დოლენჯაშვილი თეონა
რეალური არსებები
მოთმინება არ მყოფნის ცხოვრებისთვის
სიორენ კირკეგორი
ბოლოს აქ თხუთმეტი წლის წინ იყო. მას შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა, იგივე სასტუმრო, ევკალიპტები, ტბის სანაპირო... აქაურობა დროს არ მიჰყოლია. თითქოს ისევ ის ზაფხული დგას... მაშინდელი უდარდელი, თხუთმეტი წლის წინანდელი ზაფხული.
შეიძლება ამის გამოცაა, ახლა ყველაფერი უფერული და მოსაწყენი რომ ეჩვენება. თუმცა, ვიდრე წამოვიდოდა, სხვაგვარად ფიქრობდა. ქალაქში ცოლ-შვილსაც შეძლებისდაგვარად მიმზიდველად დაუხატა ლურჯი ტბის სანაპირო, ოდესღაც აქ გატარებული ზაფხული და ისინიც უხალისოდ, მაგრამ მაინც დათანხმდნენ.
ბოლოს და ბოლოს, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. ჰოდა, მანაც შეუკვეთა – საუკეთესო ნომერი სასტუმროში... ბარგი ჩაალაგა, მანქანა დაქოქა და აჰა, უკვე აქ არის. ოთახიდან გადაშლილ ხედს უყურებს და ნანობს. ხვდება, რომ შვებულების აქ გატარება უსიამო იქნება. მეტიც, მტანჯველი.. ეს ჯერ კიდევ იქამდე იგრძნო, ვიდრე ტბას და სასტუმროს ღია მწვანედ შეღებილ ფასადს დაინახავდა, ვიდრე ბარგს ამოალაგებდნენ და ლანა ჩვეულ, ისტერიულ კონცერტს გამართავდა სახლში დარჩენილი პარფიუმერული ჩანთის გამო, ვიდრე გააცნობიერებდა, რომ წარსულთან დაბრუნება დაღლილი გულით და ცარიელი აწმყოთი მტკივნეული ყოფილა.
ახლაც ამ დამთრგუნველი შეგრძნების გაფანტვას ცდილობს.
ოთახიდან გამოდის და ნელა მიუყვება სანაპიროს... მოშორებით დამსვენებლებს ხედავს, მათი ერთამანეთში არეული ხმები და მხიარული კისკისიც ესმის. უცხო და ბედნიერი სახეების დანახვა არ უნდა და იქვე ჯდება. ტბაში უხალისოდ ისვრის კენჭს. გრძნობს, როგორ დაღლილია, იარაღაყრილი, მხნეობაწართმეული... შეიძლება ამის მიზეზი თხუთმეტი წლის წინანდელ, აქ დატოვებულ სილაღესა და აწმყოს დამთრგუნველ სიმძიმეს შორის კონტრასტია. შეიძლება ყელზე ძაღლის საბელივით გამობმული და მოჭერილი ლანას ნევროზი, ამოსუნთქვის საშუალებას რომ არ აძლევს,Aან სულაც, ეს უცვლელი და უდრტვინველი პეიზაჟი, რომელიც ფეხს არ გიწყობს, შენთან ერთად არ ბერდება და ეშვება, რომელიც კიდევ ერთხელ გიდასტურებს, რომ უკან არაფერი ბრუნდება და ერთ ტბაში ორჯერ ვერ შეხვალ.
დიდად არც წარსულში აქ გატარებული დღეების გახსენება სიამოვნებს. იმ დღეების ფურცვლა რაღაცით ძველი ალბომის თვალიერებას ჰგავს, ფოტოებს, რომელიც დიდი ხნის წინ გაცვდა და რომელთანაც აღარანაირი ემოცია აღარ გაკავშირებს, აღარაფერი აღარ გიზიდავს: არც გარემო, არც ადამიანები, მხოლოდ შიგ ჩასმული საკუთარი თავი მოგწონს. ზუსტად ისეთი, როგორიც მაშინ იყავი და მეტი არაფერი.
არადა, კარგი იქნებოდა რამე რომანტიკული ისტორია ჰქონოდა. რამე ისეთი ისტორია, მერე გონებაში რომ ალამაზებ და ახალ-ახალი დეტალებით ავსებ. ასეთ ისტორიებში ყოველთვის არის ვიღაც გოგო... მისი დავიწყებული, მაგრამ ამავე დროს, უცვეთი სახე.
