დუმბაძე გელა 

ბეგლარ

 

 (ირინას)

 

 

ეკლესიაში პატარა, ფეხშიშველა ბიჭუნა შევიდა. კრძალვით მიუახლოვდა მოხუც მოძღვარს და თითქმის ჩურჩულით ჰკითხა:

 

– რისთვის მოდის, მამაო, ადამიანი ამქვეყნად?!

 

– როგორ თუ რისთვის, შვილო?! – სიკეთისათვის,  – თითქოს გალობსო, უპასუხა მოხუცმა.

 

*

– სიკეთისათვის – ამოტივტივდა ისევ მის გონებაში. გაეღვიძა, მზეს დაესწრო მისთვის ამოსვლა.

 

– ეხ, დავბერდი – წაიბუტბუტა ბეგლარმა და თვალები მოუჭუტა მნათობს, რომელმაც უკვე მეასე გაზაფხულის მობრძანება აუწყა მოხუცს.

 

ფანჯარა გააღო ფართოდ. დილის სიო მიესალბუნა და თმა-წვერი აუჩეჩა. სასიამოვნოდ გააჟრჟოლა. გარეთ გავიდა. ნაწვიმრით სავსე კასრს მიუახლოვდა და პირზე წყალი მიიპკურა. კასრიდან სათნო სახის თოვლივით ჭაღარა მოხუცმა ამოხედა. ცალი თვალით ბრმა იყო მოხუცი, მაგრამ ეს ნაკლი ოდნავადაც არ ჩრდილავდა მის დიდებულებით აღსავსე სახეს. გაუღიმა თავის ანარეკლს, –უყვარდა სიცოცხლე ბეგლარს.

 

წაიხემსა მცირედი. შემდეგ, ჩვეულებისამებრ, ცოლის საფლავს მიაშურა სახლის მახლობელ გორაკზე.

 

რამდენიმე ათწლეული გაილია მას შემდეგ, რაც აღარ იზიარებდა მასთან ერთად ცხოვრების ჭირ-ვარამს საყვარელი თამთა. განგებამ სრულიად ახალგაზრდა მეუღლე მოსტაცა ბეგლარს. დროის სიმუხთლისათვის გაეძლო ბეგლარისა და თამთას სიყვარულს. ერთადერთი შვილი, მცირე ასაკში გარდაეცვალათ უბედურ მშობლებს. მარტოდ დარჩა მოხუცი, მარტოდ თავის სიკეთესა და ადამიანობასთან.

 

მარადჟამ თვალწინ ედგა გულის მეგობარი, მუდამ ახალგაზრდა, უბერებელი სათნო და ულამაზესი. მორჩილად იდგა და წყლიანი, მეტყველი თვალებით ელოდა ბეგლარს. გამჭვირვალე, მაგრამ მტკიცე და ურღვევი კედელი უშლიდა მასთან მიახლოვებას.

 

ხშირად, ისევ ის მოხუცი მოძღვარი ამოტივტივდებოდა ხოლმე მის გონებაში. ერთხანს შეჰყურებდა ბეგლარს. შემდეგ ბრძნული ღაღადისით არღვევდა დუმილს: – სიკეთისათვის! – მერე კი ყველაფერი ქრებოდა.

 

 

*

 

 ეზოში, ცარიელი ძვალი და ტყავი, შემოვიდა ახალგაზრდა, ძონძებში გახვეული, მათხოვარი. შემოვიდა ხელების ცეცებით, ძლივსძლივობით.

 

ყველა გლახამ და ხეიბარმა იცოდა ბეგლარის სახლი. ისიც იცოდა, რომ იქიდან მათ უარით ან სახრეთი არავინ გაისტუმრებდა.

 

მათხოვრებსაც კი უკვირდათ. მრავალთაგან განსხვავებით, არასდროს უნახავთ, ამ მოხუცის თვალებში ზიზღნარევი დამადლების იოტისოდენა გრძნობაც, მოწყალების გაცემის ჟამს.

 

არასოდეს უგრძნობინებია მათთვის უპირატესობა, თავისი მდგომარეობით ბეგლარს. – მერე რა, რომ მათხოვარია, ჩემგან, ალბათ მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ცხოვრებაში არ გაუმართლა და რა უფლება მაქვს მე, უბრალო მოკვდავს, მქონდეს და არ ვუწილადო, – ფიქრობდა მოხუცი.

