დოლენჯაშვილი თეონა
აჩრდილი
საათმა შვიდზე დარეკა. მაგდას საძინებელ ოთახში შეწყვეტილი სიზმრისა და ადრიანი დილის სუნი იდგა. თეთრ ბალიშისპირს მკრთალად აჩნდა მისი სახის მრგვალი მოხაზულობა. ერთხანს საწოლზე ჩამომჯდარი აყურადებდა დილის სიჩუმეს, მერე თმა შუაზე გახლეჩილი ძილის მსგავსად გადაიყო და კეფაზე აიკრა. საუზმობისას გრძელი, ხვეული თმის ბოლოები ჩაის ფინჯანში მიძვრებოდნენ და ყელში გაჩხერილი თმის ღერების უკან გადმოფურთხება უწევდა.
მატისის რეპროდუქციებით გაწყობილი აბაზანის კარი შეაღო და ქაფიან წყალში ჩაწვა. ზანტად აკვირდებოდა როგორ ეხვეოდა მზერისგან გაცვეთილი სურათები აბაზანის ორთქლში. პირველი კლიენტი ალბათ უკვე გზაში იყო. მძიმე სამუშაო დღის დასაწყისის სევდა შემოაწვა...
აბაზანიდან გამოსულმა ფუნჯი საღებავში ჩააწო და ინტიმური ადგილების მოხატვას შეუდგა. სხეულზე ფერადი ფიგურების გამოყვანა მაგდამ ფსიქიატრიულ კლინიკაში ისწავლა, სადაც ცხოვრების ათი მთვლემარე და ბუნდოვანი წელიწადი გაატარა. იქ სიზმრებს – ჯავზის კაკლის, სხეულზე სწრაფადშემშრალ აკრილის საღებავს კი ვანილის მოტკბო სუნი ასდიოდა.
ფერწერის პირველი გაკვეთილები შეშლილი მხატვრისგან მიიღო, საკუთარი თავი მაქს ერნსტი* რომ ეგონა... მაქსი მაგდასგან განსხვავებით ნამდვილი გიჟი იყო, ჩრდილისა და სხივის, ბნელისა და ნათელის შერწყმის იდეით შეპყრობილი. მაგდა ჯერ მისი ნატურა იყო, მერე მოსწავლე და ბოლოს – საყვარელი, და უნდა ითქვას, რომ ამ სამი როლიდან მაგდასთვის ყველაზე რთული პირველი – თეთრ და გაყინულ პალატებში სიცივისგან გალურჯებული სხეულის საათობით გაშეშება აღმოჩნდა.
მაგდა წამით ჩაფიქრდა. შიშველ და დილის პირველი სიგარეტის კვამლში გახვეულ საკუთარ გამოსახულებას გახედა, იმპოზანტურად რომ ირეკლავდა შემოსასვლელი ოთახის სამად გაყოფილი სარკე, და გაიფიქრა, რომ რიგითობის ეს წესი მაქსმა რაღაც განსაკუთრებული, წინასწარ განსაზღვრული მოსაზრებით დაიცვა. ფერთა წერის შესწავლა რომ დაიწყო, მაგდას ჯერ კიდევ ესიზმრებოდა საკუთარ სახლის სახურავქვეშ შეფარებული ანგელოზები. იმ დროისთვის კი, როდესაც მაქსმა მაგდა საკუთარი სხეულის სილამაზეში დაარწმუნა და ამ სილამაზის გამოყენების გზებიც ასწავლა, ის უკვე აღარ ხედავდა მის მიერვე გამოგონილ, წარმოსახვით ადამიანებს, სამაგიეროდ, გარემომცველმა სამყარომ ჩვეული ჰარმონიულობა და მთლიანობა დაკარგა და ცალკეულ, ფრაგმენტულ კომპოზიციებად და ბნელ, გადადღაბნილ სიზმრებად დანაწევრდა.
მაგდამ თავზე შემოხვეული პირსახოცი მოიხსნა და ტელევიზორი ჩართო. კლიენტი აგვიანებდა და შეეძლო საინფორმაციო გამოშვებებისთვის ესმინა.
