ვერულავა თენგიზ

მოთხრობები

 

დასასრული

 

წვერწამახული შუბების თოვა სველი ციდან. ქვიშაზე შიშნარევი წოლა და აღსასრულის მოლოდინით თრთოლვა. დაგროვდა მეწამული სისხლის ტბორი. გაჰყურებს ალესილი ცის გაბოროტებულ შორეთს.

მთელი ციონი აღმდგარა საომრად. ის კი ერთი ციდა, უსწორო მატერიის ერთი ფთილა.

 ნაკუწ-ნაკუწ დაისერა და ღარებით უმოწყალოდ დაიფარა. აღარ არის სიბრალული.

 აკუწულ გვამს გაეყარა სული. გაასწრო აჩეხილი სხეულის აქოთებულ სიკვდილს.

 დარჩა სული. მხოლოდ სული. ერთადერთი არასრული.

სხვა სასრული.

 დასასრული.

 სული!?

 დაგვიტოვე ერთადერთი, მხოლოდ ერთი, სანუგეშოდ, ერთადერთი არასრული!.

აიფარე თვალზე

წითელი შუშით შევიხედე ჭიანჭველების აფუტკნულ ბრბოში.

 ისმის ხმათა შიშნარევი შიშინი, დაგეშილ გველთა შხამიანი სისინი.

 ისინი...

 ისინი ინით არიან შეღებილი და საფარქვეშ ჭეშმარიტი არაფერი ჩანს.

 უაზროდ დაგდებული ქაოტური სადგომები.

 ომები...

 ომებით აღებული ფერდობები. ობით დასერილი, გადაყრუებული, ბერწი მიწა, საცხოვრისი – მხოლოდ წამიერი გაელვებისთვის. უსასრულობამ ჩაყლაპა დრო, დრომ საუკუნე, საუკუნემ წელი, წელმა თვე, თვემ დღე, დღემ საათი, საათმა წუთი, წუთმა წამი, წამმა უსასრულობა...

 შავ-თეთრი ფერით შეიღება ერთფეროვანი სვლა.

 სვლა სილაზე, უდროო წვიმა უფერულ ნაფეხურებს შლის. მოიხედავ უკან, თითქოს არც გქონია სვლა, თითქოს არც ყოფილა შენიღბული წითისოფლის გზა.

 ცრის, სისხლისფრად წვიმს, უსასოობა სასიკვდილოდ გჭრის.

 გადაიღებს ნაფეხურთა წამლეკავი, მომწამვლელი წვიმა.

გალექილი სიცხით გამოშრება ქვიშა.

 დაიხრები, ხელს შეახებ, ვერც აიღებ, დაგეპნევა მზით ნაფერი, მშრალი ქვიშა.

 მიდიხარ და თითქოს არსად არის ზღვარი.

 წყნარი, მშვიდი სკნელი, არსად ბზარი, არც ტიხარი. არც გგონია საბოლოო დასასრული.

 რული ეკიდება თვალებს და სიზმარში სამყაროა უცოდველი. სადღა არის ძელზე მილურსმნული დროის უსაშველო ტკივილი.

 სიფრიფანა ნემსის უწვრილესი გზა.

 საცნაური და ჩვეული ერთი ფერის ცა.

 უცნაური, უჩვეულო, ცხელ ქვიშაზე ამოსულა საკვირველი ბზა.

 აიფარე თვალზე მეწამული მინა.

დაინახავ, უსათუოდ დაინახავ როგორც გინდა..

 

 

 

პირველად იყო სიტყვა

ნანა ჩაჩუას

 

 უჩინრად შემოვიდა გარდასახვა და აუხსნელი დარჩა ფერიცვალება. თავდაპირველად ვერაფერი გავიგე. შემოდიოდა სულში უჩვეულო ხაზები და უჩინარი ძაფებით შეიკერა დაწყვეტილი ნაფლეთები. ჯურღმულებში დაბნეული, დაკარგული მარგალიტებიც აიკინძა სრულქმნილ ასხმად.