გოგო, რომელიც უყვარდა და ეს ადგილები სწორედ ამ სიყვარულს გაახსენებდა. ცოტა გულს აუჩქროლებდა, ცოტა სევდას მოგვრიდა, აი, ისეთ... სიხარულნარევ სევდას.. სასიამოვნო ფიქრს, რომ ოდესმე ის გოგოც ჩამოვიდოდა აქ, ჩამოჯდებოდა ნაპირზე და მის მეხსიერებაში მასაც ექნებოდა თავისი უცვეთი ადგილი.
მაგრამ ასე არ არის და წარსულის დღეებსაც კენჭებივით დაუნანებლად ისვრის წყალში. კენჭი სწრაფად უჩინარდება, წყლის ზედაპირი მკრთალ წრეებს იკეთებს და მერე ისევ დგება, სწორდება, ძველ სიგლუვეს და უშფოთველობას იბრუნებს. მიკა ფიქრობს, რომ ადამიანის ცხოვრებაც არსებობის ზედაპირის ოდნავი შერხევაა. რამდენიმე უმნიშვნელო წრე და წკაპ, – სამუდამო გაუჩინარება...
ზურგსუკან ფეხის ხმა ისმის.
მიხედვა არ უნდა, ვითომ აქ არ არის. მარტოობა უნდა, სიჩუმე... მაგრამ ვინ გაცლის.. რა თქმა უნდა, ლანაა. დამშვიდებულა და სახეც ღრუბელგადავლილ ცას მიუგავს. თითებში განუყრელი სიგარეტის ღერი უჭირავს. მის გვერდით უხმოდ ეშვება, ქსუტუნებს და ჟაკეტის ჯიბიდან სანთებელას იღებს.
ასევე უხმოდ უკიდებს. ისეთი რბილია, ისეთი უწყინარი, თითქოს რამდენიმე წუთის წინანდელი უკონტროლო რისხვა იმ ლოკოკინასთვის მოუკიდებია, აგერ, საკუთარი ტვირთით ამაღლებული რომ მიღოღავს ტბისკენ.
მირიანს ნერვებს უშლის ცოლის ასეთი სწრაფი მეტამორფოზა. მის გაუგებარ რისხვაზე უფრო სწორედ ეს – რადიკალურად შეცვლილი განწყობა აცოფებს. კიდევ უფრო უმიზეზო და გაუგებარი მხიარულება... ლანა ერთ წუთს თუ ნამდვილი ქარიშხალია – დამანგრეველი, თვალებანთებული, ბოლო ხმაზე მომკივანი... მეორე წუთს შეუძლია ეს ქარბორბალა საკუთარ დუღილშივე შაქარივით დაადნოს და შუაგულ ოთახში, სადაც რამდენიმე წამის წინ ჭურჭელს ამსხვრევდა, ამ ნამსხვრევებზე საცეკვაოდ დაბზრიალდეს... ახლაც, როგორც ჩანს, რაღაც მხიარულის მოყოლას აპირებს.
სიგარეტს ბალახზე აქრობს და პირს აღებს...
ამბობს, რომ აივნიდან ძველი მეგობარი დაინახა, ქეთა. თურმე ისიც აქ ისვენებს. აი, ის, რამდენიმე წელი გერმანიაში რომ ცხოვრობდა და სკაიპით ელაპარაკებოდა. როგორ არ ახსოვს? ქეთათო, ქეთა! ქერა, დიდძუძუებიანი... მიკას ასეთი ქალები არ ავიწყდება, მაგრამ ცოლის დაქალებით არ ინტერესდება. ლანას მომღიმარი სახე ისევ ექუფრება. მიიჩნევს, რომ მიკას მისი არაფერი აინტერესებს.
უფრო სწორად, თვითონ ლანა არ აინტერესებს, არც ისე, არც ასე, არც დღე, არც ღამე, არც ბალახში, არც საწოლში.. არადა, მასაც შეეძლო თმები ქერად შეეღება და ძუძუები სილიკონით დაებერა. იქნებ, ასე მაინც მიექცია მისი ყურადღება... მიკა ოხრავს. ხვდება, რომ მეორე სერია იწყება. მთის ჰაერი აშკარად ახალი და ენერგიული ძალებით აღავსებს ლანას.
საბედნიეროდ, სადილის დრო დგება და დამსვენებლებიც სასტუმროს რესტორნისკენ მიიჩქარიან. მიკა სიგარეტის ანთებულ ღერს ტბისკენ ისვრის და დგება.
