ვერულავა თენგიზ

სწორი გზა და კედლების ლაბირინთი

 

 

სწორი გზა უსასრულო ჩანდა. არც სათავე ედო სადმე, ვერც ბოლოს დალანდავდი თვალსაწიერზე. გზის გასწვრივ, ორივე მხარეს, უნაპირო, წითელი ველი გადაშლილიყო. მეწამულ ზღვასავით მღელვარებდა ველი მოციაგე მზის ქვეშ.

 თბილი, წყალივით მკრთალი სივრცე სუნთქავდა ირგვლივ. სპილოს ძვლისფერი ღრუბლები იწვნენ პერულის ცაზე.

 ორნი მიდიოდნენ.

 - შორს ხომ არ წამოვედით? – თქვა ქალმა.

 - არცთუ ისე, - უპასუხა კაცმა, - ცოტაც გავიაროთ.

 ქალმა უკან მოიხედა.

უკაცრიელი ჩანდა გზა.

 - მეჩვენება, რომ არსაიდან მოვდივართ.

 - არც არსად ვაპირებთ წასვლას, - გაეპასუხა კაცი. ქალს გაუღიმა. თაკარა მზე პირდაპირ სახეში სცემდა.

 - არსაიდან არსაით. ნეტა სულ ასე იყოს!...…

 - სულ ასე არ არის? – თქვა კაცმა. მზის თვალისმომჭრელ ციმცამს ვეღარ გაუძლო, ხელი მიიჩრდილა.

 - შევეჩვიე აქაურობას, - თქვა ქალმა, - მენანება განშორება.

 - გადაგივლის, - უპასუხა კაცმა. მარცხენა ხელი მხარზე გადასდო.

 - ესეც ჩვენი თაფლობის თვე! – თქვა ქალმა, - თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა.

 - თაფლის სანთელივით დადნა და მიილია, - უპასუხა კაცმა და იგრძნო: სინანული კი არა, სხვა რაღაც წამოსცდა...…

 ქალმა თვალი მიმოავლო სივრცეს. შუადღის მწველი მზე აცხუნებდა მოწმენდილ ცაზე.

გარინდულ არემარეს თბილი შხიფებით ელამუნებოდა. გზას ალმური ასდიოდა სიცხისაგან.

 - სწორი გზა! – ჩაილაპარაკა ქალმა, გზის თვალუწვდენ დასალიერს გახედა, - ასეთი სწორი გზით რომ მიდიოდეს მთელი სიცოცხლე. ერთხელაც არ გავიხედავ გვერდზე. თავს დავადებ და გვერდზე გაუხედავად ვივლი.

 - გაიხედავ. ახლა სწორი გზით არავინ დადის. არც არავის უვლია, - უპასუხა კაცმა.

 ქალი წითელ ველს შეაცქერდა. ნერვებდაწყვეტილი და სასოწარკვეთილი ეჩვენა.

ქარს რკალად მოეხარა. თითქოს ბორკილები დაედო, დაეჩოქებინა.

 - აწეწილ სულსა გავს წითელი ველი, - თქვა ქალმა, - დაბორკილ სულს, მთელი დღე და მოსწრება დაბმული ლომივით რომ ღრიალებს.

 - უნდა აუხსნა ბორკილები. ჟამიდანჟამ მისკენაც უნდა გაიხედო, - უპასუხა კაცმა.

 - ერთხელ რომ აუხსნა, მერე ისევ ვეღარ დაადებ, ვეღარ დავაჩოქებ! ამობარგდება და საშინლად გამაწამებს, დამღლის მაინც. მთელი სიცოცხლე სწორ, თეთრ გზაზე მსურს სიარული!

 - ნუთუ მართლა გგონია, ყოველთვის სწორ, ნათელ გზაზე ივლი? ამოვარდება ქარი გაცოფებით და ველს ააშარიშურებს, ააწივლებს. მაშინ რაღას იზამ? ველის სულაწეწილი ხმები არ მოგასვენებს!

 - აღარ მოვუსმენ. იღრიალოს რამდენიც უნდა. რომ მოვუსმინო, შემეცოდება, გზიდან გადავიხვევ და ველზე გადავალ.

მერე კი არაფერი მეშველება, უკან გზას ვეღარ გავაგნებ, ჩავიკარგები.

 ნიავმა წამოიქროლა. აიტალღა ველი, უწყინარი სივრცე ააშრიალა...

 - წითელი ველი. სწორი, თეთრი გზა. პერულის ცა! – თქვა კაცმა.

 - ქალს თვალები დაეხარა. გზას ჩაშტერებოდა. შემდეგ კაცს ჩამოშორდა. გზის კიდეზე დადგა და თვალები მიმოავლო წინ გადაშლილ სივრცეს.

