გურჯინთახი თორნიკე 

ბუხარი (ნაწილი III)

 

 

აფხაზეთი

 

VIII

 

ეძღვნება გოგა სოხაძის ხსოვნას

 

 

 მზე გამოჩნდა, დიდი, უშველებელი, წითელი მზე. ნელ-ნელა აიწია ცის ლურჯისკენ და მთების სიმწვანესაც მოავლო წითელი სხივი. პირველად დავინახე, რომ ცეცხლი წყლიდან, ისევ მხურვალე ცეცხლად ამოვიდა და წყალთან გამარჯვებული ცეცხლი დარჩა. მერე მახსოვს, ხალხი ამ დიდ, წითელ საოცრებას, სიხარულით ეგებებოდა და ყველა ზღვისკენ გარბოდა. რომ ჩამოვედით “გულრიფშში” (აფხაზეთი) წვიმდა და იმ დღეს ეს წითელი, დიდი და საოცარი ცხელი ბურთი არსად ჩანდა. წუხილს და სინანულს ვხედავდი ყველას თვალებში, თითქოს გაბრაზებულები იყვნენ, რომ არ დაუხვდა და სხივები არ შეაგება სტუმართმოყვარეობის ნიშნად.

 

– რატომ არიან შეწუხებულები? – ვეკითხებოდი დედას.

 

– მზეს უცდიან, რომელიც არ მოდის.

 

– მერე, ხომ მოვა?

 

– მოვა, მაგრამ, მზე რომ დაგხვდება მაინც სხვაა, თითქოს შენს სიყვარულს და დიდი ხნის ლოდინს გამოხტავს, და შენც ამ ყველაფრისგან ივსები, იზრდები, ცოცხლდები და მასავით ძლიერი ხდები.

 

– თბილისში რატომ არ მეუბნებოდი ამას. იქ სხვა მზეა?

 

– ჰო. იქ სხვა მზეა, უფრო სწორად, მზე ყველგან ერთია, ერთი სიცოცხლის მზე ანათებს, საქართველოშიც და იაპონიაშიც, იტალიაშიც და ინგლისშიც, უბრალოდ, ზღვაზე ამოსული მზე სულ სხვანაირია.

 

 და მართლაც, სხვანაირი იყო, რაღაცნაირი სევდიანი და წითელი, უთბილესი და უკეთილშობილესი, ჩვენი და მთელი კაცობრიობისაც.

 

წითელი მზე არასოდეს მენახა და ის დედამ დამანახა, როგორც უდიდესი მოვლენა ჩვენს სამყაროში, რომლის გარეშეც სიცოცხლე წარმოუდგენელი იყო.

 

 ზღვის სანაპირო სიცოცხლით გაივსო, ყველა მზეს მიცხუნებოდა, ყველა იცინოდა ან თუ არ იცინოდა, ყველას სული იმხელა სითბოს გამოსცემდა, სიკეთის კეთების გარდა, ადამიანს არაფერი მოუნდებოდა. ზღვა ჯერ მშვიდი იყო, მერე ცოტა აღელდებოდა, მერე ისევ დამშვიდდებოდა, ჩვენ კი ვერაფრით ვიგებდით მისი აღელვების ან დამშვიდების მიზეზს. ზღვა ისეთი ღრმა და მიუწვდომელია, ვერასდროს გავუგებთ და ნურც ვეცდებითო, მეუბნებოდა დედა. მე კი მაინც ვფიქრობდი მასზე, მაინც მინდოდა მიმეღწია მისი გულის და ფიქრის ფსკერამდე, მაგრამ ყოველი ცდა უშედეგოდ სრულდებოდა. იმ დღის შემდეგ, რაც მე სხვანაირი მზე დავინახე, ის სხვანაირი, წითელი მზე, ჩვენი თვალებიდან აღარ გამქრალა და ჩვენ ყოველ დღე ვხედავდით მის უეცარ გამოჩენას და წასვლას, ეს საოცრება იყო და ჩვენ ეს საოცრება არ გვბეზრდებოდა, ჩვენ მოუთმენლად ველოდით, როგორც მის მოსვლას, ისე მის წასვლას.

 

 ზღვა ისევ დაწყნარდა და გალურჯდა

 

– რატომ ეძახიან შავ ზღვას? – ვეკითხებოდი დედაჩემს და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი კითხვები მას ნერვებს არ უშლიდა. – რატომ და რომ ბრაზდება, შავი ფერის ხდება. – გამეხუმრა დედა.

 

 ზოგჯერ მართლა შავდებოდა, მაგრამ მე მისი შავი ფერის არ მეშინოდა, რადგან ვიცოდი, ხვალ ისევ კამკამა და ლურჯი გახდებოდა ჩვენთვის და ჩვენც მის სანაპიროს ისევ ჩვენი სიმრავლით და სიკეთით ავავსებდით.

 

– შეხედე, დედიკო! დელფინი! – მეძახდა დედა და მე პირველად ვხედავდი ამ საოცრებას, ამ უშველებელ ზღვის თევზს, რომელიც დედის თქმით, კეთილი სულის პატრონი გახლდათ. ის დახტოდა წყალში და თითქოს აკრობატულ ოსტატობას გვაჩვენებდა, წყალში დგაფუნებდა, ყვინთავდა, თან, თითქოს, მოუთმენლად ელოდა როდის გამოვხატავდით ჩვენს აღტაცებას.

 

– რა იცი, რომ კეთილია? – მგონი ლოგიკურ კითხვა დავუსვი დედას.

 

– კეთილია, რადგან ადამიანს ყოველთვის ეხმარება.

 

– ეხმარება?

 

– ჰო, როდესაც იხრჩობა ან უჭირს, ეხმარება.

 

– როგორ?

 

– როგორ და ადამიანი წყლის ზედაპირზე ამოჰყავს. ზურგით, ცხვირით მიეხმარება და ამოიყვანს.

 

მას შემდეგ, ეს კეთილი ცხოველი აღარ გამოჩენილა, მაგრამ ყოველთვის იმედი მქონდა, რომ გასაჭირში ის აუცილებლად ჩემთან გაჩნდებოდა. ამიტომ ზღვაში თამამად შევდიოდი და მისი ტალღები უფრო და უფრო ახლობელი ხდებოდა ჩემთვის. ზღვა ჩემი დიდი მეგობარი გახდა. ზღვა ჩემი ოცნების ადგილად გადაიქცა, ოცნების, რომელიც შორს კი არა, აქვე, ორ ნაბიჯში ფეთქავდა და ყველა სურვილს მისრულებდა დედამიწაზე.

 

 გულრიფშის სანაპიროზე ჩამწკრივებულ სახლებში ძირითადად, საბჭოთა რესპუბლიკებიდან სახელგანთქმული მწერლები და მხატვრები ცხოვრობდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენნაირი ხილი ექნებოდათ ეზოებში. ერთი სული მქონდა, ხიდან რამე მომეწყვიტა და პირი ჩამეტკბარუნებინა, მამაჩემის ბაზრიდან მოტანილ ხილს ისეთი გემო ნამდვილად არ ჰქონდა, როგორიც კალაძეების ეზოსას. თან იმხელა არჩევანი იყო, რომ მოგდომებოდა ეზოს ბაზრადაც გადააკეთებდი და პროდუქტიც არ გექნებოდა საზიდავი. იმხელა ღობე ჰქონდა სახლს, კატები ძლივს ძვრებოდნენ, მაგრამ ჩემი ძმა ისეთი მოხერხებული იყო, ორჯერ ფეხის აკვრით კალაძეების ეზოში აღმოჩნდა.

 

– მოდი, მოგეხმარები.

 

– ვერ გადმოვალ, მეშინია, – ისე დავიკნავლე, ჩემ ძმას კი არა, მეც შემეცოდა საკუთარი თავი.

 

– ღობე განიერია, შეგიძლია გამოეტიო.

 

 შევხედე და რკინების დაშორება მართლა დიდი იყო, ვიფიქრე, ვცდი ამან რა საფრთხე უნდა შემიქმნას მეთქი.

 

ჯერ ერთი მხარი შევყავი და რომ შეეტია, ვიფიქრე ამბავი დამთავრებულია, კალაძეების ხილს სულ უბით გამოვზიდავ, რასაც ვერ შევჭამ თქო, მაგრამ ეს ოხერი თავი ვეღარ გამოვაძვრინე ღობიდან, არადა დიდი თავი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ შედეგი სახეზე იყო, გაჭედილი ვიყავი. კინოფილმი “ქვევრი” მონაგონია, იქ ბოლოს ქვევრს მაინც ლეწავდნენ, აქ კი ამ სქელი გისოსების გამწევი ვინ იყო. მივხვდი, ყელამდე ქაქში ვიყავი და ისეთი ჯღავილი მოვრთე, მგონი დელფინებიც გაიგებდნენ შუა ზღვაში, მაგრამ ისინი ხმელეთზე ნამდვილად ვეღარ დამეხმარებოდნენ, მათ ხმელეთის გაჭირვება არ ეხებოდათ. ჩემი ტირილი კი უფრო და უფრო ხმოვანი ხდებოდა, ამას კი იმიტომ ვაკეთებდი, რომ იქნებ ვინმეს შევცოდებოდი და რამე ეშველათ ჩემთვის. ჩემი ძმა კი იდგა და იცინოდა, თუმცა მას რომ ვხედავდი არ ვბრაზდებოდი, პირიქით, იმედი მეძლეოდა, რომ რახან იცინის, ესე იგი, ისეთი ტრაგედიაც არ მჭირს, მე რომ მგონია მეთქი. ეს ჩემი ცოდვით სავსე ხალხი კი, ისე ჩამივლიდა და ჩამომივლიდა, თითქოს არაფერიაო. ბოლოს როგორც იქნა, ჩემი ძმა წავიდა და ჩემი მშობლები მოიყვანა.

 

მამაჩემმა რომ შემხედა, ასე დამამშვიდა, ცოტაც მოითმინე, სამ დღეში ამ სახლის პატრონები ჩამოვლენ და მაგათ უკეთ ეცოდინებათ ამ ღობის ავან-ჩავანიო. ამაზე ჯღავილს ისე ვუმატე, მამაჩემი მიხვდა, რომ მართლა მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. ავთო იყო ჩვენი მეზობელი, გვაზავა, რომელსაც მკერდზე იმხელა არწივის “ნაკოლკა” ჰქონდა, მთელ სხეულს უფარავდა.

 

არ ვიცი რატომ, გამოცდილი იყო ამ საქმეში, თუ რა ხდებოდა, მაგრამ სწორედ მას დაუძახეს ჩემ საშველად. ავთომაც არ დაახანა და გისოსები რომ ვერ გაწია, ისეთი ძალით გამომგლიჯა ღობიდან, რომ რაც ზურგზე კანი მქონდა გისოსებს შეატოვა. კარგა ხანს ჩინგაჩკუგის შვილივით თუ არა, “მაიას” ტომის ინდიელივით აწითლებული დავდიოდი.

 

 ზაფხული მიდიოდა და სექტემბერი თავის წითელ-ყვითელი დროშებით ჩვენთან მოფრინავდა. თბილისში ჩამოვედით და მივხვდი, რომ ჩემი ქალაქი ძალიან მომნატრებოდა, ჩემი თბილისი, რომელიც, როგორც ყოველთვის ნაცრისფერი დამხვდა და რომელიც მაინც ყველაზე თბილი და ლამაზი იყო მთელს მსოფლიოში.

 მე და გოგა დიდი ხნის მეგობრები ვიყავით.

 

პირველად ფეხბურთის თამაშის დროს გავიცანი. ჩემს მოწინააღმდეგე გუნდში იყო და ერთი ორჯერ ისე მომარტყა ფეხი ფეხში, ტირილი ძლივს შევიკავე. ჩემზე დიდი იყო ოთხი წლით, მაგრამ ყველა ასაკის ადამიანთან შეეძლო მეგობრობა. თავიდან ცოტა ცივი ადამიანი მოგეჩვენებოდათ, მაგრამ ერთ, სამ დღეში, როდესაც შეგეჩვეოდა, იმდენს იქაქანებდა, რომ გაქცევა მოგინდებოდა. ჩვენი მეგობრობა ზუსტად არ მახსოვს, როგორ ჩამოყალიბდა, მაგრამ ფეხბურთის თამაშის დროს ძალაუნებურად ერთმანეთს დავუახლოვდით. ერთხელაც მითხრა, მე და შენ სხვადასხვა გუნდში აღარ ვითამაშოთო და ჩვენც, იმ დღის შემდეგ სულ ერთ გუნდში ვიყავით. ჩვენი დაახლოებაც გარდაუვალი შეიქნა.

 

ისე გაგეხუმრებოდა, მხოლოდ თვითონ იცინოდა და შენ, იმის მაგივრად გაგცინებოდა, მისი ცემა მოგინდებოდა, მაგრამ მართლა ხომ არ ვცემდი და ეს საშინელი ხუმრობები სულ გასდიოდა. აი, რაში გამოიხატებოდა ამ ხუმრობის საშინელება: მოვიდოდა და გეტყოდა, შენ რომ მოგწონს გარეგნობით გოგო, გუშინ ტუალეტში შევუსწარი და ისე იჭინთებოდა, სახეზე წითელი იყოო ან ისეთ დროს და ადგილზე გაგწუწავდა, ყველას რომ შენთვის შემოეხედა, მოკლედ, როგორც მისი ბებია მარო იტყოდა, უადგილო ადგილას ხუმრობდა. ისე მართალი უნდა ითქვას და რომ შეატყობდა ვიღაცა მართლა გულით მოგწონდა, იმაზე ცოცხალი თავით არ გაიხუმრებდა. ღია თმები ჰქონდა, ალბათ, წაბლისფერი, თვალებიც ღია, თაფლისფერი, ოღონდ ჩუქჩასავით გვერდზე გაწეული. გოგოებს მოსწონდათ, მაგრამ თვითონ არ იჩენდა მათ მიმართ დიდ ყურადღებას, ასე იძახდა, მაგათ ერთხელ რომ გაკოცნიონ, სამი თვე უნდა სდიო და მაგის თავი ნამდვილად არა მაქვსო. წყალბურთელი იყო და იმხელა ბეჭები ჰქონდა, სამ და ალბათ, ოთხ ბავშვსაც თავისუფლად დაისვამდა მხრებზე. მეექვსე სკოლელი იყო, მე კი 53-ელი, ამიტომ სულ კამათი გვქონდა ვისი სკოლა სჯობდა.

 

კამათში კი იმდენს ლაქლაქებდა, ძალაუნებურად გამარჯვება მას რჩებოდა, ეს კი ისე უხაროდა, პატარა ბავშვივით დახტოდა და დამცინოდა.

– ასე თუ გიხარია, მოდი კიდევ გეტყვი, რომ “შისტოელები” უფრო მაგრები ხართ.

– მაგას შენი თქმა რად უნდა, რამდენიც ჩამობრძანდით, იმდენი ცხვირპირ დამტვრეულები წახვედით. რა არ გახსოვს?

 

– მერე ეგ როდის იყო, მე რომ მეოთხე კლასში ვიყავი და შენ მერვეში. აბა ეხლა მოდი, – ვიცი არ გამიმეტებდა და მაგიტომაც ვბედავდი მის ბრძოლაში გამოწვევას. მეთერთმეტე კლასში იყო, მე კი მეშვიდეში, ამიტომ იმხელა სხვაობა იყო, მშობელთა კრებაზე რომ მიმეყვანა, ყველა დაიჯერებდა, რომ ჩემი უფროსი ძმა ან ბიძა იყო.

– რა გინდა, რას დაეთრევი ამხელა ვირი ამ ბაჭაჭყანებში? – შეუღრენდა ბებია მარო.

– შემ რომ დაძვრებოდი ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა ბიჭებში, ეგ როგორი იყო, ბებია მარო?

 

– საიდან იცის ამ შეჩვენებულმა, – ჩუმად ჩაიბურტყინებდა ბებია და იქით ოთახში გავიდოდა.

 

 საერთოდ ბებიის გაჩუმების ეს ხერხი ყოველთვის ამართლებდა და გოგასაც მეტი რა უნდოდა, პატარა რაღაცაზე სულ წარსულს ახსენებდა, წარსულს, რომელიც, მხოლოდ მე, გოგამ და ბებია მარომ ვიცოდით.

 

– დღეს თამაში მაქვს, წამოხვალ? – შემომთავაზა წყალბურთის ყურება გოგამ.

 

– სად?

 

– სად და ჩვენთან, პატარა ასფალტის სტადიონზე. სად უნდა გვქონდეს, ერთი საწყალი ბასეინი გვაქვს ვერაზე.

 

– რატომ კაცო, ბურევესნიკიც ხომ არის?

 

– დამიჯერე, ერთი გვაქვს-თქო.

 

– კარგი, წამოვალ, ოღონდ რომელ საათზეა.

 

– ოთხზე.

 

 წყალბურთის გაგებაში არ ვიყავი, მაგრამ რა მექნა, პირობა-პირობაა, უნდა მივსულიყავი და გოგასათვის “მებალელშჩიკა”. ბევრი ხალხი სულაც არ დამხვდა, ყოველ შემთხვევაში ფეხბურთის გულშემატკივრებთან შედარებით ზღვაში წვეთი იყო. არავის არ ვიცნობდი, არც ბილეთი მქონდა და არც ადგილი, ავდექი და ტრიბუნის პირველ რიგში, მეორე სკამზე დავჯექი.

 

სანამ თამაში დაიწყებოდა, ვეღარ მოვითმინე და ჩემი რიგიდან ცოტა მოშორებით მსხდარ მოქალაქეებს შევუტრიალდი.

 

– რამდენი კაცია ერთ გუნდში? – ისეთი მოულოდნელი კითხვა დავსვი, ყველამ მე შემომხედა, – უკაცრავად, რამდენი კაცი თამაშობს ერთ გუნდში? – გაუმეორე კითხვა.

 

– რა გინდა მეგობარო, გვემასხრები? – მომიგო სათვალიანმა კაცმა ისე, თითქოს კითხვას კი არ მისვამდა, არამედ მპასუხობდა.

 

– არა, რას გემასხრები, – ვიუარე ბრალდება.

 

– მაშინ, ცხრა კაცია ერთ გუნდში, – მიპასუხა ისევ სათვალეებიანმა კაცმა. ოღონდ ამჯერად ისე მითხრა ეს წინადადება, გეგონებოდა კი არ მპასუხობს, არამედ მეკითხებოდა.

 

 როგორც იქნა გამოვიდნენ სპორცმენები და ცხრის ნაცვლად ექვსი კაცი ჩახტა წყალში. ალბათ სამიც ჩახტება, ვფიქრობდი გულში, თან ჯერ გოგას გუნდი არ იყო გამოსული. მაინც ვერ მოვითმინე და ისევ მივუბრუნდი სათვალიან კაცს.

 

– რატომ არიან ექვსნი? ხომ ცხრანი უნდა იყონ?

 

– სამი კაცი აკლიათ, – ჯარში გაუწვევიათ თამაშის წინ, – სიცილით მითხრა სათვალეებიანმა და გარშემო მყოფმა ხალხმაც ისეთი სიცილი ატეხეს, წყალბურთელებიც თავის მწვრთნელებიანად ჩვენ გვიყურებდნენ. ერთი ამათი, გავიფიქრე და წასვლა დავაპირე რომ გოგაც გამოჩნდა და ამან გადაწყვეტილება შემაცვლევინა. დავჯექი და თამაშიც დაიწყო. დაიწყო, მაგრამ, მსაჯის “სვისტოკის” წრიპინის მეტი არაფერი გამიგია, დანახვითაც ბევრს ვერაფერს ვხედავდი, იმ სიმაღლეზე ვიყავი ტრიბუნაზე.

 

– ჰა, როგორ მოგეწონა? – ემოციით მკითხა გოგამ.

 

– რა უნდა მომწონებოდა, შეჩემა? “სვისტოკის” მეტი არაფერი გამიგია და დანახვითაც ბევრი ვერაფერი დავინახე, – გოგა გაჩერდა და ისეთი სახე მიიღო, მივხვდი ცოტა ზედმეტი მომივიდა.

 

– ვაი შენს პატრონს! გოლი რომ გავიტანე ვერ დაინახე?

 

– გოლები კი დავინახე, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ კარში.

 

– რაა?

 

– რა და ის, რომ არც ისეთი დებილი ვარ, რომ ვერ მივხვდე, ვინ წააგო და ვინ მოიგო, – შევუტიე მეც.

 

– ეგ რა შუაშია? ერთადერთი გოლი გაიტანა ჩვენმა გუნდმა და ისიც მე მოვახერხე, – გოგა ისეთი იმედგაცრუებული იყო, გული ამიჩუყდა.

 

რომ შევხედე მარცხენა თვალი წყლით ავსებოდა და ძლივს იკავებდა თავს, რომ არ ატირებულიყო.