ლანას ყურადღებაც უცხო ადამიანებზე გადადის. ლანასთვის თვალის ერთი შევლებაც საკმარისია სხვებზე დასკვნების გამოსატანად. ეს დასკვნები, როგორც წესი, უცვლელი და ურყევია, საბოლოო განაჩენის სახეს იღებს და გასაჩივრებას არ ექვემდებარება...
მიკა და მისი ცოლ-შვილი ტერასაზე სხდებიან. აქედანვე ჩანს, რომ დამსვენებელთა კონტიგენტი ჭრელია – ტბის სანაპიროზე გარუჯული თინეიჯერები, ოჯახური წყვილები, მთის ჰავის სარგებლობაში დარწმუნებული პენსიონრები...
ტერასადან არც თუ ურიგო ხედი იშლება, მაგრამ ამას ახლა მარტო მიკა ამჩნევს. ლანა ისევ სხვებზე დაკვირვებითაა დაკავებული, ნია საკუთარი თავით, დათუნა – ტელეფონში აღმოჩენილი ახალი თამაშით.
თანაც ისე, რომ მხოლოდ დროდადრო თუ მოწყდება თამაშს და რამეს უგემურად გაღეჭავს.
დათუნა ისედაც ვერ იტანს ამ ოჯახურ ტრაპეზებს, სუფრებს, კოლექტიური ჭამა-სმის რიტუალებს. ამ დროს პირი საჭმლით, კუჭი – ნაგვით და გული დარდით ევსება... ოცნებობს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ყველაფერი. საერთოდ, დათუნას სძულს აქაურობა. აქაურობა, ანუ რეალობა. ეზიზღება ცოცხალი ადამიანები, ყველაზე მეტად კი მშობლები, რადგან ისინი ყველაზე ახლობლები და რეალურები არიან.
ის ხომ ყოველდღე ხედავს მათ ადამიანურობას – სიმახინჯეს, სისუსტეს, დაუსრულებლობას... დათუნა წამით თავს სწევს და ადამიანების მოძრავ და სხვადასხვაგვარ სახეებს შეფარული ზიზღით უყურებს. ამათ ჰგონიათ, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებიან, არადა, ყველა ერთნაირი ნაგავია – საკუთარ ყოველდღიურობაში გამოკეტილები, შეზღუდულები, მოკვდავები... საჭმლის ხარბად, დიდ-პატარა ულუფებით მყლაპავები, მოფარებულში შვებით და ხმაურით რომ დაიცლიან მუცლებს და კმაყოფილები წამოწვებიან სანაპიროზე, ან ძაღლებივით ალოკავენ ერთმანეთს.
დათუნას გულს აზიდებს. არა, ის ამათიანი არ არის. ის უცხოპლანეტელია.
აქ განსაკუთრებული მისიით მოგზავნილი. ამას, ჯერ კიდევ ძალიან პატარა რომ იყო, მაშინ მიხვდა და აქედან გაქცევას, უფრო სწორად, მისიის შესრულებას შეუდგა. იქ გაიზარდა, განვითარდა, გამრავლდა.. ახლა ცამეტი წლისაა, სინამდვილეში დევიდი ქვია და მალე ამ საცოდავ, გადაგვარებულ არსებებს ახალი, ლამაზი, სრულყოფილი ადამიანებით ჩაანაცვლებს. ადამიანებით, რომლებიც არც დედასავით იკივლებენ, არც მამასავით დონდლოები და უინტერესოები იქნებიან, არც ბებიასავით დაემანჭებათ სახე და არც ბაბუასავით იჩანჩალებენ აქოთებული შარდით სავსე ღამის ქოთნით საძინებლიდან ტუალეტისკენ. დათუნა ამათ ყველას ვირტუალური არსებებით ჩაანაცვლებს. მთავარია, იმათი აქ გადმოყვანა შეძლოს.
რა? უტოპიაა? სულაც არა. თუკი ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ვირტუალურ სამყაროში, იმათ რატომ არ შეუძლიათ გადმოვიდნენ აქ? ეს აუცილებლად შექცევადი პროცესია, – ფიქრობს დათუნა და საკუთარ ოთახში საათობით შეკეტილი, კომპიუტერში თავჩარგული და მის მიერვე შექმნილი სრულყოფილი ვირტუალური არსებებით გარემოცული დაკისრებული მისიის განხორციელებაზე მუშაობს...
– სადილი მშვენიერია, – ამბობს მიკა.
– ჰო. თან ამ ჰაერზე მადაც მოგემატება. და კიდევ გასუქება გინდა? – ტუჩს იბზუებს ლანა და ახალ სიგარეტს უკიდებს.
