დოილი ართურ კონან 

ბასკერვილების ძაღლი

 

 

 

მთარგმნელი მაღრაძე ელგუჯა

 

 

თავი I

 

მისტერ შერლოკ ჰოლმსი

 

 

 მისტერ შერლოკ ჰოლმსი, რომელიც ჩვეულებრივ გვიან დგებოდა, თუ არ ჩავთვლით იმ არცთუ იშვიათ შემთხვევებს, როცა საერთოდ არ უხდებოდა ხოლმე დაწოლა, მაგიდას მისჯდომოდა და საუზმობდა. პატარა ნოხზე ვიდექი ბუხართან და ხელში იმ ჯოხს ვატრიალებდი, ჩვენს გუშინდელ სტუმარს რომ დარჩა. ეს იყო ბუნიკიანი კარგა მოზრდილი ჯოხი, – ერთი იმგვარ საგანთაგანი, რომელსაც «საფუძვლიან საბუთს» უწოდებენ ხოლმე. ბუნიკის ქვემოთ მიჭედებულ გოჯის სიგანის ვერცხლის ფირფიტაზე ასეთი წარწერა იყო: «ჯეიმს მორტიმერს, ჩ. კ.

 

ჰ. ო., მისი მეგობრებისგან ჩკლს-დან», მერე კი თარიღი: «1884». უწინდელ დროში ასეთ მაგარ, მძიმე, საიმედო ჯოხებს პატივცემული შინაური ექიმები ატარებდნენ.

 

– აბა, უოტსონ, რას იტყვით მაგ ჯოხზე?

 

 ჰოლმსი ზურგშექცევით იჯდა და მეგონა, რომ ჩემი მანიპულაციები მისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა.

 

 – საიდან იცით, რას ვაკეთებ? კაცი იფიქრებს, რომ ზურგზედაც თვალები გაქვთ!

 

 – ამაზე ადვილი რაა, როცა ჩემს წინ გაპრიალებული ვერცხლის საყავე დგას და შიგ ყველაფერი მოჩანს. – მიპასუხა შერლოკმა. – მართლა უოტსონ, რას იტყვით ჩვენი სტუმრის ჯოხზე, ყურადღებიდან სულ გამოგვეპარა, ვერც შევნიშნეთ და არც კი ვიცით, რისთვის მოვიდა. რაკი ასეთი მარცხი მოგვივიდა, ახლა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ შემთხვევით დარჩენილ ნივთს. შეისწავლეთ ჯოხი და სცადეთ ამის მიხედვით პატრონის პიროვნების დადგენა.

 

მე კი მოგისმენთ.

 

 – მე თუ მკითხავთ, – დავიწყე და თან ვცდილობდი ჩემი მეგობრის მეთოდს მივყოლოდი, ჯოხის პატრონი ექიმი მორტიმერი ასე, შუახნის კაცი უნდა იყოს, თანაც ყველასაგან პატივცემული, რაკი მეგობრები ასეთი ყურადღებით ეკიდებიან.

 

 – კარგია! – თქვა ჰოლმსმა. – ჩინებულია!

 

 – ამას გარდა ვფიქრობ, რომ სოფლის ექიმია და მაშასადამე ფეხით ბევრი ხეტიალი უხდება.

 

 – ასე რატომ ფიქრობთ?

 

 – იმიტომ, რომ ეს ჯოხი, ეტყობა, უწინ არცთუ ურიგო ყოფილა, ახლა კი ისეა გაცვეთილი, ვერც კი წარმომიდგენია, ქალაქელ ექიმს რანაირად უნდა ეჭიროს ხელში. რკინის ბურნუკი სრულიად მოსცვეთია, – ჩანს, ექიმ მორტიმერს ამის დახმარებით არა ერთი მილი გაუვლია.

 

 – უაღრესად ჯანსაღი მსჯელობაა, – თქვა ჰოლმსმა.

 

 – ამ წარწერისა კი: «მეგობრებისაგან ჩლკს-დან» აი, რა გითხრათ: მე ვფიქრობ, რომ ასოები «კლს» აღნიშნავენ კლუბს, უფრო მოსალოდნელია, რომ მონადირეთა კლუბს, რომლის წევრებსაც ალბათ, სამედიცინო დახმარებას უწევდა, რისთვისაც ეს პატარა სახსოვარი მიურთმევიათ.

 

 – უოტსონ, თქვენ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეთ! – შესძახა ჰოლმსმა, სავარძელში გადაწვა და პაპიროსი გააბოლა. – არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემი მცირე დამსახურების ჩვეული თავაზიანობით აღწერის დროს, საკუთარ შესაძლებლობას ამცირებთ. თუ საკუთრივ თქვენგან არ იფრქვევა სინათლის მოკაშკაშე სხივი, ყოველ შემთხვევაში თქვენ ხართ სინათლის მეგზური. განა ცოტაა ისეთი ხალხი, რომლებიც თვითონ არ ბრწყინავენ ნიჭით, მაგრამ სხვა ადამიანებში ნიჭის ნაპერწკალს აღანთებენ. ესეც საგულისხმო ნიჭი და უნარია.

 

მე თქვენგან უზომოდ დავალებული ვარ, ჩემო მეგობარო.

 

 პირველად მესმოდა ჰოლმსისაგან ასეთი რამ და უნდა მოგახსენოთ, რომ მისმა სიტყვებმა განუზომელი სიამოვნება მომანიჭეს. რადგან, ცოტა არ იყოს, თავმოყვარეობას მიბღალავდა ჰოლმსის გულგრილობა ჩემს მიმართ. მე აღტაცებული ვიყავი მისი პიროვნებით და ვცდილობდი ამ კაცის მუშაობის მეთოდი საქვეყნოდ ცნობილი გამეხადა, ის კი ჩემს მოწადინებას ყოველთვის უხალისოდ ხვდებოდა. ამას გარდა, ვამაყობდი იმით, რომ შევძელი ჰოლმსის მეთოდის არა მარტო ათვისება, არამედ მისი პრაქტიკულად გამოყენებაც და ამით ჩემი მეგობრის ქება დავიმსახურე. ჰოლმსმა ჯოხი გამომართვა და მისი დათვალიერება შეუიარაღებელი თვალით დაიწყო. შემდეგ ეტყობა, რაღაცამ ძალიან დააინტერესა, პაპიროსი განზე გადადო, ფანჯარასთან მივიდა და ისევ განაგრძო ჯოხის დათვალიერება, ოღონდ უკვე გამადიდებელი მინით უკირკიტებდა.

 

 – ღმერთმა უწყის, რა არის, მაგრამ მაინც საგულისხმოა, – თქვა და თავის საყვარელ ადგილზე დაბრუნდა, დივანის კუთხეში. – აქ რაღაც მონაცემები არის და მათ ზოგიერთი დასკვნებისათვის გამოვიყენებთ.

 

 – ნუთუ რაიმე გამომეპარა? – ვკითხე, ცოტა არ იყოს, თვითკმაყოფილების გრძნობით.

 

– იმედი მაქვს, სერიოზული არაფერი გამომრჩენია?

 

 – სამწუხაროდ, ჩემო ძვირფასო უოტსონ, თქვენი დასკვნების დიდი ნაწილი მცდარია. როცა გითხარით, სინათლის მეგზური ხართ-მეთქი, იცით, ვგულისხმობდი, რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდია და თქვენი მარცხი და შეცდომა ზოგჯერ მეხმარება სწორი გზის პოვნაში. მაგრამ ამჯერად არც იმდენად შემცდარი აღმოჩნდით. ეს კაცი ნამდვილად არ ეკუთვნის ქალაქში მოსაქმეთა რიცხვს. იგი ფეხით მართლაც საკმაოდ ბევრს დადის.

