დოლენჯაშვილი თეონა 

 

ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე

 

 

 

 15 საათი.

 

 მეთაურს ავოკადო და თაფლი მოაქვს. მე ბრინჯიან სალათას ვამზადებ. სადილების მომზადება არასოდეს მყვარებია, მაგრამ ამ მოსაწყენ საქმეს აქაც ვერ ავცდი.

 

სალი მხოლოდ ჩვიდმეტი წლის არის, ნაზირა კი სამზარეულოში საერთოდ არ შემოდის. თურმე სწორედ წვნიანს ხარშავდა, შვილები რომ ჩაუხოცეს – ხუთი წლის ბიჭი და სამი წლის გოგო. ზუსტად როგორ იყო, არ ვიცი. თვითონ კრინტს არ ძრავს და მუდმივად საათს დაცქერის. თითქოს წამზომი უკვე ჩაურთეს, და მასაც ერთი სული აქვს როდის აენთება.  

 

 ჩუმად ვსადილობთ. სალი ყავას ადუღებს.

 

ვარდისფერი ბაგე გაპობია და ჩამოქნილი თითებით ფინჯანში ვერცხლის კოვზს ურევს. აქ ძმამ მოიყვანა. ერთმანეთს კარებთან აკოცეს. “ზეცაში შევხვდებით, ფიდაიო”, –  ძმამ უთხრა და წავიდა. სალის წაბლისფერი თმა ლამის წელამდე სცემს. მეთაურმა ერთხელ უკვე უთხრა, შეიკვეცეო, მან კი ინით შეიღება და გაიშალა. ცოტა თავნებაც ჩანს.

 

მე კი ვფიქრობ, უაზრობაა თმას დაჰკანკალებდე, მაშინ როცა სიკვდილისთვის ემზადები.

 

 მე ამინატი ვარ. ნოემბერში ოცდაექვსი შემისრულდა. ეს-ესაა უკანასკნელად ვისადილე. ახლა სიგარეტს ვეწევი და მონისლული თვალებით სარკმელში ვიყურები. სარკმლიდან ვიწრო პარიზული ქუჩა მოსჩანს და წიგნების მაღაზია – პარალელური სამყარო, სადაც ფრანგი გოგოები დადიან და წიგნებს კითხულობენ.

 წიგნი მეც წავიკითხე. მეთაურს გამოვართვი.

 

მულიდთა სახელმწიფოზე ეწერა, ალამუთის ციხესა და ფიდაებზე – პირველ ტერორისტ-თვითმკვლელებზე. ახლა უკვე ვიცი, ამ წიგნს ვეღარასოდეს დავასრულებ, მაგრამ წაკითხული გვერდები ჩემი თითბრისფერი სარჭით მაინც ჩავნიშნე – ან სარჭი რაღაში დამჭირდება...

 

 

 

 15 საათი და 10 წუთი

 

 სარკესთან ვდგავარ და თვალებს ვიხატავ. სპორტულ კედებზე თასმებს ვიკრავ. მხარზე ზურგჩანთას ვიგდებ და მავთულებს სახელოებში ვმალავ. მოკლედ, ვემზადები. მეთაურმა უკვე ამიხსნა, როგორ უნდა მოვიქცე. ხუთ საათზე “იმპრესიონისტებში” გრანდიოზული გამოფენა-აქცია იმართება.

 

რამოდენიმე სენატორიც იქნება. სწორედ იქ უნდა ავფეთქდე... გოგოებს ვემშვიდობები. სადენებსა და საათს კიდევ ერთხელ ვამოწმებ. სალი მიცინის და ხელს მიქნევს “მალე შევხვდებით, ამინატ!”– მეძახის. ზუსტად მის ძმასავით გამოსდის...

 

 

 

 15 საათი და 20 წუთი

 

 მეტროს კრიალა, რეკლამებით აჭრელებულ ესკალატორს მივუყვები. შარლ დე გოლის მეორე ხაზით ვმგზავრობ. ვაგონი გაპოხილ რელსებზე, ეს სამყარო კი ჩემს გასწვრივ მიქრის. მგზავრებს ვაკვირდები. ადამიანები საკუთარ სიღრმეებში ჩაკარგულან. მათ შორის შესაძლოა ისინიც იყვნენ, ვინც ჩემს ბედნიერებას გაინაწილებს და სიკვდილის წარმტაც წალკოტებში წამომყვება. იქნებ რომელიმე მაინც მიხვდეს, რომ ეს ბრჭყვიალა, მბზინვარე ცხოვრება ტყუილია და სინამდვილე სულ სხვაგანაა.

