დუმბაძე გელა 

 

გრძნეული მეხი ზევა და მფრინავი ჭაბუკი

 

 

გერლანდიის მხარის სამეფო მეხთა ღირსეული შთამომავალი, თვით მოლივლივე მამა ელვის მიერ ნიშანდასმული; საქვეყნოდ ცნობილი გლოვის მეხის ალალი ძმისწული, ნარინჯისფერ ქარიშხალთა ერთადერთი, ულამაზესი დის – სიო ნარნარს სატრფიალო ოცნებათა უცვლელი რაინდი, ყველაზე ცელქ, შხაპუნა წვიმათა სულისჩამდგმელი, ცად აღზევებულ შეყვარებულ სულთა ერთგული მესაიდუმლე, პატარების მშვიდ სიზმართა დაუღალავი მფარველი, სულიერი ზეცის ახალი, ძლევამოსილი თაობის განსახიერება-სიმბოლო, მეშვიდე ცის მეხთა შორის ასაკით უმცირესი, უკეთილშობილესი – გრძნეული ზევა, ნელ-ნელა ემზადებოდა სიმწიფის საუკუნისათვის, რასაც სხვაგვარად ზესამყაროში წრთობის ჟამსაც ეძახიან.

 

შემეცნების უმაღლეს საფეხურზე მდგომს, ოდნავაც არ უჭირდა იმის განჭვრეტა, რაც ახლო მომავალში ელოდა. არსით უზომოდ მშვიდსა და გაწონასწორებულს, მაინცდა მაინც დიდ სიამოვნებას არ გვრიდა იმის შეგრძნება, რომ წრთობისას გაათკეცებული, მისი ისეც უზარმაზარი ენერგია თვითკონტროლს მხოლოდ ნაწილობრივ დაექვემდებარებოდა. მას კი არა თუ ეს დამანგრეველი ძალა, მისი თანმხლები დიდი გრუხუნიც შეგნებულად არასოდეს გამოეყენებინა (არ უნდოდა ჩვილთათვის ძილის დაფრთხობა).

 

მიუხედავად ყველაფრისა, ბუნების გენია თავისას ითხოვს, გამუდმებით თავისას იქმს. მას თვით მოლივლივე მამა ელვაც ემორჩილება.

 

...და გრძნობდა ზევა, ნელ-ნელა როგორ ემატებოდა ძალა, ეცვლებოდა ფერი და ხასიათი, ერთი სიტყვით, სრულიად გარე და შინა არსი.

 

ძალაუნებურად გრგვინვადაბოხებულმა, გაზრდილი სიმძლავრე განმარტოებულ ათასწლოვან ძელქვაზეც სცადა, სწორედ იმ ძელქვაზე, რომელზეც მრავალი თაობის ახალგაზრდა მეხი უშედეგოდ ,,ილესდა კბილებს“, ზევამ კი ხის სიკერპე სულ რამდენიმე დარტყმით ძირფესვიანად ამოძირკვა. და ამაშიც იყო მისთვის რაღაც აზარტული, სადღაც საამაყოც. მისდა საქებრად უნდა ითქვას, რომ უკიდეგანო ძლიერებაში დარწმუნებულს, იოტისოდენა გადიდგულების ჟანგიც არ მოჰკიდებია. ერთადერთი გამაბეზრებელი და ფრიად შემაწუხებელი, წრთობისათვის აუცილებლად თანხმლები, – მტკივნეული ელექტრო განმუხტვები იყო. ასეთი განმუხტვისას ზევასაგან მსხვილ-მსხვილი, ფეთქებადი ნაპერწკლები იფრქვეოდა ყველა მიმართულებით. ამ დროს ახლობლები განსაკუთრებით შორიდან უვლიდნენ მას (ყველას როდი შეუძლია ძლევამოსილების სიმხურვალის გაძლება!). ზევა გრძნობდა და ღირსეულადაც აფასებდა მოყვასთა, მის მიმართ მოკრძალებულ დამოკიდებულებას.