– დესერტიც იქნება? – კითხულობს ნია და პირზე ხელს იფარებს. ამთქნარებს. აქ მოწყენილობაა, მაგრამ ალბათ, არც ისეთი, როგორც თავიდან მოეჩვენა.
ტბაა... ცურვა, გარუჯვა და ბიჭების გაცნობა შეიძლება... ასე რომ...
– აი, ქეთაც, – ამბობს ლანა, – დგება და მისკენ წამოსულ ქალს უღიმის. ქალს ღია ვარდისფერი, გულამოჭრილი კაბა აცვია, მაგიდებს შორის მოირხევა და ლანას ხელს უქნევს. «მართლაც ბარაქიანი ძუძუები ჰქონია», – ფიქრობს მიკა და მისი ასოციაციებიც მრავალგვარია: მადამ ტიუსოს ცვილის ქალები, ბოულინგის ბურთები, წვნიანი ატამი, ტინტო ბრასი, ნოყიერი ვახშამი, დედალი ხოხობი, მუცლის ცეკვა...
ქალები ტერასას შუაგულში ჩერდებიან და ერთმანეთს მანერულად კოცნიან. მიკა ქალებს უყურებს და ფიქრობს, რომ საერთოდ, ყოფილი დაქალების შეხვედრა რაღაცით წააგავს მოკრივეთა შეხვედრას რინგზე. ისინი ერთმანეთს ათვალიერებენ, ესალმებიან და გონგის ხმაც ისმის.
ახლა უკვე ყველაფერი დარტყმების სიძლიერესა და მათ ტაქტიკურ აცდენებზეა დამოკიდებული.
პირველი რაუნდი ლანასია. ლანა მეგობარს მიკას და წამოზრდილ შვილებს აცნობს. ქეთა აღტაცებულია ლანას ოჯახით. განსაკუთრებით კი ნიათი, რომელიც უკვე თხუთმეტი წლისაა და მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება გრძელი, ღია თაფლისფერი თმით და ლამაზი, ნორჩი სხეულით. ლანასგან განსხვავებით ქეთა გვიან გათხოვდა. ამიტომ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს, ხუთი წლის ბარბარა. აი, იქ სხედან. ის და მისი ქმარი. დარბაზში.
– ბებე! – იძახის ქეთა და მიკა პატარა, ქერათმიან გოგოს ხედავს. დედისკენ მორბის. უკან კაცი მოყვება, რომით გაჟღენთილი ძველი მეზღვაურივით მოაბიჯებს, უხალისოდ, რწევა-რწევით... სახე წამოჭარხლებია. ხელში ლუდის ბოთლი უჭირავს. ლანა დაქალის «მეზღვაურს» საკუთარ ქმარს ადარებს და კმაყოფილია.
მეტისმეტად კმაყოფილი...
* * *
სადილის შემდეგ დათუნა ნომერში იკეტება. ნია ჭრელ ტანსაცმელს ჩანთიდან ილუზიონისტივით ყრის და საწოლსა და იატაკზე ისე ფანტავს, გეგონება ოთახში ბოშათა ბანაკი ჩამოდგა. საბოლოოდ, მოკლე, თეთრ სარაფანს არჩევს. მერე საწოლზე დაგდებულ წიგნს იღებს და ტანსაცმლის ნაირფერ ხალიჩაზე გადავლით ოთახიდან გადის... ჯერ ტბისკენ მიმავალ ხეივანს მიუყვება. ნელა მიაბიჯებს. კევს მონდომებით ღეჭავს და თინეიჯერი გოგოსთვის დამახასიათებელი უგულისყურობით ათვალიერებს გარემოს.
სანაპიროსთან ბამბუკის ფანჩატურები ჩაუდგამთ. იქვეა რამდენიმე ბუნგალო. ბუნგალოებისგან ოდნავ მოშორებით ლურჯი და მოხერხებული ჰამაკები გაუჭიმავთ. ნია ცარიელ ჰამაკში ჯდება, ფეხებს ერთმანეთზე ბუდასავით აჯვარედინებს და წიგნს შლის. რამდენიმე წუთის შემდეგ ბუნგალოებისკენ იხედება და ერთდროულად რამდენიმე მზერას იჭერს. მაშ ასე, მახე დაგებულია, წამზომი ჩართული. რამდენიმე წუთი და პირველი მსხვერპლიც ამ მახეში თავფეხიანად გაბმული...
