დე სენტ-ეკზიუპერი ანტუან 

პატარა უფლისწული

 

 

 

 მთარგმნელი – ჩიმაკაძე გიორგი

 

 

პატიებას ვითხოვ ბავშვებისაგან, რომ ეს წიგნი დიდს მივუძღვენი. მე სერიოზული მიზეზი მქონდა ამისთვის: იგი ჩემი საუკეთესო მეგობარია ამქვეყნად. მაგრამ მე სხვა მიზეზიც მქონდა: ამ დიდს ყველაფერი ესმის, ბავშვებისთვის დაწერილი წიგნებიც კი.

 

და კიდევ ერთი მესამე მიზეზიც: იგი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მას შია და სცივა. მას გამხნევება სჭირდება. და თუ ყველა ეს საბუთი საკმარისი არ არის, მაშინ მე ამ წიგნს მივუძღვნი ბავშვს, რომელიც ამ სრულასაკოვან ადამიანად იქცა. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც (მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს). ამიტომ მე ასე შევასწორებ ჩემს მიძღვნას:

 

 ლეონ ვერტს.

 როდესაც ის პატარა ბიჭი იყო.

 

 I

 

 ექვსი წლის რომ ვიყავი, ერთ წიგნში, რომელიშიაც უღრან ტყეებზე იყო ლაპარაკი და რომელსაც „ნამდვილი ამბები“ ერქვა, ერთ შესანიშნავ ნახატს წავაწყდი: მახრჩობელა გველი რომელიღაც ნადირს ყლაპავდა. აი იმ ნახატის ასლი.

 

 წიგნში ეწერა: „მახრჩობელა გველები თავიანთ მსხვერპლს მთლიანად, დაუღეჭავად ყლაპავენ. ამის შემდეგ მათ განძრევის თავიც კი არა აქვთ და ექვსი თვე სძინავთ, რომ საჭმელი მოინელონო“.

 

 მე ძალიან ბევრს ვფიქრობდი ჯუნგლების ხიფათით აღსავსე ცხოვრებაზე და ფერადი ფანქრით სურათი დავხატე.

 

ეს იყო ჩემი ნახატი ნომერი 1.

 

ჩემი შედევრი დიდებს ვუჩვენე და ვკითხე, თუ შეგეშინდათ-მეთქი. „განა ქუდი საშიშია?“ – მომიგეს მათ.

 

 მაგრამ ჩემი ნახატი ქუდი არ იყო. ეს გახლდათ მახრჩობელა გველი, რომელიც გადაყლაპულ სპილოს ინელებდა. და მაშინ მე შიგნიდან დავხატე მახრჩობელა გველი, რომ დიდებს ნათლად დაენახათ ყველაფერი. მათ ხომ ყველაფერი უნდა აუხსნას კაცმა! ჩემი ნახატი ნომერი 2 ასეთი იყო:

 

 დიდებმა მირჩიეს ხელი ამეღო მახრჩობელა გველების ხატვაზე, შიგნიდან იქნობოდა, თუ გარედან, და მეტი გულისყურით მოვკიდებოდი გეოგრაფიას, ისტორიას, არითმეტიკას და გრამატიკას. ამიტომ იყო, რომ ექვსი წლის ასაკში უარი ვთქვი მხატვრობის ბრწყინვალე კარიერაზე. ნომერი 1 და ნომერი 2 ნახატის უგულებელყოფამ გული გამიტეხა.

 

დიდებს ხომ არაფრის გაგება არ შეუძლიათ სხვების დაუხმარებლად. ბავშვისთვის კი ძალიან მომქანცველია ყოველთვის წინასწარ აუხსნას მათ ყველაფერი.

 

 ამრიგად, იძულებული გავხდი, სხვა პროფესია ამერჩია და მფრინავის ხელობა შევისწავლე. თითქმის მთელ დედამიწას შემოვუფრინე და, უნდა ვთქვა, რომ გეოგრაფია ამ საქმეში ძალიან გამომადგა. თვალის ერთი გადავლებით შემეძლო გამერჩია ჩინეთი არიზონისაგან. ეს კი ძალიან სასარგებლოა, თუ ღამით მხარი გექცა და გეზი დაკარგე.

 

 ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრ სერიოზულ ადამიანს შევხვედრივარ, დიდხანს მიცხოვრია დიდებს შორის და საშუალება მქონდა ძალიან ახლო გავცნობოდი მათ. მაგრამ ამან მაინცდამაინც ვერაფერი შემატა მათ ჩემს თვალში.

 

 როცა ისეთ ადამიანს შევხვდებოდი, რომელიც სხვებზე უფრო ნათელი გონების პატრონი ჩანდა, ჩემს ნახატ ნომერ 1-ს ვუჩვენებდი, რომელიც მუდამ თან მქონდა. მინდოდა, ამ ხერხით გამეგო, ნამდვილად გამჭრიახი იყო იგი თუ არა.

 

მაგრამ ამ ნახატის დანახვაზე ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ – „ქუდიაო“. ამის შემდეგ აღარაფერს ვუყვებოდი მათ მახრჩობელა გველებზე, უსიერ ტყეებსა და ვარსკვლავებზე, მათებურად ვიწყებდი ლაპარაკს და საუბარს ვუბამდი ბრიჯზე, გოლფზე, პოლიტიკასა და ჰალსტუხებზე, და ისინიც დიდად კმაყოფილნი იყვნენ, რომ ასეთი გონიერი ადამიანი გაიცნეს.

 

 II

 

 ასე მარტოდმარტო ვცხოვრობდი და არავისთან შემეძლო გულითადი საუბარი, ვიდრე ერთხელ, ამ ექვსიოდე წლის წინათ, საჰარის უდაბნოში არ მომიხდა იძულებით დაშვება. ჩემი თვითმფრინავის ძრავას რაღად დაუზიანდა და, ვინაიდან არც მექანიკოსი მახლდა და არც მგზავრი მყავდა, გადავწყვიტე, თავად მეცადა დაზიანებული ნაწილის შეკეთება. ამაზე იყო ახლა დამოკიდებული ჩემი სიკვდილ-სიცოცხლე. სასმელი წყლის მარაგი დიდი-დიდი ერთი კვირა თუ მეყოფოდა.

 

 ღამით სილაზე დავიძინე დასახლებული ადგილიდან მრავალი ათასი მილით დაშორებულ უდაბნოში. გემის დაღუპვის შემდეგ შუაგულ ოკეანეში ტივზე შერჩენილი მეზღვაურიც კი არ იქნებოდა ჩემსავით მოწყვეტილი მთელ ქვეყანას. და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა სისხამ დილით უცნაურმა წკრიალა ხმამ გამაღვიძა:

 

 – თუ შეიძლება... დამიხატე ბატკანი!

 

 – რა?

 

 – ბატკანი დამიხატე!

 

 ელდანაკრავივით წამოვვარდი ზეზე, თვალები მოვიფშვნიტე და ყურადღებით მიმოვიხედე. ჩემს წინ საოცარი ბიჭუნა იდგა და ყურადღებით შემომცქეროდა. აი, მისი ყველაზე უკეთესი პორტრეტი, რომლის დახატვაც შემდეგ შევძელი. ჩემი ნახატი, რა თქმა უნდა, ბევრად ჩამოუვარდება ორიგინალს, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის. დიდებმა ამიცრუეს ხატვაზე გული, როდესაც ჯერ კიდევ ექვსი წლისა ვიყავი, და მეც ვარაფრის დახატვა ვერ ვისწავლე, გარდა მახრჩობელა გველისა გარედან და მახრჩობელა გველისა შიგნიდან.

 

გაოცებული მივჩერებოდი ამ მოულოდნელ ზმანებას და თვალებს არ ვუჯერებდი. არ დაგავიწყდეთ, რომ უდაბნოში ვიყავი, მრავალი ათასი მილით დაშორებული ადამიანის სამკვიდრებელს. ბიჭუნა კი არც გზააბნეული ჩანდა, არც დაღლილობით, შიმშილითა და წყურვილით ღონემიხდილი და არც შეშინებული.

 

იგი არაფრით მოგაგონებდათ ბავშვს, რომელსაც გზა აბნევია შუა უდაბნოში, ადამიანთა საკვიდრებლიდან მრავალ ათას მილზე. როგორც კი მოვიკრიბე ძალღონე და შევეკითხე:

 

 – კი მაგრამ... აქ რას აკეთებ?

 

 პასუხად მან ძალიან ნელა და დინჯად გამიმეორა, თითქოს უაღრესად დიდმნიშვნელოვან რამეზე ლაპარაკობსო:

 

– თუ შეიძლება... დამიხატე ბატკანი...

 

როცა საიდუმლოება მეტისმეტად დიდია, ადამიანს არ ძალუძს არ დაემორჩილოს მას. და თუმცა ადამიანებისგან მრავალი ათასი მილით დაშორებულს და სიკვდილის საფრთხეში მყოფს ასეთი საქციელი ძალიან სულელურად მეჩვენებოდა, მაინც ამოვიღე ჯიბიდან ქაღალდის ფურცელი და ავტოკალამი. მაგრამ უცებ მომაგონდა, რომ მე გეოგრაფიაში, ისტორიაში, არითმეტიკასა და მართლწერაში უფრო ვიყავი გაწაფული და, ცოტა არ იყოს, მკვახედ ვუთხარი, ხატვა არ ვიცი–მეთქი. მაგრამ ბუჭუნამ მომიგო:

 

– ამას მნიშვნელობა არა აქვს. დამიხატე ბატკანი.

 

ვინაიდან ბატკანი არასოდეს დამეხატა, დავხატე ის, რაც შემეძლო – ეს იყო მახრჩობელა გველი გარედან, და სახტად დავრჩი, როცა ბიჭუნამ წამოიძახა:

 

 – არა! არა! არ მინდა სპილო, რომელიც მახრჩობელა გველს გადაუყლაპავს. მახრჩობელა გველი ძალიან საშიშია, სპილო კი – ძალიან დიდი. აქ, ჩემთან, ყველაფერი ძალზე პატარაა.

 

მე მხოლოდ ბატკანი მჭირდება. დამიხატე ბატკანი.

 

 და მეც დავუხატე.

 

 იგი გულისყურით დააქცერდა ჩემს ნახატს და მითხრა:

 

 – არა, ამას ძალიან ავადმყოფური იერი აქვს, სხვა დამიხატე. სხვა დავუხატე.

 

 ჩემმა მეგობარმა წყნარად და მოწყალედ გამიღიმა:

 

 – შენც ხომ ხედავ, რომ ეს ბატკანი არაა. ეს უკვე ყოჩია. რქები აქვს...

 

 ისევ დავუხატე, მაგრამ მან ესეც დამიწუნა.

 

 – ეს ძალიან ბებერია.

 

მე ბატკანი მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს.