 

– საბოლოო ლუკმას გაუყოფსო გაჭირვებულს, – ლოცავდნენ მას.

 

ერთი წამითაც არ დააყოვნა. სახლში შევიდა. მაგიდაზე პურის მოზრდილი ნაჭერი, ყველი და ნახევარი ბოთლი ღვინო იდგა.

 

ღიმილით მიაჩეჩა ყველაფერი ეს ხელებში ხეიბარს. იქვე, ქვის ლოდზე ჩამოსვა, მოასვენა. ცოტა ხანს იჯდა ასე ხეიბარი, შემდეგ წამოდგა და გასასვლელისაკენ მიბრუნდა.

 

– საით გაგიწევია, ძმობილო, ცოტაც დაგესვენა, – სიტყვა დააწია ბეგლარმა.

 

– ეეხ, ჩემო ძმაო, ერთ დროს მეც შენნაირი ადამიანი ვიყავი. მეც მქონდა ჩემი წილი დედამიწა, მზე, ზღვა... მაგრამ ღმერთმა ინება და რისხვა დამატეხა. ურჯულოებმა თვალები გამომთხარეს და მარტოდ დამაგდეს უდაბნოში. ახლა კი მაცხოვრის საფლავზე მივდივარ. მინდა, რომ ღმერთს შევეკითხო, რისთვის დამსაჯა ასე უმოწყალოდ.

 

– იქამდე მისვლა ძალიან გაგიჭირდება, დარჩი აქ, ჩემთან, – შესთავაზა ბეგლარმა.

 

– ვერა, კეთილო კაცო, ვერ დავრჩები. – გასასვლელისაკენ გაემართა გლახა.

 

– მაშინ, რა შემიძლია გავაკეთო შენთვის, მითხარი, ნუ მოგერიდება.

 

გლახა გაჩერდა, შემობრუნდა მისკენ. უცნაურად გაეღიმა და ასევე ღიმილით მიმართა ბეგლარს:

 

– თუ ასე გაღელვებს ჩემი ბედი, მომეცი ერთი თვალი. ჩავისვამ და არ გამიჭირდება სალოცავ ალაგს მიღწევა!

 

თავი ჩაღუნა ბეგლარმა. თავის ცხოვრებაში პირველად გაუჭირდა მოწყალების გაცემა. უნდოდა ეთქვა: – მე ხომ ერთი თვალი მაქვსო! მაგრამ ბრმა ამას ხომ ვერასდროს დაინახავდა და არც დაიჯერებდა.

 

გულმა ბაგუნი დაუწყო. შემდეგ, თითქოს სხეულში ადგილი არ ყოფნისო, ნელ-ნელა ზევით აიწია და ყელში მოაწვა, სუნთქვა შეეკრა ბეგლარს. რაღაც უხილავი, შიგნიდან მკერდის განგრევას ლამობდა. მუხლისთავები აუცახცახდა, თავბრუ დაეხვა. იგრძნო, რომ ცოტაც და წაიქცეოდა. საკუთარ თავს ებრძოდა ბეგლარ. მერე ისევ ახალგაზრდა უსინათლოს შეხედა. მახვილად გაუელვა გულში მოძღვრის სიტყვამ – სიკეთისათვის!

 

– ის ახალგაზრდაა, მე კი ჩემი მინახავს და რა აზრი აქვს მისთვის უსინათლო ცხოვრებას! – გაიფიქრა ეს, შერცხვა კიდეც თავისი წამიერი სისუსტისა.

 

ამოიღო ეული თვალი მოხუცმა და მისცა უსინათლოს. ჩაისვა თვალი და სიხარულის ღაღადისი აღმოხდა გლახას.

 

საკუთარ თავზე ამაღლდა ბეგლარ. მან ხომ შეძლო დაეძლია თავი და უდიდესი დათმობისა და მსხვერპლის წილ, ნამდვილი სიკეთე გაეკეთებინა.

 

ისე გაქრა მათხოვარი, მადლობაც არ უთქვამს და არც უნდოდა ბეგლარს მისი მადლობა.

 

იცოდა, რომ სიკეთე მხოლოდ სიკეთის წილ ხარობს და მასთან ადგილი არა აქვს ანგარებას.

