დოილი ართურ კონან 

უკაცრიელი სახლი

 

 

 

მოთხრობა, დეტექტივი

 

გრაფ რონალდ ადერის მკვლელობამ, რაც, 1894 წლის გაზაფხულზე, ძალიან უჩვეულო და იდუმალებით მოცულ გარემოებაში მოხდა, მთელი ლონდონი უაღრესად დააინტერესა, ხოლო მაღალი საზოგადოება შეაძრწუნა. ამ დანაშაულის ცალკეულ დეტალებს, რომელთა მიკვლევა პოლიციამ მოახერხა, თავის დროზე ფართო საზოგადოებრიობა გაეცნო, მაგრამ ძიების მასალები ისეთი მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ უმრავლესობა დაფარეს და არ გამოუქვეყნებიათ. და მხოლოდ ახლა, თითქმის ათი წლის შემდეგ, საშუალება მეძლევა შევავსო ფაქტების ეს განსაცვიფრებელი ჯაჭვი იმ რგოლებით, რომლებიც ამ საქმეს აკლია. დანაშაული ხომ თავისთავად იყო საინტერესო, მაგრამ მისი მიუწვდომელი შედეგები ჩემთვის ათასჯერ უფრო ყურადსაღები შეიქმნა. იმ შედეგებმა უფრო მეტად განმაცვიფრეს და შემაძრწუნეს, ვიდრე ყოველივე იმან, რაც ჩემს სიცოცხლეში გამომიცდია. ჩემი ცხოვრება კი ყოვლად უცნაური თავგადასავლებით გახლდათ აღსავსე. ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, თავზარი დამეცემა ხოლმე, როცა ამ საქმეს ვიხსენებ, ისევ უნდობლობა, გაოცება და სიხარული მეუფლება, მაშინ რომ მოზღვავდნენ და სული ამიფორიაქეს. დაე, მკითხველებმა, რომელთაც შესანიშნავი ადამიანის საქმეებსა და ზრახვებზე, ჩემ მიერ შექმნილი მოთხრობებისადმი ცხოველი ინტერესი გამოიჩინეს, მაპატიონ, რომ ჩემი აღმოჩენა მაშინვე არ გავუზიარე. ჩემს უპირველეს მოვალეობად ჩავთვლიდი მთელი ამ ისტორიის გულწრფელად გადმოშლას, შებოჭილი რომ არ ვყოფილიყავი იმავე ადამიანის პირით წარმოთქმული კატეგორიული აკრძალვით, რაც სულ ახლახან, გასული თვის სამი რიცხვიდან მოიხსნა.

 

სრულიად ბუნებრივია, რომ შერლოკ ჰოლმსთან მეგობრობის დაწყების დღიდან აღმეძრა სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმისადმი ღრმა ინტერესი, ხოლო მას შემდეგ, რაც ჩემი მეგობარი სარბიელიდან გაქრა, გაზეთებში გამოქვეყნებულ გაუხსნელ დანაშაულობათა ანგარიშების სინჯვა განსაკუთრებული გულმოდგინებით დავიწყე. ხშირად, საკუთარი სიამოვნებისათვის ვცდილობდი მათ ახსნას, ამასთან, ვსარგებლობდით იმავე მეთოდებით, რომელთაც ჩემი მეგობარი იყენებდა, თუმცა ისეთივე წარმატებებით ვერ დავიკვეხნი. უნდა ვაღიარო, რომ ვერც ერთმა ბნელით მოცულმა დანაშაულის ისტორიამ ვერ ამაღელვა ისე, როგორც რონალდ ადერის ტრაგიკულმა დაღუპვამ. გულდასმით გავეცანი ძიების მასალებს. დადგენილი მხოლოდ ის იყო, რომ "მკვლელობა ჩადენილია განზრახ, ერთი ან რამდენიმე უცნობი პირის მიერ", და უფრო ღრმად, ვიდრე ოდესმე, ვიგრძენი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ შერლოკ ჰოლმსის დაკარგვით ძალიან მძიმე დანაკლისი განიცადა. ამ უცნაურ საქმეში იყო ისეთი ამბები და გარემოებები, რომლებიც აუცილებლად მიიქცევდნენ ჰოლმსის განსაკუთრებულ ყურადღებას, და პოლიციის კვლევა-ძიება უთუოდ შეივსებოდა, ანდა ჰოლმსის რჩევა-დარიგების საფუძველზე სწორი გზით წარიმართებოდა. რჩეულთა შორის რჩეულ ევროპელ მაძებარს თავისი ფხიზელი ჭკუისა და დახვეწილი დამკვირვებლობის წყალობით ჭეშმარიტად შეეძლო ასეთი ამოცანის წარმატებით დაძლევა.

 

დავდიოდი ჩემს პაციენტებთან და აზრით ისევ და ისევ ადერის საქმეს ვუბრუნდებოდი, მაგრამ ვერც ერთი ისეთი ახსნა ვერ მოვნახე, რომ დამაკმაყოფილებლად მომჩვენებოდა. თუმცა რისკს ვეწევი, რომ ვიმეორებ იმას, რაც ყველასათვის ცნობილია, მაინც მინდა მოგაგონოთ ფაქტები იმ სახით, როგორც ძიების დამთავრების შემდეგ საზოგადოებას შეატყობინეს.