 

ასე ჩვეულებრივ, ამ შემთხვევისათვის ყოველგვარი, განსაკუთრებული მოვლენების გარეშე, ილეოდა კეთილშობილი მეხის სიმწიფის საუკუნე და კანონზომიერად იძენდა ზესამყარო ბოლო ათასწლეულის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ და უბრწყინვალეს მეუფეს.

 

...მუდამ გამოუცნობია ბუნების გენიის ნება-სურვილი...

 

– და უფრო ხშირად, სრულიად მოულოდნელად ხდება ის, რაც ნებისმიერ იდილიურ კანონზომიერებას ნამსხვრევებად აქცევს და სულ სხვაგვარად, საწინააღმდეგო მიმართულებით დაატრიალებს ბედის ჩარხს.

 

...ისიც ისე, ყველასაგან დაუკითხავად მოვიდა, უფრო სწორედ, შემოიჭრა ზეციურ ყოფაში.

 

ზევას თვითმფრინავით თუ ვერტმფრენით ვერ გააკვირვებდით, რადგანაც ლეონარდო და ვინჩის საფრენი აპარატიდან მოყოლებული, ყველა საჰაერო ხომალდი, მისი გულწრფელი ინტერესის საგანს შეადგენდა.

 

ასე რომ, მომცრო ზომის სპორტული თვითმფრინავის გამოჩენა მის სამფლობელო სივრცეში, სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მაგრამ, მოულოდნელად თვითმფრინავს რაღაც მოწყდა. ჰაერის ნაკადმა რამდენიმე წამით უწესრიგოდ ატრიალა, აბურთავა უფორმო საგანი. შემდეგ კი... ეს რაღაცა ზევას თვალწინ ვიღაცად გადაიქცა, მოკუნტული გაიმართა, გაიშალა და ბოლოს: სრულიად უწვერულვაშო, ხმელ-ხმელი, თმააჩეჩილი ჭაბუკის ფორმა მიიღო, რომელიც მთელი საოცრება ის იყო, ყოველგვარი საფრენი აპარატის გარეშე, უბრალო, სტაფილოსფერ პლასტმასის დაფაზე იდგა და თითქოს ხედავსო, ზევას პირდაპირ თვალებში უღიმოდა!

 

ჰაერის ნაკადის გაძლიერებასთან ერთად, კარგა ხანს ერთ ადგილზე გაყინული, დაფაზე თითქოსდა დაწებებული ჭაბუკი ნელ–ნელა ამოძრავდა, ასრიალდა და მალე თითქმის ქარსაც კი გაუსწრო.

 

განცვიფრებული მეხი თვალს ვერ აცილებდა დაუპატიჟებელი სტუმრის უჩვეულო თამამ მოძრაობას, საკუთარი ღერძის გარშემო ციბრუტივით ბზრიალს, მიმართულების მკვეთრად ცვლას, ურთულეს ყირამალებს.

 

მართლაცდა საოცრად ერწყმოდა ფეხშიშველა, მუხლს ქვემოთ გადაჭრილ ცისფერ შარვალსა და ფართე, ქათქათა, წითელ აჭიმებიან პერანგში გამოწყობილი, თმაგაჩეჩილი ჭაბუკი ჰაერის სტიქიას. აშკარა იყო, რომ სრულად გრძნობდა, ესმოდა, იჭერდა ქარის ყოველ გაუთვალისწინებელ მოძრაობას.

 

მცირე ხნით საავდრო ღრუბლებს შორის დაინთქა უცნობი სტუმარი და ზევა მისთვის მანამდე უცნობი, უჩვეულო აღელვებით ადევნებდა თვალს ნისლეულში უდიდესი სისწრაფით მოძრავ, ქარით გაბერილ პერანგს.

 

მის სამფლობელოში შემოჭრილი ადამიანის სითამამით გამოწვეული ბრაზნარევი გაკვირვება, მეხში შესაბამისად ინტერესმა და კეთილგანწყობამ შეცვალა.