 

 – მაშ, მართალი ვყოფილვარ.

 

 – ამ ერთში – კი.

 

 – მაგრამ ეს ხომ ყველაფერია?

 

 – არა, არა, ჩემო ძვირფასო უოტსონ, ეს არ არის ყველაფერი, სულაც არ არის ყველაფერი. ასე, მაგალითად, მსგავსი საჩუქარი ექიმს ყველაზე უფრო ადვილად შეეძლო მიეღო რომელიმე სამკურნალო დაწესებულებიდან და არა მონადირეთა კლუბიდან, ხოლო როცა სამკურნალო დაწესებულების წინ ასოები «ჩკ» სწერია, «ჩარინგ-კროსის» სახელწოდება თავისთავად აგეკვიატება.

 

 – შეიძლება, თქვენ მართალი ხართ.

 

 – ყველა ნიშანი ასეთ ახსნას ითხოვს. და თუ ჩემს მოსაზრებას სამუშაო ჰიპოთეზად მივიღებთ, ჩვენი უცნობი სტუმრის პიროვნების დასადგენად დამატებითი მონაცემები გვექნება.

 

 – კარგი.

 

დავუშვათ, რომ «ჩკლს» ნიშნავს «ჩარინგ-კროსის ლაბორატორია-საავადმყოფოს». რა შემდგომი დასკვნები გამოდის აქედან?

 

 – ნუთუ არაფერი მოგდით თავში? თქვენთვის ხომ ცნობილია ჩემი მეთოდი? სცადეთ, გამოიყენოთ.

 

 – დასკვნა დღესავით ნათელია: ვიდრე სოფელში წავიდოდა, ეს კაცი ლონდონში მუშაობდა.

 

 – ცოტა უფრო შორს რომ წავიდეთ? შეხედეთ, რა კუთხიდანაც გნებავთ: რისთვის მიეცა საჩუქარი ამ კაცს? როდის მიიჩნიეს საჭიროდ თავიანთი კეთილგანწყობის გამოსახატავად აი ამ ჯოხის მირთმევა? ეტყობა, მაშინ, როცა ამ ექიმმა მორტიმერმა სამკურნალო დაწესებულება მიატოვა და კერძო პრაქტიკაზე გადავიდა. მას რომ საჩუქარი მიართვეს, ეს ჩვენთვის ცნობილია. უნდა ვივარაუდოთ, რომ საავადმყოფოში მუშაობას სოფლის პრაქტიკა ამჯობინა. მეტისმეტად გაბედული ხომ არ იქნება ჩვენი ვარაუდი, თუ ვიტყვით, რომ საჩუქარი სწორედ წასვლასთან დაკავშირებით მიართვეს?  ეს სავსებით შესაძლებელია.

 

 ახლა შენიშნეთ, რომ ამ კაცს არ შეეძლო ყოფილიყო სამკურნალო დაწესებულების კონსულტანტების შტატში, რადგან ეს მისაწვდომია მხოლოდ საგრძნობი პრაქტიკის მქონე ლონდონელი მკურნალისათვის, ასეთი ექიმი კი ქალაქიდან ძნელად თუ წავიდოდა.

 

მაშ, ვინ უნდა ყოფილიყო? თუ საავადმყოფოში მუშაობდა და შტატში არ ირიცხებოდა, მაშინ ის უმნიშვნელო კურატორი ყოფილა, რომელიც საავადმყოფოსთან ცხოვრობდა, ესე იგი, პრაქტიკანტზე ცოტა მეტი. საავადმყოფოდან კი ამ ხუთი წლის წინ წასულა – დახედეთ ამ თარიღს.

 

ამრიგად, ჩემო ძვირფასო უოტსონ, თქვენი დარბაისელი, ხნიერი შინაური ექიმი გაქრა, მის ნაცვლად კი ჩვენ წინაშე აღიმართა ოცდაათიოდე წლის უაღრესად სანდომიანი ახალგაზრდა კაცი, სულაც არაპატივმოყვარე, გულმავიწყი და ნაზად მოყვარული თავისი ძაღლისა, რომელიც, ჩემი აზრით, ტერიერზე დიდია, მაგრამ მასტიფზე პატარა უნდა იყოს.

 

 უნდობლად გავიცინე, შერლოკ ჰოლმსი კი სავარძელში გადაწვა და ჭერისაკენ გაუშვა კვამლის წვრილი, ჰაერში ლამაზად დარხეული რგოლები.

 

 – რაც შეეხება უკანასკნელ მოსაზრებას, აქ თქვენი შემოწმება არაფრით არ შეიძლება, – ვთქვი მე. – მაგრამ ამ კაცის ასაკსა და კარიერაზე ზოგიერთ ცნობას კი ახლავე ვიპოვით. ჩემი წიგნების თაროდან გამოვიღე სამედიცინო ცნობარი და გვარი მორტიმერი მოვძებნე. იქ რამდენიმე მორტიმერი აღმოჩნდა, მაგრამ მე მაშინვე მივაგენი იმას, ვინც წინა დღეს გვესტუმრა, და ხმამაღლა წავიკითხე ყველაფერი, რაც მას შეეხებოდა:

 

 – «მორტიმერი ჯეიმს, 1882 წლიდან სამეფო ქირურგიული საზოგადოების წევრი. გრიმპენი, დარტმური, დევონშირის საგრაფო. 1882 წლიდან 1884 წლამდე – ჩარინგ-კროსის საავადმყოფოს კურატორი. მიღები აქვს ჯეკსონის პრემია შედარებით პათოლოგიაში შრომისათვის «ხომ არ ჩავთვალოთ სნეულებანი ატავისტური ხასიათის მოვლენად?» შვეციის პათოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, ავტორი სტატიებისა «ატავიზმის ანომალიური მოვლენები («ლანცეტი», 1882), «მივდივართ თუ არა პროგრესისაკენ?» («ფსიქოლოგიის მოამბე», მარტი, 1883).

 

გრიმპენის, ტორსლის და ჰაი-ბეროუს სამრევლოების სოფლის ექიმი».

 

 – სიტყვაც არ არის ნათქვამი მონადირეთა კლუბზე, უოტსონ, – ცბიერი ღიმილით თქვა ჰოლმსმა. – სამაგიეროდ ნამდვილი სოფლის ექიმია, როგორც მოხდენილად შენიშნეთ. ჩემი ვარაუდი გამართლებულია. რაც შეეხება ზედსართავებს, თუ არ ვცდები, ასეთები შევარჩიე: სიმპათიური, არაპატივმოყვარე და გულმავიწყი. ეს კი ვიცი გამოცდილებით – მხოლოდ სიმპათიური ადამიანები ღებულობენ გამოსამშვიდობებელ საჩუქრებს. ყველაზე უფრო არაპატივმოყვარენი ცვლიან ლონდონის პრაქტიკას სოფლისაზე, და მხოლოდ გულმავიწყი ადამიანები ტოვებენ სადარბაზო ბარათის ნაცვლად ჯოხს, მას შემდეგ, რაც მთელი საათი იცადეს თქვენს სასტუმრო ოთახში.

 

 – ძაღლი?

 

 – გაწვრთნილი ძაღლია, პატრონს დაჰყვება და პირით ნივთებს დაატარებს. ეს არც ისე მსუბუქი ჯოხია, ეტყობა, ძაღლი მას შუაადგილას ჰკიდებდა პირს, ამიტომ კბილების კვალი სავსებით გარკვევით ჩანს.