ისევ წყალწაღებულთა გვამებს აჩვენებდნენ. ოკეანის ტალღებიდან მუცელგაბერილი ბავშვების ცხედრები ამოჰქონდათ და უზარმაზარ კატაფალკებზე აწყობდნენ. მაგდა მიეჩვია, რომ ტელევიზიები ყოველ დილით მძაფრი და დამზაფვრელი სანახაობებით იწყებდნენ მაუწყებლობას. სინამდვილეში ხომ შოკისმომგვრელი ინფორმაციები მაყურებლის ფსიქიკაზე დამამშვიდებლად მოქმედებენ. მათი უმრავლესობისთვის არაფერი იცვლება, ეკრანს გულგრილად უცქერენ, ჭიქა ყავას წრუპავენ და მაგდას მსგავსად უხარიათ, რომ ამ ბავშვებისთვის ახლადმოხატული ძუძუ არ უწოვებიათ.
ზარი კარზე შვიდ საათსა და ორმოცდაათ წუთზე გაისმა. ამ დროისთვის ზემო სართულზე სარეცხი მანქანის გუგუნი შეწყდა და ვიღაცის დანაოჭებული ხელით გაფენილი ნახევრად სველი საცვლებიდან გამდინარე წყლის წვეთებმა ეზოს სიმშვიდეში მთვლემარე კატებს ძილი დაუფრთხო, მაგდამ კი ნაღვლიანი სტატისტიკა შეადგინა და დაასკვნა, რომ თუ კლიენტები სამი თვის განმავლობაში მის ნაცვლად საკუთარ თანამეცხედრეებს გაანაყოფიერებდნენ, მათ მიერ შობილი ჩვილები სრულად აანაზღაურებდნენ ცუნამის მსხვერპლთა რიცხვს.
ზარმა კარზე საბრძოლო გონგივით ჩამოკრა.
მაგდამ წითელი, ვეებერთელა დრაკონებით მოხატული კიმონო მოიცვა და კარის გასაღებად გაემართა. ზღურბლზე საშუალო სიმაღლის, ფერმკთალი მამაკაცი იდგა და საოცრად წააგავდა მის მიერ შორეულ წარსულში დატოვებულ წარმოსახვით ადამიანს...
* * *
მამაკაცს ტილოს თეთრი შარვალი და თეთრი მაისური ეცვა, გულზე უცნაური წარწერით: non solus*. ბინაში ნელა, თითქმის ფეხაკრეფით შეაბიჯა და მაგდას ნაცვლად თაროზე შემოდგმულ იაპონური ხინას გაყინულსახიან თოჯინას გაუღიმა.
– ალბათ ვერ მიცანი. მე ალექსი ვარ. გახსოვს, რომ მოვდიოდი?.. მაშინ პატარები ვიყავით. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა...
– არა, გიცანი.
როგორ არ გიცანი. უბრალოდ...
– შენ კი სრულებით არ გამოცვლილხარ. ისევ ისეთი ლამაზი ხარ.
მაგდა ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა. აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო. კაცი ნამდვილად წარმოსახვითი იყო, წარსულში დატოვებული სიგიჟისა და ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ ის ახლა მის კლიენტად ქცეულიყო, დილის სეანსზე ჩაწერილიყო და მაგდა აბეზარი ბუზივით ხელს ვერ აუქნევდა, ოთახში დაგუბებული კვამლივით ვერ გაფანტავდა. მას, როგორც უმაღლესი კლასის მეძავს, ნებისმიერი კლიენტის სურვილის ასრულება და დაკმაყოფილება ევალებოდა.
ალექსის სურვილები კი მაგდამ იმთავითვე ამოიცნო.
კიმონო რომ გაიხადა, ის უკვე საძინებელი ოთახის ფართო საწოლზე იწვა, უსაშველოდ სევდიანი თვალებით უცქერდა და გული ციცინათელას ნათების სიხშირით უძგერდა – თანაბრად, მაგრამ სუსტად. მაგდა გვერდით მიუწვა, კაცის ცხელ ლოყას გრილი, ხაოიანი ენა ააყოლა და თითები თავის ქალის მოგონილ მოხაზულობას შემოაჭდო. თვალდახუჭული ეალერსებოდა სიცარიელეს და ისიც ნელა, გამოზოგილი სიამოვნებით ეუფლებოდა მის დაღლილსა და ტკივილებით მოხატულ სხეულს...
