ელბაქიძე მარინა 

გაცვლა

 

   – ამის დედა... – წიხლიც მიაყოლა. ლოყაზე დაცურებული ოფლის წვეთები ხელის ზურგით აიწმინდა და კაპოტი ბრაზით დაახეთქა. მაზუთით გაზინთული ხელისგულები საჯდომზე ჩამოისვა, – დღეს არაფერი აღარ ეშველება, საერთოდ თუ ეშველა. – გოგის თვალებს მზერა ააწყვიტა და დანგრეულ ვილისს დაადუღა.

– იქნებ....

– უკვე ბნელდება, აზრი აღარა აქვს, დღეს მაინც ვერ წავალთ. სიბნელეში ან ესენი გაგვაგორებენ, ან ისინი. – გადაწყვეტილებას იღებს პაატა. გოგის იმედიანი “იქნებ”-ის საპასუხოდ პაატას დასკვნა ერგო – ხვალ!

სულ ის იღებს გადაწყვეტილებას. სერგო მხოლოდ მძღოლია. ის კი.... რა ქვია? მოკლედ, მთავარია. და რაც მთავარია, რა ედარდება?! მის წვინტლიან, ფაფანაჭამ შვილებს ახლა ტკბილად სძინავთ, უკვე ქვეშ ჩასველებსაც მოასწრებდნენ. გოგის ბიჭი კი.... ოღონდ ახლა იპოვოს, ოღნდ ახლა... და მერე!... რას იზამს მერე? ბიჭის სიგრძე სანთელს დაუნთებს ღმერთს თუ დარაჯად ივლის მის ფეხდაფეხ.... არ იცის, ჯერ არ იცის, ამაზე არ უფიქრია, მაგრამ ოღონდ ახლა აპოვნინა, ოღონდ ცოცხალი.... ამ ფიქრს გაექცა, მიემალა სიტყვა სიკვდილს.

ზღვაზე ჩავიდეთ, ვიბანაოთ, მერე ექიმებთან ავიდეთ, რამეს გვაჭმევენ და ცოტა ადამიანურად დავიძინებთო. ისევ ის წყვეტს, ისევ ის უგეგმავს ცხოვრებას. მისი შვილის ბედიც ამ ნაბიჭვრის ხელშია. მაგის დედაც!... მაინც მიყვება სანაპიროზე, მხარდამხარ არა, რამდენიმე ნაბიჯით უკან. ესმის, წინ მიმავალი პაატა გეგმავს ხვალ ექვს საათზე ადგომას, მანქანას დღესვე იშოვის, უარს არ ეტყვიან. ნამდვილად იშოვის, მაგრამ ამ ღამეს რა გაათენებს. ორი ღამეა არ უძინია. რა დააძინებს, ცოტას ჩათვლემს და მერე ელოდება განთიადს, ფიქრებს მინდობილი. მზეს გახედა, ჩადის, ნამდვილად ჩადის, ესეც ნაბიჭვარი!... ორიზონტს შეეხო. და ახლა ზღვა, ჩამავალი წითელი მზით, მაძღარი წითელით, და მკვეთრი კონტურებით, იაფფასიან პეიზაჟზე დახტულს გავს.

უკან მიჰყვება, მათ მხარდამხარ სიარული არ უნდა, მაგრამ სამ ნაბიჯზე მეტად არ შორდება, თითქოს უხილავ მოკლე ჯაჭვზე დაბმული ძაღლია. ის და მისი ბიჭი ახლა პაატაზე არიან მიბმული, იმ ადამიანზე, სამი დღის წინ რომ ნახა პირველად და მისი ცხოვრების ნაწილად იქცა, მისი ბედის განმსაზღვრელად. სამი დღეა არ მოშორებია, სამი უსასრულო დღე და როცა ყველაფერი თითქოს გასრულდა, ახლა ისევ! კიდევ! კიდევ ერთი ღამე! რა გაათენებს.

ქვიშაში ჩაჯდა, თბილია, ჯერ არ განელებია მზის სითბო. შიშველი ფეხები სილაში ჩაფლა. პაატა იხდის, წყალში ჩადიო, მხარზე ხელი დაჰკრა. მისი თანაგრძნობა და მზრუნველობა ფეხებზე ჰკიდია... და მაინც გული უჩუყდება. რა მოუვიდა ამ სამ დღეში, ხან ქვავდება, ხან უბრალო შემოხედვაზე, შეხებაზე შეიძლება ატირდეს. “მაგდანას ლურჯა” ან “ბემბი” რომ აჩვენონ, ცხარე ცრემლებით იქვითინებს. ახლაც სისველე იგრძნო ცხვირში.

– თქვენ იბანავეთ, მე ექიმებთან წავალ. – ამბობს და არ დგება. ექიმებთან წავა, იქ არჩილია მთავარი, მამამისის მეგობარი. არჩილს დაელაპარაკება, მარტო პაატას კი არ შეუძლია მანქანის შოვნა. მაგრამ იქ წასვლაც აღარ უნდა. არჩილი, ვიკინგივით აღმართული, წვერებიანი გოლიათი, დღეს ზღარბივით მობუზული იჯდა. მისი ბიჭებიდან ერთს ჭურვის ნატეხი მოხვდა თავში და იქვე გააფრთხობინა სული. დილით საოპერაციოში ესვენათ. და რა ვუთხრა ამის მშობლებსო, ზღარბივით მობუზული, გოგის ეკითხებოდა. გოგის? მაშინ პირველად შეეშინდა თავის თავთან დაუფარავდ, ღიად – ცოცხალია? პაატამ თქვა, ცოცხალიაო და სჯერა, არ მოიტყუება, ყალბი გამხნევება არ იცის, სასტიკი და დაუნდობელია.

სასტიკი? ეს მშვიდობის მტრედი? რა უნდა, რას აკეთებს აქ? ფულს არ იღებს, ისე, უანგაროდ შეყო თავი ამ ჯოჯოხეთში. უანგაროდ? ფულს არ იღებს – კარიერას იკეთებს! რა კარიერას, ვინ იცის – რა იქნება ხვალ, ან დღეს, როდის მიაფურთხებენ მაგის მშვიდობის თეთრ ჩვარს და პირველ გასროლას, საკონტროლოსაც მიაყოლებენ. რა ჯანდაბა უნდა, წავიდეს სახლში, მოუყვეს სამ წვინტლიან შვილს ზღაპარი, ჩაუგორდეს ცოლს ლოგინში და კიდევ ერთი ბავშვი გააკეთოს, ჯანმრთელი და ჯიშიანი. რას აგდია ამ ტყე-ღრეში? გახედა – საშუალო სიმაღლის, დაკუნთული, ქონი ჯერ არ დასდებია. დაედება, თბილისში რომ დაბრუნდება, ტყე–ღრეში არა, სადმე კაბინეტში. ესეც მოჯდება კეთილდღეობის თბილისურ საზომში, თბილისურ სტანდარტში – ღიპი, მანქანა, ცოლი და საყვარელი. ეს მერე იქნება, ან არ იქნება, თუ მართლა იდეინი მასტია.

პაატაზე ათიოდე წლით უფროსია და ლამის ბავშვივით არის მის სიმშვიდეს შეფარებული. რა მნიშვნელობა აქვს ათ წელს ან ოცს.... აქ, ამ საგიჟეთში, თორემ... თბილისში რომ შეხვედროდა!...

ქვიშაზე დაწვა, ესიამოვნა თბილ–აგრილებულ სილაზე ბეჭების გაშლა. თავისთვის აგდია. მზის დარღვეულ დისკოს გახედა, უკვე ფერებად დაღვრილს, ზღვაში ნახევრად ჩაყვინთულს. ტირილი მოუნდა და არც ეტირება, ყვირილი მოუნდა, ღრიალი და ვერც ეყვირება. რა გაათენებს ამ ღამეს, როდის ამოვა მზე, დღეებად, საათებად, წუთებად, წლებად რომ ანაწილებს მის სიცოცხლეს? ცოტა ხანს ეგდება, მერე ავა, მანქანას იშოვის და თვითონ წავა. ვინ არის ეს ნაბიჭვარი პაატა, მაგის დედაც... შაისე! ერთი საათის გზაც არ არის, ფეხით წავა. ამათ რა ედარდებათ. რატომ გადადო პაატამ ხვალისთვის, რატომ დღეს არ მიდიან, ხომ იცის, რომ ვიღაც ბიჭი გადმოვიდა?... აბა, მისი შვილი იყოს! მაგრამ, მისი შვილები პამპერსებით დარბიან და ჯერ ომობანას თამაშიც კი არ იციან.

