დოლენჯაშვილი თეონა
მოგონებებისგან გამომცხვარი ფუნთუშები
ერთმანეთს დაღუპული გემების ნავსადგურში შევხვდით. ზღვა მშვიდი იყო და სავსე. კენჭები – გლუვი. სხეულები – პრიალა.
ელენს თეთრი კაბა ეცვა. ეცვა და თითქოს არც ეცვა. თვალს ვარიდებდი. მაშინ, როდესაც ძალიან მინდოდა მეცქირა. ძალიან მინდოდა ასეთებივე დავრჩენილიყავით. არავის და არაფერს შეეცვალა ჩვენი უსიტყვო თანხმობა, ჩვენი ერთადერთი და დაუწერელი ბედნიერება.
***
მე კი უკვე ვიცოდი, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო. იმ დილით როგორც კი გავიღვიძე მაშინვე ვიგრძენი... ვუთხარი კიდეც – მოვკვდები-თქო. მან გაიცინა. არადა მართლაც ასე მოხდა. ყოველ შემთხვევაში, მისთვის.
მეორე დღეს თქვეს, მივდივართო.
ისე ნათლად მახსოვს შეკრული ბარგი, ერთმანეთზე აკოლიკებული ჩემოდნები, ჭილის ყუთები, შალითაგადაფარებული ავეჯი.
გარეთ რომ ქარი ქროდა ისიც მახსოვს. ბებიაჩემი სანთლებს ანთებდა და ეს ქარი კიდევ უქრობდა. ყვავილების მტვერი ეფინებოდა მისავიწყებლად განწირულ ხატებს. დედა დარაბებს ხურავდა – ქარი სანთლებს აქრობსო. ქარი არაფერ შუაში იყო – სამუდამოდ მივდიოდით.
გემი შუადღის ორ საათზე გავიდა. დაკარგულმა ზღვამ ჩვენი ბოლო შეხვედრა გამახსენა: მიტოვებული ნავსადგურის ყურისწამღები სიჩუმე, მისი მკლავები და მლაშე კოცნა.
კაირო
გვიანი ღამეა და ქვიშით სავსე, უნაყოფო ჰაერი.
სასტუმროში სიჩუმეა. მხოლოდ სხარტი ხვლიკები დასრიალებენ. ღამის პორტიეს ტურისტული ბუკლეტები შემოაქვს, მოტკბო ჩაი და თხელ თეფშზე ფქვილიანი შაქარლამები. “ვისაც არ უნახავს კაირო, მას არ უნახავს არაფერი” – აწერია ბუკლეტის თავფურცელს.
მე მინდა გავიხსენო როგორ მოვხვდი აქ – ყვითელი ქვიშისა და მწვანე სევდის ქალაქში. როგორ დაიწყო ჩემი მტანჯველი და მარადიული მოგზაურობა.
მინდა გავიგო რატომ დამხვდა ელენის სახლი მიტოვებული, დარაბები – ახურული, სიყვარული – დავიწყებული.
და სად შეიძლება ვეძებო...
დავეხეტები. ტურისტები ჯგუფ-ჯგუფად დასეირნობენ. პირამიდებიდან ქვებს ამტვრევენ და სუვენირებად მიაქვთ. “სამახსოვროდო”, – ასე ამბობენ. გიდი ყვება, თუ რა სიმაღლეს აღწევდა გასულ საუკუნეებში ხეოფსის პირამიდა.
იქამდე სანამ, ველური ტურისტული ბიზნესი წალეკავდა ქვის საოცრებას.
აკლდამებსა და სარკოფაგებში იდუმალი, ფოსფორისფერი ბარებია გახსნილი. “დაუვიწყარი ღამე კლეოპატრასთან” – იუწყება სარეკლამო ფირნიში ერთ-ერთი ასეთი აკლდამის შესასვლელში. სილიან კოქტეილს მთავაზობს ბარმენი. “თქვენ ხომ არ გინახავთ ასეთი ქალიშვილი”, – ელენის ფოტოსურათს ვაჩვენებ. უგულისყუროდ დასცქერის. ახალ კოქტეილს აზავებს.