 

– მაპატიე, – დამნაშავე პირველ კლასელივით ვუთხარი და თავიც ჩავღუნე. გოგამ გაიღიმა და ერთ წამში ისევ მხიარულ ბიჭად გადაიქცა.

 

– ჰო, კარგი შეჩემა, არ გევასება ეს წყალბურთი და ძალით ხომ ვერ დაგავასებ.

 

 ჩვენ, ვერის აბანოს აღმართს ავუყევით და ნიკოლაძის ქუჩაზე გავედით. ნელა მივდიოდით, რადგან გოგა დაღლილი იყო და ნელი ნაბიჯით, აუჩქარებლად მოდიოდა.

 

– გახსოვს, შარშან, ზაფხულში რა დრო ვატარეთ გულრიფშში?

 

– როგორ არ მახსოვს, სკლეროზი კი არ მაქვს.

 

– რა ვიცი, გოლი გავიტანე და ვერ დაინახე, რამდენი კაცი თამაშობს ერთ გუნდში ვერ გაარკვიე, ვინ მოიგო ვერ მიხვდი, იქნებ შარშანდელი ზაფხულიც დაგავიწყდა.

 

– ნუ გეშინია, არ დამვიწყებია.

 

– ცუდი ამბები ისმის იქიდან.

 

– ჰო, ვიცი.

 

– მერე, დავუთმოთ აფხაზებს გულრიფში?

 

– ჯერ ხომ არ დაწყებულა ომი?

 

– მაინც და მაინც ტყვია უნდა გავარდეს, რომ ომი დავარქვათ? ერთმანეთს ვაგინებთ, ვჭამთ, ქვებს ვესვრით, მშობლებს ვულანძღავთ, ომია აბა რა უბედურებაა.

 

– რა ვქნა, მე არავინ გამიშვებს ომში, ჯერ თხუთმეტისაც არა ვარ.

 

– მე ხომ ვარ თვრამეტის.

 

– მერე?

 

– მერე და ნახე მანდ თუ ტყვია არ გავარდეს და მე გულრიფშის დამთმობი არა ვარ.

 

– კაი ერთი, ნუ ატრაკებ.

 

– ნუ ვატრაკებ? – ხელით გამაჩერა გოგამ, – შენ სამშობლო რა გგონია? ზღვა, ნაშები და სიმღერა? თუმცა ეგ გგონია ალბათ, მე კი ვიცი რაც არის სამშობლო, – სამშობლო ბუხარია, რომელიც ხან ქრება, ხან ანთია, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, მისი ჩაქრობაც და ანთებაც ჩვენი ბრალია, მისი ცრემლი და სიცილიც ჩვენი ბრალია. ყოველ დღე უნდა ვზიდოთ შეშა, რომ ცეცხლი არასდროს ჩაქრეს და სულ იგიზგიზოს. ჩამქვრალი ბუხრის მოვლას რა უნდა, ანთებულის მოვლაა ძნელი, მას ყოველდღე უნდა ეფერო, ეალერსო და შეშა უზიდო. მე მივდივარ შეშის მოსაზიდად გულრიფშში, ყველაზე მეტად ბუხარს იქ უჭირს.

 

– მეც წამოვალ.

 

– შენ არა.

 

 ჩვენ სახლებში წავედით. დედაჩემი საჭმელს აკეთებდა, მე მას მივუახლოვდი და ხელით მოვატრიალე.

 

– მართლა ომი იწყება?

 

– არ ვიცი, ასე ამბობენ.

 

– მე ომში წავალ.

 

– შენ ჯერ პატარა ხარ.

 

– არ მაინტერესებს, გოგა მიდის და მეც მივდივარ.

 

– შენ ჯერ არ გაგიშვებენ და საერთოდ, ჯერ არც ომი დაწყებულა.

 

– დაიწყებაო, ყველა იძახის.

 

– შენ მაინც ვერ წახვალ.

 

– წავალ.

 

 მე გამოვბრუნდი სამზარეულოდან და სანამ გამოვიდოდი, ერთხელაც შევხედე დედას, რომელიც ისევ ზურგით იდგა და ჭურჭელს რეცხავდა.

 

ოთახში შევედი და მაგიდასთან მივედი, კედლებზე ჩემი პატარაობის სურათებუ ეკიდა გულრიფშში გადაღებული. სკამზე დავჯექი და ხელები მაგიდაზე დავაწყვე, მერე ხელებს თავი დავადე და მაგიდაზე ნახევრად მწოლიარეს ჩამეძინა. სიზმარში ის დელფინი მოცურდა, დედაჩემმა რომ დამანახა. მერე მზეც გამოჩნდა, ისევ ისეთი წითელი და ყოვლის შემძლე, თავის ძლიერი სხივებით. მხოლოდ მე, ზღვა, მზე და დელფინი ვიყავით. ჩვენ მეტი არც არავინ გვინდოდა, ჩვენ ბედნიერები ვიყავით, მაგრამ უცებ ზღვა გაშავდა, დელფინი გაქრა, მზეც გაშავდა და ზღვაში კი არა, სადღაც სხვაგან გაუჩინარდა. მე მოვტრიალდი და ჩემი სახლი იწვოდა.

 

სიზმარიც გაქრა, როგორც დელფინი და მე გამომეღვიძა. ტელევიზორთან მივედი და ღილაკს ხელი დავაჭირე. “ეთერშია საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”, სამწუხაროდ დღეს სოხუმში სროლა ისმოდა. მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ სოხუმის ქუჩებში ფეხით გადაადგილებისაგან”. ტელევიზორი ჩაქრა, შუქი წავიდა. ტელეფონს ვეცი და ყურმილი რომ უნდა ამეღო ზარმა დარეკა.

 

– “და”?

 

– რა “და” ბიჭო, უყურებ რა ხდება?

 

– მერე?

 

– მერე ის, რომ, ხვალ პიონერთა სასახლესთან იკრიბებიან ომში წასასვლელად და მეც მივდივარ.

 

– მეც მოვდივარ.

 

– შენ არა მეთქი.

 

– ჰო, კარგი.

 

 მე ყურმილი დავკიდე, მაგრამ გოგას ტყუილი ვუთხარი, მე ომში მივდიოდი. ჩემი დაბადების მოწმობა გადმოვიღე და 1978-ის ნაცვლად 1977-იანი ჩავწერე, უფრო სწორედ გადავასწორე.

 

 დილა გათენდა.

 

ომის დაწყება მთელ თბილისს მოსდებოდა. ხალხს სახეები შეცვლოდათ, რაღაცნაირი დაზაფრული, შეშინებული და დიდი ტკივილის მომლოდინე თვალები ჰქონდათ. ქალაქიც გაყურსული იყო, თითქოს რაღაცის აფეთქებას ელოდნენ და ამ მოლოდინს სიჩუმით ხვდებოდნენ. ყველა ერთმანეთს მისჩერებოდა, ყველა ერთმანეთისგან ელოდა რაღაცის ახსნას. დილა იყო, მაგრამ ღამეს ჰგავდა, ისეთ ღამეს, რომელსაც გათენება და ცაზე მზის გამოშვება არაფრის დიდებით არ უნდოდა.

 

 ვიცოდი გოგა სპორტის სასახლესთან მივიდოდა და მე ჭადრაკის სასახლისკენ გავწიე. მარტო სოხუმში არ დაიწყო იმ დღეს ომი, ჩემი გულიც ომობდა, ის შიშს ებრძოდა, შიშს, რომელიც ისე ეჭიდებოდა ჩემს მუხლებს და წვივებს, რომ სიარული მიჭირდა. უნდა მივიდე, როგორც არ უნდა მეშინოდეს, ვეუბნებოდი ჩემს თავს და ნაბიჯებს ძლივს, მაგრამ მაინც ვადგამდი.

 

 ვერის ბაღი სავსე იყო ახალგაზრდა ბიჭებით და ერთადერთი ადგილი ქალაქში, სადაც არ ეშინოდათ და იცინოდნენ, ეს იყო.

 

ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ჩემხელას ვერავის ვხედავდი, ხალხი ერთმანეთს ანეგდოტებს, წარსულის ამბებს, სიყვარულის ისტორიებს, ბოზებში ყოფნის, მამის, ძმის და კიდევ უამრავ ამბავს უყვებოდა. ზოგს სათვალე ეკეთა, ზოგს ბენდენა, ზოგს ბერეტი, ზოგს კეპი, ზოგს კი ხინკალივით ქუდი ეხურა, ზოგს ავტომატი ეჭირა, ზოგს იარაღი, ზოგს თოფი, ზოგს გადაჭრილი თოფი, ზოგს “შტიკ-ნოჟი”, და ყველას ერთი რამ აერთიანებდა, ახალგაზრდული ჟინი, ქვეყნის სიყვარული და როგორიც არ უნდა ყოფილიყო ტყვიის გასროლის სურვილი. ხალხში გავძვერი და შენობაში შევედი. მაგიდა იდგა, რომელთანაც ორი, საკმაოდ ხნიერი კაცი იჯდა. ვინც მაგიდის უკან იდგა, მას უკვე რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა და ომის და კაცის კვლის ბილეთი ჯიბეში ედო. მივედი და რიგში ჩავდექი, რომელიც ნელი სვლით, იმ მაგიდისკენ მიიწევდა, სადაც ორი ხნიერი კაცი იჯდა.

 

– მაჩვენე ბიჭი მოწმობა. გადაკეთებული ხომ არ გაქვს?

 

– არა, როგორ გეკადრებათ.

 

 მესმოდა დიალოგი და გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, ერთი წამი ვიფიქრე კიდეც, ხომ არ გავიქცე მეთქი, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ჩემი ჯერი მოდიოდა.

 

ესე იგი, შემჩნეული ყავთ ხალხი წლების გადაკეთებაში. აღარ ვიცოდი რა მექნა და რიგიდან გამოყოფა და გაქცევა რომ მოვინდომე დამიძახეს:

 

– ეი, შენ, მოდი!

 

– გისმენთ?

 

– რას გვისმენ? მოწმობა მომეცი, – მე ხელის კანკალით გავუწოდე ჩემი მწვანე დაბადების მოწმობა. დიდხანს ათვალიერებდნენ, თუ მე მეჩვენებოდა, არ ვიცი, მაგრამ ესე მეგონა, მეოცე საუკუნე დამთავრდა-მეთქი.

 

– კარგი, გაიარე, – მითხრა ერთ-ერთმა იმ ორიდან, ზუსტად არც კი მახსოვს, რომელმა და სიკვდილის ბილეთი გადმომცა.

 

მე როგორც მოსემ, ისე გავიარე ზღვა ხალხი, თუმცა საით მივდიოდი არ ვიცოდი, მეგონა, სიკვდილი მკარნახობდა გზის მიმართულებას. შიში ისევ გამიქრა და მე უკვე ყველაფრისთვის მზად ვიყავი.

 

– მოიცა, სად გაუშვით? – დაიყვირა ვიღაცამ რიგის ბოლოდან, ხალხი გასწია და მაგდასთან მივიდა.

 

– სად გაუშვით ის ბავშვი?

 

– ვინ ბავშვი, კაცო?

 

– ვინ და ვანიკო ღულაძე.

 

 ფეხის წვერებზე ავიწიე და გოგა დავინახე. აქ რა ჭირი უნდოდა ნეტა, სპორტის სასახლესთან არ უნდა გდებულიყო? სისხლი გამეყინა, მაგრამ გოგასთან მივედი.

 

– მე ვიცნობ მაგ ბიჭს ბავშვობიდან. თოთხმეტი წლის არის.

 

– აბა, ეს რა არის? – უთხრა სიკვდილის ბილეთების დამრიგებელმა და ცხვირზე ჩემი დაბაების მოწმობა ააკრა.

 

– ეგ გადაკეთებულია! – უთხრა გოგამ.

 

 ამასობაში მეც მივედი მაგიდასთან და ჩემს ჩამშვებს ამოვუდექი გვერდზე.

 

– იტყუები ბიჭო? – მე თავი ჩავღუნე, რადგან სხვა გზა არ მქონდა.

 

ვიღაც კაცი გამოეყო რიგს, “მაკაროვი” ამოიღო და გამომიწოდა.

 

– იარაღის დანახვა თუ გინდა, აჰა, შეხედე, რომ დავბრუნდები, საერთოდ შენი იყოს.

 

 მე თავჩახრილი გამოვბრუნდი და სანამ გამოვიდოდი გოგას ხმა დამეწია კართან.

 

– მაპატიე ვანიკო!

 

 მე კი ნამდვილად ვერ ვაპატიებდი, მე იმ წამს ყველა მეზიზღებოდა და განსაკუთრებით გოგა. წამოვედი და ისე მივედი სახლში, ერთი კაცისთვისაც კი არ შემიხედავს სახეში. დედაჩემი შემეფეთა სახლის კარებთან, ეტყობა სამსახურში მიდიოდა.

 

– სკოლიდან ბრუნდები, დედიკო? – ალერსიანად მკითხა.

 

– არა, სიკვდილის რიგიდან, – ისე გულწრფელად ვუპასუხე, არაფერი უთქვამს, უბრალოდ სახლში რომ შევდიოდი, თვალი გამომაყოლა და ვიგრძენი, რომ ამ თვალის გამოყოლბაში სიბრალული ერია.

 

 სახლი ცარიელი იყო, სიხარულისგან დაცლილი, ან მე მეჩვენა ასე. წყალი მოდიოდა სამზარეულოში, ეტყობა დედაჩემს დარჩენოდა. მივედი და უნდა დამეკეტა, მაგრამ მივხვდი, რომ ონკანის მოჭერა და ჩემი მარტო დარჩენა ერთი იქნებოდა. მხოლოდ მე და წყალი ვიყავით სახლში.

 

გოგა წავიდა და დაბრუნდებოდა თუ არა, არავინ იცოდა. მხიარული, უცნაური იუმორის პატრონი, იუმორის, რომლის გამოც, მე ზოგჯერ ვნერვიულებდი და რომელიც ასე დამაკლდებოდა.

 

ყოველთვის სიცოცხლით სავსე, ვაკელი წყალბურთელი ბიჭი, ნეტავ როგორ ივლიდა ტყვიების წვიმაში, შეეშინდებოდა თუ არა სიკვდილის და თუ შეეშინდებოდა, ვიცი, რომ ამ შიშს ღიმილით გადალახავდა და თავის ჩუჩმეკურ თვალებს უფრო მოჭუტავდა. ტელეფონს თვალს არ ვაშორებდი, მჯეროდა, რომ სოხუმიდან დამირეკავდა და რამე სისულელეს მეტყოდა. ტელეფონი კი დუმდა. დუმდა მთელი თბილისი, რომელიც არასდროს დადუმებულა, მაგრამ ახლა მისი ძმა გასაჭირში იყო და თბილისსაც უჭირდა. სოხუმიდან წამოსული ცრემლი, წვიმად მოდიოდა თბილისში და ყველას გვასველებდა, გინდა სახლში ყოფილიყავი და გინდა ქოლგის ქვეშ, წვიმა ყველგან აღწევდა და ყველას გულს სწვდებოდა.

 

 სკოლაში ვინ რას არ ამბობდა, ვინ რას არ იგონებდა. ზოგი იტყუბოდა, მამაჩემი ომში წავიდაო, ზოგიც მართალს იძახდა. ომი აქაც აღწევდა, სადაც წესით ბავშვების და სიყვარულის გარდა არაფერი არ უნდა ყოფილიყო, აქაც შემოდიოდა და ყველას ხელს გვკიდებდა, თითქოს გვახსენებდა, რომ აქაც შემიძლია მოგწვდეთო.

 

– გოგას არ დაურეკავს? – მაინც ვეკითხებოდი დედას.

 

– არა, არ დაურეკავს.

 

– რას ამბობენ ტელევიზორში?

 

– ვერ გაიგებ.

 

ხან ჩვენები აკონტროლებენ აფხაზეთის მთელ ტერიტორიასო, ხან გაგრა დავკარგეთო, ხან ბაბუშერაში ვართო. . .

 

– მაგას არ გეკითხები.

 

– აბა?

 

– ომი როდის მორჩებაო?

 

– მაგას ვინ გეტყვის, შვილო. მაგას ტელევიზორში არ გამოაცხადებენ.

 

– კი, მაგრამ, ვიღაცამ ხომ იცის, როდის დამთავრდება ეს ოხერი ომი?

 

– იცის.

 

– მერე ვინ?

 

– ღმერთმა.

 

– ღმერთმა?

 

– ჰო.

 

– მერე რატომ არასდროს არაფერს გვეუბნება, რატომ არასდროს გვანუგეშებს, რატომ არასდროს არ გვაიმედებს. ის მუდამ ჩუმად არის და ზემოდან უყურებს ჩვენს გასაჭირს, ჩვენ კი მისი იმედიღა გვრჩება, მხოლოდ მის გამოჩენასღა ველით, ის კი არასდროს არ ჩანს. ღმერთი თუა, რატომ არასდროს მოდის?

 

– იმიტომ, რომ ღმერთია და არა ადამიანი. ის ჩვენთან არის, დამიჯერე.

 

– მინდა რომ დაგიჯერო.

 

– ეგეც კარგია, რომ გინდა.

 

 უცებ ტელეფონმა დარეკა.

 

დედაჩემი მივიდა ყურმილის ასაღებად, რატომღაც მე მისვლა ვერ გავბედე.

– ჰო, გიგა, როგორ ხარ, ჩემო ბიჭო?!

 

 იქიდან რას პასუხობდა, რა თქმა უნდა, არ მესმოდა და მართალი გითხრათ არც დედაჩემის ხმა მესმოდა, სიხარულს ყველა ბგერა დაეხშო და ყრუდ გადავექციე. ყურმილი მე გადმომცა დედამ და გაკვირვებული მიყურებდა, რადგან მე ყურმილი ყურთან არ მიმქონდა და გაშეშებული ვიდექი.

 

– უპასუხე, – ისე ჩუმად მითხრა დედამ, მივხვდი, რომ ჩემი გრძნობების ესმოდა, დედებს ყოველთვის ესმით და ყოველთვის ყველაფერს ხედავენ.

 

– “და”

 

– რა “და” შეჩემა? მე ვარ, – ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს კანარის კუნძულებიდან მირეკავდა. შემრცხვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომიდან მირეკავდა, ჩემზე მხიარული და მხნე ხმა ჰქონდა.

 

– რას შვები ბიჭო? – ისევ გავიგე მისი ხმა და ამან უკვე ძალა მომცა და ყელში გაჩხერილი შიში გადამაგორებინა.

 

– შენ რას შვები? რა ხდება სოხუმში? ხომ ხარ ჯანზე? ბიჭები ხომ დგანან მგლებივით ფრონის ხაზზე? – ათასი კითხვა მივაყარე.

 

– შენ ჩემზე ნაწყენი ხარ. ვიცი, და არაო არ მითხრა. მიგიხვდი რომ ტელეფონში მატყუებდი და შენსას არ მოიშლიდი. მაპატიე ძმაო. ვიცი, რასაც გრძნობ, მაგრამ როდესმე გამიგებ, რატომაც მოვიქეცი ასე და მაშინ მართლა მაპატიებ.

 

 

– სწორს მეუბნებოდა, ვერაფრით ვპატიობდი, რომ ის იქ იყო და მე აქ.

 

– რა ხდება მანდ? – თემა შევცვალე.

 

– რა უნდა ხდებოდეს? მაგარი ნაშები, მზე და გუგუნი.

 

– მართლა, მართლა?

 

– ჰო, მართლა! რუსი გოგოები გავიცანი და მგონი გავაბედნიერებ ერთ-ერთს. აქ ძმაო ომი სად არის, აქ მზე და ზღვაა.

 

– ნუ გიჟობ, მითხარი რა ხდება?

 

– არაფერი. ბებიაჩემს უთხარი ნუ ინერვიულებს, ვიზაგრები და ვისვენებ, ვჭამ და ვსვამ, ვცურავ და ვვარჯიშობ. ისიც უთხარი, რომ ბაბუას სიკვდილის შემდეგ, რაც ბიჭებში იგულავა, მიპატიებია, ბოლოს და ბოლოს ეგეც ადამიანია და მაგასაც უჭირდა და უნდა გავუგოთ.

 

– დედაშენი ჩამოვიდა, გოგა, – გოგას ხმა აღარ ისმოდა, თითქოს ჩვენს შორის დიდი შავი ზღვა გადაიშალა და ჩვენ ერთმანეთს ხმას ვეღარ ვაგონებდით. გოგას დედა არასდროს ენახა, ის გერმანიაში ცხოვრობდა და იქ ოჯახი ჰყავდა. გოგა ბებიამისთან იზრდებოდა ატენის ქუჩაზე. დედაზე არასდროს ლაპარაკობდა.

 

– გაიგე ბიჭო? – ისევ დუმილი შემაფეთა გოგამ, შენი ჩამოყვანა უნდა სოხუმიდან, რომ გაიგო აფხაზეთში წავიდაო, მეორე დღესვე ჩამოფრინდა.

 

– სად არის ახლა? – პირველად გავიგე გოგას დედაზე რამე ეკითხა.

