დოლენჯაშვილი თეონა 

თოვლით დახატული პეიჟაზი

 

 

(სურათები მამის სამხატვრო სახელოსნოდან)

 

 

სურათის მხილველი უნდა იდგეს არა მის წინ, არამედ მის შიგნით.

ფილიპო მარინეტი

 

 

მინდოდა სიჩუმეში დავბრუნებულიყავი და ამიტომ აქ ამოვედი – დიდი ხნის წინათ დაკეტილ სახელოსნოში. ქალაქის ხმაური სადარბაზოშივე მიწყდა. კიბის საფეხურები ოდნავ სველი იყო. წუხელ მთელი ღამე წვიმდა და ივნისის დილისათვის უჩვეულოდ ძნელად თენდებოდა.

 

რომელიღაც ბინაში ფორტეპიანოზე შუმანს უკრავდნენ. სადღაც ტელეფონი რეკავდა. შეუსვენებლად, განსაკუთრებული დაჟინებით რეკავდა. თითქოს სწორედ ამ ზარს მოჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, სწორედ მაშინ როდესაც არსად ჩანდა მსმენელი. სახელოსნოს კარები გაჭირვებით გავაღე და წვიმიანი დღის შუქში დაუდევრად დახაზული ოთახის კონტურები გამოჩნდა. წამით მომეჩვენა, რომ ცარიელ დარბაზში ვიდექი და ჭერიდან იატაკამდე დაშვებული მებადურთა ბადეების მიღმა მიმალული ოკეანე სუნთქავდა. ოკეანე არსად ჩანდა, ბადეები კი აქ ჩემი ბავშვობის დროიდან ეკიდა.

 

იმდროინდელი იყო მლაშე წყლისა და ოდესღაც შიგ გაბმული თევზის სურნელიც, კედლის მთელ სიგრძეზე გადაჭიმული ვეშაპის ულვაში, საფერფლედ გადაქცეული ვეშაპის ყურის ნიჟარა, ოკეანის მარჯნები და ვარსკვლავები, ზღვის ლომის ძვლები და ეშვები, ქვისა და ქარვის ჩიტები...

 

ვუყურებდი ნახატებს კედლებზე, უზარმაზარ ფერად პანოებს – იატაკზე, მოლბერტს – ოთახის კუთხეში, ალბომებს, აფიშებს, უამრავ წიგნსა და ჟურნალს დავიწყების მზით გამომშრალ, მტვრიან თაროებზე... ვკითხულობდი მოგზაურობის დროს გაკეთებულ მამის ჩანაწერებს, ვიხსენებდი თეთრ ტილოზე ჩხაკუნით გაშუქებულ ფოტო-სლაიდებს, საიდანღაც ისევ მესმოდა შუმანის მუსიკა და სხვადასხვა დროსა და სივრცეში ხმებისა და სურათების განმეორადობის მისტიური განცდა რბილ, სიზმრისეულ ბურუსში მხვევდა. ვხედავდი, რომ ყოველი სურათის შიგნით სხვადასხვა სურათების ერთობლიობა ცხოვრობდა, ყოველი ნახატის შიგნით ემბრიონივით ვითარდებოდა სიუჟეტი, ამბავი, თავგადასავალი...

 

 

სურათი 1. "რირკაიპიი"

 

"ოკეანის ნაპირი ძვლებით არის მოფენილი. დიდი, ერთმანეთზე აჩორჩხლილი ძვლებითა და მზეზე გამომშრალი თავის ქალებით. ცაზე ნიჟარიდან მდორედ გადმოღვრილი გიგანტური მოლუსკებივით იშლებიან ღრუბლები.

 

გლუვი წყლის ზედაპირს ათასობით თოლია დასტრიალებს. ცივი, შტორმული ქარი ძვალ-რბილში ატანს და მზე ყინულის იდუმალ, ჯადოსნურ წრეში ტრიალებს. ეს არის რირკაიპიი, რაც ჩუქჩების ენაზე ზღვის ლომების სამფლობელოს ნიშნავს. უკვე მეშვიდე დღეა აქ ვარ და ყინულმჭრელს ველოდები, რომელმაც ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სიღრმეში უნდა გამიყვანოს. გემი იგვიანებს. მთელი დღეები სანაპიროზე დავეხეტები და "საკბილოს" დავეძებ. რაღაცეები მართლაც ვიპოვე.