დრო მუქდება. ისევ ღამეა.
კაიროს მთვარესავით ცხელი.
სასტუმროს ჰოლიდან აქლემების გრძელი ქარავანი გადის. დიდი ჩოჩქოლია. “უცნობი მარშრუტი! თავგადასავლები და მძაფრი შეგრძნებები!” – აცხადებს სასტუმროს სარეკლამო ბიურო.
ექსპედიციას მივყვები.
ერთი თვის თავზე სასმელი წყლის მარაგი გველევა. ქვემოთ მხოლოდ ქვიშაა და ზემოთ – ადუღებული მზე.
კაიროდან გვატყობინებენ, რომ საჰარის ჯერ ისევ აუთვისებელ სექტორში მოვხვდით და ვერაფრით დაგვეხმარებიან. ბევრი უგონოდაა. ფრანგი მეგზური მეუბნება, რომ მსგავსი ექსპედიციები სპეციალურად ეწყობა, პლანეტის მოსახლეობის გაზრდილი რიცხვის შესამცირებლად.
ჩემს მეგზურს თვალები უელავს. ნამდვილ ექსტაზშია.
“მიწისზედა და მიწისქვეშა სივრცეებს ვიკვლევ. ამ უდაბნოსაც რამეს მოვუხერხებ,” – მამხნევებს. ღამღამობით ვარსკვლავებს უჭვრეტს. თითით სილაში გამუდმებით რაღაცას ხაზავს და ანგარიშობს.
ჩემთვის სულერთია საჰარის აღმოსავლეთში მოვკვდები თუ დასავლეთში. ამიტომ მასთან ერთად 180 გრადუსით ვტრიალდები და გზას სულ სხვა მიმართულებით განვაგრძობთ. ოთხი თუ ხუთი დღის შემდეგ ათვისებულ სექტორში ვხვდებით.
სულს ვიბრუნებ.
მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ უდაბნოს ფორთოხლისფერ სივრცეში ხეტიალი მერჩივნა – იქ ყოველდღე ელი მელანდებოდა.
ბანგკოკი
გადაუღებელი წვიმების სეზონზე ჩამოვედი. საღამოს ხუთზე.
მიწა ძალიან რბილია. ტერფები მეფლობა და წვიმა მკოცნის ლოყებზე.
ზუსტად ის დღეა, ყველგან რომ წვიმს – ქუჩებშიც, ბამბუკით გადახურულ შენობებშიც, საავადმყოფოებშიც და კინოთეატრებშიც. წვიმა ატანს ქოლგებსა და ქუდებში. წვიმს ჩემს შიგნით – სადღაც, სიღრმეში.
სველია საწოლი წვიმის გუბესავით.
წვეთები წკაპუნებენ ცხელი წვნიანით სავსე თეფშში. ყველაფერი მყიფეა და ნესტიანი, მტირალა და სლიპინა. “თქვენ ხომ არ იცნობთ ელენ ნ-ს?” – ფოტოსურათით დავდივარ მდინარეებად დადენილ ბანგკოკში. სურათშიც წვიმს.
როგორც იქნა, გადაიღო.
ნელ-ნელა მშრალდება ზეცა და იწრიტება ცრემლად დადენილი ქალაქი. ასე უფრო ადვილია, მხოლოდ დროებით.
რადგან სამრეთიდან მოფრინავს უამრავი კოღო – გამჭვირვალე ფრთებითა და წვეტიანი ცხვირებით. ძალიან მწარედ იკბინებიან.
მთელი დღეები მხოლოდ ბრინჯს ვჭამ და კოღოებს ვიგერიებ. უცნაურად დავსივდი, არაპროპორციულად.
მიწა ისევ რბილია. მაგრამ მე ისედაც ვეღარ დავდივარ. უცნაურ, მოთეთრო-მონაცრისფრო ბურუსში ვწევარ და ოფლად ვიღვრები. ირიბად თვალებახლეჩილმა ექიმმა გამსინჯა და რამდენიმე გაერკვეველი სიტყვა წარმოთქვა.