 

სერ რონალდ ადერი ავსტრალიის ერთ-ერთი ჩვენი კოლონიის გუბერნატორის, გრაფ მეინუსის მეორე შვილი იყო. ადერის დედა ავსტრალიიდან ინგლისში იმ განზრახვით ჩამოვიდა, რომ ლიბრგადაკრული თვალი ქირურგის დანით მოერჩინა. ქალბატონი ადერი ვაჟიშვილითა და ასულით პარკლეინზე №427 სახლში დაბინავდა. ყმაწვილი საუკეთესო საზოგადოებაში ტრიალებდა, არც მტრები ჰყავდა და არც რაიმე ცუდი მანკი ჰქონია. ერთ დროს იგი ედიტ ვუდლიზე იყო დანიშნული, მაგრამ ახალგაზრდები თავისი ნებით დასცილდნენ ერთურთს და გული არც ერთს არ დასწყვეტია. ისე რომ, ახალგაზრდა ადერის ცხოვრება შინაურობასა და იმ მაღალ წრეშიც, რომელშიაც ყოფნა უხდებოდა, მშვიდად და მყუდროდ მიედინებოდა. წყნარი ხასიათისას გემოვნება და ჩვევებიც ზომიერი ჰქონდა. აი, სწორედ ასეთი უდარდელი ახალგაზრდა არისტოკრატის გული განგმირა უცნაურმა და სრულიად მოულოდნელმა ტყვიამ. ეს მოხდა 1894 წლის 30 მარტს თორმეტის ათიდან ოც წუთამდე.

 

რონალდ ადერი ბანქოს მოთამაშე იყო, მუდამ თამაშობდა, მაგრამ კეთილგონიერების საზღვრებიდან არ გადადიოდა. იგი სამი კლუბის: ბოლდვინის, კევენდიშისა და ბაგატელის წევრად ითვლებოდა. დაადგინეს, რომ სიკვდილის დღეს, სადილის შემდეგ, რონალდს ერთი რობერი და რამდენიმე ხელი ვისტი უთამაშია, ეს მომხდარა ბაგატელის კლუბში. უთამაშია სადილობამდეც. პარტნიორებმა - მისტერ მერეიმ, სერ ჯონ ჰარდიმ და პოლკოვნიკმა მორანმა - უჩვენეს, რომ სწორედ ვისტს თამაშობდნენ, და თამაში თითქმის ყაიმით დამთავრდა. ადერმა ალბათ ხუთ გირვანქამდე წააგო, მაგრამ მეტი კი ნამდვილად არ წაუგიაო. საკმაოდ დიდი შეძლების პატრონს ასეთი წაგება ვერც გაანაწყენებდა. იგი თურმე, თითქმის ყოველდღე თამაშობდა და ჩვეულებრივ იგებდა. მოწმეთა ჩვენებებიდან გაირკვა ისიც, რომ სიკვდილამდე ერთ-ნახევარი თვის წინ ადერმა, რომელიც პოლკოვნიკ მორანთან ერთად თამაშობდა, ერთ საღამოს გოდფრი მილნერსა და ლორდ ბელმორანს ოთხას ოცი გირვანქა მოუგო. აი, ყველაფერი, რაც ცნობილი გახდა მისი სიცოცხლის უკანასკნელი რამდენიმე კვირის შესახებ.

 

იმ საბედისწერო საღამოს კლუბიდან ზუსტად საღამოს ათ საათზე დაბრუნებულა. და და დედა სტუმრად ყოფილან წასული და შინ არ დახვედრიან. მოსამსახურე გოგომ ფიცით დაამტკიცა, ადერის ოთახში შესვლა გავიგეო. ეს ოთახი მეორე სართულზე იყო, ფანჯრები ქუჩისაკენ ჰქონდა და პატრონი თურმე სასტუმროდ იყენებდა. ახალგაზრდა გრაფის მოსვლის წინ მოსამსახურე გოგოს ბუხარში ცეცხლი დაუნთია და ფანჯარაც გაუღია, რადგან ბუხარი ახრჩოლებულა. მოსამსახურეს თორმეტის ოც წუთამდე ოთახიდან ჩქამიც არ გაუგონია. ამ დროს დაბრუნებულან შინ ლედი მეინუსი და მისი ქალიშვილი. ლედი მეინუსს ვაჟთან შესვლა მოუნდომებია, რათა მისთვის ღამე ნებისა ესურვებინა, მაგრამ ოთახის კარი შიგნიდან ყოფილა დაკეტილი და თუმცა ბევრი უყვირია და უკაკუნებია, ხმა არავის გაუცია. მაშინ განგაში აუტეხავს, კარი ძალით შეულეწიათ და თვალწინ საშინელი სურათი გადაშლიათ: ბედშავი ჭაბუკი მაგიდის ახლოს იატაკზე გაშხლართულიყო. თავი რევოლვერის ტყვიით ჰქონდა საშინლად დამახინჯებული, მაგრამ ოთახში არავითარი იარაღი არ აღმოჩნდა. მაგიდაზე იდო ორი ათგირვანქიანი საკრედიტო ბილეთი და ჩვიდმეტი გირვანქა და ათი შილინგი ოქროს და ვერცხლის ფული. მონეტები დაწყობილი იყო სხვადასხვა სიდიდის პატარა სვეტებად. იქვე მაგიდაზე იდო ქაღალდის ფურცელი, რომელზედაც ციფრები და ადერის კლუბის რამდენიმე ამხანაგის სახელი ეწერა. აქედან იმ დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა, რომ სიკვდილის წინ ახალგაზრდა კაცი ბანქოში მოგებისა და წაგების ანგარიშით იყო გართული.

 

