დუმბაძე გელა 

თაობა ინდიგო

 

(მხატვარ იური სკრინნიკოვს)

 

 

 

ისინი მოდიან

 

 

– ბატონო კაპიტანო, ფლოტის ადმირალია ხაზზე, პირადად თქვენთან სურს საუბარი!

 

– როგორ, თავად ადმირალია? – გაუკვირდა მოხუც ზღვის მგელს, რომელიც უკვე რამდენი ხანი სერავდა მსოფლიო ოკეანეს თავისი საყვარელი ქათქათა თეთრი გემით «ბიანკა რაიან», ნაპირიდან დრო და დრო ბრძანებებს სხვადასხვა დონის მოხელეებისგან თუ იღებდა. მასთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ მრავალ ჭირნახული, სახენაიარევი ადმირალი, რომელიც მთელს ფლოტში მხოლოდ ზოგიერთს თუ ჰყავდა პირადად ნანახი და რატომღაც ყველას შიშის ზარს გვრიდა, – გემზე პირველად რეკდა.

 

 მათ შორის ხანმოკლე და კონკრეტული საუბარი შედგა, გემის კაპიტანი ძირითადად არ საუბრობდა, უბრალოდ, მოკლედ ჩაურთავდა ხოლმე ერთადერთ სიტყვას: – დიახ!

 

– რამდენიმე წუთში თქვენს გემბანზე ვერტმფრენი დაჯდება. სტუმარს სპეციალური, სასწრაფო მისია გააჩნია. ყველაფერი არ ითქმის... გთხოვთ, მის მოთხოვნებს და მითითებებს დაემორჩილოთ თქვენც და მთელი ეკიპაჟიც. ჩათვალეთ, რომ ყველა ადრე მიღებული დავალება და ბრძანება გაუქმებულია. და კიდევ ერთი, –პაუზა გაწელა ადმირალმა, – მისი ასაკი ნუ გაგაკვირვებთ...

 

 კაპიტანი ბოლო ფრაზამ, ცოტა არ იყოს, დააფიქრა – შესაძლოა შეკითხვის დასმაც უნდოდა, მაგრამ მეზღვაურის ძვალში გამჯდარმა წრთობამ პირადი ემოცია მოთოკა და ერთადერთ სიტყვაზე: – არის! – დაიყვანა.

 

 მამაცსა და გამოცდილს, მრავალი წლის განმავლობაში, ათასი დავალება ჰქონდა პირნათლად შესრულებული, მათ შორის მრავალი, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე – ფრიად სახიფათო, მეზღვაურები ხშირად ამბობდნენ, – ნეპტუნს უყვარსო ჩვენი კაპიტანი!

 

 ამჯერად, მიუხედავად იმისა, რომ დავალება უფრო უცნაური იყო, ვიდრე რთული, – რატომღაც უჩვეულო გრძნობა დაეუფლა. თავის თავს გამოუტყდა, რომ ნერვიულობდა. უტყუარია გამოცდილი მეზღვაურის ალღო, მას ხომ ერთი შეხედვით რბილი, მაგრამ მარილიანი ზღვის ტალღები ნიჟარის მარგალიტისა არ იყოს, – ქლიბივით ხვეწენ წლების განმავლობაში.

 

 მას შემდეგ, რაც ვერტმფრენის მიღების თაობაზე ბრძანება გასცა, კაპიტანი «მოლოდინის რეჟიმში» გადავიდა.

 

 ხმელეთზე ადამიანები მოლოდინს სხვანაირად აღიქვამენ, ვიდრე ზღვაზე, სადაც ტალღების შრაშუნი და თავისებური მუსიკა, თუ მიანდობ, გონებას ტაატით, სხვა განზომილებაში წაიყვანენ და დროებით მაინც სიმშვიდეში ამყოფებენ.

 

– ალბათ სტუმრის შვილია, – გაიფიქრა კაპიტანმა, როდესაც გემზე დამჯდარი ვერტმფრენიდან ათიოდე წლის ჟღალთმიანი, სრულად თეთრებში შემოსილი ბიჭუნა გამოვიდა. რამდენიმე წამით შეჩერდა გადმოშვებულ ტრაპზე, საქმიანად, თავის ოდნავ ქნევით გადახედა გემის ეკიპაჟს და მხოლოდ ამის შემდეგ დაეშვა გემბანზე.

 

 პირველადი შთაბეჭდილება მყისვე გაიფანტა, როდესაც ბიჭუნას ირგვლივ ორმეტრიანი, კუნთებ–ჩამოსხმული, ოთხი კბილებამდე შეიარაღებული მცველი აღიმართა და ეს თავისებური ესკორტი უშუალოდ კაპიტნისაკენ გაემართა. ვერტმფრენიდან მეტი არავინ გადმოსულა.