 

თუნდაც ეს – ტყვიით გახვრეტილი თეთრი დათვის თავის ქალა. ალბომში ვიხატავ და ჩემსკენ მომავალ ესკიმოსს, უხტიკაკს ვხედავ. მისი პორტრეტის ხატვა ორი დღის წინათ დავასრულე. პორტრეტი ვეშაპის უზარმაზარი ულვაშის სანაცვლოდ, – ასეთი იყო "გარიგება." ხატვისას აღმოვაჩინე, რომ უხტიკაკს უცნაური მზერა აქვს, წვრილი თვალების სიღრმეებში თითქოს ცხელი, ყვითელი კოცონები უნთია. როდესაც რამე არ მოსწონს, ეს კოცონები უკვამლოდ ქრებიან და მისი ცქერა საინტერესო აღარ არის. ახლაც, როდესაც ვეუბნები, რომ ტუნდრაში გამგზავრებას ვაპირებ, სადაც ესკიმოსთა გადმოცემით ვეშაპის უზარმაზარი ჩონჩხი დევს, იგივე ემართება და ვხვდები, ჩემი იდეა არ მოსწონს. მისი თქმით, 23-ე კილომეტრისკენ სავალი გზა რთული და სახიფათოა და დანიშნულების ადგილამდე ჩაღწევა ძალიან გამიჭირდება.

 

მე ჩემსას არ ვიშლი, მიმაჩნია, რომ ვეშაპის ჩონჩხადქცეული ნატურისთვის გარისკვა ღირს...

 

ტუნდრაში "ვეზდეხოდით" მივემგზავრებით. უხტიკაკი დროდადრო მძღოლს რაღაცას გადაულაპარაკებს და ფართე სახეში ჩაკარგული თვალები უელავს. შუადღის მზე ჰაერს გაუბედავად ათბობს, საღამოსკენ კი ამინდი ფუჭდება და ბასრი, ნაცრისფერი კლდეებით დაკბილული ჰორიზონტი სქელ, კარაქისფერ ნისლში ეხვევა. გზას ალალბედზე მივიკვლევთ. ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, როგორ ითქვიფება უხტიკაკის მზერაში დაყოლილი ცხელი კოცონები ნისლის სახიფათო სითეთრეში. "გზას ვკარგავთო", – ზღვის ლომებზე მონადირის თავდაჯერებით ამბობს და გული მეც ცუდს მეუბნება. საიდანღაც წყლის შხუილი მოისმის.

 

ახლაღა ვხვდებით, რომ გზა მდინარემ გადაგვიჭრა და უკიდეგანო სტეპებში გზაკვალარეულები წყლისა და ნისლის ტყვეობაში ვიმყოფებით. არც მძღოლი ჩანს ისეთი გამოცდილი, ამ უცნაური, გეიზერივით მოჩუხჩუხე მდინარის გადალახვა რომ შეძლოს. წყალი კიდევ დუღს და რძისფერი ჯანღი მოცისფრო კვამლით იცვლება. მდინარე სიღრმეში გვიტყუებს, გვითრევს, ცხელ წყალში ჩაყრილი ბრინჯის მარცვლებივით გვატრიალებს... სადღაც თეთრი მელიები ყმუიან. არაფერი ჩანს, მხოლოდ ნაზი და სასტიკი ნისლი...

 

მოგზაურობას საბედისწერო დასასრული ექნებოდა, რომ არა ჩვენს ბედად ამოვარდნილი ქარი.

 

ქარმა ნისლი გაფანტა და მძღოლმა მდინარის გადალახვა შეძლო. გზა განვაგრძეთ და როგორც იქნა, 23-ე კილომეტრამდეც ჩავაღწიეთ, მაგრამ ვეშაპის ჩონჩხს ვეღარსად მივაგენით. მის ადგილზე ჩრდილოეთის ქარს ყინულის მთები დაეხვავებინა."

 

 

 

სურათი 2. "ვეშაპებზე ნადირობა"

 

 

"ყინულმჭრელმა ღია ოკეანეში გამიყვანა. ყინვისგან მოსარკულ სივრცეს ხან მზე აბრჭყვიალებს, ხანაც გაუვალი ნისლი ფარავს. ნისლიან ამინდში გემის საყვირი ავტომატურად ირთვება და ყურისწამღებად ღრიალებს. ვხედავ დეჟნევის კონცხს, ალიასკას და ნისლში სუსტად მოკიაფე შუქურას.

