გუსტავსონი ლარს 

ბიძაჩემი სტიგი

 

 

შვედურიდან თარგმნა ზაზა თოფურიძემ

 

 

ლარს გუსტავსონი (დ. 1936) თანამედროვე შვედი მწერალია, მაგრამ ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაწერილი აქვს რამდენიმე ათეული რომანი, მოთხრობებისა და და ლექსების კრებულები. მისი რომანები «თავად ბატონი გუსტავსონი» (1971), «სიგიზმუნდი» (1976), «მეფუტკრის სიკვდილი» (1978) პოპულარულია ძალიან ბევრ ქვეყანაში.

 

 «ბიძაჩემი სტიგი» ერთ-ერთი თავია რომანიდან «სიგიზმუნდი», მაგრამ იგი დამოუკიდებელ მოთხრობასაც წარმოადგენს.

 

ნიჭი, რაღა თქმა უნდა, ნიჭი მიშლიდა ხელს. ცხოვრება ხომ პირდაპირ გაუსაძლისია, როცა კაცს გინდა ნიჭიერი იყო და თანაც ისიც გსურს, შენმა ნიჭიერებამ ყველა აღაფრთოვანოს.

 

ჩვენს სანათესაოში ნიჭი ნამდვილ ღვთის რისხვად გვექცა. ადრეული ბავშვობიდანვე აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ნიჭიერები ვყოფილვართ, ხალხიც თავაზიანად გვითმობს ეკოლოგიური ნიშის პაწაწკინტელა კუთხეს და ნელ-ნელა ყველა ეგუება ჩვენს ნიჭიერებას, მაგრამ ამის დანახვაზე, ბუნებრივია, გვინდება, უფრო მეტად ნიჭიერები ვიყოთ და ეს ამბავი გრძელდება მანამ, სანამ საკუთარი ნიჭის ფანატიკოსები არ ვხდებით.

 

 (ამას წინათ დავჯექი, დავთვალე და გამოვარკვიე, რომ თურმე ათ წელიწადში ოცზე მეტი წიგნი დამიწერია ისე, რომ არც კი დავფიქრებულვარ, რა შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს მსგავსი ფაქტი ისეთ დახვეწილ, მგრძნობიარე ერზე, როგორიც შვედეთში ცხოვრობს, სადაც პოეზია და სულიერება ყოველთვის იყო სიჩუმესთან დაკავშირებული).

 

ეს კარგი როდია. ნიჭიერი კი უნდა იყო, მაგრამ ზომიერად ნიჭიერი. ჩვენს სანათესაოში ნიჭს ყოველთვის კატასტროფამდე მივყავართ. დარწმუნებული ვარ, მე მეცხრე-მეათე შემთხვევა მაინც ვიქნები. ბიძაჩემი სტიგის ამბავი ამის მშვენიერი მაგალითია.

 

თუ მეხსიერება არ მღალატობს, თავიდან ცხენოსანი გვარდიის კაპრალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას აქეთ იმდენმა წყალმა ჩაიარა, რომ კაციშვილს აღარ ახსოვს,   იქ რას აკეთებდა. ერთი კი ცხადია – მეთაურის თანაშემწის ჩინი ვერ მიიღო და, დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში ამან საშინლად გააღიზიანა. ცხენოსანი გვარდიის მიერ დაშვებული ამ გამოუსწორებელი შეცდომის შემდეგ ბიძაჩემს გვარდია გულზე აღარ ეხატებოდა და მერე, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფაქტობრივად კომუნისტობდა, მაგრამ ეს იმ დროს ხდებოდა, როცა კომუნისტობა ჯერ კიდევ არ იყო ნამდვილი ოპორტუნიზმი. მახსოვს, პრაღის კონფერენციის ხანებში სტალინის თხზულებები ჰქონდა გამოწერილი. თან, უბრალოდ კი არ იწერდა, კითხულობდა და, რაც მთავარია, მოსწონდა კიდეც.