 

 უკვე ამევსო მოთმინების ფიალა... ჩემი საქმე მაწუხებდა, ძრავის დაშლას ვეშურებოდი, და კალმის რამდენიმე მოსმით ეს დავუხატე.

 

 თანაც დავძინე:

 

 – აი ყუთი. ბატკანი, რომელსაც შენ მთხოვდი, შიგ არის და ძალიან გავოცდი, როცა დავინახე, როგორ გაუბრწყინდა სახე ჩემს პატარა მსაჯულს.

 

 – სწორედ ის არის, მე რომ მინდოდა! როგორ ფიქრობ, ბევრი ბალახი დასჭირდება?

 

 – რატომ მეკითხები?

 

 – იმიტომ, რომ იქ ჩემთან, ყველაფერი ძალიან პატარაა.

 

 – მისი სამყოფი მაინც იქნება. მე შენ ძალიან პატარა ბატკანი გაჩუქე...

 

 იგი ისევ დააცქერდა ნახატს:

 

 – არც ისე პატარაა... შეხედე! უკვე ჩასძინებია...

 

 ასე გავიცანი პატარა უფლისწული.

 

 III

 

 კარგა ხანი მოვუნდი იმის გაგებას, თუ საიდან მოვიდა იგი ამ უდაბნოში. პატარა უფლისწული კითხვებს კითხვებზე მაყრიდა, ჩემს კითხვებზე კი სიტყვას ბანზე მიგდებდა. შემთხვევით თუ წამოსცდებოდა თითო–ოროლა სიტყვა, რომელთა შემწეობითაც თანდათან აეხადა ფარდა ყველაფერს.

 

ასე მაგალითად, პირველად რომ დაინახა ჩემი თვითმფრინავი (თვითმფრინავს არ დავხატავ, რადგან იგი გაცილებით უფრო ძნელი დასახატია), შემეკითხა:

 

 – რა საგანია ეს?

 

 – ეს საგანი არ არის. ამან ფრენა იცის. ეს თვითმფრინავია, ჩემი თვითმფრინავი.

 

 და მე თავმომწონედ ვამცნე მას, რომ ფრენა შემეძლო.

 

 – როგორ! შენ ციდან ჩამოვარდი?! – წამოიძახა მან.

 

 – ჰო, – გულიბრყვილოდ მივუგე მე.

 

 – საოცარია...

 

 და პატარა უფლისწულმა ხმამაღლა გადაიკისკისა, რამაც ძალიან მატკინა გული. არ მიყვარს, როცა გასაჭირში მყოფს აგდებულად მექცევიან. შემდეგ კი დასძინა:

 

 – მაშ შენც ციდან მოხვედი! რომელია შენი პლანეტა?

 

 ამ სიტყვებმა უეცრად მოფინა ნათელი მისი აქ მოსვლის საიდუმლოს და საჩქაროთ შევეკითხე:

 

 – შენ სხვა პლანეტიდან ხარ?

 

 პატარა უფლისწულმა პასუხი არ გამცა, თავი წყნარად გაიქნია და მზერა ჩემს თვითმფრინავს მიაპყრო.

 

 – მაგრამ ამით შორიდან ვერ მოხვიდოდი... – მითხრა მას და ოცნებაში ჩაიძირა. კარგა ხანს იდგა გარინდებული.

 

შემდეგ ჯიბიდან ჯიბიდან ბატკანის სურათი ამოიღო და დიდხანს დაჰყურებდა თავის განძს.

 

 ალბათ წარმოიდგენთ, როგორ დამაინტერესა მის მიერ გაკვრით ნახსენებმა „სხვა პლანეტამ“ და გადავწყვიტე უფრო დაწვრილებით შემეტყო პატარა უფლისწულის ცხოვრება.

 

 – საიდან მოხვედი აქ, ჩემო პატარა ბიჭო? რას ნიშნავს „იქ, ჩემთან“? სად უნდა წაიყვანო ჩემი ბატკანი?

 

 იგი ერთ ხანს დუმდა ფიქრებში დანთქმული. შემდეგ კი მომიგო:

 

 – რა კარგია რომ ყუთი მაჩუქე. ღამღამობით სადგომად გამოადგება ჩემს ბატკანს.

 

 – რაღა თქმა უნდა, ჭკვიანად თუ იქნები, თოკსაც გაჩუქებ ბატკნის დასაბმელად და პალოსაც.

 

 ჩემმა სიტყვებმა თითქოს შეაკრთო პატარა უფლისწული.

 

 – დასაბმელად? რა სასაცილო აზრია!

 

 – თუ არ დააბი, დასმე წავა და დაიკარგება...

 

 ჩემმა მეგობარმა კვლავ ხმამაღლა გადაიკისკისა.

 

 – სად წავა?

 

 – სადაც მოისურვებს. ააღერებს თავს და სულ პირდაპირ ივლის...

 

 – ამას მნიშვნელობა არა აქვს. იქ, სადაც მე ვცხოვრობ, ყველაფერი ძალიან პატარაა! – დინჯად შენიშნა პატარა უფლისწულმა და ნაღვლიანად დაუმატა:

 

 – პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ...

 

 IV

 

 ამრიგად, კიდევ ერთი უაღრესად საყურადღებო რამ შევიტყვე: პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, სახლზე ოდნავ დიდი ყოფილა მხოლოდ.

 მაგრამ მე ეს არ გამკვირვებია. კარგად ვიცოდი, რომ გარდა ისეთი დიდი პლანეტებისა, როგორიცაა დედამიწა, იუპიტერი, მარსი და ვენერა, რომლებსაც ჩვენ სახელებიც კი შევაქვით, არსებობს მრავალი სხვა პლანეტა, რომელთა შორისაც ზოგი ისეთი პატარაა, რომ მათი დანახვა ტელესკოპითაც კი ჭირს.

 

როცა ასტრონომი ასეთ პლანეტად აღმოაჩენს, იგი მას სახელის ნაცვლად ნომრით აღნიშნავს. მაგალითად, „ასტეროიდი 3251“.

 

 მე სერიოზული საფუძველი მქონდა მეფიქრა, რომ პლანეტა, საიდანაც პატარა უფლისწული მოვიდა, ასტეროიდი ბ612 უნდა ყოფილიყო. ეს ასტეროიდი მხოლოდ ერთხელ, 1909 წელს შენიშნა ტელესკოპით ერთმა თურქმა ასტრონომმა.

 ამ აღმოჩენის შესახებ მან ვეებერთელა მოხსენება წარუდგინა საერთაშორისო ასტრონომიულ კონგრესს. მაგრამ, რადგან ასტრონომს ეროვნული ტანსაცმელი ეცვა, არავინ დაუჯერა. ასეთი უცნაური ხალხია ეს დიდები!

 

 მაგრამ ასტეროიდ ბ612-ს უნდა უმადლოდნენ, რომ თურქეთის დიქტატორმა ბრძანება გასცა, ყველა მის ქვეშევრდომს ევროპულად ჩაეცვა, და ვინც ბრძანებას არ შეასრულებდა, სიკვდილით დასჯა ელოდა. 1920 წელს, ამჯერად უკვე ევროპულ კოსტუმში დიდებულად გამოწყობილმა ატრონომმა ხელმეორედ მოახსენა კონგრესს თავისი აღმოჩენა.

 

და ახლა უკვე ყველამ აღიარა მისი აღმოჩენა.

 

ამ ასტეროიდის ამბავი ასე დაწვრილებით იმიტომ მოგიყევით და მისი ნომერიც იმიტომ აღვნიშნე, რომ დიდებს გაეგოთ ჩემი ნათქვამი. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. და მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, „ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო“, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს“ და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!

 

 და სწორედ ასევე, თუ მათ ეტყვით: „იყო ერთი პატარა უფლისწული, და ამის დამამტკიცებელი საბუთი არის ის, რომ იგი მშვენიერი იყო, იცინოდა და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა ბატკანი, ხოლო ვისაც სურს ჰყავდეს ბატკანი, რა თქმა უნდა, არსებობს კიდეც“.

 

ამ სიტყვებზე ისინი მხრებს აიჩეჩავენ და ბავშვად ჩაგთვლიან. მაგრამ თუ ეტყვით, რომ პლანეტას, საიდანაც იგი მოვიდა, ასტეროიდი ბ612 ჰქვია, ეს მათ სავსებით დაარწმუნებს და მეტი შეკითხვით აღარ შეგაწუხებენ.

 

რა გაეწყობა, ასეთი ხალხია დიდები. ნუ გავუბრაზდებით მათ. ბავშვებს დიდი მოთმინება მართებთ დიდების მიმართ.

 

 მაგრამ ჩვენთვის, ვისაც გვესმის ცხოვრების აზრი, მნიშვნელობა არა აქვს ციფრებს. მე მერჩივნა, ამ ამბის თხრობა ზღაპარივით დამეწყო:

 

 „ოდესღაც, უხსოვარ დროში, ცხოვრობდა ერთი პატარა უფლისწული. იგი ცხოვრობდა ერთ პატარა პლანეტაზე და ძალიან უნდოდა ჰყოლოდა მეგობარი...“ და ის, ვისაც ესმის ცხოვრების ავკარგი, გაცილებით უკვეთ მიხვდება ჩემი მოთხრობის აზრს. არ მინდა უგულოდ წაიკითხოს ვინმემ ჩემი წიგნი.

 

ძალიან მიმძიმს ამ მოგონების გადმოცემა. უკვე ექვსმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც პატარა უფლისწულმა მიმატოვა და თან წაიყვანა თავისი ბატკანი. და თუ ახლა ვცდილობ დაგიხატოთ იგი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ დამავიწყდეს. მეგობრის დავიწყება ძალიან ცუდია. ყველას არა ჰყავს მეგობარი და თუ მე იგი დავივიწყე, მაშინ იმ დიდებს დავემგვანები, რომლებსაც ციფრების გარდა აღარაფერი აინტერესებთ.

 

 ამიტომ ვიყიდე ისევ საღებავების ყუთი და ფერადი ფანქრები. ჩემს ასაკში არც ისე ადვილია ხელახლა მოჰკიდო კაცმა ხატვას ხელი, მით უმეტეს, თუ მთელი ცხოვრების მანძილზე მახრჩობელა გველის გარდა არაფერი დაგიხატავს და ისიც მაშინ, როცა ექვსი წლისა იყავი. ცხადია, რაც შემიძლია ვეცდები კარგად გადმოგცეთ მისი სახე.

 

მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ შევძლებ. ზოგ ნახატს არა უშავს, ზოგი კი სრულებით არა ჰგავს. ცოტათი სიმაღლეშიც ვცდები: ზოგან უფლისწული ძალიან მაღალი გამომივიდა, ზოგან კი – ძალიან დაბალი. არც ის მახსოვს კარგად, რა ფერის ტანსაცმელი ეცვა. მაგრამ მე ძალღონეს არ ვიშურებ და, მთელი მონდომებით ვხატავ. ცხადია, უფრო საყურადღებო დეტალების გადმოცემაშიც შეიძლება შევცდე. მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ იქნება.