მაგრამ მე უიმისოდაც ვხვდები, რომ მალარეა შემეყარა – ჭაობის ავადმყოფობა.
ბანგკოკელები პანტა-პუნტით იხოცებიან. ყოველ დილით ნავებითა და ტივებით გადაჰყავთ პატარა, ყვითელი გვამები.
შეუძლებელია ელენი აქ იყოს. კოღოებმა დაკბინონ მისი ნატიფი სხეული.
ვცდილობ მონაცრისფრო ბურუსს თავი დავაღწიო, გარეთ გამოვფოფხდე და მოძლიერებული მზის სხივები დავიჭირო...
კიდევ ერთმა მწუხარე პროცესიამ ჩაიარა. რომელიღაც უდროოდ დაღუპულ არსებას მიაცილებენ გაურკვეველი მიმართულებით. პროცესიამ რომ ჩაიარა, მიწაზე სპილოს ძვლის სავარცხელი შევნიშნე.
სწორედ ასეთით ელენი აიხვევდა ხოლმე მძიმე, ოქროსფერ თმებს.
სავარცხელი დასიებული თითებით ჩავბღუჯე. ახლა უკვე ვიცი, ჭაობის ჭირი ვეღარ მომერევა. ელი ისევ ჩემთანაა.
სიდნეი
სწორედ აქ ცა და მიწა ერთმანეთს უერთდება. მზე პირდაპირ თვალებში გიყურებს და მისი კაშკაშა სხივიც მუდმივად სნაიპერის ლულასავით გაქვს დამიზნებული.
საღამოობით, მზის ჩასვლის შემდეგ თვალებში გამოხედვას ვახერხებ და მორიალე ლანდებში ელენის სილუეტს დავეძებ. ბედნიერი ვარ, რომ ელენს მათ შორის, ადამიანთა კასტის უბადრუკ ნაკუწთა შორის ვერ ვხედავ.
თითოეულ მათგანს სხეული შავი ლაქებით აქვს დაფარული, ხორცი – დაგლეჯილი, კიდურები – მოცლილი.
ოზონის შრემ შეისრუტა მათი სულები და შეჭამა სხეულები.
ისინი მაინც არსებობენ, განაგრძობენ აგრესიული მზის ლაბირინთში ჩაკარგულ ცხოვრებას. დაგმანულ შენობებში ვიწრო საჰაეროები დაუტნევიათ. უმეტესობა მიწისქვეშა ბუნკერებში ჩასახლებულა. კვირაში ორჯერ ჰუმანიტარული დახმარება ჩამოდის. ვერტმფრენებიდან საკვებსა და ქოლგების ახალ პარტიას ყრიან.
მზის კეთროვანთა კონტინენტის გამოკვებასა და იზოლაციაზე საიდუმლო საერთაშორისო ორგანიზაციები ზრუნავენ.
ახლადჩამოსულთა ბუნკერში ჩამიყვანეს. აქ მყოფთ ჯერ კიდევ ვერ მორევიათ ოზონის სენი. მოპირდაპირე ოთახში გაკოტრებული მულტიმილიონერი შესახლებულა.
როგორც ჩანს, უფულოდ ცხოვრებას მზის ჭრილქვეშ სიკვდილი ამჯობინა.
აქვეა ორი შეშლილი მეცნიერი და ადამიანთა დაღუპულ სულებზე გამუდმებით მლოცველი მოძღვარი. მეცნიერები მთელი დღეები მზის გულზე სხედან, გაუგებარი ლათინურით ბჭობენ და გამურული შუშებით ჩრდილოეთით იცქირებიან.
მოძღვარი სახლიდან სახლში, ბუნკერიდან ბუნკერში გადადის გარდაცვლილთა სულებს უფალთან აგზავნის. როდესაც თავისუფალია, ასეთი რამ კი იშვიათად ხდება, მღელვარედ ქადაგებს. “გადარჩება ის, ვინც სულს არ დათმობსო” – იმეორებს.
