრუებდა არემარეს. ზაფხული იწურებოდა და ფოთლები ნელ-ნელა მწვანე ჭაობის ფერს ჰკარგავდნენ. სევდიან და წვიმიან შემოდგომას უცდიდნენ ცხოველები, ფრინველები და ადამიანები. საფლავი შორიდან გამოჩნდა, მთვარის ანარეკლი მის ქვაზე ეცემოდა და მთელი მინდორი ლურჯი, ნათელი შუქით ივსებოდა. საფლავზე იასამანი ეწყო ბღუჯად, ქარს განებნია ყვავილი და მთელ საფლავს საბნად გადაფარებოდა იასამნის იასამნისფერი საბანი. გლოვისთვის არ იყო მისული თინათინი შვილის საფლავზე, მარტო ყოფნა უნდოდა გარდაცვლილ შვილთან. აქ მას არავინ შეაწუხებდა, არც ზვიადი, არც ლაშარი და არც ბაშე.

 

აქ მისი ერთადერთი მასპინძელი ღამე და შვილის საფლავი იყო, შვილის, რომელიც სასაკლაოზე თავის ხელით გაუშვა და რომელსაც, ალბათ, ვერავინ, ვერასდროს უგებდა. საფლავის ქვაზე ჩამოჯდა და ისეთი დაღლილობა იგრძნო, ძალაუნებურად იქვე წამოწვა. ძილი შევარდა მის თვალებში და მთელი სხეული ისე დაიპყრო, თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო, ისე მოვარდა სიზმარი, ჯერ ლურჯი, მერე ყვითელი, მერე თეთრი, რომელსაც თან გახარებული ჟოზეფინა მოჰყავდა. ბედნიერი თვალები ჰქონდა ჟოზეფინას, სიზმარივით თეთრი კაბა ეცვა, ის კაბა თავის ოთახში რომ ეკიდა და ყველას რომ სიამაყით აჩვენებდა. უკან უამრავი ხალხი მოჰყვებოდა, ლაშარი და ნინო, ზვიადი და ბაშე, ჩუხა, ნაფიტა, მირზა, ქალისა, ჯარჯი, ბაჩი და ქათისა ამილახვრები და კიდევ იყვნენ, თუმცა მათი სახეები აღარ ჩანდა. ეკლესიისკენ მიდიოდა ყველა, ყველას გახარებული, გაბედნიერებული სახე ჰქონდა. თინათინიც გამოჩნდა, მაგრამ, ყველასგან განსხვავებით, მას მგლოვიარე, ნამტირალევი სახე ჰქონდა.

 

ნეტავ რა ხდებოდა, ყველას შუქი მოჰფენოდა თვალებზე, მას კი რა სჭირდა, რატომ იყო უბედურებით შეპყრობილი. ხალხი ეკლესიას მიუახლოვდა, ხის კარები გაიღო და მამა ზენონი გამოჩნდა ბიბლიით ხელში. ხალხი შევიდა ტაძარში, მაგრამ აშკარა იყო, ვიღაცას სულმოუთქმელად ელოდნენ და ისიც გამოჩნდა, ფრაკში გამოწყობილი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ყველა აღფრთოვანებით და სიამაყით უყურებდა. თინათინი ბიჭის ზურგს და კეფას ხედავდა. თვითონაც შევიდა ტაძარში, რათა ბიჭის სახე დაენახა და ბოლოს და ბოლოს გაეგო, ვის მიჰყვებოდა მისი საყვარელი ქალიშვილი. ჟოზეფინას უკნიდან მიუახლოვდა, ოდნავ გვედზე გასწია და ბიჭს მხარზე ხელი დაადო. უცნობი შემობრუნდა და თინათინმა გოჩიკა იცნო, გოჩიკა, რომელიც მისი გულის ერთადერთი ბატონ-პატრონი იყო ამდენი ხანი.

