ვერულავა თენგიზ

მიქელანჯელო

 

 ხელთა ჯადოქმნილ მტევანთა მიახლოება ლაზურის ცაზე. ღრუბლებზე გაწოლილა მოუთოკავი სულთქმა. სუნთქვა ხმიანობს მხოლოდ, როგორც მიახლოების აუწერელი ტკბობა.

 ღვთაებრივ ბურუსშა გახვეული.

ნისლად დაიბლანდა მადლმოსილი გრძნობა. ახლოსაა, ისე ახლოს, რომ მომნუსხავი სილამაზით ერთიანად მოიხიბლა. დაუწრეტელი ბანგითაა მთვრალი და თავახდილი დაფარფატებს გაბუნდოვნებულ სივრცეში.

 მტევანთა ფერება და შეხების ჟრუანტელი. აქოჩრილი ტალღებივით მოასკდა სისხლის აზავთებული დინება. მოვარდნილი ზღვაურით დაიგლიჯა ძარღვები. სისხლის ზღვამ წალეკა გონწართმეული სხეული. მოშორდა უმძიმესი კანი, იდუმალთა საფარველი.

 შიშველი სული. სისხლდაცლილი ჩონჩხი და მშვენიერების არაადამიანური წყურვილი...

 წადილი მოუთვინიერებელი. ფერთა უუმსუბუქესი ფერება. მონატრება გიგანტური ლოდების და მხეცადქცეული შთაგონების მოთვინიერება ქვათა მუმიისმაგვარ მდუმარებაში.

 უცნაური სიყვარულის გოდებად დაცვივდნენ გოლიათი ლოდები...

 ლოდები ცვივა და ცვივა უბოლოოდ. ღვთის იშვიათი მადლით დახვავდა უფერული მიწა. ატყდა დაბორკილი ჟინი. თუნდაც ქვეშ მოიყოლიოს ლოდების უსასრულო ზვავმა, დაინგრეს და ჩამოიქცეს ქვეყნიერება; ვეღარ შეაჩერებს მშვენიერებისადმი დაუმორჩილებელ სწრაფვას.

 ...და იწყება არამიწიერი სიყვარულით წვა.

ქვათა კვეთა და ჯადოსნურ ლოდთა ფერება უჩვეულო.

 საჭრეთელი, ვითარცა დემონური კვერთხი, იდუმალ ძალთა მიერ ბოძებული.

 ქვისადმი არამიწიერი ვნება და საშინელი წვალება ნგრევით და ტეხვით. უსაყვარლესი საგნისადმი გაუგონარი სადიზმი.

 ეგვიპტური ფარაონების სარკოფაგებში დამწყვდეული სიჩუმე იმეფებს და ჩურჩულით დგება მიახლოება. ახლოსაა, ისე ახლოს, რომ მწველი სიმხურვალით იწვის.

 ნატეხ-ნატეხ იკვეთება მისი სულის დამანგრეველი და მომაჯადოებელი სილამაზე. გათვალულია და აღარაფერი ეშველება ამ მომნუსხველი სინატიფის სრულქმნის გარდა.

 ნასაჭრეთალი ტკივილიც გაივლის და ზეაიჭრება ქვათა დამალული ხატება. დასრულდება სანატრელი სახების კვეთის უღვთო მარტვილობა.

 თითქოს დამშვიდდა, სისხლიანმა წვიმებმაც გადაიარეს. მაგრამ არც არაფერს ჰქონია და-სასრული. ვეღარ გაძღა ქმნილი მშვენიერებით.

 წარღვნასავით შემოვარდა სილამაზე და გამომშრალ, მყუდრო ხმელეთზე დამდგარ გადარეულ ზღვას ისევ უკან ვეღარ გააბრუნებს.

უბინაო ქარაშოტივით იბორიალებს დაუსრულებლივ. გაცოფებული ზღვა გადმოდგა ჯებირებზე და უმოწყალოდ წაილეკა სიმშვიდის ტაძარი, ერთადერთი თავშესაფარი სატანისფერ ცისქვეშ.

 თავად ეშმაკეული აღმოჩნდა მშვენიერებასთან მიახლოება. გაძრცვილი და მიუსაფარი სამყაროს შემყურეს თვალთ დაუბნელდა და უგონოდ მიენდო სილამაზის საფარველაფარებულ ცთუნებას. ვნების მომწამლავი შხამით დაიგესლა სული. მშვენიერებისადმი დაუოკებელი ლტოლვით წაირღვნა.

 აწ სილამაზე და მშვენიერებაა თავად წარღვნა.

 შიშმა მოაკითხა სატანური სილამაზით დადამბლავებულს და დადგა ჟამი მონანიების.

 ცის ღვთიურ გუმბათს მისაწვდენი კიბე დაიდგა და მოიხატა იავარქმნილი ციონი წარღვნის ხატებით. შეშლილთა ჩონჩხადქცეული ფანტაზმებით გაივსო უკიდეგანო ზეცა. ჯოჯოხეთის დამბუგველი ალი მოედო დასაღუპავად განწირულ ბნელეთს.

იძრა მიწა და ქვესკნელს ჩაიყოლია კაცთა მოდგმა. ბინდი ჩამოწვა უკუნითი. უკუნესამდე წარიკვეთა სასო...

 მაცხოვარი გამოეცხადა ცოდვილიანთა სამყოფელს.

 ეშმაკეული მშვენიერებით თავბრუდახვეული სული. ქვათაგან სილამაზის მკვეთავი და ღვთიურთან მიახლოების მონატრებული წყურვილი...

 ხელთა ჯადოქმნილ მტევანთა მიახლოება ჯოჯოხეთურ ქვესკნელში. დაჩოქილის მომნანიე ვედრება...…

 ახლოსაა, ძალიან ახლოს...

 მაცხოვარმა ლოდები გადმოყარა და ღვთის იშვიათი მადლი ისევ დაუბრუნდა.

 მიმტევებელ ცრემლებად დაცვივდნენ ლოდები. მოინანია. აწ აღარ სურს დემონური სილამაზის შეხება.

 ...და იწყება ლოდთაგან ღვთიური სიმშვიდის ტაძრების კვეთა. მიახლოება...

 რომი, ფლორენცია, 1998 წელი. 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ვერულავა თენგიზ / მიქელანჯელო