 

– ბებიაშენთან ცხოვრობს.

 

– მაგრად იყავი ვანიკო.

 

– როდის ჩამოხვალ? – მაგრამ გოგა აღარ ლაპარაკობდა, ტელეფონი გათიშული იყო.

 

იქნებ არ უნდა მეთქვა, მე დებილს, ტელეფონში მაინც და ჩამოსვლა დამეცლია მისთვის. მაინც ყველაფერს გაიგებდა და ჩემს ნაჩქარევ ნათქვამს რა აზრი ჰქონდა. არ უნდა მეთქვა. ავდექი და ატენზე წავედი, ბებია მაროსთან. მეოთხე სართულზე გიჟივით ავირბინე და მუშტები დავცხე კარს. კარი გოგას დედამ გამიღო.

 

სიმპატიური, ქერა ქალი იყო, ზუსტად გოგასნაირი თვალები ჰქონდა, ჩუქჩასავით გვერდებზე გაწეული.

 

– გამარჯობათ, ქალბატონო.

 

– მოდი, – მან კარი ბოლომდე გამიღო და მე შევედი გოგას ორ ოთახიან ბინაში, თაროებზე ჩეხოვის, პუშკინის, ტურგენევის, დოსტოევსკის, ვისოცკის, ევტუშენკოს, ლესკოვის და მთელი რუსული ლიტერატურის საგანძური იდო. ბებია მარო თავის ოთახში იწვა, ცუდად იყო.

 

– რა სჭირს? – ვკითხე ქალს, რომელიც გოგას ჰგავდა.

 

– ცუდად გახდა გუშინ.

 

– გოგას ხომ არ დაურეკავს?

 

– არა, შენ ხომ არ ელაპარაკე?

 

– კი, და ასე მითხრა, აქ ომს რა უნდა, აქ მზე და ზღვა არისო.

 

– მამამისის ხუმრობები, – ჩუმად ჩაილაპარაკა ქალბატონმა.

 

– კიდევ მითხრა დედა მომენატრაო, – ვიცრუე და ისე შემეშინდა ჩემი ტყუილის, ქალს თვალი ვერ გავუსწორე.

 

– მოვენატრე? – ისე მკითხა, მივხვდი ვერ ვიყავი კარგი მსახიობი და რომ ვერ მოვახერხე მისი გულის ჩემებურად გახარება. დედები ყველაფერს ხვდებიან, ყველაფერს ხედავენ, ყველაფერი ესმით, ისინი კეთილი ჯადოქრები არიან, რომელიც ღმერთმა გამოაგზავნა ჩვენს დასაცავად.

 

– წავალ მე, ქალბატონო, – გაუბედავად ვუთხარი ქალს, რომლის სახელიც არ ვიცოდი.

 

– მე ნუცა მქვია, – ისევ მიხვდა ჩემს ფიქრს, ღმერთის გამოგზავნილი ჯადოქარი.

 

– მე წავალ, ქალბატონო ნუცა.

 

– წადი და გოგას უთხარი, რომ მიყვარს და ველოდები.

 

– ვეტყვი.

 

 ომი გრძელდებოდა, ომი ისევ ყველას გვაერთიანებდა და ისევ გვაცალკევებდა, ყველას გვაიმედებდა და იმედს გვართმევდა. თბილისში ცხოვრება გრძელდებოდა, თან ისე მხიარულად, რომ დისკოთეკაც კი გაიხსნა და ამბობდნენ სტრიპტიზ ბარსაც აპირებენო, მაგრამ ეს ყველაფერი, ბუტაფორია და დადგმული შოუ იყო, შიგნით, ღრმად, სადაც თბილისის გული ფეთქავდა სევდა და ცრემლი იყო, რომელიც ყველას გულებს სწვდებოდა და იმის იქით, სევდის ჯომოლუნგმაზეც ადიოდა და ზემოდან დაგვყურებდა ხალხს, რომლსაც გასაჭირი ედგა და ღმერთს ელოდებოდა. ღმერთი კი ჩვენს შორის დადიოდა და მასაც უჭირდა. უჭირდა, რომ ჩვენთვის რწმენა ჩაენერგა იმისა, რომ ომი დამთავრდება და ჩვენ ისევ ვნახავთ იმ წითელ, აფხაზეთის საოცარ მზეს, რომელსაც ასე ეტრფოდა მთელი საქართველო და ალბათ, მთელი მსოფლიოც. ჩვენ ღმერთს ჩვენს შორის ვერ ვხედავდით, ის ჩვენ ცაში გვეგონა და ღრუბლებს ვუყურებდით.

 

ღმერთი თბილისში დადიოდა, სულ მარტო და ჩვენთვის თავის პატარა წიგნაკში მომავალს სწერდა. სახლში დედა, მამა და ჩემი ძმა სულ ტელევიზორთან ისხდნენ. ირთვებოდა ეს საოცარი ყუთი და ვიღაც კაცი, ლურჯი პიჟაკით, ჩვენ წინაშე ჩნდებოდა. “სამწუხაროდ, ბრძოლები გულრიფშის მიმართულებით განახლებულია, გაგრა სეპარატისტების ხელშია, მაგრამ ჩვენი სამხედრო ქვედანაყოფები, ნელ-ნელა წინ მიიწევენ და იმედია ყველა პოზიციაზე გამაგრდებიან და ქართულ დროშასაც ააფრიალებენ”. ტელევიზორი ისევ ჩაქვრა, რადგან რვა საათი იყო და ჩვენ შუქის გრაფიკში ვიყავით. სანთლები ავანთეთ და ერთმანეთს ვუყურებდით, მაგრამ არავინ არაფერს ამბობდა. ნელ-ნელა ხელიდან გვეცლებოდა ჩვენი აფხაზეთის წითელი მზე, ჩვენი მწვანე მთები, ჩემი ოცნების მცოდნე დელფინი, ჩვენი პატარა სახლი, რომელშიც მუდამ ხალხის სიმრავლე, ჟრიამული და ნესვის სუნი იდგა.

 

ჩვენ ვკარგავდით ამ ზღაპარს და არაფერი შეგვეძლო. ზღვა ღელავდა, ფეთქავდა, იჭრებოდა ტყვიით და ყუმბარებით, ზღვა ტიროდა, განიცდიდა, ზრუნავდა, ცდილობდა, ნერვიულობდა, გლოვობდა, მაგრამ ადამიანების შერიგებას ვერაფრით ახერხებდა. იმ ადამიანების, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ერთად მიდიოდნენ ზღვასთან სტუმრად და ერთად იწვნენ მის სანაპიროზე. ჩემი დელფინიც გასცდენოდა შავ ზღვას და სხვა ზღვებში გადასულიყო, მერე კიდევ სხვა ზღვებში და ბოლოს ოკეანეში შეეცურა და ჩემი ბავშვობის ოცნებაც თან წაეღო.

 

 დეიდა ნუცა ჩემთან რამდენიმეჯერ მოვიდა. Mმე მას გოგასთან ერთად გადაღებულ სურათებს ვათვალიერებინებდი. ზოგზე იცინოდა, ზოგზე არა, ზოგზე ტიროდა, ოღონდ ჩუმად, მორცხვად, რამდენჯერმე ჩამოუგორდა ცრემლი ღაწვებზე და მაშინვე მოიწმინდა. დღეები ჩქარა გარბოდანენ და ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, მეგონა დრო აღარ გადის თქო.

 

ტელეფონი ისევ დუმდა, გოგა დაახლოებით ერთი თვეა აღარ გამოჩენილა, ბოლოს როგორც იქნა დარეკა.

 

– ჰა, ხომ არ მოიწყინეთ უჩემოდ?

 

– მოვიწყინეთ, აბა არ მოვიწყინეთ? – ბიჭო, მომისმინე. ვიცი ისევ ვერ მპატიობ, ვიცი, მაგრამ გავა დრო და მპატიებ. ხომ მაპატიებ?

 

– არ ვიცი, – არ ვიცოდი ოდესმე თუ შევძლებდი პატიებას და ნამდვილად ვერ მოვატყუბდი, თან გოგას მოტყუება იოლი საქმე ნამდვილად არ იყო, – რა ხდება მანდ, აღარ იტყვი?

 

– რა უნდა ხდებოდეს? ამომივიდა ყელში ეს მზე, ზღვა, დაზაგრული გოგოები, კატერით შუა ზღვაში გასვლა, თევზაობა და ა.შ. მოკლედ, მალე ჩამოვალ.

 

– ნუ როშავ სისულელეებს. ტელევიზორს მაინც არ ვუყურებდე, ყველაფერი ვიცი.

 

– რა იცი? მაგათ ნუ უყურებ, გაგაგიჟებენ. ყველაფერს იტყუებიან.

 

– კარგი, არ გინდა და ნუ მოყვები.

 

– დედაჩემი რას შვება? – ხმა შეეცვალა.

 

– გელოდება და...

 

– და ვუყვარვარ? – დამასწრო სოხუმიდან.

 

– ჰო.

 

– მაგას იძახის ყველა დედა, მაგრამ რომ ვუყვარვარ მაინც კარგია. მარო რას შვება? – და მე ხმა ჩამიწყდა, როგორ მეთქვა, შენი გამზრდელი ბებია სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის მეთქი.

 

– კარგად არის, – ისევ ვცადე მოტყუება და ისევ არ გამომივიდა.

 

– რაღაც ხმაზე გატყობ, მთლად კარგად ვერ უნდა იყოს.

 

– ჰო, ცოტა ვერ იყო ეს დღეები, – ვუთხარი და უცებ ყურმილში რაღაც საშინელი აფეთქების ხმა გავიგე, – რა ხდება გოგა!

 

– რას ღრიალებ? “ფეიერვერკებს” უშვებენ.

 

მოკლედ, მალე ჩამოვალ.

 

 კომუნიკაციის საშუალება ისევ გაწყდა, მაგრამ უკვე კარგ ხასიათზე ვიყავი. ისეთი ხმით მეუბნებოდა მაგარ დროს ვატარებო, ძალაუნებურად კარგი განწყობა მექმნებოდა. დეიდა ნუცას დავურეკე და მოვუყევი, რომ დარეკა და ჯანზე არის ღმერთის წყალობით თქო. ისიც ვუთხარი, რომ გადავეცი თქვენი დანაბარები, ასე მიპასუხა, კარგია, რომ ვუყვარვარო. ამაზე ბევრი იცინა და თვითონაც იმ დღეს შესანიშნავი განწყობა ჰქონდა. ჩემი შეყვარებული გავაცანი, მარიამ ჟღენტი და ისე მოეწონა, იმის მაგივრად გოგო ექო, მე მაქებდა, – ყოჩაღ, ჩემო ვანიკო, რა გოგო ჩაგიგდია ხელშიო.

 

 ამ ნათქვამზე მეც ვწითლდებოდი და მარიამიც.

 

დედა-შვილი ნამდვილად უცნაური იუმორით იყვნენ დაჯილდოვებული.

 

მე და მარიამმა გუდაურში გავიცანით ერთმანეთი და რომ გითხრათ ნამდვილი “რომეო და ჯულიეტა” ვიყავით, მოგატყუებთ, მაგრამ მის გვერდზე რომ ვიჯექი, მუცელში უცნაურად მივლიდა და მე ეს გრძნობა მსიამოვნებდა, ალბათ, იმასაც სიამოვნებდა და იმიტომ იყო ჩემთან, მოკლედ არხეინად ვიყავით და ეს არხეინობა ძალიანაც მოგვწონდა.

 

– ნუცა დეიდა, გოგას მამა სად არის? – გავბედე და ვკითხე, ნუცა დეიდას სიახლოვით გათამამებულმა.

 

– აღარ არის.

 

– მაპატიეთ, ქალბატონო ნუცა.

 

– რა გაპატიო, არა გრცხვენია.

 

– იცით, გოგასთვის არადროს მიკითხავს და თქვენთვის გავბედე მეკითხა, – გოგას დედამ თავზე ხელი გადამისვა, გამიღიმა და ჩაის გამოსატანად გავიდა სამზარეულოში.

 

ბებია მარო უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა, მაგრამ რას ვიზამდით, ღმერთმა ეგრე გვითხრა, ასი წელი მაქსიმუმ, მეტის ღირსები თქვენ არა ხართო, ბებია მარო კი ოთხმოცდაათი წლის იყო. სკლეროზის რა მოგახსენოთ, ყველაფერი ისე ახსოვდა, გეგონებოდა მერვე კლასში იყო, პუშკინის, ბუნინის, ვისოცკის ლექსებს სულ ზეპირად ჩაგაბარებდა და ხუთის გარდა სხვა ნიშანის დაწერა არ მოგინდებოდა. მე და მარიამმა ჩაი დავლიეთ და სანამ წავიდოდით, მარიამი ბებია მაროსთან შევიყვანე.

– აი, ჩემი გოგო, მარო ბებია, – წარვუდგინე და მარიამი ისე მივწიე მის ლოგინთან, გეგონება თოჯინა ყოფილიყო. მოხუცებულმა კისერი მოატრიალა, ერთი წამით ჯერ მარიამს შეხედა, მერე მე შემომხედა და სანამ თვალებს ისევ აგვარიდებდა, ჩუმად ჩაილაპარაკა.

 

– ელამი მოგიყვანია, შე უბედურო? – მე სიცილი ძლივს შევიკავე და გავიფიქრე, ალბათ ცოტა აურია მეთქი.

 

– რა უგავს ბებია მარო ამ გოგოს ელამის?

 

– შენ რომ ლამაზად მოეჩვენე და შეუყვარდი სიელმეა, აბა რა უბედურებაა?

 

 ბებია მარო, ასე ვეძახდით, რადგან გოგა ყოველთვის ასე მოიხსენიებდა. 1993 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა, ჩვენ ის ვაკის სასაფლაოზე დავკრძალეთ. გოგამ არაფერი იცოდა, ჯერ ეს ერთი არ უნდა გვეთქვა არავის, დეიდა ნუცამ გვთხოვა და მეორეს ერთი, გოგა სამი თვე აღარ გამოჩენილა და მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. ბებია მაროს დაკრძალვიდან რომ ვბრუნდებოდი, ნუცა დეიდამ გამაჩერა.

 

– ნუ ნერვიულობ, ცოცხალია.

 

– რა, დარეკა?

 

– არა, ვგრძნობ.

 

 და მე მისი გრძნობის ისე მჯეროდა, როგორც იმ წითელი აფხაზეთის მზის, დედამ რომ დამანახა.

 

საწყალი ბებია მარო კი, მივაბარეთ მიწას, ჩვენი გამზრდელი, გულშემატკივარი და მხიარული მოხუცი, რომელიც, მთელი ქალაქი რომ დაგვეწვა, მაინც ჩვენ მხარეს დადგებოდა და ჩვენ გაგვამართლებდა.

 

 ცა ნაცრისფერი იყო, ღრუბლები მზის შუქს ძლივს ატარებდნენ მიწამდე და ჩვენ მზის სითბო გვაკლდა. ისევ ქვრებოდა შუქი, ისევ გვედგა ნავთის “კერასინკები” სახლში და ისევ მაგზავნიდნენ მშობლები გვერდზე სადარბაზოში ნავთის საყიდლად. ჩემი გულრიფშის სახლი აღარ დამსიზმრებია, არც წითელი მზე და არც ზღვა და დელფინი. ტელევიზორში რას აღარ ამბობდნენ, მაგრამ გოგას თქმის არ იყოს, მაგათ ნუ უსმენო, საერთოდ აღარ ვუყურებდი. ჩემს ძმას თუ ვკითხავდი რამეს და იმანაც, როგორც მთელმა თბილისმა, ზუსტად არაფერი იცოდა. მე და მარიამი ხშირად ვსეირნობდით მელიქიშვილის და ჭავჭავაძის გამზირებზე. გაზაფხული იყო, მაგრამ ზამთარი ბოლომდე მაინც ვერ გაეგდო ჩვენი ქუჩებიდან.

 

ბოლო, გადამწყვეტი ბრძლა მიმდინარეობდა ზამთარსა და მწვანე გაზაფხულს შორის, მაგრამ ამ ბრძოლის სილამაზით, ხალხი უკვე ერთი წელია აღარ ტკბებოდა. ხალხს სხვა, სისხლიანი, მზიანი და ზღვიანი ბრძოლა ტანჯავდა, რომელსაც დასასრული აღარ უჩანდა და რომლის ცრემლი სოხუმიდან თბილისში წვიმად მოდიოდა. მარიამი კარგი გოგო იყო, სულ თვალებში მიყურებდა და სულ იმაზე ფიქრობდა, რამით გავემხიარულებინე და სხვათაშორის გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ ხუთ წუთში მე ისევ ზღვისკენ, მზისკენ და სოხუმისკენ მივდიოდი და იქიდან ჩემი დაბრუნება კაციშვილს აღარ შეეძლო. მარიამის მშობლებიც გავიცანი, თბილი, ინტელიგენტი, სიმპათიური ხალხი იყო და ძალიან თბილად მიმიღეს. მარიამის მამამ მკითხა, ვწერდი თუ არა ლექსებს კიდევ, ჩემი ლექსების ამბავი შვილისგან იცოდა.

 

– ვწერ, მაგრამ დიდი ვერაფერი შვილი ვარ.

 

– არა უშავს, ყველა გალაკტიონი ხომ არ იქნება.

 

– ნეტავ მართლა ყველა იყოს.

 

 და მარიამის მამას აღარაფერი უპასუხია. მაისი დადგა და გაზაფხული უკვე ყველგან, ყოვლ ქუჩაზე გაზაფხულობდა. სახლში ვიჯექი და დიდი ჭადრის სიგრილე ეზოდან მიბერავდა.

 

ფეხბურთი უნდა დაწყებულიყო და შუქის მოსვლას ველოდებოდი. კარებზე დაკაკუნების კი არა, ბრახუნის ხმა გავიგე. კარი გავაღე და თვალცრემლიანი დეიდა ნუცა შემრჩა ხელში.

 

– რა მოხდ, დეიდა ნუცა? – ისეთმა შეშინებულმა ვკითხე, მივხვდი დასაწყნარებელი ის კი არა, მე ვიყავი. გოგას დედა სახლში შემოვიდა და დივანზე დაჯდა.

 

– თვითმფრინავი ჩამოდის სოხუმიდან, თუ მოფრინავს, რა ჭირიც ქვია. . .

 

– მერე?

 

– გოგა არ გამოჩენილა უკვე ოთხი თვეა... ამბობენ დაჭრილები და...

 

– სუნთქვა უჭირდა გოგას ლამაზ დედას და მე მივხვდი რა სიტყვის თქმაც უჭირდა, ეს სიტყვა “გარდაცვლილები” იყო.

 

– მე წავალ, დავხვდები.

 

– წადი, მე არ შემიძლია.

 

– მე წავალ, დეიდა ნუცა და გოგათი დავბრუნდები, ცოცხალი გოგათი.

 

 აეროპორტი სავსე იყო მოლოდინით, ცრემლით, სიყვარულით, გლოვით, შავოსანი ქალებით, “რეიბანიანი” ბიჭებით, ახალგაზრდა, ლამაზი გოგოებით, მოხუცი, თეთრი ბაბუებით და მთავრობის პირებით.

 

 თვითმფრინავი ჩამოფრენილიყო და ტრაპიდან საკაცით ხან მიცვალებულს ჩამოასვენებდნენ, ხან დაჭრილს, ხან საღ-სალამათი, ჯან-ღონით სავსე ბიჭი ჩამოივლიდა ტრაპის კიბეებს. დახვედრაც ხსვადასხვანაირი იყო, ზოგს კივილით, ზოგს სიხარულით, ზოგს ცრემლით, ზოგს სიცილით და ზოგს მდუმარედ ხვდებოდნენ. თვალებით ვეძებდი, მაგრამ გოგა არც ხალხში იყო და არც თვითმფრინავიდან ჩამოდიოდა. კიდევ ერთი საკაცე ჩამოასვენეს და მე რატომღაც ის გოგას მივამსგავსე. ზეწარი გადაფარებული ჰქონდა მიცვალებულს, მხოლოდ თმები უჩანდა, სწორედ თმებით მივამსგავსე, ყველა გავწიე და საკაცესთან მივქანდი. ზეწარი გადავხადე და სხვა ბიჭი იწვა, ოღონდ ისეთი მშვიდი და ახოვანი, შემრცხვა კიდეც, რომ მე ცოცხალი ვიყავი და ის არა.

 

– რას შვები ძმაო? – შენიშვნის ტონით მითხრა ბიჭმა, რომელსაც უკანა მხრიდან ეჭირა საკაცე.

 

– მაპატიეთ, შემეშალა, მე ჩემი მეგობარი მეგონა.

 

– კაი, გაიწიე, – და მეც გავიწიე და იმ ბიჭს, რომელიც მშვიდად იწვა გზა დავუთმე, გზა, რომელიც საფლავისკენ მიდიოდა. გოგა კი არსად ჩანდა, ყველას თავისი მეგობარი, შვილი თუ ძმა ეპოვნა, ცოცხალი ან მკვდარი, მაგრამ ეპოვნა, მე კი გოგას ვერ ვპოულობდი.