 ვიდექი ნისლიან ზღვასთან და უკვე აღარ იყო მეუფება აქოჩრილ ვნებათა ბნელთა. მონუსხულივით ჩაწყნარებულიყო ზღვის უკიდეგანო ღრმული.

აღარც ჩურჩული უძირო ფსკერიდან ამომავალ ცოდვიან ხმათა, აღარც გრძნობათა მიმზიდველი სიღრმისაკენ სულსწრაფივით ცურვა.

 პირქვე ავეკარი მოსარკულ ზღვას. ვიფიქრე ისევ ჩამძირავს ფსკერზე ნაგულევი მოჯადოებული მაგნიტი, ისევ ვითამაშებ ცნობიერს ქვევით.

 თითქოს გაიყინა ზღვის ზედაპირი. უძრავად იწვა უშფოთველი სხეული. თითქოს სამუდამოდ დასრულდა უფსკრულისაკენ თავისუფალი ვარდნა.

 პირველად იყო სიტყვა...

 ინება არსთა გამრიგემ და არარაობის ცივი სიბნელიდან იქმნა ნათელი. ქაოტური ხაზები მოირღვა, დასრულდა აბნეული ხეტიალი.

 ამდენი ხნის მიუსაფრობიდან პირველად მოვიდა ასეთი სიტყვა და სულის ნაცოდვილარი ბნელეთით გაჭვარტლული კედლებიდან გადაიფხიკა სქლად დაფენილი მური.

 ცის ტატნობზე, ღრუბელთ მიღმა, საბრძანებელ ტახტზე იჯდა სიძულვილი. გველთავიანი კვერთხი ეპყრა ხელთ და ყოველ ცდუნებაზე თავდაუზოგავი დარტყამით იპნეოდა გველის შხამი.

 ითქვა სიტყვა და დაინგრა კირქვადქცეული, შეუვალი და მოჯადოებული სამკუთხედი. მოიშალა ზენა, დაიფარა ქვენა.

 შიშის საბრძანებელს მოერღვა შეკიდული სიმაგრენი. გველის შხამი გადაიქცა დანგრეული მთლიანობის აღმშენებელ წამლად.

 ითქვა სიტყვა და სისხლიანი ტირანიით დათრგუნული, მტკივნეული ნერვი გადაიწვა. აღმოცენდა ნორჩი ყლორტი და შხამიან სარეველას უნებურად ჩაენაცვლა უშფოთველი ნერვის მშვიდი ტოტი.

 ნუთუ ასე ადვილია სულის მთლიანობის მიღწევა. უწინ ხომ მიუწვდომელი იყო დანგრეული სრულყოფილების აღდგენა.

 მიიცვალა ბუკიოტივით გაყურსული ღამე, მორკალული ნაჭუჭი გამოამტვრია ფეთიანმა სინათლემ.

 უცაბედად გადაიხსნა პირი არსებობის ვიწროობამ. შეკრული სუნთქვა უთეთრესი ბოლივით ამოვარდა დახშული საფარქვეშეთიდან. სინათლეწართმეულმა სითბო ამოაფრქვია და დააორთქლა სამყაროს შეჭირხლული სარკე.

 შიგნეულის თბილი ბოლი იკლაკნება, იწელება მაღლა-მაღლა. იტოტება და ტოტები მწყურვალივით იხუტებენ უჩვეულოდ გარდაქმნილი სივრცის ახალ ფერებს.

 იისფერი ბოლის ნელი რონინი.

აიტალღება ზღვაურივით, დაიგორგლება და ისევ წალასლასდება სფეროთა მაღლა..

