ვერულავა თენგიზ

ედგარ პო

 

სხეულის ტყვე სული

 

 სამყაროს მრუმე სიშორიდან შემოეხეტა სული უპირქუბო მიწაზე. მრგვალი ხმელეთის თვალთმაქცი სილურჯით მოიხიბლა და აქვე ინება დავანება.

 დედამიწა – პტოლემეს კოსმოლოგიური ცენტრი. იგია მეუფე სამყაროსი, მის ირგვლივ უსასრულოდ ბრუნავს შვიდი სფერო. სულიყლაპია პლანეტები მიტყუებით იტაცებენ მოფარფატე სულებს, მსხვერპლად მიაქვთ უფალ კერპთან, დედამიწასთან.

 დედამიწა – სულთამმუსვრელი ინკვიზიტორი, თიხით ატკეპნილი ციხე, სისხლიანი, მჭლე სუნით მოწამლული საყასბო, მანდალის ენიგმატური სიმრგვალე, აპერწკლილი წერტილი.

 მოფარფატებს დედამიწით გათვალული სული, გზააბნეულს მიწის მტვერი ეტმასნება. ჭვარტლით შეიმურა სული, დამძიმდა. გარსმოხვეული მტვერი მკვრივი გახდა, ჩონჩხად იქცა და ყალიბში მოამწყვდია სული.

 ჯავშნიან ძვლებს მალე შემოევლო მჭლე ხორცი და სადღა არის მონანავე ნებიერა სული, მატერიის უნებლიე ტყვეა, დროისა და სივრცის ყურმოჭრილი პატიმარი. სამყარო კი – დახშული, შემოკედლილი სატუსაღო, შავი კვადრატი, ოთხკუთხა, მოსაზღვრული ჩარჩო.

 დამწყვდეული სული ებღაუჭება ჩონჩხის კედლებს, იხუთება. არსებობის სივიწროვეს არსადაა გასასვლელი.

მოტმასნილა ირგვლივ ზღუდე, ჩაკეტილა ოთხგნივ კარი.

 აიწევა სული ზევით, სურს გაექცეს, დააღწიოს შემოჭერილ საპყრობილეს, მაგრამ დრო და სივრცე სისხლმოწყურებული ვამპირივით ნთქავს, ნაწლავებით მოინელებს და უფორმოდ განფენილს სახიერ ფორმად აქცევს.

 დრო თავად სატურნია, მზის სიშორით ცივი და ბნელი, ჯოჯოხეთური მელანქოლიის მრუმე სფერო, ყოველთა უბედურების საწყისი და სულთა მესაფლავე.

 მოვა, უცილოდ მოაკითხავს სიკვდილის ლანდი, მჭლე ხორცს შემოაცლის და სული გაეყრება ჩონჩხის გალიას, მიწიერი სამყაროს წარმავალ სადგომს.

 ყრია მიწაზე ათასწლოვანი მუმიის ძვლები, მატლების ულუფა. სხვა რაღა დარჩა? საუკუნო სიჩუმე მხოლოდ.

 სული?! დედამიწას თავდახსნილი სული ისევ დაფარფატებს უბოლოო სივრცის თვალშეუდგამ ჰორიზონტზე. მხოლოდ იგია მარადიული,  Theos Agnostos.

 

 

 მგრძნობიარე სასახლე

 

 შემოდგომის უსახური, ნაცრისფერი დღე იდგა. მყრალი, დამყაყებული ტბა გადაშლილიყო ხრიოკ მიწაზე.

მქრქალი წიწამური ეხვია მის უძრაო ზედაპირს. გამოფუტუროებულ, ბეხრეკ ხეებს ორიოდე შტოღა შერჩენოდათ.

 უკაცურ მიდამოზე გამოყრუებული მეუდაბნოესავით წამომართულიყო ჩაშავებულკედლებიანი სახლი, რომლიდანაც უთვალო უპეებივით იმზირებოდნენ გამოცარიელებული სარკმლები.

 სახლი – წარმავალი სხეული, სულის ჩონჩხი, ფსიქიური ტვინის ვიზიონერული ქალასარქველი, ადამიანის შემზარავი სევდით მოცული თავი.

 სახლი – სულის ადგილზე და დროზე მიმჯაჭველი ხაჯალური, ადგილი და დრო, სადაც იგი ჩერდება მხოლოდ წუთი, წუთისოფელი.

