დოლენჯაშვილი თეონა 

ექსპედიცია

 

 

აკვარიუმის ხუთი თევზი, მტვრიანი საოჯახო ფოტოალბომი, უცნობი მხატვრის ორიოდე გრავიურა და ფილოლოგის დიპლომი, – დიდი ვერაფერი ავლა-დიდება იყო ნუცასავით მომლოდინე და მეოცნებე გოგოსათვის. დიდი ვერაფერი წყალობა იყო ოროთახიანი სტანდარტული ბინა, ჩაშუშული კომბოსტო და ტელევიზორის ეკრანთან მიმსხდარი გაფაციცებული მშობლები, რომელიღაც შავ-თეთრი გაზეთის შტატგარეშე თანამშრომელი დაღლილი და ადრიანად გაცრეცილი მეგობარი ნინაკა და კარის მეზობელი ბასა, ყოველ დილით ცივი წყლით სავსე ბაკს რომ იცლიდა თავზე, ვკაჟდებიო. მაგრამ ამბობდნენ, კი არ კაჟდება, გიჟდება და რაღაც საშიშ წამლებს ასმევენ დასამშვიდებლადო. რევოლუციების დრო იყო, ახალი, შეშლილი, დაუსრულებელი რევოლუციების დრო და ნუცასაც რაღაც უნდა ეკეთებინა, რომ არ აერია და ბასასავით დებილების წამლები არ ეყლაპა.

 

 ისიც მთელი დღეები ოთახებში ფიქრის თეთრ ძაფებს ბლანდავდა, დილაობით კი ამ ძაფებისგან დახლართულ ქსელში გაბმულ ღამის სიზმრებს პოულობდა, თითოეულ მათგანს ფრთხილად ხსნიდა და სახლის კედლებში უმისამართოდ შემოჭრილი ჩიტებივით ათავისუფლებდა. ამგვარად, აღმოაჩინა რომ არაცნობიერის უშრეტ და ათი ათას შენაკადად დატოტვილ მორევში ტრიალებდა, რომ მის სიზმრებში მისივე თავისუფლება ცხოვრობდა, ჭრელი ყოველდღიურობის, ხმაურიანი ერთფეროვნების, ცვალებადი მოღრუბლულობის ტყვეობიდან ვერდახსნილი თავისუფლება.

 

 მაგრამ ნუცა რჩეული იყო. ამას მაშინ მიხვდა, ნინაკას გაზეთში სრულიად შემთხვევით არქეოლოგიური ჯგუფის განცხადებას რომ გადააწყდა. შორეულ ექსპედიციაში მიდიოდნენ და მზარეული სჭირდებოდათ. მაშინვე დარეკა. ქალი გამოეპასუხა. ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. "რა შეგიძლიაო?" – ჰკითხა.

 

ნუცამ – "ყველანაირ კერძს ვამზადებ ტირამისუსა და კოქტეილების ჩათვლითო". "ეგ კი არა, სიცხისა და ხანგრძლივი და დამქანცველი მგზავრობების გადატანა თუ შეგიძლიაო." "უპრობლემოდ. ოცდაოთხი წლის ვარ, მხნე, ჯანმრთელი და ჩიტივით თავისუფალიო."

 

"კეთილი. ვიზის გასამზადებლად შენი მონაცემები მჭირდება, ორ კვირაში გავდივართ და მოემზადეო".

 

და ნუცაც მზადებას შეუდგა: მზის მუქშუშებიანი სათვალე და ნარინჯისფერი სანდლები შეიძინა, მწვანედ დაჩითული სარაფანი პარეოდ გადააკეთა და ოდინდელი ჭილის ქუდი ხავერდის ლურჯი იებით მორთო.

 იმ ორ კვირაში ქალაქი საბოლოოდ შეიშალა. დიდ-პატარა ქუჩაში გამოფენილიყო.

 

დროშებს აფრიალებდნენ და "ახლა თქვენ გადადექითო," – ყვიროდნენ.