 

 

სავანე

თვალახვეული მიდის გრეხილ გზაზე. ციცაბოა ნაპირები, ფიწალოა კლდეები. ხედვადაკარგული აცეცებს ხელებს. დაიკარგა შიში, გადაიგდო შფოთი, უდრტვინველად მიუყვება სიმშვიდის მონატრებულ ბგერებს. აღარც სწრაფვა, აღარც ნაფიქრალი ძიება. ფარდობითი სვლა, შემთხვევითი ნება.

მხოლოდ უნებლიე ბედისწერის მეუფება.

 გადადგება ციცაბოზე, ცალი ფეხი უფსკრულსაა დაკიდული. ცოდვის ხმაზე იღრიალებს ქვედა სკნელი. ფეხს ინაცვლებს, გაბრუნდება ისევ გზაზე.

 აღარც შიში, აღარც ფიქრი. ბედისწერა როგორც იტყვის.

 უნებურად მიაღწია მიწის ქვევით გათხრილ სადგომს.

აირია გონება და გადაქანდა წონას-წორობა. ახლა უკვე სხვასთანაა ტყვეობა. აიშლება ტვინის მტკივნეული წერტილები. გამოჩნდება სევდით მთვრალი მოყვითალო სისხლი. სუნზე ხვდება რაღაც სხვაა, სხვა სამწყსოა, უჩვეულოდ გარდაქმნილი.

 აშორებენ თვალზე საფარს. აცილებენ შავბნელ ჯავშანს.

განათდება, გათეთრდება უმრუმესი მიწის სკნელი.

 აივსება ღრმული თხრილი მეწამული გრძნობის სითხით. ულეველი დადინდება ცნობიერის ქვემო წყალი. იცურავებს ნება-ნება, უშფოთველად მინებდება. დგება ფერნაცვალი ჟამით თრობა. აფეთქდება ქვენა გრძნობა და იწყება მისეული ფრენით ტკბობა.

 მოვა ხანი უშიშობის, უტკივილოდ იფერება ირგვლივ ყოფა. მელნისფერი მელანქოლიის აგონიის ღველფის ქრობა.

უჩვეულო სიყვარულის ვარდისფერი ციდან თოვა.

 სულ ეს არის? იტყვის ალბათ შემთხვევითი ბედისწერა...

 სულ ეს არის...

 ისევ მიდის გრეხილ გზაზე. საფარია ისევ თვალზე. აფარია ტყვიის ფარი მძიმე. წარაფია თვალუწვდენი, ქარაფია, კბოდოვანი, დატეხილი. ატეხილა ჟინი წინ სვლის. ლაჟვარდიდან წვიმა წვრილ-წვრილად ცრის.

სალბუნი სისველეა სულის წმენდის. სულიწმინდა ეფინება, ნათლისღების დგება ჟამი. ნათლითაა სველი და განათლული ისევ მიდის...

 არსად კრთომა, არსად ძრწოლა, ბედისწერა როგორც მოვა.

 უნებურად მიაკითხა კლდეზე ნაშენ სათნო ტაძარს.

 ქერუბიმი მოფრინდება. მოაშორებს თვალზე საფარს. გრძნობს რომ რაღაც უბრუნდება. ცნობს, რომ ძველი უნათდება.

 აიხედავს, ძველთაძველი გუმბათია, მორკალულად ცადაქნილი. თითქოს რაღაც ახსენდება, სადღაც, როსღაც ასეც იყო. მაგრამ ისევ ბურანშია.

 თავზე ისევ საფარია. უფლის მადლი აფარია. აღარც აწვიმს, აღარც ათოვს. სახურავი აწ მრთელია.

 დაიხედავს, ფეხქვეშ ისევ საყრდენია.

მიაბიჯებს ნება-ნება. აღარც შიში, აღარც ძრწოლა, აბეზარი შფოთიც სადღაც ქრება.

 აირია, თვალთ ბურუსი მოერია. გადახედავს ირგვლივ კედლებს, ეს ხომ ერთ დროს მისი ხელით ნაფერები ფრესკებია. შეეხება ისევ შვებით, ფერთხმით ისევ დაეცემა. დავარდება მყარ საყრდენზე, თავს დაიდრეკს, მოეშვება. მოდის ახლოს წრფელი ნება.