ყველა გარემოების გულმოდგინე გამოკვლევის შემდეგ საქმე კიდევ უფრო იდუმალებით მოცული აღმოჩნდა. უპირველეს ყოვლისა, გაუგებრობას იწვევდა შიგნიდან კარის ჩარაზვა. მართალია, მკვლელსაც შეეძლო კარი შიგნიდან ჩაეკეტა და მერე ფანჯარაში გადამხტარიყო, მაგრამ ფანჯარა მიწიდან ოცი ფუტის სიმაღლეზე იყო. ამასთანავე აყვავებული ზაფრანის კვალი მის პირდაპირ სრულიად დაუზიანებელი აღმოჩნდა. ერთი ყვითელი ყვავილიც კი არ იყო გათელილი. არავითარი კვალი არ ჩანდა არც კორდის ვიწრო ზოლზე, სახლს რომ გზიდან ყოფდა. ეტყობოდა, სახლი თვითონ რონალდ ადერს დაეკეტა. მაგრამ რანაირად ეწვია სიკვდილი? ისე ხომ ვერავინ გადაძვრებოდა ფანჯარაში, რომ კვალი არ დაეტოვებინა? ხოლო თუ ვივარაუდებთ, რომ მკვლელმა მსხვერპლს ფანჯრიდან ესროლა, გამოჩენილი ჩუბინი უნდა ყოფილიყო, რადგან რევოლვერის ტყვიით ასეთ მანძილზე ადამიანის მოკვლა მეტისმეტად ძნელია. ამას გარდა, პარკ-ლეინი - ხალხმრავალი ქუჩაა, და სახლიდან რაღაც ას იარდზე კი ეტლთა სადგომია. მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ სროლის ხმა არავის გაუგონია. ამასთან ერთად - უტყუარი ფაქტები – მოკლული და რევოლვერის ტყვია, რომელიც მეორე მხარეს გასულიყო, სახეზე გახლდათ. ჭრილობის ხასიათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჭაბუკი ტყვიას ანაზდეულად უნდა მოეკლა.

 

ასეთი იყო პარკ-ლეინზე მომხდარი იდუმალი მკვლელობის გარემოებანი - მკვლელობისა, რომლის იდუმალება კიდევ უფრო ძლიერდებოდა იმით, რომ მკვლელობისათვის არავითარი თვალსაჩინო მოტივი არ არსებობდა: აკი, როგორც მოგახსენეთ, ახალგაზრდა ადერს თითქოს არავითარი მტერი არ ჰყავდა, ხოლო ფული და ძვირფასეულობა ოთახში ხელუხლებელი აღმოჩნდა.

 

მთელი დღე გონების სასწორზე ვწონიდი ყველა ამ ფაქტს, ვცდილობდი მიმეყენებინა მათთვის რომელიმე თეორია, რაც ერთმანეთის საპირისპირო მოვლენებს შეათანხმებდა, მეპოვა "წინააღმდეგობის წერტილი", რასაც ჩემი საწყალი მეგობარი ყოველგვარი კვლევა-ძიების ამოსავალ პუნქტად მიიჩნევდა. უნდა ვაღიარო, რომ ეს ვერ მოვახერხე. საღამოს პარკში ვსეირნობდი და ასე ექვს საათზე მოულოდნელად პარკ-ლეინისა და ოქსფორდსტრიტის კუთხეში აღმოვჩნდი. იქ, ტროტუარზე, თავი მოეყარათ უსაქმურებს, რომლებიც დაჟინებით აცქერდებოდნენ ერთ სარკმელს. მაშინ მომაგონდა, რომ მეც სწორედ ამ სახლის სანახავად მოვედი. მაღალი, გამხდარი, შავსათვალიანი კაცი, რომელიც, ჩემი აზრით, გადაცმული მაძებარი უნდა ყოფილიყო, მომხდარ ამბავთან დაკავშირებით რაღაც თეორიას აყენებდა, სხვები უსმენდნენ და გარშემო მჭიდროდ შემორტყმოდნენ. უფრო ახლოს მივედი, მაგრამ მისი მსჯელობა იმდენად სულელური მეჩვენა, რომ ზიზღი მომგვარა, უკან დავიხიე და განრიდება ვცადე. ამ დროს უცაბედად დავეჯახე ჩემს უკან მდგარ წელში მოხრილ ბერიკაცს, რომელსაც იღლიაში ამოჩრილი წიგნები ძირს დაუცვივდა. დასახმარებლად დახრილმა, შევნიშნე ერთი წიგნის სათაური: "ხეების კულტის წარმოშობა", და გავიფიქრე, ალბათ რომელიმე საწყალი ბიბლიოგრაფია, რომელიც გამორჩენის ან ხელოვნების სიყვარულით იშვიათ გამოცემებს აგროვებს-მეთქი. ის იყო ბოდიშის მოხდა დავაპირე, მაგრამ წიგნები, რომელთაც საუბედუროდ ასე უკადრისად მოვექეცი, ეტყობა, მათ მფლობელს ძალიან ძვირად უღირდა, ვინაიდან გაჯავრებულმა რაღაც ჩაიბურტყუნა, ზიზღით მიბრუნდა და მალე მოხრილბეჭებიანი და ჭაღარა ქილვაშებიანი ბერიკაცი ბრბოში გაუჩინარდა.

 

ჩემი დაკვირვება, პარკ-ლეინზე მდებარე № 427 სახლზე, იმ ამოცანის გადაწყვეტაში, რამაც დამაინტერესა, ბევრს ვერაფერს დამეხმარა. სახლი ქუჩიდან მესერიანი დაბალი კედლით იყო გამოყოფილი. ღობის სიმაღლე ხუთ ფუტსაც ვერ აღწევდა. მაშასადამე, ბაღში, ვინც მოისურვებდა, ძალიან იოლად შევიდოდა. სამაგიეროდ ფანჯარა სრულიად მიუდგომელი აღმოჩნდა. მის სიახლოვეს არც წყალსადენის მილი იყო და არც მცირეოდენი შვერილი. ასე რომ, კედელზე აცოცებას თვით ყველაზე უფრო დახელოვნებული ტანმოვარჯიშეც ვერ შეძლებდა.

 

უწინდელზე უფრო შეფიქრიანებული შინ დავბრუნდი. კაბინეტში ხუთი წუთიც არ დამიხანებია, როცა მსახურმა გოგომ მომახსენა, ვიღაც უცნობი გელოდებათო. ჩემდა განსაცვიფრებლად, იგი აღმოჩნდა ის მოხუცი ბიბლიოფილი, რომელსაც პარკ-ლეინზე გადავეყარე. ჭაღარით მოსილი, გამოკვეთილი, დაღარული სახე ჰქონდა და იღლიის ქვეშ ათიოდე ძვირფასი წიგნი ამოეჩარა.

 

– რა თქმა უნდა, ჩემი მოსვლა გაგიკვირდებოდათ, სერ? - მითხრა მან თავისი უცნაური, ჩხავანა ხმით.