აცოფებს პაატას მშვიდი – დილით გავალთ და გავიგებთ! ლამის გაუქანოს. არადა, ხომ უნდა იყოს ვიღაცა ამ საგიჟეთში მშვიდად, გარეგნულად მაინც გაწონასწორებული, თუნდაც ცინიკურად.

ზღვას გახედა, უფრო პაატას, სად ჯანდაბაში გაცურა, ახლა რომ დაბომბონ... პაატაზე ზრუნავს თუ თავის თავზე? პაატას სოცოცხლეზეა ახლა მისი შვილის სიცოცხლეც მიბმული.

პაატა ღონივრად უსვამს ხელებს, მიცურავს, მიცურავს... ასევე ღონივრად, რაღაცნაირად ძლიერი ნაბიჯებით მიუყვებოდა გუშინ რომელიღაც სოფლის შარაგზას, მხარზე ბოსტნიდან ამოძრობილი სარი ჰქონდა გადებული, ზედ თეთრი ნაჭრის ნაკუწი, აბრეშუმის თეთრი პერანგის ნაგლეჯი, თუ რაღაც ამდაგვარი... მშვიდობის თეთრი დროშა! ცარიელ შარაგზას მიუყვებოდნენ, უცხოდ ცარიელს...

– შეიძლება, გვესროლონ?– იკითხა გოგიმ, ვითომ მშვიდად, ვითომ სხვათაშორის.

– წესით არ უნდა გვესროლონ, გაფრთხილებული არიან. ისე, ყველაფერი შეიძლება. გაიხედე მარჯვნივ, ზევით, მაღალ ხეებში სნაიპერი ზის.

გოგის კისერი გაუშეშდა, თავის მიტრიალების კი არა, თვალების დახამხამების უნარიც დაკარგა. ფეხებიც თავისით მიდიოდნენ, თითქოს მისი არ იყო, ერთი-ორი, ერთი–ორ... ჯობია ბაღებით წავიდეთო, გაიფიქრა. უნდოდა პაატას მეორე მხრიდან ამოსდგომოდა, სნაიპერის მზერას პაატას დაკუნთულ მხრებს უკან მიმალვოდა. იმ წუთას იმდენი ჭკუა მაინც ეყო, მიმხვდარიყო – ეს არ უშველიდა, თანაც პაატაზე ერთი თავით მაღალია. ახლა უხარია, მთლად რომ არ წახდა, არ ჩაისვარა და პაატას მხარდამხარ გააგრძლა ნაბიჯის თვლა – ერთი, ორი, ერთი....

ის კი მაინც დასცდა, ბაღებით წავიდეთო. მაშინ კი გარანტირებულია კოლოფის გახვრეტა. რა კოლოფის, ვერ ხვდება კისერგაშეშებული გოგი. თავის კოლოფის, გაეცინა პაატას. გაცინებაც რომ შეუძლია?! იარაღსაც არ ატარებს, მშვიდობის მტრედი, ამ თეთრი ჩვრის იმედი აქვს? მე საომრად არა ვარ აქ, დაუზუსტა პაატამ, შენ მითუმეტეს და იარაღი არც გიშველისო. იარაღი არ სჭირდება, ჰო, პაატა არ ომობს, გაცვლაზე მუშაობს. ცვლის ცოცხლებს და მიცვალებულებს ცოცხლებზე და მიცვალებულებზე. ბარტერული გაცვლა! ხან ვაჭრობენ, ანგარიშობენ, ატოლებენ, რამდენი მიცვალებული რამდენ მიცვალებულს ან ცოცხალს უდრის, ხან არა. დღეს ორი აფხაზი (ცოცხალი!) უნდა გადაეცვალათ მის ბიჭში, კიდევ ორ ცოცხალში და კიდევ გადმოესვენებინათ თერთმეტი დაღუპული. მიცვალებულები გადმოასვენეს, მისი შვილი კი, და კიდევ ის ორი, სადღაც გაქრნენ. როგორ თხრიდა დღეს საფლავს?! პანაშვიდებზე მიცვალებულს ამხელა კაცი დღესაც თვალს არიდებს და საფლავი გათხარა. როგორ თხრიდა?! თავდავიწყებით! ჰო თავდავიწყებით, ლამის ბედნიერი, რომ მისი შვილის საძმო სამარხი არ იყო ეს აბორცვილი მიწა. სულ სამნი იყვნენ, პაატა და გოგი თხრიდნენ, დამარხულებიდან ერთ-ერთის მამა იქვე იჯდა, უფრო იდო მიწაზე და გოგის ეშინოდა ისიც იქვე არ შემატებოდა ცხედრებს. არ უნდა წამოეყვანათ, თვითონ წამოვიდა. საკუთარი შვილის გახრწნილი, აქოთებული გვამის ამოღებას ვერ გაუძლებს. რატომღაც ჰგონია, დანარჩენები, მამები, მშობლები, თეთრ ელვაშესაკრავიან ტომარაში შეფუთულ ნეშტს უფრო მოინელებენ, ვიდრე ეს – საფლავის გათხრას. პაატას ასეთი უკვე რამდენიმე აქვს გათხრილი. რა ათხრევინებს, რა აძინებს ღამე?! თან როგორ ღრმად სძინავს, როგორ მშვიდად ფშვინავს, სიზმრებსაც კი არ ხედავს, კოშმარებზე არც არის ლაპარაკი.

ჰო, თავდავიწყებით თხრიდა, შეუსვენებლად, პირველად მაშინ შეჩერდა, ბუზების ზუზუნმა მკვეთრად რომ იმატა და სუნმა, უცნაურმა სუნმა... ისევ სიტყვის შეეშინდა – ლეში, გვამი. შეჩერდა, იცოდა, ახლა ბარი რაღაცას წამოედებოდა... მიწა რბილი იყო, რბილი და ფხვიერი. მუცელში ჩასწყდა რაღაც, შერცხვა იქვე მიგდებული მამის, იმათი, მიწაში რომ იყვნენ ერთმანეთზე მიწყობილი და ბარით უნდა ამოეღო.

ახლა აქ, სანაპიროზე, აღარც პაატასი ერიდება და აღარც საკუთარი თავის. ლაჩრობაა, ამ საგიჟეთში დაფრთხე, ატირდე და საკუთარი თავი და ადამიანები გძულდეს? მოიკუნტა, ტირილი უნდა და არც ეტირება. სხეული დაუმძიმდა, შიგნით რაღაც ჩაეღვარა, ჩაეკირა მძიმედ, სულში, თავში....

სამი დღის წინ რა ჰქონდა ამ თავში? ერთი კვირის წინ, სცენაზე რომ იდგა და ტკბებოდა ტაშით, საკუთარი დიდებით და იმ ორი ცარიელი სკამით? რატომ ჰგონია, რომ ის იჯდა იმ სკამზე? გულით გრძნობს, სხეულით. ისევ იმას, იმ ქალს მიაწყდა ფიქრი.

ცხადად ხედავს, ელი ზის მის გვერდით ქვიშაზე. თავი კალთაში ჩაუდო და გაირინდა. ეს დღეები გამუდმებით მასზე ფიქრობს. მთელი ცხოვრება ფიქრობს, მაგრამ რაღაც სხვადასახვაგვარად, წყვეტილად, ახლა კი აღარ სცილდება ეს სურვილი – შეეხოს, მისი ხელების სითბო იგძნოს.