 უდაბური სასახლე, როგორც ეშმათა საბატონე, სადაც ჩამუქებული ხავსი გამეჩხერებული წვერებივით მოსდებია გაცრეცილ კედელს და რკინის ჟანგმოკიდებული, მძიმე კარები სიმწრით მოკუმული პირივით კიდია.

 ჰორიზონტზე განფენილი სამყარო – ამაოების ჟამიანი სადგომი მოკვდავთა, უგვანოთა დროებითი საცხოვრისი.

სული – წუთისოფლის გარდამავალ საცხოვრისთან დედამიწის მიზიდვის ძალით მიჯაჭვული. თითქოს რაღაც ზებუნებრივი გავლენა აქვს მასზე სახლს, სადაც წლობით ცხოვრობს და საიდანაც ერთხელაც არ გამოუდგამს ფეხი.

 შეუცნობელი საიდუმლო.

 

 

 მელოგინე ოფელია

 მშობიარობამდე ათი დღით ადრე ელიზი მცირე თეატრის გაყინულ სცენაზე იდგა და ოფელიას თამაშობდა.

 ღიღილოებითა და მარიამსაკმელათი დაებწნა გრძელი თმები. პერანგისამარა ღიღინებდა შეშლილის მონოლოგს. თავბრუ დაეხვია მუცელქმნილს, ისევ იგრძნო ნაყოფის მოძრაობა და შეეშინდა, აქვე, ამ ნახევრადჩამობნელებულ სცენაზე, მაყურებლების თვალწინ არ ემშობიარა.

 შიმშილისაგან სული რომ არ გასძვრომოდა, ერთხელ კიდევ სცადა ხიფათიან ბედთან თამაში, დღესაც გამოვიდა სცენაზე.

მთელს თავის გაწამებულ ყოფაში არაფერი ეგულებოდა მუცლადმონებივრე პირმშოზე უფრო სანუგეშო.

 დაღლილობისაგან ცივ იატაკზე დაეშვა, მუხლები მოიყარა და დარბაზის წინ გადაშლილ წყვდიადს მიაშტერდა. ოღონდაც მოქმედების ბოლომდე გაეძლო, ისე, რომ მუცელი არ მოსწყვეტოდა და მერე თუნდაც მომკვდარიყო.

 ,,კუბოს-მდებარე მიჰქონდათ, პირბადე გადახდილი... ქვეით, ქვეით, სამარეში ჩაიხმეთ. თავის დღეში აღარ მოვა! წავიდა ის შორსა, გზას ძნელს, არასწორსა”. – თითქოს ჩურჩულებდა იგი ჭკუაგადამცდარის იდუმალ სიტყვებს.

 

 

 მამა

 უცხო სიშორიდან დაბერავს ქარი.

დაბერტყავს ხეებიდან გაყვითლებულ, მჭლე ფოთლებს და მიახეტებს სადღაც.

 იგიც ხომ შემთხვევით შემოეხეტა ამ აბლანდულ სამყაროში. თეატრიც ვერაფერს შველის, საკმარისი ნიჭი არ გააჩნია. გარდაისახოს? რად? თუნდაც ქარით ჩამოყრილ ფოთლად. დაიჭმუჭნება და მტვრად გადაეგება ახორკლილ მიწას.

 წავიდეს? გადაიკარგოს თუნდაც მოუსავლეთში? საიდანაც უკან არასოდეს მოეხედება.

 ელიზი? სიცოცხლე მოუშხამა ავადმყოფური ეჭვიანობით. ელიზი ჯერ ახალგაზრდაა და თაყვანისმცემლებს რა გამოლევს.

ელიზი რა შუაშია. ყველაფერი თავის გაბოროტებულ ყოფას დააბრალოს.

 რა უყოს პატარა ედგარს და ჰენრის? გაუჭირდებათ უმამობა. თორემ ახლა რამეთი შველის? რამდენი ხანია არც მოფერებია, თითქოს არც ყოფილიყოს თავისი სისხლი და ხორცი.

 დაბრუნდეს?

 რაღა აზრი აქვს შინ დაბრუნებას. ირგვლივ ყველაფერი ყრუა და ზიზღით გადმოხურული. გაძაღლებული სიძულვილის გარდა არაფერი ასულდგმულებს.

 ბახუსით უზომოდ გამობრუჟული ძლივს მიბარბაცდა ქუჩის ბოლომდე, საიდანაც უკაცრიელი ტრამალი იწყებოდა. რწევით გაუყვა წვიმით ატალახებულ გზას და წინ გადაშლილ უცხო სივრცეს შეერია. წერტილად ჩაიკარგა გაბუნდოვნებულ სიცარიელეში.