 

დავუმოწმე, გამოიცანით-მეთქი.

 

– ხედავთ, სერ, მეც თავაზიანი კაცი ვარ. კოჭლობით მოგყვებოდით უკან და უცბად შევნიშნე, რომ ამ სახლში შემოხვედით. გადავწყვიტე, ასეთ ზრდილ და წესიერ ადამიანთან უნდა შევიდე და ბოდიში მოვიხადო-მეთქი. მართალია, ცოტა უხეშად მოგექეცით, მაგრამ თქვენი წყენა ნამდვილად არ მქონია გულში და ძლიერ მადლობელიც ვარ, რომ დაბლა დაყრილი წიგნების აკრეფაში დამეხმარეთ.

 

– არ ღირს ლაპარაკი ასეთ წვრილმანებზე, – ვუპასუხე. – ნება მიბოძეთ გკითხოთ, რანაირად გაიგეთ ჩემი ვინაობა?

 

– გავბედავ და მოგახსენებთ, სერ, რომ თქვენი მეზობელი გახლავართ, ჩერჩსტრიტის კუთხეში წიგნის სავაჭრო პატარა დუქანი მაქვს და ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე მინახულებთ. იქნებ თქვენც აგროვებთ წიგნებს, სერ? აი "ბრიტანეთის ფრინველები", "კატული", "საღვთო ომი". შეიძინეთ, სერ. მუქთად მოგცემთ. ხუთი ტომი სწორედ შეავსებდა ცარიელ ადგილს თქვენი წიგნების კარადაში, თორემ რაღაც ულამაზო იერი აქვს, ასე არ არის, სერ?

 

შევტრიალდი, რომ თაროზე ამეხედა. როცა თავი ხელახლა მოვაბრუნე, ჩემი საწერი მაგიდის გვერდით მომღიმარი შერლოკ ჰოლმსი იდგა. გაოცებისაგან შევხტი და რამდენიმე ხანს მუნჯივით შევცქეროდი, შემდეგ კი ალბათ გრძნობა დავკარგე - ჩემს სიცოცხლეში პირველად და, იმედი მაქვს, უკანასკნელად. მახსოვს, რომ თვალებში რაღაც მუქი ნისლი ჩამიდგა, ხოლო როცა ბურანიდან გამოვერკვიე, საყელო გახსნილი აღმომაჩნდა და ბაგეზე კონიაკის გემო ვიგრძენი. თავს ჰოლმსი მადგა, რომელსაც ხელში კონიაკის ბოთლი ეჭირა.

 

– ჩემო ძვირფასო უოტსონ, – თქვა კარგად ნაცნობმა ხმამ, – ათასი ბოდიში მომითხოვია. ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი დაბრუნება თქვენზე ასე ძლიერ იმოქმედებდა.

 

ხელი ჩავავლე და გაოგნებულმა შევყვირე: – ჰოლმს! ეს თქვენა ხართ? ნუთუ მართლა ცოცხალი ხართ? განა შესაძლებელია, რომ იმ საშინელი უფსკრულიდან ცოცხალი ამოსულიყავით?

 

– ერთი წუთი მადროვეთ, – მიპასუხა მან. მინდა გკითხოთ, შეგწევთ თუ არა უნარი საღად იმსჯელოთ? რადგან ჩემმა გამოცხადებამ ძალიან ძლიერ აგაღელვათ.

 

– ახლა უკეთ ვარ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჰოლმს, ჩემს თვალებს არ ვუჯერებ. ღმერთო დიდებულო! ღმერთო მოწყალეო! ნუთუ ეს თქვენა ხართ?

 

ისევ წავავლე ხელი და მისი წვრილი კუნთოვანი ხელი მოვსინჯე.

 

– არა, ეს ამბავი სულის გამოცხადებას არა ჰგავს, ეს უდავოა, – ვუთხარი მე. – ჩემო ძვირფასო მეგობარო, რამდენად ბედნიერი ვარ, რომ გიყურებთ! დაბრძანდით და მიამბეთ, რანაირად მოახერხეთ იმ უფსკრულიდან თავის დაღწევა.

 

ჰოლმსი ჩემ პირდაპირ დაჯდა და დაუდევარი ნაცნობი მანერით პაპიროსი გააბოლა, მას ბუკინისტის გაცვეთილი სერთუკი ეცვა, მაგრამ ამ მასკარადის მთელი დანარჩენი მოწყობილობა - ბღუჯა ჭაღარა თმა და ძველი წიგნების შეკვრა – მაგიდაზე ეყარა. ჩემი მეგობარი კიდევ უფრო გამხდარიყო და მზერაც უფრო გამჭოლი ჰქონდა. სახეზე საშინელი ფერი დასდებოდა, ეტყობოდა, ისეთი ცხოვრება, რასაც უკანასკნელ წლებში ეწეოდა, მისი ჯანმრთელობისათვის სიკეთის მომტანი არ უნდა ყოფილიყო.

 

– რა სასიამოვნოა წელში გასწორება, უოტსონ! – მითხრა ჰოლმსმა, – მაღალი კაცისათვის მთელი ფუტით დამოკლება და რამდენიმე საათს ასე დარჩენა, იოლი საქმე როდია. ახლა კი, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ვილაპარაკოთ სერიოზულ ამბებზე... საქმე ის არის, რომ მინდა დახმარება გთხოვოთ, და თუ თანახმა იქნებით, მთელ ღამეს მძიმე და სახიფათო მუშაობა მოგველის. ხომ არ აჯობებს ჩემი თავგადასავლის თხრობა იმ დრომდე გადავდოთ, როცა ეს სამუშაო უკვე დამთავრებული გვექნება?

 

– მართალი გითხრათ, ცნობისმოყვარეობა ცეცხლის ალივით მწვავს, ჰოლმს, და ვამჯობინებდი თქვენი ამბავი ახლავე მომესმინა.

 

– თანახმა ხართ მეახლოთ ამ ღამეს?