 

გემი ღუზას პროვიდენიის ყურეში უშვებს და ჩემს წინ ესკიმოსთა ულამაზესი სოფელი – სირენიკი იშლება. ნამდვილი სასწაულია! მთელი დღეები დავეხეტები და ყველაფერს ვიხატავ: მიწაში ვერტიკალურად ჩასმული ვეშაპის ყბის 7-მეტრიან ძვლებს, ზედ ნავები რომ მიუბამთ და საცხოვრებელი სახლები - იარანგები წამოუმართავთ; ბალახში თეთრად მოქათქათე ზღვის ცხოველების ხერხემლის მალებისგან გადახურულ ორმოებს, რომლებსაც აქაურები თევზისა და ხორცის შესანახ საკნებად იყენებენ; სელაპისა და ზღვის ლომის ტყავებს, მზეზე გასაშრობად ვეშაპის ნეკნებზე კინოეკრანივით რომ გადაუჭიმავთ. სწორედ ამ "კინოეკრანებზე" ნანახ ფილმს წააგავდა ვეშაპებზე ნადირობა, რომელიც ზაფხულის სუსხიან დილას ერთობ უჩვეულოდ დაიწყო.

 

Pპატარა სასტუმრო, რომელშიც სირენიკში ჩასვლისთანავე დავბინავდი, იარანგები ესაზღვრება და ყოველ დილით პოლარული ძაღლების ყეფა და ესკიმოსთა ხმაურიანი გადაძახილები მაღვიძებს.

 

იმ დილით კი, სანამ მზის პირველი სხივები შემოიჭრებოდა, ოთახში უცნობი ქალი შემოვიდა. ქალს ბეწვითა და ორნამენტებით მორთული მოსაცმელი ეცვა. სახე ესკიმოს ქალთა მსგავსად ცისფრად მოეხატა, მაგრამ მელიის თეთრი ბეწვის ქუდქვეშ ქერა თმა მოუჩანდა. ქალმა ლურჯად ტატუირებული ხელი გამომიწოდა და მითხრა, რომ ტატიბა ქვია, თავადაც მხატვარია და ვეშაპებზე სანადიროდ მეპატიჟება.

 

ვიდრე იდუმალი სტუმარი კედელთან მიწყობილ ჩემს ესკიზებსა და ჩანახატებს ათვალიერებდა, მე ფოტოკამერასა და სახატავ ალბომს ვამზადებდი და ამ უცნაურ მიპატიჟებაზე ვფიქრობდი. ტატიბა ნაპირისკენ წამიძღვა, სადაც ესკიმოსებს ორი ვეშაპმჭერი გამოეყვანათ. გემებამდე ზღვის ლომის ტყავისაგან დამზადებული ნავებით – ბაიდარებით მივცურეთ. გემები წყლის სიღრმეში შევიდნენ და ნადირობა დაიწყო. სანახაობას გაოგნებული ვუცქერდი. ვეშაპი საშინელი ხმით ღმუოდა, ბორგავდა და უზარმაზარი პირიდან სისხლიან ქაფს ანთხევდა. მასთან ერთად ოკეანეც ბობოქრობდა და კიდევ ერთ შვილს ბრაზით ეთხოვებოდა.

 

გემზე სიხარულის ყიჟინა დასცეს. მოკლული ცხოველი, რომ არ ჩაძირულიყო, ჰაერით გაბერეს და ნაპირისკენ გააცურეს. იქ კი მთელი სოფელი შეკრებილიყო. ბავშვები ვეშაპის ზურგზე მიცოცავდნენ და ცეკვავდნენ. ესკიმოსი ქალები ისევე მარჯვედ ხმარობდნენ დანას, როგორც მამაკაცები. მათ შორის იყო ტატიბაც, რომელსაც ახლა მაღალყელიანი ჩექმები ჩაეცვა და ვეშაპის ხორცს ქნიდა. უსიამო გრძნობა დამეუფლა და თვალი ავარიდე.

 

სისხლისგან შეღებილ სანაპიროს გავხედე. ვეშაპის თავის ქალის თვალებისდროინდელ ცარიელ ღრუებში ახლა ჩრდილოეთის ცივი ცა მოჩანდა და ზანტად მიცურავდნენ ღრუბლები...

