დოლენჯაშვილი თეონა
ლიანა, ვერა, ნორიკო
ლიანა ბაღში იჯდა და ფიქრობდა. ფიქრობდა, რომ ეს არის ყველაზე საუკეთესო ბაღი შემოდგომისას.
აქ ყველაფერი ისე შეგუებულია კვდომასთან, სიცოცხლის წარმავალობასთან. და ეს ფოთლებიც ხეებზე და ეს ლოკოკინებიც წყალში ისევე გარინდულან როგორც თავად ლიანა ცარიელ, ლურჯად შეღებილ ძელსკამზე. ლიანა ყოველ დილით მოდიოდა აქ. ჯერ ბაცი ჩაით, ჭვავის პურითა და ზედ გადასმული ლეღვის ჯემით ისაუზმებდა, მერე მასსავით ძველმოდურსა და ჩუქურთმებიან კაკლის ხის ბუფეტს საგულდაგულოდ გააპრიალებდა და კარებს გამოიხურავდა. ზემო სართულზე მეზობელი ქალი კონსერვატორიის აბიტურიენტებს ამეცადინებდა. ლიანა ფორტეპიანოს კლავიშებზე გაუთავებელ მონოტონურ კაკუნს ვერ იტანდა. “ნერვები შიგ ამ მუსიკის ხმაურში მეხლართებაო”,-იტყოდა და გაცლას ამჯობინებდა.
ბაღი უტყვად, მოთმინებით ელოდა. კარგი ისიც იყო, რომ აქაურობას მისი შეჭაღარავებული მეგობრებიც ეწვეოდნენ: ვერა – თავისი არასტაბილური წნევითა და ნორიკო – დიდი ხნის წინათ დაღუპულ მეორე ნახევარზე, იორამზე დაღლილი დარდით.
ისხდნენ. წყნარად. ნორიკო ჭრელ ხელთათმანებს უქსოვდა დიდ ქალაქში გადაბარგებულ შვილიშვილებს. ჩაშაქრული, დაჩამიჩებული შემოდგომა იდგა. ვერანდებზე ბეგონიები ყვაოდნენ. ბალახებში ხოჭოები ბზუოდნენ. ოქროსფრად ჩასქელებულ ჰაერს თბილი ნიავი არხევდა.
მშვიდი, უცვლელი ერთფეროვნებისთვის განწირული ყოველდღიურობაც ისევე მიედინებოდა, როგორც წყლის მზინვარე ჭავლი ბაღის ძველ, ჟამისფერ შადრევანში. სექტემბრის თერთმეტჯერ მოწყენილი მეთერთმეტე ოთხშაბათიც გათენდა. ლიანა ოდნავ შეყვითლებული ხეების ჩრდილში იჯდა, ვერა რომ შეჩვეული ნაბიჯით მოუყვებოდა ბაღისკიდეს. მაღალი, სანდომიანი ვერა. კეფაზე ლამაზად დაწყობილი ვერცლისფერი თმით, მხრებზე მოხვეული ლურჯად დაჩითული შალით. სახეს ჯერ კიდევ უნათებდა გარდასული სილამაზის სხივი. ამ შემოდგომასავით იყო და ლიანას კიდევ ერთხელ გაუკვირდა რატომ დარჩა ასეთი მშვენიერი ქალი მარტო. ვერა ამაზე არასოდეს საუბრობდა, მაგრამ ლიანა ხვდებოდა, მიზეზი უთუოდ სიყვარული იქნებოდა, სიყვარულის გულისშემძვრელი ისტორია, მარილიან წვიმასავით რომ გადაუვლის ხოლმე ამგვარ პატარა, დაბურულ ბაღებში გარჩენილ ქალაქებს.
ისხდნენ. მყუდროდ. ვერა ფეხებთან მოფრთხიალე ნაცრისფერ მტრედებს აპურებდა. შორიახლოს პატარა და ძალიან სერიოზული ბავშვები სილაში იჩიჩქნებოდნენ. მერე მოიღრუბლა და ჰაერი ჩამუქდა. «სადილობის დროც მოსულა» – თქვა ლიანამ და წამოდგა. “ნორიკო კი არ მოვიდა” – დაამატა ვერამ.