 

– ჯოჯოხეთშიაც რომ ჩახვიდეთ, თან ჩამოგყვებით.

 

– სწორედ ისე, როგორც დალოცვილ ძველ დროს. მგონი, წასვლის წინ დანაყრებასაც მოვასწრებთ... ჰო, ახლა იმ უფსკრულის ამბავი გავიხსენოთ. სიმართლე გითხრათ, იქიდან ამოსვლა არცთუ ძალიან გამჭირვებია იმ უბრალო მიზეზით, რომ უფსკრულში არც ვყოფილვარ.

 

– არ ყოფილხართ?!

 

– არა, უოტსონ, არ ვყოფილვარ. მაგრამ ჩემი ბარათი თქვენდამი სრულიად გულწრფელადაა დაწერილი. როცა ვიწრო ბილიკზე ანაზდეულად განსვენებული პროფესორი მორიარტი გამოჩნდა და ხსნის ერთადერთი გზა ჩამიკეტა, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემთვის ყველაფერი დასრულდა. მის რუხ თვალებში უწყალო გადაწყვეტილება ამოვიკითხე. ერთმანეთს რამდენიმე სიტყვა გავუზიარეთ და მან თავაზიანად დამრთო ნება დამეწერა მოკლე ბარათი, რაც თქვენ მიიღეთ კიდეც შემდეგში. წერილი ჩემს პორტსიგარსა და ალპენშტოკთან ერთად დავტოვე, თვითონ კი ბილიკს გავყევი. მორიარტი ფეხდაფეხ მომყვებოდა. ბილიკის ბოლოს რომ მივაღწიე, შევჩერდი – იქით გზა აღარ იყო. ჩემს მოწინააღმდეგეს იარაღი არ უხმარია, ხელდახელ მეცა და თავისი გრძელი მკლავები შემომხვია. იცოდა, რომ მისი წირვა გამოსული იყო, და ჩემთვის სამაგიეროს გადახდა ეწადა. ერთმანეთს ხელს არ ვუშვებდით, ვიდექით და უფსკრულის პირას ვბღლაძუნობდით. მოგეხსენებათ, რომ მე ვიცი იაპონური ჭიდაობის "ბარიტსუს" ილეთები, რომელთაც არა ერთხელ ვუხსნივარ. როგორც იქნა, პროფესორს ხელიდან დავუსხლტი. მან გიჟურად შეჰყვირა, რამდენიმე წამი ზედ უფსკრულის პირას ბარბაცებდა, ჰაერს ეჭიდებოდა, ხელებს ასავსავებდა, რომ წონასწორობა დაეცვა, მაგრამ, ყოველგვარმა ცდამ ამაოდ ჩაუარა; დარღვეული წონასწორობა ვეღარ აღადგინა და უფსკრულში გადაეშვა, ქვესკნელში გადავიხედე და კიდევ დიდხანს ვუცქეროდი, როგორ მიფრინავდა ძირს ჩემი მოწინააღმდეგე. შემდეგ კლდის შვერილს დაენარცხა და წყალში ჩაიძირა.

 

ღრმა მღელვარებით ვუსმენდი ჰოლმსს, რომელიც თავის ამბავს ისე მომითხრობდა, თითქოს სხვისას ყვებოდა და თან პაპიროსს მშვიდად აბოლებდა.

 

– მერე, კვალი? – შევძახე უეცრად. – თვითონვე, ჩემი საკუთარი თვალით ვნახე ორი წყვილი ფეხის კვალი, ძირს რომ მიყვებოდა ბილიკს და უკან აღარ ბრუნდებოდა.

 

– ეს ასე მოხდა. იმავე წამს, როცა პროფესორი უფსკრულის სიღრმეში ჩაიკარგა, ვიგრძენი, რომ ბედის რჩეული მე ვიყავი. მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი, მორიარტი არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი სიკვდილი სურდა. სულ ცოტა, სამი მისი თანამზრახველი მაინც რჩებოდა. მეთაურის დაღუპვას კი მათ გულებში მხოლოდ შურისძიების ცეცხლის გაღვივება შეეძლო. სამივე უაღრესად საშიში ადამიანი იყო და რომელიმე მათგანი უსათუოდ მოახერხებდა უახლოეს დროში ჩემთან ანგარიშის გასწორებას. გონების ძალით განვჭვრიტე: თუ მათ ეცოდინებოდათ, რომ ცოცხალი აღარა ვარ, უფრო იოლად გასცემდნენ თავიანთ თავს, და ადრე თუ გვიან მათ განადგურებას მოვახერხებდი. მერე კი შემეძლო თავისთავად გამომეცხადებინა, რომ ცოცხალი ვარ! ადამიანის ტვინი სწრაფად მუშაობს. ვიდრე პროფესორი მორიარტი რაიხენბახის ჩანჩქერის ძირამდე ჩააღწევდა, ეს გეგმა უკვე მოფიქრებული მქონდა.

 

ჩემს უკან კლდოვანი კედელი იყო აღმართული. ჩემი დაღუპვის ამბავი, რაც ესოდენ მხატვრულად დაგიწერიათ, ცხოველი ინტერესით წავიკითხე რამდენიმე თვის შემდეგ. თქვენ ამტკიცებთ, კედელი შვეული და სრიალა იყოო. ეს მთლად ასე არ გახლდათ. კლდეს ჰქონდა რამდენიმე შვერილი, რომლებზედაც შეიძლებოდა ფეხის მოკიდება. გარდა ამისა, ზოგიერთი ნიშნის მიხედვით გავიგე, რომ ცოტა ზემოთ ღრმულიც არსებობდა... სიმაღლის გამო კლდის თავამდე აცოცება შეუძლებელი იყო, ასევე შეუძლებლად მეჩვენა დასველებული ბილიკის უკვალოდ გავლა. მართალია, შემეძლო ჩექმების უკუღმა ჩაცმა, როგორც ეს კვალის ასაბნევად გამიკეთებია ხოლმე, მაგრამ ერთი მიმართულებით მიმავალი სამი წყვილი კვალი მნახველს განზრახ მოტყუებაში აუცილებლად ეჭვს აღუძრავდა.