 განათდება უნათლესად, უცაბედად მწველი შუქი ეტაკება. ეს რაღაა ასე მნათი, ასე მსრბოლი, ათინათი.

 თვალს შეაჩვევს მომჭრელ ნათელს და რას ხედავს?!

 მაცხოვარი გადმოსულა ხატებიდან თავად.

 ნუთუ მართლა სიცხადეა? იქნებ რაღაც აერია? იქნებ სადღაც შეეშალა?

 მუხლებს ასწევს, სურს რომ დადგეს, მიეახლოს უფალს, მფარველს. მაგრამ რა სჭირს? ვეღარ დგება, მონუსხული გაქვავდება.

 მოდის, მაცხოვარი თავად მოდის, მოაქვს სასო და ღვთიური აღმაფრენა.

 საყდარს რწმენის გზნება ავსებს.

დაუბრუნდა და სიმშვიდის უწმინდესი კალთა აფარია. საფარია ზევით, საყრდენია ქვევით. ნაფერები კედლებია ირგვლივ.

 სულ ეს არის? ეტყვის ალბათ ბედისწერა.

 სულ ეს არის...

 თვალს აიხვევს. საფარია ისევ თვალზე. ისევ მიდის გრეხილ გზაზე....

 

 

სითეთრე

შემოდგომის მიწურული იდგა. მთელ კვირას გადაუღებლივ წვიმდა. წვიმამ ხეთა შიშველი ტოტებიდან უკანასკნელი ფოთლები ჩამობერტყა, ქუჩის პატარა რუებს გააყოლა. განიძარცვა ხეები, დაიწმინდა ქუჩები.

 ოთახში მკრთალად ანათებდა.

 - როგორ წვიმს? – თქვა ქალმა. საბანი ნიკაპამდე ეფარა. თავი კაცის მკერდზე ჩამოედო. ნახევარგანათებულ ოთახის კედლებს მიშტერებოდა.

 - ასე მგონია, გარეთ ვიღაც ტირის, - უთხრა კაცმა. სკამზე გადაკიდებული პერანგის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. ბოლი ნისლივით გაწვა ოთახში.

 - ოთახში კი სიჩუმეა, სითბო და სითეთრე.

 - პირველად იყო სითეთრე, სიმყუდროვე.

შემდეგ აიშალა.

 - ყველგან ბინძური ქაოსია. პირველარსიც სიბინძურე იყო, ყველანი სიბინძურიდან გამოვედით!

 - პირველად სითეთრე იყო, სითეთრე და სისუფთავე. სიბინძურე შემდეგ მოვიდა.

 ქალმა კაცის მხარზე ჩამოდებული თავი ასწია, მკერზე დაეყრდნო ნიდაყვით, თვალებში ჩააჩერდა.

 - ასე მგონია, მთელი სიცოცხლე ამ თვალებს დავეძებდი, - უთხრა ქალმა.

 - მაინც რა იპოვე ამ თვალებში ასეთი?

 - ჩემი თავი, თითქოს ჩემი სულის ცოცხალი სარკეა.

 - ნერვების ბრალია ყველაფერი.

 - ჰო, ამ ბოლო დროს ისევ დამეწყო. ისევ აიწყვიტეს.

 მინაზე წვიმის წვეთები ცეკვავდნენ. სითბო იდგა ოთახში, სიმყუდროვე და ოდნავ მბჟუტავი სინათლე,

 კაცს ჩაეძინა. ქალს თვალებზე რული არ ეკიდებოდა.

კედლებზე ჩამოკიდებულ ძველ სურათებს მიშტერებოდა.

 ახლა მისი მშველელი მხოლოდ ძილი იყო. აზრი სხვაზე რომ გადაეტანა, გარედან მოღწეულ წვიმის მონოტონურ ხმებს მიუგდო ყური.