 

ნაკბილევთა შორის მანძილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ტერიერისათვის ასეთი ყბები მეტისმეტად ფართოა, მასტიფისათვის კი ძლიერ ვიწრო. შესაძლებელია, რომ ...ღმერთო ჩემო! ჰო, რა თქმა უნდა! თმახუჭუჭა სპანიელია.

 

 ამას ამბობდა ჰოლმსი და თან ოთახში ბოლთას სცემდა, მერე სარკმლის ნიშთან გაჩერდა. მის უკანასკნელ სიტყვებში ისეთი მტკიცე რწმენა გამოსჭვიოდა, რომ გაკვირვებულმა გადავხედე.

 

 – მომისმინეთ, ჩემო მეგობარო, საიდან ხართ ამაში დარწმუნებული?

 

 – იმ უბრალო გარემოებიდან, რომ მე ვხედავ ძაღლს ჩვენს კართან და აი, მისი პატრონის ზარიც. არ წახვიდეთ, უოტსონ, გთხოვთ. თქვენ ხომ კოლეგები ხართ და თქვენი დასწრება დამეხმარება. აი, საბედისწერო წუთი, უოტსონ! თქვენ გესმით ნაბიჯების ხმა კიბიდან. ეს ნაბიჯები იჭრებიან თქვენს ცხოვრებაში და არ იცით, რა მოაქვთ – სიავე თუ სიკეთე.

 

რა დასჭირდა მეცნიერ კაცს, ექიმ ჯეიმს მორტიმერს მაძებარ შერლოკ ჰოლმსისაგან?.. მობრძანდით.

 

 ჩვენი სტუმრის გარეგნობამ გამაოცა, რადგან ტიპიური სოფლის ექიმის ნახვას ველოდი. ექიმი მორტიმერი აღმოჩნდა ძალიან მაღალი, გამხდარი კაცი. გრძელი ცხვირი ნისკარტივით ჰქონდა წამოშვერილი რუხ, ერთიმეორის ახლოს ღრმად ჩამჯდარ თვალებს შორის, სათვალის ოქროს ჩარჩოების მიღმა რომ ციმციმებდნენ. ჩაცმული ისე იყო, როგორც მისი პროფესიის ადამიანს შეეფერება, ოღონდ რამდენადმე დაუდევრად: ძლიერ გაცვეთილი პიჯაკი და დაცხავებული შარვალი ეცვა. თუმცა ახალგაზრდა იყო, უკვე მხრებში იხრებოდა და როცა კეთილისმსურველი მზერით გვათვალიერებდა, კისერს უცნაურად იგრძელებდა. როგორც კი ჩვენი სტუმარი ოთახში შემოვიდა, მისი მზერა მაშინვე იმ ჯოხს მისწვდა, რომელიც ჰოლმსს ეჭირა ხელში, და სიხარულის წამოძახილით მივარდა მას.

 

 – რა ბედნიერებაა! მე კი ვერაფრით ვერ გავიხსენე, სად დავტოვე, აქ თუ სახომალდო კომპანიაში. ასეთი რამის დაკარგვა! ეს პირდაპირ საშინელება იქნებოდა!

 

 – ნაჩუქარია? – ჰკითხა ჰოლმსმა.

 

 – დიახ, სერ.

 

 – ჩარინგ-კროსის საავადმყოფოდან?

 

 – დიახ, იქაური მეგობრებისაგან, ჩემი ქორწილის დღეს.

 

 – ვაი-ვაი, რა ცუდია! – შესძახა ჰოლმსმა თავის ქნევით.

 

 ექიმმა მორტიმერმა თვალები გაოცებით დაახამხამა.

 

 – რა არის აქ ცუდი?

 

 – მხოლოდ ის, რომ თქვენ დაარღვიეთ ჩვენი დასკვნების მსვლელობა. მაშ, ეს საქორწინო საჩუქარი იყო?

 

 – დიახ, სერ. მე დავქორწინდი და მივატოვე საავადმყოფო, და კონსულტანტის თანამდებობის მიღების ყველა იმედიც. საჭირო იყო საკუთარი სახლის მოწყობა, ოჯახის დაბინავება.

 

 – აი, ხედავთ, არც ისე ძლიერ შევმცდარვართ. – თქვა ჰოლმსმა. – ახლა კი, დოქტორ ჯეიმს მორტიმერ...

 

 – რას ბრძანებთ! მე არა მაქვს დოქტორის წოდება, მხოლოდ სამეფო ქირურგიული საზოგადოების უბრალო წევრი გახლავართ.

 

 – და, უთუოდ, მეცნიერული გონების კაცი ბრძანდებით?

 

 – მე მხოლოდ ზოგიერთი რამ მაკავშირებს მეცნიერებასთან, მისტერ ჰოლმს: ასე ვთქვათ, ნიჟარებს ვაგროვებ ცოდნის უკიდეგანო ოკეანის სანაპიროზე. თუ არ ვცდები, მაქვს პატივი ველაპარაკებოდე მისტერ შერლოკ ჰოლმსს და არა...

 

 – არა, ჩემი მეგობარი უოტსონი, აგერ თქვენ წინა დგას.

 

 – ძალიან მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, სერ. თქვენი სახელი ხშირად იხსენიება თქვენი მეგობრის სახელის გვერდით: თქვენ მეტისმეტად დამაინტერესეთ, მისტერ ჰოლმს. სულ არ ველოდი, რომ ასეთი გრძელი თავის ქალა გექნებოდათ და ასე ძლიერ განვითარებული წარბზედა რკალები. ნება მიბოძეთ გაგისინჯოთ კეფის ნაკერი. ეგ თავის ქალის ტვიფარი, სერ, რომელიც გნებავთ იმ ანთროპოლოგიურ მუზეუმს დაამშვენებდა მანამ, სანამ თვით დედნის მიღებას მოახერხებდა. მლიქვნელობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ პირდაპირ მშურს ასეთი თავის ქალა.

 

 შერლოკ ჰოლმსმა ჩვენი უცნაური სტუმარი სავარძელში ჩასვა.

 

 – როგორც ჩანს, ორივენი საკუთარი საქმის ენთუზიასტები ვართ, სერ, – უთხრა სტუმარს.

 

– თქვენი საჩვენებელი თითი მეუბნება, რომ გახვეულ თამბაქოს ამჯობინებთ. ნუ გერიდებათ, მოსწიეთ.

 

 მორტიმერმა ჯიბიდან ამოიღო ქაღალდი, თამბაქო, და განსაცვიფრებელი სიმარდით გაახვია პაპიროსი.

 

გრძელი, ოდნავ მთრთოლავი თითები ისევე მკვირცხლად და მოუსვენრად მოძრაობდნენ, როგორც მწერის საცეცები.

 

 ჰოლმსი მშვიდად იჯდა, მაგრამ მისი სწრაფი ანაზდეული მზერა, რომელსაც ესროდა ხოლმე ჩვენს თავშესაქცევ თანამოსაუბრეს, მოწმობდა, რომ ამ კაცმა ძლიერ დააინტერესა.

 

 – არა მგონია, სერ, რომ თქვენი გუშინდელი და დღევანდელი სტუმრობა და ჩვენდამი პატივის დადება მარტო ჩემი თავის ქალის გამოკვლევის მიზნით მომხდარიყოს.