 

ნუცას მეტის გაძლება აღარ შეეძლო და როდესაც დაურეკეს, ისიც კი აღარ უკითხავს, სად მივდივართო. ზურგჩანთას ხელი დაავლო და დანიშნულ ადგილზე გამოცხადდა.

 დანიშნული ადგილი ქალაქის პატარა, წყნარი ქუჩა აღმოჩნდა. ქუჩის ნაპირიდან მშვენიერი ხედი იშლებოდა და ნუციკოს წარსულის ბაღი მოსჩანდა. შეყვარებული რომ იყო, ის და გეგა სწორედ იქ, გაზაფხულის მოლოდინში უჩვეულოდ გარინდულ და დაძაბულ ბაღში ისხდნენ ხოლმე. ისხდნენ და მღეროდნენ.

 

ეს იქამდე იყო, სანამ ერთმანეთი შესძულდებოდათ... ჰოდა, ახლა მომცრო აღმართს რომ მოუყვებოდა, ცოტა არ იყოს ბრაზობდა, რაღა აქ დამითქვეს შეხვედრა ამ ახალი, ნათელი და იდუმალი გზის დასაწყისის წინო.

 

 იმათ დააგვიანეს. ნუცამ მზესუმზირა იყიდა, ზურგჩანთაზე ჩამოჯდა და დაელოდა. ჩვეული ამბავი იყო. მომიტინგეთა შეძახილები და წარსულის სევდისმომგვრელი მოგონებების სიო ამ შემაღლებულ ქუჩამდეც აღწევდა. თავიდან ჩიტების ჭიკჭიკს უსმენდა, მერე თვითმფრინავმა გადაიფრინა და ბოლოს ისინიც მოვიდნენ, არქეოლოგები. სულ ექვსნი იყვნენ.

 

ოთხი კაცი და ორი ქალი. ხელმძღვანელმა, მაღალმა, წითურმა ქალმა, ჯინსის შარვლით, საფარის ქუდითა და მამაკაცური მანერებით, ნუცა ხომ შენ ხარო, ჰკითხა და ცოტა კიდევ დავიცადოთ, მიკროავტობუსი მოვაო, – მბრძანებლური ხმით გამოაცხადა. რამდენიმე წუთში მართლაც მოვიდა მოკლე, ყვითელი "მარშუტკა", ქალაქში რომ ყველგან დაქრიალებდნენ, ისეთი. ჩასხდნენ და წავიდნენ.

 

 ნუცასთვის მართლაც სულერთი იყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ეკითხა, სად მიდიოდნენ. "ჯერ თურქეთში. იქედან კი ეგვიპტესა და კენიაში გადავალთო." – უპასუხეს.

 

დიდად უცნაური მარშრუტი იყო. თან ცოტა შექანებული ხალხი ჩანდა. ნუცამ ტრეფიკინგსა და სხეულით ვაჭრობაზეც გაიფიქრა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. ახლა ასეთებზე დარდს აზრი აღარ ჰქონდა. ხელის ტელეფონით ნაცნობებს მესიჯები დაუგზავნა კენიაში მივდივარო და მიკროავტობუსის სარკმლიდან ქალაქის გაქცეულ პეიზაჟებს გამოემშვიდობა.

 

 

 * * *

 

უსასრულო გზაზე იდგნენ. აუტანლად ცხელოდა და ნუცას ეგონა, ეს გზა არასოდეს დასრულდებაო.

 

თან სულ ერთნაირი, უსახური მიდამოები იყო, არაფერი საინტერესო და ღირსშესანიშნავი. დროდადრო ჩერდებოდნენ, ხელმძღვანელი გადადიოდა. საბუთებს გვიმოწმებენო, ამბობდა. ძირითადად ავტობუსში სადილობდნენ, გზაში ნაყიდი პურით, ძეხვითა და ხილის წვენებით.