 ერთხანს მოეჩვენა, თითქოს გარეთ ვიღაც ქვითინებდა. ეუცხოვა ხმა. საბანი გადაიხადა. ფანჯრისაკენ გაემართა, გამოაღო. ქვითინი უფრო გამოიკვეთა.

საწვიმარი მოისხა მხრებზე. ქუჩაში თავშიშველი გავარდა.

 გარეთ უსაშველოდ წვიმდა, ღამის ქარი დათარეშობდა. ქუჩა წყალს დაეფარა.

 ბნელში დაეხეტებოდა, მაგრამ მას სწამდა ამ ნაცნობი ხმის, თითქოს საკუთარი ორეული ამოიცნო.

 - ამ წვიმაში რამ წამოგიყვანა? რაზე ქვითინებ? ალბათ გეშინია წყვდიადის? რისთვის შემოვეხეტეთ, ან იმ სიბნელეში რისთვის მივეხეტებით?

 მთელი ღამე წვიმიან ცის ქვეშ გაათია. ცის თვალებს არა და არ აშრებოდა წვიმა. ცრიდა და ცრიდა.

 გამთენიისას, როცა ციონს თვალები უკვე თეთრი ღრუბლებივით ამოემშრალებინა, ხის ქვეშ იპოვეს ქალი.

საცოდავად მიკრუნჩხულიყო. იქვე ჩასძინებოდა.

 პალატას თეთრი კედლები ჰქონდა. კუთხეში მიმდგარი საწოლი, პატარა მაგიდა, უზურგო სკამები თეთრი ფერის იყო. ყველაფერს სინათლე და სისუფთავე ეფინა.

 - უცნაურია, - თქვა ქალმა. ჩამქრალი თვალები ერთ ადგილზე გაშტერებოდა. ლანდადქცეულ სახეს ცვილისფერი გადაჰკრავდა. მძიმედ სუნთქავდა.

 კაცი საწოლთან ახლოს, სკამზე ჩამომჯდარიყო.

ტანსაცმელზე თეთრი ხალათი გადაეცვა.

 - უცნაურია ეს თეთრი კედლები და მარადიული წრებრუნვა. ყველაფერი სითეთრით იწყება და სითეთრითვე მთავრდება. ჩემი უკანასკნელი სამყოფელიც თეთრი ფერისაა.

 - მოდი ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, - თქვა კაცმა.

 - თეთრი პალატა სულ სხვაა. სუფთა, თეთრი პალატა. ყველანი ასეთ თეთრ და სუფთა ადგილზე კვდებოდნენ.

 სიკვდილისპირს მილეული სახე უცინოდა.

ვიღაცას ეძახდა, ელაპარაკებოდა:

 “სინათლე, თეთრი სინათლე, ფერი, თეთრი ფერი, მოვიდა სიწყნარე, თეთრი, სითეთრე”

 

 

 

სულის დაწყვეტილი ძაფი

სულის ძაფი გაწყვეტილა წყვეტილ-წყვეტილ. თეთრი ფერის ძაფებია, აბნეული ამ სამყაროს კიდით კიდე.

 სიფრიფანა, უწვრილესი, ბამბისფერი, მათგან ბევრი უხილავი, უწონადი.

 სადღა არის სწორი ხაზი, გრძივი, ფიჭისებრი წყობა, წრფივი, ზუსტი.

 არეული, დარეული, დახლართული, აბურდული... სული, დაწყვეტილი, დაბნეული მძივის უთეთრესი მარგალიტი.

 ეზმანება დავარცხნილი, განბანილი, უსწორესად დაკიდული ძაფთა ტევრი. არც სიო ჰქრის არსაითგან, არც რხევაა ჯოჯოხეთის მონაბერი ქარის.

ჩუმი, უწყინარი იდილიის სავანეა მშვიდი. მრთელი ძაფი, უსასრულო ციდან უბოლოოდ დაშვებული.