ცინიკურად ეღიმება.
მას კანზე უკვე დაეტყო ოზონის “კოცნა”– მსხვილი ყავისფერი ლაქები.
სამაგიეროდ, მეცნიერებს ვერას აკლებს ოზონის შავი სხივი. საღამოობით ყინულიანი წყლით მიმასპინძლდებიან და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის თეორიას მიმტკიცებენ.
“ – რამდენიმე წელიწადში დედამიწა დიდი ჩრდილის წრეში მოექცევა და ყველაფერი საკუთარ ადგილს დაუბრუნდება” – მარწმუნებს ერთი.
” – რადგანაც რაც უფრო მკვეთრია შუქი, მით უფრო ბნელია ჩრდილის წრე – ფილოსოფიას იშველიებს მეორე.
მე ჩრდილის წრეში მოქცევას აღარ ველოდები. სამედიცინო შემოწმებას გავდივარ და კონტინენტიდან წასვლის უფლებას ვიღებ. ერთ-ერთი იმათთაგანი აღმოვჩნდი, დაავადების საწყისი ნიშნები რომ ვერ უპოვეს.
ნიუ-იორკი
მეთერთმეტე დღეა არაფერი მიჭამია. ძლივს დავლასლასებ და მიტოვებული სახლის კიბის უჯრედში მაწანწალა ძაღლებთან ერთად ვცხოვრობ.
“ხომ არ გინახავთ ასეთი ქალიშვილი, სახელად ელენ ნ.?”– შეშლილივით დავეძებ უზარმაზარ ქუჩებსა და მოედნებზე, ვეკითხები სწრაფი ნაბიჯით გვერდავლილ ხალხის ნაკადს.
ხმაურია. ურბანიზმია. შემოდგომის ბოლოა. ცივილიზაცია და კრიზისი.
სამსახური ვიშოვე, მაგრამ ალბათ დროებით.
ეგზოტიკური რესტორნის სამზარეულო ოთახში ვზივარ და ხოჭოებს ვახარისხებ: დიდი, საშუალო, პატარა. მერე ამ ხოჭოებს ჭრიან, ადურებულ წყალში ყრიან და დარიჩინით აზავებენ. ამ კერძზე დიდი მოთხოვნილებაა და საკმაოდ ძვირი ღირს. მე ცოტას მიხდიან.
ერთ ქვაბ ხოჭოში – ორმოცდაათ ცენტს.
დღის ბოლოს სენდვიჩებს ვყიდულობ და საეჭვო რეპუტაციის იაფფასიანი სასტუმროს ნომერში შევიყუჟები. ტელევიზორში გამუდმებით გლობალური ომის საფრთხეზე, არმაგედონსა და ტექნიკის უახლეს მიღწევებზე საუბრობენ. მე არ მეშინია. ელენს ამქვეყნად თუ ვერ ვნახავ, იმქვეყნად ხომ მაინც შევხვდები.
ცივი საღამოა. ხოჭოების ბოლო ქვაბს ვახარისხებ.
რესტორნის სამზარეულოს სარკმლიდან კარგად ჩანს როგორ ინთება დიდი ქალაქის ჩირაღდნები. შუქდება უზარმაზარი სარეკლამო ბილბორდები.
ქუჩას ჭრის ათი ათასობით წყვილი ფეხი. და... ელი! ეს ელენია... ის არის! შლეგიანივით წამოვვარდი და ქუჩაში გავიჭერი.
სად იყო? აი, იქით, მოპირდაპირე ქუჩის კუთხეში. რომელიღაც ლაბადიან ტიპს ამოეფარა. ვცდილობ ხალხის ტალღა გავარღვიო.
მხედველობის არედან არ დავკარგო... ისევ დავლანდე. ულტრამოდური ბუტიკისკენ მიაბიჯებს.
ბუტიკში სევრბივარ. აქ არ არის. ძვირფას ქსოვილებში ვიხლართები. კარებს ვენარცხები.
