დე ვინსი თომას 

კარზე რახუნი შექსპირთან (მაკბეთი”)

 

თარგმანი ინგლისურიდან – მიქელ ირემაძე

 

 

ბავშვობიდანვე მოსვენებას მიკარგავდა “მაკბეთის” ერთი სცენა. № სახელდობრ: ყოველთვის ამოუცნობ ზემოქმედებას ახდენდა რახუნი კარზე, რომელიც ატყდება მაშინვე, როგორც კი მაკბეთი, კავდორის თენი, მეფე დანკანს სიცოცხლეს გამოასალმებს. შთაბეჭდილების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ რახუნის გამო მკვლელის ფიგურა გამორჩეულ ავბედითობას იძენდა ჩემს თვალში და ლამის სიდიადითაც კი იმოსებოდა. მეწადა გონებით ჩავწვდომოდი ამ ეფექტს, მისი მიზეზი ამომეცნო, მაგრამ ჯიუტი მცდელობების მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში არაფერი გამომდიოდა.

 

წუთით შევჩერდები, რათა გულმხურვალედ მოვუწოდო მკითხველს, არად ჩააგდოს გონების ხმა, თუკი იგი ცნობიერების სხვა მონაცემებს არ ეთანხმება. რადგან გონება, მიუხედავად იმისა, რომ უაღრესად სასარგებლო და შეუცვლელიც კი არის ჩვენთვის, ადამიანური ცნობიერების მხოლოდ უდაბლეს უნარს წარმოადგენს და ყველაზე ნაკლებად იმსახურებს ნდობას; არადა, უმრავლესობა მარტოდენ გონებას ენდობა. ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში ეს იქნებ გამართლებულიც იყოს, ოღონდ სრულიად გაუმართლებელია იმ შემთხვევებში, როცა ფილოსოფიური ამოცანების გადაჭრას ვისახავთ მიზნად. ამის დასასაბუთებლად ათასი მაგალითის მოყვანა შემეძლო, მაგრამ ერთადერთით შემოვიფარგლები. სთხოვეთ კაცს, ვინც პერსპექტივის კანონებს არ ფლობს და, მაშასადამე, თქვენი ამოცანის შესასრულებლად წინასწარ არ არის მომზადებული, ამ დარგის კანონების შესაბამისად გამოსახოს ქაღალდზე ესა თუ ის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ხედი: ვთქვათ, ერთმანეთის მიმართ სწორი კუთხით განლაგებული ორი კედელი, ან კიდევ ისე დახატოს ქუჩა და მის ორსავე მხარეს ჩამწკრივებული სახლები, როგორც ამას ქუჩის დასაწყისში მდგომი ადამიანი დაინახავდა. ყველა შემთხვევაში ასეთი კაცი, თუკი მას ადრე არ აქვს შენიშნული, რა ხერხით აღწევენ მხატვრები სასურველ შედეგს, ვერ მოახერხებს ოდნავ მაინც მიუახლოვდეს საჭირო გადაწყვეტას. ხო მაგრამ, რატომ? ის ხომ ყოველდღიურად ჭვრეტს საკუთარი თვალით ამგვარ რაკურსებს? საქმე ისაა, რომ ამ კაცმა ხატვის დროს საშუალება მისცა საკუთარ გონებას მისსავე მხედველობაზე გაემარჯვა. ხოლო გონება, რომელსაც მხედველობის კანონების ინტუიციური ცოდნა არა აქვს მიმადლებული, მცირე საბაბსაც კი არ გვაძლევს საიმისოდ, რათა ვივარაუდოთ, რომ ქუჩის ხაზები, რომელთა პარალელურობა აშკარაა და ადვილი დასამტკიცებელია, ნახატზე რაღაც სხვაგვარად, არაპარალელურად უნდა იქნას გადატანილი. ყოველი ხაზი, რომელიც პერპენდიკულართან მართზე ნაკლები სიდიდის კუთხეს წარმოქმნის, ჩვენს ახალბედა მხატვარს იმის ნიშნად მოეჩვენება, რომ მის მიერ დახატული სახლები წასაქცევად არის განწირული. ამიტომ იგი ნაგებობების რიგს ზუსტად ჰორიზონტალს გააყოლებს და, ცხადია, სასურველ ეფექტს ვერ მიაღწევს. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ აურაცხელ მოვლენათა შორის, როცა გონებას უფლება ეძლევა არა მხოლოდ უარყოს თვალების მოწმობა, არამედ ერთიანად უკუაგდოს მათი მონაცემები. კაცი, უბრალოდ, გონების კარნახს კი არ ენდობა, იმის საპირისპიროდ, რასაც თვალები უკარნახებენ – საშინელება სწორედ ის არის, რომ ამ უგნურს საერთოდ არა აქვს წარმოდგენა იმაზე, რას ეუბნება საკუთარი მზერა; რომ ვერ ახერხებს იმის გააზრებას, რასაც ყოველწამიერად ჭვრეტს სწორედ თვალებით (და მაშასადამე, არა გონებით).