 ენატრება ასე მრთელი, ასე მშვიდი, ასე წრფელი, უშფოთველი საფშვინველი. ელანდება და ლანდები ლილისფერი მანდილივით ებლანდება. აკინძული, აწყობილი მისხალ-მისხალ, უჯრედ-უჯრედ, ფიჭა-ფიჭა.

 უცოდველი სული... შეურყვნელი ყრმობის ხანის უამესი სახსოვარი.

 სისხლის უჟანგავი ძარღვი, თავანკარა მდინარებით სავსე. ულეველი საწყაულის დაწმენდილი, სუფთა სახე.

 წამოვიდა ქარბორბალა, აგორგლილი მტვერით სავსე. დორბლიანი მიეხეთქა მშვიდობიან სამწყსოს მყისვე. აიშალა ცაზე სირი, მაკრატელაკუდიანი. შეესია უდრტვინველი სამოთხის ბაღებს. ალესილი მაკრატლებით გადაიჭრა, დაიწყვიტა უმრთელესი სულის ძაფი. წაიბილწა და წაირყვნა შავნაღვლიანთა შხამიანი სკორეთი.

 სადღა არის სიფრიფანა, გრძივი, წრფივი.

 სისხლის ძარღვიც დაიჟანგა, დაიხვრიტა. დაიგუბა სევდის სითხე, აშმორდა და გადმოხეთქა ნაპრალთ ბზარი.

 აწყვეტილი, დაბლანდული, გადაჭრილი ძაფთა უწმინდური ტევრი..

 

 

 

ჭის თხრა

 

- რას აკეთებ?

 - ვერა ხედავ? ჭას ვთხრი – მიუგო კაცმა.

 - მერე ამ უდაბნოში ჭას სად იპოვი?

 - რადგან ვთხრი, ვიპოვი!

 - თხარე, თხარე, სანამ არ მოგბეზრდება.

 - აბა, ამ ცხელ ქვიშაზე შენსავით უაზროდ ხომ არ ვიწოწიალებ!

 - რა აზრი აქვს თხრას, თორემ კი...

 - ზოგჯერ მგონია, რომ ისეა, როგორც შენ ფიქრობ, მაგრამ უამისობა თავს მომაკვლევინებს, იმიტომ ვთხრი.

 - თვითმკვლელობის გეშინია?

 - არ მეშინიაო, რომ გითხრა, არ ვიქნები მართალი. უბრალოდ, გავურბივარ.

 - ჭის თხრით გინდა გაექცე?

 - ჰო, შეიძლება.

 - იცი, ვის მიგამგვანე?

 - ვის?

 - ბუხართან მჯდომ ბერიკაცს, დროის გასაყვანად ქარვის მძივს რომ მარცვლავს.

 - ვიცი. შენ გგონია, არ ვიცი? შეიძლება ვერაფერი ვიპოვო, მაგრამ უმოქმედობა თავს ბაწარში გამაყოფინებს.

 - შენც მიდი და სცადე!

 - რა?

 - თავის ბაწარში გაყოფა.

 - არ შემიძლია. აქ დავრჩები. ქვიშას მაინც ვთხრი.

 - ჰო, მაგრამ რაში გჭირდება ქვიშის თხრა?

 - როგორ ვერ გამიგე? – შეიძლება ვერაფერი ვიპოვო, მაგრამ უმოქმედობას ვეღარ ავიტან. გაიგე?

 - გავიგე.

 - ჰო და თუ გაიგე, ქვიშაზე რომ გაწოლილხარ და ცის ცქერის მეტს არაფერს აკეთებ, გვერდში ამომიდექი და თხარე.

 - ფუჭი რომ არის? მაუნც ყველა იმედი გადაწურულია.

 - იცი, ერთმა რა თქვა?

 - რა?