 

ჩემი მეგობარი არასოდეს არაფერს არ მიხსნიდა, ალბათ მასავით გულთმისანი ვეგონე. მაგრამ, ჩემდა საუბედუროდ, მე არ ძალმიძს მასავით დავინახო ყუთში დამწყვდეული ბატკანი. შესაძლოა ცოტათი დიდებს ვგავარ. ალბათ დავბერდი.

 

 V

 

 ყოველდღიურად რაღაც ახალს ვიგებდი უფლისწულის პლანეტაზე, იმაზე, თუ როგორ დატოვა მან იგი, ანდა, როგორ იმოგზაურა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიყვებოდა პატარა უფლისწული თავის ამბებს, როცა შემთხვევით სიტყვა მოიტანდა. ასე შევიტყვე მესამე დღეს ბაობაბების მიერ გამოწვეული უბედურების ამბავი.

 

 და ამასაც ბატკანს უნდა ვუმადლოდე. უეცრად, თითქოს რაღაცამ დააეჭვაო, პატარა უფლისწული შემეკითხა:

 

 – ხომ მართალია, რომ ბატკანი პატარა ბუჩქებს ჭამს?

 

 – სრული სიმართლეა.

 

 – როგორ მიხარია!

 

 ვერ მივხვდი, რატომ უნდა ყოფილიყო ასე მნიშვნელოვანი ის, რომ ბატკანი ბუჩქებს ჭამს.

 

მაგრამ პატარა უფლისწულმა დასძინა:

 

 – რაკი ეგრეა, ბაობაბსაც რომ შეჭამს?

 

 მე ავუხსენი, რომ ბაობაბი ბუჩქი კი არა, ტაძრის ოდენა ხეა და, სპილოების მთელი ჯოგიც რომ დაასიო, ვერაფერს დააკლებს-მეთქი.

 

 სპილოების ხსენებაზე პატარა უფლისწულს გაეცინა:

 

 – ოღონდ სპილოები ერთმანეთის ზურგზე უნდა შეგვესვა...

 

შემდეგ კი დინჯად განმიმარტა:

 

 – სანამ ბაობაბი ასეთი დიდი გახდებოდეს, იგი ჯერ სულ პატარაა.

 

 – მართალია, მაგრამ რატომ გინდა, რომ შენმა ბატკანმა პატარა ბაობაბები შეჭამოს?

 

 – როგორ თუ რატომ! – ისე მომიგო მან, თითქოს ეს ამბავი თავისთავად ცხადი ყოფილიყოს. მე კი თავისმტვრევა დამჭირდა ამ პრობლემის გადასაწყვეტად.

 

 და მართლაც, როგორც შევიტყვე, პატარა უფლისწულის პლანეტაზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენ პლენეტაზე, კარგი მცენარეებიც ხარობს და ცუდიც. კარგ მცენარეს კარგი თესლი გამოაქვს, ცუდს კი – ცუდი, მაგრამ თესლი უხილავია. მას მშვიდად სძინავს მიწის იდუმალ წიაღში, სანამ გამოღვიძებას არ მოისურვებს. და აი – პატარა თესლი თვალებს მოიფშვნეტს, გაიზმორებს და გაუბედავად აღმართავს მზისკენ მშვენიერ, უწყინარ, პატარა ყლორტს. თუ ეს ბოლოკის ან ვარდის ყლორტია, დე იხაროს, სადაც მოესურვება. მაგრამ თუ იგი ცუდი მცენარეა.

 

მაშინვე უნდა ამოიძირკვოს. პატარა უფლისწული პლანეტაზე თურმე ბაობაბების საშინელი თესლი გაჩენილა... ეს თესლი მთელი პლანეტის ნიადაგს მოსდებია. ბაობაბი კი ისეთი მცენარეა, რომ დროზე თუ არ მიხედე, მერე ვეღარ მოიცილებ. მთელ პლანეტას მოედება, ღრმად გაიდგამს ფესვებს და თუ პლანეტა ძალიან პატარაა, ბაობაბი კი ბევრი, მათ შეუძლიათ ნაფლეთებად აქციონ იგი!

 

 – მთავარია დისციპლინა, – მითხრა პატარა უფლისწულმა, – როგორც კი დილით ხელ–პირს დაიბან, გულმოდგინედ უნდა შეუდგე შენი პლანეტის დასუფთავებას. როგორც კი შეამჩნევ ბაობაბის ახლადამოწვერილ ყლორტებს და მიხვდები, რომ ეს ბაობაბია და არა ვარდის ბუჩქი, რომელსაც იგი თავდაპირველად ძალიან ჰგავს, ხელადვე უნდა ამოძირკვო. ეს ძალიან მოსაბეზრებელი საქმეა, მაგრამ ძალიან ადვილიც.

 

ერთხელ პატარა უფლისწულმა მირჩია კარგად დამეხატა ბაობაბი, რომ ჩვენი ქვეყნის ბავშვებს უკეთ გაეგოთ ყველაფერი.

 

 „თუ ოდესმე იმოგზაურებენ – მითხრა მან, – გამოადგებათ.

 

ზოგიერთი სამუშაოს სახვალიოდ გადადებას ზიანი არ მოაქვს, მაგრამ როცა საქმე ბაობაბს ეხება, დაყოვნება დამღუპველია. მე ერთი პლანეტა ვიცოდი, სადაც ზარმაცი კაცი ცხოვრობდა. მან დროზე ვერ შენიშნა სამი პატარა ბუჩქი და...“

 

პატარა უფლისწულის მონაყოლის მიხედვით მე დავხატე ის პლანეტა. ძალიან არ მიყვარს მორალისტის ტონით ლაპარაკი, მაგრამ რადგან ბევრმა არ იცის, რა საფრთხე მოელის ადამიანს, თუ იგი ასტეროიდზე მოხვდა, გადავწყვიტე დავარღვიო ჩემი ჩვეულება და ვამბობ: „ბავშვებო! უფრთხილდით ბაობაბს!“ მინდა ჩემს მეგობრებს დავანახო ის საფრთხე, რომელიც მათ დიდი ხანია ემუქრება და ვერ ხედავენ, ისევე როგორც მე ვერ ვხედავდი. ამიტომ ვიშრომე ამდენი ამ სურათზე და არც ვნანობ. იქნებ მკითხოთ, რატომ არ არის ამ წიგნში სხვა ისეთი დიდი ნახატი, როგორიც ამ ბაობაბების სურათია. პასუხი მარტივია: ვეცადე, მაგრამ ვერ შევძელი.

 

ხოლო როცა ბაობაბებს ვხატავდი, შეგნებული მქონდა, რომ ამ სურათის დახატვა აუცილებელი იყო და ეს შეგნება მაძლევდა ძალას.

 

 VI

 

 ო, პატარა უფლისწულო. მე თანდათან შევიტყვე შენი სევდიანი ცხოვრების ამბავი. დიდი ხნის განმავლობაში შენი ერთადერთი გასართობი ჩამავალი მზის ცქერა ყოფილა. ეს ახალი აბავი ჩვენი გაცნობის მეოთხე დღეს შევიტყვე, როცა მითხარი:

 

 – ძალიან მიყვარს მზის ჩასვლა: წამოდი, ვუცქიროთ.

 

 – კი მაგრამ, საჭიროა დავიცადოთ...

 

 – რას უნდა დავუცადოთ?

 

 – მზის ჩასვლას.

 

 თავდაპირველად ჩემმა ნათქვამმა ძალიან გაგაოცა, შემდეგ კი ჩაგეცინა და მითხარი:

 

 – მუდამ შინ მგონია თავი!

 

 და, მართლაც ყველამ იცის რომ, როცა ამერიკაში შუადღეა, საფრანგეთში მზე უკვე ჩადის.

 

და თუ შეძლებ ერთ წუთში ჩახვიდე საფრანგეთში, მოუსწრებ მზის ჩასვლას, მაგრამ, სამწუხაროდ, საფრანგეთი ძალიან შორსაა. შენთვის კი, შენს პატარა პლანეტაზე, საკმარისი იყო რამდენიმე ნაბიჯზე გადაგედგა სკამი და, როცა მოისურვებდი, მაშინ დაგენახა დაისი...

 

– ერთ დღეს ორმოცდასამჯერ ვუცქირე მზის ჩასვლას!

 

 და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დასძინე:

 

 – როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს...

 

 – მაშ იმ დღეს, როცა ორმოცდასამჯერ უცქირე მზის ჩასვლას, ძალიან გიმძიმდა?

 

 პატარა უფლისწულმა ხმა არ გამცა.

 

 VII

 

 მეხუთე დღეს, ამჯერადაც ბატკნის წყალობით, ფარდა აეხადა პატარა უფლისწული ცხოვრების საიდუმლოს. უეცრად, თითქოს ამ კითხვამდე დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიდაო, შემეკითხა:

 

 – თუ ბატკანი ბუჩქებს ჭამს, ყვავილიც ხომ შეიძლება შეჭამოს?

 

 – ბატკანი, – მივუგე მე, – ყველაფერს ჭამს, რასაც კი მისწვდება.

 

 – ეკლიან ყვავილებსაც?

 

 – ელიანსაც.

 

 – მაშ, ეკალი რაღა საჭიროა?

 

 ეს კი აღარ ვიცოდი.

 

იმ წუთს საქმით ვიყავი გართული. ძრავაზე ერთი ჭანჭიკი ძალზე მოჭერილი იყო და მის მოშვებას ვცდილობდი. შეშფოთებული ვიყავი, – ვხედავდი, რომ ჩემი თვითმფრინავი სერიოზულად იყო დაზიანებული, სასმელი წყალი კი უკვე მელეოდა, რაც კარგს არაფერს მიქადდა.

 

 – რაღა საჭიროა ეკალი?

 

 თუკი პატარა უფლისწული რაიმეს შეგეკითხებოდა, აღარ დაგეხსნებოდა, სანამ პასუხს არ მიიღებდა. იმ ჭანჭიკს კი მოთმინებიდან გამოვყავდი და რაც ენაზე მომადგა, ის მივუგე.

 

 – არაფრისთვის არ არის საჭირო. ყვავილები მხოლოდ სიავით ისხამენ ეკლებს!

 

 – ოჰ!

 

 წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კი პატარა უფლისწულმა, ცოტა არ იყოს, მკვახედ მომახალა:

 

 – არა მჯერა! ყვავილი სუსტი და გულიბრყვილო არსებაა და რაც შეუძლია იმაგრებს გულს. მას ჰგონია, რომ თავისი ეკლებით თავზარს სცემს მტერს.

 

 მე არაფერი ვუპასუხე, რადგან ჩემი დარდი მაწუხებდა: „თუ ეს ჭანჭიკი ახლაც ვერ მოვუშვი, – ვფიქრობდი გულში, – ამ ჩაქუჩით დავლეწავ-მეთქი“.