 

მაგრამ დროა თემას მივუბრუნდეთ. გონებას ძალა არ შესწევდა აეხსნა ჩემთვის, რატომ არის “მაკბეთში” კარზე ატეხილი რახუნი დაკავშირებული გარკვეული სახის პირდაპირ თუ ირიბ ზემოქმედებასთან. გონება არაორაზროვნად გამორიცხავდა ყოველგვარი ზემოქმედების შესაძლებლობას. და მაინც, მე საკუთარ თავს უფრო ვენდობოდი, რადგან თვითონ განვიცდიდი ამ ზემოქმედებას. ისღა დამრჩენოდა, თავი მემტვრია გამოცანაზე და ახალ გამოცდილებას დავლოდებოდი, რომელიც მის გასაღებს მაპოვნინებდა. ასე გრძელდებოდა, ვიდრე, ბოლოს, 1812 წელს რატკლიფის შარაგზის სცენაზე შედგებოდა დებიუტი მისტერ უილიამსისა,І რომელსაც სწორუპოვარმა მკვლელობებმა ესოდენ ბრწყინვალე და უჭკნობი რეპუტაცია მოუხვეჭა. ამ მკვლელობათა გამო გაკვრით უნდა შევნიშნოთ, რომ მათ გარკვეული თვალსაზრისით უარყოფითი შედეგი მოიტანეს, რადგან ისეთი დახვეწილი ემოციები მიაწოდეს დარგში ჩახედულთა გემოვნებას, რომ მათ ამ სფეროში უკვე ვერანაირი მიღწევები ვეღარ დააკმაყოფილებს. მისი საქმენი ისე უხვად დანთხეული სისხლით და ისე მჭახედ არის შეფერილი, რომ მათ გვერდით ნებისმიერი მკვლელობა ხუნდება და უფერულდება. ისე, რომ ამ ცოტა ხნის წინ დარგის ერთმა მოყვარულმა წაიბუზღუნა კიდეც: “უილიამსის შემდეგ ისეთი აღარაფერი მომხდარა, სალაპარაკოდ რომ ღირდესო”. ოღონდ, ეს არის საფუძველშივე მცდარი მიდგომა: ცხადია, არ შეიძლება ყოველი მკვლელი დიდ ხელოვნად მივიჩნიოთ და იმედი გვქონდეს, რომ ისიც მისტერ უილიამსის ბადალი გენიით იქნება დაჯილდოებული. აქ აუცილებელია გავიხსენოთ, რომ პირველი მკვლელობისას (მარების ოჯახის ამოჟლეტა) მოხდა სწორედ ის, რაც შექსპირის გენიამ შეთხზა (მკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ ატყდა რახუნი კარზე). ყველა ნამდვილმა მცოდნემ და, აგრეთვე, ყველაზე უფრო გამოჩენილმა დილეტანტებმა ღირსეულად დააფასეს ჩვენი დრამატურგის ბედნიერი მიგნება, როგორც კი მან პრაქტიკულად შეისხა ხორცი. მე კი მოვიპოვე ცინცხალი საბუთი იმისა, რომ მართალი ვიყავი, როცა, გონების კარნახის საპირისპიროდ, ჩემი შინაგანი შეგრძნებების ხმას ვენდობოდი. ამიტომ ახალი ჟინით ჩავუღრმავდი ადრე წამოჭრილ პრობლემას და, ბოლოს და ბოლოს, ჩემთვის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტას მივაგენი. არაფრით გამორჩეული, რიგითი მკვლელობა საშინლად უხამს და ვულგარულ მოვლენას წარმოადგენს იმ მიზეზით, რომ აქ წინა პლანზე გადმოდის ბუნებრივი, მაგრამ მდაბალი ინსტინქტი, რომელიც გვაიძულებს სიცოცხლეს ჩავებღაუჭოთ და რომელიც საფუძვლად უდევს თანდაყოლილ სწრაფვას თვითგადარჩენისკენ და თავისი არსით თანაბრად ახასიათებს ყველა ცოცხალ არსებას (თუმცაღა სხვადასხვა ძალით ვლინდება მათში). ეს ინსტინქტი იმდენად შლის ყოველგვარ განსხვავებას, რომ თვით მოკვდავთა შორის უდიადესნიც კი ლამის “ფეხსაცმლით გაჭყლეტილი არასმაქნისი ხოჭოს” დონემდე დაიყვანოს და, ამგვარად, ყველაზე უფრო დამამცირებელი და უსიმპათიო სახით წარმოგვიდგენს ადამიანურ ბუნებას. ადამიანის ასე დახატვა კი პოეტის ამოცანას არ შეესაბამება. რა ქნას პოეტმა, რა გზას დაადგეს? მან ინტერესის კონცენტრირება ბოროტმოქმედის ფიგურაზე უნდა მოახდინოს. ჩვენ უნდა თანავუგრძნოთ მკვლელს (ცხადია, ვგულისხმობ არა თანაგრძნობის გამო შებრალებას და არც თანაგრძნობის გამო გამართლებას, არამედ თანაგრძნობის მეშვეობით გაგებას, ანუ ისეთ თანაგრძნობას, რომლის საშუალებით ჩვენ მკვლელის სულში ვაღწევთ და მისი განცდების გაგების უნარს ვიძენთ [ალბათ, სასაცილოდაც კი გამოიყურება მცდელობა დავიცვა და გავამართლო სიტყვა “თანაგრძნობის” გამოყენება ისეთ კონტექსტში, რომელშიც მისი აზრი ადვილი ამოსაცნობია. მაგრამ განმარტების აუცილებლობა შემიქმნა “თანაგრძნობის” ბოლო დროს ფართოდ გავრცელებულმა არამეცნიერულმა სიტყვახმარებამ. ნაცვლად იმისა, რომ სწორი მნიშვნელობით გამოიყენონ, – “თანაგრძნობა, ესე იგი უნარი განიმსჭვალო სხვა ადამიანის გრძნობებით, იქნება ეს რისხვა, სიძულვილი, სიყვარული, სიბრალული თუ მოწონება”, – სიტყვა “თანაგრძნობა” გადაიქცა სიტყვა “თანალმობის” უბრალო სინონიმად. ამან წარმოშვა ბევრ ავტორთან ფართოდ დამკვიდრებული ბარბაროსული გამოთქმა “მოყვასისადმი თანაგრძნობა” ნაცვლად “მოყვასის თანაგრძნობისა” (ავტორის შენიშვნა)]). ძალადობის მსხვერპლის სულში აზრთა მთელი მდინარება, მისწრაფებათა ჭიდილი, მღელვარების ადიდება–დაშრეტა ერთიანად არის წალეკილი ყოვლისშთანმთქმელი შიშის გრძნობით; გარდაუვალი სიკვდილის საშინელება “ძლევამოსილი კვერთხით” თრგუნავს მსხვერპლს. ხოლო მკვლელის სულში (ისეთი მკვლელისა, რომელიც ღირსია პოეტმა თავის პერსონაჟად აქციოს) ვნებათა ქარიშხალი მძვინვარებს: პატივმოყვარეობა, სიძულვილი, შურისძიების წყურვილი გაუსაძლის ჯოჯოხეთს წარმოქმნიან და ჩვენ ამ ჯოჯოხეთში უნდა ჩავიხედოთ.