 - ჩვენი უბედურება საყოველთაო და ყოვლისმომცველი შიშიაო, შიში ყველაზე სამარცხვინო გრძნობააო.

 - მერე სად ეძებს შიშისაგან თავდახსნის გზას, ჭის თხრაში?

 - თუნდაც ჭის თხრაში.

უიმედობა ადამიანთა შესაძლებლობებს არ გამორიცხავსო.

 - როგორ?

 - როგორ და, ეს არისო გზა იმ შესაძლებლობების იმედად ყოფნისო!

 - ვცადე მე ეგ გზა.

 - მერე?

 - რა მერე? არაფერი გამომივიდა.

 - ასე არ შეიძლება.

 - ვიცი, რომ არ შეიძლება, მაგრამ რა ვქნა, არაფერი გამომივიდა.

 - აბა, დააკვირდი?

 - რას?

 - ცამავალ მზეს.

 - ჰო, ვხედავ.

 - ახლა მზე ჩავა და მთვარე ამოვა. შემდეგ მთვარე ჩავა და მზე ამოვა. ასე რომ, არასოდეს ვრჩებით უსინათლოდ. შეიძლება, ილუზია მოკვდა, მაგრამ უილუზიო ყოფა მაინც არ ნიშნავს უიმედობას. სხვა იმედი მოვა.

 - მე სხვას ვერაფერს ვხედავ. ყველანი უიმედონი ვართ.

 - აბა, კარგად მომისმინე. თუ დაკვირვებიხარ, მზის ჩასვლისას რაღაცნაირი სევდა გვეუფლება.

მთვარე რომ ამოვა და გაანათებს, თანდათან ეჩვევი და მთვარიანი, წყნარი ღამე მზიან დღეზე უფრო შეგვიყვარდება. ახლანდელი დრო ჩამავალი მზის დროა. ჩვენი მთვარე ამოვა და ბნელს გაანათებს.

 - შენ ხედავ რამეს? რა იქნება ის ახალი იმედი?

 - ???....

ცთუნებანი

თეთრი შეიღება წითლად. მეწამულად შეიფერა ნაცრისფერი სივრცე. დაიბლანდა სისხლისფერი ნისლი. გაბუნდოვნდა და მოედო განურჩეველი ბურუსი.

 ხელს აცეცებს და მიჰყვება უჩვეულო არეს. ჰაერია ვნებით სავსე, გამთანგავი. სუნი დადგა აღტყინების. იწამლება, მოერია უცნაური თრობის ბანგი.

 თავდაყირა დაკიდულა ცაზე საღებავის დიდი ქვაბი.

მოისვარა წითლად ერთფეროვანი, სტატიკური სამყარო.

 ურა ცხენი ავარდნილა მაღლა. მიჰქრის და წითელ ფერზე აწყვეტილა ქვენა გრძნობა. მოუთოკავი მიჭიხვინებს ურობიკონო სივრცეს. გაუხედნავს ვერაფერი შეაჩერებს.

 ხარებია გამოსული სასაკლაო კორიდაზე. გაიელვებს მეწამული ლანდი. დორბლიანი მიასკდება გაფოთებულ მსხვერპლს.

 ბროწეული გაიხლიჩა ავხორცულად. დიაცივით იღიმება სისხლისფერი ღიმით.

გაიშალა საფერები ტუჩები. გათვალული ფუტკარი შეაჯდება ტკბილ ბაგეთა შორისს. ამოწუწნის დამა-თრობელ ნექტარს. ვერ ელევა, დადამბლავებული დააკვდება სიამეთა მაცდურს.

 გახელებით გავარდნილა ველად. დათარეშობს, უგზო-უკვლოდ წოწიალობს აღმა-დაღმა. აღარც ზღვარი, აღარც საქამანდე გონი. მხოლოდ გრძნობა, უჩარჩოო ვნება.

წამოვიდა წითლად წვიმა და მწველი საღებავით გათხუპნული ეფერება დარწყულებულ მიწას.

