დუმბაძე გელა 

სამი ამბავი, ის დრო რომ გამახსენა

 

 

როცა მოსწავლე მზად არის,

მასწავლებელი თავისით მოდის

 

                                                                                                                      ჩინური სიბრძნე

 

 

ორივე სკოლის დირექტორები ვიყავით, კარლოც და მეც. განსხვავება ერთი იყო: – მე პატარა, კერძო სკოლა მქონდა, კარლო კი გაცილებით დიდი, სახელმწიფო სკოლის დირექტორი იყო.

 

   წლების განმავლობაში საქმე კარგად მიმდიოდა, ყველა კმაყოფილი იყო, მოსწავლეც, მათი მშობლებიც და მასწავლებლებიც. ბევრი იყო ახალი: ლექცია, საინტერესო პიროვნება, უამრავი ექსკურსია და ლაშქრობა. პრობლემა ერთადერთი გაგვაჩნდა, – სკოლას მუდმივი თავშესაფარი არ ჰქონდა. ამიტომაც, ფართის არენდით აღება და რამდენიმე წელი, ბოშათა ბანაკივით, ადგილიდან ადგილზე გადანაცვლება გვიწევდა.

 

   ერთხელაც, ჩემთვის სრულიად უცნობმა კარლომ, ახლობლის პირით შემომითვალა: გავიგე შენი სკოლის შესახებ, არენდის ერთი კაპიკიც არ მინდა, უბრალოდ, გადმოდი და ჩვენთან ერთად იყავიო!

 

   ასეთი რამ ჩვენს ქალაქში, წინა საუკუნეშიაც საკმაოდ იშვიათად ხდებოდა. ჰოდა, მეც დავინტერესდი ამ კეთილი ადამიანის გაცნობით და რამდენიმე დღეში ჩემი მოსწავლეებით და მთელი ავლა-დიდებით მის სკოლაში გადავბარგდი.

 

   ყველა ადამიანი ჩემში რაღაც ასოციაციას იწვევს, რაღაც განსაკუთრებულ თვისებას განასახიერებს. კარლოზე ბევრს არ მოვყვები, უბრალოდ მასზე ასოციაციას რამდენიმე სიტყვით გადმოგცემთ: მუდმივი სილაღე, პროგრესისა და თავისუფლების უზომო სიყვარული.

 

  ასევე ლაღად დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა. მაშინ ქვეყანა უდიდეს სირთულეებს განიცდიდა. იმ წლებში ერთბაშად დაგვატყდა ყველაფერი თავს: ომიც, შიმშილიც, უშუქობაც. ხალხი უსახსრობისა და უტრანსპორტობის გამო ქუჩაში ფეხით დადიოდა. გაყინულ სკოლებში ბავშვებს გაკვეთილებზე პალტოები და ხელთათმანები ეცვათ. იყო შემთხვევებიც, როდესაც პატარებს შიმშილისგან გაკვეთილზე გული მისდიოდათ, ზოგი მათგანი კი დღეებს აცდენდნენ, რადგანაც მშობლებს ზამთრის თბილი ფეხსაცმელის შეძენის საშუალებაც კი არ ჰქონდათ. ყველა ღვთის მადლით ცხოვრობდა. პურის უკიდეგანოდ გრძელ რიგებში, ქუჩაშიც და სახლშიც უნაწილებდა ხალხი ერთმანეთს პურს და თბილ სიტყვას. ხშირად ვფიქრობ: მართლაცდა, რა უნდოდა თბილისის მაღალსართულიან სახლებში ხის «ჟესტის ფეჩს», ირგვლივ ყველაფერს რომ მურავდა და ჩვენს ერთ დროს ნათელ ქალაქს რუხ ფერსა და დეპრესიას უმოწყალოდ უმრავლებდა.