 

 

 

 15 საათი და 32 წუთი

 

 ქუჩა ყოველთვის უცხოა

 

გამზირზე ჩაყოლებულ მაღაზიებსა და კაფეებს ვათვალიერებ. პატარა, მოხდენილ ბუტიკში შევდივარ და ყველაზე ლამაზ შარფს ვარჩევ. “საუცხოო ნამუშევარია. ბატიკა,” – არჩევანს მიწონებს გამყიდველი, მერე დახლთან მიდის და შარფს საგულდაგულოდ კეცავს. მე ფულს ვიხდი და ფურცელზე მისამართს ვწერ. ძალიან ძვირფასი შენაძენია, მაგრამ ფული არ მენანება. ეს ჩემი უკანასკნელი საჩუქარია.

 

მას დედაჩემი ხვალ დილით, საკუთარ დაბადების დღეზე მიიღებს.

 

 

 

 15 საათი და 37 წუთი

 

 

 გადავწყვიტე სადმე შევისვენო. ჯერ მხოლოდ ოთხის ნახევარია და წინ მთელი მარადისობა. დრო უსაშველოდ, უსასრულოოდ იწელება... კაფე “ლა კამპოს”– ძალიან ლამაზი ალაგია. შემინულ კედელთან ვჯდები, ისე რომ ქუჩას ვუყურო. მიყვარს თავ-თავიანთთვის მოფუსფუსე და სხვადასხვა მხარეს მორბენალი ადამიანების ცქერა.

 

ყველას სადღაც მიეჩქარება – გამოფენაზე, ლანჩზე თუ პაემანზე, მაშინ როდესაც მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ბოლოს ყველა იმ გზას დაადგება, მაგრამ ალბათ სხვადასხვა სამგზავრო ბილეთით.

 

 გარსონს ყავა და მოხალული ნუში მოაქვს. შოკოლადივით სქელი და სურნელოვანი ყავაა. აქვეა მომჟავო ალუბალი და დაჩამიჩებული ატამი. საწყენია, რომ ზურგჩანთის მოხსნა და სკამზე მოხერხებულად გადაწოლა არ შემიძლია. მე ყავას ვსვამ და ზურგჩანთაში ბომბები მიწყვია.

 

 

 

 15 საათი და 45 წუთი

 

 

 კაფე ერთხმად, ერთგვაროვნად ზუზუნებს. სარკმლიდან “იმპრესიონისტების” ფასადი მოსჩანს. მოპირდაპირე მაგიდაზე ვიღაც გაზეთს აშრიალებს.

 

ხვალ ყველა გაზეთის პირველ გვერდზე მე ვიქნები და ჩემი მრავალრიცხოვანი და-ძმები ჩემით იამაყებენ. ო, რა საოცარია, ადამიანს სიკვდილის წინაც კი არ შეუძლია მომავალზე არ იფიქროს, მისთვის უკვე დასრულებულ და არარსებულ მომავალზე.

 დაჟინებულ მზერას ვგრძნობ...

 

 

 

 

 15 საათი და 50 წუთი

 

 –  ხომ არ შეგაწუხებთ, თქვენს მაგიდასთან რომ ჩამოვჯდე? ყველა ადგილი დაკავებულია, –  არაბი ბიჭია. შავი მაისური და გახეხილი ჯინსები აცვია.

 

 პიცას უკვეთავს... მადიანი ვინმე ჩანს.

 

 –  აქ კარგად ამზადებენ, – მიღიმის, – მე ტამირი მქვია, თქვენ?

 

 –  ამინატი.

 

 –  ლამაზი ხართ და სახელიც ლამაზია, –  ძალიან სწრაფად მოშინაურდა.

 

ალბათ ხვდება, რომ ცოტა დრო მაქვს.

 

 –  ნაცნობობას ყოველთვის ქათინაურებით იწყებთ?

 

 –  არა. ეს პირველი შემთხვევაა. სანამ მოვიდოდი, შორიდან გიყურებდით. საოცარი თვალები გაქვთ.

 

 საათზე ვიხედები.

 

 –  სადმე გეჩქარებათ?

 

 –  ჰო. სამოთხეში მელოდებიან.

 

 –  მეც სიამოვნებით გამოგყვებოდით.

