დუმბაძე გელა 

ბეღურა

 

 

 პატარა ქალაქში მას რატომღაც “ბეღურას” ეძახდნენ. ალბათ იმის გამო, რომ მუდამ მობუზული და განმარტოვებული იყო. უფრო სწორედ, – ეს მეტსახელი მას სხვა ქალაქიდან წამოყვა.

 

 ურთიერთობას თითქმის არავისთან ამყარებდა. მიუხედავად ამისა, პატივს სცემდნენ და მისი უცნაური რიდი ჰქონდათ. პატივს სცემდნენ რადგანაც, ქალაქის ნებისმიერი, დიდი მხიარულების ან მწუხრის წვეულებისას ოჯახს, როგორც წესი, სოლიდური თანხით სავსე კონვერტი გადაეცემოდა მისი მოსამსახურის ხელით.

 

 აქ რომ დასახლდა, ქალაქის განაპირას, შემაღლებულ ფერდობზე, არცთუ ძალიან დიდი, მაგრამ კოხტა, ფიჭვნარში ჩაფლული სახლი იყიდა და იქ ცხოვრობდა სრულიად მარტო. წლის ძირითადი ნაწილი სადღაც იყო გადახვეწილი. და თუ სად, – არავინ იცოდა.

 

 ის ხანშიშესული ქალიც, რომელიც თვეში ერთხელ გამოჩნდებოდა სახლის დასალაგებლად, იქაური არ იყო და რომც ყოფილიყო, – სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდა. ასე რომ, მასზე ზედმეტს ვერაფერს დააცდენდით.

 

 როცა რაიმე იდუმალებითაა მოსილი და ცნობისმოყვარეობის ჭიას ვერ იკმაყოფილებს ადამიანი, სწორედ მაშინ იბადება ათასგვარი ჭორი და ფანტაზია. ჰოდა, სხვა საქმე რა ჰქონდათ, – ისხდნენ ქალაქის «ბირჟაზე» გაჭაღარავებული «ბიჭები» და დედამიწაზე მოკითხვის გარეშე ძე ხორციელს, მათ შორის, ჩვენს «ბეღურასაც» არ ტოვებდნენ:

 

– რა უცხო ხილია ეგ ჩვენი «ბეღურა», – ისე, ვინ დაარქვა ეს სახელი ამ თითქმის ორმეტრიან ადამიანს?

 

– ეს არ ვიცი, მაგრამ იმას ამბობენ, რომ უცხოეთში დიდი «საქმე» ჰქონია. აბა, დააკვირდით, რომ გამოჩნდება ხოლმე, სულ გრძელი ჩანთა უჭირავს ხელში.… ამბობენ, ფულით აქვსო სავსე!

 

– კაი ერთი, დაანებე სხვისი ფულის თვლას თავი! რაც მაგან ამ ქალაქს ფული დაახარჯა! შენ არ იყავი, რომ ამბობდი, ჩემი ქალიშვილის ქორწილის ნახევარი გასავალი «ბეღურას» გამოგზავნილმა კონვერტმა დამაფარინაო, ა?

 

– ხოო, ამაში მართალი ხარ!

 

– აქამდე არ მითქვამს, მაგრამ, მეც ის «გარაჟი» საღამოობით რომ ვქეიფობთ ხოლმე, მისი ნაჩუქარი ფულით ავაშენე. იმ ქალის პირით შევუთვალე, რომ ესესხებინა და ეგრევე გამომიგზავნა. ფული რომ ვიშოვე და დაბრუნება გადავწყვიტე, არაფრით გამომართვა.

 

– ჰოო, ვიღაცას სახლი გადაუხურა, ვიღაცეებს ბავშვების სწავლის ფული დაუფარა... ღმერთმა მისცეს ასეთ კაცს ფულიც და ბარაქაც!

 

– ისე... რატომ იქცევა ასე? – პირადად არავის გვიცნობს, «ბირჟაზე» ერთხელაც არ გამოსულა და ჩვენთან პურის გატეხვაც არ უკადრია!

 

– კარგი რაა! – სულ მაგისთვის სცალია!.. «ბირჟაზე», – თორემ მე შენ გეტყვი, ჩვენ რომ ოცდაოთხი საათი ვზივართ, ოჯახები ავაშენეთ რა! თანაც, თუ კარგად დააკვირდები, გვერდზე რომ ჩაგვივლის აუჩქარებელი ნაბიჯით, ოდნავ შესამჩნევად თავს დაგვიკრავს ხოლმე. მგონია, რომ ყველა ჩვენგანს და ჩვენს ოჯახობას სახელებით იცნობს და საერთოდ, ყველაფერი იცის, რაც ამ ქალაქში ხდება... ყველასთვის უცხო და თანაც ყველასთვის რაღაცნაირად ახლობელია ეგ კაცი!

 

– ამბობენ ორმოცდაათი წლის ხდებაო. ისე, – კარგადაა შემონახული, ჩვენნაირად ასფალტს ღიპით არ ხეხავს და ერთი ჭაღარაც არა აქვს.

 

– ნაახალწლევს იმ ქალს ჩემი შვილები შეუყვანია სახლში, კამფეტებით და ათასგვარი ტკბილეულით გამასპინძლებია. ბავშვებმა მითხრეს, მაგარი გემოვნებით აქვსო ოთახები მოწყობილი და თანაც, შიდა ეზოში, ძალიან ლამაზი ზამთრის ბაღი ქონია, ძირითადად ლიმონი აქვსო დარგული...

 

– იმ მოგრძო ჩანთაში, ფული კი არა, იარაღი აქვს, მგონი... ეგეთ ჩანთაში ფულს არ ინახავენ!

 

– იარაღი არა ისა! ამ ამერიკულმა ვიდეომ სულ მთლად გამოგაშტერა, ცოტა აზრზე მოდი, – დაბერდი უკვე კაცი!

 

– რა ვიცი, ჩემმა ხულიგანმა ბიჭებმა მითხრეს, მაგას «შავებიც» კი არიდებენო თავს! ამას წინ, ასახვევთან ახალი რესტორანი რომ გახსნეს, ეგენი ქეიფობდნენ თურმე. ჰოდა, «ბეღურა» შესულა რაღაც საქმეზე. ეგ რომ დაუნახავთ, იქედან მშრალად და უსიტყვოდ, წუთში გაკრეფილა ყველა.

 

– მაინც რა უნდოდა ამ ჩვენს მიყრუებულ ქალაქში?

 

– რატომ რა უნდოდა, – მშვიდი და უბოროტო ხალხი ცხოვრობს ჩვენთან. ერთმანეთის გატანა ვიცით და პატრონობა.… თანაც, შენ თვითონ თქვი, – ჩვენი ქალაქი განმარტოვებულია და მიყრუებული. ამ კაცს თუ რაიმე სახიფათო პროფესია ან საქმე აქვს, ყველაფერი ეს აუცილებელი პირობაა!

 

– ჰოოო! – მრავალმნიშნელოვნად და ერთ ტაქტში დაიქნიეს თავი ბირჟის მცხოვანმა ბინადრებმა...

 

 

 

*

 

 

 

 საკმაოდ ციოდა. შემოდგომა სულს რომ ღაფავს, იმ მხარეებში ასე იცის ხოლმე. სუსხმა განსაკუთრებით გამთენიისას მოუჭირა. ბალახიც დათრთვილული იყო და ფეხქვეშ ოდნავ ხრაშუნებდა.

 

– ერთი, ორი, სამი...… ერთი, ორი, სამი...… – მონოტონურად ბუტბუტებდა ნისლიდან მოლანდებასავით გამოსული მაღალი, თხელ-თხელი მამაკაცი, რომელსაც აშკარად უშლიდა ნერვებს ფეხქვეშ მოხრაშუნე მზრალი ბალახი, რადგანაც ზედმეტი ხმაური მისი ცხოვრების წესს არ ესადაგებოდა.

 

– ერთი, ორი, სამი... ერთი, ორი, სამი...…ცოტაც და სახლიც გამოჩნდება – ფიქრობდა კაცი და ძუნძულით აგრძელებდა გზას. ფეხები გაეყინა, ერთი საათის წინ, სიბნელეში პატარა მდინარის გადმოლახვა მოუწია. სიპ ლოდზე დაუცდა ფეხი და მუხლებამდე დაასველა ცივმა მდინარემ. ადრე ეს არ დაემართებოდა, მაგრამ ახლა ყველაფრის ბრალი, ნაკვეთი ჭრილობა იყო მარცხენა მკლავზე, საიდანაც გამუდმებით ჟონავდა სისხლი.

 

 რამდენჯერმე დააყოვნა ჭრილობამ. ან არა და, იცოდა რომ შეჩერება არ შეიძლებოდა. უკან მაინც არ იხედებოდა, რადგანაც წესად არ ჰქონდა უკან მოხედვა. თუთუნი დაღეჭა, ფაფად აქცია. ცალი ხელით პერანგი შეიხსნა. მეორეთი, მკლავზე დასვირინგებული პატარა ჩიტის ოდნავ ზევით, თუთუნის ფაფა წაუსვა იარას. ცხვირსახოცით ძლივძლივობით მოახერხა მისი გადახვევა.