 

 

 

სურათი 3. "ტატიბა"

 

 

ესკიმოსებმა ორმოცტონიანი ვეშაპი თხუთმეტ წუთში ძვლების კასკადად აქციეს. ვეშაპის ჩონჩხი სოფლიდან 300 მეტრში წაათრიეს და დატოვეს. პროცესიას გავყევი და ადამიანების მიერ მოწყობილი ყველაზე დიდი და გიგანტური, ხმელეთზე ამოთრეული ვეშაპების მწუხარე სასაფლაო ვიხილე...

 

შემდეგი დღეები სასაფლაოზე დავდიოდი და ვხატავდი. ზოგჯერ ტატიბაც მოდიოდა, ბეწვის ქუდს მოიხდიდა და ბალახში თეთრად მოქათქათე ძვლებისაგან ბუნებრივად წარმოქმნილ "სავარძელში" მოკალათდებოდა.

 

ესკიმოსი წინაპრები და მოსკოვში მიღებული განათლება ტატიბას თმასა და ცხოვრებას უჩვეულო შეფერილობას აძლევდა. შამანის ქალიშვილს სხვა, მისთვის უცნობი და მიუწვდომელი ადგილები იზიდავდა. როგორც მერე, პორტრეტის ხატვისას გამენდო, ბაიდარათი ალიასკაზე გაქცევას გეგმავდა. გიჟური იდეა იყო, წარმოუდგენელი და შეუძლებელი... ალიასკამდე ყინულის უზარმაზარი სოკოებით დაფარული ოკეანე გაწოლილიყო. მაშინ ასეთ თემებზე საუბარიც კი სახიფათო იყო. ტატიბა კი სანაპიროზე იჯდა და აკრძალულ სანაპიროს ჯიუტად გასცქეროდა.

 

 

სირენიკებიდან გამომგზავრების წინ სქელ თეთრ ფურცელში გახვეული ნივთი გამომიწოდა. ზღვის ლომის ეშვზე გრავირებული ულამაზესი პეიზაჟი აღმოჩნდა. ამ უჩვეულო მანერაში შესრულებული სურათიდან ყინულის გამდნარი ნატეხივით მოწვეთავს სევდა და ნაღველი. სირენიკებში ტატიბა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ოკეანეში ბაიდარათი გასულა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. "ბაიდარა გადაუბრუნდებოდა, ან გზა აერეოდა და ღამის ყინვა მოკვეთავდა. ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა," – მითხრა ნაცნობმა ესკიმოსმა რამდენიმე წლის შემდეგ, მხატვარი ქალი რომ მოვიკითხე.

 

უკანასკნელი სურათიც ასეთია: ბაიდარაში მჯდომი ტატიბა, გრძელი ქერა თმა, ცისფერი ორნამენტი საფეთქელზე, ვეშაპის ხორცით სავსე ტომარა, ზღვის ლომის ტყავში გამოკრული ნახატები, ოკეანის ყინულოვან წყლებზე უმწეო ჩიტივით მოფარფატე თავისუფლება...

 

 

 

სურათი 4. "ჩიტების ბაზარი"

 

 

ჩუკოტკის (თუ სამყაროს) ბოლოს ჩიტები იკრიბებიან. იკრიბებიან, რათა ერთმანეთს დედამიწის სხვადასხვა კუთხის ამბები ამცნონ. ყველა თავისას ყვება, ყველა თავისას ჭიკჭიკებს. ეს ჩიტების ბაზარია, ჩიტების მიწა, ჩიტების "აღთქმული ქვეყანა" - ასე პოეტურად ამიღწერა მეირმე გალგაუგემ ეს ადგილი, როდესაც ემტუკის ტბაზე სათევზაოდ დამპატიჟა და იქიდან ჩიტების საოცარი "საფიხვნოს" ჩვენებასაც დამპირდა.

 

ოთხი ბაიდარათი წავედით. ესკიმოსებმა ნავებში კარაბინები, ტყვიები და პიგპიგები – სელაპის ტყავისაგან დამზადებული ჰაერით გაბერილი ტივები ჩააწყვეს.