 

  ფერებთან ერთად იმედიც გაიცრიცა მაშინ... მრავალი წელი, სიცოცხლე და ძალისხმევა დასჭირდა ყველაფერს, ნორმალური კონტური რომ შეეძინა და რაღაცას დამსგავსებოდა.

 

  ჩვენც ჩვენებურად ვცხოვრობდით, ვიბრძოდით და ვმუშაობდით. ყოველ დღე, ზოგჯერ შაბათსაც და კვირასაც.

 

  ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც გაკვირვებული სტუმარი წამოგვადგებოდა ხოლმე იატაკზე მუხლმოყრილ კარლოს და მე სკოლაში, ხელით იატაკის «ციკლოვკას» რომ ვაკეთებდით, ან მაღაროს მუშებივით გამურულები, აყრილი პარკეტის დასაგებად ერთად «გუდრონს» რომ ვხარშავდით. სკოლის დერეფანი და ხატვის ოთახის კედლები იმპრესიონისტების რეპროდუქციებით მოვხატეთ... ასე იქმნებოდა და შენდებოდა ჩვენი სკოლა.

 

  ერთად ვებრძოდით ათასგვარ ჩინოვნიკსა და მოხელეს, რომელთაც ყოველგვარი თამამი სასკოლო სიახლე და პროგრესული აზრი ქვეცნობიერად დიდ დისკომფორტს უქმნიდა. განსაკუთრებით გვიხაროდა, როცა ამ ყველა, ჩვენგან «კბილებით» დაცულ იდეას, მაშინდელი სისტემა (მერე რა, რომ საკუთრად ასაღებდა), მოგვიანებით მაინც ნერგავდა.

 

  დღეს არც მე და არც ის სკოლაში აღარ ვმუშაობთ, მაგრამ როცა ერთმანეთს ვხვდებით, ხშირად და დიდი სითბოთი ვიხსენებთ იმ წლებს. განსაკუთრებული ხალისით იმას იხსენებს ხოლმე კარლო: ყოველ დილით, გაზაფხული იქნებოდა, თუ გვიანი შემოდგომა სპორტულ «შორტებში» გამოწყობილებს, როგორ გაგვყავდა სავარჯიშოდ უმცროსკლასელები სკოლის სტადიონზე.

 

  და იქნებ, სირბილისას, – სწორედ იმ ბავშვების ხალისიანი შეძახილი: «ეო, მეო, – გამარჯობა მზეო!» იყო ის პატარა მოგიზგიზე ნაკვერჩხალი, სკოლის ირგვლივ ჩამქრალ და გაყინულ სახლებში მომავლის იმედს რომ მატებდა ხალხს...

 

  სკოლას მამაკაცები შემოემატნენ: ჯერ მამუკა, მერე პაატა, რობერტი, ბესო, რამაზი, სოსო, ნუგზარი, დათო, კახა და ბევრი სხვა კეთილი და მცოდნე ადამიანი.     ზოგი მათგანი მათემატიკას ასწავლიდა, ზოგი ინფორმატიკას, ზოგი ცეკვას, ზოგიც ხატვას. ყველას კი მეგობრობის და ჩვენი სკოლის რაღაც სხვანაირი სითბო გვაერთიანებდა. გაკვეთილების შემდეგ ხშირად ვიკრიბებოდით. მხარ და მხარ ვმუშაობდით, ვსაუბრობდით, ვქეიფობდით, ფეხბურთსაც ვთამაშობდით და ასე, ერთად ვჯაბნიდით ქალაქის მოწყენილ ყოფას.

 

  რამდენიმე კონკრეტული ამბავი, კვლავაც ის დრო რომ გამახსენა და რაზეც ახლა მინდა მოგითხროთ, სწორედ სკოლაში მუშაობის წლებში მოხდა ან იმ პერიოდში გავიგე. ამ ამბებმა ჩემს ცხოვრებაში თავისი როლი ითამაშეს და დროთა განმავლობაში, მივიწყების ნაცვლად,  მეტი დატვირთვა და შინაარსი შეიძინეს. ვფიქრობ, მათი გაცნობა მცირე სითბოს მაინც შემატებს ჩემს ქალაქს, სადაც დღეს ბევრი რამ კეთდება, მაგრამ მაიც დიდია ადამიანური სითბოსა და მადლის დეფიციტი.