 

ცოტა ხანში, ჭაბუკთან ერთად ტაქტში მონავარდემ აღმოაჩინა საკუთარი თავი. დაქროდა ზევა და თანაც გულდასმით აკვირდებოდა სტუმრის (რომელიც, რა თქმა უნდა, მას ვერ დაინახავდა) სახისა და სხეულის ყველა ცვლილებას, რამეთუ ადამიანს ასე ახლოს და ხანგრძლივად პირველად ხედავდა. ერთი წამით ისიც კი მოეჩვენა, რომ ჭაბუკს მარცხენა საფეთქელთან მისი მსგავსი, მოლივლივე მამა ელვის მიერ დასმული ნიშანი ჰქონდა...

 

ამ დროს კი, რაც უფრო რთულ და სახიფათო მოძრაობას აკეთებდა ფრინველად ქცეული ახალგაზრდა, – მით მეტად ლაღად და გულიანად იცინოდა და ყველაზე უფრო ეს იყო გრძნეული მეხისათვის გასაკვირი. ყოველ შეჩერებაზე მზისაკენ იშვერდა ხელებს და ასე ეწაფებოდა მის მაცოცხლებელ სხივებს, ძალას. მთელი არსით, წარმოუდგენლად ხარობდა მფრინავი ჭაბუკი: თავისუფალი ფრენით, მზესთან ასე სიახლოვით, ქართან თამაშით, ბუნებასთან შეხების აუწერელი ნეტარებით და უდიდესი ბედნიერების მყისეული განცდით (შესაძლოა ეს სილაღე გარკვეულწილად ჩვენთვის ნაცნობი მეხის დამსახურებაც იყო, რადგანაც ყოველივე კარგი და საინტერესო ბავშვობის ფანტაზიებსა და ფერად სიზმრებში იღებს სათავეს. სწორედ იმ სიზმრებში, რომელთაც ყოველთვის ასე ელოლიავებოდა ზევა).

 

მორიგ შეჩერებაზე, ზეციურ უსასრულობაში მზერაგაქცეულმა ჭაბუკმა სიხარულის ყიჟინა შეწყვიტა. ნელ–ნელა, იდუმალი ღიმილით მოატრიალა თავი, ღრმა მოწიწებით მარჯვენა, თითებგაშლილი ხელი გაიშვირა მეხის ადგილსამყოფელისაკენ და თითქმის შეეხო გარინდულ ზევას! ეს სრულიად წარმოუდგენელი და დაუჯერებელი ამბავი იყო, რამეთუ ყოველი ზე არსი ადამიანთა მიერ უხილავი და მოუწვდომელია (თუმცა ვინ იცის? – ის ნიშანი, მარცხენა საფეთქელთან, რომელიც ზევას თითქოსდა მოეჩვენა?!).

 

ხანმოკლე პაუზის შემდეგ ჭაბუკი მკვეთრად შეტრიალდა, მოზრდილ ღრუბელს გადაუფრინა და მისმა მხიარულმა ყიჟინამ ისევ აავსო არე-მარე.

 

განცვიფრებული მეხი ისევ დაედევნა მფრინავ ონავარს, რომელსაც უკვე რატომღაც განუყრელ მეგობრად და მონათესავე სულად მიიჩნევდა.

 

თავდავიწყებით მონავარდეს სრულიად გადაავიწყდა თავისი სიმწიფის საუკუნე, დამანგრეველი ძალა და ის უდიდესი მისიაც, რაც მას უახლოეს მომავალში უნდა დაკისრებოდა. ისევ არც ისე შორეულ – საყმაწვილო ხანას უბრუნდებოდა გონებით, კეთილშობილი მეხი.

 

მაგრამ, ბუნების გენია, – გვინდა ეს ჩვენ, თუ არა, – ხშირად გვახსენებს თავის ნებასა და ძლევამოსილებას...

 

ყველაფრის მივიწყება აპატია მომავალში ზევამ თავის თავს, ყველაფრისა, ერთი საბედისწერო რამის გარდა!

 

სულ ახლოს იყო მფრინავ ჭაბუკთან, როდესაც უდიდესი სიმძლავრის განმუხტვამ (ყოველგვარი ჩვეული შეხსენების გარეშე იჩინა თავი და ასობით მხურვალე ნაპერწკალი განიფრქვა მისგან!!!).

