დუმბაძე გელა 

ნოსტალგია ბედნიერ ქვეყანაზე

 

 

 

“ბედნიერი ხარ ქვეყანავ, თუ შენი მეფე არავის მონებს

და დიდებულები თავის დროზე რომ ჭამენ, – არა საძღომად,

არამედ ძალთა მოსაკრებად!”

 

ეკლესიასტე

 

 

 

გუშინ სიზმარი მესიზმრა...

 

 

...სახადის ჟამი მორჩენილიყო ჩემს დაღლილ ქვეყანაში...

 

გამოღვიძებულ სულიერებას გადაერეცხა ამდენ ხანს სულთამხუთავ ქაფად მოდებული ყოველი ბოროტება და მანკიერება.

 

დამცხრალიყო მომხვეჭელობის ვნება და ირგვლივ, ჩვეულებრივ სითბოსა და კაცთმოყვარეობას დაესადგურებინა.

 

ხელისუფლება ხალხის ცხოვრებით ცხოვრობდა და ხალხზევე ზრუნავდა. რამეთუ, აღარავისთვის არსებობდა უმეტესი სიმდიდრე, ვიდრე – ადამიანი.

 

და არაფერი იყო გასაყოფი, რადგანაც ადამიანები მიმხდარიყვნენ, რომ ამ დუნიაზე ადგილი ყველასათვის მრავლადაა, რომ ვერცხლის სიმრავლე არ არის მთავარი, რადგანაც სულს ამძიმებს და აღმაფრენაში უშლის ხელს ადამის მოდგმას!

 

და რა არის ადამიანი ჭეშმარიტი, თუ არა უნარი აღმაფრენისა?!

 

ანგარების მარწუხები დაეძლიათ სიყვარულსა და მეგობრობას, ცაში აჭრილიყვნენ გალაღებულები და თბილ ფერებად ჩაღვროდნენ ქალაქებისა და სოფლების თავზე, –ფთილა ღრუბლებსა და ზეცას.

 

და უყვარდათ ადამიანებს ერთმანეთი, თავდავიწყებით და სულის სიღრმემდე.

 

ქალებს კდემამოსილება, კაცებს კი სიდარბაისლე დაბრუნებოდათ.

 

– ნუთუ სიზმარი იყოო ის, რაც იყოო! – ამბობდა კეთილი ქართველი ადამიანი, ისევ მიწას ხნავდა და თანაც ხელით ეფერებოდა.

 

და აღარ ხატავდნენ ბავშვები ომსა და ათასგვარ იარაღს. მათ ტილოებსა და შეკითხვებში ისევ სიმშვიდეს და მიამიტობას დაესადგურებინა. ალალ თვალებში კი იმედს შეეცვალა ყოველგვარი შიში.

 

მრავლად დაბრუნებულიყო მადლი და პატივისცემა ყოვლისა და მშობელთა მიმართ, რასაც სიხარულით უყურებდნენ და სწავლობდნენ პატარები.

 

გამქრალიყო შური. ადამიანებს თავიანთი უზენაესი მოვალეობანიც გახსენებოდათ.

 

სკოლა სკოლას დამსგავსებოდა, კლინიკა კლინიკას, ეზო ეზოს და ქუჩა ქუჩას.

 

უცხო ქვეყნებიდან მობრუნებულიყვნენ ათასობით მეცნიერი, მხატვარი თუ მუსიკოსი, რადგანაც ვერცერთისათვის დედობა ვერ გაეწია უცხო მხარეს. და შენდებოდა, იხატებოდა, ლამაზდებოდა ქვეყანა.

 

ჩიტებიც კი თითქოსდა უფრო ლაღად ჭიკჭიკებდნენ და დაფრინავდნენ.

 

ქედმაღლობა შეეცვალა ღირსებას, სილაღესა და უბრალოებას. დამწიფებულიყო გონიერების ოქროსფერი თავთავი.

 

და ეძლეოდა ასპარეზი გმირთა და ბრძენთა მოდგმას. ინგრეოდა კერპი ყოველგვარი, მრავლდებოდა რწმენა და დაუოკებელი სიყვარული თავისუფლებისა...

 

ყველაფერ ამას რომ შეხედა, – აქ რაღა მინდაო, თქვა ბნელეთმა და ისევ იქ გაუჩინარდა, საიდანაც მოვიდა.

 

და რა საამო, საამაყო ტვირთი იყო ბედნიერი ქვეყნის ყველასთან ერთად შენება...

 

... გუშინ, სიზმარი მესიზმრა...

 

 

18 დეკემბერი,  2001 წ.

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დუმბაძე გელა / ნოსტალგია ბედნიერ ქვეყანაზე