ისევ ქუჩახეები... შუქნიშნები... სირენების გაბმული კივილი... უცნობი სახეები... ცათამბჯენები... მომავლის ქალაქის ხმაური და მძვინვარება. ყველაფერია! ირგვლივ ყველაფერია... ელენის გარდა.
სამსახურიდან გამომაგდეს. ხოჭოები ქვაბიდან ამობობღებულიყვნენ და მთელს რესტორანს მოდებოდნენ. ელიტარ სტუმრებს ძალიან შეშინებოდათ.
ისევ დავწანწალებ.
მეზობლად შავკანიანი ბომჟი შემომისახლდა. უღმერთოდ უკრავს ფლეიტაზე. მე “ასისტენტად” მამუშავებს.
ქუდი მიჭირავს და მიწაზე დაცვენილ ცენტებს ვკრეფ.
საღამოობით რამე იაფფასიან სასმელსაც გადავკრავთ ხოლმე. შემოდგომამ ძალა უკვე დაკარგა. ზამთრის პირია. ჰაერში სუსხია და საშობაო სამზადისი.
კიბის უჯრედში უკვე ძალიან ცივა. ძველ პლედში გახვეული ვითოშები და სული კბილით მიჭირავს.
ჩემი ახალი შეფი ყოველ დილით დამცინის: “მთელი ცხოვრება ერთ ქალს სდიო? წარმოუდგენელია. დიიდი სისულელე.
აი, მუსიკა. მუსიკა... მთელი ცხოვრება მუსიკას შესწირო, მესმის,”---თავისთვის აგრძელებს, ამღვრეულ თვალებს ლულავს და ბებერი, დახეთქილი თითებით ფლეიტას ეფერება.
საოცარი მუსიკაა... არამქვეყნიური... სიყვარულისთვის დაწერილი.
ელენიც აქ არის. მიტოვებული სახლის ნანგრევებში, მხოლოდ მისთვის გამართულ კონცერტზე...
რომი
ამ ქალაქში მგონი უკვე ვიყავი. ზუსტად არ მახსოვს, ალბათ იმიტომ, რომ ღია ქალაქია. კოლიზეუმის თაღქვეშ ვზივარ. მტრედები მეხვევიან.
მზიან კაფეებსა და ტერასებზე ხალხი ირევა, იცინის, ყავასა და კოქტეილს წრუპავს.
მშვიდად ვარ. სწორედ ისეთი ქალაქია, სიყვარული რომ იცხოვრებდა.
უკვე ყველა ბარისა და მაღაზიის მეპატრონე მიცნობს, ყველა მუზეუმისა და სასტუმროს თანამშრომელი. როგორც კი დამინახავენ ელენის ფოტოთი და უცვლელი კითხვით “თქვენ ხომ არ გინახავთ?” – …შუბლზე თითს იტრიალებენ, “ვერ არისო”, – გამვლელებს ანიშნებენ.
არადა, შემეძლო ადამიანურად მეცხოვრა, კომფორტულად მემოგზაურა და ქალის პოვნაშიც დამხმარებოდნენ, მაგრამ არ მოვინდომე.
ნიუ-ორკში, შობის ღამეს ჩემი შავკანიანი მეგობარი გაიყინა. მეორე დღეს გვამი პროზექტურაში წაიღეს და დიდი ამბები ატყდა. თურმე ჩვენი დროის უდიდესი მუსიკოსი მომკვდარიყო 20... წელს რომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
გაზეთები ააჭრელეს.
ვერაფრით ამოეხსნათ მაწანწალა მუსიკოსის ფენომენი, საკუთარი თავი მუსიკას რომ მიუძღვნა.
მერე ჩემითაც დაინტერესდნენ. “ამისგან საოცარ ისტორიას შევქმნი,” — ხელებს იფშვნეტდა ძვირფასპაჯაკიანი პროდიუსერი. შემომთავაზეს, გადამღებ ჯგუფთან ერთად მემოგზაურა და ბოლოს, ჩემსა და ელენის შეხვედრას ფირზე აღბეჭდავდნენ.