ნია კევს ბერავს და ატკაცუნებს. თან წიგნს ფურცლავს და შიგ ცალი თვალით იჭყიტება. ცოტა ხნის მერე მსხვერპლისკენ იხედება. ალბათ, 40 წლის მაინც იქნება. ან ცოტა ნაკლების. ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მამაკაცი ორმოცწლიანთა კრიზისის ზღვარზე. ნია უყურებს, მიამიტად უღიმის და ისევ წიგნს უბრუნდება. მსხვერპლი კი ბუნგალოს ტოვებს და ლუდის ქილით ხელში მის მახლობლად, ჰამაკში ჯდება.
ნია გულში ქირქილებს. ო, რა ავხორცია სამყარო! ჯერ თხუთმეტი წლის არის, მაგრამ უკვე ბევრი იცის. ამათ ჰგონიათ, რომ მისი თანატოლებივით პატარა, სულელი და რომანტიული ისტორიებით თავგამოტენილი გოგოა. ჰაჰა.. რა სასაცილოა... შეიძლება ჯერ კარგად არ იცის რა უნდა, მაგრამ ის ნამდვილად იცის, რა არ უნდა. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც იცის, როგორ იცხოვროს, რომ დედას და ათასობით მისდაგვარ სასოწარკვეთილ დიასახლისს არ დაემსგავსოს...
ნია ცალი ფეხით ჰამაკს აქანავებს. ბეჭიდან სარაფნის ბრეტელი უვარდება და კითხვაში გართულს თხელი ქსოვილი ქვევით ცურდება. ნიას ნორჩი და უზადო მკერდი ნახევრად უშიშვლდება. ის დოყლაპია კი ლუდთან ერთად უზარმაზარ ნერწყვს ყლაპავს. როგორ უყურებს... ამხელა კაცი... არც კი რცხვენია....
– ნია სად წავიდა? – მიკა ახლაღა ამჩნევს რომ ტბაში ბანაობის მსურველთა რიცხვი კიდევ ერთი კაცით შემცირებულა.
– წიგნი წაიღო. სადმე ჩამოჯდებოდა. ან შეიძლება სანაპიროზეც დაგვხვდეს, – პასუხობს ლანა, რომელიც სარკის წინ დგას. მსუბუქი მაკიაჟი უკვე გაუკეთებია და ახლა ცდილობს საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი საკუთარი თავი ობიექტურად შეაფასოს. კარგად ვერ ხედავს საჯდომს ქვემოთ ბარძაყებზე უხვად დაგროვილ ცელულიტს და ფიქრობს, რომ თუ მოშვებულ მუცელს პარეოთი დაფარავს და ცოტასაც შეისუნთქავს, აი, ასე... ძალიან კარგადაც გამოიყურება.. მშვენივრად.
– შემხედე რაა.
ნორმალურია? – გასძახის ქმარს.
– რა? – კითხულობს მიკა.
– რა და რაც მაცვია.
– კი.
ლანას ქმრის პასუხი არ აკმაყოფილებს. რას ნიშნავს «კი»? უნდა უთხრას, რომ ძალიან კარგია. საუკეთესო... რომ ულამაზესია, რომ იდეალური ტანი აქვს და რაც არ უნდა ჩაიცვას, ყველაფერი მოუხდება.
– და ტანზე როგორ მაქვს?
– კარგად თქო, ხომ გითხარი.
ლანას მიზეზი აქვს აფეთქდეს, მაგრამ ეს დიდ დროს წაიღებს. ამასობაში მზეც ჩავა და გამოდის, რომ დღევანდელი საბანაო საღამო დაკარგულია.
ამიტომ რისხვას დროებით გულში იბრუნებს და ჭილის ჩანთაში ბრაზით ყრის ნივთებს – სხვადასხვა ტიპის კანისთვის განკუთვნილ მზისგან დამცავ კრემებს, სავარცხელს, ტელეფონს...
სანაპიროზე ქოლგებს შლიან. შეზლონგებს აწყობენ. ნავებს აქირავებენ. კოქტეილებს აზავებენ. მოკლედ, ყველა და ყველაფერი მათ მოლოდინშია... როგორც ჩანს, ქეთაც.
შეზლონგზე გულდაღმა წევს, ნიკაპი ხელებზე დაუყრდნია და მზის სათვალის მრგვალი და მუქი მინებიდან სასტუმროდან ტბისკენ მომავალთ ათვალიერებს. და ვის უნდა შეეგებოს, თუ არა ამდენი ხნის უნახავ მეგობარს, რომელთან ერთადაც ბედის წყალობით ახლა ერთ სასტუმროში მოხვდა და ერთი მზის ქვეშ გაირუჯება?...