 

 – პრეზიდენტის პირადი დაცვა! – მათ მიახლოვებამდე ამის გაფიქრებაღა მოასწრო კაპიტანმა, რომლის უცნაური წინათგრძნობა ამ სურათმა გაცილებით გაამძაფრა. წამით ეკიპაჟს გადაავლო თვალი და მიხვდა, რომ იქაც მსგავს განწყობას დაესადგურებინა, – არავის ეღიმებოდა.

 

 ბიჭუნა კაპიტანს უცნაური ღიმილით მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა და მომცრო კონვერტი გადასცა, მერე თითქოს იგრძნოო მისი მღელვარება, – ორიოდე უცხო სიტყვა ჩაიბუტბუტა, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და პატარა ხელით მაჯაზე შეეხო:

 

 – ხელი ხელს, თვალი თვალს, გულიც გრძნობს, თუნდაც პატარა, მაგრამ უფრო ძლიერ გულს.

 

 სრულიად დამშვიდებულ კაპიტანს იმ დღეს პირველად გაეღიმა. ეკიპაჟმაც შვება იგრძნო და ჩუმად, მაგრამ ხალისიანად ახმაურდა.

 

– კაპიტანო, ზუსტად 12 საათში ხომალდი მითითებულ ადგილზე უნდა იმყოფებოდეს, ზუსტად ამ განედისა და გრძედის კვეთაში. გარდა ამისა, გთხოვთ დაგვითმოთ კაიუტა საჭირო აპარატურით, – მთელი სერიოზულობით თქვა ბიჭუნამ და დაელოდა, სანამ კაპიტანი კონვერტს გახსნიდა.

 

– კი მაგრამ, ზუსტად ამ ადგილზე საშინელი შტორმი მძვინვარებს და იქ დროზე მისვლა შეუძლებელი იქნება! თანაც, ალბათ იცით, რომ მაგ ადგილებს ყველა ჭკუათმყოფელი თავს არიდებს – შეშფოთებით წარმოთქვა კაპიტანმა.

 

– იქ მისვლისათვის შტორმი ჩადგება! – ისეთი დამაჯერებლობით თქვა ბიჭუნამ, რომ კაპიტანს კამათის სურვილიც კი არ დარჩენია.

 

 ცოტა ხანში გემმა გეზი რადიკალურად შეიცვალა და მაქსიმალური სიჩქარით, იმ ყველასათვის ცნობილი ადგილისაკენ გაემართა, რომელსაც ბერმუდის სამკუთხედს ეძახიან.

 

 გემზე «ბიანკა რაიან» ჟღალთმიანმა ბიჭუნამ ფეხი 2013 წლის 22 დეკემბერს, დილის 12 საათზე დადგა.

 

 

*

 

 – სადღაა ის დიდი ქარავნები, კილომეტრობით რომ იწელებოდა და ათასი ჯურის ადამიანსა და პირუტყვს რომ უყრიდა ერთად თავს. ამ ცხოვრებაში რაც ვიცი, ყველაფერი ხომ იმ დიდმა დრომ და ქარავანმა მასწავლა – გაიფიქრა არაბმა წინამძღოლმა, თავის ოციოდ აქლემსა და ერთადერთ ჯორს რომ გადახედა.

 

– უდაბნოს გადალახვის მთავარი მიზანი არც ვაჭრობა და არც სხვა რამე სარგებელია, უდაბნოს გადალახვის მთავარი აზრი ოაზისთან შეხვედრა და იქ მიღებული შვებაა. ადამიანები ზოგჯერ ხელოვნურად ირთულებენ ცხოვრებას, მერე რაღაც მცირედში რომ იპოვონ სიამოვნება, – პირველად მოუვიდა სიცხისგან გათანგულს ასეთი აზრი და პირუტყვზე გადაკიდებულ მათარას შეავლო თვალი. მათარაში ორიოდ ჭიქა წყალი თუ იქნებოდა დარჩენილი. ზლაზნვით წამოდგა და დამხმარეს ხელის აქნევით ანიშნა, რომ შესვენება მორჩა.

 

... და ისევ გზა, ისევ ოაზისის მოლოდინი. ისევ თეთრი თაკარა მზე და დასიცხული ოცნებები, რომელთა უმრავლესობა წყალთან და სიგრილესთანაა დაკავშირებული...

 

 კიდევ ერთ ბარხანს რომ გადასცილდნენ, მოულოდნელად ცალ გვერზე გადაბრუნებული «ჯიპი» გამოჩნდა. წინამძღოლმა ხელის ჟესტით ქარავანს შეჩერება უბრძანა და აუჩქარებლად დაიძრა მანქანისაკენ.