 

ნუცა ლამის გამოთაყვანდა და სიცხისა და ჭუჭყისაგან შეწუხებულმა ერთი დრო უკან დაბრუნებაც ინატრა. მაგრამ როდესაც ლაშამ, ასე ერქვა ახალგაზრდა, ქერა არქეოლოგს, იკითხა, ნეტა ჩვენთან ახალი გადატრიალება თუ მოხდაო, ნუცამ თავი უსაშველოდ ბედნიერად იგრძნო, ახლა ამ ადუღებულ ავტობუსში რომ იჯდა და იქაურობის არაფერი ესმოდა.

 

 შუაღამე იყო, ძილში რომ ჩაესმა, კენიის საზღვრებთან ვართო.

 

საშინლად ბნელოდა, ის არავის შეუწუხებია და ძილი განაგრძო. თვალი რომ გაახილა, ავტობუსი მზის გულზე იდგა. ექსპედიციის წევრები კი არსად ჩანდნენ. თვალები მოიფშვნიტა და ყვითელი ქვიშით სავსე ველზე გაშლილი კარვები დალანდა. ზურგჩანთა აიღო და ავტობუსიდან ჩამობობღდა.

 

 დიდი აურზაური ჰქონდათ. ადგილებს ინაწილებდნენ. ხვალიდან მუშაობას შევუდგებითო, გამოაცხადა ხელმძღვანელმა.

 

ადგილზე ექსპედიციის მონაწილე სამი წევრი დახვდა, უკვე ორი თვის ჩასულები იყვნენ. მძიმე საცხოვრებელი პირობებია შენისთანა სიფრიფანა გოგოსთვისო, – ნუცას უთხრეს. მართლაც უდაბური ადგილი იყო, ოდნავ მოშორებით ჯუჯა ხეების კორომი და არქეოლოგების მიერ გადათხრილი ტერიტორია იწყებოდა. ხეების იშვიათ ჩრდილქვეშ პატარა წყარო ჩამოდიოდა. შუადღის მზისგან აალებულ ჰორიზონტს დაბალი, ხრიოკი გორაკების წრე ჰკრავდა.

 

 პირველი დღეები მძიმე იყო. ველურ ბუნებასთან, სიცხესთან, შიშთან ბრძოლა. ღამით ლომების ღრიალი აღვიძებდა. საძილე ტომარაში იფუთებოდა და ხახადაღებული მხეცების წარმოდგენაზე შიშით გული უსკდებოდა. საბედნიეროდ, დღისით ლომებსა და მისდაგვარებს არსად გადაჰყრია. ერთი ანტილოპაც კი ვერსად დალანდა.

 

ადამიანებს გვიფრთხიანო, – მოკლედ მოუჭრა ხელმძღვანელმა. მათ დანაკლისს ქვეწარმავლები ანაზღაურებდნენ. რამდენიმე კარავშიც აღმოაჩინა და ამის შემდეგ გამუდმებით ამოწმებდა იქაურობას და დაზაფრული ფერთხავდა ტანსაცმელს.

 

 

 ორ კვირაში ერთხელ მტვრიან გზაზე პროდუქტით დატვირთული ყვითელი მიკროავტობუსი ამოთუხთუხდებოდა, პროდუქტს გადმოტვირთავდნენ და ისევ უჩინარდებოდა. არქეოლოგები სამუშაოდ დილაადრიან გადიოდნენ. ბანაკში მასთან ერთად მორიგე რჩებოდა, რომელსაც ბანაკის დასუფთავება, ქვეწარმავლების მოსაგერიებლად გოგირდის ახრჩოლება და წყლის მოზიდვა ევალებოდა. ნუცა ამ დროს სადილს ამზადებდა. სხვადასხვაგვარ ბოსტნეულს ხარშავდა, უცნობი წარმოშობის ხორცს წვავდა და ტროპიკულ ხილს რეცხავდა. თავისუფალ დროს სქელლანჩიან ფეხსაცმელს იცვამდა და ბანაკის შემოგარენში დახეტიალობდა, თან სახლიდან წამოღებულ სამოყვარულო ფოტოკამერას დაათრევდა.. მაგრამ გადასაღები არაფერი ჩანდა.