სადღაც ტელეფონი აწკრიალდა; გულგრილად, მექანიკური სიზუსტით გამოთვალა ზარსა და ზარს შორის გადარჩენილი სიჩუმე... ისევე, როგორც ბავშვობაში არარამ სახე, ფორმა და ფერი შეიძინა და მაგდა კვლავ წარმოსახვის უძირო ჭაში ჩაეკიდა. ყური არარსებული ალექსის ვნებით აჩქარებულ გულისცემას მიუგდო და წარსულიც ზამთრის გრძელ ღამეში გზაკვალარეული სიზმარივით გაცხადდა.
* * *
მაგდამ გაზაფხულის პირზე აურია. აპრილის თბილი, ღრუბლიანი ამინდები იდგა. ვიდრე კლინიკაში წაიყვანდნენ, იატაკზე იჯდა და ხის პაწაწინა კოლოფებიდან მძივებს აწყობდა.
მის ირგვლივ ნაირფერი ტანსაცმელი ზღვის ღელვას გადარჩენილი და ნაპირზე გამორიყული ცოცხალი არსებებივით ეყარა. დიდი, შიშველი ფანჯრებიდან ჩიტების ფრენით დაღლილი ცა ჩანდა.
სადღაც ტელეფონი რეკავდა. შეუსვენებლად, უცნაური დაჟინებით რეკავდა. მხოლოდ ზარსა და ზარს შორის გაჩენილი სიჩუმის ბზარებში ახერხებდა ამოსუნთქვას.
ის კი იჯდა ასე – ოთახის შუაგულში ქოთნის ყვავილივით ჩარგული, ფესვებივით გაშლილი გრძელი თმითა და მოტყუებული ბავშვის თვალებით. სამკაულებს მეჯლისზე მიმავალი კონკიას მონდომებით არჩევდა, მაგრამ მისი თითების მოძრაობაში იგრძნობოდა რაღაც განსაკუთრებული დაღლილობა. მაგდა მაშინ თხუთმეტი წლის იყო.
იმ ასაკში, როდესაც გოგონებს სჯერათ, რომ სიყვარული ყველგან შეიძლება იპოვო, მათ შორის სულით ავადმყოფთა დაშრეტილ თავშესაფარშიც.
კლინიკის თეთრი მანქანით წაიყვანეს. ალექსი, ლაშა და ნინაკა აცილებდნენ, მაგდას წარმოსახვითი მეგობრები, რომლებიც იმ ფსიქიატრზე ცოცხლები და ნამდვილები ჩანდნენ, მაგდა დიდ, უფანჯრო ოთახში რომ გასინჯა. “პაციენტს აღენიშნება კანდინსკი-კლერამბოს სინდრომი, ხედვითი და ვერბალური ჰალუცინაციები ბოდვითი ინტერპრეტაციით. პაციენტი პერიოდულად მართავს ჰალუცინაციურ მონოლოგებს საკუთარ თავთან. ბოდვა ხდება ფანტასტიკური და მის ხედვით სივრცეში ჩნდებიან ფსევდო არსებები. ავადმყოფობა პროგრესირებადი ხასიათისაა. პაციენტი საჭიროებს დაუყონებლივ ჰოსპიტალიზაციას,” – ფსიქიატრმა დასკვნა დაწერა და განაჩენი საავადმყოფოს ჰოლში ჩამომჯდარ მაგდას ოჯახის ერთადერთ წევრს ხმამაღლა და დამარცვლით წაუკითხა.
ანეტა ბებო უკვე მოხუცი იყო, მაგრამ დამშვიდობებისას მაგდას გულში რომ იკრავდა, მთელი სიცხადით გრძნობდა მიწიდან მოგლეჯილი წითელი ყვავილების შიშსა და უმწეობას და იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ ამიერიდან შვილიშვილს მხოლოდ თმააბურძგნული და ხელებაკანკალებული გიჟებით დასახლებულ კუნძულზე თუ შეხვდებოდა. მას შემდეგ ანეტამ მაგდა სულ ორჯერ ნახა და მეორე გზობას, კლინიკიდან შინისკენ მიმავალ ავტობუსში გულის შეტევით გარდაიცვალა.