 

დრამატურგს სურდა ერთიანად ჩაეღვარა “მაკბეთში” თავისი ძლევამოსილი უზომო შემოქმედებითი ენერგია და ამ მიზნით სცენაზე ორი მკვლელი გამოიყვანა. შექსპირმა აქაც ჩვეული ოსტატობით უაღრესად დახვეწილად დაგვიხატა ორი ხასიათის განსხვავება; და მაინც, მართალია მაკბეთის სულში, ლედი მაკბეთთან შედარებით, ურთიერთსაპირისპირო ვნებათა უფრო ძლიერი შეჯახება მიმდინარეობს, მისი მძვინვარება ნაკლებად შმაგი, უფრო ზღვარდადებულია და სისხლისღვრის წყურვილიც ძირითადად მეუღლისგან გადაეცემა, მაგრამ რაკიღა ორივე პერსონაჟი ჩაბმული აღმოჩნდა ხოცვა–ჟლეტაში, მისწრაფება მკვლელობისკენ გარდუვალად იდგამს ფესვს ორივე მათგანის არსებაში. სწორედ ეს უნდა გამოეხატა დრამატურგს, და თანაც, – რამდენადაც აუცილებელი იყო თვალსაჩინოდ წარმოეჩინა მკვლელების ბუნებისა და მათი მსხვერპლის, “კეთილი დანკანის” უბოროტო პიროვნების განსხვავება, რათა ყოველმხრივ ემხილებინა “მკვლელობის უმძიმესი სულის წარმწყმედი ცოდვა”, – უნდა გამოეხატა უდიდესი ძალით. აუცილებელი იყო ჩვენი დარწმუნება, რომ ცოლ–ქმრის სულში ჩამკვდარია ყველაფერი ადამიანური და, სახელდობრ, სიყვარულისა და გულმოწყალების ღვთაებრივი ნიჭი, რომელიც ყოველ მოკვდავში ცოცხლობს და იშვიათად ხდება, რომ ადამიანში მთლიანად ჩაქრეს, აქ მთლიანად გაანადგურა, სრულიად დაშრიტა, ერთიანად ამოშანთა დემონურმა სისასტიკემ. საჭირო ეფექტი ბრწყინვალედ იქნა მიღწეული დიალოგებისა და მონოლოგების საშუალებით და დასრულებული ხორცშესხმა განსახილველ სცენაში ჰპოვა. სწორედ მასში გამოყენებულ დრამატულ ეფექტზე ვცდილობ გავამახვილო მკითხველის ყურადღება. თუკი როდისმე მკითხველის თვალწინ გრძნობა დაუკარგავს მის ცოლს, ასულს ან დას, მას უთუოდ ეხსომება, რომ ყველაზე უფრო ამაღელვებელი არის სწორედ ის წამი, როცა უჩუმარი ამოოხვრა ან ძლივსშესამჩნევი მოძრაობა გვამცნობს, უმოძრაო სხეულში მინავლებული სიცოცხლე ბრუნდებაო. ან კიდევ, დავუშვათ, ეროვნული გლოვის დღეს დიდ ქალაქში მოხვედრილი მკითხველი მოულოდნელად შეესწრო, როგორ მიაცილებს მდიდრულად მორთული პროცესია საყოველთაოდ თაყვანცემულ მიცვალებულს, ხალხის კერპს უკანასკნელი განსასვენებლისკენ; თუკი ჩვენი მკითხველი სამგლოვიარო კორტეჟის ჩავლის შემდეგ გაუყვებოდა გაყუჩებულ, გაუკაცურებულ ქუჩებს, სადაც ყველა ჩვეული საქმიანობა შეჩერებულია, სწორედ ეს უმოძრაობა და სიცარიელე აგრძნობინებდა მას, რა მღელვარებას შეუპყრია ადამიანები დიდ ქალაქში; მაშინ კი, როცა სამარისებურ მდუმარებასა და გაშეშებას ქვაფენილზე არახრახებული ბორბლების ხმა დაარღვევდა, იგი დაასკვნიდა, რომ ქალაქური ფუსფუსის სრული შეწყვეტა ყველაზე ძალუმად და მძაფრად სწორედ იმ წამს განიცდება, როცა პაუზა მთავრდება და შეყოვნებული ცხოვრება ჩვეულ მდინარებას უბრუნდება. ნებისმიერი ქმედება, საითაც უნდა იყოს იგი მიმართული, ყველაზე უკეთ ვლინდება, მასშტაბს იძენს და ცნობიერებაში აღიბეჭდება მისი საპირისპირო ქმედების მეშვეობით.