 

ცრემლები მოაწვა თვალებზე, სისხლი მოაწვა კისერში, მაშ ტყუილი ყოფილა რომ ვითომ კინტო ჩახას გაჰყოლია, ყველაფერი თამაში, სიბილწე და სიფლიდე აღმოჩნდა. აქ კი ჟოზეფინა, სიყვარულს სამუდამოდ ართმევს. დანა ამოიღო თინათინმა, ამოიღო, თუ უცებ გაჩნდა მის ხელში აღარ ახსოვს, მთავარი იყო საკუთარი შვილი მოეკლა და ამით შურს იძიებდა მის ასეთ საქციელზე. მთელი ძალით ჩასცხო დანა და სისხლმაც იფეთქა ჟოზეფინას თვალებიდან, მერე დააგდო გასისხლიანებული დაშნა და გოჩიკას ჩაეხუტა. თვალებს, შუბლს, წარბებს, პირს, ღაწვებს უკოცნიდა “შენს თავს არავის გავატან, ჩემო ბიჭო, არავის”.

 

 სიზმარი ისევ გაფერადდა, ჯერ თეთრი ფერი მიიღო, მერე ყვითელი და მერე ისევ ლურჯი, ბოლოს მაღლა ავარდა თავდახურული ქვაბის ორთქლივით და ცაზე ცისარტყელის შვიდ ფერს შეუერთდა. თინათინი წამოჯდა, შეშინებული, ფერდაკარგული, მაგრამ შვილის საფლავს რომ დახედა და მიხვდა ყველაფერი სიზმარი იყო, თითქოს დამშვიდდა და შვებით ამოისუნთქა. თინათინმა ტყეს შეხედა, ხეები თითქოს სინანულით აქნევდნენ კენწეროებს და თინათინის მიმართ სიბრალულს გამოხატავდნენ.

 

შეეშინდა და სახლისკენ გამოსწია, ღამე ნელ-ნელა ნაცრისფერ ან ღია ლურჯ ფერს იღებდა, სულ მალე გათენდებოდა.

 

 

 

* * *

 

ქართლში მეგრელი მეჯინიბე იყო ჩამოსული, სამურზაყანოდან ცხენები ჩამოყავდა გასაყიდად. ლაშარი თაშურას სიკვდილის შემდეგ, ცოტა გულაცრუებული იყო და თავლას ხშირად აღარ სტუმრობდა. ხანდახან გაახსენდებოდა საბრალო თაშურა და ცხენების სიყვარულს წამიერად მოუბრუნდებოდა, შევარდებოდა თავლაში და მათ მოვლა-გასუფთავებას მოჰყვებოდა. დროც აღარ ჰქონდა თავლაში სატრიალო, უკვე ცოლი ჰყავდა და ათას საქმეზე უწევდა სირბილი. ფილოსოფიის სწავლას კვლავ აგრძელებდა, მაგრამ ვერც მაგას უთმობდა დიდ დროს, ბაშე გულგატეხილი იყო საყვარელ მოსწავლეზე, მაგრამ რას გახდებოდა, როცა ლაშარს გადაწყვეტილი ჰქონდა, კახეთში ჩავალ და ბაბუაჩემის ვენახებს მივხედავ და გავამრავლებო. რამდენჯერმე ბაჩი ამილახვართან ერთად ჩავიდა კახეთის ვენახებში და გლეხები შეკრიბა. ამიერიდან მე ვიქნები ამ ვენახების გამგეო.

 

ზვიადსაც მოსწონდა შვილის ახირება და თინათინს ეუბნებოდა, გავანებოთ თავი, ხელი არაფერში შევუშალოთო. ცხენების ჩამოყვანის ამბავი სამეგრელოდან ლაშარს ბაჩიმ უთხრა და გურჯინთახიც თითქოს ძველებურად აენთო მათი მოვლის წადილით. სახელგანთქმული ვინმე იყო მეგრელი მეჯინიბე, მთელმა ქართლ-კახეთმა იცოდა მისი მაღალფეხება ცხენების სილამაზე. სილამაზე სილამაზედ იყოს და ძალიან ძვირად კი ყიდდა მურზაყანურ ცხენებს. სიძვირის მიუხედავად, ცხენები მაინც ეყიდებოდა. საერთოდ, კარგი და მართალი კაცის სახელი, ნამდვილად არ ჰქონდა.

 

ლაშარმა ბაჩი ამილახვრისგან იცოდა, რომ ჩივაძეები იყვნენ გადაკიდებულნი ამ მეგრელ მეჯინიბეს.

 

ნამდვილი სახელი არავინ იცოდა, ყველას ესე ეუბნებოდა, ძუკუ მქვიაო და დაიღრიჯებოდა, თავის დამპალ, გაყავისფრებულ კბილებს გამოაჩენდა და ისევ სარიოზულ სახეს მიიღებდა. უცნაური იყო, რაღა ქსანში ასაღებდა თავის საქონელს და არა იქვე, იმერეთში ან აფხაზეთში, მაგრამ ბაჩის თუ დავუჯერებდით, ჩვენი ძუკუს ცუღლუტობა იქ გაშიფრული იყო და ერთ დღესაც შეიძლება ცოცხალსაც ვერ გამოესწრო. ცუღლუტობა კი, აი, რაში გამოიხატებოდა: ჩივაძეების სახლს მისდგომია ჩვენი ძუკუ, უფრო სწორად სახლს კი არა, იცოდა ჩივაძეების სიყვარული ცხენების მიმართ და სპეციალურად გაუშვა მათი სახლის მახლობლად მდებარე მინდორზე ცხენები. გივი ჩივაძე უკვე დაბერებულიც იყო ცხენზე ჯირითისთვის, მაგრამ მათ სიყვარულს მაინც დაატარებდა ხანში შესული გულში. მისი სახლის წინ ცხენები რომ შენიშნა, ძუკუს დაუძახა:

 

 – ეი! შენ, მეგობარო!

 

 – გისმენთ, ბატონო, – გამოეხმაურა ძუკუ და ისე გაუღიმა, გივი ჩივაძეს რომ მოსდომებოდა, კბილებს დაუთვლიდა.

 

 – ყიდი?

 

 – კი, ბატონო ჩემო, ვყიდი.

 

 – რამდენად და რომლებს?

 

 – ყველას ვყიდი, ჩემო ბატონო, – იცრუა მეჯინიბემ, რადგან ერთს არაფრის დიდებით არ გაყიდდა. მაღალი, თეთრი ყავისფერშერეული ფეხები ჰქონდა, ხოლო მთლიანობაში ყავისფერი იყო. ამ ცხენს ვერაფრით ელეოდა ჩვენი ძუკუ.

 

ბავშვობიდან ოცნებობდა ასეთ ბედაურზე და სულ რაღაც სამი წლის წინ აისრულა ბავშვობის ოცნება. ბევრმა დაადო თვალი მის ოცნებას, მაგრამ ძუკუ თავის პოზიციაზე მტკიცედ იდგა და ცხენს, რა ფასიც არ უნდა შეეთავაზებინათ, არავის აძლევდა. გივი ჩივაძესთან კი მოიტყუა, იფიქრა, რაღა მაინც და მაინც ჩემს ოცნებას დაადგამს თვალსო, იმანაც გაუელვა ტვინში, რომ ვუთხრა და ამის ყიდვა ავუკრძალო, ჩემს ჯინაზე, იყიდისო.

 

 გივი ჩივაძე თავისი სახლის რიყის ქვის კიბეზე დაეშვა და მობალახე ცხოველებისკენ დაიძრა. ძუკუს გულის გასახეთქად, სწორედ მისი ოცნებისკენ მიდიოდა და მივიდა კიდეც.

 

 – ამას რამდენად მომცემ? – ძუკუს გულის ვარდზე ეკითხებოდა მყიდველი. ძუკუს გული გაუჩერდა და ისევ გაიღიმა, მაგრამ მიხვდა ახლა დამპალი კბილების გამოჩენა აღარ უშველიდა.

 

 – ერთი კილო ბაჯაღლო ოქრო და ხუთი კილო დაღესტნური ვერცხლი, – იფიქრა ისეთ ფასს დავუსახელებ, სხვა ცხენის ყიდვა მოუნდესო.