 

 – არა, სერ, რა თქმა უნდა, არა! მართალია, მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შემთხვევა მომეცა, მაგრამ სულაც არ მოვსულვარ ამისათვის, მისტერ ჰოლმს, მე სულაც არა ვარ პრაქტიკული ყაიდის კაცი, ამასთან ჩემს წინაშე უეცრად აღიმართა ერთი უაღრესად სერიოზული და უცნაური ამოცანა. რამდენადაც თქვენ გთვლით მთელ ევროპაში მეორე მაძებრად...

 

 – ეგრე გგონიათ! ნება მომეცით გკითხოთ, ვინ მიგაჩნიათ პირველ მაძებრად? – საკმაოდ მკვეთრი კილოთი იკითხა ჰოლმსმა.

 

 – მეცნიერულად მოაზროვნე ადამიანებს მუსიე ბერტილიონის შრომები უფრო მეტ პატივისცემას უნერგავენ.

 

 – მაშინ რატომ მას არ მიმართეთ?

 

 – მე ვლაპარაკობდი, სერ, «აზროვნების მეცნიერულ ხასიათზე», მაგრამ როგორც პრაქტიკოსს, თქვენ ტოლი არა გყავთ, ეს საერთოდ აღიარებულია. იმედი მაქვს, სერ, ზედმეტი არაფერი მიკადრებია...

 

 – ისე, სულ ცოტა კი გამკენწლეთ, – მიუგო ჰოლმსმა. – მაგრამ მე ვფიქრობ, სერ მორტიმერ, რომ სრულიად სწორად მოიქცეოდით, თუ ახლავე მიუკიბ-მოუკიბავად მოყვებოდით იმ საქმის ვითარებას, რომლის გადასაწყვეტადაც ჩემთან მოსულხართ.

 

 

 

 

 

 თავი II

 

 ბასკერვილების გვარის წყევლა

 

 

 

 – ჯიბეში ერთი ხელნაწერი მაქვს, – თქვა ექიმმა ჯეიმს მორტიმერმა.

 

 – ეს მაშინვე შევნიშნე, როგორც კი შემოხვედით, – მიუგო ჰოლმსმა.

 

 – მეტად ძველი ხელნაწერია.

 

 – ასე, მეთვრამეტე საუკუნისა, თუ ყალბი არაა.

 

 – ეს საიდან იცით, სერ?

 

 – ლაპარაკის დროს, რამდენჯერმე მოვკარი თვალი თქვენი ჯიბიდან ამოჩრილი ხელნაწერის კიდეს. აბა, ის ექსპერტი რას მიქვია, ვინც დოკუმენტის თარიღის ამოცნობაში ათ-ოც წელზე მეტს თუ შეცდება. შემთხვევით ხომ არ წაგიკითხავთ ჩემი პატარა შრომა ამ საკითხზე? მე თქვენს მანუსკრიპტს ათას შვიდას ოცდაათი წლით ვათარიღებ.

 

 – ზუსტი თარიღი ათას შვიდას ორმოცდაორია, – თქვა ექიმმა მორტიმერმა და პიჯაკის გვერდის ჯიბიდან ხელნაწერი ამოიღო. – ეს საგვარეულო რელიქვია შესანახად გადმომცა სერ ჩარლზ ბასკერვილმა, რომლის უეცარმა ტრაგიკულმა სიკვდილმა ამ სამი თვის წინ ასე ააღელვა მთელი დევონშირი.

 

მე თავს ვთვლიდი სერ ჩარლზის არა მარტო ექიმად, არამედ მის პირად მეგობრადაც. ეს იყო ძალაუფლების მოყვარული კაცი, ჭკვიანი, ფრიად პრაქტიკული, არა ფანტაზიორი, ისევე როგორც თქვენი მორჩილი მონა. და მაინც ამ დოკუმენტს ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა, მზად იყო კიდეც იმ დასასრულისათვის, რასაც ბედი უმზადებდა.

 

 ჰოლმსმა ხელი გაიწოდა, ხელნაწერი გამოართვა და მუხლებზე გაასწორა.

 

 – უოტსონ, დააკვირდით «დ» ასოს დაწერილობას. ეს ერთი იმ თავისებურებათაგანია, რამაც დახმარება გამიწია თარიღის დადგენაში.

 

 მაღლიდან დავხედე გაყვითლებულ ფურცელზე ნახევრად გადაშლილ სტრიქონებს. გვერდის დასაწყისში ეწერა: «ბასკერვილჰოლი», ქვემოთ კი მსხვილი გაკრული ხელით იყო გამოყვანილი «1742».

 

 – ეს, ეტყობა, რაღაც ჩანაწერია.

 

 – დიახ, ერთი გადმოცემისა, რომელიც ბასკერვილების გვარში დღემდე ცოცხლობს.

 

 – მაგრამ, რამდენადაც მივხვდი, თქვენ ჩემთან მოხვედით უფრო პრაქტიკული და დროის მიხედვით უფრო ახლობელი საკითხის გამო რჩევის მისაღებად.

 

 – დიახ, სასიცოცხლოდ ახლობელი საკითხისათვის! ის არ ითმენს გადადებას, ერთ დღე-ღამეში უნდა გადაწყდეს. ხელნაწერი ძალიან მოკლეა და მას უშუალო დამოკიდებულება აქვს საქმესთან. თუ ნებას მომცემთ, წაგიკითხავთ.

 

 ჰოლმსი სავარძელში გადაწვა, თითების ბოლოები ერთმანეთს მიაბჯინა და ბედისადმი მორჩილების გამომეტყველებით დახუჭა თვალები.

 

ექიმი მორტიმერი სინათლისაკენ მიბრუნდა და მაღალი წრიპინა ხმით დაიწყო ძველი დროის საინტერესო მოთხრობის კითხვა:

 

 – «მრავალი მოწმობა არსებობს ბასკერვილების ძაღლზე. მაგრამ რამდენადაც ვარ უშუალო შთამომავალი ჰუგო ბასკერვილისა და ძაღლის ამბავი გაგონილი მაქვს მამაჩემისაგან, მას კიდევ – პაპაჩემისაგან სმენია, ჩემს ვალად ვრაცხ ჩავწერო ესე ისტორია, რომლის ჭეშმარიტება საეჭვო არ არის. ამით მინდა იწამოთ, შვილნო ჩემნო, რომ უზენაეს მსაჯულს, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის გვსჯის, ნებავს კიდევაც მოგვიტევოს შეცოდებანი ჩვენნი მისთვის ჩვეული სათნოებით და რომ არ არსებობს ისეთი მძიმე წყევლა, რომლის გამოსყიდვაც არ შეიძლებოდეს ლოცვითა და მონანიებით. მაშ, მიეცით დავიწყებას საშინელი ნაყოფი წარსულისა, მაგრამ გაფრთხილდით მომავალში, ნუღარ შესცოდავთ, რათა ჩვენდა დასაღუპავად არ მისცეთ თავისუფლება ბნელ ვნებათა ღელვას, რამაც ამდენი ზიანი მოუტანა მთელ ჩვენს გვარსა და მოდგმას.

 

 იცოდეთ, რომ დიდი ამბოხის ჟამს (რომლის ისტორიაც დიდად განსწავლულ ლორდ კლარენდონის მიერაა დაწერილი და, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, გირჩევთ წაიკითხოთ) ბასკერვილების მამულის მფლობელი იყო ჰუგო ბასკერვილი და ამ ჰუგოს სრულიად სამართლიანად შეიძლება ეწოდოს აღვირახსნილი, უკაცური და უღმერთო კაცის სახელი. მეზობლები აპატიებდნენ ყველა შეცოდებას, რადგანაც ჩვენს მხარეში არასოდეს არ უცხოვრიათ წმინდანებს, მაგრამ ჰუ-გოს ბუნებით ჰქონდა მიდრეკილება განუსჯელი და სასტიკი ხუმრობისადმი, რამაც მისი სახელი აქცია საიგავოდ მთელ დევონის მხარეში. მოხდა ისე, რომ ჰუგოს შეუყვარდა (თუ შეიძლება მის ბნელ ვნებას ეწოდოს ეგზომ წმიდა სახელი) ერთი ფერმერის ქალიშვილი. ეს ფერმერი ბასკერვილების მამულის მეზობლად ცხოვრობდა.