 

ხელის ფათურით მოძებნა ხელჯოხი, ნელ-ნელა, ჯოხის ცეცებით ჭიშკრისაკენ წავიდა, აუყვა გზას გორაკისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ სიბნელის გარდა ვერაფერს ხედავდა, არ გასჭირვებია თამთას საფლავის მოძებნა. მივიდა, ჩაიჩოქა და დაემხო საფლავს. და იყო ასე, დიდხანს – გაშეშებული.

 

ისევ საყვარელი ცოლი წარმოუდგა თეთრ კაბაში, როგორც ქორწინების დღეს, სიბრმავის მიუხედავად წარმოსახვის უნარი არ დაკარგვოდა მოხუცს. ტირილი მოუნდა, მაგრამ ვერ იტირებდა. წამოწევა სცადა, მაგრამ ხელებმაც უმტყუნეს.

 

– ეეხ, ვკვდები ალბათ და მალე ისევ ერთად ვიქნებით, ჩემო თამთა, – ჩასჩურჩულა საფლავს ბეგლარმა. იწვა ასე ერთხანს და ფიქრობდა, ფიქრობდა ცოლზე, მოძღვარზე, ცხოვრებაზე. ყველაფერი გაიხსენა: ბავშვობა, მშობლები, სიყმაწვილე...

 

– არაფერს ნანობ, მოხუცო?! – მოესმა ზურგსუკან.

 

– არაფერს, – უპასუხა ისე, რომ არც დაფიქრებულა, თუ რის შესახებ ეკითხებოდნენ. მერე გონს მოვიდა.

 

– რომელი ხარო, ჰკითხა ხმას.

 

– ვერ მიცანი? – ის მათხოვარი ვარ, თვალი რომ მაჩუქე წეღან. ვიცოდი, რომ ერთი თვალი გქონდა, მაგრამ მაინც გთხოვე, – გამოგცადე. მართალი გითხრა, პირველად განმაცვიფრა ადამიანის სიკეთემ. ეხლა კი იმისთვის მოვედი, რომ სიკეთე სიკეთით გადაგიხადო... მთხოვე რაც გინდა!

 

– ეხ, ხუმრობ ალბათ, რა შეგიძლია შენ, ხეიბარო?! მაგდენი ძალა რომ შეგწევდეს, საკუთარ თავს მიხედავდი.

 

– შენ მთხოვე, რა იცი, იქნებ შეგისრულო.

 

– ერთხანს დაყოვნდა მოხუცი.

 

– ჩემს თამთასთან მინდა, – ვერ დაუმალა სურვილი მათხოვარს.

 

– შენ ხომ სიცოცხლე ძალიან გიყვარს ბეგლარ!

 

– საიდან იცი ჩემი სახელი?!

 

– მე ყველაფერი ვიცი...

 

– ეხ, დავიღალე. დავბერდი, ამ მიწასაც უჭირს, ალბათ, ჩემი ტარება, თამთაც მელოდება იქ.

 

– მაშ კარგი. – წამოაყენა მოხუცი მათხოვარმა, – წავიდეთ...

 

რამდენიმე ნაბიჯი ძლივსძლივობით გადადგა ბეგლარმა. შემდეგ, თითქოს მიწა გამოაცალესო ფეხქვეშ, სიმსუბუქე იგრძნო და...

 

 ისევ მოძღვარი წარმოუდგა თვალწინ, ჩვეულებრივზე ამაღლებული და კეთილშობილი, ეღიმებოდა მოხუცს და ღაწვებზე ნაკადად ჩამოსდიოდა ცრემლი. ერთხანს უყურებდა ასე, შემდეგ შემობრუნდა და თავისკენ მოუხმო ბეგლარს.

 

დაირღვა მტკიცე, გამჭვირვალე კედელი და აღსრულდა ბოლოს და ბოლოს ადამიანის დაუოკებელი სურვილი:

 

შეხვდა ბეგლარი თავის საყვარელ თამთას.

 

 

*

 

 ეკლესიაში ფეხაკრეფით პატარა, ფეხშიშველა ბიჭუნა შევიდა. კრძალვით მიუახლოვდა მოხუც მოძღვარს და თითქმის ჩურჩულით ჰკითხა: – რისთვის მოდის, მამაო, ადამიანი ამქვეყნად? მღვდელი შებრუნდა მისკენ, დაიხარა და ღიმილით თავზე ხელი გადაუსვა. საოცრად ჰგავდა მოხუცი მოძღვარი ბეგლარს...

 

 1985 წ.

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დუმბაძე გელა / ბეგლარ