 

დარწმუნებული ვარ, სადაც თქვენ მიხვალთ, ყველგან სამოთხე იქნება.

 ქათინაურები მართლაც ეხერხება. მასთან საუბარი მომწონს. ცუდი არ იქნება, თუ ამქვეყნად ერთი ნაცნობით მეტს დავტოვებ.

 

 ტამირი ფორთოხლის წვენით მიმასპინძლდება. საკუთარ თავზე მიყვება. თურმე უნივერსიტეტი უკვე დაამთავრა და ახლა ბანკში მუშაობს. პარიზის ქუჩებში ხეტიალი, კინემატოგრაფი და ფეხბურთი უყვარს.

 

 – შენ რას საქმიანობ? – ცდილობს ჩემი პროფესია გამოიცნოს.

 

 – მე ფიდაი ვარ და ზუსტად ერთ საათში უნდა ავფეთქდე, – ვიცი, არ დაიჯერებს და ამიტომ სიმართლეს ვეუბნები.

 

ის კი იცინის და მეუბნება, რომ მსგავს რამეს მხოლოდ ჩემნაირი უცნაურთვალება გოგო თუ მოიფიქრებს.

 

 – ვინ უნდა ააფეთქო?

 

 – ორიოდე სენატორი. შეიძლება რამდენიმე უდანაშაულო ადამიანიც, მაგრამ სანერვიულო არაფერია. ფრანგებს ისედაც ყველა არაბი ტერორისტი ჰგონიათ.

 

 – პოლიტიკას სხვებმა მიხედონ. შენ შვილებს უნდა ზრდიდე.

 

 – მაგრამ ხვალ შეიძლება ჩემი შვილიც მოკლან.

 

 – და გადაწყვიტე დაასწრო?

 

 გალერეისკენ ვიხედები. “იმპრესიონისტებში” პირველი დამთვალიერებლები უკვე გამოჩდნენ.

 

 – შენ არ გესმის.

 

ალბათ ვერასდროს მიხვდები.

 

ზეცაში ჰურია ვიქნები და სამოთხეში სამოცდაათ ახლობელს წავიყვან.

 

 თვალს თვალში მიყრის. დიდხანს, თითქმის თანაგრძნობით მიცქერის.

 

 – რატომ ლაპარაკობ ასეთ რაღაცეებს. სიცოცხლე უკვე მოგბეზრდა? – ჩუმად, რბილად მეკითხება.

 

 _არა. რას ამბობ. ძალიან მიყვარს. სწორედ ამიტომ მეჩქარება.

 

 ერთმანეთს მონუსხულებივით შევცქერით. საიდან გამოჩნდა ეს ბიჭი.

 

მაინცდამაინც ახლა, როცა სიკვდილამდე ოციოდე წუთიღა მრჩება. მეც რატომ მოვუშვი ასე ახლოს, რატომ ვეუბნები იმას, რაც არასდროს არავისთვის მითქვამს. თან როგორ მიყურებს...

 

 – ამ საქმეში როგორ გიხდიან? – ცდილობს გაიღიმოს.

 

 – ძალიან კარგად. მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი ვიქნებოდი, თუმცა, ფული აღარაფერში დამჭირდება. იმ თანხას ჩემს ოჯახს გაუგზავნიდნენ, მაგრამ მე გადავწყვიტე ობოლ პალესტინელ ბავშვებს გადავურიცხო.

 

 – და როგორია ის... სიკვდილი?

 

 – ვფიქრობ, ძალიან მაგარი იქნება. უკვე ვგრძნობ. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ.

 

 ტამირი სერიოზულდება. სიგარეტს მინის სქელ, გამჭვირვალე საფერფლეში ასრესს და ჩემსკენ იხრება. მის სუნთქვასა და სიცოცხლეს ვგრძნობ. ვიბნევი და თვალს ვარიდებ...

 

 

 

 16 საათი და 25 წუთი

 

 ნუთუ, შეიძლება რამდენიმე წუთში შეგიყვარდეს? ახლა ალბათ ყველაფერი შეიძლება.

 

ეს ილუზიაა. სიცოცხლის მაცდური ილუზია, რომელიც თავგზას მირევს, არსებობის მათრობელა, წარმავალ ბადეში მახვევს და ახალ, გამოუცნობ სივრცეებს მიხსნის...

 

 – საბედისწერო ქალს გავხარ, – მეუბნება ტამირი – რა კარგია, აქ, “ლა კამპოსში” რომ შემოვედი და შენ შეგხვდი. მსგავსი რამ არასდროს არავისთან განმიცდია.