მერე ერთად გაუყვნენ ვიწრო ბილიკს. ბაღის გაყოლებაზე ჩარიგებულ სასურსათო მაღაზიებში კარტოფილი და კომბოსტოს შეხუჭუჭებული თავები შეიძინეს და სახლებს დაუბრუნდნენ. ნორიკო კი არ მოვიდა. რადგან დღე მისთვის ყოვლად უჩვეულოდ, შეიძლება ითქვას სასწაულებრივად დაიწყო. ასე იყო: ახლადგაღვიძებულმა სარკიან კარადაში, იქ, სადაც იორამის წერილებსა და მძივებად ასხმულ სიზმრებს ინახავდა, თაფლისფერი, ფუმფულა ციყვი აღმოაჩინა. ციყვი გახუნებულ კონვერტებსა და ხელნაწერებს შორის იჯდა. მხოლოდ ტუჩებს აცმაცუნებდა.
თითქოს იორამის წერილებს კითხულობსო, ისე. ნორიკო ჯერ ციყვის არსებობამ, მერე მისმა სილამაზემ გააოგნა და ბოლოს მიხვდა! ეს პატარა ცმაცუნა არსება სიმარტოვის საწინააღმდეგოდ გაჩნდა მის ვრცელ, მაგრამ ავეჯით ჩახერგილსა და დაჩრჩილულ ბინაში.
და ნორიკოც ამოქმედდა. უკვე შემჭკნარი ფეხები ფლოსტებში წაყო, ფლანელის უფორმო საღამურზე კაბა გადაიცვა და ახლომდებარე სუპერმარკეტში მსხვილი, გაპრიალებული თხილით სავსე პარკები შეიძინა. ციყვი მთელი დილა ამ თხილს ამტვრევდა და აკნატუნებდა. ნორიკო კი მისაღებ ოთახში მისთვის რბილ, კომფორტულ ფუღუროს ამზადებდა. ხავსიც კი ამოიტანა ეზოს დაჩრდილული მხრიდან.
მაგრამ საბოლოოდ ციყვმა მაინც სარკიან კარადაში ცხოვრება ამჯობინა – ძველი წერილების მტვერსა და ნორიკოს დაბლანდულ სიზმართა შორის.
და მხოლოდ მეოთხე დღეს, ნორიკო რომ ბაღში აღარ გამოჩნდა, სახლში შეშფოთებული მეგობრები ეწვივნენ. ნორიკოს ის-ის იყო ციყვი ებანავებინა და თბილ, კუბოკრულ პლედში გამოხვეული კალთაში ეჯდა. თან ჭრელ, ხალისიანად ჭრელ ხელთათმანებს უქსოვდა დიდ ქალაქში გადასახლებულ შვილიშვილებს. ლიანა და ვერა გაოცებულები უცქერდნენ. სიტყვაც ვერ დაძრეს. მხოლოდ გვიან საღამოს საკუთარ საწოლებში ჩათბუნულებმა, რადიომიმღებებს რომ ჩაუწიეს, მთელი სიმწვავით შეიგრძნეს რა საქმიანი და რა ბედნიერია მათი მეგობარი.
ნამდვილად ამ შემთხვევის ბრალი იყო ჭარმაგი და სერიოზული ვერა რომ აცუნდრუკდა და მეორე დილით ბაღში გასეირნებისთვის გამზადებული სადარბაზოსთან შეყოვნდა. სადარბაზოში მისი ასაკის ქალები იდგნენ და საფოსტო ყუთებში სარეკლამო ბუკლეტებს ყრიდნენ.
ქალები პენსიონერთა დაცვის ლიგას წარმოადგენდნენ. ვერას ჯერ პოლიტიკურად გაპიარებული ბუკლეტი მიაჩეჩეს, მერე საუბარი გაუბეს. ერთიანად გააბრუეს და გათიშეს. უთხრეს, რომ საპენსიო ასაკს მიღწეული ქალი ყველაზე გონიერი და ბრძენი არსებაა და სახელმწიფოს მართვა ყველაზე უკეთ მას ხელეწიფება. რამდენიმე მაგალითიც მოუყვანეს, რომელთაგანაც ვერას მხოლოდ ინგლისის დედოფალი ელისაბედი დაამახსოვრდა.