 

ირგვლივ სიცარიელე სუფევდა. თეთრი, დი¬დთვალება, ყველაფრის ჩამყლაპავი სიცარიელე. ზემოთ ცხელი ცა ეკიდა, თვალებს ხორშაკი ქარი, ფეხისგულებს – უდაბნოს სილა წვავდა.

 

ნუცა ქვეყნის საზღვრებს პირველად გაცდენოდა და ძალიან უნდოდა გონებისთვის სათანადო საზრდო მიეწოდებინა. რამდენჯერმე წამოიკნავლა, ბანაკიდან გავიდეთ და ნაირობი, ბაბუინებით და ლეოპარდებით განთქმული პარკი და საჰარის უდაბნო ვნახოთო. მაგრამ მისი სურვილები მშრალი ქვიშასავით გახვეტა ხელმძღვანელის მკაცრმა გამოხედვამ, რომელიც ამას ნიშნავდა "ჩვენ აქ სამუშაოდ ვართ ჩამოსულები და არა სასეირნოდო" და ნუცა სამზარეულოს ქვაბებთან დააბრუნა.

 

 ექსკურსიების მოწყობა ნუციკოს გარდა სხვას აზრადაც არ მოსვლია. მტვრიანი, დასიცხული არქეოლოგები შეპყრობილებივით დადიოდნენ.

 

ქვიშაში თავჩარგულნი იჩიჩქნებოდნენ და თითქმის ყოველდღე მიწისქვეშეთში რაღაც ახალს პოულობდნენ. ბრინჯაოს, ვერცხლის, სპილენძის სამშვენისებსა და სამკაულებს, სამუშაო იარაღებსა და თიხის ჭურჭლეულს, პრეისტორიულ ადამიანთა ძვლებსა და სამარხებს. ამ ყველაფერს დიდი ფუნჯებით საგულდაგულოდ წმენდნენ, ათარიღებდნენ და ხის ყუთებში ფუთავდნენ. ამტკიცებდნენ, აფრიკული ტომების ახალ ცივილიზაციას მივაკვლიეთო. ნუცა შორიდან აკვირდებოდა, იქამდე, სანამ ერთ ოდნავ გრილ საღამოს ახლადაღმოჩენილ სპილენძის ამფორებთან ჩაცუცქულ გოგოს ხელმძღვანელმა გათხრებში მონაწილეობის მიღება არ შესთავაზა. ხელმძღვანელის მხრიდან საქმისადმი ერთობ არაპროფესიონალურ მიდგომას ჰქონდა ადგილი, თუმცა მაშინ ნუცას ამაზე არ უფიქრია, დაუფიქრებლად გადაეშვა საერთო ორომტრიალში და აფრიკის ეგზოტიკური ცა და მიწა ახლა უკვე მთელი სამძიმით დააწვა მხრებზე.

 

და მის ცხოვრებაში გამაოგნებელი, გასაოცარი დღეები დაიწყო...

 

 

 * * *

 

პირველად ლითონის ჟანგისფერი რგოლებისგან აწყობილი ამულეტი იპოვა. თითქმის უცვლელად შემონახულიყო და ნუციკომ წარმოიდგინა, როგორ დაატარებდა მას რომელიმე აფრიკელი გოგო. შემდეგი აღმოჩენა თიხის მომცრო ქანდაკება იყო. ქანდაკება ხელში დიდხანს ატრიალა ხელმძღვანელმა, შემდეგ ხაკისფერი ქუდი მოიხადა და დაასკვნა, კაჰაიების ერთ-ერთი კერპი იქნებოდაო. კაჰაიებს ახლადაღმოჩენილი ცივილიზაციის შვილებს უწოდებდნენ. არქეოლოგთა აზრით, ისინი ადგილობრივი აბორიგენების შორეული წინაპრები უნდა ყოფილიყვნენ და სწორედ მათ გადაეტანათ ცივილიზაცია ეგვიპტეში. "ეს კულტურა ეგვიპტურ და შუმერულ კულტურებზე ძველი და განვითარებულიაო," – თვალებანთებული ამტკიცებდა კოკა, რომელიც უზარმაზარ დავთარში ხელისკანკალით აღნუსხავდა თითოეულ ნიმუშს, საათობით აკვირდებოდა, სწავლობდა, თავისთვის ბუტბუტებდა და ამ დროს ძალიან წააგავდა ნუცას კარის მეზობელ ბასას, რომ აურია და დამამშვიდებლებს რომ აყლაპებდნენ, იმას.