 მას შემდეგ, ცამ ჩაყლაპაო თუ მიწამ, არავის უნახავს მამა.

 

 

 მოხეტიალენი

 მრუმე შეეპარა დღის ნათელს, ჩამობნელდა. დეკემბრის უმთვარო ღამეს ძლივს მიიკვლევდნენ თოვლჭყაპიან გზაზე. უკაცრიელ ტყე-ღრეებში სულის მოსასვენებელს ვერაფერს დალანდავდი თვალსაწიერზე.

 მალე უდაბნოსავით მოტიტვლებული ველები გამოიკვეთა. სუსხიანი ქარი მოწიოდა სიშორეებიდან.

 მახლობელ ქალაქამდე უნდა მიეღწიათ, სადაც ერთ, ძველისძველ, ფიცრულ სახლში წარმოდგენა იყო დაგეგმილი.

 ელიზი უკანა ეტლში იჯდა, ძუძუმწოვარა როზალი მკერდზე მიეხუტებინა და ატირებულს ძუძუს აწოვებდა. ჰენრის გვერდით მოესვა პატარა ედგარი და სიცივისაგან გათოშილ ხელებს უორთქლავდა.

 აუტანელი გახდა უშორეს გზებზე გაუთავებელი ხეტიალი.

უკვე ზიზღს ჰგვრიდა ლუკმა-პურისათვის ერთი ქალაქიდან მეორეში გაწამებული წოწიალი. სინესტემ და ყინვებმა ლამის მთლად გაანადგურა.

 შეჰყურებდა ობლად დარჩენილ შვილებს და ავიწყდებოდა თავისი უბედობაც და მძიმე სენიც, რომელიც აგერ უკვე მერამდენე თვეა სიცოცხლეს უსწრაფებდა.

 აღარ თავდებოდა თოვლჭყაპი. ცივი სითეთრე ტალახად ედებოდა დედამიწის უპატრონოდ შთენილ, ჭუჭყიან ზედაპირს.

 

 

 ურჩხული

 ქალაქის ღარიბულ უბანში ქირით აეღოთ ბინა.

 ღამის წყვდიადს წარღვნასავით არყევდა მეხთა ტეხა. გადაუღებლივ წვიმდა.

 ედგარს ხმაურზე გამოეღვიძა. საბნის ქვეშიდან წამოჰყო თავი.

თავდაპირველად შიში იგრძნო მისთვის გაუგებარი ქმედების შემყურემ.

 ვიღაც უცნობი, გრძელი, ბალნიანი ხელებით შემოხვეოდა მძინარე ელიზს და ძუძუებიდან შეუსვენებლივ წოვდა თბილ რძეს.

 ზიზღით აღივსო უცხოს მიმართ. სიძულვილისაგან მთელი სხეულით თრთოდა. თავზარდაცემულმა ვერაფრით მოიშორა მიუხვედრელი სანახაობით გამოწვეული ფანტაზიები. ატირებას არაფერი აკლდა.

 უცნობი წამოდგა საწოლიდან. ხეშეშა ბალანს დაეფარა მთელი ტანი.

 საგონებელში ჩავარდა, ასეთი რამ არასოდეს უნახია. სპილოსებრი ხორთუმივით ეკიდა უშველებელი რაღაც, რომლის შესახებ ჯერაც ბევრი არაფერი იცოდა. გაიხსენა, თუ როგორ დასცინოდა უფროსი ძმა, ჰენრი მისი ზომის სიმცირეს.

 ხორთუმი მრგვალი და წითელი პირით თავდებოდა ბოლოს, ხოლო მის ძირში ბიზონივით ბანჯგვლები ჩანდა. ამ ბანჯგვლებიდან ველური ტახის დარად ცერად ჩამოშვეროდა ზღაპრული სიდიდის ორი მოზიმზიმე ეშვი.

 ახლა ზემოდან გადააწვა უცხო კაცი ელიზს. აღმართა ხორთუმი და შეაგდო ქალის ვეებად დაღებულ მღვიმეს.

ფართედ გადაიხსნა შენგრეული ხახა და ისეთი ძლიერი და სასოების წამრთმევი ხმა გაისმა, რომ შიშისაგან საბანი ბოლომდე გადაიფარა. მაინც ვერ გაექცა გლეჯვისა და მტვრევის აღტყინებულ ხმებს. თავდასაღწევად ყურები დაიცო.

 ისევ სძლია მალვით ჭვრეტის წადილმა. თავი გამოყო ჩაფუთნული საბნიდან და განაგრძო ცქერა.