 

 – კარგი! – შეჰყვირა ჩივაძემ, – ოღონდ ახლა არ მაქვს დაღესტნური ვერცხლი, დღეს საღამოს მექნება.

 

 – კარგი, ბატონო, – უპასუხა გულგაგლეჯილმა მეჯინიბემ მისი ოცნების გამტაცებელს.

 

 თავჩაქინდრული მიდიოდა მეგრელი. საღამომდე სამი-ოთხი საათიღა რჩებოდა და ამ პერიოდში ბოლოჯერ უნდა დამტკბარიყო თავისი უსაზღვრო ოცნების ცქერით. ცრემლები ბურთად გაეჩხირა ყელში, მაგრამ ყბებს მაგრა უჭერდა, რომ ბღავილი არ მოერთო მთელს ხმაზე.

 

რა ექნა აღარ იცოდა, ხომ არ გაიქცეოდა სამეგრელოში, ცხენებთან ერთად, მაგრამ მაშინ განძს უნდა გამომშვიდობებოდა, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა. ან განძი უნდა აერჩია, ან ცხენი და უბედურებაც ეგ იყო, რომ ამ ორს შუა გაჩხერილს, არჩევანის გაკეთება სიკვდილივით უჭირდა. ბოლოს, რაღაც თვალები გაუნათდა, გაუბრწყინდა და ისევ გადმოყარა ბედნიერების დამპალი კბილები. ყავისფერ საღებავს ეცა, რომელიც უნაგირის შესაღებად მუდამ თან დაჰქონდა. თეთრი ცხენი გამოათრია რემიდან მოშორებით და შეღებვა დაუწყო. მთელი ხუთი საათი ღებავდა და ბოლოს ისეთი ფერი დაადო, თავის ოცნებას რომ ჰქონდა. შეხვედრაზე ცოტა მოგვიანებით მივიდა, რომელიც მინდორში იყო დანიშნული და, თქვენ წარმოიდგინეთ, გივი ჩივაძის დაჟინებით.

 

ძუკუმ ერთი კილო ოქრო და ხუთი კილო დაღესტნური ვერცხლი ჩაიბარა და ცხენიც გადასცა მყიდველს, თავის უნაგირით და აღვირით. სიბნელეში გივიმ ვეღარ გაარჩია, რომ შეღებილ ცხენს აძლევდნენ და კმაყოფილი, ლამის ცუნდრუკ-ცუნდრუკით წამოვიდა დათქმული ადგილიდან. სახლში მისულმა გახარებულმა ჩივაძემ თავის ერთგულ მეჯინიბეს ჩააბარა ცხენი და ამაყად მიუთითა.

 

 – მაგ ცხენს მიმიხედე, ხვალ გარეცხილ-გასუფთავებული დამახვედრე და მზად იყოს დიდი ნავარდისთვის.

 

 – რაღაც საღებავის სუნი დგას, ბატონო! – მიუგო ყმამ, ცოტა დარცხვენილ-შეშინებულმა.

 

 – შენ ვერ მოეშვი არა მაგ სუნებს? გუშინ ნეხვის სუნი გელანდებოდა სამზარეულოში, დღეს საღებავიო. წადი და მარტო ცხენებს კი არა, თავსაც მიხედე.

 

 რა ექნა საწყალ ყმას, მართლა აწუხებდა სუნები, მაგრამ ახლა მართლა საღებავის სუნი იდგა. დაღამდა და ძილიც მთელ ქსანს მიადგა. (მოერია) მხოლოდ ძუკუს არ ეძინა, რომელმაც იმდენი ძილის წამალი ჩაუყარა წყალში ჩივაძეების საწყალ მეჯინიბეს, რომ ახლა მართლა ვერანაირ სუნს ვეღარ იგრძნობდა. ფეხებში წაავლო ხელი, მძინარე თავლის ბოლოში გაათრია და ტყავის აღვირით მიაბა თავლის ღობეზე.