 კოკა გამონაკლისი არ ყოფილა.

 

"შეშლილობის" იგივე ნიშნები ბანაკის ყველა წევრს აღენიშნებოდა. კაჰაიების აქამდე უცნობმა ცივილიზაციამ თითოეული მათგანის გული და გონება დაიპყრო. გრძნობდნენ, უდიდესი მისია რომ დაეკისრათ, რაღაც ღვთაებრივს რომ ეზიარნენ და მათი დახეთქილი ხელებიდან ახალი ისტორია რომ იქმნებოდა. ახლა ამ მიწისქვეშა მისტერიის მონაწილე ნუცაც ხდებოდა. ეს განსაკუთრებით მძაფრად მაშინ შეიგრძნო, როდესაც ნიადაგის რბილ ფენაში ჩიჩქნისას მისი პატარა ნიჩაბი რაღაც მაგარს წამოედო. ნუცამ მიწის დაშლა თითებით განაგრძო, ნივთი რომ არ დაეზიანებინა და იქიდან გასაოცარი სილამაზის ბრტყელი სურა ამოაძვრინა. სურა ერთიანად მოხატული იყო.

 

საღებავი მხოლოდ ალაგ-ალაგ გადაცლოდა და ნუცამ პირველმა ნახა როგორები იყვნენ კაჰაიები. ფარაონებივით გრძელი ტუნიკები ეცვათ, წაგრძელებულ თავებზე ოქროსფერი გვირგვინები ედგათ და ხელებგაშლილნი სურის ყელისკენ იმზირებოდნენ. სურა ხელიდან ხელში გადადიოდა, აღტაცებულ შეძახილებს ბოლო არ უჩანდა, ხოლო როდესაც კოკამ სურის გულდასმით დათვალიერებისას ფსკერისკენ მიმავალ ლურჯ ხაზზე უცხოდ დაკლაკნილი წარწერები აღმოაჩინა, მთელი ბანაკი ერთბაშად დადუმდა. კაჰაიების ცივილიზაციის დამწერლობის პირველაღმომჩენ ნუცას კი განცდათა სიმძაფრისგან მუხლი მოეკვეთა და იმ საკრალურ მიწაზე დაეშვა.

 

 მომდევნო დღეების განმავლობაში კოკა და კიდევ რამდენიმე მკვლევარი წარწერის გაშიფვრას ლამობდნენ, ნუცამ კი ძილი და მოსვენება სამუდამოდ დაკარგა. არა, ძილით ეძინა, მაგრამ ერთობ უცნაურად. მთელი ღამეები კაჰაიების ტომის სასახლეებში დააბიჯებდა. მაღალი და ყავისფერი კაჰაიები თაყვანს სცემდნენ კას – მათ უმთავრეს ღვთაებას, აგებდნენ უზარმაზარ ქალაქებსა და იგებდნენ სისხლისმღვრელ ომებს, აშენებდნენ ტაძრებსა და პირამიდებს, აპირკეთებდნენ სარკოფაგებსა და სამარხებს.

 

 ნუცამ ღამის არეულ ძილში ნახა მისთვის გაუგებარ, ხორხისმიერ ენაზე მოსაუბრე კაჰაიების ტომის ძლევამოსილი, ათასფრად სხეულმოხატული ბელადები, ოქროთი შემოსილი, პრიალაკანიანი ქალები და ბრძენი ქურუმები.

