დუმბაძე გელა 

ოქროს თვზი

 

 

ფა და ბი პაწია, რუხი დედალ-მამალი თევზის სახელები იყო. რატომღაც ასე დაარქვა მათ ქალმა, რომელსაც მეუღლემ დაბადების დღეზე მიართვა საჩუქრად.

 

მალე თევზები ოჯახის სრულუფლებიან წევრებად იქცნენ. პირველ ხანებში სამლიტრიან ქილაში მოუხდათ ცხოვრება, შემდეგ მათ დიდ, მრგვალ აკვარიუმში მიუჩინეს ბინა და ფანჯრის რაფაზე მოათავსეს ლამაზეტიკეტიანი ლუდის ბოთლის გვერდით, რომელშიაც მუდამ მინდვრის ყვავილები იყო ლამაზად ჩაწყობილი. კაცს ყვავილები თითქმის ყოველდღე მოჰქონდა...

 

უხაროდათ ფასა და ბის ოთახში კაცის შემოსვლა, როდესაც, თითქოს პირველად ხედავსო ცოლს ხანგრძლივი განშორების შემდეგ, ნაზად აკოცებდა და ლამაზ, პატარა თაიგულს მიართმევდა.

 

უჰ, როგორ უხაროდათ! დიდ აკვარიუმში, თითქოს ადგილი არ ყოფნითო, -ციბრუტივით ტრიალებდნენ, წყლიდანაც ხტებოდნენ ხოლმე, რაც მათ სიცოცხლეს საშიშროებას უქმნიდა. და უნდა გენახათ, როგორ მოიწყენდნენ, ზოგჯერ უყვავილოდ მოსული კაცის ხილვისას.

 

ბიც, ალბათ, კაცს ბაძავდა, ელვასავით დასრიალებდა ფას გარშემო, ათასგვარ ფიგურას ხატავდა კუდით, ყოველგვარ ხერხს ხმარობდა, თავისი მეგობრისათვის რომ ესიამოვნებინა და ეს წარმოდგენაც, სიყვარულისა და ერთგულების კიდევ ერთხელ დასადასტურებლად გამართული, ალბათ, თავისებური საჩუქარი იყო.

 

უყვარდათ თევზებს ქალის ლამაზი, მოსიყვარულე თვალები, გრძელი, ნატიფი თითები, რომლებიც ყოველდღე ერთსა და იმავე დროს უყრიდა მათ საკვებს.

 

კაცი თევზებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, მაგრამ ისიც ძალიან უყვარდათ, აკვირვებდათ მისი გასაოცარი გულმოდგინება, როდესაც შუაღამემდე იჯდა და რაღაცას წერდა. სამუშაოს რომ ამთავრებდა, მძინარე ცოლს დახედავდა, გაუღიმებდა, ზოგჯერ ფრთხილად აკოცებდა კიდეც.

 

სახლიდან ერთად ძალზე იშვიათად გადიოდნენ. ქალი ხშირად რჩებოდა მარტო, სავარძელში მოკალათებული კითხულობდა ან ქსოვდა. ქსოვის დროს რადიოს უსმენდა ხოლმე. როცა ეს საქმიანობა მობეზრდებოდა, ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი საათობით აკვირდებოდა ქუჩაში მოსეირნე ხალხს. ასე ერთფეროვნად გადიოდა დღეები ახალგაზრდა ქალისათვის.

 

ამჩნევდნენ თევზები, დროთა განმავლობაში როგორ იცვლებოდა დამღლელი მოლოდინი ქალის თვალებში უზომო ნაღველისა და მარტოობის გრძნობით.

 

ერთ დღეს, საღამოხანს ზარი გაისმა, თევზები გამოფხიზლდნენ, ეგონათ კაცი მოვიდაო. პაწია გულები აუთრთოლდათ მოსალოდნელი სიხარულისაგან. მართლაც კაცი მოვიდა, მაგრამ ვიღაც სხვა კაცი. ლამაზი, თეთრი პიჯაკი ეცვა. გარეგნობით გაცილებით სჯობდა ქალის ქმარს, მაგრამ ბისა და ფას რატომღაც არ მოეწონათ.

 

თეთრპიჯაკიანი მეორე დღესაც მოვიდა. ამჯერად ხელში ყვავილების ძვირფასი თაიგული ეჭირა. თევზებს არასოდეს ენახათ ასე დიდრონი, ღაჟღაჟა ყვავილები. ქალმა გაიღიმა და ჩამოართვა მოსულს საჩუქარი. თვალიც არ მოუცილებია მისთვის, ისე მიუახლოვდა ფანჯრის რაფას, ბოთლიდან მინდვრის ყვავილები ამოიღო და იქვე მიყარა. პაწია თევზებს გული მოუკვდათ. რა თქმა უნდა, ეს თაიგული ბოთლში არ ჩაეტეოდა, რამდენიც არ უნდა ეცადა ქალს, მაგრამ ამას უცებ ვერ მიხვდა, გაიღიმა. თეთრპიჯაკიანსაც გაეღიმა. ფას გააჟრჟოლა ამ ღიმილის დანახვაზე და ბის მიეკრა.