 

როგორც მერე გაირკვა, ზღვის ლომებზე ნადირობას აპირებდნენ. მოინადირეს კიდეც სამი ლომი, მაგრამ ნაპირზე "ჩამოქვეითებისას" ტალღამ დაგვარტყა და ნავი წყლით აივსო. ნაპირზე გადმოხტომა მოვასწარით და ბაიდარაც გადატრიალდა. ესკიმოსებმა ქამანდი ისროლეს, ნავი რის ვაი-ვაგლახით ამოათრიეს ნაპირზე. წყალმა პიგპიგები და ნიჩბები წაიღო, ტყვიები და კარაბინები წყალში ჩაიძირა. სანაპიროზე კოცონი გავაჩაღეთ, ცეცხლმა მალე გაგვაშრო. წავიხემსეთ კიდეც.

 

გალგაუგე არაყს მიეძალა, დანაპირები გადაავიწყდა და თავი დასაძინებლად მიდო. სხვა გზა არ მქონდა: ან ხელი უნდა ამეღო ჩემს განზრახვაზე, ან მარტო გავყოლოდი გზას ჩიტების ბაზრისკენ. წასვლა გადავწყვიტე.

 

მშვენიერი ამინდი იდგა. წყლის მიქცევა დაიწყო და გზაც გაიხსნა. ჩიტების სამეფოს მივუახლოვდი და ბასრი, ნაცრისფერი კლდეებით დაკბილული ჰორიზონტი ფრთოსანთა გუნდებისაგან შეკრული შავი ღრუბლებით დაიფარა. კლდეებში ჩაწოლილი ნისლი, შუადღის მზე, წყლის ცივი, მარილიანი ტალღები, მილიონობით ჩიტის სტვენა-ჭიკჭიკი – ფურცელზე ამის გადმოცემა წარმოუდგენელი იყო.

 

მით უფრო, რომ ჩემს თავზე მოფრთხიალე ათასობით ფრინველი ხატვის საშუალებას არ მაძლევდა. კლდეებზე ასვლა და ზემოდან გადმოხედვა გადავწყვიტე. ნელა, დაკვირვებით მივდიოდი. აშკარა იყო ამ ადგილებში ადამიანს ფეხი არასოდეს დაედგა. მიწა თანდათან გაფხვიერდა. ქვამ ნატეხებად დაიწყო ჩამოშლა. სიმაღლის შიშთან ერთად ზვავის საფრთხეც დამემუქრა.

 

ადგილი შევარჩიე და ჩამოვჯექი. ნელ-ნელა დავმშვიდდი, არემარეს გადავხედე. უმშვენიერესი სივრცე იშლებოდა – ჩიტების ფრენით დაღლილი ცა და მიწა.

 

ჩიტების ყველაზე მასიური გადაფრენა რვა საათისთვის იწყებოდა. ბაზარში "ვაჭრობამ" იმატა. მოფრინავდნენ და მოფრინავდნენ დიდი და პატარა, ნაირფერი, ნაირგვარი ჩიტები. ზეცაში გუნდ-გუნდად იჭრებოდნენ და ასეთივე გასაოცარი სისწრაფითა და გამყინავი ჟივილ-ხივილით ეშვებოდნენ ქვემოთ. ნახევარი საათის მანძილზე გაუნძრევლად ვიჯექი.

 

მე და ჩიტებმა თითქოს ადგილები გავცვალეთ. მილიონობით ფრთოსანს მათივე ფრენის სიმაღლიდან ვაკვირდებოდი. "პიკის საათიც" მოახლოვდა და უცებ აღმოვაჩინე, რომ ფრინველთა ყურისწამღები გნიასის მიუხედავად ჩემს ირგვლივ უდაბურმა, გაუვალმა სიჩუმემ დაისადგურა.

 

სრულმა, აბსოლუტურმა მდუმარებამ... როგორც ჩანს, ხმოვანი ბარიერი გადავლახე, ისევე, როგორც ზებგერით თვითმფრინავში. სიჩუმეს უძრაობა მოჰყვა, ჩიტების ელვის სისწრაფით მფრინავი ღრუბლები ჩემი ხედვისა და შეგრძნებების მიღმა აღმოჩნდნენ. მე მარტო ვიყავი, სრულიად მარტო სიმშვიდის, უძრაობისა და მდუმარების სიღრმეში, სამყაროს რომელიღაც გაყინული წამის შუაგულში.