 

– გამატარეთ, გამიშვით.

 

– ჩემი მეგობარი მიცდის – გავიგე თვითმფრინავის კარებთან ვიღაცის ხმა და უცებ ტრაპზე გოგა გამოჩნდა.

 

– გოგა! გოგა! მე აქ ვარ! – ვღრიალებდი და თვალებზე ცრემლი ღვარად მომდიოდა.

 

– გხედავ, შეჩემა, რას ღრიალებ, – ისე მშვიდად და მხიარულად მითხრა, თითქოს მართლა დასასვენებლად ყოფილიყო ამდენი ხანი და ეს დასვენება ისე შერგებოდა, ხმაზეც ეტყობოდა. ტრაპიდან გიჟივით დაეშვა და ჩამეხუტა და მე ვიგრძენი ის ნესვის სუნი, გულრიფშში რომ ვგრძნობდი.

 

– გაზრდილხარ, ჩემები სად არიან?

 

– სახლში გიცდის დედა.

 

– ოოო! ეს რაღაც ახალია, – გოგამ ჩანთა გადამკიდა ზურგზე და ამოისუნთქა, – მომენატრა ეს საცოდავი ქალაქი.

 

– დაჭრილი ხარ? – ვკითხე, რადგან დედამისის თქმით, მხოლოდ დაჭრილები და მიცვალებულები მოფრინავდნენ.

 

– დაჭრილიც ხარ და აჭრილიც. საიდან მოიტანე?

 

– რა ვიცი. . .

 

– რა ხდება, ვიგებთ ომს? ტელევიზორში აცხადებენ, ვიგებთო, – გოგას უცებ სახე შეეცვალა, თვალები გაუნისლიანდა, მერე ქვემოთ ჩახარა, თითქოს რაღაცის სცხვენიაო და ჩუმად ჩაილაპარაკა.

 

– მაგათმა რა იციან აფხაზეთში რა ხდება.

 

– მერე თქვი, შე კაცო, რას გვიმალავ? – ვცადე ხუმრობა, რომ ცოტა გამემხიარულებინა და გოგაც, როგორც ყოველთვის ჩემ ყველა დებილურ ოხუნჯობაზე თავისი დებილური ხუმრობით მპასუხობდა.

 

– რა ხდებოდა და გრიალი იყო, მაგარი გრიალი.

 

– კარგი, გოგა, გადავიდა მოდიდან ეგ ხუმრობა.

 

– მე არ ვხუმრობ.

 

ისე, გაგიარა წყენამ თუ ისევ გულში გიდევს?

 

– რა ვიცი? – არადა ვიცოდი, რომ ისევ გულში მედო. კაი ბოღმა ვყოფილვარ, მაგრამ წითელი მზის წართმევას ვერავის ვაპატიებდი და ვერავის დავუთმობდი მისთვის ბრძოლას, გოგამ კი დამათმობინა.

 

– ტაქში ჩავჯდეთ.

 

– ჩავჯდეთ, ოღონდ მე ვიხდი.

 

– გადაიხადე, რა ვქნა, – ღიმილით მითხრა და ჩვენ მანქანაში ჩავსხედით.

 

– ბებია მარო რას შვება? – ცივმა ოფლმა დამასხა, რაღა მე უნდა მეთქვა სიმართლე.

 

– ბებია მარო აღარ არის! – გოგა წინ იჯდა და არც გამოუხედავს ჩემსკენ, გზას უყურებდა, მე მის თვალებს ვერ ვხედავდი, მაგრამ მაინც ვხედავდი, რომ ცრემლები მოსდიოდა. არასდროს მენახა ატირებული გოგა და არც ახლა მანახებდა თავის ცრემლს, უბრალოდ მე მის გულს ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ახლა უდუღდა, როგორც მზეში ჩავარდნილი მთვარის პატარა ნატეხი. მე ხელი დავადე ზურგზე, სამძიმარის ნიშნად და ვიგრძენი, რომ მისი ბეჭები თრთოდა.

 

 ორი დღე არ ვნახე გოგა, დედასთან მარტო ლაპარაკს ვაცლიდი. მინდოდა მათ შორის ყველაფერი კარგად ყოფილიყო და ალბათ იქნებოდა კიდეც, მე მჯეროდა გოგას ნიჭის და მჯეროდა, რომ დედა უყვარდა. რამდენიმე დღეში გამომიარა და ვაკის სასაფლაოზე ავედით, ბებია მაროს საფლავზე.

 

– შენ იცნობდი ჩემ ბებიას?

 

– კაი, ნუ გაატრაკე, როგორ არ ვიცნობდი? შენ სკლეროზი ხომ არ აიკიდე აფხაზეთში?

 

– მართლა გეკითხები. შენ მას არ იცნობდი და თუ იცნობდი, ისე, როგორც ყველა შენი ძმაკაცის ბებიას იცნობ, რომ გაგიღიმებს და საჭმელს შემოგთავაზებს, სტუმრად რომ მიხვალ.

 

ის კი, სხვანაირი იყო, ჩემი ტოლი, შენი ტოლი, დედაჩემის, მამაჩემის ტოლი. ის მზე იყო ჩემთვის, ერთადერთი მზე, რომელიც დადიოდა, ანათებდა და მათბობდა. აფხაზეთში რომ მივდიოდი ასე მაცილებდა, აბა, შენ იცი, ბევრი არ იგრიალო რუსის ქალებშიო და იცი, რატომ მეუბნებოდა ამას? იმიტომ, რომ დავემშვიდებინე, იმიტომ, რომ დაენახვებინა ჩემთვის, რომ თვითონ ხუმრობის ხასიათზე იყო. შენ არ იცნობდი ბებიაჩემს. შენ გგონია, რომ ვეუბნებოდი, ბიჭებში დაძვრებოდი ბაბუის სიკვდილის შემდეგ, მართლა მასე იყო საქმე? არა, ეგერე კი არ იყო, ჩვენ ვხუმრობდით, ის ხუმრობდა, როგორც თვრამეტი წლის გოგო, როგორც ჩემი ჭკუის და ჩემი ტოლი. მე ის მიყვარდა, იცი ეს შენ, თუ არა? ის ჩემი სისხლის ნაწილი იყო, რომელიც ასე მოულოდნელად მომაკლდა და წავიდა ჩემგან. მას არავინ არ იცნობდა ისე, როგორც მე ვიცნობდი, არც შენ, არც მისი შვილი, რომელიც ამდენი წლების შემდეგ ჩამოვიდა ჩემს სანახავად და რომელიც დედაჩემია, – გოგა თვალებში არ მიყურებდა, საფლავის ქვაზე იჯდა და შუბლი ხელებზე ედო, ის ქვემოთ იყურებოდა და მე ახლაც ვგრძნობდი, რომ მისი თვალები დანისლული იყო.

 

– მე ვუყვარდი ბებიაშენს.

 

– შენ ყველაზე მეტად უყვარდი, – მითხრა გოგამ, ამომხედა და ცალყბად მიღიმოდა.

 

– დედაშენმა რაო?

 

– არაფერი, მიდის ისევ.

 

– სად?

 

– ფოთში, სად უნდა მიდიოდეს? გერმანიაში. იქ ოჯახი ჰყავს, ჩემი გერმანელი ძმა და და, კიდევ, ჩემი გერმანელი მამინაცვალი.

 

– შენც წაყევი, გოგა, ბერლინი მაგარი ქალაქია.

 

– სად წავყვე, მე ამ ოხერ ქალაქს ვერ დავტოვებ, ბებია მაროსავით საყვარელი და ახლობელია ჩემთვის. იქ იმათ რა ენებზე ველაპარაკო? ჩვენ ისინი არ გვიცნობენ, პაპუასები ვგონივართ.

 

– რატო? მოუყვები ომის ამბებს, სკოლის ამბებს, ჩვენ ამბებს და გაგიგებენ, აბა რა უბედურება იქნება.

 

– მაგათმა რა იციან აფხაზეთში რა ხდებოდა, და საერთოდ, მათ ჩვენი არ ესმით.

 

– შენ გიყვარს დედაშენი?

 

– მიყვარს.

 

 ტელევიზორი ისევ იგივეს აცხადებდა, შუქი ქვრებოდა, ინთებოდა, ნავთის “კერასინკა” გვათბობდა, სკოლას ვამთავრებდი, სოხუმი იკარგეოდა, თბილისი სუნთქავდა, სიცოცხლე გვიჭირდა, მარიამი მიყვარდა, გულრიფში აღარ მესიზმრეოდა, დელფინი სხვა ზღვებში დაცურავდა, სოხუმიდან მიცვალებულები ჩამოჰყავდათ, სოხუმი დაიკარგა...

 

 ჩვენი ცოხვრება თითქოს არ იცვლებოდა, სიყვარული გვეცლებოდა და მის სანაცვლოდ სინანული და ტკივილი მოდიოდა. მიფრინავდა ჩემი ბავშვობის ოცნება, ჩემი ზღვისპირა სახლი, ჩემი კალაძეების ღობე, რომელშიც თავით გავიჭედე, ჩემი მზე და ულურჯესი ცა და არავინ იცოდა, თუ როდესმე უკან მობრუნდებოდა, ან თუ მობრუნდებოდა, ისევ ისეთი თუ იქნებოდა, როგორიც ადრე იყო, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე.

 

მე და მარიამი ხშირად დავდიოდით გოგასთან, ის მარტო ცხოვრობდა, მაგრამ ისევ ხალისით და სითბოთი იყო გაჟღენთილი ამ სახლის ძველი კედლები. სოხუმი და აფხაზეთი რომ ჩამოგვაჭრეს, ამაზე გოგასთან ხმას არ ვძრავდი, ყველაფერი თვითონაც კარგად იცოდა და მეც ზედმეტს არაფერს ვლაპარაკობდი. მარიამის დაბადების დღე ახლოვდებოდა და საჩუქრის ფული არ მქონდა, სახლშიც ვერ ვთხოვდი, ვატყობდი იმათაც არ ჰქონდათ.

 

– მე მოგცემ მაგარ საჩუქარს, – მითხრა გოგამ, დაღონებულს რომ ვეღარ გამიძლო.

 

– რას?

 

– ბებიაჩემის ბრილიანტის საყურეებს.

 

– შენ ხომ არ გაგიჟდი?

 

– რატომ? რომ მოვკვდები თან უნდა წავიღო? მაროს ყველაზე მეტად ეგ გაუხარდებოდა, რომ თბილისელ, ლამაზ გოგოს ეკიდოს ყურზე მისი საყვარელი ნივთი, თან ხომ გახსოვს, შენ როგორ უყვარდი?

 

– ვერ გამოგართმევ.

 

– ნუ ატრაკებ! ხმას არ გავცემ არც მარიამს, არც შენ და არც დაბადების დღეზე წამოვალ.

 

 ავდექი და გამოვართვი, აბა რა მექნა, თან საჩუქარიც მაგარი იყო და მეამაყებოდა კიდეც, რომ ამ ძვირფას ნივთს მივუტანდი მარიამს.

 

დაბადების დღეც დადგა და ქართველებს როგორც გვჩვევია, მიუხევადად ყველაფრისა, დიდი დღეობა გავმართეთ. იყო 2 პაც და Bob Mrlei, სმა და გატყვრომა, პრანჭვა და გრეხვა.

 

გოგა თავისთვის იჯდა სუფრის ბოლოში და ხანდახან თუ გაიცინებდა რამეზე, ან იშვიათად თუ ჩართვებოდა ლაპარაკში. მშობლები არ იყვნენ და ყველა ისე იქცეოდა, გეგონება საკუთარ სახლში ყოფილიყვნენ და ალბათ, საკუთარ სახლს ცოტა უფრო გაუფრთხილდებოდნენ, ვიდრე მარიამისას, იმდენი თეფში და ჭიქა გატყდა, ფრთხილად უნდა გაგევლო, რომ ფეხი არ გაგჭროდა.

 

– გაუმარჯოს აფხაზეთს! – ღვინის ბოთლით ხელში წამოხტა სანდრო ხურციძე.

 

– გაუმარჯოს, გაუმარჯოს! – გაისმა მთელ სახლში და მე ამ დროს გოგას დავუწყე თვალებით ძებნა. გოგა ისევ უხმოდ იჯდა სუფრის ბოლოში, ასეთი მოწყენილი არასდროს მენახა. შეიძლება არც იყო მოწყენილი, უბრალოდ მე ვიყავი შეჩვეული, მის მხიარულ თვალებს.

 

– აფხაზეთში, თურმე სოფელს რომ აიღებდნენ, უკან დაიხიეთო, ბრძანება მოდიოდა – იძახდა სანდრო და ყველას ისე გვიყურებდა, თვალებით გვანიშნებდა, მე მიგდეთ ყური, მე ზუსტად ვიციო.

 

– შენ ვინ გითხრა? – ჩაერია ლაპარაკში გოგა.

 

– რას ქვია, ვინ მითხრა, მამაჩემი იყო ომში.

 

– მერე?

 

– მერე და კერე. ვიცი რასაც ვიძახი, – შეუტია ღვინო წაკიდებულმა სანდრომ. გოგა წამოდგა და კისერში ორივე ხელი ისე წაუჭირა, გული გამიჩერდა, შემეშინდა არ დაეხრჩო მთვრალი სანდრო. მერე ცოტა მოუშვა ხელები და შეაჯანჯღარა.

 

– შენ არ იცი აფხაზეთში რა ხდებოდა! – ჩვენ გაშეშებულები ვუყურებდით ამ სანახაობას, – შენ არ იცი რა ხდებოდა! – ჩუმად გაუმეორა და ხელიც გაუშვა.

 

სანდრომ ძლივს ამოისუნთქა. მე მივვარდი გოგასთან.

 

– რა დაგემართა, დათვერი? – მან გამიღიმა და მხარზე ხელი მომარტყა.

 

– თქვენ არ იცით, რა ხდებოდა აფხაზეთში!

 

– მერე გვითხარი.

 

– მაპატიეთ, – ხმამაღლა უთხრა ყველას და წავიდა.

 

 დაბადების დღე მალე დასრულდა, დასრულდა, რადგან სოხუმის დარდი მოაწვა ყველას და მხიარულება გაქრა. გოგა აქ არაფერ შუაში იყო. მე მარიამს ვაკოცე და დავემშვიდობე. თბილისში შემოდგომა იყო 1993 წლის და ისედაც სევდიან წელიწადის ამ დროს, უფრო მეტი სევდა შეჰყროდა, უფრო ყვითელი და უფრო სველი იყო, ვიდრე სხვა შემოდგომები.

 

სახლში ყველას ეძინა, შუქი არ იყო, ამიტომ არავინ აღარ შემიწუხებია ბრახუნით და მრგვალ ბაღში დავჯექი.

 

– სიგარეტი ხომ არ გაქვს? – მკითხა ლოთმა.

 

– მაქვს, ვუთხარი და რომ უნდა ამომეღო, მივხვდი, უფრო სწორად, გამახსენდა, რომ არ მქონდა.

 

– არ მქონია.

 

– არა უშავს. არც მე არასდროს არ მაქვს.

 

– ჰოო.

– ნახვამდის მეგობარო.

 

– კარგად, – მომიგო ხის მწვანე სკამზე წამოწოლილმა ლოთმა.

 

 სკოლაში “კავეენი” იმართებოდა დ მეც მთავარ როლში ვიყავი. ჩხუბის გარეშე “კავეენი” ვის გაუგია თბილისში, მითუმეტეს სკოლაში. 55-ელ ბიჭებს ველოდებოდით და მთელი დარბაზი გატენილი იყო, ჟიური ოთხი თუ ხუთი კაცისგან შედგებოდა. საერთოდ 55-ელებს მაგარი გუნდი ჰყავდათ და გუნდში რაც არ უნდა უცნაური იყოს, სულ ბიჭები იყვნენ. ჩვენი დირექტორი, ეგრედწოდებული “ტატულიაც” გამოჩნდა და საღამო გახსნილად უნდა გამოცხადებულიყო, რომ ვიღაცამ, არც კი მახსოვს ვინ, სცენასთან მოვიდა და ხმადაბლა მითხრა:

 

– გოგამ თავი მოიკლა...

 

თვალები ჩამიქვრა, გონება წამეშალა, პირი გამიშრა და კლასელებისკენ მივტრიალდი, სადაც ხალხი იცინოდა და ხარხარებდა, მაიმუნობდა და ხითხითებდა. მე სცენიდან ჩამოვედი და დარბაზის გასასვლელი კარისკენ დავიძარი.

 

– სად მიდიხარ? – გადამიდგა ღიმილნარევი სახით ჩემი კლასელი, არც მისი ვინაობა მახსოვს, უბრალოდ, მახსოვს, რომ ხელი ვკარი და ჩამოვიშორე გზიდან.

 

სირბილით წავედი ბარნოვიდან ატენის ქუჩამდე. გზად, მახსოვს, რამოდენიმე ნაცნობი გადამეღობა და გამარჯობა მითხრა, მაგრამ მე მათ გვერდს ვუვლიდი, თითქოს ბოძები ყოფილიყვნენ. გვერდზე არც გამიხედავს, მაგრამ მახსოვს, ყვითელი ფერი მომყვებოდა გზადაგზა და ნესვის სუნს ვგრძნობდი ისევ.

 

 გოგამ ღამის თორმეტის ნახევარზე, თავის ოთახში, თავის აკმ-ის ავტომატით მოიკლა თავი და ცხოვრება დასრულდა. მე, ქვემოთ, სადარბაზოსთან ვიდექი და მაღლა ასვლას ვერ ვბედავდი, არ მინდოდა გარდაცვლილი მისი სახის ნახვა. პანაშვიდებზე უამრავი ხალხი მოდიოდა და ყველა მეოთხე სართულზე ადიოდა, რათა დეიდა ნუცასთვის სამძიმარი ეთქვათ, მე კი შეშინებული ბავშვივით სადარბაზოს კუთხეში ვიდექი და დეიდა ნუცასთან ასვლას ვერ ვბედავდი, მისი დანახვის მეშინოდა, მისი თვალების მეშინოდა, რომელიც ასე გავდა გოგას თვალებს. ჭავჭავაძის ქუჩაზე გამოვედი. კუთხეში ქალები იდგნენ, გავიგონე, გოგაზე და აფხაზეთზე ლაპარაკობდნენ.

 

ჩქარი ნაბიჯით მივუახლოვდი და თითქოს ჩემს თავს ვეუბნებოდი, ისე ვუთხარი:

 

– თქვენ არ იცით აფხაზეთში რა ხდებოდა.

 

– შენ ვინა ხარ?

 

– მე ვანიკო ვარ!

 

– მერე, შენ იცი არა, რაც ხდებოდა? – დაცინვით მკითხა ერთ-ერთმა.

 

– მე არა, გოგამ იცოდა, მან იცოდა რა ხდებოდა აფხაზეთში, – ჩუმად ვთქვი, ისევ ჩემთვის და გამოვბრუნდი.

 

 შემოდგომა კვდებოდა, აფხაზეთი გვშორდებოდა, წითელი მზე იკარგებოდა, დელფინი აღარ ჩანდა, ზღვა ღელავდა, ნესვის სუნი სამუდამოდ ქრებოდა.

 

 მე ჭავჭავაძის გამზირზე ნელი ნაბიჯით მოვდიოდი და გულში ვიმეორებდი: გაპატიე, გოგა, ყველაფერი გაპატიე და ახლა გთხოვ, შენ მაპატიე, რომ ჭადრაკის სასახლეში ჩემი გადარჩენა ვერ ვიგრძენი. . .

 

 

 

 

გ უ რ ჯ ი ნ თ ა ხ ი

 

 

 ჟოზეფინას სიკვდილის ამბავი დაზუსტებით არავინ იცოდა. სიკვდილის წინა დღეებში ბაშეც არ შეუშვეს. “გულმა ვერ გაუძლო საცოდავს”, ეს სიტყვები უთხრა გველეშაპმა მაგდანამ ზვიადს. ზვიადს ეჭვები ღრღნიდა, მაგრამ ექიმმაც რომ იგივე დასკვნა გამოუტანა ფურცელზე და რომ დაადასტურა მაგდანას სიტყვები, რაღას იზამდა, ადგა და დაიჯერა. სინამდვილეში, კი სულ სხვა ამბავი იყო, სანამ ეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდებოდა, მაგდანას კაბინეტში ვიღაც კაცი შევიდა და ესეთი საუბარი შედგა:

 

– რა ხდება?

 

– რა უნდა ხდებოდეს?

 

– ვერ ხვდები, რასაც გეკითხებიან?

 

– ვხვდები, მაგრამ რა ვქნა, გამაგებინე?

 

– როგორ თუ რა ქნა?

 

– ხო, რა ვქნა?

 

– რა ქნა და ყველაფერი!

 

– ვაკეთებ, ბატონო, მაგრამ არ გამოდის.