შორით მონაბერი ნიავი გვერდზე აწვენდა ველს, ხან ერთ მხარეს გადახრიდა, ხან მეორეს.

 კაცი წამოეწია. ქალს ზურგსუკან დაუდგა. მხრებზე შემოხვია ხელები.

 - რა მოგივიდა?

 - ვან გოგის სურათივით ჯოჯოხეთური ფერებია, - თქვა ქალმა. უსაზმნოდ გაჰყურებდა აშრიალებულ ველს.

 კაცმა არაფერი უპასუხა.

 - რაც უნდა მოხდეს, ხომ გეყვარები?! – ქალი შემობრუნდა და მკერდზე შუბლით ,იეყრდნო. მხრებზე დააწყო ხელები.

 - ვიცეკვოთ!

 - უმუსიკოდ?

 - გესმის ველის შრიალი? უკეთეს მუსიკას ვერც ინატრებ.

 სწორ, თეთრ გზაზე ცეკვავდნენ. ველი იტალრებოდა და მსუბუქ მელოდიად ედებოდა ცარიელ სივრცეს. უსაზმნოდ მიჰყვნენ ხმებს.

გზას გადაუხვიეს და ველზე გაწვნენ. თავდავიწყებას მიეცნენ. გრძნობამორეულები დაბორიალობდნენ უსაზღვრო, წითელ ველზე.

 - ეს ველი მოღრიალე ლომის ხახადაფჩენილი უფსკრულივითაა. მაინც თავისკენ მიგახედებს, - თქვა ქალმა. წამოიწია, თავი ხელებში ჩარგო. საიდანღაც მართლაც მოესმა ღმუილი. ყურებზე წაიშინა ხელები.

შიშისმომგვრელი ბგერების გაფანტვა თუ უნდოდა.

 კაცს არ მოუხედავს. ისე იწვა და ცას გაჰყურებდა.

 ქალი წამოდგა ველს შეერია.

 “დაგიბრუნდი. გადამღალა ცამ. გზის სისწორემ და ერთფეროვნებამ გამაბრუა. ისევ შენი უფსკრული მსურს, აწყვეტილი გაფოთება”.

 ქალს თვალები აუსისხლიანდა. ქარს თმები აეწეწა. შეშლილივით ეხმიანებოდა ველს.

კაცი წამოეწია. ხელები მოხვია.

 - მოდი, თითქოს პირველყოფილები ვართ, - უთხრა ქალმა, - ეს სამოსი სულს მიხუთავს, თიათქოს ჯაჭვები მადევს. ბუნება შიშველია. ტანთ არაფერი აცვია.

 შიშვლები დარბოდნენ მეწამულ ველზე. ველსაც ვნება ეძალებოდა, ვნება თუ თრობა...

 ბუბუნებდა ველი ავხორც ხმაზე... მოქურუხდა.

ღრუბლებმა დაფარეს პერულის ცა. სულ დაფარეს.

 ხუნდები ახსნა უციონოდ შთენილ აწეწილ ველს. წითელი ფერით განიფინა სივრცე. წითელი იყო მაღლაც, დაბლაც!...

 ხის ყუთი ეგდო ველზე. ქალს ლამაზი ეჩვენა. ცნობისწადილმა სძლია და ყუთს სახურავი აჰხადა.

დაფარება ვერ მოასწრო, ტყვიისფერი გველები ერთბაშად ამოსრიალდნენ და ველზე მიმოიფანტნენ.

 ქალს შეეშინდა. ყუთს სახურავი დაახურა, მაგრამ უკვე გვიან იყო, უხსენებლებს თავი დაეღწიათ.

 უეცრად ჩამობნელდა. ღვარღვარა წვიმა წამოვიდა. მოვარდნილი ქარიშხალი ველს ზღვის ტალღებად აბორგებდა!

 დაიკარგა სწორი, გრძელი გზა. უსაზმნო რიალში, შორს თეთრი კედლები შენიშნეს. თავი შეაფარეს.

 იდგა უჩვეულო სიმშვიდე. ქვის კედლები ცხოველებით და სანადირო სცენებით მოეხატათ.

პირველყოფილთა ინსტინქტური ხაზები და უფორმო ჩვენებები დროთა ჟამს შემოენახა.

 - უბედურების ყუთი! – თქვა ქალმა, არ უნდა ამეხადა თავი, მაგრამ ლამაზი მეჩვენა.

 - წუთისოფელიც ასე არ არის? ერთი შეხედვით ლამაზი გეჩვენება. თავს ახდი ტუ არა, ყველა უბედურება ერთმანეთს მიჰყვება. როცა გადაგივლის, ხელში ცარიელი ყუთი შეგრჩება.

 - შხამდანატოვარი. იქნებ გველებმა შხამი დატოვეს და?!...

 - პირიქით, გველი იმიტომ გამოდის სოროდან, რომ შხამი გარეთ დაანთხიოს!

 - იმ ყუთშიც დაგრრჩება რაღაც იმედი, თუნდაც ის, რომ იქ შხამი არაა.

 - ცარიელი იმედი.

 - იმედიც ხომ თვითონ სიცარიელეა.

 კაცმა ცეცხლი დაანთო. შუქზე ნათლად გამოიკვეთა კედლები. იქვე, ქვაზე მიწვა.

მიეძინა. უცნაური სიზმარი ნახა:

 წყნარი და ანკარა წყალივით გამჭვირვალე იყო სივრცე. ბრბო ცას მიშტერებოდა და გვერდზე გაუხედავად მიდიოდა თეთრ, სწორ გზაზე. გზას არც დასაწყისი უჩანდა, არც დასასრული. ველისკენ გახედვის დაუძლეველი შიში ჰქონდათ, ეშმაკეულით მოცულ, ცოდვიან ადგილად მიაჩნდათ. უცაბედად მზე გადაიხარა, ცის თაღი მოიქუშა. წამოვიდა თავსხმა წვიმა.

უთავბოლო ველი აიტალღა, აშრიალდა.

 გულისწადილმა სძლია შიშს.

ველის სასოწარკვეთილ ხმაზე ყველამ გვერდზე გაიხედა. იძალა ქვეცნობიერმა. მოინუსხა, გაითვალა დაბნეული ძეხორციელი. გადაიკეტა გონი და უკვე აღარაფერს შეეძლო სულის წამლეკავი ხმის შეჩერება. უნებლიედ გადავიდნენ სისხლისფერ ველზე.

 ველის კივილს ადამიანთა შიშისაგან დახსნილი ღრიალიც შეერთო! ცას ტალახის გუნდებს ესროდნენ, წყევლა-კრულვას უთვლიდნენ. ატალახდა ცა, მოიქუშა სივრცე, ჩამობნელდა...

ცის სიშავემ უფრო გაახელა ავხორცული ჟინი. აღვირახსნილი მისტერიები გაათკეცდა. ბოლო არ უჩანდა ღრეობას, სიშლეგის როკვა თავაწყვეტილივით ისტერიულად დანავარდობდა.

 შეუღლებით ინთხმეოდა თესლი. მიწას საზრდოდ ედებოდა. სიმაღლეში იზრდებოდა ველი, მაღლა-მაღლა მიიწევდა. ტალახიან ცას მისწვდა და ირგვლივ ყველაფერი გადაფარა, გააბუნდოვანა. ახლა ვერც ცას ხედავდნენ, ვერც გზას.

ცასმიწვდენილ ველში ჩაიკარგნენ...

 ხელისმიწვდენაზე იყო ტალახის ცა.

 უსაზმნოდ დაბორიალობდნენ ველზე. ხან ერთ მხარეს გავიდოდნენ, ხან მეორეს. გამოსასვლელი გზა აღარსად ჩანდა.

 მეწამულ ველს ცეცხლი წაუკიდეს. ატალახებულ ცას მისწვდა ფანაკისფერი ცეცხლი. ერთიანად გადაიწვა ველი, ნაცრად იქცა. ცა გამოშრა და გამოიწვა.

 გადამწვარ ველზე თეთრი, ნათელი გზა გამოიკვეთა უეცრად. ფერფლის ზღვა ცურვით გალიეს და გზაზე გავიდნენ.

ნავლადქცეული ველისთვის არც გაუხედავთ. სწორ, ნათელ გზას დაადგნენ.

 უბოლოო იყო თეთრი გზა. მაგრამ იყო შვება, რადგან სწორი იყო იგი, ნათელი და თეთრი.

 სიზმრიდან გამოერკვა. გარეთ გასვლა დააპირა. მაგრამ აბნეულ კედლებს შორის ვეღარ გააგნო. ლაბირინთიდან გასასვლის ძიებაში თავგზა აებნა.

 გარეთ ცა ისევ მოქურუხებული, ჩამობნელებული იყო. უხსენებლები დასრიალებდნენ ველზე.

საშიშად და საწყევრად ექციათ იგი. თეთრ გზაზე გადაევლოთ, შავი ღარები აჩნდა.

 გზიდან მოშორებით, შუაგულ ველზე აღმართულიყო თეთრი კედლების ლაბირინთი.

 მიღმა-მოღმა რჩებოდნენ ქალი და კაცი: მიტოვებული და მიმტოვებელი, მიმტევებელი და მისატევებელი.

 მას, კაცს, ზნე სჭირდა ერთი: ყველაფერი სწყინდებოდა და ამიტომაც მიდიოდა მუდამ..

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ვერულავა თენგიზ / სწორი გზა და კედლების ლაბირინთი