 

 აგვისტოს თაკარა მზე ჩრდილებს აქრობდა და აქამდე არსებულ რეალობას უძველესი ცივილიზაციის აჩრდილები ცვლიდნენ. ბოლო დღეების განმავლობაში ნიკამ და ბატონმა ალექსანდრემ ბაზალტისა და გრანიტის ფილები იპოვეს, რომელზეც კაჰაიას სახელმწიფოს კანონები იყო ჩამოწერილი, ხოლო მარიშამ, ჯგუფის ყველაზე ლამაზმა და მხიარულმა წევრმა, ოქროს სიმებდაწყვეტილი არფა აღმოაჩინა. ხელმძღვანელის ვარაუდით მასზე თავად დედოფალი მაატი უკრავდა. გაიშიფრა სურის წარწერაც, რომელიც ღრმა სიმბოლური მნიშვნელობის ენიგმური ტექსტი აღმოჩნდა.

 

კაჰაიებს სურაზე, რომელშიც წმინდა წყალი ისხმებოდა, სიკვდილის დამამარცხებელი იეროგლიფები ამოეტვიფრათ. ლაშა მიიჩნევდა რომ წერილი სირაქლემის ფრთით იყო დაწერილი, რომ კაჰაიელთა დამწერლობა, ახლოს იყო ძველეგვიპტურთან, 1400-ზე მეტ იეროგლიფს ითვლიდა და სემიტო-ქამიტურ ენებს უყრიდა საფუძველს... ნუციკო ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა.

 

მაშინაც კი, შეყვარებული როცა იყო და როცა გეგამ სახლის ჩაბნელებულ სადარბაზოში აკოცა. ახლა ნუცა კაჰაიების უძველეს ქვეყანა – ატუმში ცხოვრობდა და განვლილი წლები, მშობლიური ქალაქი და გაუმართლებელი სიყვარული უზარმაზარი მზის სხივებზე მბრწყინავ მტვრის ნამცვრევებს წააგავდნენ. მომწვანო შარვლის ფართო ჯიბეები სილით ავსებოდა, გული – ახალ აღმოჩენათა წყურვილით, მზისგან გახუნებულ თმაზე თეთრი პანამა ჩამოეფხატა და მარჯვე თითებით ფუნჯი ჩაებღუჯა. ასეთი დაამახსოვრდა თავი ექსპედიციის ბოლო დღეს, იქამდე, სანამ იმ საბედისწერო ლითონის სინს იპოვიდა.

 

 ლამაზი სინი იყო. კაჰაიები ხილის დასაწყობად თუ იყენებდნენ. ნუცა გულდასმით სინჯავდა ჭურჭლის ზედაპირს, მეორე მხარეს სინის შუაგული უმნიშვნელოდ გაჩხაპნილიყო.

 

ნუცას მოეჩვენა, რომ სწორედ იმ ადგილას წარწერის მსგავსი რამ იკითხებოდა. ძირს დაგდებული ლუპა მოიშველია, ჩაუკვირდა და თვალებს არ დაუჯერა... არა, ეს წარმოუდგენელი იყო. ნამდვილად ეჩვენებოდა... ნუციკოს ერთიანად ააკანკალა. გამადიდებელი შუშის ქვეშ კი გარკვევით იკითხებოდა წარწერა "Речинский завод. отк¹ 3".

 

 

 

 * * *

 

ნუცა და ხელმძღვანელი წყაროსთან ისხდნენ. ნუცას ხელში ახლადაღმოჩენილი საბჭოური წარმოების სინი ეჭირა და მთელი ქვეყანა თავზე ექცეოდა. ხელმძღვანელი მშვიდად ლაპარაკობდა. მსგავსი შემთხვევა მის პრაქტიკაში პირველი არ იყო და ცდილობდა ახალბედა "არქეოლოგისთვის" ინფორმაცია მეტისმეტად შოკისმომგვრელი არ ყოფილიყო.