 

 

 

 ურცხვი ხატი

 ედგარმა გასაღები გამოაძრო კარის საკეტს, ცალი თვალი მოხუჭა და საძინებელ ოთახში შეიჭვრიტა.

 უჩვეულო ხმაური მოისმოდა შიგნიდან.

 ისევ წარმოუდგა თვალწინ საბნის ქვეშიდან დანახული შემზარავი სურათი.

მალვით იჭვრიტებოდა ჩაფუთნული საბნიდან და მისთვის გაუგებარ ქმედებას მთლად დაეტყვევებინა.

 ვიღაცის უხეშმა სახებამ უმოწყალოდ წაართვა დედის ტკბილი ძუძუ. მას კი მხოლოდ მისი ეგონა.

 უთავბოლოდ გაიწელა გაუგებარი რიტუალი სანთლის შუქზე. აღტყინებული სანახაობის ტყვედ იქცა. იძულებული გახდა მოშორებოდა კარის ღრიჭოში ჭვრეტას.

 ასეთია შიშს დაფუძნებული ყოველგვარი გრძნობის პარადოქსული კანონი.

 

 

 

 ტბის ცქერა

 უკანა კარებით გამოვიდა სახლიდან. ერთიანად დათრგუნვილი ჩანდა. თრიაქნასვამივით მიბარბაცებდა შავი ხის იატაკზე და ყოველი ფეხის გადადგმაზე ფანტასმაგორიული ნაალაფევი საჭურვლის წკარუნი ჩაესმოდა.

 ჩაშავებულ-ჩაჟალტამებულ, წყნარად მოლივლივე ტბის პიტალო ნაპირს მიადგა და, რომ გადაიხედა, უფრო აემღვრა გული.

 ჩუმი ტბის წიაღიდან ამოდიოდა მავნე, შეუცნობელი, ბუნდი, წებოვანი, თითქმის თვალთუჩინარი ტყვიისფერი ოხშივარით.

 ნუ, ამას ნუ უყურებ.

 სარკმელი გამოაღო და ქარიშხალი შემოიჭრა დარბაზში. სუსხი ქარის კვეთებამ კინაღამ წააქცია. გაფოთებული ღრუბლები ირეოდნენ წყვდიად ცაზე.

 ანაზდად სისხლისფერი ელვა გაკრთა და შურდულივით ეძგერა ქალწულივით შეურყვნელ ცას. შუაზე გაიხლიჩა ჩამობნელებული სფერო. თითქოს გაიპო სამყაროს ჭიშკარი. ოხშივარი ავარდა გარღვეულ სივრცის იქით. სასიამო სუნი დადგა დახშულ ჰაერში. წაგრძელებული ღრუბლები მოიწევდნენ ელვით ნაკვეთი ცის ღრმულისაკენ.

 

 

 

 სიზმარი

 ელიზმა დაწნულ კალათაში ჩასვა მძინარე ედგარი და სცენის მიღმა, კულისებში დატოვა.

ელიზი შეშლილ ოფელიას თამაშობდა ვიწრო სცენაზე.

 ,,დედაჩემს სახე როგორ უცინის და მამაჩემი კი ამ ორი საათის წინათ მოკვდა”, ედგარს თითქოს სულ ახლოს ჩაესმოდა ჰამლეტის სიტყვები ოფელიასადმი და ძილში ისევ ამოუტივტივდა სადა კედლებიანი, სწორკუთხა მღვიმე. გონდაკარგულივით დაბორიალობს მიწისქვეშა გვირაბის გაუვალ სიღრმეებში. არსადაა გასასვლელი.

 

 

 გამომტვრეული შავი ფიცრები

 დიდი, მხრჩოლავი სანთლები ანათებდნენ მაყურებლებით გადაჭედილ, ვიწრო დარბაზს. ედგარი სცენის მიღმა, კულისებიდან უჭვრეტდა, ვიღაც დაძონძილი მესაფლავეები როგორ ჭედავდნენ კუბოს და იატაკზე გამოჭრილ ღრუში, ქვევით ჩაჰქონდათ დედამისის ცვილისფერი სხეული.

 ნეტა ვის მარხვენ? მერე ესეთის მოკლე წესით. ეს იმას ნიშნავს, რომ მიცვალებულს თვით მოუკლავს თავისი თავი.