ეს ბოლო ხანები სულ ელიზე ფიქრობს, ნამდვილად ჰალუცინაციები აქვს, ხან ხმა ესმის, ხან ეჩვენება, რომ თვალი მოჰკრა. აქ, ამ საგიჟეთშიც, წარსულის ქექვას არ ანებებს თავს. თუ არ ფიქრობს, როგორღაც გრძნობს, თითქოს სადღაც იქვეა. რა მოუნელებელი დანაკარგია ასეთი ელენე, ელი, რატომ არ ანებებს თავს ეს ფიქრები?

ელიზე ფიქრში სხვა ფიქრს ემალება – ბიჭზე. კარგი, ბიჭზე იფიქრებს, ოღონდ მის ბავშვობაზე. წკაპ! და დროის მანქანის – მეხსიერების – პულტი თექვსმეტიოდე წლით უკან გადართო. აქ კადრები ყველაზე მკაფიოა, აქ ბედნიერიც კი იყო.

დიდ ეკრანზე გარედან უყურებს საკუთარ თავს. სძინავს, რაღაც თბილი, წებოვანი შეხება აღვიძებს. მკერდზე რვა თვის ტიტლიკანა შვილი აწევს. ბავშვი ხელებით ეყრდნობა მის მკერდს, მერე ხელებს სახეზე უტყაპუნებს, თავს ვერ იკავებს და დადორბლილი ტუჩებით მამის კისერში ემხობა. რბილ ადგილს ეძებს, ტუჩებში იქცევს, როგორც ძუძუს, რომ გამოწოვოს. ჯერ არ უჭამია, ხვდება გოგი და ამ უცნაურ ღიტინს ითმენს. ეს ყველაზე გულისამაჩუყებელი კადრია მისი მოგონებების კინოთეკაში. ქეთი საწოლზე მუხლებითაა წამომჯდარი და იცინის. ჰო, მაშინ ბედნიერი იყო, ქეთიც კი უყვარდა, ისე ბუნებრივად და გულწრფელად იყო განაზებული. კარგი დედაა, ვერაფერს დააყვედრის. სხვას ათას რამეს, მაგრამ ამას ვერა. სულ ცდილობდა ბავშვის თვალისთვის მოერიდებინა კინკლაობა და ჩხუბი. მერე, სულ რომ აურიეს, ბიჭის დასანახად მაინც ჭირიმე–გენაცვალეთი ელაპარაკებოდა გოგის. მაგრამ ბიჭი ჭკვიანი და ფიქრიანი გაიზარდა, თვითონაც დაიღალნენ გაღიმებული ნიღბების მიღმა მოთუხთუხე ბოღმის მალვით. ნეტავ, რას ფიქრობდა ბიჭი? ვითომ მეგობრობდნენ, მაგრამ ამაზე არასოდეს ულაპარაკიათ. ისევ თავის ეკრანს მიუბრუნდა, ფილმი იგივე კადრიდან გააგრძელა. ბავშვმა თავი ასწია, თვალებში ჩახედა და გაირინდა. გოგის ჰგონია, შვილის ყურადღება მისმა სახემ მიიპყრო და უცებ იგრძნო თბილი სითხე როგორ გადანაწილდა მის მკერდზე. დამაფსი?! ლამის ისევ გაიმეოროს მაშინდელივით, სუნსაც კი გრძნობს ახლა, ჩვილის ფისების სურნელს. ეს სხვა რამესაც იზამს, იცინის ქეთი და ხელში აჰყავს ბავშვი.

ისევ – წკაპ! და ერთი კვირის წინანდელ დროში დაბრუნდა. კარგი რამეა მეხსიერება, შენია, რაც იყო გუშინ, შარშან, დიდი ხნის წინათ. რა არის ამაში კარგი, რომ შენია, რომ ვერ იშორებ, ვერ ივიწყებ, ვერ შლი წარსულს მეხსიერების ფირიდან? ერთი კვირის წინ სცენაზე იდგა, აღიარებით და დიდებით მთვრალი. მთლად არ გადარეულა, მაგრამ ტაშის ქუხილში გული აჩქარებით უცემდა, სიამოვნებდა რიტმული შრიალა–მქუხარე ხმა და იმ წუთს სჯეროდა, რომ დიდი მსახიობია, მსოფლიოში საუკეთესო ჰამლეტი. აჰა, მოვიდა დიდება! მანამდეც კი იყო პოპულარული, ასე, თბილისურ ფარგლებში, მაგრამ უფრო სიფათის გამო. რა გააკეთა, მნიშვნელოვანი და შემჩნევის ღირსი? მთელი ცხოვრება დადებით გმირებს თამაშობდა, წითლებს ან სოციალისტებს, იდეისთვის შეწირულ კეთილშობილ ინტილიგენტებს. სახეც ეგეთი აქვს – დადებითი. ისე, საკუთარი სიფათით და სხვა დანარჩენი ნაწილებითაც კმაყოფილია, სარკეში საკუთარი თავის თვალიერებაც უყვარს. ასაკთან ერთად სარკესთან ურთიერთობა ცოტა გაურთულდა. ხან ამაყად უყურებს სარკეში თავის ანარეკლს, მხრებს, მუცლის პრესს, გრძელ ფეხებს და უხარია, ჯერ კიდევ ბიჭურ-ახალგაზრდულ კატეგორიაში გადის. ხანდახან (იშვიათად!) შიში შეეპარება ხოლმე, რომ ის მცირედი ცვლილებები, ასაკზე მიმანიშნებელი ხაზები აწი უფრო სწრაფად და სწრაფად გაჩნდება, დახვეწილი ფორმებიც შეიცვლება. და ერთ დღეს დაინახავს კარიკატურას იმაზე, რითაც ადრე ასე იწონებდა თავს. მაშინ სცილდება სარკეს და ქალებზე იწყებს ფიქრს. ქალებს თვალებში უყურებს ხოლმე, მზერას არ არიდებს, პირდაპირ თვალებში უმზერს გახავერდებული, მომნუსხველი მზერით და ჯანმრთელ კბილებსაც ფართოდ რომ გამოაჩენს, გულღია ღიმილის ნიშნად, რომელიღაც შეგრძნების ორგანოთი ხვდება – ქალი დაბმულია, შეიძლება ყველაფერზე წამსვლელი არა, მაგრამ მისი ოცნებების ნაწილი გოგის მიერ არის პრივატიზირებული.