 

 მაგრამ ფიქრები კვლავ პატარა უფლისწულმა გამაწყვეტინა:

 

 – და შენ ნამდვილად გგონია, რომ ყვავილი...

 

 – არა! არა! მე არაფერი არა მგონია.

 

მე მხოლოდ ისა ვთქვი, რაც ენაზე მომადგა. ხომ ხედავ, როგორი სერიოზული საქმე მაქვს!

 

 მან გაოცებით შემომხედა:

 

 – სერიოზული საქმე?

 

 იგი დაკვირვებით შემომცქეროდა მანქანის ზეთით გათხუპნულს, რაღაც საგანზე რომ ვიყავი დახრილი, რომელივ მის თვალში ალბათ ძალიან უშნო იყო.

 

 – შენ დიდებივით ლაპარაკობ! – თქვა მან.

 

 ცოტა არ იყოს, შემრცხვა. იგი კი შეუბრალებლად განაგრძობდა.

 

 – ყველაფერი გეშლება... ყველაფერს ერთმანეთში ურევს!

 

 იგი მართლაც ძალიან იყო აღშფოთებული. თავი გაიქნია და ქარმა ოქროსფერი კულულები აუშალა.

 

 – მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება, არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისათვის, არასოდეს ყვარებია ვინმე და რიცხვების შეკრება-გამოკლების მეტი არაფერი გაუკეთებია. მთელი დღე შენსავით ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო, და ამპარტავნად იბღინძება.

 

მაგრამ იგი კაცი ხომ არ არის. იგი სოკოა!

 

 – რა არის?

 

 – სოკო!

 

 პატარა უფლისწული მთლად გაფითრდა მრისხანებისაგან.

 

 – მილიონი წლებია ყვავილები ეკლებს ისხამენ, მილიონი წლებია ბატკნები ყვავილებს მაინც ჭამენ. ნუთუ სერიოზული საქმე არ არის იმის გაგება, რატომ შრომობენ ყვავილები ეკლების გამოსასხმელად, რომლებიც მათ არაფრად არგიათ. ნუთუ არაფერია ის, რომ ბატკნები და ყვავილები ერთმანეთს მტრობენ? განა ეს უფრო მნიშვნელოვანი და უფრო სერიოზული არ არის, ვიდრე იმ ჩასუქებული წითელი ვაჟბატონის არითმეტიკა? თუ მე ქვეყნად ერთადერთი ყვავილი მეგულება, რომელიც მხოლოდ ჩემს პლანეტაზე ხარობს, და თუ პატარა ბატკანს ერთ მშვენიერ დღეს შეუძლია მოსპოს იგი, ისე რომ არც კი იცოდეს რას აკეთებს, განა ეს მნიშვნელოვანი არ არის?

 

 პატარა უფლისწულს სახე წამოუფაკლდა.

 

 – თუ ადამიანს უყვარს ყვავილი, რომლის მაგვარი არცერთ ვარსკვლავზე არ მოიძებნება, ეს საკმარისია, რომ იგი ბედნიერი იყოს ამ ვარსკვლავის დანახვაზე. „იქ, სადღაც, ჩემი ყვავილი ხარობს...“ – ფიქრობს იგი. მაგრამ თუ ყვავილი ბატკანმა შეჭამა, მისთვის ყველა ვარსკვლავი ჩაქრება ცაზე! და ეს მნიშვნელოვანი არ არის?

 

 მან მეტი ვერაფერი თქვა და უეცრად აქვითინდა. ბინდი ჩამოწვა.

 

მე დავყარე ჩემი იარაღები. რა ფასი ჰქონდა ახლა ჩემს ჩაქუჩს, ჭანჭიკს, წყურვილს ან სიკვდილს, როცა ერთადერთ ვარსკვლავზე, ერთ პლანეტაზე, ჩემს პლანეტაზე – დედამიწაზე – პატარა უფლისწულს ნუგეში სჭირდებოდა! მე ხელში ავიყვანე იგი და დავარწიე. თან ვარწმუნებდი: „ყვავილს, რომელიც შენ გიყვარს, არ ელის საფრთხე... მე დაგიხატავ პირსაკრავს ბატკნისათვის... მე დაგიხატავ ჯავშანს ყვავილისათვის... მე...“ აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, როგორ ჩავწვდომოდი მის სულს, როგორ ამოვდგომოდი მხარში... ცრემლების ქვეყანა ხომ ისეთი იდუმალებით მოცული სამყაროა.

 

 VIII

 

 მალე შემთხვევა მომეცა უფრო ახლოს გამეცნო ეს ყვავილი.

 

პატარა უფლისწულის პლანეტაზე ყოველთვის ხარობდნენ უბრალო ყვავილები, რომლებსაც ფურცლები მხოლოდ ერთ წყებად ჰქონდათ, ძალიან მცირე ადგილი ეკავათ და არავის აწუხებდნენ თავიანთი არსებობით. დილით ისინი მორცხვად გამოიხედავდნენ ბალახებიდან და იმავე საღამოს ქრებოდნენ. ერთ დილას კი თესლიდან, რომელიც არავინ იცის, საიდან გაჩნდა პატარა უფლისწულის პლანეტაზე, მოულოდნელად ახალი ყლორტი ამოიზარდა. პატარა უფლისწული ყურადღებით დააცქერდა ახალ მორჩს, რომელიც მისი პლანეტის არცერთი სხვა მცენარის ღეროს არ ჰგავდა. ხომ შეიძლებოდა, რომ იგი ბაობაბის ახალი ჯიში ყოფილიყო? მაგრამ ბუჩქმა მალე შეწყვიტა ზრდა და კოკორი გამოიღო. პატარა უფლისწულმა, რომელსაც არასოდეს ენახა ასეთი კოკორი, მაშინვე იგრძნო, რომ რაღაც სასწაული უნდა მომხდარიყო. ყვავილს კი ჯერ არ დაემთავრებია მორთვა-მოკაზმვა თავის მწვანე სანთიობოში.

 

იგი გულდასმით ირჩევდა ფერებს და ნელ-ნელა იმოსებოდა საგანგებოდ შერჩეული ნაირ-ნაირი ფურცლებით. მას არ სურდა ულაზათოდ მოსულიყო ამქვეყნად, როგორც ეს მინდვრის ყაყაჩოებს სჩვევიათ ხოლმე. სურდა ყველასათვის მოეჭრა თვალი თავისი სინატიფით. იგი დიდი კეკლუცი არსება იყო! მისი საიდუმლო სამზადისი კარგა ხანს გრძელდებოდა. და აი ერთ დილას, ამოვიდა თუ არა მზე, იგი გაიფურჩქნა.

 

 და, თითქოს ასე გულმოდგინედ არ ემზადებოდაო, დაამთქნარა და წარმოთქვა:

 

 – ოჰ! ძლივს არ გავიღვიძე...

 

გთხოვთ მომიტევოთ.... ჯერ დავარცხნილიც არა ვარ.

 

 პატარა უფლისწულმა ვერ დაფარა თავისი აღტაცება:

 

 – რა მშვენიერი ხართ!

 

 – მართლა? – ნაზად მიუგო ყვავილმა.

 

– მე ხომ მზესთან ერთად დავიბადე.

 

 პატარა უფლისწული, რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ იგი მაინცა და მაინც კდემამოსილი არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, მომხიბვლელი რამ იყო!

 

 – მგონი საუზმის დროა, – დასძინა ცოტა ხნის შემდეგ ყვავილმა. – იქნებ გაისარჯოთ და იზრუნოთ ჩემზე...

 

 პატარა უფლისწული ძალიან შეცბუნდა, მერე სარწყული მოიტანა და ყვავილი წყლით მორწყო.

 

 მალე ყვავილმა თავისი ცუდმედიდობით და ჭირვეულობით მთლად გააწამა საბრალო უფლისწული. ერთხელ, თავის ოთხად ოთხ ეკალზე რომ ლაპარაკობდა, უფლისწულს უთხრა:

 

 – მობრძანდნენ ერთი ის ვეფხვები, ბრჭყალებს რომ უქებენ.

 

 – ჩემს პლანეტაზე ვეფხვები არ არიან, – განუმარტა პატარა უფლისწულმა, – და, ასეც რომ იყოს, ვეფხვები ბალახს არ ჭამენ.

 

 – მე ბალახი არა ვარ, – შენიშნა განაწყენებულმა ყვავილმა.

 

 – მომიტევეთ...

 

 – ვეფხვები ვერ შემაშინებენ, მაგრამ ორპირი ქარისა კი ძალიან მეშინია. თეჯირი ხომ არა გაქვთ?

 

 „ორპირი ქარის შიში უბედურებაა მცენარისათვის, – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, – ეს ყვავილი ძალიან მგრძნობიარე ყოფილა...“

 

 რომ მოსაღამოვდება, სარქველი დამახურეთ. აქ, თქვენთან ძალიან ცივა. ძალიან მოუწყობელია აქაურობა. იქ, საიდანაც მე მოვედი...

 

 და უცებ ხმა გაკმინდა.

 

იგი ხომ პატარა თესლის სახით მოვიდა ამ პლანეტაზე და არ შეეძლო რამე სცოდნოდა სხვა ქვეყნებზე. ასეთი მტკნარი სიცრუე რომ წამოსცდა, დარცხვენილმა ორჯერ ჩაახველა, რომ პატარა უფლისწულისთვის მისი დანაშაული ეგრძნობინებინა.

 

 – თეჯირი სადაა?..

 

 – მის მოსატანად ვაპირებდი წავსლას, მაგრამ თქვენ მელაპარაკებოდით!

 

 მაშინ ყვავილმა უფრო ძლიერი ხველა ატეხა, რომ პატარა უფლისწულს სინდისის ქენჯნა ეგრძნო.

 

 თუმცა პატარა უფლისწული თავს ევლებოდა თავის სატრფოს, მაგრამ მალე შეერყა მისდამი რწმენა. იგი გულდასმით უსმენდა მის უმართებულო სიტყვებს და ძალიან უბედურად თვლიდა თავს.

 

 „არ უნდა დამეგდო მისთვის ყური, – გამანდო ერთხელ, – არასოდეს არ უნდა მოუსმინო ყვავილებს. მარტო მათი ქცერით და სურნელებით უნდა დატკბე. ჩემმს ყვავილმა მთელ ჩემს პლანეტაზე მოჰფინა სურნელება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ დავმტკბარიყავი ამით. ვეფხვებისა და ბრჭყალების ამბებს არ უნდა გავებრაზებინე, უფრო მეტად უნდა შემბრალებოდა იგი...“

 

 და მერე დასძინა:

 

 – მაშინ არაფერი გამეგებოდა! მისი საქციელისათვის უნდა მიმექცია ყურადღება და არა მისი სიტყვებისათვის. იგი მე სურნელებას მაკმევდა და ცხოვრებას მინათებდა.