 უეცრად, შავი კუბოდან გამომავალი ნაცნობი ხველების ხმა ჩაესმა. შეცბუნებული მესაფლავენი გაოგნებით შესცქეროდნენ დაბნეულ მაყურებელთ, რომელთაც ვერ გაერკვიათ, თუ რისთვის ხდებოდა ასე.

 ხველის ხმამ თანდათან იმატა.

 კუბოს უჰაერო სივრცეში ელიზს ისევ დასწყებოდა სულის ხუთვა. თავს ძალას ატანდა, მაგრამ ვერაფრით შეეკავებინა სენით გამოწვეული, მახრჩობელა ხველა.

 ჰენრიმ იცოდა სცენის იატაკს ქვევით მისასვლელი გზა. შეშინებულ ედგარს ხელი ჩასჭიდა და კედლებს იქეთა მხრიდან მოღწეულ ხმას მიჰყვა.

 ელიზს უკვე გამოემტვრია კუბოს ფიცრები.

ქვიან მიწურზე გაწოლილიყო და განწირულივით სულს ღაფავდა.

 მიწას ნუ ჩაჰყრით, დამაცადეთ კიდევ ცოტა ხანს...

 

 

 ჭლექის სუნი

 არაფერი ისე არ განუცდია, როგორც გვამის უჩვეულო სუნი. უწინ ასეთი რამ არასოდეს უგრძვნია, თუმცა, მხოლოდ ორი წლისა იყო და ბევრი რამის არ გაეგებოდა. დედის ცხედართან მდგარმა პირველად იყნოსა სიკვდილის სუნი. უფრო და უფრო მძლავრობდა ყნოსვის მგრძნობელობა და მატებასთან ერთად იბუდებდა გაუსაძლისი შიში.

 ზმანებებში გაეხვია. სურდა, სამარედან ისევ წამომდგარიყო დედა, როგორც ეს არაერთხელ უნახავს სცენაზე გამოსვლისას.

მაგრამ, თითქოს ასე ისურვაო სამუდამო ძილი და არც აპირებსო გამოღვიძებას, უტყვად გაშეშებული ნეშტი ერთხელაც არ შეტოკებულა.

 

 

 

 შიშველი მიცვალებული

 ხმაურზე გამოეღვიძა. ღამის წყვდიადი მოსწოლოდა დაგმანულ დარაბებს. თავი აიღო საბანიდან და ოთახში, დედის ცხედართან მორიალე ნაცნობთ თუ უცნობთ მიაშტერდა. ყველანი თავიანთი საქმით იყვნენ გართულნი და მისთვის არავის მიუქცევია.

 მთლად გაეშიშვლებინათ მიცვალებული, სამარისათვის რთავდნენ. პირაღმა იწვა და მბჟუტავი სანთლის შუქზე კარგად გაარჩია ესოდენ ახლობელი კანის ფერი, რომელსაც ასე სუნთქვაშეკრული მიელტვოდა.

სიფერმკრთალე შეჰპარვოდა ცვილისფერ სხეულს. მთვარით გაცისკროვნებულს მიაგავდა დალეული სახე.

 მიცვალებული ჯერ განბანეს, გააპატიოსნეს, შემდეგ სუდარაში გაახვიეს.

 საბანში ნიკაპამდე ჩაიფუთნა. ეს პირველი დღე იყო, როცა დედა ცალკე იწვა, მოპირდაპირე კედელთან მდგარ სარეცელზე.

 მძინარე დას, როზალის გადახედა, თავქვეშ შეაცურა პაწია ხელი, ახლოს მიიკრა, მკერდზე მიიხუტა. ისევ იგრძნო დედის მიმზიდველი სითბო.

 უკანასკნელად იწვნენ ასე ერთად, რადგან უკვე მეორე დღესვე იშვილეს უდედმამოდ დარჩენილი ობლები.

 უფროსი ძმა, ჰენრი, ბაბუასთან, დევიდ პოსთან დარჩა. როზალი, უილიამ მაკენზის ოჯახმა დაიტოვა რიჩმონდს. თავად ედგარი თამბაქოს მდიდარმა მეწარმემ, ჯონ ალანმა აიყვანა. უშვილო ცოლ-ქმარი მალე მოიხიბლა ედგარის სილამაზით და ასაკისთვის შეუფერებელი გონიერებით.

 

 

 

 აშერთა გენეალოგია

 უძველეს გვარს წარმოადგენდნენ აშერები. საუკუნეების მანძილზე ხელოვნების არაერთი შედევრი ჰქონდათ შექმნილი.