 

 

 

  ის ქალი

 

 

 

  სრულიად პატარა, პირველ კლასელი ბიჭუნა იყო კარლო, მშობლებმა იმ სკოლაში რომ შეიყვანეს, რომელსაც წლების შემდეგ თავად ჩაუდგა სათავეში.

 

  ეს პატარა შემთხვევაც, ერთ, ყოვლად ჩვეულებრივ დღეს მოხდა. მოხდა მოსწავლეთა უსაყვარლეს დროს – შესვენებაზე, უსაყვარლეს ადგილზე – ბუფეტში.

 

  პირველკლასელი კარლო,  მაგიდასთან იჯდა. დიდ, ქიშმიშიან ფუნთუშას მიირთმევდა, თანაც დრო და დრო კაკაოს აყოლებდა. ცდილობდა რომ მოესწრო, იცოდა რომ მალე ზარი დაირეკებოდა...

 

  მაგიდასთან, ყავის ფინჯნით ხელში, სიმპატიური ქალბატონი გამოჩნდა: – ყმაწვილო, შეიძლება თქვენთან დავჯდე? – ნაზი ღიმილით მიმართა მან კარლოს.

 

  კარლო შეიშმუშნა, აქეთ-იქით გაიხედა, სხვას ხომ არ ელაპარაკებაო და მერე ისღა მოახერხა რომ ქალბატონს თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.

 

  ქალი ერთხანს ჩუმად იჯდა და ყავას წრუპავდა. მერე პატარა თანამესუფრეს რაღაცას შეეკითხა. პასუხი დამთავრებულიც არ იყო, ზარი რომ დაირეკა. ბავშვები ჟრიამულით წამოცვივდნენ სკამებიდან და საკლასო ოთახებისაკენ გაემართნენ. კარლომაც წამოიწია მაგიდიდან და  ის იყო, წასვლა დააპირა, ქალბატონმა მხარზე ნაზი შეხებით შეაჩერა და ასევე ნაზად ჰკითხა:

 

– ასე სად გეჩქარებათ ყმაწვილო?

 

  კარლო ქალბატონს მონუსხულივით დაემორჩილა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.

 

– როგორ ფიქრობთ, ყმაწვილო, რა არის უფრო მნიშვნელოვანი, გაკვეთილზე რომ არ დაგაგვიანდეთ, თუ თქვენს სუფრასთან მყოფი ქალბატონი მარტო რომ არ მიატოვოთ?!

 

– იმ დღეს კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ, მაგრამ რაზე, აღარ მახსოვს. ის ქალი ცხოვრებაში აღარ მინახავს, ერთი კი ვიცი, რომ იმ შეხვედრის და საუბრის შემდეგ მთელი ჩემი ცხოვრება, ხედვა და წარმოდგენები რადიკალურად შეიცვალა, ყველაფერი სხვანაირად აღვითქვი – მიამბო იმ წლებში კარლომ.

 

  ეს, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შემთხვევა ერთი-ორჯერ მეგობრებთან გავიხსენე, მერე კი დამავიწყდა. მას შემდეგ, რამდენიმე წელი გავიდა...

 

  სამსახურისკენ, აღმართზე მივიჩქაროდი. დაგვიანება გარკვეულ უსიამოვნებასთან და ახსნა-განმარტებასთან იყო დაკავშირებული და ამიტომაც ვცდილობდი, არ დამგვიანებოდა. საათზე დავიხედე, სამი წუთი მრჩებოდა, მაგრამ ჩქარი ტემპით თავისუფლად ვასწრებდი. ჩემს თანამშრომელ ქალბატონს წამოვეწიე აღმართზე. მივესალმე, რამდენიმე თავაზიანი ფრაზაც გავცვალეთ ერთმანეთში. ეტყობა, გრძელ აღმართზე მეტი ენერგია აღარ შემორჩენოდა და ამიტომაც ნელ-ნელა მიდიოდა ჩემი თანამშრომელი ქალბატონი.