მოკლედ, ჩააბეს და ბუკლეტებით დახუნძლული და ახალი პოლიტიკური მოძღვრებით თავგამოტენილი ვერა სახლში აბრუნდა, ხოლო იმ საღამოდან სისხლსავსე ცხოვრება დაიწყო – კარდაკარ დადიოდა და ოდნავ სიბერეშეპარულ თუ მთლად დაჩაჩანაკებულ ელექტორატთან აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ეწეოდა. ვერამ დიდ პოლიტიკაში შეაბიჯა.
ვიღას ახსოვდა წნევა და ადელფანის ტააბლეტები. მზით გამთბარ სკამზე ახლა მხოლოდ ლიანაღა იჯდა. მოწყენილი, თვალებმოჭუტული.. დილაობით ისევ ბაც ჩაის სვამდა. ტელევიზიით ვერა გამოდიოდა. პენსიონერთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაზე საუბრობდა. ნორიკო ციყვზე ზრუნავდა-ვიტამინებით გამდიდრებული საკვები აღმოეჩინა ცხოველებზე სპეციალიზირებულ მაღაზიაში.
ზემო სართულზე ფორტპიანოზე აკაკუნებდნენ – სონეტებს, გამებს, მენუეტებს.
ლიანა ხუთი დღე მიყოლებით უსმენდა. უკაკუნებდნენ. უსმენდა. . . მეექვსე დღეს კაკუნს რომ მორჩნენ, სარკეში ჩაიხედა. წვრილ, ახლომხედველ თვალებზე ვერცხლის ძეწკვზე გამობმული სათვალე მოირგო და მეზობელ ქალთან ავიდა. ქალი მასზე ცოტა ახალგაზრდა იყო, მაგრამ კარგად მოვლილი.
დაქნილფჩრხილებიანი თითებით სანოტე რვეულს ფურცლავდა. როიალზე სილის საათი იდო და ვარდისფრად აყვავებული აზალიებით სავსე ქოთანი.
მეტი არაფერი დაუნახავს. ძალიან ღელავდა.
– ჩემი თხოვნა უჩვეულოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ... – აქ წაბორძიკდა. მერე გადაწყვიტა პირდაპირ ეთქვა: – მუსიკაში უნდა მომამზადოთ, კონსერვატორიისთვის.
მეზობელი ქალი ზუსტად ისე უცქერდა, ის და ვერა რომ უცქერდნენ ციყვჩახუტებულ ნორიკოს. მაგრამ ლიანა მტკიცე იყო და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. მოსამზადებელი ეტაპი სწრაფად დაძლია, ნოტებიც მალე აითვისა.
სოლფეჯიოს ჩაკირკიტებდა, ვერა რომ ესტუმრა. ვერას მახვილმა თვალმა უმალვე შეამჩნია, რომ ლიანას სანაქებო კაკლის ხის ბუფეტი ძველებურად აღარ ბზინავდა, სამაგიეროდ, ლიანა ჩანდა რაღაც ატაცებული. რომელიღაც მელოდიას ღიღინებდა, თან მარჯვენა ხელით ჰაერში წარმოსახვით სამკუთხედებს ხაზავდა, მუსიკის ტაქტს აყოლებდა. აი, ასე: ლა, ლაა, ლა.. ლა, ლა, ლაა..
– ჩვიდმეტში დიდ ფორუმს ვმართავთ. აი, მოსაწვევი, – ვერას დაღლისგან ბზარშეპარული ხმა ჰქონდა, მაგრამ თვალები უელავდა.
– არ შემიძლია. ვერ მოვალ. ოცში პირველი საჩვენებელი კონცერტი მაქვს. შოპენს ვასრულებ.
ვერა ჩამოჯდა. მოსაწვევი ბარათი თითებიდან უხერხულად გამოჩროდა.