 

ამრიგად გზა ხსნისა კლდეზე აცოცება იყო. ეს არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, უოტსონ. ქვემოთ ჩანჩქერი ღმუოდა და კლდენი ბანს ეუბნებოდნენ. ფიცხი ჭკუის კაცი არა ვარ, არც ცეცხლოვანი ფანტაზია გამაჩნია, მაგრამ გეფიცებით, მომეჩვენა, თითქოს ჩემამდე აღწევდა პროფესორ მორიარტის ხმა, რომელიც უფსკრულიდან მიხმობდა. მცირეოდენი დაუდევრობა და შედეგიც საბედისწერო გახდებოდა. რამდენჯერმე, ხელებში ბალახის ღეროები შემრჩა, ან კლდის სველ შვერილებზე ფეხი დამისხლტა და, ვიფიქრე, ყველაფერი გათავებულია-მეთქი. მაგრამ მაინც მივცოცავდი, ბოლოს, როგორც იქნა, საკმაოდ ღრმა, რბილი მწვანე ხავსით დაფარულ ნაპრალს მივაღწიე, იქ შემეძლო შეუმჩნევლად დავწოლილიყავი და დამესვენა. ამ დროს, კი თქვენ, ძვირფასო უოტსონ, და ყველანი, ვინც თქვენ მოიყვანეთ, ასე გულის ამაჩუყებლად, მაგრამ უშედეგოდ ცდილობდით აღგედგინათ ჩემი სიკვდილის სურათი.

 

ბოლოს მომხდარი ამბის მიხედვით გარდაუვალი, მაგრამ სრულიად მცდარი დასკვნები გააკეთეთ და სასტუმროში წახვედით. დავრჩი მარტო და წარმოვიდგინე, რომ ჩემი თავგადასავალი დასრულდა, თუმცა ერთმა სრულიად მოულოდნელმა ამბავმა მიჩვენა, რომ კიდევ ბევრი სიურპრიზი მელოდა. კლდის უზარმაზარი ნამსხვრევი გრუხუნით გადამევლო თავზე, ბილიკზე დაეცა და ჩანჩქერთან ერთად უფსკრულში გრიალით ჩაეშვა. პირველ წამს ეს უბრალო შემთხვევითობას მივაწერე, მაგრამ მაღლა რომ ავიხედე, ნახევრად მიბინდული ცის ფონზე მამაკაცის თავი შევნიშნე. იმავე წამს, ჩემი საწოლიდან ოდნავ დაცილებით, მეორე ლოდი პირდაპირ იმ ნაპრალის კიდეს მოხვდა, სადაც მე ვიწექი. ჩემთვის ნათელი შეიქმნა, რომ მორიარტი მარტო არ იყო. ეს თანამზრახველი გუშაგად იდგა, როცა მორიარტი თავს დამესხა. ჩემთვის შეუმჩნეველმა მტერმა თავისი მეგობრის სიკვდილი და ჩემი გადარჩენა შორიდან იხილა. მან ერთ ხანს დაიცადა, მერე კლდეს შემოუარა, მეორე მხრიდან მწვერვალზე ავიდა და იმის გაკეთებას ცდილობდა, რაც ვერ შესძლო მორიარტიმ.

 

დიდხანს ფიქრის დრო არ იყო, უოტსონ. გავიხედე და ისევ შევნიშნე, კლდის თავზე ჩემი მოთვალთვალე ის მკაცრი სახე. მივხვდი, რომ ეს იყო ახალი ქვის დაგორების მაუწყებელი ამბავი. მაშინვე ბილიკისაკენ დავეშვი და ეს ათასჯერ უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე აცოცება. მაგრამ ყოყმანის დრო აღარ მქონდა. როცა ჰაერში დაკიდებულ ნაპრალის კიდეს ვებღაუჭებოდი, ჩემს გვერდით მესამე ქვამ გაიზუზუნა. შუაგზაზე კლდეს მოვწყდი, დავსრიალდი, მაგრამ რაღაც სასწაულით მაინც ბილიკზე მოვხვდი. დათხაპნილი და დასისხლიანებული, რაც ძალა და ღონე მქონდა, მივრბოდი. ასე ვირბინე წყვდიადით მოცულ მთებში ათი მილი და ერთი კვირის შემდეგ აღმოვჩნდი ფლორენციაში, დარწმუნებული, რომ ქვეყნად არავინ უწყოდა, რა ბედი მეწია.

 