 

რომც გამოღვიძებოდა მძინარე მეჯინიბეს, ვერაფერს გახდებოდა, ხელ-ფეხი ისე ჰქონდა შეკრული, ყვირილითაც ვერავის ვერაფერს გააგონებდა, თავლა სახლიდან საკმაოდ შორს იყო, თანაც ყვირილს რომ მორთავდა ცხენებიც ჭიხვინს ატეხავდნენ, ამიტომ ძუკუ მამაძაღლს საიმედოდ ჰყავდა დამწყვდეული თავლის ბოლოში. შუა ღამეს შეიპარულა ჩივაძეების მამულში ცხენების გამყიდველი, სწორედ მაშინ, როდესაც მეჯინიბეს ნაყიდი ცხენის გაწმენდა-გასუფთავება უნდა დაეწყო. იქვე, წყლის თიხის კოკა დაინახა ძუკუმ და რაც საძინებელი ეგულებოდა, აიღო და ჩაუშვა კოკაში. ცდამ შედეგი გამოიღო და შედეგად გადათიშული ჩივაძეების მეჯინიბე მივიღეთ, რომელიც ჩივაძეების ცხენებივით ღობეზე იყო მიბმული. ძუკუ ახლა თავის ყოფილ თეთრ და ამჟამად ყავისფერ ცხენს ეცა და დილამდე იმდენი წმინდა თავისი ჩვეული თეთრი ფერი დაუბრუნა. წასვლის წინ დატყვევებული ადამიანიც გაათავისუფლა და თავლიდან გაუჩინარდა ცხენიანად.

 

 გათენდა. გახარებული გივი, საჯინიბო ჩექმებში და შარვალში გამოწყობილი თავლისკენ სიხარულით გაქანდა.

 

შევარდა თავლაში და დასჭექა.

 

 – ჩემო ერთგულო მეჯინიბე, მაჩვენე ჩემი ბედაური! – მაგრამ, რა თქმა უნდა, ხმის გამცემი არავინ იყო, მისი მოულოდნელი ყვირილით დამფრთხალი ცხენების ჭიხვინს თუ არ ჩავთვლით.

 

 – სად ხარ, შე ოხერო ქიტესა! – მაინც მხიარულ ნოტაზე დაიყვირა ბატონმა გივიმ, მაგრამ ისეთ მხიარულზე ვეღარ, თავლაში შესვლისას რომ ჰქონდა. თავლას დაუყვა და თავის არჩეული მაღალფეხებიანი ბედაური ვერსად იპოვნა. მხოლოდ ერთ ახალ, თეთრ, გამხდარ და ბებერ ცხენს გადააწყდა. ჯერ არ შეიმჩნია აღშფოთება და თავლის ბოლოში ნელი ნაბიჯით გავიდა. გათიშული და ზურგზე მკვდარივით დაგდებული მეჯინიბე რომ დაინახა, შეშლილივით შეჰყვირა.

 

 – მიშველეთ, მიშველეთ, გამქურდეს!

 

 ატყდა ერთი ვაი-ვიში, მთელი ქართლი ფეხზე დადგა, საქმე სასამართლოში შევიდა და სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა თაღლითობის მუხლით.

 

მთელი ქსანი სასამართლოზე ჩასულიყო მცხეთაში და ბრალდებული ძუკუს გამოჩენას ელოდებოდნენ, რომელსაც უნდა რამენაირად აეხსნა, თუ როგორ მოხვდა ლამაზი ახალგაზრდა ცხენის ნაცვლად, თეთრი, გამხდარი და ბებერი ცხენ-ჯორა, თუ რა უბედურებაც ერქვა, ჩივაძეების თავლაში. აი, ძუკუც გამოჩნდა და ბრალმდებლის ტრიბუნაზეც ისე მხიარულად შემოხტა, გეგონებოდათ ვინმე ომ მოგებული პრეზიდენტი ყოფილიყო, რომელიც ომის დასრულების შემდეგ პირველად მიმართავდა თავის მოსახლეობას.

 

 – თქვენ შეუცვალეთ ცხენი, ბატონ გივის? – მკაცრად ჰკითხა მოსამართლემ.

 

 – რა შევცვალე, გენაცვალე? როგორ შევუცვლიდი, გენაცვალე, როცა დარაჯიც იქ უდგას და მეჯინიბეც.

 

 – მაშინ შეღებილი მიჰყიდეთ, – არ იხევდა უკან მოსამართლე.

 

– რის შეღებილი, გენაცვალე, თვითონ გამომართვა თავის ხელით, მინდორში რომ შევხვდით.

 

შეღებილი თუ მივყიდე, გენაცვალე, მაშინ თეთრი როგორ დახვდა დილით.

 

 – როგორ და ნავთით მოაშორე, ღამით რომ შემოიპარე და მეჯინიბეც მკვდარივით გამითიშე! ცოფებს ყრიდა გივი ჩივაძე.

 

 – არა, გენაცვალე, მე ჯადოქარი ხომ არა ვარ. შენ თვითონ არ ამოირჩიე ეს თეთრი ცხენი და ახლა ჩემგან რა გინდა, გენაცვალე?

 

 – “გენაცვალეს” მოგცემ! მე შენ, ციხეში ამოგალპობ! – ხელებს იქნევდა ბატონი გივი.

 

 – რათა გენაცვალე?

 

 – იმათა, რომ მე ეგ ცხენი არ ამირჩევია და სტყუი.

 

 – მაშ გეთქვა თუ სხვა აირჩიე, მინდორზე რომ ვხვდებოდით.

 

 მოკლედ, ვერაფრით ვერ დაუმტკიცეს ძუკუ მეჯინიბეს ცხენის შეღებვა და ეს ამბავი ხახვივით შერჩა, მიუხედავად იმისა, რომ გივი ჩივაძის წყევლა და ლანძღვა საქვეყნოდ დაიმსახურა. ეს ამბავი სამი, ან მეტი წლის წინ მოხდა და იმ ამბის შემდეგ, ჩვენი ცუღლუტი ძუკუ ყოველ სეზონს ჩამოდიოდა ქსანში და ახალ-ახალი ცხენები ჩამოჰყავდა. თავის ოცნების თეთრ ფეხებიან, ყავისფერ ცხენზე ამხედრებული მოდიოდა და სპეციალურად ჩივაძეების სახლთან ჩაივლიდა და თავის რემასაც ჩაატარებდა.

 

 – არ იყიდოთ ამ ვერაგისგან ცხენები, დილით თავლაში ცხენის მაგივრად ვირი დაგხვდებათ, – მოუწოდებდა ხალხს სახლის ვერანდაზე გადმომდგარი უსამართლობის მსხვერპლი, ბატონი გივი, მაგრამ, ბატონ გივის არავინ უსმენდა და მისი გულის გასახეთქად ძუკუ მშვენივრად ვაჭრობდა.

 

 ეს საოცარი ისტორია ბაჩისგან იცოდა ლაშარმა. თაშურას შემდეგ, ცოტა აცრუებული კი ჰქონდა გული ცხენებზე, მაგრამ ამ ამბავმა და იმ საოცარი ცხენის ნახვის სურვილმა, ისევ იმ ცხენების გადარეულ მოყვარულად აქცია ლაშარი, პატარაობაში რომ იყო და მამა ზენონს რომ აჯავრებდა, კვიცები მომიყვანეთ, თორემ საერთოდ არ ვილოცებო.

 

 – ჩემო ბაჩი, როდის მოიყვანს ჩვენს მამულებში ძუკუია მეჯინიბე ცხენებს?

 

 – ალბათ ხვალ დილით, ყიდვა გინდა?

 

 – შეიძლება ასეც იყოს. შენი დახმარება მჭირდება, ბაჩი. მქონდეს შენი იმედი?

 

 – როგორც ყოველთვის.

 

 დილაც დადგა და ძუკუიამ თავისი ცხენები ამილახვრების სახლთან ჩაატარა.

 

 – გაუმარჯოს ძუკუს!

 

 – გაგიმარჯოს, გენაცვალე.

 

 – მოდი, ერთი, შენი ცხენი მანახე.

 

 – რომელი ხარ კაცო?

 

 – მე ვარ, შენი ბაჩი!

 

 – ოოო! ჩემო ბიჭო! მამიკოს უნდა რამის ყიდვა?

 

 – ჰო, მამიკოს უნდა, მაგრამ ცხენებს თუ არ გამაკარე, ვერაფერსაც ვერ ვიყიდით.

 

 – მოდი, ჩემო ბიჭო, – მიიპატიჟა ძუკუმ ბაჩი.

 

 – არა, მანდ ვერ ვნახავ კარგად, მზე არ უდგება.

 

იმ სახლთან გადარეკე და მეც მოვალ, – ბაჩიმ გუდაძეების სახლზე მიუთითა, რომელშიც ერთი კარგი კაცი, გიორგი გუდაძე ცხოვრობდა. გიორგი ყველას უყვარდა, რადგან ვაჟკაცი, სამართლიანი კაცის სახელი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ წარმომავლობა გლეხური ჰქონდა, დიდგვაროვნებიც და თავადებიც მოწიწებით ექცეოდნენ. ამჟამად ცხვარი ჰყავდა მთაში გახიზნული და თვითონაც იქ იყო. ძუკუმ ცხენები ხუთ წუთში მირეკა, სახლან და ბაჩის დაელოდა. ბაჩი სადღაც გამქრალიყო, არსად ჩანდა.

 

 – ბაჩი, გენაცვალე! – ყვიროდა ცხენების გამყიდველი. უცებ, ვიღაცა გამოჩნდა, დაახლოებით, ას მეტრში, გუდაძის სახლიდან. ნელა მოდიოდა, მაგრამ რომ მოვიდა ბაჩი არ აღმოჩნდა, ჯიბიდან იარაღი ამოიღო და შუბლზე დაადო ძუკუს.

 

 – ვაი! გენაცვალე! ყაჩაღები! – მთელ ხმაზე იყვირა ძუკუმ და ხელები საფრთხობელასავით გვერდზე გასწია.

 

 – არა, ყაჩაღები არა, ლაშარი ვარ გურჯინთახი.

 

 – ვაი, ნანა! ზვიადის ლაშარი ხარ შენ?

 

 – ჰო, ზვიადის ლაშარი ვარ, ოღონდ ყვირილი არ გიშველის, – ლაშარმა ქეჩოში წაავლო ხელი ძუკუს, – ახლა რასაც გეტყვი იმას გააკეთებ, გაიგე?

 

 – რა გინდა, გენაცვალე? – კანკალით უთხრა მეგრელმა.

 

 – მე შენი გენაცვალე არა ვარ.

 

ახლა ის ცხენი გამოიყვანე ოცნებას რომ ეძახი და ჩივაძეებს რომ ააცალე ცხვირწინ.

 

 – ვაიმე! – განწირული ხმით შეჰკივლა ძუკუიამ.

 

 – მიდი, მიდი, – შეუღრიალა ლაშარმა, ამასობაში ბაჩიც გამოჩნდა.

 

 – ჰა, გაები მახეში, – დასცინა ბაჩიმ და კეფაში გაშლილი ხელი ისე წაუთაქა, ლაწანის ხმაზე ცხენებიც შეხტნენ.

 

 – გაანებე, – უთხრა გურჯინთახმა და ძუკუს მიუბრუნდა, – ეხლა მომისმინე. შენ ვერავინ ვერ გიტანს ქსანში და ნუ გგონია “გენაცვალეს” ძახილით ვინმეს გულს აუჩუყებ. ამიტომ შენს ჩივილს არავინ გამოეხმაურება და თუ გამოეხმაურება, მეორეჯერ ნამდვილად აღარ დაგიჯერებენ. მაშინაც არავის ჯეროდა, ჩივაძეებთან რომ მართალი იყავი, იცუღლუტე და გაგივიდა, ახლა კი, ნამდვილად აღრ გაგივა, აღარავინ დაგიჯერებს, თუნდაც შენს სიმართლეს.

 

 – რა გინდა გენაცვალე?