ჰოდა, საკმაოდაც ჰყავდა ქალები, მაგრამ, ისე, შემთხვევით გადაყრილები არა! მის კაცურ ღირსებას, შემთხვევითი, იაფფასიანი ქალები არ ახარებენ. ისე, ერთი–ორი ეგეთიც შეიძლება გაიხსენოს, მაგრამ.... მოკლედ, უბრალოდ ვნება და სექსი არ ჰყოფნის, კიდევ რაღაც უნდა მიიღოს ქალისაგან. კიდევ რაღაც. ბოლოს ვინ იყო, ვინ ჩარჩა თავში ბოლო დროიდან? დოიჩე! გერმანული ლიტერატურის სპეციალისტი. ლამაზი არა, მაგრამ შვგვრემანი და ეშხიანი. დაუდევრად კი ექცეოდა, დოიჩეს რომ არ ეკუთვნოდა ისე. როცა რამე სწყინდა, დოიჩეს თვალები უწყლიანდებოდა და გოგისთვის გაუგებარ აჩქარებულ გერმანულზე დაურტყამდა ხოლმე რაღაც ტირადას. მომითარგმნე, იცინოდა გოგი. ისწავლე გერმანული და შენ თვითონ მოთარგმნე. ხან არაფერს იტყოდა და უბრალოდ ბრაზიან ”შაისე!”-ს დაახეთქებდა. ეს კი იცოდა გოგიმ – ნეხვი! რითი დააბა დოიჩემ? კარგად ნავარჯიშევი მკვრივი უკანალი კი ჰქონდა, მაგრამ კიდევ რაღაც იყო მასში – სევდიანი ცინიზმი, ჭკვიანიც იყო. და კიდევ რაღაც გაახსენდა, ლამის ამაყად ნათქვამი – “მაგათ ტანსაცმელში გავიზარდე”. ისევ რაღაც გულისამაჩუყებელი. იმ დღეს დიდხანს ალოდინა – უგეგმა და როგორც იქნა მიაღწია დოიჩეს სახლამდე. თვითონ დოიჩე ყველაფერს გადადებდა ხოლმე, როგორც კი გოგი დარეკავდა. გიჟდება ჩემზე, დარწმუნებული იყო გოგი. ჰოდა, მივიდა, დოიჩეს გათვლილი გერმანული დახვეწილობით გაწყობილი მაგიდა აითვისა და დოიჩეს ათვისებაც რომ დააპირა, მაშინ დარეკა მისმა ბიძაშვილმა, ბავშვისთავის წამლის საყიდელი ფული უნდოდა. დოიჩე, მასზე გაგიჟებული და მასთან ლოგინში ჩაწოლაზე ლამის სულის გამყიდველი (დარწმუნებული იყო გოგი!), წამოხტა, ჩაიცვა და გავარდა, ხუთ წუთში დავბრუნდებიო. ხუთ წუთში დაბრუნდა, მაპატიეო, რატომღაც კისერში აკოცა და მაშინ თქვა, ლამის ამაყად, მაგათ ტანსაცმელში გავიზარდეო. და მიაყოლა ბავშვობის მოგონება – უჭირდა მის მარტოხელა დედას და უფროსი ბიძაშვილები აჭმევდნენ და აცმევდნენ პატარა ნაბუშარ ბიძაშვილს. გამონაცვალს ჩუქნიდნენ, მაგრამ გემოვნებით შერჩეულს. არც იმჩნევდნენ, რომ ნაბიჭვარია და სხვა უფრო ახლო ნათესავებისაგან უარყოფილი. ახლა იმათ უჭირთ, დოიჩეს კი ფულიც აქვს და მათი მზრუნველობაც ახსოვს, ჰოდა, მზად არის ლოგინიდან წამოხტეს და გოგის დამადლებულ-გამოზომილი ყურადღებიდან კიდევ მოიკლოს იმათი ხათრით. თავის საყვარელ გერმანიაში სათარჯიმნოდ და რაღაც საქმიან-ლიტერატურულ შეხვედრებზე რომ დაიარებოდა, ბიძაშვილებისთვის საჩუქრების ჩამოტანაც არ ავიწყდებოდა. არც გოგისთვის! არა, როგორ უბრალოდ და გულღიად თქვა, ლამის ამაყად, “მაგათ ტანსაცმელში გავიზარდე”. ლამაზი არა, მაგრამ შავგვრემანი და ეშხიანი! ჰოდა, ვიღაც გერმანელმა დაითრია და გაუთხოვდა ბერლინში, ბოჰემურ ნაწილში, პოსტმოდერნისტ თუ რაღაც ამდაგვარ მჯღაბნელს გაჰყვა. გული დასწყდა გოგის. ხანდახან ახსენდება და ისე, გულსგარეთ რომ ბრაზდება, ნაღვლიან გუნებაზედ რომ დგება, თვითონაც ბოღმიან “შაისეს” დაახეთქებს ხოლმე. მაინე დოიჩე ფრაუ, რა დამრჩა შენგან? რამდენიმე გერმანული სიტყვა, კიდევ რაღაც სევდის კვალი, სხვა სევდას რომ გამოჰკრავს ნაპერწკალს და გააღვივებს. სხვა?

ქალიდან ქალზე ისე ინაცვლებს, თითქოს სახლისკენ მიმავალი გზის ძებნაში ერთი ბილიკიდან მეორეზე გადაეხეტა. დახეტიალობს და ეძებს იმათში რაღაცას. გადანაწილებული აქვს ის რაღაც რამდენიმე ქალში. დოიჩეს ფუნქცია სექსის გარდა ინტელექტუალობანას თამაში და ცინიკური საუბრები იყო, ცოლთან ლოგინის იქით აღრაფერი რჩებოდა სათქმელ-საფიქრალი, ოცნებების და ფანტაზიების სამყარო ელის ეკუთვნოდა. ვეღარ მოაქუჩა ერთ ქალში ყველაფერი, ნაწილ-ნაწილ უნდა ერგოს. აი, ელისთან რომ იყო, ადრე, დიიდი ხნის წინათ, მაშინ იყო ყველაფერი, ჰარმონია, ჰარმონია!...

ქეთის გადასწვდა ფიქრი, ცოლს, თანამეცხედრეს. მასთან საჩხუბრად უფრო იცლიდა, ვიდრე მასზე საფიქრელად. რატომ?

უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა, თითქმის, თითქოს. არაფერი სადარდელი, საზრუნავი –ფულიანი მამა, მოსიყვარულე დედა. მერე გარანტირებული სტუდენტობა თეატრალურ ინსტიტუტში, და არა სამედიცინოში, მამის დაჟინებული მცდელობის მიუხედავად. როგორ მოახერეხა თავისი გაეტანა? იცოდა, ექიმი არასოდეს გამოვიდოდა მისგან, სისხლის დანახვაზე ლამის გული მისდის. დიდი მსახიობი ხომ გამოვიდა?! რატომაც არა, ჰქონდა, მთავარი არა, მაგრამ შესამჩნევი და დადებითი როლები თეატრში, ერთი-ორჯერ ფილმშიც მოხვდა ლამაზი ბიჭის როლში. კიდევ რა ჰქონდა? კაი თბილისელი ბიჭის ტიტული, მეგობრების დიდი კომპლექტი, ქეიფები და ლამაზი ქალების ყურადღება. ზომიერად, იმიჯის შესალამაზებლად ძველბიჭობა, ოღონდ უსაფრთხოების ნორმების დაცვით. დღესაც კიდევ ბიჭის როლშია, ორმოცს კი მიუკაკუნა.

არაფერი უშუალოდ არ ეხებოდა, თითქოს რაღაც ორანჟერეა იყო მის გარშემო შემოვლებული. თუ რამე არ იყო წესრიგში, რაღაც გულგარეთ რჩებოდა, მისი ტკივილი არ იყო. ეგოისტის თავდაცვის მექანიზმი! ასე უთხრა დოიჩემ. ერთადერთი რაც სტკიოდა, მართალია, ბევრი წლები, ის გოგო იყო, მერე ქალი ელიდან ელენეში გადაზრდილი. ოდესღაც მისი, ახლა სადღაც სხვა კაცთან, სხვა სახლში, სხვა ლოგინში და მაინც მისი! ეს ისე, გულის სიღრმეში, სხვებისთვის დაფარულ-დამალული, მაინე დოიჩე ფრაუს მიერ ოდნავ გამოქექილ–გამომზეურებული. დოიჩე მაშინ მის სულში ქექვის გასაგრძელებლად იაფფასიან ინფანტილურ–იდეალისტურ პლატფორმაზე ჩამოსკუპდა და თქვა, ნორმალურ კაცს და ქალსაცო, თუ უნდა რომ ჭეშმარიტი ცხოვრებით იცხოვროსო, ერთი მუდამ სანატრელ–საოცნებო ადამიანი უნდა ჰყავდესო გულის სიღრმეში, მუდამ ვიღაც მისთვის მნიშვნელოვანის ყურადღების მისაქცევად და მოსანადირებლად უნდა იყოს მომართული და მაშინ შექმნის რაღაც ღირებულს. ის ერთი სანატრელი უნდა არსებობდეს, მაგრამ, ცხადია, სხვა პარალელური ქალის და კაცის გვერდითო. ცინიკოსი და თანაც იაფფასიანი. მერე სულ მოიბავშვა თავი და გააგრძელა – სიცოცხლეში პირველად თუ იმას აკოცე, ვინც გიყვარდა, მაგრა გაგიმართლაო. პირველად, თუ იმ ქალთან იწექი, ვინც გიყვარდა, ბოზთან კი არა, ან ვინმე ქალთან, შეგემოწმებინა ჰორმონები წესრიგში მაქვს თუ არაო, საყვარელ ქალთან, კიდევ უფრო მაგრა გაგიმართლაო, კაცად ჩამოყალიბების ამბავში. გიჟი! ხოდა, თავისნაირი დარტყმულიც ერგო – გერმანელი დენდი! ეგეთი, ალბათ, ერთი არსებობს ბუნებაში და ისიც დოიჩეს გადაეყარა.