იმ წუთებში ჩემს შიგნით რაღაც შეიცვალა.

 

თითქოს რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მოხდა... უკვე ბინდდებოდა, კლდიდან რომ ჩამოვედი და სოფლისკენ მიმავალ გზას ალალბედზე დავადექი. ჩემი ანგარიშით გასავლელი მქონდა 18–20 კილომეტრი, ტუნდრა და მთები. ძნელი და უცნობი გზა. ალალბედზე მივდიოდი. და როდესაც გაშლილ მინდორზე აღმოვჩნდი და ესკიმოსების ნასოფლარი დავინახე, მივხდი, რომ გზა ამებნა. სადღაც სამყაროს ბოლოში ვიდექი, ერთადერთი სახატავი ალბომის ამარა, საკვების, სასმელი წყლის, ყოველგვარი გზამკვლევის გარეშე...

 

ჩიტების მიწა თავისთან მიტოვებდა.

 

ხომ არსებობს მაგიური, საკრალური ადგილები, სადაც ბუნება ადამიანს ფეხის დადგმას არ პატიობს. ალბათ ჩიტების მთაც ერთ-ერთი იმათთაგანი იყო. ცას ავხედე და რამდენიმე წამით ისევ დამიბრუნდა სიჩუმე. ძალიან სუფთა, უხიწვო და უნაოჭო სიჩუმე, ამ სიჩუმიდან სამყაროს ყველაზე ბნელი და იდუმალი მღვიმეები იყურებოდა, ყველაზე მისტიური და მიუწვდომელი სიღრმეები მოჩანდა, და მივხვდი, აქედან უნდა დამეწყო, ბუნების შიგნით, მის გულში დამარხული საიდუმლოს ამოხსნით, მისი ყურისგდებითა და თვალისდევნებით, მისი აღქმითა და აღმოჩენით.

 

უბრალოდ წარმოვიდგინე, რომ სამშობლოში ვიყავი. ხრიოკი ტუნდრის ნაცვლად იმერეთის ზღაპრულად დათოვლილ ორღობეებში მივაბიჯებდი; შტორმული ქარი, უკვე ხელ-ფეხს რომ მიყინავდა, ჩვენებური ნიავქარი იყო, ახლად დაფიფქული ტოტებიდან ნამქერს რომ ყრიდა და ბეღურებს ბუმბულს უწეწდა; შავი ობელისკებივით წამომართული, მტრულად მდუმარე კლდეების ნაცვლად იმერული ოდები იდგა, მოჭრიალე ჭიშკრებითა და ბუხრებში დანთებული გემრიელი ცეცხლით; გზას მთვარის ვერცხლისფერი შუქი მინათებდა, მხრებზე ხეებსა და ხეებს შორის გარჩენილ თოვლის ჩუმ მარგალიტებს მაყრიდა და მიწაზე დაქარგულ ნაფეხურებს სიჩუმესავით იმახსოვრებდა...

 

აღარ ვჩქარობდი. ახლა მართლა მოჩანდა სოფელი, ელექტრონის შუქით განათებული და პოლარული ძაღლების ბრაზიან ყეფაში ჩაძინებული სხვისი სოფელი."

 

 

* * *

 

სახელოსნოში ჩამოცხა.

 

მამის ნატურმორტების მთავარ გმირებს – საქართველოს სოფლებში წლობით ნაგროვებ ქოთნებს და ლამფებს, ქვაბებს და ჭინჭილებს ჩამოვუარე და ვიფიქრე, რომ ჭურჭლის არსს მასში არსებული სიცარიელე კი არა, იმ ადგილის სული შეადგენს, სადაც მისი თიხა გამოწვეს. ადამიანის არსებობის საიდუმლოც იმ მიწამ იცის, სადაც ის გაჩნდა. მერე ბუნების ჯადოსნურ სიღრმეებში აღმოჩენილ სინამდვილესთან პირისპირ დარჩენილი, მოსკოვურ ბინაში იმერეთის მთვარიანი სურათების ხატვაში ღამენათევი მამა წარმოვიდგინე და კარი გავაღე. ნახატში შევაბიჯე. სიჩუმე იდგა, უკვალავი თოვლივით სქელი და გაუვალი სიჩუმე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დოლენჯაშვილი თეონა / თოვლით დახატული პეიჟაზი