 

 და ნუცამ მოისმინა დაუჯერებელი, ჭკუისშემშლელი ისტორია არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ, რომელიც არქეოლოგიურ ექსპედიციებს აწყობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ახალ-ახალი აღმოჩენებით ამდიდრებს კაცობრიობის ისტორიას. სინამდვილეში არავითარი აღმოჩენები არ არსებობს. ნივთები ორგანიზაციის მიერ არის შეძენილი, დაძველებული და მოხატულ-გადაკეთებული.

 

არავითარი არქეოლოგები არ არსებობენ. ჯგუფის წევრთა უმეტესობა ხელმოცარული, უმუშევარი და თავგადასავლების მაძიებელი ავანტიურისტია და რაც მთავარია, – აქ ხელმძღვანელი შეჩერდა და ნუცას ფრთხილად გადახედა – არავითარი ექსპედიცია არ არსებობს. ეს მიწა, შენ რომ აფრიკა გგონია, საქართველოს ტერიტორიაა, წალკის რაიონის რამდენიმე დაუსახლებელი კილომეტრი...

 

 ნუცას ეგონა, რომ საბოლოოდ გარეკა, ან ხელმძღვანელმა მიიღო მწველი მზის დარტყმა. მაგრამ ხელმძღვანელს სახის ჩვეული გამომეტყველება არ ეცვლებოდა და ისეთივე დამაჯერებლობით განაგრძობდა საუბარს, როგორი დამაჯერებლობითაც ამტკიცებდა რამდენიმე საათის წინ, კაჰაიელთა მზის კალენდარი ორასოცდაშვიდ გრძელ და ასოცდათვრამეტ მოკლე დღეს ითვლისო.

 

 – როგორ თუ წალკაში, – ძლივს მოახერხა ხმის ამოღება ნუცამ, – ჩვენ ხომ იმდენი ვიმგზავრეთ.

 

 – უბრალოდ, წრეზე დავდიოდით.

 

 – და… ლომები? ყოველ ღამით ღრიალებდნენ.

 – სადმე დაგინახავს?

 

 – ეს ნივთები?

 

 – უმეტესობა ბარახოლკაზეა ნაყიდი. ის ბაზრობა აყარეს და იაფად შევიძინეთ.

 

საერთოდ, ნივთებს დაკვირვებით ვამუშავებთ. ამ შემთხვევაში უხეში შეცდომა გაგვეპარა.

 

 – არქეოლოგები... ნუთუ არცერთი...

 

 – არა, ბატონი ალექსანდრე არქეოლოგია. დიდი ხნის წინ დაატოვებინეს არქეოლოგიის ინსტიტუტი. რა თქმა უნდა, ყველაფერი იცოდა. მან და კიდევ რამდენიმემ, მაგრამ ეს მათთვის ისეთი საოცარი თამაშია...

 

 – როგორ თუ თამაში? – ვეღარ მოითმინა ნუცამ – ეს თამაში კი არა დაცინვაა! საშინელი, მწარე დაცინვა! და როგორ ბედავთ?! რატომ, რისთვის აკეთებთ ამას?…

 

 – ნუციკო, ჩემო კარგო, – ხმა დაირბილა ხელმძღვანელმა – ჩვენ უცხოური გრანტებით ვფინანსდებით. ადამიანებს ეს სჭირდებათ.

 

სინამდვილიდან გაქცევა, სინამდვილის დავიწყება სჭირდებათ. ჩვენ მათ ვეხმარებით...

 

 – კაჰაიას ტომი... ნუთუ მართლა... არსად არასდროს არსებულა?..– თვალები დაებინდა ნუცას. ცრემლები გაჭირვებით გადაყლაპა და შორეულ ჰორიზონზე გაწოლილ შიშველ გორაკებს გახედა. იმათ, რომელთა იქითაც კილიმანჯაროს თოვლიანი მწვერვალები იწყებაო, ფიქრობდა.