 

მივუსადაგოთ ეს დებულება “მაკბეთს”. აქ, როგორც უკვე ვთქვი, გამოხატული და ცნობიერებამდე მოტანილი უნდა იქნას ადამიანურ გრძნობათა გამოდევნა დემონური, ჯოჯოხეთური გრძნობებით; ცხოვრების ჩვეულ წესრიგში სრულიად სხვა, იმქვეყნიური სამყაროს შემოჭრა. ბოროტმოქმედები ამოვარდნილნი არიან მიწიერი საქმეების, მისწრაფებების, სურვილების კავშირიდან; ორივე მათგანი სახეცვლილია: ლედი მაკბეთი “ქალი აღარ არის”, თვით მაკბეთს ავიწყდება, რომ ქალის ნაშობია; ორივე აშკარად ეშმაკეულ ნიშნებს იძენს – და მოულოდნელად ჩვენს წინაშე პირს დააბჩენს ჯოჯოხეთი. ხო მაგრამ, როგორ უნდა გადმოიცეს ეს შთაბეჭდილება, როგორ უნდა დაეუფლოს მაყურებელს? იმისთვის, რომ იმქვეყნიური შემოიჭრას, საჭიროა ამქვეყნიური ყოფა დროებით შეწყდეს. უნდა მოხდეს მკვლელებისა და მათი საქმეების იზოლირება; ადამიანური საზრუნავ–სალაღობლისგან ისინი უძირო უფსკრულით უნდა აღმოჩნდნენ დაშორებულნი; რაღაც გამოუვალ ჯურღმულში მომწყვდეულნი. ჩვენ უნდა შევიგრძნოთ, რომ ცხოვრების ჩვეული მდინარება მოულოდნელად შედგა, უძრაობაში გაიყინა, მძინარებაში გაშეშდა; რომ იძულებით მოხდა მისი საზარელი შეჩერება. დრო უნდა განადგურდეს, გარესამყაროსთან კავშირი გაწყდეს; და ყოველივე საკუთარი ნებით უნდა გამოემწყვდეს მიწიერი გრძნობის გაუცნობიერებელ შეწყვეტაში. აი, ჯოჯოხეთური ბოროტება უკვე აღსრულებულია, ყველაფერი ერთიანად წყვდიადში იძირება... და სწორედ ამ დროს, აისის სხივთა დიდებულებით, შემოიჭრება ბნელში ნათელი: გაისმის რახუნი კარზე და აშკარად გვამცნობს, რომ დაიწყო უკუმოძრაობა – ცხოვრების პულსი ისევ აძგერდა; ადამიანური ისევ განდევნის ეშმაკეულს. ამქვეყნიური ყოფა იმარჯვებს და უწინარეს ყოვლისა გარემომცველი სინამდვილის მიერ საკუთარი პოზიციების კვლავდამკვიდრება გვაიძულებს განვიცადოთ ძრწოლა, საზარელი უფსკრულის წინაშე ცხოვრების მდინარება რომ გახლიჩა.

 

ჰოი, ყოვლისშემძლე პოეტო! შენი ქმნილებები არა ჰგავს არც ერთი სხვა ავტორის ნაწერებს – სხვები მხოლოდ ხელოვნების დიად ნიმუშებს თხზავენ და არა რაღაც ამაზე მეტს. შენი ქმნილებები კი მსგავსია ბუნების მოვლენებისა – მზისა და ზღვისა, ვარსკვლავებისა და ყვავილებისა, თრთვილისა და თოვლისა, ნამისა და წვიმისა, ჭექა–ქუხილისა და სეტყვისა: მათ შესწავლას დაუზოგავად უნდა შევალიოთ ყველა ადამიანური უნარი და ამასთან ურყევად გვწამდეს, რომ შენს სტრიქონებში შეუძლებელია იყოს რაღაც საჭიროზე მეტი ან ნაკლები, რაღაც შემთხვევითი ან უცხო. და რაც მეტ აღმოჩენას ვაკეთებთ, გამჭრიახი ჩანაფიქრისა და უზადო ხორცშესხმის მით მეტ ნიმუშს ვპოულობთ იქ, სადაც ზარმაცი მზერა ვერაფერს ხედავდა, შემთხვევითი მსგავსების გარდა.

 

 

1. ... მაკბეთის ერთი სცენა... – იხ. “მაკბეთი”, მოქმედება II, სურათი I.

 

2. ... დებიუტი მისტერ უილიამსისა... – უილიამსი მრავალი მკვლელობის ჩამდენი ცნობილი ყაჩაღი იყო. უფრო ვრცლად მის შესახებ იხ. დე ქვინსის ესე “მკვლელობა, როგორც ნატიფ ხელოვნებათა ერთ-ერთი დარგი”.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დე ვინსი თომას / კარზე რახუნი შექსპირთან (“მაკბეთი”)