დუმბაძე გელა 

ხანჯალი

 

 

უნდოდა დაბადების დღე მიელოცა საკუთარი თავისათვის... დიდხანს აგროვა ფული. ბევრი სიამოვნება მოიკლო. ბოლოს, როცა გადათვალა და საკმაო თანხა აღმოჩნდა, სიხარულით გაექანა სალონისაკენ.

 

და აი, დგას სარკის წინ, გაცილებით დავაჟკაცებული და წარმოსადგენი. მიზეზი ამ ცვლილებისა კოხტად შეკერილი შინდისფერი ჩოხაა, თავისი ახალუხითა და ყაბალახით, აზიური ჩექმებითა და, რა თქმა უნდა, ხანჯლით, რომლის ლაპლაპიც სიამაყის ჟრუანტელს ჰგვრის პატრონს.

 

– რად გინდა? ეკითხება გაღიმებული დედა.

 

– როგორ თუ რად? ბოლოს და ბოლოს ვინმემ ხომ უნდა ატაროს. სხვა არაფერი, ახალი წელი იქნება, დღეობა თუ ქორწილი, ასე გამოვეცხადები მეგობრებსა და ნათესავებს, – გაუხარდებათ!..

 

– მოგცლია, მაგის ყიდვას გერჩია სადმე წასულიყავი დასასვენებლად.

 

მოუთმენლად ელოდა ახალი წლის მოსვლას. მანამდე ერთხელაც არ ჩაუცვამს. წინასწარ განსაზღვრა, ვისაც მიულოცავდა, წვერ-ულვაშიც მოუშვა, ჩოხას მოუხდებაო.

 

გული უთრთოლავდა მოახლოებული სიხარულისაგან, ცმუკავდა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. მშობლები ამჩნევდნენ ამ მოუსვენრობას და ჩუმ-ჩუმად ეღიმებოდათ.

 

რამდენიმე საათით ადრე ჩაიცვა ჩოხა და სარკის წინ დარბაისლური მიმოხრის დამუშავება დაიწყო, გულის სიღრმეში სწყინდა კიდეც, რომ მშობლებს მისთვის არ ეცალათ. თუმცა, ესმოდა მათი მოუცლელობისა, სტუმრებს ელოდნენ და საახალწლო გაწამაწიაში იყვნენ.

 

– არ გინდა, არ უთხრა ... მე თვითონ მოვიტან – გადაულაპარაკა ქმარმა მეუღლეს და ჩუმად გავიდა სახლიდან.

 

ბოლოს და ბოლოს მოვიდა სანატრელი დღე. ჩვეულებისამებრ, საკუთარ ოჯახში შეხვდნენ ახალ წელს. სტუმარი ბლომად მოვიდა, სახლიდან ყურისწამღები ჟრიამული ისმოდა. ჭიქების წკარუნი, შაშხანების ბათქაბუთქი და მრავლის მომსწრე ძველი კედლის საათის რეკვა, განუმეორებლად სასიამოვნო მუსიკად იღვრებოდა.

 

ჩოხაში გამოწყობილი ყველას მოეწონა. აღტაცების შეძახილებით შეამკეს.

 

– ვაჟკაც, ამ იარაღზე ,,სროკია“, – ფხა გაუსინჯა ხანჯალს მამის მეგობარმა, – ქუჩაში ფრთხილად იყავი!

 

რამდენიმე მეგობრის ოჯახს მიულოცა, ყველას გულწრფელად გაუხარდა და ესიამოვნა ჩოხოსანი მეკვლე.

 

ერთი ნათესავიღა დარჩა სანახავი. ფეხით გადაწყვიტა გავლა. წელში გამართული ამაყად იხედებოდა აქეთ-იქით, თუმცაღა ქუჩაში აბსოლუტურად არავინ იყო. მეგობრის სახლიც გამოჩნდა ... უცებ მოსახვევიდან ნელ-ნელა მომავალი მილიციის ყვითელი მანქანა დაინახა, იასამნისფრად მოლივლივე ნათურით. ამ იარაღზე ,,სროკია“, ამ იარაღზე ,,სროკია“ – რამდენჯერმე გაუელვა გონებაში და ნელ-ნელა ხანჯლისკენ გააპარა ხელი, სწრაფად მოიხსნა და ჩოხის ფართო სახელოში შეიცურა.

 

სანამ ნათესავის სახლში შევიდოდა, არაერთხელ მოიხედა მანქანისკენ, რომელმაც მეზობელ ქუჩაზე შეუხვია და როგორც სახლების კედლებზე ნათურის ანარეკლმა უკარნახა, მალე გაცილდა იქაურობას.

 

სადარბაზოში გაჩერდა, ხანჯალი სახელოდან გამოიღო და კვლავ მოირგო. ნელ-ნელა ავიდა კიბეზე, ზარის ღილაკისკენ წაიღო ხელი და... გადაიფიქრა, ერთხანს ასე იდგა. მერე თავჩაქინდრული უკან გამობრუნდა.

 

უკვე თენდებოდა, სადღაც გამქრალიყო მისი სიამაყე, ჩოხასაც ვერ გრძნობდა სხეულზე. წელში მოხრილი, დაფიქრებული მიუახლოვდა სახლს.

 

მეგობრის მეათე კლასელი ძმა დაინახა. კიბეებზე იჯდა და ვიღაც ლამაზ გოგონას ეჩურჩულებოდა. ძალიან უყვარდა ეს ბიჭუნა. მის დანახვაზე ყმაწვილები გაწითლდნენ. ახალი წელი მიულოცა ორივეს. ბიჭმა მეგობარი გააცნო და გოგონასაც სიამაყით უთხრა:

 

– ჩემი მეზობელია! – თან დაამატა – ასეთი თუ იყავი, არ მეგონა!

 

– როგორი ასეთი?

 

– რა ვიცი, სხვანაირი, ვაჟკაცი! – ვაა, ეს რა მაგარი ხანჯალია, შეიძლება ვნახო?!

 

ხანჯალი მოიხსნა. ბიჭს სიხარულისაგან თვალები უბრწყინავდა და თანაც გოგონას ათვალიერებინებდა ძვირფას ნივთს.

 

– შენი იყოს!

 

– რაა? – განცვიფრდა ბიჭი.

 

– ხომ მოგწონს, შენი იყოს. ჩაფიქრებული მქონდა, ვისაც ძალიან მოეწონება, იმას ვაჩუქებ-მეთქი.

 

გაკვირვებულმა ბავშვებმა თვალი გააყოლეს კიბეებზე მოხუცივით ამავალ ახალგაზრდას.

 

 

1987 წ.

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / დუმბაძე გელა / ხანჯალი