 

არ უნდა გამოვქცეოდი! მის გულუბრყვილო ოინებში მისი სინაზეც უნდა დამენახა. ყვავილი ხომ ისეთი ცვალებადია! მაგრამ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და სიყვარულის არა გამეგებოდა რა.

 

 IX

 

 თავისი პლანეტიდან გაქცევისას იგი ალბათ გარეულ ფრინველთა გუნდს შეუერთდა. იმ დილას მან საგულდაგულოდ დაალაგა თავისი პლანეტა: გულმოდგინედ ამოწმინდა მოქმედი ვულკანები. მას ორი მოქმედი ვულკანი ჰქონდა. ამ ვულკანების ცეცხლზე იმზადებდა დილით საუზმეს. უფლისწულის პლანეტაზე ერთი ჩამქრალი ვულკანიც იყო, რომელიც ყოველი შემთხვევისათვის ასევე გულდასმით ამოწმინდა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, „არავინ იცის, რა მოხდება“. თუ ვულკანი კარგადა გაქვს გაწმენდილი, მისი ცეცხლი თანაბრად ანთია და არასოდეს ამოიფრქვევა.

 

ვულკანის ამოფრქვევა ხომ გაუწმენდავი ღუმელის მილში გაჩენილ ხანძარსა ჰგავს. დედამიწის მკვიდრნი, ძალიან პატარები ვართ და ძალგვიძს ამოვწმინდოთ ჩვენი ვულკანები. ამიტომაა, რომ მათ ამდენი უსიამოვნება მოაქვთ ჩვენთვის.

 

 

 

 მართალია, გამგზავრების წინ ძალიან დანაღვლიანებული იყო, მაგრამ მაინც ამოძირკვა ახლადამოწვერილი ბაობაბის ფესვები. მას ეგონა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა და ეს ჩვეულებრივი სამუშაო განსაკუთრებულ სიამოვნებას გვრიდა იმ დილით. როდესაც უკანასკნელად მორწყო ყვავილი და სარქველი უნდა დაეხურა, თვალები ცრემლით აევსო.

 

 – მშვიდობით, – უთხრა ყვავილს.

 

 მაგრამ ყვავილმა ხმა არ გასცა.

 

 – მშვიდობით, – გაუმეორა პატარა უფლისწულმა.

 

 ყვავილმა დაახველა. მაგრამ ეს გაციების ბრალი არ იყო.

 

 – სულელი ვიყავი, – თქვა ყვავილმა ბოლოს, – მომიტევე და ეცადე ბედნიერება ჰპოვო.

 

 პატარა უფლისწული გააოცა იმან, რომ ყვავილს საყვედური არ უთქვამს. იგი ადგილზე გაქვავდა, შეცბუნებული და დაბნეული.

 

ვერ გაეგო ამ უჩვეულო სინაზის მიზეზი.

 

 – დიახ, მიყვარხარ, – განაგრძო ყვავილმა – ჩემი ბრალია, რომ ეს არ იცოდი. თუმცა ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს. შენც ჩემსავით სულელი იყავი. გისურვებ ბედნიერებას... ეს მინის სარქველი კი გადააგდე, ახლა იგი აღარ მჭირდება.

 

 – კი მაგრამ, ქარი...

 

 – მე ისე გაციებული ვარ... ღამის სიგრილე მარგებს კიდეც. მე ხომ ყვავილი ვარ.

 

 მაგრამ ნადირებმა რომ...

 

 – თუ პეპლების გაცნობა გსურს, ორი ან სამი მუხლუხოს ატანაც უნდა შესძლო.

 

პეპლები ალბათ, ძალიან ლამაზები არიან. მათ გარდა სხვა ვინღა მომაკითხავს? შენ ხომ შორს იქნები. მეც ხომ მაქვს ბრჭყალები. – და მან თავისი ოთხი ეკალი დაანახა პატარა უფლისწულს.

 

 – ნუღა აყოვნებ, – დასძინა მან, – ეს აუტანელია! რაკი წასვლა გადაწყვიტე, წადი.

 

 მას არ უნდოდა, რომ პატარა უფლისწულს მისი ცრემლები დაენახა. იგი ძალიან ამაყი ყვავილი იყო.

 

 X

 

 პატარა უფლისწულის პლანეტის ახლო მეზობლები იყვნენ ასტეროიდები – 325, 326, 327, 328, 329 და 330 და მან გადაწყვიტა, უწინარეს ყოვლისა, ეს პლანეტები დაეთვალიერებინა, რომ უქმად არ ყოფილიყო და ცოდნაც შეეძინა.

 

 პირველ ასტეროიდზე ერთი მეფე ცხოვრობდა. მას ძოწეული და ყარყუმის ბეწვი ემოსა და ძალიან უბრალო, მაგრამ მაინც ძალიან დიდებულ ტახტზე იჯდა.

 

 – აა, აი ჩემი ქვეშევრდომიც! – წამოიძახა მეფემ პატარა უფლისწული დანახვისთანავე.

 

 – ნეტა ვინ ვგონივარ? – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. – იგი ხომ პირველად მხედავს!

 

 მან არ იცოდა, რომ მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ქვეყანას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია.

 

 – მომიახლოვდი, რომ უფრო კარგად დაგინახო, – ბრძანა მეფემ, რომელიც უზომოდ ამაყობდა, რომ ერთი ქვეშევრდომი მაინც ჩაიგდო ხელში.

 

 პატარა უფლისწულმა თვალი მოავლო იქაურობას, – იქნებ სადმე ჩამოვჯდეო, მაგრამ ყარყუმის მშვენიერი მოსასხამი მთელ პლანეტას ფარავდა.

 

იგი ისევ ისე იდგა ფეხზე. მერე კი დაქანცულმა უცებ დაამთქნარა.

 

 – ეტიკეტის თანახმად, არავის აქვს უფლება მეფის წინაშე დაამთქნაროს, – თქვა მეფემ, – გიკრძალაც მთქნარებას.

 

 – თავი ვერ შევიკავე, – მიუგო დარცხვენილმა პატარა უფლისწულმა, – დიდი ხანია გზაში ვარ და არ მიძინია.

 

 – რაკი აგრეა, – თქვა მეფემ, – გიბრძანებ დაამთქნარო, დიდი ხანია არავის მთქნარება არ მინახავს, საინტერესო სანახაობაა.

 

აბა, დაამთქნარე. ასეთია ჩემი ბრძანება.

 

 – მერიდება, არ შემიძლია... – ამოილუღლუღა პატარა უფლისწულმა და გაწითლდა.

 

 – ჰმ, ჰმ... რაკი ეგრეა, გიბრძანებ ხან ამთქნარო, ხან კიდევ...

 

 მეფემ რაღაც წაიბურტყუნა და თითქოს გაბრაზდა კიდეც.

 

 მეფისათვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ უყოყმანოდ დამორჩილებოდნენ მის ბრძანებას. იგი ვერ იტანდა ურჩობას.

 

იგი აბსოლუტური მონარქი იყო, მაგრამ ვინაიდან კეთილი მეფე იყო, გონივრულ ბრძანებებს იძლეოდა.

 

 „თუ ჩემს გენერალს ვუბრძანე, თოლიად იქცეს, და მან ბრძანება ვერ შეასრულა, ეს ჩემი ბრალი იქნება და არა მისიო“, – ამბობდა იგი.

 

 – შეიძლება დავჯდე? – გაუბედავად შეეკითხა პატარა უფლისწული.

 

 – გიბრძანებ დაჯდე, – მიუგო მეფემ და ზვიადად აიკრიფა ყარყუმის მოსასხამის კალთა.

 

 პატარა უფლისწული გაოცებული იყო: პლანეტა ასე პატარაა და ვისზე მბრძანებლობს ეს ხელმწიფეო.

 

 – თქვენო უდიდებულესობავ, ნება მიბოძეთ, ერთი რამ გკითხოთ.

 

 – გიბრძანებ მკითხო, – სწრაფად მიუგო მეფემ.

 

 – თქვენო უდიდებულესობავ... ვისზე მბრძანებლობთ?

 

 – ყველაფერზე, – უბრალოდ მიუგო მეფემ.

 

 – ყვალფერზე?

 

 მეფემ თავის პლანეტაზე, მეზობელ პლანეტებზე და ვარსკვლავებზე მიუთითა.

 

 – ნუთუ ეს ყველაფერი თქვენი საბრძანებელია? – ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

 

 – ყველაფერი, – მიუგო მეფემ.

 

 იგი ხომ არა მარტო აბსოლუტური მონარქი, არამედ მსოფლიო მონარქიც იყო.

 

 – ვარსკვლავებიც თქვენ გემორჩილებათ?

 

 – რა თქმა უნდა, – მიუგო მეფემ. – ისინი დაუყოვნებლივ ასრულებენ ჩემს ნება–სურვილს. ურჩობას ვერ ვიტან.

 

 ასეთმა ძალაუფლებამ აღტაცებაში მოიყვანა პატარა უფლისწული. მას რომ ამდენი ძალა ჰქონოდა, მზის ჩასვლას ორმოცდაოთხჯერ კი არ იხილავდა, არამედ სამოცდათორმეტჯერ, ასჯერ და ორასჯერაც კი, ისე რომ ერთხელაც არ გადაადგილებდა სკამს. თავის მიტოვებული პლანეტის მოგონებაზე პატარა უფლისწულს სევდა შემოაწვა და ამან გააბედვინა, რომ ეთხოვნა:

 

 – მინდოდა მზის ჩასვლა მენახა... მოიღეთ მოწყალება...

 

უბრძანეთ მზეს, რომ ჩავიდეს...

 

 – მე რომ გენერალს ვუბრძანო, ყვავილიდან ყვავილზე პეპელასავით იფრინე, ტრაგედია დაწერე, ან თოლიად იქეცი–მეთქი, და მან ბრძანება ვერ შეასრულოს, ვინ იქნება დამნაშავე, ის თუ მე?

 

 – თქვენ, – მტკიცედ მიუგო პატარა უფლისწულმა.

 

 – სრული სიმართლეა, – დაუდასტურა მეფემ. – ყოველ ადამიანს ის უნდა მოსთხოვო, რისი გაკეთებაც ძალუძს. ძალაუფლება უპირველეს ყოვლისა, გონიერებას უნდა ემყარებოდეს. თუ ხალხს ზღვაში გადავარდნას უბრძანებ, რევოლუციას მოგიწყობს. მე უფლება მაქვს მორჩილება მოვითხოვო, რადგან ჩემი ბრძანებები გონივრულია.

 

 – კი მაგრამ მზის ჩასვლა? – მოაგონა პატარა უფლისწულმა, რომელიც რაკი ერთხელ შეგეკითხებოდათ რაიმეს, არ დაგეხსნებოდათ, სანამ პასუხს არ მიიღებდა.