მაგდა ხილვასა და ცხადს შორის გადებული დანის პირზე ცხოვრობდა. ანეტა ბებომ სამუდამოდ მიატოვა, ძველი მეგობრებიდან კი მხოლოდ ალექსი სტუმრობდა. ისიც მხოლოდ მაშინ მოდიოდა, როდესაც მაგდა მარტო იყო, სრულიად მარტო. კლინიკაში შემოპარვას ალექსი ყველაზე უკეთ ბნელ, უმთვარო ღამეებში ახერხებდა. მაგდა პალატაში იჯდა და ეზოში ნაპოვნი კენჭით კედელზე დაჩხაპნილი საათის ისრებს უცქერდა. ისრები შიგ მის სხეულში გადაადგილდებოდნენ და მტკივნეულ წიკწიკს მხოლოდ მაშინ წყვეტდნენ, როდესაც პალატაში ალექსის სათვალის მინაზე არეკლილი ბაცი შუქი გაიელვებდა.
ის და ალექსი ღამის სიბნელეში თავზე საბანწაფარებულნი საათობით ჩურჩულებდნენ. შუაღამისას მორიგე ექიმი შემოვლას იწყებდა და იქამდე ერთმანეთისთვის ბევრი რამის თქმა უნდა მოესწროთ. ალექსი ზოგჯერ პიჯაკის ჯიბიდან წიგნს ამოაძვრენდა და უკითხავდა. უკითხავდა დიდხანს, ვრცლად და სხვადასხვაგვარად. საბნით შემოსაზღვრულ ჰალუცინოგენურ სივრცეში ჟანგბადი ილეოდა და მაგდა ჰაერის ჩასაყლაპად დროდადრო თავს ზემოთ ამოყოფდა. რეალობასთან დაბრუნების წამებში ალექსის სიტყვები წყდებოდა და მასთან ერთად უჩინარდებოდა. ამ დროს მაგდა მხოლოდ წიგნის ჯერ კიდევ წაუკითხავ გვერდებსა და თეთრ ფურცლებზე ჩამწკრივებულ შავ ასოებს ხედავდა.
ნაპირზე ამოგდებული თევზივით ივსებდა ფილტვებს ჰაერით, რომელიც ასოებს შორისაც ისე ჩალაგებულიყო, როგორც წაკითხულიდან გამოტანილი აზრი შეშლილი გონების იდუმალ ხვეულებში.
მაგდას სამყარო შეიცვალა. მკურნალმა ექიმმა კი აღმოაჩინა, რომ გოგონას მისთვის აქამდე უცნობი და საიდანღაც ამოკითხული ცოდნა გაუჩნდა. ცოდნა სამყაროს, ღმერთის, სიკვდილისა და სიცოცხლის შესახებ. “მეტაფიზიკური, ფილოსოფიური ინტოქსიკაცია”, – ჩაწერა ექიმმა მაგდას ავადმყოფობის ისტორიაში და პაციენტის დილის რაციონს ახალი ძლიერმოქმედი პრეპარატი დაუმატა.
პრეპარატის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ ზაფხულის ცხელი, უღრუბლო ამინდები დაიჭირა. მთვარეცMმელოგინე ქალის მუცელივით გაივსო და ყოველ ღამით მისი თეთრი და დაჭიმული სხეულიდან წყალივით იღვრებოდა სინათლე. მაგდა ცას უყურებდა და ხვდებოდა, რომ ასეთ შუქში ალექსის რკინის მესრით შემოსაზღვრული კლინიკის ეზოში შემოპარვა გაუჭირდებოდა. ალექსი აღარ ჩანდა და მაგდამ მთვარის უჩინარი, ბნელი მხარე მოინატრა, მისი კოსმიური მტვრითა და ღამესავით მუქი ლაქებით დაფარული მეორე ნახევარი.
* * *
ალექსის ჯერ ყვავილების ბაღი უნდა გაევლო, მერე ევკალიპტის ხეების მომწარო სურნელში გახვეული პატარა ეზო და ფსიქიატრიული საავადმყოფოს სამსართულიანი შენობის წინ აღმოჩნდებოდა.