 

არასოდეს დამავიწყდება ერთი მართლაც რომ ღირსსახსოვარი გასეირნება ჩრდილო ვესტმანლანდის ტყეში, 1947 წელს. სწორედ მაშინ ვნახე ცხოვრებაში პირველად ციცინათელა. პატარა მომწვანო წერტილი გზის პირას ტოკავდა და მე და ბიძაჩემმა ფრთხილად გადავსვით ბალახებში, რამეს რომ არ გაეჭყლიტა. ტყეში მივსეირნობდით და თან ბიძაჩემი ცდილობდა დავერწმუნებინე, სტალინის ფილოსოფიური ნაშრომები კაცობრიობის ათასწლოვანი მისწრაფების უმაღლესი გამოხატულებააო. ჩემი მხრივ, მეც ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ ცდებოდა – კაცობრიობის ათასწლოვანი მისწრაფების უმაღლესი გამოხატულება სინამდვილეში სტალინის ნააზრევი კი არა, გუსტავ მალერის მეშვიდე სიმფონიაა- მეთქი.

 

  1947 წელს დეკადანსის ხანა მქონდა და ვეთაყვანებოდი ყოველივე მშვენიერს, სიკვდილთან წილნაყარსა და არაამქვეყნიურს.

 

  როცა შეხედულებათა შორის ასეთი ძირეული წინააღმდეგობაა, შეუძლებელია კაცს არ დაუმეგობრდე.

 

  რა არ ვიღონე, რომ დამერწმუნებინა ბიძაჩემი, არ არის დიდი წინააღმდეგობა სტალინიზმსა და სიკვდილის წყურვილს შორის-მეთქი (მე მგონი, მართალი ვიყავი) და, რა არ იღონა ბიძაჩემმა, რათა დავერწმუნებინე, არ არსებობს არანაირი წინააღმდეგობა მუსიკის სტალინისტურ პრინციპებსა და გუსტავ მალერის სიმფონიებს შორისო (ეს ამბავი მანამდე ხდებოდა, სანამ სტალინის ანტისემიტიზმი სერიოზულად იჩენდა თავს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ბიძაჩემიც მართალი იყო) და მშვენივრად მახსოვს, როგორ გაგვაოცა ორივე ამ გასეირნებამ. მანამდე არც ერთმა არ ვუწყოდით, ამდენი უცნაური თვალსაზრისის არსებობა თუ შეიძლებოდა და არც ერთს არ გაგვაჩნდა ხეირიანი მეთოდები განსხვავებული მოსაზრების გასაანალიზებლად. ამიტომ განვაცხადეთ, ჩვენი თვალსაზრისები ერთმანეთს  მთლიანად ემთხვევაო და ციცინათელების ძებნა განვაგრძეთ.

 

ამ გასეირნებამდე კარგა ხნით ადრე კი, სწორედ გვარდიიდან წამოსვლის შემდეგ, ბიძაჩემმა სტიგმა თავისი გამორჩეული ტალანტის განვითარებას მიჰყო ხელი. იგი გამომგონებელი იყო. სახელოსნო ერთოთახიანი ნაქირავები ბინის სამზარეულოში ჰქონდა მოწყობილი და, რადგან მეზობლებისაგან თხელი კედლები ჰყოფდა, ერთთავად უსიამოვნებები მოსდიოდა, მაგრამ ბიძაჩემი ამას აინუნშიც არ აგდებდა.   მისი ბინიდან ათწლეულების განმავლობაში მთელ მსოფლიოს უწყვეტ ნაკადად ეფინებოდა გამოგონებები.

 

  საპატენტო სამსახურის ერთგული მუშტარი გახლდათ. სტოკჰოლმის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე განყოფილება გამუდმებით იყო დაკავებული ლიცენზიის დამრღვევთა მიმართ ბიძაჩემის მიერ აღძრული სასამართლო პროცესებით, რადგან, როგორც არ უნდა მოეწყო სალიცენზიო გარიგება, საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ყოველთვის კარგავდა გამოგონების უფლებას.

 

  ის ხანა ავიღოთ თუნდაც, ონკანებით რომ დაინტერესდა!

ბიძაჩემი ათასგვარ ეშმაკურ მისაერთებლებს იგონებდა. ასეთ მისაერთებლებს სამზარეულოს ონკანზე სარეცხი მანქანის შლანგის მჭიდროდ დასამაგრებლად იყენებდნენ.

 

ბაზარზე ერთი ოცი სახის ასეთი მისაერთებელი მაინც არსებობს და ამათგან, სულ მცირე, თხუთმეტი მაინც ძია სტიგის სამზარეულო-სახელოსნოში იღებს სათავეს.     თუმცა, როგორც არ უნდა მოქცეულიყო, ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე ვიღაც, ვინც ბოლო წამს მთელ პატენტს დასცინცლავდა და გარდა ამისა, ბიძაჩემს ჯარიმის გადახდაც უწევდა ხოლმე. მოდი და გაგიკვირდეს ამის შემდეგ, სტალინისტი რატომ იყოო! პირადად მე ვაგნერიანელიც კი გავხდებოდი, თუნდაც ნაკლები უბედურება რომ შემმთხვეოდა!

 

ყველაფერი იმით იწყებოდა, რომ ბიძაჩემის ქუჩას ბრწყინვალე ამერიკული ავტომობილი მოადგებოდა, მანქანიდან გადმოსული ელეგანტური მამაკაცები გაჭირვებით მიიკვლევდნენ გზას საბავშვო ეტლებს, მეზობლის გაუზრდელ ბავშვებსა და კომბოსტოს წვნიანის ოხშივარში და ბიძაჩემის კარზე ზარს რეკავდნენ. ძია სტიგი ბრახაბრუხით გადაალაგებდა ხოლმე დერეფანში ახორხლილ ნივთებს და კარს აღებდა. ბატონები ბორძიკით მიიწევდნენ სამზარეულოსაკენ და ტახტზე სხდებოდნენ, ბიძაჩემი კი ამასობაში უშფოთველი სახით აგრძელებდა მუშაობას რომელიღაც ურთულეს დეტალზე და თანაც ჯოჯოხეთური ხმაურით.

 

  ნახევარ საათში, ისეთი სახით, თითქოს უცნობი ბატონები ახლაღა შენიშნაო, შეეკითხებოდა, რა გნებავთო. აღმოჩნდებოდა, რომ ბატონებს დიდი ხანია შეემჩნიათ მისი საგამომგონებლო საქმიანობა და აი, ახლა კონსორციუმის შექმნა სურდათ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაენერგათ წარმოებაში მისი გამოგონებები. ვინაიდან ბიძაჩემს სძულდა გარიგებები, როგორც ასეთი, განსაკუთრებით კი კაპიტალისტური გარიგებები, დაუყოვნებლივ თანხმდებოდა ხოლმე.

 

ბატონები ავანსად რამდენიმე ათასკრონიანს უტოვებდნენ და რევოლუციური მისაერთებლებითა და ონკანებით დატენილი პორტფელებით მიაბიჯებდნენ ქვეყნიერების ოთხსავ კუთხეში. გაივლიდა კიდევ ერთი-ორი წელი და ბიძაჩემი აღმოაჩენდა, რომ უცხოპატენტიან მის მისაერთებლებს მილიონობით მოგება მოჰქონდა პატენტის მფლობელთათვის. ძია სტიგი «ანტი-დიურინგის» კითხვას აგრძელებდა და მსოფლიო სულის გამოსავლენად ახალ ასპარეზს ეძებდა.

 

საბავშვო ეტლები, ისეთი, კიბეზეც რომ ააგორებდით, ნაირგვარი კონსტრუქციის საკეტები, კონსერვის გასახსნელები, რომლებითაც, ძალიანაც რომ მოგენდომებინათ, ხელს ვერ გაიჭრიდით, მოკლედ, ღმერთმა უწყის, რაღა არ გამოჰქონდა არარაობის წკვარამიდან და გამაოგნებელ სინამდვილედ აქცევდა.

 

ომი ახალი დამთავრებული იყო. გზებზე მანქანები (და, საერთოდ, ძრავიანი ტრანსპორტი) ნაკლებად მოძრაობდა. იმპორტი სრული ძალით ჯერ კიდევ არ ამოქმედებულიყო. ქვეყანაში უამრავი ველოსიპედისტი ირეოდა. ყოველდღე, საღამოს ხუთ საათზე, ფაბრიკების ახლომდებარე ქუჩები ველოსიპედისტებით იყო სავსე.  ძია სტიგს დიდი ხანია თვალი დაედგა ველოსიპედზე.

  – დაიმახსოვრე, ჩემო კარგო, – მეტყოდა ხოლმე, – ბიძაშენი ისტორიაში შევა როგორც კაცი, რომელმაც სრულყო ველოსიპედი.

 

  მის თეორიას ზადს ვერ უპოვიდით. ადრე იქნება თუ გვიან, – მსჯელობდა ბიძაჩემი, – მოახლოვდება ჟამი, როცა დედამიწის წიაღისეული საწვავი გამოილევა. სწორედ მაშინ გამოჩნდება, რომელი გამოგონება ყოფილა მოდის კაპრიზი და რომელს ჰქონია მომავალი. ავტომანქანა ნამდვილი ნიმუშია ისეთი გამოგონებისა, რომელიც დავიწყებას მიეცემა. თვითმფრინავიც. აი, ხელურემი კი ჭეშმარიტი გამოგონების ნიმუშია. და მას, რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს გამოიყენებ. ხელურემი ერთ ჩინელ გენერალს გამოუგონია, რათა ხანგრძლივი ლაშქრობების დროს ჯარისკაცებს ადვილად გადაეტანათ თავიანთი აღჭურვილობა. მერე და მერე ხელურემი წარმოჩინდა, როგორც ყველა დროის უპირველესი და გაუხუნარი გამოგონება, მარტივი ბერკეტი, რომლის საყრდენი წერტილი მუდამ მოძრაობაშია, წინ მდებარეობს და, მაშასადამე, წამღებს დატვირთვას უმცირებს.

 

სხვა მაგალითი გამოგონებისა, რომელიც ყველა დროში დარჩება, აეროსტატია. საფრენი მანქანა, რომლის ფრენასაც ამქვეყნად ვერაფერი დააბრკოლებს, სანამ აბრეშუმის ქსოვის ხელოვნება და ლაქით დაფარვა ეცოდინებათ.

 

მესამე მაგალითი ჭეშმარიტად დიადი გამოგონებისა ველოსიპედია.

 

ჩვენი ავტომობილები, ავტობუსები და მანქანები სინამდვილეში სახეცვლილი ველოსიპედებია, წიაღისეული საწვავის მარაგს შემთხვევით შეხამებულნი და ისინი ისევე სწრაფად გაქრება, როგორც გამოჩნდა.

 

მაგრამ ველოსიპედი დარჩება, დარჩება ათასწლეულების განმავლობაში. ამიტომ დროა რაიმე მოვუხერხოთ ველოსიპედსო, მითხრა ძია სტიგმა.  ველოსიპედი იყო მთავარი ასპარეზი, სადაც მას თავისი ნიჭის წარმოჩენა სურდა. წლების განმავლობაში მუშაობდა ველოსიპედზე.

 

ამის შესახებ თითქმის არაფერს გვეუბნებოდა. დაახლოებით 1947 წელს კი მისმა თეორიამ მომწიფება იწყო.

 

  – სასაცილოა, – თქვა მან, – რატომ არავის მოსვლია თავში, რომ ველოსიპედს თამამად შეუძლია გაეჯიბროს მანქანას სისწრაფეში. მთავარია, ძალები განაწილდეს სწორად.

 

ძია სტიგის ველოსიპედს რაღაც იდიოტური ჰაერის წინააღმდეგობა არ უნდა ჰქონოდა. ამისათვის მან ველოსიპედისტი იდაყვებისა და თეძოების საყრდენი ჩახლართული სისტემის საშუალებით მწოლიარე მდგომარეობაში მოათავსა. ველოსიპედისტს თავი მომცრო საქარე მინის უკან უნდა ჰქონოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ველოსიპედზე შესაჯდომად და ჩამოსასვლელად მეგობრების დახმარება დასჭირდებოდა, და ალბათ არც წითელ შუქზე გაჩერება იქნებოდა მთლად იოლი, მაგრამ, ღმერთო ჩემო, იმ ხანებში ხომ ერთადერთი შუქნიშანი იყო, ისიც კუნგსგატანისა და სვეავეგენის გზაჯვარედინზე, ამიტომ ეს ამბავი სათვალავში არც იყო ჩასაგდები.

პედლები, რაღა თქმა უნდა, მაღლა უნდა გადატანილიყო, დაახლოებით იმ ადგილას, სადაც ნორმალურ ველოსიპედს საბარგული უდგას.

 

– იდიოტობა ისაა, – ამბობდა ბიძაჩემი, – რომ ჩვეულებრივ ველოსიპედზე ფეხის ძალა პედლების ბრუნის მხოლოდ მესამედზე გამოიყენება. ცხადია, ძალა მთელ ბრუნზე უნდა გადანაწილდეს.