– იქნებ რამე უფრო... ჩვენი ასაკისთვის შესაფერისი შეგერჩია. მაგალითად, ბახი..– ესღა უთხრა. . .
პირველად ისევ ნორიკოსთან დაიწყო.
და იმით, რომ ოქტომბრის ერთ წვიმიან დილას გაღვიძებულმა ნორიკომ ციყვი სარკიან კარადაში ვეღარ იპოვა.
თხილის ნაჭუჭებით ავსებული ბინა რომ გადააქოთა, მერე იფიქრა, იქნებ ჩემი კუდფუმფულა აივნიდან ეზოს ნაძვებზე გადაძვრაო. ციყვი ვერც ეზოში იპოვეს და ვერც ნაძვებითა და ფიჭვებით განთქმულ ბაღში. ნორიკო იჯდა და პატარა ჭიქაში კარდიამინის წვეთებს ითვლიდა. ლიანა და ვერა ამშვიდებდნენ- გამოჩნდებაო. აღარ გამოჩნდა.. კარადაში გაცრეცილ ფოლიანტებთან მოგონებების ცურცლი დატოვა, ბინაში—სანახევროდ დახრული ავეჯი. ნორიკო გიჟივით იყო.
მის მეგობრებს კი ციყვისთვის აღარ ეცალათ. ვერა ფორუმისთვის ემზადებოდა, ლიანა კონცერტისთვის იკერავდა ჟაბოიან კაბას.
ის დღე იყო. თექვსმეტი ოქტომბერი. ვერამ ერთ-ერთი ამომრჩევლის კარებზე რომ დააკაკუნა. კარი წამოზრდილმა ბიჭმა გაუღო და ბებიდას დაუძახა. ოთახებში ბავშვები დარბოდნენ და მომცრო ტანის, შავკაბიანი ქალი ვერას საკუთარი სამყოფელისკენ წარუძღვა. ჩვეულებრივი ოთახი იყო.
ღია სარკმლიდან დამწვარი ფოთლების კვამლი შემოდიოდა. მაგიდაზე გამხმარი წითელი ვარდები ეწყო და ორად გახლეჩილი ბროწეული გაბნეულიყო. კედელზე ბარომეტრი და მამაკაცის გადიდებული ფოტო ეკიდა.
ვერამ ფორუმის მოსაწვევი მაგიდაზე დადო, საუბარი დაიწყო და შეჩერდა. რაღაც უშლიდა.. მასპინძელს გახედა. ქალი ყურადღებით უსმენდა. ისხდნენ, მაგრამ მაინც ქვემოდან ამოცქეროდა.
შავ, შინნაქსოვ კაბაში იდაყვები გამოჩროდა. ბეღურას წააგავდა. არა, ის არა.. ვიღაც სხვა უშლიდა. ზემოთ აიხედა და მიხვდა. ფოტო. ძალიან ნაცნობი სახე იყო.
ერთობ ნაცნობი, ძვირფასი და...
– ჩემი მეუღლეა, – ვერას მზერას თვალი გააყოლა ქალმა – ნიკო.. ნიკოლოზი. შარშან მიიცვალა საწყალი, – პატარა, დაგრეხილი თითით შეუმჩნეველი ცრემლი მოიმშრალა.
ვერაც გამშრალიყო. მაგიდაზე ბროწეული ღუოდა. ფოტოდან ნიკა იცქირებოდა. მისი ნიკა. უკვე დაბერებული, უკვე მიწადქცეული, უკვე არარსებული, მაგრამ მაინც ერთადერთი, დაუვიწყარი და შეშლილი სიყვარული.
და რამდენი სიცოცხლე უნდა გასულიყო, რომ ის მაინცდმაინც ახლა, მაინცდამაინც ამ ბინაში, ამ მოცუცქნული, სევდიანი ბეღურას კრეამინირებული ფოთლების კვამლით გაბურულ ოთახში ეპოვა.