 

  დაგვიანება ჩვევად არა მაქვს. გავიფიქრე, მოვუბოდიშებ და სვლას ავუჩქარებ მეთქი, მაგრამ... საიდანღაც, წლების სიღრმიდან... გონებაში, უფრო სწორედ გულში, ძველი მოგონების იდუმალი ხმა გაისმა: – როგორ ფიქრობ, ყმაწვილო, რა არის უფრო მნიშვნელოვანი?! – ის ქალი მეკითხებოდა, კარლოს ბავშვობიდან, სწორედ ის ქალი...

 

  თითქოს მიწაზე დამაჭედესო ორივე ფეხით. გავჩერდი. თანამშრომლის ფეხს ფეხი ავუწყვე, სუნთქვაც ნელ-ნელა დამიმშვიდდა და რა თქმა უნდა ორივემ ერთად დავაგვიანეთ სამსახურში.

 

  იმ დალოცვილ ქალბატონს, ბავშვობისას ჩემს მეგობარს რომ მოევლინა, ამ ჩემი უბრალო საქციელის გამო, ვინ იცის, იქნებ სადღაც და უმიზეზოდ გაეღიმა.

 

 

 

 

 ელიზაბეტ გასტ

 

 

  ზამთრის ერთ ჩვეულებრივ, მაგრამ არაჩვეულებრივად ცივ დღეს, მესამე კლასელებს ვუტარებდი გაკვეთილს, ჩვენმა მეგობარმა დათომ რომ შემოაღო კარები და მაგიდაზე რბილი სათამაშოების, დათუნიების და კურდღლების მთელი ხროვა დაახვავა. დათო გერმანიაში სწავლობდა და ეს საჩუქრებიც იქაურ ქველმოქმედ ქალბატონს ელიზაბეტ გასტს მიეცა მისთვის. სათამაშოები გერმანელი მასწავლებლების და უფროსკლასელების მიერ იყო საკუთარი ხელებით, ქართველი ბავშვებისათვის დამზადებული.

 

  სათამაშო ყველას შეხვდა უკლებლივ, ერთი ცალი მორჩა, – რუხი კურდღელი. ჩემი შვილი იქვე იმყოფებოდა და მას ვაჩუქე.

 

  დიდხანს ვუყურებდი საჩუქრებით გახარებულ ბავშვებს, როგორ იხუტებდნენ იმ დათუნიებსა და კურდღლებს... და თანაც როგორ ითბობდნენ თავიანთ გაყინულ, პატარა თითებს ბეწვიანი სათამაშოებით...

 

  რამდენიმე წლის შემდეგ, ელიზაბეტ გასტი, ეს ჩვეულებრივი გერმანელი ფრაუ, თავისი არაჩვეულებრივად თბილი ღიმილით და  კონკრეტული მიზნით, ჩვენს ქალაქს ეწვია. მან «უცნაური» ბავშვებისათვის რამდენიმე საქველმოქმედო პროგრამა დააფინანსა. ამასთან დაკავშირებით, ქალაქის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში მის ჩამობრძანებას საღამო და კონცერტი მიეძღვნა.

 

  ბევრი იყო გამომსვლელი, თბილი სიტყვა ქველმოქმედებაზე, ბავშვებზე, მათ პრობლემებზე, ბევრი იყო ცეკვა და სიმღერა. სიტყვა მეც მოვითხოვე, – მოკლედ მივმართე ქალბატონს და მადლობა ვუთხარი: რამდენიმე წლის წინ, თბილისის ერთ საოცრად ცივ დღეს, გერმანიიდან გამოგზავნილი სათამაშოებით, პატარა ხელები და გულები რომ გაუთბო ჩემს მოსწავლეებს...