 თეთრი შეიღება წითლად..

 

 

 

შენ ბუდე ხარ ჩემი

რა დრო გასულა. რამდენი ხანია არ მინახივხარ.

თურმე როგორ მომნატრებიხარ. შენც კარგად იცი, რომ ქვეყნად არაფერი მშველის. ტყუილია, გითხრა, რომ მხოლოდ შენთან მეშველება.

 რომ იცოდე, როგორ ვიგვემე. ალბათ გრძნობდი კიდეც. ჩვენ ხომ შორი-შორსაც ერთადა ვართ, ერთმანეთის გვესმის. ბეწვის ხიდია გადებული ცადაწვდილ ქარაფებს შორის, მხოლოდ ორთათვის საცალფეხოდ სავალი უშიში გზა.

 მომენატრა ეს უუმსუბუქესი გზა.

 მოვდიოდი შენკენ და სული იწყებდა მოწყვეტილი ბაბუაწვერასავით ფარფატს. ასეთი იყო ნება – ცნობიერსმოკლებული, ნებიერა ქროლვა შენკენ.

 ახლა ვეღარ მიცნობ. დიდხანს მომიწია დილეგში ყოფნა. ფერი იცვალა ნებამ და დამძიმდა ბაბუაწვერა. ვეღარ ვიფრენ როგორც ერთდროს, ასე ნება-ნება.

 მარტო ვიარე უსასოო წვიმაში. წარღვნად მოდიოდა სეტყვა და თქეში.

 მინდოდა აღმედგინა დანგრეული ჩვენი ხიდები. მსურდა მოვსულიყავი, სიმშვიდე მეთხოვა შენთვის. ვიცოდი, ვერავინ მიწამლავდა სულს.

ამქვეყნად სხვა არავინაა ჩემი დაფლეთილი სულის ამკინძავი თერძი.

 ვეღარ მოვედი. ვეღარ მიწამლე. ეს სული ისევ დაძენძილია. ვეღარ ამკინძე.

 გადავიტანე. ყველაფერი უშენოდ ჩავინაღმე. არადა მშველოდი ალბათ. შენ ხომ თოლია ხარ, თეთრი და სუსტი, უწვრილესი ხაზებით ნაფერწერი.

 დავრჩი სამუდამოდ უბინაოდ.

სულის თავშესაფარი დავკარგე. ცოდვის წვიმისაგან წყლად ვიქეცი. სადღაა სახურავი, ერთიანად აუხდია თავსდატეხილ გრიგალს. მაწვიმს, მსეტყვავს, წვიმის კაცად ვიქეცი.

 დამაფარე. ოღონდაც შენი ხელი დამაფარე. მხოლოდ შენ დამრჩი ამქვეყნად ჩემი დაბლანდული სულის მომთვინიერებელი.

 წყალმა დატბორა შმორიანი დედამიწა.

ფეხის დასადგმელი აღარ დარჩა. ისედაც ნესტიანი წუმპე იყო ქვევით. ახლა სულ წალეკა ცოდვიანმა წვიმამ ყველაფერი.

 ვიცი, რომ ბუდეს მიშენებ ცადაწვდენილ კლდის ქიმზე. შორიდან მოტანილ ფოთოლს გადამაფარებ თავზე. პირველყოფილი სამყაროს ბუნებრივი თავშესაფარი გინდა მაპოვნინო.

 ყველა გზები შენკენ მოდის.. სხვა რაა საშველი? მე ვერაფერს ვხედავ. ყველგან გაუვალი ტბორია.

 კარგად იცი, რომ ქვეყნად არაფერი მშველის, მაგრამ შენ ბუდე გაქვს კლდის მიუვალ, მაღალ ქიმზე.

 

იქედან შორსაა წუმპე და შმორი.

 მე მოვალ შენთან. შენ ბუდე ხარ ჩემი..

 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ვერულავა თენგიზ / მოთხრობები