 

ამისათვის მან ველოსიპედისტის ფეხები ტყავის საიმედო ღვედებში მოათავსა და იქვე თითო ფეხისათვის თითო კბილანებიანი ბორბალი ჩაულაგა თავისი ჯაჭვითურთ. კბილანებიან ბორბლებს ელიფსის ფორმა მისცა გარკვეულ მიზეზთა გამო, (რომელთა ახსნა-განმარტებას აქ არ მოვყვები, იმდენად ჩახლართულია), ხოლო ელიფსები ერმანეთის საწინააღმდეგოდ განალაგა.

 

ასეთი ველოსიპედის დაძვრა საკმაოდ ძნელი იქნებოდა. ამიტომ ბიძაჩემმა იგი აღჭურვა სიჩქარეთა კოლოფით, რომელიც, სულ ცოტა, თხუთმეტ სხვადასხვა კბილანებიან გადამრთველს შეიცავდა. ყველაზე დიდი კბილანა-ბორბალი თეფშისხელა იქნებოდა, ყველაზე პატარა კი ორერეიანი მონეტისხელა.

 

მრავალი სახელურითა და ათასგვარი უცნაური ინსტრუმენტით შემკული საჭე ფრიად შთამბეჭდავი სანახავი გახლდათ. ველოსიპედი 1949 წლის მარტის ერთ კვირადღეს გვიჩვენა ბიძაჩემმა თავის სამზარეულოში. პილოტის თუ ველოსიპედისტის, არც კი ვიცი, რა შეიძლება უწოდოს კაცმა, ცხვირწინ დამაგრებული იყო მოზრდილი, საფუძვლიანი სპიდომეტრი.

 

საცდელი მოდელის დათვალიერებისას მყისვე თვალში მოგვხვდა, რომ სპიდომეტრი 150კმ/სთ-მდე იყო დაგრადუირებული.

 

– ცოტა მეტი ხომ არაა ? – ვკითხეთ ჩვენ. 

 

– შეიძლება არც კი ეყოს, – გვითხრა ბიძაჩემმა, – დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რა სიჩქარეს განავითარებს ეს ველოსიპედი. ძალიან დიდი სიჩქარისას ახალი აეროდინამიკური კანონები ამოქმედდება და, რა ეფექტი ექნება ამ კანონებს, არავინ     იცის. იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ აქამდე არავის მსგავსი სიჩქარე საკუთარი ძალებით არ განუვითარებია.

 

– როგორ არ განუვითარებია, – ვუთხარი მე.

 

– მაინც ვის ? – ღვარძლიანად იკითხა ძია სტიგმა.

 

– ყველას ვინც კატარინაჰისენიდან გადმომხტარა.

 

– ჰმ.

 

ველოსიპედს თხელი ბორბლები ჰქონდა. ხელახლა აწყობილი ჩვეულებრივი წვრილსაბურავებიანი სარბოლო ველოსიპედი იყო. ასეთი საბურავების მოხსნა და დამაგრება თვალის დახამხამებაში შეიძლება. საჭეს სახელურები, სარბოლო ველოსიპედის მსგავსად, თუ იდაყვების საყრდენებს არ მივიღებთ მხედველობაში, ქვევით ჰქონდა დაღუნული. ველოსიპედი დაახლოებით თხუთმეტ კილოს იწონიდა, სიჩქარეთა კოლოფი კი თავის ჯაჭვებით, კბილანებიანი ბორბლებითა და ინსტრუმენტებით – ხუთ კილოს. ვიფიქრე, ვთხოვ ბიძაჩემს გამოსაცდელად გამატარებინოს-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ არაფრის დიდებით არ დამთანხმდებოდა და თანაც, ჩვენ ხომ სამზარეულოში ვიყავით. 

 

ველოსიპედის გამოცდა 1949 წლის აპრილის პირველ კვირადღეს შედგა სედერტელიეს გზაზე, რომელიც იმ ხანებში არ იყო ტრანსპორტით მაინცდამაინც გადატვირთული.

 

მე თვითონ ველოსიპედის გამოცდას ვერ დავესწარი, მაგრამ მის შესახებ ბევრი რამ მსმენია. ბიძაჩემმა წერილები გაუგზავნა პრესას და „ნი დაგის», «მორონ-თიდნინგენისა» და „ა-ტეს» წარმომადგენლები მიიწვია. არ ვიცი, მოვიდა თუ არა რომელიმე ჟურნალისტი, ყოველ შემთხვევაში, გაზეთებში რაიმე ცნობას არ წავწყდომივარ.