ერთ დროს დიდებული სახლი იქნებოდა, საუკუნის წინანდელ ბანოვანთა საზაფხულო მოსასვენებელი. მაგდას ძებნაში რამდენიმეჯერ იმ ძველი ლამაზმანების ფერუმარილიან აჩრდილებსაც გადააწყდა. წვიმიანი საღამოს ბინდბუნდში, საცეკვაო დარბაზის შუაგულში ისხდნენ და პასეანსს შლიდნენ. ბანქოს ქაღალდზე დახატული ქალებივით უსიცოცხლო სახეები ჰქონდათ და გრძელი, არშიებად ასხმული კაბების შიგნით წყლის გუბესავით იდგა სიცარიელე.
ალექსიმ იცოდა, რომ ფანტომი იყო და მხოლოდ მაგდას წარმოსახვებში არსებობდა. ამიტომ შენობის ცენტრალური შესასვლელით სარგებლობდა, სადაც საავადმყოფოს ადმინისტრაციას დიდი ლათინური ასოებით მიეწერა: silentium!*. კლინიკად გადაკეთებული ძველი სახლის ტალანებში თავისუფლად მოძრაობდა. მაგდას პალატის კარს უჩუმრად აღებდა.
ხელის ცეცებით აგნებდა შუქჩამქრალ ოთახში მოკუნტულ სხეულს. მაგდა თავდაღმა იწვა. სწორედ ისე, ფსიქოლოგიური ტესტების მიხედვით, საკუთარ თავში ჩაკეტილ, სუსტ და დეპრესიულ ინტრავერტებს რომ ჩვევიათ. წვრილი, იისფერი ძარღვიც ისე უყოფდა საფეთქელს, როგორც უხილავი სადემარკაციო ხაზი რეალობასა და წარმოსახვას, ცნობიერსა და არაცნობიერს, ძილსა და ღვიძილს...
მეზობელ საწოლზე ბარბარას ეძინა. ბალიშს ცრემლივით აჩნდა ღია პირიდან გადმოსული ნერწყვი. სახეზე გადაკრული ფერის მიხედვით შეგეძლო გამოგეცნო როგორ სიზმრებს ხედავდა ბებე, რომელიც მალე ოცდათექვსმეტის გახდებოდა, მაგრამ აქედან ცხრა წელი სიზმარში ცხოვრობდა. გრძელ, უსასრულო სიზმარში...
ალექსიმ იცოდა ის, რაც არ იცოდნენ ექიმებმა. იცოდა, როგორ გამოეხსნათ ბებე ძილის ტყვეობიდან. მათ უბრალოდ უნდა გადაეჭრათ იმ სიზმრის თოკი, ზედ მიბმული ძაღლივით ყელში რომ უჭერდა და ცხადში გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა ბებეს. სიზმარი მისთვის ჯერარგანცდილი და თავსგადასახდენი ამბების სახლად ქცეულიყო.
პარალელურ სამყაროდ, სადაც თავს იმაზე უკეთ გრძნობდა, ვიდრე დღის შუქით განათებულ სინამდვილეში.
დერეფნიდან ფეხის ხმა ისმოდა. მორიგე ექიმის სავალდებულო შემოვლამდე ჯერ ადრე იყო. ალექსი კედელს ეკროდა და ფეხის ხმას აყურადებდა.
ნაბიჯები მაგდას პალატასთან წყდებოდნენ. კარი იღებოდა და ოთახში მაქსიმილიანი შემოდიოდა. სწორედ ის, საღებავებით დათხაპნილი მოლბერტის წინ მაგდას საათობით გაშეშებას რომ აიძულებდა. მაქსი მაგდას საწოლს უახლოვდებოდა, მძინარეს საბანს ხდიდა და პირზე ხელი აფარებდა. ალექსი გრძნობდა, რაღაც ძალიან ცუდი და საშინელი რომ უნდა მომხდარიყო და თვალებს ხუჭავდა. მაგრამ დახუჭული და სულ მთლად არარსებული თვალებითაც კი ხედავდა როგორ უმწეოდ სხმარტალებდა და ისრისებოდა მაგდა კაცის ზორბა და მძიმე სხეულის ქვეშ, ყურებში მისი განწირული და მავედრებელი კვნესა ჩაესმოდა, მაგრამ ალექსი მაგდას სამყაროში აღარ არსებობდა და შველა, დაუნდობელი და დამანგრეველი რეალობის კლანჭებიდან მისი გამოხსნა უკვე აღარ შეეძლო...