ჩემი საიდუმლო მხოლოდ ერთ ადამიანს – ჩემს ძმას მაიკრფოტს გავანდე. ათას ბოდიშს ვიხდი, ძვირფასო უოტსონ, მაგრამ ჩემთვის უაღრესად საჭირო იყო, რომ მიცვალებულად ჩავეთვალე ყველას, ხოლო თქვენ ვერასოდეს ვერ დაწერდით დამაჯერებელ ცნობას ჩემს ტრაგიკულ სიკვდილზე, რომ თვითონვე არ ყოფილიყავით დარწმუნებული, ნამდვილად მოკვდაო. ამ სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე წამძლია სულმა მომეწერა თქვენთვის – და ყოველთვის თავს ვიკავებდი იმის შიშით, რომ თქვენი ვაჟკაცური ერთგულება ჩემდამი რაიმე დაუდევრობას ჩაგადენინებდათ, რაც თქვენგან უნებურად გაამჟღავნებდა, რომ ცოცხალი დავრჩი. აი, რატომ გაქციეთ ზურგი დღეს საღამოს, როცა დამეჯახეთ და ხელიდან წიგნები გამაგდებინეთ. იმ წუთს ძალიან დიდ რისკს ვეწეოდი და თქვენ რომ გაოცების ან სიხარულისაგან შეგეყვირათ, ზოგ ვინმეს შეიძლება მეტისმეტი ყურადღებით შევეთვალიერებინე, და ამ ამბავს, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგიც მოჰყოლოდა. რაც შეეხება მაიკროფტს, მისთვის საიდუმლოება უნებურად უნდა გამენდო, ვინაიდან ფული აუცილებლად მესაჭიროებოდა. ლონდონში საქმე უხეიროდ წარიმართა, გაცილებით ცუდად, ვიდრე ველოდი. მორიარტის ბანდის გასამართლების შემდეგ საპყრობილეს გადაურჩა ორი ყველაზე უფრო საშიში ბოროტმოქმედი, ისინი მორიარტის ბანდის წევრები და ჩემი მოსისხლე მტრები იყვნენ. ამიტომ ორი წელი ტიბეტში ვიმოგზაურე, ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილე, ლხასა დავათვალიერე და რამდენიმე დღე დალაილამასთან გავატარე. ალბათ გაგიგონიათ ტიბეტის ნორვეგიელ სიგერსონისეულ გამოკვლევებზე, მაგრამ, ცხადია, აზრადაც არ მოგსვლიათ, რომ მისი ავტორი თქვენი მეგობარი გახლდათ. შემდეგ გადავსერე სპარსეთი, მოვინახულე მექა და ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო ვიზიტი მქონდა ხართუმის ხალიფთან... ამ ვიზიტის ანგარიში თავის დროზე საგარეო საქმეთა სამინისტროში წარვადგინე.

 

ევროპაში რომ დავბრუნდი, რამდენიმე თვე გავატარე სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, სადაც ქვანახშირის ფისიდან მიღებული ნივთიერებების გამოკვლევაზე ვმუშაობდი. ლაბორატორიაში წარმოებული ცდები დაგვირგვინებული მქონდა, როცა შევიტყვე, რომ ლონდონში მხოლოდ ერთი მოსისხლე მტერიღა დამრჩა და შინ დაბრუნება განვიზრახე. ამას ზედ დაერთო პარკ-ლეინზე მომხდარი საიდუმლოებით მოცული მკვლელობის ამბავი, რამაც კიდევ უფრო ამაჩქარა. ეს საქმე იმიტომაც მაინტერესებს, რომ მისი გახსნა ჩემი პირადი გეგმების აღსრულებაშიც დამეხმარება. ერთი სიტყვით ლონდონში ჩამოვედი, საკუთარი ფეხით მივედი ბეიკერსტრიტზე, სადაც ჩემმა გამოცხადებამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მისის ჰადსონს ბნედა მოჰგვარა. მაიკროფტის ზრუნვის შედეგად ჩემი ქაღალდები და ოთახები იმ სახით დამხვდა, როგორც დავტოვე. ამრიგად, დღეს, ორ საათზე, აღმოვჩნდი ჩემს ძველ ბინაში, ჩავჯექი სავარძელში, და ერთადერთი რამ, რაც შემეძლო მენატრა, იყო ის, რომ ჩემი ერთგული მეგობარი უოტსონიც ჩემს გვერდით მჯდარიყო.

 

ასეთი იყო განსაცვიფრებელი მოთხრობა, რაც 1894 წლის აპრილის ერთ საღამოს მოვისმინე. ამ მოთხრობას ვერ ვერწმუნებოდი, საკუთარი თვალით რომ არ მეხილა ჩემი მეგობრის გამხდარი სხეული და ჭკვიანი, ენერგიული სახე, რომლის ნახვას აღარასოდეს ველოდი. ჰოლმსს ჩემი ცოლის გარდაცვალების ამბის გაგება რაღაცნაირად მოესწრო. მისი სამძიმარი და თანაგრძნობა უფრო ხმის კილოში გამოიხატა, ვიდრე სიტყვებში.

 

– შრომა ტანჯვის შემამსუბუქებელი საშუალებაა, ძვირფასო უოტსონ, - მითხრა ჰოლმსმა. – მე და თქვენ კი ამაღამ ისეთი სამუშაო გველის, რომ, ვინც მას დასძლევს, თამამად შეუძლია თქვას, ფუჭად არ მიცხოვრიაო.

 

ამაოდ ვთხოვდი, ყველაფერი უფრო ნათლად მითხარით-მეთქი.

 

– დილამდე საკმაოდ გაიგონეთ და მოისმინეთ, – მიპასუხა. – ჯერჯერობით კი ისედაც ბევრი გვაქვს სალაპარაკო – ჩვენ ხომ სამი წელია არ გვინახავს ერთმანეთი! ვფიქრობ, ათის ნახევრამდე ეს თემა გვეყოფა, შემდეგ კი ძალიან საინტერესო თავგადასავლის შესახვედრად ერთი მიტოვებული სახლისაკენ გავეშურებით.

 

როცა დანიშნულ საათს კებში ჩავსხედით, ვიგრძენი, რომ ყველაფერი ძველებურად აეწყო. ჯიბეში რევოლვერი მოვსინჯე, და არაჩვეულებრივი ამბების მოლოდინში გულმა ბაგაბუგი დამიწყო.

 

ჰოლმსი თავშეკავებული, პირქუში და მდუმარე იყო. როცა ქუჩის ფარნების შუქმა ჩემი მეგობრის მრისხანე სახე გაანათა, დავინახე, რომ იგი წარბებშეკრული და ბაგემოკუმული იჯდა. ჯერაც არ ვიცოდი, ლონდონის დანაშაულობათა სამყაროს ჯუნგლებში რომელი მტაცებელი მხეცის კვალს მივყვებოდით, მაგრამ ამ ყველაზე უფრო დახელოვნებული მონადირის საქციელი უსიტყვოდ ჩამძახოდა, რომ იმღამინდელი თავგადასავალი უაღრესად საშიში უნდა ყოფილიყო, ხოლო მქირდავი ღიმილი, რაც ჩემს თანამგზავრის ასკეტურად მკაცრ სახეზე დროდადრო გაიელვებდა, კარგს არას უქადდა იმ ნადირს, რომლის კვალსაც დავადექით.