 

აპრილის წვიმიანი დილა იდგა, რაც არცთუ ისე უჩვეულოა დედამიწის ამ განედზე.   საცდელი მოდელი სასტარტო ადგილამდე, რომელიც ზუსტად არ ვიცი, სად მდებარეობდა, ტაქსით მიიტანეს. ველოსიპედის საჭეზე დამაგრებული იყო წითელი ვიმპელი, ნამგლისა და უროს გამოსახულებით და, შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა ველოსიპედის არაპოპულარულობა გაზეთებში.

 

ბიძაჩემს შეეგება რამდენიმე მეგობარი, თანაპარტიელი ამხანაგები, ძველი ძმაკაცები, ნათესავების ნაწილი და ერთიც ნაცნობი ქალიშვილი. ძმაკაცების უმრავლესობა ველოსიპედისტთა კლუბ «სოფიადან» იყო. ძია სტიგს ყოველთვის ჰყავდა «სოფიაში» ძმაკაცები.

 

ბიძაჩემი იმ დღის საპატივცემულოდ სპორტულ ფეხსაცმელებში, რეიტუზსა და «სოფიას» საკლუბო მაისურში იყო გამოწყობილი, თავზე ტყავის კაპიუშონი ეხურა და მოტოციკლეტისტის სქელი სათვალე ეკეთა. მან ველოსიპედის გადმოტვირთვას მიადევნა თვალი და ტაქსის ფული გადაიხადა, მაგრამ ზედმეტი თითქმის არ მიუცია (სულ რაღაც ხუთი პროცენტი) და ტაქსის მძღოლი, ცოტა არ იყოს, დაიბოღმა.

 

ბიძაჩემმა თავშეყრილ საზოგადოებას მოკლე სიტყვით მიმართა:

 

ამხანაგებო!

 

თქვენ მოწმენი ხართ ისტორიული შემთხვევისა, – ადამიანის პირველი ცდისა ველოსიპედით განავითაროს 120 კმ/სთ. ვიცი, რომ ჩემს ველოსიპედს უფრო დიდი სიჩქარის განვითარებაც შეუძლია, მაგრამ არ ვიცი, გაუძლებს თუ არა თვლის ფერსოები მაღალ სიჩქარეებს. ამიტომ ჯერჯერობით 120 კმ/საათით შემოვიფარგლები. თუ ჩემი ცდა წარმატებით დაგვირგვინდა, ეს იქნება ახალი ეტაპი კაცობრიობის პროგრესისა, სოციალიზმისა, მშვიდობისა მთელ მსოფლიოში, რამეთუ ჩემი გამოგონება შექმნილია, რათა ემსახუროს მშვიდობას. ხოლო თუ ცდა მარცხით დამთავრდა, მოვლენ სხვანი და დავარდნილ მაშხალას აიტაცებენ.

საცდელი მოდელი, რომელსაც თქვენ აქ ხედავთ, შედეგია აუტანელ პირობებში მრავალი წლის დაძაბული მუშაობისა, წარმოადგენს კიდევ ერთ ნაბიჯს მომავლისაკენ, იმ მომავლისაკენ, როცა საწვავის მარაგის ამოწურვის გამო ატეხილი ბრძოლა საფრთხეს შეუქმნის მსოფლიო მშვიდობას. იმედია, ჩემი გამოგონება თავის წვლილს შეიტანს მშვიდობის განმტკიცებაში. იგი ვერ შეიქმნებოდა, ამ საკითხისადმი ჩემი ინტერესი რომ არ გაეღვივებინათ ჩემს ძმაკაცებს ველოსიპედისტთა კლუბ «სოფიადან». სწორედ ამიტომ ვუწოდე საცდელ ველოსიპედს «იოსებ სოფია».

 

ახლა კი, ორ თქვენგანს ვთხოვ მომეხმაროს დაჯდომაში. წინ, მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში!

 

ამ სიტყვებს კანტიკუნტი ტაში მოჰყვა.

 

ერთი-ორმა დამსწრემ სასხვათაშორისოდ აღნიშნა, ეს კაცი ცოტა ვერ არისო. რამდენიმე ჯეელი ფრიად გაახალისა მანქანის ახლოდან დათვალიერებამ.

 

მაყურებელთა რკალში აქა-იქ უწესრიგო ხითხითი და ჩურჩული ატყდა, მაგრამ უდისციპლინონი მყისვე ჩააჩუმეს – ჯერ კიდევ შორი იყო პარტიის მეათე ყრილობამდე.