 

– უნდა გამოვიდეს.

 

ყველანირი ინფორმაცია გაქვს და ახლა შენ ნიჭზე და მონდომებაზეა.

 

– ვიცი, ბატონო, მაგრამ რკინის გამძლეობა აქვს ამ შეჩვენებულს. წყალსაც სამ დღეში ერთხელ ვაძლევ, მაგრამ ისე გამოიყურება, გეგონება კურორტზე ისვენებდესო. ნაპოლეონის სურათებიც დავუკიდე ოთახში, მაგრამ რეაქცია ნოლი.

 

– ერთი მე ვიყო თქვენს ადგილზე, განახებდი რა და როგორ ხდება.

 

– ჩემი მარჯვენა ხელია, ხომ გახსოვთ ქოსა კაცი? ხომ არ გადავაცვა ბონაპარტის სამოსში და ხომ არ შევუშვა პალატაში?

 

– მოსაფიქრებელია, – იძახდა კაცი და თვალებს ჭუტავდა.

 

მაგდანა წამოდგა და ბოლთის ცემას მოჰყვა კაბინეტში.

 

– წყალს კიდევ მოვაკლებ და მერე ნამდვილად ვეღარ გაუძლებს, მაგრამ ამასობაში ვინმე მაგის წყეული ოჯახიდან არ წამადგეს თავზე.

 

– ვინ წაგადგება, არავის უშვებენ.

 

– მაშ, შევუმცირო წყლის დოზა?

 

– მოსაფიქრებელია.

 

– ამდენი დრო არ გვაქვს, ბატონო.

 

– რამე სხვა მოვიფიქროთ.

 

– რა?

 

– ეგ თქვენი საქმეა.

 

– მომეშველეთ, ესე მარტოს მიჭირს, თან ბოლოს და ბოლოს ქალი ვარ.

 

– შენ ქალი არა ხარ, შენ პარტიული დავალების შემსრულებელი გველეშაპი მაგდანა ხარ. ისე, რა მეტსახელი შეგარქვა?

 

– ხუმრობ არა ?

 

– არა.

 

– მაშინ მე ვიცი მაგას რასაც ვუზამ.

 

– მერე უქენი, შე დალოცვილო, ამას არ გეუბნები ამდენი ხანი.

 

– ჩვენ როდის შევხვდებით?

 

– ერთ კვირაში, ამ ოთახში.

 

– ერთი კვირა მეყოფა?

 

– მე რას მეკითხები?

 

– რა ვქნა, ბატონო, მე თვითონ აღარ ვიცი.

 

– იცი, იცი.

 

– ვნახოთ, რასაც მოვახერხებ. . .

 

– ვნახავთ! – გაუღიმა კაცმა, შავი შლიაპა დაიხურა და ოთახიდან გავიდა.

 

 ჟოზეფინა პალატაში იწვა. ბიბლია გადაეშალა და დავითის და გოლიათის შერკინებას კითხულობდა. ნაპოლეონის პორტრეტები აჭრელებული პალატის კედლებიდან დაჰყურებდნენ და თავზე ადგნენ ჟოზეფინას. უჭირდა გურჯინთახს მათი მზერის გაძლება, მაგრამ რამდენ სურათს ჩამოხევდა, იმდენჯერ, ქოსა კაცი მოდიოდა და მის ასლს ჰკიდებდა. ბაშე გამზრდელი ენატრებოდა, თითქოს მას რომ ხედავდა გული ეძლეოდა, ბაშე კი არსად ჩანდა, მასთან დიდი ხანია არავინ შესულა პალატაში, მაგდანას და ქოსა კაცის გარდა. “როდის გამიშვებენ სახლში” ცრემლმორეული კითხავდა ხოლმე თავის თავს, პასუხის გამცემი კი არავინ იყო.

 

ბიბლია დახურა და ჩაეძინა. სიზმრებს დიდი ხანია ვეღარ ხედავდა, არა და როგორ უნდოდა. უნდოდა სიზმარში მაინც გამოჩენილიყო თავისი საყვარელი სახლი, რომელიც ნელ-ნელა მოგონებას ემსგავსებოდა.

 

– გამიღეთ კარი! გამიღე, ჩემო საყვარელო ჟოზეფინა, შენი ქმარი ვარ, – გაისმოდა პალატის კარს უკან, – ნუთუ აღარ გიყვარვარ ჟოზე? შენი ქვეყნის მფლობელი და ხელმწიფე ბონაპარტი ვარ.

 

 ჟოზეფინამ ხელის კანკალით გადასწია პალატის ურდული და კარი გააღო.

 

ზღურბლზე აღარავინ იდგა... – წყალი მინდა! – დაიძახა კანკალით.

 

– წყალი ჯერ არ გეკუთვნის, ჩემო გოგო, – გამოსძახეს სამორიგეოდან.

 

– წყალი მომიტანეთ, ნაძირლებო! – ღრიალებდა გოგო, – წყალი! მკვლელო მათხოვრებო!

 

– რა გჭირს, ჩემო გოგო, კიდევ რამე მოგელანდა? – ალერსიანად გამოსძახეს უკვე რამდენიმე ხმამ ერთად.

 

– ნაბიჭვრებო, მწყურია! – ყვიროდა ჟოზეფინა და თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა.

 

– რა ხდება? – გამოჩნდა მაგდანა, ჟოზეფინას მიუახლოვდა და თავზე ხელი გადაუსვა – ვინ გაბრაზებს ჩემო გოგო?

– წყალი მინდა.

– წყალი? ოოო! წყალი სამ დღეში იქნება. შენ მანამდე დაისვენე, წამოწექი, ბიბლია გადაშალე და სამი დღეც, სამი წამივით გაირბენს, – მაგდანამ ისე გაუღიმა ჟოზეფინას, გოგოს ცოტა შეეშინდა, თან ლოყაზეც მოუთათუნა ხელი.

 

– მეზიზღები! სამ დღეში მე მოვკვდები.

 

– როგორ გეკადრებათ, თქვენ ბიბლია დაგეხმარებათ.

 

– როგორ მეზიზღები, რომ იცოდე?

 

– ხდება ხოლმე. პაციენტებს ვეზიზღები, მაგრამ ბოლოს ჩემი მადლიერნი რჩებიან. ახლა შებრძანდით, თუ შეიძლება, თქვენს პალატაში და სამ დღეს მოთმინებით დაელოდე.

 

 გარბოდა დრო, წამები, წუთები, საათები, დღეები, მაგრამ ჟოზეფინასთვის ყველაფერი გაჩერებულიყო. არც დრო არსებობდა და არც ჟამი. ყარაულების და მაგდანას გარდა არავინ იყო მისთვის. ნაპოლეონი ისევ აკითხავდა და ათრთოლებული, ნაზი ხმით კარის იქიდან სიყვარულს უხსნიდა, – გამიღე, ჩემო მეუღლევ, მე ვატერლოოდან ვბრუნდები, ან – გამიღე, ჩემო კონკიავ, ბოროდინო გადამწვარია, – კარს გააღებდა თუ არა, ბონაპარტის კვალიც კი არსად ჩანდა.

 

ყელი გაუშრა, ჯერ ერთ დღესაც არ გაევლო და უკვე ფეხებსა და ხელებში ძალას ვეღარ გრძნობდა.

 

როგორც იქნა ჩაეძინა და სიზმარიც გამოცხადდა, მაგრამ ეს მისი ნანატრი ქსნის სახლი არ გახლდათ, ეს უფრო ტკბილი მოჩვენება იყო, “წყალი”. გურჯინთახმა წყალი მოიყუდა და ანკარა სითხემ, მის გავარვარებულ ყელს სიცოცხლე დაუბრუნა. გამოეღვიძა, წამოდგა და კარებთან მივიდა, უნდოდა დაეძახა, მიშველეთ წყალიო, თუმცა კარგად იცოდა, მშველელი არავინ იყო და არც არსაიდან გამოჩნდებოდა. ბიბლია გადაშალა ისევ და კითხვა დაიწყო, მოსე თავის ჯადოსნური ჯოხით წითელ ზღვას შუაზე აპობდა და უშველებელი წყალიც გზას უთმობდა მოსეს და ქანაანელებს. “ისევ წყალი, ყველგან წყალი” ფიქრობდა ჟოზეფინა და ისევ ეძინებოდა, – მიიღე წყალი! – გამოაღვიძა მორიგე ექთნის ხმამ ცოცხალმკვდარი.

 

– რა ვქნა?

 

– რა ქენი, რო?

 

– სამი დღე არ მივეცი წყალი და მაგ ეშმაკის ნაშიერმა მაინც გაუძლო.

 

– ორ დღეს ვერ ძლებს ადამიანი და ეგ აქლემი ხომ არ არის?

 

– რა ვიცი, მაგრამ უძლებს. მეტს ვეღარ დავაგვიანებ, ხომ იცი კომისია შეიძლება დღე-დღეზე მოვიდეს.

 

კაცი მოთმინებით უსმენდა ქალის წუწუნს, მერე ჯიბიდან ფხვნილი ამოიღო და მაგიდაზე დადო.

 

– ამას ჩაუყრი წყალში.

 

– ვაიმე, რას მიკეთებთ? – მაგდანა ჟოზეფინას სიკვდილზე კი არ ნერვიულობდა, ექიმის საბოლოო დასკვნის ეშინოდა.

 

– რა გაგიკვირდა? თუ გგონია რასაც აქამდე სჩადიოდი, მის სიცოცხლეს არ ემუქრებოდა? მაგას სჯობია ამით სწრაფად მოუღო ბოლო, – მაგიდაზე დადებულ შუშაზე მიანიშნა ხელით კაცმა.

 

 მეორე დღეს ექიმმაც დასკვნაში გულის შეტევა ჩაწერა, ისეთი ხალხის მითითებით, ვისიც სიკვდილივით ეშინოდა და ჟოზეფინა გურჯინთახიც მიწას მიაბარეს.

 

 შუადღე მზის გამოჩენას ელოდა, მაგრამ მზის ნაცვლად ლურჯი ქარი დაჰქროდა მწვანე ქსანში. ქარი არც მთვარეს არ აძლევდა გამოჩენის საშუალებას.

 

ღამე მოვარდა, როგორც შავი ხარი და ქარიც ფეხქვეშ გაიგდო, ის უმოწყალოდ დარბოდა და სადაც მისი ძლიერი რქები მისწვდებოდა, იქაურობა შავი საღებავით იღებებოდა, უკუნი ღამის საღებავით. ხარი ბრდღვინავდა, ღრიალებდა, ხრიალებდა, ნესტოები ასკდებოდა თითქოს კორიდაზე მატადორს ებრძოდა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში. მზის გამოჩენამდე დარბოდა შავი ხარი ქსანში, მერე მზის ყვითელი სხივებით შეშინებული ხრამში გადაეშვა და ღამეც დასრულდა. მწვანე, ხავსიანი, ცვრიანი, ნისლიანი მიწა, ნელ-ნელა შვებით სუნთქვას იწყებდა, ხარის ბოგინით გადაღლილი, მზეს ღიმილით შეგებებოდა.

 

 თინათინი გორისკენ მიმავალ გზას დასდგომოდა ეტლით და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, თითქოს იმალებოდა, ვინმე ნაცნობი ხომ არ მხედავსო. რატომ კაცმა არ იცოდა, მაგრამ რაღაც იდუმალისკენ რომ მიიწევდა, აშკარა იყო. ქალაქში შევიდნენ და ბაზართან გაჩერდნენ, ქალი ვიღაცის მოსვლას მოუთმენლად ელოდა, მეეტლეს ეკითხებოდა ვინმე გამხდარ, შავებში ჩაცმულ ქალს ხომ ვერ ამჩნევო.

 

წვიმას აპირებდა და დიდხანს ერთ ადგილზე ვერ გაჩერდებოდნენ.

 

– მოდის, ქალბატონო, – დაიძახა მეეტლემ.

 

თინათინმა ეტლის ფანჯარაში გაიხედა და ქათისა ამილახვარი დაინახა, სულ შავებში იყო გამოწყობილი, თავშალიც ისე ჰქონდა მოხვეული მთელ სახეს უფარავდა, მამამისი სანდრო თუ იცნობდა, თორემ სხვა ვერავინ.

 

– კარგი, შენ სახლში გაქანდი და კრინტი არ დაძრა, რომ გორში ჩამომიყვანე, გასაგებია?

 

– კი, მაგრამ რომ გაიღვიძებენ და სახლში არ დახვდები, რა ვუთხრა?

 

– შენ რა უნდა უთხრა? არც არავინ არაფერს გკითხავს, რომ დავბრუნდები, მე ვიცი რასაც ვეტყვი, – მეეტლემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ქალიც ეტლიდან გადავიდა. ქათისას ხელი იდაყვში მოჰკიდა და ბავშვივით წაიყვანა. დაბნეული ჩანდა, კისერს აქეთ-იქეთ ატრიალებდა, ვინმე ხომ არ გვითვალთვალებსო.

 

– იცოდე, არსად წამოგცდეს, რომ შეგხვდი.

 

– რას ამბობთ, ქალბატონო, მე მოგიყვანეთ და როგორ წამომცდება, – თინათინმა ხელი გაუშვა და ისე განაგრძეს გზა. დიდხანს იარეს, ბოლოს ერთ ქვაფენილიან, ვიწრო ქუჩაზე შეუხვიეს და სარდაფში კიბით ჩავიდნენ. სიბნელე იყო, იატაკი ნესტიანი და ჭერიდან წყალი წვეთავდა. გრძელი დერეფანი გაიარეს და ფარნებით განათებულ, შავ, განიერ, ფართო ოთახში შევიდნენ. ოთახში წითელი დროშები ეკიდა და ბევრი ხალხი იყო, ალბათ ორმოცდაათამდე სულიერი.

 

სკამები იდგა ხის და სკამების წინ, პატარა ტრიბუნა, ეტყობოდათ ვიღაცის გამოსვლას ელოდებოდნენ. ქათისას ვიღაც ულვაშებიანი, თვალებგანიერი კაცი შეეგება.

 

– მობრძანდით, ქალიშვილებო?

 

– დიახ, – მოკრძალებულად მიუგო გოგომ.

 

– თქვენთვის სკამები დაკავებული მაქვს, – გაიპრანჭა თვალებგანიერი. ქათისამაც გაპრანჭვას ღიმილით უპასუხა.

 

– საით დავსხდეთ?

 

– აქეთ, – მიუგო კაცმა და ქალებს თავიანთი ადგილებისკენ გაუძღვა.

 

 ტრიბუნაზე დაბალი, ბუთქუნა ლოყებიანი, თეთრ ჰალსტუხიანი კაცი გამოვიდა, დამსწრე საზოგადოებას ცოტა ეჭვით გადახედა, ჩაახველა, სათვალე გაიკეთა და მჭექარე ხმით დაიწყო.

 

– მოგესალმებით, ამხანაგებო! დიდი პატივია, თქვენს წინაშე წარსდგომა. თქვენ ნამდვილი პატრიოტები ხართ, თქვენ პროლეტარიატისა და ქვეყნის კომუნისტური განვითარებისთვის ჭეშმარიტად გიძგერთ გული. ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას დღესდღეობით მართავენ, ჟორდანიებს, ჩხეიძეებს, რამიშვილებს, ჟურულებს და მათნაირებს, მალე მოეღებათ ბოლო! ჩვენ მარქსის იდეოლოგიის მიმდევრები ვართ, მისი სიბრძნე უკვე ყვავის დიდ რუსეთში და სოციალიზმიდან კომუნიზმისკენ მიემართებიან ფრთაშესხმული ჩვენი თანამოაზრენი. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ძირძველი მიწის შვილებით: ამხანაგი ორჯონიკიძე, ამხანაგი სტალინი, ამხანაგი მახარაძე, ისინი სულ მალე ჩვენთან იქნებიან და კომუნიზმს “პოდნოსით” მოგვართმევენ. კომუნიზმი ეგრედწოდებული “ღმერთი” არ გეგონოთ, არასდროს რომ არ სჩანს და გასაჭირის დროს მის ცრუ გამოჩენის იმედად ყოფნას რომ უქადაგებენ ხალხს, მლიქვნელი, ფლიდი და მატყუარა “მღვდლები”.

 

კომუნიზმი არის “ანაზღაურება საჭიროების მიხედვით” ანუ ჩვენ ყოველთვის მისი მძლავრი ფრთის ქვეშ ვიქნებით, გაგვიჭირდება თუ გაგვილხინდება, ის მუდამ ჩვენს გვერდში იქნება მეგობრებო! რუსეთის დიდი წინამძღოლი, ამხანაგი ვლადიმერ ლენინი ჩვენ თანადგომას გვიცხადებს. მას მეფის ოჯახის განადგურებას აბრალებდნენ, მაგრამ ის მხოლოდ მეფის სიკვდილის შვიდი თვის შემდეგ შევიდა “ზამთრის სასახლეში”. მეფე თავად ხალხმა გაანადგურა და მას შემდეგ სოციალიზმის ტკბილი ხანა დადგა რუსეთში. სოციალიზმი, მეგობრებო ნიშნავს პირველ ეტაპს, საფეხურს, კომუნიზმისა, ანუ “ანაზღაურება შრომის მიხედვით”. რუსები კომუნიზმთან ახლოს არიან და ჩვენც მალე ვეზიარებით ამ ბედნიერებას. გაუმარჯოს სოციალისტურ, საბჭოთა საზოგადოებას! ვაშა მეგობრებო!

 

– ვაშა! ვაშა! – დასცხო დარბაზმა. ქათისა აღტაცებით უყურებდა გამომსვლელს და მხურვალე ტაშს უკრავდა.

 

თინათინი დამორცხვებული იჯდა და ქათისას გაოგნებული შესცქეროდა.

– დაუკარი ტაში, – მუჯლუგუნი წაჰკრა ქათისამ. თინათინმაც ჯერ ნელა, შემდეგ კი ააჩქარა ტაშისცემა. გამომსვლელმა განაგრძო:

 

– რას ნიშნავს, გიყვარდეს სამშობლო, მეგობრებო? სამშობლოს სიყვარულს დიდი ლენინი ასე გვასწავლის, რომ გაჭირვებულს, მდიდარს, მუშას, ვაჭარს ერთნაირად მიუწვდებოდეს ხელი ყველაფერზე. გაჭირვებულს ჰქონდეს თავისუფლება ყოველი მხრიდან და იმედი არა ღმერთისა, არამედ ჩვენი დიადი ლენინის და მისი მეგობრების, ანუ ჩვენი, ამხანაგებო! შავოსანი “მღვდლების” თარეში მალე დამთავრდება ჩვენს მიწა-წყალზე და სამუდამოდ აინთება წითელი კომუნიზმისკენ მიმავალი გზა. ჩვენ მოვსპობთ ეკლესიებს, მღვდლებს და ეს ცრუ მოძღვრებაც ღმერთის შესახებ მოკვდება და დასამარდება. როცა საჭმელს, სასმელს და საერთოდ არაფერს ფასი არ ექნება, ფული არ იარსებებს ამხანაგებო, გესმით, ეს რას ნიშნავს? ეს კომუნიზმია! გაიხარე მუშავ წამებულო! გავიხაროთ ამხანაგებო! ვაშა! – და ყველა ერთდროულად ფეხზე წამოდგა და ტაში დასცხეს. თინათინი უკვე აღტაცებით ურტყამდა ერთმანეთს ხელის გულებს.

 

– ამხანაგებო! – ვერ ამთავრებდა ექსტაზში შესული და კომუნისტურ ნირვანაში გადავარდნილი გამომსვლელი – ჩვენ, ყველა ვიცნობთ ერთმანეთს, ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. აქ არის ქათისა ამილახვარი, ნამდვილი პატრიოტი და დიადი კომუნიზმის მეხოტბე.

 

მან ჩვენთან მოიყვანა ჩვენი ახალი მეგობარი, ამხანაგი თინათინ მაჭავარიანი. ვთხოვთ ფეხზე წამოდგეს კომუნისტი ქალი! – თინათინმა შიშით გადახედა აუდიტორიას, მერე ქათისას შეხედა გაბრაზებული თვალებით, თითქოს ეუბნებოდა რატომ არ გამაფრთხილე სიტყვით გამოსვლა, რომ მომიწევდაო, მაგრამ გაბრაზება უკვე გვიან იყო.

 

– გთხოვთ, ამხანაგო, – არ ეშვებოდა ნირვანადან დაბრუნებული აქტივისტი. ქალიც მორიდებით ფეხზე წამოდგა.

 

– გისმენთ?

 

– ჩვენ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ! ხომ შეიძლება?

 

– ბრძანეთ, ბატონო.

 

– ამხანაგო! – შეუსწორა ქათისამ.

 

– ამხანაგო. – გაიმეორა თინათინმა.

 

– ჩვენ გვაინტერესებს რა გახდა მიზეზი იმისა, რომ თქვენ მოინდომეთ კომუნისტური პარტიის რიგემში, ჩვენს მართალ საზოგადოებაში შემოსვლა.