 

– სახლამდე მიმიყვანს, – გაიფიქრა და გაღიმება სცადა, რადგანაც მძღოლების ტერმინი გაახსენდა, დაზიანებულ დეტალს კუსტარულად რომ ცვლიან. მაგრამ, ვერ გაიღიმა, რადგანაც ზოგჯერ ღიმილიც მოითხოვს თავის ძალას.

 

– ერთი, ორი, სამი... სახლამდე უნდა მიასწრო... მალე მოგაკითხავენ... ცოტაც გაუძელი ბიჭო! –საკუთარი თავის გამხნევებას შეეცადა კაცი. ჭრილობა კი მაინც ჟონავდა, მარცხენა ხელის გრძელ თითებზე სისხლი წვეთებად ეკიდებოდა და დრო–და დრო მზრალ ბალახს ათბობდა: ერთი, ორი, სამი...

 

– როგორ უნდოდა ბებიაჩემს პიანისტი რომ გავმხდარიყავი! – გაიფიქრა მან, სისხლიან თითებს რომ დახედა, – რომ იცოდეს, რა გზას დავადექი, გაგიჟდებოდა საცოდავი ქალი! – მაგრამ...… არაფერზე ვნანობ! მაგ ნაბიჭვრებსაც ხომ ვუტირე ყოფა! აწი... ნაყარ-ნუყარი დარჩა... მეც რომ მომკლან, – ეგენი ერთ კვირასაც ვეღარ გაძლებენ უთავოდ!

 

... არაფერს ვნანობ! – ყველას თავისი სიმართლე და საქმე აქვს!

 

 ფეხის თითები დაუბუჟდა სიცივისგან. იცოდა, არ შეიძლებოდა, მაგრამ ნახევარი წუთით პირდაპირ მიწაზე ჩამოჯდა. ნახევარი წუთი ხუთ წუთად იქცა, ხუთი – ათად. მიწამ ძალა წაიღო. ფერდობს ვარდისფერი კონტური ფთილასავით დაედო, მზე იწყებდა ამოსვლას. მაინც ვერაფრით იკრეფდა ძალას კაცი.

 

– სახლში რომ მივალ, ცხელ აბაზანაში ჩავწვები და მთელი დღე აღარ ამოვალ...

 

– თუ დამცალდა...

 

– თანაც, ჩემს ზამთრის ბაღში იმ ყველაზე დიდ მწვანე ლიმონს მოვწყვეტ და ჩაის უზარმაზარი ჭიქით დავლევ... რა კარგია ცხელი ლიმნიანი ჩაი!..

 

– ნუთუ, ყველაფერი მორჩა?... თავის მონოტონური ქნევით გაიფიქრა კაცმა.

 

 აბსოლუტური სიჩუმე ჩიტის ჭიკჭიკმა დაარღვია, – პატარა ჩიტის ჭიკჭიკმა. ბეღურა იყო. სიცივიგან მობუზული, სადღაც მახლობლად, ბუჩქის ნედლ ტოტზე იჯდა და დრო და დრო ჭიკჭიკებდა: ჭიკ, ჭიკ, – გაიღვიძეო კაცო! ჭიკ, ჭიკ, – გათენდაო უკვე! ჭიკ, ჭიკ, – ადექი, თორემ ეს ცივი მზე გაყინვას ვერ გადაგარჩენსო! ჭიკ, ჭიკ, – ერთი, ჭიკ, ჭიკ...… ერთი, ორი, სამი, ჭიკ, ჭიკ! – შეუჩერებლად ჩასძახოდა ბეღურა თავის სეხნიას!

 

 ... ამჯერად ეყო ძალა და გაეღიმა კაცს...

 

 

*

 

  გარედან კარგა ხანია ხმაური ისმოდა. ის კი არ ჩქარობდა, ძალიან დინჯად და აუჩქარებლად ალაგებდა ნივთებს მოგრძო ჩანთაში. სულ ბოლოს, რაღაც დიდი შეკვრა შეათამაშა ხელში და ისე ჩადო. სახეზე კმაყოფილება ეტყობოდა, კარგად გადახვეული ჭრილობიდან სისხლიც აღარ ჟონავდა. უბრალოდ, ოდნავ აჟრჟოლებდა. სასტუმრო ოთახს გადაავლო თვალი და მერე ზამთრის ბაღში გავიდა. ლიმნის ხეებს შორის მდგარმა ერთხანს უყურა თავისი ხელით გაზრდილ მცენარეებს, შემდეგ მათ შორის ჩაიმუხლა და საერთოდ, – წამოწვა.