ქეთაც ლანას და მიკას ხედავს თუ არა, შეზლონგიდან დგება. არა, დაიცადეთ... ასე მარტივად არა... ეს ხომ მთელი აქციაა, პერფორმანსი, წლების მანძილზე დამუშავებული მოძრაობების, მანერების და მიმიკების ნაზავი. ქრონომეტრაჟიც წამებში გაწერილია და მაყურებელზე ზუსტად გათვლილი...
და ქეთა თავდაპირველად, როგორც აერობიკის ინსტრუქტორი ვარჯიშის ჩვენებისას, ხელებს ეყრდნობა და ტანს უკან სწევს. გამოზომილად. ნელა... ავაზასავით გრაციოზულად იჭიმება. თანდათან მუხლებზე დგება და უკანალს ბზეკს. ამ პოზიციიდან მისი დიდებული და წარმტაცი მკერდის სრული სურათიც იშლება. მისკენ ერთდროულად რამდენიმე თავი ტრიალდება...
ქეთა კი ნელ-ნელა სწორდება წელში, ხელები მკერდთან მიაქვს, შეზლონგზე ისევ მუხლებით დგას და მიამიტი და მოღიმარი სახით საკუთარი ცოდვების უცოდინრობის გამო დაბნეულ მლოცველს წააგავს. შეუდარებელია! და რა თქმა უნდა, მას ეკუთვნის სრულიად სანაპიროს მამაკაცთა მზერა! მიკაც აღფრთოვანებულია, მაგრამ ცოლის შიშით არაფერს იმჩნევს.
ქეთა შეზლონგიდან გადმოდის. ოდნავ შენელებული მოძრაობით ჯერ ერთი ფეხი გადმოაქვს, მერე მეორე. ნაზი ფეხისგულები აქვს და ამის გამოა ქვიშაზე ფეხისწვერებზე რომ დგას. თუმცა, ისიც კარგად იცის, რომ ასე უფრო მაღალიც ჩანს და უფრო ასხლეტილიც. მოკლედ, ასეთია და რა ქნას...
შავ საცურაო კოსტიუმში გამოკვართული, მადლიანად დაბურცული, ზომიერად გარუჯული...
სრული ფურორია,…მაგრამ როგორც ნამდვილი პროფესიონალი, ქეთა საკონტროლო გასროლასაც აკეთებს. ბოლო დეტალისთვის მზის სათვალეს იხსნის და თმებს კეკლუცად არხევს. ზუსტად ისე, როგორც სამანტა ფოქსი «მალიბუს» მაშველებში. შველაც ბევრს სჭირდება.…პირველ რიგში კი ლანას, რომელიც დაუნდობელ ნოკაუტშია. მეორე რაუნდი ქეთასია. თან სუფთად. პირველივე დარტყმით.
მიკა ცოლის სახეს ახლა გვერდიდან უყურებს.
ხვდება, რომ ღამით ამ მყუდრო და უწყინარ ადგილს დამანგრეველი შტორმი გადაუვლის. ეს ცხადია. თუმცა, ამის მიუხედავად, უჩვეულო სიმშვიდეს გრძნობს. გარდა იმისა, რომ ამინდის ასეთ მკვეთრ ცვალებადობას წლების განმავლობაში შეეჩვია და აღარ აღელვებს, ახლა კიდევ სხვა რაღაცეებიც უწყობს ხელს, ხასიათი არ გაიფუჭოს. გვერდით შეზლონგზე ქეთა წევს, ამჯერად გულაღმა...
ლანა ემოციების დასაფარად, თუ იმის საჩვენებლად, რომ არც თუ ურიგოდ ცურავს, ტბაში შედის. მიკა წყალში შესულ ცოლს უყურებს და ცდილობს გაიხსენოს როდის შემდეგ დაიწყო ლანას ისტერიკების ეს დაუსრულებელი სერია. ახლა უკვე ჰგონია, რომ თანამეცხედრე თავიდანვე ასეთი იყო და საკუთარ თავს მხოლოდ იმაში ადანაშაულებს, დროულად რომ არ გაწყვიტა მასთან ცოლ-ქმრული კავშირი და ორი ბავშვის გაჩენის, გაზრდის და მის ცხოვრებაში ფესვების ასე ღრმად გადგმის საშუალება მისცა.