 

– მე. . . – თინათინს ენა დაება, არ იცოდა რა ეთქვა, ღმერთის უნდობლობის გამო იყო აქ მოსული, თუ მართლა ქვეყნის კეთილდღეობა ადარდებდა? შვილის სიკვდილის გამო წუხდა თუ ქმრის უყურადღებობა ტანჯავდა? ზვიადს ხომ ჭირივით სძულდა კომუნისტები და ცოლს ამ საკითხში ნამდვილად ვერ გაუგებდა, გაუგებდა კი არა, შეიძლება სახლიდანაც გაეგდო კომუნისტებთან ჩუმად სირბილის გამო.

 

მაგრამ ზვიადმა ჯერჯერობით არაფერი იცოდა და არხეინად ეძინა თავის მამაპაპისეულ სახლში. – მე ღმერთი მწამდა და მისი იმედი ყოველთვის მქონდა – ისე ჩქარჩქარა მიაყარა ეს სიტყვები აწ უკვე ამხანაგმა მაჭავარიანმა, ხალხმა ყურადღება დაძაბა, რომ რამე არ გამორჩენოდა – თუმცა რამდენი ჭირიც გადამხდა, იმდენი ღმერთი არსად ჩანდა და ვერსად ვპოულობდი. ჩვენთან ერთი მოძღვარი დადის მამა ზენონი. ის სულ მეუბნებოდა, რომ ღმერთი ჩვენშია და ყოველთვის გვეხმარებაო, მე მისი სიტყვების მწამდა, მაგრამ თვალებიც მაქვს და ღმერთს ვერსად ვხედავდი და მის დახმარებასაც ვერსად ვგრძნობდი. მე სასოწარკვეთილი ვიყავი, ამას ისიც დაემატა, რომ შვილი მომიკვდა, ქმარ – შვილს ჩემთვის არ სცალია. ჩემთან მოვიდა ჩემი... – აქ თინათინი შეყოვნდა და ქათისას გადახედა.

 

– მეგობარი, – ჩუმად უკარნახა ამილახვარმა.

 

– ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი, ქათისა ამილახვარი და მაზიარა მარქსის, ენგელსის და ლენინის იდეებსა და აზრებს.

 

გადამიშალა თვალწინ კომუნიზმის სიტურფე და სიმართლე, საიმედოობა და მომავალი, სიმხნევე და სილამაზე და რომ მზე აწი ჩრდილოეთიდან ამოვა ჩვენთვის.

– ტაში მეგობრებო, ამ ორ კომუნისტ ქალბატონს, – ტაში ისევ მოედო მთელ დარბაზს და თინათინი უკვე ამაყად იყურებოდა.

 

 

* * *

 

 ბათუმში “ირინას” მშენებლობა გრძელდებოდა, ნიკოლოზი, როგორც იქნა, ფორმაში ჩადგა და მისი მუშაობით ყველა კმაყოფილი იყო. ჭყონიაც არხეინად ადევნებდა თვალყურს ამ ლამაზი გემის მშენებლობას. ზვიადი წერილებს გზავნიდა ბათუმში და მშენებლობის ამბებს კითხულობდა. იქიდანაც მოსდიოდა პასუხი, რომ შენს მიერ წარმოდგენილი არქიტექტორი მშვენივრად მუშაობსო. ზვიადსაც უხაროდა და ლაშარს პირდებოდა, ცოტა ხანში შენ და ნინოს გემზე წაგიყვანთ და უამრავ ზღვებს მოგატარებთო. ნიკოლოზი თავდაუზოგავად მუშაობდა და სვეტლანაც თითქმის წარსულს მიაბარა, რომ მუშა მიადგა გემზე და წერილი გადასცა.

 

 

 

 

 

წ ე რ ი ლ ი

 

 

 “მომენატრე ჩემო ხომალდის ჯადოქარო! შენ, ვიცი, ჩემზე ნაწყენი იქნები, მაგრამ ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც საჭირო იქნება და როგორც ჩვენს ბედნიერებას გამოადგება. ჩემო ბიჭო, შენ არ იცი, როგორ ვიტანჯები უშენოდ და უსიყვარულოდ.

 

მე ბოშა ქალი ვარ და ბედნიერება მინდა, თავისუფლება მინდა, ამათ კი ჩემი ჩამწყვდევა გადაუწყვეტიათ, ბოშა კი ციხეში მოვკვდება. შენ, ვიცი, რომ სიყვარული დაკარგე, მაგრამ მე გაგიცოცხლებ, ჩემო ხომალდის ჯადოქარო. წერილი ვისაც გამოვატანე, იცოდე ჩემი ერთგულია, ისიც ბოშაა, ოღონდ მანდ ნუ იტყვი. ჩემი სიყვარული შენ გეკუთვნის და მალე მკლავებშიც ჩაგიგორდება და აღარასოდეს წავა შენგან”.

 

  შენი ბოშა.

 

 ნიკოლოზს ოფლმა დაასხა,

 

– ეი, შენ! – დაუძახა მუშას – მიმასწავლი გზას?

 

– ჯერ ვერა, ქალბატონი გაბრაზდება, ცოტა ხანში თვითონ გნახავს.

 

– კი, მაგრამ როდის?

 

– ეგ მე არ ვიცი, გენაცვალე, ეგ მხოლოდ თვითონ იცის – ამოიხვნეშა ბოშა მუშამ.

 

 ნიკოლოზმა სამუშაო ხელსაწყოები მიყარა და გემიდან გადმოვიდა. “სად მოვნახო ეს ოხერი ქალი, სად? – იქნებ, სადღაც აქვეა და მემალება, ან შორს არის და აღარც მნახავს? არ ვიცი, მიყვარს თუ არა. მაგრამ უნდა მოვნახო, რადაც არ უნდა დამიჯდეს”

 ბათუმის ქუჩებში სად მონახავდა, ბათუმში ნამდვილად არ გაჩერდებოდა, მთელი აჭარა დასაჭერად დასდევდა. სახლში მივიდა და ბოშებზე დაწერილი ხაზურ ბაირამოვის რომანი “ბოშა ქალი” გადაშალა.

 

სურათს უყურებდა, ყდაზე რომ ეხატა და საოცრად ამსგავსებდა თავის ახალ გულისსწორს. წიგნით ჩაეძინა და სამწუხაროდ სიზმარში ვერც ბოშა ქალი ნახა, ვერც ძველი, ზღვაში დაკარგული სატრფო, რომელსაც ირინა ერქვა, და რომლის სულსაც დღედაღამ იფიცებდა. გულწრფელი ნამდვილად აღარ იქნებოდა მისი გრძნობები, არც ერთთან მართალი არ გამოვიდოდა, ან ერთი უნდა ამოერჩია, ან მეორე, მაგრამ ამ არჩევანის გაკეთება მაგრად უჭირდა და თავსაც არიდებდა ამაზე ფიქრს. გემზე დაბრუნდა და მუშაობა გააგრძელა. ცუდად იყო, ვეღარ გაერკვია ემუშავა თუ ბოშა ქალზე ეფიქრა, ორივე ერთად აუტანელი ხდებოდა მისთვის. ისევ მიყარა ხელსაწყოები “სადამდე გაგრძელდეს თავის მოტყუება, საკუთარი თავთისგან გაქცევა. ორი გზაა, ან უნდა დაივიწყოს ყველაფერი და გემის შენებას დაუთმოს მთელი დრო, ან ოხრად დარჩეს გემიც, ზვიად გურჯინთახიც, ვალტერ ჭყონიაც, წულაძეც, ჯგერენაც და ეძებოს მისი საყვარელი ქალი.

 

მიყვარს? ეგეც ვერ გამირკვევია, მე საწყალს”. გადარეული იყო ამ ფიქრებით, ვერც ძილმა უშველა, ვერც სასმელმა, ვერც ბოზებში წასვლამ, ისევ მიუტანა მუშამ წერილი:

 

 

 

წ ე რ ი ლ ი

 

“ნუ აჩქარდები, ჩემო გემის ჯადოქარო, ჩემო ოცნებავ, ჩემო სიყვარულო, მე თვითონ გნახავ, მე თვითომ მოგამწყვდევ ჩემს კლანჭებში და მერე შენს თავს ვეღარავინ წამართმევს. შენ გემის მშენებლობა უნდა გააგრძელო, რათა ზღვები და ოკეანეები გადავცუროთ უმშვენიერესი “ირინათი”. გკოცნი, შენი დიდი მოტრფიალე”

 

ბოშა ქალი.

 

 “სახელი მაინც დაწერე, შე ნაბიჭვარო” – ილანძღებოდა დიასამიძე გულში.

 

– წაიღე შენი წერილი და თვალით აღარ დამენახო, წერილს რომ გამოგატანს, ესე უთხარი, შენი ოხერი დედაც მოვტყან-თქო.

 

– შენ ჩემ ბარონესას ეგრე ნუ იხსენიებ, არქიტექტორო, თორემ...

 

– თორემ რა? – გაცოფდა დიასამიძე და ჩაქუჩი აღმართა მუშის თავზე.

 

– თორემ ბარონესა აღარ მოგაკითხავთ.

 

– ერთი შენი და შენი ბარონესასიც. ეგ შენი ბარონესა, იცი, რომ ჩემთვის ბარონესა კი არა ურჩხულია, რომელიც ხან აქედან დაგგესლავს, ხან იქიდან. უთხარი, შემეშვას, თუ ქალია და თუ რამის, ან ვინმესი სწამს, თორემ სადმე იქნება მივაკლავ და შენც ზედ დაგაყოლებ, ჩემთვის უკვე სულ ერთია, გინდ ციხეში ვიჯდე და გინდა ამ ოხერ აყროლებულ პორტში და მაგ შენ ბარონესაზე ვიმტვრიო ტვინი. შენ მე არ მიცნობ, და არც ის შენი ბოშა თუ ბარონესა მიცნობს, ერთ დღეს თუ გადამიტრიალდა ტვინი, კაცმა არ იცის რას ჩავიდენ, გაიგე? – მუშა მშვიდად უყურებდა, მერე “ტფუიო” ზიზღიანად გადაიფურთხა გვერდზე.

 

– შე ნაბიჭვარო ციგანო! – დაიყვირა ნიკოლოზმა და ჩაქუჩი მოუქნია, მაგრამ მუშა ისე მარდად ჩაიკუზა, დიასამიძე ჰაერში დაბზრიალდა და ზღართანი გაადინა გემბანზე.

 

დაბნელდა, ჩიტები მისი თავის გარშემო დაფრინავდნენ, უცებ ირინა გამოჩნდა, ზღვაში იხრჩობოდა, მერე ბოშა ქალი ტუჩებში კოცნიდა, ზვიადიც გამოჩნდა ცხენზე ამხედრებული სადღაც მიჰქროდა, წულაძე და ჯგენერა ტივს აშენებდნენ, ბოლოს ბოშა მუშაც გამოხტა და ჩაქუჩი მოუქნია, მაგრამ აცდა...

 

 თვალები რომ გაახილა, მის წინ ბოშა ქალი იჯდა.

 

ესეც მოჩვენება ეგონა და მშვიდად შეხვდა მის ლამაზ და ნანატრ სახეს.

 

– მე ვარ, ჩემო ბიჭო. შენ ისე ცუდად იყავი, ორი დღე ლოგინში მიწვენიხარ და როგორც პატარა, პატარა აღუა ბავშვს ისე გივლი.

 

– ის ნაბიჭვარი სად არის?

 

– ვინ საყვარელო?

 

– აი, ის ბარონესას რომ გეძახის.

 

– შენთვის ჯერ ნერვიულობა არ შეიძლება.

 

– სად არის-მეთქი! – და ნიკოლოზი ლოგინიდან წამოხტა, მაგრამ ძალა აღარ ეყო და ისევ ბალიშზე მიწვა, თავიდან, რომელიც თეთრი ბინტით ჰქონდა შეხვეული ოდნავ სისხლი ჟონავდა და თეთრ ბინტზე წითელ ლაქად ჰქონდა გამოსული.

 

– ხომ გითხარი, დასვენება გჭირდება, – სექსუალური ხმით ამოიკვნესა ქალმა და წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა, – დალიე, ჩემო გემის ჯადოქარო.

 

– არ მინდა – ბავშვივით ჯიუტობდა არქიტექტორი.

 

– როგორ, ჩემ მოწოდებულს არ დალევ?

 

– არა, სანამ არ გამაგებინებ რა ხდება, არაფერს არ დავლევ.

 

– რა უნდა ხდებოდეს, ჩემო ბიჭო? მე შენ მიყვარხარ და მოგიტაცე, შენი გათიშული თავი, ჩემმა ერთგულმა ბოშამ მომართვა. მან შვილივით მოგიარა, შენ კი, უმადური ბავშვივით ლანძღავ – ნიკოლოზი ზიზღით უყურებდა ქალს, მაგრამ თვალები მაინც სიხარულის სხივებით უბრწყინავდა და ამას ვერაფრით მალავდა.

 

– შენ მე ვინ გგონივარ?

 

– ვინ უნდა მეგონო? შენ ჩემი ბიჭი ხარ.

 

– აჰ, შენი ბიჭი, არა? და მაინტერესებს, როდიდან მიშვილე ქალბატონო უცნობო და უსახელო ადამიანო?

 

– მე არ მიშვილ...

 

– კმარა! – აღმოხდა ავადმყოფს, – ვერ ვმუშაობ, ვერ ვჭამ, არ მძინავს, წიგნის ვერ ვკითულობ, ირინას სულს ვეღარ ვფიცულობ, და ეს ყველაფერი ვიღაც სვეტლანას გამო, რომლსაც სვეტლანაც არ ჰქვია, რომელიც ბოშა, ქურდი, მაწანწალა ქალია, რომელმაც მთელი აჭარა გაქურდა და რომელმაც მის სათამაშოდ მაქცია! ახლა კარგად მომისმინეთ, შენ და იმ შენმა მუტრუკმაც, სად არის შემოათრიე, მაგანაც მომისმინოს. ან ამიხსენი ვინ ხარ და რა გინდა, ან მომკალით, თორემ მე მოგკლავთ ორივეს, რომ გამოვჯანმრთელდები. გაიგე, თუ ვერა?!

 

– გაჩუმდი, – თქვა ბოშამ და ყურებზე ხელი აიფარა, ერთხანს ასე იჯდა, მერე ჩუმად ქვითინებდა, ნიკოლოზისთვის კრინტიც არ დაუძრავს. დიასამიძე კი, რომელიც დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში მდუმარედ უცქერდა ქალს და სიბრალული ნელ-ნელა ეპარებოდა.

 

ქალი ქვითინს მორჩა და თავის ერთგულ ფოსტალიონ მუშას დაუძახა.

 

– ზახარჩიკ! ზახარჩიკ! иди ко мне, иди мой мальчик, სკაჟი ემუ ты же знаеш, как я его люблю, ну чтож ты, мой мальчик, я тебе сто раз говорила, что я его обожаю.

 

– მართალია, შენ ღმერთზე უფრო მაგრა უყვარხარ. შენსავით არავინ ყვარებია, კაცი იმიტომ ჰყავდა, რომ მერე გაექურდა ან. . .

 

– ან რა მოეკლა? თქვი!

 

– არა მოკვლით არა, მაგრამ...

 

– მაგრამ?

 

– მაგრამ...…

 

– თქვი, ამოღერღე!

 

– დაესაჯა.

 

– როგორ დაესაჯა? როგორ სჯიდა?

 

– ან მის მტრებს ჩაუგდებდა ხელში.

 

– ვის მტრებს? თავის მტრებს?

 

– არა კაცო, იმ მსხვერპლის მტრებს.

 

– აა! გასაგებია. რა კარგი ბიოგრაფიის და წარსულის მქონე ქალს გადავყრილვარ. რა საამაყო რამეებს მიყვები. კიდევ რას აკეთებდა, სტამბულში არ ბოზობდა? ან თბილისში ოპიუმს არ ყიდდა?

 

– როგორ გეკადრება, ჩემო ბიჭო! – შეარცხვინა ქალმა.

 

– როგორ მეკადრება, თორე შენც შუშანიკი არ იყო წამებული, ან ნესტან-დარეჯანი.

 

– შენთვის მე ყველაფერი ვარ და თუ ჯერ არა ვარ, მომავალში ვიქნები.

 

– ვაი ჩემს პატრონს უბედურს!

 

– რატომ ჩემო ბიჭო?

 

– სახელი მაინც მითხარი, შე შეჩვენებულო.

 

– რად გინდა?

 

– “ირინა” უნდა წავშალო და გემს შენი სახელი დავაწერო, მაგალითად “ნაბოზარი ნადია” ან “კაცების გიჟი, ოლგა”.

 

– ნუ დასცინი ჩემს გრძნობებს, – ეწყინა ბოშას.

 

– ამას რა ჰქვია!? – თვალებით ანიშნა ფოსტალიონზე.

 

– ამას ზახარიჩი, – ხომ გითხარი.

 

– მითხარი, თორე, ეგეც .

 

– ილია არ იყოს ჭავჭავაძე, რომ ერხელ თქმით დამმახსოვრებოდა.

 

– მოგიყვები, მომისმინე და ყველაფერს მოგიყვები.

 

– გისმენ.

 

– მე ქობულეთში დავიბადე. ჩემი მშობლები რუსეთში დაიკარგნენ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამბობდნენ ციმბირში გაიყინენო. მე დედისერთა ვარ. მშობლების სიკვდილის შემდეგ ისე მიჭირდა, ხანდახან ერთი კვირაც გასულა და პირში ლუკმა არ ჩამიდია, შიმშილით სული მძვრებოდა. მოჯამაგირედ დავუდექი ერთ მდიდარ ებრაელს.

 

ორი შვილი ყავდა, ხან ერთი ჩამიგორებდა ლოგინში, ხან მეორე. ირგვლივ, ვინც ამ ოჯახის გარშემო ტრიალებდა და სტუმრად მოდიოდა, ყველა მდიდარი და ლამაზი ადამიანი იყო “დედა რა ლამაზი გოგოა და რა საწყენია, რომ მოჯამაგირე და ობოლიაო”, სულ ყველა ამას გაიძახოდა და გული უფრო მიკვდებოდა. ბოლოს და ბოლოს ველური ბოშის სისხლი მიჩქეფს ძარღვებში. ჰოდა, ერთ დღესაც, მივადექი ჩემი პატრონის სამკაულებს და სულ გამოვზიდე, რუსეთში გავიპარე და სამკაულები ორმაგ ფასად გავყიდე, ჩემი მშობლების ბოშა მეგობარი დამეხმარა, რომელიც მდიდარი ყაზახი მევახშის ცოლი იყო და რომელიც თავის ქმარს ატყუებდა უკრაინელი გრაფინია ვარო, მოკლედ... ფულებიც ერთად გავანიავეთ.

 

– გასაგებია. ისე, ცოტა რომანტიკულად მინც მოგეყოლა, რომ გული ამჩუყებოდა.

 

– დამამთავრებინე, ჩემო ჯადოქარო.

 

– თუ ღმერთი გწამს, ჯადოქარს ნუ მეძახი! თორემ მეც შენისთანა ქურდბაცაცა და ბოზი ბოშა მგონია თავი. ბოლოს და ბოლოს აღარ იტყვი რა გქვია?

 

– კაცებს როგორც მინდოდა, ისე ვიყენებდი, მათ ბოლომდე დავხარჯავდი, გამოვფიტავდი, თავს შევაყვარებდი და ვქურდავდი.

 

– ყოჩაღ!

 

– მაცდი?

 

– არა! სანამ სახელს არ მეტყვი, არაფერსაც არ გაცდი.

 

– ქალი, უცნაური მოვლენაა, რომელიც თქვენ ღმერთს რომ დავუჯეროთ, თქვენი, კაცების ნეკნიდან გამოგვძერწა ღმერთმა.

