დუმბაძე გელა 

მადლობთ უფალო!

 

 

   მადლობთ უფალო, რომ არ გამწირე და არ მიმატოვე შენი ცოდვილი შვილი!

 

   მადლობთ, ამდენი რომ მითმინე და არ მომაკელი საზრდო, სულიერი და საზრდო არსობისა. მაჩუქე სიყვარული, ოჯახი და შთამომავალი. მრავალი ბედნიერი და ნათელი დღე. ძნელბედობისას არ ჩამიქრე რწმენა, მონანიების უნარი და მიტევების სურვილი.

 

   მეც მომიტევე წუწუნი და სულმოკლეობა უფალო, – ხშირად რომ მავიწყდება ის მთავარი, შენგან ასე მომადლებულად რომ გამაჩნია. ალბათ შევეჩვიე ყოველივე ამას და უფრო მეტი მინდა (მაგრამ, ადამიანი ზოგადად იმას ხომ არ იღებს, რაც უნდა, არამედ იმას, – რისი ღირსიცაა).… მომიტევე, უსაზღვროდ ბევრი დრო და უნარი რომ მიმოვფანტე უსარგებლოდ, როცა მეტი სიკეთის გაკეთება შემეძლო.

 

   არც დიდი ბრძოლა მომიგია ოდესმე და ბნელიც ხშირად მძლევდა... მაგრამ ვცდილობდი არავინ განმეკითხა და თავგანწირვისათვის ვყოფილიყავი მზად მუდამ, უფალო.

 

   მადლობთ რომ მომეცი ცხოვრება თავისი მრავალი ფერითა და განცდით, – წუთი სოფლად და თუნდაც ერთ სიზმრად! და წუთი ყოველი გამოცდად, – მარადისობისაკენ მიმავალ გზაზე.

 

  მადლობთ, სიხარულთან ერთად, უნარი რომ მომეცი თანაგრძნობისა და სევდის. უნარი, სამშობლოს არსი გულით რომ მეგრძნო და მეტარებინა, მისი ცხოვრებით რომ მეცხოვრა. წინაპართა გამარჯვების სიმღერა და მზრუნველობა მალამოდ რომ მომფენოდა დაღვრემისას ციდან.

 

  ორმოც გაზაფხულსა და შემოდგომას რომ მომასწარი, – მრავალჯერ რომ გამახარე... ნაწვიმარი მიწის სურნელით, მერცხლის ჭიკჭიკით და ჭრიჭინათა ზღაპრებით, ბავშვობისას ძაღლის ყეფასთან ერთად, ძილის წინ, ნანასავით რომ ჩამესმოდა.

 

  მადლობთ, რომ მაგრძნობინე ცხოვრების დიდი იდუმალება, – ქათქათა თოვლზე მოფუსფუსე წითელნისკარტა შაშვების ხილვისას, მტირალა ტირიფის დაბურულ ჩრდილში თეთრი გედის გამოჩენისას, ოქროს დეზებიანი, წითელი მამლის ყივილის წინ გარინდებისას. ჩუმ ტბაზე, ცისკრის პირველ სხივებთან ერთად, დანამულ ჭალაში ჩაფენილი, ვარდისფერი ნისლის აღმოჩენისას.

 

  რწმენას  ნუ გამინელებ უფალო, ყოველი ეს გულში მუდამ ბრდღვიალა მადლით რომ ვატარო. რწმენასა და იმედს, – უთვალავჯერ რომ გამომიგზავნე ცხოვრების უდაბნოში კამკამა, ცივი წყაროს პეშვად!

 

  კვლავაც მომეცი ძალა, თუნდაც ყველაზე მძიმე დღეებში ღიმილით რომ მახსოვდეს შენი მოწყალება და ვგრძნობდე შენი მზიანი კალთის მუდმივ მფარველობას. ვიყო მგზავრი და მშენებელი, – არა მცონარე მხარჯველი და მომლოდინე «უკეთესი დღეებისა», რომელნიც არასდროს დადგებიან საკუთარი თავი რომ არ მიიტანო ზვარაკად ერთ აგურად მაინც. და ნუ ჩამითვლი კადნიერებად შენს რიგით მებრძოლად რომ მიმაჩნდეს თავი, უფალო...

 

  მადლობთ უფალო, იმდენი რომ მომეცი, – სხვისთვისაც რომ მეწილადა, –ვყოფილიყავი შვილიც და მამაც, მოსწავლეც და მასწავლებელიც. მიმეღო, რომ გამეცა კიდეც... და იმ შეგრძნებისათვის, რომ ყოველივე კარგიც და ცუდიც ჩვენდა სასარგებლოდ, დასაფიქრებლად ხდება და რომ კანონზომიერია ყველაფერი ...

 

  და კვლავაც მადლობა იმ წყალობისათვის, რასაც დიდი საოცრება – ცხოვრება ქვია.

 

  მადლობთ უფალო, რომ არ გამწირე და არ მიმატოვე შენი ცოდვილი შვილი!

 

 

12 ივლისი, 2006 წ.  (პეტრე-პავლობა)

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დუმბაძე გელა / მადლობთ უფალო!