 

 * * *

 

 სახლში ყველაფერი ჩვეულებრივად დახვდა. მშობლები ტელევიზორს მისხდომოდნენ და საინფორმაციო გამოშვებების წამყვანებს ბოლო ხმაზე აყვირებდნენ.

 

ნინაკა რეპორტაჟებზე დარბოდა და შემოდგომისთვის შტატში ჩამსვამენო, ამბობდა. უკვე აგრილებულიყო, მაგრამ ბასა ისევ ცივი წყლით და დამამშვიდებლი პრეპარატებით კაჟდებოდა. გეგას პოლიტიკური კარიერა გაეკეთებინა და საპროტესტო აქციებით აჭრელებულ ქუჩებს ახლა ქალაქის მერიის მაღალი აივნიდან უჭვრეტდა.

 

 ნუციკო კი იმ ავადსახსენებელი ექსპედიციის შემდეგ თითქოს გამოცვალეს. თითქმის არ ლაპარაკობდა და უბნის ნესტიანი ბიბლიოთეკიდან გამოტანილ სქელტანიან წიგნებში ჩაერგო თავი. ნუცას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სამყაროს გასაღები იპოვა, რომელიც სწორედ მაშინ გამოგლიჯეს ხელიდან, მისით უმთავრესი კარი რომ უნდა გაეღო. მას შემდეგ ის ჯადოსნური კარი მხოლოდ ერთხელ დალანდა.

 

მაშინ, როდესაც კაჰაიელთა ცივილიზაციის უკანასკნელი ნაშთები ეზმანა. ატუმის ქვეყანას ხედავდა. ყავისფერ, გრძელკისერა კაჰაიებს მარიშას მიერ ნაპოვნი არფა ეჭირათ, ტუჩები წაეგრძელებინათ და ძალიან სევდიან სიმღერას მღეროდნენ. მერე ოქროსფრად მოხატული დარბაზებიდან დედოფალი მაატი გამოვიდა. ხელში ნუცას ნაპოვნი სურა ეჭირა, კაჰაიებს სიკვდილის დამამარცხებელი იეროგლიფები რომ ამოეტვიფრათ, ის. Mმაატიმ ნუცას წმინდა წყალი დაუსხა და უთხრა: "მე გავწმენდ შენი სიცოცხლის წყალს და შენ შეძლებ იზეიმო კასა და მარადისობასთან ერთად"...

 

 სიზმრიდან გამორკვეული ნუცა თვალებგაფართოებული სწავლობდა ოთახის სიბნელეს, დილით ვიწრო საძინებელში გაბმული სიზმარი გამოხსნა და იგრძნო, როგორ შეცურა ისევ მარადი წყლების მღვრიე მორევში. კაჰაიები არსებობდნენ! არა მხოლოდ მის სიზმრებსა და წარმოსახვებში არსებობდნენ...

 

 ზურგჩანთა სწრაფად ჩაალაგა და სახლიდან გამოვიდა. საკუთარ თავს თითქოს ზემოდან, ჩიტის ფრენის სიმაღლიდან აკვირდებოდა. ახლადგათენებულ ქუჩაში მკრთალად კრთებოდნენ ციცინათელები. ცეცხლწაკიდებული, მომაკვდავი ციცინათელები. ქუჩებს და ეზოებს ჩაუარა, ბინებს და ოთახებს, ჭაღებს და სამზარეულოებს, ვახშამს და საუზმეს, ჩურჩულს და კივილს, ტკბობას და სიყვარულს, ჭკნობას და სიბერეს, სხვების ცხოვრებას, სხვების უცნობ და მოტყუებულ არსებობას.

 

თვითონ სხვაგან მიდიოდა, სულ სხვაგან მიეშურებოდა და აქ აღარაფერი ესაქმებოდა.  

 

 კაჰაიებთან ბრუნდებოდა....

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დოლენჯაშვილი თეონა / ექსპედიცია