ორი კვირა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვიცხოვრე. გამოვიპარე... ელენისგან კინოს გააკეთებდნენ და სამუდამოდ დავკარგავდი.
რომი კიდევ ლამაზია. დღეები გრძელია.
ღამეები – ნათელი. ყველგან მუსიკა უკრავს. წყვილები დასეირნობდნენ. სიცოცხლე მშვენიერია... რადგან არ ვიცი რა მელის წინ...
***
ვისაც უნახავს როგორ იძირება მზე პროვინციული ქალაქის უშფოთველ სიმწვანეში მიხვდება, რომ მთელი ცხოვრება ამ მზის ცქერაში გავატარე.
დრომ სწრაფად გაირბინა.
დღეები იმ კენჭებივით წააგავდნენ ერთმანეთს, ჩემი ბავშვობის სანაპიროზე ზღვის ტალღები რომ ლოკავდნენ... ახლა აივანზე ჭრელ-ჭრელ ყვავილებს ვახარებ, ორ შვილს ვზრდი და შეუმჩნევლად ვიმატებ წონაში. ზოგჯერ სანთლებსაც ვანთებ, ისევე როგორც ამას ბებიაჩემი აკეთებდა. უფრო კი ისეთ დღეებში, როცა ბავშვი ავადმყოფობს ან ფული შემოგვაკლდება.
სწორედ ბებიაჩემი ამბობდა, რომ ყოველდღიურობა ფენოვანი ნამცხვარივითაა. მასში ქიშმიშსაც იპოვი და ლიმონის ნაჭერსაც.
მანვე მასწავლა საიდუმლო კულინარიული რეცეპტები. ამ ცოდნით გადაურჩა ჩემი ოჯახი 20...
წელს დიდ შიმშილობას, ურიცხვი სული რომ შეიწირა. სადილებს ტექნიკური ნარჩენებისგან ვამზადებდი. მართალია, ცოტა სპეციფიური გემო ჰქონდა, მაგრამ...
ახლა ყოველ დილით ფუნთუშებს ვაცხობ და ჩემი სახლის წინ მდებარე კაფეში ვაბარებ. ფუნთუშების ჭამა გასაოცარ შეგრძნებებს იწვევს. მათ დავიწყებული მოგონებების გამოხმობა შეუძლიათ.
სწორედ ამიტომ ჩვენი პატარა კაფეტერია ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დღეს დილით სანთლები დავანთე და ქარმა ჩამიქრო. სწორედ ისე, როგორც ოცდარვა წლის წინათ სამუდამოდ რომ ვტოვებდი მშობლიურ ქალაქსა და ჩემს წილ ზღვას.
მერე ფუნთუშები დავაცხვე და კაფეში ჩავიტანე. სისხამი დილაა. ნიავი აივნებიდან გადმოკიდებულ სუროს ფოთლებში იხლართება. დამლაგებელი ქალი წითელი ფუნჯით მაგიდებიდან შეუმჩნეველ მტვერს წმენდს. მე ყავას ვსვამ და ქუჩას გავცქერი... სწორედ ამ დროს კაფეში ის შემოვიდა.
მაშინვე ვიცანი. ყარიბი მგზავრი – დაღლილი და მოტეხილი.
მტვრიანი ზურგჩანთითა და ჩემი ოცდაცხრა წლის წინ გადაღებული ფოტოსურათით ხელში.
კაფე ცარიელია. ჩემი გული – გაჩერებული. მან კი გულგრილად ამათვალიერა, გვერდი ამიარა, დახლზე მიყრდნობილ მიმტანს ფოტოსურათიანი ხელი გაუწოდა და მჟღერი ხმით ჰკითხა: “თქვენ ხომ არ იცნობთ ასეთ ქალიშვილს, სახელად ელენ ნ.-ს?”
მე უჩუმრად გამოვიპარე კაფეტერიის ღია კარებიდან და მივხვდი, რომ მოგონებებისგან ფუნთუშების ცხობა ფუჭი საქმეა..