თუმცა, ისიც კარგად იცის, ლანა სულაც ხორცშესხმული დემონი რომ იყოს, მაინც ვეღარაფერს შეცვლის. მასთან ცხოვრება დიდი ხანია იმ რეალობად იქცა, რომელსაც საპირწონე არ აქვს. შეჩვეულ ჭირად, რომელზეც შეუჩვეველ ჭირს აღარ გადაცვლის. უბრალოდ, არც სათანადო მოთმინება აქვს, არც ენერგია და რაც მთავარია, არც ძალა ამ ცვლილებებისთვის. ახალი დრამატურგიისთვის. ახალი ცხოვრებისთვის.
ლანა ტბის სიღრმეში შედის. სწრაფად მიცურავს.
«ახლა რომ დაიხრჩოს? – ფიქრობს მიკა – აი, ახლა რომ ვთქვათ, ძარღვი გაესკვნას და დაყვირებაც ვერ მოახერხოს, ისე ჩაიძიროს. ისე სწრაფად, რომ შველაც ვერ მოასწრონ და ნაპირზე გამოყვანისას უბრალოდ, აღარ სუნთქავდეს...» – აგრძელებს ფიქრს მიკა და ამ სურათის წარმოდგენაზე ენითაუწერელი ნეტარება ეუფლება. ადრეც არაერთხელ უფიქრია ასე. უფიქრია, მაგალითად, ავტოკატასტროფაზე, სადაც მხოლოდ ლანა იღუპება, დანარჩენები კი მცირედი დაჟეჟილობებით გადარჩებიან. უფიქრია ხანძარზე, მაშინ, როდესაც მხოლოდ ლანაა სახლში, ან საკვებით მოწამვლაზე, რომელიც დილით სუპერმარკეტში ლანამ შეიძინა და მარტო თვითონ მიირთვა. თავდაპირველად ასეთი ფიქრების გამო სინდისი ქენჯნიდა და მათ სწრაფადვე იცილებდა თავიდან. მერე და მერე მათგან მოგვრილი სიამოვნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდა.
და თანდათან ისინი იქცნენ მის ტკბილ, აკრძალულ, ჯოჯოხეთურ ნეტარებად და გადაფარეს აქამდე არსებული ყველა ფიქრი და წარმოსახვა.
მოზარდობის სექსუალური ფანტაზიებით დაწყებული, ჭაბუკობის ყველაზე თამამი ოცნებებითა თუ განუხორციელებელი კარიერისტული მიზნებით დასრულებული.
– ცეცხლს ხომ ვერ წამიკიდებ? – ესმის მიკას და შეზლონგიდან მისკენ გადმოხრილ ქეთას ხედავს.
– ცეცხლს? ახლავე... – იცინის მიკა და შორტის ჯიბეში სანთებელას ეძებს, ქეთას სიგარეტზე უკიდებს და კიდევ ერთხელ ავლებს თვალს მისი სხეულის მმ... მიდამოებს. ქეთას ცალ ხელში სიგარეტი უჭირავს, მეორე ხელის თითებით სილას ცრის და ორაზროვნად უღიმის. მიკას ასოციაციები ახლა უფრო კონკრეტულ სახეს იღებს და მათში არეულია სასტუმროს რომელიღაც ნომერი, პლეიბოის მაცდური კურდღლები, წყლის სწრაფი მიქცევ-მოქცევა, ხმამაღალი კვნესა...
* * *
მიმტანს დაორთქლილი ლუდის ბოთლები და კათხები მოაქვს. თენგო ბოთლს კათხაში აპირქვავებს და მის ცივ, სასიამოვნო ზედაპირს ქალის წელივით ბღუჯავს.
ეს უკვე მეოთხეა. მართალია, პირველივე კათხაზე თვრება, მაგრამ სმა მხოლოდ თრობა არაა. ეს არის რიტუალი. საქმე. რომელიც უმჯობესია სხვასთან ერთად აკეთო. ამიტომ სხედან ახლა ის და მისი აქვე გაცნობილი თანამეინახე ასე წყნარად, გემრიელად. გახურებულ შუბლებს მთის სასიამოვნო ნიავი უგრილებთ და ყელს – ცივი ლუდი.
მაგიდაზე თევზი, კიდევ რამე-რუმეები და უკვე დაცლილი ჭიქები აწყვია, სადაც რამდენიმე წუთის წინ ხორბლის სუფთა და გემრიელი არაყი ესხა.
– თავიდანვე მთელი ბოთლის აღება ჯობდა. გრამობით რომ ვსვამ, ასე მგონია, ყლუპებს მითვლიან ეს ჩემისები, – ამბობს თენგო.
– მართალია, კიდევ შევუკვეთოთ, – ეთანხმება თანასუფრელი და მიმტანს არყის ჭიქებზე ანიშნებს, – კიდევ ორ-ორი ყლუპი თუ შეიძლება...