 

 – მზის ჩასვლასაც იხილავ: ვუბრძანებ, რომ ჩაესვენოს, მაგრამ ხელმწიფობის სიბრძნის თანახმად, ხელსაყრელ პირობებს დაველოდები.

 

 – როდის დადგება ეს პირობები?

 

 – ჰმ, ჰმ, – წაიბურტყუნა მეფემ და სქელ კალენდარს დაუწყო ფურცვლა. ეს იქნება... ჰმ...

 

დღეს ეს იქნება შვიდ საათზე და ორმოც წუთზე. მაშინ დარწმუნდები, როგორ სრულდება ჩემი ბრძანება.

 

 პატარა უფლისწულმა დაამთქნარა. დასანანი იყო, რომ აქ მზის ჩასვლას მაშინ ვერ ნახავდი, როცა მოისურვებდი. და, გარდა ამისა, აქ ცოტათი მოსწყინდა კიდეც.

 

 – მე აქ საქმე აღარა მაქვს, – უთხრა მან მეფეს. – ისევე უნდა გავუდგე გზას.

 

 – ნუ წახვალ, – მიუგო მეფემ. იგი ხომ ამაყობდა, რომ ერთი ქვეშევრდომის მბრძანებელი გახდა. – დარჩი და მინისტრად დაგნიშნავ.

 

 – რის მინისტრად?

 

 – მე შენ დაგნიშნავ...

 

იუსტიციის მინისტრად!

 

 მაგრამ აქ რომ არავინაა გასასამართლებელი?

 

 – ვინ იცის, – მიუგო მეფემ. – მე ჯერ კიდევ არ შემომივლია ჩემი სამეფო. ძალიან მოვხუცდი. ეტლისათვის ადგილი არა მაქვს, ფეხით სიარული კი მიჭირს.

 

 პატარა უფლისწული წინ გადაიხარა და ისევ მოავლო პლანეტის მეორე მხარეს თვალი.

 

 – მე უკვე დავათვალიერე მთელი პლანეტა! – წამოიძახა მან. – კაცის ჭაჭანება არსადაა...

 

 – მაშინ საკუთარი თავი გაასამართლე, – უთხრა მეფემ. – ეს ყველაზე ძნელი საქმეა. საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია, ვიდრე სხვებისა.

 

თუ შეძლებ, სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს, ნამდვილი ბრძენი იქნები.

 

 – საკუთარ თავს მე ყველგან გავასამართლებ, – მიუგო პატარა უფლისწულმა, – ამისთვის აქ დარჩენა არ არის საჭირო.

 

 – ჰმ, ჰმ... – წარმოთქვა მეფემ – მგონი ჩემს პლანეტაზე, სადღაც ერთი ბებერი ვირთხა ცხოვრობს. ღამღამობით მესმის ხოლმე მისი ფხაკუნი. შეგიძლია ის გაასამართლო. დროდადრო სიკვდილს მიუსჯი. მისი სიცოცხლე შენს მართმსაჯულებაზე იქნება დამოკიდებული. მერე კი ყოველთვის შეიწყნარებ.

 

ვირთხას უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან მის გარდა არავინა გვყავს.

 

 – არ მიყვარს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, – თქვა პატარა უფლისწულმა, – მიჯობს, გზას გავუდგე.

 

 – ნუ წახვალ, – უთხრა მეფემ.

 

 პატარა უფლისწული უკვე მზად იყო წასასვლელად, მაგრამ არ უნდოდა ეწყენინებინა მეფისათვის.

 

 – თუ თქვენს უდიდებულესობას ნებავს, რომ მისი ბრძანება უსიტყვოდ სრულდებოდეს, – თქვა მან, – გონივრული ბრძანება უნდა გასცეს. მაგალითად, თქვენ შეგეძლოთ გებრძანებინათ ჩემთვის, დაუყოვნებლივ გავდგომოდი გზას. მგონია, ახლა ამისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებია...

 

 მეფემ არაფერი უპასუხა. პატარა უფლისწულმა ერთ ხანს უცადა. მერე კი ამოიოხრა და გაუდგა გზას.

 

 – ჩემს ელჩად გნიშნავ! – სწრაფად მიაძახა მას მეფემ მბრძანებლის მედიდური იერით.

 

 „უცაური ხალხია დიდები“, – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და განაგრძო გზა.

 

 XI

 

 მეორე პლანეტაზე ერთი პატივმოყვარე კაცი ცხოვრობდა.

 

 – აი ჩემი თაყვანისმცემელიც! – წამოიძახა მან, როგორც კი თვალი მოჰკრა პატარა უფლისწულს.

 

 პატივმოყვარე კაცის თვალში ხომ ყველა ადამიანი მისი თაყვანისმცემელია.

 

 – გამარჯობა, – მიესალმა მას პატარა უფლისწული, – რა სასაცილო ქუდი გახურავთ!

 

 – ამ ქუდით მე სალამს ვიძლევი, – მიუგო პატივმოყვარემ. – როცა აღფრთოვანებით მესალმებიან, ქუდს ვიხდი ხოლმე, მაგრამ, სამწუხაროდ, აქ არავინ მოდის.

 

 – მართლა? – შეეკითხა პატარა უფლისწული, თუმცა ვერაფერს მიხვდა.

 

 – აბა ტაში შემოჰკარი, – უთხრა პატივმოყვარემ.

 

 პატარა უფლისწულმა ტაში შემოჰკრა. პატივმოყვარემ ქუდი მოიხადა და მოწიწებით დაუკრა თავი.

 

 „აქ უფრო გაერთობა კაცი, ვიდრე მეფესთან“, – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და ისევ შემოჰკრა ტაში.

 

პატივმოყვარემ კვლავ მოიხადა ქუდი და დაუკრა თავი.

 

 ასე გაგრძელდა ხუთი წუთი. ბოლოს პატარა უფლისწული დაიღალა ამ ერთფეროვანი თამაშით.

 

 – რა უნდა ქნას კაცმა, რომ ეს ქუდი დაგივარდეს? – შეეკითხა პატარა უფლისწული.

 

 მაგრამ პატივმოყვარეს არ გაუგონია მისი ნათქვამი: პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით.

 

 – ხომ ნამდვილად მცემ თაყვანს? – შეეკითხა იგი პატარა უფლისწულს.

 

 – რა არის თაყვანისცემა?

 

 – თაყვანისცემა იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ამ პლანეტაზე მე ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოხდენილი, ყველაზე მდიდარი და ყველაზე ჭკვიანი კაცი ვარ.

 

 – მაგრამ შენ ხომ მარტო ხარ ამ პლანეტაზე.

 

 – მაამე და მეცი თაყვანი.

 

 – თაყვანს გცემ, – უთხრა პატარა უფლისწულმა და ოდნავ აიჩეჩა მხრები, – მაგრამ რად გინდა ეს თაყვანისცემა?

 

 და იგი სწრაფად გაეცალა იქაურობას.

 

 „დიდები მართლაც უცნაური ხალხია“, – გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

 

 XII

 

 მომდევნო პლანეტაზე ლოთი ცხოვრობდა. პატარა უფლისწულმა სულ ცოტა ხანი დაჰყო მასთან, მაგრამ ამ პლანეტაზე ნანახმა საგონებელში ჩააგდო,

 

 – რას აკეთებ აქ? – ჰკითხა მან ლოთს, რომელიც მდუმარედ იჯდა და წინ აურაცხელი ცარიელი და სავსე ბოთლი ელაგა.

 

 – ვსვამ, – პირქუშად მიუგო ლოთმა.

 

 – რატომ სვამ?

 

 – რომ დავივიწყო.

 

 – რა უნდა დაივიწყო? – ისევ შეეკითხა პატარა უფლისწული, რომელსაც უკვე ებრალობოდა იგი.

 

 – დავივიწყო, რომ მრცხვენია, – გაანდო ლოთმა და თავი ჩაქინდრა.

 

 – რისი გრცხვენია? – შეეკითხა პატარა უფლისწული და ძალიან მოუნდა რომ დახმარებოდა მას.

 

 – მრცხვენია, რომ ვსვამ!.. – დაასრულა საუბარი ლოთმა და დადუმდა.

 

 პატარა უფლისწული დაიბნა.

 

 „დიდები მართლა უცნაური ხალხია“, – გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

 

 XIII

 

 მეოთხე პლანეტა საქმოსანს ეკუთვნოდა. იგი ისე იყო ჩაფლული საქმეში, რომ არც კი აუღია თავი პატარა უფლისწულის გამოჩენაზე.

 

 – გამარჯობა, – მიესალმა მას პატარა უფლისწული. – სიგარეტი ჩაგქრობიათ.

 

 – სამს მივუმატოთ ორი, იქნება ხუთი. ხუთი და შვიდი – თორმეტი.

 

თორმეტი და სამი – თხუთმეტი. გაგიმარჯოს. თხუთმეტი და შვიდი – ოცდაორი. ოცდაორი და ექვსი – ოცდარვა. იმის დროც არა მაქვს, რომ სიგარეტს მოვუკიდო. ოდსაექვსი და ხუთი – ოცდათერთმეტი. უჰ...

 

სულ იქნება ხუთას ერთი მილიონ ექვსას ოცდაორი ათას შვიდას ოცდათერთმეტი.

 

 – რა ხუთასი მილიონი?.. – შეეკითხა პატარა უფლისწული.

 

 – აა, შენ ისევ აქა ხარ? ხუთასი მილიონი... არც კი ვიცი, რა... იმდენი საქმე მაქვს. მე სერიოზული კაცი ვარ, სალაყბოდ არა მცალია! ორს მივუმატოთ ხუთი, იქნება შვიდი...

 

– რა ხუთასი მილიონი? – გაუმეორა პატარა უფლისწულმა. იგი ხომ ვერ დამშვიდდებოდა, სამან პასუხს არ მიიღებდა. საქმოსანმა თავი ასწია.

 

– ორმოცდათოთხმეტი წელია, რაც ამ პლანეტაზე მცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შემიშალეს ხელი.

 

პირველად, ამ ოცდაორი წლის წინათ, ღმერთმა იცის საიდან გაჩნდა მაისის ხოჭო და ისეთი საშინელი ბზუილი ატეხა, რომ ოთხი შეცდომა მომივიდა ანგარიშში. მეორედ – ეს იყო თორმეტი წლის წინათ, ნეკრესის ქარმა დამრია ხელი. ალბათ იმიტომ, რომ არ ვვარჯიშობ. საყიალოდ არა მცალია. მე საქმის კაცი ვარ. მესამედ კი აი!.. ჰო, სად შევჩერდი? ხუთას ერთი მილიონ...

 

 – რა იქნება ხუთასი მილიონი?

 

 საქმოსანი მიხვდა, რომ ასე ადვილად ვერ დაიხსნიდა თავს.