 

ბოლისა და უჩვეულო ოდენობის ენერგიის მოზღვავებისაგან გაოგნებული, მზერაშეზღუდული მეხი რამდენიმე წუთს გონს ვერ მოეგო. გამოფხიზლებულმა მყისეულად, ელვის სისწრაფით, ყველა მიმართულებით დაუწყო ჭაბუკს ძებნა. ზეცაში რომ ვერსად ნახა, ქვემოთ, ადამიანთა მიწისაკენ დაეშვა და ბოლოს გამალებული, თავდაუზოგავი ძიების შემდეგ, იმ მხარეებში ყველაზე მაღალი, უზარმაზარი მთის მიუდგომელ ციცაბოზე, ყბადაღებული გამოქვაბულის წინ, ქათქათა, მზრალი თოვლიდან ნახევრად ამოჩრილი, სტაფილოსფერი საფრენი დაფა იპოვა!..

 

ერთი კვირის განმავლობაში, იმ მიდამოებში ძე ხორციელი ვერ ბედავდა თავშესაფრიდან გამოსვლას, რადგანაც, თითქოს რისხვით გაიხსნაო ზეცა, – კოკისპირული სეტყვა მოდიოდა, საზარლად, ავისმომასწავებლად გრგვინავდა ცეცხლის მფრქველი სამყარო. ამაყად შეფოთლილი, მრავალწლოვანი ხეებისაგან უმწეო ღეროებიღა დარჩა. აქაფებულ, თეთრად გადაპენტილ ნიაღვარს მიჰქონდა არე–მარე, მძიმედ მოქუფრული დღის, ელვით გაჩახჩახებული ღამისაგან განსხვავებაც კი ჭირდა. ყველაფერი ერთმანეთში აირია, აითქვიფა...

 

თავისებური სამგლოვიარო პანაშვიდი გადაუხადა თავის პირველ და უკანასკნელ მეგობარს გრძნეულმა ზევამ...

 

ამ შემთხვევიდან სულ მალე, უკლებლივ ყველა ზეციური არსი განცვიფრებაში მოიყვანა მისმა გადაწყვეტილებამ – სიმწიფის საუკუნის დარჩენილი, მცირე მონაკვეთის გაუსრულებლად, ყველას მიერ სასურველი, უდიდესი ძალაუფლებისა და ბრწყინვალების მიჯნაზე მდგარმა, – ძლევამოსილმა ზევამ, ერთხელ და სამუდამოდ დატოვა ზეციური სამფლობელო და ადამიანთა მიწაზე, განმარტოებით მდგარი, უზარმაზარი მთის მიუდგომელ გამოქვაბულში დაიდო ბინა.

 

...მართლაცდა, რაოდენ მიუწვდომელი და ამოუცნობია მოკვდავთათვის ზეციურ არსთა არაჩვეულებრივად დიადი, გრძნეული ბუნება!

 

 P. S. იარამოშუშებულმა, ნახევრად გამოჯანმრთელებულმა ჭაბუკმა (მარცხენა საფეთქელზე უცნაური ნიშნით) ზურგჩანთაში, მთაში სამოგზაუროდ აუცილებელ ნივთებთან ერთად მცირედი სურსათ–სანოვაგე ჩააწყო და თითის წვერებზე, ყველასაგან უჩუმრად დატოვა სახლი.

 

ოთახში შემოსულ მკურნალ ექიმს, პაციენტის ნაცვლად აულაგებელ ლოგინზე, სწორედ იმ გვერდზე გადაშლილი გაზეთიღა დახვდა, – რომელიც იუწყებოდა, რომ: მახლობელ პროვინციაში, დიდი უამინდობის შემდეგ, ყველაზე უზარმაზარი მთის მიუდგომელმა გამოქვაბულმა, მოულოდნელად უცნაური გრგვინვა და საუბრის მსგავსი, გაბმული დუდუნი დაიწყო...

 

 

1994 წ.

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დუმბაძე გელა / გრძნეული მეხი ზევა და მფრინავი ჭაბუკი