 

ყინულივით ცივ წვიმას საკმაოდ ძლიერი ქარიც დაერთო. ერთი სიტყვით, მართლაც რომ უამური დილა იდგა და ყველა იმას ფიქრობდა, თუ იწყებენ ბარემ დაიწყონო.   კლუბ „სოფიას» ქრონომეტრისტები თავიანთ ველოსიპედებს მოახტნენ და გზაზე გაუჩინარდნენ, რათა სასტარტო გასროლის გაგონებისთანავე წამზომები ჩაერთოთ, 1000, 2000 და 3000 მეტრის შემდეგ სიჩქარე გაეზომათ და სარეკორდო შედეგი ოქმში შეეტანათ.

 

  ძია სტიგმა წინდები შეისწორა. ორმა ამხანაგმა კლუბ „სოფიადან» აწია ბიძაჩემი და იდაყვების, თეძოებისა და მუცლის საყრდენ ჩახლართულ სისტემაში ისე მოათავსა, გეგონებოდათ, კატერში ძრავა ჩადგესო.

 

  ტერფები პედლებზე დაუმაგრეს, ხოლო მუცელზე ღვედი შემოუჭირეს.

 

  – ჩამოსვლა რომ მოგინდეს, რას იზამ ? – ჰკითხა ვიღაცამ ბიძაჩემს.

 

  – სიჩქარეს შევამცირებ და ღვედებს შემოვიხსნი, – მიუგო ძია სტიგმა.

 

  პასუხი იმდენად ცხადი გახლდათ, რომ ყველა უნდა მიმხვდარიყო – რა სულელები ვართ, ასეთი უბრალო რამე ჩვენ თვითონ როგორ არ მოგვივიდა თავშიო.

 

  მაინც უსიამო საცქერი იყო ძია სტიგი, რომელიც ლაპლაპა კონსტრუქციებზე მუცლითა და ფეხებით მიბმული ისე იწვა, იფიქრებდით პროგრესის ტყვეა, თავის მბზინავ მანქანაზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ მიჯაჭვულიო.

 

  – პროდუქცია იქმნება ადამიანისათვის და არა ადამიანი – პროდუქციისათვის, – შენიშნა ვიღაც მოხუცმა ორიგინალმა. ეს გახლდათ წვეროსანი პაციფისტი რკინისჩარჩოიანი სათვალით, რომელიც მაყურებელთა ბოლო რიგში იდგა. მაგრამ იგი ხელად გააჩუმეს.

 

– არაფერი არ გამოუვა, – უთხრა უცნობმა გოგონამ ერთ–ერთ ძმაკაცს კლუბ «სოფიიდან». ეს ქალიშვილი კლუბის წევრი არ იყო, მაგრამ რატომღაც ევალებოდა  ყავიანი თერმოსისათვის თვალყური ედევნებინა.

 

ძია სტიგის ველოსიპედი გააქანეს და ხელი გაუშვეს. ეტყობა წონასწორობის შენარჩუნება იოლი არ იყო ამ ურჩხულივით ველოსიპედზე, განსაკუთრებით – დასაწყისში, სანამ სიჩქარეს აიღებდა. ბიძაჩემი ხან გზის ერთ მხარეს გადაქანდებოდა, ხან – მეორე მხარეს, მაგრამ მერე ნელ–ნელა თავისი კოშმარულად მძიმე ველოსიპედით ისეთი სისწრაფე განავითარა, რომ მეორე სიჩქარეში გადართვაც შეძლო, მერე გზატკეცილზე გავიდა და სპიდომეტრის ისარი ნელა, ძალიან ნელა დაიძრა ზევით. ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა კილომეტრი საათში.

 

სიჩქარეთა უზარმაზარი კოლოფის გამო ველოსიპედმა ჩვეულებრივ ველოსიპედზე გაცილებით ნელა აიღო სტარტი და, ქარისა და სიცივის მიუხედავად, ძია სტიგი უცბად გაოფლიანდა. 

 

მან შენიშნა, რომ მართლაც უზარმაზარი სხვაობაა, როცა პედლის მთელი ბრუნით შემოტრიალებაა საჭირო. 

 

ძია სტიგი უკვე გზატკეცილის სწორ მონაკვეთზე იყო. ველოსიპედი უმატებდა და უმატებდა სისწრაფეს. ჯაჭვი დაუბრკოლებლად მიხტუნავდა ერთი კბილანებიანი ბორბლიდან მეორეზე.