 

 – ხუთასი მილიონი აი ის პატარა რაღაცეები, ხანდახან რომ მოჩანან ცაზე.

 

 – ბუზები?

 

 – არა, პაწაწინები, რომ ციმციმებენ...

 

 – ფუტკრები?

 

 – არა, არა, სულ პაწაწკინტელები რომ არიან, ოქროსფერები, უქნარებს რომ ამაო ოცნებებს აღუძრავენ ხოლმე.

 

მაგრამ მე ოცნებისთვსი არა მცალია, მე საქმის კაცი ვარ.

 

 – აა, ვარსკვლავები?

 

 – ჰო, ჰო, ვარსკვლავები.

 

 – მერე რად გინდა ხუთასი მილიონი ვარსკვლავი?

 

 – ხუთას ერთი მილიონ ექვსას ოცდაორი ათას შვიდას ოცდათერთმეტი. მე საქმის კაცი ვარ და სიზუსტე მიყვარს.

 

 – კი მაგრამ რად გინდა ამდენი ვარსკვლავი?

 

 – რად?

 

 – ჰო.

 

 – აღარაფრად. მე მათი მფლობელი ვარ.

 

 – ვარსკვლავების მფლობელი?

 

 – დიახ.

 

 – მაგრამ უკვე ვნახე ერთი მეფე, რომელიც...

 

 – მეფეები არაფერს არ ფლობენ. ისინი მხოლოდ – „მეფობენ“. ეს სრულიად სხვადასხვა რამაა.

 

 – მერე რად გინდა ვარსკვლავები?

 

 – მათ სიმდიდრე მოაქვთ ჩემთვის.

 

 – სიმდიდრე რაღად გინდა?

 

 – სხვა ვარსკვლავების საყიდლად, თუ ისინი ვინმემ აღმოაჩინა.

 

 „ესეც თითქმის ისე მსჯელობს, როგორც ის ლოთი“, – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა და ისევ შეეკითხა:

 

 – როგორ შეიძლება გახდეს კაცი ვარსკვლავების მფლობელი?

 

 – ვის ეკუთვნიან ვარსკვლავები? – წამოიღრინა უცბად საქმოსანმა.

 

 – არ ვიცი. არავის.

 

 – მაშასადამე ისინი მე მეკითვნიან, რადგან პირველად მე მოვიფიქრე მათი მფლობელობა.

 

 – და ეს საკმარისია?

 

 – რა თქმა უნდა, თუ შენ ალმასს იპოვი, რომელიც არავის არ ეკუთვნის, იგი შენია. თუ შენ აღმოაჩენ კუნძულს, რომელიც არავის არ ეკუთვნის, იგი შენია.

 

თუ შენ სხვაზე ადრე მოიფიქრე რაიმე, შენ შეგიძლია პატენტი მოითხოვო, იგი შენი კუთვნილებაა. მე ვარსკვლავების მფლობელი ვარ, რადგან ჩემამდე არავის უფიქრია, დაპატრონებოდა მათ.

 

 – ეს მართალია, – თქვა პატარა უფლისწულმა. – მერე რად გინდა ისინი?

 

 – ისინი ჩემს განკარგულებაში არიან, – მიუგო საქმოსანმა. – მე მათ ვითვლი და შემდეგ ისევ თავიდან ვითვლი. ეს ძალიან ძნელი საქმეა, მაგრამ მე საქმის კაცი ვარ!

 

 პატარა უფლისწული მაინც ვერ დააკმაყოფილა პასუხმა.

 

 – მე თუ აბრეშუმის ყელსახვევი მაქვს, შემიძლია ყელზე შემოვიხვიო და თან ვატარო, – თქვა მან. – მე თუ ყვავილი მაქვს, შემიძლია მოვწტვიტო და ისიც თან ვატარო. მაგრამ შენ ხომ არ შეგიძლია მოწყვიტო ვარსკვლავი!

 

 – არა, მაგრამ მე შემიძლია ბანკში შევინახო იგი.

 

 – რას ნიშნავს ეს?

 

 – ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა ქაღალდზე ვწერ ჩემი ვარსკვლავების რიცხვს, შემდეგ ამ ქაღალდს უჯრაში ვდებ და გასაღებით ვკეტავ.

 

 – მეტი არაფერი?

 

 – ეს სავსებით საკმარისია.

 

 „კარგი გასართობია! – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა, – და საკმაოდ პოეტურიც, მაგრამ არც თუ ისე სერიოზული“.

 

 სერიოზულობაზე მას თავისი საკუთარი შეხედულება ჰქონდა, რომელიც ძალიან განსხვავდებოდა დიდების შეხედულებისაგან.

 

 – ჩემს პლანეტაზე, – თქვა მან, – არის ერთი ყვავილი, რომელსაც ყოველ დილას ვრწყავ, და სამი ვულკანი, რომლებსაც კვირაში ერთხელ ვასფთავებ.

 

მათ შორის ჩამქრალ ვულკანსაც. ვინ იცის, რა მოხდება.

 

ჩემი მფლობელობა სასარგებლოა ვულკანებისთვისაც და ყვავილისთვისაც. მაგრამ შენ არაფერს არ რგებ ვარსკვლავებს...

 

 საქმოსანმე პირი გააღო, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოახერდა და პატარა უფლისწული გაეცალა მას.

 

 „დიდები ნამდვილად საოცარი ხალხია“, – გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

 

 XIV

 

 მეხუთე პლანეტა ძალიან საინტერესო პლანეტა იყო, მაგრამ იგი ყველაზე პატარა აღმოჩნდა. პლანეტაზე ისე ცოტა ადგილი იყო, რომ მხოლოდ ერთი ფარანი და მეფარნე ეტეოდა. პატარა უფლისწული ვერ მიმხვდარიყო, რა საჭირო იყო ფარანი და მეფარნე სადღაც ცაში მიკარგულ პატარა უკაცრიელ პლანეტაზე, სადაც სახლიც კი არ იდგა.

 

 „იქნებ ამ კაცის ცხოვრება უაზროა, მაგრამ არც ისე უაზრო, როგორც მეფის, პატივმოყვარისა და საქმოსანისა, – გაიფიქრა მან. – მის სამუშაოს რაღაც აზრი მაინც აქვს.

 

როცა იგი ფარანს აანთებს, თითქოს ერთი ახალი ვარსკვლავი ან ყვავილი ჩნდება ქვეყნად. ხოლო როდესაც ფარანს აქრობს, თითქოს აძინებს ვარსკვლავს ან ყვავილს. მშვენიერი საქმეა და ნამდვილად სასარგებლოც, რადგან ლამაზია“.

 

 და მიუახლოვდა თუ არა პლანეტას, პატივისცემით მიესალმა მეფარნეს.

 

 – გამარჯობა! რატომ ჩააქრე ფარანი?

 

 – ასეა დაწესებული, – მოუგო მეფარნემ, – დილა მშვიდობისა.

 

 – რა არის დაწესებული?

 

 – ის, რომ ფარანი ჩავაქრო. საღამო მშვიდობისა.

 

 და მან ხელხლა აანთო ფარანი.

 

 – ხელმეორედ რატომ აანთე?

 

 – ასეა დაწესებული, – გაიმეორა მეფარნემ.

 

 – ვერაფერი გავიგე, – თქვა პატარა უფლისწულმა.

 

 – აქ გაუგებარი არაფერია, – უპასუხა მეფარნემ, – წესი წესია. დილა მშვიდობისა.

 

 და ისევ ჩააქრო ფარანი.

 

 შემდეგ წითელუჯრედებიანი ხესახოცით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და თქვა:

 

 – ძნელი ხელობა მაქვს. ოდესღაც ამ სამუშაოს აზრი ჰქონდა. დილით ჩავაქრობდი ხოლმე ფარანს, საღამოს კი ისევ ავანთებდი.

 

დანარჩენ დროს ვისვენებდი, ღამით კი მეძინა...

 

 – მას შემდეგ წესი შეიცვალა?

 

 – არა, წესი არ შეცვლილა და უბედურებაც ეს არის! საქმე ისაა, რომ რად დრო გადის, პლანეტა უფრო და უფრო სწრაფად ტრიალებს, წესი კი უცვლელი რჩება!

 

 – მერე? – შეეკითხა პატარა უფლისწული.

 

 – მერე და პლანეტის სრულ შემობრუნებას ახლა მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება და ერთი წუთითაც ვეღარ ვისვენებ. ყოველ წუთს ვანთებ და ვაქრობ ფარანს.

 

 – საოცარია! მაშ შენთან დღე მხოლოდ ერთი წუთი გრძელდება!

 

 – საოცარი არაფერია, – მიუგო მეფარნემ, ჩვენ უკვე მთელი თვეა ვსაუბრობთ.

 

 – მთელი თვე?

 

 – დიახ. ოცდაათი წუთი. ოცდაათი დღე. საღამო მშვიდობისა.

 

 და კვლავ აანთო ფარანი.

 

 პატარა უფლისწული შეჰყურებდა მეფარნეს და უფრო და უფრო მოსწონდა ეს კაცი, რომელიც ასე ერთგულად ასრულებდა თავის მოვალეობას. უცებ მოაგონდა, როგორ გადადგამდა ხოლმე თავის პლანეტაზე სკამს, რომ უფრო დიდხანს ეცქირა მზის ჩასვლისთვის, და მეგობრის დამხარება განიზრახა.

 

 – მე ერთ ხერხს გასწავლი და, როცა მოისურვებ, შეგიძლია დაისვენო... – უთხრა მას პატარა უფლისწულმა.

 

 – მე ეგ მუდამ მსურს, – თქვა მეფარნემ, რადგან შეიძლება კაცი საქმის ერთგულიც იყოს და თან ზარმაციც.

 

 პატარა უფლისწულმა განაგრძო:

 

 – შენი პლანეტა იმდენად პატარაა, რომ შეგიძლია სამი ნაბიჯით შემოუარო.

 

ოღონდ ისე უნდა იარო, რომ მზე მუდამ დაგყურებდეს. დასვენება რომ მოგინდება, იარე... და დღეც იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენსაც მოისურვებ.

 

 – ეგ მე ბევრს ვერაფერს მიშველის, – თქვა მეფარნემ – მე ხომ ძილი ყველაფერს მირჩევნია.

 

 – მაშ ცუდად ყოფილა შენი საქმე, – თანაგრძნობით უთხრა მას პატარა უფლისწულმა.

 

 – დიახ, ცუდადაა, – დაუდასტურა მეფარნემ. – დილა მშვიდობისა.

 

 და ჩააქრო თავისი ფარანი.

 

 „ამ კაცს, – ფირქობდა გზაში პატარა უფლისწული, – ალბათ მეფეც აბუჩად აიგდებდა, პატივმოყვარეც, ლოთიც და საქმოსანიც. ჩემი აზრით კი, მათ შორის მხოლოდ ეგ არ არის სასაცილო, ალბათ მარტო თავის თავზე რომ არ ზრუნავს, ამიტომ“.