განსხვავებით სხვათაგან, მათი ნაწერები არ იყო ყველასათვის გასაგები და მოკვდავთათვის ხელმისაწვდომი, უფრო რთული ვარიაციებით იყვნენ გატაცებულნი.

 საგვარეულოს ძირითად შტოს არასოდეს ჰქონია განტოტება; სწორხაზოვნად მიემართებოდა ეს ჩამომავლობა მუდამ.

 1581–1656 წლებში იყო ვინმე ირლანდიელი ეპისკოპოსი ჯეიმს ასშერი. სიცოცხლის მიწურულს გამოსცა წიგნი ,,Annales Veteris i Noti Testamenti”, რომელიც ცნობილი იყო როგორც ,,ასშერთა ქრონოლოგია”. ჯეიმს აშერი შეეცადა სამყაროს შექმნის დღის ზუსტი თარიღი დაედგინა და ამით უკეთ დაელაგებინა ძველ აღთქმაში აღწერილ ამბავთა ქრონოლოგია, ბიბლიურ გმირთა ოჯახის, ,,სახლის“ გენეალოგია.

 სიკვდილის აჩრდილი სდევდა როდერიკ აშერის სახლს. უხვად აყრიდა მიწას ცოცხალსაც, მკვდარსაც.

საეჭვო იყო ამ გვარის კაცთა სიკვდილი. ფრიად ბუნდოვან ვითარებაში მიიცვალა ერთადერთი და, გვარის გაგრძელების უკანასკნელი იმედი.

 წერტილი დაესვა აშერთა ძველისძველ საგვარეულოს.

 

 

 და-ძმა

 სანთლები ჩააქრო. მრუმე ჩამოწვა დარბაზში. ასე ეწადა სანუკველ დასთან ლოდინი. სუნთქვაშეკრული იდგა დროთა ჟამისაგან გაბზარულ კედელთან და მოუთმენლად მისჩერებოდა კარებს.

 მონოტონურად ქანაობდა საათის ქანქარა.

ძალაუნებურად აიტანა მოუთოკავმა ცახცახმა. ასე ემართებოდა ყოველი შეხვედრის წინ. დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად შემოივლიდა, მაგრამ მაინც სძლევდა მოუცილებელი შიში.

 თუნდაც უჩვეულო და უკუღმართი იყოს გამოუთქმელი ვნება. ასე ინება თავად ბუნებამ. ტყუპები იყვნენ და ნაზად უყვარდა მისი ნუგეშისმცემელი ერთადერთი დაი.

 ბუნებრივი და ნათელი!? თუ არაბუნებრივი და უწმინდური!? საათის წვერწამახულ ქანქარაზე ქანაობს მერყევი გზნება.

 ბავშვობიდან გამოყოლილ დანაშაულის შეგრძნებას სულიერად დაეავადმყოფებინა. უსრული ჩანდა მწვალებელ შიშთან ორთაბრძოლა. შიშმა, რომელიც ჩადენილ ცოდვის სიტკბოზე ძლიერი აღმოჩნდა, სამუდამოდ დაატუსაღა და უკუნისამდე აჰკიდა დაუმალავი სასჯელი.

 ბნელი ოთახის კარები გაიღო უჩუმრად. თეთრ პერანგში გახვეულმა დამ დარბაზი ფეხაკრებით გადაჭრა.

 ძრწოლამ აიტანა. ვეღარ გაუძლო სიახლოვის გზნებას.

მისი ნახვით გამოწვეული აღტყინებისთვის თავი რომ დაეღწია, სახე ხელებში ჩაიმალა. ასე ემართებოდა ყოველთვის. თითქოს მისი ხილვის დაუოკებელი წადილით იყო შეპყრობილი და ამავე დროს, გამოეცხადებოდა თუ არა, მძიმე ჯავშანს შემოიცვამდა გარს და მტანჯველი სირცხვილის გრძნობისაგან თავს იფარავდა.

 თავად ბუნებაა ყოველივე უკუღმართის შეუვალი ზღუდე. გადაულახავია შერწყმა. ამ უკიდეგანო დედამიწის მაგნიტური ველების ძალაც რომ მოიშველიოს მაინც ვერ შეაერთებენ.

 გამთანგავი ვნების ცრემლები წასკდა თვალთაგან და თითქოს გააბრუაო სავსებით, მინებდა მიმზიდველ ქვედა ცნობიერს.

 გარეთ ქარიშხალი მძვინვარებდა და მძიმე ფარდაგები დაქანაობდნენ კედლებზე. 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ვერულავა თენგიზ / ედგარ პო