უაზროდ იცინიან. ბუნგალო ირწევა და თენგოს ეჩვენება, რომ ძალიან დიდი ხანია რაც აქ ზის. იმდენად დიდი ხანი, რომ დრომ სვლა შეანელა და ახლა ის წამებით და წუთებით კი არა, ბარმენის მიერ ჩამოსხმული არყის ყლუპებით ითვლება.
მზე ჩადის, ცა ჯერ ლამაზად წითლდება და მერე ნელ-ნელა მუქდება. სანაპიროდან ხალხი იკრიფება. სასტუმროს ნომრებში სინათლეები ინთება.
ადამიანები ახალი საათის, ახალი საქმის, ახალი რიტუალისთვის ემზადებიან. ალბათ მათ შორის თენგოს ადამიანებიც არიან, მაგრამ მათ ახლა რა ჰქვიათ და რას შეიძლება აკეთებდნენ, თენგოს აღარ ახსოვს და არც აინტერესებს...
ისევ სვამენ, სიგარეტს ეწევიან და კიდევ თითო-თითო ჭიქას უკვეთავენ. ბუნგალო ტბაში გაშვებული ნავივით ირწევა და თენგო ფიქრობს, რომ ბუნგალო კიდობანია და მხოლოდ აქ მსხდომნი გადარჩებიან. შეგრძნება სასიამოვნოა, მაგრამ უცებ რაღაც ახსენდება და წუხს. ეს რაღაც თითში შერჭობილი ხიჭვივით აწუხებს, თითქოს თითი ეს-ესაა რაღაცას გამოსდო... გონებას ძაბავს და ეჩვენება, რომ ამ კიდობანში კიდევ ვიღაც უნდა იყოს, მასთან ერთად კიდევ ვიღაც უნდა გადარჩეს, ვიღაც მისთვის მნიშვნელოვანი, ძვირფასი...
მაგრამ ვინ, კარგად ვერ იხსენებს. ხელს გაუგებრად ჩაიქნევს. ახლა უბრალოდ, ფიქრის და გახსენების თავი არ აქვს. ამისთვის, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უნდა გამოფხიზლდეს. კიდობნიდან გადმოვიდეს და უკან, ტკივილსა და წარღვნაში დაბრუნდეს..
– რამის თქმა გინდოდა? – ეკითხება კიდობნის მეორე მგზავრი.
– რისი და... ისაა.. ჩვენ გაგვიმარჯოს...
– ბლუკუნებს და დამაფრთხობელ სიცარიელეში სიურეალისტურად გამოკიდებულ არყის ჭიქას ეჭიდება.
ის კი, ვინც უნდა გადაარჩინოს, იქვე სანაპიროზე ზის და თამაშობს. ხუთი წლის ბარბარე. ბებე, რომელსაც ახლა ნამდვილად არ უნდა მამის კიდობანში. ხელში პატარა ჯოხი უჭირავს და სილაში უცნაური ცხოველები გამოჰყავს. უცნაური, არარსებული ცხოველები. დაახლოებით ისეთები, ცაზე ღრუბლებით რომ იხატება. მზე ჩადის.
ცა წითელია, ტბაში წყალი – ისევ ლურჯი და ზედაპირზე ცოტა წითელი. ყველაფერი ძალიან ლამაზია და ბებე ხვდება, რომ სამყარო მრგვალია და დიდი... ის კი მის შიგნითაა. ისე, როგორც ოდესღაც ჩანასახი დედის მუცელში. ის მის შიგნითაა და მასთან ერთადაა ჩიტები, პეპლები, ღრუბლები ჰაერში, ჭიანჭველები და პატარა მატლები – მიწაზე, მედუზები და თევზები – წყალში.
ბებეს უხარია ეს აღმოჩენა და ხვდება, რომ მარტო არაა. მიუხედავად იმისა, რომ არც დედა ჩანს სადმე, არც მამა, მარტო მაინც არ არის. ბინდდება და სანაპირო ცარიელდება...
ყვითლად განათებულ ბუნგალოში თენგო სვამს და ფიქრობს, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია აქაა. იმდენად დიდი ხანი, რომ დრომ სვლა შეანელა და ის ახლა წუთებით და წამებით კი არა, არყის ყლუპებით ითვლება, ჰო... კიდევ ის, რომ ვიღაც ჰყავს მობარებული. მისახედი. მაგრამ ვინ, ვინ?.. ვერ იხსენებს და თავს უძლურად ჰკიდებს...