 

 პატარა უფლისწულმა ღრმად ამოიოხრა: „აი, ერთადერთი კაცი, რომელსაც მე დავუმეგობრდებოდი, – გაიფიქრა მან. – მაგრამ მისი პლანეტა მართლაც ძალიან პატარაა ორი კაცისათვის...“

 

 პატარა უფლისწულს თავისი თავისთვისაც ვერ გაემხილა, რომ ამ პლანეტასთან გამოთხოვებამ იმიტომაც დასწყვიტა გული, რომ დღე-ღამეში აქ ათას ოთხას ორმოცჯერ შეეძლო ენახა მზის ჩასვლა.

 

 XV

 

 მეექვსე პლანეტა წინანდელთან შედარებით ათჯერ უფრო დიდი იყო, ამ პლანეტაზე ერთი მოხუცი კაცი ცხოვრობდა, რომელიც ვეება წიგნებს წერდა.

 

 – აი მოგზაურიც! – წამოიძახა მან, როგორც კი პატარა უფლისწულს მოჰკრა თვალი.

 

 

 

 პატარა უფლისწული მაგიდაზე ჩამოჯდა, რომ სული მოეთქვა. მან ხომ ამდენი იმოგზაურა!

 

 – სადაური ხარ? – ჰკითხა მოხუცმა.

 

 – რა წერია ამ დიდ წიგნებში? – კითხვითვე უპასუხა პატარა უფლისწულმა.

 

– რას აკეთებთ?

 

 – მე გეოგრაფი ვარ, – მიუგო მოხუცმა.

 

 – რა არის გეოგრაფი?

 

 – გეოგრაფი სწავლულია, რომელმაც იცის, სად მდებარეობს ესა თუ ის ზღვა, მდინარე, ქალაქი, მთა და უდაბნო.

 

 – ძალიან საინტერესოა! – თქვა პატარა უფლისწულმა. – როგორც იქნა, დავინახე ადამიანი, რომელსაც ნამდვილი საქმე აქვს.

 

 და მან თავლი მოავლო გეოგრაფის პლანეტას. ასეთი დიდებული პლანეტა ჯერ არ ენახა.

 

 – რა ლამაზია! ოკეანეები თუ არის თქვენს პლანეტაზე?

 

 – ვერ გეტყვი, – თქვა გეოგრაფმა.

 

 – ა! – პატარა უფლისწული არ მოელოდა ასეთ პასუხს! – არც მთები?

 

 – ვერც მაგაზე გიპასუხებ.

 

 – ქალაქები, მდინარეები ან უდაბნოები?

 

 – ვერც მაგაზე გეტყვი რამეს. რაც არ ვიცი, არ ვიცი, – მიუგო გეოგრაფმა.

 

 – მაგრამ თქვენ ხომ გეოგრაფი ხართ?

 

 – დიახ. – მიუგო გეოგრაფმა – გეოგრაფი, და არა მოგზაური. მე ერთი მოგზაურიც არ მყავს ჩემს პლანეტაზე. გეოგრაფის საქმე არ არის ქალაქების, მდინარეების, მთების, ზღვების, ოკეანეებისა და უდაბნოების დათვალიერება.

 

გეოგრაფი ვერ იხეტიალებს. იგი თავის საწერ მაგიდასთან უნდა იჯდეს. სამაგიეროდ, იგი მოგზაურებს იღებს, შეკითხვებს აძლევს მათ და იწერს თითოეულის ნაამბობს, თუ რომელიმე მათგანის ნაამბობი დააინტერესებს, ამოწმებს, – წესიერი კაცია თუ არა მოგზაური.

 

 – რატომ?

 

 – იმიტომ, რომ თუ მოგზაურმა ტყუილი თქვა, გეოგრაფიის წიგნში ყველაფერი აირევა. ასევე უნდა შემოწმდეს იმ მოგზაურის ნაამბობიც, რომელიც ღვინოს ეტანება.

 

 – რატომ? – იკითხა პატარა უფლისწულმა.

 

 – იმიტომ, რომ მთვრალ კაცს ყველაფერი ორად ეჩვენება. და გეოგრაფი, რომელიც მას დაუჯერებს, ერთი მთის მაგიერ ორს ჩაწერს.

 

 – მე ერთ კაცს ვიცნობ, – თქვა პატარა უფლისწულმა, – იგი ალბათ ძალიან ცუდი მოგზაური იქნებოდა.

 

 – შეიძლება.

 

ამრიგად, თუ მოგზაური წესიერი კაცი ჩანს, მის აღმოჩენას ამოწმებენ.

 

 – მიდიან და ნახულობენ?

 

 – არა, ეს ძალიან გაართულებდა საქმეს. უბრალოდ, მოგზაურს დამამტკიცებელ საბუთებს თხოვენ.

 

მაგალითად, თუ მან დიდი მთა აღმოაჩინა, ამის დასამტკიცებლად იმ მთიდან ქვები უნდა მოიტანოს.

 

 გეოგრაფი უცებ გამოცოცხლდა.

 

 – შენც ხომ შორეული ქვეყნიდან ჩამოხვედი! მაშასადამე, შენც მოგზაური ხარ! ამიწერე შენი პლანეტა!

 

 გეოგრაფმა თავისი დავთარი გადაშალა და ფანქრის წვერი წაუმახა. მოგზაურის ნაამბობს ჯერ ფანქრით იწერენ ხოლმე, მერე კი როცა მოგზაური სათანადო დამამტკიცებელ საბუთებს წარმოადგენს, მელნით გადაიწერენ.

 

 – აბა, გისმენ, – თქვა გეოგრაფმა.

 

 – ჩემი პლანეტა არც ისე საინტერესოა, – თქვა პატარა უფლისწულმა. – იგი სულ პატარაა. იქ სამი ვულკანია, ორი მოქმედი, ერთი კი ჩამქრალი. თუმცა ვინ იცის...

 

 – დიახ, ვინ იცის, რა მოხდება, – კვერი დაუკრა გეოგრაფმა.

 

 – ერთი ყვავილიცა მაქვს.

 

 – ჩვენ ყვავილებს არ აღვნიშნავთ, – თქვა გეოგრაფმა.

 

 – რატომ? იგი ყველაზე ლამაზია ჩემს პლანეტაზე.

 

 – იმიტომ, რომ ყვავილი ეფემერულია.

 

 – რა არის „ეფემერული“?

 

 – გეოგრაფის წიგნები ყველაზე ძვირფასი წიგნებია და არასოდეს ძველდება. მთა ძალიან იშვიათად იცვლის ადგილს და ოკეანეც ძალიან იშვიათად შრება. ჩვენ მხოლოდ მარადიულ საგნებზე ვწერთ.

 

 – მაგრამ ჩამქრალმა ვულკანმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გაიღვიძოს, – შეაწყვეტინა პატარა უფლისწულმა.

 

– რა არის „ეფემერული“?

 

 – ჩამქრალია ვუკანი, თუ მოქმედი, ამას ჩვენთვის არავითარი მნიშნველობა არა აქვს, – თქვა გეოგრაფმა. – ჩვენთვის მთავარია მთა. იგი არ იცვლება.

 

 – კი მაგრამ, რა არის „ეფემერული“? – ისევ გაუმეორა პატარა უფლისწულმა, რადგან ვერ მოისვენებდა, სანამ კითხვაზე პასუხს არ მიიღებდა.

 

 – ეფემერული არის ის, რასაც დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია.

 

 – მაშ, ჩემს ყვავილს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია?

 

 – რა თქმა უნდა.

 

 „ჩემი ყვავილი ეფემერულია, – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. – მას მხოლოდ ოთხი ეკალი აქვს თავის დასაცავად. მე კი მარტოდმარტო მივატოვე იგი ჩემს პლანეტაზე“.

 

 და მან პირველად ინანა, რომ მიატოვა ყვავილი. მაგრამ მერე ისევ მოიკრიბა მხნეობა.

 

 – რომელი ქვეყნის ნახვას მირჩევდით? – ჰკითხა მან გეოგრაფს.

 

 – დედამიწის, – მიუგო გეოგრაფმა. – მას კარგი რეპუტაცია აქვს...

 

 და პატარა უფლისწული გაუდგა გზას, მაგრამ ფიქრებით თავის ყვავილთან იყო.

 

 XVI

 

 მეშვიდე პლანეტა, რომელსაც იგი ეწვია, დედამიწა იყო.

 

დედამიწა უბრალო პლანეტა არ გეგონოთ! ამ პლანეტაზე ასთერთმეტი მეფეა (მათ შორის, რა თქმა უნდა, ზანგი მეფეებიც), შვიდი ათასი გეოგრაფი, ცხრაასი ათასი საქმოსანი, შვიდი მილიონ ხუთასი ათასი ლოთი და სამასთერთმეტი მილიონი პატივმოყვარე – ესე იგი, სულ დაახლოებით ორ მილიარდამდე ადამიანი.

 

 დედამიწის სიდიდე რომ უფრო კარგად წარმოიდგინოთ, საკმარისია იცოდეთ, რომ სანამ ელექტრონს აღმოაჩენდნენ, ექვსივე კონტინენტზე მეფარნეთა მთელი არმია ჰყავდათ, რომელიც ოთხას სამოცდაორი ათას ხუთას თერთმეტი კაცისაგან შედგებოდა.

 

 შორიდან ეს დიდებული სანახაობა იყო. ამ არმიის მოძრაობა საბალეტო დასივით იყო აწყობილი. პირველად სცენაზე ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მეფარნეები გამოდიოდნენ, აანთებდნენ თავიანთ ფარნებს და დასაძინებლად მიდიოდნენ. შემდეგ რიგ–რიგობით გამოდიოდნენ ჩინეთისა და ციმბირის მეფარნეები. ჩამოუვლიდნენ წრეს და კულისებში გაიკრიფებოდნენ. მათ შემდეგ დგებოდა რუსეთის და ინდოეთის მეფარნეთა რიგი. ამათ მოჰყვებოდნენ აფრიკისა და ევროპის, შემდეგ სამხრეთ ამერიკის, მერე კი ჩრდილოეთ ამერიკის მეფარნეები.

 

და არცერთს არ ეშლებოდა სცენაზე გამოსვლის რიგი. მართლაც რომ დიდებული სანახაობა იყო!

 

 მხოლოდ ორი მათგანი იყო არხეინად – ის, რომელსაც ჩრდილოეთ პოლუსის ერთადერთი ფარანი უნდა აენთო, და მისი სამხრეთპოლუსელი თანამოძმე. მათ მხოლოდ ორჯერ უნდა შეესრულებინათ წელიწადში თავისი მოვალოება.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დე სენტ-ეკზიუპერი ანტუან / პატარა უფლისწული