დოიჩეს ფილოსოფიით მაგარი ბედნიერი კაცია. პირველი ქალი მის ცხოვრებაში ელი იყო და უყვარდა, მაგრა უყვარდა, ისე, ისე... როგორც ჩვიდმეტი წლის ოცნებებით გადარეულ ბიჭს შეეძლო ჰყვარებოდა. სხვას ვერავის ხედავდა, ვერავის გრძნობდა. ახსოვს, ყველაფერი ახსოვს, თვალებს რომ ხუჭავს, იმ დღეებს, იმ წუთებს ხედავს, გრძნობს ყველა შეხებას, სუნს... ელის სხეულზე ყველა ხაზს, ფორმას... ამ შეგრძნებებით ცხოვრობს დიდი ხანია და ეშინია კიდეც არ დამთავრდეს. ამ თითქოს ტკივილით, თითქოს ტკბება. ეშინია ამ შეგრძნებებს სიმძაფრე არ დააკლდეს. თუ დაკარგა რომელიმე დეტალი, ფერი, სუნი, მაშინ რაღაც დამთავრდება და რაღაც სხვა მოვა. რა სიბერე? ამის ეშინია? სიბერემდე ჯერ შორია, რაღაც სხვა, სხვა დააკლდება.

ისე, ბოლო წლებში უფრო წყვეტილად ახსენდებოდა ელი – როცა თვალს მოჰკრავდა სადმე, როცა ნაცნობი სუნი ან ხმა, რაღაც ან ვიღაც შეახსენებდა. ეს ბოლო დღეები კი სულ ელიზე ფიქრობს, სადღაც ტვინის თუ სხეულის სიღრმეში კოდირებული წარსული გაფხიზლდა, გარეალურდა, შეგრძნებადი გახდა. ის დღეც.

ელის ოთახში იატაკზე ხალიჩაზე გოგოები სხედან. ელის გრძელი შემოტმასნილი ქვედატანი აცვია, ჟოლოსფერი მაისური მინიმალურად უფარავს სხეულს. ოცი წლის წინ მისი შემოტკეცილ–მჭახეფერებიანი სამოსი თამამ ჩაცმად ითვლებოდა და ელი სახლში მეგობრებში ტკბებოდა საკუთარი სხეულის დემონსტრირებით. გოგოები ჟიჟინებდნენ, ცეკვავდნენ, მაიმუნობდნენ და ამას გამოცდის ერთად მომზადება ერქვა. მერე ზემოდან ზაზამ დააბრახუნა, ჩემთან ამოდითო და წაჩერჩეტდნენ. ელიმ ოთახის მილაგება მოინდომა და ელი და გოგი მარტო დარჩნენ ელის ოთახში და მაშინ ერგო ბედნიერი კაცის ტიტული – პირველად აკოცა ქალს და თანაც საყვარელს. მაშინ ამ ტიტულის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ ბედნიერი რომ იყო, ამას კი ბოლომდე და საფუძვლიანად გრძნობდა. მერე ზაზასთან რომ ავიდნენ, ხან თვალს არიდებდნენ, ხან ვეღარ აწყვეტდნენ ერთმანეთს მზერას. გრძნობდა გოგი, როგორ ივსებოდა სხეული სითბოთი, გრძნობდა იგივე ემართებოდა ელის და ყველაზე შთამბეჭდავი ეს იყო – გრძნობდე, რას გრძნობს საყვარელი ქალი.

მერე იყო სხვა დანარჩენი ყველაფერი – ღია, დაუფარავი ვნებით ავსებული სხეულები, ნდობა, სამარადჟამო ერთგულების და სიყვარულის ფიცი და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე სიყვარულის საყმაწვილო ასაკში. მთელი სივრცე იყო გარშემო დამუხტული – მზერა, შეხება, სუნთქვა, ღიმილი, ტერფი, თმა, თითები, სული... ყველაფერი შეგრძნებადი და შეხებადი, უხილავი და ხილული. იყო ერთი მთლიანი ნეტარება ოცნებიდან დაწყებული, მზერა-შეხებით გაგრძელებული და უკონტროლოდ, ღიად ამოხეთქილი საალერსო სიტყვებით დამთავრებული.

ჰო, რაღაც მსგავსი თითქოს მერეც იყო, მაგრამ მაინც როგორღაც გააზრებულ–გამოზომილ-გათვლილი. მერე გაიზარდა, დაკაცდა და წვინტლების ჩამოშვებასაც შეეშვა. მაგრამ სურვილი და ფიქრი მაინც დარჩა. სადღაც, რომელიღაც ბნელ ყუთში მეხსიერების მანქანამ ჩააწიკწიკა: ელი – შენი ცხოვრების მთავარი ქალი! ჩანაწერი წაშლას არ ექვემდებარება!

არა, მაინც სად ჰქონდა იმ პატარა ელის იმდენი რისხვა და ძალა, რომ ერთი ხელის მოსმით, არა, ერთი ხელუკუღმა გარტყმით, დაენგრია ყველაფერი, დაესრულებინა?!

მაგრამ ამბავი არ სრულდება, მაშინაც, როცა გგონია, რომ წერტილი დაუსვი და მოიშორე წარსული. გოგისთვის არ სრულდება, ვერ შეელია ამ დანაკარგს. რატომ? იმიტომ რომ არაფერი მიუწვდომელი და მოუხელთებელი არ იყო მისთვის, იმიტომ რომ შეჩვეული არ იყო უარს და უარყოფას, იმიტომ რომ სულ თვრამეტი წლის იყო და სჯეროდა მარადიული გრძნობების და ასეთი სისულელების. იმიტომ რომ დაკარგული და მიუწვდომელი უფრო ძვირფასია. რა იქნებოდა, ელისთან ერთად რომ გაგრძელებულიყო მისი ცხოვრება, მაშინაც ასე მძაფრი იქნებოდა მისი სურვილები?

რატომ ფიქრობს ამ დღეებში, აქ, ყველაზე მეტს იმ შორეულ ამბებზე, თითქმის ოცი წლის წინანდელზე, იქნებ იმ მოუნელებელი დანაკარგზე ფიქრით ამ ახლის შიშს გაურბის.

მის შვილს თუ გაუმართლა, თუ იყო საყვარელ ქალთან? ან ქალთან საერთოდ? არ იცის. რა იცის თავის შვილზე? ის ახლა იმ ასაკშია, რამხელაც თვითონ იყო მაშინ. რა იცის თავის შვილზე? ახლა სულ მისი ბავშვობა ახსენდება, მერე წლებშიც ახსენდება რაღაც, მაგრამ როგორღაც ფერმკრთალი, გაცრეცილი ფირია. ფიქრიანი, წყნარი, ლამაზი ბიჭი, ხანდახან თავგატეხილ–დაჩეჩქვილიც მოსულა სახლში, უფრო ხშირად, ვიდრე თვითონ იგივე ასაკში. არ წუწუნებდა, ბევრს არაფერს ყვებოდა. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, კი, მეგობრული. რა არის მეგობრული ურთიერთობა შვილთან? აზრად არ მოსვლია, რომ მის ბიჭს შეეძლო თოფი თუ ავტომატი აეღო და საომრად წასულიყო. თვითონ რატომ არ მოუვიდა აზრად? არ მოუვიდა, არ მოუვიდოდა, თვლიდა, რომ ამისთვის აგრესია არ ყოფნიდა, არც სიძულვივლი დ არც სიბრიყვე. ომზე და პოლიტიკაზე რომ იწყებდნენ მსჯელობას, არ უნდოდა სულელი გამოჩენილიყო, რომელსაც აზრი არ გააჩნია, მაგრამ ეჩვენებოდა, რომ ის რაღაც მსჯელობები უფრო სულელური იყო და ყალბი პათეტიკის ნაცვლად ცოტა დაძაბული ამბობდა, არ ვიცი, არ მესმისო. და ერჩივნა არც სცოდნოდა. ჰო, ერჩივნა ქეთისათან ეჩხუბა, მერე სახლიდან გაბრაზებული გავარდნილიყო, მეგობრებში ექეიფა, ვინმე ქალთან რომანი გაება, და ეწუწუნა, რომ თავისი მთავარი როლი ჯერ არ უთამაშია, რომ საბჭოთა რეჟიმმა მასში დიდ მსახიობის გაფურჩქვნას შანსი არ მისცა. და, აჰა, მისი დროც დადგა – ჰამლეტი! ორიოდე კვირის წინ პრემიერა შედგა. გოგი – დანიის პრინცი! როგორი სიღრმით ამბობდა, დაგემოვნებით – “ყოფნა? არ ყოფნა?...” ეგონა, ჰამლეტის დაფრულ სიბრძნეს ყველაზე უკეთ ჩავწვდი და ვახმოვანებო.

რომელი სიბრძნე?! ჰამლეტი პატარა დაბნეულ ბიჭს ჰგავს უფრო, უპასუხო კითხვებით, ეჭვებით, ნაწყენი და შეურაცხყოფილი, ენაკვიმატობის, ცინიზმსა და ნათამაშევი სიგიჟის მიღმა, უმწეობასა და შიშს რომ მალავს.

ყოფნა – არ ყოფნა?! ვიდრე გოგი ამ კითხვაში მთელ თავის ლამის ორმოცწლიან ცხოვრებისეულ სიბრძნეს აქსოვდა, მისი შვილი ამ კითხვაზე პასუხის საძებრად გაეშურა. გოგის კი ჰამლეტობა უნდოდა, ჰამლეტობა არა, ჰამლეტის როლი, სცენა, დარბაზი, ყვავილები, ტაში. ბრძნული პათეტიკით არა, აგდებული ირონიით იკითხავს შემდეგ სპექტაკლზე, ყოფნა–არყოფნის საკითხს.

იმ საღამოს სცენის კუთხეში ბრძნულად ჩამომჯდარს, დარბაზისაკენ მალულმზერამიმართულს, მოეჩვენა, რომ ელი იჯდა მესამე თუ მეოთხე რიგში,. ნამდვილად დაინახა, სცენაზე ათამაშებულმა სინათლემ მაყურებელთა რიგებს რომ გადაურბინა.

მერე დაშვებულ ხავერდის ფარდას კიდევ ერთხელ რომ მოსწყდა თავის დასაკრავად, ის სკამი, სადაც სავარაუდოდ ელი იჯდა, ცარიელი დალანდა. უკვე გავიდაო, იფიქრა, მე რომ არ დამენახაო. “მე შენ ერთხელ მიყვარდი. მე შენ ერთხელ....” აი, ამით კი ჰგავს ჰამლეტს – ჰალუცინაციებით – თხზავს თავისთვის რაც უნდა და თვითონვე იჯერებს. “მოიხსენიე შენს ლოცვებში, ჰოი, ფერიავ, ჩემი ცოდვები...”

სახლში დაბრუნებულს დედა და ქეთი თვალებდაწითლებული დახვდნენ. სავარძლის კიდეზე დამფრთხალი გოგო იჯდა, მისი შვილის მეგობრებიდან რომელიღაცა. გოგომ გოგისაც ჩამოუთვალა ბიჭების – აფხაზეთში, სამშობლოს დასაცავად გაპარული რაზმის წევრების – სია. გოგო დაბნეული იყო, არ იცოდა, ეს ამბავი ამაყად და იდუმალებით აღსავსე ხმით და სახით უნდა ეთქვა, თუ უბედურების გამომხატველით.

გოგის გაეცინა, ლამის გადაიხარხარა, მერე გაჩუმდა და ასე იყო დიდხანს. ქეთიც დუმდა, ხმას არ იღებდა, სკამზე იჯდა და წინ და უკან ირწეოდა. ბიჭს რომ რამე დაემართოს, გაგიჟდება.

სამი დღის შემდეგ ამბავი ჩამოვიდა, ბიჭი ტყვედ ჩავარდა და ჯერ-ჯერობით ცოცხალია და უვნებელი. სახლში ხალხი წინ და უკან დარბოდა და მიაგნეს პაატას, რომელიც რაღაც კომისიას, ანუ ტყვეთა გაცვლას ხელმძღვანელობს.

ორი დღით აფხაზეთიდან ჩამოსული პაატა ისევ სოხუმში მიდიოდა. ფული, კიდევ ფული და კიდევ ყველა ამქვეყნიური სიკეთე შესთავაზეს ბიჭის დაბრუნების სანაცვლოდ. პაატამ, არავითარი ფული, ეს ჩემი საქმეაო. მოკლედ, თქვენი ფული ერთ ადგილასო!... და გოგიმ ასევე მოკლედ – მეც წამოვალ, პაატა დაეთანხმა, შემეშველებიო. გოგის შეუვალმა სახემ დაითანხმა, თუ მართლა რამეში გამოადგებოდა, არ იცის გოგიმ.

მეორე დილას აჟიჟინებულ აეროპორტში აღმოჩნდა, უფრო სწორად, სხვა სამყაროში, თითქოს ფილმის გადაღებაზე. ზურგზე შვილის მომცრო ზურგჩანთა ეკიდა, უფრო დიდი ნამდვილ-ალპინისტური თან წაიღო საომრად მიმავალმა. პირველად აეროპორტში გაუჩნდა განცდა, რომ კინოში მოხვდა. და მერე პერიოდულად ისევ ეჩვენებოდა, რომ გადასაღებ მოედანზე გაჰყავთ. პირველად აეროპორტში დაინახა, რომ ამ ჟიჟინის იმ ნახევარში ცხოვრობს, თბილისი რომ ჰქვია, მეორე ნახევარი – ომი – სადღაც სხვებისთვის იყო, შენით თუ არ შერგავდი თავს, კინოს ბილეთს ომზე თუ არ აიღებდი, არც არაფერი! არაფერიც არ გეხებოდა. აქ, აეროპორტში კი მოეჩვენა, რომ შეცდომით ორი, ერთი და იგივე ინტერიერში გადაღებული ფირი დაადეს ერთმანეთს და ამიტომ აღმოჩნდნენ უხეშბათინკებიან-ჭრელსამხედროფორმიანი და შორტებ–ბრიჯებიანი გოგო-ბიჭები ერთ კადრში. ჰო, ეს ორი ჯგუფი ჩარჩა მეხსიერებაში – აშხეფებული შამპანური, გოგო-ბიჭები რომელიღაც მათგანს აცილებენ უცხოეთში და გამეხებული სამხედროები, აქოთებული, ასე მოეჩვენა მაშინ.

– ამათი დედა!... თითქოს ომი კი არა, ქორწილია მთელ ქვეყანაში, – თქვა რომელიღაც ფორმიანმა. – ამათთვის ომი მარტო ტელევიზორშია.

აქედან მოყოლებული ეს სამი დღე კადრებად და სცენებად ნაწილდება. თვითმფრინავში ფორმიანი და უფორმო მეომრები და მოხალისეები, სოხუმელები და ვიღაც გორელები და კიდევ თელაველები. გინება, ნაცნობი, უცნობი და ტელევიზორში მოსმენილი გვარები, სამხედრო ნაწილები, კიდევ პაატა და წვერმოშვებული, მხრებში მოხრილი ცისფერთვალა კაცი, რომელიღაც დაღუპული ჯარისკაცის მამა. პაატა და იქითა მტრულ მხარეს ვიღაცა შეთანხმდნენ და ცვლიან რამდენიმე აფხაზ ტყვეს ერთ საძმო საფლავზე და სამ ცოცხალზე. ეს მამა მოყვება რომ საფლავი გათხაროს და ჩამოუსვენოს შვილები დანარჩენ მამებს და დედებს. და თავისიც.

სოხუმში გულისფანცქალით ჩამოდგა ფეხი აეროდრომზე, ავტომატების კაკანისა და ყუმბარების ბათქა-ბუთქის მოლოდინში. ყველაფერი იქნება, შეპირდა პაატა, ახლა ტაიმ-აუტია. ისე, ყოველ წუთას შეიძლება დაიწყოს. სოხუმი კი ალაგ– ალაგ დანგრეული, დანგრეულიც რომ არ ყოფილიყო, მაინც ნაკლებად ჰგავდა იმ ქალაქს, ზაფხულობით რომ დადიოდა, მისი ახალგაზრდობის მხიარულ დღეებს რომ ასიმბოლურებდა.

სერგომ რაშივით შემოაგელვა თავისი დანჯღრეული ვილისი აეროდრომზე. პაატას სწორედ ვილისი აწყობს ტყე-ღრეში და ნაწილებში სასიარულოდ, მაგრამ არა ასეთი დაფეხვილი. და დაიწყო ”ექსკურსია” – შტაბები, გენერლები, ჯარისკაცები, ზოგი განრისხებული, ზოგი გაბრაზებული, მთვრალი, ჭკვიანი, ნარკომანი, დარდიანი, დასაბმელი გიჟი ან თავდადებული ნეტარი. პაატას ტელეფონით და რაციით რუსულ-ქართული ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრები, პაატას იშვიათი ყვირილი და კიდევ უფრო იშვიათი გინება. საყოველთაო ქაოსის ფონზე მანიაკალურ პედანტობად მოჩანდა პაატას სხვადასხვა ფერის კალმები, მელნის! და სამ ფერში აჭრელებული დავთარი. აბნეული ასოებით, მაგრამ აკურატულად შევსებული ჟურნალი, ძირითადად ლურჯი მელნით, ალაგ–ალაგ წითელი ჩართვებით და არეებზე გამოტანილი მწვანე მინაწერებით, ხან ტელეფონით ლაპარაკისას, ხან კაბინეტებში, ხან ნაწილში ყოფნისას ამოანათებს შავი ჩანთიდან, ხან ისევ უჩინარდება. გოგიმ არ იცის, რა სისტემით იყენებს პაატა ფერად კალმებს, მაგრამ ის კი გაიგო, რომ ამ დავთარში იყრის თავს ყველა დაკარგულის, დატყვევებულის, გაუპატიურებულის და დასახიჩრებულის სახელი. მისი შვილის სხელიც წერია იქ. იქით, მეორე მხარეზე მეორე პაატა – ბატალ ტბარი – ავსებს ასეთივე დავთარს. მერე რაციით თანხმდებოდნენ შეხვედრაზე და გასაცვლელ გვამებზე და ტყვეებზე. აქეთ-იქიდან კი უამრავი დედა და მამა, ცოლი თუ ქმარი იხვეწება ვიღაცის პოვნას, ცოცხალის ან მკვდრის დაბრუნებას.

ის მეორე “პაატა” და ეს პაატა ათიოდე წლის წინ მოსკოვში ასპირანტურაში ერთად სწავლობდნენ, საერთო საცხოვრებელში ერთ ოთახში ბინადრობდნენ და მეგობრებიც იყვნენ, ოდესღაც. ახლა სხვადასხვა მტრულ ბანაკში განაწილებულები პერიოდულად ხვდებიან ერთმანეთს, დავთრებს ადარებენ და შეთანხმებულ მკვდარ-ცოცხალს თვლით იბარებენ.

ნაწილიდან ნაწილში მიჯაყჯაყებდნენ, რომელიღაც სოფლის რომელიღაც შარაგზას ერიდებოდნენ, დანაღმული იქნებაო. შარაგზები, ოფიციალური და არაფორმალური სამხედრო ნაწილები და ჯგუფები, სწრაფი კადრებივით იცვლებოდა. ხანდახან სროლა იწყებოდა და უკან ბრუნდებოდნენ, ან შედარებით უსაფრთხო ადგილას შეტევის დამთავრებას ელოდნენ. მოძებნის ბიჭს და წავა, მისი საქმე არ არის ეს ბოევიკი და ხიჩკოკი!. მაგრამ კინოსეანსი ხანგრძლივი აღმოჩნდა, ჯერ არ მთავრდება, არ ჩანს ეკრანი დიდი წარწერით “ჰეფი ენდ”.

პაატა კი გამუდმებით იწერდა, ითვლიდა, ადარებდა, რეკავდა და ადგენდა, რამდენს რამდენში, სად და როდის და როგორ გადაცვლიდნენ. ცოცხალი აფხაზი თუ ყავთ, უკეთესია, მეტი შანსი ექნება ცოცხალი ტყვე გამოითხოვოს. ხანდახან პაატა ბრაზობს, პარტიზანულ და არაფორმალურ ნაწილებში ტყვეებს უმალავენ, რომ მერე თვითონვე მოილაპარაკონ აფხაზებთან და თავიანთ ხალხში გადაცვალონ. იგივეს აკეთებენ იქით აფხაზები.

დღის ბოლოს აფხაზურ ზონასთან მდგარ ნაწილში გავიდნენ. დავთარში დღის განმავლობაში ჩაწერილი ინფორმაციის მიხედვით, იქ ვიღაც ჩრდილოკავკასიელი, თუ სლავურსისხლნარევი ტყვე ჰყავდათ. მისმა მფლობელებმა, ანუ დამტყვევებლებმა, ვერ დაადგინეს, ვინ იყო. საბუთიც ვერ უნახეს. შვილისგვამმაძიებელი მამა სოხუმში დატოვეს, ამას მერე, საფლავის გათხრისას წამოვიყვანთო, თქვა პაატამ, ცოცხალი მიცვალებულიაო ახლა ეს და მისი ტარება ტვირთიაო.

ნაწილის შტაბი თუ ხელმძღვანელობა სოფლის საბჭოს შენობაში იყო დაბანაკებული. წელსზევით შიშველი, ჭრელსამხერდოშარვლიანი და ავტომატიანი კაცები ისხდნენ შენობის წინ. ვა, მშვიდობის მტრედი მოფრინდა! ასე შეხვდა მეზღვაურისმაისურიან–ავტომატიან-წვერებიანი ბიჭი პაატას. გოგის ჯერ კიდევ დაუღეჭავ და სუფთა შარვალ-პერანგს, ცალ მხარზე გადაკიდებულ მომცრო ზომის ზურგჩანთას დაცინვით შეავლო თვალი. მის თვალში მშვიდობის მტრედი და შვილის მაძიებელი კაცები არ იყვნენ. მამუკა ერქვა.

შენობაში შეუძღვა, გოგი მოსაცდელისმაგვარ ოთახში შეაჩერა. ოთახში ცალ მხარეს წაფერდებული, ფეხმონგრეული მაგიდა დგას, იქვე საკამი აგდია. გოგიმ ყურდღებით შეისწავლა და დაასკვნა – სკამი მთლიანია! მამუკამ მეორე ოთახში გამავალი გადარაზული კარი ფეხის კვრით შეაღო და ღია დატოვა. გოგი შეღებული კარის გასწვრივ კედელს მიეყრდნო. კარის ჩარჩო კადრივითაა, თითქოს გაჩერებული კამერით გადაღებულ სცენას უყურებს. ეს არის, ამბობს მამუკა, ავტომატი შეისწორა მხარზე. ხის მაღალზურგიან მასიურ სკამზე (ჩუქურთმებიანი ფეხებითა და საზურგით) ზორბა კაცი ზის, უფრო სწორად, დევს ზორბა სხეული. გრძელსახელოიანი მაისურის ცალი სახელო ჩამოგლეჯილი აქვს, ერთ ფეხზე შარვლის ტოტი ახეული და მუხლსზევით ჭუჭყიანი სახვევი ადევს, ალბათ, მაისურის სახელო. მეორე ფეხი გვერდულად და მოწყვეტით ჰკიდია. ორივე ფეხში დაჭრილია. ხელები, უზარმაზარი ტორები მუხლებზე კი არ უდევს – უყრია. ხელი რომ გაჰკრას ვინმემ, გადაუცვივდება, უცხო სხეულივით. სიცოცხლის არანაირი ნიშანი, მკვდარია კაცი, გული კიდევ სცემს და ატრიალებს სისხლს გულის პარკუჭებიდან კაპილარის ბოლო წერტილამდე და უკან. გული სცემს, მაგრამ ვინ იცის, რა არის სიცოცხლის და სიკვდილის ზღვარი?! უზარმაზარი სხეული, კუნთები უმიზნოდ ინარჩუნებს ფორმას. სხვა დროს ამ სამივე მაყურებელს და მათ მსგავსს რამდენიმეს, ალბათ, ერთი ხელის მოძრაობით დაატეხდა ხერხემალს და კისრებს. მაგრამ ახლა დევს ხორცის მასა წითური წვერით და თავზე წითური უსწორმასწორო ბუჩქით.

– აი, მოვიდა შენი მხსნელი, – დამცინავად, აქცენტიანი რუსულით ეუბნება მამუკა მკვდარ–ცოცხალს. იცი, ეს ვინ არის? მშვიდობის მტრედი, ტყვეებს არ ურტყამს, არ ხვრეტს. შენისთანა დამპლებს ადამიანთა სიაში წერს და მერე ჩვენ ბიჭებში ცვლის, შენისთანა დამპლებს, შენი დედა... მე თავს მოვიკლავდი, შენისთანა ნეხვში გასაცვლელი რომ ვიყო. აი, ყველაზე დიდი გადამცვლელი. შენ უნდა გადაგარჩინოს, ცოცხალს გაგიშვებს, გაგცვლის... ეს დიდი გადამცვლელი.

დაჭრილი არ იძვრის, არ ირხევა. მართლა მკვდარია, შფოთავს გოგი. ამასაც უნდა უშველონ, ამ ხორცის გროვას. აფხაზი არ არის, მაგრამ მათთვის იბრძოდა, ჰოდა, ისინიც გაიმეტებენ ერთ ჩვენიანს ცოცხალს ან გარდაცვლილს. ისე, აფხაზებისათვის იბრძოდა თუ ფულისათვის? იდეა მაინც ჰქონოდა, ფანატიკოსი გიჟი მაინც ყოფილიყო და გმირულად მომკვდარიყო. ფულისთვის კლავდა ხალხს და ახლა მძორივით დევს, ფაქტიურად მკვდარი.

მამუკა არ ცხრება, – ერთხელაც იქნება, ამ მშვიდობის მტრედსაც გააფრთხობინებენ სულს აფხაზები, რომ აღარ დასჭირდებათ და მის თავს გამოგვიგზავნიან. მე მაგათი!...

პაატას გახედა და მაინც მესამე პირში, – ამას ჰგონია ჩვენ მხეცები ვართ და თვითონ – ანგელოზი. მაგასაც ვნახავ, მაგის თავს რომ გამოგზავნიან. შვილო, პაატა!...

– იცი, ვინ იყო გიორგი სააკაძე? – ტყვეს დაუბრუნდა, –შენ რა გეცოდინება?! კინო თუ გაქვს ნანახი, შენი დედა!...

გოგი იძაბება, იღლება, ეშინია. პაატას ზურგს ხედავს, გაჩერებული კამერა ზურგიდან იღებს პაატას, დაჭრილს ანფაზით, ავტომატიანი ხან გადის კადრიდან, ხან შემოდის, ვერ ისვენებს.

გოგის აღარც აოცებს პაატას მოთმინება, როგორ აცდის ავტომატიანს ბოღმისაგან დაიცლოს. როგორც იქნა, მამუკა დალაქავებულ მწვანე მაუდგადაფარებულ მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და დადუმდა. ამ მაგიდას არც ისე დიდი ხნის წინ, ალბათ, სოფლის საბჭოს თავმჯდომარე უჯდა ამაყი და ღირსეული სახით. დამლაგებელი მწვანე მაუდის გადსაფარებელს, ალბათ, ყოველდღე პატივისცემით ფერთხავდა. მამუკამ ფეხი შემოდო ზედ. პაატამ მშვიდად დაიწყო ახსნა – ვინ არის, რატომ მოვიდა. პაატას ზურგს უყურებს, კეფას და მის დაღლილ სახეს ხედავს, თითქოს მეორე კამერა ჩართეს. თვითონ გაუძლებდა ასეთებს? არ იცის, ამაზე მერე იფიქრებს, ახლა შვილი უნდა იპოვოს. ამასაც უნდა უშველონ, ამ ხორცის გროვას, სადღაც რომ გაპარვია აზრი, გონი და გრძნობა. ჭრილობას და ტკივილს აღარც კი გრძნობს. რატომ უნდა უშველონ, მის ბიჭში ან ჩვენებში რომ გადაცვალონ? თუ ისედაც? ეს ხომ პროფესიონალი კაცისმკვლელია?!

–რა ჯანდაბად გინდა, გზაში მოკვდება და აყროლდება! – ისევ ჩაერთო მამუკა.

პაატამ თავისი დავთარი ამოიღო და ფერადი კალმები. მამუკას არ პასუხობს და ისევ ტყვეს მიმართავს, აფხაზებთან შესათანხმებლად სჭირდება მისი სახელი, გვარი, სად იბრძოდა, ვისთან. მხარზე დაადო ხელი.

დაბალი, თბილი ბარიტონი აქვს პაატას, ასეთი ხმით სუფრაზე უნდა ღიღინებდეს და ქალებს აბამდეს, ან შვილებს უყვებოდეს ზღაპარს გამოთქმით, თავდადებულ გმირზე. რბილი ხელები აქვს, მაგრამ კაცური. სუფთად დაჭრილი ფრჩხილები, ესეც არ ჯდება საერთო ფონში და კადრში, დიდი კონტრასტია. იქნებ, ამ ფერადკალმებიანი პედანტობის, პაატას ხმის და მისთანების დამსახურებაა, რომ მუხლებზე დაყრილი ტორები შეირხა. პაატა კადრიდან გავიდა და სკამიანად დაბრუნდა. წინ ჩამოუჯდა ტყვეს, დავთარი ჩამოიდო მუხლებზე.

ტყვემ ქუთუთოები ასწია და გოგიმ მისი თაფლისფერი, დაწითლებული თვალები დაინახა. იმედი აცოცხლებს ადამიანს.

– რაღა ქრისტე, მიცვალებულს რომ აცოცხლებს და რაღა შენ, – ჩაიცინა მამუკამ.

პაატამ ერთი გახედა და ისევ ტყვეს მიუბრუნდა – სახელი, გვარი. – პაატას სახეს ვერ ხედავს, მაგრამ ხვდება, ზურგით და კისრით ხვდება, არ სწყინს, არც აწუხებს მამუკას სიტყვები – არ აინტერესებს! მას ახლა მხოლოდ ამ ნახევრად–ცოცხალი სხეულის დახსნა სჭირდება.

– არ დამხვრეტენ? – ძლივსგასაგონად იკითხა გაცოცხლებულმა მიცვალებულმა.

პაატა მოთმინებით უხსნის, რომ ქართველები და აფხაზები ტყვეებს და მიცვალებულებს ცვლიან.

– რა ჩემ ფეხებად უნდათ აფხაზებს ეს ნაბიჭვარი, გინდა ცოცხალი, გინდა მკვდარი. უცხო თესლი და დაქირავებული მკვლელი, ფული მიეცი და ხვალ იმათ დახოცავს.

– არ დამხვრეტენ? – ისევ იკითხა მიცვალებულყოფილმა, თითქოს ამისთვის მობრუნდა ამ ქვეყანს, რომ ეს ერთი კითხვა დაესვა. მხრებშიც კი შესწორდა ოდნავ.

–რა ჯანდაბად გინდა ეს მძორი, აფხაზები ამაში არავის მოგცემენ. – რატომღაც შეშფოთდა წითური გოლიათის მეტამორფოზით მამუკა.

– მაგაზე პასუხს მე ვაგებ. – ამბობს პაატა.

– შენ აგებ პასუხს ამ დამპალზე? მე ვიცი რომ არავის არ სჭირდება. – კადრში მთლიანად შემოვიდა მამუკა, ქამარში ჩაჩრილი პისტოლეტი ამოიღო და საფეთქელზე დაადო ტყვეს. ეს რა თამაშია? პირი გაუშრა გოგის. მეტის გაფიქრება ვერ მოასწრო – გასროლა გაისმა. არ აპატია გაცოცხლება, დაიმედება.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ელბაქიძე მარინა / გაცვლა