 

ჩემი ვარაუდით ბეიკერსტრიტისაკენ მივდიოდით, მაგრამ ჰოლმსმა მეეტლე კევენდიშის სკვერის კუთხეში შეაჩერა. იგი ეტლიდან გადმოვიდა, ყურადღებით მიმოიხედა გარშემო და ფრთხილი ნაბიჯით წინ გასწია. ვამჩნევდი, რომ ყოველ მოსახვევში უკან იხედებოდა, რათა დარწმუნებულიყო, გვითვალთვალებდნენ, თუ არა. რაღაც უცნაური გზით მივდიოდით. ჰოლმსი ყოველთვის მაოცებდა ლონდონის მიხვეულ-მოხვეული ჩიხების ცოდნით. იგი ამჯერადაც თავდაჯერებული მიაბიჯებდა საჯინიბოებსა და მეეტლეთა კარ-მიდამოებს შორის, ლაბირინთებში, რომელთა არსებობაც აქამდე არ ვიცოდი. ბოლოს და ბოლოს ერთ ვიწრო ქუჩაზე, ძველი კუშტი სახლების ორ რიგს შორის აღმოვჩნდით. ამ ვიწრო ქუჩამ ჯერ მანჩესტერსტრიტზე გაგვიყვანა, მერე კი უცებ ბლენდფორსტრიტზე მოვხვდით. აქედან ჰოლმსმა სწრაფად შეუხვია ერთ პატარა ჩიხში, ხის ჭიშკარი გაიარა, უკაცრიელ ეზოში შევიდა და გასაღებით გააღო ერთ-ერთი სახლის უკანა კარი. შევედით თუ არა, მაშინვე კარი შიგნიდან ჩარაზა.

 

ისეთი უკუნი იდგა, თვალთან თითს ვერ მიიტანდით, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ სახლი უკაცრიელი იყო. შიშველ იატაკს ფეხის დადგმაზე ჭრაჭაჭრუჭი გაჰქონდა, კედელზე კი, რომელსაც შემთხვევით შევეხე, დაგლეჯილი შპალერის ნახევები ეკიდა.

 

ჰოლმსმა გაბლიკებული წვრილი თითები მაგრად ჩამჭიდა ხელში და თავის ნებაზე წამიყვანა. გავიარეთ გრძელი ტალანი და მანამდე ვიარეთ, ვიდრე კარის თავზე ნახევრად მრგვალი ფანჯრის ბუნდოვანი მოხაზულობა არ შევნიშნე. ამ ადგილას ჰოლმსმა უეცრად მარჯვნივ შეუხვია, რომლის კუთხეებში წყვდიადს დაესადგურებინა, შუაგულში კი ქუჩის სინათლეების მკრთალი შუქი აღწევდა, მაგრამ იმის გამო, რომ ფანჯრის ახლო ფარანი არ იყო და მინებსაც მტვრის სქელი ფენა ფარავდა, ერთიმეორის დანახვაც გვიჭირდა.

 

ჩემმა თანამგზავრმა მხარზე ხელი დამადო და ბაგით თითქმის ჩემს ყურს შეეხო.

 

– იცით, სადა ვართ? – მკითხა ჩურჩულით.

 

– მგონი, ბეიკერსტრიტზე, – ვუპასუხე და მქრქალ მინაში გავიხედე.

 

– სავსებით სწორია, სწორედ ჩვენი ძველი ბინის პირდაპირ, კემენდის სახლში ვიმყოფებით.

 

– მაგრამ რისთვის მოვედით აქ?

 

– იმიტომ, რომ აქედან ჩვენი სახლი მშვენივრად მოჩანს და მისი ცქერა თვალს ახარებს, ძვირფასო უოტსონ. გთხოვთ ფანჯარას მოუახლოვდეთ, ოღონდ ფრთხილად, არ უნდა დაგინახონ. აბა, შეიხედეთ ჩვენს ადრინდელ ბინაში, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო თავგადასავალი დატრიალებულა. ახლა კი, ჩემი თავი მინდა გამოვცადო, განვლილმა სამმა წელმა ხომ არ დამაკარგინა იმის უნარი, რომ გაგაკვირვოთ.

 

წინ ნაბიჯი გადავდგი თუ არა, ნაცნობ სარკმელში შევიხედე და გაოცების წამოძახილი აღმომხდა. ფარდა ჩამოშვებული გახლდათ, მაგრამ საუცხოოდ განათებული ოთახის სიღრმეში, ფანჯრის ნათელ ფონზე, აშკრად ჩანდა სავარძელში მჯდარი კაცის ჩრდილი. თავის დაჭერის მანერა, ფართო მხრების ფორმა, სახის გამოკვეთილი ნაკვთები - ყოველივე ეს იმ ჩრდილს ჰოლმსის ჭეშმარიტ ორეულად წარმოსახავდა. მისი ნახევრად შემობრუნებული თავი იმ შავ სილუეტებს მაგონებდა, ბებიები რომ უხატავენ ხოლმე ბავშვებს. განცვიფრებულმა, უნებურად გავიწოდე ხელი, რათა დავრწმუნებულიყავი, ჰოლმსი მართლა ჩემს გვერდით იდგა თუ იქ, ოთახის სიღრმეში სავარძელში მოკალათებულიყო. თვითონ ჰოლმსს კი უხმო სიცილისაგან მხრები უთრთოდა.

 

– აბა, რას იტყვით, უოტსონ?

 

– პირდაპირ წარმოუდგენელი ამბავია! – ვთქვი მე ჩურჩულით.

 

– ჩანს, წლებს ვერ ჩაუკლავს და დაუშრეტია ჩემი გამომგონებლობის უნარი, - თქვა ჰოლმსმა და მის ხმაში დავიჭირე სიხარული და სიამაყე იმ ხელოვანისა, რომელიც თავისი ქმნილებით ტკბება. – ჰა, მართლა მგავს, ხომ? 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დოილი ართურ კონან / უკაცრიელი სახლი