 

მას შემდეგ, ჩვენ თქვენი სხეულის განუყოფელი ნაწილი გავხდით და არც თქვენ, არც ჩვენ უერთმანეთოდ ცხოვრება არ შეგვიძლია. ქალი თითქოს სუსტი არსებაა, მაგრამ ურთიერთობა ქალსა და კაცს შორის სწორედ ქალს მიჰყავს, კაცებს კი პირიქით ჰგონიათ. რომ არა ქალის მიზანდასახულება ურთიერთობა საშინელად მოსაწყენია. ჩვენ სიცოცხლე გვინდა და გვინდა თუ არ გვინდა, კაცის ცხოვრებას ვალამაზებთ, ერთი კარგი თვისება კი გაქვთ ყველა კაცს, ბავშვებივით მიამიტები ხართ, რაც არ უნდა გაიძვერანი და მკვლელები იყოთ, რომანტიკოსები ხართ გულის სიღრმეში ეს კი კარგია, მაგრამ ცოტა ხანში მოსაბეზრებელი ხდება და ისევ ჩვენ, მდედრებს გვიხდება სიტუაციის ხელში აღება, რომ ისეთები გახდეთ, როგორებიც ჩვენ გვინდა. ჩვენ ასჯერ და ათასჯერ თავისუფალი ადამიანები ვართ, ვიდრე თქვენ. ქალს დაცვა სჭირდება მამაკაცისგან, მაგრამ ეს დაცვაც იმიტომ გვსურს, რომ მამაკაცს გაუხარდეს თავის სიძლიერე თორემ ქალი დიპლომატიით და ტკბილი ენით, ისე დაიცავს თავს, მამაკაცს რომ არც დაესიზმრება. დიპლომატიას რაც შეეხება, კაცები ჩვენთან ვერც მოვლენ და იცი რატომ? იმიტომ, რომ ქალი ბევრად უფრო ნებისყოფიანი და ტკივილის ამტანია, ვიდრე კაცი, კაცი სრულყოფილია, ჩვენ კი არა, რადგან ნეკნისგან გამოგვძერწეს არასრულყოფილი კი სრულყოფილთან შედარებით ბევრად უფრო კარგად გრძნობს ცხოვრებისეულ საფრთხეებს, უკეთ აქვს განვითარებული თავდაცვის ინსტიქტი, ამიტომ დიპლომატიაც მეტი აქვს, მოთმინებაც და თავშეკავებულობაც.

 

ლიტერატურას, მხატვრობას, მუსიკას და საერთოდ ხელოვნების უმეტეს ნაწილს კაცი ფლობს და მისი ნიჭი უფრო ხმამაღლა ჟღერს, ვიდრე ქალის, მაგრამ ეს იმიტომ, რომ უმრავლესობა, როგორც შენ, ქალს სუსტ და უტვინო არსებად აღიქვამს, მათ არ სჯერათ მდედრის ნიჭისა და როდესაც არ გჯერა, ძალაუნებურად იმისკენ იხრები, ვისიც გჯერა და თქვენ კი, კაცებს, მარტო ერთმსნეთის გჯერათ სწორედ ამიტომ ქალის შრომა კულისებ მიღმა რჩება, მაგრამ ეგ დროებითია. რადგან დედამიწაზე ყველაფერი დროებითია – ნიკოლოზი განცვიფრებული უყურებდა ქალს და ბოლოს ოდნავ შიშნაკრავი ხმით ჰკითხა.

 

– მე როგორი ვარ და თუ ისეთი ვარ, როგორიც შენი თქმით კაცები, მაშ რაზე შემიყვარე, თუ საერთოდ გიყვარვარ?

 

– შენ ქალი ხარ, ჩემო ბიჭო.

 

– ქალი? – ნიკოლოზს სიბრაზისაგან ცეცხლი წაეკიდა და ვეღარ დამალა, – შენ მე შეურაცხყოფასაც მაყენებ?

 

– როგორ გეკადრება, შენ ვაჟკაცი პიროვნება ხარ, ქალის დიდი და უნიჭიერესი ჭკუით, ახლა კი დაიძინე, ჩემო ბიჭო, დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ.

 

– მადლობთ, ყელამდე ვარ თქვენი პატივისცემით და ფემინისტურ-ფილოსოფიური მონოლოგით. მე თქვენი სახელი მაინტერესებს, ბორონესა, უცნობო ქალიშვილო, თუმცა რაღა დროს შენი ქალიშვილობაა.

 

– ზახარიჩ, დასაძინებლები მიართვი, ჩემს ხომალდის ჯადოქარს და მის ძილს გაუფრთხილდი, რომ არავინ შეაწუხოს.

 

– წადი, თქვენი! არც დასაძინებლებს დავლევ და არც წყალს!

 

– ნუ ურჩობ, ჯადოქარო, თორემ ჩემი ზახარიჩი ისეთი ძლიერია, ძალით გავაკეთებინებ დამაძინებელ ნემსს, შენს ქათქათა და საყვარელ, სანაქებო უკანალზე. ზახარიჩ მოდი, მიხედე ავადმყოფს! – ზახარიჩი დიდი ნემსით გამოვარდა, მწოლიარე ერთი ხელით გააკავა და ნიკოლოზს უკანალში დამაძინებელი უთავაზა. ისედაც ღონემიხდილი დიასამიძის გაკავებას რაღა უნდოდა.

 

  სამი დღე გავიდა. ნიკოლოზი, როგორც იქნა გამოშუშდა, ქალიც დიდ მზრუნველობას იჩენდა.

 

– მე უნდა წავიდე, – განუცხადა ქალმა.

 

– იცოდე, ჩვენ ვეღარ შევხვდებით.

 

– რატომ ჩემო ჯადოქარო?

 

– ჯერ ერთი, ჯადოქარიც ხარ და შამანიც და მეორეც, სახელს თუ არ მეტყვი, მე და შენ აღარ შევხვდებით.

 

– კარგი, გეტვი, – შეაგება ქალმა და უცებ, გარედან ყვირილი გაისმა.

 

– გამოდი! სახლი გარშემორტყმულია!

 

– მორჩა შენი ღიღინი,– ირონიულად უთხრა ნიკოლოზმა, მაგრამ გულის სიღრმეში ჯერ თავის თავი ენანებოდა ციხისთვის და შემდეგ ეს ლამაზი ქალი.

 

– ნუ გეშინია, ციხისძირი ხუთიანზე ვიცი – ისე მშვიდად მიუგო ქალმა, თითქოს პოლიციის ნაცვლად, გარედან სერენადას უმღეროდნენ.

 

– ციხისძირში ვართ?

 

– დიახ, ჯადოქარო.

 

– მერე ციხისძირიც ცოდნა რაში გიშველის, სახლს ალყა თუ აქვს შემორტყმული? საიდან მოგვაგნეს?

 

– ეგ მერე გავარკვიოთ, ახლა კი ლოგინი ამოატრიალე ზახარიჩ – ზახარიჩი ლოგინს ეცა და დიასამიძიანა ამოაპირქვავა.

 

– რას შვები შე მუტრუკო?! შენი სისხლი თუ არ დავლიო, რომ გამოვჯანმრთელდები, აგერ ნახავ.

 

– დროზე, მაგის დრო არ არის! – დიდი წინამძღოლივით იჭექა ქალმა და ლოგინის ქვეშ, ხვრელში ჩაძვრა, რომელსაც თურმე მეორე გორაკზე გაჰყავდი.

 

– მეც ჩამოვიდე? – გაიკვირვა ავადმყოფმა.

 

– თუ არ გინდა ნუ ჩამოხვალ. მაგრამ ათ წლიანი კატორღა განაღდებული გაქვს – სიცილით უპასუხა მისი ცოდვით და ბრალით სავსე მუშამ.

 

 მილიციამ თუ პოლიციამ, რაც ერქვათ იმ ადამიანებს, ალყა ვისაც ჰქონდა შემორტყნული, ვერავინ იპოვეს სახლში, რა თქმა უნდა, ამოთხრილი დიდი ხვრელის გარდა, ამიტომ დიასამიძე ისე გამოძვრა საქმიდან, ეჭვი არც არავის აუღია, რომ იქ იყო და გაქცევიდან სამ-ოთხ დღეში პორტში გამოცხადდა მუშაობის გასაგრძელებლად.

 

– სად დაიკარგე, შე კაცო? – ჰკითხა ვალტერ ჭყონიამ, რომელსაც ერთი კვირის მანძილზე ახალგაზრდა არქიტექტორი თვალით არ ენახა.

 

– ნათესავი მომიკვდა ქედაში და იქ გახლდით, ბატონო.

 

– ოოო! ვიზიარებ, ვიზიარებ, – მწუხარება გამოთქვა ჭყონიამ.

 

 

* * *

 

 როდესაც ადამიანი თავის არჩეულ გზას გვერდზე გადადებს და ახლის ძიებაშია, მისი ტვინი ნორმალურ, დალაგებულ მდგომარეობაში არ გახლავთ.

 

ებრძვის საკუთარ თავს, ათასი აზრი მოსდის თავში, ათასი გადაწყვეტილება იბადება და ისევ ქრება. ცხოვრების ეს პერიოდი მისთვის ურთულესი ეტაპია, როდესაც ირჩევ ორ მიმართულებას შორის, ან მომგებიანს ან წამგებიანს. ორივეს ერთად არჩევა კი არ შეიძლება, რადგან ის თეორია, რომ მოგება და წაგება ძმები არიან ტყუილია, ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ და არჩეული გზა ან ერთისკენ გადაგისვრის, ან მეორისკენ. ყველა ადამიანის ოცნება და მიზანი მომგებიანი გზის არჩევაა, მაგრამ ოცნებები ცხოვრებაში ყოველთვის არ ხდება. ჩვენ ხშირად გვხვდება ოცნებაგამოფიტული, იმედგაცრუებული ადამიანი და მას უამრავ რჩევას აძლევენ, თუ კი ვინმე ჰყავს, რა თქმა უნდა, ზოგს მართლა კარგი სურს მისთვის, ზოგიც სარგებლობს მისი არეული გონებით და მცდარი გზის არჩევას კარნახობს. დაბნეულ ადამიანს სწორი არჩევანის გაკეთება უჭირს, ამას მოსდევს გადაწყვეტილების ვერ მიღება და შემდეგ ხანგრძლივი დეპრესია. ბოლოს რწმუნდება, რომ მისი ბედით დიდად არავინ ინტერესდება.

 

განსაცდელში ჩავარდნილი, კი ამ საშინელ სიტუაციას მთლად სწორად ვეღარ აღიქვამს და აზრი ხან სად მოუვა, ხან რაზე, ხან რისთვის და დიდი აბლაბუდაც იქმნება, რომლისგან გამოძრომა, უკვე ძალიან რთული ხდება. მიდის მონასტერში, იწყებს ლოცვას, მარხვას, აღსარების ჩაბარებას, ზიარების მიღებას. ზოგს ეხმარება ღმერთი და ხვდება, რომ სიტუაციის გამოსარკვევად მონასტერი სწორი გზა ყოფილა. ეს იმ ადამიანებს ემართებათ, ვისაც ღმერთის, როგორც ღმერთისაც სწამთ და როგორც ადამიანისაც. არიან პიროვნებები, რომელთაც ღმერთი მისტიკური, ჯადოსნური, ციური მოვლენა ჰგონიათ და გულში ბოლომდე ამ მისტიციზმის არ სწამთ, ამიტომ მათი ეკლესიაში ყოფნა ფუჭი ხდება, ამის შემდეგ ღმერთის რწმენასაც საერთოდ კარგავენ და გამოუვალი მდგომარეობა უფრო გამოუვალი ხდება. ეს დაემართა ჩვენს თინათინსაც და მამა ზენონი ამას ვერ მიხვდა. ვერ ამჩნევდა, რადგან ქალი არაფერს იმჩნევდა და მარხვასა და აღსარებას კვლავინდებურად დიდმორწმუნესავით იცავდა.

 

მამაო გახარებული იყო ამით და გურჯინთახების სახლს ხშირად სტუმრობდა.

ქათისა რომ გიჟდებოდა უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის სწავლით და ჯავახიშვილის ლექციების სმენით, სულ აიღო ხელი სწავლა-განათლებაზე და კომუნისტურ “პადპოლნი” მოძრაობას შეუერთდა. უფრო სწორად, ხელი კი არ აუღია, უბრალოდ მიმართულება შეცვალა, ზარზმელის და საბანისძის კითხვას, მარქსისა და ენგელსის, ფეოდოროვისა და ლენინის კითხვა ამჯობინა და უნივერსიტეტში მხოლოდ ფორმალურად დადიოდა.

 

ქათისა არც ძმას, არც დედ-მამას თავის საიდუმლო გადაწყვეტილებას არ უზიარებდა, მხოლოდ გურჯინთახების გზააბნეულ და რწმენადაკარგულ რძალს მოუყვა ყველაფერი და როდესაც მის სახეზე დიდი ინტერესი ამოიკითხა, კომინიზმის დიადი იდეებიც გაუზიარა და “პადპოლნი” საზოგადოებასთან შეერთებისკენაც მოუწოდა. დიდხანს არ უფიქრია თინათინს ამილახვარის შემოთავაზებაზე და იდუმალ ყრილობაზე რამდენიმე დასწრების შემდეგ, ერთ-ერთი ლიდერი კომუნისტი ქალიც გახდა.

 

– სიტყვა ეძლევა კომუნიზმის მანათობელსა და დიდ მეხოტბეს, ამხანაგ თინათინ მაჭავარიანს!

 

 ასე აცხადებდა ის სათვალეებიანი გამომსვლელი ახალბედა ქალ-ლიდერს. ქათისა გაოგნებული იყო მაჭავარიანის ალღოთი და იატაკქვეშა საზოგადოების წევრებს ცოტა ზემოდანაც კი დასცქეროდა, ნახე რა ქალი მოგიყვანეთო. სტალინი თვალით არ ენახა თინათინს, მაგრამ გაგონილი ჰქონდა, რომ ვინმე სოსო ჯუღაშვილი, რომელსაც ზედმეტსახელად “სტალინს” უწოდებდნენ, კრემლში ამხანაგ ლენინთან ერთად დიდ საქმეებს აკვარახჭინებდა. ზვიადისგანაც ჰქონდა გაგონილი მისი სახელი, მხოლოდ ზვიადი “ვიღაც საცოდავ უნიფხვო გლეხს” ეძახდა.

 

ქალი ცოცხალი თავით არ ეუბნებოდა ქმარს თავის კომუნისტურ ოცნებებზე, თავი ისე ეჭირა, როგორც ყოველთვის და ქმარიც ვერაფერს ამჩნევდა. კი უნდოდა, ქმარი თანამოაზრედ გაეხადა, მაგრამ ჯერ ადრე იყო, ჯერ მის გადმობირებას ვერ მოახერხებდა, “ჯერს” კი იმიტომ იძახდა, რომ გულის პატარა კუნჭულში, იმედი ჰქონდა, რომ მომავალში ზვიადიც თავგადაკლული მარქსისიტი და დიდი კომუნისტი გახდებოდა. მამა ზენონი უკვე დასანახად ეზიზღებოდა. ისევ აბარებდა აღსარებას, ისევ ლოცულობდა მასთან ერთად, მაგრამ ამ ყველაფერს იმიტომ სჩადიოდა, გაფრთხილებული იყო იატაკქვეშა საზოგადოებიდან, რომ არასდიდებით სხვასთან თავისი გეგმები არ გაეთქვა. ზვიადმა კი ჰკითხა ერთხელ:

 

– რად აღარ ლოცულობ, თინა?

 

– ვინ გითხრა? ყოველ დღე ზენონი ჩემთან არ არის?

 

– კი არის, მაგრამ ღამღამობით, ცრემლებმომგდარს რომ გხედავდი ხატებთან, რაღაც ვეღარ გხედავ.

 

– ეგ იმიტომ, ჩემო საყვარელო, რომ ცრემლი გამიშრა, თორემ, ლოცვით ისევ ვლოცულობ.

 

– კარგი, ჩემო სიცოცხლევ, შენ როგორც მოგინდება, ისე მოიქეცი.

 

 გურჯინთახი ეჭვიანი არ იყო, მას სხვა რამ ანაღვლებდა, თავისი ქვეყანა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ნანატრი თავისუფლებით სუნთქავდა, მაინც აფორიაქებული იყო. რუსების ქცევაც არ მოსწონდა, თითქოს მიჩუმებულები იყვნენ, მაგრამ ასე ადვილად რომ არ დათმობდნენ “თავიანთ საქართველოს” კარგად იცოდა. დეპუტატობაზე აღარც ფიქრობდა, იქ სასარგებლო ვერაფერი დაინახა და იმიტომაც წამოვიდა.

 

მთავრობასაც მთლად სანდოდ ვერ უყურებდა. სანდრო კი სულ ჟორდანიასთან ერთად დადიოდა და სულ იმის ფიქრში იყო, გურჯინთახს როგორ მოვანდომო მთავრობასთან სიახლოვეო. ქათისა სულ გვერდში დასდევდა მამას, ჩვენი სამშობლოს სიყვარული შენგან უნდა ვისწავლოო. სანდრო ბაჩიზე გაბრაზებულიც კი იყო სანდროზე, ქათისა ასე აქტიურობს მშობლიური მიწისთვის და ეს უქნარა კი სამეგრელოში წავიდა, თავისნაირ უქნარა ლაშართან ერთადო.

 

– ქათისა, ჩემო გოგოვ, შენ პოლიტიკოსი უნდა გამოხვიდე, – ეტყოდა ხოლმე შვილს.

 

– ქალი და პოლიტიკა? – ისაწყლებდა თავს ფარული იატაკქვეშა კომუნისტური საზოგადოების წევრი.

 

– ჰო, შვილო! უკვე მეოცე საუკუნეა და ეს ტენდენცია ნელ-ნელა მკვიდრდება ჩვენთანაც, გაიხსენე, შვილო, ისტორია, თამარი მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში მოღვაწეობდა და როგორი პოლიტიკოსი და დიპლომატი იყო? – თამარ მეფეს შეადარა კომუნისტი ქათისა.

 

– მართალი ხარ, მამა, მე პოლიტიკოსი გამოვალ!

 

– ყოჩაღ, შვილო, ნეტავ შენი ძმაც მაგ ჭკუაზე იყოს.

 

 ზვიადი სანდროს მთავრობასთან სიახლოვეს ტაშით არ ეგებებოდა, მაგრამ არც ამტყუნებდა, სანდრო ღრმა ბავშვობიდან ამისკენ მიილტვოდა, ცოტა გადახრებიც კი ჰქონდა, იმ მხრივ, რომ თქვენ, გურჯინთახები, ჯავახეთში უნდა დაგაბრუნოთო. როგორო, რომ კითხავდა ზვიადი, სარჩელს შევიტან ჩვენს მიერ აშენებულ, ახალ, სამართლიან სასამართლოში, რომ თქვენი გვარი ვერაგულად იყო განდევნილი ჯაყელების მიერო.

 

 გურჯინთახების ჯავახეთიდან გამოძევების ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა. დაზუსტებით არ ვიცი, როგორ და რა იყო, მაგრამ ბუნდოვნად რაც მახსოვს, მოგიყვებით.

 

 1586 წელი. ალმასხან გურჯინთახი თავის საბატონო სასახლეში ზაფხულს ატარებდა.

 

ჯავახეთიდან ზაფხულში ფეხი არ გაუდგამს. თავად უცოლო იყო, ძმას ჰყავდა ოჯახი, რომელიც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა ალმასხანისგან. გურჯინთახები ისეთი გავლენით სარგებლობდნენ, შალიკაშვილები და ჯაყელები დაჩაგრულნი თუ არა, შეწუხებულები ჰყავდათ.

 

– ჩემო ბატონო!

 

– რა ხდება, ყოჩე?

 

– სულთანის დესპანია! – ნერვიულობისგან ლუღლუღებდა ყოჩე, თან თვალს ვერ უსწორებდა ცხელ აუზში მყოფ ბატონს. ალმასხანი აუზიდან ამოვიდა ხალათი მოიცვა და ცხენი მომგვარეთო შესძახა.

 

– არა ბატონო, ის აქ არის. ცხენს ტყუილა აკაზმინებთ.

 

– აქ არის?

 

– დიახ, ბატონო. – ალმასხანს სახეზე ზიზღი გამოეხატა. ისევ წყალში ჩავიდა – ესე უთხარი შემოვიდეს, მაგრამ მისი მოსვლა რომ ვიცი, არ გაუმხილო.

 

– კარგი ბატონო.

 

– ყოჩემ თავი დაუკრა და გავიდა. ეზოში სელჯუკურ ტანისამოსში გამოწყობილი, წვერებიანი კაცი შემოვიდა. ყოჩემ ცხენი ჩამოართვა პატივისცემის ნიშნად.

 

– მობრძანდი დიდო ბატონო.

 

– მადლობთ. სად არის ალმასხანი?

 

– ბატონი აბანოშია. არ იცის რომ ეახელით, შეგიძლიათ შებრძანდეთ, – დესპანმა ეჭვის თვალით შეხედა მსახურს, ალმასხანის გარეშე რას გაბედავდა ჩემს ეზოში შემოშვებასო.

 

 დიდი ეზო ჰქონდა გურჯინთახს. იასამანის ბუჩქებით გარს შემოვლებული, სასახლესაც იასამნისფერი დაჰკრავდა ისეთი მოლურჯო, მოწითალო ქვისგან იყო ნაგები. გარეული იხვები დასეირნობდნენ ეზოს შესასვლელთან.

 

სასახლის კიბეზე აუძღვნენ დესპანს, მერე აბანომდე მიაცილეს და როცა იგი რიყის ქვებით ნაგებ აუზს მიუახლოვდა, ალმასხანი ზურგით დაუხვდა თურქს. სტუმარი ჯერჯერობით მხოლოდ წყალში მწოლიარე თავადის კეფას ხედავდა.

 

– არ გეკადრება ალმასხან გურჯინთახო მასპინძლობის გაწევა?

 

 გუჯინთახი წყლიდან ამოვიდა და შიშველი, ფალოსით წარსდგა სტუმრის წინაშე. თურქმა თვალი მოარიდა.

 

– მეკადრება, ოღონდ ზოგს როგორ დავუხვდები და ზოგს როგორ, გააჩნია ვინ რას იმსახურებს.

 

– ტანზე ჩაიცვი! – დაუყვირა ანერვიულებულმა სტუმარმა.

 

– რატომ ბატონო? ჯანმრთელობისთვის შესანიშნავი ყოფილა შიშველი სიარული. თქვენ თქვენი სულთანის გადამკიდე არ უნდა გიკვირდეთ.

 

ისე, ბევრ და ამაზე დიდ რამესაც იხილავდი.

 

– ინანებ გურჯინთახო, ინანებ!

 

– რას, ბატონო? სარცხვენელი რომ დაგანახეთ იმას?

 

– ტფუი! – გატრიალდა სელჯუკი დესპანი და წასასვლა დააპირა, რომ მიტრიალებულს, ალმასხანმა ზურგიდან შუბი აძგერა გულში. სტუმარი წელში გაიმართა, ნელა მოტრიალდა და ალმასხანს გაუსწორდა სახით.

 

– რა იყო თურქო, სული ხომ არ გძვრება?

 

– შენ, ჩემსავით მალე მოგკლავენ, – დაიწყევლა დესპანი და სულიც განუტევა.

 

– გაათრიეთ ეს მძორი აქედან და იხვებს მიუგდეთ საკორტნად! მეტის ღირსი ეს კაცი არ არის. შარშან ჩემ ბიძაშვილს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს სტამბოლში სულთანის ასი ცოლიდან ერთ-ერთის გაბახებისთვის და ეს ვიგინდარა დესპანი, თავის ხელით აწამებდა შხამიანი გველებით, საწყალ ივანეს.

 

ყოჩე, მიუგდე ამის დამპალი ლეში იხვებს, – ყოჩე შეშინებული უყურებდა ალმასხანს და არა იმიტომ, რომ ლეშის ფრინველებისთვის მიგდება ეშინოდა, არამედ ხვდებოდა ამ მკვლელობას რაც მოჰყვებოდა, – მთელი ჯავახეთი გადაიბუგებოდა, სულთანის დესპანის “ვერაგული” მკვლელობისთვის, მთელ ჯავახეთს შავი ძაძების ჩაიცმა უქადდა, ყველა ქართველი სათითაოდ დაისჯებოდა, მხოლოდ ალმასხან გურჯინთახს არ მოსთხოვდნენ პასუხს, მთელ საქართველოს უნდა ეზღო ეს მკვლელობა და თუ საჭირო იქნებოდა, მთელი გურჯინთახთა გვარი ამოიჟლიტებოდა სულთანის ბრძანებით, არც სამცხე-ჯავახეთის მთავრები, ჯაყელები დაინდობდნენ. მართალია ჯაყელები თურქებს ებრძოდნენ, მაგრამ მათ დაუკითხავად ჩადენილ მკვლელობას ნამდვილად არავის შეარჩენდნენ. ალმასხანმაც იცოდა, რა ჩაიდინა და რა მოჰყვებოდა ყველაფერ ამას, მაგრამ კმაყოფილიც იყო, ბიძაშვილის მკვლელი რომ მიწაში ჩააწვინა. “ბიძაშვილი სამშობლო არ არის, მაგრამ, მისი ნაწილი ხომ ნამდვილად არისო”, თავს იმშვიდებდა გურჯინთახი და ყოველ დღე ელოდებოდა ჯაყელების ან შალიკაშვილების სტუმრობას და ანგარიშის მოთხოვნას ამ საქციელისთვის. არ იყო გასაკვირი, რომ მთავრები აღშფოთებული იქნებოდნენ, რადგან მათ მიერ სისხლით მოპოვებულ მშვიდობას, ალმასხანმა გულში ლახვარი ჩაასო. ცუდი ურთიერთობა ნამდვილად არ ჰქონდა ჯაყელებთან და შალიკაშვილებთან, მაგრამ ძველი ურთიერთობების იმედი ნამდვილად აღარ ჰქონდა ალმასხანს, ის ურთიერთობები უკვე არაფრად ღირდა, მან თვითონ გადაუსვა ხაზი ყველაფერს და პასუხიც თვითონ უნდა ეგო. გაქცევაც დააპირა მშობლიური მიწა-წყლიდან, მაგრამ სად? თურქეთში მას აღარ დაედგომებოდა და დანარჩენ ქვეყნებთან სულთანს ისეთი ურთიერთობა ჰქონდა, ადვილად ჩაიგდებდნენ გაქცეულ თავადს ხელში.

 

 სტამბულში ზღვები ერთმანეთს ეჯახებოდნენ, წვიმას ბათქი გაჰქონდა დაღვრემილ ცაზე, მოლების ყვირილი წვიმაში ერთმანეთს ისე ეფეთებოდა, თითქოს მრავალწელგაყრილი შეყვარებულები ყოფილიყვნენ.

 

რამდენიმე მეჩეთიდან ერთდროულად ისმოდა მუჰამედის მონა მოლების ლოცვა. სტამბულის ბაზარი, სველი, მიტოვებული, მოწყენილი გამოიყურებოდა. ყიდვა, გაყიდვა, ვაჭრობა, ფულის ერთი ხელიდან მეორეში გადასვლა და ჩვეული ქოთქოთი აკლდა სტამბულის ბაზარს. წვიმა აქ არაფერ შუაში არ იყო, წვიმას ისედაც ჩვეულები იყვნენ სელჯუკები, აქ სხვა რამ იყო მიზეზი და ეს მიზეზი ტოპკაპის სასახლეში ბობოქრობდა. სულთანი ისე არ ღელავდა დესპანის გაუჩინარებას, მაგრამ ერხან-ფაშა, მისი უდიდებულესობის პირველი სარდალი, ბოლთას სცემდა ჰარემის კედელის უკან მდებარე პატარა ეზოში. დათქმულ ვადაზე გაგზავნილი შიკრიკი აღარ დაბრუნდა და ეს რისი მაუწყებელი იყო კარგად ხვდებოდა ფაშა. შიკრიკის თავი გურჯინთახთა ღობეზე ეკიდა, მართალია, ეს დაზუსტებით ერხანმა არ იცოდა, მაგრამ ის გამოცდილი მებრძოლი იყო და ყველაფერს კარგად ხვდებოდა.

 

თავად წარუდგინა სულთანს გეგმა, რომელიც ჯავახეთის ხელში ჩაგდებას ასახავდა.

 ალმასხანის ბიძაშვილი სულთნამდე რას მიაღწევდა, მაგრამ სულთანის ჰარემის ყოფილი მკვიდრის გაბახება თუ არ შერჩებოდა, ნამდვილად ვერ წარმოედგინა. ფაშამაც გასართობი ნახა და სულთანს ყველაფერი მოახსენა, თან სახელსაც საგრძნობლად გაითქვამდა მისი ერთგულებით. საწყალი ივანე გურჯინთახი ეგვიპტური კობრებით სავსე ოთახში შეაგდეს, რომელშიც აწ გარდაცვლილი დესპანი იმყოფებოდა სხვათაშორის, პირველი ნაკბენიც მის მიერ ნასროლმა კობრამ მიაყენა ივანეს, რომელიც კისერზე მოხვდა, მერე ქვემოთ ჩამოსრიალდა და მკერდზე უკბინა ქართველს.

 

 გეგმის შედგენის დროს ბევრი იყოყმანა ერხან-ფაშამ, ვეღარ გადაეწყვიტა, ღირდა თუ არა დესპანის ალმასხანთან გაგზავნა, თუ გურჯინთახი დესპანში ბიძაშვილის მკვლელს ამოიცნობდა, მაშინ სულსაც იქ დაატოვებინებდა და გეგმასაც ხელში ჩაიგდებდა, ამიტომ ისე უნდა მოეწყო ყველაფერი, ქართველს სელჯუკი რომ მოეკლა, გეგმა არ უნდა ჩავარდნოდა ხელში. გადაწყვიტა, ჯავახეთის ხელში ჩაგდების ქაღალდზე დაწერილი გეგმა არასდიდებით არ გაეტნია დესპანისთვის საქართველოში. ალმასხანმა კი ამასობაში ყველაფერი კარგად იცოდა. თურქეთიდან წერილი მისვლია, შენი საწყალი ბიძაშვილი ართურ ბიუსტურქმა აწამა ეგვიპტური კობრებითო. ართურ ბიუსტურქი გახლდათ ის, ჩვენი ცოდვით სავსე, დესპანი.

 

საქართველოში კაი ბლომად ნაპროწიალები იყო და გურჯინთახსაც დანახული ჰყოლია ჯაყელების ეზოში, მაგრამ ეს ყველაფერი ფაშამ არ იცოდა და თვლიდა, რომ რისკი ყოვლად გამართლებული იყო მისგან. ალმასხანის გადამეტებული გამბედაობის ჯეროდა ფაშას. ისიც ჯეროდა, რომ თურქების მხარეს თუ დაიჭერდა, ერთად გადაუვლიდნენ შალიკაშვილებს, ჯაყელებს და მთელ სამცხე-ჯავახეთს, მაგრამ გურჯინთახი რას იზამდა, ვის მხარეს დაიჭერდა და რას მოიმოქმედებდა, კაცმა არ იცოდა. ოთარ ჯაყელი ისეთი პიროვნება იყო, მის ნდობას ნამდვილად ვერ დაეყრდნობოდი, მართალია თურქებთან, კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებას არასდიდებით იკადრებდა ჯაყელი,. შალიკაშვილს მართალი გითხრათ, არ მახსოვს რა ერქვა, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ჯაყელის გარეშე არაფერს იკისრებდა, ამიტომ ერთადერთი გზა ერხანისა გურჯინთახზე გადიოდა. მას შესწევდა უნარი ჯაყელებს და შალიკაშვილებს დაპირისპირებოდა და შემდეგ თურქების ნების დართვით სამცხეზეც ებატონა. ბოლო-ბოლო თუ არაფერი გამოვიდოდა გეგმიდან, ერთმანეთს მაინც გადაჰკიდებდა ერხანი გურჯინთახებს და დანარჩენ თავადებს.

 

ახლა გეგმაც და ოცნებაც წყალს მიჰქონდა, რადგან დესპანის ლეშს ჭრელი, ველური იხვები ძიძგნიდნენ. წერილის მოწერა და შეტყობინება არაფრად სჭირდებოდა თურქს, ისედაც კარგად იცოდა სადაც ჰყავდა გაგზავნილი შიკრიკი, რა ხასიათი ჰქონდა ალმასხანს და დათქმულ დროს თუ არ დაბრუნდებოდა წარგზავნილი, ესე იგი გვამი ან ფარავნის ტბაში ეგდო, ანდა როგორც რეალურად მოხდა, იხვები ჯიჯგნიდნენ.

 

სულთანმა სიცილით უთხრა, ხომ გეუბნებოდი, იდიოტურ გეგმებს მოეშვი-მეთქი და ახლა მიყარე კაკალიო. შერცხვენილი სარდალი მუნჯად გადაქცეულიყო და ორი კვირა ხმასაც არვის სცემდა. ბოლოს განრისხებულმა ფაშამ ნახირის მდინარეზე გადარეკვა უბრძანა თურქ მენახირეს. ძროხები ფარულად გადარეკეს მდინარის იქითა ნაპირზე და სათითაოდ ისე მოწამლეს, მათ ხორცს ვინც პირს მიაკარებდა, თხუთმეტ წუთში დესპანის ბედს გაიზიარებდა. ასე უბრძანა, წადი ეს ნახირი ჯავახეთს გადარეკე და ყველას ასე უთხარი, გურჯინთახების საქონელია-თქო.

 

ეს დავალებაც შეუსრულეს ფაშას და სხვათაშორის გაამართლა კიდეც. ჯავახეთში სამი ოჯახი ისე ამოწყდა, ხმაც კი ვერ მოასწრეს ვინმესთვის მიეწვდინათ, გვიშველეთო. გურჯინთახების ღობეს მიადგა ოთარ ჯაყელი, გამოეთრიე, სანამ ძალით გამომითრევიხარ შენი ბოსლიდანო. ალმასხანი უკვე ელოდებოდა მის ქოფაკი ძაღლივით მივარდნას, მაგრამ ჯაყელი რაღაც გადამეტებულად ცხარობდა. გამოეთრიე, თორემ სახლსაც გადაგიწვავ და შენც შიგ მიგაბუგავო. ალმასხანი გარეთ გამოვიდა და მისდა გასაკვირად მხოლოდ ჯაყელი დახვდა ღობესთან, მას არავინ ახლდა.

 

– რა იყო ჯაყელო, რა დაგიშავე?

 

– შე ნაბიჭვარო, კიდევ რა დამიშავე არა? გუშინ სამი ოჯახი ამოწყდა და შენი გადმორეკილი ნახირით მოხდა ეს ამბავი.

 

– სად გინახავთ, ბატონო, მე ძროხები მყავდეს? – მიხვდა გურჯინთახი, ჯაყელმა დესპანის მოკვლის ამბავი არ იცოდა და “ნაბიჭვარო” აპატია კი არა, ცოტა გაბრაზდა კიდეც, რომ სხვა მიზეზით ლანძღავდნენ.

 

– როგორ ტყუილია?

– აბა, მე რა გითხრა, მე კი გითხარი რაც არის. ის ძროხები ვიღაცა ჩვენი მტრის შემოგდებულია ჩვენს მიწაზე, – ჯაყელი თვალებ მოჭუტული, ეჭვით შეპყრობილი უყურებდა, მაგრამ გურჯინთახის მაინც არ სწამდა.

 

– დამიმტკიცე, რომ არ სტყუი.

 

– რა დაგიმტკიცო, კაცი, რომ რაღაცის დამტკიცებად დაიწყებს, ესე იგი მტყუანია.

 

ამას მტკიცება არ სჭირდება, ჩემი სიმართლე ყველგან, ყოველთვის, დამტკიცებულია, – რა ექნა ოთარს, მგონი მართალს ამბობს ეს მამაძაღლიო.

 

– გურჯინთახო, იცოდე, ძმრად ამოგადენ ტყუილს.

 

– თქვენ ისეთ რამეს მაბრალებთ, ძმრად ამოდენა ამასთან შედარებით არაფერია. თქვენ რა გგონიათ, საკუთარ ხალხს ვწამლავ? – ჯაყელი დაიბნა ამ კითხვისგან, არ ჰგავდა გურჯინთახის თვალები მატყუარა, ფლიდი კაცის თვალებს. ეზოში შესვლა გადაწყვიტა ჯაყელმა, იქ უფრო ჩუმად ვილაპარაკებთო, ღობესთან მაინც სახიფათო, ათასი ჯურის ენის მიმტან-მომტანი დაეთრეოდა მათ გარშემო.

 

– ეზოში შევიდეთ, – ეზოშიო, რომ ახსენა ოთარმა, გურჯინთახს ფერი დაეკარგა, იქ ხომ იხვებდაკორტნილი ლეში ეგდო. ვერაფერს იზამდა და სტუმარს ეზოს შესასვლელი კარისკენ გაუძღვა. შესვლისთანავე ჯაყელი გაშეშდა, მარჯბენა კუთხეში, გალიებში გაკვეხებული თურქი ეგდო.

 

– ეს რა ამბავია გურჯინთახო?! – რას ეტყოდა მასპინძელი? აიღო და თავი ჩახარა.

 

ახლოს მივიდა დაგლეჯილ თურქთან შეშინებული ჯაყელი.

 

– ღმერთო ჩემო, ეს ხომ ერხან-ფაშას დესპანია?

 

– გახლავთ, ბატონო, – მორცხვად მიუგო გურჯინთახმა.

 

– რა მიქენი შე ძაღლო? რატომ მიქენი ეს საქმე?

 

– ძაღლი შენ თვითონ ხარ! – ვეღარ მოითმინა მასპინძელმა, – ამან ბიძაშვილი მომიკლა და ჩემს მიწაზე ნამდვილად ვერ ვაპარპაშებდი. – დაცინვით და გაღიზიანებით მიმართა ოთარს, – რა ვქნა, ბატონო, ვეღარ მოვითმინე მისი თავხედობა და ჩემთან უდარდელი, ვითომ მეგობრული სტუმრობა.

 

– უნდა მოგეთმინა! უნდა მოგეთმინა საქართველოს გულისთვის! – ჯაყელმა ხელები წაიშინა თავში, იცოდა გამწარებული და დაბოღმილი თურქები რასაც დააწევდნენ მთელ სამცხე-ჯავახეთს და შეიძლება მთელ საქართველოსაც, და რისი გულისთვის? იმისთვის, რომ გურჯინთახმა ვერ მოითმინა?

 

– შენ მე მიღალატე.

 

– მაპატიე, მაგრამ სულთანიც რომ ყოფილიყო, ვერ მოვითმენდი.

 

– ღმერთს სთხოვე პატიება და დახმარება, რომ ჩვენი თავი თურქებს არ გაათელინოს, – ძროხების ამბავი სულ გადაავიწყდა ჯაყელს, თვალზე ცრემლი მოადგა და დაძიძგნილ დესპანს სევდიანი თვალებით უყურებდა.

 

– შენი ერთგულების მჯერა, ვიცი საქართველოსთვის როგორც გიძგერს გული და თუ ოდესმე შესძლო, მაპატიე.

 

– მაგას ნუ მთხოვ, გურჯინთახო, ქვეყნის კეთილდღეობაზე წინ შენი შურისძიება დააყენე, შენ შენდობა არ გაქვს.

 

 წერილი მოვიდა სტამბულიდან ჯაყელების სასახლეში. იცოდე, შენი ხელით გაწყვიტე გურჯინთახების მთელი მოდგმა, თორემ ჩვენ ვიცით, რასაც ვიზამთო.

 

რა უნდა ექნათ? რა და, როგორც ყოველთვის, გადაწვავდნენ ყველაფერს, გააუპატიურებდნენ ან ტყვეებად წარეკავნენ ქალებს, კაცებს რჯულს შეაცვლევინებდნენ და ვისაც ვერა, სიკვდილამდე აწამებდნენ, უფრო სწორად სასიკვდილოდ. გურჯინთახების არცერთი ოჯახის წევრი არ დაგვხვდეს ცოცხალი, თორემ ჯაყელებს თქვენი თვალით გაყურებინებთ საკუთარი სახლის გადაბუგვას და თქვენი სისხლის გუბეებსო. რა ექნა, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილ ჯაყელს, მივიდა ალმასხანთან და წერილი წააკითხა. შენ თვითონ მიიღე გადაწყვეტილება რა უნდა ქნაო.

 

– რა ვქნა, მითხარით და ვიზამ.

 

– წადი, – ჩუმად უთხრა ჯაყელმა და თვალებში არწივის თვალებით შეხედა, – ყველა გურჯინთახს უთხარი აიბარგონ და სადმე გადასახლდნენ, შენ კი საქართველოში აღარ დაგედგომება, ცოტა ხანი ირანს, ან რუსეთს უნდა შეაფარო თავი, მერე რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ რაღაცა იქნება.

 

დამწუხრებული იდგა გურჯინთახი, ერთხანს დაგლეჯილ თურქის მძორს უყურებდა, მერე ცრემლები ოფლიანი ხელის გულით მოიწმინდა და ყვავების ხრჩიალით გაყრუებულ ცას ახედა, ცა კი ლურჯი აღარ იყო.

 

– მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, თქვენ ჩემი ბედის მოამაგე და კეთილი ადამიანი ხართ. ვიცი ქვეყნისთვის არასდროს გიღალატიათ და არც უღალატებთ, მე ამაყი ვარ, რომ თქვენნაირ კაცს ვიცნობ, – ოთარი არც ალმასხანს უსმენდა, არც ჩიტების ჟღურტულს, არც ველური იხვების ყვიყვინს. შორს, მინდვრებიდან, ფარშევანგის კუდისფერ კაბებში გამოწყობილ ცხენოსანთა და ქვეითთა ჯარის ყიჟინა ავარდა. ალმასხანი ამ ყველაფერს ვერ ხედავდა და ჯაყელის ქებას ისევ იმავე ენთუზიაზმით განაგრძობდა.

 

– შეხედე! ჩემს ქებას, თუ გადავრჩით, მერეც მოასწრებ.

 

– რა ხდება ჯაყელო?

 

– რა და დიდი ფარშევანგი მოდის.

 

მოდის და ყველას გადათელვას გვიპირებს. ფაშას დამსჯელი რაზმია, ვერაფერი გვიშველის.

 

– მე წავალ, შალიკაშვილს ვაცნობებ, თავისი ქვეითები დარაზმოს, არა მგონია თურქების იმდენი იყვნენ, შებრძოლებაც არ ღირდეს, – გურჯინთახი ცხენს მოახტა და ზედა მთებისკენ და გორაკებისკენ გასწია. 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / გურჯინთახი თორნიკე / ბუხარი (ნაწილი III)