 

 ხმაური და აურზაური მატულობდა. საქმე ის იყო, რომ ქალაქში დილიდან უცხო ხალხით სავსე, რამდენიმე შუშადაბურული მანქანა გამოჩნდა. არავინ იცის საიდან, მაგრამ მყისეულად გავარდა ხმა – «ბეღურას» ეძებენო მოსაკლავად. რამდენიმე წუთში, თითქოს ამის მეტი ცხოვრებაში არაფერი ეკეთებინათო, ფიჭვნარში ჩარგული სახლისაკენ მისასვლელი ერთადერთი გზა, პატარა ქალაქის მოსახლეობამ ისე ჩახერგა, ნემსსაცს კი ვერ ჩააგდებდა კაცი. ქუჩაში, დიდიან პატარიანად, მთელი უბნის მოსახლეობა გამოსულიყო. ზოგიერთ მათგანს სანადირო თოფი გამოეტანა, ზოგიერთს კი ხელში უბრალო რკინის «არმატურა» ეკავა. ერთ მხარეს ისინი იდგნენ და მეორე მხარეს რამდენიმე მანქანიდან გადმოსული, მთელი არსენალით შეიარაღებული შავოსნები. რომელთა ზრახვის ასრულებასაც, აშკარად ხალხის სიმრავლე და შეუპოვრობა უშლიდა. ერთ ხანს ავისმომასწავებელი სიჩუმე იდგა, რომელიც შემდგომ დიდ გნიასსა და ჩოჩქოლში გადაიზარდა...

 

 ციტრუსის ხეებს შორის, სრულიად აუღელვებლად და განუძრევლად იწვა კაცი შავ მიწაზე და ფოთლებში ჩაღვრილი მზის სხივებით თბებოდა. მიწის, მნათობისა და გარედან შემომავალი ხმაურის თავისებური სითბო მის დაღლილ სხეულს და იარას, სახსრებსა და გულს მალამოდ ეფინებოდა და ცხელი, წითელი ღვინისავით ახურებდა. იგრძნო, რომ რაღაც აშკარად გარდაიქმნებოდა... შესაძლოა, ეს მწვანე ლიმონი იყო, ახლა, მის თვალწინ რომ იცვლიდა ფერს და ნელ-ნელა მზეს ემსგავსებოდა. მიუხედავად დიდი საფრთხისა, თავს ბედნიერად გრძნობდა და გამუდმებით ეღიმებოდა. ცხოვრებაში პირველად არ იყო მარტო «ბეღურა»...

 

 გარეთ ხმაურმა იმატა. კაცი წამოდგა, სწრაფი ნაბიჯით შევიდა ოთახში, მოგრძო ჩანთა გადაიკიდა მხარზე და ის იყო, სახლის იმ გასასვლელისაკენ გაემართა, რომლის არსებობაც მხოლოდ მან იცოდა. უკნიდან... ისევ ჭიკჭიკი შემოესმა.

 

 სამზარეულოსკენ გაბრუნდა, საპურეში დარჩენილი ნამცეცები ხელის გულზე გადმოიბერტყა და საბოლოოდ გაუმასპინძლდა სახლის შიდა ეზოში სასაცილოდ მოხტუნავე ბეღურებს.

 

 კიდევ ერთხელ დაუკრა თავი ამ პატარა სტუმრებს, თავის სახლს, ზამთრის ბაღს, მაღალი ღობის გადაღმა, მის გადასარჩენად მოსულ მადლიერსა და უშიშარ ხალხს, – საფეთქლებთან ახლად თმა შეჭაღარავებულმა კაცმა და ერთ წამში ფიჭვნარში ლანდივით გაუჩინარდა.

 

 მალე, ქალაქში ყველაფერი დაწყნარდა. საღამოს აბსოლუტურ სიმშვიდეს, მხოლოდ ახლად მოსული თოვლის ფანტელების შრაშუნი და მოშიშვლებულ, ნედლ ტოტზე შესკუპებული ჩიტის ჭიკჭიკი არღვევდა:

 

– ჭიკ, ჭიკ, –… ჭიკ, ჭიკ, – ერთი, – ჭიკ, ჭიკ – ერთი, ორი, სამი... ჭიკ, ჭიკ, – თოვლიან ფერდობზე, სწრაფად მიმავალი, უცხო მგზავრის ნაბიჯის ტემპს, თითქოს ექოსავით ეხმაურებოდა პატარა ბეღურა.

 

17 ნოემბერი, 2006 წ.

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დუმბაძე გელა / ბეღურა