 

ქარმა წუილი დაიწყო.

 

ერთ წუთში სიჩქარე ათიდან სამოც კილომეტრსაათამდე ავიდა. არ იყო ურიგო შედეგი! გზის რამდენიმე ოღროჩოღრო ადგილას ველოსიპედი კინაღამ ჰაერში აფრინდა. აბა, სად ტონიანი მანქანის მიერ განვითარებული სამოცი კილომეტრი საათში და სად ოთხმოცდაათკილოიანი ველოსიპედისა, სამოცკილოიანი მხედრის ჩათვლით.

 

ქარი,   მონტევერდის ქარი,  თავისუფლების ქარი  მატულობდა ყოველ წამს და სპიდომეტრის ისარი სწრაფად მიიწევდა საკვირველი ნიშნულისაკენ.  ჰა–ჰა-ჰა! აგერ პირველი მანქანაც გამოჩნდა! მართალია, მძიმედ დატვირთული სატვირთო მანქანა, მაგრამ მანქანა მაინც მანქანაა.

 

ძია სტიგმა საბარგოს გადაასწრო, ჩრდილივით, სუნთქვასავით მსუბუქად გაასწრო და სარკეში დაინახა, როგორ ცდილობდა მანქანის მძღოლი მცირე შოკის მერე გონზე მოსვლას.

 

ოთხმოცი კილომეტრი საათში. ველოსიპედი ლამის მიფრინავს ოღროჩოღროებზე, დაძაბულობა სრულიად არ იგრძნობა და ისარი კვლავ ზევით მიიწევს. წვიმა აღარაა ცივი – ახლა გრილია და მონტევერდის ქარი, აღსავსე იდუმალი დაპირებებით, წუილით უვლის გარს, ხოლო პროგრესის ტყვე – გამომწყვდეული თავისი წარმატების, შთაგონების, ნიჭიერების ბუშტულაში – სავსებით თავისუფალია და წვიმამ ჩამოჰბანა ათწლეულების დაღლილობა.  ქარი უკვე გრიგალად იქცა. აი, ასი კილომეტრიც საათში, ასი კილომეტრი საათში! ორ მსუბუქ მანქანას ისე გადაასწრო, ბენზინის სუნიც კი არ უგრძვნია. მძღოლები შეშლილებივით მიშტერებიან.

 

გაფითრებული ქრონომეტრისტები უკან ჩამოიტოვა და 110 კმ/სთ სიჩქარე რომ განავითარა, ძალუმად დაჰქროლა ქარმა, აიტაცა იოსებ «სოფია» თავისი შეუპოვარი მძღოლითურთ და ხნულებში გადატყორცნა. ბიძაჩემი სამი თვე იწვა საავადმყოფოში, სანამ ბარძაყის ძვალი შეუხორცდებოდა.

 

მისი ამბების მოსმენისას პალატაში მწოლიარე ბებერი პენსიონერები სიცილით იჭაჭებოდნენ. მერე ისევ გამოკეთდა, მშვენივრად გრძნობდა თავს, მაგამ გამომგონებლობას შეეშვა, ცოტა მოსუქდა, დამშვიდდა და სტალინიზმით აღტაცებაც თანდათან გაუნელდა. მერე მომცრო სახლი შეიძინა ჰეგერსტენში და რომ დაგენახათ, როგორ დაატარებდა ბალახის საკრეჭ მანქანას გაზონზე ეს მსუქანი, სიტყვაძუნწი, ხელმოცარული ინჟინერი, რომელსაც სტალინის ფილოსოფიური ნაშრომები სხვენზე გადაემალა, ცხადია, მიხვდებოდით, რომ სადღაც რაღაც შეცდომა იყო დაშვებული. ძნელი სათქმელია, კერძოდ რა შეცდომა, მაგრამ საშინელი, შემზარავი შეცდომა კი იყო სადღაც დაშვებული.  მისმა ცხოვრებამ, ასე ვთქვათ, კულმინაციას მიაღწია – და ბიძაჩემის ბაღში იზრდებოდა და იზრდებოდა ტიტები, გაზონი კი წლითიწლობით სულ უფრო და უფრო მწვანე ხდებოდა.

 

ხოლო სადღაც შეცდომა იყო დაშვებული და ასე მთავრდება მოთხრობაც ნიჭიერების შესახებ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / გუსტავსონი ლარს / ბიძაჩემი სტიგი