დუმბაძე გელა 

 

აფრიკელი სურიკა

 

 

აფრიკელი სურიკა, ანუ ცისფერთვალება, ქერათმიანი და არისტოკრატი – სურენ აფრიკიანი, ჩემი ერთადერთი სომეხი მეგობარია, რომელიც დღეს დღეობამდე შემომრჩა.

 

ერთად ვმსახურობდით ჯარში, სადაც მოგეხსენენებათ – თეთრი და შავი ხელის გულზეა წარმოჩენილი, ჰოდა, ერთხელაც არ შემცდარა ორი წლის განმავლობაში ჩვენს ურთიერთობაში, აფრიკელი სურიკა.

 

ხშირად ვხუმრობდით და ვკინკლაობდით.

 

– ქართველები სომხებზე უკეთესი ხალხი ვართ მეთქი, – ვეუბნებოდი.

 

– სამაგიეროდ, ჩვენი კონიაკი თქვენსას გაცილებით სჯობსო! – მპასუხობდა გაღიმებული (ბებია ქართველი ჰყავდა სურიკას).

 

ჯარის შემდეგ, რამდენჯერმე მესტუმრა, უწევდა თბილისში ჩამოსვლა, თანაც საკმაოდ ხშირად. მიზეზი ის იყო, რომ აქაური სომეხი მოსახლის ქალიშვილი უყვარდა თავდავიწყებით. ბოლოს და ბოლოს ასრულდა მისი ოცნება, – შეუღლდნენ სურიკა და მისი მშვენიერი ირა, რომელმაც მოგვიანებით ქერა კულულებიანი ორი ბოკვერი აჩუქა მეუღლეს.

 

გავიდა დრო, აირია ცხოვრება... დღეს საქართველოს ძალიან უჭირს, მაგრამ, რამდენიმე წლის წინ, როცა ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით, მისი დედაქალაქი, გამთბარ–გაჩახჩახებული იყო, ერევანში ერთი მოზრდილი ხეც ვერ გადაურჩა არაერთ საშინლად გაყინულ, უსინათლო ზამთარს. ხალხმა ბინების შიგნით, კარების ჩარჩოებიც ჩამოხსნა და შეუკეთა ცეცხლს. ზოგიერთ, განსაკუთრებულ შემთხვევაში პარკეტიც კი აიყარა.

 

ორი თვის განმავლობაში მივლინებაში მყოფი, დასუსტებული და დაღლილი სურიკა, საღამოხანს მოჩვენებასავით დამადგა. ერთმანეთის სიხარულით მოკითხვისა და მცირე ტრაპეზის შემდეგ თავისი სიმამრის ოჯახში მიმიწვია, სადაც მისი ცოლ–შვილი აგერ, უკვე მეორე თვეა, რაც ცხოვრობდა, მისი მივლინებაში ყოფნის გამო.

 

სიამოვნებით დავთანხმდი... გამაცნო თავისი კოხტა მეუღლე და ვაჟიშვილები, სიმამრის დარბაისელი, თბილისური ოჯახი. საღამო მშვენივრად წარიმართა.

 

გვარიანად იყო დაბინდებული, როცა:

 

– ჩააცვიო ბავშვებს, – უთხრა სურიკამ მეუღლეს... ოჯახში სიმშვიდე დაირღვა. მოკრძალებულ, უსიტყვო სიდედრს ორიოდე ცრემლიანი სიტყვა დაცდა სომხურად.

 

სიმამრმაც: – თქვენი თავი თუ არ გეცოდებათ, ეს ბავშვები მაინც დაინდეთო! დარჩენილიყვნენ ცოტა ხანს, რაღა დარჩა გაზაფხულამდეო... ან იქ, გაყინულ, უსინათლო ქვეყანაში რა უნდათ, ან, რა ეშველებათო პატარებს!

 

სუფრაზე ბურუსივით ხანგრძლივი პაუზა ჩამოწვა...

 

– ადამიანმა  თავისი სამშობლოს ცხოვრებით უნდა იცხოვროსო! სუფრიდან თვალმოუცილებელად, თავისი საბოლოო სიტყვა გამოცრა – ქორივით მოქუფრულმა, ჩემთვის უჩვეულოდ მოკრძალებულმა, ამავდროულად მკაცრმა და შეუვალმა სურიკამ – სურენ აფრიკიანმა.

 

... და მე, ამ ჩვეულებრივი სურათით რატომღაც განცვიფრებული, – ვუყურებდი როგორ იძირებოდა რკინიგზის სადგურის გასარსალებულ, ცივ ბინდში ახალგაზრდა, ხალვათად ჩაცმული ცოლ-ქმრისა და ორი სრულიად პატარა ადამიანის – სომხეთის მომავალი, ღირსეული მოქალაქის სილუეტი.

 

მეორე დღეს, ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო, მაგრამ პირადად ჩემთვის ფრიად სიმბოლურ, დამაფიქრებელ შემთხვევას შევესწარი:

 

– მოზრდილი სასკოლო ჩანთით დატვირთული, მოხუცი ქართველი ბებიის წინ, ანცად მიკუნტრუშებდა მისი სიამაყე – ათი-თორმეტი წლის გოჭივით პუტკუნა, ვარდისფერი, ნაპატივები შვილიშვილი. ბებია შეძლებისდაგვარად, ენერგიული კოჭლობით ძლივ–ძლივობით ეწეოდა თავის მონავარდე პირმშოს.

 

ვიწრო ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან, – ალბათ პედაგოგი იყო, – ჭაღარათმიანმა სანდომიანმა მამაკაცმა მოკრძალებით მიმართა მოხუც ქალს:

 

– ქალბატონო, ასე რომ წვალობთ, თავის ჩანთას თაავად რატომ არ ატარებსო თქვენი შვილიშილი!

 

– ყველამ თავის თავს მიხედოსო! – უკმეხად ჩაილაპარაკა ბებერმა და სწრაფი კოჭლობით განაგრძო შვილიშვილისთვის არჩეული გზა.

 

  1994 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დუმბაძე გელა / აფრიკელი სურიკა