 

 გადაბრუნებული მანქანის ჩრდილში ქათქათა თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ქერათმიანი ბიჭუნა იჯდა. გასაკვირი ის იყო, რომ ბიჭუნას, მომხდარის გამო სასოწარკვეთის და წუხილის ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა. უბრალოდ, ორი თითით თავ და ბოლო მოჭრილი საზამთრო ეჭირა და თითქოს მცირე ნიავის რხევას იჭერსო, ჩრდილში ოდნავ ამოძრავებდა. ამ სურათის შემხედვარე არაბს გონებაში მოხუცი წინაპრის ნაამბობმა გაუელვა იმის თაობაზე, რომ უდაბნოს თაკარა მზისა და ჩრდილის მკვეთრი კონტრასტის დაჭერით შესაძლოა საზამთრო ყინულივით გააცივო. რასაც, თავის დროზე ვერაფრით მიხვდა. მაგრამ, ამჯერად, ყველაფერ ამას ცხადად ხედავდა.

 

– დიდხანს გელოდით, მიხარია ბოლოს და ბოლოს რომ გამოჩნდით! – სუფთა არაბულით წარმოთქვა ბიჭუნამ და ყინულივით ჩაცივებული საზამთროს ნაჭერი გაუწოდა მოსულს.

 

– მანქანა გადაგბრუნებიათ, რამე ხომ არ დაგიშავდა, – უფროსები სად არიან?– რამდენიმე შეკითხვა ერად დასვა ბიჭუნას არაბულით გაკვირვებულმა წინამძღოლმა.

 

– ჩემს მეტი აქ არავინაა, მარტო მოვდიოდი, ბენზინი გათავდა და მანქანაც იმიტომ გადავატრიალე, ჩრდილისათვის რომ შემეფარებინა თავი – გაეღიმა ბიჭუნას.

 

 გაგონილით უფრო განცვიფრებულ არაბს კიდევ რაღაცის შეკითხვა უნდოდა, მაგრამ რაღაც ძალამ შეაჩერა.

 

 ბიჭუნამ ხელის გულზე არაბულად რამდენიმე სიტყვა დაიწერა, მერე წარწერიანი ხელი არაბისაკენ გაიშვირა და თანაც უთხრა:

 

– ვიცი, რომ სულ სხვა მხარეს გაქვს გეზი აღებული, მაგრამ ზუსტად სამ დღეში ამ ადგილზე უნდა ვიყოთ, მიტოვებულ ყვითელ ტროლეიბუსთან. ყველა დანაკარგი ათმაგად ანაზღაურდება! მანამდე კი ეს გამომართვი, აქვე ვიპოვე! – რამდენიმე ძველებური ოქროს მონეტა გაუწოდა დაბნეულ არაბს ბიჭუნამ.

 

 ხელი ხელს, თვალი თვალს, გულიც გრძნობს, თუნდაც პატარა, მაგრამ უფრო ძლიერ გულს.

 

 წინამძღოლმა ბიჭუნას ერთი ისღა უთხრა, – ეს ოქრო სავსებით საკმარისიაო და ქარავანს უსიტყვოდ უცვალა გეზი.

 

 ეს ამბავი 2013 წლის 19 დეკემბერს მოხდა.

 

 

*

 

 ორი ტომი ერთმანეთს უკვე მეექვსე წელი ეომებოდა. ეომებოდა დაუნდობლად და უმოწყალოდ. წარმატება მონაცვლეობით გადადიოდა ხელიდან ხელში. დროთა განმავლობაში, ომის წამოწყების მიზანიც კი გადაავიწყდა ყველას. მაგრამ, ალბათ მიჩვევის გამო, უაზრო ომი მაინც გრძელდებოდა.

 

 ორივე ტომის მეომრები, უკვე ერთი კვირაა რაც წითელი შამანის წინასწარმეტყველებაზე საუბრობდნენ. ზოგი საკუთარი ყურით გაგონილს ყვებოდა, ზოგიც გაგონილს ათას რამეს უმატებდა და აზვიადებდა:

 

– შამანს უთქვამს, ომი მალე მორჩებაო!

 

– ისიც უთქვამს, ომი აღარასოდეს იქნება და შურისძიების წყურვილიც გაქრებაო!

 

– ამ დღეებში უცხო ტომის პატარა შვილი გამოჩნდება ალმით ხელში და ყველა იარაღის ლულა მიწისაკენ სამუდამოდ დაეშვებაო!

 

– თურმე ლურჯი მთის მწვერვალზე უნდა მოასწროსო ასვლა, ახალ მთვარემდე! – უამბობდნენ ერთმანეთს ღამის კოცონთან ჩაცუცქული დაღლილი ჯარისკაცები.