 

 – მე შენი “გენაცვალე” არა ვარ-თქო, ხომ გითხარი? აიღე ფული და ცხენი მიმყავს, ხომ ხედავ არ გართმევ და შეირგე,  – ძუკუმ ხელის კანკალით გამოართვა ფული და თავის ოცნება, თავის ხელით ჩააბარა ლაშარს.

 

 – შენ დამღუპე, – მიუბრუნდა გამყიდველი ბაჩის.

 

 – შენ მაშინ დაიღუპე, ცუღლუტობა რომ დაიწყე, – უთხრა ამილახვარმა და ერთიც წაუთაქა.

 

 – ახლა წადი და აქ ჩამოთრეული აღარ გნახო, – ღიმილით უთხრა ლაშარმა.

 

 ძუკუმ რემა ერთ მუშტად შეკრა და გორისკენ მიმავალ გზას გაუყენა.

 

 – სამეგრელოში მაგარი ბიჭები მყავს, ლევან დადიანი, სანდრო ფაღავა, პეტრე გუგუნავა, ლევან აქიცბაია, ვეტყვი და ბოლო-ბოლო სულ წაართმევენ ამ ცხენებს, – შესთავაზა ბაჩიმ.

 

 – არ მინდა, ცხენის გამო არ მიქნია ეს საქმე.

 

 – აბა რისთვის? – გაუკვირდა ამილახვარს და ლაშარს თვალებში შეხედა.

 

 – როდის იყო ცხენებზე ვყაჩაღობდი, ჩემო ბაჩი? ჩივაძეებთან მიმყავს.

 

 – ვისთან? – შეჰყვირა ბაჩიმ – იმ ძაღლთაპირ გივის გაუკეთე ეს საჩუქარი?

 

 – ჰო.

 

 – მერე რატომ? რისთვის, რით დაიმსახურა?

 

 – იმისთვის, რომ, ჩემო ბაჩი, ხანდახან ადამიანმა ისეთ ადამიანს უნდა გაუკეთოს სიკეთე, რომელიც არ იმსახურებს, რომელსაც ტავად არასდროს გაუკეთებია სიკეთე, რომელმაც არ იცის სიკეთის ფასი, სიკეთის ძალა არ იცის.

 

ამის შემდეგ მიხვდება ალბათ სიკეთის ფასს, ღმერთის, ანგელოზის, სასწაულის ფასს.

 

 – არ მითხრა ახლა ანგელოზი და ღმერთი ვარო.

 

 – ვარ, ჩემო ბაჩო და შენც ხარ ხანდახან ღმერთი, უბრალოდ ამას ვერ ხვდები.

 

 – რას, ღმერთი რომ ხარ? – გაეცინა ბაჩის.

 

 – არა, იმას, რომ ღმერთი ყველა ადამიანშია, ზოგში დიდი დოზით, ზოგში პატარათი, მაგრამ, ყველა ადამიანის სხეულშია, როგორც გული და ფილტვი, როგორც ღვიძლი და ტვინი. გესმის ჩემი?

 

 

* * *

 

 ბაჩი და ლაშარი ჩივაძეების სახლს მიადგნენ.

 

 – ბატონი გივი სად არის?

 

 – აქ არ გახლავთ, – მიუგო მეჯინიბემ.

 

 – მაშინ ეს ცხენი გადაეცით და ასე უთხარით, ღმერთმა გამოგიგზავნა-თქო.

 

 ლაშარმა ცხენი დაბნეულ მეჯინიბეს გადასცა და ბაჩის მხრით მხარზე წაჰკრა.

 

 – ჰა, წავიდეთ, შენ ძმა-ბიჭებთან სამეგრელოში?

 

 ბაჩი ცოტა გაბრაზებული იყო ლაშარზე, მაგრამ, სამეგრელოს ხსენებაზე თვალები გაუბრწყინდა.

 

 – წავიდეთ, იქ ყველა ძუკუსნაირი ხომ არ გგონია?

 

 – რას ამბობ, პირველად კი არ მივდივარ სამურზაყანოში.

 

 – მაშ, წავიდეთ?

 

 – წავიდეთ!

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / გურჯინთახი თორნიკე / ბუხარი (ნაწილი II)