ვერულავა თენგიზ

შაგალის სამოთხე

 

 იისფერი ცის თაღი, თითქოს ჩაძირული ოკეანის წყლის ქვეშ. ჩამოწოლილი სახურავი, რომლის იქით მოლოდინი სინათლის, ანგელოზნი უთეთრესი ფრთებით.

 ანგელოზთა ფრთების ბუმბული ცვივა უშორესი ციდან, როგორც ზამთრის ჯადოსნური ფიფქთა ცვენა.

 სამყარო მიზიდულობის კანონის გარეშე... …

 თევზები დაფრინავენ ვარდისფერი ეთერის უწონად წრეზე.

წყალია თუ ჰაერი აღარ აქვს აზრი. ლაყუჩები ისრუტავენ მეწამული ვარდის თრობის სურნელს. ათორმეტთა თევზთა ცაში უბოლოო ტრიალი.

 თევზებსაც ფრთები აქვს და ანგელოზთა ბუმბულები ფარფატებენ ნელა, ნელა. იხვევიან, იგორგლება უთეთრესი ფანტაზმები.

 თვალნაცარა ვირსაც გამოესხა ფრთები, დაფრინავდა ბეღურათა შორის. შორიდან მოისმოდა ღვთაებრივი მუსიკის ხმები. ცეკვავდნენ თეთრბუმბულა ბატკნები ვირებთან, თევზებთან, ჩიტებთან უჩვეულოდ სალბუნ ჰაერში და სამყარო იყო ერთი სრული, ერთი მრთელი.

 ბრინჯის თეთრი მარცვლები მოასკდა ცას ხოშკაკალივით.

დაიფარა თეთრით ნაცრისფერი ქვედა სკნელი.

 ფრთებგაშლილი თეთრი ჩოჩორი მოფრინავდა ცის რძისფერ ბილიკზე. ცვიოდა ბზის ხის უთვალავი ტოტები და გზა მოიფინა მწვანე სამოსელით. ათასი ზანზალაკებით ეცნო სამყაროს გამობრწყინება მისი. თეთრფრთიანი მაცნენი გრძელი, ვიწრო საყვირებით დასრიალებდნენ მონანავე ღრუბელთა თოვლისფერ ფთილებზე. საყვირებისა და ზანზალაკების ხმები ფარავდა მილიონთა ლოცვანს.

 ოსანა, ოსანა მაღალთა შინა!

 დაბმული მტრედები აუშვეს ქვედა სკნელიდან. გადაიმტვრა რკინის გალიები.

აყირავდა ბნელი სატუსაღო. იფეთქა ერთბაშად ათასფერადმა სასწაულებმა ერთფეროვან მიწაზე. გადაიხსნა ცათა სასუფეველი. მტრედთა ღუღუნი შეერთო ტკბილხმოვან საგალობლებს.

 ოსანა, ოსანა მაღალთა შინა!

 და მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი. გარდასახვა, ქმნილი სასწაული ფერიცვალების.

 აიტაცა თვალახილულნი და შეუერთა ცისა ღვთაებრივ ფერხულს.

 ჩაეჭიდათ ხელი ყოველთა სულიერთ. არავინ იყო დიდი და პატარა. არც გარჩევა იყო ცხოველთა და ადამიანთა, მცენარეთა და ფრინველთა, სხვათა და სხვათა სახელთა.

 სახელი მათი იყო ერთი.

 ცათა სასუფევლის ღვთაებრივი ფერხული.

 პარიზი, 2005 წელი.

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ვერულავა თენგიზ / შაგალის სამოთხე