 

  იმ საღამოს, ჩემს უკვე წამოზრდილ ქალიშვილს გაცრეცილი სათამაშო - რუხი კურდღელი ვთხოვე და მეორე დღეს, გამართულ ბანკეტზე, იმის ნიშნად, რომ სიკეთე და მადლი მუდამ ბრუნდება, – ელიზაბეტ გასტს გადავეცი საჩუქრად.

 

 ამ დღეებში ისევ შევხვდი დათოს: ის რუხი კურდღელი ელიზაბეტს თავისი სახლის სასტუმრო ოთახში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე უდევსო, – მითხრა.

 

 

 

 

 

 იაშა ლივშიც

 

 

 შესაძლოა, ამ ამბავს სკოლასთან უშუალო კავშირი არა აქვს, მაგრამ ისიც იმ პერიოდშია მომხდარი და კარლოს მიერ მონათხრობი.

 

 რომ იცოდეს, ვინმე დალხინებული ქვეყნის შვილმა, რა ძნელა ჩამქრალი, ცივი ქალაქის ერთფეროვანი ღამეების გაძლება. რომ იცოდეს... ცხოვრებაში აღარ დაიწუწუნებდა.

 

 ერთ ასეთ საღამოს კარლოს კარებზე ფოსტალიონმა დააკაკუნა. მისდა გასაკვირვად, საფოსტო შეტყობინება ამერიკიდან იყო. მეორე დღეს გაირკვა ყველაფერი: ბავშვობის რვა, თანაუბნელი მეგობარისათვის, მრავალი წლის წინ ამერიკაში წასულ იაშა ლივშიცს, თბილისში რთული დროაო და 50–50 დოლარი გამოეგზავნა.

 

  და რა ჰქნეს იაშა ლივშიცის ბავშვობის მეგობრებმა, იმ პერიოდში კაცი მანეთს რომ ვერსად ისესხებდა? სხვა ერის შვილი ალბათ იფიქრებს, რომ უამრავი ყოფითი პრობლემის ნაწილი მოაგვარეს და ასე, ოდნავ მაინც მოითქვეს სული.

 

  ნაცვლად ამისა, ყოველგვარი ლოგიკის და მოთხოვნილების საწინააღმდეგოდ, კარლომ და მისმა მეგობრებმა... თანხა ბოლო კაპიკამდე ბაზარსა და ძვირფას მაღაზიებში ისე დახარჯეს, რომ მის ოჯახში გაშლილ, უზარმაზარ სუფრას ხიზილალაც კი არ აკლდა.

 

  ბევრი იყო სადღეგრძელო, სიმღერა და მონატრებით გახსენება: იაშა ლივშიცის, მისი ოჯახის, სხვა მეგობრების, ბავშვობის სიყვარულის, წასულების, თბილი ქალაქის...

 

  და ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ამბად დარჩებოდა, რომ არა დაქირავებული ოპერატორი, თავისი ვიდეო-კამერით, რომელიც მთელ ამ ქეიფსა და შეხვედრას დეტალურად იღებდა.

 

  მეორე დღესვე, მონატრებითა და ნოსტალგიით გამთბარი კასეტა, იაშა ლივშიცის სახელზე, შორეულ ამერიკას გაემგზავრა...

 

 

 

   P. S. ბევრი რამ გვაკლდა და ცხოვრება არ გვანებივრებდა, მაგრამ ასე, – სიყვარულით ვცხოვრობდით იმდროინდელ, რთულ საქართველოში.

 

   ალბათ, ჩვენი ურთიერთობა და ადამიანური სითბო გვაძლებინებდა...

 

 

 

15 სექტემბერი, 2006 წ.

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დუმბაძე გელა / სამი ამბავი, ის დრო რომ გამახსენა