 

 – ეს სიგიჟეა. მაპატიე, უნდა წავიდე, – დროა, წერტილი დავუსვა სიცოცხლესთან სახიფათო თამაშს.

 

 – არ წახვიდე, გემუდარები, – ხელზე ხელს მიჭერს ტამირი, – ახლა რომ წახვიდე, ასე მგონია ვეღარასოდეს გნახავ.

 

სულ რამდენიმე წუთი...  მას ხომ არ ესმის, რომ რამდენიმე წუთი მთელი ცხოვრებაა, მთელი დარჩენილი ცხოვრება... რომ შეყოვნების უფლება არ მაქვს, არც ფიქრი და სიყვარული შემიძლია, რადგან ფიქრი შიშია, გრძნობა –  სისუსტე.

 

 – მართლა ძალიან მეჩქარება. ახლა წავალ და... ხვალ შეგხვდები.

 

 თვალები უბრწყინდება. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენს სურვილებს ვიჯერებთ.

 

 – ისევ აქ, ისევ ამ დროს, – მგონი ხმაც უკანკალებს.

 

მისი გულუბრყვილობა და ბავშვური მალემრწმენობა მხიბლავს. გული მეწურება. სისულელეა, გაუგონარი და წარმოუდგენელი სისულელე, მაგრამ მართლა მიყვარს.

 – ჰო, ისევ აქ, ისევ ამ დროს, – ვჩურჩულებ და თვალებს ვმალავ. წამწამები მინესტიანდება. რაში მჭირდებოდა ახლა ეს უსარგებლო სენტიმენტები... ისევ მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ. ტუჩებზე ტუჩებით მეხება...

 

ქუჩის ხმაური, შიშინი, გუგუნი სადღაც შორეთში იკარგება. თეთრ, დამბანგველ, ხელშეუხებელ ნისლში ვეხვევი... ვიძირები...

 

 

 

 

 16 საათი და 43 წუთი

 

 ერთმანეთს “იმპრესიონისტების” შესასვლელთან ვშორდებით. არ მინდა გალერეაში შესული დამინახოს, ამიტომ ჯერ ტამირი მიდის. ჯიბეებში ხელჩაწყობილი მიუყვება გრძელ, ფერად ქუჩას.

 

ღრუბლებიდან მზე შუქდაშუქ, ფრაგმენტულად იჭრება. შენობები ხელისგულზე დადებული კვერცხებივით იფრცქვნებიან. მეჩვენება, რომ ქუჩა უსასრულოდ გრძელდება და ცას უერთდება...

 

 გალერეის ცენტრალურ დარბაზში შევდივარ. ქურთუკის სახელოებში შემალულ სადენებს ხელისგულებში ვიქცევ. დარბაზი ხალხითაა სავსე. ფორმიანებიც მრავლად ირევიან. ინტუიცია უკიდურესად მიმახვილდება, შეგრძნებები საოცრად მიმძაფრდება, გონება გამალებით მუშაობს _ზუსტად ვიცი როგორ მოვიქცე, საით წავიდე, რა ვთქვა და რანაირად გავიღიმო, ისე, რომ ოდნავი ეჭვიც არავის აღვუძრა.

 

 მშვიდად მივაბიჯებ და კედლებზე გამოფენილ ნეოიმპრესიონისტულ მხატვრობას ვათვალიერებ. ბრაკი, პიკასო, ლეჟე... – კუბებად და სამკუთხედებად დაყოფილი პორტრეტები, ნატურმორტები, პეიზაჟები. ძალიან ლამაზი ფერწერაა, ცოტა აგრესიული, ცოტა შეშლილი, ცოტა გაურკვეველი. რეალობისა და აბსტრაქციის, ჰარმონიისა და დისჰარმონიის, წესრიგისა და ქაოსის საზღვარზე შემნილი ტილოები თვალს მჭრიან და მჯერა, მათი ავტორები იმასვე განიცდიდნენ, რასაც ახლა მე განვიცდი.

 

 სენატორებიც მობრძანდნენ... რეპორტიორებისა და ხელოვნებათმცოდნეების სიმრავლეა. ადამიანებს არ ვუყურებ.

 

თითქოს, მათი სხეულებიც და სახეებიც უმარტივეს გეომეტრიულ ფიგურებად იჭრება.... ძალიან კაშკაშა ფერებია... მეტისმეტი ხმაური... ვიძაბები და მუშტებში სადენები იოფლება... თითებში სიკვდილი მითრთის...