 

მაგრამ სიმწყაზარითა და წესიერებით ცნობილი ნორჩი ქალიშვილი ყოველნაირად გაურბოდა ჰუგოს და მისი სახელის გაგონებაც კი არ სურდა. და აი, ერთხელ – ეს იყო სწორედ წმიდა მაიკლის დღეს – ჰუ-გო ბასკერვილმა აიყოლია ექვსი ყველაზე უფრო თავზეხელაღებული, უწესო, ქარაფშუტა ამხანაგი, ისარგებლა ქალის მამის და ძმების შინ არყოფნით და გაიტაცა თავის სასურველი. ბასკერვილ-ჰოლში რომ დაბრუნდა, ტყვე ქალი ერთ-ერთ ზედა ოთახში დამალა, თვითონ კი ძველი ჩვეულების მიხედვით დაიწყო ქვედა სართულში მეგობრებთან ქეიფი.

 

უბედური ქალი კინაღამ გაგიჟდა, როცა გაიგონა, როგორ ყვიროდნენ და ილანძღებოდნენ ქვედა სართულზე მყოფი გალეშილი არამზადები. იმ ადამიანების მოწმობით, რომლებიც იცნობდნენ ჰუგო ბასკერვილს, ნაბახუსევი ჰუგო ისე თავშეუკავებელი იყო, რომ იმ ღვთის საგმობი სიტყვებისაგან, რომელთა წარმოთქმითაც იგი თავის ბაგეებს ბილწავდა, ადამიანი შეიძლებოდა დამდნარიყო. ბოლოს ქალიშვილი შიშმა იქამდე მიიყვანა, რომ ჩაიდინა საქმე, რასაც ვერ გაბედავდა ყველაზე უფრო გამბედავი და მოხერხებული მამაკაცი, სახელდობრ: გამოვიდა ლავგარდანზე, ჩამოჰყვა სუროს, რომელიც გასულიყო (და გადის ახლაც) სიმაგრის სამხრეთ კედელზე და სირბილით გაუყვა ჭაობებზე გამავალ გზას მამის სახლისაკენ, რაც სამი მილის დაშორებით იდგა ბასკერვილების მამულიდან.

 

 რამდენიმე ხნის შემდეგ ჰუგომ მიატოვა სუფრა, რათა თავისი ტყვე ქალიშვილისათვის საჭმელ-სასმელი მიეტანა, ან იქნებ მასთან დარჩენაც სურდა. უარესიც ჰქონდა აზრად, მაგრამ ნახა, რომ გალია ცარიელია და ჩიტი სადღაც გაფრენილა.

 

მაშინ დაეუფლა ჰუგოს ეშმაკეული. რადგან შმაგივით ჩაირბინა კიბე, შევარდა სანადიმო დარბაზში, შეხტა მაგიდაზე, მიმოფანტა ბოთლები და კერძები, შემდეგ კი ყველას გასაგონად დაიფიცა, რომ სულსა და სხეულს მი-ჰყიდის ეშმას ოღონდ დაეწიოს გაქცეულს. ვიდრე მისი სიშმაგით გაოცებული თანამესუფრეები გაოგნებული იდგნენ, ერთმა მათგანმა, ყველაზე უფრო გულქვამ და გალეშილმა, დაიყვირა, საჭიროა ტყვე ქალის კვალზე ძაღლის გაშვებაო. ასეთი სიტყვები რომ გაიგონა, ჰუგო გარეთ გამოვარდა, მეჯინიბეებს უბრძანა შეეკაზმათ მისი შავრა ფაშატი, გამოეშვათ ძაღლები და ეყნოსებინათ მათთვის თავსაფარი, რაც ქალიშვილს დავარდნოდა. ამის შემდეგ ამხედრებული არამზადა ძაღლების ხროვასთან ერთად მთვარით გაშუქებული ჭაობის გზას დაადგა.

 

 თანამეინახენი ერთ ხანს მდუმარედ თავდახრილნი იდგნენ და გონს ვერ მოსულიყვნენ, რისთვის ატყდა ასეთი არეულობა. მაგრამ აი, მათს ღვინით დაბნელებულ გონებას მისწვდა, თუ რა შავი საქმე მოხდებოდა ტორფის ჭაობებში. მაშინ ყველა აყვირდა: ზოგი ცხენს ითხოვდა, ზოგი დამბაჩას, ზოგიც ღვინოს.

 

შემდეგ უფრო დალაგებით მოიფიქრეს, ყველანი, – სულ ცამეტი კაცი, – შესხდნენ ცხენებზე და მდევარს შეუერთდნენ. მთვარე კაშკაშებდა, მდევრები ერთ რიგად მისდევდნენ გზას, რომლითაც მათი აზრით უნდა ევლო ქალს, თუ მამის სახლში დაბრუნდებოდა.

 

 ერთი-ორი მილი რომ გაიარეს, მწყემსი შემოხვდათ და ჰკითხეს, ხომ არ შეგხვედრიაო გაქცეული ან მდევარი. მწყემსმა, როგორც ამბობდნენ, შიშისაგან, ჯერ ხმა ვერ ამოიღო, შემდეგ კი მაინც აღიარა, მიდიოდა ერთი ქალიშვილი, რომელსაც ძაღლები ედგნენ კვალშიო. «მაგრამ მე ვნახე სხვა რამეც, – დასძინა მან, – ჰუგო ბასკერვილმა ჩამიქროლა გვერდით შავი ფაშატით, უკან კი ძაღლი მისდევდა, და ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენს კვალზე მავალი ასეთ ჯოჯოხეთის ქმნილების ხილვისაგანო».

 

 მთვრალმა სკვაირებმა შეაგინეს მწყემსს და ცხენები გააქროლეს, მაგრამ სულ მალე ტანში ყინულმა დაუარათ, რადგან ფლოქვების ხმა მოესმათ, შავი ფაშატიც მაშინვე დაინახეს უმხედროდ, პირიდან ქაფი გადმოსდიოდა და სადავეები ძირს მოსთრევდა. თავგზადაბნეული მხედრები შეჯგუფდნენ, ყველა შიშმა და ელდამ აიტანა, მაგრამ მაინც განაგრძეს გზა ჭაობის სიღრმისაკენ, თუმცა ყოველი მათგანი, აქ რომ მარტო ყოფილიყო, სიამოვნებით მოაბრუნებდა ცხენს და შინ დაბრუნდებოდა. წყნარად განაგრძეს გზა და ბოლოს ნაპრალის პირას ძაღლებიც ნახეს. მთელი ხროვა, ძველთაგანვე განთქმული ჯიშის სიწმინდითა და სიაფთრით, შესაბრალისად ყმუოდა.

 

ზოგიერთი ძაღლი ჩუმად გარბოდა განზე, სხვებს კი ბეწვი აბურძგნოდათ, თვალებს აბრიალებდნენ და იმის ცდაში იყვნენ, რომ როგორმე წინ გამოჩენილ ხვრელში გამძვრალიყვნენ.

 

 მხედრები შეჩერდნენ, რაღა თქმა უნდა, ბევრად უფრო ფხიზელნი, ვიდრე გზაზე გასვლის წინ იყვნენ. ბევრი მათგანი ვერც ბედავდა წინ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ სამმა, ყველაზე უფრო გაბედულებმა ან იქნებ ყველაზე უფრო შექეიფიანებულებმა, ცხენები ხრამის სიღრმეში შეიყვანეს. იქ თვალწინ გადაეშალათ ფართო კორდი, ზედ კი უხსოვარ დროს აღმართული ორი ქვის სვეტი იხილეს. ასეთი კორდები ჭაობებში დღესაც გვხვდება. მთვარე მკაფიოდ ანათებდა კორდს, რომლის შუაგულშიც ეგდო შიშსა და დაქანცულობისაგან მკვდარი ბედშავი ქალიშვილი. მაგრამ არც ქალიშვილის უსულო გვამის ხილვაზე, არც მის გვერდით დაგდებულ ჰუგო ბასკერვილის გვამის დანახვაზე არ უგრძნია სამ თავზე ხელაღებულ უსაქმურს, როგორ დაუდგათ თმა ყალყზე. არა! ჰუგოს თავს დასდგომოდა საზარელი ურჩხული – უზარმაზარი, შავი ნადირი, შესახედავად ძაღლის მსგავსი, მაგრამ უფრო მაღალი და დიდი ყველა ძაღლზე, რომელიც კი ოდესმე მოკვდავს უხილავს.

 

აი, ამ ურჩხულმა გამოღადრა მათს თვალწინ ყელი ჰუგო ბასკერვილს, შემდეგ მათკენ შემოაბრუნა გასისხლიანებული დრუნჩი და მდევრებს ცეცხლოვანი თვალები შეანათა. შიშისაგან დაზაფრულმა მდევრებმა ყვირილი ატეხეს და ჭაობისაკენ თავქუდმოგლეჯილებმა მოჰკურცხლეს. ერთი მათგანი, როგორც ამბობენ, იმავე ღამეს მოკვდა, ვერ გადაიტანა ის, რაც იხილა, ორი დანარჩენი კი ისე წახდა, ასეთი მძიმე განსაცდელის ხილვის შემდეგ, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე ვეღარ გამოჯანმრთელდა.

 

 ასეთია, შვილნო ჩემნო, თქმულება იმ ძაღლზე, რომელმაც მას შემდეგაც ბევრი უბედურება დაატეხა თავს ჩვენს გვარს. და თუ ყოველივე ეს ჩავწერე, მხოლოდ იმისათვის, რომ ცოდნა ნაკლებად გვაძრწუნებს ხოლმე, ვიდრე უთქმელობა და ვარაუდები.

 

 განა საჭიროა იმის უარყოფა, რომ ჩვენს გვარში მრავალი კვდებოდა უეცარი, საშინელი და იდუმალი სიკვდილით? მაშ, დაე, ნუღარ დაგვტოვებს განგება თავისი უხვი წყალობის გარეშე და ნუღარ დასჯის უდანაშაულო მემკვიდრეებს, შობილთ მესამე და მეოთხე თაობის შემდეგ, რომელთაც ელით შურისგება, როგორც არის ნათქვამი სახარებაში. იმ განგებას ვანდობ თქვენ თავს, შვილნო ჩემნო, და გაფიცებთ: ერიდეთ ღამით ჭაობებში გასვლას, როცა ბოროტების ძალები თავისუფლად ბატონობენ.

 

 (დაწერილია ჰუგო ბასკერვილის ხელით შვილების – როჯერისა და ჯონისათვის, და ვუბრძანებ მათ, შეინახონ ყოველივე ეს საიდუმლოდ თავიანთი დის ელიზაბეტისაგან)».

 

 როცა ეს უცნაური ამბავი წაიკითხა, ექიმმა მორტიმერმა სათვალე შუბლზე აიწია და მისტერ შერლოკ ჰოლმსს მიაჩერდა. ჰოლმსმა დაამთქნარა და სიგარის ნამწვი ბუხარში შეაგდო.

 

 – მერედა, აქ რა არის ისეთი? – წარმოთქვა მშვიდად.

 

 – თქვენი აზრით, ეს არ არის საინტერესო?

 

 – საინტერესოა – ზღაპრების მოყვარულთათვის.

 

 ექიმმა მორტიმერმა ჯიბიდან ამოიღო ოთხად დაკეცილი გაზეთი.

 

 – კარგი, მისტერ ჰოლმს. ახლა გაგაცნობთ უფრო თანამედროვე ამბავს.

 

აი «დევონშირის ქრონიკის» ამა წლის თოთხმეტი ივნისის ნომერი. აქ დაბეჭდილია მოკლე ანგარიში იმ ფაქტებზე, რომლებიც დაკავშირებულია სერ ჩარლზ ბასკერვილის სიკვდილთან, რაც რამდენიმე დღის წინათ მოხდა.

 

 ჩემმა მეგობარმა ოდნავ წინ წაიწია, მის მზერაში მეტი ყურადღება შევნიშნე. მორტიმერმა სათვალე შეისწორა და დაიწყო:

 

 – «სერ ჩარლზ ბასკერვილის, ლიბერალთა პარტიის მოსალოდნელი კანდიდატის უეცარმა სიკვდილმა მძიმე შთაბეჭილება მოახდინა მთელ შუა დევონშირზე. თუმცა სერ ჩარლზი შედარებით ცოტა ხნის წინ დამკვიდრდა ბასკერვილ-ჰოლში, მაგრამ თავისი გულკეთილობითა და სიუხვით უკვე მოასწრო ყველა იმ ადამიანის სიყვარულისა და პატივისცემის მოხვეჭა, ვისაც მასთან საქმე ჰქონია. ნუვორიშების ბატონობის ჩვენს დროში სასიამოვნოა ვიცოდეთ, რომ უკეთესი დროის მომსწრე ძველი გვარის შთამომავალმა საკუთარი ხელებით შეძლო შეექმნა დოვლათი და მიემართა ის თავისი გვარის ოდინდელი დიდების აღსადგენად. როგორც ცნობილია, სერ ჩარლზი აწარმოებდა ფრიად შემოსავლიან ექსპედიციებს სამხრეთ აფრიკაში. იმ ადამიანთა საპირისპიროდ, რომლებიც არ შეჩერდებიან მანამ, სანამ ფორტუნის ბორბალი მათივე საწინააღმდეგოდ არ შეტრიალდება, მან მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ენერგიითა და გონების სიფხიზლით მოახდინა თავისი შემოსავლის რეალიზაცია და ინგლისში დაბრუნდა დიდძალი კაპიტალით.

 

ბასკერვილ-ჰოლში სერ ჩარლზი დასახლდა სულ ამ ორი წლის წინ, მაგრამ ხმები სხვადასხვანაირ სრულყოფასა და მამულის ახლადგაშენებაზე, რაც მისმა სიკვდილმა შეაჩერა, უკვე დიდი ხანია გავრცელდა. უშვილომ ჯერ კიდევ სიცოცხლეში არა ერთხელ გამოამჟღავნა განზრახვა გაებედნიერებინა თავისი თანამემამულეები, და მრავალ აქაურ მცხოვრებს პირადი საფუძველი აქვს დასტიროდეს მის უდროოდ გარდაცვალებას. სერ ჩარლზის უხვ შეწირულობაზე საქველმოქმედო საჭიროებებისათვის როგორც ადგილობრივი მასშტაბით, აგრეთვე მთელი საგრაფოს მასშტაბითაც არა ერთხელ იყო ლაპარაკი გაზეთის ფურცლებზე.

 

 ვერ ვიტყვით, რომ ძიებამ სავსებით გაარკვია სერ ჩარლზ ბასკერვილის სიკვდილის გარემოებანი, თუმცა ბოლო კი მოუღო ადგილობრივ ცრუმორწმუნეთა შორის გავრცელებულ ხმებს. არავითარი საფუძველი არა გვაქვს ეჭვი გამოვთქვათ, რომ სიკვდილი გამოიწვია არაბუნებრივმა მიზეზმა. სერ ჩარლზი იყო ქვრივი და თუ შეიძლება ასე ითქვას, ცოტა ახირებული. მიუხედავად თავისი დიდი შეძლებისა, ცხოვრობდა ძალიან თავშეკავებულად, და ბასკერვილ-ჰოლში მხოლოდ ორი მოსამსახურე ცოლ-ქმარი ბერიმორები ჰყავდა. ქმარი ასრულებდა ლაქიის მოვალეობას, ცოლი – მნისას.

 

თავიანთ ჩვენებებში, რაც განსვენებულის მეგობრების ჩვენებებს ეთხვევა, ბერიმორებმა აღნიშნეს, რომ უკანასკნელ ხანებში სერ ჩარლზის ჯანმრთელობა შესამჩნევად გაუარესდა. მათი სიტყვით, განსვენებული უჩიოდა გულს, რასაც მოწმობდა მისი სახის ფერის ცვალებადობა, გახშირებული სუნთქვა და მძიმე სულიერი განწყობილება. ექიმმა ჯეიმს მორტიმერმა, განსვენებულის ახლო მეგობარმა და შინაურმა მკურნალმა, თავის ჩვენებაში იგივე დაადასტურა.

 

 ფაქტიურად ყველაფერი სრულიად უბრალოდ დატრიალდა. სერ ჩარლზ ბასკერვილს ჩვეულებად ჰქონდა დაძინების წინ ბასკერვილ-ჰოლის ურთხელის განთქმულ ხეივანში გასეირნება. ცოლ-ქმარი ბერიმორები ადასტურებენ, რომ ამ ჩვეულებას არასოდეს არ ღალატობდა. 4 ივნისს სერ ჩარლზს განუცხადებია, რომ მეორე დღეს ლონდონს აპირებდა გამგზავრებას და ბერიმორისთვის უბრძანებია ნივთების ჩალაგება, საღამოს კი ჩვეულებისამებრ სასეირნოდ წასულა, რომლის დროსაც თურმე მუდამ სიგარას ეწეოდა. ამის შემდეგ სერ ჩარლზი შინ აღარ დაბრუნებულა.

 

შუაღამისას, როცა უნახავთ, რომ ჰოლში კარი ჯერაც ღიად ყოფილა დარჩენილი, ბერიმორი შეშფოთებულა, ფარანი აუნთია და თავისი ბატონის საძებნელად გაუწევია. ნესტიანი დღე ყოფილა და ხეივანში ჩარლზის ნაკვალევი თურმე ძალიან კარგად ჩანდა. ამ ხეივნის შუაში არის პატარა ჭიშკარი, საიდანაც გზა გადის ტორფის ჭაობებისაკენ. ზოგიერთი ნიშნის მიხედვით სერ ჩარლზი აქ მდგარა რამდენიმე წუთს, შემდეგ კი წასულა... და ხეივნის სულ ბოლოში იპოვნეს მისი გვამი.

 

 აქ ამოუხსნელი რჩება ერთი გარემოება. ბერიმორი ამბობს, რომ ჭიშკრის იქით სერ ჩარლზის კვალის ხასიათი იცვლება: ეტყობა, ფეხის წვერებზე მიდიოდაო. ამ დროს ხეივნის ახლოს ჭაობზე გაუვლია ბოშა-ჩარჩს, ვინმე მერფის.

 

მას გაუგონია ძახილი, ოღონდ ვერ გაურკვევია, რა მხრიდან, რადგან მისივე თქმით, ძლიერ მთვრალი ყოფილა. არავითარი ძალადობის კვალი სერ ჩარლზის ტანზე არ აღმოჩნდა. მართალია, სამედიცინო ექსპერტიზა აღნიშნავს განსვენებულის სახის შეცვლას ისე, რომ კაცი ვერა ცნობს – ექიმ მორტიმერს პირველად არც კი დაუჯერებია, რომ მის წინ ესვენა მისი მეგობარი და პაციენტი, მაგრამ ასეთი მოვლენა ხშირად ახლავს თან დახრჩობით ან სულის ხუთვით სიკვდილს, როცა გულის მოქმედება წყდება. ეს დადასტურდა გაკვეთით, რამაც ექსპერტიზას მისცა გულის დახანებული ორგანული მანკის სრული სურათი. სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემებზე დამყარებული ძიება მივიდა უეცარი სიკვდილის დასკვნამდე, რაც საგრძნობლად ამსუბუქებს საქმის ვითარებას, რადგან სასურველია, რომ სერ ჩარლზ ბასკერვილის მემკვიდრე დასახლდეს ბასკერვილ-ჰოლში და განაგრძოს თავისი წინამორბედის ბრწყინვალე წამოწყება, შეწყვეტილი ეგზომ ტრაგიკული აღსასრულით. გამომძიებლის პროზაულად ზუსტმა დასკნებმა გაჰფანტა სერ ჩარლზის სიკვდილთან დაკავშირებული რომანტიკული თქმულებები, რომლებიც პირიდან პირში გადადიოდა და ბასკერვილ– ჰოლის პატრონის გამონახვა გააადვილა. როგორც ამბობენ, სერ ჩარლზის უახლოეს ნათესავად ითვლება მისტერ ჰენრი ბასკერვილი (თუ ცოცხალია), განსვენებულის უმცროსი ძმისშვილი.

 

ჩვენს ხელთ არსებული უკანასკნელი ცნობების მიხედვით, ეს ახალგაზრდა კაცი ამერიკაში იმყოფება. ახლა მიღებულია ზომები მის მოსაძებნად, რათა გადაეცეს დიდი მემკვიდრეობა».

 

 ექიმმა მორტიმერმა გაზეთი დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო.

 

 – აი ყველაფერი, რაც იყო გამოცხადებული სერ ჩარლზ ბასკერვილის სიკვდილზე, მისტერ ჰოლმს.

 

 – ეგ საქმე მართლაც არაა მოკლებული ერთგვარ ინტერესს, და ძალიან დიდ მადლობას გიცხადებთ ამისათვის, – თქვა შერლოკ ჰოლმსმა. – თავის დროზე ეს ამბავი გაზეთებში მეც წავიკითხე, მარგამ მაშინ ისე მოუცლელი ვიყავი ვატიკანის კამეების ისტორიასთან დაკავშირებით და ისე ვცდილობდი მეამებინა პაპისათვის, რომ ყურადღებიდან გამომრჩა რამდენიმე საინტერესო საქმე, რაც ინგლისში მოხდა.

 

მაშ, ეს არის ყველაფერი, რაც იყო გამოცხადებული სერ ჩარლზის სიკვდილზე?

 

 – დიახ.

 

 – ახლა იმ ფაქტებზე მიამბეთ, რომლებიც პრესაში არ გამოქვეყნებულა. – აქ ჰოლმსი სავარძელში გადაწვა, თითების ბოლოები ერთმანეთს მიაბჯინა და სასტიკი და მიუდგომელი მოსამართლის სახე მიიღო.