და ისევ დაინგრა. რატომ? რისთვის? იგრძნო როგორ აიწია ზედა და ქვედა სისტოლურმა წნევამ ერთდროულად, როგორ გაორდა ნივთები ოთახში და როგორ ძალუმად აძგერდა ვერას უსიყვარულობითა და სიყვარულით გადაღლილი გული.
ძალიან საცოდავი იყო. და იმ მასზე უფრო საცოდავმა ქალმა რა იცოდა. სასწრაფო დახმარების ნომერს კრეფდა პატარა, მარილებისგან დაგრეხილი თითებით.
სასწრაფო დახმარების მანქანა სწრაფად მოწუილდა. წნევის დამწევი და დამამშვიდებელი ნემსები დაარჭეს. კედლიდან ნიკოლოზი იყურებოდა. კიდევ ერთხელ უცქერდა მასზე უგონოდ შეყვარებულს, მის გამო დამცირებულსა და მისსავე საწოლზე გაშოტილს... კონსერვატორიის თეთრ, განსაკუთრებული ჟრერადობით აღჭურვილ დარბაზში კი ლიანა უკრავდა.
ჰაერში შოპენის ძალიან ლირიული, ჰაეროვანი და პოეტური ბგერები ირხეოდნენ. ლიანას ცისფერი კაბა ეცვა, მისივე ხელით რუდუნებით მოქარგული “პერელეიკით”. სკამზე ფრთხილად, ბებრულად ჩამომჯდარიყო. დაკვრისას ხელი უკანკალებდა. იგრძნობოდა, რომ მასაც უყვარდა. მაგრამ ტექნიკა არ უვარგოდა. როგორც ეს მკაცრი სახის პროფესორმა გადაუჩურჩულა ცნობილ, სათვალებიან მუსიკათმცოდნეს.
მუსიკათმცოდნეს ეღიმებოდა.
ენამწარე იყო, მაგრამ თავის სტატიებში დამწყები და ასაკით მასზე უფროსი ქალების დაცინვა არ ჩვეოდა. თან რაღაცნაირად გულისშემძვრელი სურათი იყო. უკვე გარდასული ქალი ოცნებაში ახალგაზრდობას რომ უბრუნდება, ისეთი. და მუსიკათმცოდნე ძალიან აღელდა. იცოდა მიმავალი რომ იყო, მაგრამ ეს ახლა განსაკუთრებით მძაფრად შეიგრძნო და შეშინდა.
ლიანა კი უკრავდა. ახლომხედველი თვალები დაეხუჭა. უკვე იცოდა გამსვლელ ქულებს არ დაუწერდნენ, მაგრამ ისეთი ბედნიერი იყო, როგორც შორეულ ბავშვობაში, მზეში ჩაძირულ მდელოზე პეპლებს რომ დასდევდა და სახლიდან კიდევ დედა ეძახდა: “ლიანა! მოოდი, სადილობის დროაო.”
მოკლედ, ჩაიჭრა.
და შემოდგომაც ილეოდა.
ნოემბერში რამდენიმე თბილი დღე გამოერია და სამივენი ძველებურად ბაღში ჩამოსხდნენ.
ისხდნენ. მღელვარედ.
– ციყვი ნამდვილად სიზმარი იყო,– თქვა ნორიკომ დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ– ჩემი ერთ-ერთი სიზმართაგანი... იმ კარადაში არ ვიპოვე?
ლიანა ნოტებს ხედავდა. იმქვეყნიური მუსიკაც ესმოდა.
– ჩვენ უკან ვეღარასოდეს დავბრუნდებით,– ჩაილაპარაკა ვერამ. გაიღიმა. მხარზე ლურჯად დაჩითული შალი ჩამოუცურდა,– ეს ყველაფერი უკვე იყო და იმიტომ.
– და იქნებ არც იყო, – ბევრი ვერაფერი გაიხსენა ნორიკომ.
– იქნება ნორა, აი, ნახავ. იქ იქნება,– დაღარული, ყავისფრად დატალული ხელი მოუთათუნა მეგობარს ლიანამ.
თვალებში ჩამავალი მზის ბრჭყვილა ბურთები უთამაშებდა.
19 აგვისტო. ფერისცვალება.