 

 ადამიანები ხომ ძირითადად იმას იმეორებენ და უყვებიან ერთმანეთს, რისი გაგონებაც თავად სურთ, რაზეც თავად ოცნებობენ. შესაძლოა, ყოველივეს იმიტომ ყვებოდნენ მებრძოლები, რომ ყველაფერი უაზრო, თუნდაც ომი, ადამიანს ადრე თუ გვიან უსაზღვროდ ბეზრდება.

 

 გულწრფელი და ნათელი სიტყვა სიტყვას ებმის, განცდა განცდას, ოცნება, ოცნებას და ყველაფერი ეს, კეთილი მომავლის რწმენით გადაჯაჭვული კოცნის კვამლთან ერთად ლოცვად ადის ზეცაში. სწორედ ასე თავდება ომები და ისადგურებს მშვიდობა დედამიწაზე...

 

 ციდან ტყვია წვიმად მოდიოდა, წითელი შამანის წინასწარმეტყველება რომ ახდა.

 

 ხიდთან ჩასაფრებულმა მებრძოლმა შენიშნა პირველად და მის ბავშვურ მზერას თვალი ვერ გაუსწორა: თვალი თვალს, ხელი ხელს, გულიც გრძნობს, თუნდაც პატარა, მაგრამ უფრო ძლიერ გულს.

 

 ხის საცალფეხო ხიდზე, თეთრებში ჩაცმული ცამეტიოდე წლის გოგონა გამოჩნდა. მარჯვენა ხელზე თეთრი ალამი ეხვია და ასე, ხელაწეული მოდიოდა. მის გამოჩენას ელოდნენ, თუ რამე სხვა მიზეზით, სროლა ნელ-ნელა, შემდეგ კი საბოლოოდ შეწყდა.

 

 ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა. მხოლოდ ხიდის ქვეშ, უფსკრულში პატარა მდინარის ჩუხჩუხი და გოგონას საოცრად წკრიალა, ჩუმი სიმღერა ისმოდა. სევდიანად და თანაც იმედის მომგვრელად – უცხო და თითქოს ყველასთვის ცნობილ ენაზე მღეროდა მწვანეთვალება გოგონა. იმედის მოგვრელად, ალბათ იმიტომაც, რომ იმ მხარეებში ბოლო წლების განმავლობაში სიმღერა არავის გაეგონა. მებრძოლთა ცხელ გულებთან ერთად მათი მშფოთვარე გონებაც დაამშვიდა ამ ნანასავით ტკბილმა სიმღერამ.

 

 და ერთი წამით ყველა მიხვდა ომის დიდ უაზრობას. ყველას მიწისაკენ დაეხარა თავი. დაუნდობელი მებრძოლის მონანიების ცრემლი დაეცა სისხლით მორწყულ მიწას.

 

 წითელი შამანის შთაგონებით იყო თუ თავად ამ უცნაური სტუმრის სურვილით გამოწვეული, – მოსისხლე ტომთა მეთაურებმა თითქმის ერთდროულად უბრძანეს ოთხ–ოთხ საუკეთესო მებრძოლს გოგონას ლურჯი მთისაკენ გაცილება.

 

 ეს ამბავიც 2013 წელს მოხდა, – 20 დეკემბერს.

 

 

*

 

 

 ამ ამბებიდან ოცი წლით ადრე, ახალგაზრდა მხატვარმა როგორც იქნა მოაწყო თავისი სახელოსნო და მასაც, კარგი სახელისა თუ ძალიან დაბალი საფასურის გამო უამრავი მოსწავლე მიაწყდა.

 

 დღიდან დღემდე დიდი ფუსფუსი ტრიალებდა სახელოსნოში, რომელიც სულ მალე, სამუდამოდ გაიჟღინთა ზეთისა და აკვარელის საღებავის სუნით. უამრავი იყო ფერიც, ნახატიც, იდეაც, მოსწავლეც და მიუხედავად, იმისა, რომ ოჯახს საკმაოდ უჭირდა, მხატვარი თავს ბედნიერად გრძნობდა და გადასახადს პრინციპულად არ უმატებდა. საღამომდე ბავშვებს ასწავლიდა, მერე კი გათენებამდე სხვადასხვა კერძო შეკვეთას ასრულებდა.

 

 ბავშვებისათვის სახელოსნოში მისვლა და მასწავლებელთან ურთიერთობა ნამდვილი ზეიმი იყო, რადგანაც ხატვის გარდა, მხატვარი მათ უამრავ საინტერესო, იდუმალ ამბავზე მოუთხრობდა, იმ ამბებზე, რომლის შესახებაც იმ დროს ნაკლები იწერებოდა თუ ითქმოდა.

 

 გულწრფელად უყვარდათ მასწავლებელს და მოსწავლეებს ერთმანეთი. მართლაც, ბედნიერია ადამიანი, როცა მთელი არსით სწამს, სჯერა, ენდობა, ვითარდება, გასცემს და სანაცვლოდაც იღებს ცოდნას, სითბოსა და სიხარულს. დიდ და გულიან შრომას წარმატებაც აუცილებლად მოყვება, – სხვადასხვა სახით და ფორმით. აქ ერთიანი «რეცეპტი» არ არსებობს...

 

 ...ერთ ჩვეულებრივ დღეს, მოსწავლეებთან მუშაობაში ჩართულს მოეჩვენა, რომ თითქოს ყოველივე მათგანს, ოდნავ შესამჩნევი, სხვადასხვა ფერის მანათობელი გარსი ერტყა. პირველად იფიქრა, რომ ეს ხილვა, წინა დღით მეგობრებთან ერთად გადამეტებული ქეიფის ბრალი იყო და ყველაფერი ეჩვენებოდა. მეორე დღესაც იგივე რომ შენიშნა, ყოველი გადაღლას მიაწერა და მოსწავლეები ერთი კვირით დაითხოვა.

 

 კარგად გამოიძინა და დილითაც კარგი განწობა აყვა. სულ აღარ ახსოვდა ნანახი, ვიდრე თავის ცოლ–შვილსაც რაღაც ფერადოვანი ნათება არ შენიშნა...

 

 რამდენიმე ექიმს ეჩვენა, მაგრამ მათგან მიღებულმა რჩევებმა და დამამშვიდებელმა წამლებმა ვერაფერი შეცვალეს. ბოლოს, მეგობრების რჩევით ერთ ხანში შესულ მკურნალთან მოხვდა.

 

 მკურნალი წლების განმავლობაში იოგით იყო დაკავებული და ამასთან ერთად, ხალხის თქმით «სხვა ცოდნასაც» ატარებდა.

 

 იოგმა მშვიდად და ყურადღებით მოუსმინა სტუმარს და მისი რამდენიმე ფრაზა, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, მხატვრი საბოლოოდ რომ დამშვიდებულიყო.

 

 – ყველა ადამიანს გააჩნია თავისი მანათობელი გარსი, – აურა. მაგრამ ყველა ადამიანს არა აქვს ამის დანახვის უნარი. თქვენ ეს უნარი გაგეხსნათ, კოსმოსიდან საჩუქრის სახით გებოძათ. შეგიძლიათ აბსოლუტურად დამშვიდდეთ…... სადღაც მშურს კიდეც თქვენი, რადგან ადამიანის კეთილ ან ბოროტ აურას მხოლოდ ვგრძნობ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვხედავ, – თავის დინჯი ქნევით წარმოთქვა მკურნალმა. მან ერთხანს კიდევ ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით. უამბო მხატვარს თუ რომელი ფერი რას ნიშნავს, ადამიანის რა თვისებაზე მეტყველებს და ასე შემდეგ.

 

 ასე შეეგუა მხატვარი თავის ახალ უნარს. ამბობენ, რომ ცხოველები სამყაროს შავ–თეთრ ფერებში ხედავენ, მაგრამ მაინც ხომ ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას. და ჩვენი «საყვარელი» ტელევიზორებიც თავის დროზე ხომ მხოლოდ შავ–თეთრი იყო, თუმცა, მაშინ ჩვენს ირგვლივ ფერებიც და ზოგადად სამყაროც უფრო მეტ სითბოს და შინაარსს ატარებდა! – ფიქრობდა იგი.

 

 თავიდან სახალისოც კი იყო ადამიანებზე დაკვირვება და ფერთა მიხედვით, მათ ხასიათზე დასკვნების გაკეთება. ნარინჯისფერ-წითელი, მომწვანო-მორუხო და ა.შ. ფერი ადამიანის გარკვეულ თვისებებზე, – აგრესიასა თუ სიმშვიდეზე, ძლიერებასა თუ სულიერ სიძაბუნეზე მოუთხრობდა მხატვარს. მერე კი, ყოველი ეს ყოველდღიურობაში ჩაჯდა და ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

 

 ასე გადიოდა დრო, დღეები და წლები. შემოქმედებით ებრძოდა მხატვარი ყოფის მონოტონურობას და მოვლენათა სიმდარეს. ირგვლივ ყველა თავისას ითხოვდა, – ოჯახიც, მოსწავლეებიც, მეგობრებიც და მუზაც.

 

 ერთი პერიოდი ძალიან დაიღალა ... ბევრი რამ, რისთვისაც ადრე ცხოვრობდა და იღწვოდა, სრულებით აღარ აინტერესებდა. მოსწავლეებთან ურთიერთობაც ნაკლებად აინტერესებდა. სასმელსაც მიეძალა. დროც, თითქოს გაჩერდა და არსად ჩანდა სასიკეთო სიახლე. მუზაც, თითქოს მოიწყინაო, სადღაც გაქრა. შესაძლოა, ქვეყანას რომ უჭირდა ძალიან, იმის ბრალი იყო ყველაფერი, – მხატვარიც ხომ ამ ქვეყნის ღვიძლი ნაწილი იყო.

 

 მაგრამ, ყველაფერსა აქვს თავისი დრო. საწყისი და დასასრული. და გამოსავალიც თავის დროზე მოდის, იმ დღეს, სულ რომ არ ელი, იმ მხარიდან, საითაც აღარც კი იხედები. მოდის დაუკითხავად, უცნაურად.

 

 

*

 

 

 ჩვეულებრივ, ახალი მოსწავლეები მშობლებს მოჰყავდათ. ის ახალი კი, – გამომწვევი მზერით, ერთი შეხედვით, სხვებისაგან არაფრით რომ გამოირჩეოდა, – უფროსმა ძმამ მოიყვანა.

 

– რაღაც უცნაურია ამ მოუსვენარ ბიჭუნაში, – რამდენიმე დღე ფიქრობდა მხატვარი, – თითქოს ჩვეულებრივად ხატავს, საუბრობს, ცელქობს... მაგრამ რაღაც მაინც ხდება...

 

 და ერთ გაკვეთილზე, დაფაზე რომ ხატავდა, – შეგირდებისაკენ ზურგით მდგარ მხატვარს ცარციანი ხელი მოულოდნელი აღმოჩენისაგან გაუშეშდა, გაეყინა. მცირე პაუზის შემდეგ, თითქოს მოხედვის ეშინიაო, ნელ–ნელა შემოტრიალდა და დაჟინებით დააკვირდა ახალ ბიჭუნას, რომელსაც ადრე არასდროს ნანახი, ყველასაგან გამორჩეული, მკვეთრი ლურჯი ფერის კაშკაშა კონტური ერტყა გარშემო.

 

– ინდიგო! – ზუსტად ამოიცნო ფერის ნაირსახეობა მხატვარმა, ბიჭუნას სიკაშკაშეს მზერა ვერ გაუსწორა და თავი დახარა.

 

 მას რაღაც ძალამ აგრძნობინა, რომ რაღაც ახალი დაიწყო და რაღაც სამუდამოდ დასრულდა...

 

 

*

 

 

 ორიოდ წელიწადში ნახევარი ჯგუფი ინდიგოს ფერს ატარებდა, ნახევარი კი ჩვეულებრივს. მხატვარს ძველებური შემართება და ენერგია დაბრუნებოდა და სახელოსნოც კი, რომელშიაც თითქმის არაფერი შეცვლილა, სხვანაირი მრავალფეროვნებით იყო გაჟღენთილი.

 

 შესაძლოა ამ სახეცვლას ის დიდი, ოქროსფერი – აცტეკების ბარელიეფური კალენდარი იწვევდა, რომელიც ნახევარ კედელს იკავებდა და მხატვარს დაბადების დღეზე პირველმა «ინდიგომ» აჩუქა.

 

– რაღაც აშკარად შეიცვალა და მომავალში უფრო შეიცვლება – ყვებოდა მხატვარი, – ადრე ბავშვებს მე ვაძლევდი დავალებას, წასაკითხად ვატანდი წიგნებს, გაზეთებს. ახლა მათ თავად მოაქვთ ჩემთვის საინტერესო ჟურნალები, ათას უცნაურ ამბავს მიყვებიან და მეც სიამოვნებით ვუსმენ მათ.

 

 – ეს სხვა თაობაა, გაცილებით ძლიერი, სხვა ცოდნის და მისიის მატარებელი. ვგრძნობ, რომ მათ ჩვენგან დიდი გაგება და მხარდაჭერა ჭირდებათ. თუ მეტი გაინტერესებთ, ამ დღეებში ჩვენი სახელოსნოს თხუთმეტი წლისთავია და თანაც ჩემი დაბადების დღე, – გულით მიიწვია მხატვარმა მეგობრები.

 

 

*

 

 

 ბავშვებიც ჩვეულებრივი იყვნენ და მათი მშობლებიც. დაახლოებით ათი უფროსი და ორი იმდენი მოზარდი ესწრებოდა იმ საღამოს. ბევრი იყო მოლოცვა და თბილი სიტყვა. უბრალო, მაგრამ გულითადი საჩუქარი. სახელოსნოში საზეიმო სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდა. ბავშვები დარბოდნენ, უფროსები საუბრობდნენ და თანაც ათასნაირ სასმელს წრუპავდნენ.

 

– ერთი ეს გვითხარი, – ჩასჩურჩულებდნენ მეგობრები მხატვარს, – ინდიგო რომელია? ხატვის გარდა კიდევ რა შეუძლიათ და რა აინტერესებთ? ნუთუ ისეთი ჭკვიანები არიან, როგორც შენ ჰყვები?

 

– მალე ყველაფერს თავად მიხვდებით, – პასუხობდა ის ღიმილით.

 

 პირველ ვარსკვლავებთან ერთად, უფროსებისა და ბავშვების ნაწილი წავიდა. სასმელმა თავისი გაიტანა და სახელოსნოსთან ვენახის ტალავერში დაწნულ სავარძელში, მხატვარს ოდნავ ჩათვლიმა. რაღაც ხანში გამოფხიზლდა, – ოდნავ თავბრუ ეხვეოდა.

 

 მოეჩვენა, თითქოს ირგვლივ ყველაფერი დიდ ჰამაკში მოქცეულიყო და ერთ ტაქტში ირწეოდა. თითქოს ვარსკვლავიანი ცა ჩაბნელებულიყო და სრული მთვარე ნათურასავით ანათებდა რაღაც აუდიტორიას, სადაც ერთ მხარეს თავად იჯდა და მეორე მხარეს, – შემაღლებულ კათედრაზე, მისი მოკაშკაშე, ლურჯ აურიანი მოსწავლეები. სადღაც მახლობლად, მრავალსართულიანი სახლივით, ქიმზე პატარა ბიჭუნათი, თეთრმა გემმა ჩაიქროლა. ჩაიქროლა ქარივით, ძალიან სწრაფად, თვალის დახამხამებაში. მაგრამ მხატვარმა მაინც მოასწრო გემზე ორ სიტყვიანი წარწერიდან პირველის – «ბიანკა» წაკითხვა.

 

– იმ ბლანტმა ცისფერმა სასმელმა მომიღო ალბათ ბოლო,– გაიფიქრა მხატვარმა და სავარძლიდან წამოდგომა სცადა...

 

 იგრძნო, რომ მის მოპირდაპირედ მჯდომ ინდიგო-ბიჭუნას არ უნდოდა იგი რომ ამდგარიყო. გაძალიანდა, კიდევ ერთხელ შეეეცადა ადგომას, ამჯერად სავარძლის სახელურზე უხერხულად ჩამოუცურდა და პარატა, ჩაჭედებულ ლურსმანზე უშნოდ გადაისერა ხელის გული. ხელი ტუჩებთან მიიტანა და სისხლის გემომ აგრძნობინა, რომ ყოველივე ეს სიზმარი ნაკლებად იყო.

 

 ის ბიჭუნა, ალბათ უხერხულობა იგრძნო, ერთ წამში, თითქოს მიფრინდაო, მის გვერდზე გაჩნდა. მორიდებით გაეღიმა და ჭრილობა, თითქოსდა საღებავიაო, ორი თითით რაღაცნაირად ისე «ჩამორეცხა» მხატვარს, რომ მას მცირე ნაკაწრიც კი არ დარჩენია.

 

 უფრო გამოფხიზლდა და მივხვდა, რომ ეს აუდიტორია კი არა, ქალაქის განაპირას, ქარხნის ნანგრევებთან მიტოვებული, ზაფხულის ღია კინოთეატრი იყო. ბავშვები კათედრის ნაცვლად, სცენაზე იყვნენ შემოსკუპულები. თავადაც სავარძელში კი არა, დანჯღრეული რკინის ჩაბეტონებულ გრძელ სკამზე იჯდა. ირგვლივ აბსოლუტური სიჩუმე სუფევდა, მთვარის შუქზე ფოთოლიც კი არ იძროდა.

 

 მათ შორის უცნაური, მაგრამ ხანგრძლივი საუბარი შედგა. უცნაური იმიტომ, რომ არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ ყველაფერი აშკარად ცხადი იყო, აზრიც და გულისთქმაც.

 

 პირველად იმას მიხვდა, რომ ჯერ რაღაც ახალს და საინტერესოს შეიტყობდა, მერე კი საკუთარ თავთან ერთად რაღაც უფრო გაცილებით მნიშვნელოვანი უნდა დაეცვა და გადაერჩინა.

 

 მათ შორის დიალოგი, მხოლოდ გონებით და თვალებით გაიმართა.

 

– რა ხდება? – იკითხა მხატვარმა.

 

– უბრალოდ, დრო ახლოვდება და როგორც შენ გვეძახი: თაობა – ინდიგომ სასაუბროდ შენ აგირჩიეთ!

 

– კაცობრიობამ დასაბამიდან, თავისი არსებობის მისია სამწუხაროდ ვერ შეასრულა და სხვა მიმართულებით განვითარდა. ტექნიკურმა პროგრესმა შვებასთან ერთად დედამიწას დიდი პრობლემებიც მოუტანა – დაიწყო პირველმა, ალბათ ყველაზე უფროსმა ინდიგომ.

 

 მხატვრის გონებაში მოულოდნელად უცნაურმა იდეამ «შემოისეირნა», იგი მთელი თავისი არსით რატომღაც დარწმუნდა, რომ ბორბლის გამოგონებამ კაცობრიობა მიწაზე მიაჯაჭვა. ასევე მიეჯაჭვა მიწას უამრავი ნათელი, პროგრესული იდეა. ეს რომ არ მომხდარიყო, განვითარება გრავიტაციის დაძლევისაკენ წავიდოდა და ადამიანიც, თავის ოცნებებთან და იდეებთან ერთად გაცილებით ადრე დაიწყებდა ფრენას, უფრო მიუახლოვდებოდა ღმერთს – გაიფიქრა მხატვარმა და თითქოს გამოფხიზლებას ცდილობსო, მარჯვენა საფეთქელზე ორჯერ მიირტყა ხელი.

 

– შეიქმნა მკვლელობის ათასგვარი იარაღი, ადამიანმა მისივე მსგავსი რომ აღგავოს მიწის პირიდან, დაბინძურდა გარემო და ოაზისების ნაცვლად უდაბნო გამრავლდა, მავანთა მსოფლიოზე გაბატონების უსუსურმა სურვილმა, მრავალი უაზრო და წინასწარ დაღუპვისათვის განწირული იდეა შექმნა – გააგრძელა ინდიგო გოგონამ, რომელსაც ყველაზე ნაღვლიანი, მწვანე თვალები ჰქონდა.

 

 მხატვარს რამდენიმე დღის წინანდელი შეხვედრა გაახსენდა რატომღაც, – მეზობელმა რომ შესჩივლა: – მაიძულებენ, თავხედობის გამო ჩემი შვილი სკოლიდან რომ გადავიყვანო, იქნებ დაელაპარაკოო.

 

 – ასეთი რა მოხდა? ჰკითხა მხატვარმა პატარა «ხულიგანს».

 

– არაფერი, რაღაც უაზრო დავალება მოგვცა მასწავლებელმა და შესრულებაზე უარი ვუთხარი, – ეშმაკურად გაეღიმა პატარას და მისგან აშკარად თანაგრძნობას დაელოდა.

 

– მაინც რა დავალება იყო ასეთი?

 

– დაწერეთ, მშობლები სად მუშაობენ და რამდენი ხელფასი აქვთო.

 

– მერე?

 

– მერე დირექტორთან ამიყვანა, საჯაროდ როგორ შემარცხვინეო!

 

– რაო დირექტორმა?–დაინტერესდა მხატვარი.

 

– დირექტორმაც, არაფერი რომ არ გაურკვევია ისე, ტვინის ბურღვა დამიწყო, – არა გრცხვენია, ფასიან სკოლაში დადიხარ და ასე თავხედურად რომ იქცევიო!

 

– შენ რა უპასუხე?

 

– საინტერესოა, თქვენს განათლებაში რამდენი გაქვთ გადახდილი, ან იმ უფასო სკოლაში რას გასწავლიდნენ მეთქი.

 

 მხატვარმა სიცილი ძლივს შეიკავა, ბიჭუნას თავზე ხელი გადაუსვა და კულტურისათვის (მამამისი იქვე იდგა), უფროსებისადმი ოდნავ მორიდებისაკენ მოუწოდა.

 

 კიბეზე რომ ჩადიოდნენ, ბიჭუნას ბუტბუტი მოესმა:

 

– არ მესმის, რატომ უნდა ვსცე ზოგიერთ უფროსს პატივი, ჩემზე ბებრები რომ არიან და მეტი უცხოვრიათ? – ეს ხომ საკმარისი არაა – ბუზღუნებდა მეზობლის ბიჭუნა.

 

– ისიც ინდიგო ყოფილა, – ახლა მიხვდა მხატვარი და ამ ამბის გახსენებით გაეღიმა, რადგანაც მოგონებამ იმ რეალურ სამყაროსთან დააკავშირა, სადაც ახლა ასე განსაკუთრებით უნდოდა დაბრუნება.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დუმბაძე გელა / თაობა ინდიგო