 

 – ამაზე ჯერ არავისთან დამიძრავს სიტყვა, – დაიწყო მორტიმერმა აშკარა მღელვარებით. – საქმის ძიების დროს ბევრი რამე დავფარე იმ უბრალო მიზეზით, რომ მეცნიერ კაცს არ შეშვენის ცრუმორწმუნეთა მიერ დარხეული ჭორების აყოლა. მე მგონია, გაზეთის რედაქცია სწორად მოიქცა.

 

ბასკერვილ-ჰოლის ისედაც ბურუსით მოცული რეპუტაციის გაღრმავება ნიშნავს მის უპატრონოდ გაპარტახებისათვის განწირვას. ამ მოსაზრებებით ვხელმძღვანელობდი და ზოგი რამის დამალვა ვამჯობინე, რადგან ზედმეტი გულახდილობა სარგებლობას მაინც ვერ მოიტანდა. მაგრამ თქვენ ყველაფერი მინდა გიამბოთ.

 

 ტორფის ჭაობები – საკმაოდ უკაცური ადგილებია, მაგრამ შორეული თუ ახლობელი მეზობლები ცდილობენ უფრო ხშირ-ხშირად შეხვდნენ ერთიმეორეს. რაც შემეხება მე, საკმაოდ ბევრ დროს ვატარებდი სერ ჩარლზ ბასკერვილთან. ლეფტერჰოლელი მისტერ ფრენკლენდისა და ნატურალისტ მისტერ სტეპლტონის გარდა მთელს ჩვენს მიდამოებში რამდენიმე მილის მანძილზე ვერც ერთ განათლებულ ადამიანს ვერ შეხვდებით. სერ ჩარლზს უყვარდა განმარტოება, მაგრამ მისმა სნეულებამ დაგვაახლოვა. საერთო ინტერესებმა კი კიდევ უფრო განამტკიცეს ეს ურთიერთობა.

 

სერ ჩარლზმა ბევრი ძვირფასი სამეცნიერო მასალა ჩამოიტანა სამხრეთ აფრიკიდან და ჩვენ ერთად მრავალი სასიამოვნო საღამო გავატარეთ ბუშმენებისა და ჰოტენტოტების შედარებით ანატომიაზე მსჯელობაში.

 

 ბოლო ხანებში ჩემთვის სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ სერ ჩარლზის ნერვების დაძაბულობა უკანასკნელ საზღვარს უახლოვდებოდა. მას სწამდა ეს ლეგენდა, რაც ახლა წაგიკითხეთ და როცა თავის მამულში სეირნობდა, ღამღამობით ერიდებოდა ჭაობებში გასვლას. თქვენ ეს სისულელედ მოგეჩვენებათ, მისტერ ჰოლმს, მაგრამ სერ ჩარლზი დარწმუნებული იყო, რომ მის გვარს ტვირთად აწვა საშინელი წყევლა, და მართლაც, მაგალითები, რომლებიც მოჰყავდა თავისი გვარის წარსულიდან, არაფერ სანუგეშოს არ წარმოადგენდა. მას მოსვენებას არ აძლევდა აკვიატებული იდეა რაღაც აჩრდილის მსგავს არსებაზე და მუდამ მეკითხებოდა ხოლმე, ხომ არ ნახე რაიმე უცნაური, როცა ავადმყოფთა სანახავად დადიოდი, და ხომ არ გსმენია ძაღლის ყეფაო. უკანასკნელ კითხვას სერ ჩარლზი უფრო ხშირად იმეორებდა და ამასთან მღელვარებისაგან ხმა უთრთოდა.

 

 გუშინდელ დღესავით მახსოვს, ტრაგიკულ შემთხვევამდე სამი კვირით ადრე საღამოს ეტლით მივედი ბასკერვილ– ჰოლში. შარაბანიდან გადმოვედი, მივუახლოვდი მას და უეცრად შევნიშნე, რომ სერ ჩარლზი ჩემს მხრებს უკან საითღაც იყურება და საზარელი შიში ჩასდგომია თვალებში; უეცრად მოვბრუნდი და თვალი მოვკარი ხეივნის ბოლოში რაღაც არსებას. რაც მოზრდილ შავ ხბოს ჰგავდა.

 

სერ ჩარლზი ისე აღელვებული და შეშინებული იყო, რომ იძულებული გავხდი მივსულიყავი იმ ადგილას, სადაც ეს უცნაურობა გამოჩნდა, რათა გამერკვია, საით წავიდა იგი. მაგრამ იქ აღარაფერი ჩანდა. ამ შემთხვევამ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემს მეგობარზე. მთელი ის საღამო მასთან გავატარე. სწორედ მაშინ შეეცადა აეხსნა ჩემთვის თავისი შეშფოთების მიზეზი და მთხოვა ამ ხელნაწერის შენახვა, ახლა რომ გაგაცანით. ამ ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტზე მხოლოდ იმიტომ მოგახსენეთ, რომ ამან უკანასკნელ ტრაგედიაში რაღაც მნიშვნელობა შეიძინა, მაშინ კი ყველაფერი ეს წმინდა წყლის სისულელედ მეჩვენა, რაც ვერაფრით ვერ ამართლებდა ჩემი მეგობრის მღელვარებას.

 

 სერ ჩარლზი ჩემი რჩევით ლონდონისაკენ გასამგზავრებლად ემზადებოდა. გული ვერა ჰქონდა კარგად, ხოლო შიში, რაც წუთითაც არ ასვენებდა, მის ჯანმრთელობას კიდევ უფრო აუარესებდა, თუმცა ჩემი აზრით, ამ შიშის მიზეზები უბრალოდ გამოგონილი იყო.

 

იმედი მქონდა, რომ რამდენიმე თვით ქალაქში ყოფნა სერ ჩარლზზე გამაჯან-საღებლად იმოქმედებდა და უკან დაბრუნებული სულ სხვა ადამიანად იქცეოდა. იმავე აზრისა იყო მისტერ სტეპლტონი, რომელიც ჩვენი საერთო მეგობრის ჯანმრთელობაზე მუდამ დიდად ზრუნავდა. და აი, სულ უკანასკნელ წამს თავს დაგვატყდა ასეთი საშინელი უბედურება.

 

 ლაქია ბერიმორმა, რომელმაც ღამით იპოვნა სერ ჩარლზის გვამი, დაუყოვნებლივ გამომიგზავნა მეჯინიბე პერკინსი. მე სამუშაოს ვუჯექი და ჯერ არ მეძინა, ამიტომ სწრაფად აღმოვჩნდი ბასკერვილ-ჰოლში, მომხდარი უბედურებიდან, სულ დიდი, ერთი საათის შემდეგ. ყველა ფაქტი, რაც აღნიშნული ჰქონდა ძიებას, შევამოწმე და ერთიმეორეს შევუდარე. სერ ჩარლზის ნაკვალევს გავყევი ურთხელის ხეივანში, დავათვალიერე ჭიშკართან ის ადგილი, სადაც ჩარლზი, როგორც ჩანს, დიდხანს იდგა, ყურადღება მივაქციე მის ფეხთა კვალის შეცვლილ ხასიათს, დავრწმუნდი, რომ მის გარდა მხოლოდ ლაქიის ფეხის კვალია რბილ მიწაზე და ბოლოს გულმოდგინედ გამოვიკვლიე გვამი, რასაც ჩემამდე არავინ შეხებოდა. სერ ჩარლზი პირქვე იწვა, ხელები გაშლილი ჰქონდა, თითებით მიწა ჩაებღუჯა და კრუნჩხვას ისე მოეშალა მისთვის სახე, რომ ერთბაშად ვერც კი ვიცანი. 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დოილი ართურ კონან / ბასკერვილების ძაღლი