 16 საათი და 55 წუთი.

 

 თავში აზრები ირევა, თვალებში – დელონეს “წრიული ფორმები”... ზუსტად ხუთ წუთში ყველაფერი დასრულდება.

 

ტყუილია, რომ ამბობენ, განვლილმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამირბინაო. არავითარი ჩარბენა - ჩამორბენა არ ყოფილა. მხოლოდ “ლა კამპოსში” მომლოდინე ტამირი, მწვანე ბაღები და რატომღაც, ზღვის ქვიშიანი ნაპირი წარმოვიდგინე, და ისიც წამით.

 მერე ყველაფერი გალერეის ხმაურიან სივრცეში აითქვიფა. ერთ-ერთი სენატორის გვერდით ჩემი კარგა ხნის წინ გარდაცვლილი მამა დავლანდე. ძველი, გაცრეცილი ხალათი აცვია და ხელში ჩაის ჭიქა უჭირავს. ჩამუქებული თვალებით მიშტერებია პიკაბიას მონუმენტურ, მონოქრონულ პანოს.

 

ჩემსკენ არც გამოუხედავს. სამაგიეროდ, ორი თვის წინათ თვითმფრინავში აფეთქებული ბაიატი მომიახლოვდა. წელზე შაჰიდის ქამარი შეისწორა და გამიღიმა. “დამხმარეები არ მჭირდება”, – ჩავჩურჩულე და მივხვდი, უკვე სიკვდილისწინა ტრანსში ვიმყოფები.

 

 ექსპოზიციის კუთხეში ვიოლინოები აჟღერდნენ. არა, ეს ჩემი გაცხოველებული ფანტაზიის ნაყოფი არ არის. მართლა უკრავენ. გამოფენა იხსნება.

 

ფოტოაპარატები ჩხაკუნობენ და ერთმანეთში მოსაუბრე საზოგადოების ზუზუნს სასიამოვნო მუსიკა ენაცვლება. საოცრად გამიმართლა. იმქვეყნად დებიუსის მუსიკა და პიკასოს ფერწერა მაცილებს, საუკეთესო, რაც კი შეიძლება საცოდავმა ადამიანმა შექმნას.

 

 სენატორებს ვუახლოვდები. აშკარაა, დიდი მსხვერპლი იქნება. დროა! სადენებს ვიმარჯვებ და... სისხლი ძარღვებში მეყინება. დარბაზის შემოსასვლელში ტამირი დგას და პირდაპირ მე მიყურებს!..

 

 

 

 

 16 საათი და 59 წუთი

 

 დრო არ უნდა დამეკარგა, მაგრამ იმდენად გავვოგნდი, მოძრაობის უნარიც კი წამერთვა... ტამირს სახეზე გალერეის უზარმაზარი სარკმლებიდან შემოჭრილი მზის ათინათი დათამაშებს, გაღიმებული ჩემსკენ მოიწევს და ალაჰისკენ მიმავალ გზაზე მეღობება. ცოტაც და მასაც იმქვეყნად გავისტუმრებ. როგორ შევაჩერო?! როგორ? როგორ?..

 

 ხილული სამყარო კუბისტურ ტილოებზე დატანილი კომპოზიციებივით იშლება და ჩემს თვალწინ მიცურავს. თვალებს ვხუჭავ. არა, უკვე ყველაფერი გვიანია...

 

გადაწყვეტილება მიღებულია. განაჩენი გამოტანილი! მაპატიე, ტამირ... მე არ მინდოდა. ასე შენ თავად ისურვე. მიყვარხარ, ტამირ! ხედავ?.. ერთიანად ვკანკალებ, გული გიჟურად მიცემს და ჩემი სუსტი, გალურჯებული თითებიც დასასრულისკენ მიილტვიან...

 

 ხელისგულებში ჩაზრდილი სადენები სისხლძარღვებივით ფართოვდება...

 

მანძილი ორ საბედისწერო ბოლოს – ჩემსა და სიკვდილს, ჩემსა და სიყვარულს შორის უფრო და უფრო მცირდება... ხელები, სხეულები, სულები ერთმანეთს უერთდება და სასიკვდილო წრედი იკვრება!

 

 ხომ გითხარი, რომ ფიდაი ვარ....

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დოლენჯაშვილი თეონა / ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე