დუმბაძე გელა 

ირაკლის სახლი

 

 

– შე კაი კაცო, რამ დაგარგვევინა ამდენი ხე?

 

– ჯარიდან რომ ჩამოვედი, არ ვიცოდი რა მეკეთებინა, სად წამეღო ჩემი ენერგია, გულზე ასე რომ მაწვებოდა, საშინლად მეფხანებოდა ხელის გულები, ერთ რამეს ვგრძნობდი, – უსაქმოდ არ უნდა გავჩერებულიყავი. ჰოდა, ქალაქის გამწვანებაში დავიწყე მუშაობა. ყოველ დღე სახლიდან ფეხით დავდიოდი მუხადგვერდში. დღეში ასამდე ნერგს ვრგავდი, ხელები საშინლად მქონდა გადაყლეფილი... ახლაც მიყვარს იქ მისვლა და იმ პატარა ტყის ყურება. ერთი კია დასანანი, – უწყლო ადგილია და ხეები კაცის სიმაღლეზე მეტს არ იზრდებიან.

 

ადამიანმა, როგორც იტყვიან, ამ ცხოვრებაში სამი რამ უნდა გააკეთოს: შექმნას ოჯახი, დარგოს ხე და ააშენოს სახლი. ცოტას რომ მოვიცლი, ჩემს ნაკვეთზე სახლი უნდა ავაშენო, ერთი ესღა დამრჩა გასაკეთებელი.

 

ისე წავიდა ირაკლი ნანუაშვილი ამ ქვეყნიდან, რომ ვერ მოასწრო სახლის აშენება...

 

ოჯახი ისე უყვარდა, სულ გულით ატარებდა თან. მუდამ ხარობდა ცოლ– შვილით, მათი სულისა და ყოფის ყველა კუთხე – კუნჭული ზეპირად იცოდა. ბავშვივით უხაროდა შვილების მიღწევა და წარმატება, უზომოდ განიცდიდა მათ სადარდებელს.

 

არიან ადამიანები, მეგობრებს რომ ხვდებიან, ძირითადად საქმეზე, გართობაზე და ათას `მაიმუნობაზე” ესაუბრებიან, რცხვენიათ კიდეც ხმამაღლა რომ თქვან, რომ უყვართ საკუთარი მეუღლე და გიჟდებიან შვილებზე.

 

ღმერთო! როგორ უყვარდა ირაკლის თავისი ქალიშვილები: თეონა და ხათუნა, მისი მეუღლე და დიდი მეგობარი–ირინა. სულ ბაგეზე ეკერა მათი სახელი. ერთი გენახათ რა აღელვებით და ემოციებით ყვებოდა მათზე. იშვიათად შემხვედრია კაცი ასე რომ ეამაყა თავისი ოჯახით, ძმებით, მშობლებით...

 

ხეები ... როცა იმ ხეებს რგავდა, –  ოფლში გახვითქული თავის ნაცნობებს, ბავშვობის მეგობრებს და შორეულ ნათესავებს იხსენებდა და ყოველივე მათგანის გახსენებაზე თითო ნერგს მატ უძღვნიდა. და შესაძლოა, მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც ყოველი მათგანი გაიხსენა, – მოისხა დიდი მადლი და ყველას მაგიერ დარგო თითო ხე.

 

ყველაზე კარგი ადამიანები ბავშვობიდან მოდიან, ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებენ ბავშვურ სიალალეს, მიამიტობას და მხოლოდ ასეთები უბრუნდებიან სიბერისას კვლავ ბავშვობას.

 

ირაკლი, – ეს დიდი ბრგე ვაჟკაცი, ასევე დიდი და ალალი ბავშვი იყო სულით...

 

მშვენივრად იცნობდა ამ ცხოვრებას, მისი ყველა ცუდი გამოვლინებით: მზაკვრობითა და გაუტანლობით, ღალატითა და სიცრუით, მაგრამ ბავშვური მიამიტობით და სიჯიუტით ბოლომდე ცდილობდა ადამიანებზე რწმენის შენარჩუნებას, ცუდის არ დაჯერებას.

 

– დღეს ესა და ეს კაცი გავიცანი, იცი რა პიროვნებაა, რამხელა ადამიანია!– აღტაცებას ვერ მალავდა ოჯახში შემოსული.

 

ხშირად მისი პირველი შთაბეჭდილება მალევე იმსხვრეოდა და ეს `დიდი პიროვნებები” მის თვალწინ ყოფის პატარა კაცუნებად იქცეოდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც არ ილეოდა რწმენა. მაინც სჯეროდა ადამიანებისა და ადამიანობის, ყველაში უპირველესად კარგი თვისების დანახვას და აღმოჩენას ცდილობდა.

 

სწორედ მისი ურყევი რწმენა, ბავშვური სიალალე და ცინცხალი სიკეთე მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ჩემი მეგობარი სასუფეველში მოხვდა.

 

–  დასკვნები? – ვეკითხებოდი მე.

 

– კიდევ ერთხელ უნდა ვაპატიოთ, ხომ იცი ეგეთი ტიპია, ჯერ მაგრად გაწყენინებს, მერე მოვა და ისე მოგიკითხავს თითქოს ასი წელი არ უნახიხარ. ამის დიდი უნარი აქვს, მერე კი ისე გთხოვს რამეს, რომ წყენას ეგრევე ივიწყებ და მაინც გაუკეთებ საქმეს, –  ასე მეუბნებოდა საერთო ახლობელზე, რომელზეც ჩემი რწმენა დიდი ხნის წინ გატყდა, ირაკლისი კი არა.

 

ისე მოხდა, რომ ჩემი დარგული ხე ხუთსართულიან სახლს ასცილდა, ირაკლის ხეები კი მის სიმაღლესაც ვერ გასცდნენ. ხეებზე და ყოფიერებაზე დიდი იყო ირაკლი და იმიტომ. ჩემზე და მრავალ სხვაზე მაღალი, ბოლომდე ურყევი და მართალი.

 

ვინმე იკითხავს: –  დაუფასდა კი?

 

გააჩნია ვის მიერ. სად უნდა ეძიოს დაფასება ადამიანმა?! ალბათ გაცილებით მაღლა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და გგონია.

 

ნუთუ, თუნდაც სათნო ცოლ-შვილი და ნათელი სახელი არ არის ამ ცხოვრებისეული დაფასება? იქ, სხვა, იდუმალ სამყაროში რა იქნება არავინ იცის, მაგრამ ერთი კია, ადამიანს თან, ზეცაში, საკუთარი განცდები და რაც მთავარია, –  რწმენა მიჰყვება.

 

როგორ ლამაზად გასცემდა და აკეთებდა ირაკლი სიკეთეს! უანგაროდ და დაუფიქრებლად, როგორც ბრძენი, რომელიც კონკრეტულ შედეგებს და დაფასებას არასოდეს ელის, უბრალოდ წყალს ატანდა. ღმერთმა ქნას, რომ ამ მადლიან წყალს არაერთხელ მოეკლას წყურვილი მისი მოდგმისათვის, დაებრუნებინოს უხვად და უსურველად გაცემული პური.

 

ირგვლივ უშურველად აფრქვევდა სულის სიმხურვალეს, სითბოს, იმედს, ოპტიმიზმს,–  უხვად და თავდაუზოგავად... და როცა მიგვატოვა, სწორედ ამ დაკარგულმა და აუნაზღაურებელმა სითბომ და სიცარიელის განცდამ პატარა, დასჯილი ბავშვებივით აგვაბღავლა მისი მეგობრები და ის ხალხიც კი, ვისაც სულ რამდენჯერმე ჰყავდათ იგი ნანახი.

 

მერე და მერე, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო გრძნობ დანაკლისს, უფრო მეტს ფიქრობ მთავარზე, რა გზას უნდა დაადგე, ვის უნდა მიბაძო: ირაკლის თავდაუზოგავ სითბოს და სიყვარულს. თუ პრაქტიკულ, ანგარიშიან და დაუნდობელ ყოფას. ერთია, რა არის ამ ცხოვრებაში უფრო მომგებიანი. მეორე კი –  უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი.

 

ადამიანი იმისთვის არ იბადება მერე რომ მოკვდეს, არის მისი გზა დაბადებამდეც და გარდაცვალების შემდეგაც. ჭურჭელი რომ ტყდება, მისი თვისება იცვლება. აღარ არის გარსი. ის ატმოსფერო კი, რაც მის შიგნით იყო, მუდმივად რჩება.

 

ალბათ სარგებელზე და გზის სისწორეზე რომ ფიქრობ, სწორედ მუდმივობაზე უნდა ააგო შენი დასკვნები. ისწრაფო უფრო კეთილისაკენ და, უფრო დიდსა და აღმატებულისაკენ. ყოველთვის ამას იგრძნობდი უთქმელად ირაკლისგან.

 

რა დასანანია, რომ ბოლომდე ვერ მოასწრო ამ ცხოვრებით დატკბობა, რა დასანანია, ბოლომდე ჩვენც რომ ვერ მოვასწარით გაცემული სითბოს მისთვის ბოლომდე დაბრუნება!

 

არ ვიცი, ბოლო წამს რაზე გაიფიქრა ირაკლიმ, ვისმა სახეებმა გაიელვეს მის თვალწინ. მისგან უთქმელადაც ვგრძნობ და ვიცი, რასაც მეტყოდა და დამიბარებდა, ეს რომ დასცლოდა. შესაძლოა, მისი ნათელი ხსოვნისადმი მიძღვნილი ეს მწუხრის წერილიც მისდამი უწყვეტი სულიერი კავშირის უმცირესი დადასტურებაა.

 

დღესაც, მისი წასვლით საოცრად დამძიმებული, –  აშკარად ვხვდები ერთ რამეს: სახლის, ძალიან მტკიცე და დიდი სახლის აშენებაც მოასწრო ჩემმა მეგობარმა და ამ შენობას, მისი უმეტესი რომ არ არსებობს, ერთი სიტყვით სიყვარულის სახლი ჰქვია.

 

 P. S. თავის დროზე, ყველა ჩვენგანი დიდი სულიერი სამყაროს წევრი რომ გახდება, საოცრად მინდა დავიჯერო – სასუფევლის კარიბჭესთან ოქროს მუზარადიან, უძლეველ მცველებს გამოეყოფა ჩვენი ირაკლი, თავისი განუმეორებელი ღიმილით შემეგებება და პირველი ჩამიკრავს თავის უზარმაზარ გულმკერდში.

 

 8 ივნისი, 2000 წ. (ამაღლება)

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დუმბაძე გელა / ირაკლის სახლი