 

იმ დღეს დიდხანს საუბრობდნენ, ქალი კისკისებდა. წასვლისას კაცმა ოთახს თვალი გადაავლო და მზერა აკვარიუმზე შეაჩერა. წამიერად ჩაფიქრდა და შემდეგ ღიმილით გამოემშვიდობა ქალს.

 

მესამე მოსვლაზე თეთრპიჯაკიანმა პარკით რაღაც მოიტანა. თევზებმა მხოლოდ მაშინ გაიგეს, თუ რა იყო ეს საჩუქარი, როდესაც წყლით სავსე პარკი აკვარიუმში გადმოაპირქვავეს, ბისა და ფას თვალები აუჭრელდათ, მერე დაუბნელდათ. წყალში რაღაც დგაფუნებდა, დასრიალებდა, აკვარიუმის კედლების გარღვევას ლამობდა და ბოლოს და ბოლოს, ალბათ, დაიღალა, გაჩერდა თევზი... ოქროს თევზი. ქალს თვალები გაუბრწყინდა.

 

და იმ დღესაც არაფრისმეტყველი სიმშრალე დახვდა მოსულ კაცს ცოლის სახეზე.

 

ქალი გადაეჩვია ფანჯარაში ცქერას. სამაგიეროდ აკვარიუმს უყურებდა ხშირად და ხვდებოდნენ პაწია თევზები, რომ მზერის საგანს არ წარმოადგენდნენ, სამაგიეროდ ოქროს თევზი, აფოფრილი და გაბღენძილი თავს ბინაში სრულ ბატონ-პატრონად გრძნობდა.

 

მომდევნო დღეს, როცა სავარძელში მჯდომს, მოკისკისესა და აფორიაქებულს თეთრპიჯაკიანი მიუახლოვდა, უტიფრად აათვალიერ-ჩაათვალიერა, შემდეგ წელზე ხელები მოხვია და მკვეთრად მიიზიდა, ქალს არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

– ის კი ისევ მუშაობს, – გაიფიქრა ბიმ.

 

ერთ დღეს შინ მოსულ ქმარს სახლში ცოლთან ერთად თეთრპიჯაკიანი დახვდა. დიდხანს ისხდნენ და რაღაცაზე ბჭობდნენ, განსაკუთრებით ქალი აქტიურობდა, ხელებს იქნევდა ემოციურად და თანაც აცრემლებულ თვალებს იმშრალებდა. შუაღამემდე გაგრძელდა ასე და ბოლოს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ქალი და თეთრპიჯაკიანი სახლიდან წავიდნენ. თავჩაქინდრული და განადგურებული კაცი უძრავად, დიდხანს იჯდა სავარძელში.

 

ბიმ ფას თვალთან ბლანტი სითხის ანარეკლი შენიშნა, ფა ტიროდა... მაგრამ თავად რატომღაც არ შეეცოდა მარტოდ დარჩენილი კაცი.

 

რამდენიმე დღის შემდეგ ქალმა თავის ტანსაცმელთან ერთად ახალ სახლში აკვარიუმიც წაიღო.

 

პირველად ხშირად იხსენებდნენ ბი და ფა ლუდის ბოთლში მინდვრის ყვავილებს და იმ ოთახის არაჩვეულებრივ სიმყუდროვეს, სადაც ისინი ასე ხანგრძლივად ცხოვრობდნენ. იხსენებდნენ კაცსაც, რომლის ნახვაც აღარ ეღირსათ. მაგრამ მალე, ნელ-ნელა ყველაფერი დაავიწყდათ, შეეჩვიენ ახალ გარემოს, ოქროს თევზსაც კი.

 

გავიდა რამდენიმე წელიწადი და ერთხელ, მხოლოდ ერთხელ გაიხსენა ბიმ მიტოვებული კაცი, როდესაც ოქროს თევზმა კუდი გაკრა მას თავხედურად და ფას დაუწყო გარშემო ტრიალი ამღვრეული თვალებით...

 

დილით ქალმა ოთახის დალაგებისას წუხილით შეჰკივლა. მაგიდის ფეხთან, რომელზედაც აკვარიუმი იდგა, ეგდო დასახიჩრებული და გაკვირვებისაგან თვალებგაფართოებული ოქროს თევზი.

 

1985 წ.

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დუმბაძე გელა / ოქროს თევზი